დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის წესის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 241/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016538 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (30/12/2020 - 30/11/2023)
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 375 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და 3710 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის წესი თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია, განსაზღვროს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3710 მუხლით გათვალისწინებული რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის (შემდგომში – ბანკი) რეკაპიტალიზაციის მიზნით ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებული წესები და პირობები, მათ შორის, დაშვებულ ვალდებულებებსა და კაპიტალის ინსტრუმენტებთან დაკავშირებული, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმავე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისობის მისაღწევად აუცილებელი ფულადი სახსრების გამოთვლის, შეფასების, კონვერტაციის განაკვეთების განსაზღვრის, სამოქმედო გეგმის შემუშავების, შეთანხმებისა და განხორციელების საკითხები. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) უფლებამოსილია, ამ წესით განსაზღვრული სარეზოლუციო ინსტრუმენტი გამოიყენოს: ა) ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით; ბ) დროებითი ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებისას მისი რეკაპიტალიზაციის მიზნით. 3. თუ ეს წესი არ აწესრიგებს ამ წესით განსაზღვრულ სარეზოლუციო ინსტრუმენტთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხს, ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს ამ კუთხით არსებული საუკეთესო მოწინავე პრაქტიკით, რომელიც მოიცავს ფინანსური სტაბილურობის საბჭოსა (FSB) და ევროპის საბანკო უწყების (EBA) შესაბამის ტექნიკურ სტანდარტებსა და მარეგულირებელ აქტებს. 4. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მნიშვნელობები.
მუხლი 2. სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი 1. ამ წესით განსაზღვრული სარეზოლუციო ინსტრუმენტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ეროვნული ბანკის რეზოლუციის კომიტეტი (შემდგომში - რეზოლუციის კომიტეტი), რომელიც გადაწყვეტილებაში განსაზღვრავს სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების საფუძვლებსა და პირობებს, მათ შორის, ჩამოსაწერი/კონვერტაციას დაქვემდებარებული ვალდებულებების ფარგლებს, სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების ფარგლებიდან ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ გამორიცხულ ვალდებულებებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლების მითითებით, ასევე, ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობას, რომელიც საჭიროა ამ ბანკის პირველადი ძირითადი კაპიტალის დადგენილი კოეფიციენტის დასაცავად, ხოლო დროებითი ბანკის შემთხვევაში − კაპიტალის დადგენილი კოეფიციენტის დასაცავად, რა შემთხვევაშიც ეროვნული ბანკი ითვალისწინებს დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ოდენობასა და ბანკის/დროებითი ბანკის მიმართ ნდობის აღდგენისა და ბანკის/დროებითი ბანკის სალიცენზიო მოთხოვნებთან მინიმუმ მომდევნო 1 წლის განმავლობაში შესაბამისობისათვის აუცილებელ რესურსებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №128/04 ბრძანებით დამტკიცებული „რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების წესით“ განსაზღვრულ ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და პრუდენციული საზედამხედველო მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებულ აღრიცხვას. 3. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენებამდე უნდა განხორციელდეს იმ ვალდებულებების ჩამოწერა ან კონვერტაცია, რომელთა სახელშეკრულებო პირობებით პირდაპირ არის გათვალისწინებული ვალდებულების ჩამოწერა ან ბანკის ჩვეულებრივ აქციებში კონვერტაცია.
მუხლი 3. სარეზოლუციო ინსტრუმენტის მოქმედების სფერო 1. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენებისას ამ ვალდებულებების ჩამოწერა ან კონვერტაცია ხორციელდება ლიკვიდაციისას დადგენილი მოთხოვნების რიგითობის საპირისპირო მიმდევრობით „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის სარეზოლუციო ინსტრუმენტი გამოიყენოს ბანკის ვალდებულებებისა და საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების მიმართ მიუხედავად იმისა, შეიცავენ თუ არა მითითებული ვალდებულებები და საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტები აღნიშნულის თაობაზე შესაბამის სახელშეკრულებო პირობას, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის მოქმედების სფეროდან გამორიცხული ვალდებულებებისა. 3. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ვალდებულებების მიმართ: ა) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაზღვეული დეპოზიტების მიმართ; ბ) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შენატანების მიმართ; გ) საგადასახადო და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებისადმი არსებული ვალდებულებების მიმართ; დ) ნებისმიერი ვალდებულების მიმართ, რომელიც კლიენტის აქტივების ფლობის შედეგად წარმოიშობა; ე) სანივთო უფლებით უზრუნველყოფილი ვალდებულების მიმართ, აღნიშნული უზრუნველყოფის ღირებულების ფარგლებში; ვ) ბანკის თანამშრომლებისადმი არსებული ვალდებულებების მიმართ, გარდა ბანკის ადმინისტრატორების არასახელფასო ანაზღაურებისა; ზ) საგადახდო, საკლირინგო და ანგარიშსწორების სისტემებისადმი არსებული ვალდებულებების მიმართ − 7 დღეზე ნაკლები მოქმედების ვადით; თ) სხვა ბანკებისადმი (გარდა იმავე საბანკო ჯგუფში შემავალი ბანკებისა) არსებული ვალდებულებების მიმართ − 7 დღეზე ნაკლები მოქმედების ვადით; ი) ბანკის კრედიტორებისადმი არსებული იმ ვალდებულებების მიმართ, რომლებიც წარმოიშობა ბანკისთვის ისეთი პროდუქტის ან მომსახურების (მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომუნალური, საიჯარო და სხვა ტექნიკური მომსახურებების) მიწოდებით, რომელსაც ბანკის ყოველდღიური საქმიანობისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დეპოზიტებზე ამ წესით განსაზღვრული სარეზოლუციო ინსტრუმენტის მოქმედება არ ვრცელდება მხოლოდ დაზღვეული დეპოზიტების ზღვრის ოდენობაზე, რომელიც დადგენილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები არ მოიცავს მატერიალური რისკის ამღები პირების ცვლად ანაზღაურებას. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ბანკის ყოველდღიური ფუნქციონირებისა და საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვის შესაძლებლობის შეფასებისას, ეროვნული ბანკი აფასებს ბანკის რა სახის ქონება ან/და მომსახურება არის კრიტიკული მნიშვნელობის და მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ა) რეზოლუციის რეჟიმის შემდგომ საჭირო გახდება თუ არა შესაბამისი ქონება ან/და მომსახურება ბანკის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის; ბ) შესაბამის ქონებასთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების მიმართ ამ წესით განსაზღვრული სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენება ხომ არ შეუქმნის საფრთხეს ან მიაყენებს ზიანს აღნიშნული ქონებისა და მომსახურებების შემდგომში შეუფერხებლად გამოყენებას/უზრუნველყოფას; გ) რამდენად შესაძლებელია შესაბამისი ქონების ან/და მომსახურებების მოწოდება განხორციელდეს ალტერნატიული მესამე პირის მიერ გონივრულ ვადაში და გონივრული დანახარჯებით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №129/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრისა და შეფასების წესის“ შესაბამისად. 7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების გარდა, რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის მოქმედების ფარგლებიდან ნაწილობრივ ან სრულად გამორიცხოს სხვა ვალდებულებები, თუ, მისი შეფასებით, არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა: ა) ეროვნული ბანკის მცდელობის მიუხედავად, სარეზოლუციო ინსტრუმენტის გონივრულ ვადაში გამოყენება შეუძლებელია; ბ) ეს აუცილებელი და პროპორციულია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის კრიტიკული ფუნქციებისა და ძირითადი საქმიანობის შესანარჩუნებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბანკის ძირითადი ოპერაციების, მომსახურებებისა და ტრანზაქციების უწყვეტობა; გ) ეს აუცილებელი და პროპორციულია ფინანსური სირთულეებისა და საფრთხეების ფინანსური სექტორის სხვა მონაწილეებზე გავრცელების რისკების შესამცირებლად; დ) სხვა კრედიტორები იმაზე მეტად იზარალებენ, ვიდრე ისინი იზარალებდნენ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პრინციპების დაცვის შემთხვევაში. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების ნაწილობრივ ან სრულ გამორიცხვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს რეზოლუციის კომიტეტი, რომელიც ითვალისწინებს: ა) კანონმდებლობით დადგენილ პრინციპს, რომ ბანკის კრედიტორები ზარალს იღებენ აქციონერების შემდეგ, ლიკვიდაციისას დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობის საპირისპირო მიმდევრობით, გარდა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) ბანკის ზარალის შეწოვის რესურსს იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული ვალდებულება ან ვალდებულებათა კლასი გამორიცხული იქნება ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის ინსტრუმენტის მოქმედების სფეროდან; გ) რეზოლუციის დაფინანსებისთვის საჭირო რესურსების შენარჩუნების საჭიროებას. 9. რეკაპიტალიზაციის მიზნით ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებისას ეროვნულ ბანკს თანაბარი მოპყრობა აქვს მეორადი კაპიტალის იმ ინსტრუმენტების მიმართ, რომლებიც, კანონმდებლობის შესაბამისად, კაპიტალში ამორტიზებული ღირებულებით და სრულად არიან ჩართულნი.
მუხლი 4. დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნა 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ბანკს დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნა დაუწესოს, რომელიც საზედამხედველო კაპიტალისა და მთლიანი ვალდებულებების პროცენტულ მაჩვენებელს წარმოადგენს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაშვებულ ვალდებულებად კლასიფიცირებისთვის ინსტრუმენტი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: ა) უნდა იყოს გამოშვებული და სრულად განაღდებული; ბ) არ უნდა წარმოადგენდეს ბანკის მიმართ ვალდებულებას, არ უნდა იყოს ბანკის მიერ უზრუნველყოფილი ან გარანტირებული; გ) ბანკს არ უნდა ჰქონდეს პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსებული ინსტრუმენტის ყიდვის ოპერაცია; დ) მისი გადახდის დარჩენილი ვადა არ უნდა იყოს ერთ წელზე ნაკლები; ე) ვალდებულება არ უნდა იყოს დერივატივიდან წარმოშობილი; ვ) ვალდებულება არ უნდა იყოს დაკავშირებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლის მე-10 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნასთან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მფლობელს აქვს ინსტრუმენტის ადრეული გამოთხოვის უფლება, ინსტრუმენტის ვადად უნდა ჩაითვალოს ამ უფლების პირველად წარმოშობის თარიღი. 4. თუ ინსტრუმენტი ექვემდებარება უცხო ქვეყნის მარეგულირებელ კანონმდებლობასა და იურისდიქციას, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მოსთხოვოს ბანკს იმის დადასტურება, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან ინსტრუმენტის ჩამოწერის ან აქციებში კონვერტაციის შემთხვევებში, აღნიშნული აღსრულებადი იქნება უცხო ქვეყნის მარეგულირებელი კანონმდებლობის, ინსტრუმენტის ხელშეკრულების პირობებისა და სხვა შესაბამისი საკითხების გათვალისწინებით. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ინსტრუმენტი არ დაკვალიფიცირდება ამ მუხლით განსაზღვრულ დაშვებულ ვალდებულებად. 5. თითოეული ბანკის დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნის განსაზღვრის მიზნით, ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული კონსულტაციებს გადის ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებების განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულთან და მინიმუმ შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას: ა) ბანკის რეზოლუციის ინსტრუმენტების, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის ინსტრუმენტის გამოყენების გზით ბანკის ეფექტური და კანონმდებლობით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების შესაბამისად რეზოლუციის განხორციელების შესაძლებლობა; ბ) ბანკის დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნის იმ მოცულობით დაწესების აუცილებლობა, რაც საჭირო იქნება რეზოლუციის პროცესში ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის ინსტრუმენტის გამოყენების გზით ბანკის სალიცენზიო მოთხოვნებთან მინიმუმ მომდევნო 1 წლის განმავლობაში შესაბამისობის, ბანკის მიერ საქმიანობის გაგრძელებისა და მის მიმართ ნდობის აღდგენის უზრუნველყოფად (მათ შორის, რიგი დაშვებული ვალდებულებების მოქმედების სფეროდან გამორიცხვის შემთხვევაში); გ) ბანკის ზომა, ბიზნესმოდელი, დაფინანსების მოდელი და რისკის პროფილი; დ) ბანკის მწვავე ფინანსური სირთულეების/გადახდისუუნარობის გავლენა ფინანსურ სტაბილურობაზე, სხვა ბანკებსა და ზოგადად საფინანსო სექტორზე. 6. ამ მუხლის საფუძველზე დაწესებული მოთხოვნა ბანკმა უნდა დააკმაყოფილოს განგრძობითად და ინდივიდუალურად.
