„საქართველოს საჰაერო სივრცეში სარაკეტო-საარტილერიო სროლის, ასაფეთქებელი და სხვა სახის სამუშაოების უსაფრთხო წარმოების წესის“ დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს საჰაერო სივრცეში სარაკეტო-საარტილერიო სროლის, ასაფეთქებელი და სხვა სახის სამუშაოების უსაფრთხო წარმოების წესის“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 692
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 420000000.10.003.022413
692
19/11/2020
ვებგვერდი, 20/11/2020
420000000.10.003.022413
„საქართველოს საჰაერო სივრცეში სარაკეტო-საარტილერიო სროლის, ასაფეთქებელი და სხვა სახის სამუშაოების უსაფრთხო წარმოების წესის“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №692

2020 წლის 19 ნოემბერი

 ქ. თბილისი

 

„საქართველოს საჰაერო სივრცეში სარაკეტო-საარტილერიო სროლის, ასაფეთქებელი და სხვა სახის სამუშაოების უსაფრთხო წარმოების წესის“ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს საჰაერო სივრცეში სარაკეტო-საარტილერიო სროლის, ასაფეთქებელი და სხვა სახის სამუშაოების უსაფრთხო წარმოების წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



საქართველოს საჰაერო სივრცეში სარაკეტო-საარტილერიო სროლის, ასაფეთქებელი და სხვა სახის სამუშაოების უსაფრთხო წარმოების წესი

 


თავი I. დებულებები

მუხლი 1.  მიზანი და რეგულირების სფერო

1. „საქართველოს საჰაერო სივრცეში სარაკეტო-საარტილერიო სროლის, ასაფეთქებელი და სხვა სახის სამუშაოების უსაფრთხო წარმოების წესის“ (შემდგომში − წესი) მიზანია, საქართველოს საჰაერო სივრცეში სარაკეტო-საარტილერიო სროლის, ასაფეთქებელი და სხვა სახის სამუშაოების სამართლებრივი მოწესრიგება, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

2.  წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს საჰაერო სივრცეში სარაკეტო-საარტილერიო სროლის, ასაფეთქებელი ან სხვა სახის სამუშაოების განმახორციელებელ პირზე.

მუხლი 2.  ტერმინთა განმარტება

წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისთვის, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პიროტექნიკური ნაკეთობა (ფოიერვერკი) − ნაკეთობა, რომელიც გამოიყენება საჩვენებელ ღონისძიებებსა და დღესასწაულებზე და რომელიც შეიცავს დენთს და/ან სხვა ასაფეთქებელ ქიმიურ ნივთიერებას, რომელთა წვის (ჰაერში აფეთქების) შედეგად მიიღება სანახაობითი ეფექტი;

ბ) რაკეტა − უპილოტო საფრენი საშუალება (უმართავი, მართვადი), რომელიც შეიცავს საკუთარი რეაქტიული ძალის გამოსამუშავებლად საჭირო მასალებს. აღნიშნული ტერმინი არ გულისხმობს სარაკეტო ძრავის ან სარაკეტო მაჩქარებლის (არაძირითადი ძრავის) მქონე საჰაერო ხომალდს, პიროტექნიკურ ნაკეთობას, რაკეტა-მოდელსა და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას;

გ) რაკეტა-მოდელი − უპილოტო საფრენი საშუალება, რომელიც დამზადებულია მსუბუქწონიანი მასალისგან (რეზინა, ხე, ქაღალდი, პლასტიკი, მსუბუქი კომპოზიტური მასალა ან ამ მასალების კომბინაცია) და რომლის კონსტრუქციული ელემენტები ლითონს არ შეიცავს, დატენილია არაუმეტეს 125 გრამი სატყორცნი ასაფეთქებელი ნივთიერებით, გამოიმუშავებს არაუმეტეს 320 ნიუტონ/წმ-ის იმპულსს და მისი წონა 1500 გრამს არ აღემატება;

დ) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა − სისტემა, რომელშიც დისტანციური მართვის სარაკეტო დანადგარიდან სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტის გაშვებით სეტყვასაშიშ კერაში ხდება მაკრისტალიზებელი რეაგენტის შეტანა/გაფრქვევა. შედეგად, ღრუბლებში იზრდება კრისტალიზაციის ბირთვების რიცხვი, იქმნება კრისტალური მასა, რომელიც დედამიწის ზედაპირზე ჩამოდის წვიმის ან უსაფრთხო ზომის მყარი ნალექის სახით.

მუხლი 3.  საგნის ჩამოგდება და ნივთიერების გაშხეფა

1. დაუშვებელია რაკეტის, რაკეტა-მოდელის, პიროტექნიკური ნაკეთობისა (ფოიერვერკი) და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ექსპლუატაციის შედეგად ჰაერში რაიმე საგნის ჩამოგდება ან ნივთიერების გაშხეფა, რამაც შეიძლება, საფრთხე შეუქმნას საჰაერო ხომალდს, ადამიანებს ან/და მათ ქონებას.

2. დაუშვებელია რაკეტის, რაკეტა-მოდელის, პიროტექნიკური ნაკეთობისა (ფოიერვერკი) და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დაუდევრად ექსპლუატაცია.

თავი II. რაკეტის გაშვების წესი და პირობები

მუხლი 4.  რაკეტის გაშვების პირობები

1. რაკეტის გაშვება ნებადართულია მხოლოდ განსაზღვრულ შეზღუდულ არეში.

2. რაკეტის გაშვება უნდა განხორციელდეს ტერიტორიიდან, სადაც არ წარმოიქმნება აალება, რაც საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას ან/და ქონებას.

მუხლი 5.  რაკეტის გაშვება

1. საქართველოს საჰაერო სივრცეში რაკეტის გაშვება წინასწარ უნდა შეთანხმდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის საწარმოსთან, რომლის პასუხისმგებლობა ვრცელდება ამ არეზე და აეროდრომის ექსპლუატანტთან, თუ რაკეტის გაშვება ხორციელდება აეროდრომის დაცვის არის ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტებს შეუძლიათ, დაადგინონ თანხმობის გაცემის პირობები, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად.

3. რაკეტის გამშვები ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტებს რაკეტის გაშვების შესახებ მიაწოდოს, სულ მცირე, შემდეგი ინფორმაცია:

ა) პირის სახელი/გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი (პირთა ჯგუფის შემთხვევაში, იმ პირის სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი, რომელიც განახორციელებს რაკეტის გაშვების კოორდინირებას);

ბ)  რაკეტის გაშვების თარიღი და ზუსტი დრო;

გ)  რაკეტის გაშვების ადგილი;

დ) რაკეტის შემადგენელი ნაწილების აღწერა (ზომა, მასა და გამოყენებული მასალა);

ე)  მაქსიმალური შეფასებული სიმაღლე, რომელსაც რაკეტა მიაღწევს;

ვ)  მაქსიმალური  შეფასებული  ფრენის  მანძილი,  რომელსაც  რაკეტა  ან  მისი  ნაწილები მიაღწევს ვარდნის შემდეგ;

ზ) ერთზე მეტი რაკეტის ერთდროულად გაშვების შემთხვევაში − რაკეტების რაოდენობა;

თ) აქტივობის აღწერა დაწყებიდან დამთავრებამდე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია წარედგინება სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო), „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის №471 დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში, შეზღუდული არის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების მიზნით.

5. დაგეგმილი აქტივობის გაუქმების შემთხვევაში, რაკეტის გამშვები ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს.

6. საქართველოს საჰაერო სივრცეში რაკეტის გაშვება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის/თანხმობების გარეშე, აკრძალულია.

7. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

თავი III. რაკეტა-მოდელის გაშვების წესი და პირობები

მუხლი 6.  რაკეტა-მოდელის ძრავა

1. რაკეტა-მოდელი უნდა აღიჭურვოს სარაკეტო ტექნიკის სერტიფიცირებული ძრავით, მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით.

2. აკრძალულია რაკეტა-მოდელის ძრავის ნაწილების ან კომპონენტების ცვლილება.

მუხლი 7.  წონისა და სიმძლავრის შეზღუდვები

1. სტარტის მომენტში რაკეტა-მოდელის წონა არ უნდა აღემატებოდეს 1500 გრამს და მისი ძრავით გამომუშავებული ჯამური იმპულსი არ უნდა აღემატებოდეს 320 ნიუტონ/წმ-ს.

2. რაკეტა-მოდელის წონა უნდა იყოს ძრავის მწარმოებლების მიერ განსაზღვრულ მაქსიმალურ სასტარტო წონაზე ნაკლები (გამოყენებული ძრავის მიხედვით) ან გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი ძრავები, რომლებიც მწარმოებლის მიერ რაკეტა-მოდელის ტიპისათვისაა რეკომენდებული.

მუხლი 8. რაკეტა-მოდელის სტაბილურობა

რაკეტა-მოდელის გამშვები პირი ვალდებულია, წინასწარ შეამოწმოს რაკეტა-მოდელის ვერტიკალურ სიბრტყეში სტაბილურობა.

მუხლი 9. რაკეტა-მოდელის სასარგებლო დატვირთვა

აკრძალულია რაკეტა-მოდელში აალებადი, ფეთქებადი ან ისეთი ნივთიერებების მოთავსება, რამაც შეიძლება, საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას და ქონებას.

მუხლი 10. რაკეტა-მოდელის გაშვების ადგილი

1. რაკეტა-მოდელის გაშვება უნდა განხორციელდეს ტერიტორიიდან, სადაც არ წარმოიქმნება აალებისა და ადამიანის სიცოცხლის/ჯანმრთელობის და/ან ქონების დაზიანების საფრთხე.

2. რაკეტა-მოდელის გაშვების ადგილის მოწყობა ხორციელდება ამ წესის დანართის შესაბამისად.

მუხლი 11. გამშვები მოწყობილობა

1. რაკეტა-მოდელის გაშვება უნდა განხორციელდეს სტაბილური გამშვები მოწყობილობის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს რაკეტა-მოდელის მდგრად მიმართვასა და უსაფრთხო ტრაექტორიით ფრენისათვის საკმარისი სიჩქარის განვითარებას.

2. გამშვები მოწყობილობის სამაგრი ღერძის წვერი უნდა განთავსდეს თვალის სიმაღლეზე მაღლა ან დაფარული უნდა იყოს.

3. რაკეტა-მოდელის გამშვები მოწყობილობა უნდა იყოს დისტანციურად მართვადი ან ელექტრომართვადი.

4.   რაკეტა-მოდელის გამშვები მოწყობილობა დამონტაჟებული უნდა იყოს ვერტიკალიდან 30 გრადუსის ფარგლებში.

მუხლი 12. მაალებელი სისტემა

რაკეტა-მოდელის გაშვებისას გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ძრავის მაალებლის მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ელექტრომაალებელი, რომელიც უზრუნველყოფს ძრავის ამუშავებას გადამრთველის ჩართვის შემდეგ 1 წამის განმავლობაში.

მუხლი 13. უსაფრთხოების ზომები

1. რაკეტა-მოდელის გაშვება უნდა განხორციელდეს დისტანციურად, ადამიანისგან არანაკლებ 5 მეტრის დაშორებით − 30 ნიუტონ/წმ-მდე ჯამური იმპულსის მქონე რაკეტა-მოდელის გაშვების და არანაკლებ 9 მეტრის დაშორებით − 30 ნიუტონ/წმ-ზე მეტი ჯამური იმპულსის მქონე რაკეტა-მოდელის გაშვების შემთხვევაში.

2. რაკეტა-მოდელის გაშვების ტერიტორიაზე მყოფი პირები უნდა ფლობდნენ ინფორმაციას რაკეტა-მოდელის სტარტის შეყოვნებით დაწყების წესის შესახებ და უსაფრთხო ადგილები უნდა დაიკავონ, სანამ 5 წამის უკუთვლა ხმამაღლა განხორციელდება.

3. სტარტის დროს რაკეტა-მოდელის მტყუნების შემდეგ, აკრძალულია 1 წუთის განმავლობაში მასთან ან/და გამშვებ მოწყობილობასთან ახლოს მისვლა.

4. 1 წუთის შემდეგ, რაკეტა-მოდელთან ან/და გამშვებ მოწყობილობასთან ახლოს მისვლა აკრძალულია, სანამ გაშვებაზე პასუხისმგებელი პირი არ დარწმუნდება, რომ მაბლოკირებელი მექანიზმი ამოქმედებულია და მაალებელი სისტემა გამორთულია.

