საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 28/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 220010070.11.004.016070
5
28/12/2020
ვებგვერდი, 29/12/2020
220010070.11.004.016070
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №5

2020 წლის 28 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 33-ე მუხლის, ასევე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს  ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესი და პირობები თანდართული რედაქციის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2012 წლის 24 სექტემბრის №6 დადგენილება.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეკობა გვენეტაძე



საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესი და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებზე (შემდგომში – ბანკი) ბოლო ინსტანციის სესხების გაცემის წესებსა და დამატებით პირობებს.

2. ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის (შემდეგომში – სესხი) გაცემის მიზანია ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საბანკო სექტორში სისტემური პრობლემებისა და ფინანსური კრიზისის შესაძლო განვითარების თავიდან აცილება და/ან ასეთის არსებობის შემთხვევაში მათი ნეგატიური შედეგების შეძლებისდაგვარად შემცირება.

3. სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და სესხის გაცემის პირობებს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.

მუხლი 2. სესხის გაცემის პირობები

1. ეროვნული ბანკი სესხს გაცემს იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის შეფასებით:

ა) ბანკი არის გადახდისუნარიანი და მისი ბიზნესმოდელი არის მომგებიანი და სიცოცხლისუნარიანი;

ბ) ბანკი განიცდის დროებით ფინანსურ სიძნელეებს და/ან შეექმნა ან უახლოს მომავალში შეიძლება შეექმნას ლიკვიდური სახსრების დროებითი მწვავე უკმარისობა;

გ) ბანკს აქვს უნარი და შესაძლებლობა გონივრულ ვადებში გაატაროს ლიკვიდობისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის  აუცილებელი ადეკვატური ღონისძიებები, რაც ასახული უნდა იყოს ბანკის სამომავლო სამოქმედო გეგმაში;

დ) ბანკს აღარ აქვს სხვა წყაროებიდან ფინანსური რესურსების მიღების საშუალება და აქვს დასაბუთება სესხის აღების აუცილებლობისა და სესხის დროულად და სრულად დაბრუნების შესაძლებლობების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სესხი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;

ბ) სესხის საპროცენტო განაკვეთი უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ ერთდღიანი სესხისათვის დადგენილ საპროცენტო განაკვეთზე მეტი;

გ) სესხი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ განსაზღვრული სესხის უზრუნველსაყოფად მისაღები აქტივებით;

დ) სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გასცეს სესხი იმ ბანკზე, რომლის გადახდისუნარიანობა საეჭვოა. ბანკის გადახდისუნარიანობის საეჭვოობას ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. ამ პუნქტით განსაზღვრული სესხი შეიძლება გაიცეს მხოლოდ შემდეგი პირობების ერთდროულად დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ა) სესხისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი გადასახდელები, მათ შორის, პირგასამტეხლო;

ბ) სესხი უნდა გაიცეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღის ვადით, რომელიც გამონაკლის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღით. თუ ფინანსური კრიზისი არ აღმოფხვრილა ან შეიძლება სრულად არ აღმოიფხვრას ამ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია სესხი გასცეს ან მისი ვადა გაახანგრძლივოს ამ ქვეპუნქტით დადგენილზე მეტი ვადით;

გ) ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელი უნდა იყოს ადეკვატური რეკაპიტალიზაციის/რეზოლუციის პირობებში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი გეგმით, რომელიც, მათ შორის, მოიცავს დაფინანსების გეგმას;

დ) სესხი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიით. ამასთანავე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკს მოსთხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის წარმოდგენა;

ე) ამ პუნქტის შესაბამისად გაცემული სესხის მიმღებ ბანკს ეროვნული ბანკი უწესებს დამატებითი მოთხოვნებს, მათ შორის, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკს დაუწესოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები/მოთხოვნები.

მუხლი 3. სესხის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება

1. სესხის გაცემის შესახებ ბანკი წერილობით მიმართავს ეროვნულ ბანკს, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით იმავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების არგუმენტირებულ აღწერას, შეფასებას, ასევე სამომავლო სამოქმედო გეგმას;

ბ) ბანკის მიერ სესხის უზრუნველსაყოფად შეთავაზებული აქტივების სრულ და დეტალურ აღწერას.

2. ბანკის საქმიანობის ზედამხეველობაზე პასუხისმგებელი ვიცე-პრეზიდენტი  ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომას წარუდგენს:

ა) ინფორმაციას ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით იმავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების შესახებ;

ბ) ინფორმაციას ბანკის საკუთრებაში არსებული იმ აქტივების სახეობების, ხარისხისა და ღირებულების შესახებ, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას სესხის უზრუნველსაოფად და რომელიც შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 4 აპრილის №3 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირაოს მართვის დებულებით“ (შემდგომში – ფინანსური გირაოს მართვის დებულება) გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

გ) წინადადებებს ბანკისათვის სესხის გაცემის მიზანშეწონილობისა და გასაცემი სესხის ოდენობისა და სესხის პირობების შესახებ;

დ) წინადადებებს, საჭიროების შემთხვევაში, ბანკისათვის სხვა პირობებისა და/ან დამატებითი მოთხოვნების დაწესების შესახებ.

