საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 25/21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/01/2021
ძალაში შესვლის თარიღი 31/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016628
25/21
21/10/2019
ვებგვერდი, 08/01/2021
480610000.03.030.016628
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის 


 

პრეამბულა

 

საქართველო,

ერთი მხრივ,

და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო,

შემდგომში წოდებული როგორც „გაერთიანებული სამეფო“,

მეორე მხრივ,

შემდგომში ერთობლივად წოდებულნი, როგორც „მხარეები“,

განამტკიცებენ რა თავიანთ ერთგულებას ფართო სტრატეგიული თანამშრომლობის, პოლიტიკური დიალოგისა და ინტენსიური ორმხრივი დღის წესრიგისადმი, განსაკუთრებული აქცენტით თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკურ, სავაჭრო, სასწავლო, სამეცნიერო, კულტურულ და ხალხთაშორის განზომილებებზე;

განიხილავენ რა მხარეებს შორის მჭიდრო კავშირებსა და საერთო ღირებულებებს, და აღიარებენ რა მხარეთა საერთო სურვილს, შემდგომში განავითარონ, გააძლიერონ და გააფართოვონ თავიანთი ურთიერთობები ამბიციური და ინოვაციური გზით;

ხაზს უსვამენ უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობას როგორც ჩარჩოებს, რომელიც წარმატებით მოიცავს ორმხრივი ურთიერთობების საკითხების სრულ სპექტრს;

ცნობენ რა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და საქართველოს, როგორც ევროპული სახელმწიფოს, ევროპულ არჩევანს;

აღიარებენ რა ამ დროისთვის საქართველოს მიერ რეფორმებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, საქართველოს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებების მხარდასაჭერად;

აღიარებენ რა საქართველოს განგრძობად რეფორმას მისი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორებში; საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართ მის მტკიცე ნაკისრ ვალდებულებასა და მასში შეტანილ წვლილს და იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც მიაღწია, თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესასხმელად, ნატოში წევრობის ჩათვლით.

აღიარებენ რა დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებებს;

მხედველობაში იღებენ რა, რომ წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს და ღიას ტოვებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობების სამომავლო პროგრესული განვითარების გზას;

ვალდებულებას იღებენ რა, შემდგომში გააძლიერონ მხარეთა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ფუნდამენტური თავისუფლებების, ადამიანის უფლებების, მათ შორის იმ პირების უფლებების, რომლებიც მიეკუთვნებიან უმცირესობებს, დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის პატივისცემა;

სურთ რა, ითანამშრომლონ საერთო ინტერესთა სფეროების  ფართო სპექტრში, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კარგი მმართველობა, მათ შორის საგადასახადო სფეროში, სავაჭრო ინტეგრაცია და გაღრმავებული ეკონომიკური თანამშრომლობა, ინსტიტუციური განვითარება, საჯარო  მმართველობისა და საჯარო სამსახურის რეფორმა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სიღარიბის შემცირება და თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობა, რაც აუცილებელია წინამდებარე შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისათვის;

ვალდებულებას იღებენ რა, ყველა პრინციპისა და დებულების მიმართ, რომელიც გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო), კერძოდ კი 1975 წლის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ჰელსინკის დასკვნითი აქტით, 1991 წლისა და 1992 წლის შესაბამისი მადრიდის, სტამბულისა და ვენის კონფერენციების დასკვნითი დოკუმენტებით და 1990 წლის პარიზის ქარტიით ახალი ევროპისათვის, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და 1950 წლის ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციით.   

ეხმიანებიან რა, თავიანთ სურვილს, ხელი შეუწყონ საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ასევე ჩაერთონ ეფექტიან მრავალმხრივ თანამშრომლობასა და დავების მშვიდობიან მოგვარებაში, კერძოდ კი, ამ მიზნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა (გაერო) და ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის გზით;

გამოხატავენ რა სრულ პატივისცემას დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების მიმართ, საერთაშორისო სამართლის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების თანახმად;

მხედველობაში აქვთ რა, საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმებისა და პრინციპების დარღვევით, რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნა და ნაბიჯები გადადგმული საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების დე ფაქტო ანექსიისკენ;

აღიარებენ რა საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და კონფლიქტის შედეგად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ნდობის აღდგენის ჩათვლით, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით.

სრულად მხარს უჭერენ რა საქართველოს მიერ მტკიცედ ნაკისრ ვალდებულებას მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი და მის ძალისხმევას, აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა კონფლიქტის მშვიდობიანი და საბოლოო მოგვარების ამომწურავი პოლიტიკის თანმიმდევრულად, და გაერთიანებული სამეფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს კონფლიქტის მშვიდობიან და საბოლოო მოგვარებას;

აღიარებენ რა ამ მხრივ ევროკავშირის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველყოფის; ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ქმედითი საერთაშორისო ჩართულობის; საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, ყველა იძულებით ადგილნაცვალი პირისა და დევნილის თავიანთ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების; ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ხელშესახები მიზნების მიღწევის; მტკიცე არაღიარების პოლიტიკის განხორციელებისა; და კონფლიქტების შედეგად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ნდობის აღდგენის და მათთან შემდგომი ჩართულობის მნიშვნელობას.

ვალდებულებას იღებენ რა, საქართველოს ყველა მოქალაქეზე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჩათვლით, გაავრცელონ  საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელი;

აღიარებენ რა საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების  საჭიროებას და იღებენ რა ვალდებულებას ამ მხრივ სხვა შესაბამის საერთაშორისო აქტორებთან და ორგანიზაციებთან ძალისხმევის კოორდინირება მოახდინონ, რათა წვლილი შეიტანონ საქართველოში მშვიდობასა და უსაფრთხოებაში;

ვალდებულებას იღებენ რა, დაიცვან ის საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც ეხება მასობრივი განადგურების იარაღისა და მათი მიწოდების საშუალებების გაუვრცელებლობას, ასევე ითანამშრომლონ განიარაღების საკითხებზე;

აღიარებენ რა, სხვადასხვა რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებში მხარეთა აქტიური მონაწილეობის დამატებით მნიშვნელობას;

მოწადინებულნი არიან რა, კიდევ უფრო  განავითარონ რეგულარული პოლიტიკური დიალოგი საერთო ინტერესთა სფეროში შემავალ  ორმხრივ და საერთაშორისო საკითხებზე;

ვალდებულებას იღებენ რა,  ებრძოლონ  ორგანიზებულ დანაშაულსა და უკანონო ვაჭრობას (ტრეფიკინგს) და კიდევ უფრო  გააძლიერონ თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში;

ვალდებულებას იღებენ რა, აღიარონ მიგრაციაზე ეროვნული კონტროლის მნიშვნელობა და ითანამშრომლონ მობილურობის, მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის მიმართულებით, ყურადღება გაამახვილონ კანონიერ მიგრაციაზე, ცირკულარული მიგრაციის ჩათვლით, და უკანონო მიგრაციასა და ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) გამკლავებაში თანამშრომლობის საჭიროებაზე და გაზარდონ იმიგრაციის სარგებლიანობა არსებულ და მომავალ ეროვნულ ჩარჩოებში;

ვალდებულებას იღებენ რა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაცვისა და გაერთიანებული სამეფოს მზადყოფნის კუთხით, წვლილი შეიტანოს საქართველოში ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში;

ვალდებულებას იღებენ რა, მიაღწიონ უფრო დიდ ეკონომიკურ თანამშრომლობას, განსაკუთრებით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA), როგორც წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილის საშუალებით და მხარეთა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წევრობის შედეგად წარმოშობილი უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად;

სჯერათ რა, რომ წინამდებარე შეთანხმება შექმნის მხარეებს შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა და, უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარებისათვის ახალ კლიმატს და წაახალისებს კონკურენციას, რაც წარმოადგენს ეკონომიკური რესტრუქტურიზაციისა და მოდერნიზაციისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს;

ვალდებულებას იღებენ რა, პატივი სცენ მდგრადი განვითარების პრინციპებს, დაიცვან გარემო და შეამსუბუქონ კლიმატის ცვლილების პროცესი, მუდმივად გააუმჯობესონ გარემოსდაცვითი მმართველობა და გარემოსდაცვითი საჭიროებების გათვალისწინება, საზღვრისპირა თანამშრომლობისა და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების ჩათვლით;

ვალდებულებას იღებენ რა, გააძლიერონ ენერგორესურსების მიწოდების უსაფრთხოება, მათ შორის „სამხრეთის დერეფნის” განვითარების მეშვეობით, inter alia, საქართველოში შესაბამისი პროექტების განვითარების წახალისების  გზით, ენერგოეფექტურობის ზრდისა და განახლებადი ენერგორესურსების გამოყენების ხელშეწყობის ჩათვლით;

ცნობენ რა, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებასა და მხარეთა ნაკისრ ვალდებულებას, ენერგოქარტიის ხელშეკრულების შესრულების მიმდინარე პროცესში;

სურთ რა, გააუმჯობესონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების დონე და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, როგორც მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ელემენტი;

ვალდებულებას იღებენ რა, გააძლიერონ ხალხთაშორისი კონტაქტები, მათ შორის, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ, ბიზნესის, ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობისა და გაცვლების გზით;

ადასტურებენ რა, რომ 2014 წლის 27 ივნისს, ქ. ბრიუსელში, ხელმოწერილი „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს  შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ („საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება“) შეწყვეტს გაერთიანებულ სამეფოს მიმართ მოქმედებას როცა მისი ევროკავშირში წევრობა შეწყდება ან გარდამავალი რეგულირების დასასრულს, რომლის დროსაც გაერთიანებული სამეფოს მიმართ მოქმედებას განაგრძობენ აღნიშნული შეთანხმებებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები;

გადაწყვიტეს დადონ ეს შეთანხმება:

 


 

მუხლი 1

მიზნები

  1. ამრიგად, ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, გაერთიანებულ სამეფოს შორის  მყარდება სტრატეგიული პარტნიორობა. 
  2. აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობის მიზნებია:

(a)   ხელი შეუწყოს მხარეებს შორის პოლიტიკურ პარტნიორობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთო ღირებულებებზე, საერთო ინტერესებსა და მჭიდრო კავშირებზე;

(b)   უზრუნველყოს გაძლიერებული ჩარჩოს შექმნა საერთო ინტერესთა ყველა სფეროში გაღრმავებული სტრატეგიული პოლიტიკური დიალოგისთვის, რომელსაც ამჟამად ეწოდება უორდროპის სტრატეგიული დიალოგი , რაც საშუალებას მისცემს მხარეებს, განავითარონ მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები;

(c)   ხელი შეუწყოს დემოკრატიის გაძლიერებასა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ სტაბილურობას, ჩვენი საერთო ღირებულებების საფუძველზე;

(d)   ხელი შეუწყოს, დაიცვას და გააძლიეროს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და  ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის 1975 წლის ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპებზე დაყრდნობით, მათ შორის, დაძაბულობის კერების აღმოფხვრის, საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების; და აგრეთვე, საზღვრისპირა თანამშრომლობასა და კეთილმეზობლური ურთიერთობების წახალისების მიზნით, ძალისხმევის გაერთიანების გზით;

(e)   ხელი შეუწყოს თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მშვიდობასა და უსაფრთხოებას, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და კონფლიქტის შედეგად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ნდობის აღდგენის ჩათვლით, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით.

(f)    გააძლიეროს თანამშრომლობა თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში, რომლის მიზანია კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემა;

(g)  მ ხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და მათთან დაკავშირებულ საკითხებში დიალოგისა და თანამშრომლობის წახალისებას;

(h)  მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას, განავითაროს მისი ეკონომიკური პოტენციალი საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით;

(i)   შექმნას პირობები გაღრმავებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებისთვის, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნის გზით, როგორც ეს ჩამოყალიბებულია წინამდებარე შეთანხმების IV კარში (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები);

(j)  ხელი შეუწყოს და განავითაროს თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში, ხალხთაშორისი და ამ სფეროებში მოქმედ მათ ინსტიტუტებს შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით; და

(k)    შექმნას პირობები საერთო ინტერესთა სხვა სფეროებში ზრდადი მჭიდრო თანამშრომლობისთვის;

კარი I

ზოგადი პრინციპები

მუხლი 2

ზოგადი პრინციპები

1.   დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემა, როგორც ეს განმტკიცებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და განსაზღვრულია 1950 წლის ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით, 1975 წლის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ჰელსინკის დასკვნითი აქტითა და 1990 წლის პარიზის ქარტიით ახალი ევროპისთვის, წარმოადგენს მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი და საგარეო პოლიტიკის საფუძველს და წინამდებარე შეთანხმების არსებით ელემენტს. მასობრივი განადგურების იარაღის, ასეთ იარაღთან დაკავშირებული მასალებისა და მათი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა ასევე წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების არსებით ელემენტს.

2.    მხარეები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ მათ ერთგულებას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და ეფექტიანი მრავალმხრივი თანამშრომლობის პრინციპებისადმი.    

3.  მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ პატივისცემას კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის პრინციპების, ასევე მათი საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ, განსაკუთრებით გაეროს, ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში. კერძოდ, ისინი თანხმდებიან, რომ ხელს შეუწყობენ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების პატივისცემას.

4.  მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ კანონის უზენაესობა, განახორციელონ კარგი მმართველობა, ებრძოლონ კორუფციას და სხვადასხვა ფორმის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულსა და ტერორიზმს, ხელი შეუწყონ მდგრად განვითარებას, ეფექტიან მრავალმხრივ თანამშრომლობას და იბრძოლონ მასობრივი განადგურების იარაღის და მისი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ. ეს ვალდებულება წარმოადგენს მხარეებს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების ძირითად ფაქტორს და ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში. 

კარი II

პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში

მუხლი 3

სტრატეგიული პოლიტიკური დიალოგის მიზნები

  1. სტრატეგიული პოლიტიკური დიალოგი საერთო ინტერესთა ყველა სფეროში, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებისა და აგრეთვე შიდასახელმწიფოებრივი რეფორმის ჩათვლით, მხარეებს შორის კიდევ უფრო განვითარდება და გაღრმავდება. აღნიშნული გაზრდის პოლიტიკური თანამშრომლობის ეფექტიანობასა და ხელს შეუწყობს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობას, ურთიერთობების გაძლიერებას ამბიციური და ინოვაციური გზებით.
  1. სტრატეგიული პოლიტიკური დიალოგის მიზნებია:

(a)    გააღრმავოს პარტნიორობა და გაზარდოს პოლიტიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე თანამშრომლობა და ეფექტიანობა; 

(b)  ხელი შეუწყოს ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, როგორც ეს განმტკიცებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებასა და 1975 წლის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ჰელსინკის დასკვნით აქტში;

(c)  ხელი შეუწყოს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით.

(d)  საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ყველა სარგებელი განავრცოს საქართველოს ყველა მოქალაქეზე, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს  მთავრობების მჭიდრო კოორდინაციით;

(e)  ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მრავალმხრივი თანამშრომლობის ეფექტიანად განხორციელების საფუძველზე; 

(f)   გააძლიეროს მხარეებს შორის თანამშრომლობა და დიალოგი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და კრიზისის მართვის საკითხებზე, განსაკუთრებით გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებსა და მთავარ საფრთხეებზე რეაგირების მიზნით;

(g)   გააძლიეროს თანამშრომლობა მასობრივი განადგურების იარაღისა და მათი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებულ პროგრამებში ადრე დასაქმებულ მეცნიერთათვის ალტერნატიული სამუშაოს შეთავაზების ჩათვლით;

(h)   ხელი შეუწყოს მხარეებს შორის შედეგზე ორიენტირებულ და პრაქტიკულ თანამშრომლობას ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად;

(i)    გააძლიეროს დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და იმ პირების უფლებების პატივისცემა, რომლებიც მიეკუთვნებიან უმცირესობებს, ასევე წვლილი შეიტანოს შიდა პოლიტიკური რეფორმების კონსოლიდაციაში;

(j)    განავითაროს დიალოგი და გააღრმავოს მხარეთა თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში;

(k)    იმუშაოს სხვადასხვა ფორმატებში რეგიონული თანამშრომლობის შემდგომი წახალისების მიზნით;

(l)     გააღრმავოს თანამშრომლობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისა და მართვის საკითხებში; და

(m) განიხილოს თანამშრომლობის გაძლიერება და გახშირება ჰიბრიდულ საფრთხეებთან შესაწინააღმდეგებლად და საბრძოლველად.

მუხლი 4

დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში თანამშრომლობა 

მხარეები ითანამშრომლებენ, რათა განავითარონ, გაამყარონ და გაზარდონ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის სტაბილურობა და ეფექტიანობა; ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემას;  განაგრძონ პროგრესი სასამართლო და სამართლებრივი რეფორმის კუთხით, რათა გარანტირებულ იქნეს სასამართლოს დამოუკიდებლობა, გაძლიერდეს მისი ადმინისტრაციული შესაძლებლობა და უზრუნველყოფილ იქნეს სამართალდამცავ ორგანოთა მიუკერძოებლობა და ეფექტიანობა; განაგრძონ საჯარო მმართველობის რეფორმა და შექმნან ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, ქმედითი, გამჭვირვალე და პროფესიონალური საჯარო სამსახური; გააგრძელონ ეფექტიანი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით, და უზრუნველყონ შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების, როგორიცაა „კორუფციის წინააღმდეგ“ გაეროს 2003 წლის კონვენცია, ეფექტიანი იმპლემენტაცია.

მუხლი 5

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა

  1. მხარეები გააძლიერებენ დიალოგსა და თანამშრომლობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით შეეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა კონფლიქტის პრევენცია, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და კრიზისების მართვა, რეგიონული სტაბილურობა, განიარაღება, იარაღის გაუვრცელებლობა, იარაღისა და ექსპორტის კონტროლი.  თანამშრომლობა დაეფუძნება საერთო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს და მიმართული იქნება  პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდისკენ, ორმხრივი, საერთაშორისო და რეგიონული ფორმატების გამოყენებით.
  1. მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ, როგორც ეს დადგენილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებითა და 1975 წლის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის  ჰელსინკის დასკვნითი აქტით, და ასევე, ვალდებულებას, გაავრცელონ აღნიშნული პრინციპები მათ ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებში. მხარეები ასევე ხაზს უსვამენ მათ სრულ მხარდაჭერას მასპინძელი სახელმწიფოს თანხმობის პრინციპის მიმართ უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების მათ  ტერიტორიებზე განლაგების თაობაზე. მხარეები თანხმდებიან, რომ უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების მათ ტერიტორიაზე განლაგება უნდა მოხდეს მხოლოდ მასპინძელი სახელმწიფოს მკაფიო თანხმობის საფუძველზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
  1. მხარეები გაახშირებენ დიალოგსა და თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების დარგებში განგრძობადი რეფორმების მხარდასაჭერად, აღიარებენ რა საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართ მის მტკიცე ნაკისრ ვალდებულებასა და მასში შეტანილ წვლილს და იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც მიაღწიათავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესასხმელად, ნატოში წევრობის ჩათვლით.

მუხლი 6

კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება

  1.      მხარეები განამტკიცებენ თავიანთ ნაკისრ ვალდებულებას საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და კონფლიქტის შედეგად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ნდობის აღდგენის ჩათვლით, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით. კონფლიქტის მდგრად გადაწყვეტამდე  და კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხების მოსაგვარებლად არსებული ფორმატებისთვის ზიანის მიუყენებლად, კონფლიქტის მშვიდობიანი  მოგვარება იქნება მხარეთა სტრატეგიული პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი თემა, ისევე როგორც სხვა შესაბამის საერთაშორისო აქტორებთან დიალოგისას.
  2.     მხარეები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს მტკიცე ნაკისრ ვალდებულებას მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი, და მის ძალისხმევას აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა კონფლიქტის მშვიდობიანი და საბოლოო მოგვარების ამომწურავი პოლიტიკის თანმიმდევრულად.
  3.     ამ მხრივ მხარეები აღიარებენ ევროკავშირის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველყოფის; ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ქმედითი საერთაშორისო ჩართულობის; საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, ყველა იძულებით ადგილნაცვალი პირისა და დევნილის თავიანთი წარმომავლობის ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების; ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ხელშესახები მიზნების მიღწევის; მტკიცე არაღიარების პოლიტიკის განხორციელებისა; და კონფლიქტების შედეგად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ნდობის აღდგენის და მათთან შემდგომი ჩართულობის მნიშვნელობას.
  4. მხარეები ადასტურებენ თავიანთ ნაკისრ ვალდებულებებს, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ყველა სარგებელი განავრცოს საქართველოს ყველა მოქალაქეზე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჩათვლით და მათ შორის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობების მჭიდრო კოორდინაციით;
  5. მხარეები ხაზს უსვამენ საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების საჭიროებას და ამ მხრივ სხვა საერთაშორისო აქტორებსა და ორგანიზაციებთან მიმართ ძალისხმევის კოორდინაციის ვალდებულებას კისრულობენ, რათა ხელი შეეწყოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას საქართველოში, მათ შორის კონფლიქტებით დაზარალებულ ადგილებში ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა საკითხებთან დაკავშირებით.
  6.  ყველა ეს ძალისხმევა დაეფუძნება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების შესახებ საერთო პრინციპებს, რომლებიც განმტკიცებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის 1975 წლის კონფერენციის  ჰელსინკის დასკვნით აქტსა და სხვა შესაბამის მრავალმხრივ დოკუმენტებში. 

მუხლი 7

საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე მძიმე დანაშაულები

1. მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვანი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი და ამგვარი დანაშაულებისათვის დაუსჯელობა თავიდან უნდა იქნეს აცილებული ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ზომების მიღების გზით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩათვლით. 

2. მხარეები მიიჩნევენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსება და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება წარმოადგენს მნიშვნელოვან განვითარებას საერთაშორისო მშვიდობისა და მართლმსაჯულებისთვის. მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ვალდებულებას, განაგრძონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების იმპლემენტაციის გზით, მისი ერთიანობის დაცვის მიმართ სათანადო ყურადღების გამახვილებით.

მუხლი 8

კონფლიქტის პრევენცია და კრიზისის მართვა

მხარეები გააძლიერებენ პრაქტიკულ თანამშრომლობას კონფლიქტის პრევენციისა და კრიზისის მართვის კუთხით.

მუხლი 9

რეგიონული სტაბილურობა

1.  მხარეები გააძლიერებენ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყონ რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარებას, ასევე იმუშავებენ, რათა დამატებით წაახალისონ რეგიონული თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატებში და კერძოდ, იმუშაონ რეგიონში მოუგვარებელი კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით.

2.    ეს ძალისხმევა დაეფუძნება საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების შესახებ საერთო პრინციპებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, 1975 წლის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ჰელსინკის დასკვნით აქტსა და სხვა შესაბამის მრავალმხრივ დოკუმენტებში.

მუხლი 10

მასობრივი განადგურების იარაღი 

  1. მხარეები მიიჩნევენ, რომ მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი მიწოდების საშუალებების გავრცელება როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო აქტორებს შორის, წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს. შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ და წვლილს შეიტანენ მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო განიარაღებისა და გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე სხვა შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, მათი არსებული ვალდებულებების სრულად შესრულებისა და ეროვნულ დონეზე მათი იმპლემენტაციის გზით. მხარეები თანხმდებიან, რომ ეს დებულება წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების  არსებით ელემენტს.  
  1. მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ და წვლილს შეიტანენ მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში შემდეგი ქმედებების განხორციელების გზით:

(a)  მიიღონ ზომები, რათა საჭიროების შემთხვევაში, ხელი მოაწერონ, რატიფიკაცია მოახდინონ, ან შეუერთდნენ და სრულად შეასრულონ ყველა სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტი; და

(b)    ჩამოაყალიბონ ექსპორტის კონტროლის ეფექტიანი ეროვნული სისტემა, რომელიც გააკონტროლებს მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული ტვირთების ექსპორტსა და ტრანზიტს, რაც მოიცავს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებზე  მასობრივი განადგურების იარაღის საბოლოო გამოყენების კონტროლსა და ექსპორტის კონტროლის დარღვევებზე ეფექტიანი სანქციების დაწესებას.

3.  მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ ამ შეთანხმებისთვის გათვალისწინებული პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში.  

მუხლი 11

მცირე და მსუბუქი შეიარაღებისა და ჩვეულებრივი შეიარაღების ექსპორტის კონტროლი

  1. მხარეები აღიარებენ, რომ მცირე და მსუბუქი შეიარაღებისა და, მათ შორის,  საბრძოლო მასალების უკანონო წარმოება, გადატანა და გავრცელება, და მათი დიდი რაოდენობით დაგროვება, ცუდი მართვა, არასათანადოდ დაცული მარაგები და უკონტროლო გავრცელება, კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
  1. მხარეები თანხმდებიან, რომ დაიცავენ და სრულად შეასრულებენ მათ შესაბამის ვალდებულებებს, რათა აღმოფხვრან მცირე და მსუბუქი შეიარაღებით, მათ შორის საბრძოლო მასალებით, უკანონო ვაჭრობა, არსებული საერთაშორისო შეთანხმებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, ასევე, ამ სფეროში მოქმედი სხვა საერთაშორისო დოკუმენტების ფარგლებში მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანახმად, როგორიცაა „მცირე და მსუბუქი შეიარაღებით უკანონო ვაჭრობის პრევენციის, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი აღმოფხვრის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამოქმედო პროგრამა, მისი ყველა ასპექტის გათვალისწინებით. 
  1. მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ ითანამშრომლობენ და უზრუნველყოფენ კოორდინაციას, ქმედებათა ურთიერთშევსებადობასა და ერთობლივ ძალისხმევას მცირე და მსუბუქი შეიარაღებით, მათ შორის საბრძოლო მასალებით, უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისა და დიდი რაოდენობით მარაგების განადგურების კუთხით, გლობალურ, რეგიონულ, ქვერეგიონულ და ეროვნულ დონეებზე.  
  1. გარდა ამისა, მხარეები თანხმდებიან, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას ჩვეულებრივი შეიარაღების ექსპორტის კონტროლის სფეროში.
  1. მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ ამ შეთანხმებისთვის გათვალისწინებული პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში.  

მუხლი 12

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა

  1. მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი პრევენციის მნიშვნელობას და თანხმდებიან, რომ ერთად იმუშავებენ, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, რათა მოახდინონ ტერორიზმის პრევენცია და იბრძოლონ ტერორიზმის ყველანაირი ფორმისა და გამოვლინების წინააღმდეგ.
  1. მხარეები თანხმდებიან, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა განხორციელდეს კანონის უზენაესობის სრული პატივისცემითა და საერთაშორისო სამართალთან სრულ შესაბამისობაში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის, ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჩათვლით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებითა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ყველა სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტით გათვალისწინებული პრინციპების თანახმად. 
  1. მხარეები ხაზს უსვამენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული გაეროს ყველა კონვენციისა და ოქმის უნივერსალური რატიფიკაციისა და მათი სრულად იმპლემენტაციის მნიშვნელობას. მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გლობალური სტრატეგიის, ასევე, გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა შესაბამისი რეზოლუციისა და ევროპის საბჭოს კონვენციის იმპლემენტაციის მიმართულებით. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ, რათა ხელი შეუწყონ საერთაშორისო კონსენსუსს ტერორიზმის პრევენციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით.

კარი III

თავისუფლება,  უსაფრთხოება და მართლმსაჯულება

მუხლი 13

კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემა

  1. თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობისას, მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ კანონის უზენაესობის შემდგომ ხელშეწყობაზე, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე.
  1. მხარეები სრულად ითანამშრომლებენ სამართალდამცავ და მართლმსაჯულების მართვის სფეროებში მოქმედი ინსტიტუტების ეფექტიან ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
  1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემა საფუძვლად დაედება თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობას.  

მუხლი 14

პერსონალურ მონაცემთა დაცვა

მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ, რათა უზრუნველყონ პერსონალურ მონაცემთა მაღალ დონეზე დაცვა წინამდებარე შეთანხმების I დანართში მითითებული ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებისა და სტანდარტების შესაბამისად. 

მუხლი 15

თანამშრომლობა მიგრაციის, თავშესაფრისა  და საზღვრის მართვის სფეროებში

  1. მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ტერიტორიებს შორის მიგრაციული ნაკადების ერთობლივი მართვის მნიშვნელობას და თანხმდებიან შეინარჩუნონ, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგი მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში, ლეგალურ მიგრაციის, საერთაშორისო დაცვისა და არალეგალური მიგრაციის,  კონტრაბანდისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ჩათვლით.
  1. თანამშრომლობა დაეფუძნება კონკრეტული საჭიროებების შეფასებას, რომელიც განხორციელდება მხარეთა შორის ორმხრივი კონსულტაციების შედეგად და შესრულდება შესაბამისი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. კერძოდ, ყურადღება გამახვილდება შემდეგ ასპექტებზე: 

(a)    მიგრაციის ძირეული მიზეზები და შედეგები;

(b)  საერთაშორისო დაცვასთან მიმართებით ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის განვითარება და იმპლემენტაცია, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციისა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმის, ასევე სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების დებულებათა შესრულების გათვალისწინებით, როგორიცაა 1950 წლის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, და „იძულებით უკან დაბრუნების არდაშვების“ (“non-refoulement“)  პრინციპის პატივისცემის უზრუნველყოფა;

(c)   პირთა მიღების (ადმისიის) წესები და მიღებულ პირთა უფლებები და სტატუსი, კანონიერად მცხოვრებ არამოქალაქეთა მიმართ სამართლიანი მოპყრობა და ინტეგრაცია, განათლება და ტრენინგი, და რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები;

(d)   არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანი და პრევენციული პოლიტიკის გაძლიერება, მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანა და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), მათ შორის ის საკითხი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მიგრანტთა საზღვარზე უკანონოდ გადამყვან პირთა და ადამიანით მოვაჭრეთა ქსელის წინააღმდეგ ბრძოლა და ამგვარი ვაჭრობის მსხვერპლთა დაცვა;

(e)    დოკუმენტების უსაფრთხოებისა და საზღვრის მართვის სფეროებში ისეთი საკითხები, როგორიცაა ორგანიზაცია, ტრენინგი, საუკეთესო პრაქტიკა და სხვა ოპერატიული ღონისძიებები;

(f)   თანამშრომლობამ შესაძლოა ასევე  ხელი შეუწყოს  ცირკულარულ მიგრაციას განვითარების სასარგებლოდ; და

(g)   მხარეები თანხმდებიან, რომ არსებული და სამომავლო ეროვნული ჩარჩოების ფარგლებში,  ისინი გამართავენ დიალოგს ლეგალური მიგრაციის თაობაზე.

  1. მხარეები უზრუნველყოფენ იმას, რომ მის ტერიტორიაზე ლეგალურად დასაქმებული  მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებისთვის მოპყრობა, თავიანთ მოქალაქეებთან შედარებით, არ იქნება არანაირი ფორმით დისკრიმინაციული მოქალაქეობის ნიადაგზე, როცა საქმე ეხება სამუშაო პირობებს, ანაზღაურებასა თუ დათხოვნას.

მუხლი 16

სამართალდამცავი ორგანოები და უსაფრთხოება

  1. მხარეები ითანამშრომლებენ დანაშაულის და სხვა სახის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის კუთხით, კერძოდ, ისეთ ტრანსნაციონალურ, ორგანიზებულ ან სხვა სახის ქმედებებთან მიმართებაში, როგორიცაა:

(a)  საზღვარზე ადამიანთა უკანონო გადაყვანა და ტრეფიკინგი, ასევე მცირე შეიარაღებითა და  ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობა;

(b)    კონტრაბანდა და საქონლით უკანონო ვაჭრობა;

(c)    უკანონო ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობა, როგორიცაა გაყალბება, ფისკალური თაღლითობა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში თაღლითობა;

(d)    საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების თანხების გაფლანგვა;

(e)    აქტიური და პასიური კორუფცია, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში;

(f)     დოკუმენტების გაყალბება, ყალბი ამონაწერების  წარდგენა; და

(g)    კიბერდანაშაული. 

  1. მხარეები გააძლიერებენ ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობას სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებს შორის. აღნიშნული მოიცავს, საჭიროებისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციასთან (ინტერპოლსა) და სხვა შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. მხარეები აქტიურად გამოიყენებენ მეკავშირე ოფიცრების/პოლიციის ან უსაფრთხოების ატაშეების არხებს სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობაში. მხარეები ვალდებულებას იღებენ ეფექტიანად შეასრულონ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები, და განსაკუთრებით ის სტანდარტები, რომლებიც განმტკიცებულია „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2000 წლის კონვენციასა (UNTOC) და მის შესაბამის ოქმებში, ასევე, „კორუფციის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2003 წლის კონვენციაში.  

მუხლი 17

უკანონო ნარკოტიკული საშუალებები

  1. მხარეები, მათი შესაბამისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლებენ ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებაში დაბალანსებული და ერთიანი, და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომის ჩამოყალიბების მიზნით. ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული პოლიტიკა და ქმედებები მიზნად ისახავს უკანონო ნარკოტიკული საშუალებების პრევენციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სტრუქტურების გაძლიერებას, უკანონო ნარკოტიკული საშუალებების მიწოდების, ვაჭრობისა და მათზე მოთხოვნის შემცირებას, ნარკოტიკული საშუალებების არაჯეროვან მოხმარებასთან  დაკავშირებულ  ჯანმრთელობისა და სოციალურ შედეგების მოგვარებას ზიანის შემცირების მიზნით, ისევე როგორც ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო წარმოებისათვის გამოყენებული ქიმიური პრეკურსორების  გავრცელების უფრო ეფექტიან პრევენციას.
  1. ხსენებული მიზნების მისაღწევად მხარეები შეთანხმდებიან თანამშრომლობის აუცილებელ მეთოდებზე. ქმედებები დაეფუძნება ერთობლივად შეთანხმებულ პრინციპებს, შესაბამის საერთაშორისო კონვენციების დებულებებს და 2009 წლის „მსოფლიო ნარკოტიკული საშუალებების პრობლემასთან ბრძოლის ინტეგრირებული და დაბალანსებული სტრატეგიის პოლიტიკური დეკლარაციისა და სამოქმედო გეგმის“, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 2016 წლის ოცდამეათე სპეციალური სესიის მიერ „ჩვენი საერთო ნაკისრი ვალდებულება, ეფექტურად მოვაგვაროთ და ვებრძოლოთ მსოფლიო ნარკოტიკული საშუალებების პრობლემას“ სახელწოდებით დამტკიცებული დასკვნითი დოკუმენტის  გათვალისწინებით.

მუხლი 18

ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება

  1. მხარეები ითანამშრომლებენ, რათა არ დაუშვან მათი ფინანსური და შესაბამისი არაფინანსური სისტემების გამოყენება ზოგადად, კრიმინალური საქმიანობების და კერძოდ, ნარკოტიკული დანაშაულების შედეგად მიღებული შემოსავლების გათეთრებისა და აგრეთვე ტერორიზმის დაფინანსების მიზნით. 

  1. ეს თანამშრომლობა ასევე ვრცელდება დანაშაულის შედეგად მიღებული აქტივების ან ფულადი სახსრების დაბრუნებაზე

  1. აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობა საშუალებას იძლევა გაიცვალოს სათანადო ინფორმაცია შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში და მიღებულ იქნეს შესატყვისი სტანდარტები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რომლებიც შეესაბამება ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილ სტანდარტებს, როგორიცაა ფულის გათეთრებაზე ფინანსური მოქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF).   

მუხლი 19

თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში

  1. წინამდებარე შეთანხმების მე-12 მუხლით გათვალისწინებული პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში, რომლებიც საფუძვლად უდევს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების და სასამართლოს მნიშვნელობას და თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ ტერორიზმის პრევენციისა და მის აღსაკვეთად შემდეგი საშუალებებით:

(a)     ტერორისტული დანაშაულების კრიმინალიზაციის უზრუნველყოფა, საჭიროებისამებრ;

(b)   ტერორისტული დაჯგუფებებისა და ინდივიდების და მათი მხარდამჭერი ქსელების თაობაზე ინფორმაციის გაცვლა, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, მონაცემთა დაცვასთან და პირადი ცხოვრების დაცვასთან მიმართებით;

(c)     ტერორიზმის პრევენციისა და აღმოფხვრის, მისი მეთოდებისა და საშუალებების და მათი ტექნიკური ასპექტების, ასევე წვრთნების თაობაზე გამოცდილების გაცვლა,  შესაბამისი სამართლებრივი ნორმების თანახმად;

(d)   რადიკალიზაციისა და რეკრუტირების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საუკეთესო გამოცდილების შესახებ და რეაბილიტაციის ხელშეწყობაზე ინფორმაციის გაცვლა;

(e)   მოსაზრებებისა და გამოცდილების გაცვლა ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთა ტრანს-სასაზღვრო გადაადგილებასა და მოგზაურობასთან, ასევე ტერორისტულ საფრთხეებთან დაკავშირებით, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;

(f)    ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, განსაკუთრებით სისხლის სამართლებრივ პროცედურებთან მიმართებაში, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება;

(g)    ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული ტერორიზმის საფრთხეების წინააღმდეგ ზომების მიღება და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული მასალების ტერორისტული მიზნებისათვის შეძენის, გადატანისა და გამოყენების პრევენციის მიზნით, ასევე მაღალი რისკის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საშუალებების წინააღმდეგ უკანონო ქმედებების პრევენცია.

  1. თანამშრომლობა დაეფუძნება შესაბამის არსებულ შეფასებებს, როგორიცაა გაეროს და ევროპის საბჭოს შესაბამის ორგანოთა შეფასებები და განხორციელდება მხარეთა შორის ორმხრივი კონსულტაციების მეშვეობით.

მუხლი 20

სამართლებრივი თანამშრომლობა

  1. მხარეები თანხმდებიან, რომ განავითარებენ სასამართლო თანამშრომლობას სამოქალაქო და კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით, სამოქალაქო საკითხებზე სასამართლო თანამშრომლობის შესახებ მრავალმხრივი კონვენციების თაობაზე მოლაპარაკებების, მათი რატიფიცირებისა და იმპლემენტაციის კუთხით და კონკრეტულად, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ ჰააგის კონფერენციის კონვენციების თაობაზე.

  1. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ საკითხებზე სასამართლო თანამშრომლობას, მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას ორმხრივი სამართლებრივი დახმარების კუთხით შესაბამისი მრავალმხრივი შეთანხმებების საფუძველზე. ეს, საჭიროების შემთხვევაში, მოიცავს გაეროს, ევროპის საბჭოსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო პლატფორმებთან მიერთებასა და მათ იმპლემენტაციას, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ასევე ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოსთან (EUROJUST) მჭიდრო თანამშრომლობას.  

კარი IV

ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები  

თავი 1

  ეროვნული რეჟიმი და საქონლისათვის ბაზრის ხელმისაწვდომობა

ნაწილი 1

ზოგადი დებულებები

მუხლი 21

მიზანი

წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან მხარეები შექმნიან თავისუფალ სავაჭრო ზონას ამ შეთანხმების დებულებებისა და ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების (GATT 1994) XXIV მუხლის შესაბამისად.

მუხლი 22

მოქმედების სფერო და გავრცელება

1.   ამ თავის დებულებები ვრცელდება მხარეებს შორის საქონლით[1] ვაჭრობაზე. 

2.  ამ თავის მიზნებისთვის, „წარმოშობილი“ ნიშნავს წარმოშობის წესების დაკმაყოფილებას, რომელიც განსაზღვრულია ამ შეთანხმების I ოქმში.

ნაწილი 2

საბაჟო  გადასახადების, გადასახდელებისა და სხვა მოსაკრებლების გაუქმება  

მუხლი 23

საბაჟო გადასახადის განმარტება

ამ თავის მიზნებისთვის, „საბაჟო გადასახადი“ მოიცავს ყველა სახის გადასახადს ან ნებისმიერი ტიპის მოსაკრებელს, რომელიც დაწესებულია ან დაკავშირებულია საქონლის ექსპორტსა ან იმპორტთან, ყველა სახის ქვეგადასახადის ან ქვემოსაკრებელის ჩათვლით, რომელიც დაწესებულია ან დაკავშირებულია ასეთ იმპორტსა ან ექსპორტთან. „საბაჟო გადასახადი“ არ მოიცავს არცერთი სახის:

  (a)  მოსაკრებელს, რომელიც ამ შეთანხმების 30-ე მუხლის თანახმად დაწესებული შიდა გადასახადის ეკვივალენტურია;

(b)  გადასახადს, რომელიც დაწესებულია წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-2 თავის (სავაჭრო ზომები) შესაბამისად; 

(c)  გადასახდელებს ან სხვა მოსაკრებლებს, რომლებიც დაწესებულია ამ შეთანხმების 29-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 24

საქონლის კლასიფიკაცია  

მხარეებს შორის საქონლით ვაჭრობის კლასიფიკაცია უნდა ეფუძნებოდეს თითოეული მხარის სატარიფო ნომენკლატურას, რომელიც შესაბამისობაშია 2012 წლის ჰარმონიზებულ სისტემასთან, ,,საქონლის აღწერილობის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 1983 წლის რედაქციისა (HS) და  მასში  შეტანილი ცვლილებების საფუძველზე.

მუხლი 25

იმპორტზე საბაჟო გადასახადების გაუქმება  

1.  ა მ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან, მხარეებმა უნდა გააუქმონ ყველა საბაჟო გადასახადი მეორე მხარეში წარმოშობილ პროდუქციაზე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა და ამ მუხლის მე-4 პუნქტისათვის ზიანის მიყენების გარეშე. 

2.  ამ შეთანხმების II–A დანართში ჩამოთვლილი პროდუქტები საბაჟო გადასახადის გარეშე უნდა იქნეს იმპორტირებული გერთიანებულ სამეფოში, ამ დანართში მითითებული სატარიფო კვოტის ფარგლებში. სატარიფო კვოტაზე გადაჭარბებით იმპორტისას გამოყენებული უნდა იყოს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის შესაბამისი საბაჟო გადასახადის განაკვეთი.

3.  ამ შეთანხმების II-B დანართში ჩამოთვლილი პროდუქტები გაერთიანებულ სამეფოში იმპორტისას უნდა დაექვემდებაროს საბაჟო გადასახადის გადახდას, ამ გადასახადის ადვალორული კომპონენტის გარეშე. 

4.  საქართველოში წარმოშობილი პროდუქტის იმპორტი, რომელიც ჩამოთვლილია ამ შეთანხმების II-C დანართში, დაექვემდებარება გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს წინამდებარე შეთანხმების 26-ე მუხლის შესაბამისად.

5.  ერთ-ერთი მხარის მოთხონვის საფუძველზე, მხარეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები მხარეებს შორის ვაჭრობაში საბაჟო ტარიფების ლიბერალიზაციის მასშტაბის გაფართოებასთან  დაკავშირებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს ვაჭრობის საკითხებზე  სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი, რომელიც განსაზღვრულია ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3 პუნქტით. 

მუხლი 26

გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და სასოფლო-სამეურნეო გადამუშავებული პროდუქტებისთვის

1.  წინამდებარე შეთანხმების II-C დანართში მოცემული პროდუქტები ექვემდებარება ამ მუხლით განსაზღვრულ გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს. ამ პროდუქტების თითოეული კატეგორიის საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში იმპორტის საშუალო წლიური მოცულობა მოცემულია ამ შეთანხმების II-C დანართში.

2.   როდესაც ნებისმიერი წლის განმავლობაში, დაწყებული 1 იანვრიდან, პირველ პუნქტში აღნიშნული ერთი ან მეტი პროდუქტის იმპორტის მოცულობა მიაღწევს  წინამდებარე შეთანხმების II-C დანართში მითითებული მოცულობის 70%-ს, გაერთიანებული სამეფო ატყობინებს საქართველოს კონკრეტული პროდუქტ(ებ)ის იმპორტის მოცულობის შესახებ. ამ შეტყობინების შემდეგ და 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მას შემდეგ რაც  პირველ პუნქტში აღნიშნული ერთი ან მეტი პროდუქტის იმპორტი მიაღწევს  წინამდებარე შეთანხმების II-C დანართში მითითებული რაოდენობის 80%-ს, საქართველო წარუდგენს გაერთიანებულ სამეფოს საფუძვლიან დასაბუთებას იმის შესახებ, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა აწარმოოს პროდუქცია გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტისათვის ამ დანართში მითითებული მოცულობის ზემოთ. იმ შემთხვევაში, თუ ეს იმპორტი მიაღწევს წინამდებარე შეთანხმების II-C დანართში მითითებული რაოდენობის 100%-ს და იმავდროულად არ არსებობს საქართველოს მხრიდან წარდგენილი საფუძვლიანი დასაბუთება, გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია დროებით შეაჩეროს პრეფერენციული რეჟიმი შესაბამის პროდუქტებზე.  

აღნიშნული შეჩერება გამოიყენება 6 თვის განმავლობაში და ძალაში შედის პრეფერენციული რეჟიმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების დღიდან. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან, გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს უნდა აცნობოს, გაერთიანებული სამეფოს ინფორმაციის გამოქვეყნების გზების შესახებ. გაერთიანებული სამეფოს ინფორმაციის გამოქვეყნების გზები პირდაპირ, საფასურის გარეშე, ელექტრონულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ინტერნეტის წყაროს ერთი წერტილიდან.

3. მე-2 პუნქტის თანახმად მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას დროებითი შეჩერების  შესახებ გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს.

4.  გაერთიანებული სამეფოს მიერ დროებითი შეჩერება მოიხსნება მისი ძალაში შესვლიდან ექვსთვიანი ვადის ამოწურვამდე იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად შექმნილ ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს წარუდგენს დამაკმაყოფილებელ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ შესაბამისი იმპორტირებული პროდუქტ(ებ)ის რაოდენობის სიჭარბე ამ შეთანხმების II-C დანართში მითითებულ რაოდენობაზე, გამოიწვია საქართველოს საწარმოო და საექსპორტო შესაძლებლობების ცვლილებამ ამ კონკრეტულ პროდუქტ(ებ)თან მიმართებაში.     

5.   }ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმზე საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე, გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს ამ შეთანხმების II-C დანართის ცვლილება და მოცულობის მოდიფიკაცია, რათა აისახოს საქართველოს საწარმოო და საექსპორტო შესაძლებლობებში განხორციელებული ცვლილება კონკრეტულ პროდუქტ(ებ)თან მიმართებაში.

მუხლი 27

უმოქმედობა

არცერთ მხარეს არ შეუძლია დააწესოს ახალი საბაჟო გადასახადი მეორე მხარეში წარმოშობილ საქონელზე ან გაზარდოს ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღისათვის არსებული საბაჟო გადასახადები. ამავდროულად, ეს არ გამორიცხავს რომელიმე მხარის შესაძლებლობას, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დავების განხილვის ორგანოს (DSB) მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შეინარჩუნოს ან გაზარდოს საბაჟო გადასახადი.

მუხლი 28

საბაჟო გადასახადები ექსპორტზე

არცერთ მხარეს არ აქვს უფლება, დააწესოს ან შეინარჩუნოს საბაჟო ან სხვა გადასახადი, გარდა ამ შეთანხმების 29-ე მუხლით გათვალისწინებული შიდა მოსაკრებლებისა, მეორე მხარის ტერიტორიაზე საქონლის ექსპორტზე ან ექსპორტთან დაკავშირებით.

მუხლი 29

გადასახდელები და სხვა მოსაკრებლები

GATT 1994-ის VIII მუხლის და მისი განმარტებითი ჩანაწერის შესაბამისად, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ყველა სახის გადასახდელი და მოსაკრებელი, გარდა ამ შეთანხმების 25-ე მუხლით განსაზღვრული საბაჟო გადასახადებისა და სხვა ზომებისა, რომლებიც დაწესებულია ან დაკავშირებულია პროდუქციის ექსპორტთან ან იმპორტთან, არ აღემატება გაწეული მომსახურების მიახლოებით ხარჯს და არ წარმოადგენს არაპირდაპირი სახით ადგილობრივი პროდუქციის დაცვას ან ფისკალური მიზნებისათვის იმპორტის ან ექსპორტის დაბეგვრას.

ნაწილი 3

არასატარიფო ზომები  

მუხლი 30

ეროვნული რეჟიმი

თითოეული მხარე მიანიჭებს მეორე მხარის საქონელს ეროვნულ რეჟიმს GATT 1994-ის III მუხლისა და მისი განმარტებითი ჩანაწერების შესაბამისად. ამ მიზნით, GATT 1994-ის III მუხლი და მისი განმარტებითი ჩანაწერები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების შემადგენელ  და განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 31

შეზღუდვები იმპორტსა და ექსპორტზე

არცერთმა მხარემ არ უნდა დააწესოს ან შეინარჩუნოს აკრძალვა ან შეზღუდვა მეორე მხარის საქონლის იმპორტზე ან საქონლის ექსპორტზე ან ექსპორტის მიზნით გაყიდვებზე, რომელიც განკუთვნილია მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე გასატანად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სხვაგვარად არის განსაზღვრული ამ შეთანხმებით ან GATT 1994-ის XI მუხლით და მისი განმარტებითი ჩანაწერებით. ამ მიზნით, GATT 1994-ის XI მუხლი და მისი განმარტებითი ჩანაწერები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს.

ნაწილი 4

საქონელთან დაკავშირებული სპეციფიკური დებულებები

მუხლი 32

ზოგადი გამონაკლისები

წინამდებარე თავში მოცემული პირობებიდან არაფერი არ უნდა უშლიდეს ხელს მხარის მიერ GATT 1994-ის XX და XXI მუხლების და ამ მუხლების შესაბამის განმარტებითი ჩანაწერებში მოცემული ნებისმიერი ზომის მიღებასა ან გატარებას, რაც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს.

ნაწილი 5

ადმინისტრაციული თანამშრომლობა და კოორდინაცია სხვა ქვეყნებთან

მუხლი 33

პრეფერენციათა დროებითი შეჩერება

1.   მხარეები თანხმდებიან, რომ ადმინისტრაციული თანამშრომლობა და დახმარება  მნიშვნელოვანია ამ თავით მინიჭებული პრეფერენციული სატარიფო რეჟიმის განხორციელებისა და კონტროლისთვის და ხაზს უსვამენ მათ ვალდებულებას, ებრძოლონ დარღვევებსა და გაყალბებას საბაჟოზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

2. როდესაც ხელშემკვრელი მხარე, ობიექტური ინფორმაციის საფუძველზე, აღმოაჩენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ თანამშრომლობას ან დახმარებას და/ან ადგილი აქვს ამ თავით გათვალიწინებულ დარღვევას და გაყალბებას, აღნიშნულ მხარეს, ამ მუხლის შესაბამისად, შეუძლია დროებით შეაჩეროს პრეფერენციული რეჟიმი კონკრეტულ პროდუქტ(ებ)ზე. 

3.   ამ მუხლის მიზნებისთვის, მხარის მიერ ადმინისტრაციული თანამშრომლობის ან დახმარების მიწოდების ვერ შესრულება გულისხმობს შემდეგს: 

(a)   მუდმივად არ ხდება საქონლის წარმოშობის სტატუსის გადამოწმების ვალდებულებების შესრულება;

(b)  ადგილი აქვს განმეორებით უარს ან დაუსაბუთებელ შეფერხებას წარმოშობის გადამოწმების და/ან ამ გადამოწმების შედეგების მიწოდების კუთხით;

(c)  ადგილი აქვს მუდმივ უარს ან დაუსაბუთებელ შეფერხებას, პრეფერენციული რეჟიმის სარგებლობისათვის საჭირო დოკუმენტების აუთენტურობის ან ინფორმაციის სიზუსტის დასადგენი ვიზიტის განხორციელების ნებართვის მისაღებად 

4.    წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, დარღვევის ან გაყალბების აღმოჩენა, მათ შორის, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა დამაკმაყოფილებელი განმარტებების გარეშე ხდება საქონლის იმპორტის სწრაფი ზრდა, რაც აღემატება მხარის ჩვეულებრივ საწარმოო და საექსპორტო შესაძლებლობებს და რაც დაკავშირებულია დარღვევის ან გაყალბების შესახებ ობიექტურ ინფორმაციასთან.

5. დროებითი შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მოხდეს შემდეგ შემთხვევებში:

(a)   მხარე, რომელმაც ობიექტური ინფორმაციის საფუძველზე, აღმოაჩინა, რომ მეორე მხარე ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ თანამშრომლობას ან დახმარებას და/ან ადგილი აქვს მეორე მხარის მიერ დარღვევას ან გაყალბებას, ამ ობიექტურ ინფორმაციასთან ერთად თავისი აღმოჩენის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს და შესაბამისი ინფორმაციის და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამართავს კონსულტაციებს ამ კომიტეტში, რათა მიღწეულ იქნეს ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილება. 

(b)   იმ შემთხვევაში, თუ მხარეებმა გამართეს კონსულტაციები ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის ფარგლებში და კონსულტაციების დაწყების შესახებ შეტყობინებიდან სამი თვის თავზე ვერ მიიღეს ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილება, დაინტერესებულ მხარეს ეძლევა შესაძლებლობა დროებით შეაჩეროს პრეფერენციული რეჟიმი კონკრეტულ საქონელზე. პრეფერენციული რეჟიმის დროებითი შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს. 

(c)   ამ მუხლის შესაბამისად პრეფერენციული რეჟიმის დროებითი შეჩერება უნდა განხორციელდეს იმ ფარგლებში, რაც საჭიროა დაინტერესებული მხარის ფინანსური ინტერესების დასაცავად. ის არ უნდა აღემატებოდეს ექვსთვიან პერიოდს, რომლის განახლებაც შესაძლებელია, თუ არაფერი შეცვლილა იმ ვითარებაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა თავდაპირველი შეჩერება. ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის ფარგლებში უნდა გაიმართოს პერიოდული კონსულტაციები დროებითი შეჩერების ზომების თაობაზე და განსაკუთრებით მათ გაუქმებაზე, ზომების დაწესების საფუძვლების აღკვეთის შემდეგ.

6.  თითოეულმა მხარემ, შიდა პროცედურების გათვალისწიებით, უნდა გამოაქვეყნოს  შეტყობინება იმპორტიორებისათვის, რომელიც ეხება: მე-5 პუნქტის „a“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებას; მე-5 პუნქტის „b“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას და მე-5 პუნქტის „c“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გაგრძელებას ან გაუქმებას.

მუხლი 34

ადმინისტრაციული შეცდომების მართვა  

თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ დაშვებულია შეცდომა პრეფერენციული რეჟიმის  სრულფასოვან მართვაში ექსპორტისას, განსაკუთრებით წინამდებარე შეთანხმების I ოქმის იმ დებულებების გამოყენებაში, რომელიც ეხება პროდუქციის წარმოშობის განსაზღვრას და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდებს, იმ შემთხვევაში, როდესაც დაშვებული შეცდომა გავლენას ახდენს იმპორტის გადასახადზე, მსგავსი ვითარების წინაშე მყოფი ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია მიმართოს ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს, რათა გამოკვლეულ იქნეს და დაწესდეს ყველა შესაძლო ზომა არსებული ვითარების გამოსასწორებლად.

მუხლი 35

შეთანხმებები სხვა ქვეყნებთან

1.  ამ შეთანხმებამ ხელი არ უნდა შეუშალოს საბაჟო კავშირების, თავისუფალი სავაჭრო ზონებისა ან საზღვრისპირა მიმოსვლის შესახებ მექანიზმების შექმნას ან შენარჩუნებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ ვაჭრობის პირობებს.

2.  ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მხარეებს შორის უნდა გაიმართოს კონსულტაციები ამ შეთანხმების 354- მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში, საბაჟო კავშირების, თავისუფალი სავაჭრო ზონების, საზღვრისპირა მიმოსვლის შესახებ მექანიზმების შექმნისა და მესამე ქვეყნების მიმართ სავაჭრო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

თავი 2

სავაჭრო ზომები

ნაწილი 1

საერთო დაცვითი ზომები

მუხლი 36

ზოგადი დებულებები

1.  მხარეები ადასტურებენ თავიანთ უფლებებს და მოვალეობებს GATT 1994-ის XIX მუხლის და ვმო-ს შეთანხმების 1A დანართში მოცემული დაცვითი ზომების შესახებ შეთანხმების („დაცვითი ზომების შეთანხმება“) და ვმო-ს შეთანხმების 1A დანართში მოცემული სოფლის მეურნეობის შესახებ შეთანხმების („შეთანხმება სოფლის მეურნეობის შესახებ“)  მე-5 მუხლის შესაბამისად.

2.   წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) პირველ თავში (ეროვნული რეჟიმი და საქონლის ბაზარზე დაშვება) ფორმულირებული წარმოშობის პრეფერენციული წესები არ გამოიყენება ამ ნაწილთან მიმართებაში. 

3.  ამ ნაწილის დებულებები არ ექვემდებარება წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავს (დავების მოგვარება). 

მუხლი 37

გამჭვირვალობა

1.  მხარე, რომელიც იწყებს დაცვით ზომებთან დაკავშირებულ მოკვლევას, აცნობებს მეორე მხარეს აღნიშნული მოკვლევის დაწყების თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ამ უკანასკნელს გააჩნია არსებითი ეკონომიკური ინტერესი.  

2.  ამ შეთანხმების 36-ე მუხლის გათვალისწინების გარეშე, მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, დაცვით ზომებთან დაკავშირებული მოკვლევის დამწყები მხარე, რომელიც მიზნად ისახავს დაცვითი ზომების დაწესებას, დაუყოვნებლივ წარმოადგენს წერილობით შეტყობინებას ყველა იმ სათანადო ინფორმაციის თაობაზე, რომელიც ეხება დაცვითი ზომების შესახებ მოკვლევის დაწყებასა და დაცვითი ზომების დაწესებას და აგრეთვე, სადაც საჭიროა, წარმოადგენს ინფორმაციას დაცვითი ზომების შესახებ მოკვლევის დაწყების შესახებ, დაცვითი ზომების შესახებ მოკვლევის დროებითი და საბოლოო შედეგების შესახებ და ასევე მისცემს მეორე მხარეს კონსულტაციების გამართვის შესაძლებლობას. 

3.  ამ მუხლის მიზნებისთვის, მხარე მიჩნეულია არსებითი ეკონომიკური ინტერესის მქონედ იმ შემთხვევაში, თუ იგი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში იმყოფება იმპორტირებული საქონლის ხუთ უდიდეს მიმწოდებელს შორის, რაც გამოითვლება აბსოლუტური მოცულობით ან ღირებულებით.   

მუხლი 38

ზომების გამოყენება  

1.   დაცვითი ზომების დაწესებისას, მხარეები შეეცდებიან, რომ დააწესონ ისინი იმგვარად, რომ რაც შეიძლება ნაკლები გავლენა მოახდინოს მხარეებს შორის არსებულ ორმხრივ ვაჭრობაზე.  

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, თუ ერთი მხარე მიიჩნევს, რომ დაცვითი ზომების დაწესებისთვის საჭირო სამართლებრივი მოთხოვნები არის დამაკმაყოფილებელი და მიზნად ისახავს ამ ზომების დაწესებას, ეს მხარე აცნობებს მეორე მხარეს აღნიშნულის თაობაზე და მისცემს მას შესაძლებლობას გამართოს ორმხრივი კონსულტაციები. თუ შეტყობინების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, იმპორტიორ მხარეს შეუძლია დააწესოს შესაბამისი ზომები არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად.

ნაწილი 2

ანტიდემპინგური და საკომპენსაციო ზომები  

მუხლი 39

ზოგადი დებულებები

1.      მხარეები ადასტურებენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს GATT 1994-ის VI მუხლის, ვმო-ს შეთანხმების 1A დანართში მოცემული GATT 1994-ის VI მუხლის განხორციელების შესახებ შეთანხმების („ანტიდემპინგის შეთანხმება“) და ვმო-ს შეთანხმების 1A დანართში მოცემული სუბსიდიებისა და დაცვითი ზომების შესახებ შეთანხმების („სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შეთანხმება“) შესაბამისად.

2.    წ ინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) პირველ თავში (ეროვნული რეჟიმი და საქონლის ბაზარზე დაშვება) ფორმულირებული წარმოშობის პრეფერენციული წესები არ გამოიყენება ამ ნაწილთან მიმართებაში.

3.  ამ ნაწილის დებულებები არ ექვემდებარება წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავს (დავების მოგვარება). 

მუხლი 40

გამჭვირვალობა

1.  მხარეები თანხმდებიან, რომ ანტიდემპინგის და საკომპენსაციო ზომები გამოყენებული იქნება ანტიდემპინგის და სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ შეთანხმებების მოთხოვნების სრული შესაბამისობით და დაეფუძნება სამართლიან და გამჭვირვალე სისტემას. 

   2.  მხარეები უზრუნველყოფენ, რომ დაუყოვნებლივ დროებითი ზომების დაწესების შემდეგ მანამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სრულად და გონივრულად გამჟღავნდეს ინფორმაცია ყველა იმ  არსებითი ფაქტისა და განხილვის შესახებ, რომლებიც ქმნიან ამ ზომების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. აღნიშნული არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში ანტიდემპინგის შეთანხმების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტთან და სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ შეთანხმების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტთან. ინფორმაციის გამჟღავნება მოხდება წერილობითი ფორმით და დაინტერესებულ მხარეებს მიეცემათ საკმარისი დრო კომენტარების გასაკეთებლად.

3.  თითოეულ დაინტერესებულ მხარეს მიეცემა შესაძლებლობა იქნეს მოსმენილი და გამოხატოს თავისი შეხედულებები ანტიდემპინგური და სუბსიდიის საწინააღმდეგო მოკვლევების მიმდინარეობის დროს, თუ ეს არ აფერხებს მოკვლევის ჩატარების პროცესს. 

მუხლი 41

საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინება

მხარემ შესაძლოა არ გამოიყენოს ანტიდემპინგური ან საკომპენსაციო ზომები თუ, მოკვლევის დროს არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, ნათლად შეიძლება იმის დადგენა, რომ ამგვარი ზომების გამოყენება ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესს. საზოგადოებრივი ინტერესის განსაზღვრა ეფუძნება სხვადასხვა ინტერესის ერთობლივად გათვალისწინებას, მათ შორის, ადგილობრივი წარმოების, მომხმარებლების და იმპორტიორების ინტერესების, იმის გათვალისწინებით, რომ მათ წარუდგინეს შესაბამისი ინფორმაცია მოკვლევის მწარმოებელ ორგანოებს.

მუხლი 42

ნაკლები გადასახადის წესი

თუ მხარე გადაწყვეტს, რომ დააწესოს დროებითი ან საბოლოო ანტიდემპინგური ან საკომპენსაციო გადასახადი, ამგვარი გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დემპინგის ზღვარს ან სუბსიდიის მთლიან ოდენობას, და ამავე დროს, იგი უნდა იყოს დემპინგის ზღვარზე ან სუბსიდიის მთლიან ოდენობაზე ნაკლები იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაკლები გადასახადი იქნება ადეკვატური ადგილობრივი წარმოებისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად. 

თავი 3

ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, აკრედიტაცია და შესაბამისობის შეფასება

მუხლი 43

მოქმედების სფერო და განსაზღვრებები

1.   ეს თავი ეხება სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების მომზადებას, მიღებასა და გამოყენებას იმგვარად, როგორც განსაზღვრულია ვმო-ს შეთანხმების 1A დანართში მოცემულ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შეთანხმებაში („ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შეთანხმება“), რამაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მხარეთა შორის საქონლით ვაჭრობაზე. 

2.   პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, მოცემული თავი არ ეხება სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, რომლებიც განსაზღვრულია ვმო-ს შეთანხმების 1A დანართში მოცემული სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების გამოყენების შესახებ შეთანხმების („სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების შეთანხმება“) A დანართში, ასევე არ ეხება საჯარო უწყებების მიერ იმ შესყიდვებთან დაკავშირებით მომზადებულ სპეციფიკაციებს, რომლებიც განკუთვნილია საკუთარი წარმოების ან მოხმარების მიზნებისთვის. 

3.  წინამდებარე თავის მიზნებისთვის გამოყენებული იქნება ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შეთანხმების დანართ 1-ში მოცემული განსაზღვრებები.

მუხლი 44

ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შეთანხმების დამტკიცება

მხარეები ადასტურებენ ერთმანეთის მიმართ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შეთანხმების ფარგლებში არსებულ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომელიც შეტანილია ამ შეთანხმებაში და წარმოადგენს მის  ნაწილს.

მუხლი 45

ტექნიკური თანამშრომლობა

1.   მხარეებმა უნდა განამტკიცონ თანამშრომლობა სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების, მეტროლოგიის, ბაზრის ზედამხედველობის, აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასების სისტემების სფეროში, მხარების შესაბამისი სისტემების უკეთ გაცნობისა და მათ შესაბამის ბაზრებზე დაშვების გაადვილების მიზნით. ამ მიზნიდან გამომდინარე, მათ შეიძლება აწარმოონ რეგულირებასთან დაკავშირებული დიალოგები როგორც ჰორიზონტალურ, ისე სექტორულ დონეებზე. 

2.   თანამშრომლობის პროცესში, მხარეებმა უნდა გამოავლინონ, განავითარონ და წაახალისონ ვაჭრობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ინიციატივები, რაც შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგით: 

(a)  რეგულირებასთან დაკავშირებული თანამშრომლობის განმტკიცება  გამოცდილებისა და მონაცემთა ურთიერთგაცვლის და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის გზით, ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტების,  ბაზრის ზედამხედველობის, შესაბამისობის შეფასებისა და აკრედიტაციის ხარისხის გაუმჯობესების და რეგულირებებთან დაკავშირებული რესურსების ეფექტიანად გამოყენების მიზნით;

(b)   თანამშრომლობის ხელშეწყობა და წახალისება მხარეების მეტროლოგიაზე, სტანდარტიზაციაზე, ბაზრის ზედამხედველობაზე, შესაბამისობის შეფასებასა და აკრედიტაციაზე პასუხისმგებელ შესაბამის საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებს შორის.

(c)    საქართველოში სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასებისა და ბაზრის ზედამხედველობის სისტემისათვის ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების სტიმულირება;

(d)    შესაბამისი ევროპული ორგანიზაციების საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა;

(e)    გადაწყვეტილებების მოძიება ვაჭრობაში იმ ტექნიკურ ბარიერებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა  წარმოიქმნას; და

(f)     საჭიროებისამებრ, ძალისხმევის მიმართვა საკუთარი პოზიციების შესაჯერებლად საერთო ინტერესების საკითხებზე ვაჭრობასა და რეგულირებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა ვმო და გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისათვის (UNECE).

მუხლი 46

ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტებისა და შესაბამისობის შეფასების დაახლოება  

1.   საქართველომ უნდა მიაღწიოს და შეინარჩუნოს ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური ეფექტიანობის იმ დონეს, რომელიც საჭიროა ქმედუნარიანი და გამჭვირვალე სისტემის უზრუნველსაყოფად, ამ თავის განხორციელებისთვის. 

2.   საქართველომ უნდა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს შესაბამისი ეროვნული ორგანოების მონაწილეობას ევროპულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, სტანდარტიზაციის, საკანონმდებლო და ფუნდამენტური მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროებში, აკრედიტაციის ჩათვლით, ამ ორგანოების საქმიანობის სფეროსა და მასთან დაკავშირებული წევრობის სტატუსის გათვალისწინებით.

მუხლი 47

შეთანხმება სამრეწველო პროდუქციის შესაბამისობის შეფასებასა და აღიარებაზე

საბოლოოდ, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ სამრეწველო პროდუქციის შესაბამისობის შეფასებასა და აღიარებაზე შეთანხმება ოქმის სახით დაერთოს ამ შეთანხმებას და შეთანხმებისამებრ მოიცვას ერთი ან რამდენიმე  სექტორი.

მუხლი 48

 ნიშანდება და ეტიკეტირება

1.   ამ შეთანხმების 46-ე და 47-ე მუხლების დებულებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე და ნიშანდებისა და ეტიკეტირების მოთხოვნებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების გათვალისწინებით, მხარეები ადასტურებენ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შეთანხმების 2.2 თავის პრინციპებს, რომ მსგავსი მოთხოვნების შემუშავება, მიღება და გამოყენება არ მოხდება საერთაშორისო ვაჭრობაში დამატებითი დაბრკოლებების შექმნის მიზნით. აქედან გამომდინარე, ნიშანდებასა და ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ იქნება ვაჭრობის იმაზე მეტად შემზღუდავი, ვიდრე საჭიროა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, იმ რისკების გათვალისწინებით, რაც შეუსრულებლობამ შეიძლება განაპირობოს.

2.   კერძოდ, სავალდებულო ნიშანდებასა ან ეტიკეტირებასთან დაკავშირებით, მხარეები თანხმდებიან, რომ:

(a)  ისინი ეცდებიან მინიმუმამდე დაიყვანონ საკუთარი მოთხოვნები ნიშანდებასა ან ეტიკეტირებასთან მიმართებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს საჭიროა ჯანმრთელობის, უსაფრთხოების ან გარემოს დაცვის ან საჯარო პოლიტიკის სხვა კეთილგონივრული მიზნების შესასრულებლად;

(b) მხარემ შეიძლება დადგინოს  ეტიკეტირების ან ნიშანდების ფორმა, მაგრამ არ უნდა მოითხოვოს ეტიკეტების დამტკიცება, რეგისტრაცია ან სერტიფიცირება; და

(c)   მხარეები იტოვებენ უფლებას მოითხოვონ, რომ ინფორმაცია ეტიკეტზე ან ნიშანდებაზე მიეთითოს რომელიმე კონკრეტულ ენაზე.

თავი 4

სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები  

მუხლი 49

მიზანი

1.   ამ თავის მიზანია სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს დაქვემდებარებული პროდუქციით ვაჭრობის ხელშეწყობა მხარეებს შორის, I II დანართში ჩამოთვლილი ყველა ღონისძიების ჩათვლით, ამავე დროს ადამიანების, ცხოველთა ან მცენარეთა სიცოცხლისა ან ჯანმრთელობის დაცვა შემდეგი სახით:  

(a)  სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ვაჭრობასთან დაკავშირებული სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების გატარებისას, რომლებიც ჩამოთვლილია I II დანართში.

(b)  მხარეების ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის სტატუსის აღიარება და რეგიონალიზაციის პრინციპის გატარება. 

(c)  მხარის მიერ გატარებული ზომების, რომლებიც ჩამოთვლილია ამ შეთანხმების III დანართში, ეკვივალენტურობის აღიარების სისტემის ჩამოყალიბება. 

(d)    SPS შეთანხმების აღსრულების გაგრძელება. 

(e)    ვაჭრობის ხელშეწყობისთვის მექანიზმებისა და პროცედურების შემუშავება; და 

(f)   კომუნიკაციისა და ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესება მხარეთა შორის ამ შეთანხმების III დანართში ჩამოთვლილ ზომებთან დაკავშირებით.

  2.  ამ თავის მიზანია ასევე მიაღწიოს მხარეთა შორის ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებთან დაკავშირებით საერთო აზრს. 

მუხლი 50

მრავალმხრივი ვალდებულებები

  მხარეები კვლავ ადასტურებენ ვმო- შეთანხმებებით და კერძოდ,  SPS შეთანხმებით მათთვის განსაზღვრულ უფლებებსა და ვალდებულებებს. 

მუხლი 51

მოქმედების სფერო

ეს თავი ვრცელდება მხარის ყველა სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომაზე, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ახდენენ გავლენას  მხარეთა შორის ვაჭრობაზე, I II დანართში ჩამოთვლილი ზომების ჩათვლით.

მუხლი  52

ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი ტერმინთა გამარტება: 

    (1)    სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომებინიშნავს  SPS შეთანხმების  A დანართის 1 პუნქტით განსაზღვრულ ზომებს (SPS ზომები).

(2)  "ცხოველები" ნიშნავს ცხოველებს, როგორც ეს განსაზღვრულია  ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) წყლის ცხოველთა და ხმელეთის ცხოველთა კოდექსებში.

(3)  "ცხოველური პროდუქტები" ნიშნავს ცხოველური წარმოშობის პროდუქციას, წყლის ცხოველების პროდუქტების ჩათვლითროგორც ეს განსაზღვრულია  OIE-  წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსით.  

(4)   "ცხოველური სუბპროდუქტები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მოხმარებისათვის" ნიშნავს ცხოველის მთლიან სხეულს ან მის ნაწილს, ცხოველური წარმოშობის პროდუქტს ან ცხოველისაგან მიღებულ სხვა პროდუქტს, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მოხმარებისათვის, როგორც ეს ჩამოთვლილია ამ შეთანხმების III-A დანართის მეორე ნაწილში 2-(II);  

(5)  "მცენარეები" ნიშნავს ცოცხალ მცენარეებსა და მათ ცოცხალ ნაწილებს, მათ შორის თესლებსა და გერმაპლაზმას: 

(a)    ბოტანიკური კუთხით ხილი, გარდა ღრმა გაყინვით შენახულისა;

(b)    ბოსტნეული, გარდა ღრმად გაყინვით შენახულისა; 

(c)    ტუბერები, გორგლბოლქვები, ბოლქვები, ფესვის ნაწილები;

(d)    მოჭრილი ყვავილები;

(e)    დაფოთლილი ტოტები;

(f)     მოჭრილი ხეები დარჩენილი ფოთლებით;

(g)    მცენარეების ქსოვილური კულტურები;

(h)   ფოთლები; ყლორტები;

(i)     ცოცხალი მცენარეული მტვერი; და

(j)      ხის კვირტები, ყლოტები, კალმები

  (6)  "მცენარეული პროდუქტები" ნიშნავს მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს, დაუმუშავებელს ან რომელსაც გავლილი აქვს მცირე დამუშავება და არ არის ამ შეთანხმების I II-A დანართის მესამე ნაწილის მცენარეთა ჩამონათვალში.

(7)    "თესლები"  ნიშნავს თესლებს ბოტანიკური მნიშვნელობით, რომელიც დარგვისათვისაა განკუთვნილი.

    (8)    "მავნებლები“ ნიშნავს ნებისმიერი ტიპის, სახის, მცენარის ბიოტიპის, პათოგენურ ან ცხოველურ აგენტს, რომელიც საზიანოა მცენარის ან მცენარეული პროდუქტისათვის (მავნე ორგანიზმები).   

     (9)    "ცხოველთა დაავადება " ნიშნავს ცხოველებში ინფექციის კლინიკურ ან პათოლოგიურ  გამოვლინებას;

(10)    "აკვაკულტურის დაავადება" ნიშნავს  კლინიკური ან არაკლინიკური ინფექციის  OIE -ს წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსში აღნიშნულ დაავადებათა ერთი ან მეტი ეტიოლოგიური აგენტით  გამოვლენას.  

  (11)  "ცხოველთა ინფექცია" არის მდგომარეობა, როდესაც  ცხოველები ინარჩუნებენ ინფექციურ აგენტს, ინფექციიის კლინიკური ან პათოლოგიური  ნიშნებით გამოვლენით ან მათ გარეშე. 

(12)    "ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტები" ნიშნავს  ცხოველთა დაცვის სტანდარტებს, როგორც ეს შემუშავებულია და მიღებულია მხარეთა მიერ და შეესაბამება OIE-ს  სტანდარტებს;

(13)   "სანიტარული და ფიტოსანიტარული დაცვის შესაბამისი დონე" ნიშნავს  სანიტარული და ფიტოსანიტარული დაცვის დონეს SPS შეთანხმების A დანართის მე-5 პარაგრაფის მიხედვით;  

(14)   "რეგიონი" ცხოველთა ჯანმრთელობის კუთხით ნიშნავს ზონას ან რაიონს OIE-ს ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსის მიხედვით და წყლის ცხოველებთან მიმართებაში - ზონას OIE-ს წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსის მიხედვით.

(15)   "მავნებლისაგან თავისუფალი ზონა" ნიშნავს ზონას, ტერიტორიას, სადაც მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კონკრეტული მავნებელი არ არის წარმოდგენილი და სადაც, თუ კი შესაძლებელია, აღნიშნული მდგომარეობა შენარჩუნებულია ოფიციალურად.

(16)     "რეგიონალიზაცია" ნიშნავს რეგიონალიზაციის კონცეფციას, როგორც ეს აღწერილია  SPS შეთანხმების მე-6 მუხლში;  

(17)   "ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების ტვირთი“ ნიშნავს ერთი და იგივე ტიპის ცხოველთა ან  ცხოველურ პროდუქტთა გარკვეულ რაოდენობას, რომელთაც ფარავს ერთი სერტიფიკატი ან დოკუმენტი, გადაიზიდება ერთნაირი სატრანსპორტო საშუალებებით, გაგზავნილია ერთი გამგზავნის მიერ, და წარმოშობილია ერთი და იგივე ექსპორტიორ მხარეში, ან მის რომელიმე რეგიონ(ებ)ში. ცოცხალი ცხოველების ტვირთი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე საქონლის ან პარტიისგან;     

(18)    "მცენარეთა და მცენარეული პროდუქტების ტვირთი" ნიშნავს მცენარეთა, მცენარეულ პროდუქტთა ან/და სხვა საგანთა რაოდენობას, რომელიც გადაადგილდება ერთი მხარიდან მეორე მხარეში და ახლავს საჭიროების შემთხვევაში, ერთი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი. ტვირთი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე საქონლისგან ან პარტიისგან;

(19)     "პარტია" ნიშნავს ერთი საქონლის რაოდენობას ან ერთეულებს, რომლის იდენტიფიცირება ხდება მისი ჰომოგენური შემადგენლობისა და წარმოშობის მიხედვით და წარმოადგენს ტვირთის ნაწილს;

(20)   "ეკვივალენტობა ვაჭრობის მიზნებისათვის" (ეკვივალენტობა) ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ექსპორტიორ ქვეყანაში დანერგილი წინამდებარე შეთანხმების III დანართში ჩამოთვლილი ღონისძიებები, იმის მიუხედავად განსხვავდება თუ არა  იმპორტიორი მხარის მიერ დანერგილი ამ დანართში ჩამოთვლილი  ღონისძიებებისგან, რეალურად აღწევს იმპორტიორი მხარის  დაცვის შესაბამის ან რისკის მისაღებ დონეს;

(21)  "სექტორი" ნიშნავს მხარის წარმოებისა და ვაჭრობის სტრუქტურას პროდუქტის ან პროდუქტების კატეგორიისთვის;

     (22)    "ქვესექტორი" ნიშნავს სექტორის ზუსტად განსაზღვრულ და კონტროლირებად ნაწილს;  

(23)     "საქონელი" ნიშნავს  პროდუქტებს ან საგნებს, რომლებიც მოცემულია 2-7  პუნქტებში;

(24)     "იმპორტის სპეციალური ნებართვა" ნიშნავს იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური სამსახურების მიერ ინდივიდუალური იმპორტიორის სახელზე გაცემულ წინასწარ ოფიციალურ ნებართვას  საქონლის ერთი ან რამოდენიმე  პარტიის იმპორტზე ექსპორტიორი მხრიდან, მოცემული თავის ფარგლებში;

(25)  "სამუშაო დღეები" მოიცავს კვირის დღეებს,  შაბათ-კვირისა და ერთ-ერთი  მხარის სახელმწიფო დასვენების დღეების გამოკლებით; 

(26)  "ინსპექტირება" ნიშნავს სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ნებისმიერი ასპექტის შემოწმებას იმისათვის, რომ დადგინდეს ამ ასპექტის (ასპექტების) სურსათისა და ცხოველთა საკვების კანონთან და ცხოველთა ჯანმრთელობის და ცხოველთა კეთილდღეობის წესების მოთხოვნებთან შესაბამისობა; 

(27)    "მცენარეთა ჯანმრთელობის ინსპექტირება" ნიშნავს მცენარეებისა და მცენარეული პროდუქტების ან სხვა რეგულირებადი ობიექტების  ოფიციალურ ვიზუალურ შემოწმებას მავნებლის არსებობის დასადგენად და/ან მათი ფიტოსანიტარულ რეგულაციებთან შესაბამისობის განსაზღვრას;

(28)     "დამოწმება" ნიშნავს შემოწმებას კვლევის მეშვეობით და ობიექტური გარემოებების მხედველობაში მიღებას, იმისათვის, რომ დადგინდეს, სრულდება თუ არა განსაზღვრული მოთხოვნები. 

მუხლი 53

კომპეტენტური ორგანოები

მხარეები ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას მათი კომპეტენტური ორგანოების, სტრუქტურის, ორგანიზაციისა და კომპეტენციათა გადანაწილების შესახებ სანიტარული და ფიტოსანიტარული  ქვეკომიტეტის პირველ შეხვედრაზე, როგორც მოცემულია ამ შეთანხმების 6 3- მუხლში (SPS ქვეკომიტეტი). მხარეები ერთმანეთს შეატყობინებენ სტრუქტურის, ორგანიზაციისა და კომპეტენციათა გადანაწილების შესახებ ყოველი ცვლილების თაობაზე, საკონტაქტო პირების ცვლილების ჩათვლით.

მუხლი 54

ცხოველთა ჯანმრთელობის, მავნებელთა მდგომარეობისა და რეგიონალური პირობების აღიარება ვაჭრობის მიზნებისთვის

ცხოველთა დაავადებების, ცხოველებში ან მავნებლებში ინფექციების მდგომარეობის აღიარება

1.  ცხოველთა დაავადებებთან და ცხოველებში ინფექციებთან (ზოონოზის ჩათვლით) მიმართებაში განხორციელდება შემდეგი:

(a)  იმპორტიორი მხარე აღიარებს ექსპორტიორი მხარის ან მისი რეგიონების ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობას ვაჭრობის მიზნით, ამ შეთანხმების V დანართით განსაზღვრულ დაავადებებთან მიმართებაში, ამ შეთანხმების IV-A დანართში მოცემული პროცედურების შესაბამისად

(b)    როდესაც მხარე თვლის, რომ მის ტერიტორიაზე ან მისი ტერიტორიის რეგიონში მას აქვს განსაკუთრებული მდგომარეობა კონკრეტულ ცხოველთა დაავადების კუთხით, გარდა იმ დაავადებებისა, რომლებიც მოცემულია ამ შეთანხმების IV-A დანართში, მას შეუძლია მოითხოვოს ამ სტატუსის აღიარება ამ შეთანხმების V დანართის C ნაწილში მოცემული პროცედურის შესაბამისად. ამასთან მიმართებაში იმპორტიორ მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს  გარანტიები, განმარტებითი კომენტარის თანდართვით, ცოცხალ ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით, რომელიც შეესაბამება მხარეთა შორის შეთანხმებულ სტატუსს;

(c)    მხარეების ტერიტორიის, რეგიონების, სექტორის თუ ქვესექტორის სტატუსი, რომელიც დაკავშირებულია ცხოველთა დაავადებებთან (IV-A დანართში ჩამოთვლილი დაავადებების გარდა), ან ინფექციასთან ცხოველებში, და/ან მასთან დაკავშირებულ რისკებთან, შესაბამისად, როგორც განსაზღვრულია OIE-ს მიერ,  მხარეების მიერ განიხილება, როგორც მათ შორის ვაჭრობის ძირითადი საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირებით, იმპორტიორმა მხარემ შესაძლებელია მოითხოვოს გარანტიები ცოცხალ ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების იმპორტთან მიმართებაში, რომელიც შეესაბამება OIE–ს რეკომენდაციების მიხედვით განსაზღვრულ სტატუსს.

(d)    წინამდებარე შეთანხმების  5 6-ე, მე- 58 და 6 2-ე მუხლების დაურღვევლად და თუ იმპორტიორი მხარე არ იქნება წინააღმდეგი და არ მოითხოვს დამხმარე ან დამატებით ინფორმაციას ან კონსულტაციას და/ან გადამოწმებას, თითოეული მხარე დაუყოვნებლივ გაატარებს საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს ვაჭრობის დასაშვებად „a“, „b“ და „c“ ქვეპუნქტების მიხედვით.  

  2.   მავნებლებთან დაკავშირებით გატარდება შემდეგი ზომები:

(a)    მხარეები IV-B დანართის შესაბამისად ვაჭრობის მიზნით ცნობენ მათ იმ მავნებლებთან დაკავშირებულ მდგომარეობას, რომლებიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების V-B დანართში;

(b)    წინამდებარე შეთანხმების 5 6-, მე- 58 და 6 2- მუხლების დაურღვევლად და თუ იმპორტიორი მხარე არ იქნება წინააღმდეგი და არ მოითხოვს დამხმარე ან დამატებით ინფორმაციას ან კონსულტაციას და/ან გადამოწმებას, თითოეული მხარე დაუყოვნებლივ გაატარებს საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს ვაჭრობის დასაშვებად წინამდებარე პუნქტის „a“ ქვეპუნქტის მიხედვით.  

რეგიონალიზაციის/ზონირების, მავნებლებისგან თავისუფალ  ზონების  (PFA) აღიარება

  1. მხარეები ცნობენ რეგიონალიზაციისა და PFA–ს კონცეფციას, როგორც ეს მოცემულია სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 1997 წლის მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციასა (IPPC)  და ფიტოსანიტარული ზომების საერთაშორისო  სტანდარტებში (ISPM). 

  1. მხარეები თანხმდებიან რომ რეგიონალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებები წინამდებარე შეთანხმების IV-A დანართში მოცემულ ცხოველთა და  თევზის დაავადებებზე,  და წინამდებარე შეთანხმების IV-B დანართში მოცემულ მავნებლებზე,  მიღებულ უნდა იქნეს წინამდებარე შეთანხმების V დანართის A და B ნაწილებში მოცემული დებულებების შესაბამისად.   

  1. ცხოველთა დაავადებებთან  დაკავშირებით, წინამდებარე შეთანხმების 56-ე მუხლზე დაყრდნობით, ექსპორტიორი მხარე იმპორტიორი მხარის მიერ მისი რეგიონალიზაციის აღიარების მიზნით ატყობინებს მიღებული ზომების შესახებ გადაწყვეტილებათა სრული აღწერითა და შესაბამისი მონაცემებით. წინამდებარე შეთანხმების 57-ე მუხლის პირობების დაურღვევლად და თუ იმპორტიორ მხარეს არ ექნება დასაბუთებული პრეტენზია და არ მოითხოვს დამატებით ინფორმაციას ან კოსულტაციას და/ან გადამოწმებას შეტყობინების მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში, ასე მიწოდებული რეგიონალიზაციის გადაწყვეტილება ჩაითვლება მიღებულად.    

ამ პუნქტის პირველ ქვეპუნქტთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება ამ შეთანხმების 5 7- მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. იმპორტიორი მხარე შეაფასებს დამატებით ინფორმაციას მისი მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. ამ პუნქტის პირველ ქვეპუნქტში მითითებული დამოწმება განხორციელდება წინამდებარე შეთანხმების 6 0- მუხლის მიხედვით მოთხოვნის მიღებიდან 25 სამუშაო დღის განმავლობაში. 

  1. მავნებლებთან დაკავშირებით თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ  მცენარეებით, მცენარეული პროდუქციით და სხვა ობიექტებით ვაჭრობისას გათვალისწინებულია მავნებლების მდგომარეობა მეორე მხარის მიერ აღიარებულ დაცულ ზონასა ან მავნებლებისგან თავისუფალ ტერიტორიაზე. PFA-ს აღიარების მაძიებელმა მხარემ უნდა აცნობოს მეორეს მის მიერ  გატარებული ღონისძიებების შესახებ და მოთხოვნის შესაბამისად უნდა მისცეს სრული ინფორმაცია და ახსნა-განმარტება მის შექმნასა  და შენარჩუნებაზე, FAO-ს ან IPPC-ის სტანდარტების, მათ შორის ISPM-ის მიხედვით. ამ შეთანხმების 6 2-ე მუხლის დაურღვევლად და თუ მხარე არ იქნება წინააღმდეგი და არ მოითხოვს დამატებით ინფორმაციას,  კონსულტაციას და/ან გადამოწმებას შეტყობინების მიღებიდან 3 თვის განმავლობაში, რეგიონალიზაციის გადაწყვეტილება მავნებლისგან თავისუფალ ტერიტორიაზე  ჩაითვლება მიღებულად.       

ამ პუნქტის პირველ ქვეპუნქტთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება წინამდებარე შეთანხმების 5 7-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. იმპორტიორი მხარე შეაფასებს დამატებით ინფორმაციას მისი მიღებიდან სამი თვის განმავლობაში. ამ პუნქტის პირველ ქვეპუნქტში მითითებული დამოწმება განხორციელდება წინამდებარე შეთანხმების მე-6 0 მუხლის შესაბამისად, დამოწმებაზე მოთხოვნის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში, განხილვის ქვეშ მყოფი მავნებლისა თუ მცენარის ბიოლოგიის გათვალისწინებით.  

  1. მე-4-მე-6 პუნქტებში მოყვანილი პროცედურების დასრულების შემდეგ და წინამდებარე შეთანხმების 6 2-ე მუხლის დაურღვევლად, თითოეული მხარე, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, გაატარებს აუცილებელ საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს ამ პირობებით ვაჭრობის დასაშვებად.

 

დანაწილება

  1. მხარეები შესაძლოა ჩაერთონ დანაწილებასთან დაკავშირებულ შემდგომ განხილვებში.

მუხლი 55

ეკვივალენტურობის განსაზღვრა

1.     ეკვივალენტობა უნდა  იქნეს აღიარებული შემდეგ შემთხვევებთან დაკავშირებით:

(a)    ინდივიდიალური ღონისძიება; ან

(b)    ღონისძიებების ჯგუფი; ან

(c)    სისტემა  სექტორის, ქვესექტორის, საქონლის ან საქონლის ჯგუფისთვის.

2.     ეკვივალენტობის განსაზღვრისას, მხარეები უნდა მიყვნენ პროცესს, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტშია მოცემული. ეს პროცესი უნდა მოიცავდეს ეკვივალენტობის ობიექტურ  დემონსტრირებას ექსპორტიორი მხარის მიერ და მოთხოვნის ობიექტურ შეფასებას იმპორტიორი მხარის მიერ. ეს შეფასება შეიძლება მოიცავდეს ინსპექტირებას ან დამოწმებას.

3.    ექსპორტიორი მხარის მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ეკვივალენტობის აღიარების მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეებმა დაუყონებლივ, არაუგვიანეს სამი თვისა მას შემდეგ რაც იმპორტიორი მხარე მიიღებს ამგვარ  მოთხოვნას, ინიცირება უნდა  გაუკეთონ  საკონსულტაციო პროცესს, რომელიც მოიცავს წინამდებარე შეთანხმების VII დანართში გაწერილ ნაბიჯებს. ექსპორტიორი მხარის მიერ  რამდენიმე მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, მხარეები იმპორტიორი მხარის მოთხოვნით უნდა შეთანხდნენ ამ შეთანხმების 6 3-ე მუხლში მოცემულ SPS ქვეკომიტეტთან დროის განრიგზე, რომლის მიხედვითაც ისინი განახორციელებენ ამ პუნქტით განსაზღვრული პროცესის ინიცირებასა და განხორციელებას  

4.    თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, იმპორტიორი მხარე ვალდებულია დაასრულოს მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეკვივალენტობის აღიარების პროცესი ექსპორტიორი მხარის მოთხოვნის მიღებიდან 360 დღეში, მათ შორის დოსიე, რომელიც აჩვენებს ეკვივალენტობას.  აღნიშნული დროის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს სეზონურ კულტურებთან მიმართებაში, როდესაც შეფასების დაყოვნება გამართლებულია იმისათვის, რომ დამოწმება განხორციელდეს სეზონური კულტურების ზრდის შესაბამისი პერიოდისთვის.   

5.  იმპორტიორი მხარე განსაზღვრავს მცენარეებთან, მცენარეულ პროდუქტებთან და სხვა ობიექტებთან ეკვივალენტობას ფიტოსანიტარული ზომების საერთაშორისო  სტანდარტების (ISPM) მიხედვით.

6.     იმპორტიორ მხარეს შეუძლია გააუქმოს ან შეაჩეროს ეკვივალენტობა, რომელიმე მხარის მიერ ზომებში ისეთი შესწორების შეტანის გამო, რომელიც გავლენას ახდენს ეკვივალენტობაზე, შემდეგი პროცედურის დაცვით:

(a)    წინამდებარე შეთანხმების 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების შესაბამისად, ექსპორტიორმა მხარემ  უნდა აცნობოს იმპორტიორ მხარეს იმ ღონისძიებებში განსახორციელებელი ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელთა ეკვივალენტობა უკვე აღიარებულია და ასევე შეთავაზებული ღონისძიებების სავარაუდო გავლენა უკვე განსაზღვრულ ეკვივალენტობაზეაღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში იმპორტიორმა მხარემ ექსპორტიორ მხარეს უნდა  შეატყობინოს გაგრძელდება თუ არა შეთავაზებული ღონისძიებების საფუძველზე ეკვივალენტობის ცნობა.

(b)    წინამდებარე შეთანხმების 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების შესაბამისად, იმპორტიორმა  მხარემ დაუყონებლივ უნდა წარუდგინოს მის ღონისძიებებში შესატანი ცვლილებების შესახებ შეთავაზება ექსპორტიორ მხარეს, რომლის მიხედვითაც მოხდა შესაბამისობის (ეკვივალენტობის) აღიარებაუნდა გააგრძელოს თუ არა  იმპორტიორმა მხარემ ეკვივალენტობის აღიარება, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ პირობებზე, რომლის მიხედვითაც მოხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პროცესის ხელმეორედ ინიცირება  შეთავაზებული  ზომების საფუძველზე.

7.  ეკვივალენტობის აღიარებას, შეჩერებას ან გაუქმებას ახდენს მხოლოდ იმპორტიორი მხარე, რომელიც მოქმედებს  საკუთარ ადმინისტრაციულ და საკანონმდებლო ფარგლებში. ამ მხარემ წერილობითი ფორმით უნდა წარუდგინოს ექსპორტიორ მხარეს დასაბუთებული ახსნა-განმარტება და შესაბამისი მონაცემები, რომელთა გამოყენება მოხდა ამ მუხლით გათვალისწინებული განსაზღვრებების და გადაწვეტილებების მიღებისას. ეკვივალენტობის აუღიარებლობის, შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში, იმპორტიორმა მხარემ უნდა აცნობოს ექსპორტიორ მხარეს იმ გარემოებების შესახებ, რომელთა საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს მე-3 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული პროცესის ხელახალი ინიცირება.

8.   წინამდებარე შეთანხმების 62-ე მუხლის პირობების დაურღვევლად, იმპორტიორმა მხარემ შეიძლება არ გააუქმოს ან არ შეაჩეროს ეკვივალენტობავიდრე რომელიმე მხარის მიერ შეთავაზებული ახალი ზომები შევა ძალაში.

9.  იმ შემთხვევაში, თუ ეკვივალენტობა ოფიციალურად აღიარებულ იქნა იმპორტიორი მხარის მიერ, წინამდებარე შეთანხმების VII დანართის შესაბამისად გამართული კონსულტაციების საფუძველზე, SPS ქვეკომიტეტმა წინამდებარე შეთანხმების 63-ე მუხლით მე-5 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის საფუძველზე უნდა მოახდინოს მხარეებს შორის ვაჭრობაში ეკვივალენტობის აღიარების დეკლარირება. ასეთმა გადაწყვეტილებამ  შეიძლება აგრეთვე განაპირობოს ფიზიკური შემოწმების შემცირება საზღვარზე, საწარმოებისთვის სერტიფიკატებისა და პროდუქციის გაყიდვამდე შემოწმების განსაზღვრული პროცედურების გამარტივება.

სტატუსი ეკვივალენტობის აღიარების შესახებ იქნება გაწერილი წინამდებარე შეთანხმების X დანართში.

მუხლი 56

გამჭირვალობა და ინფორმაციის გაცვლა

1.  წინამდებარე შეთანხმების 57- მუხლის პირობების დაურღვევლად  მხარეები ითანამშრომლებენ, რომ გაიზარდოს მეორე მხარის ოფიციალური კონტროლის სისტემისა და მექანიზმის ორმხრივი გაგება, რომლებიც გამიზნულია ამ შეთანხმების III დანართში ჩამოთვლილი SPS ზომების განხორციელებისათვის, და ასეთი სტრუქტურისა და მექანიზმების ფუნქციონირების თაობაზე. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია, მათ შორის, საერთაშორისო აუდიტის ანგარიშების მეშვეობით, თუკი ის კეთდება საჯაროდ და მხარეებს შეუძლიათ გაცვალონ ინფორმაცია ასეთი აუდიტის შედეგებზე ან  სხვა შესაბამისი ინფორმაცია.

  2.    ეკვივალენტობის განსაზღვრის ფარგლებში წინამდებარე შეთანხმების 55- მუხლის შესაბამისად, მხარეები განახორციელებენ ერთმანეთის ინფორმირებას შესაბამის სფეროებში საკანონმდებლო ან სხვა პროცედურულ ცვლილებებზე.

თანამშრომლობის აუცილებელი დონე უნდა იქნეს მიღწეული, რათა ხელი შეეწყოს საკანონმდებლო დოკუმენტების გადაცემას ერთერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე.

ამ მიზნით თითოეული მხარე მეორე მხარეს წარუდგენს საკონტაქტო პირს. მხარეები აგრეთვე შეატყობინებენ ერთმანეთს საკონტაქტო პირების საკითხთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ.

მუხლი 57

შეტყობინებები,  კონსულტაციები  და კომუნიკაციის ხელშეწყობა

1.   თითოეული მხარე წერილობით ატყობინებს მეორე მხარეს  ორი სამუშაო დღის განმავლობაში საზოგადოების, ცხოველთა ან მცენარეთა ჯანმრთელობისათვის სერიოზული ან მნიშვნელოვანი რისკების თაობაზე, მათ შორის სურსათის კონტროლთან მიმართებაში საგანგებო ვითარებაზე ან სიტუაციებზე, სადაც  ნათლად არის განსაზღვრული ჯანმრთელობაზე სერიოზული ზემოქმედების რისკი, რომელიც დაკავშირებულია ცხოველური ან მცენარეული პროდუქტის მოხმარებასთან,  კერძოდ:

(a)    ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც გავლენას ახდენს წინამდებარე შეთანხმების 5 4- მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ რეგიონალიზაციის გადაწყვეტილებებზე;

(b)    ცხოველთა ნებისმიერი დაავადებების არსებობა ან განვითარება, რომლებიც ჩამოთვლილია წინამდებარე შეთანხმების IV-A დანართში ან იმ რეგულირებადი მავნებლების არსებობა ან განვითარება, რომლებიც ჩამოთვლილია წინამდებარე შეთანხმების IV-B დანართში;

(c)    ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობის შედეგები ან მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკები ცხოველთა დაავადებებთან ან მავნებლებთან მიმართებაში, რომლებიც არ არიან მოცემული წინამდებარე შეთანხმების  IV-A  და IV-B დანართებში ან რომელიც არის ცხოველის ახალი დაავადება ან მავნებელი;  და

(d)    ნებისმიერი დამატებითი ღონისძიება, ძირითადი მოთხოვნების გარდა, ცხოველთა დაავადების, ან მავნებლების  კონტროლის ან აღმოფხრვისთვის, საზოგადოების ჯანდაცვის ან მცენარეთა დაცვისათვისპროფილაქტიკის პოლიტიკაში ნებისმიერი ცვლილებამათ შორის ვაქცინაციის პოლიტიკა.

2.  შეტყობინებები ხორციელდება წერილობით, წინამდებარე შეთანხმების 5 6-ე მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საკონტაქტო პირების მეშვეობით.

  წერილობითი შეტყობინება ნიშნავს შეტყობინებას ფოსტით, ფაქსით ან ელფოსტით.

3.   როდესაც მხარეს აქვს სერიოზული ეჭვი ადამიანის, ცხოველის ან მცენარის  ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკზე, ამ მხარის მოთხოვნის შესაბამისად კონსულტაციები აღნიშნულ მდგომარეობაზე უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად და ნებისმიერ შემთხვევაში მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა. ასეთ გარემოებებში თითოეული მხარე წარადგენს ამომწურავ ინფორმაციას ვაჭრობაში შეფერხებების თავიდან ასაცილებლად და ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილების მისაღებად ადამიანის, ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვასთან მიმართებაში.

4.   მხარის მოთხოვნის შესაბამისად კონსულტაციები ცხოველთა კეთილდღეობაზე უნდა გაიმართოს რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა. ასეთ გარემოებებში თითოეული მხარე შეეცდება წარადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია.

5.    მხარის მოთხოვნის შესაბამისად კონსულტაციები, როგორც ეს აღნიშნულია მე-3 და მე-4 პუნქტებში, ტარდება ვიდეო ან აუდიო კონფერენციის სახით. მომთხოვნი მხარე უზრუნველყოფს კონსულტაციის ოქმის მომზადებას, რომელიც ოფიციალურად დადასტუდება მხარეების მიერ. აღნიშნულისთვის გამოიყენება წინამდებარე შეთანხმების 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებები.

6.   ორმხრივად დანერგილი სწრაფი განგაშის სისტემა და ადრეული გაფრთხილების მექანიზმი ნებისმიერ ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ საგანგებო მდგომარეობაზე ამოქმედდება მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მხარეები შეთანხმდებიან ასეთი მექანიზმის ფუნქციონირების ღონისძიებებზე. 

მუხლი 58

ვაჭრობის პირობები

1.    იმპორტის პირობები ეკვივალენტობის აღიარებამდე:

(a)  მხარეები თანხმდებიან წინამდებარე შეთანხმების III-A დანართით და III-C (2) და (3) დანართებით განსაზღვრული ნებისმიერი საქონლის იმპორტი დაექვემდებაროს ეკვივალენტობის აღიარებამდე  პირობებს. წინამდებარე შეთანხმების 54-ე მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების დაურღვევლად იმპორტიორი მხარის იმპორტის პირობები გამოიყენება ექსპორტიორი მხარის მთელ ტერიტორიაზე. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ და ამ შეთანხმების 56-ე მუხლის შესაბამისად, იმპორტიორმა მხარემ უნდა შეატყობინოს ექსპორტიორ მხარეს წინამდებარე შეთანხმების III-A და III-C დანართებში მითითებულ საქონელზე თავისი სანიტარული და/ან ფიტოსანიტარული საიმპორტო მოთხოვნები. აღნიშნული ინფორმაცია საჭიროებისამებრ უნდა მოიცავდეს ოფიციალური სერტიფიკატების ან დეკლარაციების ან კომერციული დოკუმენტების ნიმუშებს, რომლებიც დაწესებულია იმპორტიორი მხარის მიერ; და

(b)    (i) წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის „a“ ქვეპუნქტში მითითებული პირობების ცვლილებები ან შეთავაზებული ცვლილებები  უნდა შეესაბამებოდნენ SPS შეთანხმებით განსაზღვრულ შესაბამისი შეტყობინების პროცედურებს;

(ii) წინამდებარე შეთანხმების 6 2-ე მუხლის დებულებების დაურღვევლად, იმპორტიორი მხარე ამ მუხლის პირველი პუნქტის „a“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეცვლილი პირობების ძალაში შესვლის თარიღის დადგენისას მხედველობაში მიიღებს მხარეებს შორის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დროს; და  

(iii) თუ იმპორტიორი მხარე ვერ შეასრულებს შეტყობინების შესახებ მოთხოვნებს ამ   მუხლის პირველი პუნქტის „a“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ის გააგრძელებს იმპორტის პირობების ცვლილების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში იმ სერტიფიკატებით ან მოწმობებით სარგებლობას რომლებიც აკმაყოფილებდა წინა პერიოდის მოთხოვნებს.

2.   იმპორტის პირობები ეკვივალენტობის აღიარების შემდეგ

(a)    ეკვივალენტობის აღიარებაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან 90 დღის განმავლობაში, როგორც ეს მითითებულია წინამდებარე შეთანხმების 55- მუხლის მე-9 პუნქტში, მხარეები მიიღებენ საჭირო საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს ეკვივალენტობის აღიარების განსახორციელებლად   და ამის საფუძველზე მათ შორის  წინამდებარე შეთანხმების III-A და III-C (2)(3) დანართში აღწერილი საქონლით ვაჭრობის დასაშვებად. აღნიშნულ საქონელზე იმპორტიორი მხარის მიერ მოთხოვნილი ოფიციალური სერტიფიკატი ან ოფიციალური დოკუმენტი შეიძლება ჩანაცვლდეს წინამდებარე შეთანხმების IX-B დანართში მოცემული სერტიფიკატით;  

(b)    იმ სექტორების ან ქვესექტორების საქონლისთვის, რომლებისთვისაც  ყველა ზომა არ არის აღიარებული ეკვივალენტურადვაჭრობა გრძელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „a“ პუნქტში მოცემული პირობების დაცვით. ექსპორტიორი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში გამოყენებულ იქნება ამ მუხლის მე-5 პუნქტის დებულებები.

3.  აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან საქონელი, რომელიც მოცემულია წინამდებარე შეთანხმების III-A და III-C (2) დანართებში, არ საჭიროებს იმპორტის ნებართვას მხარეებს შორის.

4.   იმ პირობებისთვის, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „a“ ქვეპუნქტში მოცემული საქონლით ვაჭრობაზე, ექსპორტიორი მხარის მოთხოვნით მხარეები დაიწყებენ კონსულტაციებს SPS ქვეკომიტეტის მეშვეობით წინამდებარე შეთანხმების 63-ე მუხლის დებულებების შესაბამისად, იმპორტიორ მხარესთან იმპორტის ალტერნატიულ ან დამატებით პირობებზე შეთანხმების მიზნით. ასეთი ალტერნატიული ან დამატებითი პირობები შეიძლება, საჭიროების შემთხვევაში, ეფუძნებოდეს ექსპორტიორი მხარის ზომებს, რომლებიც აღიარებული აქვს იმპორტიორ მხარეს როგორც ეკვივალენტური. შეთანხმების შემთხვევაში იმპორტიორი მხარე მიიღებს აუცილებელ  საკანონმდებლო  და/ან  ადმინისტრაციულ ზომებს შეთანხმებული იმპორტის პირობების საფუძველზე იმპორტის დასაშვებად 90 დღის განმავლობაში.

5.   საწარმოების სია, წინასწარი აღიარება

(a)    წინამდებარე შეთანხმების I II-A დანართის მე-2 ნაწილში მოცემული ცხოველური პროდუქციის იმპორტისას, ექსპორტიორი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, რომელსაც თან ერთვის შესაბამისი გარანტიები, იმპორტიორი მხარე საწარმოების ინდივიდუალური ინსპექტირების გარეშე პირობითად აღიარებს  ექსპორტიორი მხარის ტერიტორიაზე არსებულ გადამამუშავებელ საწარმოებს წინამდებარე შეთანხმების VI.2 დანართის შესაბამისად. ასეთი აღიარება უნდა იყოს წინამდებარე შეთანხმების VI დანართში მოცემული პირობებისა და დებულებების შესაბამისი გარდა იმ შემთხვევისა როდესაც დამატებითი ინფორმაციაა მოთხოვნილი, იმპორტიორი მხარე შესაბამისი გარანტიებით გამყარებული მოთხოვნის მიღებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებს ყველა აუცილებელ საკანონმდებლო ან/და ადმინისტრაციულ ზომას აღნიშნულის საფუძველზე იმპორტის დასაშვებად

საწარმოების წინასწარი სიის დამტკიცება უნდა მოხდეს წინამდებარე შეთანხმების VI დანართის დებულებების შესაბამისად.

(b)    ამ მუხლის მე-2 პუნქტის „a“ ქვეპუნქტში მოცემული ცხოველური საქონლის იმპორტისას, ექსპორტიორი მხარე მიაწოდებს იმპორტიორ მხარეს იმ საწარმოების სიას, რომლებიც აკმაყოფილებენ იმპორტიორი მხარის მოთხოვნებს  

6.   მხარის მოთხოვნის შემთხვევაში მეორე მხარე წარმოადგენს საჭირო ახსნა-განმარტებებს და დამადასტურებელ ინფორმაციას იმ განსაზღვრებებსა და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებიც წინამდებარე მუხლშია მოცემული.

მუხლი 59

სერტიფიცირების პროცედურა

1.  სერტიფიცირების პროცედურის, სერტიფიკატისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების გაცემისათვის მხარეები თანხმდებიან წინამდებარე შეთანხმების IX დანართით განსაზღვრულ პრინციპებზე.

2.  ელექტრონული სერტიფიცირების, სერტიფიკატის გაუქმების ან შეცვლის შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმების 63-ე მუხლის შესაბამისად SPS ქვეკომიტეტმა შეიძლება შეიმუშაოს წესები, რომლებიც უნდა იქნეს დაცული მხარეების მიერ.

3.    მხარეები, საჭიროების შემთხვევაში, თანხმდებიან   სერტიფიკატების საერთო ნიმუშებზე.

მუხლი 60

დამოწმება

1.     ამ თავის დებულებების ეფექტიანი განხორციელების მიზნით თითოეულ მხარეს უფლება აქვს:

(a)    განახორციელოს  მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოს ინსპექტირების და სერტიფიცირების სისტემის მთლიანი ან ნაწილობრივი დამოწმება, და/ან საჭიროებისამებრ სხვა ღონისძიების დამოწმება, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების, სახელმძღვანელოებისა და კოდექს ალიმენტარიუსის, ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის რეკომენდაციების გათვალისწინებით;

(b)   მიიღოს ინფორმაცია მეორე მხარისაგან მისი კონტროლის სისტემის შესახებ და იყოს ინფორმირებული ასეთი სისტემით განხორციელებული შემოწმების შედეგებზე, ორივე მხარისთვის მოქმედი კონფიდენციალურობის პირობების დაცვით.

2.     ორივე მხარეს უფლება აქვს აცნობოს მესამე მხარეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „a“ ქვეპუნქტში მოცემული შედეგები დამოწმების დამტკიცების შესახებ და გახადოს ისინი საჯარო, ისე, როგორც ეს მოთხოვნილია ორივე მხარისათვის მოქმედ დებულებებში. საჭიროებისამებრ, კონფიდენციალურობის შესახებ დებულებები, რომელიც მოქმედია ორივე მხარისათვის, უნდა იქნეს გათვალისწინებული შედეგების მესამე მხარისათვის გაცნობისას ან/და გასაჯაროებისას.

3.   თუ იმპორტიორი მხარე გადაწყვეტს განახორციელოს დამოწმების ვიზიტი ექსპორტიორ მხარესთან, იმპორტიორმა მხარემ აღნიშნულის შესახებ, ექსპორტიორ მხარეს უნდა აცნობოს დამოწმების ვიზიტამდე არანაკლებ 60 სამუშაო დღით ადრე, გამონაკლისია საგანგებო შემთხვევები ან თუ მხარეები სხვაგვარად შეთანხმდებიან. ასეთი ვიზიტის შესახებ ნებისმიერი ცვლილება უნდა შეთანხმდეს მხარეებს შორის.

4.  ხარჯები, რომელიც გაწეულია მხარის კომპეტენტური ორგანოს ინსპექტირებისა და  სერტიფიცირების სისტემის ან/და სხვა ღონისძიების, მთლიანი ან ნაწილობრივი დამოწმების განხორციელებისთვის, ეკისრება დამოწმების ან ინსპექტირების განმახორციელებელ მხარეს.

  5.   დამოწმების დამტკიცების შესახებ წერილობითი ოქმის სამუშაო ვერსია  უნდა გადაეგზავნოს ექსპორტიორ მხარეს დამოწმების დასრულებიდან 60 სამუშაო დღის განმავლობაში. ექსპორტიორ მხარეს დამოწმების შესახებ წერილობითი ოქმისპროექტზე კომენტარების გაკეთებისათვის აქვს 45 სამუშაო დღე. ექსპორტიორი მხარის მიერ გაკეთებული კომენტარები თან უნდა დაერთოს და სადაც საჭიროა, გათვალისწინებული უნდა იქნეს საბოლოო შედეგში. ამასთანავე, დამოწმების პროცესში ადამიანის, ცხოველთა ჯანმრთელობისათვის ან მცენარეების დაცვისათვის მნიშნვნელოვანი საფრთხის გამოვლენისას, ექსპორტიორ მხარეს უნდა ეცნობოს ამის შესახებ დაუყოვნებლივ, ნებისმიერ შემთხვევაში დამოწმების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

6.  სიცხადისთვის, დამოწმების შედეგებმა შესაძლებელია გავლენა იქონიოს მხარეების ან მხარის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში, რომლებიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების 57-ე  და 63-ე მუხლებში.

მუხლი 61

იმპორტის შემოწმება და ინსპექტირების მოსაკრებელი

1.    მხარეები თანხმდებიან, რომ იმპორტის  შემოწმება, რომელიც ხორციელდება იმპორტიორი მხარის მიერ ექსპორტიორი მხარის საქონლის იმპორტირებისას, უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე შეთანხმების VIII დანართის A ნაწილით გათვალისწინებულ პრინციპებს. ასეთი შემოწმების შედეგებმა შესაძლებელია ხელი შეუწყოს წინამდებარე შეთანხმების მე-6 0 მუხლში მოცემულ დამოწმების პროცესს.

2.  თითოეული მხარის მიერ დადგენილი იმპორტის ფიზიკური შემოწმების  სიხშირე განსაზღვრულია ამ შეთანხმების VIII დანართის B ნაწილში. მხარეს შეუძლია ასეთი შემოწმების სიხშირე შეცვალოს მისი კომპეტენციისა და შიდა მოქმედი კანონმდებლობის  ფარგლებში, წინამდებარე შეთანხმების 55- და 58-ე მუხლების შესაბამისად მიღწეული პროგრესის შედეგად  ან  დამოწმებების, კონსულტაციებისა ან ამ შეთანხმებაში გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარების შედეგად. შესაბამისად, 63- მუხლით განსაზღვრულმა SPS ქვეკომიტეტმა თავისი გადაწყვეტილებით უნდა შეცვალოს ამ შეთანხმების VIII დანართის B ნაწილი.

3.   ინსპექტირების მოსაკრებელი, საჭიროებისამებრ, შეიძლება  ფარავდეს მხოლოდ კომპეტენტური ორგანოს მიერ იმპორტის შემოწმებისას გაწეულ ხარჯებს. მოსაკრებელი  უნდა დაანაგრიშდეს იმავე საფუძველზე, როგორც ეს ანგარიშდება ადგილობრივი წარმოების  ანალოგიური პროდუქტის ინსპექტირებისას.

4.  იმპორტიორმა მხარემ ექპორტიორ მხარეს, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა აცნობოს ყველა  ცვლილების შესახებ, მათ შორის ამ ცვლილებების მიზეზების  შესახებ, რომელიც შეეხება იმპორტის შემოწმებებს და ინსპექტირების მოსაკრებელს, ან ასეთი შემოწმების სხვა მნიშვნელოვან   ადმინისტრაციულ  ცვლილებებს.

5.   წინამდებარე შეთანხმების 63- მუხლის მიხედვით განსაზღვრული SPS ქვეკომიტეტის მიერ დადგენილი თარიღიდან, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ  პირობებზე, რომლითაც აღიარებენ ერთმანეთის  კონტროლს, წინამდებარე შეთანხმების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „b“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ მიზნით, რომ  მიიღონ  და ორმხრივად შეამცირონ, სადაც ეს შესაძლებელია, იმპორტის ფიზიკური შემოწმების სიხშირე იმ საქონლისთვის, რომელიც მოცემულია წინამდებარე შეთანხმების 58-მუხლის მე-2 პუნქტის „a“ ქვეპუნქტში.

ზემოაღნიშნული თარიღიდან, მხარეებს შეუძლიათ ორმხრივად აღიარონ  ერთმანეთის კონტროლი გარკვეულ საქონელზე და შესაბამისად ამ საქონელზე შეამცირონ ან ჩაანაცვლონ იმპორტის  შემოწმება.

მუხლი 62

დაცვითი ღონისძიებები

1.  იმ შემთხვევაში თუ ექსპორტიორი მხარე ახორციელებს ღონისძიებებს თავის ტერიტორიაზე, რათა უზრუნველყოს ნებისმიერი რისკის კონტროლი, რომელიც სერიოზულ საფრთხეს ან რისკს წარმოადგენს ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობისა და მცენარის სიჯანსაღისთვის, ექსპორტიორმა მხარემ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის პირობების დაურღვევლად, უნდა განახორციელოს ეკვივალენტური ღორნისძიებები, იმპორტორ ქვეყანის ტერიტორიაზე საფრთხის  ან რისკის წარმოშობის თავიდან ასაცილებლად.

2.  ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის დასაცავად იმპორტიორ მხარეს შეუძლია განახორციელოს დროებითი ღონისძიებები. მხარეებს შორის ტვირთის ტრასპორტირებისას, იმპორტიორმა მხარემ უნდა მიიღოს მაქსიმალურად შესაფერისი და თანაზომადი  გადაწყვეტილება, რათა თავიდან აიცილოს შეფერებები მხარეთა შორის ვაჭრობაში.

3.   მხარე, რომლიც ახორციელებს მე–2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების მიღებას, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ამის შესახებ, არაუგვიანეს ღონისძიებების მიღებიდან ერთი სამუშაო დღისა. რომელიმე მხარის მოთხოვნისა და ამ შეთანხმების 57-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული დებულებების საფუძველზე, მხარეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები, არსებული მდგომარეობის შესახებ, შეტყობინებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. მხარეებმა, მხედველობაში უნდა მიიღონ კონსულტაციის პერიოდში წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია და შეეცადონ თავიდან  აიცილონ  შეფერხებები ვაჭრობაში,  საჭიროებისამებრ გაითვალისწინონ წინამდებარე შეთანხმების 57-ე მუხლის მე–3 პუნქტის დებულებებით განსაზღვრული კონსულტაციების შედეგები.

მუხლი 63

სანიტარული და ფიტოსანიტარული ქვეკომიტეტი

1.    SPS ქვეკომიტეტი ამიერიდან დაფუძნებულია. კომიტეტმა უნდა გამართოს შეხვედრა ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან 3 თვის განმავლობაში, შემდეგ კი ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ან მინიმუმ  წელიწადში ერთხელ. თუ მხარეები შეთანხმდებიან, SPS ქვეკომიტეტის შეხვედრა შესაძლებელია გაიმართოს ვიდეო ან აუდიო კონფერენციის სახით. SPS ქვეკომიტეტმა შესაძლებელია ცალკეული საკითხების დასარეგულირებლად გამოიყენოს კორესპონდენცია.

2.  SPS ქვეკომიტეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი ფუნქციები:

(a)    ამ თავთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვა;

(b)    ამ თავის განხორციელებაზე მონიტორინგი და ყველა იმ საკითხის განხილვა, რომელიც შეიძლება წამოიჭრას მისი განხორციელებისას;

(c)   ამ შეთანხმების I II-X დანართების გადახედვა, კერძოდ ამ თავით გათვალისწინებული კონსულტაციებისა და პროცედურების განხორციელებაში მიღწეული პროგრესის კუთხით.

(d)    საბოლოოდ განახორციელოს ცვლილებები ამ შეთანხმების I II - X დანართებში, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით მოცემული პირობის მიხედვით, ან მოცემული თავით გათვალისწინებული სხვა ფორმით და

(e)    ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოწმებისათვის   მიაწოდოს მოსაზრებები და  რეკომენდაციები სხვა ორგანოებს, წინამდებარე შეთანხმების VIII კარით გათვალისწინებული პირობების მიხედვით (ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები).

  3.   მხარეები თანხმდებიან საჭიროებისამებრ შექმნან ტექნიკური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება მხარეთა ექსპერტებით. სამუშაო ჯგუფმა უნდა მოახდინოს ამ თავის განხორციელებიდან გამომდინარე ტექნიკური და სამეცნიერო საკითხების იდენტიფიცირება და მოგვარება. დამატებითი ექსპერტიზის საჭიროების შემთხვევაში  მხარეებმა შესაძლებელია ჩამოაყალიბონ დროებითი ჯგუფები, მათ შორის სამეცნიერო და ექსპერტთა ჯგუფები. ასეთი დროებითი ჯგუფების წევრობა არ უნდა იყოს შეზღუდული მხარეთა წარმომადგენლობით.

4.  SPS ქვეკომიტეტმა რეგულარულად უნდა აცნობოს, ანგარიშების წარდგენის ფორმით, ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს, რომელიც შექმნილია წინამდებარე შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

5.   SPS ქვეკომიტეტმა პირველივე შეხვედრაზე უნდა დაამტკიცოს  თავისი სამუშაო პროცედურები. 

6.  ნებისმიერი გადაწყვეტილება, რეკომენდაცია, ანგარიში ან სხვა ქმედება განხორციელებული SPS ქვეკომიტეტის ან SPS ქვეკომიტეტის მიერ შექმნილი სხვა ჯგუფის მიერ, დამტკიცებული უნდა იქნეს მხარეთა შორის კონსენსუსის საფუძველზე.

თავი 5

საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობა

მუხლი 64

მიზნები

1.    მხარეები აღიარებენ  საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობის მნიშვნელობას  ორმხრივ განვითარებად სავაჭრო გარემოში. მხარეები თანხმდებიან გააძლიერონ თანამშრომლობა აღნიშნულ სფეროში, რათა უზრუნველყონ კანონიერი ვაჭრობის განვითარების  და ეფექტური კონტროლის განხორციელების მიზნების აღსრულება, როგორც შესაბამისი კანონმდებლობისა და პროცედურების, ასევე შესაბამისი  უწყებების ადმინისტრაციული შესაძლებლობების, როგორც მნიშვნელოვანი პრინციპის,  გამოყენების გზით.

2.    მხარეები აღიარებენ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საჯარო პოლიტიკის ამოცანებს, რომლებიც მოიცავს  ვაჭრობის ხელშეწყობას, უსაფრთხოებას, თაღლითობის თავიდან აცილებას და მათ შორის  დაბალანსებულ მიდგომას.

მუხლი 65

კანონმდებლობა და პროცედურები

1.  მხარეები თანხმდებიან როგორც ძირითად პრინციპზე, რომ მათი შესაბამისი საბაჟო და ვაჭრობის მარეგულირებელი კანონმდებლობა უნდა იყოს სტაბილური და ყოვლისმომცველი. ასევე   დებულებები და პროცედურები უნდა იყოს პროპორციული,  გამჭვირვალე, პროგნოზირებადი, არადისკრიმინაციული,  მიუკერძოებელი  და სრულდებოდეს ეფექტურად და  ერთგვაროვნად, აგრეთვე უზრუნველყოს:

(a)  ლეგიტიმური  ვაჭრობის  ხელშეწყობა და დაცვა საკანონმდებლო მოთხოვნების  ეფექტური აღსრულების  და  შესაბამისობის ხარჯზე;

(b)    ეკონომიკურ ოპერატორებზე ზედმეტი და დისკრიმინაციული ტვირთის დაკისრების თავიდან აცილება, თაღლითობის თავიდან აცილება და  კანონმორჩილების მაღალი დონის მქონე ეკონომიკური ოპერატორების ხელშეწყობა;   

(c)    საბაჟო დეკლარირებისათვის ერთიანი ადმინისტრაციული დოკუმენტის  გამოყენება;

(d)  შესაბამისი ზომების გატარება საზღვარზე განხორციელებული საბაჟო პროცედურების ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და გამარტივების ზრდისთვის;

(e)  საქონლის   შემოტანა,  გატანის და გაშვების  გამარტივებისა  და ხელშეწყობის მიზნით, თანამედროვე საბაჟო ტექნიკის გამოყენება, რისკის შეფასების, გაფორმების შემდგომი კონტროლის და კომპანიის აუდიტის  მეთოდების ჩათვლით;

(f)  ყველა ეკონომიკური ოპერატორის კანონმორჩილების დანახარჯების შემცირებისა და პროგნოზირების ზრდისკენ სწრაფვა; 

(g)  ობიექტური რისკის  შეფასების კრიტერიუმებისათვის ზიანის მიყენების გარეშე,   იმპორტით, ექსპორტით და  ტრანზიტით გადაადგილებულ საქონელთან მიმართებაში არსებული მოთხოვნების და პროცედურების  არადისკრიმინაციული ადმინისტრირება;

(h)   საბაჟოსა და ვაჭრობის სფეროსთან დაკავშირებული საერთაშორისო ინსტრუმენტების  გამოყენება, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (მსო) დროებითი დაშვების შესახებ სტამბულის 1990 წლის კონვენციის, ჰარმონიზებული სისტემის 1983 წლის საერთაშორისო კონვენციის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის,  გაეროს 1975 წლის TIR კონვენციის, საქონლის სასაზღვრო კონტროლის ჰარმონიზაციის შესახებ 1982 წლის კონვენციის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტების ჩათვლით; ამასთავე საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია მხედველობაში იქნეს მიღებული გლობალური ვაჭრობის ხელშეწყობის და უზრუნველოფის შესახებ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ჩარჩო  სტანდარტების;

(i)     საბაჟო პროცედურების გამარტივების და ჰარმონიზების შესახებ განახლებული კიოტოს 1973 წლის კონვენციის დებულებების იმპლემენტაციასა და ასახვასთან დაკავშირებული ზომების მიღება;

(j)  სატარიფო კლასიფიკაციის და წარმოშობის წესების შესახებ წინასწარი სავალდებულო რეგულაციების უზრუნველყოფა. მხარეები უზრუნველყოფენ რომ გადაწყვეტილება გაუქმდეს ან გაბათილდეს  მხოლოდ დაინტერესებული ოპერატორის  შეტყობინების შემდეგ  და ყველანაირი უკუქმედების ძალის  გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც  გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არასწორი ან არასრული ინფორმაციის საფუძველზე;

(k)    არადისკრიმინაციული და ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით   უფლებამოსილ მოვაჭრეთათვის გამარტივებული პროცედურების  დანერგვა და  გამოყენება; 

(l)     საბაჟო  რეგულაციების  და პროცედურული მოთხოვნების  დარღვევისთვის დაკისრებული ნებისმიერი ჯარიმის თანაზომადობისა და არადისკრიმინაციულობის უზრუნველმყოფი წესების შემოღება, ასევე იმის უზრუნველყოფა, რომ ამ წესების აღსრულებამ არ  გამოიწვიოს   გაუმართლებელი და უსაფუძვლო შეფერხებები;

(m) სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული მომსახურებისას გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და პროპორციული წესების გამოყენება, როცა ეს მომსახურება ასევე  ხორციელდება კერძო სექტორის მიერ.

2.   სამუშაო მეთოდების გაუმჯობესების, ასევე  განხორციელებული  ოპერაციების  არადისკრიმინაციულობის, გამჭვირვალობის, ეფექტიანობის,  კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები:

(a)  მიიღებენ შემდგომ ზომებს საბაჟო და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სტანდარტიზაციის, გამარტივებისა და  შემცირებისათვის;

(b)    საქონლის სწრაფი გაშვებისა და გაფორმების უზრუნველყოფის მიზნით შეძლებისდაგვარად გაამარტივებენ მოთხოვნებსა და ფორმალურ მხარეს;     

(c)    საბაჟოზე  წარდგენილი საქონლის მიმართ, საბაჟო ან სხვა  შესაბამისი  უწყების მიერ მიღებული ადმინისტრაციული ზომების, გადაწყვეტილებებისა და დადგენილებების გასაჩივრების  უფლების გარანტირების მიზნით, უზრუნველყოფენ სწრაფ, ეფექტიან  და არადისკრიმინაციულ  პროცედურებს. აღნიშნული გასაჩივრების პროცედურები  უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი  და მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი, გასაჩივრების უფლების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა იყოს  გონივრული  და უწყების მიერ გაწეული ხარჯების შესაბამისი;

(d)  მიიღებენ შესაბამის ზომებს, როდესაც სადაო ადმინისტრაციული ზომები, გადაწყვეტილებები და დადგენილებები ექვემდებარება გასაჩივრებას, რათა მოხდეს  საქონლის დროული გაშვება, ხოლო გადასახდელების გადახდა გადავადდეს და დაექვემდებაროს, გადახდის უზრუნველმყოფელი ღონისძიებების გატარებას.  საჭიროების შემთხვევაში საქონლის გაშვება დაექვემდებარება  გარანტიის წარდგენას, როგორიცაა თავდებობა ან დეპოზიტი; და

(e)  უზრუნველყოფენ, კონკრეტულად საზღვარზე, კეთილსინდისიერების  უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნებას,  ამ სფეროს შესაბამის საერთაშორისო კონვენციებსა და ინსტრუმენტებში, კერძოდ, საჭიროებისამებრ მსო-ს  განახლებულ  არუშას 2003 წლის დეკლარაციაში. 

3.   მხარეები თანხმდებიან  გააუქმონ:  

(a)    ნებისმიერი მოთხოვნა საბაჟო  ბროკერების  სავალდებულო გამოყენების შესახებ;

(b)    ნებისმიერი მოთხოვნა გადაზიდვამდე წინასწარი შემოწმებისა ან დანიშნულების ადგილზე  შემოწმების სავალდებულო გამოყენების შესახებ 

4.     ტრანზიტთან დაკავშირებით:

(a)    ამ შეთანხმების მიზნებისათვის გამოიყენება ტრანზიტის წესები და  განმარტებები, რომლებიც განსაზღვრულია ვაჭრობის მსოფლიო   ორგანიზაციის  დებულებებით, კერძოდ  1994 წლის GATT-ის მე-5 მუხლით, და დაკავშირებული დებულებებით, ვაჭრობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული დოჰას მოლაპარაკებების რაუნდის შედეგად მიღებული განმარტებების და ცვლილებების ჩათვლით. აღნიშნული დებულებები ვრცელდება მაშინაც, როდესაც საქონლის ტრანზიტი იწყება ან მთავრდება  მხარის ტერიტორიაზე;

(b)    მომავალში საქართველოს საერთო სატრანზიტო სისტემაში[2] მონაწილეობის გათვალისწინებით,  მხარეები  შეეცდებიან  მათი შესაბამისი საბაჟო სატრანზიტო სისტემების  განვითარებადი კავშირის  მიღწევას;

(c)    ტრანზიტული მოძრაობის ხელშესაწყობად მხარეები უზრუნველყოფენ  მათ ტერიტორიაზე არსებულ  უწყებებსა და სამსახურებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას.   ტრანზიტთან მიმართებაში მხარეები ასევე შეუწყობენ ხელს  სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას.

მუხლი 66

ურთიერთობები ბიზნესსექტორთან  

მხარეები თანხმდებიან:

(a)    უზრუნველყონ  შესაბამისი კანონმდებლობის და პროცედურების  გამჭვირვალობა და საჯაროობა, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული საშუალებებით, და იქონიოს მათი მიღების შესახებ დასაბუთება. გაიმართოს  რეგულარული კონსულტაციები და განისაზღვროს გონივრული დროის მონაკვეთი  ახალი ან შეცვლილი  დებულებების  გამოქვეყნებიდან  მათ ძალაში შესვლამდე.

(b)    საბაჟო და ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებთან და პროცედურებთან მიმართებაში სავაჭრო წარმომადგენლებთან დროული და რეგულარული კონსულტაციების  გამართვის საჭიროებაზე.

(c)   გაასაჯაროონ ადმინისტრაციული ხასიათის  ინფორმაცია,  უწყების მოთხოვნების, საქონლის შეტანის ან გატანის პროცედურების, პორტებსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე საბაჟო სამსახურების სამუშაო საათებისა და სამუშაო პროცედურების შესახებ, ასევე ინფორმაციის მოსაძიებლად საკონტაქტო ინფორმაცია. 

(d)   ხელი შეუწყონ ოპერატორებსა და შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობას,  არადისკრეციული და  საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი  პროცედურების  მეშვეობით, მათ შორის  მსო-ს მიერ გამოქვეყნებულ პროცედურებზე დაყრდნობით; და

(e)    უზრუნველყონ, რომ მათი შესაბამისი საბაჟო და საბაჟოსთან დაკავშირებული მოთხოვნები და  პროცედურები  პასუხობდეს  სავაჭრო სექტორის კანონიერ საჭიროებებს, იხელმძღვანელონ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებით და შეძლებისდაგვარად ნაკლებად შეზღუდონ  ვაჭრობა.

 მუხლი 67

მოსაკრებლები და გადასახდელები

1.   მხარეები აკრძალავენ იმპორტის ან ექსპორტის  გადასახადების და სხვა მოსაკრებლების ეკვივალენტური  ეფექტის მქონე ადმინისტრაციულ  გადასახდელებს.

2.  მხარის საბაჟო უწყების, ან მისი სახელით მოქმედი სხვა უწყების მიერ  იმპორტზე ან ექსპორტზე დაკისრებულ ან აღნიშნულთან  დაკავშირებულ ყველა სახის  მოსაკრებელთან და გადასახდელებთან მიმართებით და წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) პირველი თავის (ეროვნული რეჟიმი და საქონლის ბაზარზე დაშვება) შესაბამისი დებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე:

(a)  მოსაკრებლების და გადასახდელების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ დეკლარანტის მოთხოვნის საფუძველზე, საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაო პირობების, საათებისა და ადგილებისაგან განსხვავებული  პირობებით, საათებში და ადგილებზე  გაწეული მომსახურების განხორციელებაზე, ასევე ამ მომსახურებასთან  და ასეთი იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებასთან დაკავშირებულ ფორმალურ მხარეებთან დაკავშირებით;

(b)  მოსაკრებლების და გადასახდელების ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს  მიწოდებული მომსახურების ხარჯებს;

(c)   მოსაკრებლების და გადასახდელების გამოთვლა არ უნდა განხორციელდეს ადვალორულ პრინციპზე დაყრდნობით;

(d)    გადასახდელების და მოსაკრებლების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ოფიციალურად  განსაზღვრული მედია საშუალების  მეშვეობით, შესაძლებლობის შემთხვევაში ოფიციალურ  ვებ-გვერდზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მიწოდებულ მომსახურებაზე დაკისრებული გადასახდელის ან მოსაკრებლის მიზნობრიობასინფორმაციას პასუხისმგებელი უწყების შესახებ, ინფორმაციას დასაკისრებელი გადასახდელების და მოსაკრებლების შესახებ და როდის და როგორ უნდა განხორციელდეს გადახდა;

(e)   ახალი ან შეცვლილი გადასახდელების და მოსაკრებლების დაკისრება  არ უნდა განხორციელდეს მანამ, სანამ აღნიშნული ინფორმაცია არ   გამოქვეყნდება და არ გახდება ხელმისაწვდომი.

მუხლი 68

საბაჟო ღირებულების განსაზღვრა

1.   მხარეებს შორის ვაჭრობაში,  საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მოხდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმების 1A დანართში აღნიშნული  GATT 1994-ის მე-7 მუხლის განხორციელების შეთანხმების  დებულებების მიხედვით.  მისი დებულებები შესულია ამ შეთანხმებაში და წარმოადგენს მის ნაწილს. მინიმალური საბაჟო ღირებულება არ გამოიყენება.     

2.  მხარეები ითანამშრომლებენ, რათა მიაღწიონ ერთიან მიდგომას საბაჟო ღირებულებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში.

მუხლი 69

საბაჟო თანამშრომლობა

მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას საბაჟო სფეროში რათა ეფექტიანი კონტროლის, უსაფრთხოების და თაღლითობის თავიდან აცილების უზრუნველყოფასთან  ერთად  უზრუნველყონ   ამ თავში მოყვანილი  მიზნების განხორციელება და  ვაჭრობის შემდგომი ხელშეწყობა. 

ამ თავში აღნიშნული დებულებების დაცვის მიზნით  მხარეები, აგრეთვე:

(a)    გაცვლიან ინფორმაციას საბაჟო კანონმდებლობის და პროცედურების შესახებ;

(b)   განავითარებენ ერთობლივ ინიციატივებს იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის პროცედურებთან დაკავშირებით, ისევე როგორც იმუშავებენ ბიზნეს სექტორისათვის ეფექტიანი სერვისის  მიწოდების მიმართულებით;

(c)   ითანამშრომლებენ საბაჟოს და სხვა ვაჭრობასთან დაკავშირებული პროცედურების ავტომატიზების მიზნით;

(d)    საჭიროებისამებრ გაცვლიან ინფორმაციას და მონაცემებს,   კონფიდენციალურობისა და პირადი სახის ინფორმაციის დაცვის პრინციპების გათვალისწინებით; 

(e)    ითანამშრომლებენ საქონლით, მათ შორის თამბაქოს პროდუქტებით,  უკანონო სასაზღვრო ვაჭრობასთან ბრძოლის და თავიდან აცილების მიზნით;

(f)     გაცვლიან ინფორმაციას ან გამართავენ კონსულტაციებს, იქ სადაც შესაძლებელია, საბაჟო სფეროში ერთიანი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად ისეთ  საერთაშორისო  ორგანიზაციებში როგორებიცაა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, მსო, გაერო, გაერთიანებული ერების კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების შესახებ და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია;

(g)    ითანამშრომლებენ ამ შეთანხმების შესაბამისი დებულებების მიხედვით  საბაჟოსა და ვაჭრობასთან  დაკავშირებული რეფორმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკური დახმარების დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით;

(h)   გაიზიარებენ საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებულ საუკეთესო პრაქტიკას, კერძოდ რისკის მართვაზე დაფუძნებული  საბაჟო კონტროლის სისტემების და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიმართულებით, განსაკუთრებით ფალსიფიცირებულ საქონელთან მიმართებაში;

(i)     საზღვრის გადაკვეთის პროცესის ხელშეწყობის და კონტროლის გაძლიერების მიზნით, ხელს შეუწყობენ მხარეთა ყველა სასაზღვრო უწყებას  შორის კოორდინაციას,  სადაც მიზანშეწონილი და შესაძლებელია  საზღვრის ერთობლივი მართვის  გათვალისწინებით; და 

(j)    სადაც მიზანშეწონილი და შესაძლებელია, უზრუნველყოფენ სავაჭრო პარტნიორობის პროგრამების და საბაჟო კონტროლის ურთიერთაღიარებას, ვაჭრობის ხელშეწყობის ეკვივალენტური ზომების ჩათვლით.  

მუხლი 70

ადმინისტრაციული  ურთიერთდახმარება საბაჟო საკითხებში

წინამდებარე შეთანხმებით, კერძოდ 69-ე მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლობის სხვა ფორმებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, მხარეები  უზრუნველყოფენ  საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციულ ურთიერთდახმარებას  წინამდებარე შეთანხმების საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ II ოქმის დებულებების შესაბამისად.

მუხლი 71

ტექნიკური დახმარება და შესაძლებლობათა განვითარება

ვაჭრობის ხელშეწყობისა და  საბაჟო რეფორმების დანერგვის მიზნით მხარეები ითანამშრომლებენ   ტექნიკური დახმარებისა და შესაძლებლობათა განვითარების უზრუნველსაყოფად.

მუხლი 72

საბაჟო ქვეკომიტეტი

1.   აღნიშნული შეთანხმებით იქმნება საბაჟო ქვეკომიტეტი. ქვეკომიტეტი ანგარიშვალდებულია ამ შეთანხმების 345-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული  ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის ფორუმის წინაშე.

2.    ქვეკომიტეტის ფუნქციები მოიცავს რეგულარული კონსულტაციების გამართვას და მონიტორინგს ამ თავის შესრულებასა და ადმინისტრირებაზე, საბაჟო თანამშრომლობის, საზღვართშორისი საბაჟო თანამშრომლობის და მართვის, ტექნიკური დახმარების, წარმოშობის წესების, ვაჭრობის ხელშეწყობის, და საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების  საკითხების ჩათვლით.

3.     საბაჟო ქვეკომიტეტი აგრეთვე უზრუნველყოფს:

(a)    წინამდებარე თავისა და I და II ოქმების შესრულებას;

(b)    წინამდებარე  თავისა და I და II ოქმების განხორციელების მიზნით  პრაქტიკული საკითხების, ზომების და გადაწყვეტილებების მიღებას, მათ შორის ინფორმაციის და მონაცემების გაცვლის, საბაჟო კონტროლისა და სავაჭრო პარტნიორობის პროგრამების ურთიერთაღიარების და ორმხრივად შეთანხმებული სარგებლის თაობაზე;

(c)    საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე მოსაზრებათა გაზიარებას, გასატარებელი ღონისძიებებისა და მათი გამოყენებისა და განხორციელებისათვის საჭირო რესურსების შესახებ საკითხების ჩათვლით;

(d)    საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების შემუშავებას; და

(e)    შიდა წესების და პროცედურების შემუშავებას.

თავი 6

დაფუძნება, მომსახურებით ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია

ნაწილი 1

ზოგადი დებულებები

მუხლი 73

მიზანი, მოქმედების სფერო და გავრცელება

1.    მხარეები, ადასტურებენ რა საკუთარ ვალდებულებებს ვმო-ს შეთანხმების შესაბამისად, ადგენენ საჭირო ზომებს, ნაცვალგების პრინციპით  დაფუძნების და მომსახურებით ვაჭრობის თანმიმდევრული ლიბერალიზაციისათვის და თანამშრომლობისათვის ელექტრონული კომერციის სფეროში.

2.  წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-8 თავი (საჯარო შესყიდვები) ეხება საჯარო შესყიდვებს და  წინამდებარე თავში არაა განსაზღვრული საჯარო შესყიდვების შესახებ ნებისმიერი სხვა ვალდებულება.

3.  სუბსიდიების საკითხს ეხება წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-10 თავი (კონკურენცია) და ამ თავის დებულებები არ გამოიყენება მხარეების მიერ გაცემული სუბსიდიებისათვის.

4.  ამ თავის დებულებების შესაბამისად, თითოეული მხარე იტოვებს უფლებას არეგულიროს და შემოიღოს ახალი რეგულაციები პოლიტიკის ლეგიტიმური მიზნების მიღწევისათვის.

  5.  მოცემული თავი არ გამოიყენება იმ ღონისძიებების მიმართ, რომლებიც გავლენას ახდენს მხარის დასაქმების ბაზარზე დაშვების მაძიებელ ფიზიკურ პირებზე, ასევე ეს თავი არ ეხება მოქალაქეობასთან, მუდმივ რეზიდენტობასა და დასაქმებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

6.  ამ თავით განსაზღვრული არცერთი დებულება არ უნდა ზღუდავდეს მხარეს იმ ღონისძიებების გამოყენებისაგან, რომლებიც არეგულირებს მის ტერიტორიაზე ფიზიკური პირების შესვლას ან მათ დროებით ყოფნას, იმ ღონისძიებების ჩათვლით, რომლებიც აუცილებელია მისი საზღვრების ერთიანობის დასაცავად და მის საზღვრებზე ფიზიკური პირების მოწესრიგებული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ღონისძიებები არ გამოიყენება ისეთი სახით, რომ გააბათილოს ან შეამციროს სარგებელი, რომელსაც მხარე იღებს ამ თავითა და წინამდებარე შეთანხმების XI დანართით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებებით[3] .

მუხლი 74

ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისათვის:

(a)   „ზომა“ გულისხმობს მხარის მიერ გამოყენებულ ნებისმიერ ზომას კანონის, რეგულაციის, წესის, პროცედურის, გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული ქმედების ან ნებისმიერი სხვა ფორმით;

(b)    „მხარის მიერ მიღებული ან გამოყენებული ზომები“ გულისხმობს ზომებს, რომლებიც გამოიყენება:

(i) ცენტრალური, რეგიონული ან ადგილობრივი მთავრობების და ხელისუფლების  მიერ; და

(ii) არასამთავრობო ორგანოების მიერ ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი მთავრობების ან ხელისუფლების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების შესრულების შემთხვევაში;

(c)    „მხარის ფიზიკური პირი“ გულისხმობს საქართველოს ან გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეს მათი შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად;

(d)     „იურიდიული პირი“ გულისხმობს კანონმდებლობის შესაბამისად, მოგების მიღების ან სხვა მიზნებისათვის შექმნილ ან ორგანიზებულ სახელმწიფო ან კერძო იურიდიულ პირს, კორპორაციის, ტრასტის, პარტნიორობის, ერთობლივი საწარმოს, ინდივიდუალური მეწარმის ან ასოციაციის ჩათვლით;

(e)   „მხარის იურიდიული პირი“  გულისხმობს (d) პუნქტით განსაზღვრულ და საქართველოს ან გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია იურიდიული მისამართი, ცენტრალური მართვის ან ფაქტობრივი საქმიანობის ადგილი ტერიტორიაზე, იმ მასშტაბითა და პირობებით, რა მასშტაბებითაც გამოიყენებოდა საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოსთან მიმართებით მოქმედების უშუალოდ შეწყვეტამდე, გაერთიანებულ სამეფოსთან მიმართებით და ტერიტორიებზე, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზე ის არის პასუხისმგებელი[4]   ან საქართველოს ტერიტორიაზე;

თუ ამ იურიდიულ პირს გააჩნია მხოლოდ იურიდიული მისამართი ან ცენტრალური ადმინისტრაცია იმ ტერიტორიაზე, იმ მასშტაბითა და პირობებით, რა მასშტაბებითაც გამოიყენებოდა საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოსთან მიმართებით მოქმედების უშუალოდ შეწყვეტამდე, გაერთიანებულ სამეფოსთან მიმართებით და ტერიტორიებზე, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზე ის არის პასუხისმგებელი ან საქართველოს ტერიტორიაზე, ის არ განიხილება როგორც საქართველოს ან გაერთიანებული სამეფოს იურიდიული პირი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის საქმიანობას აქვს რეალური და უწყვეტი კავშირი საქართველოს ან გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკასთან;

წინა პუნქტის დებულებების მიუხედავად, გადამზიდავი კომპანიები, რომლებიც დაფუძნებულები არიან საქართველოს ან გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ და კონტროლდებიან საქართველოს ან გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეების მიერ, ასევე უნდა სარგებლობდნენ ამ შეთანხმებით, თუ მათი სატრანსპორტო საშუალებები დარეგისტრირებულია საქართველოში ან გაერთიანებულ სამეფოში კანონმდებლობის შესაბამისად და გადაადგილდება საქართველოს ან გაერთიანებული სამეფოს  დროშის ქვეშ;

(f)     მხარის იურიდიული პირის „შვილობილი კომპანია“ გულისხმობს იურიდიულ პირს, რომელიც ეკუთვნის ან კონტროლდება იმ იურიდიული პირის მიერ[5] ;

(g)  იურიდიული პირის „ფილიალი“ გულისხმობს საქმიანობის ადგილს, რომელსაც თავად არ აქვს დამოუკიდებელი სამართლებრივი სტატუსი, წარმოადგენს მუდმივ დაწესებულებას, როგორიცაა სათაო კომპანიის დანაყოფი, გააჩნია მმართველობის სტრუქტურა და არის მატერიალურად აღჭურვილი მესამე მხარეებთან  საქმიანობის წარმოებისათვის, ისე, რომ ამ მესამე მხარეებისთვის ცნობილია, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ ჰქონდეთ სამართლებრივი კავშირი სათაო ოფისთან, რომელიც მდებარეობს საზღვარგარეთ, თუმცა, არაა საჭირო პირდაპირი ურთიერთობის დამყარება სათაო ოფისთან, რადგან ფილიალს შეუძლია საქმიანობის წარმოება ადგილზე;

(h)   „დაფუძნება“ გულისხმობს:

(i) საქართველოს ან გაერთიანებული სამეფოს იურიდიულ პირებთან მიმართებაში, ეკონომიკური საქმიანობის წამოწყების და განხორციელების უფლებას, იურიდიული პირის შექმნის, მათ შორის შესყიდვის გზით და/ან ფილიალის ან წარმომადგენლობის შექმნით საქართველოში ან გაერთიანებულ სამეფოში;

(ii) ფიზიკურ პირებთან მიმართებაში, საქართველოს ან გაერთიანებული სამეფოს ფიზიკური პირების უფლებას, წამოიწყონ და განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა, როგორც თვითდასაქმებულებმა და შექმნან მეწარმე სუბიექტები, განსაკუთრებით კომპანიები, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ;

(i)   „ეკონომიკური საქმიანობა“ მოიცავს ინდუსტრიული, კომერციული და პროფესიული ხასიათის ღონისძიებებს და სახელობო საქმიანობას და არ მოიცავს მთავრობის ფუნქციების შესრულებისათვის განხორციელებულ ღონისძიებებს;

(j)      „ღონისძიებები“ გულისხმობს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას;

(k)    „მომსახურება“ მოიცავს მომსახურებას ნებისმიერ სექტორში, მთავრობის ფუნქციების შესრულებისათვის მიწოდებული მომსახურების გარდა;

(l)     „მთავრობის ფუნქციების შესრულებისათვის მომსახურების მიწოდება და სხვა ღონისძიებების გატარება“ მოიცავს მომსახურებას ან ღონისძიებებს, რომლებიც არ ხორციელდება არც კომერციული მიზნებისათვის და არც კონკურენციის პირობებში ერთ ან მეტ ეკონომიკურ ოპერატორთან;

(m) მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება გულისხმობს მომსახურების მიწოდებას:

 (i) ერთი მხარის ტერიტორიიდან მეორე მხარის ტერიტორიაზე (რეჟიმი I); ან

   (ii) ერთი მხარის ტერიტორიაზე მეორე მხარის მომხმარებლისათვის (რეჟიმი   II);

(n)   მხარის „მომსახურების მიმწოდებელი“ გულისხმობს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც სურს მიაწოდოს ან აწვდის მომსახურებას;

(o)    „მეწარმე“ გულისხმობს მხარის ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც სურს განახორციელოს ან ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას დაფუძნების გზით.

ნაწილი 2

დაფუძნება

მუხლი 75

 მოქმედების სფერო

ეს ნაწილი ეხება მხარეების მიერ მიღებულ ან გამოყენებულ ზომებს, რომლებიც გავლენას ახდენს დაფუძნებაზე ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში, გარდა:

(a) ბირთვული მასალების მოპოვება, გადამუშავება და წარმოება [6] ;

(b) სამხედრო და საომარი მასალების წარმოება და ვაჭრობა;

(c) აუდიო-ვიზუალური მომსახურება;

(d) ეროვნული საზღვაო კაბოტაჟი [7] , და

(e) ადგილობრივი და საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის მომსახურება[8] , რეგულარული ან არარეგულარული და მომსახურება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მოძრაობის უფლებების განხორციელებას, გარდა შემდეგი მომსახურებისა:

(i)  თვითმფრინავის მოვლისა და შეკეთების მომსახურება, რომლის დროსაც თვითმფრინავი ამოღებულია ექსპლუატაციიდან;

(ii)   საჰარეო სატრანსპორტო მომსახურების გაყიდვა და მარკეტინგი;

(iii) კომპიუტერული დაჯავშნის სისტემის(CRS) მომსახურება;

(iv)  სახმელეთო მომსახურება;

(v)    აეროპორტის საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება .

მუხლი 76

ეროვნული რეჟიმი და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი

1.       ამ შეთანხმების XI-E დანართში მითითებული დათქმების გათვალისწინებით, საქართველომ, შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტიდან, უნდა მიანიჭოს:

(a)  გაერთიანებული სამეფოს შვილობილი კომპანიების, ფილიალების და იურიდიული პირების წარმომადგენლობების დაფუძნებას იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე იგი ანიჭებს საკუთარ იურიდიულ პირებს, მათ ფილიალებს და წარმომადგენლობებს ან რომელიმე მესამე ქვეყნის შვილობილ კომპანიებს, ფილიალებსა და წარმომადგენლობებს, რომელიც უფრო უკეთესი იქნება;

(b)  საქართველოში გაერთიანებული სამეფოს შვილობილი კომპანიების, ფილიალების და იურიდიული პირების წარმომადგენლობების საქმიანობას, მათი დაფუძნების შემდეგ, იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ანიჭებს საკუთარ იურიდიულ პირებს, მათ ფილიალებს და წარმომადგენლობებს ან რომელიმე მესამე ქვეყნის შვილობილ კომპანიებს, ფილიალებსა და წარმომადგენლობებს, რომელიც უფრო უკეთესი იქნება[9] .

2.  ამ შეთანხმების XI-A დანართში მითითებული დათქმების გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფომ შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტიდან,  უნდა მიანიჭოს:

(a)  საქართველოს შვილობილი კომპანიების, ფილიალებისა და იურიდიული პირების წარმომადგენლობების დაფუძნებას იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე გაერთიანებული სამეფო ანიჭებს საკუთარ იურიდიულ პირებს, მათ ფილიალებს და წარმომადგენლობებს ან რომელიმე მესამე ქვეყნის შვილობილ კომპანიებს, ფილიალებს და წარმომადგენლობებს, რომელიც უფრო უკეთესი იქნება;

(b) გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს შვილობილი კომპანიების, ფილიალებისა და იურიდიული პირების წარმომადგენლობების საქმიანობას, მათი დაფუძნების შემდეგ, იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ანიჭებს საკუთარ იურიდიულ პირებს, მათ ფილიალებს და წარმომადგენლობებს ან რომელიმე მესამე ქვეყნის შვილობილ კომპანიებს, ფილიალებს და წარმომადგენლობებს, რომელიც იქნება უპირატესი[10] .

3.       ამ შეთანხმების XI-A და XI-E დანართებში მითითებული დათქმების გათვალისწინებით, მხარეებმა არ უნდა შემოიღონ ახალი რეგულაციები ან ზომები, რომლებიც მათ საკუთარ იურიდიულ პირებთან შედარებით გამოიწვევენ დისკრიმინაციას საქართველოს ან გაერთიანებული სამეფოს იურიდიული პირების დაფუძნებასთან მიმართებაში მათ ტერიტორიაზე ან მათ საქმიანობასთან მიმართებაში, დაფუძნების შემდეგ.

მუხლი 77

გადახედვა

1.  დაფუძნების პირობების თანმიმდევრული ლიბერალიზაციის მიზნით, მხარეებმა რეგულარულად უნდა გადახედონ ამ ნაწილის დებულებებს და წინამდებარე შეთანხმების 76-ე  მუხლით  გათვალისწინებულ დათქმებს, ასევე დაფუძნების გარემოს, საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული მათი ვალდებულებების შესაბამისად.

2.  პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადახედვის ფარგლებში, მხარეებმა უნდა შეაფასონ დაფუძნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბარიერი, რომელმაც იჩინა თავი. ამ თავის დებულებების გაღრმავების მიზნით, მხარეებმა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოძებნონ შესაბამისი გზები ამ ბარიერების გადასალახად, რაც შეიძლება მოიცავდეს შემდგომ მოლაპარაკებებს, მათ შორის მოლაპარაკებებს ინვესტიციების დაცვასთან და ინვესტორისა და სახელმწიფოს დავების მოგვარების პროცედურებთან დაკავშირებით.

მუხლი 78

სხვა შეთანხმებები

ეს თავი გავლენას არ ახდენს მხარეების მეწარმეების უფლებებზე, რომლებიც მათ გააჩნიათ ინვესტიციებთან დაკავშირებული ნებისმიერი არსებული ან მომავალი საერთაშორისო შეთანხმებიდან, რომლის მხარესაც წარმოადგენს საქართველო და გაერთიანებული სამეფო.

მუხლი 79

ფილიალებისა და წარმომადგენლობების მოპყრობის სტანდარტი

1.       წინამდებარე შეთანხმების 76-ე მუხლის დებულებები არ ზღუდავს მხარეებს, გამოიყენონ განსაკუთრებული წესები დაფუძნებასთან და მათ ტერიტორიაზე მეორე მხარის იურიდიული პირების ფილიალებისა და წარმომადგენლობების საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი პირველი მხარის ტერიტორიაზე. ეს განსხვავებული წესები უნდა იყოს დასაბუთებული იმ ტექნიკური ან სამართლებრივი განსხვავებებით, რომლებიც არსებობს ამ ფილიალებსა და წარმომადგენლობებს და იმ იურიდიული პირების ფილიალებსა და წარმომადგენლობებს შორის, რომლებიც რეგისტრირებულია მხარის ტერიტორიაზე ან ფინანსურ მომსახურებასთან მიმართებაში, გამომდინარეობს გონივრული მიზეზებიდან.

2.  განსხვავებული რეჟიმი არ უნდა გასცდეს იმ ფარგლებს, რაც უკიდურესად აუცილებელია სამართლებრივი და ტექნიკური თვალსაზრისით ფინანსური სერვისების კუთხით, გონივრული დასაბუთების საფუძველზე.

ნაწილი 3

მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება

მუხლი 80

მოქმედების სფერო

ეს ნაწილი ეხება მხარეების მიერ გატარებულ ზომებს, რომლებიც გავლენას ახდენს  მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდებაზე მომსახურების ყველა სექტორში, გარდა შემდეგისა:

(a) აუდიო-ვიზუალური მომსახურება;

 (b) ეროვნული საზღვაო კაბოტაჟი [11] და,

(c) ადგილობრივი და საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის მომსახურება [12] , რეგულარული ან არარეგულარული და მომსახურება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მოძრაობის უფლებების განხორციელებას, გარდა შემდეგი მომსახურებისა:

        i.  თვითმფრინავის მოვლის და შეკეთების მომსახურება, რომლის დროსაც თვითმფრინავი ამოღებულია ექსპლუატაციიდან;

                  ii.  საჰარეო სატრანსპორტო მომსახურების გაყიდვა და მარკეტინგი;

                iii. კომპიუტერული დაჯავშნის სისტემის (CRS) მომსახურება;

                 iv. სახმელეთო მომსახურება;

                   v. აეროპორტის საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება.

მუხლი 81

 ბაზარზე დაშვება

1.       მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდების მეშვეობით ბაზარზე დაშვებასთან მიმართებაში, თითოეულმა მხარემ მეორე მხარის მომსახურებას და მომსახურების მიმწოდებლებს უნდა მიანიჭოს იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ეს არის განსაზღვრული ამ შეთანხმების XI-B და XI-F დანართებში არსებული სპეციფიკური ვალდებულებებით.

2.   იმ სექტორებში, სადაც მხარეები იღებენ ბაზარზე დაშვების ვალდებულებებს, მხარეებმა არ უნდა განაგრძონ ან წამოიწყონ შემდეგი ზომების გატარება, არც რეგიონულ საფუძველზე და არც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს არის მოცემული წინამდებარე შეთანხმების XI-B და XI-F დანართებში:

(a)    შეზღუდვები მომსახურების მიმწოდებლების რაოდენობაზე, რაოდენობრივი კვოტების, მონოპოლიების, მომსახურების ექსკლუზიური მიმწოდებლების ან ეკონომიკური საჭიროებების ტესტის მოთხოვნების ფორმით;

(b)    შეზღუდვები მომსახურებასთან დაკავშირებული გარიგებების ან აქტივების მთლიან ღირებულებაზე, რაოდენობრივი კვოტების ან ეკონომიკური საჭიროებების ტესტის მოთხოვნის ფორმით;

  (c)   შეზღუდვები მომსახურების ოპერაციების მთლიან რაოდენობაზე ან წარმოებული მომსახურების მთლიან რაოდენობაზე, გამოსახულს დადგენილ რაოდენობრივ ერთეულებში კვოტების ან ეკონომიკური საჭიროებების ტესტის მოთხოვნის ფორმით.

მუხლი 82

ეროვნული რეჟიმი

1.   შეთანხმების XI-B და XI-F დანართებში მოცემულ სექტორებში, სადაც ბაზარზე დაშვების ვალდებულებები გაწერილია  და ექვემდებარება მოცემულ საერთო და საკვალიფიკაციო პირობებს, თითოეულმა მხარემ ყველა ღონისძიებაზე, რომელიც გავლენას ახდენს მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდებაზე, მეორე მხარის მომსახურებასა და მომსახურების მიმწოდებლებს უნდა მიანიჭოს იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ის ანიჭებს საკუთარ მსგავს მომსახურებასა და მომსახურების მიმწოდებლებს.

2.  მხარემ შეიძლება შეასრულოს პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები მეორე მხარის მომსახურებისთვის ან მომსახურების მიმწოდებლებისათვის ფორმალურად იდენტური ან ფორმალურად განსხვავებული რეჟიმის მინიჭებით, იმასთან შედარებით, რასაც ის ანიჭებს საკუთარ მსგავს მომსახურებას და მომსახურების მიმწოდებლებს.

3. ფორმალურად იდენტური ან ფორმალურად განსხვავებული რეჟიმი უნდა ჩაითვალოს ნაკლებ ხელსაყრელად, თუ ის ცვლის კონკურენციის პირობებს ერთი მხარის მომსახურების ან მომსახურების მიმწოდებლების სასარგებლოდ, მეორე მხარის მსგავს მომსახურებასთან ან მომსახურების მიმწოდებლებთან შედარებით.

4.    ამ მუხლით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ ნებისმიერ მხარეს მოეთხოვოს კონკურენციის არსებული შეზღუდვიდან გამომდინარე შედეგების ანაზღაურება, რომელიც განპირობებულია შესაბამისი მომსახურების და მომსახურების მიმწოდებლების უცხოური ხასიათით.

მუხლი 83

ვალდებულებების ჩამონათვალი

ბაზარზე დაშვებისა და ეროვნული რეჟიმის შეზღუდვები, რომელიც ვრცელდება მეორე მხარის მომსახურებასა და მომსახურების მიმწოდებლებზე, ამ ნაწილისა და შესაბამისი ვალდებულებების შესაბამისად თითოეული მხარის მიერ ლიბერალიზებულ სექტორებში, განსაზღვრულია ვალდებულებების ჩამონათვალში, რომელიც მოცემულია წინამდებარე  შეთანხმების XI-B და XI-F დანართებში.

მუხლი 84

გადახედვა

მხარეებს შორის მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდების თანმიმდევრული ლიბერალიზაციის მიზნით, ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე- 3 პუნქტით განსაზღვრულმა ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმმა   რეგულარულად უნდა გადახედოს ამ შეთანხმების 8 3-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების ჩამონათვალს. გადახედვისას გათვალისწინებული უნდა იყოს წინამდებარე შეთანხმების 1 17-ე მუხლი  და მისი გავლენა მხარეებს შორის მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდებაზე არსებული ბარიერების გაუქმებაზე. 

ნაწილი 4 

ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისთვის

მუხლი 85

მოქმედების სფერო და ტერმინთა განმარტება

  1. ეს ნაწილი ეხება მხარეების მიერ გატარებულ ზომებს მათ ტერიტორიებზე ძირითადი პერსონალის, სტაჟიორების, ბიზნესის გამყიდველების, საკონტრაქტო მომსახურების მიმწოდებლების და დამოუკიდებელი პროფესიონალების  შესვლასთან და დროებით ყოფნასთან დაკავშირებით, წინამდებარე შეთანხმების 76-ე მუხლის  მე-5 პუნქტის  შესაბამისად.

  1. ამ ნაწილის მიზნებისათვის:

(a) „ძირითადი პერსონალი“ გულისხმობს ერთი მხარის იურიდიულ პირში, გარდა არამომგებიანი ორგანიზაციისა, დასაქმებულ ფიზიკურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დაფუძნებაზე ან მეწარმე სუბიექტის კონტროლზე, ადმინისტრირებასა და საქმიანობაზე. „ძირითადი პერსონალი“ მოიცავს „ბიზნეს ვიზიტორებს“ დაფუძნების მიზნებისათვის და „კორპორაციის შიგნით გადაადგილებულ პირებს“.

   (i)  „ბიზნესვიზიტორები“ დაფუძნების მიზნებისათვის გულისხმობს ფიზიკურ პირებს, რომლებიც მუშაობენ მაღალ თანამდებობაზე და პასუხისმგებელნი არიან მეწარმე სუბიექტის დაფუძნებაზე. ისინი არ სთავაზობენ ან უწევენ ვინმეს მომსახურებას, აგრეთვე არ ერთვებიან სხვა რაიმე სახის ეკონომიკურ საქმიანობაში, გარდა იმისა, რაც საჭიროა დაფუძნების მიზნებისათვის. ისინი არ იღებენ ანაზღაურებას მიმღებ მხარეში არსებული წყაროდან.

                     (ii)   „კორპორაციის შიგნით გადაადგილებული პირები“ გულისხმობს ფიზიკურ პირებს, რომლებიც დასაქმებულები არიან იურიდიულ პირში ან იყვნენ მისი პარტნიორები არანაკლებ 1 წლის განმავლობაში და რომლებიც დროებით არიან მივლენილები მეწარმე სუბიექტში, რომელიც შეიძლება იყოს მეორე მხარის ტერიტორიაზე საწარმოს/იურიდიული პირის შვილობილი კომპანია, ფილიალი ან სათავო კომპანია. აღნიშნული ფიზიკური პირი უნდა მიეკუთვნებოდეს ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:

(1)   მენეჯერები: იურიდიულ პირში მაღალ თანამდებობაზე მომუშავე პირები, რომლებსაც ზოგად ზედამხედველობას ან მართვას უწევს დირექტორთა საბჭო ან აქციათა მფლობელები ან მათი ეკვივალენტური სტრუქტურა, და ამავე დროს ეს პირები ახორციელებენ მეწარმე სუბიექტის მართვას, რაც მოიცავს:

-     მეწარმე სუბიექტის, დეპარტამენტის ან ქვედანაყოფის მართვას;

-   სხვა ზედამხედველების, პროფესიონალების ან მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობის ზედამხედველობას ან კონტროლს; და

-   პერსონალურ უფლებამოსილებას  სამსახურში აყვანაზე ან გაშვებაზე, ან რეკომენდაციის გაწევას სამსახურში აყვანაზე, გაშვებაზე ან პერსონალთან დაკავშირებულ სხვა ქმედებებზე;

(2)     სპეციალისტები: იურიდიულ პირში მომუშავე პირები, რომლებსაც გააჩნიათ მეწარმე სუბიექტის წარმოების, კვლევებისათვის საჭირო მოწყობილობების, ტექნიკის, პროცესების, პროცედურების ან მართვის შესაბამისი ცოდნა. ამგვარი ცოდნის შეფასებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა მხოლოდ მოცემული მეწარმე სუბიექტისთვის აუცილებელი სპეციფიკური ცოდნა, არამედ ის ფაქტიც, აქვს თუ არა პირს კვალიფიკაციის მაღალი დონე გარკვეული ტიპის სამუშაოსთან ან ვაჭრობასთან მიმართებაში, რომელიც მოითხოვს სპეციფიკურ ტექნიკურ განათლებას, მათ შორის აკრედიტებული პროფესიის წევრობას.

(b) „სტაჟიორები“ გულისხმობს ერთი მხარის იურიდიული პირის ან მისი ფილიალის მიერ არანაკლებ ერთი წლის ვადით დასაქმებულ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ფლობენ უნივერსიტეტის დიპლომს და არიან დროებით მივლენილები მეორე მხარეში ამ იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ მეწარმე სუბიექტში, კარიერული განვითარების მიზნით ან ბიზნესის ტექნიკაში ან მეთოდებში ტრენინგის მიღების მიზნით[13] .

(c) „ბიზნესის გამყიდველები“[14] გულისხმობს ერთი მხარის მომსახურების ან საქონლის მიმწოდებლის წარმომადგენელ ფიზიკურ პირებს, რომელთაც სურთ შესვლა და დროებითი ყოფნა მეორე მხარის ტერიტორიაზე მომსახურების ან საქონლის გაყიდვაზე მოლაპარაკებების წარმოების მიზნით, ან ამ მიმწოდებლისთვის მომსახურების ან საქონლის გაყიდვაზე ხელშეკრულების დადების მიზნით. ისინი არ ერთვებიან საზოგადოებისათვის პირდაპირ მიყიდვაში, არ ღებულობენ ანაზღაურებას მიმღებ მხარეში არსებული წყაროდან და არ წარმოადგენენ კომისიის აგენტებს.

(d) „საკონტრაქტო მომსახურების მიმწოდებლები“ გულისხმობს ფიზიკურ პირებს, დასაქმებულებს ერთი მხარის იურიდიულ პირში, რომელიც თავის მხრივ არ წარმოადგენს პერსონალის დასაქმების ან მომსახურების მიწოდების სააგენტოს და არ მოქმედებს ასეთი სააგენტოს მეშვეობით. ეს იურიდიული პირი არ არის დაფუძნებული მეორე მხარის ტერიტორიაზე და გაფორმებული აქვს რეალური კონტრაქტი მეორე მხარის საბოლოო მომხმარებლისათვის მომსახურების მიწოდებისათვის, რაც მოითხოვს მისი დასაქმებულების მეორე მხარეში დროებით ყოფნას მომსახურების მიწოდებისათვის კონტრაქტის შესრულების მიზნით.

(e) „დამოუკიდებელი პროფესიონალები“ გულისხმობს ისეთ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ჩართულები არიან მომსახურების მიწოდებაში და დაფუძნებულები არიან თვითდასაქმებულის ფორმით ერთ-ერთ მხარეში, არ არიან დაფუძნებულები მეორე მხარეში და გაფორმებული აქვთ რეალური კონტრაქტი (გარდა პერსონალის დასაქმების ან მომსახურების მიწოდების სააგენტოს მეშვეობით გაფორმებული კონტრაქტებისა) მეორე მხარეში საბოლოო მომხმარებლისათვის მომსახურების მიწოდების მიზნით, რომელიც მოითხოვს მათ დროებით ყოფნას ამ მხარეში მომსახურების მიწოდებისათვის კონტრაქტის შესრულების მიზნით.

(f) „კვალიფიკაციები“ გულისხმობს დიპლომებს, სერტიფიკატებს ან (ფორმალური კვალიფიკაციის დამადასტურებელ) სხვა დოკუმენტებს, რომლებიც გაცემულია კანონმდებლობით, მარეგულირებელი ან ადმინისტრაციული წესით განსაზღვრული უწყების მიერ და ადასტურებს პროფესიული ტრენინგის წარმატებით დასრულებას.

მუხლი 86  

ძირითადი პერსონალი და სტაჟიორები

1.    იმ სექტორებში, სადაც ვალდებულება აღებულია ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება) და ამ შეთანხმების XI-A და XI-E დანართებით ან, ამ შეთანხმების XI-C და XI-G დანართებით განსაზღვრული დათქმების შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დართოს ნება მეორე მხარის მეწარმეებს, რომ მათ, მათ მიერ დაფუძნებულ მეწარმე სუბიექტში დაასაქმონ ამ მეორე მხარის ფიზიკური პირები, სადაც, ეს დასაქმებულები წარმოადგენენ ძირითად პერსონალს ან სტაჟიორებს, წინამდებარე შეთანხმების 85-ე მუხლის შესაბამისად. ძირითადი პერსონალის ან სტაჟიორების დროებითი შემოსვლა და დროებითი ყოფნა შესაძლებელია პერიოდით, რომელიც არ აღემატება 3 წელიწადს კორპორაციის შიგნით გადაადგილებული პირებისათვის, 90 დღეს ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში ბიზნეს ვიზიტორებისათვის დაფუძნების მიზნით და 1 წელიწადს სტაჟიორებისათვის.

2.    ყველა იმ სექტორებში, სადაც ვალდებულება აღებულია მოცემული თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება) შესაბამისად, ის ზომები, რომლებსაც არ იყენებს ან არ იღებს მხარე რეგიონული დაყოფის საფუძველზე და მთელს ტერიტორიაზე, როცა სხვაგვარად არ არის განსაზღვრული წინამდებარე შეთანხმების XI-C და XI-G დანართებით, განიხილება,  როგორც შეზღუდვები მეწარმის მიერ დასასაქმებელი ფიზიკური პირების საერთო რაოდენობაზე, რომლებიც წარმოადგენენ ძირითად პერსონალს და სტაჟიორებს კონკრეტულ სექტორებში, რაოდენობრივი კვოტის ან ეკონომიკური საჭიროებების ტესტის მოთხოვნის ფორმით, და აგრეთვე დისკრიმინაციულ შეზღუდვებად.

მუხლი 87

ბიზნესის გამყიდველები

იმ სექტორებში, სადაც ვალდებულება აღებულია ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება) ან მე-3 ნაწილის (საზღვრებს გარეთ მიწოდება) და ამ შეთანხმების XI-A, XI-E დანართებით და XI-B და XI-F დანართებით განსაზღვრული დათქმების შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დართოს ნება ბიზნესის გამყიდველებს, შემოვიდნენ და დროებით დარჩნენ არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში.

მუხლი 88

საკონტრაქტო მომსახურების მიმწოდებლები

1.       მხარეები ადასტურებენ მათ ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს გენერალური შეთანხმებიდან მომსახურებით ვაჭრობის შესახებ (GATS), საკონტრაქტო მომსახურების მიმწოდებლების შესვლასთან და დროებით ყოფნასთან მიმართებაში. ამ შეთანხმების XI-D და XI-H დანართების შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დართოს ნება მეორე მხარის საკონტრაქტო მომსახურების მიმწოდებლებს, მიაწოდონ მომსახურება მათ ტერიტორიაზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირობების გათვალისწინებით.

2.       მხარეების მიერ აღებული ვალდებულებები ექვემდებარება შემდეგ პირობებს:

(a) ფიზიკური პირები, როგორც იმ იურიდიული პირის დასაქმებულები, რომელმაც მიიღო მომსახურების კონტრაქტი არაუმეტეს 12 თვის ვადით, დროებით უნდა იყვნენ ჩართულები მომსახურების მიწოდებაში;

(b) ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც შედიან მეორე მხარეში, უნდა შესთავაზონ მომსახურება როგორც იურიდიული პირის დასაქმებულებმა, რომელიც აწვდის მომსახურებას მეორე მხარეში, შესვლისათვის განაცხადის წარდგენამდე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში. ამასთან ერთად, მეორე მხარეში შესვლისათვის განაცხადის წარდგენის მომენტისათვის, ფიზიკურ პირებს უნდა გააჩნდეთ არანაკლებ სამწლიანი პროფესიული გამოცდილება[15] საქმიანობის იმ სექტორში, რომელიც კონტრაქტის საგანს წარმოადგენს;

(c) ფიზიკურ პირებს, რომლებიც შედიან მეორე მხარეში, უნდა გააჩნდეთ:

i)  უნივერსტიტეტის დიპლომი ან ეკვივალენტური დონის[16] ცოდნის დამადასტურებელი კვალიფიკაცია და

ii)    პროფესიული კვალიფიკაცია, სადაც ის არის მოთხოვნილი საქმიანობის განხორციელებისათვის იმ მხარის კანონების, რეგულაციების ან სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად, რომელშიც ხდება მომსახურების მიწოდება;

(d) ფიზიკურმა პირმა არ უნდა მიიღოს ანაზღაურება მეორე მხარეში მომსახურების მიწოდებისათვის, გარდა მისი დამსაქმებელი იურიდიული პირისაგან მიღებული ანაზღაურებისა.

(e) ფიზიკური პირის მხარეში შესვლა და დროებითი ყოფნა არ უნდა აღემატებოდეს სულ ექვსთვიან პერიოდს ნებისმიერი 12 თვის განმავლობაში ან კონტრაქტის მოქმედების ვადას, რომელიც უფრო ნაკლები იქნება;

(f) ამ მუხლის დებულებებით განსაზღვრული დაშვება უკავშირდება მხოლოდ კონტრაქტით განსაზღვრულ მომსახურებას და არ გულისხმობს იმ მხარის პროფესიული წოდების გამოყენებას, რომელშიც ხდება მომსახურების მიწოდება;

(g) მომსახურების კონტრაქტით განსაზღვრულ პირთა რაოდენობა არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა კონტრაქტის შესრულებისათვის, როგორც ეს შეიძლება მოთხოვნილი იყოს იმ მხარის კანონებით, რეგულაციებით ან სხვა სამართლებრივი მოთხოვნებით, რომელშიც ხდება მომსახურების მიწოდება.

მუხლი 89

დამოუკიდებელი პროფესიონალები

1.     ამ შეთანხმების XI-D და XI-H დანართების შესაბამისად, მხარეებმა უნდა დართონ ნება მათ ტერიტორიაზე მეორე მხარის დამოუკიდებელ პროფესიონალებს მომსახურების მიწოდებაზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.

2.    მხარეების მიერ აღებული ვალდებულებები ექვემდებარება შემდეგ პირობებს:

(a)    ფიზიკური პირები დროებით უნდა იყვნენ ჩართულები მომსახურების მიწოდებაში, როგორც მეორე მხარეში თვითდასაქმებულები და უნდა გააჩნდეთ მომსახურების კონტრაქტი, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 12 თვეს;

(b)    ფიზიკური პირები მეორე მხარეში შესვლისათვის განაცხადის წარდგენის მომენტისათვის უნდა ფლობდნენ არანაკლებ ექვსწლიან პროფესიულ გამოცდილებას საქმიანობის იმ სექტორში, რომელიც კონტრაქტის საგანს წარმოადგენს;

(c)    ფიზიკურ პირებს, რომლებიც შედიან მეორე მხარეში, უნდა გააჩნდეთ:

(i)     უნივერსიტეტის დიპლომი ან შესაბამისი დონის[17] ცოდნის დამადასტურებელი კვალიფიკაცია და

(ii)   პროფესიული კვალიფიკაცია, სადაც ის არის მოთხოვნილი საქმიანობის განხორციელებისათვის იმ მხარის კანონების, რეგულაციების ან სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად, სადაც ხდება მომსახურების მიწოდება;

(d)    (d) ფიზიკური პირის მხარეში შესვლა და დროებითი ყოფნა არ უნდა აღემატებოდეს მთლიან ექვსთვიან პერიოდს ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში ან კონტრაქტის მოქმედების ვადას, რომელიც უფრო ნაკლები იქნება; 

(e)    (e) ამ მუხლის დებულებებით განსაზღვრული დაშვება უკავშირდება მხოლოდ კონტრაქტით განსაზღვრულ მომსახურებას და არ გულისხმობს იმ მხარის პროფესიული წოდების გამოყენებას, რომელშიც ხდება მომსახურების განხორციელება.

ნაწილი 5

საკანონმდებლო რეგულირება

ქვენაწილი 1

შიდა რეგულირება

მუხლი 90

მოქმედების სფერო და ტერმინთა განმარტება

1.   შემდეგი წესები მოქმედებს მხარეების მიერ გამოყენებულ ზომებზე, რომელიც უკავშირდება ლიცენზირების მოთხოვნებსა და პროცედურებს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და პროცედურებს, რომლებიც გავლენას ახდენს:

(a) მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდებაზე;

(b) მათ ტერიტორიაზე იურიდიული და ფიზიკური პირების დაფუძნებაზე, ამ შეთანხმების 74-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად; და

 (c) მათ ტერიტორიაზე ფიზიკური პირების კატეგორიების დროებით ყოფნაზე, ამ შეთანხმების 8 5-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა-ე ქვეპუნქტების შესაბამისად.

2.    მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდების შემთხვევაში, ეს წესები უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ სექტორებზე, რომლებზეც მხარეებმა აიღეს სპეციფიკური ვალდებულებები და იმ მასშტაბით, რომლითაც ეს სპეციფიკური ვალდებულებები ვრცელდება ამ შეთანხმების XI-B და XI-F დანართების შესაბამისად. დაფუძნების შემთხვევაში, ეს წესები არ უნდა გავრცელდეს სექტორებზე იმ მასშტაბით, როგორც ეს არის განსაზღვრული შესაბამისი დათქმებით ამ შეთანხმების XI-A და XI-E დანართების შესაბამისად. ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობის შემთხვევაში, ეს წესები არ ვრცელდება სექტორებზე იმ მასშტაბით, როგორც ეს არის განსაზღვრული შესაბამისი დათქმებით ამ შეთანხმების XI-C, XI-D, XI-G და XI-H დანართების შესაბამისად.

3.    ეს წესები არ უნდა გამოიყენებოდეს ზომების მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი წარმოადგენენ შეზღუდვებს ამ შეთანხმების შესაბამისი დანართების მიხედვით.

4.    ამ ნაწილის მიზნებისათვის:

(a) „ლიცენზირების მოთხოვნები“ წარმოადგენს არსებით მოთხოვნებს, განსხვავებულს საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან, რომლებთანაც ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია იყოს შესაბამისობაში, რათა მიიღოს, შეცვალოს ან განაახლოს ავტორიზაცია საქმიანობის განსახორციელებლად, როგორც განსაზღვრულია პირველი პუნქტის (a) – (c) ქვეპუნქტებში.

(b) „ლიცენზირების პროცედურები“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ან პროცედურულ წესებს, რომლებიც ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც სურს ავტორიზაციის მიღება, მათ შორის ლიცენზიის შეცვლა ან განახლება საქმიანობის განხორციელების მიზნით, განსაზღვრული პირველი პუნქტის (a) – (c) ქვეპუნქტებში, უნდა დაიცვას, რათა დაადასტუროს ლიცენზიის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

(c) „საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ გულისხმობს იმ ძირითად მოთხოვნებს, რომელიც უკავშირდება სერვისის მიწოდებისათვის საჭირო ფიზიკური პირის კომპეტენციას და რომლის ჩვენებაც საჭიროა მომსახურეობის მიწოდებისათვის ავტორიზაციის მოსაპოვებლად.

(d) „საკვალიფიკაციო პროცედურები“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ან პროცედურულ წესებს, რომლებიც ფიზიკურმა პირმა უნდა დაიცვას, რათა დაამტკიცოს  მისი საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო ავტორიზაციის ნებართვის მოსაპოვებლად.

(e) „კომპეტენტური ორგანო“ მოიცავს ნებისმიერ ცენტრალურ, რეგიონულ ან ადგილობრივ მთავრობებს და ხელისუფლებას ან არასამთავრობო ორგანოს ცენტრალური ან რეგიონული ან ადგილობრივი მთავრობების ან ხელისუფლების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების შემსრულებელს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების მიწოდებისათვის ავტორიზაციის გაცემაზე მათ შორის მომსახურების გარდა სხვა ეკონომიკურ საქმიანობისთვის დაფუძნების ან დაფუძნებისათვის საჭირო ავტორიზაციის გაცემასთან დაკავშირებით.

მუხლი 91

ლიცენზირებისა და კვალიფიკაციის პირობები

1.  თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ლიცენზირების მოთხოვნებთან და პროცედურებთან, საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან და პროცედურებთან დაკავშირებული ღონისძიებები დაეფუძნოს კრიტერიუმებს, რომლებიც ხელს უშლის კომპეტენტურ ორგანოებს თვითნებური ფორმით გამოიყენონ საკუთარი ძალაუფლება შეფასების დროს.

2.    პირველ პუნქტში დასახელებული კრიტერიუმები უნდა იყოს:

(a) საჯარო პოლიტიკის მიზნების თანაზომადი;

(b) ნათელი და ცალსახა;

(c) ობიექტური;

(d) წინასწარ დადგენილი;

(e) საზოგადოებისთვის წინასწარ ცნობილი;

(f) გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი.

3.  ავტორიზაცია ან ლიცენზია უნდა გაიცეს მაშინვე, როცა შესაბამისი გამოკვლევის საფუძველზე დადგენილია, რომ ავტორიზაციის ან ლიცენზიის მიღების პირობები იქნა დაკმაყოფილებული.

4.   თითოეულმა მხარემ უნდა გამოიყენოს ან შექმნას სასამართლო, საარბიტრაჟო ან ადმინისტრაციული ორგანოები ან პროცედურები, რომლებიც დაზარალებული მეწარმეების ან მომსახურების მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე, განახორციელებენ დაფუძნებაზე, საზღვრებს გარეთ მომსახურების მიწოდებაზე ან საქმიანი მიზნებისათვის ფიზიკური პირების დროებით წარმომადგენლობაზე გავლენის მქონე ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ განხილვას და იქ, სადაც გამართლებულია, გაითვალისწინონ მათი გამოსწორებისათვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების შემოღება. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი პროცედურები დამოუკიდებელი არ არის იმ უფლებამოსილი ორგანოსაგან, რომელიც იღებს ასეთ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს, მხარე უზრუნველყოფს, რომ ეს პროცედურები, პრაქტიკულად, ითვალისწინებდეს ობიექტურ და მიუკერძოებელ განხილვას.

5.  იმ შემთხვევაში, როცა მოცემული საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიების რაოდენობა არის შეზღუდული არსებული ბუნებრივი რესურსების ან ტექნიკური შესაძლებლობის სიმწირის გამო, თითოეულმა მხარემ უნდა გამოიყენოს პოტენციური კანდიდატების შერჩევის პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის სრულ გარანტიას, მათ შორის, ადეკვატურ საჯაროობას პროცედურის დაწყების, განხორციელების და დასრულების შესახებ.

6.    ამ მუხლის დებულებების შესაბამისად, შერჩევის პროცედურის წესების დადგენისას, თითოეულ მხარეს შეუძლია მხედველობაში მიიღოს საჯარო პოლიტიკის მიზნები, მათ შორის, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება.

მუხლი 92

ლიცენზირებისა და საკვალიფიკაციო პროცედურები

1.    ლიცენზირებისა და საკვალიფიკაციო პროცედურები და ფორმალური მხარე უნდა იყოს გასაგები, უნდა გამოქვეყნდეს წინასწარ და განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ გარანტია, რომ მათი განაცხადი განიხილება ობიექტურად და მიუკერძოებლად.

2.    ლიცენზირებისა და საკვალიფიკაციო პროცედურები, ასევე ფორმალური მხარე უნდა იყოს რაც შეიძლება მარტივი და ზედმეტად არ უნდა გაართულოს ან შეაფერხოს მომსახურების განხორციელება. ნებისმიერი სალიცენზიო მოსაკრებელი[18] , რომელიც შეიძლება დაეკისროს განმცხადებლებს მათი განაცხადიდან გამომდინარე, უნდა იყოს გონივრული და შესაბამისი ავტორიზაციის პროცედურის ხარჯის პროპორციული.

3.   თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ლიცენზირების ან ავტორიზაციის პროცესში კომპეტენტური ორგანოს მიერ გამოყენებული პროცედურები და მიღებული გადაწყვეტილებები იყოს მიუკერძოებელი ყველა განმცხადებლის მიმართ. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად და არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული იმ მომსახურების რომელიმე მიმწოდებლის წინაშე, რომლისთვისაც საჭიროა ლიცენზიის ან ავტორიზაციის მიღება.

4.   იმ შემთხვევაში, როდესაც განაცხადების მიღებისთვის დაწესებულია სპეციფიკური პერიოდი, განმცხადებელს უნდა მიეცეს განაცხადის წარდგენისათვის გონივრული ვადა. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა წამოიწყოს განაცხადის დამუშავება ზედმეტი შეფერხების გარეშე. სადაც შესაძლებელია,  განაცხადები უნდა იქნეს მიღებული ელექტრონული ფორმით აუთენტურობის იგივე პირობებით, რაც არსებობს განაცხადის წერილობითი ფორმით წარდგენის შემთხვევაში.

5.     თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ განაცხადის დამუშავება, მათ შორის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, მოხდეს დასრულებული განაცხადის წარდგენიდან გონივრულ ვადაში. თითოეული მხარე მიზნად ისახავს განაცხადის დამუშავებისთვის გონივრული ვადის დაწესებას.

6.   კომპეტენტურმა ორგანომ, იმ განაცხადის მიღებიდან, რომელსაც ის მიიჩნევს არასრულად, გონივრული ვადაში უნდა შეატყობინოს განმცხადებელს შესაძლებლობის ფარგლებში, რომ მან განაცხადის დასრულების მიზნით წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია და მისცეს მას საშუალება გამოასწოროს უზუსტობები.

7.   სადაც შესაძლებელია, აუთენტური ასლები უნდა იქნეს მიღებული ორიგინალი დოკუმენტების ნაცვლად.

8.   თუ კომპეტენტურმა ორგანომ უარი თქვა განაცხადის მიღებაზე, განმცხადებელი დროულად უნდა იქნეს ინფორმირებული წერილობითი ფორმით. მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებელი ასევე უნდა იქნეს ინფორმირებული განაცხადის მიღებაზე უარის თქმის მიზეზებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადების შესახებ.

9.    თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ლიცენზია ან ავტორიზაცია, მისი გაცემის შემდეგ, ძალაში შედის შეფერხების გარეშე განსაზღვრული ვადების და პირობების შესაბამისად.

ქვენაწილი 2

ზოგადი დებულებები

მუხლი 93

ორმხრივი აღიარება

1.    ამ თავის დებულებები არ უნდა ზღუდავდეს მხარეს, რომ მოითხოვოს ფიზიკური პირებისაგან მომსახურების მიწოდების ტერიტორიაზე მოთხოვნილი საჭირო კვალიფიკაციის და/ან პროფესიული გამოცდილების ფლობა საქმიანობის შესაბამის სექტორთან მიმართებაში.

2.    თითოეულმა მხარემ უნდა წაახალისოს მათ ტერიტორიებზე შესაბამისი პროფესიული ორგანოები, ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმისთვის ორმხრივ აღიარებაზე რეკომენდაციების წარდგენისაკენ, მეწარმეებისა და მომსახურების მიმწოდებლების  მიერ, მთლიანად ან ნაწილობრივ, იმ კრიტერიუმების შესრულების მიზნით, რომელიც თითოეული მხარის მიერ გამოიყენება მეწარმეების და მომსახურების მიმწოდებლების და განსაკუთრებით, პროფესიული მომსახურების მიმწოდებლების ავტორიზაციის, ლიცენზირების, საქმიანობის და სერტიფიცირებისათვის.

3.   მეორე პუნქტში მითითებული რეკომენდაციების მიღებისას, ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმმა გონივრულ ვადაში უნდა განიხილოს ეს რეკომენდაცია იმ მიზნით, რომ დაადგინოს მისი შესაბამისობა ამ შეთანხმებასთან და არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეაფასოს:

(a) თითოეული მხარის მიერ, მომსახურების მიმწოდებლებისა და მეწარმეების ავტორიზაციის, ლიცენზირების, საქმიანობის და სერტიფიცირებისათვის გამოყენებული სტანდარტების და კრიტერიუმების თავსებადობა და;

(b) ორმხრივი აღიარების შეთანხმების პოტენციური ეკონომიკური ღირებულება.

4.     იმ შეთხვევაში, როდესაც ეს მოთხოვნები არის დაკმაყოფილებული, ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმმა უნდა განსაზღვროს საჭირო ნაბიჯები მოლაპარაკებებისათვის და მხარეები, მათი კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით, უნდა ჩაერთონ მოლაპარაკებებში ორმხრივი აღიარების შეთანხმებაზე. 

5.     ნებისმიერი ასეთი შეთანხმება უნდა იყოს შესაბამისობაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმების შესაბამის დებულებებთან და განსაკუთრებით, GATS-ის VII მუხლთან.

მუხლი 94

გამჭვირვალობა და კონფიდენციალური ინფორმაციის  გასაჯაროება

1.   თითოეულმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი მეორე მხარის ყველა მოთხოვნას სპეციფიკური ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც ეხება მის მიერ განხორციელებულ ზოგად ღონისძიებებს ან საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლებიც ეხება ან გავლენას ახდენს წინამდებარე შეთანხმებაზე. გარდა ამისა, თითოეულმა მხარემ უნდა შექმნას ერთი ან რამდენიმე საკონტაქტო ერთეული მეორე მხარის მეწარმეებისა და მომსახურების მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე, მათთვის ყველა ზემოაღნიშნულ საკითხზე სპეციფიკური ინფორმაციის მიწოდების მიზნით. მხარეებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს შესაბამისი საკონტაქტო ერთეულების შესახებ ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან სამი თვის განმავლობაში. არ არის აუცილებელი, რომ აღნიშნული საკონტაქტო ერთეულები იყვნენ კანონებისა და რეგულაციების დეპოზიტარები.

2.   არაფერი ამ შეთანხმებაში არ უნდა მოითხოვდეს მხარის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის წარდგენას, რომლის გასაჯაროებამ შეიძლება გამოიწვიოს კანონის აღსრულების შეფერხება ან სხვაგვარად მოვიდეს წინააღმდეგობაში საჯარო ინტერესთან ან ზიანი მიაყენოს კონკრეტული სახელმწიფო ან კერძო საწარმოების ლეგიტიმურ კომერციულ ინტერესებს.

ქვენაწილი 3

კომპიუტერული მომსახურება

მუხლი 95 

კომპიუტერულ მომსახურების გაგება

1.     იმის გათვალისწინებით, რომ ვაჭრობისას კომპუტერული სერვისის ლიბერალიზაცია ხდება   ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისთვის) მიხედვით,  მხარეებმა უნდა დაიცვან ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები.

2.    CPC[19] 84, გაეროს კოდი, რომელიც გამოიყენება კომპიუტერული და მასთან დაკავშირებული მომსახურების აღწერისთვის, მოიცავს ძირითად ფუნქციებს, რომლებიც გამოიყენება ყველა კომპიუტერული და მასთან დაკავშირებული მომსახურების უზრუნველსაყოფად:

(a)  კომპიუტერული პროგრამები განსაზღვრულია, როგორც ინსტრუქციების კომპლექტი, რომლებიც საჭიროა კომპიუტერების მუშაობისთვის და ურთიერთკავშირებისთვის (მათი განვითარების და დანერგვის ჩათვლით);

(b)    მონაცემთა დამუშავების და შენახვის; და

(c) მასთან დაკავშირებული მომსახურებისთვის, როგორიცაა კლიენტის თანამშრომლების კონსულტაციები და ტრენინგები.

ტექნოლოგიური განვითარება იწვევს ამ მომსახურების მზარდ შეთავაზებას, როგორც  შესაბამისი მომსახურების პაკეტის, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ზოგიერთ ან ყველა ამ ძირითად ფუნქციებს. მაგალითად, ისეთი მომსახურება, როგორიცაა ვებ ან დომეინ ჰოსტინგი, მონაცემთა სიღრმისეული ანალიზი და განაწილებული გამოთვლები, თითოეული შეიცავს ძირითადი კომპიუტერული მომსახურების ფუნქციების კომბინაციებს.

3.  კომპიუტერული და მასთან დაკავშირებული მომსახურება, იმის მიუხედავად არის თუ არა ის ქსელის საშუალებით, მათ შორის ინტერნეტით მიწოდებული, მოიცავს ყველა მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს:

(a)  კონსულტაციას, სტრატეგიას, ანალიზს, დაგეგმარებას, სპეციფიკაციას, დიზაინს, განვითარებას, ინსტალაციას, განხორციელებას, ინტეგრაციას, ტესტირებას, გამართვას, განახლებას, მხარდაჭერას, ტექნიკურ დახმარებას ან  მენეჯმენტს კომპიუტერებისთვის ან კომპიუტერული სისტემებისათვის;

(b)  კომპიუტერულ პროგრამებს,  განსაზღვრულს როგორც  ინსტრუქციების კომპლექტი, რომელიც საჭიროა კომპიუტერების მუშაობისთვის და ურთიერთკავშირებისთვის (როგორც ასეთი), ასევე კონსულტაციას, სტრატეგიას, ანალიზს, დაგეგმარებას, სპეციფიკაციას, დიზაინს, განვითარებას, ინსტალაციას, განხორციელებას, ინტეგრაციას, ტესტირებას, გამართვას, განახლებას, ადაპტაციას, შენახვას, მხარდაჭერას, ტექნიკურ დახმარებას, კომპიუტერული პროგრამების მენეჯმენტს ან გამოყენებას; ან

(c) მონაცემთა დამუშავებას, მონაცემთა შენახვას, მონაცემთა ჰოსტინგს ან მონაცემთა ბაზების მომსახურებას; ან ოფისის დანადგარების და მოწყობილობის მოვლას და შეკეთებას, კომპიუტერების ჩათვლით; ან კლიენტის იმ თანამშრომლების ტრეინინგს, რომლებიც კავშირში არიან კომპიუტერულ პროგრამებთან, კომპიუტერებთან ან კომპიუტერულ სისტემებთან და სხვაგან არსად არიან კლასიფიცირებულნი.

4.   კომპიუტერული და მასთან დაკავშირებული მომსახურება უზრუნველყოს სხვა მომსახურების (მაგალითად, საბანკო საქმიანობა) განხორციელებას როგორც ელექტრონული, ისე სხვა საშუალებებით. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი  განსხვავება მომსახურების განხორციელების საშუალებასა (მაგალითად, ვებ-ჰოსტინგი ან აპლიკაციის ჰოსტინგი) და კონტენტ ან ძირითად  მომსახურებას შორის, რომელიც მიწოდებულია ელექტრონულად (მაგალითად, საბანკო საქმიანობა). ასეთ შემთხვევებში, კონტენტი ან ძირითადი მომსახურება არ იფარება CPC 84-ით.

ქვენაწილი 4

საფოსტო და საკურიერო მომსახურება

მუხლი 96

მოქმედების სფერო და განმარტებები

1.  ეს ქვენაწილი ადგენს მარეგულირებელი სისტემის პრინციპებს ყველა საფოსტო და საკურიერო მომსახურებისთვის, რომელიც ლიბერალიზებულია  ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისთვის)   შესაბამისად.

2.    ამ ქვენაწილის და ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისთვის) მიზნებისთვის:

(a)  "ლიცენზია" გულისხმობს მარეგულირებელი ორგანოს მიერ ინდივიდუალური მიმწოდებელისთვის მინიჭებულ ავტორიზაციას, რომელიც მოითხოვება მომსახურების მიწოდების დაწყებამდე.

 (b) „უნივერსალური მომსახურება“ გულისხმობს განსაზღვრული ხარისხის საფოსტო მომსახურების მუდმივ უზრუნველყოფას ტერიტორიის ყველა პუნქტის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად.

მუხლი 97

უნივერსალური მომსახურება

თითოეულ მხარეს აქვს უფლება განსაზღვროს ისეთი უნივერსალური მომსახურების ვალდებულება, როგორიც მას სურს. თავის მხრივ, ასეთი ვალდებულებები არ განიხილება როგორც ანტიკონკურენტული, იმ პირობით, რომ ისინი ადმინისტრირებულია გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და ნეიტრალური წესით და არ წარმოადგენს იმაზე მეტად დამამძიმებელს, ვიდრე აუცილებელია  მხარის მიერ განსაზღვრული უნივერსალური მომსახურებისთვის.

მუხლი 98

ლიცენზიები

1.    ლიცენზია შეიძლება იქნეს მოთხოვნილი მხოლოდ უნივერსალური მომსახურების ფარგლებში არსებული მომსახურებისთვის.

2.   იმ შემთხვევაში, როდესაც მოთხოვნილია ლიცენზია, შემდეგი საკითხები უნდა გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი:

(a)    ლიცენზირების ყველა კრიტერიუმი და ვადები, რაც ჩვეულებისამებრ მოითხოვება ლიცენზიის განაცხადზე  გადაწყვეტილების მისაღებად და

(b)    ლიცენზიის  ვადები და პირობები.

3.  ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის მიზეზები განმცხადებლისთვის ცნობილი უნდა გახდეს მოთხოვნის საფუძველზე და თითოეული მხარის მიერ ჩამოყალიბდეს გასაჩივრების პროცედურა დამოუკიდებელი ორგანოს საშუალებით. ასეთი პროცედურა უნდა იყოს გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს.

მუხლი 99

მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობა

მარეგულირებელი ორგანო უნდა იყოს იურიდიულად დამოუკიდებელი და არაანგარიშვალდებული ნებისმიერი საფოსტო და საკურიერო მომსახურების მიმწოდებლის მიმართ. მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და გამოყენებული პროცედურები უნდა იყოს მიუკერძოებელი ბაზრის ყველა მონაწილის მიმართ.

ქვენაწილი 5

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები და მომსახურება

მუხლი 100 

გამოყენების სფერო და ტერმინთა განმარტება

1.  ეს ქვენაწილი განსაზღვრავს რეგულირების პრინციპებს ყველა ტიპის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის, რომელიც ლიბერალიზებულია ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკურ პირთა დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისათვის) შესაბამისად.

2.   ამ ქვენაწილის და ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკურ პირთა დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისათვის) მიზნებისათვის:

(a)    "ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება" გულისხმობს ყველა მომსახურებას, რომელიც ახორციელებს, სრულად ან ძირითადად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით სიგნალის გადაცემას, მაუწყებლობისათვის განკუთვნილი ქსელებით სატელეკომუნიკაციო და გადაცემის მომსახურების ჩათვლით. აღნიშნული მომსახურება არ მოიცავს იმ მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს ან ახორციელებს სარედაქციო კონტროლს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების და მომსახურების გამოყენებით გადაცემულ კონტენტზე;

(b)  "საერთო სარგებლობის საკომუნიკაციო ქსელი" გულისხმობს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს, რომელიც სრულად ან ძირითადად გამოიყენება საჯაროდ ხელმისაწვდომი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მისაწოდებლად;

(c)   "ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი" გულისხმობს სიგნალების გადაცემა/გავრცელების  სისტემებს, ელექტრონული საინფორმაციო სიგნალების დამუშავების ან დამისამართების მოწყობილობებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში და სხვა რესურსებს, რომლებიც  ელექტრონული სიგნალების სადენიანი, რადიოსიხშირული, ოპტიკურბოჭკოვანი ან სხვა ელექტრომაგნიტური საშუალებით გავრცელების შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის თანამგზავრული, ფიქსირებული (არხული და პაკეტური კომუტაციის, ინტერნეტის ჩათვლით) და მიწისზედა მობილური ქსელები, ელექტრო საკაბელო სისტემები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო სიგნალების გავრცელების მიზნით; ქსელები, რომლებიც გამოიყენება რადიო და ტელემაუწყებლობისთვის, საკაბელო სატელევიზიო ქსელები, იმის მიუხედავად, თუ რა სახის მონაცემთა გადაცემას ახორციელებენ;

(d)    "მარეგულირებელი ორგანო" გულისხმობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ ორგანოს ან ორგანოებს, რომლის/რომელთა პასუხისმგებლობას წარმოადგენს ამ ქვენაწილში განხილული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების რეგულირება;

(e)    მომსახურების მიმწოდებელი ჩაითვლება "მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების" მქონედ იმ შემთხვევაში, თუ მას ბაზარზე ინდივიდუალურად ან ბაზრის სხვა მონაწილესთან (მონაწილეებთან) ერთობლივად გააჩნია დომინირებულის ეკვივალენტური პოზიცია, რაც გულისხმობს ეკონომიკურ უპირატესობას, რომელიც მას საშუალებას აძლევს ბაზარზე იმოქმედოს კონკურენტებისგან, კლიენტებისგან და მომხმარებელისაგან დამოუკიდებლად;

(f)  "ურთიერთჩართვა" გულისხმობს საერთო სარგებლობის ქსელების ფიზიკურ და ლოგიკურ კავშირს, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული ქსელის ოპერატორი, რათა იმავე ან სხვა ელექტრონული ქსელის ოპერატორის მომხმარებლებს მისცეს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს მისსავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით. მომსახურება შეიძლება მიწოდებული იყოს ჩართული მხარეების ან ქსელთან დაშვების მქონე სხვა მხარეების მიერ. ურთიერთჩართვა წარმოადგენს ქსელთან დაშვების სპეციფიკურ ტიპს, რომელიც ხორციელდება საერთო სარგებლობის ქსელის ოპერატორებს შორის;

(g)  "უნივერსალური მომსახურება" გულისხმობს განსაზღვრული ხარისხის მომსახურების ერთობლიობას, რომელიც მისაწვდომ ფასად  ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მომხმარებლისათვის მხარეთა ტერიტორიაზე, მიუხედავად მათი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა. უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფისა და დანერგვის ფარგლები განისაზღვრება თითოეული მხარის მიერ;

(h)  "დაშვება" გულისხმობს საშუალებების და მომსახურების წვდომის უზრუნველყოფას მომსახურების სხვა მიმწოდებლისთვის, განსაზღვრული პირობებით, ექსკლუზიურად ან არაექსკლუზიურად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს დაშვებას ქსელის ელემენტებთან და საშუალებებთან, რომელშიც შეიძლება იგულისხმებოდეს ფიქსირებული ან არაფიქსირებული  საშუალებებით ტექნიკური აპარატურის კავშირი (კერძოდ წვდომა ადგილობრივი დაშვების ქსელთან და იმ ინფრასტრუქტურულ ერთეულებთან, რომლებიც საჭიროა ადგილობრივი ქსელის მეშვეობით მომსახურების უზრუნველსაყოფად); ეს მოიცავს, აგრეთვე, დაშვებას ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან, მათ შორის, შენობებთან, საკანალიზაციო არხებთან, ჭებთან და ანძებთან; დაშვებას პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ოპერაციული სისტემების ჩათვლით; დაშვებას ნომრის ტრანსლირებასთან ან ეკვივალენტური ფუნქციის მქონე სისტემებთან; დაშვებას ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან, განსაკუთრებით როუმინგული მომსახურებისთვის; დაშვებას ციფრული სატელევიზიო მომსახურების კოდირებული წვდომის სისტემებთან და ვირტუალური ქსელის მომსახურებასთან;

(i)    "საბოლოო მომხმარებელიგულისხმობს მომხმარებელს, რომელსაც არ გააჩნია საერთო სარგებლობის ქსელი ან არ უზრუნველყოფს საჯაროდ ხელმისაწვდომ ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას;

(j)  "ადგილობრივი დაშვების ქსელი" გულისხმობს ფიზიკურ არხს, რომელიც აბონენტის შენობებში განთავსებულ ფიქსირებულ საერთო სარგებლობის ქსელში ქსელის დასრულების წერტილს აკავშირებს მთავარ საკომუტაციო ან  მსგავსი ტიპის აპარატურასთან. 

მუხლი 101 

მარეგულირებელი ორგანო

1.  თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მარეგულირებელი ორგანო იურიდიულად განცალკევებული და ფუნქციონალურად დამოუკიდებელი იყოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ნებისმიერი მიმწოდებლისგან. თუ რომელიმე მხარე ინარჩუნებს მფლობელობას ან ახორციელებს კონტროლს ელექტრონული კომუნიკაციის ქსელების ან მომსახურების მიმწოდებელთან მიმართებით, ამ მხარემ უნდა უზრუნველყოს მარეგულირებელი ფუნქციის ეფექტური სტრუქტურული გამიჯვნა იმ საქმიანობისგან, რომელიც საკუთრებასთან ან კონტროლთან არის დაკავშირებული.

2.  თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მარეგულირებელი ორგანო საკმარისად უფლებამოსილი იყოს შესაბამისი სექტორის ეფექტიანი რეგულირებისთვის. ამოცანები, რომლებსაც ახორციელებს მარეგულირებელი ორგანო, უნდა იყოს საჯარო, საზოგადოებისთვის მარტივად და ნათლად ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ფუნქციები განაწილებულია რამდენიმე უწყებას შორის.

3.   თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განხორციელებული პროცედურები იყოს მიუკერძოებელი და გამჭვირვალე ბაზრის ყველა მონაწილისთვის.

4.   მარეგულირებელი ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი, განახორციელოს ბაზრის ანალიზი იმ შესაბამისი საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე, რომლებიც ექვემდებარება ex ante რეგულირებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მარეგულირებელმა ორგანომ, ამ შეთანხმების 103-ე მუხლის  შესაბამისად, უნდა განსაზღვროს, დააკისროს, შეუნარჩუნოს, შეუცვალოს ან შეუჩეროს თუ არა დაკისრებული ვალდებულება, მან ბაზრის ანალიზზე დაყრდნობით უნდა დაადგინოს, არის თუ არა შესაბამისი ბაზარი კონკურენტული.

5. იმ შემთხვევაში როდესაც მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ შესაბამისი ბაზარი არ არის კონკურენტული, მან უნდა დაადგინოს ამ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მომსახურების მიმწოდებლები და დააკისროს, შეუნარჩუნოს ან შეასწოროს კონკრეტული ვალდებულებები ამ შეთანხმების 10 3-ე მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ ბაზარი კონკურენტულია, მან, ამ შეთანხმების 10 3-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის მონაწილეებს არ უნდა დააკისროს ან ძალაში დატოვოს რაიმე სახის ვალდებულება.

6.  თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მომსახურების მომწოდებლებს, რომლებსაც ეხებათ მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო ორგანოში, რომელიც დამოუკიდებელია გადაწყვეტილებაში მონაწილე მხარეებისგან. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ საქმის არსებითი ვითარება სრულად იქნეს მიღებული მხედველობაში. გასაჩივრების შედეგის მოლოდინის პერიოდში, მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რჩება ძალაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააპელაციო ორგანო გადაწყვეტს სხვაგვარად. თუ სააპელაციო ორგანო არ წარმოადგენს სასამართლოს, მან უნდა წარმოადგინოს თავისი გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება და ეს გადაწყვეტილება უნდა ექვემდებარებოდეს გადახედვას მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ. სააპელაციო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეფექტიანად უნდა აღსრულდეს.

7.    იმ შემთხვევაში, როდესაც მარეგულირებელი ორგანო მიმართავს ამ ქვენაწილით განსაზღვრულ ნებისმიერ დებულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას, რომელიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს შესაბამის ბაზარზე, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ გათვალისწინებული იყოს დაინტერესებული მხარეების უფლება, გონივრულ ვადაში წარმოადგინონ თავისი კომენტარები აღნიშნული ღონისძიების პროექტთან დაკავშირებით. მარეგულირებლებმა უნდა გამოაქვეყნონ მათი საკონსულტაციო განხილვები. საკონსულტაციო განხილვების შედეგები უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას.

8.  თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების და მომსახურების მიმწოდებლებმა წარმოადგინონ ყველა სახის ინფორმაცია, მათ შორის, ფინანსური მონაცემები, რათა მარეგულირებელმა ორგანომ უზრუნველყოს გადაწყვეტილებების ამ ქვენაწილთან შესაბამისობა. მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, დროულად, მოთხოვნისთანავე  წარმოადგინონ აღნიშნული ინფორმაცია, მარეგულირებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილი განრიგის და დეტალების შესაბამისად. მარეგულირებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა იყოს განსახილველი საკითხის თანაზომადი. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა განმარტოს აღნიშნული ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველი.

მუხლი 102 

ავტორიზაცია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისთვის

1.  თითოეული მხარე, შესაძლებლობის ფარგლებში, უზრუნველყოფს, რომ მომსახურების მიწოდების ავტორიზაცია ხორციელდებოდეს მარტივი შეტყობინების საფუძველზე.

2.  თითოეული მხარე უზრუნველყოფს ლიცენზიის შესაძლო საჭიროებას ნუმერაციისა და სიხშირეების საკითხის გადაწყვეტისას. აღნიშნული ლიცენზიის ვადები და პირობები უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი.

3.   ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, თითოეული მხარე უზრუნველყოფს შემდეგს:

(a) ლიცენზირების კრიტერიუმებისა და ლიცენზიასთან დაკავშირებულ განაცხადზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო გონივრული ვადის საჯაროობა;

(b) ლიცენზიის მინიჭებაზე უარის მიზეზი, მოთხოვნის შემთხვევაში, წერილობით უნდა ეცნობოს განმცხადებელს;

(c) იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს არსებითი საფუძვლის გარეშე უარი ეთქვა ლიცენზიის გაცემაზე, მას უნდა შეეძლოს მიმართოს სააპელაციო ორგანოს დახმარებისთვის;

(d) ლიცენზიის მოსაკრებელი[20] , არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული ლიცენზიის მართვის, კონტროლის და აღსრულების ადმინისტრაციულ ხარჯებს. მოცემული პუნქტი არ ითვალისწინებს რადიოსიხშირული სპექტრით და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სალიცენზიო მოსაკრებელს.

მუხლი 103 

დაშვება და ურთიერთჩართვა

1.  თიოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ ნებისმიერ პირს ჰქონდეს უფლება და ვალდებულება, აწარმოოს მოლაპარაკებები დაშვებასა და ურთიერთჩართვაზე საერთო სარგებლობის ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების ოპერატორებთან და მომსახურების მიმწოდებლებთან. დაშვებისა და ურთიერთჩართვის პირობები უნდა შეთანხმდეს მომსახურების მიმწოდებელ მხარეებს შორის მიმდინარე კომერციული მოლაპარაკებების საფუძველზე.  

2.   თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობისას მომსახურების მიმწოდებლების მიერ მოპოვებული ინფორმაცია გამოყენებული იქნეს მხოლოდ დანიშნულებისამებრ და ინფორმაციის მიწოდების ან შენახვისას დაცული იქნეს მისი კონფიდენციალურობა. 

3.   თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ თუ მომსახურების შესაბამისი ბაზარი არ არის ეფექტურად კონკურენტული ამ შეთანხმების 101-ე მუხლის შესაბამისად, მარეგულირებელ ორგანოს ჰქონდეს უფლებამოსილება, მომსახურების მიმწოდებელი ცნოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად და დაშვებასა და/ან ურთიერთჩართვასთან მიმართებით დააკისროს მას ერთი ან რამდენიმე ქვემოთ მითითებული ვალდებულება:

(a)    დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი არსებითად მსგავს გარემოში, მსგავსი მომსახურების მიმწოდებელ სხვა ავტორიზებულ პირებს, სთავაზობს ეკვივალენტურ პირობებს და ასევე სხვა ავტორიზებულ პირებს უზრუნველყოფს იმავე ხარისხის მომსახურებით და ინფორმაციით და იმავე პირობებით, როგორც საკუთარ მომსახურებას ან მისი შვილობილი კომპანიების ან პარტნიორების მომსახურებას;

(b)   ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიის ვალდებულება, გამჭვირვალე გახადოს მისი საბითუმო და შიდა ტრანსფერული ტარიფები, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების არსებობის და არასამართლიანი კროსსუბსიდირების თავიდან აცილების მიზნით. მარეგულირებელ ორგანოს შეუძლია განსაზღვროს ფორმატი და აღრიცხვის გამოსაყენებელი მეთოდოლოგია;

(c)    ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან და მათთან დაკავშირებულ ტექნიკურ საშუალებებთან დაშვების და მათი გამოყენების ვალდებულება, მათ შორის, სააბონენტო წყვილებთან განცალკევებულად დაშვება, როდესაც მარეგულირებელი ორგანო თვლის, რომ დაშვებაზე უარის თქმა ან არაგონივრული პირობების შეთავაზება ხელს შეუშლის საცალო დონეზე მდგრადი, კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას, ან არ შეესაბამება საბოლოო მომხმარებლის ინტერესებს;

მარეგულირებელი ორგანოები უფლებამოსილნი არიან, ამ პუნქტში მითითებულ ვალდებულებებს დაამატონ პირობები სამართლიანობის, გონივრულობისა და განრიგის შესახებ.

(d)    მესამე მხარისათვის გადაყიდვის მიზნით საბითუმო პირობებით სპეციფიკური მომსახურების მიწოდება; ტექნიკურ ინტერფეისებთან, პროტოკოლებთან და სხვა მნიშვნელოვან ტექნოლოგიებთან თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია მომსახურებისა და ვირტუალური ქსელების ურთიერთთავსებადობისათვის; თანალოკაციის ფართით უზრუნველყოფა ან სხვა ტექნიკური საშუალებების გაზიარება, რაც მოიცავს კანალიზაციას, შენობებს, ანძებს; მომხმარებლისათვის მიწოდებული უწყვეტი მომსახურებების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფისათვის სპეციფიური მომსახურებების მიწოდება, ინტელექტუალური ქსელის მომსახურებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების ჩათვლით; მომსახურების მიწოდებისას კეთილსინდისიერი კონკურენციისათვის საჭირო საოპერაციო სისტემასთან ან მსგავს პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაშვება; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ან მასთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებების ურთიერთჩართვა.

მარეგულირებელი ორგანოები უფლებამოსილნი არიან, ამ პუნქტში მითითებულ ვალდებულებებს დაამატონ პირობები სამართლიანობის, გონივრულობისა და განრიგის შესახებ.

(e)  ხარჯთაღრიცხვისა და ფასის კონტროლის ვალდებულება, რაც მოიცავს ფასების ხარჯზე ორიენტირებულობასა და ხარჯთაღრიცხვის სისტემასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, ურთიერთჩართვისა და/ან დაშვების სპეციფიკური ტიპების უზრუნველსაყოფად, ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ბაზრის ანალიზი აჩვენებს, რომ ეფექტიანი კონკურენციის ნაკლებობამ, შესაძლოა გამოიწვიოს ოპერატორის მხრიდან მაღალი ფასის დაწესება ან ფასების შემცირება, საბოლოო მომხმარებელთა საზიანოდ.

არსებული რისკების გათვალისწინებით, მარეგულირებელმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ოპერატორის მიერ განხორციელებული ინვესტიცია და საშუალება მისცეს მას, მიიღოს გონივრული უკუგების განაკვეთი.

(f)  ბაზრის შესაბამის პროდუქტთან/მომსახურებასთან და გეოგრაფიულ სეგმენტთან დაკავშირებით, მარეგულირებელი ორგანოს მიერ მომსახურების მიმწოდებლებზე დაწესებული სპეციფიკური ვალდებულების გამოქვეყნება. უახლესი ინფორმაცია, რომელიც არ არის კონფიდენციალური და არ მოიცავს ბიზნეს საიდუმლოებას, ყველა დაინტერესებული პირისათვის უნდა იყოს საჯარო და ადვილად ხელმისაწვდომი.

(g)   ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, განსაკუთრებით იმ შემთხვევისთვის, როდესაც ოპერატორს დაკისრებული აქვს დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, მარეგულირებელ ორგანოს შეუძლია, მოსთხოვოს ოპერატორს, გამოაქვეყნოს დეტალური შეთავაზების წინადადება, რომელიც ბაზრის საჭიროებიდან გამომდინარე, დაყოფილი იქნება შესაბამის კომპონენტებად, ფასებისა და შესაბამისი პირობების ჩათვლით, რათა ავტორიზებულ პირს არ მოეთხოვოს ქსელის იმ ელემენტებისათვის, ტექნიკური საშუალებებისთვის ან ფუნქციონალური რესურსებისთვის დამატებითი საფასურის გადახდა, რომლებიც მას არ მოუთხოვია.  

4.   თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირთან ურთიერთჩართვის მსურველ ავტორიზებულ პირს საშუალება ჰქონდეს, ურთიერთჩართვის და/ან დაშვების პირობებთან არსებულ დავასთან დაკავშირებით, ნებისმიერ დროს ან საჯაროდ ცნობილი დროის შემდეგ, დახმარებისათვის მიმართოს დამოუკიდებელ ადგილობრივ ორგანოს, რომელიც, შესაძლოა, იყოს მარეგულირებელი ორგანო, როგორც განსაზღვრულია ამ შეთანხმების 10 0-ე მუხლის მე-2 პუნქტის „d“ ქვეპუნქტში. 

მუხლი  104 

შეზღუდული რესურსები

1.   თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ შეზღუდული რესურსების, მათ შორის სიხშირეების, ნუმერაციის და გატარების უფლების, განაწილებისა და გამოყენების ნებისმიერი პროცედურა წარიმართოს ობიექტურად, თანასწორად, დროულად, გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად. ინფორმაცია განაწილებული და გაცემული სიხშირული დიაპაზონის შესახებ უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. ეს მოთხოვნა არ ეხება მთავრობის სპეციალური გამოყენებისათვის განაწილებულ სიხშირულ დიაპაზონს.

2.   სიხშირული სპექტრის ეფექტური და ეფექტიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად, თითოეული მხარე უზრუნველყოფს მათ ტერიტორიაზე, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისათვის განკუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტიან მართვას. იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ სიხშირეებზე მოთხოვნა აღემატება მათ ხელმისაწვდომობას, აღნიშნული სიხშირეები უნდა განაწილდეს სათანადო და გამჭვირვალე პროცედურის დაცვით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ამ სიხშირეების გამოყენების ოპტიმიზაცია და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა.

3.  თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ეროვნული ნუმერაციის რესურსის მინიჭება და ეროვნული ნუმერაციის გეგმის მართვა დაევალოს მარეგულირებელ ორგანოს. 

4.  როდესაც სახელმწიფო ან ადგილობრივი უწყება ინარჩუნებს საკუთრებას ან ახორციელებს კონტროლს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების და/ან მომსახურების ოპერატორზე, უნდა მოხდეს ეფექტური გამიჯვნა იმ სტრუქტურულ ერთეულებს შორის, რომელსაც ექნება უფლების მინიჭების  და საკუთრების ან კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობების განხორციელების უფლებამოსილება.

მუხლი 105 

უნივერსალური მომსახურება

1.   თითოეულ მხარეს უფლება აქვს, განსაზღვროს უნივერსალური მომსახურების ვალდებულების სახეები, რომლის დანერგვაც მას სურს.

2.  ეს ვალდებულება თავისთავად არ ჩაითვლება ანტიკონკურენტულად, თუ მისი ადმინისტრირება ხორციელდება გამჭვირვალედ, ობიექტურად და არადისკრიმინაციულად. ასეთი ვალდებულების ადმინისტრირება ნეიტრალური უნდა იყოს, ასევე, კონკურენციის კუთხით და არ უნდა იყოს მხარის მიერ განსაზღვრული უნივერსალური მომსახურების პირობებზე მძიმე.

3.   თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ყველა მიმწოდებელს ჰქონდეს უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის უფლება და არც ერთი მიმწოდებელი არ უნდა იყოს წინასწარ გამორიცხული. შერჩევა უნდა განხორციელდეს ეფექტიანი, გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული მექანიზმით. საჭიროების შემთხვევაში, თითოეულ მხარეს შეუძლია შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა უნივერსალური მომსახურება ამ მომსახურების გაწევისთვის შერჩეული კომპანიისთვის (კომპანიებისთვის) დამატებით ტვირთს. დასაბუთებულ გათვლებზე დაყრდნობით და იმ მარკეტინგული უპირატესობის გათვალისწინებით, რაც, შესაძლოა, დროთა განმავლობაში მოიპოვოს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელმა კომპანიამ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მარეგულირებელმა ორგანომ, შესაძლოა, განსაზღვროს, არის თუ არა საჭირო მომსახურების მიმწოდებლის (მიმწოდებლების) კომპენსირების ან უნივერსალური მომსახურების ვალდებულების შესრულების წმინდა ხარჯის გაყოფის მექანიზმების ამოქმედება.

4.   იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სააბონენტო ცნობარი, დაბეჭდილი ან ელექტრონული ფორმით, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციებმა, რომლებიც აქვეყნებენ ასეთ ცნობარებს, მათთვის სხვა ორგანიზაციებიდან მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაიცვან არადისკრიმინაციის პრინციპი. 

მუხლი  106 

ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების საზღვრებს გარეთ უზრუნველყოფა

არცერთ მხარეს არ აქვს უფლება მოსთხოვოს მეორე მხარის მომსახურების მიმწოდებელს, დააფუძნოს მეწარმე სუბიექტი ან იყოს მისი ტერიტორიის რეზიდენტი, მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდების მიზნებისათვის. 

მუხლი 107

ინფორმაციის კონფიდენციალურობა

თითოეული მხარე უზრუნველყოფს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მასთან დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის და საჯაროდ ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო მომსახურების ტრაფიკის მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვას, მომსახურებით ვაჭრობის შეზღუდვის გარეშე. 

მუხლი  108

დავები მომსახურების მიმწოდებლებს შორის

1.  თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების ან მომსახურების მიმწოდებლებს შორის, ამ ნაწილში განხილულ უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებით წამოჭრილი დავის მოგვარება, ერთ-ერთი მხარის მიერ მიმართვის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილების მიღების გზით, შესაძლოდ მოკლე ვადაში და ნებისმიერ შემთხვევაში არაუგვიანეს ოთხი თვისა.

2.   მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, თუმცა, უნდა იყოს დაცული ბიზნეს კონფიდენციალურობა. ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების და მომსახურების შესაბამის მიმწოდებლებს ამომწურავად უნდა ეცნობოთ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები. 

3.   იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი დავა ეხება მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდებას, შესაბამისმა მარეგულირებელმა ორგანოებმა, დავის გადასაწყვეტად უნდა იმოქმედონ კოორდინირებულად.

ქვენაწილი 6

ფინანსური მომსახურება

მუხლი 109

მოქმედების სფერო და ტერმინთა განმარტება

1.  ეს ქვენაწილი განსაზღვრავს რეგულირების პრინციპებს ყველა ტიპის ფინანსური მომსახურებისთვის, რომელიც ლიბერალიზებულია წინამდებარე თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკურ პირთა დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისათვის) შესაბამისად.

2.   ამ ქვენაწილის და ამ თავის მე-2 (დაფუძნება), მე-3 (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 (ფიზიკურ პირთა დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისათვის) ნაწილების მიზნებისთვის:

(a)  „ფინანსური მომსახურება“ გულისხმობს მხარის ფინანსური მომსახურების მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ ფინანსური ხასიათის მომსახურებას. ფინანსური მომსახურება მოიცავს შემდეგ საქმიანობებს:

           (i)    დაზღვევა და დაზღვევასთან დაკავშირებული მომსახურება:

(1)    პირდაპირი დაზღვევა (მათ შორის თანადაზღვევა):

(a)   სიცოცხლის;

(b)    არასიცოცხლის;

(2)    გადაზღვევა და რეტროცესია;

(3)    სადაზღვევო შუამავლობა, როგორიცაა საბროკერო და სააგენტო მომსახურება; და

(4)    დაზღვევის დამხმარე მომსახურება, როგორიცაა საკონსულტაციო, აქტუარული, რისკის შეფასებისა და ზარალის დარეგულირების მომსახურება.

 (ii)  საბანკო და 

სხვა ფინანსური მომსახურება (გარდა დაზღვევისა):

(1)    საზოგადოებისგან დეპოზიტებისა და სხვა დაბრუნებადი სახსრების მიღება;

(2)    ყველა სახის კრედიტების გაცემა, მათ შორის, სამომხმარებლო კრედიტი, იპოთეკური კრედიტი, ფაქტორინგი და კომერციული საქმიანობის დაფინანსება;

(3)    ფინანსური ლიზინგი;

(4)    ყველა სახის საგადახდო და ფულადი გადარიცხვის მომსახურება, მათ შორის, საკრედიტო და სადებეტო ბარათები, სამგზავრო ჩეკები და საბანკო ჩეკები;

(5)    გარანტიები და პირობითი ვალდებულებები;

(6)    საკუთარი ან კლიენტთა სახსრებით ბირჟაზე თუ ბირჟის გარეთ ვაჭრობა შემდეგი ინსტრუმენტებით:

(a)  ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები (მათ შორის ჩეკები, ობლიგაციები, სადეპოზიტო სერტიფიკატები)

(b)    უცხოური ვალუტა;

(c)    დერივატივები, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ფიუჩერსებითა და ოპციონებით;

(d)  გაცვლითი კურსის და საპროცენტო განაკვეთის ინსტრუმენტები, მათ შორის, სვოპ და ფორვარდულ განაკვეთზე კონტრაქტები;

(e)    მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები;

(f)     სხვა სავაჭრო ინსტრუმენტები და ფინანსური აქტივები, მათ შორის, ზოდები.

(7)    მონაწილეობა ყველა სახის ფასიანი ქაღალდის გამოშვებაში, მათ შორის, ანდერრაითინგსა და განთავსებაში აგენტის სტატუსით (საჯარო თუ კერძო შეთავაზების გზით) და ზემოაღნიშნულთან დაკავშირებული სხვა მომსახურების მიწოდებაში;

(8)    საშუამავლო მომსახურება ფულადი ინსტრუმენტების ბაზარზე;

(9)    აქტივების მართვა, როგორიცაა ნაღდი ფულის ან პორტფელის მართვა, ყველა სახის კოლექტიური ინვესტიციის მართვა, საპენსიო ფონდის მართვა, კასტოდიანური,  დეპოზიტარული და სატრასტო მომსახურება;

(10)    ანგარიშსწორებისა და კლირინგის მომსახურება ფინანსური აქტივებისათვის, მათ შორის ფასიანი ქაღალდებისათვის, დერივატივებისა და სხვა სავაჭრო ინსტრუმენტებისათვის.

(11)    ფინანსური ინფორმაციის მიწოდება და გადაცემა, ფინანსური მონაცემების დამუშავება და მასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფა.

(12)    საკონსულტაციო, საშუამავლო და სხვა დამხმარე ფინანსური მომსახურება  ყველა იმ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩამოთვლილია (1)-(11) ქვეპუნქტებში, მათ შორის, საკრედიტო მდგომარეობის შემოწმება და ანალიზი, ინვესტიციებისა და პორტფელის გამოკვლევა და კონსულტაცია, კონსულტაცია შესყიდვებთან და კორპორაციულ რესტრუქტურიზაციასთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით.

(b)    „ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი“ გულისხმობს მხარის ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც სურს მიაწოდოს ან აწვდის ფინანსურ მომსახურებას. ტერმინი „ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი“ არ მოიცავს საჯარო უწყებას.

(c)    „საჯარო უწყება“ გულისხმობს:

           (i)     მხარის მთავრობას, ცენტრალურ ბანკს ან მონეტარულ ორგანოს, ან უწყებას,   რომელსაც ფლობს ან აკონტროლებს მხარე, რომელიც ძირითადად ახორციელებს სამთავრობო ფუნქციებს ან საქმიანობებს სამთავრობო მიზნებისათვის, გარდა უწყებისა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ფინანსური მომსახურების მიწოდება კომერციული პირობებით; ან

         (ii)     კერძო კომპანია, რომელიც ასრულებს იმ ფუნქციებს, რომლებსაც ჩვეულებრივ    ცენტრალური ბანკი ან მონეტარული ორგანო ახორციელებს, ამ ფუნქციების შესრულებისას.

(d)    „ახალი ფინანსური მომსახურება“ გულისხმობს ფინანსური ხასიათის მომსახურებას, მათ შორის არსებულ ან ახალ პროდუქციასთან დაკავშირებულ მომსახურებას, ან მიწოდების ისეთ სახეს, რომლის დროსაც ხდება იმ პროდუქტის მოწოდება,  რომლის მიმწოდებელი არის არა ამ მხარის, არამედ მეორე მხარის ტერიტორიის ფინანსური მიმწოდებელი.

მუხლი 110

გონივრული გამონაკლისი

1.   თითოეულმა მხარემ გონივრული მიზნებისათვის შეიძლება შემოიღოს ან გამოიყენოს ისეთი ზომები, როგორიცაა:

(a)   ინვესტორების, დეპოზიტარების, პოლისების მფლობელების ან იმ პირების დაცვა, რომელთა მიმართაც ფინანსური მომსახურების მიმწოდებელს აქვს ვალდებულება;

(b)    მხარის ფინანსური სისტემის მთლიანობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

2.    ეს ზომები არ უნდა იყოს უფრო დამამძიმებელი, ვიდრე საჭიროა დასახული მიზნის მისაღწევად.

3.   არაფერი ამ შეთანხმებაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ მოსთხოვოს მხარეს ინდივიდუალური მომხმარებლების საქმეებისა და ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ან საჯარო დაწესებულებების განკარგულებაში არსებული კონფიდენციალური ან კერძო საკუთრების ინფორმაციის გამჟღავნება. 

მუხლი 111

ეფექტიანი და გამჭვირვალე რეგულირება

1.   თითოეული მხარე მაქსიმალურად ეცდება, რომ დაინტერესებულ პირებს წინასწარ წარუდგინოს ინფორმაცია იმ ზოგადი გამოყენების ზომების შესახებ, რომლის მიღებასაც გეგმავს მხარე, მასზე კომენტარების გაკეთების მიზნით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს:

(a)    ოფიციალური გამოქვეყნების გზით; ან

(b)    სხვა წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

2.  თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს დაინტერესებული პირების ინფორმირება იმ მოთხოვნების შესახებ, რომელიც საჭიროა ფინანსური მომსახურების მიწოდების მიზნით განცხადების შესავსებად. 

განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისმა მხარემ უნდა შეატყობინოს განმცხადებელს განცხადების სტატუსის შესახებ. თუ შესაბამისი მხარე მოითხოვს დამატებით ინფორმაციას განმცხადებლისგან, აღნიშნულის შესახებ განმცხადებელს უნდა ეცნობოს ზედმეტი დაყოვნების გარეშე.

3.  თითოეული მხარე მაქსიმალურად ეცდება, რომ უზრუნველყოს საკუთარ ტერიტორიაზე, ფინანსური მომსახურების სექტორის რეგულირების და ზედამხედველობის, გადასახადების გადაუხდელობასა და არიდებასთან  ბრძოლის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გამოყენება. ასეთი საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებია, მათ შორის, ბაზელის კომიტეტის „საბანკო სექტორის ეფექტიანი ზედამხედველობის ძირითადი პრინციპები“, დაზღვევის ზედამხედველების საერთაშორისო ასოციაციის „დაზღვევის ძირითადი პრინციპები“, ფასიანი ქაღალდების რეგულატორთა საერთაშორისო ორგანიზაციის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის ამოცანები და პრინციპები“, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) „შეთანხმება გადასახადებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლაზე“, დიდი ოცეულის (G20) „საგადასახო ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის დებულება“ და ფინანსური მოქმედების სამუშაო ჯგუფის „ორმოცი რეკომენდაცია ფულის გათეთრებაზე“ და „ცხრა სპეციალური რეკომენდაცია ტერორიზმის დაფინანსებაზე“.

მხარეები, ასევე, მხედველობაში იღებენ დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების მიერ გამოქვეყნებულ „ინფორმაციის გაცვლის ათ ძირითად პრინციპს“ და მიიღებენ ზომებს ორმხრივ ურთიერთობებში მათი გამოყენებისათვის.

მუხლი 112

ახალი ფინანსური მომსახურება

თითოეულმა მხარემ ნება უნდა დართოს მეორე მხარის ფინანსური მომსახურების მიმწოდებელს მიაწოდოს ისეთი ახალი ტიპის მომსახურება, რომლის განხორციელების უფლებასაც ის მისცემდა საკუთარ ფინანსური მომსახურების მიმწოდებელს მსგავს შემთხვევაში, ადგილობრივი კანონმდებლობის ფარგლებში. მხარეს შეუძლია განსაზღვროს იურიდიული ფორმა, რომლის საშუალებითაც შეიძლება მომსახურების მიწოდება, და ასევე შეუძლია მოითხოვოს ავტორიზაცია მომსახურების გაწევაზე. როდესაც ავტორიზაცია არის სავალდებულო, გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული გონივრულ ვადებში და მასზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ გონივრული მიზნებიდან გამომდინარე.

მუხლი 113

მონაცემთა დამუშავება

1.  თითოეულმა მხარემ ნება უნდა დართოს მეორე მხარის ფინანსური მომსახურების მიმწოდებელს, გადააგზავნოს ინფორმაცია ელექტრონული ან სხვა ფორმით მისი ტერიტორის ფარგლებში ან ტერიტორიის მიღმა მოცემული ინფორმაციის დამუშავების მიზნით, რაც საჭიროა მომსახურების მიმწოდებლის ბიზნესის ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმის უზრუნველსაყოფად.

2.  თითოეულმა მხარემ უნდა მიიღოს ადეკვატური დაცვის მექანიზმები ინდივიდუალური პირების კონფიდენციალურობის, თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიზნით, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება პერსონალური ინფორმაციის გადაცემას.

მუხლი 114

განსაკუთრებული გამონაკლისები

1.    ამ თავში არაფერი  უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ ხელი შეუშალოს მხარეს, მათ შორის საჯარო უწყებებს, საკუთარ ტერიტორიაზე ექსკლუზიურად განახორციელოს საქმიანობა ან იმ მომსახურების მიწოდება, რომელიც წარმოადგენს საჯარო საპენსიო სქემის ან სოციალური დაცვის კანონით განსაზღვრული სქემის ნაწილს, გარდა ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ფინანსური მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების მიწოდება ნებადართულია საჯარო უწყებებთან ან კერძო მიმწოდებლებთან კონკურენციის პირობებში.

2.   მოცემული შეთანხმება არ ეხება ცენტრალური ბანკის ან მონეტარული ორგანოს ან სხვა ნებისმიერ საჯარო უწყების მიერ მონეტარული ან გაცვლითი კურსების პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს.

3.    ამ თავში არაფერი  უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ ხელი შეუშალოს მხარეს, მათ შორის საჯარო უწყებებს, საკუთარ ტერიტორიაზე ექსკლუზიურად განახორციელოს საქმიანობა ან მომსახურების მიწოდება, მხარის ან მისი საჯარო უწყებების ფინანსური რესურსების ან გარანტიის გამოყენებით.

მუხლი 115

თვითრეგულირებადი ორგანიზაციები

როდესაც მხარე მეორე მხარის ფინანსური მომსახურების მიმწოდებლისაგან მოითხოვს ნებისმიერი თვითრეგულირებადი ორგანოს, ფასიანი ქაღალდების, ფიუჩერსული ბირჟის ან ბაზრის, საკლირინგო სააგენტოს ან სხვა ნებისმიერი ორგანიზაციის ან ასოციაციის წევრობას, მონაწილეობას ან მასზე წვდომას იმ მიზნით, რომ მეორე მხარის ფინანსური მომსახურების მიმწოდებელმა მიაწოდოს ფინანსური მომსახურება ამ მხარის ფინანსური მომსახურების მიმწოდებლებთან თანაბარ პირობებში, ან როდესაც მხარე მსგავს ერთეულებს პირდაპირ ან არაპირდაპირ ანიჭებს უპირატესობას ან პრივილეგიებს ფინანსური მომსახურების მიწოდების დროს, მხარემ უნდა უზრუნველყოს ამ შეთანხმების 7 6-ე და 8 2-ე მუხლებით გათვალისწინებული  შესაბამისი ვალდებულებების დაცვა.

მუხლი 116

კლირინგისა და საგადახდო სისტემები

იმ ვადებითა და პირობებით, რომლებიც ანიჭებს ეროვნულ რეჟიმს, თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე დაფუძნებული მეორე მხარის ფინანსური მომსახურების მიმწოდებლისთვის საჯარო უწყებების მიერ მართული საგადახდო და საკლირინგო სისტემების ხელმისაწვდომობა, და ასევე წვდომა ოფიციალური დაფინანსებისა და რეფინანსირების სახსრებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია ბიზნესის ჩვეულებრივი მიმდინარეობისას. მოცემული მუხლის მიზანი არ არის წვდომის დაშვება მხარის ბოლო ინსტანციის კრედიტორის სახსრებთან.

   მუხლი 117

საერთაშორისო სტანდარტები

მომსახურებით ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით მხარეები აღიარებენ საქართველოს მოქმედი და მომავალი კანონმდებლობის ეტაპობრივად შესაბამების მნიშვნელოვნებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის სტანდარტებთან, რომელიც მოცემულია ამ შეთანხმების 11 1-ე მუხლის მე-3 პუნქტში.

ქვენაწილი 7

  სატრანსპორტო მომსახურება

მუხლი 118

მოქმედების სფერო

წინამდებარე ქვენაწილი ადგენს საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურების ლიბერალიზაციის პრინციპებს ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისთვის) შესაბამისად.

მუხლი 119

საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტი

1.   წინამდებარე ქვენაწილის და ამ თავის  მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის  (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისთვის) მიზნებისთვის:

(a) ,,საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტი“ მოიცავს სატრანსპორტო ოპერაციებს ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტის მიმართულებით და მულტიმოდალურ სატრანსპორტო ოპერაციებს, რაც წარმოადგენს ერთზე მეტი სატრანსპორტო სახეობის მეშვეობით ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტით ტვირთების გადაზიდვას ზღვის გამოყენებით და ამ მიზნით, უფლებას უშუალოდ დაიდოს ხელშეკრულება ტრანსპორტის სხვა სახეობის მომწოდებლებთან.

(b)  ,,საზღვაო სატვირთო მომსახურება“ გულისხმობს სტივიდორული კომპანიების, მათ შორის ტერმინალის ოპერატორების საქმიანობას, მაგრამ არ მოიცავს დოკერების უშუალო საქმიანობას, როდესაც ეს მუშახელი ორგანიზებულია სტივიდორული ან ტერმინალის ოპერატორი კომპანიებისაგან დამოუკიდებლად. მითითებული საქმიანობა მოიცავს შემდეგი ქმედებების ორგანიზებასა და ზედამხედველობას:

                 (i)    ტვირთის დატვირთვა/გადმოტვირთვა გემზე/გემიდან;

               (ii)     ტვირთის შეკვრა/გახსნა;

             (iii)    ტვირთის მიღება/გადაცემა და შენახვა გადაზიდვამდე ან გადმოტვირთვის შემდეგ;

(c) ,,საბაჟო შემოწმების მომსახურება“ (ან „საბაჟო საბროკერო მომსახურება”) გულისხმობს მეორე მხარის სახელით განხორციელებულ საბაჟო პროცედურებს, რომლებიც უკავშირდება იმპორტს, ექსპორტს ან ტვირთის გადაზიდვას, მიუხედავად იმისა, აღნიშნული მომსახურება მომსახურების მიმწოდებლის ძირითად თუ დამატებით საქმიანობას წარმოადგენს;

(d) ,,საკონტეინერო სადგური და სასაწყობე მომსახურება“ გულისხმობს საქმიანობას, რომელიც შედგება კონტეინერების განთავსებისაგან როგორც ნავსადგურის ტერიტორიაზე, ასევე ხმელეთზე მათი შევსების/დაცლის, შეკეთებისა და გადაზიდვისათვის მომზადების მიზნით;

(e) „საზღვაო სააგენტოს მომსახურება“ გულისხმობს საქმიანობას, რომელიც მოიცავს მოცემულ გეოგრაფიულ არეალში ერთი ან მეტი გადამზიდავი ხაზების ან გადამზიდავი კომპანიის ბიზნეს ინტერესების წარმოდგენას აგენტის სახით შემდეგი მიზნებისთვის:

           (i)     საზღვაო სატრანსპორტო ან მასთან დაკავშირებული მომსახურების მარკეტინგი და გაყიდვა ფასების კოტირებიდან ანგარიშ-ფაქტურის წარდგენამდე, კონოსამენტის გაცემა კომპანიების სახელით, აუცილებელი დამხმარე მომსახურების შესყიდვა და შემდგომი გაყიდვა, დოკუმენტების მომზადება და ბიზნეს ინფორმაციის მიწოდება;

         (ii)    იმ კომპანიების სახელით მოქმედება, რომლებიც ორგანიზებას უკეთებენ გემების შესვლას ან საჭიროების შემთხვევაში ტვირთების მიღებას;

(f) „ტვირთის გადაზიდვის მომსახურება“ გულისხმობს საქმიანობას, რომელიც მოიცავს გადამზიდავების სახელით გადაზიდვის ოპერაციების ორგანიზებას და მონიტორინგს სატრანსპორტო და მასთან დაკავშირებული მომსახურების მიღების, დოკუმენტების მომზადების და ბიზნეს ინფორმაციის მიწოდების გზით.

(g) „ფიდერული მომსახურება“ გულისხმობს ზღვის მეშვეობით, საერთაშორისო ტვირთების, უმეტესწილად კონტეინერებით, წინასწარ ან შემდგომ გადაზიდვას მხარის ტერიტორიაზე მდებარე ნავსადგურებს შორის.

2.   საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტთან მიმართებაში თითოეული მხარე თანხმდება კომერციულ საწყისებზე ტვირთებთან შეუზღუდავი დაშვების პრინციპის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფაზე, საერთაშორისო საზღვაო მომსახურების მიწოდების თავისუფლებაზე, ასევე, ეროვნული რეჟიმის გამოყენებაზე ასეთი მომსახურების მიწოდების ფარგლებში.

საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მხარეთა შორის არსებული ლიბერალიზაციის დონის გათვალისწინებით:

(a)  თითოეული მხარე ეფექტიანად გამოიყენებს საერთაშორისო საზღვაო ბაზრებზე და ვაჭრობაში შეუზღუდავი დაშვების პრინციპს კომერციულ და არადისკრიმინაციულ საწყისებზე;

(b)  თითოეული მხარე მიანიჭებს მეორე მხარის დროშის ქვეშ მცურავ ან მეორე მხარის მომსახურების მიმწოდებლის მიერ ოპერირებად გემებს იმაზე არანაკლებ ხელსაყრელ რეჟიმს, ვიდრე ის ანიჭებს საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებში მონაწილე საკუთარ გემებს ან მესამე მხარის გემებს, იმის მიხედვით, თუ რომელია უკეთესი, შემდგომში ჩამოთვლილთან დაკავშირებით, მათ შორის: ნავსადგურში თავისუფალი შესვლა, ნავსადგურის ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გამოყენება, საზღვაო დამხმარე მომსახურების გამოყენება, ასევე მასთან დაკავშირებული საფასურები და გადასახდელები, საბაჟო საშუალებები და დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის ნავმისადგომისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა.

3.  აღნიშნული პრინციპების გამოყენებისას თითოეული მხარე:

(a)   არ მოიცავს ღონისძიებებს ტვირთის განაწილების შესახებ მესამე ქვეყნებთან მომავალ შეთანხმებებში, რომლებიც შეეხება საზღვაო სატრანსპორტო მომსახურებას, მათ შორის მშრალ და თხევად ტვირთს და სახაზო გადაზიდვებს, და გონივრულ ვადაში გააუქმებს ღონისძიებებს ასეთი ტვირთის განაწილების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოდგენილია  წინა შეთანხმებებში; და

(b)  ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ გააუქმებს და თავს შეიკავებს ნებისმიერი ცალმხრივი ღონისძიებების და ადმინისტრაციული, ტექნიკური და სხვა დაბრკოლებების შექმნისაგან, რაც შეიძლება წარმოადგენდეს ფარულ შეზღუდვას ან ჰქონდეს დისკრიმინაციული ეფექტი საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომსახურების თავისუფალ მიწოდებაზე.

4.    თითოეული მხარე საკუთარ ტერიტორიაზე დაფუძნების ნებას რთავს მეორე მხარის საერთაშორისო საზღვაო სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელს დაფუძნების და საქმიანობის იმ პირობებით, რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე საკუთარი ან მესამე მხარის მომსახურების მიმწოდებლისათვის მინიჭებული პირობები, იმის მიხედვით, თუ რომელია უკეთესი.

5.  თითოეულმა მხარემ მეორე მხარის საზღვაო სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებლებისთვის გონივრული და არადისკრიმინაციული წესებით და პირობებით ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ნავსადგურებში შემდეგი ტიპის მომსახურება: სალოცმანო გაცილება, გემის ჩაბმა და ბუქსირება, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, გემის საწვავითა და წყლით გამართვა, ნარჩენების შეგროვება და ბალასტის ჩაბარება, ნავსადგურის კაპიტნის მომსახურება, სანავიგაციო დახმარება, გემის ოპერირებისთვის აუცილებელი სახმელეთო ოპერაციული მომსახურება, მათ შორის კომუნიკაციები, წყლის და ელექტროენერგიის მიწოდება, გადაუდებელი შეკეთებისთვის აუცილებელი აღჭურვილობა, ღუზაზე დგომა, ნავმისადგომები და სანავმისადგომე მომსახურება.

6.   თითოეული მხარე დაუშვებს ისეთი მოწყობილობების გადაადგილებას, როგორიცაა ცარიელი კონტეინერები, რომელთა გადაზიდვა არ ხდება ტვირთის სახით თანხის გადახდის სანაცვლოდ, საქართველოს ნავსადგურებს ან გაერთიანებული სამეფოს ნავსადგურებს შორის.

  7.  თითოეული მხარე კომპეტენტური ორგანოს ავტორიზაციის საფუძველზე უფლებას მისცემს მეორე მხარის საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებლებს განახორციელონ ფიდერული მომსახურება მათ სახელმწიფო ნავსადგურებს შორის.

მუხლი 120

საჰაერო ტრანსპორტი

მხარეებს შორის საჰაერო ტრანსპორტის თანმიმდევრული ლიბერალიზაცია, რომელიც შესაბამისობაშია მათ ნაცვალგებით კომერციულ საჭიროებებთან და ბაზარზე ორმხრივი დაშვების პირობებთან, მოწესრიგდება საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის საჰაერო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ან შეთანხმებით.

ნაწილი 6

ელექტრონული კომერცია

ქვენაწილი 1

ზოგადი დებულებები

მუხლი 121

მიზნები და პრინციპები

1.   მხარეები აღიარებენ რა, რომ ელექტრონული კომერცია მრავალ სექტორში ზრდის ვაჭრობის შესაძლებლობებს, თანხმდებიან, რომ ხელი შეუწყონ მათ შორის ელექტრონული კომერციის განვითარებას, განსაკუთრებით ურთიერთთანამშრომლობას იმ საკითხებში, რომელიც წარმოიშობა ელექტრონული კომერციით ამ თავის დებულებების შესაბამისად.

 

2.  მხარეები თანხმდებიან, რომ ელექტრონული კომერციის განვითარება უნდა იყოს თავსებადი მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან ელექტრონული კომერციის მომხმარებელთა ნდობის უზრუნველყოფის მიზნით.

 

3.  მხარეები თანხმდებიან, რომ ელექტრონული ტრანზაქციები უნდა იქნეს  განხილული, როგორც მომსახურების უზრუნველყოფა ამ თავის მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) მიხედვით, რაც არ შეიძლება იყოს საბაჟო მოსაკრებლის საგანი.

 

მუხლი 122

თანამშრომლობა ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებით

1.   მხარეებმა უნდა აწარმოონ დიალოგი ელექტრონული კომერციიდან წარმოშობილ რეგულირების საკითხებზე, რაც მათ შორის ეხება შემდეგ საკითხებს:

 

(a)  საზოგადოებისთვის გაცემული ელექტრონული ხელმოწერების სერტიფიკატების აღიარებას და საზღვრებს გარეთ სერტიფიცირების მომსახურების გამარტივებას;

(b)    საშუამავლო მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობას ინფორმაციის გადაცემაზე ან შენახვაზე;

(c)    ელექტრონული კომერციის კომუნიკაციებში თვითნებურ წვდომასთან  მიმართებას;

(d)    მომხმარებელთა დაცვას ელექტრონული კომერციის ფარგლებში;

(e)    ელექტრონული კომერციის განვითარებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2.    თანამშრომლობამ შეიძლება მიიღოს აღნიშნულ საკითხებზე მხარეების შესაბამის კანონმდებლობისა და მისი განხორციელების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ფორმა.

ქვენაწილი 2

საშუამავლო მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობა

მუხლი 123

საშუამავლო მომსახურების გამოყენება

1.    მხარეები აღიარებენ, რომ შუამავლების მომსახურება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მესამე მხარის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის და საშუამავლო მომსახურების მიმწოდებლებისთვის უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ამ ქვენაწილში განსაზღვრული ზომების გატარება.

 

2.    ამ შეთანხმების 124-ე მუხლის მიზნებისთვის „მომსახურების მიმწოდებელი“ გულისხმობს ციფრული ონლაინ კომუნიკაციებისათვის გადაცემის, მარშრუტიზაციის ან კავშირების მიმწოდებელს, მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ ორ ან მრავალ წერტილს შორის, მომხმარებლის მიერ არჩეული მონაცემებით, კონტენტის მოდიფიცირების გარეშე. ამ შეთანხმების 125-ე და 126-ე მუხლების მიზნებისთვის, „მომსახურების მიმწოდებელი“ ნიშნავს მიმწოდებელს ან საშუალებების ოპერატორს ონლაინ მომსახურებისთვის ან ქსელთან დაშვებისთვის.

მუხლი 124

საშუამავლო მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობა: „ინფორმაციის გადაცემა”

1.   იმ შემთხვევაში, როცა საინფორმაციო საზოგადოების მომსახურება შედგება  მომსახურების მიმღების მიერ საკომუნიკაციო ქსელში გადაცემული ინფორმაციისგან, ან საკომუნიკაციო ქსელთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისგან, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ  მომსახურების მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი გადაცემულ ინფორმაციაზე იმ პირობით, რომ მიმწოდებელი:

(a)    არ ახდენს გადაცემის ინიცირებას;

(c)    არ ირჩევს გადაცემული ინფორმაციის მიმღებს; და

(d)    არ ირჩევს ან ცვლის გადაცემულ ინფორმაციას.

2.  პირველ პარაგრაფში აღნიშნული ინფორმაციის გადაცემა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოიცავს გადაცემული ინფორმაციის ავტომატურ, შუალედურ და მოკლევადიან შენახვას იმ პერიოდის განმავლობაში, რაც აუცილებელია საკომუნიკაციო ქსელში გადაცემის განსახორციელებლად და იმ პირობით, რომ ინფორმაცია არ ინახება გადაცემისათვის საჭირო გონივრულ ვადაზე მეტ ხანს.

3.  აღნიშნულმა მუხლმა გავლენა არ უნდა იქონიოს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოების შესაძლებლობაზე, მხარეების სამართლებრივი სისტემის შესაბამისად მომსახურებების მიმწოდებელს მოსთხოვოს დარღვევის შეწყვეტა ან  აღკვეთა.

მუხლი 125

საშუამავლო მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობა: „ქეშირება”

1.   იმ შემთხვევაში, როცა საინფორმაციო საზოგადოების მომსახურება მოიცავს მომსახურების მიმღების მიერ საკომუნიკაციო ქსელში მიწოდებულ ინფორმაციას, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მომსახურების მიმწოდებლები არ არიან პასუხისმგებელნი ინფორმაციის ავტომატურ, შუალედურ და მოკლევადიან შენახვაზე, თუ იგი განპირობებულია მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ  მომსახურების სხვა მიმღებების მოთხოვნით მათთვის ინფორმაცია იყოს ეფექტურად მიწოდებული იმ პირობით, რომ: 

(a)    მიმწოდებელი არ ცვლის ინფორმაციას;

(b)    მიმწოდებელი ასრულებს პირობებს ინფორმაციის წვდომაზე;

(c)   მიმწოდებელი ასრულებს ინფორმაციის განახლების წესებს, რომელიც ფართოდ გავრცელებული და გამოყენებულია წარმოებაში;

(e)   მიმწოდებელი არ ერევა იმ ტექნოლოგიების კანონიერ გამოყენებაში, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული და გამოყენებული წარმოებაში, რათა მიღებულ იქნეს მონაცემები ინფორმაციის გამოყენებაზე; და

(f)     მიმწოდებელი იღებს ოპერატიულ ზომებს მის მიერ შენახული ინფორმაციის წაშლაზე ან ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის შეწყვეტაზე იმის შემდეგ, რაც მისთვის ფაქტობრივად ცნობილი ხდება[21] , რომ ინფორმაცია გადაცემის საწყის წყაროდან იყო ამოღებული ქსელიდან ან მასთან წვდომა იყო შეწყვეტილი, ან სასამართლომ ან ადმინისტრაციულმა ორგანომ მოითხოვა აღნიშნული ინფორმაციის წაშლა ან წვდომის შეწყვეტა.

2.  აღნიშნულმა მუხლმა გავლენა არ უნდა იქონიოს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობაზე, მხარეების კანონმდებლობის შესაბამისად მომსახურების მიმწოდებელს მოსთხოვოს დარღვევების შეწყვეტა ან  აღკვეთა.

მუხლი 126

საშუამავლო მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობა: „ჰოსტინგი”

1.   იმ შემთხვევაში, როცა საინფორმაციო საზოგადოების მომსახურება მოიცავს მომსახურების მიმღების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შენახვას, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მომსახურების მიმწოდებელი არ იყოს პასუხისმგებელი ინფორმაციაზე, რომელიც ინახება მომსახურების მიმღების თხოვნით იმ პირობით, რომ:

(a)    მიმწოდებლისთვის ფაქტობრივად არ არის ცნობილი არაკონონიერი საქმიანობის ან ინფორმაციის შესახებ და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის კუთხით არ არის ინფორმირებული ფაქტების ან გარემოებების შესახებ, რომლებისგანაც არაკანონიერი საქმიანობა ან ინფორმაცია ხდება ნათელი; ან

(b)    ასეთი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი მოქმედებს ოპერატიულად, რათა წაშალოს ან შეწყვიტოს წვდომა ინფორმაციაზე;

2.   პირველი პარაგრაფი არ გამოიყენება იმ შემთხვევებში, როცა მომსახურების მიმღები მოქმედებს მომსახურების მიმწოდებლის გავლენის ან კონტროლის ქვეშ.

3.  აღნიშნულმა მუხლმა გავლენა არ უნდა მოახდინოს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობაზე, მხარეების კანონმდებლობის შესაბამისად მოსთხოვოს მომსახურების მიმწოდებელს დარღვევის შეწყვეტა ან აღკვეთა, ასევე, არ უნდა იქონიოს გავლენა მხარის შესაძლებლობაზე, რომ შეიმუშაოს პროცედურები ინფორმაციაზე წვდომის შეწყვეტის ან აღკვეთის სამართავად.

მუხლი 127

მონიტორინგის ზოგადი ვალდებულების არარსებობა

1.    ამ შეთანხმების 124-ე, 125-ე და 126-ე მუხლებით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფის დროს მხარეებმა მიმწოდებლებს არ უნდა დააკისრონ ზოგადი ვალდებულება ინფორმაციის მონიტორინგზე, რომელსაც ისინი გადასცემენ ან ინახავენ, ასევე მხარეებმა არ უნდა დააკისრონ ზოგადი ვალდებულება იმ ფაქტებისა და გარემოებების აქტიურ მოძიებაზე, რომლებიც მიუთითებენ არაკანონიერ საქმიანობაზე.

2.  მხარეს შეუძლია დააწესოს ვალდებულებები საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების მიმწოდებლებისთვის, რათა დაუყოვნებლივ აცნობონ კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს განხორციელებული არაკანონიერი საქმიანობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ან მომსახურების მიმღების მიერ მიწოდებული ინფორმაციის  ან ვალდებულებების შესახებ, რომ მიაწოდონ ინფორმაცია კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნის შემთხვევაში, რომელიც იმ მომსახურების მიმღებების იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა, ვისთანაც მათ შენახვის ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული.

ნაწილი 7

გამონაკლისები

მუხლი 128

ზოგადი გამონაკლისები

1.   ამ შეთანხმების 357-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადი გამონაკლისებისთვის ზიანის მიყენების გარეშე ამ თავისა და ამ შეთანხმების XI-A და XI-E, XI-B და XI-F, XI-C და XI-G, XI-D და XI-H დანართების დებულებები წარმოადგენს ამ მუხლში მითითებული გამონაკლისების საგანს.

2.  იმ პირობით, რომ ასეთი ზომები არ იქნება გამოყენებული იმგვარად, რომ შექმნას თვითნებური ან დაუსაბუთებელი დისკრიმინაცია ქვეყნებს შორის, სადაც არსებობს მსგავსი პირობები ან ფარული შეზღუდვა დაფუძნებაზე ან მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდებაზე, წინამდებარე თავში არაფერი უნდა უშლიდეს ხელს ნებისმიერ მხარეს იმ ზომების მიღებასა და გამოყენებაში, რომლებიც:

(a)  საჭიროა საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი მორალის დაცვისათვის ან საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებისთვის;

(b)    საჭიროა ადამიანების, ცხოველების ან მცენარეების სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაცვისთვის;

(c)    უკავშირდება ამოწურვადი რესურსების კონსერვაციას, თუ ასეთი ზომები გამოიყენება ადგილობრივ მეწარმეებზე დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად ან მომსახურების ადგილობრივ მიწოდებასა და მოხმარებაზე;

(d)   საჭიროა მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული საგანძურის დასაცავად;

(e)    საჭიროა იმ კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის დასაცავად, რომლებიც შეუსაბამობაში არ მოდის ამ თავის დებულებებთან, მათ შორის ისეთის, რომელიც უკავშირდება:

  (i)    შეცდომაში შემყვანი და არაკეთილსინდისიერი საქმიანობის აღკვეთას ან კონტრაქტების შეუსრულებლობის შედეგებთან გამკლავებას;

  (ii)    ინდივიდუალურ პირთა პირად ცხოვრებაში ჩაურევლობას, პერსონალური ინფორმაციის გადამუშავებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით და ინდივიდუალური ჩანაწერების და ანგარიშების კონფიდენციალურობის დაცვას;

(iii)      უსაფრთხოებას.

(f)     არ არის შესაბამისობაში ამ შეთანხმების 7 6-ე და 8 2-ე მუხლებთან იმის გათვალისწინებით, რომ განსხვავებული მოპყრობა მიმართულია მეორე მხარის ეკონომიკური საქმიანობის, მეწარმეების ან მომსახურების მიმწოდებლების მიმართ პირდაპირი გადასახადების ეფექტიანი ან სამართლიანი დაწესების ან ამოღების უზრუნველყოფაზე[22] .

3.   ამ თავის და ამ შეთანხმების XI-A და XI-E, XI-B და XI-F, XI-C და XI-G, XI-D და XI-H დანართების დებულებები არ ეხება მხარეების შესაბამის სოციალური დაცვის სისტემებს ან მხარის ტერიტორიაზე ისეთ საქმიანობას, რომელიც თუნდაც შემთხვევით უკავშირდება ოფიციალური ძალაუფლების გამოყენებას.

მუხლი 129

საგადასახადო ზომები

ამ თავის დებულებების შესაბამისად მინიჭებული უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი არ ვრცელდება:

(a)   რეჟიმზე, რომელიც მინიჭებულია კვალიფიკაციის, ლიცენზიის ან გონივრული გამონაკლისების ზომების აღიარებით, GATS-ის VII მუხლის ან მისი ფინანსური მომსახურებების დანართის შესაბამისად;

(b)    ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებებით მინიჭებულ საგადასახადო რეჟიმზე, რომელიც მთლიანად ან ძირითადად დაბეგვრას ეხება.

მუხლი 130

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამონაკლისები

1.  არაფერი ამ შეთანხმებაში არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ:

(a)  მოსთხოვოს ნებისმიერ მხარეს, წარადგინოს ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებას ის მიიჩნევს თავისი უსაფრთხოების არსებითი ინტერესების საწინააღმდეგოდ;

(b)   შეზღუდოს მხარე ისეთ ღონისძიებების გატარებისაგან, რომელსაც ის მიიჩნევს აუცილებლად თავისი უსაფრთხოების არსებითი ინტერესების დასაცავად და რომელიც:

(i)      უკავშირდება იარაღის, აღჭურვილობის ან საომარი მასალების წარმოებას ან ვაჭრობას;

(ii)    უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ხორციელდება სამხედრო დაწესებულების მომარაგების მიზნით;

(iii) უკავშირდება გახლეჩად და თერმობირთვულ მასალებს ან იმ მასალებს, რომლისგანაც ისინი მიიღება; ან

(iv)  მიღებულია ომის ან საერთაშორისო ურთიერთობებში შექმნილი სხვა სახის საგანგებო მდგომარეობის დროს; ან

(c)  შეზღუდოს მხარე იმ ღონისძიების შესრულებისაგან, რომელიც მან ვალდებულების სახით აიღო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

თავი 7

მიმდინარე გადახდები და კაპიტალის მოძრაობა

მუხლი 131

მიმდინარე გადახდები

მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმების VIII მუხლის შესაბამისად არ დააწესებენ შეზღუდვებს და დაუშვებენ თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში , მხარეებს შორის ნებისმიერ გადახდებსა და ტრანსფერებს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშზე.

მუხლი 132

კაპიტალის მოძრაობა

1.   ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან საგადასახდელო ბალანსის კაპიტალისა და ფინანსურ ანგარიშთან მიმართებაში მხარეები უზრუნველყოფენ კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას იმ პირდაპირ ინვესტიციებთან, მათ შორის, უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება მიმღები მხარის კანონმდებლობის შესაბამისად იმ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-6 თავის (დაფუძნება, მომსახურებით ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია) დებულებების შესაბამისად და ინვესტირებული კაპიტალის და მისგან გამომდინარე ნებისმიერი მოგების განაღდებას ან რეპატრიაციას.

2.   ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან საგადასახდელო ბალანსის კაპიტალისა და ფინანსურ ანგარიშზე განხორციელებულ გარიგებებთან მიმართებაში, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებებისა, ამ შეთანხმების სხვა დებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე თითოეული მხარე უზრუნველყოფს:

(a)  იმ კრედიტებთან დაკავშირებული კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება ისეთ კომერციულ გარიგებებს ან მომსახურების გაწევას, რომელშიც მონაწილეობს ერთ-ერთი მხარის რეზიდენტი;

(b)  იმ კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას, რომელიც უკავშირდება მხარის ინვესტორების პორტფელურ ინვესტიციებს, ფინანსურ სესხებსა და კრედიტებს.

მუხლი 133

დაცვითი ზომები

განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც გადახდები ან კაპიტალის მოძრაობა იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს საქართველოში ან გაერთიანებულ სამეფოში გაცვლითი კურსის პოლიტიკის ან მონეტარული პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული სერიოზული სირთულეები, მათ შორის სერიოზული სირთულეები საგადასახდელო ბალანსთან დაკავშირებით, მხარეებმა შეიძლება შემოიღონ დაცვითი ზომები არაუმეტეს ექვსი თვის ვადით, თუ ასეთი ზომები წარმოადგენს აუცილებლობას. მხარემ, რომელიც ახორციელებს დაცვითი ზომების შემოღებას, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს და ასევე, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, ასეთი დაცვითი ზომების გაუქმების შესაბამისი ვადები.

მუხლი 134

გამარტივებისა და განვითარების დებულებები

  მხარეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები, მათ შორის კაპიტალის მოძრაობის გამარტივების მიზნით, რათა ხელი შეუწყონ ამ შეთანხმების მიზნების მიღწევას.

თავი 8

საჯარო შესყიდვები

მუხლი 135

მიზნები

1.    მხარეები აცნობიერებენ გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული, კონკურენტული და ღია ტენდერის წვლილს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში და მიზნად ისახავენ თავიანთი შესაბამისი შესყიდვების ბაზრების ეფექტიან, ნაცვალგებით და ეტაპობრივ გახსნას.

2.    ეს თავი ითვალისწინებს ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე როგორც ტრადიციული სექტორის, ასევე კომუნალური მომსახურების სექტორის საჯარო ხელშეკრულებებისა და კონცესიებისათვის ეროვნული რეჟიმის პრინციპის საფუძველზე საჯარო შესყიდვების ბაზრების ორმხრივ ხელმისაწვდომობას.

მუხლი 136

მოქმედების სფერო

1.     ეს თავი ვრცელდება სამუშაოს, საქონლის მიწოდების და მომსახურების საჯარო ხელშეკრულებებზე, ასევე კომუნალური მომსახურების სექტორში სამუშაოს, საქონლის მიწოდებისა და მომსახურების საჯარო ხელშეკრულებებზე და სამუშაოს და მომსახურების კონცესიებზე იმ შემთხვევაში და იქ, სადაც ასეთი ხელშეკრულებები გამოიყენება.

2.   ეს თავი ვრცელდება ნებისმიერ შემსყიდველ სახელმწიფო ორგანოსა და  შემსყიდველ ორგანიზაციაზე, რომელიც აკმაყოფილებს გაერთიანებული სამეფოს საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის განმარტებებს (შემდგომში მოიხსენიება როგორც „შემსყიდველი ორგანიზაცია“). ის ასევე ვრცელდება საჯარო სამართალს დაქვემდებარებულ ორგანოებსა და კომუნალური მომსახურების სექტორში მოქმედ საწარმოებზე, როგორიცაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ შესაბამის საქმიანობას და კერძო საწარმოები, რომლებიც კომუნალური მომსახურების სექტორში მოქმედებენ სპეციალური ან ექსკლუზიური უფლებების საფუძველზე.[23]

3.   ეს თავი ვრცელდება ხელშეკრულებებზე, რომელთა ღირებულება აღემატება ამ შეთანხმების X II-A დანართით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.

4.   საჯარო ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულების გამოთვლა უნდა მოხდეს დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე სრულად გადასახდელი თანხის საფუძველზე. აღნიშნული მონეტარული ზღვრების გამოყენებისას საქართველომ უნდა მოახდინოს ხელშეკრულების ღირებულების გაანგარიშება და კონვერტაცია ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის გამოყენებით.

5.   მონეტარული ზღვრები უნდა გადაიხედოს რეგულარულად ყოველ ორ წელიწადში ერთხელ დაწყებული ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლიდან და უნდა დაეფუძნოს ევროს საშუალო დღიურ ღირებულებას, გამოსახულს სპეციალურ სასესხო უფლებებში (SDR). საანგარიშო პერიოდი არის გადახედვამდე 24 თვე, რომელიც მთავრდება აგვისტოს ბოლო დღეს. გადახედილი ზღვარი ძალაში შედის პირველი იანვრიდან. ამგვარად გადახედილი მონეტარული ზღვრები, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დამრგვალდეს სიმცირისკენ უახლოეს ათასეულ ევრომდე. გადახედილი მონეტარული ზღვარი უნდა დაამტკიცოს  ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულმა ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმმა.

მუხლი 137

ინსტიტუციური გარემო

1.  თითოეულმა მხარემ უნდა დააფუძნოს ან შეინარჩუნოს საჯარო შესყიდვების სისტემის სათანადო ფუნქციონირებისა და ამ თავის პრინციპების განხორციელებისათვის აუცილებელი  შესაბამისი ინსტიტუციური ჩარჩო და მექანიზმები.

2.     მხარეებმა უნდა განსაზღვრონ, კონკრეტულად:

(a)    ცენტრალური აღმასრულებელი ორგანო, რომლის ამოცანაა თანმიმდევრული პოლიტიკის უზრუნველყოფა და მისი განხორციელება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ ყველა სფეროში. აღნიშნულმა  ორგანომ ხელი უნდა შეუწყოს და  კოორდინირება გაუწიოს ამ თავის განხორციელებას.

(b)    მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო, რომლის ამოცანაა შემსყიდველი სახელმწიფო ორგანოების ან შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულების დასადებად გამარჯვებულის გამოვლენისას მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა. ამ კონტექსტში „დამოუკიდებელი“ გულისხმობს იმას, რომ ეს ორგანო უნდა იყოს საჯარო დაწესებულება, რომელიც განცალკევებულია ყველა შემსყიდველი ორგანიზაციისაგან და ეკონომიკური ოპერატორებისაგან. ასეთი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლო გასაჩივრება უნდა იყოს შესაძლებელი.

3.   თითოეული მხარე უზრუნველყოფს ადგილობრივი კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებული ეკონომიკური ოპერატორების საჩივრების განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიან აღსრულებას.

მუხლი 138

ხელშეკრულების დადების მარეგულირებელი ძირითადი სტანდარტები

1.  ა მ შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 წლისა, მხარეებმა უნდა შეასრულონ  ამ მუხლის 2-15 პუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების  ძირითადი სტანდარტები. აღნიშნული ძირითადი სტანდარტები უშუალოდ გამომდინარეობს შესყიდვების წესებიდან და პრინციპებიდან, მათ შორის, არადისკრიმინაციულობის, თანასწორი მოპყრობის, გამჭვირვალობის და პროპორციულობის პრინციპებიდან.

გამოქვეყნება

2.  თითოეული მხარე უზრუნველყოფს ყველა დაგეგმილი  შესყიდვის  მედიის სათანადო საშუალებებში გამოქვეყნებას იმ წესით, რაც  საკმარისია:[24]

(a)   კონკურენციისათვის ბაზრის გასახსნელად; და

(b)  ნებისმიერი დაინტერესებული ეკონომიკური ოპერატორისთვის დაგეგმილ შესყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაციის სათანადო ხელმისაწვდომობისათვის ხელშეკრულების დადებამდე და ხელშეკრულების მისაღებად თავისი ინტერესის გამოსახატად.

3.  გამოქვეყნება უნდა იყოს ეკონომიკური ოპერატორების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ეკონომიკური ინტერესის შესაბამისი.

4.   გამოქვეყნებული ინფორმაცია სულ მცირე უნდა შეიცავდეს დასადები ხელშეკრულების არსებით დეტალებს, თვისობრივი შერჩევის კრიტერიუმებს, ხელშეკრულების დადების მეთოდს, ხელშეკრულების დადების კრიტერიუმებს და სხვა დამატებით ინფორმაციას, რისი ცოდნაც ლოგიკურად ესაჭიროება ეკონომიკურ ოპერატორს, რათა მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების მოსაპოვებლად ინტერესის გამოხატვის შესახებ.

 

ხელშეკრულების დადება

5.    ხელშეკრულების დადება უნდა მოხდეს გამჭვირვალე და მიუკერძოებელი პროცედურების გამოყენებით, რაც ხელს შეუშლის კორუფციულ პრაქტიკას. მიუკერძოებლობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, კერძოდ, ხელშეკრულების პირობების არადისკრიმინაციული აღწერით, ყველა ეკონომიკური ოპერატორისათვის თანაბარი ხელმისაწვდომობით, სათანადო ვადების დადგენით და გამჭვირვალე და ობიექტური მიდგომით.

6.   შემსყიდველმა ორგანიზაციამ, მოთხოვნილი სამუშაოს, საქონლის ან მომსახურების მახასიათებლების აღწერისას უნდა გამოიყენოს შესრულების და ფუნქციების ზოგადი აღწერა და საერთაშორისო ან ეროვნული სტანდარტები. 

7.   სამუშაოს, საქონლის ან მომსახურების მოთხოვნილი მახასიათებლების აღწერისას დაუშვებელია კონკრეტული მოდელის, წყაროს, ცალკეული პროცესის, სასაქონლო ნიშნის, პატენტის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი მითითება დასაბუთებულია ხელშეკრულების პირობებით და აღწერას თან ერთვის ტერმინები „ან ექვივალენტური“. უპირატესობა უნდა მიენიჭოს შესრულებისა და ფუნქციების ზოგად აღწერას.

8.   შემსყიდველმა ორგანიზაციამ არ უნდა დააწესოს ისეთი პირობა, რომლის შედეგია მეორე მხარის ეკონომიკური ოპერატორების პირდაპირი ან არაპირდაპირი დისკრიმინაცია, როგორიცაა მოთხოვნა, რომ ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც გამოხატავს ხელშეკრულებისადმი ინტერესს, უნდა იყოს დაფუძნებული იმავე ქვეყანაში, რეგიონში ან ტერიტორიაზე, სადაც შემსყიდველი ორგანიზაცია.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ხელშეკრულების სპეციფიკური გარემოებებით დასაბუთებული აუცილებლობა, გამარჯვებულ განმცხადებელს შეიძლება მოეთხოვოს ცალკეული ბიზნეს ინფრასტრუქტურის დაფუძნება შესრულების ადგილას. 

9.  ინტერესის გამოსახატად და სატენდერო წინადადების წარსადგენად განსაზღვრული ვადა უნდა იყოს საკმარისი, იმისათვის, რომ მეორე მხარის ეკონომიკურმა ოპერატორმა შეძლოს ტენდერის გონივრული შეფასება და სატენდერო წინადადების მომზადება.

10.   ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წინასწარ გაეცნოს მოქმედ წესებს, შერჩევის კრიტერიუმებს და ხელშეკრულების დასადებად გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს. ეს წესები თანაბრად გამოიყენება ყველა მონაწილის მიმართ.

11.    შემსყიდველ ორგანიზაციებს შეუძლიათ მოიწვიონ განმცხადებელთა შეზღუდული რაოდენობა შეთავაზების წარსადგენად  იმ პირობით, რომ:

(a)    აღნიშნული გაკეთდა გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით; და

(b)    შერჩევა ეფუძნება მხოლოდ ობიექტურ ფაქტორებს, როგორიცაა განმცხადებლის   გამოცდილება შესაბამის სექტორში, ბიზნესის ზომა და ინფრასტრუქტურა ან მათი ტექნიკური და პროფესიული შესაძლებლობები.

წინადადების წარსადგენად შეზღუდული რაოდენობის განმცხადებელთა მოწვევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სათანადო კონკურენციის უზრუნველყოფის საჭიროება.

12.   შემსყიდველ ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოიყენონ მოლაპარაკების პროცედურა მხოლოდ გამონაკლისის სახით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც ასეთი პროცედურის გამოყენება ფაქტიურად არ ზღუდავს კონკურენციას.

13.     შემსყიდველ ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოიყენონ შეფასების სისტემა მხოლოდ იმ პირობით, რომ კვალიფიციურ ეკონომიკურ ოპერატორთა სია შედგენილია ამის თაობაზე განცხადების საკმარისად გავრცელების, გამჭვირვალე და ღია პროცედურის გზით. ამ სისტემის ფარგლებში ხელშეკრულება უნდა იქნეს დადებული ასევე არადისკრიმინაციულ საფუძველზე.

14.     თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ გამჭვირვალე პროცედურების გზით დაიდოს ხელშეკრულება იმ პრეტენდენტთან, რომელმაც წარმოადგინა ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი წინადადება ან წარადგინა ყველაზე დაბალი ფასი, ტენდერის კრიტერიუმებისა და პროცედურული წესების საფუძველზე, რომელიც დადგენილი და ცნობილი იყო წინასწარ. საბოლოო გადაწყვეტილება ეცნობება ყველა განმცხადებელს დაუყოვნებლივ. დამარცხებულ განმცხადებელს მოთხოვნის საფუძველზე უნდა ეცნობოს გადაწყვეტილების მიზეზი ისეთი დეტალებით, რაც საკმარისი იქნება ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის.  

 

სასამართლო წესით დაცვა

15.    თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს ან შეიძლება ჰქონდეს ინტერესი ხელშეკრულების მოსაპოვებლად და რომელსაც მიადგა ან შეიძლება მიადგეს ზიანი შესაძლო დარღვევის შედეგად, ჰქონდეს ეფექტიანი, მიუკერძოებელი სასამართლო წესით დაცვის უფლება ხელშეკრულების დამდები ორგანიზაციის ნებისმიერი გადაწყვეტილებისგან, რაც დაკავშირებულია ხელშეკრულების დადებასთან. ასეთი გასაჩივრების პროცედურის მსვლელობისას მიღებული და საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს იმ საშუალებით, რაც საკმარისი იქნება ყველა დაინტერესებული ეკონომიკური ოპერატორის ინფორმირებისათვის.

მუხლი 139

ბაზარზე დაშვება

1.   მ ხარეები თანხმდებიან, რომ მათი შესაბამისი ბაზრების ეფექტიანი და ნაცვალგებითი გახსნა უნდა მოხდეს ეტაპობრივად და ერთდროულად.

2.   თუ ერთმა მხარემ, ამ შეთანხმების X II-B დანართის შესაბამისად, გახსნა თავისი შესყიდვების ბაზარი  მეორე მხარისათვის:

(a)  გაერთიანებულმა სამეფომ უნდა უზრუნველყოს  ხელშეკრულების დადების პროცედურების ხელმისაწვდომობა საქართველოს კომპანიებისათვის, მიუხედავად იმისა, დაფუძნებულია თუ არა ეს კომპანიები გაერთიანებულ სამეფოში, გაერთიანებული სამეფოს კომპანიებისათვის მინიჭებულ რეჟიმზე არანაკლებ ხელსაყრელი პირობებით გაერთიანებული სამეფოს საჯარო შესყიდვების წესების მიხედვით.

(b)   საქართველომ უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების დადების პროცედურების ხელმისაწვდომობა გაერთიანებული სამეფოს კომპანიებისათვის, მიუხედავად იმისა, დაფუძნებულია თუ არა ეს კომპანიები საქართველოში, საქართველოს კომპანიებისათვის მინიჭებულ რეჟიმზე არანაკლებ ხელსაყრელი პირობებით ეროვნული შესყიდვების წესების მიხედვით.

3.   მხარეები იმსჯელებენ ბაზრის ორმხრივად გახსნის შესაძლებლობაზე იმ შესყიდვებისათვის, რომელთა ღირებულება ამ შეთანხმების X II-A დანართით განსაზღვრულ მონეტარულ ზღვრებს ქვემოთაა. 

მუხლი 140

შეტყობინება

1.   თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციები და ეკონომიკური ოპერატორები კარგად იყვნენ ინფორმირებულები  საჯარო შესყიდვების პროცედურების შესახებ, მათ შორის, ყველა შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული აქტების გამოქვეყნების გზით.

2.  თითოეული მხარე უზრუნველყოფს ტენდერების შესახებ ინფორმაციის ეფექტიანი გავრცელებას.

მუხლი 141

თანამშრომლობა

1.  მხარეებმა უნდა გააღრმაონ თანამშრომლობა საკუთარი საუკეთესო პრაქტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ გამოცდილების და ინფორმაციის გაცვლის გზით.

2.   გაერთიანებულმა სამეფომ ხელი უნდა შეუწყოს ამ თავის განხორციელებას, მათ შორის, ტექნიკური დახმარების გაწევის გზით იქ, სადაც ეს შესაფერისი იქნება. ცალკეული გადაწყვეტილება ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ მიღებულ უნდა იქნეს გაერთიანებული სამეფოს მხარის დაფინანსების შესაბამისი მექანიზმებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით ამ შეთანხმების VII კარში (ფინანსური დახმარების და ანტი-კორუფციული და კონტროლის წესები) მოცემული ფინანსური თანამშრომლობის შესახებ ნორმების შესაბამისად.

  3.    თანამშრომლობის საკითხთა საორიენტაციო სია მოცემულია ამ შეთანხმების XII-C დანართში.

თავი 9

ინტელექტუალური საკუთრების უფლებები

ნაწილი 1

ზოგადი დებულებები

მუხლი 142

მიზნები

წინამდებარე თავის მიზნებია:

(a)  ინოვაციური და შემოქმედებითი პროდუქტების წარმოებისა და კომერციალიზაციის ხელშეწყობა მხარეებს შორის; და

(b) ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების ადეკვატური და ეფექტიანი დონის მიღწევა.

მუხლი 143

ვალდებულებების არსი და ფარგლები

1.  მხარეებმა უნდა უზრუნველყონ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დადებული იმ საერთაშორისო შეთანხმებების ადეკვატური და ეფექტიანი განხორციელება, რომლის ხელმომწერებიც თავად არიან და რომლებიც მოიცავს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმებას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS შეთანხმება). წინამდებარე თავის მოთხოვნები უნდა ავსებდეს და დამატებით აკონკრეტებდეს TRIPS-ის შეთანხმებით და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებული სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრულ მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს.

2.  წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, „ინტელექტუალური საკუთრება“ ეხება ინტელექტუალური საკუთრების მინიმუმ ყველა იმ კატეგორიას, რომელზეც ვრცელდება წინამდებარე შეთანხმების 1 45-ე   18 1- მუხლები.

3.  ინტელექტუალური საკუთრების დაცვა მოიცავს არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან დაცვას, როგორც ეს სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის (1967) 10bis მუხლითაა დარეგულირებული (პარიზის კონვენცია).

მუხლი 144

უფლებების ამოწურვა

თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS შეთანხმება) შეთანხმებით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ამოწურვის რეჟიმი.

ნაწილი  2

ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული სტანდარტები

 ქვენაწილი 1

საავტორო და მომიჯნავე უფლებები

მუხლი 145

დაცვის მინიჭება

მხარეები განამტკიცებენ მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებას ქვემოთ ჩამოთვლილთან დაკავშირებით:

(a)  ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებთა დაცვის შესახებ ბერნის კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებზე და მოვალეობებზე (ბერნის კონვენცია);

(b)   შემსრულებლების, ფონოგრამების დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ რომის კონვენციაზე (1961);

(c)    TRIPS შეთანხმებაზე;

(d)   ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებაზე საავტორო უფლებების შესახებ;

(e)  ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებაზე შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ.

მუხლი 146

ავტორები

მხარეები ანიჭებენ ავტორებს განსაკუთრებულ უფლებას ნება დართონ ან აკრძალონ:

(a)    მათი ნაწარმოების პირდაპირი ან არაპირდაპირი, დროებითი ან მუდმივი რეპროდუცირება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ;

(b)    ნებისმიერი ფორმით მათი ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის საზოგადოებაში გავრცელება გაყიდვის ან სხვა გზით;

(c)    მათი ნაწარმოების ნებისმიერი საჯარო შესრულება სადენიანი ან უსადენო კავშირგაბმულობის საშუალებით მათ შორის იმგვარად, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების წევრებისთვის მათ მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.

მუხლი 147

შემსრულებლები

მხარეები ანიჭებენ შემსრულებლებს განსაკუთრებულ უფლებას:

(a)    ნება დართონ ან აკრძალონ მათი შესრულების ჩაწერა (ფიქსაცია)[25] ;

(b)   ნება დართონ ან აკრძალონ მათი შესრულების ჩანაწერის პირდაპირი ან არაპირდაპირი, დროებითი ან მუდმივი, ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით მთლიანი ან ნაწილობრივი რეპროდუცირება;

(c)    საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ მათი შესრულების ჩანაწერი  გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით  გადაცემის გზით;

(d)  ნება დართონ ან აკრძალონ მათი შესრულების ჩანაწერის გადაცემა სადენიანი ან უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით, ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების წევრებისთვის მათ მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

(e)    ნება დართონ ან აკრძალონ მათი შესრულების გადაცემა უკაბელო საშუალებებით და საზოგადოებისთვის მიწოდება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოცემული შესრულება წარმოადგენს ეთერში ადრე გადაცემულ ან ჩაწერილ შესრულებას.

მუხლი 148

ფონოგრამების დამამზადებლები 

თითოეული მხარე ანიჭებს ფონოგრამების დამამზადებლებს განსაკუთრებულ უფლებას:

(a)   ნება დართონ ან აკრძალონ მათი ფონოგრამების პირდაპირი ან არაპირდაპირი, დროებითი ან მუდმივი, ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანი ან ნაწილობრივი რეპროდუცირება;

(b)   საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ მათი ფონოგრამები, მათ შორის ფონოგრამის ასლები, გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით  გადაცემის გზით;

(c)   ნება დართონ ან აკრძალონ მათი ფონოგრამის გადაცემა სადენიანი ან უსადენო კავშირგაბმულობის საშუალებით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების წევრებისთვის მათ მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.

მუხლი 149

მაუწყებლობის ორგანიზაციები

თითოეული მხარე ანიჭებს მაუწყებლობის ორგანიზაციას განსაკუთრებულ უფლებას ნება დართოს ან აკრძალოს: 

(a)    მათი გადაცემის ჩაწერა;

(b)    მათი გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება;

(c)  მათი გადაცემის ჩანაწერის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა სადენიანი ან უსადენო კავშირგაბმულობის საშუალებით; და 

(d)    მათი გადაცემის ხელახალი გადაცემა უსადენო საშუალებებით და ასევე საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.

მუხლი 150

მაუწყებლობა და საზოგადოებისთვის მიწოდება

1.  თითოეული მხარე ადგენს უფლებას იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს მომხმარებლის მიერ სათანადო ერთჯერადი ჰონორარის  გადახდა, თუ მოგების მიღების მიზნით გამოცემული ფონოგრამა ან ასეთ ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოები გამოიყენება ეთერში გადასაცემად უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ან საჯარო გადაცემის ნებისმიერი სახით და ამასთან, უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნული ჰონორარის განაწილება შესაბამის შემსრულებლებსა და ფონოგრამის დამამზადებლებს შორის. 

2.  თითოეული მხარე უფლებამოსილია, შემსრულებლებსა და ფონოგრამის დამამზადებლებს შორის შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში დაადგინოს მათ შორის ჰონორარის განაწილების პირობები.

მუხლი 151

დაცვის ვადა

1.   ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოების ავტორის უფლებები ბერნის კონვენციის მე–2 მუხლის თანახმად მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან  70 წლის შემდეგ მიუხედავად იმისა, თუ როდის გახდა კანონიერად ნაწარმოები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

2.  ტექსტის მქონე მუსიკალური ნაწარმოების დაცვის მოქმედების ვადა იწურება ავტორთაგან უკანასკნელი ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ეს პირები მითითებული თანაავტორებად; ეს პირები არიან: ტექსტის ავტორი და მუსიკალური ნაწარმოების ავტორი თუ ორივეს წვლილი მიმართული იყო მოცემული ტექსტიანი მუსიკალური კომპოზიციის შესაქმნელად.

3.   შემსრულებლის უფლება იწურება შესრულების თარიღიდან არანაკლებ 50 წლის გასვლის შემდეგ, თუმცა:

(a)    თუ ამ ვადაში შესრულების ჩანაწერი, არა ფონოგრამის სახით, გამოცემის ან საზოგადოებისთვის მიწოდების გზით კანონიერად ხელმისაწვდომი გახდა, უფლებები იწურება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 50 წლის შემდეგ,

(b)    თუ ამ ვადაში ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულება გამოცემის ან  საზოგადოებისათვის მიწოდების გზით კანონიერად ხელმისაწვდომი გახდა, უფლებები იწურება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 70 წლის შემდეგ.

4.    ფონოგრამის დამამზადებლის უფლებები იწურება ჩაწერიდან არანაკლებ 50 წლის შემდეგ. თუმცა:

(a)  თუ ამ ვადაში ფონოგრამა გამოცემის ან საზოგადოებისათვის მიწოდების გზით კანონიერად ხელმისაწვდომი გახდა, აღნიშნული უფლებები იწურება პირველი კანონიერი გამოცემიდან არანაკლებ 70 წლის შემდეგ. თუ ზემოთ მითითებულ ვადაში არ მომხდარა კანონიერი გამოცემა და თუ ამ ვადაში ფონოგრამა კანონიერად იქნა მიწოდებული საზოგადოებისათვის, აღნიშნული უფლებები იწურება პირველად საჯარო გაცნობის თარიღიდან არანაკლებ 70 წლის შემდეგ;

(b)  თუ ფონოგრამის მართლზომიერად გამოცემის ან საზოგადოებისთვის მიწოდებიდან 50 წლის შემდეგ, ფონოგრამის დამამზადებელი გასაყიდად არ სთავაზობს ფონოგრამის ასლების საკმარის რაოდენობას ან არ ხდის მას საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს, შემსრულებელმა შეიძლება შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მან გადასცა მისი შესრულების ჩანაწერზე უფლებები  ფონოგრამის დამამზადებელს.

5.     მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებები იწურება მაუწყებლობის პირველად გადაცემიდან არანაკლებ 50 წლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, გადაცემა ხდება სადენით თუ  უსადენო გზით, საკაბელო ან სატელიტური კავშირის ჩათვლით.

6.     ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების ათვლა იწყება იმ წელიწადის შემდგომი წლის პირველი იანვრიდან, როდესაც დადგა იურიდიული ფაქტი, რომელიც მოცემული ვადების ათვლის დაწყების საფუძველია.

მუხლი 152

ტექნოლოგიური საშუალებების დაცვა

1.   თითოეული მხარე უზრუნველყოფს შესაბამის სამართლებრივ დაცვას ნებისმიერი ეფექტური ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლის წინააღმდეგ, რომელსაც პირი ახორციელებს განზრახ ან გაუფრთხილებლად, და მისი ქმედება ემსახურება ზემოაღნიშნულ მიზანს.

2.    თითოეული მხარე უზრუნველყოფს შესაბამის სამართლებრივ დაცვას შემოსავლების მიღების მიზნით იმ მოწყობილობის, პროდუქტის ან კომპონენტის დამზადების, იმპორტის, გავრცელების, გაყიდვის, გაქირავების, გაყიდვის ან გაქირავების მიზნით რეკლამირების, შენახვის, ან მომსახურების გაწევის წინააღმდეგ, რომელიც:   

(a)  წახალისებულია, რეკლამირებულია ან ბაზარზეა შეთავაზებული ნებისმიერი ეფექტური ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლის მიზნით;

(b)   გააჩნია მხოლოდ შეზღუდული კომერციული მნიშვნელობა ან გამოყენება, გარდა ნებისმიერი ეფექტური ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლის მიზნებისა; ან

(c)   შექმნილია, წარმოებულია, გადაკეთებულია ან განკუთვნილია ნებისმიერი ეფექტური ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლის მიზნით.

3.    წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის ტერმინი „ტექნოლოგიური საშუალებები“ გულისხმობს ნებისმიერ ტექნოლოგიას, მოწყობილობას ან კომპონენტს, რომელთა ნორმალურად ფუნქციონირების დროს აღკვეთილია ან იზღუდება მოქმედებები ნაწარმოებებთან ან სხვა ობიექტებთან მიმართებაში, რომლებიც ადგილობრივი კანონმდებლობით არ არის ნებადართული ნებისმიერი საავტორო ან მომიჯნავე უფლებების მფლობელის მიერ. ტექნოლოგიური საშუალება ქმედითად ჩაითვლება, თუ დაცული ნაწარმოების ან სხვა ობიექტის გამოყენებისას უფლებათა მფლობელი მასთან წვდომას აკონტროლებს იმ დაცვითი პროცესების მეშვეობით (დაშიფრვის, კოდირების, კოპირების შეზღუდვისა და სხვა გზით), რომლებიც ემსახურება დაცვის მიზანს.

მუხლი 153

უფლებების მართვის ინფორმაციის დაცვა

1.  თითოეული მხარე უზრუნველყოფს შესაბამის სამართლებრივ დაცვას ნებისმიერი პირისგან, რომელიც ნებართვის გარეშე განზრახ ახორციელებს ნებისმიერ შემდეგ ქმედებას:

(a)    ნებისმიერი ელექტრონული უფლებების მართვის ინფორმაციის წაშლა ან შეცვლა; ან

(b)    წინამდებარე შეთანხმებით დაცული ნაწარმოების ან სხვა ობიექტის გავრცელება, გავრცელების მიზნით იმპორტი, მაუწყებლობა, საჯარო გადაცემა ან საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომად ქცევა, საიდანაც ელექტრონული უფლებების მართვის ინფორმაცია უნებართვოდ არის წაშლილი ან შეცვლილი,

როდესაც ასეთმა პირმა იცოდა ან სათანადო საფუძველი ჰქონდა სცოდნოდა, რომ ეს ქმედება იწვევს, შესაძლებელს ხდის, ხელს უწყობს, ან მალავს ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილ ნებისმიერ საავტორო ან მომიჯნავე უფლებათა დარღვევას.

2.    წინამდებარე თავის მიზნებისთვის ტერმინი „უფლებების მართვის ინფორმაცია“ გულისხმობს უფლებათა მფლობელების მიერ მიწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რომლის საშუალებით ხორციელდება ამ თავით განსაზღვრული ნაწარმოების ან სხვა ობიექტის ავტორის ან სხვა უფლებათა მფლობელის იდენტიფიცირება, ან ინფორმაციას ნაწარმოების სხვა ობიექტის გამოყენების პირობების შესახებ, აგრეთვე ნებისმიერი ციფრები და კოდები, რომლებშიც მოცემულია ასეთი ინფორმაცია. პირველი პუნქტი გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ამ ინფორმაციის ნებისმიერი ელემენტი აღნიშნულია ნაწარმოების ან ამ თავით დაცული სხვა ობიექტის ასლზე ან ჩნდება მისი საჯარო გაცნობის დროს.

მუხლი 154

 გამონაკლისები და შეზღუდვები

1.    თითოეული მხარე  უფლებამოსილია მხარეთა მიერ ხელმოწერილი კონვენციების და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად დაადგინოს შეზღუდვები ან გამონაკლისები ამ შეთანხმების 1 46-ე – 15 1-ე მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებით მხოლოდ გარკვეულ, განსაკუთრებულ შემთხვევებში იმ პირობით, რომ ასეთი შეზღუდვები ხელს არ შეუშლის ნაწარმოების ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ არ შელახავს უფლებების მფლობელთა კანონიერ ინტერესებს.

2.  თითოეული მხარე უზრუნველყოფს ამ შეთანხმების 1 47-ე – 15 0-ე მუხლებით   გათვალისწინებული დროებითი რეპროდუცირების განხორციელებას, რომელიც არის დროებითი და შემთხვევითი ქმედება, წარმოადგენს ტექნიკური პროცესის აუცილებელ და მნიშვნელოვან ნაწილს და მისი ერთადერთი მიზანია:

(a)    მესამე პირებს შორის შუალედური გამოყენებისას ქსელში გადაცემა, ან

(b)    კანონიერი გამოყენება ნაწარმოების ან სხვა ობიექტისა, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებელი კომერციული მნიშვნელობა და რომელზეც არ ვრცელდება ამ შეთანხმების 155-ე - 158-ე მუხლებით დადგენილი რეპროდუცირების უფლება.

მუხლი 155

ავტორების უფლება სახვითი ხელოვნების ნაწარმოების ხელახალი გაყიდვისას

1.   თითოეული მხარე  უზრუნველყოფს ხელოვნების ნაწარმოების ორიგინალის ავტორის სასარგებლოდ ხელახალი გაყიდვის უფლების ხელშეუვალ უფლებად განსაზღვრას, რომელიც არ შეიძლება იქნეს გასხვისებული, თუნდაც წინასწარ, იმისათვის, რომ ავტორის მიერ ნაწარმოების პირველად გასხვისების შემდეგ, ავტორმა მიიღოს გასაყიდი ფასის შესაბამისი ჰონორარი ნაწარმოების ნებისმიერი ხელახალი გაყიდვისას.  

2.   პირველ პუნქტში მითითებული უფლება გამოყენებული უნდა იქნეს ყველა ხელახალი გაყიდვის შემთხვევაში, რომელშიც ჩართულნი არიან გამყიდველები, მყიდველები, სახელოვნებო ბაზარზე მოქმედი პროფესიონალი შუამავლები, როგორიცაა სამხატვრო სალონები, სახვითი ხელოვნების გალერეები და ზოგადად სახვითი ხელოვნების ნაწარმოებების დილერები.

3.   თითოეულმა მხარემ შეიძლება დაადგინოს, რომ პირველ პუნქტში მითითებული უფლება არ გავრცელდეს ხელახალი გაყიდვის იმ შემთხვევებზე, სადაც გამყიდველს უშუალოდ ავტორისგან აქვს მიღებული ნაწარმოები ხელახალ გაყიდვამდე სამ წელზე ნაკლები პერიოდით ადრე და ხელახალი გაყიდვის ფასი არ აღემატება გარკვეულ მინიმალურ თანხას. 

4.   ჰონორარი გადაიხდება გამყიდველის მიერ. თითოეულმა მხარემ შეიძლება დაადგინოს, რომ მე–2 პუნქტში მითითებული ერთ-ერთი ფიზიკური ან იურიდიული პირი, გამყიდველის გარდა, უნდა იყოს ერთპიროვნულად პასუხისმგებელი ან გამყიდველთან ერთად იზიარებდეს ჰონორარის გადახდის ვალდებულებას.

5.   დადგენილი სამართლებრივი დაცვა შეიძლება მოთხოვნილი იქნეს მხარის მიერ დაშვებულ ფარგლებში იქ, სადაც ეს დაცვა მოითხოვება. ჰონორარის შეგროვების პროცედურა და ოდენობა უნდა განისაზღვროს ადგილობრივი კანონმდებლობით.

მუხლი  156

თანამშრომლობა უფლებების კოლექტიური მართვის დარგში 

მხარეები უნდა ესწრაფვოდნენ კოლექტიური მართვის შესაბამის საზოგადოებებთან დიალოგისა და თანამშრომლობისკენ, მხარეთა ტერიტორიებზე ნაწარმოებების და სხვა დაცული ობიექტების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისა და ასეთი ნაწარმოებებისა და სხვა დაცული ობიექტების გამოყენებისათვის საავტორო ჰონორარების გადარიცხვის მიზნით.

 ქვენაწილი 2

სასაქონლო ნიშნები

მუხლი 157

საერთაშორისო შეთანხმებები

მხარეები განამტკიცებენ მათ მიერ აღებულ ვალდებულებას:

(a)    ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმის მიმართ, და

(b)    ნიშნების რეგისტრაციისათვის განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის შესახებ ნიცის შეთანხმების მიმართ.

მუხლი 158

რეგისტრაციის პროცედურა

1.   თითოეული მხარე  უზრუნველყოფს სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის სისტემას, რომლის ფარგლებშიც სასაქონლო ნიშნების შესაბამისი უწყების მიერ მიღებული ყოველი საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული და წერილობით უნდა ეცნობოს განმცხადებელს.

2.  თითოეული მხარე უზრუნველყოფს სასაქონლო ნიშნების განაცხადების გასაჩივრების შესაძლებლობას. ასეთი გასაჩივრების პროცედურები უნდა ეფუძნებოდეს შეჯიბრებითობის პრინციპს.

3.  მხარეები უზრუნველყოფენ სასაქონლო ნიშნებზე განაცხადებისა და რეგისტრირებული ნიშნების ელექტრონულ მონაცემთა ბაზის საჯარო ხელმისაწვდომობას.

მუხლი 159

საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები

თითოეული მხარე  აღასრულებს საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნების დაცვას პარიზის კონვენციის 6bis მუხლისა და TRIPS-ის შეთანხმების მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად და ამასთან, მას შეუძლია გაითვალისწინოს სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კავშირისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გენერალური ასამბლეის მიერ ისმოს წევრი ქვეყნების ოცდამეთოთხმეტე სხდომაზე (1999 წლის სექტემბერი) მიღებული ერთობლივი რეკომენდაცია საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნების დაცვის დებულებებთან დაკავშირებით. 

მუხლი 160

სასაქონლო ნიშანზე მინიჭებული უფლებების გამონაკლისები

თითოეული მხარე  უზრუნველყოფს შეზღუდული სახის ისეთ გამონაკლისებს სასაქონლო ნიშანზე მინიჭებულ უფლებებზე, როგორიცაა აღწერილობითი დასახელებების კეთილსინდისიერი გამოყენება,  გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა 168–ე მუხლის შესაბამისად, ან სხვა შეზღუდული გამონაკლისები იმ პირობით, თუ მხედველობაში იქნება მიღებული სასაქონლო ნიშნის მფლობელისა და მესამე პირთა კანონიერი ინტერესები. 

ქვენაწილი 3

გეოგრაფიული აღნიშვნები

მუხლი 161

მოქმედების სფერო

1.   წინამდებარე ქვენაწილი არეგულირებს იმ გეოგრაფიული აღნიშვნების აღიარებასა და დაცვას, რომლებიც წარმოშობილია მხარეთა ტერიტორიებიდან.

2.   იმისათვის, რომ ერთი ხელშემკვრელი მხარის გეოგრაფიულ აღნიშვნას მიენიჭოს დაცვა მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ, ის უნდა ფარავდეს ამ შეთანხმების 1 62-ე მუხლში მითითებული ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით განსაზღვრულ პროდუქციას.

მუხლი 162

 დადგენილი გეოგრაფიული აღნიშვნები

1.   გაერთიანებულმა სამეფომ, შეისწავლა რა ,,საქართველოს კანონი საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ მიღებული 1999 წლის 22 აგვისტოს, ასკვნის, რომ ეს კანონი შეესაბამება ამ შეთანხმების X III-A დანართში მითითებულ პირობებს.

2.    საქართველომ, შეისწავლა რა ევროკავშირის საბჭოს 1991 წლის 10 ივნისის რეგულაცია (EEC) N1601/91, რომელიც ადგენს არომატიზებული ღვინოების, არომატიზებულ ღვინოებზე დაფუძნებული სასმელების და არომატიზებული ღვინოპროდუქტების კოქტეილების  განსაზღვრის, აღწერის და წარმოდგენის ზოგად წესებს, 2006 წლის 20 მარტის სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების  გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დაცვის შესახებ ევროკავშირის საბჭოს რეგულაციის (EC) N510/2006, იმპლემენტაციის წესებით, რომელიც შეეხება ევროკავშირში სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების  გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციას, კონტროლს და დაცვას, 2007 წლის 22 ოქტომბრის ევროკავშირის საბჭოს რეგულაციის (EC) N1234/2007 II ნაწილის II კარის I თავის I სექცია, რომელიც შეეხება სასოფლო სამეურნეო ბაზრების საერთო მოწყობას და სოფლის მეურნეობის ზოგიერთი პროდუქტის სპეციალურ დებულებებს (ერთიანი ბაზრის ორგანიზების რეგულაცია), ევროპის პარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2008 წლის 15 იანვრის რეგულაცია (EC) N 110/2008, რომელიც შეეხება სპირტიანი სასმელების  გეოგრაფიული აღნიშვნების განსაზღვრას, აღწერას, წარმოდგენას, ეტიკეტირებას და დაცვას, ასკვნის, რომ ეს კანონები, წესები და პროცედურები შეესაბამება ამ შეთანხმების XVII-A დანართში მითითებულ პირობებს.

3.  საქართველომ უნდა დაიცვას გაერთიანებული სამეფოს გეოგრაფიული აღნიშვნები, რომლებიც მოცემულია ამ შეთანხმების X III-C დანართში და ღვინოების, არომატიზებული ღვინოებისა და სპირტიანი სასმელების გეოგრაფიული აღნიშვნები, რომლებიც მოცემულია ამ შეთანხმების X III-D დანართში, რომლებიც რეგისტრირებულია გაერთიანებულ სამეფოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კანონმდებლობით, წინამდებარე ქვენაწილით გასაზღვრულ დონეზე.

4.   გაერთიანებულმა სამეფომ უნდა დაიცვას საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნები, რომლებიც მოცემულია ამ შეთანხმების X III-C დანართში და ღვინოების, არომატიზებული ღვინოებისა და სპირტიანი სასმელების გეოგრაფიული აღნიშვნები, რომლებიც მოცემულია ამ შეთანხმების X III-D დანართში, რომლებივ რეგისტრირებულია გაერთიანებულ სამეფოს მიერ ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული კანონმდებლობით, წინამდებარე ქვენაწილით გასაზღვრულ დონეზე.

მუხლი 163

 ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დამატება

1.   მხარეები თანხმდებიან ამ შეთანხმების XIII-C და XIII-D დანართებში ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დამატების შესაძლებლობაზე შეთანხმების 171- მუხლის მე–3 პუნქტით  გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით მას შემდეგ, რაც დასრულდება ამ შეთანხმების XIII-B დანართით გათვალისწინებული გასაჩივრებისა და მონაცემების შესწავლის პროცედურები ორივე მხარისთვის მისაღები შედეგით.

2. მმხარე არ არის ვალდებული დაიცვას როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა ის სახელი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მცენარის ან ცხოველის ჯიშის სახელთან, რის შედეგადაც, შესაძლოა მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა შეექმნას პროდუქტის ნამდვილი წარმოშობის შესახებ.  

მუხლი 164

 გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის ფარგლები

1.    ამ შეთანხმების X III-C და X III-D დანართებში მოცემული, ასევე, ამ შეთანხმების  1 63- მუხლის შესაბამისად დამატებული გეოგრაფიული აღნიშვნები დაცულია შემდეგი შემთხვევებისაგან.

(a)   დაცული სახელის ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით კომერციული გამოყენება:

(i)   ისეთ მსგავს პროდუქტებთან მიმართებაში, რომელიც არ შეესაბამება დაცული სახელის მქონე პროდუქტის მონაცემებს, ან

(ii)   თუ ამგვარი გამოყენებით ხდება გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციით სარგებლობა;

(b)      ნ ებისმიერი არასწორი გამოყენება, იმიტაცია ან მიბაძვა1 იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროდუქტის ნამდვილი წარმოშობა მითითებულია, ან თუ დაცული სახელი ნათარგმნია ან მას თან ახლავს ისეთი სიტყვები, როგორიცაა „სტილი”, „ტიპი”, „მეთოდი”, „წარმოებული”, „იმიტაცია”, „არომატი”, „მსგავსი“ ან მსგავსი სიტყვები;



1 მიბაძვად  ჩაითვლება კერძოდ იმ პროდუქტების რაიმე ფორმით გამოყენება, რომლებიც წარმოდგენილია  HS-ის (ჰარმონიზებული სისტემა) 20.09 სათაურის ქვეშ თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი წარმოადგენს ამ სისტემის 22.04 სათაურით გათვალისწინებულ ღვინოებს, 22.05 სათაურით გათვალისწინებულ არომატიზებულ ღვინოებს და 22.08 სათაურით გათვალისწინებულ სპირტიან სასმელებს.  

(c)   ნებისმიერიევაშიც კი, თუ პროდუქტის ნამდვილი წარმოშობა მითითებულია, ან თუ დაცული სახელი ნათარგმნია ან მას თან ახლავს ისეთი სიტყვები, როგორიცაა „სტილი”, „ტიპი”, „მეთეფუთვაზე, სარეკლამო მასალაზე ან პროდუქტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში და პროდუქტის მოთავსება ისეთ კონტეინერში, რომელმაც შესაძლოა არასწორი შთაბეჭდილება შექმნას მისი წარმოშობის შესახებ;

(d)   ნებისმიერიევაშიც კი, თუ პროდუქტის ნამდვილი წარმოშობა მითითებულია, ან თუ დაცული სახელი ნათარგმნია ან მას თან ახლავს ისეთ

2.   თუ გეოგრაფიული აღნიშვნები მთლიანად ან ნაწილობრივ წარმოადგენს ომონიმებს, დაცვა გავრცელდება თითოეულ აღნიშვნაზე იმ პირობით, თუ იგი გამოიყენებოდა კეთილსინდისიერად, ადგილობრივი და ტრადიციული გამოყენების წესების და აღრევის რისკის გათვალისწინებით. TRIPS-ის შეთანხმების 23-ე მუხლის მოთხოვნებისთვის ზიანის მიყენების გარეშე ხელშემკვრელი მხარეები ერთობლივად დაადგენენ გამოყენების პრაქტიკულ პირობებს, რომელთა თანახმადაც მოხდება ომონიმური გეოგრაფიული აღნიშვნების ერთმანეთისაგან გარჩევა იმის გათვალისწინებით, რომ ყველა დაინტერესებული მწარმოებელი ჩაყენებული იქნება თანაბარ პირობებში და მომხმარებელი არ იქნება შეცდომაში შეყვანილი. ომონიმური დასახელება, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი იმასთან დაკავშირებით, რომ პროდუქტი სხვა ტერიტორიიდან არის წარმოშობილი, არ უნდა დარეგისტრირდეს, მაშინაც კი, თუ ეს დასახელება სწორია და წარმოადგენს პროდუქტის წარმოშობის კონკრეტულ ტერიტორიას, რეგიონს ან ადგილს.

3.  თუ მხარე მესამე ქვეყანასთან მოლაპარაკებათა კონტექსტში შესთავაზებს მესამე ქვეყნის გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვას და ეს დასახელება მეორე მხარის გეოგრაფიული აღნიშვნის ომონიმურია, ამ უკანასკნელ მხარეს ეცნობება აღნიშნულის შესახებ და მიეცემა თავისი აზრის გამოთქმის  შესაძლებლობა მანამ, სანამ აღნიშნულ დასახელებაზე გავრცელდება დაცვა.

4.  წინამდებარე ქვენაწილის არც ერთი პუნქტი არ ავალდებულებს მხარეს დაიცვას მეორე მხარის ის გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელიც არ ან აღარ არის დაცული წარმოშობის ქვეყანაში. მხარეები ერთმანეთს შეატყობინებენ, თუ გეოგრაფიულ აღნიშვნას შეუწყდება დაცვა წარმოშობის ქვეყანაში.

მუხლი 165

 გეოგრაფიული აღნიშვნების ტრანსკრიპციის  დაცვა

1. წინამდებარე ქვენაწილის შესაბამისად დაცული გეოგრაფიული აღნიშვნები, რომლებიც შესრულებულია ქართული ანბანით, ექვემდებარება დაცვას მათ ლათინურ ტრანსკრიპციასთან ერთად. ეს ტრანსკრიპცია შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს პროდუქტის ეტიკეტირებისთვის.

2. წინამდებარე ქვენაწილის შესაბამისად დაცული ლათინური ანბანით შესრულებული გეოგრაფიული აღნიშვნები იმავე წესით ექვემდებარება დაცვას ქართულ ტრანსკრიპციებთან ერთად. ეს ტრანსკრიპცია შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს პროდუქტის ეტიკეტირებისთვის.

მუხლი 166

 გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენების უფლება

1. წინამდებარე ქვენაწილით დაცული სახელის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი იმ მწარმოებლის მიერ, რომელსაც ბაზარზე გააქვს სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტები, ღვინო, არომატიზებული ღვინოები ან სპირტიანი სასმელები, რომლებიც შეესაბამებიან შესაბამისი პროდუქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

2. მას შემდეგ, რაც გეოგრაფიულ აღნიშვნაზე გავრცელდება წინამდებარე ქვენაწილით გათვალისწინებული დაცვა, ასეთი დაცული სახელის გამოყენებისათვის საჭირო არ იქნება გამოყენების უფლების მქონე პირთა რეგისტრაცია ან მათ მიერ სხვა გადასახადის გადახდა.

მუხლი 167

 დაცვის განხორციელება

მხარეები უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების 162-166 მუხლებით გათვალისწინებულ დაცვას საჯარო ორგანოების მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული მოქმედების განხორციელების გზით. ისინი ასევე განახორციელებენ ასეთ დაცვას დაინტერესებული მხარის მოთხოვნით.

მუხლი 168

 ურთიერთობა სასაქონლო ნიშნებთან

1.  მხარეები უარს იტყვიან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე, საკუთარი გადაწყვეტილების (ex officio) ან ნებისმიერი დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე თითოეული მხარის კანონმდებლობის შესაბამისად გააუქმებენ იმ სასაქონლო ნიშანს, რომელიც შეესაბამება ამ შეთანხმების 164- მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე გარემოებას მსგავსი პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვასთან მიმართებაში იმ პირობით, თუ განაცხადი სასაქონლო ნიშნის  რეგისტრაციის შესახებ წარდგენილ იქნა გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან დაკავშირებით შესაბამის ტერიტორიაზე განაცხადის შეტანის შემდეგ.

2.  ამ შეთანხმების 162- მუხლში მითითებული გეოგრაფიული აღნიშვნებისთვის დაცვის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის თარიღად მიიჩნევა 2012 წლის 1 აპრილი. გარდა იმ გეოგრაფიული აღნიშვნებისა, რომლებიც ჩამოთვლილია XIII-C და XIII-D დანართებში და თან ახლავს ვარსკვლავი (*), რომლისთვისაც დაცვის მოთხოვნის თარიღი უნდა იყოს მეორე მხარისათვის თხოვნის გადაცემის თარიღი. გეოგრაფიული აღნიშვნა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად.

3. ამ შეთანხმების 1 63- მუხლში მითითებული გეოგრაფიული აღნიშვნებისთვის რეგისტრაციის მოთხოვნის წარდგენის თარიღად მიიჩნევა მეორე მხარისთვის გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნის წარდგენის თარიღი.

4.  მხარეებს არ ეკისრებათ ვალდებულება დაიცვან გეოგრაფიული აღნიშვნა, თუ კარგი რეპუტაციის მქონე ან საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის შემთხვევაში ამგვარმა დაცვამ შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი პროდუქტის ნამდვილ წარმოშობასთან დაკავშირებით.

5. მე-4 პუნქტისთვის ზიანის მიყენების გარეშე მხარეები დაიცავენ გეოგრაფიულ აღნიშვნებს იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს უფრო ადრინდელი სასაქონლო ნიშანი. უფრო ადრინდელი სასაქონლო ნიშანი ნიშნავს ისეთ სასაქონლო ნიშანს, რომლის გამოყენებაც შეესაბამება ამ შეთანხმების 1 64- მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ რომელიმე გარემოებას და რომელზეც ერთ-ერთი მხარის ტერიტორიაზე შეტანილ იქნა განაცხადი, განხორციელდა რეგისტრაცია ან დამკვიდრებულ იქნა გამოყენების გზით, თუ ამის შესაძლებლობას იძლევა შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა, იმ თარიღამდე, ვიდრე მეორე მხარეს წარედგინა მოთხოვნა გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვასთან დაკავშირებით წინამდებარე ქვენაწილის შესაბამისად. ამგვარი სასაქონლო ნიშნის გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს ან განახლდეს გეოგრაფიული აღნიშვნისათვის დაცვის მინიჭების მიუხედავად იმ პირობით, თუ სასაქონლო ნიშნების შესახებ მხარის კანონმდებლობით არ არსებობს სასაქონლო ნიშნის გაუქმების ან ბათილად ცნობის საფუძველი. 

მუხლი 169

 ზოგადი წესები

1.  წინამდებარე ქვენაწილი მოქმედებს მხარეთა მიერ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმებით ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

2.   ამ შეთანხმების 162- და 1 63-  მუხლებში მითითებული პროდუქტის იმპორტი, ექსპორტი და ბაზარზე გატანა განხორციელდება იმპორტიორი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

3.  ნებისმიერი საკითხი, რომელიც წარმოიშობა რეგისტრირებული პროდუქტის ტექნიკურ მონაცემებთან დაკავშირებით, გადაწყდება ამ შეთანხმების 17 1- მუხლის შესაბამისად შექმნილი ქვეკომიტეტის მიერ.

4.   წინამდებარე ქვენაწილის ფარგლებში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნები შესაძლებელია გაუქმდეს მხოლოდ იმ მხარის მიერ, რომლის ტერიტორიაზეც წარმოიშვა ეს პროდუქტი.

5.  წინამდებარე ქვენაწილში მითითებული პროდუქტის მონაცემები ისევე, როგორც მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, დამტკიცდება იმ მხარის ორგანოთა მიერ, რომლის ტერიტორიაზეც წარმოიშვა ეს პროდუქტი.

მუხლი 170

 თანამშრომლობა და გამჭვირვალობა

1.  მხარეები უშუალოდ ან ამ შეთანხმების 17 1- მუხლის შესაბამისად შექმნილი ქვეკომიტეტის   მეშვეობით შეინარჩუნებენ კავშირს წინამდებარე ქვენაწილის იმპლემენტაციასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. კერძოდ, მხარეს შეუძლია მეორე მხარისაგან მოითხოვოს ინფორმაცია პროდუქტის მონაცემებთან და მის მოდიფიკაციასთან დაკავშირებით და ასევე ინფორმაცია საკონტაქტო პირების შესახებ კონტროლის მიზნებისათვის.

2.  თითოეულ მხარეს შეუძლია საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს მეორე მხარის წინამდებარე მუხლის შესაბამისად დაცული გეოგრაფიულ აღნიშვნები, მონაცემები ან მათი აღწერილობა და საკონტაქტო დეტალები კონტროლის მიზნებისთვის.

მუხლი 171

გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტი

1.  მხარეები ქმნიან გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტს. მის შემადგენლობაში შედიან საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები წინამდებარე ქვენაწილის განხორციელებაზე მონიტორინგისა და გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების მიზნით. გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტი ანგარიშვალდებულია  წინამდებარე შეთანხმების 354-ე მუხლის მე- 3 პუნქტით განსაზღვრული ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის  წინაშე.

2. გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს კონსენსუსის წესით. ის თავად ადგენს საპროცედურო წესებს. ქვეკომიტეტი შეიკრიბება ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, საქართველოში ან გაერთიანებულ სამეფოში, მხარეთა შორის შეთანხმებით დადგენილ დროს, ადგილას და ფორმით (მათ შორის ვიდეოკონფერენციის ფორმით), მოთხოვნის წარდგენის დღიდან არაუგვიანეს 90 დღისა.

3.  გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტი ასევე უზრუნველყოფს წინამდებარე ქვენაწილის სათანადო ფუნქციონირებას და შესაძლოა განიხილოს მის განხორციელებასთან და მოქმედებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. კერძოდ, ის პასუხისმგებელი იქნება შემდეგზე:

(a)  ცვლილებების შეტანა ამ შეთანხმების 1 62- მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, რომლებიც ეხება მხარეთა ტერიტორიებზე მოქმედ კანონებს;

(b)    ამ შეთანხმების X III-C და X III-D დანართების მოდიფიცირება, რომლებიც შეეხება გეოგრაფიულ აღნიშვნებს;

(c)    ინფორმაციის გაცვლა გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით მიღებული კანონებისა და შემუშავებული პოლიტიკის საკითხებზე და გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში ნებისმიერ ისეთ საკითხზე, რომელიც საერთო ინტერესების საგანს წარმოადგენს;

(d)  გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა წინამდებარე ქვენაწილის შესაბამისად მათი დაცვის ღონისძიებების განხილვის მიზნით.

ქვენაწილი 4

დიზაინი

მუხლი 172

 საერთაშორისო შეთანხმებები

მხარეები ადასტურებენ 1999 წლის სამრეწველო დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის ჰააგის შეთანხმების ჟენევის აქტის  მიმართ მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

მუხლი 173

 რეგისტრირებული დიზაინის დაცვა

1.   თითოეული მხარე უზრუნველყოფს დამოუკიდებლად შექმნილი დიზაინის დაცვას, რომელსაც აქვს სიახლე და ორიგინალურია[27] . ამგვარი დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს რეგისტრაციის საშუალებით და წინამდებარე მუხლის დებულებების შესაბამისად  განსაკუთრებულ უფლებას უნდა ანიჭებდეს რეგისტრირებული დიზაინის მფლობელს.

2.    პროდუქტში ჩართული ან მისთვის გამოყენებული დიზაინი, რომელიც შედგენილი პროდუქტის ნაწილია, მიიჩნევა ახლად და ინდივიდუალურად მხოლოდ მაშინ:

(a)    თუ იგი შედგენილ პროდუქტში ხილულია მისი ჩვეულებრივი გამოყენების დროს;

(b)    ხილული ნიშნები თავისთავად აკმაყოფილებს სიახლისა და ინდივიდუალობის კრიტერიუმებს.

3.   2(a) პუნქტში გამოყენებული მნიშვნელობით „ჩვეულებრივი გამოყენება“ ნიშნავს საბოლოო მომხმარებლის მიერ გამოყენებას, გარდა ტექნიკური მომსახურებისა, მიმდინარე და აღდგენითი სარემონტო სამუშაოებისა.

4.  რეგისტრირებული დიზაინის მფლობელს ენიჭება განსაკუთრებული უფლება, მესამე პირებს ნება დართოს ან აუკრძალოს სულ მცირე ასეთი პროდუქტის დამზადება, გასაყიდად შეთავაზება, გაყიდვა, იმპორტი, ექსპორტი, შენახვა ან ისეთი ნივთების გამოყენება, რომელიც გამოსახავს ან რომელშიც ჩართულია დაცული დიზაინი, როდესაც ასეთი ქმედებები ხორციელდება კომერციული მიზნებისთვის, ეწინააღმდეგება დიზაინის ჩვეულებრივ გამოყენებას ან არ შეესაბამება კეთილსინდისიერ სავაჭრო პრაქტიკას.

5.  დაცვის ხანგრძლივობა უნდა იყოს 25 წელი, რომელიც აითვლება სარეგისტრაციო განაცხადის შემოტანის დღიდან ან ჰააგის სამრეწველო დიზაინების საერთაშორისო დეპონირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად დადგენილი თარიღიდან პარიზის კონვენციის დებულებათა შეუალახავად. 

მუხლი 174

 გამონაკლისები და შეზღუდვები

1.  თითოეულ მხარეს შეუძლია დააწესოს შეზღუდული გამონაკლისები დიზაინის დაცვაზე იმ პირობით, თუ ეს გამონაკლისები დაუსაბუთებლად არ ეწინააღმდეგება დაცული დიზაინის ჩვეულებრივ გამოყენებას და უსაფუძვლოდ არ ლახავს დაცული დიზაინის მფლობელის კანონიერ ინტერესებს მესამე პირების კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით.

2.   დიზაინის დაცვა არ უნდა გავრცელდეს ისეთ დიზაინზე, რომელიც არსებითად ტექნიკური ან ფუნქციონალური მოსაზრებებითაა განპირობებული. კონკრეტულად, დიზაინის უფლება არ უნდა მოიცავდეს პროდუქტის გამოსახულების ნიშნებს, რომლებიც აუცილებლად და ზუსტად უნდა მეორდებოდეს იმისათვის, რომ ამ დიზაინის მქონე პროდუქტის წარმოება იქნეს ნებადართული ან რომლის მიმართაც ის გამოიყენება, როგორც მექანიკურად დაკავშირებული ან მასში, მის ირგვლივ ან საპირისპიროდ  მოთავსებული, თან იმგვარად, რომ იგივე ფუნქციას ასრულებდეს.

მუხლი 175

 კავშირი საავტორო უფლებებთან

მხარის საავტორო უფლებების შესახებ კანონით დიზაინი ასევე უნდა ექვემდებარებოდეს დაცვას მისი შექმნის ან ნებისმიერი ფორმით დაფიქსირების თარიღიდან. დაცვის მინიჭებისათვის ფარგლებსა და პირობებს, მათ შორის, ორიგინალურობის სათანადო ხარისხს, განსაზღვრავს თითოეული მხარე.

ქვენაწილი 5

პატენტები

მუხლი 176

 საერთაშორისო შეთანხმებები

მხარეები ადასტურებენ მათ მიერ WIPO-ს საპატენტო კოოპერაციის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

მუხლი 177

 პატენტები და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა

1.  მხარეები აღიარებენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მინისტერიალის კონფერენციის მიერ 2001 წლის 14 ნოემბერს მიღებულ TRIPS-ის შეთანხმებასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თაობაზე დეკლარაციის მნიშვნელობას.

2.  მხარეები პატივს სცემენ და ხელს შეუწყობენ 2003 წლის 30 აგვისტოს ვაჭრობის მსოფლიო  ორგანიზაციის გენერალური საბჭოს გადაწყვეტილების განხორციელებას, რომელიც ეხება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დეკლარაციის მე-6 პუნქტს.

მუხლი 178

 დამატებითი დაცვის მოწმობა

1.   მხარეები აღიარებენ, რომ მათ ტერიტორიებზე პატენტით დაცული სამედიცინო და მცენარეთა დაცვის პროდუქტები ბაზარზე მოხვედრამდე შეიძლება ექვემდებარებოდეს ადმინისტრაციული დაშვების პროცედურებს. ისინი აცნობიერებენ, რომ პერიოდი პატენტზე განაცხადის შეტანის მომენტიდან შესაბამის ბაზარზე პროდუქტის პირველად დაშვებამდე, როგორც ეს ამ მიზნებისთვის დადგენილია შესაბამისი კანონმდებლობით, შეიძლება ამცირებდეს პატენტით დაცვის ვადას.

2.   თითოეული მხარე ანიჭებს დამატებითი ვადით დაცვას პატენტით დაცულ სამედიცინო ან მცენარეთა დაცვის იმ პროდუქტს, რომელიც ადმინისტრაციული დაშვების პროცედურას ექვემდებარება. ეს ვადა, შეესაბამება რა ამ მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მითითებულ ვადას, მცირდება ხუთი წლით. 

3.  მე-2 პუნქტში აღნიშნულის მიუხედავად, დაცვის დამატებითი ვადის ხანგრძლივობა არ შეიძლება აღემატებოდეს ხუთ წელს.

4.   იმ სამედიცინო პროდუქტებისათვის, რომლებისთვისაც ჩატარდა პედიატრიული კვლევები, და სადაც ამ კვლევების შედეგები მითითებულია პროდუქტის შესახებ ინფორმაციაში, მხარეებმა უნდა დაადგინონ მე-2 პუნქტში მითითებული დაცვის ვადის დამატებით 6 თვით გაგრძელება.  

მუხლი 179

სამედიცინო პროდუქტების ბაზარზე განთავსების ნებართვის მისაღებად წარდგენილი მონაცემების დაცვა [28]

1.  მხარეები აყალიბებენ ყოვლისმომცველ სისტემას, რათა გარანტირებული იქნეს იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, ფარულობა და არ გამოყენება, რომელიც წარდგენილია სამედიცინო პროდუქტის ბაზარზე განთავსების ნებართვის მიღების მიზნით.

2.   თითოეული მხარე უზრუნველყოფს თავის შესაბამის კანონმდებლობაში, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც წარდგენილია სამედიცინო პროდუქტის ბაზარზე განთავსების ნებართვის მისაღებად, დარჩება კონფიდენციალური და დახურული მესამე პირებისათვის და ისარგებლებს არაკეთილსინდისიერი კომერციული გამოყენების წინააღმდეგ დაცვით.

3.   ამ მიზნით არანაკლებ ექვსი წლის განმავლობაში, რომელიც აითვლება მოცემული სამედიცინო პროდუქტის რომელიმე ერთ-ერთ მხარეში ბაზარზე პირველად დაშვებიდან, თითოეული მხარე არ დაუშვებს, რომ სხვა განმცხადებლებმა ბაზარზე გაყიდონ იგივე ან მსგავსი პროდუქტი იმ განმცხადებლის ბაზარზე დაშვების ნებართვაზე დაყრდნობით, რომელმაც წარადგინა ცდებისა და კვლევების მონაცემები, თუ ამ განმცხადებელმა, რომელმაც წარმოადგინა ცდებისა და კვლევების მონაცემები, არ გასცა თანხმობა ამ მონაცემების გამოყენებაზე. წინამდებარე პერიოდის განმავლობაში ბაზარზე პირველად დაშვების უფლების მოსაპოვებლად წარმოდგენილი ცდებისა და კვლევების მონაცემები ვერ იქნება გამოყენებული ნებისმიერი მომდევნო განმცხადებლის სასარგებლოდ, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე დაშვების უფლების მოპოვებას სამედიცინო პროდუქტზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირველ განმცხადებელს გაცემული აქვს თანხმობა ამის თაობაზე.

4.  ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ექვსწლიანი ვადა გაგრძელდება მაქსიმუმ შვიდ წლამდე, თუ ნებართვის მიღებიდან პირველი ექვსი წლის განმავლობაში ძირითადი ნებართვის მფლობელი მიიღებს ნებართვას პრეპარატის ერთი ან მეტი ახალი სამკურნალო დანიშნულებით გამოყენებაზე, რომელიც ითვლება მნიშვნელოვანი კლინიკური უპირატესობის მქონედ მკურნალობის არსებულ მეთოდებთან შედარებით.

მუხლი 180

მონაცემთა დაცვა ბაზარზე განთავსების ნებართვის მისაღებად მცენარეთა დაცვის საშუალებებისთვის

1.  თითოეული მხარე ადგენს უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის მოთხოვნებს მცენარეთა დაცვის საშუალებების ბაზარზე განთავსების ნებართვის გაცემამდე.

2.  თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მონაცემები, რომელებიც პირველად არის წარდგენილი განმცხადებლის მიერ მცენარეთა დაცვის საშუალებების ბაზარზე განთავსების ნებართვის მოსაპოვებლად, დაცული იქნება არაკეთილსინდისიერი კომერციული გამოყენებისაგან და არ იქნება გამოყენებული სხვა რომელიმე პირის სასარგებლოდ, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე განთავსების ნებართვის მიღებას, თუ არ არის წარმოდგენილი პირველი მფლობელის ცალსახა თანხმობა.

3.   ბაზარზე დაშვების ნებართვის მოსაპოვებლად პირველად წარმოდგენილი ცდის ან კვლევის ანგარიში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

(a)    აუცილებელი იყოს ნებართვის გასაცემად ან ნებართვაში შესწორების შესატანად იმისათვის, რომ დასაშვები იყოს მისი გამოყენება მცენარეთა სხვა კულტურების მიმართ, და

(b)  სერტიფიცირებული იყოს ისე, რომ შეესაბამებოდეს კარგი ლაბორატორიული პრაქტიკის ან კარგი ექსპერიმენტული პრაქტიკის პრინციპებს.

4.  მონაცემთა დაცვის პერიოდი უნდა განისაზღვროს სულ მცირე ათი წლის ვადით შესაბამის მხარეში პირველი ნებართვის გაცემიდან.

მუხლი 181

მცენარეთა ჯიშები

მხარეებმა უნდა დაიცვან უფლებები მცენარეთა ჯიშებზე მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად და ითანამშრომლონ ამ უფლებების წახალისებისა და აღსრულებისათვის.

ნაწილი 3

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულება

მუხლი 182

ზოგადი ვალდებულებები

1.  მხარეები ადასტურებენ TRIPS-ის ხელშეკრულების, კერძოდ მისი III ნაწილის მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს და უზრუნველყოფენ ამ ნაწილით განსაზღვრულ ხელშემწყობ ზომებს, პროცედურებსა და ქმედებებს, რომლებიც აუცილებელია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებისთვის[29] .

2.    ხსენებული ხელშემწყობი ზომები, პროცედურები და ქმედებები სამართლიანი და თანასწორი უნდა იყოს და არ უნდა მოხდეს მათი უმიზეზოდ გართულება ან ხარჯებთან დაკავშირება,  დროში შეზღუდვა ან უსაფუძვლოდ შეფერხება. 

3.   ხსენებული ხელშემწყობი  ზომები და ქმედებები უნდა იყოს ეფექტიანი, თანაზომადი და მიმართული გადარწმუნებისკენ და მათი გამოყენება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ლეგიტიმური ვაჭრობისათვის ბარიერების შექმნა და დადგენილი უსაფრთხოების ზომები არ უნდა უშვებდეს მათ ბოროტად გამოყენებას. 

მუხლი 183

უფლებამოსილი განმცხადებლები

თითოეული მხარე აღიარებს შემდეგ პირებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ წინამდებარე ნაწილში და TRIPS-ის ხელშეკრულების მე-3 ნაწილში  მითითებული ზომების, პროცედურებისა და ქმედებების განხორციელება:

(a)   ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მფლობელები შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად;

(b)  ყველა სხვა პირი, რომელიც უფლებამოსილია გამოიყენოს ხსენებული უფლებები, სახელდობრ, ლიცენზიები, შესაბამისი კანონის მიხედვით და მისი დებულებებით ნებადართულის ფარგლებში;

(c)  ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციები, რომლებიც მუდმივად არიან აღიარებულნი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მფლობელთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონედ შესაბამისი კანონის მიხედვით და მისი დებულებებით ნებადართულის ფარგლებში;

(d)  პროფესიული დაცვის ორგანიზაციები, რომლებიც მუდმივად არიან  აღიარებულნი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მფლობელთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონედ შესაბამისი კანონის მიხედვით და მისი დებულებებით ნებადართულ ფარგლებში.

ქვენაწილი 1

სამოქალაქო აღსრულება

მუხლი 184

მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებები

1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ თუნდაც საქმის წარმოებაში მიღებამდე კომპეტენტურ სასამართლოს შეეძლოს მხარის მიმართვის საფუძველზე, რომელმაც წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება, რომელიც ასაბუთებს, რომ მისი ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაირღვა ან შესაძლოა დაირღვეს, გამოიყენოს დაუყოვნებლივი და ეფექტური წინასწარი უზრუნველყოფის ღონისძიებები შესაბამისი მტკიცებულების შენარჩუნებისათვის, რომელიც დაკავშირებულია შესაძლო უფლების დარღვევასთან, ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპით.

2. ასეთი ღონისძიებები შესაძლოა მოიცავდეს დეტალურ აღწერას ნიმუშის აღებით ან მის გარეშე, ან სავარაუდო კანონდარღვევით წარმოებული საქონლის და საჭიროების შემთხვევაში, ამ საქონლის წარმოებისა ან/და გასაღების პროცესში გამოყენებული ყველა მასალის, იარაღების/ხელსაწყოების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ამოღებას. აღნიშნული ღონისძიებების გატარება შესაძლებელი უნდა იყოს მეორე მხარის მოსმენის გარეშეც, კერძოდ, თუ ნებისმიერი გაჭიანურება  უფლებათა მფლობელს მიაყენებს  აუნაზღაურებელ ზიანს ან თუ სახეზეა მტკიცებულების განადგურების აშკარა რისკი.

3. როდესაც მტკიცებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოყენებულია მეორე მხარის მოსმენის გარეშე, დაინტერესებულ მხარეებს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოთ სულ მცირე აღნიშნული ღონისძიებების გამოყენების შემდგომ. 

მუხლი 185

 ინფორმაციის მიღების უფლება

1.   თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული სამართალწარმოების დროს და მოსარჩელის სამართლიანი და დასაბუთებული მოთხოვნის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყოს დაავალოს უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის ან მომსახურების წარმოშობისა და გასაღების ქსელის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა დამრღვევს ან/და ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც:

(a)    დადგენილია, რომ ფლობს უკანონო საქონელს კომერციული მასშტაბით;

(b)    დადგენილია, რომ იყენებდა უკანონო მომსახურებებს კომერციული მასშტაბით;

(c)    დადგენილია, რომ კომერციული მასშტაბით აწვდიდა უკანონო მომსახურებას, რომელიც გამოიყენებოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში;

(d)    „a“, „b“ და „c“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ პირთა ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგენილია, რომ ის ჩაბმული იყო მოცემული საქონლის წარმოებაში, დამზადებასა და გასაღებაში ან მომსახურების გაწევაში. 

2.    ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საჭიროებისამებრ უნდა მოიცავდეს შემდეგს:

(a)    მწარმოებლების, დამამზადებლების, დისტრიბუტორების, მიმწოდებლების და საქონლის ან მომსახურების სხვა ადრინდელი მფლობელების, აგრეთვე საბითუმო და საცალო მოვაჭრეების (რომელთათვისაც განკუთვნილია მოცემული საქონელი/ მომსახურება) სახელებსა და მისამართებს;

(b)   ინფორმაციას წარმოებულ, დამზადებულ, მიწოდებულ, მიღებულ ან შეკვეთილ რაოდენობაზე, ასევე მოცემული საქონლის ან მომსახურების ფასებზე. 

3.    პირველი და მე-2 პუნქტები ვრცელდება იმ საკანონმდებლო ნორმების შეულახავად, რომლებიც:

(a)    უფლების მფლობელს ანიჭებს უფლებამოსილებას მიიღოს უფრო სრული ინფორმაცია;

(b)   არეგულირებს სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივ წარმოებაში გამოსაყენებელ ამ მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას;

(c)    არეგულირებს ინფორმაციაზე უფლების არასათანადო გამოყენებას;

(d)    იძლევა იმ ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის შესაძლებლობას, რომელმაც შესაძლოა აიძულოს პირველ პუნქტში მითითებული პირი, აღიაროს საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის მონაწილეობა ინტელექტუალური საკუთრების დარღვევაში; ან

(e)   არეგულირებს ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალურობის დაცვას ან პერსონალური მონაცემების დამუშავებას. 

მუხლი 186

დროებითი ღონისძიებები

1.    თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ სასამართლოს შეეძლოს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დაავალოს სავარაუდო დამრღვევ მხარეს ქმედების განხორციელება ან/და ქმედებისგან თავის შეკავება, რომელიც გამიზნულია ინტელექტუალური საკუთრების უფლების გარდაუვალი ხელყოფის შესაჩერებლად ან დროებით აუკრძალოს, სათანადო შემთხვევაში განმეორებადი ჯარიმის დაკისრების გამოყენებითაც კი, თუ ასეთი რამ კანონითაა გათვალისწინებული, ინტელექტუალური საკუთრების უფლების სავარაუდო დარღვევების გაგრძელება ან დაუქვემდებაროს ამგვარი ქმედების გაგრძელება გარკვეული გარანტიის წარმოდგენას, რომელიც უზრუნველყოფს უფლებათა მფლობელის კომპენსაციას. ამგვარი დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება დაევალოს იგივე პირობებით შუამავალს, ვისი მომსახურებაც მესამე პირის მიერ გამოიყენება ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევისათვის. 

2. დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიებით შეიძლება გაიცეს ბრძანება იმ საქონლის ამოღება/ჩამორთმევასა თუ მიწოდების შეჩერებაზე, რომელიც სავარაუდოდ არღვევს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რათა მოხდეს მათი სავაჭრო ბრუნვაში შეღწევის ან/და მათი სავაჭრო არხებში მოძრაობის აღკვეთა. 

3. იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდო სამართალდარღვევა ჩადენილია მოგების მიღების მიზნით, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ თუ მოსარჩელე დაადასტურებს გარემოებებს, რომ საფრთხე ექმნება ზიანის ანაზღაურებას, სასამართლოს შეეძლოს დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოსცეს დამრღვევი მხარის უძრავი ან მოძრავი ქონების დაყადაღების ბრძანება, მათ შორის, მისი ანგარიშებისა და სხვა აქტივების დაყადაღება. ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენტურ ორგანოს უნდა შეეძლოს სავარაუდო დამრღვევის მფლობელობაში არსებული საბანკო, ფინანსური ან კომერციული დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

მუხლი 187

გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიებები

1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ კომპეტენტურ სასამართლოს შეეძლოს, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე უფლების მფლობელისათვის სამართალდარღვევით  მიყენებული ზიანის ანაზღაურების შეულახავად და რაიმე კომპენსაციის გარეშე გასცეს ბრძანება იმ საქონლის, სულ მცირე, სავაჭრო ბრუნვიდან ცალსახად ამოღებაზე ან განადგურებაზე, რომელიც დადგენილია, რომ არღვევს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. შესაბამის შემთხვევაში სასამართლო ორგანოს ასევე უნდა შეეძლოს გამოსცეს ბრძანება იმ მასალებისა და იარაღების განადგურების თაობაზე, რომელიც უპირატესად გამოიყენებოდა ამ საქონლის წარმოებაში.

2.მხარეების სასამართლო ორგანოებს უნდა ჰქონდეთ უფლებამოსილება, დაავალონ სამართალდამრღვევ პირს ამ ღონისძიებების საკუთარი ხარჯით განხორციელება, თუ ამგვარი დავალების საწინააღმდეგოდ არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მიზეზები.

3. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, სასამართლოს აგრეთვე უნდა შეეძლოს გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს არამართლზომიერი ქმედების გაგრძელების შეჩერებას დამრღვევის და ასევე შუამავლის მიერ, ვისი მომსახურებაც მესამე პირის მიერ გამოყენებულია ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევისათვის.

4. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ სათანადო შემთხვევაში და იმ მხარის განცხადების საფუძველზე, რომელზეც მოქმედებს წინამდებარე მუხლი,  სასამართლოს შეეძლოს ფულადი კომპენსაციის დაკისრება დაზარალებული მხარის სასარგებლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების ნაცვლად, თუ ეს პირი მოქმედებდა განზრახვისა და გაუფრთხილებლობის გარეშე, თუ მოცემული ღონისძიებების ამ პირის მიმართ გამოყენება მიაყენებს მას არათანაზომიერ ზიანს და თუ ამასთან, დაზარალებულ მხარეს ფულადი კომპენსაციის მიღება სათანადოდ აკმაყოფილებს.

მუხლი 188

ზიანი

1.  თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ სასამართლოს შეეძლოს, დაზარალებული პირის განცხადების საფუძველზე დააკისროს სამართალდამრღვევს, რომელიც ჩაება სამართალდარღვევაში წინასწარი შეცნობით ან ჰქონდა სათანადო საფუძველი რომ სცოდნოდა, ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურება უფლების მფლობელის სასარგებლოდ, რაც რეალურად მიადგა მას ამ ქმედების შედეგად. სასამართლომ ზიანის განსაზღვრისას:

(a)    მხედველობაში უნდა მიიღოს ყველა შესაბამისი გარემოება ისეთი, როგორიცაა უარყოფითი ეკონომიკური შედეგები, დაკარგული შემოსავლის ჩათვლით, რომელიც განიცადა დაზარალებულმა მხარემ, სამართალდამრღვევის მიერ მიღებული უსამართლო მოგება და გარკვეულ შემთხვევებში სხვა არაეკონომიკური ფაქტორები, როგორიცაა, უფლების მფლობელის მორალური შეურაცხყოფა, რომელიც გამოიწვია სამართალდარღვევამ; ან

(b)    „a“ ქვეპუნქტის ალტერნატივად, სასამართლოს უნდა შეეძლოს ზიანის ანაზღაურების სახით ერთჯერადი თანხის დაკისრება იმ გარემოებების გათვალისწინებით, როგორიცაა, სულ მცირე, ჰონორარის ან საფასურის ოდენობა, რომელიც გადახდას დაექვემდებარებოდა, თუ დამრღვევი მოიპოვებდა მოცემული ინტელექტუალური საკუთრების უფლების გამოყენების ნებართვას.

2.   როდესაც დამრღვევმა არ იცოდა ან არ შეიძლება სცოდნოდა, რომ ჩაბმული იყო სამართალდაღვევაში, მხარეებმა შეიძლება დაადგინონ, რომ სასამართლოს შეეძლოს დაზარალებული მხარის სასარგებლოდ შემოსავლის ან ზიანის ანაზღაურების დაკისრება, რომლის დადგენაც წინასწარ შესაძლებელია.

  მუხლი 189

იურიდიული ხარჯები

თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ გონივრული და პროპორციული იურიდიული ხარჯები და სხვა ხარჯები, რომელიც გასწია მოგებულმა მხარემ ზოგადი წესის თანახმად, დაეკისროს წაგებულ მხარეს, თუკი თანასწორობის პრინციპი იძლევა ამის საშუალებას და თუ ეს ადგილობრივი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ გამონაკლისებს არ ეწინააღმდეგება.

მუხლი 190

სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნება

თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ სამრეწველო საკუთრების სამართალწარმოების ან საავტორო უფლებებთან დაკავშირებული სამართალწარმოების დროს ან ორივე შემთხვევაში სასამართლოს აქვს შესაძლებლობა დაავალოს მხარეს, მოსარჩელის შუამდგომლობით და დამრღვევის ხარჯით გადაწყვეტილების გავრცელებისათვის შესაბამისი ზომების გატარება, მათ შორის, გადაწყვეტილების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება.

  მუხლი 191

ავტორობის ან მფლობელობის პრეზუმფცია

წინამდებარე ქვენაწილით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროცედურების და ზომების გამოყენების მიზნით:

(a)    ლიტერატურული ან ხელოვნების ნაწარმოების ავტორი საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ითვლება ასეთად და შესაბამისად არის უფლებამოსილი დაიწყოს დარღვევაზე სამართალწარმოება. საკმარისი უნდა იყოს მისი სახელის ნაწარმოებზე ჩვეულებრივ დატანა; 

(b)   სათანადო ცვლილებების გათვალისწინებით, „a“ ქვეპუნქტის დებულებები ვრცელდება საავტორო უფლებების მფლობელ პირებზე, მათ დაცულ ობიექტებთან მიმართებაში.

ქვენაწილი 2

სხვა დებულებები

მუხლი 192

სასაზღვრო ღონისძიებები

1.  ეს მუხლი განსაზღვრავს შეთანხმების ზოგად პრინციპებს, რომელიც არეგულირებს საბაჟო ორგანოების მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებას და მხარეთა საბაჟო ორგანოების ვალდებულებას ურთიერთთანამშრომლობაზე.

2.   ინტელექტუალური საკუთრების უფლების აღსრულებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელებისას მხარეებმა უნდა უზრუნველყონ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების განუხრელი შესრულება ტარიფებსა და ვაჭრობაზე გენერალური შეთანხმებისა GATT 1994 და TRIPS შეთანხმების ფარგლებში.

3.  სასაზღვრო ღონისძიებებთან დაკავშირებული წინამდებარე მუხლის დებულებები  პროცედურული ხასიათისაა. ისინი ადგენენ სასაზღვრო ორგანოების სამოქმედო პირობებსა და პროცედურებს  იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევით წარმოებული საქონელი პოტენციურად არის ან უნდა ყოფილიყო სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული. ამ დებულებებმა  რაიმე სახით არ უნდა იქონიონ გავლენა მხარეთა ინტელექტუალური საკუთრების შესახებ მატერიალურ კანონმდებლობაზე.

4.  ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობისთვის სასაზღვრო ორგანოებმა უნდა გამოიყენონ სხვადასხვა მიდგომები, რათა გამოვლინდეს სამართალდარღვევით წარმოებული საქონლის შემცველი ტვირთი. ხსენებული მიდგომები მოიცავს რისკების ანალიზის ტექნიკას, რაც, მათ შორის, დაფუძნებული იქნება უფლების მფლობელის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, დაზვერვით მოპოვებულ ინფორმაციასა და ტვირთის შემოწმებაზე.

5.  მხარეები თანხმდებიან TRIPS-ის შეთანხმების 69-ე მუხლის ეფექტიან განხორციელებაზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის საერთაშორისო ვაჭრობის კონტექსტში. ამ მიზნით, მხარეებმა უნდა დააფუძნონ და აცნობონ მათ ტეროტორიაზე მოქმედი საბაჟო ადმინისტრაციების საკონტაქტო პირების შესახებ და მზად უნდა იყვნენ მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლისთვის, ორივე მხარეზე გავლენის მქონე ამგვარი საქონლით ვაჭრობის შესახებ. კერძოდ, მათ ხელი უნდა შეუწყონ მათი ქვეყნების საბაჟო ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობას კონტრაფაქციული და საავტორო უფლების დარღვევით წარმოებული (მეკობრული) საქონლით ვაჭრობის დარგში. ამ შეთანხმების საბაჟო საკითხებში ორმხრივი ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ II ოქმის დებულებების შეულახავად,  საბაჟო  ორგანოებმა, სადაც საჭიროება მოითხოვს, ოპერატიულად და მხარეთა მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა გაცვალონ ამგვარი ინფორმაცია.

6.  თითოეული მხარის საბაჟო ორგანომ უნდა ითანამშრომლოს მოთხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, რათა მის ხელთ არსებული შესაბამისი ინფორმაცია მეორე მხარის საბაჟო ორგანოს მიაწოდოს; განსაკუთრებით ეს ეხება მხარის ტერიტორიაზე ტრანზიტით გამავალ საქონელს, რომელიც მეორე მხარის ტერიტორიისთვის არის გამიზნული (ან ამ ქვეყნიდანაა წარმოშობილი).

7.  ამ შეთანხმების 7 2-ე მუხლში მითითებულმა ქვეკომიტეტმა უნდა განსაზღვროს პრაქტიკული მექანიზმები, რომელიც აუცილებელია წინამდებარე მუხლში მითითებული მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლისათვის.

8.    ამ შეთანხმების საბაჟო საკითხებში ორმხრივი ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ II ოქმი ვრცელდება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევისას, ამ მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების გამოყენებიდან გამომდინარე თანამშრომლობის ფორმების შეულახავად. 

9.    ამ შეთანხმების 7 2-ე მუხლში მითითებული ქვეკომიტეტი უნდა მოქმედებდეს როგორც პასუხისმგებელი ქვეკომიტეტი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს წინამდებარე მუხლის გამართული მოქმედება და განხორციელება.

მუხლი 193

ქცევის ნორმები

მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ:

(a)   ქცევის კოდექსების შემუშავებას სავაჭრო ან პროფესიული ასოციაციების ან ორგანიზაციების მიერ, რაც ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებას;

(b)   შემუშავებული ქცევის კოდექსებისა და მათი პრაქტიკაში გატარების თაობაზე შეფასებების წარდგენას შესაბამისი მხარეების კომპეტენტური ორგანოებისათვის.

მუხლი 194

თანამშრომლობა

1.  მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ წინამდებარე თავის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებებისა და პირობების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. 

2.    თანამშრომლობის სფერო მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება, შემდეგ ქმედებებს:

(a)    ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მარეგულირებელი კანონმდებლობის, ასევე მათი დაცვისა და აღსრულების შესაბამისი წესების შესახებ ინფორმაციის გაცვლა; ამ სფეროებში საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება;

(b)  ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება;

(c)   გამოცდილების გაზიარება საბაჟოს, პოლიციის, ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოების მიერ ცენტრალური და ადგილობრივი აღსრულების შესახებ; კოორდინაცია კონტრაფაქციული საქონლის ექსპორტის აღკვეთის მიზნით, სხვა ქვეყნებთან კოორდინაციის ჩათვლით;

(d)    კადრების გაცვლა და გადამზადება;

(e)   ინტელექტუალური საკუთრების უფლებებზე ინფორმაციის გავრცელება და მასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, მათ შორის, ბიზნეს წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში; მომხმარებლებისა და უფლებების მფლობელთა ცნობიერების გაზრდა;

(f)  ინსტიტუციონალური თანამშრომლობის გაძლიერება, მაგალითად, ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს შორის;

(g)    ინტელექტუალური საკუთრების უფლებებსა და პოლიტიკაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და განათლების აქტიური ხელშეწყობა; ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავება ძირითადი სამიზნე აუდიტორიის გამოსავლენად და საკომუნიკაციო პროგრამების შესამუშავებლად, რათა გაიზარდოს მომხმარებელთა და მედიის ცნობიერება ინტელექტუალური საკუთრების სამართლის დარღვევებზე, მათ შორის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების რისკებზე, და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირზე.

თავი 10

კონკურენცია

მუხლი 195

პრინციპები

მხარეები აცნობიერებენ თავისუფალი და შეუზღუდავი კონკურენციის მნიშვნელობას თავიანთ სავაჭრო ურთიერთობებში. მხარეები აღიარებენ, რომ ანტიკონკურენციული ბიზნეს ქმედებები და სახელმწიფო ჩარევა (მათ შორის სუბსიდიების სახით) ქმნის ბაზრების ნორმალური ფუნქციონირების შეზღუდვის შესაძლებლობას და ამცირებს ვაჭრობის ლიბერალიზაციიდან გამომდინარე სარგებელს.

მუხლი 196

ანტიტრასტული  და შერწყმების მარეგულირებელი კანონმდებლობა და მისი განხორციელება

1.  მხარეებს მათ შესაბამის ტერიტორიაზე უნდა გააჩნდეთ ყოვლისმომცველი კონკურენციის კანონები, რომლებიც ეფექტიანად იქნება მიმართული ანტიკონკურენციულ შეთანხმებებზე, შეთანხმებულ ქმედებებსა და დომინირებული საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიების ერთპიროვნულ ანტიკონკურენციულ ქმედებაზე და რომლებიც ითვალისწინებს შერწყმების ეფექტიან კონტროლს, თავისუფალი კონკურენციის მნიშვნელოვანი შეზღუდვისა და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით.

2.  მხარეებს უნდა გააჩნდეთ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კონკურენციის კანონების ეფექტიან აღსრულებაზე პასუხისმგებელი და შესაბამისი  უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანო.

3.  მხარეები აცნობიერებენ თავიანთი კონკურენციის კანონების გამოყენებისას საჯაროობისა და არადისკრიმინაციულობის დაცვის მნიშვნელობას პროცედურული სამართლიანობის პრინციპისა და მხარეთა დაცვის უფლების გათვალისწინებით.

მუხლი 197

სახელმწიფო მონოპოლიები, სახელმწიფო საწარმოები და საწარმოები სპეციალური ან ექსკლუზიური უფლებებით

1.  ამ თავში მოცემული დებულებები არ ზღუდავს მხარეებს, რომ შექმნან ან შეინარჩუნონ სახელმწიფო მონოპოლიები, სახელმწიფო საწარმოები ან მიანიჭონ საწარმოს სპეციალური ან ექსკლუზიური უფლებები თავიანთი კანონმდებლობის შესაბამისად.

2.    კომერციულ სახელმწიფო მონოპოლიებთან, სახელმწიფო საწარმოებთან და სპეციალური ან ექსკლუზიური უფლებების მქონე საწარმოებთან მიმართებაში თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს ასეთ საწარმოებზე 196-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კონკურენციის კანონების გავრცელება ისე, რომ კანონების აღსრულებამ ხელი არ შეუშალოს, კანონით ან ფაქტობრივად, ამ საწარმოების მიერ მათთვის დაკისრებული ცალკეული საზოგადოებრივი მნიშვნელობის ამოცანის შესრულებას.

მუხლი 198

სუბსიდიები

1.  ამ მუხლის მიზნისთვის „სუბსიდია“ არის ღონისძიება, რომელიც აკმაყოფილებს სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ შეთანხმების პირველი მუხლით განსაზღვრულ პირობებს მიუხედავად იმისა, სუბსიდია გაცემულია საქონლის წარმოებისათვის თუ მომსახურების მიწოდებისათვის და რომელიც განსაზღვრულია აღნიშნული შეთანხმების მე-2 მუხლით.

2.  თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს საჯაროობა სუბსიდიების სფეროში. ამ მიზნის მისაღწევად, თითოეულმა მხარემ მეორე მხარეს 2 წელიწადში ერთხელ უნდა მიაწოდოს ანგარიში იმ სუბსიდიის სამართლებრივი საფუძვლის, ფორმის, ოდენობის ან ბიუჯეტის და სადაც შესაძლებელია, სუბსიდიის მიმღების შესახებ, რომელიც გაცემულია მისი მთავრობის ან ნებისმიერი საჯარო დაწესებულების მიერ საქონლის წარმოებასთან მიმართებაში. ანგარიში წარდგენილად ითვლება, თუ შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია თითოეული მხარის მიერ  საჯაროდ ხელმისაწვდომ ვებგვერდზე.

3.  მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე მხარემ დროულად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია და გასცეს პასუხი ცალკეულ სუბსიდიასთან დაკავშირებულ კითხვებს, თუ სუბსიდია ეხება მომსახურების მიწოდებას. 

მუხლი 199

დავების მოგვარება

დავების მოგვარების მექანიზმის ნორმები, რომლებიც მოცემულია ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავში (დავების მოგვარება) არ ვრცელდება ამ შეთანხმების 195-ე, 196-ე და 197-ე  მუხლებზე.

მუხლი 200

ურთიერთმიმართება ვმო-სთან

ამ თავში მოცემული დებულებები ზიანს არ აყენებს მხარის უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობს ვმო-ს შეთანხმებიდან, კერძოდ, სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ შეთანხმებიდან და დავების მოგვარების პროცედურებიდან (DSU).

მუხლი 201

კონფიდენციალობა

ამ თავით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცვლისას, მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ მათ იურისდიქციაში მოქმედი შეზღუდვები, რომლებიც უკავშირდება პროფესიული და კომერციული საიდუმლოების მოთხოვნებს.

თავი 11

ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში

მუხლი 202

განმარტებები

წინამდებარე თავის მიზნებიდან გამომდინარე:

a)  „ენერგოპროდუქტი“ ნიშნავს ნედლ ნავთობს  (HS  კოდი 27.09), ბუნებრივ აირს (HS კოდი 27.11) და ელექტროენერგიას (HS კოდი 27.16);

b)    „ენერგიის ტრანსპორტირების საშუალებები“ ნიშნავს მაღალი წნევის ბუნებრივი აირის მილსადენებს, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელებსა და ხაზებს, მათ შორის, ურთიერთდამაკავშირებელ სისტემებს, რომლებიც გამოიყენება გაზისა თუ ელექტროენერგიის გადამცემი ქსელების დასაკავშირებლად, ნედლი ნავთობის ტრანსპორტირების მილსადენებს, რკინიგზასა და სხვა ფიქსირებული საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება ენერგოპროდუქტების ტრანზიტისათვის;

c)     „ტრანზიტი“ ნიშნავს ენერგოპროდუქტების გატარებას  „მხარის“ ტერიტორიაზე სატრანზიტო გადაზიდვის ჩათვლით ან მის გარეშე, საწყობში მოთავსების, ტვირთის ცალკეულ ერთეულებად დანაწევრების ან ტრანსპორტირების ტიპის შეცვლით, როცა ასეთი სახის გატარება  შეადგენს სრული მარშრუტის ნაწილს, რომელიც იწყება და სრულდება იმ მხარის ტერიტორიის საზღვრებს გარეთ, რომლის ტერიტორიასაც კვეთს მარშრუტი;

d)  „უკანონო მითვისება“ ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას, რაც გულისხმობს ენერგიის ტრანსპორტირების საშუალებებიდან ენერგოპროდუქტების უკანონო მითვისებას.

მუხლი 203

ტრანზიტი

მხარეები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ტრანზიტის განხორციელება მათ მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, რომელსაც ითვალისწინებს  1994 წლის ვაჭრობისა და ტარიფების გენერალური შეთანხმებისა და ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულების დებულებები.

მუხლი 204

ენერგოპროდუქტების უკანონო მითვისება ტრანზიტის პროცესში

თითოეული  მხარე ვალდებულია, მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა ტრანზიტის პროცესში ენერგოპროდუქტების ნებისმიერი სახით უკანონო მითვისების აკრძალვისა და ასეთ შემთხვევებზე რეაგირებისათვის, რომლებსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს მოცემული მხარის ტერიტორიაზე მისი კონტროლისა თუ იურისდიქციის დაქვემდებარებაში მყოფი ნებისმიერი იურიდიული პირის მხრიდან.

მუხლი 205

შეუფერხებელი ტრანზიტი

1.   მხარეს ეკრძალება მის ტერიტორიაზე ტრანზიტით გამავალი ენერგოპროდუქტების მითვისება ან სხვა რაიმე სახით ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ამგვარი მითვისება ან ჩარევა განსაკუთრებულად არის გათვალისწინებული კონტრაქტით ან სხვა ხელშეკრულებით, რომელიც ეხება ტრანზიტს; ან,  როცა ენერგიის ტრანსპორტიების საშუალებების უწყვეტი მუშაობა სათანადო ჩარევის გარეშე წარმოადგენს გაუმართლებელ საფრთხეს  საზოგადოების უსაფრთხოების, კულტურული მემკვიდრეობის, ჯანმრთელობის  ან გარემოსათვის; ასეთი ჩარევა მისაღებია, თუკი ის არ წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობისადმი თვითნებურ და გაუმართლებელ შერჩევით მიდგომას ან მის ფარულ შეზღუდვა-დაბრკოლებას.

2.    მხარეების ან ერთ-ერთი მხარის კონტროლისა თუ იურისდიქციის ქვეშ მყოფი ერთი ან მეტი იურიდიული პირის მონაწილეობით ნებისმიერი სახის დავის შემთხვევაში მხარეს, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება ენერგოპროდუქტების ტრანზიტი, შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე დავების მოგვარების პროცედურის ან წინამდებარე შეთანხმების X IV დანართით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციის პროცედურის ან მეოთხე კარის  მე-14 თავით  გათვალისწინებული პროცედურის დასრულებამდე ეკრძალება ენერგოპროდუქტების ტრანზიტის პროცესის შეწყვეტა ან მისი მოცულობის შემცირება, ასევე, მისი კონტროლისა თუ იურისდიქციისს ქვეშ მყოფი ნებისმიერი იურიდიული პირის, მათ შორის სახელმწიფო სავაჭრო საწარმოსათვის, ამგვარი ტრანზიტის შეწყვეტის ან მისი მოცულობის შემცირების ნების დართვა, გარდა პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3.     მხარე არ არის პასუხისმგებელი წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ტრანზიტის შეწყვეტასა თუ მოცულობის შემცირებაზე, თუ ამ მხარეს არ შეუძლია ენერგოპროდუქტების მიწოდება და მისი ტრანზიტის განხორციელება მესამე მხარის ან მესამე მხარის კონტროლისა თუ იურისდიქციის ქვეშ მყოფი იურიდიული პირის მოქმედებების შედეგად.

მუხლი 206

ოპერატორების ვალდებულებები ტრანზიტის პროცესში

თითოეული მხარე ვალდებულია, უზრუნველყოს ენერგიის ტრანსპორტირების საშუალებების ოპერატორების მხრიდან საჭირო ზომების მიღება, რათა მოხდეს:

(a)   ტრანზიტის  ავარიული შეწყვეტის ან შემცირების რისკის მინიმიზაცია;

(b) ტრანზიტის ავარიული შეწყვეტის ან შემცირების შემთხვევაში მისი ნორმალური განხორციელების დაჩქარებულ რეჟიმში აღდგენა.

მუხლი 207

მარეგულირებელი უწყებები

1.   თითოეული მხარე პასუხისმგებელია შექმნას დამოუკიდებელი მარეგულირებელი უწყებები, რომელიც აღჭურვილი იქნება  ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ბაზრების რეგულირების უფლებით. ეს მარეგულირებელი უწყებები უნდა იყვნენ იურიდიულად განცალკევებული და ფუნქციონალურად დამოუკიდებელი ერთეულები სხვა ნებისმიერი საჯარო თუ კერძო საწარმოსაგან, ბაზარის მონაწილისა თუ ოპერატორისაგან.

2.   მარეგულირებელი უწყების გადაწყვეტილებები და მის მიერ გამოყენებული პროცედურები უნდა იყოს მიუკერძოებელი ბაზარის  ყველა მონაწილესთან მიმართებაში.

3.   ოპერატორს, რომელზეც მარეგულირებელი უწყების გადაწყვეტილება იქონიებს უარყოფით ზეგავლენას, უნდა ჰქონდეს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ჩართული მხარეებისაგან დამოუკიდებელ სააპელაციო უწყებაში. ყველა შემთხვევაში, როცა სააპელაციო უწყება არ არის თავისი არსით იურიდიული უწყება, აუცილებელია მისი გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით წარდგენა და ეს გადაწყვეტილებები ასევე უნდა ექვემდებარებოდეს  მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო უწყების მიერ განხილვას. სააპელაციო უწყების გადაწყვეტილება  დაუყონებლივ უნდა  შევიდეს ძალაში და ამოქმედდეს. 

მუხლი 208

ბაზრების ორგანიზება 

1.   მხარეები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ენერგეტიკული ბაზრების ოპერირება კონკურენტული, უსაფრთხო და ეკოლოგიურად მდგრადი პირობების მისაღწევად და ასევე არ განახორციელონ საწარმოთა დისკრიმინაცია მათ უფლებებსა თუ ვალდებულებებთან მიმართებაში.

2.  მიუხედავად პირველ პუნქტში დადგენილი პირობებისა, ზოგადი ეკონომიკური  ინტერესებიდან გამომდინარე, მხარეს აქვს საწარმოებზე ვალდებულებების დაკისრების უფლება, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს უსაფრთხოებასთან, მათ შორის მიწოდების უსაფრთხოებასთან, რეგულარობასთან, ხარისხსა და მიწოდების ფასთან, გარემოს დაცვასთან,  მათ შორის ენერგოეფექტურობასთან, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მოპოვებასა  და კლიმატის დაცვასთან. ასეთი ვალდებულებები უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული, გამჭვირვალე, პროპორციული და გადამოწმებადი.

3.  იმ შემთხვევაში, თუ მხარე არეგულირებს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გაყიდვის ფასებს ადგილობრივ ბაზარზე, ის ვალდებულია უზრუნველყოს რეგულირებადი ფასების გამოსათვლელად გამოყენებული მეთოდოლოგიის გამოქვეყნება რეგულირებადი ფასების ძალაში შესვლამდე.    

მუხლი 209

ენერგიის ტრანსპორტირების საშუალებებზე დაშვება

1.   თითოეული მხარე ვალდებულია საკუთარ ტერიტორიაზე უზრუნველყოს  ენერგიის ტრანსპორტირების საშუალებებზე, ასევე, თხევადი ბუნებრივი აირისა და სასაწყობე საშუალებებზე მესამე მხარის დაშვების სისტემის განხორციელება, რომელიც ვრცელდება ყველა მომხმარებელზე და არის გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული.

2.   თითოეული მხარე ვალდებულია, უზრუნველყოს ენერგიის ტრანსპორტირების საშუალებებზე დაშვების ტარიფის და ენერგიის ტრანსპორტირების საშუალებებზე დაშვებასთან დაკავშირებული სხვა პირობების ობიექტურობა, გონივრულობა და გამჭვირვალობა და ასევე არადისკრიმინაციული მიდგომა ენერგოპროდუქტის წარმომავლობის, მფლობელობისა თუ  საბოლოო დანიშნულების ადგილის მიუხედავად.

3.   მხარე ვალდებულია, უზრუნველყოს ყველა ტექნიკური და დაკონტრაქტებული სიმძლავრის, როგორც ფიზიკურის, ასევე, ვირტუალურის, განაწილება გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული კრიტერიუმებისა და პროცედურების მეშვეობით.

4.  მესამე მხარის დაშვებაზე უარის შემთხვევაში, მხარეები ვალდებულნი არიან, მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყონ ენერგოსატრანსპორტო საშუალებათა ოპერატორების მიერ  დასაბუთებული ახსნა-განმარტების წარდგენა მომთხოვნი მხარისათვის, რაც სამართლებრივი კომპენსაციის საგანს წარმოადგენს.

5.    გამონაკლისის სახით მხარემ შეიძლება თავი აარიდოს პირველიდან მე-4 პუნქტის ჩათვლით დებულებების შესრულებას, მის კანონმდებლობაში მოცემული ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე. კერძოდ, მხარეს საკუთარ კანონმდებლობაში შეუძლია გაითვალისწინოს მესამე მხარის დაშვების წესებისგან გამონაკლისის დაშვება ცალკეულ შემთხვევაში შეზღუდული დროით  ძირითადი ახალი ენერგიის ტრანსპორტირების  საშუალებებისთვის. 

მუხლი 210

ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულებასთან მიმართებაში

1. საქართველოსთან მიმართებაში მოცემული თავის დებულებებსა და ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულების დებულებებს ან ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულების ძალით ევროკავშირის კანონმდებლობაში შესულ დებულებებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულების დებულებებსა ან ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულების ძალით ევროკავშირის კანონმდებლობაში შესულ დებულებებს.

2.     საქართველოს მიერ მოცემული თავის განხორციელების პროცესში უპირატესობა ენიჭება კანონებისა და სხვა აქტების მიღებას, რომლებიც თანხვედრაშია ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულებასთან ან ეფუძნება ევროკავშირის კანონმდებლობას. წინამდებარე თავთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში საქართველოს მიერ მიღებული კანონები ან სხვა აქტები, რომლებიც თანხვედრაშია ამ კრიტერიუმთან, ჩაითვლება კანონებად და აქტებად, რომლებიც თანხვედრაშია მოცემულ თავთან. ამ კრიტერიუმთან საქართველოს მიერ მიღებული კანონებისა და სხვა აქტების თანხვედრის დასადგენად გათვალისწინებული უნდა იყოს ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულების 91-ე მუხლის ძალით მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

3.  ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებები არ ვრცელდება გაერთიანებულ სამეფოზე.

თავი 12

გამჭვირვალობა

მუხლი 211

განმარტებები

ამ თავის მიზნებისთვის:

a)  „ზოგადი გამოყენების ზომა“ მოიცავს კანონებს, რეგულაციებს, სასამართლოს გადაწყვეტილებებს, პროცედურებს და ადმინისტრაციულ წესებს, რომლებსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეთ ამ შეთანხმების IV კარით (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხზე. ის არ მოიცავს ზომებს, რომლებიც ეხება კონკრეტულ პირს ან პირთა ჯგუფს;

b)    „დაინტერესებული პირი“ ნიშნავს მხარის ტერიტორიაზე დაფუძნებულ ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელზეც პირდაპირი ზეგავლენა შეიძლება  ჰქონდეს ზოგადი გამოყენების ზომას.

 

მუხლი 212

მიზანი

აღიარებენ რა, რომ მარეგულირებელმა გარემომ შეიძლება გავლენა იქონიოს მხარეთა შორის ვაჭრობასა და ინვესტიციებზე, მხარეები უზრუნველყოფენ პროგნოზირებადი მარეგულირებელი გარემოს შექმნასა და ეფექტიან პროცედურებს ეკონომიკური ოპერატორებისთვის, მცირე და საშუალო საწარმოების ჩათვლით, სამართლებრივი სიცხადის და პროპორციულობის   გათვალისწინებით.

მუხლი 213

გამოქვეყნება

1.  თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ზოგადი გამოყენების ზომები:

(a)   იყოს სწრაფად და ადვილად ხელმისაწვდომი ოფიციალური არხის მეშვეობით და სადაც შესაძლებელია, ელექტრონული საშუალებებით, რათა ნებისმიერმა პირმა შეძლოს ამ ზომების გაცნობა;

(b)   მხარებმა ერთმანეთს უპასუხონ დროულად, კონკრეტულ კითხვებზე და მოთხოვნის საფუძველზე ერთმანეთს მიაწოდონ ზომების შესახებ, რომლებიც აღნიშნულია პირველ პუნქტში;

(c)   ამ თავში არაფერი უნდა ავალდებულებდეს მხარეებს. რომ გაამხილონ ინფორმაცია, რომელიც კონფიდენციალურია ადგილობრივი კანონმდებლობით ან რომლის გამხელაც შეაფერხებს კანონის აღსრულებას ან ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესს ან რომელიც ზიანს მიაყენებს ეკონომიკური ოპერატორის კანონიერ კომერციულ ინტერესს.

2.    თითოეული მხარე:

(a)    მიზნად ისახავს, ადრეულ საფეხურზე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს ზოგადი გამოყენების ზომის მიღებასა ან ცვლილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადება ამ წინადადების მიზნისა და მისი  დასაბუთების ჩათვლით.

(b)    უზრუნველყოფს დაინტერესებული პირებისთვის ამგვარ წინადადებაზე კომენტარის გაკეთების გონივრულ შესაძლებლობებს, კერძოდ, იძლევა საკმარის დროს ამგვარი შესაძლებლობებისათვის; და 

(c)    მიზნად ისახავს მხედველობაში მიიღოს ამგვარ წინადადებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების კომენტარები.

  მუხლი 214

შეკითხვები და საკონტაქტო პირები

1.    ამ შეთანხმების IV კართან (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული ზომები) დაკავშირებით ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში მხარეებს შორის კომუნიკაციის გაადვილების მიზნით თითოეული მხარე განსაზღვრავს საკონტაქტო პირს, რომელიც იქნება კოორდინატორი.

2.    თითოეული მხარე დააფუძნებს ან შეინარჩუნებს შესაბამის მექანიზმებს, რათა პასუხი გასცეს ნებისმიერი პირის შეკითხვებს შეთავაზებულ ან ძალაში მყოფ ზოგადი გამოყენების ზომებთან და მათ მოქმედებასთან დაკავშირებით. შეკითხვებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკონტაქტო პირის მეშვეობით ან სხვა მექანიზმის გამოყენებით, საჭიროებიდან გამომდინარე.

3.   მხარეები აღიარებენ, რომ მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი პასუხი შეიძლება არ იყოს გადამწყვეტი ან იურიდიულად სავალდებულო, არამედ მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის გამოსაყენებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ სხვაგვარად არის მოცემული მათ შესაბამის კანონებსა და რეგულაციებში.

4.     მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, მეორე მხარე დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას და პასუხის გაცემას იმ კითხვებზე, რომლებიც ეხება ზოგადი გამოყენების ზომას, ან ნებისმიერ წინადადებას ზოგადი გამოყენების ზომის მიღებასა ან ცვლილებაზე, რომელსაც მომთხოვნი მხარის მოსაზრებით შეიძლება რაიმე გავლენა ჰქონდეს ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მოქმედებაზე მიუხედავად იმისა, მომთხოვნ მხარეს შეატყობინეს თუ არა მანამდე ამ ზომის შესახებ.

მუხლი 215

ზოგადი გამოყენების ზომების ადმინისტრირება

1.  თითოეული მხარე ზოგადი გამოყენების ზომების ადმინისტრირებას ახორციელებს ობიექტურად, მიუკერძოებლად და გონივრულად.

2.  ამ მიზნით, თითოეული მხარე, ამგვარი ზომების მეორე მხარის ცალკეული პირების, საქონლის ან მომსახურების  მიმართ გამოყენებისას განსაკუთრებულ შემთხვევებში:

(a)   მიზნად ისახავს უზრუნველყოს იმ დაინტერესებული პირების გონივრული გაფრთხილება, რომლებზეც პირდაპირი გავლენა აქვს ადმინისტრაციულ პროცედურებს, იმის თაობაზე, თუ როდის არის ეს პროცედურა ინიცირებული, ამ პროცედურის შინაარსის აღწერის, ინიცირებაზე უფლებამოსილი ორგანოს განაცხადის და ნებისმიერი საკამათო საკითხის ზოგადი აღწერილობის ჩათვლით;

(b)  ამგვარ დაინტერესებულ პირებს აძლევს გონივრულ შესაძლებლობას, ნებისმიერ საბოლოო ადმინისტრაციულ ქმედებამდე თავიანთი პოზიციის მხარდასაჭერად წარმოადგინონ ფაქტები და არგუმენტები, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა დრო, პროცედურის წარმოების ხასიათი და საზოგადოებრივი ინტერესი; და

(c)    უზრუნველყოფს, რომ მისი პროცედურები ეფუძნება კანონს და ხორციელდება კანონის შესაბამისად.

მუხლი 216

გადახედვა და გასაჩივრება

1.   თითოეული მხარე ჩამოაყალიბებს ან შეინარჩუნებს სასამართლო, საარბიტრაჟო ან ადმინისტრაციულ ტრიბუნალებს ან პროცედურებს ამ შეთანხმების IV კარით (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) გათვალისწინებული ადმინისტრაციული ქმედების საკითხებთან დაკავშირებით სწრაფი გადახედვისა და საჭიროების შემთხვევაში შესწორებების შეტანის მიზნით. ამგვარი ტრიბუნალები ან პროცედურები იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი იმ უწყებებისა და უფლებამოსილი ორგანოებისაგან, რომელთაც დაკისრებული აქვთ ადმინისტრაციული აღსრულება და მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან ამ საკითხზე არ უნდა ჰქონდეთ არსებითი ინტერესი მისაღებ შედეგთან დაკავშირებით.

2.  თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ამგვარი ტრიბუნალების და პროცედურების დროს სამართალწარმოების მხარეები აღჭურვილნი არიან შემდეგი უფლებით:

(a)    გონივრული შესაძლებლობა მხარი დაუჭირონ და დაიცვან მათი შესაბამისი პოზიციები; და

(b)    გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება მტკიცებულებას და წარმოდგენილ მონაცემებს ან სადაც კანონი ითხოვს, მონაცემებს, რომელიც შედგენილია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.

3.  თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ასეთი გადაწყვეტილება, რომელიც ექვემდებარება კანონით გათვალისწინებულ გასაჩივრებას ან გადახედვას, უნდა განხორციელდეს და პრაქტიკაში დამკვიდრდეს იმ უწყების ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ამ ადმინისტრაციულ ქმედებაზე.

მუხლი 217

რეგულირების ხარისხი, შესრულება და კარგი ადმინისტრაციული ქცევა

1.   მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ  რეგულირების ხარისხისა და შესრულების ხელშესაწყობად, მათ შორის, რეგულირების პოლიტიკასა და რეგულირების გავლენის შეფასებაზე ინფორმაციის გაცვლისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით. 

2.  მხარეები აღიარებენ კარგი ადმინისტრაციული ქცევის პრინციპების მნიშვნელობას და თანხმდებიან ითანამშრომლონ ამგვარი პრინციპების ხელშესაწყობად, მათ შორის ინფორმაციის გაცვლის და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

მუხლი 218

სპეციალური წესები

ამ თავის დებულებები მოქმედებს ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) სხვა თავებით განსაზღვრული გამჭვირვალობასთან დაკავშირებული სპეციალური წესებისათვის ზიანის მიყენების გარეშე.

თავი 13

ვაჭრობა და მდგრადი განვითარება

მუხლი 219

კონტექსტი და ძირითადი მიზნები

1.  მხარეები მხარს უჭერენ 1992 წლის „განაწესს 21-ე საუკუნისათვის გარემოსა და განვითარება”-ზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1998 წლის დეკლარაციას შრომის ძირითადი პრინციპებისა და უფლებების შესახებ, 2002 წლის იოჰანესბურგის მდგრადი განვითარების გეგმას, 2006 წლის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მინისტერიალის დეკლარაციას სრული და ნაყოფიერი დასაქმებისა და ღირსეული შრომის უზრუნველსაყოფად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2008 წლის დეკლარაციას სოციალური თანასწორობა სამართლიანი გლობალიზაციის შესახებ.  მხარეები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას იმგვარად, რომ დაეხმარონ მდგრადი განვითარების ძირითადი ამოცანების განხორციელებას ახლანდელი და მომავალი თაობების კეთილდღეობისათვის  და ამავე დროს უზრუნველყონ რომ, აღნიშნული ამოცანები  გათვალისწინებული და ასახული იქნება მათი სავაჭრო ურთიერთობის თითოეულ საფეხურზე. 

2.    მხარეები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ მდგრად განვითარებას და აღიარებენ, რომ ეკონომიკური განვითარება, სოციალური განვითარება და გარემოს დაცვა მისი ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთგამაძლიერებელი საშუალებებია. ისინი ხაზს უსვამენ ვაჭრობასთან დაკავშირებულ შრომითი[30] და გარემოსდაცვითი საკითხების, როგორც ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების მიმართ გლობალური მიდგომის ნაწილის, მნიშვნელობას.

მუხლი 220

რეგულაციის უფლება და დაცვის დონე

1.  მხარეები აღიარებენ თითოეული მხარის უფლებას, განსაზღვრონ ქვეყნის მდგრადი განვითარების პოლიტიკა და პრიორიტეტები, შექმნან ადგილობრივი გარემოსა და შრომითი ურთიერთობების  დაცვის დონე და შესაბამისად მიიღონ ან შეცვალონ კანონები და პოლიტიკა, რათა მოხდეს მათი თანხვედრა ამ შეთანხმების 2 21-ე და 2 22-ე მუხლებში მოცემულ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და შეთანხმებებთან.

2.     ამ კონტექსტში თითოეულმა მხარემ უნდა სცადოს იმის უზრუნველყოფა, რომ მისი კანონები და პოლიტიკა ითვალისწინებდეს და ხელს უწყობდეს გარემოსა და შრომითი ურთიერთობების დაცვის მაღალი დონის მიღწევას და შეეცადოს გააგრძელოს ამ კანონებისა და პოლიტიკის და მათი ძირითადი  დაცვის დონის გაუმჯობესება. 

მუხლი 221

მრავალმხრივი შრომითი სტანდარტები და შეთანხმებები

1.   მხარეები აღიარებენ სრული და ნაყოფიერი დასაქმებისა და ღირსეული შრომის არსებობას ყველასათვის, როგორც გლობალიზაციის მართვის ძირითად ელემენტებს და ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ  საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას იმ ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს სრული და ნაყოფიერი დასაქმებისა და ღირსეული შრომის არსებობას ყველასათვის. ამ კონტექსტში მხარეები ვალდებულებას იღებენ კონსულტაცია გაუწიონ და ითანამშრომლონ სათანადოდ ორმხრივი ინტერესების მქონე ვაჭრობასთან დაკავშირებულ შრომის საკითხებზე.

2.   შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წევრობის შედეგად, ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) შრომის ძირითადი პრინციპებისა და უფლებების შესახებ დეკლარაციით აღებული ვალდებულებების შესაბამისად და მის განსახორციელებლად, რომელიც მიღებულ იქნა 1998 წლის შრომის საერთაშორისო  კონფერენციის 86-ე სესიაზე, მხარეები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ, ხელი შეუწყონ და ასახონ საკუთარ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში და  მთელს ტერიტორიაზე საერთაშორისოდ აღიარებული შრომის ძირითადი სტანდარტები იმ ფორმით, როგორც ეს მოცემულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციებში და განსაკუთრებით:

(1) როცა შრომა არის მითითებული წინამდებარე თავში, ის მოიცავს  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლის მეშვეობითაც  ღირსეული შრომის დღის წესრიგია ჩამოყალიბებული, როგორც ეს შეთანხმებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სოციალური თანასწორობა სამართლიანი გლობალიზაციის შესახებ 2008 წლის  დეკლარაციის შესაბამისად.

(a)   გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლების რეალური აღიარება;

(b)   იძულებითი ან ძალდატანებითი შრომის ყოველგვარი ფორმის აღმოფხვრა;

(c)   ბავშვთა შრომის რეალური გაუქმება;

(d) ყოველგვარი დისკრიმინაციის  აღკვეთა დასაქმებასა და შრომასთან მიმართებაში.

3.   მხარეები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, რეალურად ასახონ მათ კანონებში და პრაქტიკაში განახორციელონ ფუნდამენტური, პრიორიტეტული და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სხვა კონვენციები, რომლებიც საქართველოს და გაერთიანებული სამეფოსა მიერაა რატიფიცირებული.

4.   მხარეები ასევე მხედველობაში მიიღებენ დარჩენილი პრიორიტეტული და სხვა კონვენციების რატიფიკაციის საკითხს, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც უახლესი კონვენციები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ. მხარეები რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას ამ მხრივ არსებული მდგომარეობისა და განვითარების შესახებ.

5.   მხარეები აღიარებენ, რომ  შრომის ფუნდამენტური პრინციპებისა და უფლებების დარღვევა სამუშაო ადგილზე არ შეიძლება მოწოდებულ იქნეს ან სხვაგვარად გამოყენებულ იქნეს, როგორც ლეგიტიმური შედარებითი უპირატესობა და  ეს შრომითი სტანდარტები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროტექციონისტული სავაჭრო მიზნებისთვის.

მუხლი 222

მრავალმხრივი გარემოსდაცვითი მმართველობა და შეთანხმებები

1.  მხარეები აღიარებენ მრავალმხრივი გარემოსდაცვითი მმართველობისა და შეთანხმებების მნიშვნელობას, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხს გლობალურ ან რეგიონულ გარემოსდაცვით პრობლემებზე და ხაზგასმით აღნიშნავენ ერთობლივი მხარდაჭერის გაძლიერების საჭიროებას ვაჭრობისა და გარემოსდაცვით პოლიტიკას შორის. აღნიშნულ კონტექსტში, მხარეები თანხმდებიან კონსულტაცია გაუწიონ და სათანადოდ ითანამშრომლონ, რათა მოლაპარაკებები აწარმოონ  ვაჭრობასთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით საკითხებსა  და საერთო ინტერესების მქონე ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე.

2.    მხარეები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, ეფექტიანად განახორციელონ თავიანთ კანონებსა და პრაქტიკაში ის მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებები (MEAs), რომელთა მხარესაც წარმოადგენენ.

3.   მხარეები რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას  არსებულ მდგომარეობასა და მიღწევებზე, რასაც ითვალისწინებს მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების (MEAs) რატიფიკაცია ან ამგვარ შეთანხმებებში  ცვლილებების შეტანა.

4.   მხარეები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, მიაღწიონ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა (UNFCCC) და კიოტოს პროტოკოლის ძირითად მიზანს. ისინი ვალდებულებას იღებენ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ფარგლებში და მასთან დაკავშირებული შეთანხმებებისა და გადაწყვეტილებების ფარგლებში ითანამშრომლონ კლიმატის ცვლილების საერთაშორისო ჩარჩოს სამომავლო განვითარებაზე.

5.  ეს შეთანხმება არ ზღუდავს მხარეებს, მიიღონ ან გაატარონ ზომები სხვა მრავალმხივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების (MEAs) განსახორცილებელად, რომელთა მხარეებიც ისინი არიან იმ პირობით, რომ არ მოხდება აღნიშნული ზომების გამოყენება ისეთი ფორმით, რომელიც იძლევა სადავო ან დაუსაბუთებელი დისკრიმინაციის საშუალებას მხარეებს შორის ან ფარული შეზღუდვების დაწესებას  სავაჭრო ურთიერთობებზე.  

მუხლი 223

ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშემწყობი მდგრადი განვითარება

მხარეები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, გააძლიერონ ვაჭრობის წვლილი მდგრადი განვითარების მიზნის მისაღწევად, მათ შორის მის ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით მიმართულებებში. შესაბამისად:

(a)   მხარეები აღიარებენ ძირითადი შრომითი სტანდარტებისა და ღირსეული შრომის სასარგებლო როლს ეკონომიკურ ეფექტიანობაზე, ინოვაციებსა და პროდუქტიულობაზე, და მათ უნდა მიაღწიონ პოლიტიკის შეთანხმებულობას, რათა მოხდეს, ერთი მხრივ, სავაჭრო პოლიტიკისა და, მეორეს მხრივ, შრომითი პოლიტიკის თანხვედრა;

(b)   მხარეები შეეცდებიან გააადვილონ და ხელი შეუწყონ ვაჭრობასა და ინვესტიციების განხორციელებას გარემოსთვის უსაფრთხო საქონლისა და მომსახურების სფეროში, მათ შორის, შესაბამისი არასატარიფო ბარიერების გათვალისწინების ჩათვლით;

(c)  მხარეები შეეცდებიან ხელი შეუწყონ დაბრკოლებების აღმოფხვრას ვაჭრობასა და ინვესტიციებში დაკავშირებულს იმ  საქონელსა და მომსახურებასთან, რომელიც განსაკუთრებით უკავშირდება კლიმატის ცვლილების შერბილებას, როგორიც არის მდგრადი განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტური პროდუქტები და მომსახურება. ეს შეიძლება მოიცავდეს შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვას და იმ სტანდარტების გავრცელებას, რომლებიც პასუხობენ გარემოსდაცვით და ეკონომიკურ საჭიროებებს და მინიმუმამდე ამცირებენ ვაჭრობაში ტექნიკურ ბარიერებს;

(d)  მხარეები თანხმდებიან ხელი შეუწყონ  საქონლით ვაჭრობას, რომელიც დაეხმარება სოციალური მდგომარეობისა და გარემოსდაცვითი კუთხით მიღებული გამოცდილების გაძლიერებას, მათ შორის იმ საქონლით, რომელიც არის ნებაყოფლობითი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის გეგმის ნაწილი, როგორიც  არის სამართლიანი და ეთიკური  სავაჭრო სქემები და ეკოეტიკეტები;

(e)  მხარეები თანხმდებიან ხელი შეუწყონ კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას, ინფორმაციისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების ჩათვლით. ამ მიმართულებით მხარეები მიმართავენ შესაბამის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებსა და სახელმძღვანელოებს, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელოს საერთაშორისო საწარმოებისათვის.

მუხლი 224

ბიომრავალფეროვნება

1.  მხარეები აღიარებენ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მისი მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფის აუცილებლობას, როგორც ერთ-ერთ ძირითად ელემენტს მდგრადი განვითარების მისაღწევად და გამოთქვამენ მზადყოფნას, უზრუნველყონ ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და ბიომრავალფეროვნების მდგრადი გამოყენება ბიომრავალფეროვნების კონვენციისა და სხვა  საერთაშორისო ინსტრუმენტების შესაბამისად, რომელთა მხარესაც ქვეყნები წარმოადგენენ.

2.    ამ მიზნით მხარეები თანხმდებიან:

(a)  ხელი შეუწყონ ვაჭრობას ბუნებრივი რესურსიდან მიღებული  იმ პროდუქტებით, რომელიც მიღებულია ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენებით და ამავე დროს წვლილი შეაქვს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროცესში;

(b)   უზრუნველყონ ინფორმაციის გაცვლა ბუნებრივი რესურსებიდან  მიღებული პროდუქტით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ქმედებებთან მიმართებაში ბიომრავალფეროვნების დანაკარგებისა და მასზე ზეწოლის შემცირების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლონ მათი შესაბამისი პოლიტიკის გავლენის მაქსიმიზაციისა და ურთიერთმხარდაჭერის  მიზნით;

(c)  ხელი შეუწყონ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობათა საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) სიაში იმ სახეობების შეტანას, რომელთა კონსერვაციის სტატუსი სარისკოდ მიიჩნევა; და

(d)  ითანამშრომლონ რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ხელშეწყობისა და მისი მდგრადი გამოყენების მიზნით ბუნებრივ და აგროკულტურულ ეკოსისტემებში, რაც მოიცავს გადაშენების პირას მყოფ სახეობებს, მათ ჰაბიტატებს, განსაკუთრებული დაცვის ბუნებრივ ტერიტორიებს და გენეტიკურ მრავალფეროვნებას, ეკოსისტემების აღდგენას, ასევე გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების აღმოფხვრას ან შემცირებას, რაც გამოწვეულია ეკოსისტემის ცოცხალი და არაცოცხალი  ბუნებრივი რესურსების გამოყენებით.

მუხლი 225

ტყის მდგრადი მართვა და ხე-ტყის ნაწარმით ვაჭრობა

1.     მხარეები აღიარებენ ტყის კონსერვაციის უზრუნველყოფის, მისი მდგრადი მართვის  მნიშვნელობას და ტყის წვლილს მხარეთა ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური მიზნების მიღწევაში.

2.   ამ მიზნით მხარეები თანხმდებიან:

(a)   ხელი შეუწყონ ტყის მდგრადი მართვის შედეგად წარმოებული ხე-ტყის ნაწარმით ვაჭრობას, რომელიც მიღებულია მწარმოებელი ქვეყნის ადგილობრივი კანონმდებლობისა და შესაბამისი ორმხრივი თუ რეგიონალური  ხელშეკრულებების სრული დაცვით;

(b)   ხელი შეუწყონ ტყის მდგრადი მართვის შედეგად მიღებული მერქნისა და სამერქნე მასალის მოხმარების ზომების შესახებ ინფორმაციის გაცვლას და საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლონ აღნიშნული ზომების განვითარების მიზნით;

(c)    მიიღონ სპეციალური ზომები, რათა ხელი შეუწყონ ტყის საფარის დაცვას; ებრძოლონ ტყის უკანონო ჭრასა და მასთან დაკავშირებულ ვაჭრობას, მათ შორის მესამე ქვეყნებთანაც;

(d)  გაცვალონ ინფორმაცია ტყის მართვის გაუმჯობესების ღონისძიებებზე და საჭიროების შემთხვევაში მჭიდროდ ითანამშრომლონ, რათა მაქსიმალურად გაზარდონ გავლენა და უზრუნველყონ ტყის უკანონო ჭრის შედეგად მიღებული მერქნისა და სამერქნე მასალით ვაჭრობის აღმკვეთი ეფექტური პოლიტიკისა და სპეციალური ზომების გატარება;

(e)    ხელი შეუწყონ საერთაშორისო  ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) სიაში ხე-ტყის იმ სახეობების შეტანას, რომელთა კონსერვაციის სტატუსი სარისკოდ მიიჩნევა;

(f)   ითანამშრომლონ რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ხე-ტყის საფარის დაცვისა და ყველანაირი  ტყის ტიპის მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნით.

მუხლი 226

თევზის პროდუქტით ვაჭრობა

თევზის მარაგის მდგრადი და გონივრული მართვის მნიშვნელობის გათვალისწინებით და სავაჭრო ურთიერთობებში ეფექტური მმართველობის ხელშეწყობის მიზნით მხარეები იღებენ ვალდებულებას:

(a)    ხელი შეუწყონ თევზის მეურნეობის მართვის საუკეთესო გამოცდილების დანერგვას, რათა უზრუნველყონ თევზის მარაგის კონსერვაცია და მდგრადი მართვა ეკოსისტემების მიდგომის გათვალისწინებით;

(b)    გაატარონ ეფექტური ზომები თევზჭერის საქმიანობის მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით;

(c)    უზრუნველყონ ზღვის ცოცხალი რესურსების გრძელვადიანი კონსერვაცია და  მდგრადი გამოყენება გაეროსა (UN) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ძირითადი ინსტრუმენტების შესაბამისად;

(d)    ხელი შეუწყონ მხარეებს შორის მონაცემების შეგროვების ურთიერთშეთანხმებული სქემის განვითარებასა და მეცნიერულ თანამშრომლობას თევზის მეურნეობის მართვასთან დაკავშირებული სამეცნიერო რჩევების გაუმჯობესების მიზნით;

(e)  შეძლებისდაგვარად მჭიდროდ ითანამშრომლონ თევზჭერის მართვის შესაბამის რეგიონულ ორგანიზაციებთან; და

(f)     უზრუნველყონ ურთიერთანამშრომლობა არალეგალური, არადოკუმენტირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისა და მასთან დაკავშირებული ქმედებების წინააღმდეგ ყოვლისმომცველი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ზომების გამოყენებით. მხარეები ასევე თანხმდებიან განახორციელონ პოლიტიკა და მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა არალეგალური, არადოკუმენტირებული და დაურეგულირებელი  პროდუქცია არ მოხვდეს სავაჭრო მიმოქცევასა და შესაბამის ბაზრებზე.      

  მუხლი 227

დაცვის დონეების გაძლიერება

1.    მხარეები აცნობიერებენ, რომ მიუღებელია ვაჭრობისა თუ ინვესტიციების წახალისება იმ დაცვის დონის შესუსტებით, რომელიც გათვალისწინებულია ადგილობრივი გარემოსდაცვითი თუ შრომითი კანონმდებლობით. 

2.   მხარემ არ უნდა მოახდინოს თავის არიდება და უგულვებელყოფა ან შესთავაზოს თავის არიდება და უგულვებელყოფა მისი გარემოსდაცვითი თუ შრომის კანონმდებლობიდან ვაჭრობის წახალისების ან მათ ტერიტორიაზე ინვესტორის ინვესტიციების შემოყვანის, მოძიების, გაძლიერების ან შენარჩუნების მიზნით.

3.    მხარემ არ უნდა დაუშვას მუდმივი ან პერიოდული ქმედებების ან უმოქმედობის ერთობლიობით ჩაიშალოს გარემოსდაცვითი და შრომითი კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელება, ინვესტიციებისა და ვაჭრობის წახალისებისთვის.

მუხლი 228

სამეცნიერო ინფორმაცია

როდესაც მზადდება და ხორციელდება ღონისძიებები, რომელთა მიზანია გარემოსა და შრომითი პირობების დაცვა, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ვაჭრობასა ან ინვესტიციებზე, მხარეებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ხელმისაწვდომი სამეცნიერო და ტექნიკურ ინფორმაცია, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები, სახელმძღვანელოები ან რეკომენდაციები, მათი არსებობის შემთხვევაში. ამ მხრივ, მხარეებმა შეიძლება ასევე გამოიყენონ  „გამაფრთხილებელი პრინციპი”.

მუხლი 229

გამჭვირვალობა

თითოეულმა მხარემ ადგილობრივი კანონმდებლობისა და ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-12 თავის (გამჭვირვალობა) შესაბამისად  უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი ღონისძიება, რომლის მიზანია გარემოსა და/ან შრომითი პირობების დაცვა, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ ვაჭრობასა და ინვესტიციებზე,  იქნება მომზადებული, განხილული და განხორციელებული გამჭვირვალედ, წინასწარი დროული შეტყობინებითა და საჯარო განხილვებით,  შესაბამისი და დროული კომუნიკაციითა და კონსულტაციებით არასამთავრობო სექტორთან.

მუხლი 230

მდგრადობის ზემოქმედების მიმოხილვა

მხარეები ვალდებულებას იღებენ განიხილონ, განახორციელონ მონიტორინგი და შეაფასონ წინამდებარე შეთანხმების  IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები)  გავლენა მდგრად განვითარებაზე, მათი შესაბამისი  მონაწილეობითი პროცესებითა და ინსტიტუტებით,  აგრეთვე წინამდებარე შეთანხმების  საფუძველზე შექმნილი ინსტიტუტების, მაგალითად ვაჭრობასთან დაკავშირებული მდგრადობის ზემოქმედების შეფასების მეშვეობით.

მუხლი 231

ვაჭრობასა და მდგრად განვითარებაზე ერთობლივი მუშაობა

მხარეები აცნობიერებენ ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას  ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გარემოსდაცვით და შრომით პოლიტიკაში,  რათა მიღწეულ იქნეს აღნიშნული შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მიზნები. მათ შეიძლება ითანამშრომლონ, მათ შორის, შემდეგ სფეროებში:

(a)   ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების შრომითი ან გარმოსდაცვითი საკითხების საერთაშორისო ფორუმები, მათ შორის, განსაკუთრებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO), შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) და მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებები (MEAs);

(b)  მეთოდოლოგია და ინდიკატორები  ვაჭრობის მდგრადობის ზემოქმედების შესაფასებლად;

(c)  შრომითი და გარემოსდაცვითი რეგულაციების, წესებისა და სტანდარტების გავლენა ვაჭრობაზე; აგრეთვე ვაჭრობისა და საინვესტიციო წესების გავლენა შრომით  და გარემოსდაცვით კანონმდებლობაზე, მათ შორის, შრომითი და გარემოსდაცვითი რეგულაციების და პოლიტიკის განვითარებაზე;

(d)  წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) დადებითი და უარყოფითი გავლენა მდგრად განვითარებაზე და მათი შესაბამისი გამაძლიერებელი, აღმკვეთი ან შემარბილებელი საშუალებები; აგრეთვე მხედველობაში იქნება მისაღები ერთი ან ორივე მხარის მიერ განხორციელებული  მდგრადობაზე ზემოქმედების შეფასება;

(e) ფუნდამენტური, პრიორიტეტული და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სხვა უახლესი კონვენციებისა და ვაჭრობასთან დაკავშირებული მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების (MEAs) რატიფიცირების ხელშეწყობის თაობაზე თავიანთი შეხედულებებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება;

(f)   კერძო და/ან სახელმწიფო სერტიფიცირების, მიკვლევადობისა და მარკირების სქემების, მათ შორის ეკო-მარკირების ხელშეწყობა;

(g)   კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშეწყობა, მაგალითად ცნობიერების ამაღლების, საერთაშორისოდ აღიარებული სახელმძღვანელოებისა და პრინციპების დანერგვისა და გავრცელების მეშვეობით;

(h)  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ღირსეული შრომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რაც მათ შორის გულისხმობს ურთიერთკავშირს ვაჭრობასა და სრულ და პროდუქტიულ დასაქმებას, შრომითი ბაზრის რეგულირებას, ძირითად შრომით სტანდარტებს, შრომით სტატისტიკას, ადამიანური რესურსების განვითარებასა და  კვალიფიკაციის უწყვეტ ამაღლებას, სოციალურ დაცვასა და სოციალურ ჩართულობას, სოციალურ დიალოგსა და გენდერულ თანასწორობას შორის;

(i)    მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების (MEAs) ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის საბაჟოსთან თანამშრომლობა;

(j)     კლიმატის ცვლილების მიმდინარე და სამომავლო საერთაშორისო რეჟიმის ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, დაბალემისიიანი  ტექნოლოგიებისა და ენერგო ეფექტურობის საშუალებების ხელშეწყობის ჩათვლით;

(k)   ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების ხელშემწყობი ვაჭრობასთან დაკავშირებული ზომები;

(l)     ტყის კონსერვაციისა და მდგრადი მართვის ხელშემწყობი ვაჭრობასთან დაკავშირებული ზომები, ამასთანავე ბრძოლა  გაუდაბნოებისა და ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ;

(m) ვაჭრობასთან დაკავშირებული ზომები, რომლებიც მიმართულია მდგრადი თევზჭერის გამოცდილებისა და  მდგრადად მართული თევზის პროდუქტებით ვაჭრობის ხელშეწყობისაკენ.

მუხლი 232

ინსტიტუციონალური მოწყობა და ზედამხედველობის მექანიზმი

1.    თითოეული მხარე ამ თავის განხორციელების მიზნებისათვის ასახელებს მის ადმინისტრაციაში შემავალ საკონტაქტო პირს მეორე მხარესთან ურთიერთობისთვის.

2.   შესაბამისად შეიქმნა ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტი. ის თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს , რომელიც განსაზღვრულია ამ შეთანხმების  354-ე მუხლის  მე-3 პუნქტით. ფორუმი შედგება თითოეული მხარის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებისგან.

3.    ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტი შეკრებას გამართავს აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, ხოლო შემდგომ საჭიროებისამებრ, რათა ზედამხედველობა გაუწიოს აღნიშნული თავის,  მათ შორის ამ შეთანხმების 23 1-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხების განხორციელებას. აღნიშნული ქვეკომიტეტი შეიმუშავებს საკუთარ რეგლამენტს.

4.   თითოეულ მხარემ უნდა მოიწვიოს ახალი ან უკვე არსებული ადგილობრივი საკონსულტაციო ჯგუფი (ჯგუფები), რათა განიხილოს აღნიშნული თავის მიხედვით გათვალისწინებული მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ამგვარ ჯგუფს (ჯგუფებს) საშუალება ექნება მხარეებს წარუდგინონ შეხედულებები ან რეკომენდაციები ამ თავის განხორციელების შესახებ, მათ შორის მისი (მათი) საკუთარი ინიციატივით.

5.   ადგილობრივი საკონსულტაციო ჯგუფი (ჯგუფები) უნდა შედგებოდეს სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი წარმომადგენლობითი ორგანიზაციებისაგან, რომელშიც დაბალანსებული იქნება ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი მხარეების მონაწილეობა, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს ჯგუფების,  აგრეთვე სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩათვლით.

მუხლი 233

ერთობლივი სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის ფორუმი

1.   მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ ერთობლივ ფორუმს მათი ტერიტორიების ფარგლებში არსებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან, მათ შორის ადგილობრივი საკონსულტაციო ჯგუფის (ჯგუფების) წევრებისა  და ფართო საზოგადოების მონაწილეობით, რათა შედგეს დიალოგი წინამდებარე შეთანხმების მდგრადი განვითარების საკითხებზე. მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ შესაბამისი ინტერესების დაბალანსებულ წარმომადგენლობას, მათ შორის დამსაქმებელთა დამოუკიდებელი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების, დასაქმებულთა, გარემოსდაცვითი ინტერესებისა და ბიზნეს ჯგუფების, აგრეთვე საჭიროებისამებრ სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

2.  ერთობლივი სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის ფორუმი მოწვეულ იქნება წელიწადში ერთხელ, თუ მხარეების მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. მხარეები  შეთანხმდებიან ერთობლივი სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის ფორუმის მუშაობაზე არაუგვიანეს აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი წლისა.

3.   მხარეებმა უნდა წარადგინონ განახლებული ინფორმაცია წინამდებარე თავის განხორცილებასთან დაკავშირებით ერთობლივი სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის ფორუმის წინაშე. ერთობლივი სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის ფორუმის  შეხედულებები და მოსაზრებები უნდა წარედგინოს  მხარეებს და გასაჯაროვდეს.

მუხლი 234

სამთავრობო კონსულტაციები

1.    აღნიშნულ თავთან მიმართებაში წამოჭრილ ნებისმიერი საკითხზე მხარეებმა უნდა მიმართონ შეთანხმების ამ და 23 5-ე მუხლებით  დადგენილ პროცედურებს.

2.  მხარემ შესაძლოა მოითხოვოს კონსულტაციები მეორე მხარესთან აღნიშნულ თავთან მიმართებაში წარმოჭრილ ნებისმიერ საკითხზე მეორე მხარის საკონტაქტო პირთან წერილობითი მოთხოვნის გაგზავნით.  მოთხოვნაში  ნათლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული საკითხი, იდენტიფიცირებული უნდა იყოს  პრობლემის არსი  და უნდა ერთვოდეს  აღნიშნულ თავთან მიმართებაში წამოყენებული პრეტენზიის მოკლე აღწერა. კონსულტაციები უნდა დაიწყოს მყისიერად მხარის მიერ კონსულტაციების  მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ.

3.  მხარეები ყველანაირი საშუალებით უნდა ეცადონ მიაღწიონ ორივე მხარისათვის მისაღებ გადაწყვეტილებას. მხარეებმა მხედველობაში უნდა მიიღონ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ან შესაბამისი მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა თუ უწყებების საქმიანობა, რათა ხელი შეუწყონ ურთიერთთანამშრომლობასა და  საქმიანობის თანხვედრას მხარეებსა და აღნიშნულ ორგანიზაციებს შორის. საჭიროების შემთხვევაში მხარეებმა შესაძლებელია მოიძიონ რჩევები აღნიშნული ორგანიზაციებიდან ან  უწყებებიდან,  ან ფიზიკური პირებიდან ან ორგანოებიდან,  რომლებსაც ისინი მიიჩნევენ შესაფერისად, რათა ბოლომდე  შესწავლილ იქნეს  საკითხი.

4.  თუ მხარე მიიჩნევს, რომ საკითხი საჭიროებს შემდგომ განხილვას, ამ მხარეს შეუძლია მოითხოვოს  ვაჭრობისა და მდგრად განვითარების ქვეკომიტეტის მოწვევა მეორე მხარის საკონტაქტო პირთან წერილობითი მოთხოვნის გაგზავნით. ქვეკომიტეტი უნდა შეიკრიბოს მყისიერად და შეეცადოს საკითხის გადაწყვეტაზე შეთანხმების მიღწევას.

5.    საჭიროების შემთხვევაში ვაჭრობისა და მდგრად განვითარების ქვეკომიტეტს  შეუძლია რჩევა მოიძიოს  ერთ-ერთი ან ორივე მხარის ადგილობრივ მრჩეველთა  ჯგუფიდან (ჯგუფებიდან) ან მოითხოვოს სხვა ექსპერტული დახმარება.

6.  კონსულტაციაში მონაწილე მხარეების მიერ საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა  გასაჯაროვდეს.

მუხლი 235

ექსპერტთა პანელი

1.   მხარემ  ამ შეთანხმების 2 34-ე მუხლის მეორე პუნქტის  შესაბამისად კონსულტაციის საჭიროების შესახებ მოთხოვნის გაგზავნიდან 90 დღის შემდეგ შესაძლებელია მოითხოვოს ექსპერტთა პანელის მოწვევა საკითხის შესასწავლად, რომელიც სამთავრობო კონსულტაციების შედეგად  არადამაკმაყოფილებელად იქნა გადაწყვეტილი.

2.  ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავის (დავების მოგვარება) მე-3 ნაწილის (დავების მოგვარების პროცედურები)  ქვენაწილი 1 (საარბიტრაჟო პროცესი), ქვენაწილი 3 (საერთო დებულებები) და 2 61-ე მუხლის დებულებები ისევე, როგორც პროცედურული წესები წინამდებარე შეთანხმების დანართ X VI-ში და ამ შეთანხმების დანართ X VII-ში მოცემული  არბიტრებისა და მედიატორების ქცევის კოდექსი (ქცევის კოდექსი) გამოიყენება, თუ ამ მუხლში სხვაგვარად არ არის მითითებული.   

3.   ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტმა აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლიდან პირველ შეკრებაზე უნდა შეადგინოს სულ მცირე 15 პირისგან შემდგარი სია, რომლებსაც ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ როგორც ექსპერტებმა პანელის საქმიანობაში. თითოეულმა მხარემ ექსპერტებად უნდა წარმოადგინოს სულ მცირე 5 პიროვნება. მხარეებმა ასევე უნდა შეარჩიონ სულ მცირე 5 პიროვნება, რომლებიც არ არიან მხარეების მოქალაქეები და რომლებსაც შეუძლიათ დაიკავონ ექსპერტთა პანელის თავჯდომარის პოზიცია. ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული სიის ამ დონეზე შენარჩუნებას.  

4.   ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სია უნდა შედგებოდეს პირებისაგან, რომლებსც ექნებათ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება აღნიშნულ თავთან დაკავშირებულ იურიდიულ, შრომით ან გარემოსდაცვით საკითხებზე ან საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში წარმოჭრილი დავების გადაწყვეტასთან მიმართებაში. ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი, უნდა იმოქმედონ პირადი კომპეტენციის ფარგლებში და სადავო საკითხებთან დაკავშირებით არ უნდა იღებდნენ რომელიმე ორგანიზაციიდან ან მთავრობიდან მოქმედების ინსტრუქციებს, არ უნდა იყვნენ დაკავშირებული რომელიმე მხარის მთავრობასთან  და  შეესაბამებოდნენ წინამდებარე შეთანხმების X VII დანართს.

5.  წინამდებარე თავის ფარგლებში წამოჭრილ საკითხებთან მიმართებაში ექსპერტთა პანელი უნდა იყოს დაკომპლექტებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სიის მიხედვით წინამდებარე შეთანხმების 24 1-ე მუხლისა და X VI დანართში მოცემული წესებისა და პროცედურების ნაწილის მე-8 წესის შესაბამისად. 

6.    ექსპერტთა პანელმა შესაძლოა მოიძიოს ინფორმაცია და რჩევა რომელიმე მხარის, ადგილობრივი მრჩეველთა ჯგუფის (ჯგუფების) ან ნებისმიერი სხვა წყაროს მეშვეობით, რომელსაც მიიჩნევს სათანადოდ. წინამდებარე შეთანხმების 22 1-ე  და  2 22-ე მუხლებთან დაკავშირებულ მრავალმხრივი შეთანხმებებით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებაში  პანელმა შესაძლოა მოიძიოს ინფორმაცია  და რჩევა  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ან მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების (MEAs) ორგანოებიდან.  

7.   ექსპერტთა პანელმა ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავის (დავების მოგვარება) შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით უნდა მოამზადოს ანგარიში, რომელშიც მოცემული იქნება კვლევა ფაქტებზე დაყრდნობით, შესაბამისი დებულებების გამოყენების შესაძლებლობები და დასაბუთებული ახსნა-განმარტება მის მიერ გაკეთებული ნებისმიერი დასკვნისა და რეკომენდაციებისა. მხარეებმა ანგარიში უნდა გაასაჯაროონ მომზადებიდან 15 დღის განმავლობაში.

8.  მხარეებმა უნდა განიხილონ ექსპერტთა პანელის ანგარიშისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით განსახორციელებელი ღონისძიებები. დაინტერესებულმა მხარემ უნდა აცნობოს თავის მრჩეველთა ჯგუფებს და მეორე მხარეს  განსახორციელებელ ნებისმიერ ქმედებებეთან ან ზომებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შესახებ ანგარიშის გასაჯაროებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.  ექსპერტთა პანელის ანგარიშისა და რეკომენდაციების განხორციელებას ზედამხედველობას გაუწევს ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტი. მრჩეველთა  ორგანოებსა და ერთობლივ სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის ფორუმს ამასთან დაკავშირებით შეუძლიათ წარუდგინონ დაკვირვების შედეგები ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტს.   

თავი 14

დავების მოგვარება

ნაწილი 1

მიზანი და მოქმედების სფერო

მუხლი 236

მიზანი

ამ თავის მიზანია, შექმნას ეფექტიანი და ქმედითი მექანიზმი მხარეთა შორის ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დავების თავიდან აცილებისა და მოგვარებისათვის, რაც შესაძლებლობის შემთხვევაში მიმართული იქნება ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმების მიღწევისკენ.

მუხლი 237

მოქმედების სფერო

ეს თავი მოქმედებს ნებისმიერი იმ დავის მიმართ, რომელიც ეხება ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) ინტერპრეტაციასა და გამოყენებას.

ნაწილი 2

კონსულტაციები და მედიაცია

მუხლი 238

კონსულტაციები

1.  მხარეები უნდა ეცადონ, ამ შეთანხმების 2 37-ე მუხლში აღნიშნული ნებისმიერი დავა გადაწყვიტონ კეთილსინდისიერი კონსულტაციების მეშვეობით, რაც მიმართული იქნება ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმების მიღწევისკენ.

2.  კონსულტაციების წამოწყება ხდება ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის გაგზავნილი წერილობითი მოთხოვნით, რომელშიც მითითებულია მოთხოვნის მიზეზი  განსახილველი საკითხის ჩათვლით და ამ შეთანხმების 2 37-ე მუხლის ის დებულება, რომელიც მხარის აზრით არის გამოსაყენებელი. მოთხოვნის ასლი ეგზავნება ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს, როგორც დადგენილია ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3  პუნქტით.

3.  კონსულტაციები უნდა ჩატარდეს მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში და, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმებულან, მოთხოვნის ადრესატი მხარის ტერიტორიაზე. კონსულტაციები დასრულებულად ითვლება მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდებიან. კონსულტაციები, კონკრეტულად კი კონსულტაციის მიმდინარეობისას გამჟღავნებული ყველა სახის ინფორმაცია და მხარეთა პოზიციები, კონფიდენციალურია და არ შეიძლება მეორე მხარის საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული ნებისმიერ შემდგომ პროცესში.

4.   კონსულტაციები გადაუდებელ საკითხებზე, მათ შორის მალფუჭებად საქონელთან ან სეზონურ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, უნდა გაიმართოს მოთხოვნის ადრესატის მიერ მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში და უნდა დასრულდეს იმავე 15 დღეში გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდებიან.

5.  თუ მხარე, რომლის მიმართაც არის წაყენებული მოთხოვნა, კონსულტაციების დაწყების მოთხოვნას ამ უკანასკნელის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში არ უპასუხებს,  თუ კონსულტაციები არ გაიმართება ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით დადგენილ ვადებში,  თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ კონსულტაციები არ გაიმართოს ან თუ კონსულტაციები დასრულდა და მხარეებს შორის მისაღები შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, მხარეს, რომელმაც წამოიწყო კონსულტაციების პროცედურა, შეუძლია მიმართოს ამ შეთანხმების 24 0-ე მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

6.   კონსულტაციების მიმდინარეობისას თითოეულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს საკმარისი ფაქტობრივი ინფორმაცია, რათა მოხდეს  სრულყოფილი განხილვა იმისა, თუ რა ფორმით შეეძლო განსახილველ ღონისძიებას გავლენა მოეხდინა ამ შეთანხმების მოქმედებასა და გამოყენებაზე.

7.    როდესაც კონსულტაციები ეხება ენერგოპროდუქტების გადაზიდვას ქსელების მეშვეობით და ერთი მხარე დავის გადაწყვეტას გადაუდებლად მიიჩნევს მხარეთა შორის ბუნებრივი აირის, ნავთობის ან ელექტროენერგიის გადაზიდვის სრული ან ნაწილობრივი შეფერხების გამო, კონსულტაციები მხარეებს შორის უნდა გაიმართოს მოთხოვნის წარდგენიდან 3 დღის ვადაში და დასრულებულად უნდა ჩაითვალოს იმავე 3 დღეში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდებიან.

მუხლი 239

მედიაცია

ნებისმიერ ისეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც რომელიმე მხარის სავაჭრო ინტერესებზე უარყოფით გავლენას ახდენს, მხარეს შეუძლია მეორე მხარეს მოსთხოვოს მედიაციის პროცესში ჩართვა ამ შეთანხმების დანართ X V-ის შესაბამისად.

ნაწილი 3

დავების მოგვარების პროცედურები

ქვენაწილი 1

საარბიტრაჟო პროცესი

მუხლი 240

საარბიტრაჟო პროცესის ინიცირება

1.  თუ მხარეთა შორის დავა ამ შეთანხმების 2 38-ე მუხლში  მოცემული კონსულტაციებით ვერ გადაწყდება, კონსულტაციების ინიციატორ მხარეს შეუძლია ამ მუხლის შესაბამისად მოითხოვოს საარბიტრაჟო პანელის შექმნა.

2.   საარბიტრაჟო პანელის შექმნის წერილობითი მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს მეორე მხარესა და  სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს ვაჭრობის საკითხებზე, რომელიც შექმნილია ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3 პუნქტით. განმცხადებელმა მხარემ მოთხოვნაში  უნდა მიუთითოს განსახილველი ღონისძიება და ის, თუ როგორ არის ეს ღონისძიება ამ შეთანხმების 2 37-ე მუხლში მითითებულ დებულებებთან შეუსაბამო ისე, რომ ეს საკმარისი იყოს საჩივრის სამართლებრივი საფუძვლის ნათლად წარმოჩენისთვის.

მუხლი 241

სააბრიტრაჟო პანელის შექმნა

1.   საარბიტრაჟო პანელი შედგება 3 არბიტრისგან.

2.  საარბიტრაჟო პანელის შექმნის მოთხოვნის მიღებისთანავე მხარეებმა უნდა გაიარონ კონსულტაციები ერთმანეთთან და ეცადონ, შეთანხმნდენ პანელის შემადგენლობაზე. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიუხედავად საარბიტრაჟო პანელის შექმნამდე ნებისმიერ დროს მხარეებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით შეადგინონ საარბიტრაჟო პანელი.

3.  თუ პანელის შექმნის მოთხოვნიდან 5 დღის შემდეგ პანელის შექმნის შესახებ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, თითოეულ მხარეს შეუძლია პანელის შესადგენად ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის გამოყენება მოითხოვოს. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაწყების მოთხოვნიდან 10 დღის განმავლობაში, თითოეულ მხარეს შეუძლია დანიშნოს არბიტრი ამ შეთანხმების 268-ე მუხლით გათვალისწინებული სიიდან. თუ რომელიმე მხარე არ დანიშნავს არბიტრს, მაშინ მეორე მხარის მოთხოვნით, არბიტრს წილისყრით აირჩევს ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე, თანათავმჯდომარეები, ან მათი დელეგატები ამ შეთანხმების 2 59-ე მუხლის მიხედვით შედგენილი სიის შესაბამისი მხარის ქვესიიდან. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან საარბიტრაჟო პანელის თავმჯდომარის კანდიდატურაზე, პანელის თავმჯდომარეს, ნებისმიერი მხარის მოთხოვნით, წილისყრით აირჩევს ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე, თანათავმჯდომარეები, ან მათი დელეგატები ამ შეთანხმების 2 59-ე მუხლის მიხედვით შედგენილი საარბიტრაჟო პანელის თავმჯდომარეების ქვესიიდან.

4.   ერთი ან რამდენიმე არბიტრის წილისყრით არჩევის შემთხვევაში, წილისყრა ტარდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წილისყრის მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში.

5.საარბიტრაჟო პანელის შექმნის თარიღად ითვლება ის დღე, როდესაც სამივე შერჩეული არბიტრი X VI დანართში მოცემული პროცედურული წესების მიხედვით, დაეთანხმება დანიშვნას.

6.    თუ 2 59-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სია არ არის შედგენილი ან არ შეიცავს საკმარის სახელებს იმ დროისთვის, როდესაც ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით წარდგენილი იქნება მოთხოვნა, არბიტრები შეირჩევა წილისყრით. წილისყრა მოხდება იმ პირებს შორის, რომლებიც ოფიციალურად არიან წარდგენილნი თითოეული მხარის მიერ. თუ რომელიმე მხარე არ წარადგენს კანდიდატურებს, წილისყრა მოხდება მეორე მხარის მიერ წარდგენილ პირებს შორის.

7.  თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-11 თავთან (ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში) დაკავშირებული დავის არსებობისას, რომელსაც ერთი მხარე გადაუდებლად მიიჩნევს ბუნებრივი აირის, ნავთობის ან ელექტროენერგიის გადაზიდვის სრული ან ნაწილობრივი შეფერხების ან შეფერხების საფრთხის გამო, გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შერჩევის პროცედურა ამ მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებისთვის მიმართვის გარეშე და ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ვადა არის 2 დღე.

მუხლი 242

წინასწარი გადაწყვეტილება საქმის გადაუდებლობის თაობაზე

მხარის მოთხოვნის საფუძველზე საარბიტრაჟო პანელმა შექმნიდან 10 დღის განმავლობაში უნდა მიიღოს წინასწარი გადაწყვეტილება საქმის გადაუდებლობის საკითხზე.

მუხლი 243

საარბიტრაჟო პანელის ანგარიში

1.   შექმნიდან არაუგვიანეს90 დღისა საარბიტრაჟო პანელი მხარეებს წარუდგენს შუალედურ ანგარიშს, რომელიც უნდა შეიცავდეს დადგენილ ფაქტებს, დასკვნებს შესაბამისი დებულებების გამოყენებაზე და დადგენილებებისა და რეკომენდაციების მიღების ძირითად მიზეზებს. როდესაც საარბიტრაჟო პანელის თავმჯდომარე ამ ვადას არასაკმარისად მიიჩნევს, ის წერილობით აცნობებს მხარეებს და ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე- 3  პუნქტით განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს დაგვიანების მიზეზებს და თარიღს, როდესაც პანელი შუალედური ანგარიშის წარდგენას გეგმავს. შუალედური ანგარიშის წარდგენა არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადასცილდეს საარბიტრაჟო პანელის შექმნიდან 120 დღეს. შუალედური ანგარიში არ განსაჯაროვდება.

2.  შეტყობინების მიღებიდან 14 დღის განმავლობაში  მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო პანელს წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა შუალედური ანგარიშის კონკრეტული ასპექტების გადახედვის თაობაზე.

3.   გადაუდებელი შემთხვევებისას, მათ შორის მალფუჭებად საქონელთან ან სეზონურ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული შემთხვევებისას, საარბიტრაჟო პანელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა შუალედური ანგარიში წარმოადგინოს საარბიტრაჟო პანელის შექმნიდან 45 დღეში ან ნებისმიერ შემთხვევაში არაუგვიანეს60 დღისა. მხარეს შეუძლიათ პანელს წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა შუალედური ანგარიშის კონკრეტული ასპექტების გადახედვის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 7 დღის განმავლობაში.

4.    მას შემდეგ, რაც საარბიტრაჟო პანელი მხარეების წარდგენილ წერილობით კომენტარებს განიხილავს, მას შეუძლია ცვლილებები შეიტანოს საკუთარ ანგარიშში და განახორციელოს იმგვარი შემდგომი მოკვლევა, რასაც საჭიროდ მიიჩნევს. პანელის საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს: იმ არგუმენტების საკმარის განხილვას, რაც შუალედური ანგარიშის ეტაპზე იქნა წამოყენებული და ნათლად უნდა პასუხობდეს მხარეთა შეკითხვებსა და არგუმენტებს.

5.   ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-11 თავთან (ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში) დაკავშირებული დავის არსებობისას, რომელსაც ერთი მხარე გადაუდებლად მიიჩნევს ბუნებრივი აირის, ნავთობის ან ელექტროენერგიის გადაზიდვის სრული ან ნაწილობრივი შეფერხების ან შეფერხების საფრთხის გამო, შუალედური ანგარიშის წარდგენა უნდა მოხდეს საარბიტრაჟო პანელის შექმნიდან 20 დღეში და ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით წარდგენილი ნებისმიერი მოთხოვნა უნდა გაკეთდეს წერილობითი ანგარიშის წარდგენიდან 5 დღის ვადაში. საარბიტრაჟო პანელს ასევე შეუძლია გადაწყვიტოს, რომ არ გამოსცეს შუალედური ანგარიში.

მუხლი 244

ენერგეტიკის სფეროში არსებული გადაუდებელი დავების კონსილიაცია

1.    ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-11 თავთან (ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში) დაკავშირებული დავის არსებობისას, რომელსაც ერთი მხარე გადაუდებლად მიიჩნევს ბუნებრივი აირის, ნავთობის ან ელექტროენერგიის გადაზიდვის სრული ან ნაწილობრივი შეფერხების ან შეფერხების საფრთხის გამო, ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს, საარბიტრაჟო პანელისთვის მიმართვის გზით მოითხოვოს, რომ საარბიტრაჟო პანელის თავმჯდომარემ შეასრულოს მომრიგებელი შუამავლის ფუნქცია.

2.   მომრიგებელი შუამავალი უნდა ეცადოს, რომ დავა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გადაწყდეს ან მოხდეს ასეთი შეთანხმების მიღწევის პროცედურაზე შეთანხმება. თუ ასეთი შეთანხმება ვერ მიიღწევა მომრიგებელი შუამავლის დანიშვნიდან 15 დღის განმავლობაში, ამ უკანასკნელმა მხარეებს უნდა შესთავაზოს დავის კონკრეტული გადაწყვეტა ან რეკომენდაცია მისცეს დავის გადაწყვეტის პროცედურასთან დაკავშირებით. კონსილიატორი ასევე იღებს გადაწყვეტილებას იმ წესების და პირობების შესახებ, რომელიც დაცული უნდა იყოს მის მიერ მითითებული თარიღიდან დავის გადაწყვეტამდე.

3.   კონსილიატორის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან სამი თვის განმავლობაში ან დავის გადაწყვეტამდე, რომელი შემთხვევაც უფრო ადრე დადგება, მხარეებმა და მათ დაქვემდებარებაში ან იურისდიქციაში მყოფმა დაწესებულებებმა უნდა დაიცვან მე-2 პუნქტის მიხედვით გაცემული რეკომენდაციები მოქმედების წესებსა და პირობებთან დაკავშირებით.

4. მომრიგებელმა შუამავალმა უნდა დაიცვას ქცევის კოდექსი, რომელიც მოცემულია ამ შეთანხმების XVII დანართში.

მუხლი 245

შეტყობინება საარბიტრაჟო პანელის გადაწყვეტილების თაობაზე

1.   საარბიტრაჟო პანელმა მხარეებსა და ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე- 3 პუნქტით განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს თავისი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ უნდა შეატყობინოს პანელის შექმნიდან 120 დღის განმავლობაში. როდესაც გადაწყვეტილების მიღება არ ესწრება აღნიშნულ ვადაში, პანელის თავმჯდომარე ამის შესახებ წერილობით აცნობებს მხარეებს და ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს შეატყობინებს დაგვიანების მიზეზებს და თარიღს, როდესაც პანელი გადაწყვეტილების წარდგენას გეგმავს. გადაწყვეტილების მიღება არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადასცილდეს საარბიტრაჟო პანელის შექმნიდან 150 დღეს.

2.  გადაუდებელი შემთხვევებისას, მათ შორის მალფუჭებად საქონელთან ან სეზონურ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული შემთხვევებისას, საარბიტრაჟო პანელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა მხარეებს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო პანელის შექმნიდან 60 დღეში მიაწოდოს. ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადასცილდეს საარბიტრაჟო პანელის შექმნიდან 75 დღეს.

3.  ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-11 თავთან (ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში) დაკავშირებული დავის არსებობისას, რომელსაც ერთი მხარე გადაუდებლად მიიჩნევს ბუნებრივი აირის, ნავთობის ან ელექტროენერგიის გადაზიდვის სრული ან ნაწილობრივი შეფერხების ან შეფერხების საფრთხის გამო, პანელმა მხარეებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ უნდა აცნობოს შექმნიდან 40 დღეში.

ქვენაწილი 2

გადაწყვეტილების შესრულება

მუხლი 246

საარბიტრაჟო პანელის გადაწყვეტილების შესრულება

მოპასუხე მხარემ სწრაფად და კეთილსინდისიერად უნდა მიიღოს საჭირო ზომები საარბიტრაჟო პანელის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

მუხლი 247

შესრულების გონივრული ვადა

1.   თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულება შეუძლებელია, მხარეები უნდა ეცადონ შეთანხმდნენ ვადაზე, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შესრულდება. ამ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ მხარეებისთვის გაგზავნილი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს30 დღისა, მეორე მხარესა და ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3  პუნქტით განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს უნდა აცნობოს იმ დროის შესახებ, რაც მას გადაწყვეტილების შესასრულებლად დასჭირდება („გონივრული ვადა“).

2.    თუ მხარეები ვერ თანხმდებიან გონივრულ ვადაზე, განმცხადებელმა მხარემ, მოპასუხე მხარის მიერ ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით გაგზავნილი შეტყობინების მიღებიდან 20 დღის განმავლობაში, წერილობით უნდა სთხოვოს საარბიტრაჟო პანელს განსაზღვროს გონივრული ვადის ხანგრძლივობა. ასეთი მოთხოვნის შესახებ შეტყობინება უნდა გაეგზავნოს მეორე მხარეს და ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმსაც. თავდაპირველმა საარბიტრაჟო პანელმა თავისი გადაწყვეტილება მხარეებს და ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს უნდა აცნობოს მოთხოვნის გაგზავნიდან 20 დღის განმავლობაში.

3.  გონივრული ვადის გასვლამდე სულ ცოტა ერთი თვით ადრე, მოპასუხე მხარემ განმცხადებელ მხარეს წერილობით უნდა აცნობოს პანელის გადაწყვეტილების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

4.     მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია გონივრული ვადის გაგრძელება.

მუხლი 248

პანელის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით მიღებული ზომების გადახედვა

1.  მოპასუხე მხარემ განმცხადებელ მხარეს და ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3  პუნქტით განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე  სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს უნდა აცნობოს გონივრული ვადის დასრულებამდე მიღებული ნებისმიერი იმ ზომის შესახებ, რომელიც მიღებული იყო პანელის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით.

2.   თუ მხარეებს შორის არსებობს დავა ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შესასრულებლად მიღებული რომელიმე ზომის არსებობასა ან ამ შეთანხმების 2 37-ე მუხლთან შესაბამისობასთან დაკავშირებით, განმცხადებელმა მხარემ წერილობით უნდა მოსთხოვოს საარბიტრაჟო პანელს, რათა ამ უკანასკნელმა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე. ასეთ მოთხოვნაში უნდა იყოს აღნიშნული განსახილველი ზომა და ისე უნდა იყოს ახსნილი ამ ზომის წინამდებარე შეთანხმების 2 37-ე მუხლის დებულებებთან შეუსაბამობა, რომ ეს საკმარისი იყოს საჩივრის სამართლებრივი საფუძვლის ნათლად წარმოჩენისთვის. თავდაპირველმა საარბიტრაჟო პანელმა თავისი გადაწყვეტილება მხარეებს და ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს უნდა აცნობოს მოთხოვნის გაგზავნიდან 45 დღის განმავლობაში.

მუხლი 249

გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში დავის მოგვარებისთვის მიღებული დროებითი საშუალებები

1.    თუ მოპასუხე მხარე გონივრული ვადის გასვლამდე საარბიტრაჟო პანელს არ შეატყობინებს პანელის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით მიღებული რაიმე ზომის შესახებ, თუ საარბიტრაჟო პანელი დაადგენს, რომ მიღებული არაა რაიმე ზომა, ან რომ ამ შეთანხმების 2 48-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მიღებული ზომა მხარის ამ შეთანხმების 2 37-ე მუხლით დადგენილ ვალდებულებებთან შეუსაბამოა, მოპასუხე მხარემ, განმცხადებელი მხარის მოთხოვნით და მასთან კონსულტაციების შემდეგ, უნდა შეთავაზოს დროებითი კომპენსაცია.

2.  თუ განმცხადებელი მხარე გადაწყვეტს, არ მოითხოვოს დროებითი კომპენსაცია ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, თუ მოთხოვნა წაყენებული იყო, მაგრამ გონივრული ვადის დასრულებიდან ან პანელის მიერ ამ შეთანხმების 2 48-ე მუხლის მიხედვით ზომების არარსებობის ან ზომების 2 37-ე მუხლთან შეუსაბამობის შესახებ გადაწყვეტილების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში შეთანხმება კომპენსაციაზე ვერ იქნა მიღწეული, განმცხადებელ მხარეს უფლება აქვს, მეორე მხარისა და ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3  პუნქტით განსაზღვრული ვაჭრობის საკითხებზე  სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმისთვის შეტყობინების გაგზავნით შეაჩეროს ამ შეთანხმების 245-ე მუხლში მითითებული ნებისმიერი დებულებიდან გამომდინარე ვალდებულებები შესაბამისი ოდენობით, რაც უთანაბრდება დარღვევით გამოწვეულ გაუქმებას ან შეზღუდვას. შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შეჩერებული ვალდებულებების ოდენობის შესახებ. განმცხადებელ მხარეს შეუძლია ვალდებულებების შეჩერება განახორციელოს მოპასუხე მხარის მიერ შეტყობინების მიღებიდან 10 დღის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოპასუხე მხარემ ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით არბიტრაჟი მოითხოვა.

3.   ვალდებულებების შეჩერებისას, განმცხადებელ მხარეს შეუძლია გაზარდოს თავისი სატარიფო განაკვეთები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სხვა წევრ სახელმწიფოთა მიმართ დადგენილ დონემდე ვაჭრობის იმ მოცულობაზე, რაც განისაზღვრება იმგვარად, რომ ვაჭრობის მოცულობა გამრავლებული ტარიფის გაზრდის ოდენობაზე უთანაბრდება დარღვევით გამოწვეულ გაუქმებას ან შეზღუდვას.

4.    თუ მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ვალდებულებების შეჩერების დონე არ არის შეზღუდვით გამოწვეული დარღვევის ეკვივალენტური, მას შეუძლია თავდაპირველ საარბიტრაჟო პანელს წერილობით მოსთხოვოს ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. ამგვარი მოთხოვნა განმცხადებელ მხარეს და ვაჭრობის საკითხებზე  სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს  უნდა ეცნობოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული 10-დღიანი პერიოდის გასვლამდე. თავდაპირველმა პანელმა ვალდებულების შეჩერების დონეზე თავისი გადაწყვეტილების შესახებ მხარეებსა და ვაჭრობის საკითხებზე  სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს უნდა შეატყობინოს მოთხოვნის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში. პანელის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარის ვალდებულებები არ უნდა შეიზღუდოს და ნებისმიერი შეზღუდვა შესაბამისობაში უნდა იყოს პანელის გადაწყვეტილებასთან.

5.  ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეჩერება და კომპენსაცია დროებითია და არ შეიძლება გამოყენებული იქნეს მას შემდეგ, რაც:

(a)    მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას ამ შეთანხმების 2 54-ე მუხლის  მიხედვით; ან

(b)    მხარეები შეთანხმდებიან, რომ ამ შეთანხმების 2 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით შეტყობინებული ზომით მოპასუხე მხარის ქმედება მოყვანილ იქნა შესაბამისობაში 2 37-ე მუხლის დებულებებთან; ან

(c)  ყველა ის ზომა, რომელიც შეუთავსებელი იყო 2 37-ე მუხლის დებულებებთან, გაუქმებულია ან შესწორებულია ისე, რომ ამ დებულებებთან შესაბამისობაში მოდის, როგორც ეს ამ შეთანხმების 2 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით არის დადგენილი.

მუხლი 250

ენერგეტიკის სფეროში არსებული გადაუდებელი დავების მოგვარების საშუალებები

1.   ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-11 თავთან (ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში) დაკავშირებული დავის არსებობისას, რომელსაც ერთი მხარე გადაუდებლად მიიჩნევს ბუნებრივი აირის, ნავთობის ან ელექტროენერგიის გადაზიდვის სრული ან ნაწილობრივი შეფერხების ან შეფერხების საფრთხის გამო, დავის მოგვარების საშუალებებთან დაკავშირებით მხარეებს შორის მოქმედებს ამ მუხლის დებულებები.

2.  ამ შეთანხმების 247-, 248- და 249- მუხლებიდან გადახვევის გზით განმცხადებელს შეუძლია ამ შეთანხმების IV კარიდან (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) გამომდინარე ვალდებულებების შეჩერება იმ ოდენობით, რაც უთანაბრდება იმ მხარის ქმედებით გამოწვეულ შეზღუდვას ან გაუქმებას, რომელმაც არ შეასრულა საარბიტრაჟო პანელის გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის განმავლობაში. ამ შეჩერების ძალაში შესვლა შესაძლებელია დაუყოვნებლივ. ვალდებულებების ამგვარი შეჩერება შესაძლებელია გაგრძელდეს იმ დროით, რა დროის განმავლობაშიც მოპასუხე მხარე არ ასრულებს პანელის გადაწყვეტილებას.

3.   თუ მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის შესრულების არარსებობას ან შესრულების არარსებობის გამო ვალდებულებების შეჩერების დონეს, მას შეუძლია ამ შეთანხმების 249- მუხლის მე-4 პუნქტის და 251- მუხლის მიხედვით წამოიწყოს პროცესი, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება. განმცხადებელ მხარეს შეზღუდვის მოხსნის ან მისი შეცვლის ვალდებულება წარმოეშობა მხოლოდ პანელის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. პროცესის მიმდინარეობისას მას შეუძლია ვალდებულების შეჩერება ძალაში დატოვოს.

მუხლი 251

გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო დავის მოგვარების დროებითი საშუალებების გამოყენების შემდეგ გადაწყვეტილების შესრულების მიზნით მიღებული ზომების გადახედვა

1.  ვალდებულებების შეჩერების ან დროებითი კომპენსაციის განხორციელების შემდეგ, მოპასუხე მხარემ განმცხადებელ მხარეს და ამ შეთანხმების 354 -ე მუხლის მე-3  პუნქტით განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე  სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს უნდა შეატყობინოს იმ ზომების შესახებ, რომელიც მან საარბიტრაჟო პანელის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით მიიღო. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამონაკლისების გარდა, განმცხადებელმა მხარემ დათქმებისა და სხვა ვალდებულებების შეჩერება შეტყობინების მიღებიდან 30 დღეში უნდა გააუქმოს. იმ შემთხვევებში, როდესაც კომპენსაცია იქნა გამოყენებული, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მოპასუხე მხარეს შეუძლია ასეთი კომპენსაციის განხორციელება შეწყვიტოს საკითხის პანელის გადაწყვეტილებასთან შესაბამისობის მოყვანის თაობაზე შეტყობინების გაგზავნიდან 30 დღეში.

2.  თუ მხარეები შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში ვერ შეთანხმდებიან იმის თაობაზე, მოჰყავს თუ არა მოპასუხე მხარის მიერ მიღებულ ზომას საკითხი ამ შეთანხმების 2 37-ე მუხლის დებულებებთან შესაბამისობაში, განმცხადებელმა ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება წერილობით უნდა მოსთხოვოს თავდაპირველ საარბიტრაჟო პანელს. ეს მოთხოვნა ერთდროულად უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარესა და ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს. პანელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ მხარეებსა და ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს უნდა აცნობოს მოთხოვნის წარდგენიდან 45 დღის განმავლობაში. თუ პანელი გადაწყვეტს, რომ მიღებულ ზომას საკითხი 2 37-ე მუხლის დებულებებთან შესაბამისობაში მოჰყავს, დათქმებისა და სხვა ვალდებულებების შეჩერება ან კომპენსაცია უნდა შეწყდეს. შესაბამის შემთხვევებში, განმცხადებელი მხარე ვალდებულია დათქმებისა და სხვა ვალდებულებების შეჩერების ოდენობა შეუთავსოს საარბიტრაჟო პანელის მიერ დადგენილ ოდენობას.

მუხლი 252

არბიტრების ცვლილება

თუ ამ თავის მიხედვით მიმდინარე საარბიტრაჟო პროცესში თავდაპირველი პანელი ან მისი წევრები ვეღარ მონაწილეობენ, უარს ამბობენ მონაწილეობაზე, ან საჭიროა მათი შეცვლა იმის გამო, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ ამ შეთანხმების X VII დანართში მოცემულ ქცევის კოდექსის მოთხოვნებს,  ამოქმედდება ამ შეთანხმების 24 1-ე მუხლით გაწერილი პროცედურა. ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილების შეტყობინებისათვის დადგენილი ვადა გაგრძელდება 20 დღით, გარდა 24 1-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაუდებელი დავებისა, რა შემთხვევაშიც ვადა 5 დღით გაგრძელდება.

ქვენაწილი 3

საერთო დებულებები

მუხლი 253

არბიტრაჟისა და გადაწყვეტილების შესრულების პროცედურების შეჩერება და შეწყვეტა

საარბიტრაჟო პანელი ორივე მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ვალდებულია, ნებისმიერ დროს შეაჩეროს მუშაობა მხარეთა მიერ შეთანხმებული ვადით, რომელიც არ უნდა აჭარბებდეს ზედიზედ 12 თვეს. საარბიტრაჟო პანელი ვალდებულია განაგრძოს მუშაობა ამ პერიოდის დასრულებამდე ორივე მხარის წერილობითი მოთხოვნის ან ამ პერიოდის დასრულების მომენტისათვის ნებისმიერი მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. განმცხადებელმა მხარემ აღნიშნულის შესახებ შეტყობინება უნდა გაუგზავნოს ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეს ან თანათავმჯდომარეებს და მეორე მხარეს, ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. თუ პროცესის შეჩერების შეთანხმებული ვადის გასვლის დროისათვის მხარე არ მოითხოვს საარბიტრაჟო პანელის მუშაობის გაგრძელებას, პროცესი შეწყდება. საარბიტრაჟო პანელის მუშაობის შეჩერება და შეწყვეტა გავლენას არ ახდენს არცერთი მხარის უფლებებზე სხვა პროცესებში, ამ შეთანხმების 26 0-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 254

მორიგება

მხარეებს შეუძლიათ ამ შეთანხმების IV კარით (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) გათვალისწინებული დავა ნებისმიერ დროს დაასრულონ მორიგებით. მათ ასეთი გადაწყვეტილების შესახებ ერთობლივად უნდა აცნობონ ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3  პუნქტში განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს და, შესაბამის შემთხვევაში, საარბიტრაჟო პანელის თავმჯდომარეს. თუ მორიგება რომელიმე მხარის შიდა პროცედურების მიხედვით საჭიროებს დამტკიცებას, შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ასეთი მოთხოვნის შესახებ და ასეთ შემთხვევაში დავის მოგვარების პროცესი შეჩერდება. თუ ამგვარი დამტკიცება საჭირო არ არის, ან თუ გაიგზავნება შეტყობინება ასეთი სახის შიდა პროცედურების დასრულების შესახებ, დავის მოგვარების პროცესი შეწყდება.

მუხლი 255

პროცედურული წესები

1.  ამ თავის მიხედვით დავის მოგვარების პროცედურებზე ვრცელდება ამ შეთანხმების X VI დანართად მოცემული პროცედურული წესები და ამ შეთანხმების X VII დანართად მოცემული ქცევის კოდექსი.

2.   საარბიტრაჟო პანელის ნებისმიერი სხდომა საჯაროა, თუ პროცედურული წესებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 256

ინფორმაცია და ტექნიკური რჩევები

მხარის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, საარბიტრაჟო პანელს შეუძლია ნებისმიერი წყაროსგან, მათ შორის დავის მონაწილე მხარეებისგან, მოიპოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რასაც საჭიროდ თვლის საარბიტრაჟო პროცესისთვის. საარბიტრაჟო პანელს, თუ ის საჭიროდ თვლის, ასევე აქვს უფლება მიიღოს ექსპერტთა შეფასებები. ექსპერტთა შერჩევამდე, პანელმა კონსულტაციები უნდა გაიაროს მხარეებთან. მხარის ტერიტორიაზე დაფუძნებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს აქვთ უფლება პროცედურული წესების შესაბამისად პანელს წარუდგინონ „სასამართლოს მეგობრის“ - (amicus curiae) დასკვნები. ამ მუხლის მეშვეობით მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია უნდა ეცნობოს თითოეულ მხარეს და წარედგინოს კომენტარების გასაკეთებლად.

მუხლი 257

განმარტების წესები

ნებისმიერმა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ამ შეთანხმების 2 37-ე მუხლში მოცემული დებულებები უნდა განმარტოს საერთაშორისო საჯარო სამართლის ჩვეულებითი ნორმების, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ 1969 წლის ვენის კონვენციით კოდიფიცირებული ნორმების, შესაბამისად. პანელმა ასევე მხედველობაში უნდა მიიღოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დავების მოგვარების ორგანოს მიერ დამტკიცებული პანელისა და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებებში მოცემული შესაბამისი განმარტებები. საარბიტრაჟო პანელის გადაწყვეტილებებმა არ უნდა განავრცოს ან შეამციროს ამ შეთანხმებით მხარეთათვის მინიჭებული უფლებები და მოვალეობები.

მუხლი 258

საარბიტრაჟო პანელის გადაწყვეტილებები და განჩინებები

1.  საარბიტრაჟო პანელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს გადაწყვეტილების კონსენსუსით მისაღებად. თუმცა, თუ გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღება არ ხერხდება, განსახილველი საკითხი ხმათა უმრავლესობით გადაწყდება. პანელის თათბირები კონფიდენციალურია და განსხვავებული აზრები არ გამოიცემა.

2.   მხარეები საარბიტრაჟო პანელის გადაწყვეტილებებს უპირობოდ უნდა დაეთანხმონ. გადაწყვეტილებები ფიზიკურ ან იურიდიულ პირს არ უნდა აკისრებდეს რაიმე უფლებას ან ვალდებულებას. გადაწყვეტილებები უნდა შეიცავდეს დადგენილ ფაქტებს, დასკვნებს ამ შეთანხმების 2 37-ე მუხლში მითითებული შესაბამისი დებულებების გამოყენებადობის თაობაზე და მის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილებისა და დასკვნის მიღების ძირითად მიზეზებს. ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3  პუნქტით განსაზღვრულმა ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმმა საარბიტრაჟო პანელის სრული გადაწყვეტილებები მისი წარდგინებიდან 10 დღის ვადაში უნდა გახადოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის სხვაგვარად გადაწყვეტს იმ მიზნით, რომ დაიცვას მხარის მიერ მოწოდებული კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კონფიდენციალურად განისაზღვრა ამ მხარის მიერ თავისი კანონმდებლობის საფუძველზე.

ნაწილი 4

ზოგადი დებულებები

მუხლი 259

არბიტრების სია

1.  ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 6 თვისა, ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულმა ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმმა  უნდა შეადგინოს სულ მცირე 15 პირისგან შემდგარი სია, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ არბიტრობა. სია უნდა შედგებოდეს სამი ქვესიისგან: თითო ქვესია თითო მხარისთვის და ერთი ქვესია, რომელშიც შევლენ ის პირები, რომლებიც არ არიან არცერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები და რომლებიც საარბიტრაჟო პანელის თავმჯდომარეობას გასწევენ. თითოეული ქვესია უნდა შეიცავდეს სულ მცირე 5 პირს. ვაჭრობის საკითხებზე  სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმმა უნდა უზრუნველყოს, რომ სია ყოველთვის ასეთ მდგომარეობაში შენარჩუნდეს.

2.   არბიტრებს უნდა გააჩნდეთ სამართლისა და საერთაშორისო ვაჭრობის სპეციალიზებული ცოდნა და გამოცდილება. ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, იმოქმედონ პირადი კომპეტენციის ფარგლებში, არ უნდა მიიღონ ინსტრუქციები არცერთი ორგანიზაციის ან მთავრობისგან, არ უნდა იყვნენ რომელიმე მხარის მთავრობასთან დაკავშირებული და უნდა შეესაბამებოდნენ ამ შეთანხმების X VII დანართში მოცემულ ქცევის კოდექსის მოთხოვნებს.

3.   ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს შეუძლია შეადგინოს იმ პირთა 12-კაციანი დამატებითი სია, რომლებსაც გააჩნიათ განათლება და გამოცდილება იმ სექტორებში, რომელსაც ეს შეთანხმება ფარავს. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ასეთი დამატებითი სიები გამოყენებული უნდა იქნეს ამ შეთანხმების 241-ე მუხლში გაწერილი პროცედურის მიხედვით საარბიტრაჟო პანელის შესაქმნელად.

მუხლი 260

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებთან ურთიერთმიმართება

1.  ამ თავში მოცემული დავის მოგვარების მექანიზმისთვის მიმართვამ არ უნდა იქონიოს გავლენა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე, მათ შორის დავის მოგვარების პროცედურაზე.

2.  თუმცა, თუ მხარეს რომელიმე კონკრეტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით ინიცირებული აქვს დავის მოგვარების პროცესი ამ თავის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულების ფარგლებში, მას არ აქვს უფლება წამოიწყოს მეორე პროცესი იმავე ღონისძიებასთან დაკავშირებით, სანამ პირველი პროცესი არ დასრულდება. ამასთანავე, მხარეს არ აქვს უფლება დავების მოგვარების ორივე ორგანოში მოითხოვოს იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც ამ თავისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულების მიხედვით იდენტურია. იმ შემთხვევაში, როდესაც დავის მოგვარების პროცესი დაწყებულია, მხარეების მიერ ერთი ფორუმის არჩევა გამორიცხავს მეორეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არჩეული ფორუმი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საჩივარზე აღნიშნულ ვალდებულებასთან დაკავშირებით, იურისდიქციის ან პროცედურული მიზეზების გამო.

3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის:

(a)   ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავის მოგვარების პროცესი ინიცირებულად ითვლება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულების მე-2 დანართში მოცემული დავების მოგვარების წესებისა და პროცედურის შესახებ შეთანხმების („დავების მოგვარების პროცედურა”) მე-6 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით მხარის მიერ პანელის შექმნის მოთხოვნით, და დასრულებულად ითვლება, როდესაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დავების მოგვარების ორგანო დაამტკიცებს პანელის და სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილებას დავების მოგვარების პროცედურის მე-16 მუხლისა და მე-17 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად; და

(b)    ამ შეთანხმებით გათვალისწინებული დავის მოგვარების პროცესი ინიცირებულად ითვლება ამ შეთანხმების 24 0-ე მუხლის მიხედვით მხარის მიერ საარბიტრაჟო პანელის შექმნის მოთხოვნით და დასრულებულად  ითვლება, როდესაც საარბიტრაჟო პანელი ამ შეთანხმების 2 45-ე მუხლის შესაბამისად მხარეებს და 354-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს გადაუგზავნის თავის გადაწყვეტილებას.

4.  მხარეს ამ შეთანხმების არცერთმა დებულებამ არ უნდა შეუშალოს ხელი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დავების მოგვარების ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად ვალდებულებების შეჩერების იმპლემენტაციაში. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხარისთვის ამ თავით გათვალისწინებული ვალდებულებების შეჩერებისთვის ხელის შეშლის მიზნით.

მუხლი 261

ვადები

1.  ამ თავში დადგენილი ყველა ვადა, საარბიტრაჟო პანელისთვის გადაწყვეტილებების მიღების ვადების ჩათვლით, გამოითვლება კალენდარული დღეებით და აითვლება შესაბამისი ქმედების განხორციელების ან ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული.

დავის მონაწილე მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია ამ თავში დადგენილი ნებისმიერი ვადის შეცვლა. საარბიტრაჟო პანელს შეუძლია მხარეებს ნებისმიერ დროს შესთავაზოს ამ თავში გათვალისწინებული ნებისმიერი ვადის შეცვლა, რაც ამ შეთავაზების მიზეზებსაც უნდა შეიცავდეს.

კარი V

ეკონომიკური თანამშრომლობა

თავი 1

ეკონომიკური დიალოგი

მუხლი 262

  1. საქართველო და გაერთიანებული სამეფო ხელს შეუწყობენ ეკონომიკური რეფორმის პროცესს თავიანთი შესაბამისი ეკონომიკების ძირეული პრინციპების უკეთ გაცნობიერების, ეკონომიკური პოლიტიკის ფორმულირებისა და იმპლემენტაციის გზით.
  1. მხარეები უნდა ესწრაფოდნენ სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფას. 

მუხლი 263

ამ მიზნით, მხარეები თანხმდებიან, წარმართონ რეგულარული ეკონომიკური დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავს:

  1. მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და პოლიტიკაზე, ისევე, როგორც სტრუქტურულ რეფორმებზე, მათ შორის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებზე,  ინფორმაციის გაცვლას;
  2. პროფესიული გამოცდილების და  მოწინავე პრაქტიკის გაცვლას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საჯარო ფინანსები, მონეტარული და გაცვლითი კურსის შესახებ პოლიტიკის ჩარჩოები, ფინანსური სექტორის პოლიტიკა და ეკონომიკური სტატისტიკა;
  3. ეკონომიკის, საფინანსო და სტატისტიკის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის სტატუსის განხილვას.

თავი 2

საჯარო ფინანსების მართვა და ფინანსური კონტროლი

მუხლი 264

მხარეები ითანამშრომლებენ სახელმწიფო სექტორის  შიდა ფინანსური კონტროლისა (PIFC) და გარე აუდიტის სფეროში შემდეგი ამოცანების მისაღწევად: 

(a)       სახელმწიფო  შიდაფინანსური კონტროლის სისტემის შემდგომი განვითარება და იმპლემენტაცია, რომელიც ეფუძნება მენეჯერული ანგარიშვალდებულების პრინციპს და მოიცავს ფუნქციონალურად დამოუკიდებელ შიდა აუდიტის სუბიექტებს მთელს საჯარო სექტორში, რაც განხორციელდება საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და მეთოდოლოგიებთან ჰარმონიზაციის გზით, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო  შიდა  ფინანსური კონტროლის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის საფუძველზე;

(b)   სახელმწიფო  შიდაფინანსური კონტროლის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტში აისახოს  მითითება იმის თაობაზე, განხორციელდება თუ არა ფინანსური ინსპექტირების სისტემა  და რა პირობების გათვალისწინებით, სადაც ამგვარი ფუნქცია საჩივრის არსებობით იქნება განპირობებული, შეავსებს და არ მოახდენს შიდა აუდიტის საქმიანობის დუბლირებას; 

(c)   სახელმწიფო  შიდაფინანსური კონტროლის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტით გათვალისწინებულ აქტორებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობა მმართველობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით;

(d)   სახელმწიფო  შიდა ფინანსური კონტროლის ჰარმონიზაციის ცენტრის მხარდაჭერა და მისი კომპეტენციების გაძლიერება;

(e)     საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, როგორც საქართველოში წამყვანი აუდიტორული ინსტიტუტის, შემდგომი გაძლიერება დამოუკიდებლობის, ორგანიზაციული და აუდიტორული შესაძლებლობების, ფინანსური და ადამიანური რესურსების, ასევე, უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტის მიერ უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის  (INTOSAI) გარე აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების იმპლემენტაციის თვალსაზრისით; და

(f)  ინფორმაციის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა, inter alia, ამ სფეროებში პერსონალის გაცვლისა და ერთობლივი ტრენინგის გზით. 

თავი 3

დაბეგვრა

მუხლი 265

მხარეები ითანამშრომლებენ საგადასახადო სფეროში კარგი მმართველობის გაძლიერების კუთხით, ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სამართლიანი კონკურენციის შემდგომი გაუმჯობესებისათვის. 

მუხლი 266

265-ე მუხლის გათვალისწინებით, მხარეები აღიარებენ და ვალდებულებას იღებენ, რომ შეასრულებენ საგადასახადო სფეროს კარგი მმართველობის პრინციპების, როგორებიცაა, მაგალითად, გამჭვირვალობის, ინფორმაციის გაცვლისა და სამართლიანი საგადასახადო კონკურენციის პრინციპებს. ამ მიზნით, მხარეები გააუმჯობესებენ საერთაშორისო თანამშრომლობას საგადასახადო სფეროში, ხელს შეუწყობენ კანონიერი საგადასახადო შემოსავლების ადმინისტრირებას, და მიიღებენ ზომებს ზემოხსენებული პრინციპების ეფექტიანი შესრულებისათვის.    

მუხლი 267

მხარეებმა უნდა გააძლიერონ თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება საგადასახადო თაღლითობის წინააღმდეგ საბრძოლველად, კერძოდ კი დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) სისტემის ბოროტად გამოყენების კუთხით (კარუსელური თაღლითობა). 

მუხლი 268

მხარეები განავითარებენ თავიანთ თანამშრომლობას აქციზურ საქონელთან დაკავშირებული თაღლითობისა და კონტრაბანდის  წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ მიზნით, მხარეები შეეცდებიან გააძლიერონ თავიანთი თანამშრომლობა რეგიონული კონტექსტის ფარგლებში.

მუხლი 269

რეგულარული დიალოგი გაიმართება ამ თავით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.   

თავი 4

სტატისტიკა

მუხლი 270

მხარეები განავითარებენ და განამტკიცებენ თანამშრომლობას სტატისტიკის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს დროული, საერთაშორისო დონეზე შედარებადი და საიმედო სტატისტიკური მონაცემების უზრუნველყოფის გრძელვადიანი მიზნის შესრულებას. მოსალოდნელია, რომ მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი ეროვნული სტატისტიკის სისტემა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს, ბიზნესებსა და გადაწყვეტილების მიმღებთ მიაწვდის რელევანტურ ინფორმაციას, რაც  საშუალებას მისცემთ, მის საფუძველზე მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. ეროვნული სტატისტიკის სისტემა  დაიცავს გაეროს „ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს“, სტატისტიკის სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, ეროვნული სტატისტიკის სისტემის საერთაშორისო სათანადო სტატისტიკის ნორმებსა და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

მუხლი 271

თანამშრომლობა მიზნად ისახავს:

(a)    ეროვნული სტატისტიკის სისტემის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებას, რომლის ფარგლებშიც აქცენტი გაკეთდება საფუძვლიანი საკანონმდებლო ბაზის განვითარებაზე, ადეკვატური მონაცემებისა და მეტამონაცემების წარმოებაზე, გავრცელების პოლიტიკასა და მომხმარებლებზე ორიენტირებულობაზე, მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის გათვალისწინებით, კერძოდ, საჯარო და კერძო სექტორი, აკადემიური წრეები და სხვა მომხმარებლები;

(b)    მონაცემების მიწოდების დახვეწას, სათანადო საერთაშორისო მეთოდოლოგიების, მათ შორის, კლასიფიცირების მეთოდოლოგიის გამოყენების მეშვეობით;

(c)  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლების პროფესიული და მართვის შესაძლებლობების ამაღლებას, რაც ხელს შეუწყობს სტატისტიკის სტანდარტების გამოყენებას და წვლილს შეიტანს საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარებაში;

(d)  მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარებას სტატისტიკური „know-how“-ს განვითარების მიმართულებით; და

(e)    სტატისტიკური მონაცემების წარმოებისა და გავრცელების ყველა პროცესის ხარისხის სრული მართვის ხელშეწყობას. 

მუხლი 272

მხარეები აგრეთვე ითანამშრომლებენ inter alia შემდეგ სფეროებში:

(a)   მაკროეკონომიკური სტატისტიკა, მათ შორის ეროვნული ანგარიშები, საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა; 

(b)     დემოგრაფიული სტატისტიკა, მათ შორის აღწერა და სოციალური სტატისტიკა;

(c)    სოფლის მეურნეობის სტატისტიკა, მათ შორის სოფლის მეურნეობის  აღწერა და გარემოს დაცვის სტატისტიკა;

(d)    ბიზნეს სტატისტიკა, რომელიც მოიცავს ბიზნესის რეესტრს და ადმინისტრაციული წყაროების  სტატისტიკური მიზნებისთვის გამოყენებას;

(e)     ენერგეტიკის სტატისტიკა, მათ შორის ბალანსები;

(f)   რეგიონული სტატისტიკა;

(g)   ჰორიზონტალური საქმიანობა, მათ შორის სტატისტიკური კლასიფიკაციები, ხარისხის მართვა, მომზადება, გავრცელება, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება; და

(h)     სხვა შესაბამისი სფეროები.

მუხლი 273

მხარეები, inter alia, გაცვლიან ინფორმაციასა და პროფესიულ გამოცდილებას და განავითარებენ თანამშრომლობას, მხედველობაში მიიღებენ რა სტატისტიკის სისტემის რეფორმის დროს უკვე დაგროვილ  გამოცდილებას. სტატისტიკური მონაცემების წარმოების პროცესში აქცენტი გაკეთდება შერჩევითი გამოკვლევების  შემდგომ დახვეწასა და ადმინისტრაციული ჩანაწერების გამოყენებაზე, იმავდროულად, მხედველობაში მიიღება საპასუხო რეაგირების ტვირთის შემსუბუქების საჭიროება. მონაცემები იქნება გამოსადეგი სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების უმთავრეს სფეროებში  პოლიტიკის შემუშავებისა და მონიტორინგისათვის.   

მუხლი 274

რეგულარული დიალოგი გაიმართება წინამდებარე თავში გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.

კარი VI 

თანამშრომლობის სხვა სფეროები

თავი 1

ტრანსპორტი

მუხლი 275

მხარეები:

(a)         გააფართოებენ და გააძლიერებენ  თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში, რათა ხელი შეუწყონ მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას;

(b)        წაახალისებენ ტრანსპორტის ეფექტიან და უსაფრთხო მუშაობას, ასევე სატრანსპორტო სისტემების ინტერმოდალურობასა და ურთიერთთავსებადობას; და

(c)   გამოიჩენენ ძალისხმევას, რომ გააძლიერონ თავიანთ ტერიტორიებს შორის ძირითადი სატრანსპორტო კავშირები.   

მუხლი 276

აღნიშნული თანამშრომლობა, inter alia მოიცავს შემდეგ სფეროებს:

(a)    მდგრადი ეროვნული სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარება, რომელიც მოიცავს ტრანსპორტის ყველა ტიპს, განსაკუთრებით, ეკოლოგიურად სუფთა, ეფექტიანი და უსაფრთხო სატრანსპორტო სისტემების უზრუნველყოფისა და ტრანსპორტის სფეროში აღნიშნული საკითხების პოლიტიკის სხვა სფეროებში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით;

(b)   დარგობრივი სტრატეგიების განვითარება, ეროვნული სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში, ტექნიკურ აღჭურვილობასა და სატრანსპორტო პარკების განახლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მოთხოვნების ჩათვლით;

(c)  ინფრასტრუქტურული პოლიტიკის გაძლიერება ტრანსპორტის სხვადასხვა ტიპებთან დაკავშირებული  ინფრასტრუქტურული პროექტების  უკეთ იდენტიფიცირებისა და შეფასებისთვის;

(d)  დაფინანსების პოლიტიკის განვითარება, რომელიც ორიენტირებულია მოვლა-პატრონობაზე, შესაძლებლობის შემზღუდველ ფაქტორებზე და სატრანსპორტო ქსელების დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის დანაკლისზე, ასევე სატრანსპორტო პროექტებში  კერძო სექტორის ჩართულობის გააქტიურებასა და ხელშეწყობაზე;

(e)   შესაბამის საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებში გაწევრიანება და შეთანხმებებთან მიერთება, საერთაშორისო სატრანსპორტო შეთანხმებებისა და კონვენციების მკაცრი შესრულებისა და ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფის პროცედურების ჩათვლით;

(f)   სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა ტრანსპორტის ტექნოლოგიების განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით, როგორიცაა გონივრული სატრანსპორტო სისტემები; და

(g)   გონივრული სატრანსპორტო სისტემებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა ტრანსპორტის ყველა შესაბამისი საშუალების მართვისა და ოპერირებისთვის, ასევე კოსმოსური სისტემებისა და ტრანსპორტის ხელშემწყობი კომერციული კომპიუტერული პროგრამების ინტერმოდალურობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა. 

მუხლი 277

1.  თანამშრომლობა ასევე მიზნად ისახავს მგზავრთა და საქონლის გადაადგილების გაუმჯობესებას, საქართველოს, გაერთიანებულ სამეფოსა და რეგიონის მესამე ქვეყნებს შორის სატრანსპორტო ნაკადების ზრდას, ადმინისტრაციული, ტექნიკური და სხვა ბარიერების მოხსნის გზით, სატრანსპორტო ქსელის დახვეწისა და ინფრასტრუქტურის განახლების მეშვეობით, კერძოდ, მხარეთა დამაკავშირებელ მთავარ სატრანსპორტო ქსელებში. ეს თანამშრომლობა მოიცავს საზღვრის გადაკვეთის ხელშემწყობ ქმედებებს.

2.  თანამშრომლობა მოიცავს ინფორმაციის გაცვლასა და ერთობლივ ქმედებებს:

(a)   რეგიონულ დონეზე, კერძოდ, ყურადღება გამახვილდება და ინტეგრირებული იქნება სხვადასხვა რეგიონული სატრანსპორტო თანამშრომლობის სქემისა და სხვა სატრანსპორტო ინიციატივების ფარგლებში მიღწეული პროგრესი;

(b)    საერთაშორისო დონეზე, მათ შორის საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებთან და მხარეთა მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო შეთანხმებებსა და კონვენციასთან დაკავშირებით.

  მუხლი 278

რეგულარული დიალოგი გაიმართება ამ თავში განხილულ საკითხებზე.

თავი 2

თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში

 

მუხლი 279

თანამშრომლობა ემყარება პარტნიორობის, საერთო ინტერესების, გამჭვირვალობისა  და  პროგნოზირებადობის პრინციპებს, უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგიის უზრუნველყოფის საჭიროების გათვალისწინებით.

მუხლი 280

თანამშრომლობა inter alia მოიცავს შემდეგ სფეროებს:

(a)    ენერგეტიკული სტრატეგიები და პოლიტიკა;

(b)   კონკურენტული, გამჭვირვალე და ეფექტიანი ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება, სადაც მესამე მხარეს ექნება ქსელებსა და მომხმარებლებთან არადისკრიმინაციული წვდომა, საჭიროებისამებრ, შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების ჩათვლითა და 210-ე მუხლთან კავშირში;

(c)   მიმზიდველი და სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნა ინსტიტუციური, სამართლებრივი, ფისკალური და სხვა პირობების გათვალისწინებით;

(d)  საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება, ენერგორესურსების, მიმწოდებლების და ტრანსპორტირების  მარშრუტების დივერსიფიცირებისათვის ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მისაღები ფორმით;

(e)     ენერგორესურსების მიწოდების უსაფრთხოების განმტკიცება;

(f)    ენერგორესურსებით ვაჭრობის, ტრანზიტისა და ტრანსპორტირების, და ფასების პოლიტიკის, მათ შორის,  ენერგორესურსების გადაცემის ხარჯზე დაფუძნებული აღრიცხვის  ზოგადი სისტემის გრძელვადიანი სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაღრმავება და განმტკიცება, ურთიერთსასარგებლო და არადისკრიმინაციულ საფუძველზე, საერთაშორისო წესების, მათ შორის ენერგოქარტიის ხელშეკრულების მიხედვით და 210-ე მუხლთან კავშირში;

(g)   ენერგოეფექტურობისა და ენერგიის დაზოგვის ხელშეწყობა ეკონომიკურად და ეკოლოგიურად გამართლებული გზით;

(h)    განახლებადი ენერგიის სხვადასხვა ფორმების განვითარება და ხელშეწყობა და ამ სფეროში ორმხრივი და რეგიონული ინტეგრაციის  ხელშეწყობა;

(i)     სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა ენერგიის წარმოებაში, ტრანსპორტირებაში, მიწოდებასა და საბოლოო მოხმარების პროცესში ტექნოლოგიების განვითარებისა და დახვეწის მიზნით, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ენერგოეფექტურობას და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებს;

(j)    ბირთვული უსაფრთხოებისა და რადიაციული დაცვის სფეროში თანამშრომლობა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს)-ის პრინციპებისა და აესს-ის ფარგლებში დადებული სხვა შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესაბამისად; და

(k)   ენერგეტიკის ტექნიკური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტების ჭრილში, ენერგოუსაფრთხოების ფოკუსით, განათლებაში თანამშრომლობა, რაც მოიცავს ურთიერთსასარგებლო აკადემიური პროგრამებისა და კურსების განვითარებას, აკადემიური პერსონალისა და თანაშემწე მკვლევარების გაცვლას, უპირატესად სწავლების მიზნებისთვის, ხოლო სწავლისა და კვლევის მიზნით, სტუდენტთა გაცვლა დოკუმენტებთან, პედაგოგიურ ინფორმაციასა და საკვლევ მასალებთან ერთად.

მუხლი 281

რეგულარული დიალოგი გაიმართება წინამდებარე თავში განხილულ საკითხებზე.

თავი 3

გარემოს დაცვა

მუხლი 282

მხარეები განავითარებენ და განამტკიცებენ თანამშრომლობას გარემოს დაცვის საკითხებზე, რითიც წვლილს შეიტანენ მდგრადი განვითარებისა და  ეკონომიკის „გამწვანების“ გრძელვადიანი მიზნების განხორციელებაში. გარემოს გაძლიერებული დაცვა სარგებელს მოუტანს საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებსა და ბიზნეს სექტორს,  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების,  ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაზრდის გზით, ასევე, თანამედროვე, სუფთა ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით, რაც ხელს შეუწყობს წარმოების ეკოლოგიურად მდგრადი მოდელების ჩამოყალიბებას. თანამშრომლობა წარიმართება მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლიანობის ისევე, როგორც გარემოს დაცვის სფეროში  მხარეებს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულებისა და მრავალმხრივი შეთანხმებების გათვალისწინებით.

მუხლი 283

1.  თანამშრომლობა მიზნად ისახავს გარემოს ხარისხის შენარჩუნებას, დაცვას, გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციას, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და საერთაშორისო დონეზე ძალისხმევის ხელშეწყობას,  გარემოს დაცვის რეგიონულ ან გლობალურ პრობლემებთან გასამკლავებლად, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა:

(a)  გარემოსდაცვითი მმართველობა და ჰორიზონტალური საკითხები, მათ შორის სტრატეგიული დაგეგმვა, გარემოზე ზემოქმედების შეფასება და გარემოს სტრატეგიული შეფასება, განათლება და ტრენინგი, მონიტორინგი და გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემები, ზედამხედველობა და აღსრულება,  გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, გარემოსთან დაკავშირებულ დანაშაულთან ბრძოლა, რეგიონული თანამშრომლობა, გარემოს შესახებ ინფორმაციის საჯაროობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესები და ადმინისტრაციული და სამართლებრივი განხილვის ეფექტიანი პროცედურები; 

(b)    ჰაერის ხარისხი;

(c)    წყლის ხარისხი და წყლის რესურსების მართვა, მათ შორის წყალდიდობის რისკის მართვა, წყლის რესურსების სიმწირე და გვალვები, ასევე საზღვაო გარემო;

(d)    ნარჩენების მართვა;

(e)    ბუნების დაცვა, მათ შორის, სატყეო მეურნეობა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაცია;

(f)     ინდუსტრიული დაბინძურება და ინდუსტრიული საფრთხეები; და

(g)    ქიმიური ნივთიერებების მართვა;

2.     თანამშრომლობა მიზნად ისახავს გარემოს დაცვის საკითხების ინტეგრირებას არა მხოლოდ გარემოსდაცვით პოლიტიკაში, არამედ პოლიტიკის სხვა სფეროებშიც.

  მუხლი 284

მხარეები, inter alia გაცვლიან ინფორმაციასა და ექსპერტიზას; ითანამშრომლებენ ორმხრივ და რეგიონულ დონეზე, განსაკუთრებით მხარეთა მიერ რატიფიცირებულ მრავალმხრივი გარემოსდაცვით შეთანხმებებთან მიმართებით და ასევე შესაბამისი უწყებების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში.

 

მუხლი 285

1.      თანამშრომლობა, inter alia  ითვალისწინებს შემდეგ მიზანს:

(a)    გარემოს დაცვის საკითხების პოლიტიკის სხვა სფეროებში ასახვის  ხელშეწყობას; და

(b)  აუცილებელი ადამიანური და ფინანსური რესურსების  განსაზღვრას.

მუხლი 286

რეგულარული დიალოგი გაიმართება წინამდებარე თავში განხილულ საკითხებზე.

თავი 4

კლიმატთან დაკავშირებული ქმედებები

მუხლი 287

მხარეები განავითარებენ და გააძლიერებენ  თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების დასაძლევად. თანამშრომლობა წარიმართება მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე ამ სფეროში ორმხრივ და მრავალმხრივ ვალდებულებებს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების გათვალისწინებით.  

მუხლი 288

თანამშრომლობა მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების შერბილებას და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას, ასევე საერთაშორისო დონეზე ღონისძიებების გატარების ხელშეწყობას, მათ შორის შემდეგ სფეროებში:

(a)    კლიმატის ცვლილების შერბილება;

(b)    კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია;

(c)    ნახშირბადით ვაჭრობა;

(d)    უსაფრთხო და მდგრადი  დაბალნახშირბადიანი შემცველობისა და საადაპტაციო ტექნოლოგიების კვლევა, განვითარება, დემონსტრირება, დანერგვა და გავრცელება.   

  მუხლი 289

მხარეები, inter alia აგრეთვე გაცვლიან ინფორმაციას და პროფესიულ გამოცდილებას; წარმართავენ ერთობლივ კვლევით საქმიანობას და ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას უფრო სუფთა ტექნოლოგიების შესახებ; განახორციელებენ ერთობლივ ქმედებებს რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, რომლის დროსაც გაითვალისწინებენ  მხარეების მიერ რატიფიცირებულ მრავალმხრივ გარემოსდაცვით შეთანხმებებს, გარდა ამისა, საჭიროებისამებრ, განახორციელებენ ერთობლივ საქმიანობას შესაბამისი უწყებების ფარგლებში. მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ რეგიონულ თანამშრომლობას. 

 

მუხლი 290

საერთო ინტერესების გათვალისწინებით, თანამშრომლობის ფარგლებში inter alia განვითარდება და  განხორციელდება:

(a)    ეროვნულ დონეზე მისაღები შემარბილებელი ქმედებები (NAMA);

(b)   ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) საფუძველზე ტექნოლოგიების გადაცემის წამახალისებელი ღონისძიებები;

(c)    ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებებისა და ფტორშემცველ სათბურის გაზებთან დაკავშირებული ღონისძიებები.

  მუხლი 291

რეგულარული დიალოგი გაიმართება წინამდებარე თავში განხილულ საკითხებზე.

 

თავი 5

სამრეწველო და საწარმოების პოლიტიკა, ინოვაციები და სამთო-მოპოვებითი საქმიანობა

 

მუხლი 292

მხარეები განავითარებენ და განამტკიცებენ თანამშრომლობას ინოვაციების, სამრეწველო და საწარმოების პოლიტიკის სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას ყველა ეკონომიკური ოპერატორისთვის, განსაკუთრებული აქცენტით მცირე და საშუალო საწარმოებზე, როგორც ეს შესაბამისადაა განსაზღვრული საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობებში. გაძლიერებული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს იმ ბიზნესების ადმინისტრაციული და მარეგულირებელი ჩარჩოების დახვეწას, რომლებიც საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ფარგლებში ფუნქციონირებენ, ამ სფეროში საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით.

მუხლი 293

ამ მიზნით, მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგი მიმართულებით:

(a)    მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პოლიტიკის განხორციელება. ეს თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს  სტარტაპებისა და ხელნაკეთობათა საწარმოებზე ფოკუსირებას, რომლებიც ძალზე მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ისე გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკისთვის;

(b)    უკეთესი ჩარჩო პირობების შექმნა ინფორმაციის და კარგი პრაქტიკის გაცვლის გზით, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას. აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს ისეთი სტრუქტურული საკითხების (რესტრუქტურიზაცია) მართვას, როგორებიცაა გარემოს დაცვა და ენერგეტიკა;

(c)  რეგულაციებისა და მარეგულირებელი პრაქტიკის გამარტივება და რაციონალიზაცია, სადაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მარეგულირებელი მექანიზმების შესახებ კარგი პრაქტიკის გაცვლის საკითხებზე;

(d)    ინოვაციური პოლიტიკის განვითარების წახალისება კვლევებისა და განვითარების კომერციალიზაციის შესახებ (მათ შორის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული დამწყები ბიზნესების, კლასტერების განვითარებისა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის დამხმარე მექანიზმები) ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის გზით;

(e)   საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ბიზნესებს შორის, ასევე ამ ბიზნესებსა და საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კონტაქტების გაზრდის ხელშეწყობა;

(f)     საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ექსპორტის ხელშემწყობი საქმიანობის წახალისება;

(g)    საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს შესაბამის სამრეწველო სექტორებში მოდერნიზაციისა და რესტრუქტურიზაციის ხელშეწყობა, საჭიროებისამებრ ;

(h)   თანამშრომლობის განვითარება და განმტკიცება სამთომოპოვებით მრეწველობებსა და ნედლეულის წარმოების დარგში, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთგაგების მიღწევას, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და არა-ენერგეტიკულ სამთომოპოვებით დარგში, განსაკუთრებით კი ლითონის მადნეულისა და სამრეწველო წიაღისეულის საკითხებზე ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობის ხელშეწყობას. ინფორმაციის გაცვლა ითვალისწინებს სამთომოპოვებითი და ნედლეულის დარგის განვითარებას, ნედლეულით ვაჭრობას, საუკეთესო პრაქტიკას სამთომოპოვებითი მრეწველობის მდგრადი განვითარების მიმართულებით, ასევე მომზადებას, უნარებს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

მუხლი 294

რეგულარული დიალოგი გაიმართება წინამდებარე თავში განხილულ  საკითხებზე. აღნიშნულ პროცესში ჩართულები იქნებიან ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოდან და გაერთიანებული სამეფოდან.

თავი 6

კორპორაციული სამართალი, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი და კორპორაციული მმართველობა

მუხლი 295

აღიარებენ რა, სრულყოფილად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის შექმნისა და ვაჭრობის წახალისებისთვის, ეფექტური წესებისა და პრაქტიკის მნიშვნელობას კორპორაციული სამართლისა და კორპორაციული მმართველობის, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროებში, მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში:

(a)    აქციონერთა, კრედიტორთა და სხვა ბიზნესპარტნიორთა დაცვა;

(b)   ეროვნულ დონეზე შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში  შესაბამისი ეროვნული სისტემების განვითარება; და

(c)  კორპორაციული მმართველობის პოლიტიკის შემდგომი განვითარება საერთაშორისო სტანდარტების, განსაკუთრებით კი კორპორაციულ მმართველობაში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პრინციპების შესაბამისად.

მუხლი 296

მხარეები მიზნად ისახავენ, აღნიშნულ სფეროებში ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია და პროფესიული გამოცდილება როგორც არსებულ სისტემებთან მიმართებით, ასევე ამ მხრივ შესაბამისი სიახლეების თაობაზე.  გარდა ამისა, მხარეები ეცდებიან, რომ უზრუნველყონ ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლა საქართველოს კომპანიების ეროვნულ რეესტრსა და გაერთიანებული სამეფოს ბიზნესკომპანიების რეესტრს შორის.

 

მუხლი 297

რეგულარული დიალოგი შეიძლება გაიმართოს წინამდებარე თავში განხილულ  საკითხებზე.

თავი 7

ფინანსური მომსახურება

მუხლი 298

აღიარებენ რა ფინანსური მომსახურების სფეროში წესებისა და პრაქტიკის ეფექტური ნაკრების არსებობის რელევანტურობას სრულყოფილად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებისა და ორივე მხარეს შორის სავაჭრო კავშირების ხელშეწყობისათვის, მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ ფინანსური მომსახურების სფეროში შემდეგი ამოცანების შესრულების მიზნით:

(a)   ღია საბაზრო ეკონომიკის საჭიროებებთან ფინანსური მომსახურების რეგულაციის ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;

(b)   ინვესტორებისა და ფინანსური მომსახურების სხვა მომხმარებლების ეფექტური და ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფა;

(c)    საქართველოს საფინანსო სისტემის, მისი სრული შემადგენლობით, სტაბილურობისა და სიძლიერის უზრუნველყოფა;

(d)  ფინანსური სისტემის სხვადასხვა მონაწილეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, მარეგულირებლებისა და ზედამხედველების ჩათვლით; და

(e)    დამოუკიდებელი და ეფექტიანი ზედამხედველობის უზრუნველყოფა.

მუხლი 299

  1. მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობას შესაბამის მარეგულირებელ და საზედამხედველო ორგანოებს შორის, ინფორმაციის გაცვლის, ფინანსურ ბაზრებთან დაკავშირებით პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და სხვა ამგვარი ღონისძიებების   ჩათვლით.

  1. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამგვარი ორგანოების ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარებას, პერსონალის გაცვლისა და ერთობლივი ტრეინინგების ჩათვლით. 

 მუხლ 300

რეგულარული დიალოგი შეიძლება გაიმართოს წინამდებარე თავში განხილულ  საკითხებზე.

მუხლი 301

მხარეები წაახალისებენ ფინანსური სერვისების სფეროში რეგულირებისა და ზედამხედველობის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან ეტაპობრივ დაახლოებას.

თავი 8

თანამშრომლობა საინფორმაციო საზოგადოების სფეროში

მუხლი 302

მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ თანამშრომლობას საინფორმაციო საზოგადოების განვითარების კუთხით, რათა მოქალაქეებსა და ბიზნეს სექტორს სარგებლობა მოუტანონ, ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფართოდ გავრცელებისა და ხელმისაწვდომ ფასად უკეთესი ხარისხის მომსახურების მიწოდების გზით. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, და ამ სფეროში კონკურენციისა და ინვესტიციების წახალისებას.    

მუხლი 303

თანამშრომლობა მოიცავს, inter alia,  შემდეგ საკითხებს:

(a)  ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ეროვნული საინფორმაციო საზოგადოების ინიციატივების განხორციელების  კუთხით, რაც მოიცავს, Inter alia, მიმართულებებს, რომლებიც გამიზნულია, ხელი შეუწყოს ფართოზოლოვანი მომსახურების ხელმისაწვდომობას, უსაფრთხო ინტერნეტს, ქსელის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, საჯარო სექტორში ელექტრონული მომსახურების განვითარებას, ახალ ტექნოლოგიებსა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინოვაციებს; და

(b)    ინფორმაციის, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება ელექტრონულ კომუნიკაციებში ამომწურავი პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების ხელშეწყობის მიზნით, და კერძოდ, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, სპექტრული რესურსების უკეთესად გამოყენების ხელშეწყობა.

მუხლი 304

მხარეები ხელს შეუწყობენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ეროვნულ ადმინისტრაციებსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის თანამშრომლობას.

თავი 9

ტურიზმი

მუხლი 305

მხარეები ითანამშრომლებენ ტურიზმის სფეროში კონკურენ ტული და მდგრადი ტურიზმის, როგორც ეკონომიკური ზრდისა და გაძლიერების, დასაქმებისა და საერთაშორისო გაცვლების ხელშემწყობი ინდუსტრიის განვითარების  მიზნით.

მუხლი 306

ორმხრივ დონეზე თანამშრომლობა დაეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

(a)    ადგილობრივი თემების, განსაკუთრებით სოფლად, თვითმყოფადობისა და ინტერესების პატივისცემას, ადგილობრივი განვითარების საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით;

(b)    კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელობას; და

(c)    ტურიზმსა და გარემოს დაცვას შორის პოზიტიურ ურთიერთქმედებას.

მუხლი 307

თანამშრომლობისას ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე:  

(a)    ინფორმაციის, საუკეთესო პრაქტიკის, გამოცდილებისა და „know-how”-ს გაცვლა;

(b)   საჯარო, კერძო და საზოგადოებების ინტერესებს შორის პარტნიორობის შენარჩუნება, ტურიზმის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, ეკოტურიზმის ჩათვლით;

(c)   ტურისტული ნაკადების, პროდუქტების და ბაზრების, ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსების და ინსტიტუციური სტრუქტურების ხელშეწყობა და განვითარება;

(d)    ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავება და იმპლემენტაცია;

(e)  ტურიზმის სფეროში მომზადება და შესაძლებლობების განვითარება, რათა გაუმჯობესდეს მომსახურების სტანდარტები; და

(f)     ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა, მათ შორის, ადგილობრივ თემებში; 

მუხლი 308

რეგულარული დიალოგი შეიძლება გაიმართოს წინამდებარე თავში განხილულ საკითხებზე.

თავი 10

სოფლის მეურნეობა და სასოფლო განვითარება

მუხლი 309

მხარეები ითანამშრომლებენ სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

მუხლი 310

მხარეებს შორს თანამშრომლობა სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების კუთხით მოიცავს, inter alia, შემდეგ სფეროებს:

  1. სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების პოლიტიკის საკითხზე ურთიერთგაგების ხელშეწყობა;
  1. სოფლის მეურნეობის წარმოების მოდერნიზაციისა და მდგრადობის ხელშეწყობა;
  1. სოფლის განვითარების პოლიტიკის შესახებ ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება სოფლის თემებში ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით;
  1. სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ბაზრებზე ყველა დაინტერესებული მხარისათვის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
  1. ხარისხის პოლიტიკისა და მისი კონტროლის მექანიზმების ხელშეწყობა,
    გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების ჩათვლით;
  1. ღვინის წარმოება და აგროტურიზმი;
  1. სასოფლო-სამეურნეო მწარმოებელთა შორის ინფორმაციის გავრცელება და ფერმერთა მომსახურების ცენტრების განვითარების ხელშეწყობა; და
  1. საკითხების ჰარმონიზაციისაკენ სწრაფვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, რომლის წევრსაც წარმოადგენს ორივე მხარე.

მუხლი 311

რეგულარული დიალოგი გაიმართება წინამდებარე თავში განხილულ საკითხებზე.

  თავი 11

მეთევზეობა და საზღვაო მმართველობა

ნაწილი 1

მეთევზეობის პოლიტიკა

მუხლი 312

  1. მხარეები ითანამშრომლებენ მეთევზეობის დარგის ურთიერთსასარგებლო, საერთო ინტერესების  სფეროებში, მათ შორის, წყლის ცოცხალი რესურსების კონსერვაციისა და მართვის, შემოწმებისა და კონტროლის, მონაცემთა შეგროვებისა და უკანონო, შეუთანხმებელი და დაურეგულირებელი თევზჭერის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, როგორც ეს განსაზღვრულია სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 2001 წლის საერთაშორისო სამოქმედო გეგმით „უკანონო, შეუთანხმებელი და დაურეგულირებელი თევზჭერის პრევენციის, შეკავებისა და აღმოფხვრის შესახებ“ (IPOA).
  2. ეს თანამშრომლობა პატივს სცემს მხარეების მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს წყლის  ცოცხალი რესურსების კონსერვაციისა და მართვის საკითხებთან მიმართებაში.

მუხლი 313

მხარეები განახორციელებენ ერთობლივ ქმედებებს, გაცვლიან ინფორმაციას და დაეხმარებიან ერთმანეთს, რათა ხელი შეუწყონ:

  1. მეთევზეობის მენეჯმენტის კარგ მმართველობასა და საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც ითვალისწინებს თევზის მარაგების მდგრად კონსერვაციასა და მართვის უზრუნველყოფას  და ეფუძნება ეკოსისტემის მიდგომის პრინციპებს;
  2. რაციონალურ თევზჭერასა და მეთევზეობის მართვას მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ჯანსაღ პირობებში თევზის მარაგისა და ეკოსისტემების შენარჩუნება; და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის, მეთევზეობის მართვის რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში, საჭიროებისამებრ.

მუხლი 314

მხარეები მხარს დაუჭერენ ისეთ ინიციატივებს, როგორიცაა გამოცდილების გაცვლა და დახმარების გაწევა მდგრადი თევზჭერის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პოლიტიკის გატარების მიზნით, რომელიც ეყრდნობა მხარეთა ინტერესების პრიორიტეტულ სფეროებს, მათ შორის:

  1. წყლის ცოცხალი რესურსების, თევზჭერის მოცულობისა და ტექნიკური ზომების მართვა;
  2. თევზჭერის პროცესის შემოწმება და კონტროლი,  საჭირო სათვალთვალო ტექნიკის, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგის მოწყობილობებისა და მიკვლევადობის საშუალებების გამოყენებით, ასევე აღსრულებადი კანონმდებლობისა და კონტროლის მექანიზმების  უზრუნველყოფა;
  3. თავსებადი თევზჭერის, ხმელეთზე გადმოტვირთვის, ფლოტის, ბიოლოგიური და ეკონომიკური მონაცემების შეგროვება;
  4. თევზჭერის შესაძლებლობების ფარგლების მართვა, რომელიც ასევე მოიცავს მოქმედი თევზის სარეწი ფლოტის რეგისტრაციას;
  5. ბაზრების ეფექტიანობა, განსაკუთრებით კი, მწარმოებელი ორგანიზაციების ხელშეწყობის, მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდებისა და მარკეტინგის სტანდარტებისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის გზით; და
  6. მეთევზეობის დარგისთვის სტრუქტურული პოლიტიკის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ მდგრადობას.

ნაწილი 2

საზღვაო პოლიტიკა

მუხლი 315

მეთევზეობის, საზღვაო ტრანსპორტის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროების ფარგლებში თანამშრომლობის გათვალისწინებით და „საზღვაო სამართლის შესახებ“ გაეროს კონვენციის (UNCLOS) საფუძველზე მოქმედი საზღვაო სამართლის შესახებ შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების თანახმად, მხარეები განამტკიცებენ თანამშრომლობას ინტეგრირებული საზღვაო პოლიტიკის ფარგლებში, კერძოდ:

  1. საზღვაო საკითხებთან მიმართებით ინტეგრირებული მიდგომის, კარგი მმართველობის წახალისებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას საზღვაო სივრცის გამოყენების პროცესში;
  2. ზღვის რესურსების სივრცითი დაგეგმარების ხელშეწყობას, როგორც საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს გაუმჯობესებული გადაწყვეტილების მიღებას ადამიანური საქმიანობის კონკურენტულ პროცესში არბიტრირების გაწევის მიზნით, ეკოლოგიური სისტემის მიდგომის შესაბამისად;  
  3. სანაპირო ზონის ინტეგრირებულ მართვის წახალისებას, ეკოსისტემის მიდგომის შესაბამისად, მდგრადი სანაპირო განვითარების უზრუნველსაყოფად და სანაპირო რისკებთან მიმართებაში, მათ შორის, კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან გასამკლავებლად, სანაპირო რეგიონების მდგრადობის ხელშეწყობას მიზნით;
  4. საზღვაო მრეწველობაში ინოვაციებს და რესურსების ეფექტიანობის წახალისებას, როგორც ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშემწყობ ფაქტორს, მათ შორის, საუკეთესო პრაქტიკის  გაცვლის გზით;
  5. საზღვაო ინდუსტრიებს, მომსახურებებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის სტრატეგიული ალიანსების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, რომლებიც სპეციალიზდებიან საზღვაო კვლევებზე;
  6. ტრანსსასაზღვრო და დარგთაშორის საზღვაო თვალთვალის ძალისხმევის გაღრმავებას, რათა გაუმკლავდნენ მზარდ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია ინტენსიურ საზღვაო სატრანსპორტო მოძრაობასთან, გემების ოპერატიულ გადმოტვირთვასთან, საზღვაო შემთხვევებსა და ზღვაზე უკანონო საქმიანობებთან; და
  7. გამართავენ რეგულარულ დიალოგს და ხელს შეუწყობენ საზღვაო საქმიანობის საკითხებში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს შორის სხვადასხვა ქსელის ჩამოყალიბებას.  

მუხლი 316

აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს შემდეგს:

  1. ინფორმაციის, საუკეთესო პრაქტიკის, გამოცდილების გაცვლას და საზღვაო „know-how”-ს გაზიარებას, მათ შორის საზღვაო სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიებისა  და საზღვაო გარემოს დაცვის საკითხებზე;
  2. ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას პროექტების დაფინანსების შესაძლებლობების თაობაზე, მათ შორის, საჯარო-კერძო პარტნიორობის სფეროში;
  3. მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას შესაბამისი საერთაშორისო საზღვაო ფორუმების ფორმატებში; და
  4. უფრო ახლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას საზღვაო უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის გზით.

მუხლი 317

მხარეებს შორის რეგულარული დიალოგი გაიმართება წინამდებარე თავში განხილულ საკითხებზე. 

თავი 12

თანამშრომლობა კვლევის, ტექნოლოგიების  განვითარებისა და დემონსტრირების სფეროში

მუხლი 318

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას სამოქალაქო სამეცნიერო კვლევების, ტექნოლოგიების განვითარებისა და დემონსტრირების (RTD) ყველა სფეროში ორმხრივ სარგებელზე დაყრდნობით  და ინტელექტუალური საკუთრების უფლების სათანადო და ეფექტიანი დაცვის დონეების უზრუნველყოფის შესაბამისად.

მუხლი 319

კვლევების, ტექნოლოგიების განვითარებისა და დემონსტრირების (RTD) კუთხით თანამშრომლობა მოიცავს:  

  1. პოლიტიკურ დიალოგს და სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინფორმაციის გაცვლას;
  1. თითოეული მხარის შესაბამის პროგრამაზე სათანადო დაშვების ხელშეწყობას;
  1. ერთობლივი კვლევითი პროექტების ხელშეწყობას კვლევების, ტექნოლოგიების განვითარებისა და დემონსტრირების (RTD) ყველა სფეროში;
  1. ტრენინგებისა და მობილობის პროგრამების უზრუნველყოფას მეცნიერების, მკვლევარებისა და სხვა კვლევითი პერსონალისათვის, რომლებიც  ჩართულნი არიან მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად კვლევების, ტექნოლოგიების განვითარებისა და დემონსტრირების (RTD) საქმიანობებში;
  1. თანამშრომლობის სხვა ფორმებს  კვლევების, ტექნოლოგიების განვითარებისა და დემონსტრირების (RTD) სფეროებში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

თავი 13

მომხმარებელთა პოლიტიკა

მუხლი 320

მხარეები ითანამშრომლებენ, რათა უზრუნველყონ მომხმარებელთა დაცვის მაღალი დონე.

მუხლი 321

ამ მიზნების მისაღწევად თანამშრომლობა, საჭიროებისამებრ, შესაძლოა მოიცავდეს:

(a)    სავაჭრო ბარიერების თავიდან აცილების მიზანს;

(b)    მომხმარებელთა დაცვის სისტემების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობას, რომელიც მოიცავს მომხმარებელთა შესახებ კანონმდებლობასა და მის აღსრულებას, მომხმარებელთა პროდუქტების უვნებლობას, ინფორმაციის გაცვლის სიტემებს, მომხმარებელთა განათლებას/ინფორმირებულობასა და მათი შესაძლობების გაძლიერებას, და ასევე მომხარებელთათვის კომპენსაციის უზრუნველყოფას;

(c)  ადმინისტრაციის თანამდებობის პირებისა და მომხმარებელთა ინტერესების დამცველთა სხვა წარმომადგენლების მომზადებას; და

(d)    მომხმარებელთა დამოუკიდებელი ასოციაციების საქმიანობისა და მომხმარებელთა წარმომადგენლებს შორის კონტაქტების ხელშეწყობას.  

თავი 14

დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები

მუხლი 322

მხარეები გააძლიერებენ  დიალოგსა და თანამშრომლობას ღირსეული შრომის პირობების (Decent Work Agenda), დასაქმების პოლიტიკის, სამუშაოზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, სოციალური დიალოგის, სოციალური დაცვის, სოციალური ჩართულობის, გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის, ასევე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშესაწყობად, და ამგვარად წვლილს შეიტანენ მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილის, სიღარიბის შემცირების, გაძლიერებული სოციალური თანმიმდევრულობის, მდგრადი განვითარებისა და გაუმჯობესებული ცხოვრების დონის უზრუნველყოფაში. 

მუხლი 323

თანამშრომლობა, რომელიც დაფუძნებულია ინფორმაციის გაცვლასა და საუკეთესო გამოცდილებაზე, შესაძლოა, მოიცავდეს გარკვეულ  საკითხებს შემდეგი სფეროებიდან:

(a)    სიღარიბის შემცირება და სოციალური თანმიმდევრულობის გაძლიერება;

(b)   დასაქმების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილისა და სათანადო სამუშაო პირობების შექმნისკენ, ჩრდილოვანი ეკონომიკისა და არაფორმალური დასაქმების შემცირების ჩათვლით;

(c)   შრომის ბაზართან დაკავშირებით აქტიური ზომებისა და ეფექტიანი დასაქმების სერვისების ხელშეწყობა, საჭიროებისამებრ, მხარეთა შრომის ბაზრების მოდერნიზაციისა და შრომის ბაზრების საჭიროებებისადმი ადაპტაციის მიზნით;

(d)   მეტად ინკლუზიური შრომის ბაზრებისა და სოციალური უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესება, რაც აერთიანებს სოციალურად დაუცველ ადამიანებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და უმცირესობათა ჯგუფებს მიკუთვნებული ადამიანების ჩათვლით;

(e)  თანაბარი შესაძლებლობები და ანტიდისკრიმინაცია, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის გაძლიერებას და მამაკაცსა და ქალს შორის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას, ასევე, სქესის, რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის ან მრწამსის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას;

(f)  სოციალური პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს  სოციალური უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებას, თანასწორობის, ხელმისაწვდომობისა და ფინანსური მდგრადობის კუთხით;

(g)   სოციალური პარტნიორების მონაწილეობის გაძლიერება და სოციალური დიალოგის ხელშეწყობა, მათ შორის, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის შესაძლებლობების გაძლიერების გზით;

(h)   სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა; და

(i)   კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში ცნობიერების ამაღლება და დიალოგის ხელშეწყობა.  

მუხლი 324

მხარეები წაახალისებენ ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და განსაკუთრებით კი სოციალური პარტნიორების, ჩართულობას პოლიტიკის განვითარებისა და რეფორმირების პროცესში და მხარეთა შორის თანამშრომლობაში, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმების VIII კარში (ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები).

მუხლი 325

მხარეები მიზნად ისახავენ გააძლიერონ თანამშრომლობა დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებზე ყველა შესაბამის რეგიონულ, მრავალმხრივ და საერთაშორისო ფორმატში და ორგანიზაციების ფარგლებში.

მუხლი 326

მხარეები ხელს შეუწყობენ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას და წაახალისებენ ბიზნესპასუხისმგებლობის პრაქტიკას, როგორიცაა  მთელი რიგი საერთაშორისო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო რეკომენდაციების შედეგად დამკვიდრებული პრაქტიკა და განსაკუთრებით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო რეკომენდაციები  მრავალეროვანი კომპანიებისთვის.

მუხლი 327

რეგულარული დიალოგი გაიმართება წინამდებარე თავში განხილულ საკითხებზე.

თავი 15

საზოგადოებრივი ჯანდაცვა

მუხლი 328

მხარეები თანხმდებიან, რომ განავითარებენ თანამშრომლობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების დონის ამაღლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, რაც წარმოადგენს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის უმთავრეს კომპონენტს.

მუხლი 329

თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ სფეროებს, განსაკუთრებით:

(a)    საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, კერძოდ, ჯანმრთელობის სექტორის რეფორმის გაგრძელების, მაღალი ხარისხის ჯანდაცვის უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების, ჯანმრთელობის სფეროში მმართველობისა და ჯანდაცვის დაფინანსების სრულყოფის გზით;

(b)  ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა და გადამდებ დაავადებათა კონტროლი, როგორებიცაა, მაგალითად, აივ ინფექცია/შიდსი, ვირუსული ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და ანტიმიკრობული რეზისტენტობა, ასევე - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წინაშე არსებული საფრთხეებისა და საგანგებო სიტუაციების მიმართ გაზრდილი მზაობა;

(c)   არაგადამდებ დაავადებათა პრევენცია და კონტროლი, ძირითადად ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა  და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის იმ მთავარი   განმსაზღვრელი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა კვება, ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და თამბაქოს მიმართ დამოკიდებულება;

(d)    ადამიანის ბიოლოგიური მასალის ხარისხი და უსაფრთხოება;

(e)    ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია და ცოდნა; და

(f)    ჯანმრთელობის სფეროში იმ საერთაშორისო შეთანხმებების ეფექტური იმპლემენტაცია, რომლებზეც მიერთებულნი არიან მხარეები.

თავი 16

განათლება, ტრენინგი და ახალგაზრდობა

მუხლი 330

მხარეები ითანამშრომლებენ განათლებისა და ტრენინგის სფეროში, რათა გაააქტიურონ თანამშრომლობა და დიალოგი, მათ შორის, დიალოგი პოლიტიკის საკითხებზე. მხარეები ითანამშრომლებენ, რათა ხელი შეუწყონ  მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლას, წაახალისონ განათლებისა და ტრენინგის სფეროში თანამშრომლობა და გამჭვირვალობა ყველა დონეზე, უმაღლეს განათლებაზე განსაკუთრებული აქცენტით.

მუხლი 331

განათლებისა და ტრეინინგების სფეროში თანამშრომლობა, inter alia , მიმართული იქნება შემდეგი სფეროებისკენ:

(a)  მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის ხელშეწყობა, რომელიც წარმოადგენს ზრდისა და სამუშაო ადგილების უზრუნველყოფის უმთავრეს ასპექტს და რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, სრულყოფილი მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში;

(b)  განათლებისა და ტრენინგის სისტემების მოდერნიზება, სახელოვნებო განათლების ჩათვლით, ხარისხის გაუმჯობესება, განათლების ყველა საფეხურის  რელევანტურობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა - ადრეულ ასაკში განათლებისა და მზრუნველობიდან დაწყებული,  უმაღლეს განათლებაზე ზრუნვის ჩათვლით;

(c)   უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება იმ საშუალებით, რომელიც თანხვედრაშია „ბოლონიის პროცესთან“;

(d)    აკადემიურ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება;

(e)    უცხო ენების სწავლების ხელშეწყობა;

(f)    კვალიფიკაციისა და კომპეტენციის აღიარების მიმართულებით პროგრესის ხელშეწყობა და ამ მხრივ ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფა;  და

(g)    პროფესიული განათლებისა და ტრენინგის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა.

მუხლი 332

მხარეები თანხმდებიან ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობაზე, რათა:

(a)    ხელი შეუწყონ თანამშრომლობასა და გაცვლებს ახალგაზრდობის პოლიტიკის, ასევე  ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა დასაქმებულთა არაფორმალური განათლების  სფეროში;

(b)   ხელი შეუწყონ ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა დასაქმებულების მობილურობის გაზრდას, რაც წარმოადგენს კულტურათაშორისი დიალოგის, ფორმალური საგანმანათლებლო სისტემის გარეთ ცოდნის, გამოცდილებისა და კომპეტენციის მიღების ხელშეწყობის მექანიზმს, მათ შორის მოხალისეობის გზით, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;

(c)    ხელი შეუწყონ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას. 

თავი 17

კულტურის სფეროში თანამშრომლობა

მუხლი 333

მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) 2005 წლის „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციით განმტკიცებული პრინციპების სათანადოდ გათვალისწინების გზით. საერთო ინტერესების სფეროებში, მხარეები წარმართავენ რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგს, მათ შორის,  საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოში  კულტურული ინდუსტრიების განვითარების კუთხით. მხარეთა შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კულტურათაშორის დიალოგს, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს კულტურის სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გამო.

მუხლი 334

მხარეები, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ძირითადად ითანამშრომლებენ შემდეგ რიგ სფეროებში:

(a)    კულტურის სფეროში თანამშრომლობა და კულტურული გაცვლები;

(b)    ხელოვნებისა და ხელოვანთა მობილურობა, და კულტურის სფეროს ინსტიტუციური გაძლიერება;

(c)    კულტურათაშორისი დიალოგი;

(d)    კულტურის პოლიტიკის შესახებ დიალოგი; და

(e)    თანამშრომლობა საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში, როგორებიცაა იუნესკო და ევროპის საბჭო, რათა, inter alia, ხელი შეეწყოს კულტურულ მრავალფეროვნებას, შენარჩუნდეს და სათანადოდ განვითარდეს  კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ღირებულებანი.    

თავი 18

თანამშრომლობა აუდიოვიზუალურ და მედიის სფეროებში

მუხლი 335

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას აუდიოვიზუალურ სფეროში. თანამშრომლობა გააძლიერებს აუდიოვიზუალურ ინდუსტრიას  საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოში, კერძოდ, პროფესიონალთა ტრენინგის, ინფორმაციის გაზიარების გზით.

მუხლი 336

  1. მხარეები აწარმოებენ რეგულარულ დიალოგს აუდიოვიზუალურ და მედიის პოლიტიკის სფეროში და ითანამშრომლებენ, რათა გააძლიერონ მედიის დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი, სათანადო ევროპული სტანდარტების შესაბამისად, რომელიც ასევე მოიცავს ევროპის საბჭოს სტანდარტებსა და 2005 წლის გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციას. 
  1. თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს, inter alia, ჟურნალისტთა და მედიის სხვა პროფესიონალთა ტრენინგის საკითხს.

მუხლი 337

მხარეები ძირითადად ითანამშრომლებენ მთელ რიგ სფეროებში, როგორებიცაა:

  1. დიალოგი აუდიოვიზუალურ და მედიის პოლიტიკაზე;
  1. დიალოგი საერთაშორისო დონეზე (როგორიცაა, იუნესკო და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO)); და
  1. თანამშრომლობა აუდიოვიზუალურ და მედიის სფეროში, კინოს სფეროში თანამშრომლობის ჩათვლით.  

  მუხლი 338

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სამაუწყებლო სფეროს ეროვნულ მარეგულირებელ ხელისუფლებებს შორის.

თავი 19

თანამშრომლობა სპორტისა და ფიზიკური აქტივობის სფეროში 

მუხლი 339

მხარეები ითანამშრომლებენ სპორტისა და ფიზიკური აქტივობის სფეროში ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის გზით, რათა ხელი შეუწყონ ჯანსაღი ცხოვრების წესს და სპორტის სოციალური და საგანმანათლებლო ფასეულობების განვითარებას, სპორტის მობილურობას, სპორტის წინაშე მდგარი ისეთი გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, როგორებიცაა დოპინგის გამოყენება, რასიზმი და ძალადობა. 

თავი 20

თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების სფეროში  

მუხლი 340

მხარეები განამტკიცებენ დიალოგს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის შესახებ შემდეგი მიზნებისთვის:

(a)  საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოში სამოქალაქო საზოგადოების ყველა სექტორს შორის კონტაქტების გაფართოება და ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა;

(b)   ერთმანეთის პოლიტიკისა და ღირებულებების შესახებ, მათ შორის თავიანთი შესაბამისი სახელმწიფოს ისტორიისა და კულტურის თაობაზე, მეტად ინფორმირება და გაცნობიერება, განსაკუთრებით კი მხარეთა ტერიტორიაზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რაც შესაძლებელს გახდის, ამაღლდეს ცოდნა სამომავლო ურთიერთობებისათვის არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ.

მუხლი 341

მხარეები ხელს შეუწყობენ დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას ორივე მხარის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის, როგორც საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობების განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული დიალოგის და ამგვარი თანამშრომლობის მიზნებს წარმოადგენს:

(a)   საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების იმპლემენტაციის პროცესში, სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა;

(b)  საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით, საჯარო ინსტიტუტებს, წარმომადგენლობით ასოციაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ღია, გამჭვირვალე და რეგულარული დიალოგის შენარჩუნების გზით; 

(c)   ინსტიტუტების მშენებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარების მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით ხელშემწყობი გარემოს შექმნის უზრუნველყოფა რაც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ადვოკატირების მხარდაჭერას, არაფორმალურ და ფორმალურ კავშირებს, ერთობლივ ვიზიტებსა და სამუშაო სემინარებს, რაც უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოებისათვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას; და

(d)   თითოეული მხარის მიერ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთათვის შესაძლებლობების შექმნა, რათა ისინი გაეცნონ სამოქალაქო საზოგადოებასა, მათ შორის, სოციალურ პარტნიორებსა და საჯარო სამსახურებს შორის კონსულტაციებისა და დიალოგის პროცესს, განსაკუთრებით საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობის გათვალისწინებით.

მუხლი 342

მხარეებს შორის რეგულარული დიალოგი გაიმართება წინამდებარე თავში განხილულ საკითხებზე.   

თავი 21

რეგიონული განვითარება და თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე

მუხლი 343

მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთგაგებასა და ორმხრივ თანამშრომლობას რეგიონული და ადგილობრივი განვითარების პოლიტიკის სფეროში, რაც მიზნად ისახავს კომუნიკაციის არხების ჩამოყალიბებასა და ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის სისტემის განმტკიცებას ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სოციალურ და ეკონომიკურ აქტორებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, რეგიონული ეკონომიკური და ბიზნეს ქსელების და მხარდამჭერი ინსტიტუტების წახალისების ჩათვლით.

მუხლი 344

მხარეები უფრო ინტენსიურს გახდიან თავიანთ რეგიონებსა და ასევე ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობას, რათა საერთო ინტერესების საფუძველზე შემუშავებული პროექტების განხორციელების გზით, განამტკიცონ მათი ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარება.  

თავი 22

სამოქალაქო დაცვა

მუხლი 345

მხარეები განავითარებენ და გააღრმავებენ თანამშრომლობას ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების მართვის სფეროში. თანამშრომლობა წარიმართება მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით თანასწორობასა და ურთიერთსარგებლიანობაზე დაყრდნობით, ასევე, მხედველობაში მიიღება მხარეებს შორის ურთიერთდამოკიდებულება და ამ სფეროში მრავალმხრივი საქმიანობა.

მუხლი 346

თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების პრევენციის, მათთვის მზადებისა და მათზე რეაგირების გაუმჯობესებას.

მუხლი 347

მხარეები,  inter alia, გაცვლიან ინფორმაციასა და ექსპერტულ მოსაზრებებს და განახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს ორმხრივ საფუძველზე ან/და მრავალმხრივი პროგრამების ფარგლებში.  თანამშრომლობა განხორციელდება, inter alia, მხარეებს შორის ამ სფეროში დადებული კონკრეტული შეთანხმებების ან/და ადმინისტრაციული შეთანხმებების იმპლემენტაციის გზით.

მუხლი 348

თანამშრომლობამ შესაძლოა მოიცვას შემდეგი მიზნები:

(a)    საკონტაქტო დეტალების გაცვლა და რეგულარული განახლება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დიალოგის განგრძობადობა და შესაძლებელი იყოს 24-საათიან რეჟიმში ერთმანეთთან დაკავშირება;

(b)    ურთიერთდახმარების ხელშეწყობა გადაუდებელი აუცილებლობის დროს, მიზანშეწონილობის მიხედვით და საკმარისი რესურსების არსებობის გათვალისწინებით;

(c)    წინასწარი გაფრთხილებების გაცვლა, დახმარების თხოვნისა და შეთავაზების ჩათვლით;

(d)  ინფორმაციის გაცვლა მხარეების მიერ საგანგებო სიტუაციების დროს მესამე ქვეყნისათვის გაწეული დახმარებების შესახებ;

(e)    დახმარების მოთხოვნის/გაწევის პროცესში მასპინძელი ქვეყნის დახმარების ფარგლებში თანამშრომლობა;

(f)    კატასტროფების პრევენციის, ტრენინგისა და მათზე რეაგირების სფეროში საუკეთესო პრაქტიკისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების გაცვლა;

(g)   კატასტროფების რისკების შემცირების ფორმატში თანამშრომლობა ისეთი საშუალებების მიმართვით, როგორებიცაა, inter alia, ინსტიტუციური კავშირები და ადვოკატირება; ინფორმაცია, განათლება და კომუნიკაციები; საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც მიმართულია ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის ან მათი ზემოქმედების შემცირებისაკენ;

(h)   თანამშრომლობა კატასტროფების მართვის მიზნით კატასტროფების, საფრთხეებისა და რისკების შეფასების შესახებ საინფორმაციო ბაზის დასახვეწად;

(i)    თანამშრომლობა გარემოსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე კატასტროფების ზემოქმედების შეფასების მიმართულებით;

(j)   ექსპერტების მიწვევა სამოქალაქო დაცვის საკითხებზე გამართულ კონკრეტულ ტექნიკურ სემინარებსა და სიმპოზიუმებზე;

(k)  დამკვირვებლების ინდივიდუალური მიწვევა საქართველოსა და/ან გაერთიანებული სამეფოს მიერ ორგანიზებულ კონკრეტულ წვრთნებსა და ტრენინგებზე; და

(l)    თანამშრომლობის გაძლიერება სამოქალაქო დაცვის არსებული შესაძლებლობების ყველაზე ეფექტიანად გამოყენების მიზნით.   

კარი VII

ფინანსური დახმარება, და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონტროლის შესახებ დებულებები

თავი 1

ფინანსური დახმარება

მუხლი 349

  1. თუ მხარეები ამგვარად შეთანხმდებიან, საქართველო ისარგებლებს ფინანსური დახმარებით, რათა შეტანილ იქნეს წვლილი წინამდებარე შეთანხმების მიზნების მიღწევაში. ნებისმიერი ფინანსური დახმარება განხორციელდება წინამდებარე შეთანხმების შემდგომი მუხლების შესაბამისად.
  1. ფინანსური დახმარება მოიცავს ამგვარი დახმარების სხვადასხვა ფორმებსა და საშუალებებს, რომლითაც შესაძლებელია მისი განხორციელება, მათ შორის მრავალმხრივი და რეგიონული ორგანიზაციების მეშვეობით.

მუხლი 350

ხელმისაწვდომი რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მხარეები ძალისხმევას არ დაიშურებენ ნებისმიერი დახმარება განახორციელონ სხვა დონორ სახელმწიფოებთან, დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინაციით, დახმარების ეფექტიანობის შესახებ საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად. 

მუხლი 351

მხარეები განახორციელებენ დახმარების იმპლემენტაციას სანდო ფინანსური მართვის პრინციპების შესაბამისად და ითანამშრომლებენ, რათა დაცული იქნეს საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ინტერესები. თაღლითობის, კორუფციისა და ნებისმიერი სხვა უკანონო ქმედებების თავიდან ასარიდებლად და მათთან საბრძოლველად, მხარეები მიიღებენ ქმედით ზომებს, მათ შორის წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში ადმინისტრაციული და სამართლებრივი ურთიერთდახმარებების გზით.

კარი VIII

ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები

თავი 1

ინსტიტუციური ჩარჩო

მუხლი 352

მხარეები გამართავენ რეგულარულ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს, რომელსაც ამჟამად უორდროპის სტრატეგიული დიალოგი ეწოდება, რომლის ფორმატი, დონე და სიხშირე შეთანხმდება ორმხრივად.

სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი

მუხლი 353

1.  352-ე მუხლით დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი ზედამხედველობასა და მონიტორინგს გაუწევს წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასა და შესრულებას და პერიოდულად გადახედავს ამ შეთანხმების ფუნქციონირების საკითხს მისი მიზნებიდან გამომდინარე.

2.    წინამდებარე შეთანხმების გამოყენებისა და შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის გარდა, სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი განიხილავს შეთანხმების ფარგლებში წარმოშობილ ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხს და საერთო ინტერესთა სფეროში შემავალ ნებისმიერ სხვა ორმხრივ თუ მრავალმხრივ საკითხს.

მუხლი 354

  1. სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი შედგება მხარეთა წარმომადგენლებისგან, რომლის დონეც შეთანხმდება მხარეებს შორის.
  1. სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი შეიმუშავებს საკუთარ საპროცედურო წესებს და ნებისმიერ გადაწყვეტილებას კონსენსუსით მიიღებს.
  1. 352-ე მუხლის მიუხედავად,  სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი შეიკრიბება სპეციფიკურ ფორმატში წინამდებარე შეთანხმების მე-4 კარით (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) გათვალისწინებული საკითხების გადასაჭრელად. სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი აღნიშნულ ფორმატში შეიკრიბება წელიწადში ერთხელ. მხარეებს შეუძლიათ შეიმუშაონ აღნიშნულ ფორმატში სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმისთვის საპროცედურო წესები.
  1. წინამდებარე შეთანხმების მე-4 კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) ფარგლებში დაფუძნებული ქვეკომიტეტი თავის შეხვედრამდე საკმაოდ ადრე აცნობებს ვაჭრობის ფორმატში სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს, მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეხვედრების თარიღსა და დღის წესრიგს. მათ უნდა წარმოადგინონ თავიანთი საქმიანობის ანგარიში ვაჭრობის ფორმატში სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის ყოველ რეგულარულ შეხვედრაზე.
  1. წინამდებარე შეთანხმების მე-4 კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) ფარგლებში დაფუძნებული ქვეკომიტეტის არსებობა მხარეებს ხელს არ უშლის პირდაპირ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში, მათ შორის ვაჭრობის ფორმატში, წამოწიონ საკითხი, როგორც ეს მოცემულია მე-3 პუნქტში.
  1. წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი არ ზღუდავს საქართველოს  პარლამენტსა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტს შორის თანამშრომლობას.
  1. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, საქართველო-ევროკავშირის შეთანხმებით დაფუძნებული ასოცირების საბჭოს, ასოცირების კომიტეტისა და ნებისმიერი სხვა კომიტეტებისა თუ ქვეკომიტეტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების ბრიტანეთთან მიმართებით მოქმედების შეწყვეტამდე, მიჩნეული უნდა იქნეს mutatis mutandis და წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოს ან ქვეკომიტეტის მიერ მიღებულად, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს გადაწყვეტილებები ეხება წინამდებარე შეთანხმების მხარეებს.
  1. სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს მონაცვლეობით უხელმძღვანელებენ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები, თუკი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

მუხლი 355

  1. წინამდებარე შეთანხმების მიზნების მისაღწევად, სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი, მხარეთა თანხმობით უფლებამოსილია ამ შეთანხმების ფარგლებში, 354-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვაჭრობის ფორმატის ჩათვლით, მიიღოს გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილებები სავალდებულოა მხარეებისთვის, რომლებიც, გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის მიზნით, მიიღებენ შესაბამის ზომებს, რაც, საჭიროების შემთხვევაში, ასევე მოიცავს წინამდებარე შეთანხმების დებულებების თანახმად, ამ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი კონკრეტული  ორგანოების მიერ განხორციელებულ ქმედებას. სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს ასევე შეუძლია შეიმუშაოს რეკომენდაციები.

  1. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი უფლებამოსილია განაახლოს ან შეასწოროს წინამდებარე შეთანხმების დანართები, წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) ნებისმიერი კონკრეტული დებულებისათვის ზიანის მიუყენებლად. როდესაც სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი შეთანხმდება განაახლოს ან შეასწოროს წინამდებარე შეთანხმების დანართები, თუკი ამგვარი განახლება ან შესწორება ექვემდებარება მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მოთხოვნების აღსრულებას, ისინი ძალაში შევა აღნიშნული შიდა მოთხოვნების შესაბამისად, ან სხვა შემთხვევებში, სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის გადაწყვეტილების შესაბამისად.

თავი 2

ზოგადი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 356

სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ხელმისაწვდომობა

წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, თითოეული მხარე ვალდებულებას იღებს, უზრუნველყოს, რომ მეორე მხარის ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, თავიანთ საკუთარ მოქალაქეებთან შედარებით დისკრიმინაციის გარეშე, ხელმისაწვდომი იქნება მხარეთა კომპეტენტური სასამართლოები და ადმინისტრაციული ორგანოები პირადი უფლებების დასაცავად, საკუთრების უფლების ჩათვლით. 

მუხლი 357

გამონაკლისები უსაფრთხოების თვალსაზრისით

წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი შეუშლის ხელს მხარეს მიიღოს ნებისმიერი ზომა:

(a)   რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინფორმაციის გამჟღავნება მისი ძირითადი უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ;

(b)  რომელიც დაკავშირებულია იარაღის, სამხედრო აღჭურვილობის ან საბრძოლო მასალების წარმოებასთან ან ვაჭრობასთან, ან თავდაცვის მიზნებისათვის აუცილებელ კვლევასთან, განვითარებასა თუ წარმოებასთან, იმ პირობით, რომ ასეთი ზომები ზიანს არ მიაყენებს კონკურენციის პირობებს იმ პროდუქტებთან მიმართებით, რომლებიც არ არის გამიზნული კონკრეტულად სამხედრო დანიშნულებისთვის;

(c)   რომელსაც იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკუთარი უსაფრთხოებისათვის, იმ შემთხვევაში, თუ სერიოზული შიდა არეულობები გავლენას ახდენს კანონისა და წესრიგის შენარჩუნებაზე, ომის ან სერიოზული საერთაშორისო დაძაბულობის დროს, რომელიც შეიცავს ომის საფრთხეს, ან მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით მის მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად.

მუხლი 358

დისკრიმინაციის აკრძალვა

  1. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში და მასში მოცემული კონკრეტული დებულებებისათვის ზიანის მიუყენებლად:  

(a)   საქართველოს მიერ გაერთიანებული სამეფოს მიმართ გამოყენებულმა ღონისძიებებმა არ უნდა წარმოშვას რაიმე სახის დისკრიმინაცია გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს, კომპანიებსა თუ ფირმებს შორის;

(b)  გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს მიმართ გამოყენებულმა ღონისძიებებმა არ უნდა წარმოშვას რაიმე სახის დისკრიმინაცია საქართველოს მოქალაქეებს, კომპანიებსა თუ ფირმებს შორის.

  1. პირველი პუნქტის დებულებები ზიანს არ მიაყენებს მხარეთა უფლებებს, გამოიყენონ თავიანთი ფისკალური კანონმდებლობის შესაბამისი დებულებები  გადასახადების იმ გადამხდელთა მიმართ, რომლებიც არ არიან იდენტურ სიტუაციაში თავიანთი საცხოვრებელი ადგილის  თვალსაზრისით.

მუხლი 359

ვალდებულებების შესრულება

1.    მხარეები მიიღებენ ნებისმიერ ზოგად ან კონკრეტულ ზომას, რაც აუცილებელია წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად. ისინი უზრუნველყოფენ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.

2.     მხარეები თანხმდებიან, რომ, რომელიმე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი არხების მეშვეობით, დაუყოვნებლივ გამართავენ კონსულტაციებს წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან, შესრულებასთან, ან კეთილსინდისიერად გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა და მხარეებს შორის ურთიერთობების შესაბამისი ასპექტების განხილვის მიზნით.

3.   თითოეული მხარე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს განსახილველად წარუდგენს ნებისმიერ დავას, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან, შესრულებასთან, ან მის კეთილსინდისიერად გამოყენებასთან, 360-ე მუხლის შესაბამისად. სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს შეუძლია დავების მოგვარება სავალდებულო გადაწყვეტილების მიღების გზით.

მუხლი 360

დავების მოგვარება

1.   მხარეებს შორის წინამდებარე შეთანხმების განმარტების, შესრულების, ან კეთილსინდისიერად გამოყენების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, ნებისმიერი მხარე მეორე მხარესა და სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს წარუდგენს ოფიციალურ მოთხოვნას საკითხის მოგვარების თაობაზე. გამონაკლისის სახით, წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები)  განმარტებასთან,  შესრულებასთან, ან კეთილსინდისიერად გამოყენებასთან დაკავშირებული დავები ცალკე დარეგულირდება წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავის  (დავების მოგვარება) მეშვეობით. 

2.   მხარეები ეცდებიან დავა მოაგვარონ წინამდებარე შეთანხმების 352-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში კეთილსინდისიერი კონსულტაციების წარმართვის მეშვეობით, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

3.    352-ე მუხლის დებულებების მიუხედავად, თუკი მხარე წარადგენს დავების მოგვარების ოფიციალურ მოთხოვნას, მხარეები უნდა შეხვდნენ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში თხოვნის წარდგენიდან 1 თვის ვადაში. სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის სხვა ფორმატებისთვის ზიანის მიუყენებლად, მხარეები ამ ფორმატში სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს მიაწვდიან ყველანაირ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა სიტუაციის სრულად შესწავლისთვის.

4.   352-ე მუხლის დებულებების მიუხედავად, მანამ, სანამ დავა არ არის მოგვარებული, სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი შეიკრიბება რეგულარული შუალედებით დავის განსახილველად. დავა მოგვარებულად ჩაითვლება, თუ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი მიიღებს საკითხის მოგვარების თაობაზე სავალდებულო გადაწყვეტილებას, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმების 359-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან როდესაც ის დაადგენს, რომ დავის პროცესი დასრულებულია.

5.   დავების განმავლობაში გამჟღავნებული ყველა ინფორმაცია  კონფიდენციალურია.        

მუხლი 361

შესაბამისი ზომები ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში

  1. მხარე მიიღებს შესაბამის ზომებს, თუ საკითხი არ მოგვარდა დავის მოგვარების შესახებ ოფიციალური მოთხოვნის შესახებ შეტყობინების თარიღიდან სამი თვის განმავლობაში წინამდებარე შეთანხმების 360-ე მუხლის შესაბამისად და თუ მომჩივანი მხარე კვლავ მიიჩნევს, რომ მეორე მხარემ ვერ შეასრულა წინამდებარე შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულება. სამთვიანი კონსულტაციების პერიოდის მოთხოვნა მოიხსნება მხარეთა შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე და არ გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების დროს.  

  1. შესაბამისი ზომების შერჩევისას, პრიორიტეტი მიენიჭება იმ ზომებს, რომლებიც ყველაზე ნაკლებად აბრკოლებს წინამდებარე შეთანხმების ფუნქციონირებას. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ამგვარი ზომები  არ შეიძლება მოიცავდეს წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) დებულებებით გათვალისწინებული უფლებების ან ვალდებულებების შეჩერებას. სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს დაუყოვნებლივ ეცნობება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ზომების შესახებ და ეს ზომები გახდება კონსულტაციების საგანი  წინამდებარე შეთანხმების 359-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და დავების მოგვარების საგანი წინამდებარე შეთანხმების 359-ე მუხლის  მე-3 პუნქტისა და 360-ე მუხლის  შესაბამისად.    

3.  ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში წარმოდგენილი გამონაკლისები ეხება:

(a)    წინამდებარე შეთანხმების დენონსაციას, რასაც არ ითვალისწინებს საერთაშორისო სამართლის ზოგადი წესები, ან

(b)      მეორე მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი არსებითი ელემენტის დარღვევას, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმების I კარის (ზოგადი პრინციპები) მე-2 მუხლით.

მუხლი 362

ცვლილებები

წინამდებარე შეთანხმების 355-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) ცალკეული დებულებებისთვის ზიანის მიუყენებლად, მხარეებს შეუძლიათ წერილობით შეთანხმდნენ წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანაზე. ცვლილება ძალაში შევა მხარეთა მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე ბოლო შეტყობინების მიღების დღიდან ან მხარეთა მიერ შეთანხმებულ თარიღში. 

მუხლი 363

დანართები და ოქმები

წინამდებარე შეთანხმების დანართები და ოქმები წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.   

მუხლი 364

მოქმედების ვადა

1.    წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით.

2.   ნებისმიერ მხარეს შეუძლია ამ შეთანხმების დენონსაცია მეორე მხარისათვის შეტყობინების გაგზავნის გზით. 366-ე მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას წყვეტს ამგვარი შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი თვის შემდეგ. 

მუხლი 365

ტერიტორიული გამოყენება

  1. წინამდებარე შეთანხმება გამოიყენება იმ მასშტაბით და პირობებით, რა მასშტაბებითაც გამოიყენებოდა საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოსთან მიმართებით მოქმედების უშუალოდ შეწყვეტამდე, ერთი მხრივ, გაერთიანებულ სამეფოსთან მიმართებით და შემდგომ ტერიტორიებზე, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზე ის არის პასუხისმგებელი: (ა) გიბრალტარი; (ბ) ჩენელის კუნძულები (Channel Islands) და მენის კუნძული (the Isle of Man) და მეორე მხრივ, საქართველოს ტერიტორიაზე.    

  1. წინამდებარე შეთანხმების, ან მისი IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) გამოყენება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი რეგიონებთან მიმართებით, რომლებზეც საქართველოს მთავრობა ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, დაიწყება, როდესაც საქართველოს მიერ, მის მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნება წინამდებარე შეთანხმების ან IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) სრული იმპლემენტაცია და შესრულება.

  1. სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი მიიღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წინამდებარე შეთანხმების ან IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) სრული იმპლემენტაცია და შესრულება.  

  1. თუ მხარე ჩათვლის, რომ წინამდებარე შეთანხმების ან IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) სრული იმპლემენტაცია და შესრულება, აღარ არის უზრუნველყოფილი ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ საქართველოს რეგიონებში, ამ მხარეს შეუძლია სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს მოსთხოვოს ხსენებულ რეგიონებთან მიმართებით შეთანხმების ან IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) განგრძობადი გამოყენების გადახედვა. სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი  განიხილავს სიტუაციას და მიიღებს გადაწყვეტილებას შეთანხმების ან IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) განგრძობადი გამოყენების თაობაზე, მოთხოვნიდან სამი თვის განმავლობაში. თუ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი  გადაწყვეტილებას არ მიიღებს მოთხოვნიდან სამი თვის განმავლობაში, შეთანხმების ან IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) გამოყენება შეჩერდება ხსენებული რეგიონების მიმართ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.  

  1. შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) გამოყენების შესახებ წინამდებარე მუხლის საფუძველზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის გადაწყვეტილებები მოიცავს ამ კარს მთლიანად და არ შეიძლება ვრცელდებოდეს ამ კარის  ცალკეულ ნაწილებზე.  

მუხლი 366

ძალაში შესვლა და დროებით გამოყენება

  1. მხარეები განახორციელებენ წინამდებარე შეთანხმების რატიფიკაციას ან დამტკიცებას თავიანთი შიდა პროცედურების შესაბამისად. თითოეული მხარე მეორე მხარეს შეატყობინებს ამგვარი პროცედურების დასრულების თაობაზე.
  2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა, როდესაც შესრულდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ბოლო პირობა:
    1. საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების გაერთიანებულ სამეფოსთან მიმართებით მოქმედების შეწყვეტის დღეს, ან
    2. მხარეთა მიერ მათი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე ბოლო შეტყობინების მიღების დღეს.
  3. წინამდე ბარე შეთანხმების ძალაში შესვლამდე, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ დროებით გამოიყენებენ წინამდებარე შეთანხმებას, თითოეული მხარის შიდასახელმწიფოებრივი პროცედურებისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
  4. 366-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე შეთანხმების შემთხვევაში, მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დროებით გამოყენება ძალაში შედის, როდესაც შესრულდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ბოლო პირობა:
    1. საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების გაერთიანებულ სამეფოსთან მიმართებით მოქმედების შეწყვეტის დღეს, ან
    1. საქართველოს მიერ რატიფიცირების ან დროებითი გამოყენების თაობაზე ან გაერთიანებული სამეფოს მიერ დროებითი გამოყენების თაობაზე ბოლო შეტყობინების მიღების დღეს.
  5. წინამდებარე შეთანხმების პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე შეტყობინებები საქართველოს მიერ უნდა მიეწოდოს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისს ან მის სამართალმემკვიდრეს, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მიერ უნდა მიეწოდოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან მის სამართალმემკვიდრეს.
  6. წინამდებ არე შეთანხმების ძალაში შესვლამდე ის გამოიყენება დროებით მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, თუკი სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული ამ ინსტრუმენტით, „წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღზე“ ნებისმიერი მითითება გაგებულ უნდა იქნეს, როგორც „თარიღი, რა დროიდანაც ეს შეთანხმება გამოიყენება დროებით”, რამდენადაც ეს ნებადართულია ეროვნული კანონმდებლობით.
  7. ნებისმიერ მხარეს შეუძლია, მეორე მხარეს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების დროებით გამოყენება. 364-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიუხედავად, დროებითი გამოყენების შეწყვეტა ძალაში შედის წი ნამდებარე შეთანხმების მეორე მხარის მიერ შეტყობინების მიღებიდან 2 თვის შემდეგ.

მუხლი 367

ევროკავშირის კანონმდებლობაზე მითითება

  1. თუკი სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, წინამდებარე შეთანხმებაში ევროკავშირის კანონმდებლობაზე მითითება უნდა იქნეს წაკითხული, როგორც მითითება ევროკავშირის მოქმედ კანონმდებლობაზე, რომელიც ინკორპორირებული და განხორციელებულია გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობაში, და როგორც იქნება შენარჩუნებული ევროკავშირის კანონმდებლობა იმ დღიდან, როდესაც გაერთიანებული სამეფოს მიმართ შესაბამისი ევროკავშირის კანონმდებლობის მბოჭველი ძალა შეწყვეტს მოქმედებას.
  2. ამ მუხლში „გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობა“ მოიცავს იმ ტერიტორიების კანონმდებლობასაც, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზეც გაერთიანებული სამეფო არის პასუხისმგებელი და რომლებზეც წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება, როგორც ეს მოცემულია 365-ე მუხლის პირველ პუნქტში.

მუხლი 368

ავთენტური ტექსტები

წინამდებარე შეთანხმება შესრულდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.  

რის დასტურადაც, თავიანთი ხელისუფლებების მიერ შესაბამისად უფლებამოსილი ქვემორე ხელმომწერნი, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.

ხელმოწერილია ორ დედნად, ქ. ლონდონში, 2019 წლის 21 ოქტომბერს, ქართულ და ინგლისურ ენებზე ორივე ტექსტი თანაბრად მოქმედია.

 

 

 

საქართველოს სახელით:

 

(ხელმოწერილია)

_____________________________

 

 

 

 

 

 

 

  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელით:

 

 

 

(ხელმოწერილია)

_______________________

 

 

 

 

 

 

 

 

 


[1] ამ შეთანხმების მიზნებისთვის , „საქონელი“ ნიშნავს პროდუქტებს, GATT 1994-ის განმარტებით, თუკი წინამდებარე ხელშეკრულება არ გულისხმობს სხვა რამეს. საქონელი, რომელიც ხვდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სოფლის მეურნეობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ამ თავში მოხსენებულია, როგორც „სასოფლო-სამეუნეო პროდუქტები“ ან „პროდუქტები“.

[2] 1987 წლის 20 მაისის კონვენცია საერთო სატრანზიტო პროცედურაზე.

[3] ვიზის მოთხოვნა ზოგიერთი ქვეყნის ფიზიკური პირებისათვის და არა სხვა ქვეყნების ფიზიკური პირებისათვის არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც სპეციფიკური ვალდებულებებიდან გამომდინარე სარგებლის გაბათილება ან შემცირება.

[4] მეტი სიცხადისთვის, ტერიტორია მოიცავს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას და კონტინენტურ შელფს, როგორც არის განსაზღვრული გაეროს კონვენციით საზღვაო სამართლის შესახებ (UNCLOS).

[5] იურიდიული პირი კონტროლდება სხვა იურიდიული პირის მიერ, თუ ამ უკანასკნელს აქვს უფლებამოსილება, დანიშნოს მისი დირექტორების უმრავლესობა ან სხვაგვარად სამართლებრივად მართოს მისი საქმიანობა.

[6]   მეტი სიცხადისთვის, ბირთვული მასალების წარმოება მოიცავს ყველა სახის საქმიანობას, რომელიც შედის UN ISIC Rev.3.1 2330 კოდის ქვეშ.

[7]   იმ საქმიანობის არეალისათვის ზიანის მიყენების გარეშე, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს კაბოტაჟად შესაბამისი ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, ამ თავით განსაზღვრული ეროვნული საზღვაო კაბოტაჟი მოიცავს მგზავრების ან საქონლის ტრანსპორტირებას გაერთიანებული სამეფოს ან  საქართველოს ერთ პორტს ან პუნქტს და გაერთიანებული სამეფოს ან  საქართველოს მეორე პორტს ან პუნქტს შორის, მათ შორის კონტინენტურ შელფზე, როგორც არის განსაზღვრული UNCLOS-ით და მოძრაობას, დაწყებულს და დასრულებულს გაერთიანებული სამეფოს ან  საქართველოს ერთსა და იმავე პორტში ან პუნქტში.           

[8] საჰაერო ტრანსპორტში ბაზრის ურთიერთხელმისაწვდომობის პირობები განისაზღვრება გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის საჰაერო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ან შეთანხმებით.         

[9] ეს ვალდებულება არ ვრცელდება ინვესტიციების დაცვის ღონისძიებებზე, რაც არ შედის ამ თავში, მათ შორის იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უკავშირდება ინვესტორისა და სახელმწიფოს შორის დავის მოგვარების პროცედურებს, რომელიც განსაზღვრულია სხვა ხელშეკრულებით

[10] ეს ვალდებულება არ ვრცელდება ინვესტიციების დაცვის ღონისძიებებზე, რაც არ შედის ამ თავში, მათ შორის იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უკავშირდება ინვესტორისა და სახელმწიფოს შორის დავის მოგვარების პროცედურებს, რომელიც განსაზღვრულია სხვა ხელშეკრულებით

[11] შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის თანახმად კაბოტაჟად მიჩნეული საქმიანობის გარდა, ამ თავით განსაზღვრული ეროვნული საზღვაო კაბოტაჟი მოიცავს მგზავრების ან საქონლის ტრანსპორტირებას გაერთიანებული სამეფოს ან საქართველოსერთ პორტს ან პუნქტს და გაერთიანებული სამეფოს ან საქართველოს მეორე პორტს ან პუნქტს შორის, მათ შორის კონტინენტურ შელფზე, როგორც არის განსაზღვრული UNCLOS-ს მიერ და მოძრაობას, დაწყებულს და დასრულებულს გაერთიანებული სამეფოს ან საქართველოს ერთსა და იმავე პორტში ან პუნქტში.        

[12] საჰაერო ტრანსპორტში ბაზრის ურთიერთხელმისაწვდომობის პირობები განისაზღვრება საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის საჰაერო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ან შეთანხმებით.    

[13] მიმღებ მეწარმე სუბიექტს შეიძლება მოეთხოვოს წინასწარი თანხმობისათვის ტრენინგის პროგრამის წარდგენა, რომელიც ასახავს პირის ყოფნის ხანგრძლივობას და მიუთითებს, რომ ყოფნის მიზანი არის ტრენინგის გავლა.

[14] ბიზნესის გამყიდველების კატეგორია ეხება მხოლოდ მომსახურების გამყიდველებს.

[15] მიღებული სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, როგორც არის განსაზღვრული შესაბამისი ადგილობრივი კანონმდებლობით.

[16] იმ შემთხვევაში, თუ დიპლომი ან კვალიფიკაცია არ იქნა მიღებული იმ მხარეში, სადაც ხდება მომსახურების მიწოდება, ამ მხარეს შეუძლია შეაფასოს, არის თუ არა ის ეკვივალენტური მის ტერიტორიაზე მოთხოვნილი საუნივერსიტეტო დიპლომისა.

[17] იმ შემთხვევაში, თუ ხარისხი ან კვალიფიკაცია არ იქნა მიღებული იმ მხარეში, სადაც ხდება მომსახურების მიწოდება, ამ მხარეს შეუძლია შეაფასოს, არის თუ არა ის მის ტერიტორიაზე მოთხოვნილი უნივერსიტეტის დიპლომის ეკვივალენტური.

[18] სალიცენზიო მოსაკრებლები არ მოიცავს გადასახადებს აუქციონის, ტენდერის ან კონცესიების მინიჭების სხვა არადისკრიმინაციული საშუალებებისათვის ან სავალდებულო შენატანებს უნივერსალური მომსახურების განხორციელებისათვის.

[19] CPC ნიშნავს პროდუქტების ცენტრალურ კლასიფიკაციას, რომელიც განსაზღვრულია გაეროს სტატისტიკის ოფისის მიერ (Statistical Papers, Series M, N° 77, CPC prov, 1991.)

[20] სალიცენზიო მოსაკრებლები არ მოიცავს გადასახადებს აუქციონის, ტენდერის ან კონცესიების მინიჭების სხვა არადისკრიმინაციული საშუალებებისათვის ან სავალდებულო შენატანებს უნივერსალური მომსახურების განხორციელებისათვის.

[21] ამ ქვენაწილის მიზნებისთვის, ტერმინი „ფაქტობრივი ცოდნა“ უნდა იქნეს განმარტებული თითოეული მხარის ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

[22] ზომები, რომლებიც მიმართულია პირდაპირი გადასახადების სამართლიანი ან ეფექტიანი დაწესების ან ამოღების უზრუნველყოფაზე, მოიცავს მხარის მიერ მისი საგადასახადო სისტემის შესაბამისად მიღებულ ისეთ ზომებს, რომლებიც:

(a)      ეხება არარეზიდენტ მეწარმეებს და მომსახურების მიმწოდებლებს იმ ფაქტის აღიარებით, რომ ამ არარეზიდენტების საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი ან განლაგებული დასაბეგრი ობიექტების მიმართ;

(b)     გამოიყენება არარეზიდენტების მიმართ მხარის ტერიტორიაზე გადასახადების დაწესების ან ამოღების უზრუნველყოფის მიზნით;

(c)      გამოიყენება არარეზიდენტების ან რეზიდენტების მიმართ გადასახადების გადაუხდელობისგან ან თავის არიდებისაგან დაცვის მიზნით, შესაბამისობის ზომების ჩათვლით;

(d)   გამოიყენება მეორე მხარის ტერიტორიაზე ან მისი ტერიტორიიდან მიწოდებული მომსახურების მომხმარებლების მიმართ ამ მომხმარებლებზე გადასახადების დაწესების ან ამოღების უზრუნველყოფის მიზნით იმ წყაროებზე, რომლებიც მდებარეობს მხარის ტერიტორიაზე;

(e)    განასხვავებს იმ მეწარმეებს ან მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც წარმოადგენენ გადასახადით დაბეგვრის ობიექტს მსოფლიოში გავრცელებულ მათ დასაბეგრ საქონელზე, სხვა მეწარმეებისა და მომსახურების მიმწოდებლებისაგან, მათი დასაბეგრი ბაზის განსხვავების აღიარებით; ან

(f)    მხარის დასაბეგრი ბაზის დაცვის მიზნით, განსაზღვრავს, გამოყოფს ან ანაწილებს შემოსავალს, მოგებას, სარგებელს, დანაკარგს, დაქვითვას ან ჩათვლას რეზიდენტი პირების ან ფილიალების, ან ერთი და იგივე პირის ურთიერთდაკავშირებულ პირებს ან ფილიალებს შორის.

ამ დებულების ”f“ პუნქტში და ამ შენიშვნაში არსებული საგადასახადო  ტერმინები და კონცეფციები განსაზღვრულია საგადასახადო განმარტებებისა და კონცეფციების, ექვივალენტური ან მსგავსი განმარტებებისა და კონცეფციების შესაბამისად, იმ მხარის ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც იყენებს აღნიშნულ ზომას.

[23] „სპეციალური ან ექსკლუზიური უფლებების საფუძველზე მოქმედი კერძო კომპანიები“ მხარეების მიერ განიმარტება 2016 წლის კომუნალური კონტრაქტების დებულებების და 2016 წლის კომუნალური კონტრაქტების (შოტლანდია) დებულებების მიხედვით.

[24] მედიის სათანადო საშუალებები ხელმისაწვდომია უფასოდ, ელექტრონულად, ინტერნეტით წვდომის ერთი წერტილით.

[25] ამ თავის მიზნებისთვის „ჩაწერა“ (ფიქსაცია) გულისხმობს ხმის ან/და გამოსახულების ფიქსირებას რაიმე ობიექტური ფორმით, რაც ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით მათი აღქმის, რეპროდუცირების ან გადაცემის საშუალებას იძლევა.                                                                  

[26] მიბაძვად  ჩაითვლება კერძოდ იმ პროდუქტების რაიმე ფორმით გამოყენება, რომლებიც წარმოდგენილია  HS-ის (ჰარმონიზებული სისტემა) 20.09 სათაურის ქვეშ თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი წარმოადგენს ამ სისტემის 22.04 სათაურით გათვალისწინებულ ღვინოებს, 22.05 სათაურით გათვალისწინებულ არომატიზებულ ღვინოებს და 22.08 სათაურით გათვალისწინებულ სპირტიან სასმელებს.  

[27]    წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის მხარემ შეიძლება გაითვალისწინოს, რომ ინდივიდუალური ხასიათის მქონე დიზაინი ორიგინალურია.

[28] წინამდებარე მუხლი გამოიყენება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის N188 დადგენილების შეულახავად, რომელიც ადგენს იმ ქვეყნებისა და შესაბამისი ორგანოების ნუსხას, რომლებზეც ვრცელდება საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტების გამარტივებული რეგისტრაციის რეჟიმი . ხსენებული დადგენილებით დამტკიცებული ნუსხა მოიცავს შემდეგ ქვეყნებს/ორგანიზაციებს: ევროპის წამლების სააგენტო, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, იაპონია, კორეა, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები.

[29] წინამდებარე ნაწილის მიზნებისთვის „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების“ ცნება  მოიცავს მინიმუმ შემდეგ უფლებებს: საავტორო უფლებას, საავტორო უფლებასთან დაკავშირებულ უფლებებს, მონაცემთა ბაზების შემქმნელის sui generis უფლებებს, ნახევრად გამტარი პროდუქტის ტოპოლოგიის შემქმნელის უფლებებს, სასაქონლო ნიშნებიდან გამომდინარე უფლებებს, დიზაინთან დაკავშირებულ უფლებებს, საპატენტო უფლებებს, დამატებითი დაცვის მოწმობიდან გამომდინარე უფლებების ჩათვლით, გეოგრაფიულ აღნიშვნებს, სასარგებლო მოდელთან დაკავშირებულ უფლებებს, მცენარეთა ჯიშებიდან გამომდინარე უფლებებს, საფირმო სახელწოდებებს იმ პირობით, თუ აღნიშნული განსაკუთრებული უფლებითაა დაცული ადგილობრივი კანონმდებლობით.

[30] როდესაც ამ თავში არის მითითება „შრომაზე“, ის მოიცავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტრატეგიული მიზნების შესაბამის საკითხებს, რომლის მეშვეობითაც სათანადო შრომის დღის წესრიგია გაცხადებულია და როგორც შეთანხმებულია „სამართლიანი გლობალიზაციისთვის სოციალური სამართლიანობის თაობაზე“ ILO-ს 2008 წლის დეკლარაციაში.