5. რაკეტა-მოდელის გაშვება არ უნდა განხორციელდეს, თუ ქარის სიჩქარე 32 კმ/სთ-ზე მეტია ღრუბელში, მარშრუტზე მფრენი საჰაერო ხომალდის მიმართულებით ან ისეთი ხერხით, რაც საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას და/ან ქონებას.

მუხლი 14. რაკეტა-მოდელის გამოცდა

შეუმოწმებელი დიზაინის რაკეტა-მოდელის გაშვება უნდა განხორციელდეს იმ ადამიანებისაგან მოშორებით, რომლებიც არ არიან რაკეტის გაშვების პროცესის მონაწილეები.

თავი  IV. სეტყვის საწინაღმდეგო სისტემები

მუხლი 15. სეტყვის საწინაღმდეგო სისტემის გამოყენება

1. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების გამოყენება ხორციელდება მხოლოდ შეზღუდულ არეში.

2. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებისათვის შეზღუდული არე დგინდება „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №660 დადგენილების შესაბამისად.

3. შეზღუდულ არეში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების გამოყენების შესახებ ფორმდება შეთანხმება სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსა და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ექსპლუატანტს შორის.

4.   აკრძალულია:

ა) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებიდან სროლა გაუმართავი სისტემით ან/და ჭურვებით;

ბ) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებიდან სროლა, თუ ექსპლუატანტს არ გააჩნია ამ წესისა და მწარმოებლის მიერ დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნების ცოდნა;

გ) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებიდან სროლა, თუ არსებობს ვარაუდი, რომ სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი გადაკვეთს მოსაზღვრე ქვეყნ(ებ)ის საჰაერო სივრცეს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ არსებობს ორმხრივი შეთანხმება ქვეყნებს შორის;

დ) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებიდან სროლა იმ არეში, სადაც მიმდინარეობს ან უნდა განხორციელდეს საძებნ-სამაშველო ოპერაციები;

ე) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებიდან სროლა იმ არეში, სადაც სრულდება ან უნდა შესრულდეს ფრენები სამედიცინო დახმარების მიზნით;

ვ) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებიდან სროლა იმ არეში, სადაც შეიქმნა ვითარება, რომელიც იწვევს საჰაერო ხომალდის მარშრუტის ცვლილებას ან დაფრენას.

მუხლი 16. შეთანხმება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ექსპლუატანტსა და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს შორის

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ექსპლუატანტსა და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს შორის შეთანხმება საქართველოს საჰაერო სივრცეში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ექსპლუატაციის შესახებ უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

ა) მხარეების პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს;

ბ) სამუშაოების შესრულების კოორდინაციას;

გ) სამუშაოების დაწყებისა და დამთავრების შესახებ შეტყობინების გადაცემას;

დ) კავშირის საშუალებებს;

ე) საჭიროების შემთხვევაში, ნოტამით ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ინფორმაციის გადაცემის ვადებსა და ფორმატს;

ვ) ინფორმაციის გავრცელებას შესაბამის დაინტერესებულ პირებთან;

ზ) საკონტაქტო ინფორმაციას.

მუხლი 17. კავშირი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ექსპლუატანტსა  და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს შორის

1. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ექსპლუატანტსა და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს შორის უნდა არსებობდეს ორმხრივი უწყვეტი კავშირი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებიდან სროლა აკრძალულია.

2. სააერნაოსნო მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს კავშირით გადაცემული ინფორმაციის ჩაწერა ავტომატურ რეჟიმში და მისი დაცვა არადანიშნულებისამებრ გამოყენებისაგან.

3. კავშირით გადაცემული ინფორმაციის ჩანაწერი ინახება 30 კალენდარული დღის განმავლობაში და, საჭიროებისამებრ, მოთხოვნის შემთხვევაში, წარედგინება სააგენტოსა და სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს.

მუხლი 18. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებიდან სროლების  შეჩერება

1.   სეტყვის საწინააღმდეგო სროლები უნდა შეჩერდეს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაციები იმ საჰაერო სივრცეში, რომელშიც სრულდება სეტყვის საწინააღმდეგო სროლების განხორციელება;

ბ) საჰაერო ხომალდზე შეიქმნა არასტანდარტული შემთხვევა, რომელმაც გამოიწვია საჰაერო ხომალდის მარშრუტის ცვლილება ან დაფრენა იმ კონკრეტულ საჰაერო სივრცეში, რომელშიც სრულდება სეტყვის საწინააღმდეგო სროლების განხორციელება;

გ) ხორციელდება ფრენები, სამედიცინო დახმარების მიზნით, იმ საჰაერო სივრცეში, რომელშიც სრულდება სეტყვის საწინააღმდეგო სროლების განხორციელება.

2. ინფორმაციას ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ექსპლუატანტს აწვდის სააერნაოსნო მომსახურების საწარმო.

თავი V.  პიროტექნიკური ნაკეთობა

მუხლი 19. საექსპლუატაციო შეზღუდვები

აკრძალულია პიროტექნიკური ნაკეთობის გაშვება:

ა) აეროდრომის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ან ამ ტერიტორიის თავზე არსებულ საჰაერო სივრცესა  და აეროდრომის დაცვის არის ფარგლებში საჰაერო ხომალდის დასაფრენად შესვლის ან დაფრენის ტრაექტორიის მიმართულებით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს შეთანხმებულია აეროდრომის ექსპლუატანტთან, ხოლო კონტროლირებადი აეროდრომის შემთხვევაში − დამატებით, ასევე შესაბამის საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოსთან;

ბ)  საქართველოს  საჰაერო  სივრცეში  ხმელეთის ზედაპირიდან 400  ფტ-ზე მაღალ სიმაღლეზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული შეთანხმებულია სააგენტოსთან.

მუხლი 20. შეტყობინება  პიროტექნიკური ნაკეთობის გაშვების შესახებ

1. პიროტექნიკური ნაკეთობის გამშვები ვალდებულია, დაგეგმილი აქტივობის დაწყებამდე, ამ წესის მე-19 მუხლით განსაზღვრულ სუბიექტებს „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის №471 დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში, მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ფოიერვერკის გამშვები პირის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი (პირთა ჯგუფის შემთხვევაში, პირთა რაოდენობა და იმ პირის სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი, რომელიც  განახორციელებს ფოიერვერკის  გაშვების კოორდინირებას);

ბ)   ფოიერვერკის გაშვების დღე, დრო და ხანგრძლივობა;

გ)   ფოიერვერკის გაშვების ადგილი;

დ) იმ ჭურვების (შუშხუნების) რაოდენობა, რომლებსაც შეუძლია დედამიწის დონიდან 400 ფუტ სიმაღლეზე მაღლა მიღწევა;

ე)   თითოეული ჭურვის პიროტექნიკური მახასიათებლების საერთო აღწერილობა;

ვ)   მაქსიმალური შეფასებული სიმაღლე, რომელსაც შეიძლება,  ჭურვებმა მიაღწიოს;

ზ) ჭურვში მოთავსებული პიროტექნიკური საშუალების აფეთქებისას,  გაფანტვის მაქსიმალური რადიუსი.

2. სააგენტო უფლებამოსილია, პიროტექნიკური ნაკეთობის გამშვებს დაუდგინოს ფოიერვერკის მოწყობის პირობები, ფრენის უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

3.   ფოიერვერკის მომწყობი დაინტერესებული პირი ვალდებულია:

ა) დაიცვას ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი პირობები;

ბ)  სააგენტოს მიაწოდოს  ინფორმაცია  დაგეგმილი  აქტივობის  გაუქმების  შესახებ,  თუ აღნიშნულს ადგილი აქვს.

4. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ნოტამის გამოქვეყნება დაგეგმილი აქტივობის ამოქმედების ან გაუქმების შესახებ.

დანართი

რაკეტა-მოდელის გაშვების ადგილის მოწყობა

ძრავის ტიპი

დაყენებული ჯამური იმპულსი (ნიუტონი/წმ)

გაშვების ადგილის მინიმალური დაშორება (მეტრი)

Micromaxx

 

 

AA

0.00 - 1.25

15

A

1.26 - 2.50

30

B

2.51 - 5.00

60

C

5.01 - 10.00

120

D

10.01 - 20.00

150

E

20.01 - 40.00

300

F

40.01 - 80.00

300

G

80.01 - 160.00

300

2 G's

160.01 - 320.00

450