3. ეროვნული ბანკის საბჭო განიხილავს სესხის გაცემის შესახებ ბანკის წერილობით მიმართვას და ბანკის საქმიანობის ზედამხეველობაზე პასუხისმგებელი ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციას და წინადადებებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ბანკის მიმართვიდან არაუმეტეს 15 დღისა. ეროვნული ბანკის საბჭო დროულად აცნობებს ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორის კომიტეტს ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სესხის საჭიროების თაობაზე.

4. ეროვნული ბანკის საბჭოს უფლება აქვს სესხის გაცემასთან დაკავშირებით ბანკს გარკვეული პერიოდით აუკრძალოს და/ან შეუჩეროს დივიდენდებისა და ბონუსების გაცემა, დაუწესოს სხვა შეზღუდვები/მოთხოვნები, ასევე – შეღავათები.

5. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სესხის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული უნდა იყოს ბანკის მფლობელობაში არსებული აქტივები ფინანსური გირაოს მართვის დებულების შესაბამისად, ხოლო ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია და საჭიროების შემთხვევაში, სხვა აქტივები ფინანსური გირაოს მართვის დებულების შესაბამისად.

6. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სესხის უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უპირობო და გამოუთხოვად გარანტიას წარადგენს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე.

7. ეროვნული ბანკის საბჭო კონკრეტულ ბანკზე სესხის გაცემის გადაწყვეტილების მიღებისას, განსაზღვრავს კონკრეტული სესხის უზრუნველყოფის საშუალებებს და მათი ჰეარქათის ოდენობას აქტივების სახეობების მიხედვით.

8. ეროვნული ბანკის საბჭომ შეიძლება განსაზღვროს განსხვავებული ჰეარქათი სესხის უზრუნველყოფის საშუალებად გამოსაყენებელი თითოეული აქტივის ან აქტივების ჯგუფის სახეობის, ხარისხის და საბაზრო (ან სალიკვიდაციო) ღირებულებიდან გამომდინარე შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) თუ აქტივი აღიარებულია მონეტარული ოპერაციებისათვის მისაღებ აქტივად, მაშინ მისი ჰეარქათის ოდენობა უნდა იყოს მონეტარული ოპერაციებისათვის უზრუნველყოფის აქტივზე დადგენილი ჰეარქათის ოდენობის შესაბამისი;

ბ) ფინანსური გირაოს მართვის დებულებით განსაზღვრული D და E ჯგუფის აქტივების ჰეარქათის ოდენობა არ უნდა იყო 20%-ზე ნაკლები;

გ) ფინანსური გირაოს მართვის დებულებით განსაზღვრული F ჯგუფში შემავალი  აქტივების ჰეარქათის ოდენობა არ უნდა იყო 30%-ზე ნაკლები.

9. ეროვნული ბანკი წინასწარ და პერიოდულად ახორციელებს სესხით პოტენციურად მოსარგებლე ბანკის აქტივების ხარისხის შეფასებას და საბაზრო (ან სალიკვიდაციო) ფასის განსაზღვრას, რათა სესხით სარგებლობის შემთხვევაში დროულად მოხდეს დასაგირავებელი აქტივების ჰეარქათის განსაზღვრა და მათი დაგირავება. ამისათვის, ეროვნული ბანკი ახორციელებს ამ სესხის უზრუნველყოფად გამოსაყენებელი აქტივების რეესტრის შექმნას და მართვას მის მიერ დადგენილი ფორმატით.

10. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს მიზეზის მითითების გარეშე უარი უთხრას ბანკს სესხის გაცემაზე.

11. სესხის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ამზადებს სესხის ხელშეკრულების პროექტს და წარუდგენს ბანკს.

12. ორივე მხარის მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული სესხის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ეროვნული ბანკი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და სესხის ხელშეკრულების შესაბამისად განახორციელებს სესხის გაცემისა და აქტივების დაგირავების პროცედურას.

13. სესხის პირობის/პირობების ცვლილება ხდება იმავე პროცედურების დაცვით, როგორც სესხის გაცემა.

მუხლი 4. სესხის პირობების დარღვევა

1. ბანკის მიერ სესხის სრულ დაფარვამდე, ბანკის საქმიანობის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ეროვნული ბანკის საბჭოს ყოველკვარტალურად წარუდგენს ინფორმაციას ბანკის მიერ სამოქმედო გეგმის და/ან სესხის ხელშეკრულების პირობების შესრულების შესახებ.

2. ბანკის მიერ სამოქმედო გეგმის და/ან სესხის ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე, ბანკის საქმიანობის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ვიცე-პრეზიდენტი უფლებამოსილია საკითხი განსახილველად წარუდგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს.

3. ბანკის მიერ სამოქმედო გეგმის და/ან სესხის ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ბანკს მოსთხოვოს სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაუყოვნებელი და უპირობო დაფარვა.

4. სესხის სრულად და/ან ნაწილობრივ დაუფარაობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ბანკის აქტივიდან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 64-ე მუხლის შესაბამისად, ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სესხის გაცემის შემთხვევაში მოითხოვოს  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდა, აგრეთვე გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები ან/და სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა დებულებები.