დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 176 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 21/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017102 |
|
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის, №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
|
ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. „ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი“ (შემდგომ – წესი) არეგულირებს ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სასაზღვრო გამტარი პუნქტებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესსა და პირობებს, აგრეთვე ადგენს საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადებსა და წესს. 2. წესის მიზანია ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესების დაცვის უზრუნველყოფა. 3. წესი ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელიც მიემგზავრება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში და სარგებლობს უვიზო მიმოსვლის რეჟიმით. 4. პირზე, რომელიც მესამე ქვეყნის გავლით, ტრანზიტის გზით, მიემგზავრება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში, წესის რეგულაციები ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის (შემდგომ – დეპარტამენტი) ცნობილი გახდა, რომ პირის მგზავრობის საბოლოო დანიშნულებას წარმოადგენს ევროკავშირის წევრი/შენგენის ზონის ქვეყანა. 5. წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მიემგზავრება დიპლომატიული ან სამსახურებრივი პასპორტის გამოყენებით. მუხლი 2. საქართველოდან გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლები 1. ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრებისას საქართველოს მოქალაქის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი მოიცავს აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლების შემოწმებას. აღნიშნული შემოწმება ხორციელდება დეპარტამენტის მოსამსახურის მიერ საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. აეროპორტში წესით გათვალისწინებული შემოწმება შესაძლოა განხორციელდეს წინასწარ, პირის მიერ საპასპორტო კონტროლის გავლამდეც. 3. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ: ა) დეპარტამენტის უფლებამოსილი მოსამსახურისთვის ცნობილია, რომ საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა; ბ) საქართველოს მოქალაქე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად არ წარადგენს: ბ.ა) ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემულ შესაბამის ბიომეტრიულ პასპორტს, რომლის მოქმედების ვადაც საქართველოს მოქალაქის მიერ ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დატოვების დღისათვის არანაკლებ 3 თვეა; ბ.ბ) ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დასატოვებლად საჭირო, ვარგის სამგზავრო ბილეთს ან ასეთი სამგზავრო ბილეთის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს; ბ.გ) ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში მდებარე სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს, ამ სასტუმროში/საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სხვა სათანადო დოკუმენტს ან ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში კანონიერად მცხოვრები მასპინძლის თანხმობას თავის საცხოვრებელ ადგილას საქართველოს მოქალაქის განთავსებაზე, აგრეთვე ინფორმაციას აღნიშნული სასტუმროს/საცხოვრებელი ადგილის მისამართის შესახებ; ბ.დ) ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში მოქმედი ჯანმრთელობის სამოგზაურო დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს; ბ.ე) მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებას ან მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს. 4. საქართველოს მოქალაქეს, შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოება მაინც. მუხლი 3. საქართველოდან გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლების შესწავლა 1. დეპარტამენტის მოსამსახურე საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას შეისწავლის საქართველოდან გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლის არსებობას. ამ მიზნით აფასებს მგზავრის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, ამოწმებს მგზავრის მონაცემებს სამინისტროს სისტემის მონაცემთა ბაზებში, საჭიროებისამებრ, აფასებს მგზავრის წარსულში ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მოგზაურობის ისტორიას, მხედველობაში იღებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ გარემოებებსა და რისკფაქტორებს. 2. წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა უნდა დასტურდებოდეს მათ შორის, სამინისტროს სისტემაში არსებულ მონაცემთა ბაზებში დაცული ან/და საზღვრის კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ან საერთაშორისო ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით. 3. წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის სამოგზაურო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი სრულად უნდა შეესაბამებოდეს ზემოაღნიშნული დოკუმენტის მიმართ ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში არსებულ რეგულაციებს, მათ შორის, დოკუმენტის მოქმედების ვადასა და სადაზღვევო თანხის ოდენობასთან დაკავშირებით. 4. ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში კანონიერად მცხოვრები მასპინძლის თანხმობა თავის საცხოვრებელ ადგილას საქართველოს მოქალაქის განთავსებაზე (ე.წ. მოწვევის წერილი), შესრულებული უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სავალდებულოა მისი სახელმწიფო ენაზე თარგმნა და თარგმანის ნოტარიულად დამოწმება. 5. წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურებისას მხედველობაში მიიღება გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიერ საბანკო ანგარიშებზე გამგზავრების დღის მონაცემებით ხელმისაწვდომი თანხის არსებობის დამადასტურებელ ელექტრონული ან/და ბეჭდვითი დოკუმენტი, აგრეთვე ნაღდი ფულის სახით მგზავრის ხელთ არსებული/წარმოდგენილი თანხა. პირის მიერ წარმოდგენილი ფინანსური უზრუნველყოფა უნდა შეესაბამებოდეს მგზავრობის დანიშნულების ქვეყნის მიერ მოთხოვნილ ოდენობას, გამგზავრების დღისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.geoconsul.gov.ge) არსებული ინფორმაციის შესაბამისად. 6. დეპარტამენტის მოსამსახურე უფლებამოსილია გადაიღოს საქართველოდან გასვლის მსურველი პირის მიერ მატერიალური ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტის ასლი, ხოლო ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტი აღბეჭდოს სამხრე ვიდეოკამერით. მუხლი 4. საქართველოდან გასვლაზე გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი გარემოებები 1. საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოდან გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლების დეტალური შესწავლის საჭიროება არსებობს, თუ სახეზეა რომელიმე შემდეგი გარემოება: ა) პირის მიერ ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადის დარღვევის ფაქტ(ებ)ი; ბ) პირისათვის საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის შესახებ წინათ მიღებული გადაწყვეტილება და უარის თქმის საფუძველი (მიზეზი); გ) ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლაზე უარი; დ) პირის მიერ შეცვლილი საიდენტიფიკაციო მონაცემებით (სახელი/გვარი) ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია; ე) ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს პირის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის დამაბრკოლებელ გარემოებაზე. 2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტითა და წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის რომელიმე საფუძველი, დეპარტამენტის მოსამსახურე უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას შეაფასოს და მხედველობაში მიიღოს: ა) პირის ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მგზავრობის/მოგზაურობის ისტორია; ბ) მგზავრობის მიზანი, მათ შორის, როგორიცაა, მივლინება, გადაუდებელი სამედიცინო საჭიროება; გ)ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს პირის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ხელშემწყობ გარემოებაზე. მუხლი 5. საქართველოდან გასვლაზე გადაწყვეტილების მიღება 1. დეპარტამენტის მოსამსახურე საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის საქართველოდან დროებითი გასვლის ან გასვლაზე უარის შესახებ. 2. თუ საპასპორტო კონტროლის გავლისას არ გამოვლინდა საზღვრის გადაკვეთის დამაბრკოლებელი გარემოება, პასპორტში ან მის შემცვლელ დოკუმენტში აღინიშნება საზღვრის გადაკვეთის ფაქტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და პირს უფლება ეძლევა საქართველოდან დროებით გასვლაზე. 3. თუ საპასპორტო კონტროლის გავლისას გამოვლინდა საზღვრის გადაკვეთის „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დამაბრკოლებელი რომელიმე სხვა გარემოება, პირს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას (შემდგომ – გადაწყვეტილება) იღებს დეპარტამენტის მოსამსახურე წესის დანართის შესაბამისად. 4. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული. გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლაზე უარის თქმის კონკრეტული საფუძველი. გადაწყვეტილების 1 ეგზემპლარი გადაეცემა პირს, რომელსაც უარი ეთქვა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, ხოლო 1 ეგზემპლარი რჩება დეპარტამენტში. 5. თუ პირი უარს აცხადებს გადაწყვეტილების ასლის მიღებაზე, დეპარტამენტის მოსამსახურე ამას აღნიშნავს გადაწყვეტილებაში, რის შემდეგაც გადაწყვეტილება ითვლება ჩაბარებულად. 6. დეპარტამენტის უფლებამოსილი მოსამსახურე ინფორმაციას მგზავრისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის შესახებ ატყობინებს შესაბამის კომპანიას, გადაწყვეტილების მიღებისთანავე. მუხლი 6. ვიდეოგადაღება 1. დეპარტამენტის მოსამსახურე ახორციელებს პირისათვის საქართველოდან გასვლაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის განმარტების პროცესის ვიდეოგადაღებას ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით. 2. დეპარტამენტის მოსამსახურე მოვალეა აცნობოს მოქალაქეს სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ვიდეო - აუდიო ჩაწერის დაწყების თაობაზე. 3. ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით მოპოვებული მონაცემები ინახება სპეციალურ სერვერზე. სპეციალურ სერვერზე ინფორმაციის განთავსება ხდება დეპარტამენტის სამხრე ვიდეოკამერაზე პასუხისმგებელი მოსამსახურის მიერ. 4. სამხრე ვიდეოკამერების მეშვეობით მოპოვებული მონაცემები ინახება 30 დღის ვადით. გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემების ამოღება და შემდგომი შენახვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. სამხრე ვიდეოკამერების მეშვეობით მოპოვებული მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 7. გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი 1. გადაწყვეტილება საქართველოდან გასვლის მსურველ პირს შეუძლია გაასაჩივროს აქტის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საჩივარს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) იხილავს 30 (ოცდაათი) დღის ვადაში, რომელიც საჩივრის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) დღისა. |
დოკუმენტის კომენტარები