პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემის დამტკიცების შესახებ

პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 120/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.017979
120/ნ
28/12/2020
ვებგვერდი, 29/12/2020
430060000.22.022.017979
პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №120/ნ

2020 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემის დამტკიცების შესახებ

 „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემა“ თანდართული დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დანართი

პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი ადგენს პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების (ECVET) – (შემდგომში –  კრედიტი) მინიჭებისა და გადატანის (ტრანსფერი) წესს.

2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლას, ფორმალური და არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებას,  კრედიტების მინიჭების, დაგროვებისა და გადატანის (ტრანსფერის) სისტემის განვითარებას.

მუხლი 2.  კრედიტების  მინიჭების ზოგადი წესი

1. კრედიტების მინიჭება ხორციელდება სამ ეტაპად:

ა) კვალიფიკაციის მინიჭებისათვის საჭირო კრედიტების მინიმალური მოცულობის განსაზღვრა;

ბ) სწავლის შედეგების მოცულობის განსაზღვრა კრედიტებში;

გ) მოდულისთვის კრედიტების ჯამური მოცულობის განსაზღვრა.

2. კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო კრედიტების რაოდენობა განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით განსაზღვრული კვალიფიკაციის დონისა და პროგრამის ხანგრძლივობის მიხედვით.

3. ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ფორმალური განათლების ფარგლებში სრული სასწავლო დატვირთვის პირობებში მიღწევადი სწავლის შედეგების ერთობლიობა შეადგენს 60 კრედიტს. სრული სასწავლო დატვირთვა გულისხმობს პირის მიერ ერთი კალენდარული წლის მანძილზე 1500 – 1800 (საკონტაქტო და არასაკონტაქტო) საათიან დატვირთვას.

4. სწავლის შედეგის მოცულობა კრედიტებში არის რიცხვითი გამოსახულება, რომელიც სწავლის შედეგს ენიჭება კონკრეტული კვალიფიკაციის მიზნებიდან გამომდინარე მისი მნიშვნელოვნების გათვალისწინებით.

5. სწავლის შედეგის მოცულობა კრედიტებში განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

ა) სწავლის შედეგის მნიშვნელოვნება პირისთვის შრომის ბაზარზე გასვლის ან სოციალური ინტეგრაციისთვის;

ბ) სწავლის შედეგის სირთულე, მასშტაბურობა და  კომპლექსურობა;

გ) პირის მიერ სწავლის შედეგის მისაღწევად გასაწევი ძალისხმევა.

6. მოდულის კრედიტი წარმოადგენს მასში შემავალი სწავლის შედეგების კრედიტების ჯამს.

7. დასაშვებია სხვადასხვა კვალიფიკაციის ფარგლებში ერთიდაიმავე სწავლის შედეგისათვის კრედიტების განსხვავებული მოცულობის მინიჭება.

8. კრედიტების მინიჭების მეთოდოლოგია განისაზღვრება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 3. პირისთვის კრედიტის მინიჭების წესი

1. პირს კრედიტი  ენიჭება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე.

2. სწავლის შედეგების მიღწევა შესაძლებელია როგორც ფორმალური განათლების, ისე არაფორმალური განათლების მიღების გზით.

3. სწავლის შედეგის დადასტურება ხორციელდება:

ა) სწავლის შედეგის შეფასებით;

ბ) სწავლის შედეგის აღიარებით.

4. ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგის მიღწევის შეფასება ხორციელდება შესაბამისი პროგრამით განსაზღვრული წესით.

5. არაფორმალური განათლებისა და ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 4. კრედიტების გადატანა (ტრანსფერი)

1კრედიტების გადატანის (ტრანსფერის) მიზანია მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობა, რაც უზრუნველყოფს პირისთვის სწავლის გაგრძელების ან/და კვალიფიკაციის მინიჭების  შესაძლებლობას.

2. კრედიტების გადატანა (ტრანსფერი) ხორციელდება პირის მიერ ფორმალური განათლებისა ან/და არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების გზით.

3. სწავლის შედეგების აღიარების შემთხვევაში კრედიტების გადატანა (ტრანსფერი) ხორციელდება იმ პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის შესაბამისად, რომლის მიზნებისთვისაც მოხდა სწავლის შედეგების აღიარება.

4. კრედიტების გადატანას (ტრანსფერს) ახორციელებს შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებაზე უფლებამოსილი დაწესებულება.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი