კომერციული ბანკის რეზოლუციის გეგმის შემუშავების წესის დამტკიცების თაობაზე

კომერციული ბანკის რეზოლუციის გეგმის შემუშავების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 242/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016537
242/04
29/12/2020
ვებგვერდი, 30/12/2020
220020000.18.011.016537
კომერციული ბანკის რეზოლუციის გეგმის შემუშავების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №242/04

2020 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

კომერციული ბანკის რეზოლუციის გეგმის შემუშავების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 551 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს კომერციული ბანკის რეზოლუციის გეგმის შემუშავების თანდართული წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



კომერციული ბანკის რეზოლუციის გეგმის შემუშავების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. კომერციული ბანკის რეზოლუციის გეგმის შემუშავების წესის (შემდგომში  წესი) მიზანია კომერციული ბანკის რეზოლუციის გეგმის ძირითადი ელემენტების, სარეზოლუციო სტრატეგიის შერჩევასთან დაკავშირებული კრიტერიუმებისა და ეფექტური რეზოლუციის შესაძლებლობის შეფასების წესების დადგენა.  

2. რეზოლუციის გეგმას შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) ყველა იმ კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკის ფილიალისათვის (შემდგომში – ბანკი), რომლის მიმართაც, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, ლიკვიდაციის ნაცვლად მიზანშეწონილია რეზოლუციის რეჟიმის შემოღება. ბანკს, რომლის მიმართაც შემუშავდა რეზოლუციის გეგმა, უფლება აქვს გაეცნოს მხოლოდ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ რეზოლუციის გეგმის შეჯამებას.

3. ბანკისთვის პირველი რეზოლუციის გეგმის შემუშავების შემდგომ ყოველწლიურად, არაუგვიანეს 31 დეკემბრისა, ეროვნულმა ბანკმა უნდა გადახედოს შემუშავებულ რეზოლუციის გეგმას და საჭიროების შემთხვევაში, მათ შორის ბანკის საქმიანობის,  ორგანიზაციული სტრუქტურის ან/და ფინანსური მდგომარეობის იმგვარი ცვლილებისას, რამაც შესაძლოა, არსებითი გავლენა მოახდინოს რეზოლუციის გეგმის შინაარსზე ან/და განხორციელებაზე, შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს მასში.

4. თუ ეს წესი არ აწესრიგებს რეზოლუციის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხს, ეროვნული ბანკი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, საკითხის მოწესრიგების მიზნით ხელმძღვანელობს ამ კუთხით არსებული საუკეთესო მოწინავე პრაქტიკით, რომელიც მოიცავს, ევროპის კომისიის 2016 წლის 23 მარტის (EU) 2016/1075 დელეგირებულ რეგულაციას, ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 15 მაისის 2014/59/EU დირექტივასა და ევროპის კავშირის ერთიანი სარეზოლუციო ბორდის (SRB) რეზოლუციის დაგეგმვის შესახებ სახელმძღვანელოს.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სარეზოლუციო სტრატეგია – ეროვნული ბანკის მიერ რეზოლუციის გეგმით განსაზღვრული სარეზოლუციო მოქმედებების ერთობლიობა;

ბ) უპირატესი სარეზოლუციო სტრატეგია – სარეზოლუციო სტრატეგია, რომელიც ბანკის ბიზნეს მოდელისა და სტრუქტურის გათვალისწინებით, საუკეთესოა  რეზოლუციის მიზნების მისაღწევად;

გ) უპირატესი სარეზოლუციო სტრატეგიის ვარიანტი – უპირატესი სარეზოლუციო სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც განისაზღვრება ისეთი სცენარებისა და გარემოებების საპასუხოდ, რომელთა მიმართ უპირატესი სარეზოლუციო სტრატეგიის გამოყენება არ იქნება მიზანშეწონილი ან შესაძლებელი.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მნიშვნელობები.

