საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე

საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 28/10/2020
დოკუმენტის ტიპი კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2020
ძალაში შესვლის თარიღი 04/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016017
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
40
28/10/2020
ვებგვერდი, 30/10/2020
240140000.41.046.016017
საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/10/2020 - 05/09/2022)

 

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება 40

2020 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე

 


„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-18 და 25-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა“.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-5 ბრძანება.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან.

 


კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე



საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა

 


თავი I
ზოგადი დებულებები

 


მუხლი 1. შესავალი დებულებები
1. საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი)  შესაბამისად.

2. ეს წესი განსაზღვრავს კანონით გათვალისწინებული დებულებების დარღვევასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ საქმის მოკვლევის განხორციელების წესსა და პროცედურას, საქმის მოკვლევის პროცესში მონაწილე პირების უფლებებსა და ვალდებულებებს.

 


მუხლი 2. მხარის/დაინტერესებული მხარის უფლებები და ვალდებულებები
1. მხარეებს უფლება აქვთ:

ა) ჰყავდეთ ადვოკატი ან/და წარმომადგენელი საქმის მოკვლევის პროცესში;

ბ) სააგენტოს წარუდგინონ პოზიცია, ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები საქმის მოკვლევის ნებისმიერ ეტაპზე;

გ) გაეცნონ საქმის მასალებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლით დადგენილი წესით;

დ) მოითხოვონ ინფორმაციის/მტკიცებულებების წარდგენის ვადის გახანგრძლივება;

ე) განაცხადონ აცილება სააგენტოს თანამშრომლის მიმართ, საქმის განხილვის  ნებისმიერ ეტაპზე;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვონ მათ მიერ სააგენტოში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

2. მომჩივანს უფლება აქვს, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას საჩივარზე, რაც საქმის მოკვლევის შეწყვეტის საფუძველია. სააგენტო უფლებამოსილია საქმის მოკვლევა გააგრძელოს, როდესაც არსებობს დასაბუთებული მტკიცებულება, რომ კონკურენცია მნიშვნელოვნად იზღუდება.

3. გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული უფლებებისა, მოპასუხეს უფლება აქვს:

ა) აიღოს პირობითი ვალდებულები კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე (შემდგომში – პირობითი ვალდებულებები);                                                                           

ბ) სააგენტოს წარუდგინოს დასაბუთებული მოთხოვნა მასზე დაკისრებული ჯარიმის არაუმეტეს ერთი წლის ვადით გადანაწილების თაობაზე.

4. საქმის პროცესის მონაწილე დაინტერესებული მხარე სარგებლობლობის მხარისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული ყველა უფლებით, გარდა „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აცილების უფლებისა.

5. მხარე/დაინტერესებული მხარე ვალდებულია:

ა) სააგენტოს მიაწოდოს მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში;

ბ) სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში გამოცხადდეს ახსნა-განმარტებაზე;

გ) ხელი არ შეუშალოს სააგენტოს უფლებამოსილ პირს/პირებს ადგილზე შემოწმების პროცედურის განხორციელების პროცესში.

 


მუხლი 3. აცილების საფუძვლები
1. მხარეს უფლება აქვს, აცილება მისცეს სააგენტოს იმ თანამშრომელს, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საკითხით.

2. აცილების საფუძველია კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის არსებობა.

3. კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძოდ, თუ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები  სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომლის მიმართაც სააგენტო საქმის მოკვლევას ახორციელებს, სააგენტოს შესაბამისმა თანამშრომელმა დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს თვითაცილება ინტერესთა კონფლიქტის გამო.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტოს თანამშრომლის მიმართ გამოიყენება სააგენტოს შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

 


მუხლი 4. საჯარო  და კონფიდენციალური ინფორმაცია
1. სააგენტოს მიერ მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები საჯაროა, გარდა კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული კონფიდენციალური ინფორმაციისა.

2. კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. კანონის მე-20 მუხლითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით სააგენტოში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, პირს მოსთხოვოს აღნიშნული დოკუმენტის არაკონფიდენციალური ვერსიის წარმოდგენა და განუსაზღვროს შესაბამისი ვადა.

4. დოკუმენტის ვერსია ითვლება არაკონფიდენციალურად, თუ მასში სათანადო წესით დაფარულია პირის კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ყველა მონაცემი და მისი გაცემა შესაძლებელია სხვა დაინტერესებულ პირზე ადმინისტრაციული წარმოების მასალის სახით.

5. სააგენტო უფლებამოსილია, არ დაეთანხმოს პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის არაკონფიდენციალურ ვერსიას და დამატებით მოსთხოვოს მას მონაცემების სხვა ფორმით დაფარვა ან თავად უზრუნველყოს დოკუმენტის არაკონფიდენციალური ვერსიის შექმნა და აცნობოს პირს ამის თაობაზე.

6. სააგენტოს თანამშრომლის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა, გავრცელება ან მისი გამოყენება, მათ შორის, პირადი, აკადემიური, სამეცნიერო და სხვა საქმიანობისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა, გამოიწვევს სააგენტოს შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 


თავი II
საქმის მოკვლევა

 


მუხლი 5. საქმის მოკვლევის დაწყების საფუძვლები
1. სააგენტო უფლებამოსილია დაიწყოს საქმის მოკვლევა საჩივრის  საფუძველზე  ან საკუთარი ინიციატივით.

2. საქმის მოკვლევა იწყება კანონის მე-6, მე-7, მე-10 და 113 მუხლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

3. საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევა იწყება საჩივრის დასაშვებად ცნობასთან ერთად.

4. სააგენტო საკუთარი ინიციატივით მოკვლევას იწყებს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული განცხადების, სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის მონიტორინგის დროს გამოკვეთილი გარემოებების ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის არსებობის პირობებში, რომელიც წარმოშობს გონივრულ ეჭვს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე.

5. სააგენტო მის მიერ საკუთარი ინიციატივით მოკვლევის დაწყებასთან ერთად განსაზღვრავს შესაბამის მოპასუხე სუბიექტს/სუბიექტებს და ატყობინებს მას/მათ მოკვლევის დაწყების თაობაზე.

6. თუ საქმის მოკვლევა იწყება კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია, მოკვლევის დაწყების თაობაზე აცნობოს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს.

 


მუხლი 6. საქმის მოკვლევის ხანგრძლივობა
1. საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სააგენტო იწყებს საქმის მოკვლევას და არაუგვიანეს 6 თვისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

2. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლებელია გაგრძელდეს 18 თვემდე.

3. სააგენტო მხარეებს გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე, არანაკლებ 10 სამუშო დღით ადრე, ატყობინებს საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების შესახებ.

 


მუხლი 7. ეკომონიკური აგენტის ქმედების დროებით შეჩერება
სააგენტო უფლებამოსილია კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2176 მუხლით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას კანონის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად.

 


თავი III
ინფორმაციის გამოთხოვა

 


მუხლი 8. სააგენტოს მიერ ინფორმაციის  გამოთხოვის უფლება
1. სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში და ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვანი  გარემოებების დადგენას.

2. დოკუმენტის/ინფორმაციის მიწოდების შესახებ სააგენტოს მიმართვაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, საგანი, მიზანი და ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს ინფორმაცია მიწოდებული, აგრეთვე, მითითება ინფორმაციის მიუწოდებლობის შესაძლო შედეგებზე.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით  განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. სააგენტო უფლებამოსილია მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, გააგრძელოს დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენის ვადა.

 


მუხლი 9. ინფორმაციის მიწოდება
1. ინფორმაცია ითვლება მიწოდებულად, თუ იგი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულყოფილად იქნა წარდგენილი სააგენტოს იურიდიულ მისამართზე ან/და ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

2. თუ ამ ინფორმაციის სააგენტოს მიერ მიღება დაკავშირებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის ათვლასთან ან/და განახლებასთან, შესაბამისი ვადა აითვლება/განახლდება ინფორმაციის რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

3. პირი უფლებამოსილია, სააგენტოს მოსთხოვოს მის მიერ წარდგენილი კონკრეტული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად და წარუდგინოს შესაბამისი დასაბუთება.

4. სააგენტო ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნას განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 


მუხლი 10. ინფორმაციის მიუწოდებლობა
1. სააგენტოსათვის ინფორმაციის მიუწოდებლობად ითვლება:

ა) ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა;

ბ) არასწორი ინფორმაციის მიწოდება;

გ) მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად მიწოდება;

2. ინფორმაციის მიუწოდებლობად არ ითვლება სააგენტოს მიიერ განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული პასუხი მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შესახებ.

 


მუხლი 11. ინფორმაციის მიუწოდებლობის შედეგები
1. სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას  სამი ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკური პირის  დაჯარიმებას – ათასი ლარის ოდენობით.

2. ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სააგენტოს მიერ ხელახლა განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში,  იურიდიულ პირს დაეკისრება ჯარიმა ხუთი ათასი ლარის ოდენობით. ხოლო ფიზიკურ პირს – სამი ათასი ლარის ოდენობით.

3. ჯარიმის დაკისრება პირს არ ათავისუფლებს სააგენტოსათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.

4. ინფორმაციის  მიუწოდებლობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, სააგენტოს უფლება აქვს:

ა) კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2173 მუხლით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისგან/მხარისგან/დაინტერესებული მხარისგან ინფორმაციის/ დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ;

ბ) კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის, ამ წესის მე-4 თავისა და  საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2169 მუხლით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით შესაბამისი ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების შესახებ.

5. კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართ წარმოებული მოკვლევის ფარგლებში მოპასუხისგან გამოთხოვილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობის, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, სააგენტო, დასვამს მოპასუხის უფლებამოსილი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს.

 


თავი IV
ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმება

 


მუხლი 12. ადგილზე შემოწმების სამართლებრივი საფუძვლები
1. კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების მიზნით, სააგენტო მოტივირებული შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს.

2. სააგენტოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების შესახებ უნდა შეიცავდეს საკმარის საფუძველს და დასაბუთებას შესაბამისი ღონისძიების გამოყენების საჭიროების თაობაზე. შუამდგომლობაში მიეთითება იმ ეკონომიკური აგენტის ზუსტი მონაცემები, რომელიც უნდა შემოწმდეს, შემოწმების ვადა, ხასიათი და ფარგლები.

3. მოსამართლე, ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების შესახებ ბრძანებას იღებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 2170 მუხლით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში იმ ეკონომიკური აგენტისთვის შეუტყობინებლად, რომლის ადგილზე შემოწმებასაც ითხოვს სააგენტო.

4. მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, სააგენტო გამოსცემს ბრძანებას, სადაც მიეთითება:

ა) ადგილზე შემოწმებაში მონაწილე, სააგენტოს უფლებამოსილ პირთა სახელი, გვარი, თანამდებობა და სამსახურებრივი მოწმობის ნომერი;

ბ) ადგილზე შემოწმებაში მონაწილე, შესაბამისი დარგის მოწვეული ექსპერტ(ებ)ის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

 


მუხლი 13. ადგილზე შემოწმებაში მონაწილე მხარების ძირითადი უფლება-მოვალეობები
1. შემოწმება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში. საჭიროების შემთხვევაში, შემოწმება შეიძლება გაგრძელდეს არასამუშაო დროსაც, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებში.

2. შესაძლებელია განხორციელდეს იმ ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმება, რომლის მიმართ არ მიმდინარეობს მოკვლევა, თუმცა არსებობს საკმარისი საფუძველი და დასაბუთება, რომ მასთან ინახება შესაბამისი საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები და ამ ეკონომიკური აგენტის შემოწმების თაობაზე არსებობს მოსამართლის ბრძანება. 

3. ადგილზე შემოწმება მოიცავს:

ა) ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტების გაცნობას, მათი კონფიდენციალურობის და შენახვის წესის მიუხედავად;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლების გადაღებას;

გ) ადგილზე ახსნა-განმარტებების მიღებას;

დ) ეკონომიკური აგენტის იურიდიული და ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე დაშვებას.

4.ადგილზე შემოწმების განმახორციელებელი, სააგენტოს უფლებამოსილი თითოეული პირი ვალდებულია, ეკონომიკურ აგენტს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს ადგილზე შემოწმება, შემოწმების დაწყებამდე წარუდგინოს სამსახურებრივი მოწმობა.

5. ადგილზე შემოწმების განმახორციელებელი სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, ეკონომიკურ აგენტს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს ადგილზე შემოწმება, შემოწმების დაწყებამდე გადასცეს მოსამართლის და სააგენტოს ბრძანებები, რასაც ეკონომიკური აგენტის უფლებამოსილი პირი ადასტურებს შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერით.

6. ადგილზე შემოწმების განმახორციელებელი სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია ეკონომიკურ აგენტს გააცნოს შემოწმების პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები, პროცედურული საკითხები და ასევე ის შედეგები, რომელიც მოჰყვება სააგენტოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას, რასაც ეკონომიკური აგენტის უფლებამოსილი პირი ადასტურებს შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერით.

7. ეკონომიკური აგენტი ვალდებულია ადგილზე შემოწმების დროს ითანამშრომლოს სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან, მათ შორის:

ა) შემოწმების ადგილზე დაუშვას სააგენტოს უფლებამოსილი პირები;

ბ) არ შეუშალოს ხელი სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენელს თავისი მოვალეობის შესრულებაში;

გ) სააგენტოს უფლებამოსილ პირებს მიამაგროს წარმომადგენელი ან/და თანამშრომელი, რომელიც, საჭიროებისამებრ მისცემს ახსნა-განმარტებას, სააგენტოს წარმომადგენლებს დახმარებას გაუწევს ადგილზე შემოწმების პროცესის ეფექტიანად წარმართვაში, მათ შორის, ეკონომიკური აგენტის თანამშრომლების ელექტრონული ფოსტების დროებით დაბლოკვაში,  კომპიუტერების ქსელიდან დროებით გამორთვაში;

დ) არ განახორციელოს იმ ნივთებთან (კომპიუტერული მოწყობილობები, მატერიალური დოკუმენტები, ჩანაწერები და სხვა) შეხება, რომელთან დაკავშირებითაც მიიღებს მითითებას სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელისგან.

8. ეკონომიკურ აგენტს უფლება აქვს შემოწმებისას მოიწვიოს იურისტი ან/და სხვა წარმომადგენელი. ასეთი პირ(ებ)ის მონაწილეობა არ წარმოადგენს ადგილზე შემოწმების პროცესის კანონიერების პირობას. ამასთან, დაუშვებელია იურისტის/წარმომადგენლის მონაწილეობის საბაბით, ადგილზე შემოწმების პროცესის შეფერხება/ხელის შეშლა.

9. სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ადგილზე შემოწმებაში ხელის შეშლა იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

 


მუხლი 14. ადგილზე შემოწმებაში მესამე პირების მონაწილეობა

 

ადგილზე შემოწმების პროცესის ჯეროვნად წარმართვის მიზნით, პროცესში შეიძლება ჩაერთოს შესაბამისი დარგის ექსპერტი.

 


მუხლი 15. ფართის ან/და დოკუმენტაციის დალუქვა ადგილზე შემოწმების დროს
1. სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს დალუქოს შესამოწმებელი ფართი სრულად ან ნაწილობრივ, ასევე ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები (მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტები) და კომპიუტერული ტექნიკა, იმ ხანგრძლივობითა და მოცულობით, რაც აუცილებელია ადგილზე შემოწმების მიზნებისათვის, ისე რომ ამან არ გამოიწვიოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობის შეჩერება.

2. შესამოწმებელი ფართის ან მისი ნაწილის ან/და ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტების) და კომპიუტერული ტექნიკის დალუქვა შესაძლებელია ადგილზე შემოწმების პერიოდის განმავლობაში, თუმცა არაუმეტეს 72 საათისა.

3. შესამოწმებელი ფართის ან მისი ნაწილის ან/და ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტების) და კომპიუტერული ტექნიკის დალუქვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ დგება ოქმი. ეკონომიკური აგენტი ვალდებულია უზრუნველყოს ლუქის მთლიანობა, იმ დრომდე, ვიდრე თავად სააგენტოს უფლებამოსილი პირები არ ახსნიან მას. ლუქის ახსნის დროს დგება ოქმი, სადაც ფიქსირდება ლუქის მდგომარეობა.

 


მუხლი 16. ახსნა-განმარტების მიღება ადგილზე შემოწმების დროს
1. ადგილზე შემოწმების დროს, სააგენტოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ დასმულ შეკითხვაზე ეკონომიკური აგენტის წარმომადგენლისგან  ან/და ეკონომიკური აგენტის თანამშრომლისგან მიღებული ახსნა-განმარტება შესაძლებელია ჩაწერილ იქნეს ნებისმიერი ფორმით.

2. შესაბამის ეკონომიკურ აგენტს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ჩაწერილი ახსნა-განმარტების ასლი ეგზავნება ადგილზე შემოწმების დასრულების შემდგომ.

 


მუხლი 17. ინფორმაციის მოპოვება ადგილზე შემოწმების დროს
1. სააგენტო უფლებამოსილია გაეცნოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტებს, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკურ დოკუმენტებს, მათი კონფიდენციალურობის და შენახვის წესის მიუხედავად, ასევე გააკეთოს ამ ინფორმაციის ასლი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი ასევე მოიცავს სააგენტოს უფლებას, შეამოწმოს ელექტრონული ფორმით არსებული ინფორმაცია, ასევე გააკეთოს ამ ინფორმაციის ასლი.

3. ადგილზე შემოწმების დროს სააგენტოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ შეამოწმონ შესაბამისი ეკონომიკური აგენტის:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემა, მათ შორის, სერვერები, პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები, ტაბლეტები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები;

ბ) ინფორმაციის შესანახი საშუალებები, მათ შორის, კომპაქტდისკები (CD-ROM), ინფორმაციის მატარებელი ციფრული ოპტიკური დისკები (DVD), უნივერსალური სერიული სალტეები (USB), გარე მყარი დისკები (external hard disks), სარეზერვო ასლები (backup tapes), მონაცემთა „ღრუბლები“ და ა.შ. 

გ) თანამშრომლ(ებ)ის პირადი ტექნიკა, მოწყობილობა და საშუალებები, რომელიც გამოიყენება სამსახურებრივი მიზნებისათვის და რომელიც იმყოფება შემოწმების ადგილზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება მოიცავს სააგენტოს წარმომადგენლების უფლებას, ადგილზე შემოწმების დროს გამოიყენონ არამხოლოდ სისტემაში ჩაშენებული/ინტეგრირებული საძიებო სისტემები, არამედ სხვა რელევანტური საშუალებები (Forensic IT tools).

5. შესამოწმებლად შერჩეული ინფორმაციის შესანახი საშუალება, ამ საშუალების უსაფრთხოების კონტროლის მიზნით, ადგილზე შემოწმების დასრულებამდე, შესაძლებელია გადავიდეს სააგენტოს უფლებამოსილი პირის დროებით მფლობელობაში, რასთან დაკავშირებითაც დგება ოქმი.

6. ეკონომიკურ აგენტს, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესანახი საშუალება უბრუნდება ადგილზე შემოწმების დასრულების ან საშუალებაზე არსებული ინფორმაციის ასლის (forensic copy) გაკეთების შემდგომ. ასეთი ასლი ითვლება ინფორმაციის შესანახ ორიგინალ საშუალებაზე არსებული ინფორმაციის ავთენტურ დუბლიკატად. ავთენტური დუბლიკატის შემოწმება უტოლდება ინფორმაციის შესანახ ორიგინალ საშუალებაზე არსებული ინფორმაციის შემოწმებას.

 


მუხლი 18. ადგილზე შემოწმების დროს მოპოვებულ ინფორმაციასთან მოპყრობა
1. ადგილზე შემოწმების დასრულებისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ, შემოწმების დროს მოპოვებული ინფორმაციის გადატანა ხდება ინფორმაციის მატარებელზე (მაგალითად, DVD). მზადდება სამი იდენტური ასლი, საიდანაც ერთი გადაეცემა ეკონომიკურ აგენტს, ხოლო ორი თან მიაქვთ სააგენტოს უფლებამოსილ პირ(ებ)ს.

2. შემოწმების დასრულებისას, ორ ეგზემპლარად მზადდება შემოწმების ოქმი, რომელიც ასევე მოიცავს ადგილზე შემოწმებისას მოპოვებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის ჩამონათვალს/სიას. ოქმის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ეკონომიკურ აგენტს.

3. ოქმის გაცნობისა და მისი ერთი ეგზემპლარის, ასევე ინფორმაციის მატარებლის გადაცემის ფაქტს ეკონომიკური აგენტის უფლებამოსილი პირი ადასტურებს ხელმოწერით.

4. ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ადგილზე შემოწმების დროს, სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა საქართველოს კანონის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  272 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. ადგილზე შემოწმების დროს სააგენტოს მიერ მოპოვებული, კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაციის დაცვა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 


თავი V
მოკვლევის წარმოება

 


მუხლი 19. მოკვლევის წარმოების ზოგადი პროცედურა
1. სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ინიშნება მოკვლევის ჯგუფი მინიმუმ 2 პირის მონაწილეობით, რომლის შემადგენლობაშიც სააგენტოს თანამშრომელთან ერთად შეიძლება იყოს, ასევე მოწვეული სპეციალისტიც. სააგენტოს  გადაწყვეტილებით, მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელად ინიშნება სააგენტოს შესაბამისი თანამშრომელი. 

2. მოკვლევის ჯგუფი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ქმედება, რაც საჭიროა საქმის მოკვლევის განხორციელებისათვის. გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ჯგუფის ხელმძღვანელის ხმა.

 


მუხლი 20. საქმის გარემოებათა გამოკვლევა
1. სააგენტო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

2. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე სააგენტო უფლებამოსილია:

ა) შეაგროვოს ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით;

ბ) მიიღოს ახსნა-განმარტება ან გამართოს საკონსულტაციო შეხვედრა საქმის გარემოებათა დასადგენად;

გ) მოიწვიოს ექსპერტი;

დ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 


მუხლი 21. თანამშრობლობის ფორმები
1. თუ საქმის მოკვლევა ხორციელდება კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტო ვალდებულია, მიმართოს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით.

2. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით უფლებამოსილია:

ა) გამოითხოვოს და გაეცნოს საქმის მასალებს;

ბ) მონაწილეობა მიიღოს ამ წესის 24-ე და 25-ე მუხლებით განსაზღვრულ ახსნა-განმარტებებში;

გ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებებზე;

დ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების პროექტზე;

ე) მონაწილეობა მიიღოს ამ წესის 28-ე მუხლით დადგენილი წესით გამართულ შემაჯამებელ სხდომაში;

ვ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს სააგენტოს მიერ პირისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ - ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი პოზიციის დაფიქსირებამდე ან ქმედების განხორციელებამდე, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, გონივრული ვადის გათვალისწინებით უნდა მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

 


მუხლი 22. პირთა წრე ვისგანაც შესაძლებელია ახსნა-განმარტების მიღება
1. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად სააგენტოს თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია ახსნა-განმარტების მისაღებად მოიწვიოს:

ა) მხარე;

ბ) დაინტერესებული მხარე.

2. სააგენტოს მიერ ახსნა-განმარტებისათვის გამოძახებული პირები ვალდებულნი არიან გამოცხადნენ სხდომაზე და მისცენ ახსნა-განმარტება.

 


მუხლი 23. შეტყობინება სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ
1. შეტყობინება უნდა ჩაბარდეს ადრესატს, მის წარმომადგენელს, ოჯახის წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. შეტყობინება შეიძლება განხორციელდეს ფოსტით ან/და სხვა ტექნიკური საშუალებებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა). ამ პუნქტში დასახელებული ტექნიკური საშუალებებით შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად, ადრესატი მხარის მიერ დადასტურების შემთხვევაში.

2. შეტყობინება სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს და საქმესთან დაკავშირებულ სხვა პირებს/უწყებებს უნდა ჩაბარდეთ სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე.

 


მუხლი 24. ახსნა - განმარტების სხდომა
1. სააგენტო, ახსნა-განმარტების მიღების მიზნით, ატარებს სხდომას მხარეთა მონაწილეობით.

2. სხდომას უძღვება მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი ან მის მიერ განსაზღვრული პირი.

3. სხდომა იხსნება სხდომის თავმჯდომარის შესავალი სიტყვით, სადაც იგი განმარტავს პროცედურულ საკითხებს და მიმდინარე მოკვლევის ძირითად შინაარსს.

4. საჩივრის საფუძველზე წარმოებული საქმის მოკვლევის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარის შესავალი სიტყვის შემდეგ, მომჩივანი ან მისი წარმომადგენელი  უფლებამოსილია, სხდომაზე გააკეთოს მოხსენება იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ, რომელსაც ეყრდნობა მისი საჩივარი.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირების შემდეგ, მოპასუხეს ან მის წარმომადგენელს შეუძლია გააკეთოს მოხსენება საკუთარი პოზიციისა და მომჩივანის ან/და სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესახებ.

6. სხდომაზე კითხვების დასმის უფლება აქვთ სააგენტოს წარმომადგენელს და მხარეებს. მხარეებს შეუძლიათ კითხვები დაუსვან სხდომაზე მონაწილე სხვა პირებს სხდომის თავმჯდომარის თანხმობით. სააგენტოს წარმომადგენელს უფლება აქვს დასვას შეკითხვები, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია საქმის  გარემოებებთან, ასევე, კითხვები, რომელსაც პირდაპირი კავშირი არა აქვს საქმესთან, მაგრამ ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენას. 

7. სხდომა შესაძლებელია წარიმართოს ვიდეოკონფერენციის საშუალებით.

8. სხდომაზე მოწვეული პირის გამოუცხადებლობა არ არის სხდომის გადადების საფუძველი. იმ შემთხვევაში, როდესაც სხდომაზე არ გამოცხადდება არცერთი მოწვეული პირი ან/და არსებობს პირის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, სხდომის თავმჯდომარე გადადებს სხდომას.

9. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს სხდომა დაატოვებინოს წესრიგის დამრღვევ პირს.

10. სხდომის  დასრულების შემდეგ,  დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

11. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული სხდომა შეიძლება ჩაიწეროს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამ შემთხვევაში, სხდომის ჩანაწერი ერთვის ახსნა-განმარტების ოქმს და ჩანაწერის შინაარსის წერილობითი ფორმით ოქმში ასახვა აღარ ხორციელდება. 

 


მუხლი 25. ინდივიდუალური ახსნა-განმარტება
1. მოკვლევის ინტერესების გათვალისწინებით, ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია მოხდეს სხდომის ჩატარების გარეშე, ინდივიდუალური ახსნა-განმარტების ჩამორთმევის გზით. აღნიშნულ შემთხვევაში დგება ახსნა-განმარტების ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც იღებს ახსნა-განმარტებას და ახსნა-განმარტების მიმცემი პირი.

2. თუ ახსნა-განმარტების მიმცემი პირი უარს განაცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, სააგენტოს თანამშრომელი თავად აწერს ოქმს ხელს და აკეთებს მითითებას პირის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზების შესახებ.

3. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტებით გათვალისწინებული ახსნა-განმარტების მიმდინარეობა შეიძლება ჩაიწეროს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამ შემთხვევაში, საოქმო ჩანაწერი ერთვის ახსნა-განმარტების ოქმს და ჩანაწერის შინაარსის წერილობითი ფორმით ოქმში ასახვა აღარ ხორციელდება.

 


მუხლი 26. პირობითი ვალდებულებები
1. სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების პროექტის მიღებამდე მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია, სააგენტოს შესთავაზოს პირობითი ვალდებულებები.

2. სააგენტო ვალდებულია, პირობითი ვალდებულებების განსახილველად მიღებიდან 5 სამუშაო დღეში აცნობოს მომჩივანს ამის შესახებ და განუსაზღვროს ვადა მოსაზრებების და შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენისათვის, რაც საქმის მოკვლევის ვადის დინების შეჩერების საფუძველია.

3. თუ საქმის მოკვლევა ხორციელდება კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის შესწავლის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია, პირობითი ვალდებულებების განსახილველად მიღებიდან 5 სამუშაო დღეში აცნობოს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს ამის შესახებ და განუსაზღვროს გონივრული ვადა მოსაზრებების წარმოდგენისათვის.

4. სააგენტო უფლებამოსილია, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან/და მტკიცებულება, რომელიც ხელს შეუწყობს პირობითი ვალდებულებების განხილვისათვის/გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენას, რაც ასევე აჩერებს საქმის მოკვლევის ვადის დინებას.

5. სააგენტო უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ შემოთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე. გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო შებოჭილი არ არის მომჩივანის ან/და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს პოზიციით, თუმცა, გადაწყვეტილებაში მითითებულ უნდა იქნეს შესაბამისი დასაბუთება.

6. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ აღებული პირობითი ვალდებულების შესრულების შედეგად აღარ იარსებებს კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი, და მიიღებს მის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებას კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე, სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე და მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს აღებული პირობითი ვალდებულების შესასრულებლად ვადას განუსაზღვრავს.

7. პირობითი ვალდებულებების მიღების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს ეკონომიკურ აგენტს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება გარკვეული პერიოდულობით.

8. თუ სააგენტო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პირობითი ვალდებულებების მიღებას, იგი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს და აგრძელებს საქმის მოკვლევას. ამ შემთხვევაში, მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულირება. აღნიშნული ინფორმაცია, კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე ეგზავნება ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს.

9. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში და განსაზღვრული სახით არ იქნება შესრულებული პირობითი ვალდებულებები:

ა) ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს.

ბ) სააგენტოს მიერ სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე გამოცემული გადაწყვეტილება უქმდება და საქმის მოკვლევა განახლდება საქმის მოკვლევის დარჩენილი ვადით. დარჩენილი ვადა აითვლება სააგენტოს მიერ პირობითი ვალდებულებების განსახილველად მიღების თარიღიდან.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის, წინა ფინანსურ წელში იგულისხმება სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წელი. ხოლო, თუ ეკონომიკური აგენტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრირებულია სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წელს, შესაბამის ფინანსურ წლად ჩაითვლება გადაწყვეტილების მიღების წელი. 

 


მუხლი 27. გადაწყვეტილების პროექტი
1. სააგენტო შემაჯამებელი სხდომის გამართვამდე განმცხადებელს, მომჩივან და მოპასუხე მხარეებს წერილობით უგზავნის სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების პროექტსა და საქმის მასალებს. ამასთანავე, განმცხადებელსა და მხარეებს განემარტებათ, რომ მათ უფლება აქვთ, წარმოადგინონ თავიანთი პოზიციები და შესაბამისი დამატებითი ინფორმაცია (მტკიცებულებები).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პოზიციის წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 25 სამუშაო დღეზე ნაკლები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ წარდგენილი ინფორმაცია სააგენტომ შეიძლება არ გაითვალისწინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

3. თუ საქმის მოკვლევა ხორციელდება კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის შესწავლის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია, გადაწყვეტილების პროექტი, საქმის მასალებთან ერთად, გაუგზავნოს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა მოსაზრებების წარმოდგენისათვის.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია წარმოადგინოს პოზიცია სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. სააგენტო შებოჭილი არ არის მის მიერ მიწოდებული პოზიციით, თუმცა გადაწყვეტილებაში მითითებულ უნდა იქნეს შესაბამისი დასაბუთება.

 


მუხლი 28. შემაჯამებელი სხდომა
1. საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ ინიშნება შემაჯამებელი სხდომა მხარეებისა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების/პირების მონაწილეობით.

2. სხდომის დანიშვნა და მონაწილე პირთა მოწვევა ხორციელდება ამ წესის 23-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

3. შემაჯამებელ სხდომას უძღვება მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი ან მის მიერ განსაზღვრული პირი.

4. შემაჯამებელ სხდომას ხსნის სხდომის თავმჯდომარე შესავალი სიტყვით, რომელშიც გადმოსცემს საქმის ძირითად არსს და აფასებს არსებული მტკიცებულებებით შექმნილ სამართლებრივ მდგომარეობას, ასევე მომოიხილავს სააგენტოს გადაწყვეტილების პროექტში მოცემულ ძირითად საკითხებს.

5. სხდომის თავმჯდომარის სიტყვის შემდეგ მხარეებს მორიგეობით ეძლევათ ძირითადი სიტყვა. ძირითადი სიტყვა საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევის შემთხვევაში პირველად ეძლევა მომჩივანს, შემდგომ კი მოპასუხეს. მხარების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე სიტყვას გადასცემს სხდომაში მონაწილე სხვა უწყებებს/პირებს.

6. ძირითადი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ სხდომის მონაწილეებს უფლება აქვთ დაუსვან ერთმანეთს კითხვები, სხდომის თავმჯდომარის ნებართვის საფუძველზე.

7. შეკითხვების ამოწურვის შემდეგ, მხარეებსა და სხდომის სხვა მონაწილეებს ეძლევათ რეპლიკის უფლებას.

8. სხდომის დასრულების შემდეგ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

9. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, შემაჯამებელი სხდომა შეიძლება ჩაიწეროს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამ შემთხვევაში, სხდომის ჩანაწერი ერთვის შემაჯამებელი სხდომის ოქმს.

 


თავი VI
სააგენტოს გადაწყვეტილება

 


მუხლი 29. სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილება  და გასაჩივრების წესი
1. შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდგომ მოკვლევის ჯგუფი ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს, რომელსაც წარედგინება სააგენტოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად.

2. სააგენტოს თავმჯდომარე გადაწყვეტილების მიღების პროცესში კანონმდებლობის ფარგლებში უფლებამოსილია დაამტკიცოს ან დაუბრუნოს იგი უკან მოკვლევის ჯგუფს შემდგომი მოკვლევის მიზნით ან/და დაზუსტებისათვის, იმ ვადის გათვალისწინებით, რაც დარჩენილია საქმის მოკვლევის კანონით განსაზღვრული ვადის დასრულებამდე.

3. გადაწყვეტილება მტკიცდება ბრძანების ფორმით.

4. გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნებათ მხარეებს/განმცხადებელს და 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს  სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, კონფიდენციალური მონაცემების დაცვით, საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით.

5. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  შესაბამისად,  თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 


მუხლი 30. ჯარიმა
1. სააგენტოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ ინფორმაციას ჯარიმის ოდენობის  და მისი გამოთვლის წესის შესახებ.

2. კანონის მე-6 ან მე-7 მუხლით გათვალისწინებული დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 5%-ს. ხოლო აღნიშნული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან ამ დარღვევის განმეორების შემთხვევაში – 10%-ს.

3. კანონის 113 მუხლით გათვალისწინებული დარღვევის დადასტურების შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის წლიური ბრუნვის 1%-ს, ხოლო აღნიშნული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან ამ დარღვევის განმეორების შემთხვევაში − 3%-ს.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის, წინა ფინანსურ წლად ითვლება სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წელი. ხოლო, თუ ეკონომიკური აგენტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრირებულია სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წელს, შესაბამის ფინანსურ წლად ითვლება გადაწყვეტილების მიღების წელი. 

5. ჯარიმის ოდენობის გამოთვლა ხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული ჯარიმების ოდენობის დადგენის სახელმძღვანელო პრინციპების საფუძველზე.

 


მუხლი 31. საქმის ხელახალი მოკვლევის დაუშვებლობა

 

საქმის მოკვლევის დასრულების შემდეგ დაუშვებელია იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით მოკვლევის დაწყება, თუ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან/და გამოვლენილი გარემოება.