სპეციალური მმართველის დანიშვნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

სპეციალური მმართველის დანიშვნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 243/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 220010070.18.011.016536
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
243/04
29/12/2020
ვებგვერდი, 30/12/2020
220010070.18.011.016536
სპეციალური მმართველის დანიშვნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/12/2020 - 08/07/2022)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №243/04

2020 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სპეციალური მმართველის დანიშვნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს სპეციალური მმართველის დანიშვნისა და საქმიანობის წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



სპეციალური მმართველის დანიშვნისა და საქმიანობის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სპეციალური მმართველის დანიშვნისა და საქმიანობის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ (შემდგომში – ეროვნული ბანკი) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართვლოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო უფლებამოსილების გამოყენებისას, რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ან/და უცხოური ბანკის ფილიალის (შემდგომში – ბანკი) სპეციალური მმართველის დანიშვნისა და გათავისუფლების წესსა და პროცედურას, უფლებამოსილებასა და ანგარიშვალდებულებას.

2. ამ წესის მიზანია, სპეციალური მმართველის მეშვეობით ხელი შეუწყოს სარეზოლუციო უფლებამოსილების ეფექტიან განხორციელებას, ბანკებისა და საბანკო სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას, უზრუნველყოს ბანკის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესების დაცვა.

3. მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება ბანკში სპეციალური მმართველის დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე.

მუხლი 2. სპეციალური მმართველის დანიშვნა

1. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, რეზოლუციის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, კანონმდებლობით დადგენილი სარეზოლუციო უფლებამოსილებების განსახორციელებლად, შეიძლება დაინიშნოს ერთი ან რამდენიმე სპეციალური მმართველი. სპეციალური მმართველი შეიძლება იყოს როგორც ეროვნული ბანკის თანამშრომელი, ასევე სხვა პირი.

2. სპეციალურ მმართველს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია, უნარები და გამოცდილება დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებისთვის და, ამასთან, სახეზე არ უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტი.

3. სპეციალური მმართველის კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებს მის შესაბამისობას ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.

4. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი გამოსცემს ბანკში სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ძალაში შედის ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან. სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება აგრეთვე ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში.

5. სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) სპეციალური მმართველის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) სპეციალური მმართველის დანიშვნის საფუძვლები და ვადა;

გ) სპეციალური მმართველის უფლებამოსილებები და ვალდებულებები.

6. სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით შესაძლოა შეიზღუდოს სპეციალური მმართველის უფლებამოსილებები და სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების ფარგლებში მისი ცალკეული გადაწყვეტილებები დაექვემდებაროს ეროვნული ბანკის წინასწარ თანხმობას.

7. სპეციალური მმართველი ინიშნება არაუმეტეს ერთი წლით. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, თუ აღმოფხვრილი არ არის ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. სპეციალური მმართველის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 3. სპეციალური მმართველის შესაფერისობის კრიტერიუმები

1. სპეციალური მმართველი უნდა იყოს ბანკისგან დამოუკიდებელი პირი და უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლით დადგენილ შესაფერისობის შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) ჰქონდეს კარგი რეპუტაცია, სანდოობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.პირი მიიჩნევა აღნიშნულ კრიტერიუმთან შეუსაბამოდ, თუ:

ა.ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ფინანსურ ინსტიტუტს ან/და შელახა ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტორთა ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ან/და გამოიწვია ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;

ა.ბ) ფინანსურ ინსტიტუტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებები;

ა.გ) არ შეასრულა ან/და არ ასრულებს ერთ ან მეტ ფინანსურ ვალდებულებას;

ა.დ) გამოცხადებულია გადახდისუუნაროდ;

ბ) ჰქონდეს უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, საბანკო საქმის, ბიზნესის ადმინისტრირების, აუდიტის, ბუღალტერიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან სხვა შესაბამისი მიმართულებით, რომელიც საჭიროა მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.

გ) ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლის სტაჟი.

დ) არ უნდა იყოს ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის;

ე) ბოლო 5 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი საფინანსო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის უხეში დარღვევისთვის;

ვ) არ უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი ბანკის ინტერესების მიმართ. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შეფასება გულისხმობს, სულ მცირე, შემდეგი გარემოებებისა და ცალკეული გარემოებებით გამოწვეული კუმულატიური შედეგების ანალიზს:

ვ.ა) ეკონომიკური ინტერესების არსებობა, რაც გულისხმობს, ბანკის სპეციალური მმართველის მიერ ბანკის აქციების პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობას ან/და სხვა ეკონომიკური ინტერესების არსებობას ბანკში/საბანკო ჯგუფში შემავალ საწარმოებში ან/და მათ კომერციულ კლიენტებთან; ბანკის მიერ სესხის გაცემას სპეციალურ მმართველზე ან/და კომპანიაზე, რომელსაც ფლობს იგი;

ვ.ბ) პირადი ან პროფესიული ურთიერთობა ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელებთან;

ვ.გ) პირადი ან პროფესიული ურთიერთობა ბანკის ან/და საბანკო ჯგუფში შემავალი საწარმოების პერსონალთან;

ვ.დ) ბანკში ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტში უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში დაკავებული პოზიციები;

ვ.ე) პირადი ან პროფესიული ურთიერთობა ბანკთან დაკავშირებულ გარე დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიცაა მიმწოდებელი, საკონსულტაციო და სხვა მომსახურების მიმწოდებელი;

ვ.ვ) ისეთი კომპანიის ფლობა ან მმართველი ორგანოს წევრობა, რომელთანაც ბანკს/საბანკო ჯგუფში შემავალ საწარმოს აქვს კონკურენტული ინტერესი;

ვ.ზ) ბანკთან/საბანკო ჯგუფში შემავალ საწარმოებთან, მის ადმინისტრატორებთან და მნიშვნელოვანი წილის მფლობელებთან დაკავშირებული საქმიანი ურთიერთობის ან სამართლებრივი დავის არსებობა ბოლო 2 წლის განმავლობაში;

ვ.თ) პოლიტიკური გავლენა და აქტივობა, რაც გულისხმობს, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას, ასევე პოლიტიკური გაერთიანების წევრობას ან/და მხარდაჭერას „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული შემოწირულობების სახით.

ზ) სასამართლოს მიერ არ უნდა იყოს ცნობილი მხარდაჭერის მიმღებად;

თ) არ უნდა იყოს სხვა ბანკის ადმინისტრატორი, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სხვა ბანკში არ უნდა ახორციელებდეს რაიმე სახის საქმიანობას.

2. გარდა ამ მუხლით განსაზღვრულისა, სპეციალურ მმართველზე ვრცელდება ბანკის ადმინისტრატორებზე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები და შეზღუდვები.

მუხლი 4. სპეციალური მმართველის უფლებამოსილებები და მოვალეობები

1. სპეციალური მმართველი მოქმედებს ამ მუხლით დადგენილი უფლება-მოვალეობების, ეროვნული ბანკის მიერ გაცემული მითითებების ფარგლებში.

2. ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, სპეციალურ მმართველს შეუძლია განახორციელოს ბანკის სრული კონტროლი და მასზე შესაძლოა გადავიდეს ბანკის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება.

3. სპეციალურმა მმართველმა, მისი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა ძალისხმევა უნდა გამოიყენოს ბანკის ინტერესების დასაცავად და თავისი საქმიანობა წარმართოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული რეზოლუციის პრინციპების დაცვით.

4. სპეციალური მმართველის დანიშვნის მომენტიდან ბანკის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქცია იქნება ბათილი, თუ იგი არ არის წინასწარ შეთანხმებული სპეციალურ მმართველთან, გარდა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.

5. ბანკის სპეციალური მმართველი უფლებამოსილია:

ა) „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს სპეციალური მმართველის დანიშვნის თარიღამდე 1 წლის განმავლობაში ბანკის ადმინისტრატორის მიერ განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამ ქმედების/გარიგების შედეგად ბანკთან დაკავშირებულმა პირმა ამ ბანკის ხარჯზე ქონებრივი სარგებელი მიიღო ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლა, რამაც ბანკს ან მის კრედიტორებს მიაყენა ზიანი;

ბ) ბანკის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულს გააცნოს ინფორმაცია მისი დანიშვნის პირობებისა და ვადის შესახებ, ასევე თანამშრომლებს მიაწოდოს ინფორმაცია სამომავლო საქმიანობის პრინციპებზე, გადაწყვეტილებების მიღების წესსა და პროცედურებზე;

გ) საქმიანობის ჯეროვნად წარმართვის მიზნით, მათ შორის, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, დანიშვნიდან 30 დღის ვადაში გადაიბაროს ბანკის ნებისმიერი მატერიალური და არამატერიალური ქონება, ინვენტარი და დაარქივებული დოკუმენტაცია;

დ) ბანკის ნებისმიერი თანამშრომლისგან, მათ შორის, უმაღლესი რგოლის მენეჯერებისგან, მოითხოვოს ბანკის საქმიანობის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია, მათ შორის, ბანკის შიდა პროცედურებით დაარქივებული წერილობითი მასალები და დოკუმენტაცია;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებით, გაათავისუფლოს ბანკის ნებისმიერი თანამშრომელი, ვინც შესაბამისი დასაბუთების გარეშე უარს განაცხადებს სპეციალური მმართველის უფლებამოსილების შესრულებისთვის საჭირო მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენაზე ან ამ წესითა და ეროვნული ბანკის მითითებებით დადგენილ ფარგლებში, არ ითანამშრომლებს სპეციალურ მმართველთან;

ვ) შეცვალოს ბანკის მფლობელობაში არსებულ შენობებში ან შენობების ცალკეულ ნაწილებში დაშვების წესები, მათ შორის, კოდები და პაროლები, სადაც განთავსებულია ძვირფასეულობა, მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, ინფორმაცია, ეკიპირება, რომელთა არაკეთილსინდისიერი გამოყენება საფრთხეს შეუქმნის ბანკის ინტერესებს;

ზ) შეცვალოს მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების, მათ შორის, ბანკის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების, უფლებამოსილებები და მოახდინოს ვალდებულებათა გადანაწილება ბანკის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;

თ) ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, ბანკის ინტერესების გათვალისწინებით, რეზოლუციის პროცესის ჯეროვნად წარმართვის მიზნით, განახორციელოს სხვა საქმიანობა.

6. სპეციალური მმართველის მიერ თავისი საქმიანობის განხორციელებისას წარმოშობილი ყველა ხარჯი, მათ შორის, სპეციალური მმართველის სახელფასო სარგო, გარდა ეროვნული ბანკის თანამშრომლის სახელფასო სარგოსი, თუ სპეციალურ მმართველად ინიშნება ეროვნული ბანკის თანამშრომელი, ანაზღაურდება ბანკის მიერ.

მუხლი 5. სპეციალური მმართველის ანგარიშვალდებულება

1. სპეციალური მმართველი ანგარიშვალდებულია მხოლოდ ეროვნული ბანკის წინაშე და მის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს ეროვნული ბანკი.

2. სპეციალური მმართველი ვალდებულია ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ფორმითა და დადგენილ ვადაში, თავისი საქმიანობის დასრულებისას ან/და მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს წარუდგინოს თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიში.

3. სპეციალური მმართველის მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ანგარიში, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ბანკის ფინანსური მდგომარეობისა და მის მიერ განხორციელებული სარეზოლუციო უფლებამოსილებების შესახებ.

მუხლი 6. სპეციალური მმართველის გათავისუფლება

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საფუძვლით გაათავისუფლოს სპეციალური მმართველი, ასევე შეცვალოს ამ წესის მე-2 მუხლის მიხედვით მიღებულ გადაწყვეტილებაში სპეციალური მმართველის მიმართ დადგენილი უფლებამოსილებები და ვალდებულებები ან სპეციალური მმართველად დანიშნოს სხვა პირი ამ წესით განსაზღვრული პროცედურებით.

2. სპეციალური მმართველის გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ძალაში შედის ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან.

3. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფ ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდება და დაიწყება მისი ლიკვიდაციის პროცესი, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს კომერციული ბანკის ლიკვიდატორად.