 

მუხლი 3. რეზოლუციის გეგმის ძირითადი ელემენტები

რეზოლუციის გეგმა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ძირითად ელემენტებს:

ა) რეზოლუციის გეგმის შეჯამებას, რაც გულისხმობს ამ მუხლის „ბ“ – „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, რეზოლუციის გეგმის თითოეული ძირითადი ელემენტის მოკლე მიმოხილვას;

ბ) სარეზოლუციო სტრატეგიის აღწერას, რომელიც, სულ მცირე, მოიცავს:

ბ.ა) ბანკის რეზოლუციის მიზნით განსახორციელებელი სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და გამოსაყენებელი სარეზოლუციო ინსტრუმენტების დეტალურ აღწერას;

ბ.ბ) ბანკის შვილობილი საწარმოს/საწარმოების ან საბანკო ჯგუფში შემავალი იმ საწარმოების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც გავლენას ახდენენ ბანკის მიმართ სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენებაზე;

ბ.გ) ინფორმაციას ბანკის იმ კრიტიკული ფუნქციების შესახებ, რომელთა უწყვეტობის შენარჩუნების მიზნითაც ხდება სარეზოლუციო სტრატეგიის განხორციელება, ასევე, იმ კრიტიკული ფუნქციების შესახებ, რომელთა სხვა ფუნქციებისაგან განცალკევებაც  იგეგმება;

ბ.დ) სარეზოლუციო სტრატეგიით გათვალისწინებული თითოეული მნიშვნელოვანი მოქმედების განხორციელებისათვის საჭირო ვადებს; 

ბ.ე) უპირატესი სარეზოლუციო სტრატეგიის ვარიანტების დეტალურ აღწერას ისეთი გარემოებებისთვის, რომელთა არსებობის დროსაც უპირატესი სარეზოლუციო სტრატეგია ვერ განხორციელდება, ასევე, მათი განხორციელებისათვის საჭირო ვადებს;

ბ.ვ) სარეზოლუციო სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დეტალურ აღწერას, აღნიშნული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ვადებთან ერთად;

გ) სარეზოლუციო სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციასა და აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის აუცილებელი ღონისძიებების აღწერას, მათ შორის:

გ.ა) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 373 მუხლის შესაბამისად, ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასებისათვის საჭირო ინფორმაციას, საჭირო ვადებში მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად აუცილებელ ღონისძიებებთან ერთად, მათ შორის, იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ დამოუკიდებელი შემფასებლისათვის შეფასების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

გ.ბ) ინფორმაციას ბანკის შვილობილ ან საბანკო ჯგუფში შემავალ იმ საწარმოებთან დაკავშირებით, რომელთა საქმიანობაზეც არსებითად დამოკიდებულია ბანკის მიერ კრიტიკული ფუნქციების განხორციელება.

გ.გ) ეროვნულ ბანკსა და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის სარეზოლუციო სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის მიმოცვლისათვის აუცილებელი ღონისძიებების აღწერას;

გ.დ) იმ ღონისძიებების აღწერას, რომლებიც უზრუნველყოფენ რეზოლუციის გეგმის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის მუდმივად განახლებასა და საჭიროების შემთხვევაში, დროულად ხელმისაწვდომობას;

დ) რეზოლუციის რეჟიმში ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელ ღონისძიებათა აღწერას, მათ შორის:

დ.ა) ბანკის საინფორმაციო მართვის სისტემებისა და ოპერაციების აღწერას, რომელთა შენარჩუნებაც აუცილებელია კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობისათვის, რეზოლუციის რეჟიმში მათი სახელშეკრულებო და საოპერაციო მდგრადობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების აღწერასთან ერთად;

დ.ბ) საოპერაციო უწყვეტობის შენარჩუნებისათვის აუცილებელი, ბანკის შიდა და გარე ფინანსური, სამართლებრივი და საოპერაციო ურთიერთკავშირების აღწერას, კერძოდ:

დ.ბ.ა) შიდა და გარე ფინანსური და სამართლებრივი ურთიერთკავშირების შესახებ ინფორმაცია გულისხმობს ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება ბანკის  საზედამხედველო კაპიტალს, აქტივებს, ვალდებულებებს, რისკისა და დერივატივების პოზიციებს და სხვა არსებით ფინანსურ და სამართლებრივ ურთიერთკავშირებს;

დ.ბ.ბ) შიდა საოპერაციო ურთიერთკავშირები გულისხმობს კავშირებს სტრუქტურულ ერთეულებს შორის, რომელთაც შეუძლიათ რეზოლუციის პროცესის შეფერხება და, სულ მცირე, მოიცავს არსებით და კრიტიკულ შიდა მომსახურებებს;

დ.ბ.გ) გარე საოპერაციო ურთიერთკავშირების შესახებ ინფორმაცია მოიცავს არსებითი გარე მომსახურებების მომწოდებლებისა და აუთსორსინგული მომსახურებების აღწერას და ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობაზე მათი გავლენის ანალიზს;

დ.გ) ღონისძიებების დეტალურ აღწერას, რომლებიც რეზოლუციის პროცესის მიმდინარეობისას უზრუნველყოფს საგადახდო სისტემებსა და საფინანსო ბაზრის ინფრასტრუქტურის შემადგენელ იმ ნაწილებზე წვდომას, რაც აუცილებელია ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობისათვის, კლიენტის პოზიციების გადამისამართების შესაძლებლობის შეფასებასთან ერთად;

ე) სარეზოლუციო სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსებასთან  დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს, სულ მცირე, შემდეგს:

ე.ა) სარეზოლუციო სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსებისა და ლიკვიდობის მოთხოვნების აღწერას;

ე.ბ) რეზოლუციის პროცესის დაფინანსების პოტენციური წყაროების აღწერას, მათ შორის, დაფინანსებასთან დაკავშირებული პირობების, მისი ხელმისაწვდომობის პერიოდისა და მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების/საშუალებების შესახებ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, ასევე, იმ საწარმოებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომლებისთვისაც ხდება აღნიშნული დაფინანსების გამოყენება; 

ე.გ) ღონისძიებების აღწერას, რომელთა საშუალებითაც, საჭიროების შემთხვევაში, ბანკი უზრუნველყოფს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრულ სესხზე წვდომას, აღნიშნული სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების/საშუალებების იდენტიფიცირებასთან ერთად.

ვ) დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის გეგმის აღწერას, მათ შორის, კომუნიკაციას:

ვ.ა) ბანკის ხელმძღვანელ ორგანოებთან, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან,  აქციონერებთან და თანამშრომლებთან;

ვ.ბ) ბანკის მნიშვნელოვანი პროდუქტებისა და მომსახურებების მომხმარებლებთან;

ვ.გ) ბანკის დეპოზიტარებთან, კონტრაჰენტებთან, ფინანსურ ბაზრებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;

ვ.დ) ადმინისტრაციულ ორგანოებთან (საჭიროების შემთხვევაში, მათ შორის, უცხო ქვეყნის), რომელთა ჩართულობაც რეზოლუციის პროცესში აუცილებელია სარეზოლუციო სტრატეგიის განხორციელებისათვის;

ვ.ე) შემფასებელთან, აუდიტორთან და სხვა პირებთან (ასეთი პირის/პირების არსებობის შემთხვევაში), რომელთა ჩართულობა რეზოლუციის პროცესში საჭიროა სარეზოლუციო სტრატეგიის განხორციელებისათვის.

ზ) ბანკის ეფექტური რეზოლუციის შესაძლებლობის შეფასების შეჯამებას, რომელიც მოიცავს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ზ.ა) დასკვნას ბანკის ეფექტური რეზოლუციის შესაძლებლობის შესახებ;

ზ.ბ)  ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ, ამ წესის მე-5 მუხლის საფუძველზე განხორციელებული  შეფასების შეჯამებას;

ზ.გ) ეროვნული ბანკის მიერ ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით იდენტიფიცირებული, სარეზოლუციო სტრატეგიის განხორციელების შემაფერხებელი არსებითი გარემოებებისა და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების დეტალურ აღწერას;  

ზ.დ) დაშვებულ ვალდებულებებთან და კაპიტალის ინსტრუმენტებთან დაკავშირებული მოთხოვნების რაოდენობრივ ანალიზს, თუ აღნიშნული საჭიროა სარეზოლუციო სტრატეგიის განხორციელების შემაფერხებელი არსებითი გარემოებების აღმოფხვრისთვის;

თ) ბანკის მიერ რეზოლუციის გეგმასთან დაკავშირებით შემოთავაზებული წინადადებების შეჯამებას, მათი არსებობის შემთხვევაში.

 

მუხლი 4. ბანკის ეფექტური რეზოლუციის შესაძლებლობის შეფასება 

1. ეროვნული ბანკი აფასებს  ბანკის ეფექტური რეზოლუციის შესაძლებლობას, რისთვისაც:

ა) აფასებს ბანკის მიმართ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, ლიკვიდაციის პროცესის დაწყების მიზანშეწონილობასა და ეფექტურად განხორციელებადობას, ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად;

ბ) არჩევს უპირატეს სარეზოლუციო სტრატეგიას, ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად;

გ) აფასებს სარეზოლუციო სტრატეგიის ეფექტურად განხორციელებადობას, ამ წესის მე-7-მე-12  მუხლების შესაბამისად;

დ) აფასებს სარეზოლუციო სტრატეგიის მიზანშეწონილობას, ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად.

2. თუ ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად განხორციელებული შეფასების შედეგად ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, ბანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის დაწყება არ არის მიზანშეწონილი ან ეფექტურად განხორციელებადი, ან თუ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების აუცილებლობას განაპირობებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნები, ეროვნული ბანკი, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების მიხედვით, შეიმუშავებს ბანკის უპირატეს სარეზოლუციო სტრატეგიას, რომელიც შესაძლოა, ასევე, მოიცავდეს უპირატესი სარეზოლუციო სტრატეგიის ვარიანტებს იმ გარემოებებისთვის, რომელთა არსებობისას უპირატესი სარეზოლუციო სტრატეგია არ იქნება მიზანშეწონილი ან ეფექტურად განხორციელებადი.

3. უპირატესი სარეზოლუციო სტრატეგიის ეფექტურად განხორციელებადობისა და მისი მიზანშეწონილობის შეფასება ასევე მოიცავს მისი ვარიანტების ეფექტურად განხორციელებადობისა და მიზანშეწონილობის შეფასებას.

4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, შეიტანოს ცვლილებები უპირატეს სარეზოლუციო სტრატეგიაში ან ჩაანაცვლოს იგი სხვა სტრატეგიით, როდესაც შეცვლილი გარემოებები გამორიცხავს სარეზოლუციო სტრატეგიის ეფექტურად განხორციელებადობას ან/და მიზანშეწონილობას ან შეუსაბამოს ხდის მას რეზოლუციის მიზნებთან.

 

მუხლი 5. ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების მიზანშეწონილობისა და მისი ეფექტურად განხორციელებადობის შეფასება

1. ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების მიზანშეწონილობის შეფასება გულისხმობს ბანკის ლიკვიდაციის პროცესის შესაძლო ზეგავლენის შეფასებას საფინანსო სისტემაზე და ბანკის მიერ შესრულებული კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობაზე, რისთვისაც ეროვნული ბანკი აფასებს:

ა) ლიკვიდაციის პროცესის უარყოფით გავლენას საფინანსო ბაზრის ფუნქციონირებასა და საფინანსო ბაზრის მიმართ ნდობაზე;

ბ) ლიკვიდაციის პროცესის შესაძლო უარყოფით ზეგავლენას საფინანსო ბაზრის ინფრასტრუქტურაზე, რა დროსაც მხედველობაში მიიღება: 

ბ.ა)  ბანკის ლიკვიდაციის პროცესში ბანკის საქმიანობის შეწყვეტის გამო საფინანსო ბაზრის ინფრასტუქტურის იმგვარი შეზღუდვის საფრთხე, რასაც უარყოფითი ზეგავლენა აქვს მთლიან საფინანსო სექტორზე;

ბ.ბ) ბანკის ლიკვიდაციის შედეგად საფინანსო ბაზრის ინფრასტრუქტურის მეშვეობით საფინანსო სექტორზე უარყოფითი გავლენის გავრცელების საფრთხე;

გ) ლიკვიდაციის პროცესის ზეგავლენას სხვა ფინანსურ ინსტიტუტებზე, რა დროსაც მხედველობაში მიიღება:

გ.ა) ბანკის ლიკვიდაციის შედეგად სხვა ფინანსური ინსტიტუტებისათვის დაფინანსების წყაროებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვისა და დაფინანსების ხარჯების იმ ოდენობით ზრდის საფრთხე, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს საფინანსო სექტორის სტაბილურობაზე;

გ.ბ) მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე ლიკვიდაციის პროცესის ზეგავლენის რისკები;

დ) ლიკვიდაციის პროცესის ზეგავლენას რეალურ ეკონომიკაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საფინანსო მომსახურებების ხელმისაწვდომობაზე.

2. თუ  ეროვნული ბანკი ამ მუხლის საფუძველზე განხორციელებული შეფასების შედეგად დაადგენს, რომ ლიკვიდაციის პროცესის დაწყება მიზანშეწონილია, იგი აფასებს ბანკის ლიკვიდაციის პროცესის ეფექტურად განხორციელებადობას.

3. ლიკვიდაციის პროცესის ეფექტურად განხორციელებადობის შეფასების მიზნით ეროვნული ბანკი აფასებს ბანკის უნარს, დროულად უზრუნველყოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად საჭირო, სრული და ზუსტი ინფორმაციის დროულად ხელმისაწვდომობა.

 

მუხლი 6. სარეზოლუციო სტრატეგიის შერჩევა 

1. ეროვნული ბანკი  არჩევს და რეზოლუციის გეგმით განსაზღვრავს სარეზოლუციო სტრატეგიას, რომელიც ბანკის ბიზნეს მოდელის, ორგანიზაციული და ჯგუფის  (საბანკო ჯგუფის არსებობისას) სტრუქტურის გათვალისწინებით, სხვა შესაძლო სარეზოლუციო სტრატეგიებთან შედარებით, ყველაზე მეტად შეესაბამება რეზოლუციის მიზნებს.

2. სარეზოლუციო სტრატეგიის განსაზღვრისას  ეროვნული ბანკი მხედველობაში იღებს:

ა) სარეზოლუციო სტრატეგიის განსახორციელებლად გამოსაყენებელ სარეზოლუციო ინსტრუმენტებსა და მათ ხელმისაწვდომობას;

ბ) სარეზოლუციო სტრატეგიის ფარგლებში, ბანკის ზარალის დაფარვის ან რეკაპიტალიზაციის მიზნით გამოსაყენებელ ვალდებულებებსა და საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტებს; აგრეთვე იმ რისკს, რომ მათი გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ზარალის დაფარვას ან რეკაპიტალიზაციას; 

გ) საბანკო ჯგუფის წევრებს შორის არსებულ შეთანხმებებს, არსებობის შემთხვევაში, რომელთა შესაბამისადაც ხდება საბანკო ჯგუფის წევრებს შორის ზარალის გადანაწილება;

დ) ბანკის ან საბანკო ჯგუფის საოპერაციო სტრუქტურასა და ბიზნეს მოდელს, რაც თავის მხრივ, მოიცავს ბანკის ან საბანკო ჯგუფის ოპერაციების ინტეგრაციისა და დეცენტრალიზაციის ხარისხის შეფასებას;

ე) სარეზოლუციო სტრატეგიით განსაზღვრული სარეზოლუციო ინსტრუმენტების აღსრულების შესაძლებლობას (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, უცხო ქვეყნებში);

3. ეროვნული ბანკი აფასებს, არსებობს თუ არა სარეზოლუციო სტრატეგიის ვარიანტების საჭიროება იმ სცენარებისა და გარემოებების საპასუხოდ, რომელთა არსებობის შემთხვევაში უპირატესი სარეზოლუციო სტრატეგია ვერ განხორციელდება ან არ იქნება მიზანშეწონილი.

4. ეროვნული ბანკი აფასებს, თუ რამდენად ეფექტურად უზრუნველყოფს უპირატესი სარეზოლუციო სტრატეგიის ვარიანტები რეზოლუციის მიზნების მიღწევასა და კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობას. უპირატესი სარეზოლუციო სტრატეგიის ვარიანტების განხორციელების ხელშემშლელი არსებითი გარემოებების აღმოფხვრისათვის საჭირო ზომების მიღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს უპირატესი სარეზოლუციო სტრატეგიის განხორციელების შესაძლებლობასა და მის მიზანშეწონილობაზე. 

 

მუხლი 7. სარეზოლუციო სტრატეგიის განხორციელების შესაძლებლობის შეფასება 

1. ეროვნული ბანკი აფასებს სარეზოლუციო სტრატეგიის შესაბამის ვადებში ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობას, რისთვისაც იგი განსაზღვრავს მისი განხორციელების შემაფერხებელ არსებით გარემოებებს, მათ შორის ბანკის ფინანსური მდგომარეობის დროებითი სტაბილიზაციისა და ბანკის ბიზნესსაქმიანობის რეორგანიზაციის შემაფერხებელ არსებით გარემოებებს.

2. სარეზოლუციო სტრატეგიის განხორციელების შემაფერხებელი არსებითი გარემოებების კლასიფიკაცია უნდა განხორციელდეს, სულ მცირე, შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ა) ბანკის სტრუქტურა და ოპერაციები ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;

ბ) ფინანსური რესურსები ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად;

გ) ბანკთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად;  

დ) იურისდიქციის საკითხები ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად;

ე) სარეზოლუციო სტრატეგიის განხორციელების შემაფერხებელი სხვა გარემოებები ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 8.  ბანკის სტრუქტურა და ოპერაციები

სარეზოლუციო სტრატეგიის შემაფერხებელი იმ არსებითი გარემოებების  იდენტიფიცირების მიზნით, რომლებიც შესაძლოა, ბანკის სტრუქტურასა და ოპერაციებს უკავშირდებოდეს, ეროვნული ბანკი აფასებს:

ა) ბანკის შვილობილი ან საბანკო ჯგუფში შემავალი რომელი საწარმოები ახდენენ გავლენას ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის შენარჩუნებაზე;

ბ) ბანკის ორგანიზაციული სტრუქტურის შესაბამისობას მის კრიტიკულ ფუნქციებთან;

გ) ბანკის მიერ მიღებულ ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფს კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობისათვის საჭირო ადამიანურ რესურსს, ინფრასტრუქტურას, დაფინანსებას, საზედამხედველო კაპიტალსა და ლიკვიდობას;

დ) რეზოლუციის პროცესში ბანკის მიერ მნიშვნელოვან მომსახურებებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შესრულების შესაძლებლობას, თუ ისინი აგრძელებს მოქმედებას;

ე) ბანკის კორპორაციული მართვის სტრუქტურის ადეკვატურობას,  მომსახურების  შეთანხმებების მართვისა და მათი შიდა პოლიტიკა-პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;

ვ) მომსახურების  შესახებ არსებულ შეთანხმებებს და ამ შეთანხმებებით გათვალისწინებული მომსახურებების მესამე პირებზე გადაცემისათვის საჭირო პროცესების არსებობას, როდესაც ხდება ბანკის კრიტიკული ფუნქციების გაყოფა;

ზ) შესაბამისი გეგმის ან/და ზომების არსებობას, რომელთა მეშვეობითაც რეზოლუციის რეჟიმში შენარჩუნებული იქნება საგადახდო სისტემებზე წვდომა;

თ) საბანკო ჯგუფის სამართლებრივი სტრუქტურის გავლენას სარეზოლუციო სტრატეგიის განხორციელების შესაძლებლობაზე, რასაც, სხვა შესაბამის ფაქტორებთან ერთად, საბანკო ჯგუფში შემავალი საწარმოების ოდენობა, მისი ჯგუფის სტრუქტურა ან კრიტიკული ფუნქციების ჯგუფში შემავალ საწარმოებთან დაკავშირების სირთულე განაპირობებს;

ი) ბანკის კრიტიკული ფუნქციებისა და მნიშვნელოვანი საბანკო ოპერაციების დამოკიდებულების ხარისხს საფინანსო ბაზრის ინფრასტრუქტურაზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, სახაზინო ოპერაციებზე, საფინანსო ფუნქციებსა და თანამშრომლებზე;  

კ) ბანკის კორპორაციული მართვისა და რისკების მართვის ჩარჩოს შესაბამისობას, რეზოლუციიდან გამომდინარე ბანკის სტრუქტურასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ლ) ბანკის ფრენჩაიზისა და სამართლებრივი სტრუქტურების შესაბამისობას ბანკის ბიზნეს სტრუქტურასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

მუხლი 9.  ფინანსური რესურსები   

სარეზოლუციო სტრატეგიის შემაფერხებელი იმ არსებითი გარემოებების  იდენტიფიცირების მიზნით, რომლებიც შესაძლოა ბანკის ფინანსურ რესურსებს უკავშირდებოდეს, ეროვნული ბანკი აფასებს, სულ მცირე:

ა)  დაშვებული ვალდებულებების ოდენობასა და სახეს;

ბ) იმ ვალდებულებებისა და საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების იდენტიფიცირებისა და ოდენობის განსაზღვრის საჭიროებას, რომლებიც სავარაუდოა, რომ სარეზოლუციო სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში, ზარალის დაფარვის ან რეკაპიტალიზაციის მიზნით ვერ იქნება გამოყენებული, რისთვისაც მხედველობაში მიიღება, სულ მცირე, შემდეგი გარემოებები:

ბ.ა)  ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამომდინარე მოთხოვნათა ვადამოსულობა; 

ბ.ბ) ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  ვალდებულებებიდან გამომდინარე მოთხოვნათა რიგითობა;

ბ.გ) ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული  ინსტრუმენტების მფლობელები და გასხვისების შესაძლებლობა;

ბ.დ) ზარალის დაფარვის შემაფერხებელი სამართლებრივი საკითხები, როგორიცაა სარეზოლუციო ინსტრუმენტების სხვა ქვეყნის კანონმდებლობით არაღიარება ან ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვის უფლების არარსებობა;

ბ.ე) სხვა გარემოებები, რომლებიც განაპირობებენ, რომ ზარალის დაფარვის ან რეკაპიტალიზაციის მიზნით საჭირო ვალდებულებები ან/და საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტები აღნიშნული მიზნით ვერ  იქნება გამოყენებული; 

ბ.ვ) დაშვებულ ვალდებულებათა ოდენობა, რომლებიც სავარაუდოა, რომ უზრუნველყოფენ ზარალის დაფარვას ან რეკაპიტალიზაციას და მათი გამომშვები პირები;

გ) რეზოლუციის პროცესის განხორციელების მიზნით საჭირო დაფინანსების ოდენობას, ფორმას და დაფინანსების წყაროების ხელმისაწვდომობას, რა დროსაც, საბანკო ჯგუფის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში მიიღება, ჯგუფში კაპიტალის ტრანსფერის შემაფერხებელი არსებითი გარემოებები.

 

მუხლი 10. ბანკთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა   

სარეზოლუციო სტრატეგიის განხორციელების შემაფერხებელი იმ არსებითი გარემოებების იდენტიფიცირების მიზნით, რომლებიც შესაძლოა, სარეზოლუციო სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობიდან გამომდინარეობდეს, ეროვნული ბანკი აფასებს, სულ მცირე:

ა) ბანკის ინფორმაციის მართვის სისტემების გამართულობას, რათა რეზოლუციის პროცესის წარმართვისათვის საჭირო გადაწყვეტილებების დროულად მიღების მიზნით, ეროვნული ბანკს დროულად მიეწოდოს ბანკის კრიტიკულ ფუნქციებთან დაკავშირებული სრული და ზუსტი ინფორმაცია, მათ შორის, სწრაფად ცვალებადი გარემოებების პირობებში;

ბ) ინფორმაციის მართვის სისტემების ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სტრესსცენარებთან მიმართებით გამოცდის შედეგებს; 

გ) ბანკის მიერ, რეზოლუციის პროცესის მიმდინარეობისას, ინფორმაციის მართვის სისტემების უწყვეტობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესაძლებლობას, როგორც რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკისთვის, ასევე, ახალი ინსტიტუტისთვის იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება ბანკის კრიტიკული ფუნქციები გამოყოფა სხვა ფუნქციებისგან;

დ) ბანკის მიერ მიღებულ ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფენ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთვის „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს  კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის მიწოდებას;

ე) ბანკის უნარს, დროულად მიაწოდოს ეროვნულ ბანკს დეტალური ინფორმაცია იმ აქტივებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს უზრუნველყოფის საშუალებად, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე  მუხლით განსაზღვრული სესხის მიღების მიზნით;  

ვ) ბანკის უნარს, დროულად მიაწოდოს ეროვნულ ბანკს, საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების ან/და ვალდებულებების ჩამოწერის ან მათი აქციებში კონვერტაციის გზით ბანკის რეკაპიტალიზაციისათვის საჭირო აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 373 მუხლით განსაზღვრული შეფასების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია.

 

მუხლი 11. იურისდიქციის საკითხები

სარეზოლუციო სტრატეგიის შემაფერხებელი იმ არსებითი გარემოებების  იდენტიფიცირების მიზნით, რომლებიც შესაძლოა, იურისდიქციის საკითხებს უკავშირდებოდეს, ეროვნული ბანკი აფასებს, სულ მცირე:

ა) სარეზოლუციო სტრატეგიით განსაზღვრული სარეზოლუციო ინსტრუმენტების არსებობას უცხო ქვეყნებში და ეროვნულ ბანკსა და უცხო ქვეყნის შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის სარეზოლუციო სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭირო ურთიერთანამშრომლობის ფარგლებს, კომუნიკაციისა და სარეზოლუციო მოქმედებათა კოორდინაციისათვის საჭირო ღონისძიებების არსებობას და  სარეზოლუციო სტრატეგიის განხორციელების მიზნით ადგილობრივი და უცხო ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მისაღები ზომების ეფექტურობას;

ბ) აუქმებს თუ არა უცხო ქვენის კანონმდებლობა ხელშეკრულების/ხელშეკრულებების ადრეული შეწყვეტის უფლებას, რომლის  ამოქმედების საფუძველი მხოლოდ ბანკთან დაკავშირებული საწარმოს მიმართ რეზოლუციის პროცესის დაწყება ან მისი გადახდისუუნარობის შემთხვევაა.

 

მუხლი 12. სარეზოლუციო სტრატეგიის განხორციელების შემაფერხებელი სხვა გარემოებები

სარეზოლუციო სტრატეგიის შემაფერხებელი სხვა სამართლებრივი გარემოებების იდენტიფიცირების მიზნით, ეროვნული ბანკი, სხვა შესაბამის საკითხებთან ერთად, მხედველობაში იღებს:

ა) სარეზოლუციო სტრატეგიის განხორციელების მიზნით რეზოლუციის პროცესში სხვა  ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გასაცემი შესაბამისი თანხმობის მიღების შესაძლებლობასა და საჭირო ვადებს;

ბ) სახელშეკრულებო ვალდებულებებს, რომლებიც კრძალავს რეზოლუციის გეგმით განსაზღვრული აქტივების ან/და ვალდებულებების რეზოლუციის მიზნების შესაბამისად გამოყენებას.

 

მუხლი 13. სარეზოლუციო სტრატეგიის მიზანშეწონილობის შეფასება

სარეზოლუციო სტრატეგიის მიზანშეწონილობის შეფასების მიზნით ეროვნული ბანკი, გარდა   ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხებისა, აფასებს  შემდეგ საკითხებს:

ა) სარეზოლუციო ინსტრუმენტების შესაბამისობას რეზოლუციის მიზნებთან, ბანკის ბიზნესმოდელის, ორგანიზაციული და ჯგუფის სტრუქტურის გათვალისწინებით;

ბ) სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენების მიზანშეწონილობას, ბანკის კრედიტორებზე, კონტრაჰენტებზე, მნიშვნელოვანი სერვისების მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე გავლენის გათვალისწინებით;

გ) რეზოლუციის პროცესის საფინანსო სისტემაზე, საფინანსო ბაზრის მიმართ ნდობასა და რეალურ ეკონომიკაზე ზეგავლენის ადეკვატურად და სრულად შეფასების შესაძლებლობას და მათზე პირდაპირი ან არაპირდაპირი უარყოფითი გავლენის ხარისხს;

დ) სარეზოლუციო სტრატეგიის განხორციელების შედეგად სხვა ფინანსურ ინსტიტუტებზე ან საფინანსო სექტორზე უარყოფითი გავლენის გავრცელების თავიდან აცილების შესაძლებლობას;

ე) რეზოლუციის პროცესის შესაძლო უარყოფითი გავლენის ხარისხს საგადახდო სისტემების ფუნქციონირებაზე.

 

მუხლი 14. გარდამავალი დებულებები

ეროვნული ბანკი სისტემური მნიშვნელობის მქონე კომერციული ბანკებისთვის რეზოლუციის გეგმას შეიმუშავებს არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა. იმ ბანკებისათვის, რომლებიც არ წარმოადგენენ სისტემური მნიშვნელობის ბანკებს ეროვნული ბანკი რეზოლუციის გეგმებს შეიმუშავებს საჭიროების შემთხვევაში.