ედუარდ მარიკაშვილი და გიორგი ჩიტიძე საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

ედუარდ მარიკაშვილი და გიორგი ჩიტიძე საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/12/1515
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 12/11/2020
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016552
1/12/1515
12/11/2020
ვებგვერდი, 24/11/2020
000000000.00.000.016552
ედუარდ მარიკაშვილი და გიორგი ჩიტიძე საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

საოქმო ჩანაწერი №1/12/1515

2020 წლის 12 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

 

 


კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: ედუარდ მარიკაშვილი და გიორგი ჩიტიძე  საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის, 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მეორე წინადადებების, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-4 (2020 წლის 12 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) და მე-6 პუნქტების, მე-11 პუნქტის პირველი წინადადების (2020 წლის 12 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) და მე-12 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1515) მომართეს ედუარდ მარიკაშვილმა და გიორგი ჩიტიძემ. №1515 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის  გადასაწყვეტად გადაეცა 2020 წლის 26 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 12 ნოემბერს.

2. №1515 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებას ადამიანის იზოლაციის ან/და მის მიმართ საკარანტინო ღონისძიებების გამოყენების შესახებ იღებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის პრინციპების დაცვით. ამავე კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის სადავო დებულებების შესაბამისად კი, „იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც აღნიშნულ შემთხვევაში ამ წესის ნაწილია“.

4. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის (2020 წლის 12 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  გადმოსული პირები, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისებისა, ექვემდებარებიან 14 დღის განმავლობაში კარანტინს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი კი კონტაქტირებული პირების დადგენისა და ამ პირთა იზოლაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას ანიჭებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების უფლებამოსილ პირებს (ეპიდემიოლოგებს). „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მე-11 მუხლის მე-11 პუნქტის პირველი წინადადება (2020 წლის 12 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) პირის იზოლაციაში მოთავსების ვადად განსაზღვრავს 14 დღეს, ხოლო ამავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, „ფიზიკური პირის იზოლაციის (კარანტინი, თვითიზოლაცია) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური (სსიპ – შემოსავლების სამსახური, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი) წერილობით ან ზეპირად. გადაწყვეტილების  ზეპირად მიღების შემთხვევაში, არა უმეტეს 5 დღისა, გადაწყვეტილების მიმღები პირის მიერ ხდება ამ გადაწყვეტილების წერილობითი სახით გაფორმება“.

5. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანის თავისუფლება დაცულია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი თავისუფლების აღკვეთას ან თავისუფლების  სხვაგვარ შეზღუდვას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, „ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონით უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.“

6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები იძლევა შესაძლებლობას, პირი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, 14 დღის განმავლობაში მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში და შეეზღუდოს გარკვეული სივრცის მიღმა გადაადგილების თავისუფლება. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ პირის კარანტინსა და იზოლაციაში მოთავსება გულისხმობს მთელი რიგი უფლებების ინტენსიურ შეზღუდვას, კერძოდ, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირს, მათ შორის, ეკრძალება იზოლაციის ადგილის დატოვება, იზოლაციის სივრცეში იკრძალება ვიზიტორების მიღება, საცხოვრებელ სივრცეში მყოფ სხვა ადამიანებთან კონტაქტი შეზღუდულია მინიმუმამდე და დაუშვებელია 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტი დროით. მათი განმარტებით, კარანტინში/იზოლაციაში მოთავსებულ პირებს შეზღუდული აქვთ ფიზიკური თავისუფლება, რამდენადაც ისინი სამართლებრივი აკრძალვებით და სანქციის შიშით ვერ ტოვებენ იზოლაციის ადგილს.

7. მოსარჩელეთა პოზიციით, მართალია, საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ არ მიუთითებს პირის ფიზიკური თავისუფლების კანონით შეზღუდვის აუცილებლობაზე, თუმცა ამგვარი მოთხოვნა გამომდინარეობს კონსტიტუციის სისტემური ლოგიკიდან და ზოგადად მართლმსაჯულების განხორციელების ბუნებიდან. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლი ჩამოთვლის იმ უფლებებს, რომელთა შეზღუდვის უფლებამოსილებაც მიენიჭა საქართველოს მთავრობას, ამ ჩამონათვალში კი მითითებული არ არის ადამიანის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირებაზე. მოსარჩელეთა პოზიციით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩაითვლება, რომ ამ უფლებამოსილების მინიჭების საფუძველია დასახელებული კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტი (კარანტინისა და იზოლაციის წესების დადგენის უფლებამოსილება), აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის ასეთი ფართო დელეგირება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს, რამდენადაც კანონი საკმარისი სიცხადით არ განსაზღვრავს თავისუფლების უფლების შინაარსს და ფარგლებს, აგრეთვე არ შეიცავს თავისუფლების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ პრინციპულ საკითხებზე გადაწყვეტებს.

