ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 716
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 190020030.10.003.022437
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
716
30/11/2020
ვებგვერდი, 30/11/2020
190020030.10.003.022437
ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/11/2020 - 04/12/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №716

2020 წლის 30 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა“.  
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ღონისძიების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს 2020-2021 წლების შესაბამისი სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა

 


მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანა

1. „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში − პროგრამა)  მიზანია  პურზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება.

2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს ქვეყანაში პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არსებული სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება სუბსიდირების გზით.

მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი  

1. პროგრამის განმახორციელებელნი არიან ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) და სსიპ – შემოსავლების სამსახური (შემდგომში − შემოსავლების სამსახური).

2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ა) პოტენციური ბენეფიციარი − საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაციას და რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება სუბსიდირების შესახებ;

ბ) ბენეფიციარი − პირი, რომელთანაც პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია სუბსიდირების ხელშეკრულება;

გ) სუბსიდირების ხელშეკრულება − სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს; 

დ) სუბსიდია − პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი  ფულადი სახსრები.

მუხლი 4. პროგრამის პირობები და შეზღუდვები

1. პროგრამა ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარ(ებ)ისათვის პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებას, შემდეგი პირობებით:

ა) სააგენტოს მიერ გამოცხადდება მოწვევა ინტერესთა გამოხატვის შესახებ, რომლის ფარგლებშიც პოტენციური ბენეფიციარები მოახდენენ განაცხადის გაკეთებას სააგენტოს მიერ განსაზღვრული პირობების  შესაბამისად;

ბ) სუბსიდიის მოცულობა შეადგენს ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არაუმეტეს 10 ლარს;

გ)  პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურად, ერთ ბენეფიციარზე სუბსიდია გაიცემა  არანაკლებ 500 და არაუმეტეს 10 000 ტონა მოცულობის პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე;

დ) პოტენციური ბენეფიციარი დააფიქსირებს ყოველ ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე გადაანგარიშებით მისაღები სუბსიდიის ოდენობასა და მოცულობას, რომლის რეალიზაციაც განხორციელდება პროგრამის ფარგლებში;

ე) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჯამში არაუმეტეს 10 000 ტონა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირება ყოველთვიურად;

ვ) სააგენტო, პროგრამის პირობების გათვალისწინებით, პოტენციურ ბენეფიციარ(ებ)თან სუბსიდირების ხელშეკრულების გაფორმებას განახორციელებს შემდეგი პრინციპით: უპირველესად ხელშეკრულება გაფორმდება იმ პოტენციურ ბენეფიციართან, რომელსაც განაცხადში დაფიქსირებული ექნება სუბსიდიის უმცირესი თანხა ყოველ ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე გადაანგარიშებით. იმ შემთხვევაში, თუ უმცირესი თანხით შეთავაზებული მოცულობა ვერ აკმაყოფილებს პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის მოცულობას,  ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი უმცირესი ფასის მქონე პოტენციურ ბენეფიციართან და გაგრძელდება ამავე პრინციპით, სანამ არ იქნება შევსებული პროგრამით განსაზღვრული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის მოცულობა;

ზ) ეთხოვოს საქართველოს პურის მრეწველთა კავშირს, სააგენტოს მიაწოდოს პურის მწარმოებელთა სია, რომელთა თანხმობის საფუძველზეც სააგენტო  შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვს  შესაბამის ინფორმაციას პურის მწარმოებელთა შესახებ, რომლებსაც დადგენილების ამოქმედებიდან უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში, ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით, შესყიდული აქვთ არანაკლებ 120 ტონა ფქვილისა;

თ) პროგრამის ბენეფიციარი სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაციას განახორციელებს მხოლოდ ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პურის მწარმოებელზე/მწარმოებლებზე.

2. პროგრამის ფარგლებში სუბსიდირება განხორციელდება 2020 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით რეალიზებულ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე.

მუხლი 5. პოტენციური ბენეფიციარის მიერ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა  

1. პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა)  განაცხადი;

ბ) ბენეფიციარის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

დ) ცნობა ან/და შედარების აქტი შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არქონის შესახებ;

ე) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომ 2020 წლის 1 დეკემბრამდე, უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში, პოტენციურ ბენეფიციარს ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული აქვს არანაკლებ 3000 ტონა ფქვილისა;

ვ) სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.

2. დოკუმენტაციის წარდგენის რიგითობას განსაზღვრავს სააგენტო.

მუხლი 6.  ბენეფიციარის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

1. ბენეფიციარი ვალდებულია, ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაცია მოახდინოს არაუმეტეს 53 ლარად, პროგრამის პირობებისა და სუბსიდირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარს დაეკისრება მიღებული სუბსიდიით განსაზღვრული თანხის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრება მიღებული სუბსიდიის თანხის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 50 000 ლარისა.

მუხლი 7. განაცხადების მიღებისა და სუბსიდირების გაცემის პროცედურა

1. ინფორმაციას განაცხადების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადების შესახებ სააგენტო განათავსებს ვებგვერდზე − www.rda.gov.ge.

2. ბენეფიციარმა სუბსიდიის მისაღებად სააგენტოში უნდა წარადგინოს ცნობა შემოსავლების სამსახურიდან მის მიერ, პროგრამის ფარგლებში, ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე რეალიზებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის მოცულობისა და ღირებულების შესახებ.        

3. პროგრამის ბენეფიციარის გამოვლენის, განაცხადების მიღების ვადებისა და სუბსიდიის გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.

მუხლი 8. მონიტორინგი

1. ბენეფიციარის მიერ პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს შემოსავლების სამსახური.

2. ბენეფიციარის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური აღნიშნულის შესახებ აცნობებს სააგენტოს შემდგომი რეაგირებისთვის.