„შპს ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

„შპს ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/2/1475
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 12/11/2020
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016546
1/2/1475
12/11/2020
ვებგვერდი, 16/11/2020
000000000.00.000.016546
„შპს ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის

გადაწყვეტილება №1/2/1475 

2020 წლის 12 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

 

 


კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება: „შპს ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლის სიტყვების „სამართალდარღვევის იარაღისა“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები − გიორგი გოცირიძე და ვასილ ჟიჟიაშვილი; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი − ნინო შარმანაშვილი; მოწმე − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, იურისტი ლანა კიკავა.

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1475) მიმართა „შპს ბექანასმა“. №1475 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2019 წლის 31 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამარლოს პირველი კოლეგიის 2020 წლის 30 აპრილის №1/5/1475 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. №1475 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2020 წლის 31 ივლისს.

2. №1475 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლი, წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობისათვის, სანქციის სახით, ითვალისწინებს, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის საკუთრებაში არსებული სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციას.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია; ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის წესს.

5. №1475 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის დადგენილებით, „შპს ბექანასი“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლის საფუძველზე, წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობისათვის ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და სახდელის სახით დაეკირა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში, ამავე სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის დადგენილებით, მოსარჩელე კომპანიას, ადმინისტრაციული სახდელის სახით, აგრეთვე განესაზღვრა სამართალდარღვევის ჩასადენად გამოყენებული იარაღის − ტრაქტორის კონფისკაცია. მცხეთის რაიონული სასამართლოს დასახელებული დადგენილება უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის დადგენილებით.

6. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობისათვის, სანქციის სახით, ითვალისწინებს სამართალდარღვევის იარაღის უპირობო კონფისკაციას. მოსარჩელის არგუმენტაციით, საქმის განმხილველ მოსამართლეს, ადმინისტრაციული სანქციის კონკრეტული ფორმის სავალდებულო წესით გამოყენების პირობებში, არ ეძლევა შესაძლებლობა, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კერძო და საჯარო ინტერესების ადეკვატური დაბალანსების გზით, განსაზღვროს სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის აუცილებლობა და განსხვავებული ფაქტობრივი გარემოების, უმართლობის ხარისხისა თუ სამართალდამრღვევი სუბიექტის გათვალისწინებით მოახდინოს ადმინისტრაციული სახდელის ინდივიდუალიზაცია. მოსარჩელის პოზიციით, სამართალდარღვევის პრევენციისა და შემდგომი ეფექტური დევნის ლეგიტიმური მიზნის მიუხედავად, სადავო ნორმა არ ადგენს სამართლიან ბალანსს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის, ვერ პასუხობს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით უზრუნველყოფილ საკუთრების უფლებას.

7. მოსარჩელის პოზიციით, პრობლემური არ არის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლის საფუძველზე სამართალდამრღვევი პირისათვის სამართალდარღვევის ჩასადენად გამოყენებული იარაღის კონფისკაციის სანქციის გამოყენების შესაძლებლობა, ზოგადად. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, საკუთრების კონსტიტუციური უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას იწვევს ის ფაქტი, რომ საქმის განმხილველ მოსამართლეს, ადმინისტრაციული სანქციის სავალდებულო წესით გამოყენების პირობებში, არ ეძლევა შესაძლებლობა, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კერძო და საჯარო ინტერესების ადეკვატური დაბალანსების გზით, განსაზღვროს სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის კონკრეტული აუცილებლობა და განსხვავებული ფაქტობრივი გარემოების, უმართლობის ხარისხისა თუ სამართალდამრღვევი სუბიექტისა და კონფისკაციას დაქვემდებარებული ნივთის ბუნების/ღირებულების გათვალისწინებით მოახდინოს ადმინისტრაციული სახდელის ინდივიდუალიზაცია.

8. №1475 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა, მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე აღნიშნეს, რომ იგი არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სანქციის ინდივიდუალიზაციის მექანიზმს. აღნიშნული დებულების საფუძველზე, პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემდგომ შესაძლებელია მისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, თუმცა სანქციის ინდივიდუალიზაცია − შეუძლებელი. ამასთან, მოსარჩელე მხარის მითითებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა გამოირიცხება იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო ლეგიტიმური მიზნისათვის მიყენებული ზიანის ხარისხის გათვალისწინებით, შეუძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მცირემნიშვნელოვნად კვალიფიკაცია.

9. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.

10. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის მითითებით, სადავო ნორმის საჯარო ლეგიტიმურ მიზანს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურად სარგებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. კერძოდ, სადავო ნორმა მიზნად ისახავს გარემოსა და მწვანე საფარის სრული დაცვას, წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების პრევენციას, ბუნებათსარგებლობის კანონიერების უზრუნველყოფასა და შესაბამის თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მკაცრ, დროულ, მყისიერ და ეფექტიან რეაგირებას. მოპასუხის განმარტებით, გასაჩივრებული ნორმით გათვალისწინებული სანქციის შემუშავების და არსებული სანქციის გამკაცრების საჭიროება სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღის მოპოვების პრაქტიკაში არსებული გახშირებული შემთხვევებითა და მხოლოდ ფინანსური სანქციების არაეფექტურობით იყო განპირობებული. ამდენად, მოპასუხე მხარის პოზიციით, გასაჩივრებული რეგულაცია წარმოადგენს საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხე მხარის განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაცია სრულად ეფუძნება მესაკუთრის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას, რის გამოც, კანონიერი მესაკუთრის საკუთრებითი ინტერესი საზოგადოებრივ ინტერესთან მიმართებით უკანა პლანზე ინაცვლებს. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, სადავო რეგულაცია შეესაბამება უფლებაშემზღუდველი ღონისძიების ვიწროდ პროპორციულობის მოთხოვნასაც.

11. სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განმხილველი მოსამართლე უფლებამოსილია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მნიშვნელობის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს სამართალდამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და შემოიფარგლოს სიტყვიერი შენიშვნით. შესაბამისად, ზემოხსენებული მექანიზმი წარმოადგენს ადმინისტრაციული სანქციის ინდივიდუალიზაციის საშუალებას და სადავო ნორმა, ამ მხრივ, არათანაზომიერად არ ზღუდავს მოსარჩელის საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას.

12. მოწმის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის სუბიექტია როგორც იურიდიული, აგრევე ფიზიკური პირი და აღნიშნული ქმედების ჩადენა შესაძლებელია როგორც განზრახ, აგრეთვე გაუფრთხილებლობით. ამავდროულად, დასახელებული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლებელია, განსხვავებული იყოს, თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, ძირითადად, მოიცავს მძიმე ტექნიკას, (როგორიცაა, მაგალითად, ტრაქტორი, ექსკავატორი და სხვ.). ამასთან, კონფისკაციის ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პირი, რომელმაც ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, წარმოადგენს სამართალდარღვევის იარაღის მესაკუთრეს. მოწმის მითითებით, კონფისკაციას არ ექვემდებარება მსუბუქი ხელსაწყოები (მაგალითად, ნიჩაბი), რომელთა მესაკუთრის ვინაობის დადგენა შეუძლებელია. ამავდროულად, მოწმის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლით აკრძალული ქმედებით გამოწვეული ზიანის დასათვლელად შემუშავებულია სპეციალური მეთოდიკა და გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენა ხორციელდება უკანონოდ მოპოვებული წიაღისეულის რაოდენობის გამრავლებით აღნიშნული წიაღისეულის ღირებულებაზე და შესაბამის კოეფიციენტზე, რომელსაც ემატება სალიცენზიო მოსაკრებელი.

13. მოწმის მითითებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქციის ამოქმედების შემდგომ იკლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევებმა. მისივე განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებულ სანქციას გააჩნია როგორც ინდივიდუალური, აგრეთვე ზოგადი პრევენციის ეფექტი. ამავდროულად, განსაკუთრებული ეფექტურობით ხასიათდება ისეთ შემთხვევებში, როდესაც შესაბამისი ლიცენზიის გარეშე წიაღს იურიდიული პირები და დიდი ორგანიზაციები მოიპოვებენ.

14. მოწმემ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი წარმოადგენს სანქციის ინდივიდუალიზაციის მექანიზმს და აღნიშნულ შესაძლებლობას პრაქტიკაში ხშირად იყენებს ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო, როდესაც საკითხი შეეხება სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღისეულის მოპოვებას. ზიანის მცირე მნიშვნელობის დადგენისას საქმის განმხილველი ორგანო მხედველობაში იღებს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე მოპოვებული წიაღისეულის ოდენობას, გარემოსადმი მიყენებულ ზიანს, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის პიროვნებას და სხვა ფაქტორებს.

II

სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფერო

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებული და უზრუნველყოფილი საკუთრების უფლება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა, რომელიც თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საფუძველია. საკუთრების უფლების გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა, საბაზრო ეკონომიკის განვითარება და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე აღნიშნული კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

2. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული საკუთრების უფლება გულისხმობს პირის შესაძლებლობას, სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში, თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე, შეიძინოს და განკარგოს ქონებრივი უფლებები. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი, სულ მცირე, გულისხმობს ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლების აღიარებას. ამ მხრივ, საკუთრების კონსტიტუციური უფლების შინაარსი მოითხოვს, რომ მესაკუთრეს ჰქონდეს საკუთრების უფლებაში ნაგულისხმები უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საკუთრებაში მოაზრებული უფლებამოსილებები მოიცავს, მათ შორის, პირის საკუთრებაში არსებული ქონების თავისუფალი მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-7).

3. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ საკუთრების ობიექტებს, ისევე, როგორც მათზე პირთა საკუთრებით უფლებამოსილებებს კონსტიტუციურსამართლებრივი დაცვის მიღმა მყოფად არ გადააქცევს ის გარემოება, რომ კანონიერ მფლობელობაში არსებული აღნიშნული ობიექტები მართლსაწინააღმდეგო ქმედების განსახორციელებლად იქნა გამოყენებული. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „ ... საკუთრების უფლების კანონიერებას საფუძველშივე განსაზღვრავს მისი კანონიერად შეძენის ფაქტი. ზუსტად ეს გარემოებაა გადამწყვეტი კანონიერი საკუთრების უფლების არსებობისთვის. კანონიერად შეძენილი ნივთის შემდგომში სხვა პირის მიერ დანაშაულის საგნად ან იარაღად გამოყენება ვერ აბათილებს მისი კანონიერად შეძენის ფაქტს, შესაბამისად, საკუთრების უფლებასაც ვერ გადააქცევს უკანონოდ ...“ (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 წლის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).

4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის საკუთრებაში არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩასადენად გამოყენებული საკუთრებითი ობიექტები განეკუთვნება ქონებათა იმ კატეგორიას, რომელზეც ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული სფერო. შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ზღუდავს პირის შესაძლებლობას, რომ თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს, განკარგავდეს საკუთარ ქონებას, a priori განიხილება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვად და საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას.

2. სადავო ნორმის შინაარსის, შესაფასებელი მოცემულობისა და მოსარჩელის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისათვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მიხედვით, „წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000-დან 1 500 ლარამდე, აგრეთვე სამართალდარღვევის იარაღისა და სამართალდარღვევის ობიექტის (მყარი სასარგებლო წიაღისეულის) კონფისკაციით“.

6. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლის სიტყვების – „სამართალდარღვევის იარაღისა“ – იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ამავე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის − წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობისათვის, სანქციის სახით, ითვალისწინებს სამართალდარღვევის იარაღის უპირობო, სავალდებულო კონფისკაციას. იმავდროულად, მოსარჩელე არაკონსტიტუციურად არ მიიჩნევს, ზოგადად, სამართალდამრღვევი პირისათვის სამართალდარღვევის ჩასადენად გამოყენებული იარაღის კონფისკაციის სანქციის გამოყენების შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა გამორიცხავს ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას. საყურადღებოა ისიც, რომ მოსარჩელე მხარე ადმინისტრაციული სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას სადავოდ მიიჩნევს მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში და სასარჩელო მოთხოვნა არ შეეხება, ზოგადად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სხვა დებულებებით გათვალისწინებული სანქციების ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობის არსებობა-არარსებობის კონსტიტუციურობის შემოწმებას. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, სწორედ ამ თვალსაზრისით შეაფასებს.

7. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლი, წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობის შემთხვევაში, პირდაპირ მიუთითებს საქმის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებაზე, ფინანსურ სანქციასთან ერთად, გამოიყენოს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის საკუთრებაში არსებული სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის მექანიზმი. კერძოდ, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაცია წარმოადგენს სავალდებულო და ავტომატურ ღონისძიებას ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ სამართალდარღვევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და არ იძლევა რაიმე გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით. შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული საქმის განმხილველი ადმინისტრაციული სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ პირმა ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ვალდებულია, მიიღოს გადაწვეტილება სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის თაობაზე. ამგვარად, დასახელებული მუხლის საფუძველზე, საქმის განმხილველი ადმინისტრაციული სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს, არსებობს თუ არა სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის რეალური საჭიროება, რამდენად გამართლებულია სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევის მექანიზმის გამოყენება საქმის გარემოებების გათვალისწინებით და, შესაბამისად, მოახდინოს ადმინისტრაციული სახდელის ინდივიდუალიზაცია.

8. გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე, სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისათვის, პირის საკუთრებაში არსებული იმ ქონების მიმართ, რომელიც წარმოადგენს სამართალდარღვევის იარაღს, გამოიყენება კონფისკაციის მექანიზმი. ზოგადად, კონფისკაციის ღონისძიება გულისხმობს პირის საკუთრებაში არსებული კონფისკაციას დაქვემდებარებული ქონების მესაკუთრის თავისუფალი ნების საწინააღმდეგოდ და უსასყიდლოდ ჩამორთმევას და მასზე საკუთრების უფლების გადასვლას სახელმწიფოს სასარგებლოდ. ამავდროულად, კონფისკაციის ღონისძიება არის მუდმივი ზომა, რაც კონფისკაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, გულისხმობს კონფისკაციას დაქვემდებარებულ ნივთზე საკუთრების საბოლოო გადაცემას, იძულებით გასხვისებას. შედეგად, კონფისკაციის გზით, მესაკუთრე კარგავს აღნიშნულ ნივთზე საკუთრების უფლებას და მასზე საკუთრების ყველა უფლებრივი კომპონენტით (მფლობელობა, სარგებლობა, განკარგვა) სარგებლობის შესაძლებლობას.

9. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი განამტკიცებს პირის უფლებასა და შესაძლებლობას, დაცული იყოს საკუთრების ობიექტზე, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, საკუთრებითი უფლებების შეზღუდვისაგან/ჩამორთმევისაგან. განსახილველ შემთხვევაში, №1475 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი რეგულაცია, სწორედ მესაკუთრის თავისუფალი ნების საწინააღმდეგოდ, ადგენს სამართალდარღვევის იარაღის სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის ვალდებულებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულაცია იწვევს მოსარჩელე კომპანიის საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.

3. უფლების შეზღუდვის გამართლება

3.1.ზოგადი პრინციპები/შეფასების ტესტი

10. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლება, მიუხედავად მისი მაღალი კონსტიტუციური მნიშვნელობისა, არ არის აბსოლუტური ხასიათის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია „ ... უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო საკუთრებითი ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). აუცილებელია, „მესაკუთრემ გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა. ამ ფონზე კანონმდებელი უფლებამოსილია, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვით, დაადგინოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული საკუთრების უფლება შესაძლებელია, დაექვემდებაროს შეზღუდვას მხოლოდ ამავე კონსტიტუციური დებულებით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დადგენილი წესითა და სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლების პირობებში.

11. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დასაშვებია საკუთრების უფლების შეზღუდვა საჯარო ინტერესებისათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. სწორედ საჯარო ინტერესის არსებობა იძლევა საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივ ლეგიტიმაციას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, სადავო ნორმის კონსტიტუციურობა თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის ფარგლებში უნდა შეფასდეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).

3.2.ლეგიტიმური მიზანი

13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, იმისათვის, რათა გასაჩივრებული საკანონმდებლო ღონისძიება შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, აუცილებელია, იგი ემსახურებოდეს ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მიზნის ქვეშ მოაზრებული სიკეთე ნორმატიულად მოწესრიგებადი და ფასეული უნდა იყოს. სწორედ ასეთი შეიძლება იყოს კანონმდებლის ლეგიტიმური მიზანი და არა ისეთი, რომელიც გაუცხოებულია ნორმატიული ნებისგან და არ შეესაბამება მას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-9). შესაბამისად, წინამდებარე კონსტიტუციური დავის გადაწყვეტისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, საჭიროდ მიიჩნევს, დადგინდეს, რა ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს ემსახურება სადავო ნორმით განსაზღვრული რეგულირება.

14. №1475 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა გასაჩივრებული ნორმით დადგენილი შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის საჯარო ინტერესების უზრუნველყოფა დაასახელა. მოპასუხის მითითებით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს ბუნებრივი გარემოსა და მწვანე საფარის დაცვა, წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების პრევენცია და ამგვარი კატეგორიის ნებისმიერი სიმძიმის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მკაცრი, დროული, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება წარმოადგენს.

15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი expressis verbis მიუთითებს, რომ ბუნებრივი გარემო, მისი შემადგენელი ბუნებრივი რესურსები და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფა კონსტიტუციურ დონეზე დაცულ საჯარო სიკეთეს წარმოადგენს. ბუნებრივი რესურსებით შეუზღუდავმა, არაავტორიზებულმა სარგებლობამ შესაძლებელია, საფრთხე შეუქმნას მათ არსებობას და შეუქცევადი ზიანი მიაყენოს სრულიად ბუნებრივ გარემოს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/3/611 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „მადაი“ და შპს „პალიასტომი 2004“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ“, II-12). ამგვარად, სწორედ ბუნებრივი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობა განაპირობებს სახელმწიფოს აქტიურ როლს ამგვარი სიკეთის მოპოვებისა თუ გამოყენების პროცესში.

16. შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხის მოწესრიგების პროცესში, სახელმწიფოს გააჩნია უფლებამოსილება, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რაციონალიზაციის მიზნით, გამოიყენოს განსხვავებული მეთოდები და ღონისძიებები განსხვავებული მასშტაბებით. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოს გააჩნია ლეგიტიმური ინტერესი და უფლებამოსილება, დაადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში, ჯეროვანი რეაგირება მოახდინოს მათზე და მიმართოს პასუხისმგებლობისა და სანქციის სხვადასხვა სახესა და ზომას. შესაბამისად, დასახელებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციისა და არსებულ სამართალდარღვევაზე ეფექტური რეაგირების მიზნით, სახელმწიფო უფლებამოსილია, განსაზღვროს სანქციის შესაბამისი სახეები და ზომები, შეიმუშაოს აღნიშნული სანქციების შეფარდების პირობები და inter alia დაადგინოს პასუხისმგებლობის იმგვარი ფორმები, რომლებიც ზღუდავენ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას.

3.3.გამოსადეგობა

17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, საჯარო ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავადად, არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის, არამედ აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს გამოსადეგობის მოთხოვნასაც. თავის მხრივ, ამა თუ იმ ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნაა, რომ არსებობდეს ლოგიკური კავშირი გამოყენებულ უფლებაშემზღუდველ ღონისძიებასა და იმ ლეგიტიმურ საჯარო მიზანს შორის, რომელსაც ამ ღონისძიების გამოყენება ემსახურებოდა. აუცილებელია, სადავოდ გამხდარი რეგულაციით შესაძლებელი იყოს ლეგიტიმური მიზნების რეალიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ უფლებაში ჩარევის ღონისძიება არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება, რაც გამოიწვევს ამ ღონისძიების მიჩნევას აღნიშნული უფლების გაუმართლებელ, თვითნებურ შეზღუდვად.

18. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლი, როგორც არაერთხელ აღინიშნა, წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობისათვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის/სანქციის სახით, ითვალისწინებს სამართალდარღვევის იარაღის უპირობო კონფისკაციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ, ბუნებრივია, ამა თუ იმ ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დამდგენ ღონისძიებას გააჩნია შემაკავებელი ეფექტი და ამცირებს არაავტორიზებულ, წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობის რისკებსა და შემთხვევებს როგორც ინდივიდუალური, აგრეთვე ზოგადი პრევენციის თვალსაზრისით. სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის შედეგად, სამართალდამრღვევი სუბიექტი ამავე ნივთის გამოყენებით, აგრეთვე მოკლებულია შესაძლებლობას, ხელახლა განახორციელოს აკრძალული ქმედება. ამავდროულად, სანქციის ბუნების და სიმძიმის გათვალისწინებით, საქმეზე სადავოდ გამხდარ რეგულაციას გააჩნია მესამე პირთა მიერ დასახელებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის პრევენციის პოტენციალიც. სადავო რეგულაცია, ამ მხრივ, ხელს უწყობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ეფექტიან რეაგირებას. შედეგად, მცირდება ბუნებრივი გარემოსათვის, მწვანე საფარისა და ბუნებრივი წიაღისეულისათვის ზიანის მიყენების საფრთხის ხარისხი.

19. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ არსებობს ლოგიკური და რაციონალური კავშირი სადავო რეგულაციით გათვალისწინებულ ღონისძიებასა და წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობის პრევენციის, ბუნებრივი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ღირებულ საჯარო ლეგიტიმურ მიზანს შორის. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება აკმაყოფილებს გამოსადეგობის მოთხოვნებს.

3.4.აუცილებლობა

20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნაა, რომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება იყოს უფლების შეზღუდვის აუცილებელი, ვიწროდ მიმართული საშუალება. საჭიროა, არ არსებობდეს ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა.

21. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი დებულება, როგორც აღინიშნა, წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობისათვის ითვალისწინებს სამართალდამრღვევის საკუთრებაში არსებული სამართალდარღვევის იარაღის სავალდებულო კონფისკაციას. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეზე უკვე დადგინდა, რომ გასაჩივრებული ნორმა შეესაბამება გამოსადეგობის მოთხოვნებს ანუ უზრუნველყოფს დასახული საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.