8. ამასთანავე, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციით პირის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების ჩართულობით. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმების საფუძველზე, გადაწყვეტილებას პირის იზოლაციის (კარანტინი ან/და თვითიზოლაცია) შესახებ იღებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები, მათი წარმომადგენლები ან/და ეპიდემიოლოგები. მოსარჩელეთა განმარტებით, გასაჩივრებული ნორმები პირის იზოლაციაში (კარანტინი ან/და თვითიზოლაცია) მოთავსების საკითხზე გადაწყვეტილებას მიანდობს აღმასრულებელ ხელისუფლებას ისე, რომ არც წინასწარ ხდება სასამართლოს ნებართვის აღება და არც პირის კარანტინში/იზოლაციაში მოთავსების შემდგომ ხორციელდება სასამართლო კონტროლი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები განმარტავენ, რომ დაუშვებელია ადამიანთა ფიზიკური თავისუფლების მსგავსი ინტენსივობით შეზღუდვა ყოველგვარი სასამართლო კონტროლის გარეშე.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს უფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნებს, რამდენადაც მეტისმეტად ფართოა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ პირის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის ფარგლები და ამ პროცესში გათვალისწინებული არ არის სასამართლოს ჩართულობა. შესაბამისად, მოსარჩელეთა მოსაზრებით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებს.

II

სამოტივაციო ნაწილი

1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „[…] საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.

2. №1515 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე სქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 აგვისტოს №495 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-4 და მე-11 პუნქტები 2020 წლის 12 აგვისტოდან ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. კერძოდ კი, განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 12 დღემდე შემცირდა პირის კარანტინსა და იზოლაციაში მოთავსების დღეთა რაოდენობა.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში, ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №1515 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-11 პუნქტის პირველი წინადადება ძალადაკარგულია.

4. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმებმა ძალა დაკარგეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას.

5. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1515 კონსტიტუციურ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტისა (2020 წლის 12 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) და მე-11 პუნქტის პირველი წინადადების (2020 წლის 12 აგვისტომდე მოქმედი რედაქციის) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

6. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთან, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

7. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მე-11 მუხლის მე-12 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, „ფიზიკური პირის იზოლაციის (კარანტინი, თვითიზოლაცია) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური (სსიპ – შემოსავლების სამსახური, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი) წერილობით ან ზეპირად. გადაწყვეტილების ზეპირად მიღების შემთხვევაში, არა უმეტეს 5 დღისა, გადაწყვეტილების მიმღები პირის მიერ ხდება ამ გადაწყვეტილების წერილობითი სახით გაფორმება“.

8. მოსარჩელე მხარე სადავო ნორის არაკონსტიტუციურობის წარმოსაჩენად, ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ პრობლემურია აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირება, ხოლო, მეორე მხრივ, აპელირებს იმ ფაქტზე, რომ პირის კარანტინში/იზოლაციაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები სასამართლო კონტროლის გარეშე.

9. დასახელებული სადავო ნორმა განსაზღვრავს, თუ რა ფორმით (წერილობით თუ ზეპირად) და პროცედურით მიიღება გადაწყვეტილება პირის იზოლაციაში/კარანტინში მოთავსების შესახებ. გასაჩივრებული ნორმა არ შეიცავს რაიმე რეგულაციას პირის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ და არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტთა წრეს. ის, თუ ვინ იღებს პირის იზოლაციაში/კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებას, განსაზღვრულია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტითა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის შინაარსს. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რა კუთხით ზღუდავს სადავო ნორმით დადგენილი გადაწყვეტილების მიღების ფორმა ან/და პროცედურები მოსარჩელეთა უფლებებს.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1515 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მე-11 მუხლის მე-12 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1515 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

III
სარეზოლუციო
ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ადგენს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1515 კონსტიტუციური სარჩელი („ედუარდ მარიკაშვილი და გიორგი ჩიტიძე  საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის, 45 3 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მეორე წინადადებების და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1515 („ედუარდ მარიკაშვილი და გიორგი ჩიტიძე  საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მე-11 მუხლის მე-12 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

3. შეწყდეს საქმე №1515 კონსტიტუციურ სარჩელზე („ედუარდ მარიკაშვილი და გიორგი ჩიტიძე  საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტისა (2020 წლის 12 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) და მე-11 პუნქტის პირველი წინადადების (2020 წლის 12 აგვისტომდე მოქმედი რედაქციის) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

5. №1505 და №1515 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.

6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

8. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი