საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრისა და აპარატის თანამშრომლის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრისა და აპარატის თანამშრომლის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 12/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016408
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
57
12/11/2020
ვებგვერდი, 20/11/2020
300320000.16.009.016408
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრისა და აპარატის თანამშრომლის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/11/2020 - 31/03/2022)

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №57

2020 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრისა და აპარატის თანამშრომლის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

1. დამტკიცდეს „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრისა და აპარატის თანამშრომლის ეთიკის კოდექსი“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების პროფესიული და ეთიკური ქცევის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 8 აპრილის №2 დადგენილება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი



საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრისა და აპარატის თანამშრომლის ეთიკის კოდექსი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) წევრისა და კომისიის აპარატის თანამშრომლის პროფესიული ეთიკის ნორმებს, ქცევის წესებსა და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ სტანდარტებს.

2. ამ კოდექსით გათვალისწინებული პროფესიული ეთიკის ნორმები, ქცევის წესები და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული სტანდარტები არ არის ამომწურავი და ემსახურება დამატებითი სახელმძღვანელო პრინციპების დამკვიდრებას კომისიის წევრისა და კომისიის აპარატის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი თუ ისეთი პირადი ხასიათის  გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რამაც, შესაძლოა, გავლენა იქონიოს მის სამსახურებრივ საქმიანობაზე.

3. ეთიკის ნორმებთან, ქცევის წესებსა და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც ამ კოდექსით არ არის მოწესრიგებული, გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დებულებები.

4. იმ შემთხვევაში, თუ შინაარსობრივად მსგავს ეთიკის ნორმებს, ქცევის წესებსა და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ სტანდარტებს აწესრიგებს როგორც ეს კოდექსი, ასევე – სხვა სამართლებრივი აქტი, კომისიის წევრმა და კომისიის აპარატის თანამშრომელმა უნდა დაიცვან უფრო მკაცრი ეთიკის ნორმა, ქცევის წესი და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული სტანდარტი.

მუხლი 2. ეთიკის კოდექსის მიზნები

ამ კოდექსის მიზანია:

ა) დაამკვიდროს კომისიის შიდაორგანიზაციულ ურთიერთობებში კორპორაციული კულტურის თანამედროვე სტანდარტები;

ბ) შეინარჩუნოს და განავითაროს კომისიის წევრისა და კომისიის აპარატის თანამშრომლის პროფესიული საქმიანობისა და ქცევის მაღალი სტანდარტები;

გ) სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე დაკისრებული პროფესიული და ზნეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, განსაზღვროს პროფესიული ეთიკის ნორმების შესაბამისი ქცევის წესები და დაამკვიდროს კომისიის წევრისა და კომისიის აპარატის თანამშრომლის ვალდებულებები, შეინარჩუნონ პროფესიული ღირსება, პატივი სცენ საკუთარ საქმიანობას და იზრუნონ საზოგადოებაში კომისიის მიმართ ნდობის შენარჩუნებასა და ამაღლებაზე;

დ) აკრძალოს დისკრიმინაცია და ძალადობა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში;

ე) დაადგინოს კომისიის წევრისა და კომისიის აპარატის თანამშრომლის საქმიანობაში ინტერესთა შეუთავსებლობის ზოგადი წესები;

ვ) დაიცვას კონფიდენციალური და შიდაკორპორაციული ინფორმაციის საიდუმლოება.

მუხლი 3. დისკრიმინაციის აკრძალვა და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა

კომისიის წევრისა და კომისიის აპარატის თანამშრომლის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში აკრძალულია:

ა) ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან/და სხვა ნიშნით;

ბ) ნებისმიერი პირის პირდაპირი ან არაპირდაპირი შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ან/და პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით;

გ) ნებისმიერი პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ვერბალური ან/და ფიზიკური ქცევა.

მუხლი 4. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ზოგადი პრინციპები

1. კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი, საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა ემსახურებოდნენ კომისიის მისიისა და ამოცანების შესრულებას.

2. კომისიის წევრმა და კომისიის აპარატის თანამშრომელმა ზიანი არ უნდა მიაყენონ კომისიის რეპუტაციას.

3. კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი ვალდებული არიან:

ა) განუხრელად დაიცვან მოქმედი კანონმდებლობა;

ბ) მათთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას, იმოქმედონ გონივრული პროფესიული სიფრთხილით, პატიოსნად, ყურადღებით, პატივისცემითა და ამ კოდექსით დადგენილი სტანდარტების სრული დაცვით;

გ) შესაბამისი მზრუნველობით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად განახორციელონ სამსახურებრივი უფლებამოსილება;

დ) საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, არ დაუშვან სხვა პირის/პირების განზრახ შეცდომაში  შეყვანა;

ე) გონივრული განსჯის შედეგად მოახდინონ იმ ფაქტორების იდენტიფიცირება და მათი თანაზომიერი გათვალისწინება, რომლებიც, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

ვ) სამუშაო დრო დაუთმონ მხოლოდ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებას.

4. კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი არ უნდა არღვევდნენ და არ უნდა უწყობდნენ ხელს კანონმდებლობის დარღვევას. ისინი მკაცრად უნდა ემიჯნებოდნენ მსგავსი სახის პრაქტიკას.

5. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ამ კოდექსით დადგენილი ეთიკის ნორმების, ქცევის წესებისა და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული სტანდარტების დანერგვასა და მათ დაცვას.

6. კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი ვალდებული არიან, სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენონ კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნით და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად.

7. კომისიის წევრსა და კომისიის აპარატის თანამშრომელს უფლება არ აქვთ, თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილება ან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოიყენონ კომისიის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

8. კომისიის წევრსა და კომისიის აპარატის თანამშრომელს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას უფლება არ აქვთ, მოითხოვონ კანონმდებლობით  გათვალისწინებულის გარდა რაიმე სხვა სახის ანაზღაურება.

მუხლი 5. პროფესიონალიზმი

1. კომისიის წევრსა და კომისიის აპარატის თანამშრომელს უნდა გააჩნდეთ სათანადო ცოდნა მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად და მუდმივად უნდა ზრუნავდნენ საკუთარი პროფესიული კომპეტენციის, ცოდნისა და უნარების მრავალმხრივ განვითარებაზე.

2. კომისიის წევრსა და კომისიის აპარატის თანამშრომელს საკუთარი ცოდნა და უნარები უნდა აძლევდეს შეცვლილი გარემოებებისადმი უმოკლეს დროში ადაპტაციის შესაძლებლობას.

მუხლი 6. დამოუკიდებლობა და ობიექტურობა

1. კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, გონივრული სიფრთხილითა და განსჯით უნდა აღწევდნენ და ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას.

2. კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ფაქტებსა და გარემოებებს უნდა აფასებდნენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიუკერძოებლად, სუბიექტური განცდებისა და შთაბეჭდილებების გარეშე.

3. კომისიის წევრისა და კომისიის აპარატის თანამშრომლის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს მათი არსებული, წარსული ან/და სამომავლო პროფესიული, სამსახურებრივი, ფინანსური, პირადი თუ სხვა ნებისმიერი სახის ურთიერთობები.

4. დაუშვებელია კომისიის წევრისა და კომისიის აპარატის თანამშრომლის მიერ  ნებისმიერ შეთავაზებაზე ან შუამდგომლობაზე დათანხმება ან ნებისმიერი სახის საჩუქრის, სარგებლისა თუ კომპენსაციის შეთავაზება/მოთხოვნა/მიღება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მათ ან სხვის დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას.

5. კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი ვალდებული არიან, სრულად გაამჟღავნონ ყველა ის გარემოება, რამაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათ დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას ან ხელი შეუშალოს მათი სამსახურებრივი უფლებამოსილებების ჯეროვნად განხორციელებას.

6. კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი ვალდებული არიან, განაცხადონ თვითაცილების შესახებ, თუ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები ან/და არსებობს სხვა გარემოებები, რაც გავლენას მოახდენს საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტაზე.

მუხლი 7. თანამდებობრივი შეუთავსებლობა

1. კომისიის წევრისა და კომისიის აპარატის თანამშრომლის საქმიანობაში დაუშვებელია თანამდებობრივი შეუთავსებლობა.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის თანამდებობრივ შეუთავსებლობას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც კომისიის წევრის ან/და კომისიის აპარატის თანამშრომლის პერსონალური ინტერესები (ფინანსური, პირადი ან/და კომისიის საქმიანობასთან კავშირში არმყოფი ნებისმიერი სხვა ინტერესი ან ვალდებულება) გავლენას ახდენს კომისიის წევრის ან/და კომისიის აპარატის თანამშრომლის უნარზე/შესაძლებლობაზე, საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, იმოქმედოს დამოუკიდებლად, მხოლოდ კომისიის ინტერესების, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.

3. კომისიის წევრს, მისი ოჯახის წევრსა და კომისიის აპარატის თანამშრომელს უფლება არ აქვთ, ჰქონდეთ პირდაპირი ან არაპირდაპირი ქონებრივი ან ეკონომიკური ინტერესი რეგულირებული საწარმოს მიმართ, ფლობდნენ ამ საწარმოს აქციებს (წილს), ან იყვნენ ასეთი საწარმოს ხელმძღვანელობითი ან წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ან თანამდებობის პირი.

4. კომისიის წევრი ვალდებულია, შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა კომისიის წევრად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. დაუშვებელია კომისიაში ან კომისიის აპარატში პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა.

5. კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი არ უნდა ახორციელებდნენ ისეთ საქმიანობას, რომელიც მოიცავს არაკეთილსინდისიერ ან ნებისმიერ სხვა ისეთ ქმედებას, რომელიც უარყოფითად აისახება მათ პროფესიულ რეპუტაციაზე, კომპეტენტურობასა და კეთილსინდისიერებაზე.

6. კომისიის წევრსა და კომისიის აპარატის თანამშრომელს ეკრძალებათ:

ა) დადონ ქონებრივი გარიგება კომისიასთან;

ბ) როგორც კომისიის წარმომადგენლებმა, დადონ გარიგება პირთან, რომლის წილის (აქციების) მფლობელი თავად არიან, ან მინიჭებული აქვთ ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება;

გ) როგორც კომისიის წარმომადგენლებმა, დადონ ქონებრივი გარიგება საკუთარი ოჯახის წევრთან ან/და ახლო ნათესავთან;

დ) კომისიის წინაშე ან კომისიის წინააღმდეგ იყვნენ რეგულირებული საწარმოს წარმომადგენლები.

7. სამეცნიერო, პედაგოგიური, კვლევითი ან შემოქმედებითი საქმიანობა არ წარმოშობს ამ მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობრივ შეუთავსებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული საქმიანობა დაფინანსებულია რეგულირებული საწარმოს მიერ და აღნიშნული ცნობილია კომისიის შესაბამისი წევრის ან კომისიის აპარატის თანამშრომლისთვის.

8. კომისიის წევრს უფლება არ აქვს, კომისიის წევრობის ვადის გასვლიდან ან თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 1 წლის განმავლობაში რეგულირებულ საწარმოში დაიკავოს ხელმძღვანელი თანამდებობა ან გახდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

9. თანამდებობრივი შეუთავსებლობის არსებობის ან არსებობის ეჭვის შემთხვევაში, შესაბამისი პირი ვალდებულია, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს.

მუხლი 8. ინფორმაციის საიდუმლოება

1. კომისიის წევრმა და კომისიის აპარატის თანამშრომელმა უნდა დაიცვან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების, აგრეთვე, შიდაკორპორაციული ინფორმაციის საიდუმლოება იმგვარად, რომ მესამე პირებს არ მიუწვდებოდეთ ხელი ამ ინფორმაციაზე.

2. კომისიის წევრსა და კომისიის აპარატის თანამშრომელს ეკრძალებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური ან სხვა სახის კეთილდღეობის მიღების მიზნით.

3. კომისიის წევრისა და კომისიის აპარატის თანამშრომლის ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები ძალაში რჩება სამსახურებრივი უფლებამოსილების ნებისმიერი ფორმით შეწყვეტის შემდეგაც.

მუხლი 9. კომისიის ქონებითა და რესურსებით სარგებლობა

1. კომისიის წევრმა და კომისიის აპარატის თანამშრომელმა ბოროტად არ უნდა ისარგებლონ სამსახურებრივი რესურსებით.

2. კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი ვალდებული არიან, კომისიის ქონება და რესურსები გამოიყენონ რაციონალურად, ეფექტიანად, გულისხმიერად, მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად.

3. საოფისე ტექნიკითა თუ ელექტრონული რესურსებით სარგებლობისას, კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი უნდა შეეცადონ, ხელი არ შეუშალონ კოლეგების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელებას.

მუხლი 10. ინტელექტუალური საკუთრება

1. კომისიის წევრის ან კომისიის აპარატის თანამშრომლის მიერ საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებით შექმნილ ნაწარმოებზე ქონებრივი საავტორო უფლებები ეკუთვნის კომისიას.

2.  კომისია უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნაწარმოები გამოიყენოს თავისი სურვილისა და საჭიროებისამებრ, რაც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) მის გამოცემას, კორექტირებას ან მისი თავდაპირველი მიზნისგან/დანიშნულებისგან განსხვავებული მიზნით/ დანიშნულებით გამოყენებას.

მუხლი 11. მედიასთან ურთიერთობა და საჯარო გამოსვლა

1. კომისიის წევრმა და კომისიის აპარატის თანამშრომელმა, რომლებიც საკუთარ სამსახურებრივ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საუბრობენ მედიის წინაშე ან ამყარებენ ნებისმიერი სხვა სახის კომუნიკაციას მედიის წარმომადგენელთან, განსაკუთრებული გულისხმიერებით უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ ასეთ დროს ისინი არ საუბრობენ, როგორც დარგის დამოუკიდებელი ექსპერტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ან კომისიისგან დამოუკიდებელი სხვა სუბიექტები, მათ მიერ გამოთქმული აზრები უნდა შეესაბამებოდეს კომისიის მიზნებს და არ უნდა უქმნიდეს რაიმე სახის წინააღმდეგობას კომისიის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრას.

2. საკუთარ სამსახურებრივ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მედიის წინაშე საუბრის ან მედიის წარმომადგენელთან ნებისმიერი სხვა სახის კომუნიკაციის დამყარებამდე, კომისიის წევრმა და კომისიის აპარატის თანამშრომელმა უნდა მიიღონ გონივრული ზომები, რათა კონსულტაცია გაიარონ ზემდგომ თანამდებობის პირთან ან/და კომისიის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან.

მუხლი 12. ინფორმაციის გავრცელება ელექტრონული საშუალებით

კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი, ელექტრონული, მათ შორის, სოციალური მედიის საშუალებით, პირადი ან/და სამსახურებრივი დანიშნულებით ნებისმიერი ინფორმაციის საჯარო ან/და პირთა ფართო წრეში გავრცელებისას, ვალდებული არიან:

ა) მხედველობაში მიიღონ ის ზეგავლენა, რომელიც, შესაძლოა, ამ ქმედებამ იქონიოს კომისიის რეპუტაციაზე, მის მიზნებსა და ამოცანებზე;

ბ) თავი შეიკავონ სხვა პირის შეურაცხმყოფელი და ღირსების/რეპუტაციის შემლახავი, არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო ან/და აშკარად ყალბი ცნობების ან/და ამ კოდექსის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გავრცელებისაგან;

გ) იმოქმედონ ამ კოდექსით დადგენილი სტანდარტების ფარგლებში.

მუხლი 13. პასუხისმგებლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისათვის

ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევისთვის, კომისიის აპარატის თანამშრომლის მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კანონმდებლობითა და შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.