22. როგორც არაერთხელ აღინიშნა, მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლის სიტყვების − „სამართალდარღვევის იარაღისა“ − იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობისათვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით, ითვალისწინებს სამართალდარღვევის იარაღის უპირობო, სავალდებულო კონფისკაციას და გამორიცხავს საქმის განმხილველი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ აღნიშნული სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას. შესაბამისად, კონსტიტუციური დავის გადაწყვეტის მოცემულ ეტაპზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად არსებობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თითოეულ პოტენციურ შემთხვევასთან მიმართებით სავალდებულო სანქციის გამოყენებისა და, მაშასადამე, სანქციის ნაწილში, საქმის განმხილველი ადმინისტრაციული სასამართლოსათვის ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვის აუცილებლობა.

23. ზოგადად, აღსანიშნავია, რომ კონფისკაციის ღონისძიება, რომელიც გულისხმობს პირის საკუთრებაში არსებული კონფისკაციას დაქვემდებარებული ქონების, მესაკუთრის თავისუფალი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით და უსასყიდლოდ ჩამორთმევას და მასზე საკუთრების უფლების გადასვლას სახელმწიფოს სასარგებლოდ, წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის ყველაზე მკაცრ, ინტენსიურ შემთხვევას. კონფისკაციის გზით, მესაკუთრე სამუდამოდ კარგავს კონფისკაციას დაქვემდებარებულ სამართალდარღვევის იარაღზე საკუთრების უფლებას და საკუთრებაში ნაგულისხმები ყველა უფლებრივი კომპონენტით სარგებლობის შესაძლებლობას. ამავდროულად, საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის ინტენსივობას ზრდის ის გარემოებაც, რომ კონფისკაცია წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღის უსასყიდლოდ (ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე) ჩამორთმევის შემთხვევას. საკუთრების უფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვის პირობებში პირდაპირპროპორციულად იზრდება თავად აღნიშნული ღონისძიების მიმართ არსებული საჯარო ინტერესის, საზოგადოებრივი საჭიროების უპირატესობის დასაბუთებისა და შეპირისპირებულ ინტერესთა შორის სამართლიანი და თანაზომიერი ბალანსის დადგენის აუცილებლობა.

24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის მექანიზმის გამოყენებას, შეპირისპირებულ ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსის დადგენის გზით, სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევის აუცილებლობის განსაზღვრა და საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული საკუთრების უფლების შეზღუდვის თანაზომიერად მიჩნევა მრავალ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ამ მხრივ, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისეთი გარემოებები, როგორიცაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბუნება და სიმძიმე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევით განპირობებული ზიანის ბუნება და მოცულობა, სამართალდამრღვევი სუბიექტის ვინაობა და პიროვნული მახასიათებლები, ბრალეულობის ხარისხი, განხორციელებული ქმედების მიმართ სამართალდამრღვევის დამოკიდებულება და ქცევა (მაგალითად, მოტივი, ბრალის სახე (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), მონანიება, სამართალდამრღვევის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება ან ამგვარი აცილების მცდელობა, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება და სხვ.). აღსანიშნავია, რომ აუცილებელ შეფასებას საჭიროებს აგრეთვე კონფისკაციას დაქვემდებარებული ნივთის ბუნება, დანიშნულება თუ ღირებულება, სანქციის ზემოქმედება სამართალდამრღვევი პირის ნორმალურ, კანონიერ საქმიანობაზე, აგრეთვე ამ ნივთის მნიშვნელობა მისი ეკონომიკური ცხოვრებისთვის, კონკრეტული სამართალდარღვევის ხელმეორედ განხორციელების საფრთხის არსებობა-არარსებობა, სამართალდარღვევის იარაღით სამართალდარღვევის განგრძობადად ჩადენის რისკი თუ სხვა ინდივიდუალური გარემოებები და მახასიათებლები.

25. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების განხილვის, გაანალიზებისა და, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, შეპირისპირებული ინტერესების აწონ-დაწონვის გარეშე შეუძლებელი იქნება იმის დადგენა, რამდენად აუცილებელი და გამართლებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საგნის ჩამორთმევა წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობის სამართალდარღვევის ყველა შესაძლო შემთხვევასთან მიმართებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის გზით საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა გაუმართლებლად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, როდესაც კონფისკაციის ღონისძიება, თანაზომიერების თვალსაზრისით, სათანადო თანხვედრაში არ არის ზემოაღნიშნულ გარემოებებთან და, სამართლებრივი რეგულირების მხრივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი სასამართლოს მხრიდან შეუძლებელი ხდება თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინება და საჯარო და კერძო ინტერესების ადეკვატური დაბალანსება. შესაბამისად, იმისათვის, რათა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის გზით საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული უფლების შეზღუდვა სამართლებრივ სახელმწიფოში თანაზომიერად იქნეს მიჩნეული, საქმის განმხილველ ორგანოს უნდა ჰქონდეს მაქსიმალურად ეფექტიანი, თუმცა, იმავდროულად, სამართლიანი, ადეკვატური და პროპორციული სანქციის განსაზღვრის შესაძლებლობა. თავის მხრივ, სამართალდამრღვევისათვის სამართლიანი და პროპორციული სანქციის შეფარდება და, ამ გზით, საკუთრების უფლების შეზღუდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, როდესაც გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს, ცალკეულ შემთხვევაში ექნება აღნიშნული სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობა, თავად შემთხვევის თავისებურებიდან და კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე.

26. განსახილველ შემთხვევაში, ბუნებრივია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებს გასაჩივრებული რეგულაციის მიზანმიმართულებას, ბუნებრივი გარემოს დაცვისა და წიაღით რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფის ლეგიტიმური მიზნის განსაკუთრებულ ღირებულებასა და მნიშვნელობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებასაც იმის თაობაზე, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიების შემუშავება განპირობებული იყო წიაღით უკანონო და უკონტროლო სარგებლობის გახშირებულ შემთხვევებზე სამართალდარღვევის იარაღის სავალდებულო კონფისკაციის სანქციამდე არსებული (ფინანსური) სანქციის არაეფექტურობით; აგრეთვე მოპასუხე მხარის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სადავო ღონისძიების შემოღების შემდგომ სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობის შემთხვევები მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია, განსხვავებული იყოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლით აკრძალული ქმედებით ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნებისათვის მიყენებული ზიანის ბუნება, ხარისხი და რაოდენობა. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმემ მიუთითა, რომ სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობით გარემოსადმი მიყენებული ზიანის ხარისხი და ოდენობა დამოკიდებულია უკანონოდ მოპოვებული წიაღისეულის კატეგორიაზე, დანიშნულებაზე, მოცულობასა თუ რაოდენობაზე (მაგალითად, მოსარჩელე კომპანიის მიერ სათანადო ლიცენზიის მიღმა განხორციელდა 1მ3 ქვიშის მოპოვება, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 0,2 ლარს, ხოლო გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა − 201 ლარს, საიდანაც 200 ლარი წარმოადგენდა სალიცენზიო მოსაკრებლის ღირებულებას, ხოლო გარემოსათვის მიყენებული ზიანის წმინდა ოდენობა შეადგენდა 1 ლარს).

27. ამავდროულად, აუცილებელია, მხედველობაში იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ საქართველოს კანონმდებლობა წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობისათვის ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, აგრეთვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადია წიაღით (გარდა მიწისქვეშა მტკნარი წყლისა) სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ ან წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილი კი დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს იმავე ქმედების არაერთგზის ჩადენას. შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც განსხვავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედების სფეროები, წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობის ქმედებათა გარკვეული კატეგორია თავისი სიმძიმისა თუ მახასიათებლების გათვალისწინებით, ბუნებრივად გამოირიცხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლის მოქმედების სფეროდან. შედეგად, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ექვემდებარება წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობის ნაკლებად მძიმე შემთხვევები ლეგიტიმური მიზნისათვის მიყენებული ზიანის მოცულობისა თუ სხვა თვალსაზრისით. ყოველივე ხსენებული, ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია, მკაფიოდ წარმოაჩენდეს ჩადენილ ქმედებასა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის სანქციას შორის მკვეთრ დისპროპორციას.

28. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფარგლებში შესაძლებელია, ცალკეულ შემთხვევაში განსხვავებული იყოს კონფისკაციას დაქვემდებარებული იარაღის ღირებულება და მახასიათებლები. მოწმის განმარტებით, პრაქტიკული თვალსაზრისით, სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობის საშუალებას, ძირითადად, მძიმე ტექნიკა წარმოადგენს, როგორიცაა, მაგალითად − ტრაქტორი, ექსკავატორი და სხვ.. მოწმის მითითებით, კონფისკაციას არ ექვემდებარება ისეთი მსუბუქი ხელსაწყოები, როგორიცაა, მაგალითად, ნიჩაბი. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფარგლებში კონფისკაციას ექვემდებარება სამართალდარღვევის ჩასადენად გამოყენებული ისეთი საგნები, რომლებსაც, როგორც წესი, მაღალი მატერიალური ღირებულება გააჩნია (მაგალითად, მოსარჩელე კომპანიის შემთხვევაში, კონფისკაციას დაქვემდებარებულ სამართალდარღვევის იარაღს წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრანსპორტი (ტრაქტორი), რომლის ღირებულებაც, მოსარჩელის მითითებით, შეადგენდა 54 650 აშშ დოლარს). საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ კონფისკაციას დაქვემდებარებული სამართალდარღვევის იარაღი, ჩვეულებრივ, გამოიყენება არა მხოლოდ უკანონო, არამედ კანონიერი საქმიანობის განსახორციელებლადაც. შედეგად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაცია მესაკუთრის ნორმალურ ეკონომიკურ საქმიანობაზე ახდენს ზეგავლენას. კერძოდ, შეუძლებელი ხდება კონფისკაციას დაქვემდებარებული ნივთის გამოყენებით ეკონომიკური მნიშვნელობის საქმიანობის შემდგომი განხორციელება, რაც ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის წარმოშობს დამატებით ზიანს, ფინანსურ ტვირთს, ურთულებს თავისი ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას ან ცალკეულ შემთხვევაში სრულიად შეუძლებელს ხდის მას. გარდა აღნიშნულისა, სამართალდარღვევის იარაღი სავალდებულო კონფისკაციას ექვემდებარება იმისაგან დამოუკიდებლად, სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობის სამართალდარღვევა განზრახ არის ჩადენილი თუ გაუფრთხილებლობით. აღნიშნული ფაქტობრივად გულისხმობს იმ გარემოების სრულად უგულებელყოფას, რომ კონკრეტული ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენის შემთხვევაში, მცირეა, ინდივიდუალური პრევენციის თვალსაზრისით, კონფისკაციის ღონისძიების საჭიროება და, აგრეთვე, კონფისკაციას დაქვემდებარებული ნივთის ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხელახლა ჩასადენად გამოყენების ალბათობა.

29. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლის მიზნებისათვის შესაძლებელია, განსხვავებული იყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის საჭიროება და აუცილებლობა. ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, საჯარო ლეგიტიმური მიზნისათვის მიყენებულ ზიანსა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევით სამართალდამრღვევი პირისათვის მიყენებულ ზიანს შორის არსებული მკვეთრი დისპროპორციის გამო, მინიმუმამდე იყოს შემცირებული ან სრულად გამოირიცხებოდეს სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის საჭიროება და აუცილებლობა. ამგვარად, სადავო ნორმის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაცია, რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის სავსებით აუცილებელ და გამართლებულ, რიგ შემთხვევაში კი მკვეთრად არათანაზომიერ, არასამართლიან და გაუმართლებელ ღონისძიებას წარმოადგენდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, იმისათვის, რათა სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის ღონისძიება კონსტიტუციურსამართლებრივად გამართლებულად იქნეს მიჩნეული, საჭიროა, რომ სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, სამართალდამრღვევი პირისათვის მიყენებულ კერძო ზიანს, საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასა და ამგვარი ღონისძიებით უზრუნველყოფილ საჯარო ლეგიტიმურ მიზანს შორის არ არსებობდეს მკვეთრად არაპროპორციული მიმართება.

30. შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც სამართალდარღვევის საგნის სავალდებულო კონფისკაცია ვერ იქნება აუცილებელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ყველა შესაძლო შემთხვევასთან მიმართებით, ადმინისტრაციული საქმის განმხილველ სასამართლოს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, საქმეზე გადაწყვეტილება, მათ შორის, სანქციის შერჩევის ნაწილში, მიიღოს ინდივიდუალური საქმის გარემოებების მიხედვით. სადავო ნორმით დადგენილი სამართალდარღვევის იარაღის სავალდებულო კონფისკაცია, პრაქტიკაში, შეიძლება სრულიად განსხვავებულ შემთხვევებს უკავშირდებოდეს, მათ შორის, ისეთს, რომლის მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანი ძალზე მცირე მნიშვნელობისაა. მაგალითად, როგორც აღინიშნა, განსახილველ საქმეში, მოსარჩელის მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანი, ოფიციალურად, 20 თეთრად იქნა შეფასებული, მაშინ, როდესაც მოსარჩელისათვის ჩამორთმეული იარაღის − სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრანსპორტის (ტრაქტორის) ღირებულება, მოსარჩელის მითითებით, შეადგენს 54 650 აშშ დოლარს. შესაბამისად, სამართალდამრღვევისათვის ჩამორთმეული ქონების ღირებულებასა და მის მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანის სიდიდეს შორის შეიძლება არსებობდეს ისეთი სერიოზული დისპროპორცია, რომ ზიანის სიმცირის გათვალისწინებით, გაუმართლებელი და უსამართლო აღმოჩნდეს სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევა. ასე რომ, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის სანქციის სავალდებულოობა ყოველთვის არ იძლევა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის სახით სანქციის სავალდებულოდ დაკისრება შეუთავსებელია კონსტიტუციურსამართლებრივად დამკვიდრებულ და უზრუნველყოფილ სანქციის ინდივიდუალიზაციის პრინციპთან, რამდენადაც ამგვარი სანქცია გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას, დავის სამართლებრივი შედეგები განსაზღვროს თითოეული საქმის ფაქტებისა და ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.

31. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტაციას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის ადმინისტრაციული სანქციის ინდივიდუალიზაციის მექანიზმად მიჩნევასთან დაკავშირებით. ზემოხსენებული რეგულაცია, მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, მართლაც ითვალისწინებს უფლებამოსილი ადმინისტრაციული სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და შემოიფარგლოს მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით. ამასთან, სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით ან თუ დამრღვევის მიმართ ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისათვის, ამ მუხლის საფუძველზე, გამოყენებული იყო სიტყვიერი შენიშვნა.

32. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი წარმოადგენს სამართალდამრღვევი სუბიექტის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების და არა ადმინისტრაციული სანქციის ინდივიდუალიზაციის მექანიზმს. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიმღები ორგანო უფლებამოსილია, გაათავისუფლოს პირი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მცირე მნიშვნელობისაა. ბუნებრივია, ამა თუ იმ ქმედების მნიშვნელობის განსაზღვრისას შესაძლებელია, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მხრიდან მრავალი სხვდასხვა ფაქტობრივი გარემოება თუ ინდივიდუალური მახასიათებელი იქნეს გათვალისწინებული (მაგალითად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევით განპირობებული ზიანის ბუნება და ხარისხი, სამართალდამრღვევის მიერ ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება და სხვ.). მიუხედავად აღნიშნული შესაძლებლობისა, იმ შემთხვევაში, თუ სათანადო ინდივიდუალური გარემოებების განხილვის შედეგად, საქმის განმხილველი ადმინისტრაციული სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ შეუძლებელია პირის კონკრეტული ქმედების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის მიზნებისათვის მცირემნიშვნელოვნად კვალიფიკაცია და აუცილებელია მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, იგი ვალდებული იქნება, ფინანსური სანქციის დაკისრებასთან ერთად, მიიღოს გადაწვეტილება სადავო ნორმით დადგენილი სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის თაობაზე. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის მიზნებისათვის ქმედების არამცირემნიშვნელოვნად მიჩნევა გამორიცხავს ამავე მუხლით გათვალისწინებული ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობას.

33. ბუნებრივია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მექანიზმის მნიშვნელობას, თუმცა მიუთითებს, რომ იგი გამოხატავს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის პრინციპს, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციისა და ადმინისტრაციული სანქციის ინდივიდუალიზაციის პრინციპები ერთმანეთისაგან არსობრივად განსხვავებული და არაჩანაცვლებადი პრინციპებია. სანქციის ინდივიდუალიზაციის პრინციპი საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას კი არ გულისხმობს, არამედ ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური სანქციის განსაზღვრას საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით და იმის უზრუნველყოფით, რომ იგი დაცული იქნება აბსოლუტურად განსაზღვრული, არაპროპორციული, არათანაზომიერი სანქციისაგან. ამდენად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მექანიზმის არსებობა ვერ გააქარწყლებს სანქციის ინდივიდუალიზაციის პრინციპის არსებობის საჭიროებას. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სამართალდამრღვევი პირი, გარკვეულ, არამცირემნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბუნებრივი გარემოს დაცვისა და წიაღით რაციონალური, კანონიერი სარგებლობის ლეგიტიმურ მიზნებს, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები მოითხოვს, რომ საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ სასამართლოს გააჩნდეს სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობა, მათ შორის, შესაძლებლობა, გადაწყვიტოს, საჭირო და აუცილებელია თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლებაში ჩარევა, ამგვარი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, შეარჩიოს ჩარევის პროპორციული ღონისძიება დასახულ ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით და დაადგინოს სამართლიანი ბალანსი კონფლიქტურ ღირებულებებს შორის.

34. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმა ადმინისტრაციული სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას არ იძლევა, რაც, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება სანქციის ინდივიდუალიზაციის კონსტიტუციურსამართლებრივ პრინციპს, მეორე მხრივ კი − საკუთრების უფლების დაცულობის კონსტიტუციურ სტანდარტს, რომელიც კრძალავს მასში გაუმართლებელ ჩარევას. გასაჩივრებული ღონისძიება იმაზე დიდი ინტენსივობით ზღუდავს საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას, ვიდრე აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის უზრუნველსაყოფად. სადავო ნორმა, რომელიც აწესებს სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციას, როგორც აუცდენელ სანქციას, პრაქტიკულად ავალდებულებს ადმინისტრაციული საქმის განმხილველ სასამართლოს, იმ შემთხვევებშიც გამოიყენოს ეს ღონისძიება, როდესაც იგი არ არის აუცილებელი შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და წარმოადგენს მკვეთრად არათანაზომიერ, არაპროპორციულ საშუალებას დასახულ მიზანთან მიმართებაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღის სავალდებულო კონფისკაციის ღონისძიება, იმავდროულად, არ არის შესაბამისობაში სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპთან, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უფლებასა და ვალდებულებას, საქმე გადაწყვიტოს საქმის ფაქტებისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე. აბსოლუტურად განსაზღვრული სანქცია კი, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებს მოსამართლის მიხედულების თავისუფლების გარკვეულ არეალს, აღუკვეთს მას შესაძლებლობას, შეაფასოს სანქციით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, გამართლებულობა და შესატყვისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

35. ამავდროულად, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოსამართლისათვის ადმინისტრაციული სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობის მინიჭებით, არ წარმოიშობა რაიმე საფრთხე ბუნებრივი გარემოსა და რესურსებით რაციონალური სარგებლობისათვის. სადავო ნორმის კონტექსტში სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ მოსამართლემ თავად გადაწყვიტოს, გამართლებულია თუ არა შესაბამის შემთხვევაში სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევა. ამგვარად, სანქციის ინდივიდუალიზაციის მექანიზმი არ გამორიცხავს აღნიშნული ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, როდესაც ეს მართლაც აუცილებელია და არც არსებითად ამცირებს მის პრევენციულ თუ რეპრესიულ ფუნქციებს. იგი მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ ლეგიტიმურ მიზანთან მკვეთრად დისპროპორციულ შემთხვევებში იგი არ იქნეს გამოყენებული. ამგვარად, სანქციის ინდივიდუალიზაციის პირობებში კვლავაც იარსებებს, თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რელევანტურად მიაჩნია პარალელის გავლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლთან, რომელიც არსებითად მსგავსი ქმედების კრიმინალიზაციას ახდენს, მაგრამ სასჯელის სახით არ ითვალისწინებს დანაშაულის იარაღის სავალდებულო ჩამორთმევას, არამედ აღნიშნული ღონისძიება, ამავე კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე გამოიყენება და პირობადებულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობით ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებით ანდა ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით. შესაბამისად, დანაშაულის იარაღის ჩამორთმევის საკითხი მოსამართლის მიხედულების თავისუფლებაშია მოქცეული და მას შეუძლია, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, შეუფარდოს ეს სასჯელი ან უარი თქვას მის გამოყენებაზე.

36. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის სანქციის სავალდებულო ბუნება გამორიცხავს ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ აღნიშნული სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას და, ამ თვალსაზრისით, აუცილებელზე მეტად, არათანაზომიერად ზღუდავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღის მესაკუთრის საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას, ვიდრე ეს ობიექტურად აუცილებელია ბუნებრივი გარემოსა და რესურსებით რაციონალური სარგებლობის ინტერესების დასაცავად წიაღით უკანონო სარგებლობისაგან.

37. ამგვარად, რამდენადაც გასაჩივრებული რეგულაციის საფუძველზე, საქმის განმხილველი ადმინისტრაციული სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის − წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობისათვის − თავად განსაზღვროს სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევის აუცილებლობა და განსხვავებული ფაქტობრივი გარემოების, უმართლობის ხარისხის, სამართალდამრღვევი სუბიექტის პიროვნების მახასიათებლების თუ სხვა რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით, მოახდინოს ადმინისტრაციული სანქციის ინდივიდუალიზაცია, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობისა და თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპების მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, 11, 12, 13, 14, 15, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, 81, 82, მე-11, 121, მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტებისა და 45-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. კონსტიტუციური სარჩელი №1475 („„შპს ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის − წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობისათვის, სანქციის სახით, ითვალისწინებს სამართალდარღვევის იარაღის სავალდებულო კონფისკაციას და გამორიცხავს საქმის განმხილველი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ ამავე სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის წევრები:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი