საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 682
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.022403
682
13/11/2020
ვებგვერდი, 17/11/2020
300280000.10.003.022403
საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №682

2020 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 159-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმა“ (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



დანართი №1

 

საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის

განცალკევების გეგმა

 


მუხლი 1. საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელი

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის (შემდგომში − გადამცემი სისტემის ოპერატორი) განცალკევების მოდელია ქონებრივი განცალკევება.

მუხლი 2. გადამცემი სისტემის ოპერატორის საქმიანობის მარეგულირებელი ზოგადი პრინციპები

გადამცემი სისტემის ოპერატორის საქმიანობის მარეგულირებელი ზოგადი პრინციპებია:

ა) ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერირება და დაკავშირებული მომსახურების გაწევის უსაფრთხოება, საიმედოობა და ეფექტიანი ფუნქციონირება;

ბ) გადამცემი ქსელის ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირება, მოვლა-პატრონობა და განვითარება;

გ) გადაცემისა და განაწილების საქმიანობის დამოუკიდებლობა სხვა ენერგეტიკული საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული კომერციული ინტერესებისგან, აგრეთვე ინტერესთა კონფლიქტისა და ჯვარედინი სუბსიდირების წინაპირობების გამორიცხვა.

მუხლი 3. გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის შესასრულებლად გასატარებელი ღონისძიებები

1. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულმა სუბიექტებმა (სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოს“ შემთხვევაში − აქციონერთა საერთო კრების მხრიდან წესდებით გათვალისწინებული სათანადო გადაწყვეტილების წინასწარ მიღების შემთხვევაში), გადამცემი სისტემის (აქტივების) ფლობის/ოპერირების კუთხით, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 22 დღის ვადაში უნდა გაატარონ შემდეგი ღონისძიებები:

ა) შპს „ენერგოტრანსის“ საკუთრებაში არსებული გადამცემი ინფრასტრუქტურის აქტივების მიმართ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორის, შეუფერხებელი ოპერირების, აქტივების ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენების, ასევე ამ აქტივების მიმართ დაგეგმვის, რემონტებისა და განვითარების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობის დადასტურება;

ბ) სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოს“ საკუთრებაში არსებული გადამცემი ინფრასტრუქტურის აქტივების სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორის, ფლობასა და ოპერირებაში სასყიდლიანი გადაცემა, იმგვარად, რომ აღნიშნულ აქტივებთან დაკავშირებით უზრუნველყოფილ იქნეს:

ბ.ა) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ გადაცემული აქტივების ფაქტობრივი ფლობა, სრული ოპერირება და გადაცემული აქტივების ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება (სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შესაბამისი წერილობითი მიმართვისა და სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოს“ წესდებით გათვალისწინებული კორპორაციული პროცედურების დაკმაყოფილების შემთხვევაში);

ბ.ბ) გადაცემული აქტივების მიმართ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განვითარების დაგეგმვის უფლებამოსილების თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა;

ბ.გ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სარემონტო-საექსპლუატაციო საქმიანობის განხორციელება ექსკლუზიურად აღნიშნული აქტივების მესაკუთრის სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოს“ სერვისის გამოყენებით, თუ აქტივების გადაცემაზე ხელშეკრულებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულმა შესაბამისმა სუბიექტებმა 2020 წლის პირველ დეკემბრამდე უნდა უზრუნველყონ შემდეგი ღონისძიებების გატარება:

ა) შპს „ენერგოტრანსის“ ნაწილში:

ა.ა) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (შემდგომში − სსე) 100%-იანი შვილობილი კომპანიის − შპს „ენერგოტრანსის“ წესდებაში შეტანილი იქნება ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს დამფუძნებლის − სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ შპს „ენერგოტრანსის“ კაპიტალში არსებული გადამცემი სისტემის აქტივების მართვისა და ოპერირების შეუფერხებელ/შეუზღუდავ შესაძლებლობას;

ა.ბ) შპს „ენერგოტრანსის“ წესდების განახლება სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

3. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულმა შესაბამისმა სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ შემდეგი ღონისძიებების გატარება:  სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოს“ აქციონერთა საერთო კრების მხრიდან წესდებით გათვალისწინებული სათანადო გადაწყვეტილების წინასწარ მიღების შემთხვევაში, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 22 დღის ვადაში, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოსა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის სასყიდლიანი იჯარის ხელშეკრულების გაფორმება, რის საფუძველზეც „საქრუსენერგო“ გადამცემი სისტემის აქტივების მართვისა და ოპერირების უფლებას სრულად გადასცემს სსე-ს, მისთვის საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე.  

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულებას უზრუნველყოფენ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და შპს „ენერგოტრანსი“, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულებას − შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო), სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“.

მუხლი 4. გადამცემი სისტემის ოპერატორის ქონებრივი განცალკევება

1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე, სამინისტრომ უზრუნველყოს, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ან სხვა საჯარო დაწესებულებებთან მოლაპარაკებისა და სათანადო ცვლილებების ინიციირების საფუძველზე, მისი მმართველობის სფეროში არსებული, ქვემოთ ჩამოთვლილი კომპანიების მართვის უფლებების იმგვარი გადანაწილება, რომ ერთი სახელმწიფო ორგანოს მართვაში არ აღმოჩნდეს ერთდროულად, ერთი მხრივ, ენერგიის გადაცემის/განაწილების და, მეორე მხრივ, წარმოების/მიწოდების/ვაჭრობის საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიები:

ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში:

ა.ა) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ − გადაცემის საქმიანობა (100% აქციები);

ა.ბ) შპს „ენერგოტრანსი“ − გადაცემის საქმიანობა (100%-იანი წილი);

ა.გ) სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“ − გადაცემის საქმიანობა (50% აქციები);

ა.დ) შპს „ენგურჰესი“ − წარმოების საქმიანობა (100%-იანი წილი);

ა.ე) შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ − წარმოების საქმიანობა (100%-იანი წილი);

ა.ვ) სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ − ელექტროენერგიით ვაჭრობა/მიწოდება (100% აქციები);

ა.ზ) თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ელექტროობის ბითუმად ვაჭრობის სააქციო საზოგადოება „კარჩალ ენერჯი“ (KARÇAL ENERJİ ELEKTRİK TOPTAN TİCARET A.Ş.) − (100%-იანი წილი);

ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში:

ბ.ა) შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ − გადაცემის საქმიანობა (100%-იანი წილი);

ბ.ბ) სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ − ვაჭრობა (100% აქციები).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოლაპარაკებების დასრულებამდე და ცვლილებების განხორციელებამდე, სამინისტრომ, 2020 წლის პირველ დეკემბრამდე, დროებითი  ღონისძიების სახით უზრუნველყოს  მისი მმართველობის სფეროში შემავალი ზემოხსენებული კომპანიების მართვის უფლებების სათანადოდ გადანაწილება, სულ მცირე, სამინისტროში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.