მუხლი 5. ბანკის ჩამოსაწერი ან სხვა ინსტრუმენტებში გადასაკონვერტირებელი დაშვებული ვალდებულებების მოცულობის განსაზღვრა 1. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოსაყენებლად ეროვნული ბანკი განსაზღვრავს იმ საზედამხედველო კაპიტალის ოდენობას, რომელიც საჭიროა: ა) ბანკის პირველადი ძირითადი კაპიტალის კანონმდებლობით ან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კოეფიციენტის დასაცავად; ბ) დროებითი ბანკის შემთხვევაში − კანონმდებლობით დადგენილი კაპიტალის კოეფიციენტების დასაცავად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა და ბანკის/დროებითი ბანკის მიმართ ნდობის აღდგენისა და ბანკის/დროებითი ბანკის სალიცენზიო მოთხოვნებთან მინიმუმ მომდევნო 1 წლის განმავლობაში შესაბამისობისათვის აუცილებელი რესურსები. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბანკის ჩამოსაწერ ან სხვა ინსტრუმენტებში გადასაკონვერტირებელ დაშვებული ვალდებულებების მოცულობას ეროვნული ბანკი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №128/04 ბრძანებით დამტკიცებული „რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების წესის“ შესაბამისად. 4. თუ ამ მუხლით განსაზღვრული ჩამოსაწერი ან სხვა ინსტრუმენტებში გადასაკონვერტირებელი დაშვებული ვალდებულებების მოცულობის განსაზღვრა განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №128/04 ბრძანებით დამტკიცებული „რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების წესით“ გათვალისწინებული შუალედური შეფასების საფუძველზე და დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ შეფასების შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩამოწერილი ან/და დაკონვერტირებული ვალდებულებების მოცულობა აჭარბებს საჭირო ოდენობას, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრინციპის დაცვით, განახორციელოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედება: ა) ჩამოწერილი/შემცირებული ვალდებულებების ძირითადი თანხის ნაწილობრივი ან სრული ზრდა პირველადი ძირითადი თანხის ოდენობამდე; ბ) ჩამოწერილი/შემცირებული ვალდებულებების მფლობელებისთვის გადაცემული აქციების ან/და საკუთრების სხვა ინსტრუმენტების მოცულობის ზრდა. 5. ეროვნული ბანკის მიერ ჩამოსაწერი ან სხვა ინსტრუმენტებში გადასაკონვერტირებელი დაშვებული ვალდებულებების მოცულობის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს, შეძლებისდაგვარად, განახლებული და დეტალური ინფორმაციის საფუძველზე.
მუხლი 6. ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის ინსტრუმენტის გამოყენებისას აქციონერთა და საკუთრების სხვა ინსტრუმენტების მფლობელთა მიმართ მოპყრობა 1. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენებისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ ბანკის აქციონერების ან/და საკუთრების სხვა ინსტრუმენტების მფლობელების მიმართ განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) გააუქმოს არსებული აქციები ან/და საკუთრების სხვა ინსტრუმენტები ან გადასცეს ისინი იმ კრედიტორებს, რომელთა მიმართაც გამოყენებულ იქნა სარეზოლუციო ინსტრუმენტი; ბ) ამ ბანკის აქციონერების წილის მაქსიმალურად შესამცირებლად ბანკის დადებითი სააქციო კაპიტალის შემთხვევაში განახორციელოს საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების ან/და ვალდებულებების ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აქციების მიმართ, რომლებში ვალდებულებათა კონვერტაციაც განხორციელდა რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამდე ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ჩამოწერის ან აღნიშნული ინსტრუმენტების აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაციის შემდგომ. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული კონვერტაცია უნდა განხორციელდეს იმგვარი განაკვეთით, რომ მაქსიმალურად მოხდეს არსებულ აქციონერთა წილების შემცირება, რაც გულისხმობს როგორც აქციონერთა წილების პროცენტულობის, ისე აღნიშნული წილების ღირებულების შემცირებას. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებისას, ეროვნული ბანკი, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №128/04 ბრძანებით დამტკიცებული „რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების წესით“ განსაზღვრული შეფასებისა, მხედველობაში იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჩამოწერილი ან აქციებში/საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში დაკონვერტირებული აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ოდენობასა და ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ჩამოსაწერი ან სხვა ინსტრუმენტებში გადასაკონვერტირებელი დაშვებული ვალდებულებების მოცულობას. 5. თუ ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენების შედეგად პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის ან ბენეფიციარი მესაკუთრის პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა ბანკის კაპიტალში 10, 25 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ეროვნული ბანკი მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ განაცხადს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლით დადგენილი წესით განიხილავს „რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული პროცედურების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №130/04 ბრძანებით დამტკიცებული გამარტივებული პროცედურით. 6. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენებისას ამ ვალდებულებების ჩამოწერა ან კონვერტაცია ხორციელდება ლიკვიდაციისას დადგენილი მოთხოვნების რიგითობის საპირისპირო მიმდევრობით, ამ წესის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის კრედიტორთა შესაბამისი რიგი ვალდებულებების სრულად ჩამოწერას ან კონვერტაციას არ ექვემდებარება, მათი ჩამოწერა ან კონვერტაცია უნდა განხორციელდეს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად. 7. ლიკვიდაციისას დადგენილი მოთხოვნების რიგითობის ყოველი შემდეგი რიგის კრედიტორების შესაბამისი ვალდებულებების ჩამოწერა ან/და კონვერტაცია უნდა განხორციელდეს წინა რიგის კრედიტორების შესაბამისი ვალდებულებების მაქსიმალური მოცულობით ჩამოწერის ან/და კონვერტაციის შემდეგ.
მუხლი 7. ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის ინსტრუმენტის გამოყენებისას დერივატივების მიმართ მოპყრობა 1. დერივატივიდან წარმოშობილი ვალდებულებების ჩამოწერა ან კონვერტაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მათი ურთიერთგაქვითვის შემდეგ. 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, განახორციელოს დერივატივის ხელშეკრულების შეწყვეტა ან/და ურთიერთგაქვითვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. თუ დერივატივი ექვემდებარება ურთიერთგაქვითვის შეთანხმებას, დერივატივიდან წარმოშობილი ვალდებულება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №128/04 ბრძანებით დამტკიცებული „რეზოლუციის მიზნებისთვის ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების წესით“ განსაზღვრული დამოუკიდებელი შემფასებლის ან ეროვნული ბანკის მიერ ვალდებულება უნდა განისაზღვროს მისი წმინდა ღირებულებით დადებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით.
მუხლი 8. ვალდებულებების მფლობელთა მოთხოვნის უფლებების წარმოშობა და ახალი აქციების გამოშვება 1. რეზოლუციის კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას ვალდებულებების გამოსაშვებ აქციებში კონვერტაციის თაობაზე, რის ფარგლებშიც რეზოლუციის კომიტეტი განსაზღვრავს შესაბამისი ვალდებულების მფლობელთა მოთხოვნის უფლებებს, რომლის თაობაზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 2. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის უფლება გასხვისებადი ხასიათისაა. ამასთან, რეზოლუციის კომიტეტი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გადაწყვეტილებაში დამატებით განსაზღვროს მოთხოვნის უფლებების სხვა პირობები და თვისებები. 3. ამ მუხლით განსაზღვრული პროცესის ეფექტურად წარმართვისა და, საჭიროების შემთხვევაში, ბანკის ვალდებულების მფლობელთა დაზუსტების მიზნით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საჯარო შეტყობინების გზით მოითხოვოს ვალდებულების მფლობელთა მხრიდან შეტყობინებისა და მათ მიერ ვალდებულების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა, რისთვისაც ეროვნული ბანკი საჯარო შეტყობინებაში განსაზღვრავს შესაბამის ვადას. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, ეროვნული ბანკი შეწყვეტს ვალდებულების მფლობელთა შეტყობინებებისა და დამადასტურებელი დოკუმენტების მიღებას, გარდა საპატიო მიზეზით ვალდებულების მფლობელის მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევისა. 4. რეზოლუციის კომიტეტი უფლებამოსილია, ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის სარეზოლუციო ინსტრუმენტის ფარგლებში ვალდებულებების აქციებში კონვერტაციის ეფექტური აღსრულების მიზნებისთვის მიიღოს გადაწყვეტილება ბანკის ახალი აქციების გამოშვების თაობაზე „რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით ახალი აქციების გამოშვების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრული წესით.
მუხლი 9. ვალდებულებების აქციებში კონვერტაციის განაკვეთების განსაზღვრა და მოთხოვნის უფლებების აქციებში გადაცვლა 1. ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ვალდებულებების აქციებში ან/და საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაციისას განსაზღვროს განსხვავებული განაკვეთები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეზოლუციის პრინციპების გათვალისწინებით, რა შემთხვევაშიც მხედველობაში იღებს ერთ-ერთ ან ორივე შემდეგ პრინციპს: ა) ვალდებულებების აქციებში ან/და საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაციის განაკვეთები სათანადოდ უნდა ანაზღაურებდეს თითოეული კრედიტორისთვის ამ პუნქტით განსაზღვრული ინსტრუმენტის გამოყენების შედეგად მიყენებულ ზიანს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეზოლუციის პრინციპების გათვალისწინებით; ბ) ვალდებულების აქციებში ან/და საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაციის განაკვეთი შესაბამისობაში უნდა იყოს ვალდებულების კლასთან (ვალდებულების უპირატესი და სუბორდინირებული ბუნების გათვალისწინებით). 2. ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის უფლებების აქციებში გადაცვლის მიზნით, ეროვნული ბანკი მოთხოვნის უფლებების ემისიის ან ვალდებულებების აქციებში კონვერტაციის განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებით ასევე განსაზღვრავს იმავე მუხლის მე-3 პუნქტით დადასტურებული ვალდებულებების აქციებში გადაცვლის ვადას. აღნიშნული ვადა შესაძლოა, იყოს მაქსიმუმ ერთი თვე, რომლის ამოწურვის შემდგომ ვალდებულების მფლობელი კარგავს მოთხოვნის უფლების აქციებში გადაცვლის შესაძლებლობას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდგომ ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს მოუკითხავი ახლადგამოშვებული აქციების გასხვისებასა და შესაბამისი ამონაგების განთავსებასა და შენახვას გონივრული ვადით იმ მოთხოვნის უფლებათა მფლობელთათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც შემდგომში სათანადოდ დაადასტურებენ, რომ მათ შესაბამისი საპატიო მიზეზით ვერ მოახდინეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში მოთხოვნის უფლებათა აქციებში გადაცვლა.
მუხლი 10. სამოქმედო გეგმა 1. ამ წესით განსაზღვრული სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებიდან ერთი თვის განმავლობაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ბანკს მოსთხოვოს სამოქმედო გეგმის შედგენა, წარდგენა და განხორციელება. სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს ბანკის ან მისი ნაწილის გაუმჯობესების გონივრულ ვადაში გრძელვადიანი გაჯანსაღების ზომებს, რომლებიც უნდა ეფუძნებოდეს გონივრულ დაშვებებს ეკონომიკური და საფინანსო სექტორის მდგომარეობის კუთხით. 2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ ეს აუცილებელია რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა ორ თვემდე გაახანგრძლივოს. 3. აღნიშნული გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებლები არიან ბანკის ადმინისტრატორები (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციალური მმართველი. 4. ამ მუხლით განსაზღვრული გეგმა უნდა მოიცავდეს ბანკის ან მისი ნაწილის გაუმჯობესების გონივრულ ვადაში გრძელვადიანი გაჯანსაღების ზომებს, რომლებიც უნდა ეფუძნებოდეს გონივრულ დაშვებებს ეკონომიკური და საფინანსო სექტორის მდგომარეობის კუთხით. 5. სამოქმედო გეგმა, უნდა აკმაყოფილებდეს, სულ მცირე, შემდეგ კრიტერიუმებს: ა) მასში შეფასებული და გაანალიზებული უნდა იქნეს საფინანსო სექტორის არსებული და სამომავლო ხედვა ბანკის ჭრილში; ბ) მასში შეფასებული და გაანალიზებული უნდა იქნეს შესაბამისი სექტორისთვის რელევანტურ დაშვებებზე დაფუძნებული სცენარები; გ) გეგმა მიზნად უნდა ისახავდეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის ძირითადი სირთულეების იდენტიფიცირებას. 6. სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ელემენტებს: ა) იმ ფაქტორების დეტალურ ანალიზს, რაც გახდა რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის სირთულეებისა და მის მიმართ რეზოლუციის შემოღების საფუძველი; ბ) იმ ზომების დეტალურ აღწერას, რომელთა მიღება აუცილებელია ბანკის ან მისი ნაწილის გაუმჯობესების გონივრულ ვადაში გრძელვადიანი გაჯანსაღებისთვის; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომების განხორციელების ვადებს. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომები, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს: ა) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის საქმიანობის რეორგანიზაციას; ბ) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის ინფრასტრუქტურის, ოპერაციული პროცესებისა და სისტემების კუთხით განსახორციელებელ ცვლილებებს; გ) ზარალის გამომწვევი საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე მისაღებ ზომებს; დ) კონკურენტუნარიანი საქმიანობის რესტრუქტურიზაციის ზომებს; ე) აქტივებისა და ბიზნესმიმართულებების გასხვისების ზომებს. 8. სამოქმედო გეგმის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, ეროვნული ბანკის საზედამხედველო და სარეზოლუციო უფლებამოსილებათა განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულები აფასებენ სამოქმედო გეგმის ეფექტურობასა და შესრულებადობას და დადებითი დასკვნის შემთხვევაში იწონებენ გეგმას, რის შესახებაც ეროვნული ბანკი აცნობებს ბანკის ადმინისტრატორებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სპეციალურ მმართველს. 9. თუ წარდგენილი სამოქმედო გეგმა არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი ბანკს ხარვეზის აღმოსაფხვრელად უდგენს ვადას არაუმეტეს 2 კვირისა, რომლის განმავლობაშიც ჩერდება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. 10. საკითხის სირთულიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სამოქმედო გეგმის განხილვის ვადა ერთჯერადად გაახაგრძლივოს ერთი თვის ვადით, რის შესახებაც აცნობებს ბანკის ადმინისტრატორებს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ან სპეციალურ მმართველს. 11. სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბანკის ადმინისტრატორებს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ან სპეციალურ მმართველს, რომელიც/რომლებიც, მინიმუმ, 6 (ექვს) თვეში ერთხელ წარუდგენს/წარუდგენენ ანგარიშს ეროვნულ ბანკს სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესისა და მიმდინარეობის თაობაზე. 12. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ბანკის ადმინისტრატორებს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ან სპეციალურ მმართველს სამოქმედო გეგმის განახლება ან მასში ცვლილებების შეტანა მოსთხოვოს, თუ, ეროვნული ბანკის შეფასებით, აღნიშნული აუცილებელია ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული მიზნისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიზნით. აღნიშნული ცვლილებები და განახლებები ამ მუხლით დადგენილი წესით უნდა შეთანხმდეს ეროვნულ ბანკთან.
მუხლი 11. ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით ბანკის რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენების შედეგები 1. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ და მისი შესრულება სავალდებულოა ბანკისთვის, დროებითი ბანკისთვის და ბანკისა და დროებითი ბანკის აქციონერებისა და კრედიტორებისთვის. 2. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის ჩამოწერილი ვალდებულება ან ამ ვალდებულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც ჯერ არ დარიცხულა, უნდა გაუქმდეს და აღარ უნდა აღდგეს. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის ვალდებულების ნაწილობრივ ჩამოწერის შემთხვევაში ის ხელშეკრულება, რომელიც საფუძვლად უდევს ამ ვალდებულებას, აგრძელებს მოქმედებას დარჩენილ ნაწილში. აღნიშნული ხელშეკრულების ნაწილი ექვემდებარება ცვლილებას ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები