სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 791
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 040110050.10.003.022518
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
791
24/12/2020
ვებგვერდი, 28/12/2020
040110050.10.003.022518
სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/12/2020 - 30/03/2022)

სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №791

2020 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის  №302 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია



სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის  ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.  სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის (გარდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისა, შემოქმედებითი კავშირებისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში – ქონება) სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა საჯარო რეესტრში უნდა დაარეგისტრიროს იმ სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანომ, მუნიციპალიტეტმა ან საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, რომელსაც სარგებლობაში გადაეცა ეს ქონება.

3. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისა და ამ უფლების შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის ხარჯებს ანაზღაურებენ ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, მუნიციპალიტეტი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

4. აკრძალულია ქონების სარგებლობაში მიმღების მიერ სარგებლობაში გადაცემული ქონების იპოთეკით დატვირთვა, დაგირავება, სერვიტუტით დატვირთვა, უძრავ ქონებაზე სხვაგვარი განკარგვითი გარიგების დადება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც იწვევს ქონების მესაკუთრის შეცვლას, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ქონების სააგენტო) უფლებამოსილია მიმართოს სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს, მუნიციპალიტეტს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნით.

 

მუხლი 2. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მოთხოვნის წარმდგენი

ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მოთხოვნის წარმდგენი შეიძლება იყოს:

ა) სახელმწიფო ორგანო;

ბ) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო;

გ) მუნიციპალიტეტი;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

 

მუხლი 3. სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის წესი

1. სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოებს, მუნიციპალიტეტს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ქონება სარგებლობის უფლებით შეიძლება გადაეცეთ უსასყიდლოდ (გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ვადით ან უვადოდ.

2. სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, მუნიციპალიტეტი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების სააგენტოს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შესახებ. ქონების სააგენტო განცხადების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც შესაბამისი ორგანოსათვის/მუნიციპალიტეტისათვის/საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. ქონების სააგენტოს მიერ უარის თქმის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობით ქონების გადაცემის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

3. განცხადება უნდა შეიცავდეს მიმართვის წარმდგენი ორგანოს/მუნიციპალიტეტის/საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელებას და დასაბუთებულ მოთხოვნას ქონების გადაცემის თაობაზე. განცხადებას თან უნდა ახლდეს სარგებლობაში გადასაცემი ქონების მონაცემები (უძრავი ნივთის შემთხვევაში, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ან რეგისტრირებული მონაცემები საჯარო რეესტრიდან).

4. ქონების სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოებისათვის, მუნიციპალიტეტებისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის პირველადი გადაცემა ხორციელდება ქონების სააგენტოს წერილობითი თანხმობით.

5. ქონების სააგენტოს მიერ ქონების სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოებისათვის, მუნიციპალიტეტებისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე წერილობითი თანხმობა უნდა შეიცავდეს:

ა) ქონების მიმღები ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელებას;

ბ) ქონების დასახელებასა და დახასიათებას;

გ) ქონების მიმღები ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას;

დ) გადაცემის სხვა პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემისას საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები და ქონების სარგებლობის უფლებით გამცემს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია მათი შესრულების თაობაზე.

 

მუხლი 4. სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს, მუნიციპალიტეტის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ თავის სარგებლობაში არსებული ქონების სხვა სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემის წესი

1. ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შემდეგ სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოები, მუნიციპალიტეტები ან საჯარო სამართლის იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან შესაბამისი ორგანოს/მუნიციპალიტეტის/საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეს ქონება სარგებლობაში გადასცენ სხვა სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს, მუნიციპალიტეტს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რის თაობაზეც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს, მუნიციპალიტეტს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს უფლება აქვს, ამ წესის შესაბამისად, სარგებლობაში გადასცეს ის ქონება, რომელიც მას გადაცემული აქვს სარგებლობაში ან მის ბალანსზე ირიცხება.

2. სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, მუნიციპალიტეტი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე წერილობით, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს იმ სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს, მუნიციპალიტეტს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც ეს ქონება გადაცემული აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს თავის სარგებლობაში არსებული ქონების გადაცემის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.

3. იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, საქართველოს მთავრობის თანხმობით, სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანომ, მუნიციპალიტეტმა ან საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ქონება შეიძლება გადასცეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ.

4. მიმართვა უნდა შეიცავდეს სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს, მუნიციპალიტეტის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელებას და დასაბუთებულ მოთხოვნას ქონების გადაცემის თაობაზე. მიმართვას თან უნდა ახლდეს ქონების მონაცემები (უძრავი ნივთის შემთხვევაში, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ან რეგისტრირებული მონაცემები საჯარო რეესტრიდან).

5. სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, მუნიციპალიტეტი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების სარგებლობაში გადაცემის მოთხოვნით მიმართვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მოთხოვნილი ქონების გადაცემის თაობაზე, რაც შესაბამის ქონების მმართველსა და ამ სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს, მუნიციპალიტეტს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შორის ქონების გადაცემის თაობაზე ადრე დადებული ხელშეკრულების ან შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უფლების რეგისტრაციის საფუძველია.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს:

ა) ქონების მიმღები ორგანოს/მუნიციპალიტეტის/საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელებას;

ბ) ქონების დასახელებასა და დახასიათებას;

გ) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას (თუ არ ხდება უვადოდ გადაცემა);

დ) ქონების გადაცემის სხვა პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7. სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელმა შეიძლება განახორციელოს ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილების დელეგირება.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმდეს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, მუნიციპალიტეტი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი უძრავი ნივთის სხვა სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე ვალდებულია გადაცემიდან არაუგვიანეს 1 თვისა ინფორმაცია წარუდგინოს ქონების სააგენტოს.

 

მუხლი 5. იმ ქონების, რომლის მესაკუთრე დაუდგენელია, სარგებლობაში გადაცემის წესი

1. თუ ვერ დგინდება ქონების მესაკუთრე, სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების სააგენტოს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ქონების სააგენტო განცხადების წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქონების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვისა და ამავე ორგანოსათვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. თუ ქონების სააგენტო დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია მიმართოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვისა და ამავე ორგანოსათვის/საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის მოთხოვნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი წარადგენს ქონების სარეგისტრაციო დოკუმენტაციას (საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, ტექნიკურ პასპორტს და სხვ.).

3. თუ ვერ დგინდება ქონების მესაკუთრე, მუნიციპალიტეტი ქონების სააგენტოს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ქონების სააგენტო განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქონების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვისა და მუნიციპალიტეტის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. თუ ქონების სააგენტო დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მიმართოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნით.

 

მუხლი 6. გარდამავალი დებულება

ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა ასევე ვრცელდება იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, რომელთაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადაეცათ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე.