სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 717
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 480430000.10.003.022439
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
717
30/11/2020
ვებგვერდი, 30/11/2020
480430000.10.003.022439
სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/11/2020 - 18/07/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №717

2020 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო პროგრამა − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“.

 

მუხლი 2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აწარმოე საქართველოში უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



სახელმწიფო პროგრამა − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი

 


მუხლი 1. პროგრამის მიზანი და აღწერა

„სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანს წარმოადგენს, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მექანიზმის შექმნით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის, ცოდნისა და ტექნოლოგიის შემოდინებისა და განსაზღვრულ ეკონომიკურ სექტორებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

პროგრამის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სააგენტო/გრანტის გამცემი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოში;

ბ) პროგრამა − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი;

გ) კომპანია/საწარმო/გრანტის მიმღები − „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელსაც პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის არ უფიქსირდება დანართ №1-ით განსაზღვრული მიზნობრივი საქმიანობის სახეში ოპერირების ფაქტი საქართველოს ტერიტორიაზე და პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში და წარმოადგენს სათავო/მშობელი კომპანიის შვილობილ კომპანიას;

დ) შვილობილი კომპანია – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელსაც პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის არ უფიქსირდება დანართ №1-ით განსაზღვრული მიზნობრივი საქმიანობის სახეში ოპერირების ფაქტი საქართველოს ტერიტორიაზე და რომელშიც სათავო/მშობელი  კომპანია ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს;

ე) სათავო/მშობელი კომპანია − საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული/რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს შვილობილი კომპანიის მეშვეობით და შვილობილი კომპანიის მიერ პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის არ უფიქსირდება დანართ №1-ით განსაზღვრული შვილობილი კომპანიის საქმიანობის სახეში ოპერირების ფაქტი საქართველოს ტერიტორიაზე;

ვ) განაცხადი − კომპანიის მიერ, პროგრამის ფარგლებში, სააგენტოსთვის წარდგენილი განცხადების ფორმა პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, რომელიც მოიცავს ბიზნესგეგმასა და ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ზ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და კომპანიას შორის დადებული შეთანხმება პროგრამით განსაზღვრული სარგებლის მიღების თაობაზე;

თ) განსაზღვრული სექტორები − საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის (სეკ 006-2016) (NACE-Rev-2) შესაბამისად შერჩეული და ამ პროგრამის დანართ №1-ში მოცემული ინდუსტრიები;

ი) ბენეფიციარი − კომპანია, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული გრანტი;

კ) გრანტი − სააგენტოს მიერ ამ პროგრამის ფარგლებში მიზნობრივად გაცემული ფულადი სახსრები, რომლებიც „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ მიიჩნევა  „გრანტად“;

ლ) უცხოური ინვესტიცია − ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, კაპიტალის ნაკადების შემოდინება უცხო ქვეყნიდან საქართველოში;

მ) საინვესტიციო ვალდებულება − კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება განსაზღვრული საინვესტიციო პროექტის შესაბამის ვადებში განხორციელების, ინვესტიციის მოცულობისა და შექმნილი სამუშაო ადგილების თაობაზე.

მუხლი 3. პროგრამაში მონაწილე სუბიექტთა უფლებამოსილება

1. სააგენტო:

1.1. ახორციელებს პროგრამის კოორდინაციასა და პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებას.

1.2. ახორციელებს პროგრამით დაინტერესებული კომპანიების საკონსულტაციო მომსახურებით უზრუნველყოფას.

1.3. აფორმებს ხელშეკრულებას პროგრამის ბენეფიციართან და უზრუნველყოფს მის დაფინანსებას (გრანტის გაცემას) სააგენტოს ასიგნებებიდან, პროგრამით განსაზღვრული წესითა და პირობებით.

1.4. დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს განაცხადის ფორმას, მისი წარდგენისა და პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის პროცედურას და შესაბამისობის დადგენაზე უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულს.

1.5. ახორციელებს ბენეფიციართა მხრიდან ხელშეკრულებითა და ამ პროგრამით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს, ბენეფიციართან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი პერიოდულობითა და წესით.

1.6. უფლებამოსილია, ბენეფიციართან გაფორმებულ ხელშეკრულებაში დაადგინოს პროგრამის დამატებითი პირობები.

2. კომპანია:

2.1. სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განაცხადით მიმართავს სააგენტოს.

2.2. სააგენტოსა და მას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს ხელშეკრულებაში მითითებულ საქმიანობას, მითითებულ ვადაში და განსაზღვრული პირობებით.

2.3. სააგენტოსთან ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ანგარიშვალდებულია სააგენტოს წინაშე, ხელშეკრულებითა და ამ პროგრამით განსაზღვრული წესითა და პერიოდულობით. 

მუხლი 4. გრანტის მიზნობრიობა

1. პროგრამის ფარგლებში სააგენტო უფლებამოსილია, გრანტი გასცეს კომპანიის მიერ ქვემოთ დასახელებული მიზნობრიობით გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად:

ა) კომპანიის მიერ სამუშაო ძალის გადამზადება/ტრენინგი;

ბ) კომპანიის მიერ ინფრასტრუქტურის ან/და კომუნიკაციების მოწყობა.

2. სამუშაო ძალის გადამზადების/ტრენინგის მიზნობრიობით გაცემული გრანტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს კომპანიის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ქვემოთ ჩამოთვლილი გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად:

ა)  ტრენერების სახელფასო ანაზღაურება (ადგილობრივი და უცხოელი);

ბ) სატრენინგო მომსახურების ღირებულება;

გ) უცხოელი ტრენერების ჩამოყვანის შემთხვევაში, ტრენერების მგზავრობასა და განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯები;

დ) გადასამზადებელი თანამშრომლების საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ვიზიტის შემთხვევაში, თანამშრომლების მგზავრობასა და განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯები;

ე) სასწავლო სივრცის დაქირავების საჭიროების შემთხვევაში, ქირის ხარჯი;

ვ) გადამზადების მიზნებისთვის აუცილებელი აღჭურვილობის შეძენის/ქირავნობის ხარჯი (ჩაფხუტები, სპეცტანსაცმელი და ა. შ.).

3. ინფრასტრუქტურის ან/და კომუნიკაციების მოწყობის მიზნობრიობით გაცემული გრანტი შეიძლება, გამოყენებულ იქნეს კომპანიის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ქვემოთ ჩამოთვლილი გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად:

ა) საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად აუცილებელი  შენობა-ნაგებობის მშენებლობის (მიწის მოსამზადებელი სამუშაოები) ან/და რემონტის ხარჯი;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, კომუნიკაციების მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯები (გზის გაყვანა/შეკეთება; ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისა და შესაბამისი ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოები; საკანალიზაციო გაყვანილობებისა და სისტემების მოწყობა, საწარმოსთან წყლისა და გაზის მიყვანა; ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფა).

4. კომპანია  უფლებამოსილია, მიიღოს გრანტი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან/და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნობრიობით გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად, ამავე პროგრამის  მე-6 მუხლის შესაბამისად დადგენილი ოდენობის ფარგლებში.

მუხლი 5. პროგრამის მიმართულებები და კრიტერიუმები

1. ამ პროგრამით, პროგრამის მიზნებისათვის განსაზღვრული სექტორებია:

1.1. წარმოება.

1.2. ექსპორტზე ორიენტირებული/მომუშავე ბიზნესსერვისების/ პროცესების აუთსორსინგი (BPO − საქართველოდან სხვა ქვეყანაში/უცხოურ ბაზარზე მომსახურების მიწოდებას/აუთსორსინგს).

1.3. დასაწყობება და ლოგისტიკური ცენტრების შექმნა.

1.4. საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება (MRO).

შენიშვნა: ზემოთ ჩამოთვლილი სექტორები, შესაბამისი საქმიანობის კოდებით, დეტალურად მოცემულია ამ პროგრამის დანართ №1-ში.

2. საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:  

ა) არის შვილობილი კომპანია;

ბ) ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით კომპანიის მიერ ნაკისრი ინვესტიციის მოცულობის ვალდებულების არანაკლებ 50%-ის უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს უცხოური ინვესტიციით;

გ) მშობელ კომპანიას აქვს არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება პროგრამის დანართ №1-ში ჩამოთვლილ ან/და მათთან დაკავშირებულ ეკონომიკურ საქმიანობებში. ამასთან, პროგრამის მიზნებისათვის, დანართ №1-ში მოცემულ ეკონომიკურ საქმიანობებთან დაკავშირებულ საქმიანობად მიიჩნევა საქმიანობის კოდის გრაფაში მოცემული კოდი აღნიშვნა „*“-ის გაუთვალისწინებლად. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი დაერთვება განაცხადს;

დ) კომპანია და მისი მშობელი კომპანია საქმიანობას ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის ერთსა და იმავე ქვეპუნქტის ფარგლებში.

მუხლი 6.  გრანტის ოდენობა და საინვესტიციო ვალდებულებები

გრანტის ოდენობა  განისაზღვრება შემდეგნაირად:

1. 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარით, თუ კომპანიის მიერ ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის 1.1 პუნქტით გათვალისწინებულ სექტორში ერთდროულად კმაყოფილდება შემდეგი ვალდებულებები:

− განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა − არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარისა;

− შექმნილი სამუშაო ადგილების ოდენობა − ხელშეკრულების გაფორმებიდან 39-ე თვეს სრულ განაკვეთზე დასაქმებული არანაკლებ 150 ადამიანი, საიდანაც არანაკლებ 60%-ისა არის საქართველოს მოქალაქე.

2. 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარით, თუ კომპანიის მიერ ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის 1.2 პუნქტით გათვალისწინებულ სექტორში ერთდროულად კმაყოფილდება შემდეგი ვალდებულებები:

− განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა − არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარისა;

− შექმნილი სამუშაო ადგილების ოდენობა − ხელშეკრულების გაფორმებიდან 39-ე თვეს სრულ განაკვეთზე დასაქმებული არანაკლებ 200 ადამიანი, საიდანაც არანაკლებ 60%-ისა არის საქართველოს მოქალაქე.

3. 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარით, თუ კომპანიის მიერ ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის 1.3 და 1.4 პუნქტებით გათვალისწინებულ სექტორებში ერთდროულად კმაყოფილდება შემდეგი ვალდებულებები:

− განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა − არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარისა;

− შექმნილი სამუშაო ადგილების ოდენობა − ხელშეკრულების გაფორმებიდან 39-ე თვეს სრულ განაკვეთზე დასაქმებული არანაკლებ 100 ადამიანი, საიდანაც არანაკლებ 60%-ისა არის საქართველოს მოქალაქე.

მუხლი 7. პროგრამის განხორციელების მექანიზმი

1. პროგრამით დაინტერესებული კომპანია განაცხადით მიმართავს სააგენტოს.

2. კომპანიის მხრიდან ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის 1.4 პუნქტის შესაბამისად დადგენილი წესის დაცვით დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, სააგენტოსა და კომპანიას შორის ფორმდება ხელშეკრულება.

3. გრანტის გაცემა სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და ამ პროგრამის მე-4 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ხარჯების გაწევის დამადასტურებელი მიმდინარე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი საბოლოო აუდირებული დასკვნების შემდეგ 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

4. კომპანია იღებს ვალდებულებას:

ა) ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის 1.1, 1.3 და 1.4 პუნქტებით განსაზღვრული სექტორების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 39 თვისა დაიწყოს საქმიანობა/ფუნქციონირება, ხოლო ამ პროგრამის მე-6 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება განახორციელოს შემდეგი წესით:

ა.ა) ვალდებულებით ნაკისრი ინვესტიციის მოცულობის არანაკლებ 25%-ისა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 18 თვისა;

ა.ბ) ვალდებულებით ნაკისრი ინვესტიციის მოცულობის დარჩენილი ნაწილი განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 39 თვისა;

ა.გ) ვალდებულებით ნაკისრი თანამშრომელთა რაოდენობის 100%  დაიქირაოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 39 თვისა;

ბ) ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის 1.2 პუნქტით განსაზღვრული სექტორის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვინეს 24 თვისა დაიწყოს საქმიანობა/ფუნქციონირება, ხოლო ამ პროგრამის მე-6 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება განახორციელოს შემდეგი წესით:

ბ.ა) ვალდებულებით ნაკისრი ინვესტიციის მოცულობის არანაკლებ 60%-ისა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 24 თვისა;

ბ.ბ) ვალდებულებით ნაკისრი ინვესტიციის მოცულობის დარჩენილი ნაწილი განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 39 თვისა;

ბ.გ) ვალდებულებით ნაკისრი თანამშრომელთა რაოდენობის 60%  დაიქირაოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 24 თვისა;

ბ.დ) ვალდებულებით ნაკისრი თანამშრომელთა რაოდენობის 100%  დაიქირაოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 39 თვისა;

გ) ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად შესრულების შესახებ − 21 თვეში, ხოლო ამ პუნქტის „ბ“, „ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად შესრულების შესახებ − 27 თვეში, სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით წარადგინოს შუალედური აუდიტორული დასკვნა;

დ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 42 თვისა, სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით წარადგინოს საბოლოო აუდიტორული დასკვნა.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული აუდიტორული დასკვნები უნდა იყოს გაცემული „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირველი ან მეორე კატეგორიის აუდიტორული კომპანიის მიერ. აუდიტორული დასკვნები უნდა მომზადდეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019  წლის 17 ოქტომბრის №ნ-15 ბრძანების საფუძველზე სამოქმედოდ შემოღებული, ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარით (2018 წლის გამოცემა) გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სააგენტოსთვის გათვალისწინებული ასიგნებები.

მუხლი 9. სხვა არსებითი პირობები

1. ამ პროგრამით გათვალისწინებულ გრანტზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადის მიღების ვადა განისაზღვრება დადგენილების ამოქმედების თარიღით.

2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და ნაწილობრივი შესრულების შემთხვევაში, მხარეთა პასუხისმგებლობის ზომა და ფორმა განისაზღვრება ხელშეკრულებით. ხელშეკრულებით ნაკისრი კონკრეტული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მიერ სრულად შესრულდება ყველა სხვა ნაკისრი ვალდებულება და ვადის დარღვევის მიუხედავად შესრულდება ეს კონკრეტული ვალდებულებაც, კომპანიის მიერ მისაღები გრანტის მოცულობა შემცირდება არანაკლებ 20%-ით.

3. ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დანართი №1

 

პრიორიტეტული სექტორები, საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის, სეკ 006-2016  (NACE-Rev-2) მიხედვით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის სახეები:

 

საქმიანობის კოდი

საქმიანობის სახე

წარმოება (მე-5 მუხლი, 1.1)

26

კომპიუტერების, ელექტრონული და ოპტიკური პროდუქციის წარმოება

27

ელექტრული მოწყობილობების წარმოება

28

მანქანებისა და მოწყობილობების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი

29

ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების წარმოება

30

სხვა სატრანსპორტო მოწყობილობების წარმოება

22.1*

აღნიშნული ინდუსტრიიდან დასაშვებია მხოლოდ: კომპიუტერებისთვის, დანადგარებისთვის, მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის რეზინის ნაწილებისა და კომპონენტების წარმოება, როგორებიცაა: საბურავები, შიდა კამერები, კონვეიერები ან ამძრავი ღვედები, მილები, ფურცლები, ზოლები და რეზინის სხვა ნაწარმი (მზა პროდუქტების წარმოება და არაშუალედური პროდუქტები/ნახევარფაბრიკატები)

22.2*

აღნიშნული ინდუსტრიიდან დასაშვებია მხოლოდ: კომპიუტერებისთვის, დანადგარებისთვის, მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის პლასტმასის ნაწილებისა და კომპონენტების წარმოება, როგორებიცაა: შიდა ინტერიერის მასალები, მილები, ფურცლები, ბლოკები, ზოლები და პლასტმასის სხვა ნაკეთობები (მზა პროდუქტების წარმოება და არაშუალედური პროდუქტები/ნახევარფაბრიკატები)

25*

 

 

აღნიშნული ინდუსტრიიდან დასაშვებია მხოლოდ: კომპიუტერებისთვის, დანადგარებისთვის, მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის ლითონის მზა ნაწილების წარმოება, როგორებიცაა: ლითონის ტევადობები და რეზერვუარები,  ჩასაყენებელი საკეტები და გასაღებები, ლითონის კაბელები, ზამბარები და ლითონის სხვა მზა ნაწილები (მზა პროდუქტების წარმოება და არაშუალედური პროდუქტები/ ნახევარფაბრიკატები)

ექსპორტზე ორიენტირებული/მომუშავე ბიზნესსერვისების/პროცესების აუთსორსინგი (BPO)  (მე-5 მუხლი, 1.2)

63.1*

აღნიშნული ინდუსტრიიდან დასაშვებია მხოლოდ: მონაცემთა დამუშავება, განთავსება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები; ვებპორტალები

63.99

საინფორმაციო მომსახურების სხვა საქმიანობები, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი

71.1

არქიტექტურული და საინჟინრო საქმიანობები და მათთან დაკავშირებული ტექნიკური კონსულტაციები

დასაწყობება და ლოგისტიკური ცენტრების შექმნა (მე-5 მუხლი, 1.3)

52.1

დასაწყობება და შენახვა

საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება (MRO)

(მე-5 მუხლი, 1.4)

33.16

საჰაერო და კოსმოსური ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება.

შენიშვნა: აღნიშვნა „*“ გულისხმობს, რომ დასახელებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში დასაშვებია მხოლოდ „საქმიანობის სახის“ გრაფაში ჩამოთვლილი ბიზნესაქტივობების განხორციელება.