საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის შექმნის თაობაზე

საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის შექმნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2459
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025888
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2459
15/12/2020
ვებგვერდი, 15/12/2020
000000000.00.003.025888
საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის შექმნის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2459

2020 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის შექმნის თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას COVID-19-ის ვაქცინაციის პოლიტიკის განსაზღვრისა და დანერგვის ხელშეწყობისთვის საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია (შემდგომში − კომისია), შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე −  კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ე) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ვ) სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი − კომისიის წევრი;

ზ) სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი − კომისიის წევრი;

თ) სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი −  კომისიის წევრი;

ი) სსიპ − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი − კომისიის წევრი;

კ) სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი −  კომისიის წევრი;

ლ) (ამოღებულია - 17.12.2020, №2495);

მ) საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე −  კომისიის წევრი.

2. კომისიის მუშაობაში წევრის სტატუსით მონაწილეობა ეთხოვოთ:

ა) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ქვეყნის წარმომადგენლობას;

ბ) გაეროს ბავშვთა ფონდის ქვეყნის წარმომადგენლობას;

გ) აზიის განვითარების ბანკის ქვეყნის მისიას;

დ) მსოფლიო ბანკის ქვეყნის წარმომადგენლობას;

ე) გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობას;

ვ) ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობას;

ზ) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს.;

თ) საქართველოს სახალხო დამცველს/საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელს.

3. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის დებულება“. 

პრემიერ-მინისტრის                                                  გიორგი გახარია

მოვალეობის შემსრულებელი

 

საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის დებულება“ (შემდგომში − დებულება) განსაზღვრავს კომისიის სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.

2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

მუხლი 2. კომისიის ამოცანა და უფლებამოსილება

1. კომისიის ამოცანაა:

ა) COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე, საჭიროებისამებრ, მისი განახლება;

ბ) COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი.

2. კომისია უფლებამოსილია, განახორციელოს:

ა) COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვისთვის სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული გაერთიანებების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;

ბ) COVAX Facility-სთან კომუნიკაცია ეროვნული კოორდინატორის მეშვეობით;

გ) COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვის კოორდინაცია;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ექსპერტების, საქართველოს პარლამენტის წევრების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მოწვევა, კომისიის საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით.

მუხლი 3. კომისიის საქმიანობა

1. კომისიის სხდომას იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

2. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით.

3. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, უძღვება კომისიის სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს მასში სათანადო ცვლილებები, იწვევს კომისიის რიგგარეშე სხდომებს.

4. კომისიის წევრი უფლებამოსილია, კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის სხდომის მოწვევამდე არანაკლებ სამი დღით ადრე, წერილობით წარუდგინოს კომისიის სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება, შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.

5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

6. გამონაკლის შემთხვევაში, კომისიის სხდომა შესაძლებელია, ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში.

7. კომისიის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრ(ებ)ის წერილობითი თხოვნის საფუძველზე.

8. კომისიის წევრებისათვის კომისიის სხდომაზე დასწრება სავალდებულოა.

9. კომისიის წევრის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი მოვალეობის შემსრულებელი ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე პირი.

10. კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

11. კომისია უფლებამოსილია, სხდომებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები სათათბირო ხმის უფლებით.

მუხლი 4. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება

1. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის წევრს არ აქვს ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

2. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება და ფორმდება სხდომის ოქმით.

3. ელექტრონულ ფორმატში სხდომის ჩატარების შემთხვევაში, კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კომისიის წევრთა მიერ გაგზავნილი თანხმობის წერილის საფუძველზე. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

მუხლი 5. კომისიის სამდივნო

1. კომისიის სამდივნო:

ა) უზრუნველყოფს კომისიის ანალიტიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას;

ბ) ადმინისტრირებას უწევს კომისიის საქმიანობას;

გ) ამზადებს კომისიის დღის წესრიგებს, სხდომის ოქმებსა და სამუშაო დოკუმენტებს, უგზავნის მათ კომისიის წევრებს;

დ) კომისიის წევრებსა და სხდომაზე მიწვეულ პირებს ატყობინებს სხდომის ჩატარების თარიღისა და ადგილის შესახებ ინფორმაციას და უგზავნის მათ კომისიის სხდომის დღის წესრიგს, სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე;

ე) უზრუნველყოფს კომისიის მიერ ინიციირებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობის შესრულებას;

ვ) ხელს უწყობს სამუშაო ჯგუფის გამართულ და ეფექტიან მუშაობას.

2. კომისიის სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველო.