2020-2021 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

2020-2021 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 105/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 07/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.017964
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
105/ნ
07/10/2020
ვებგვერდი, 08/10/2020
430110000.22.022.017964
2020-2021 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (08/10/2020 - 28/12/2020)

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №105/ნ

2020 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

2020-2021 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 801 მუხლის მე-2 პუნქტისა და „2020-2021 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2020 წლის 2 მარტის №138 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,2020-2021 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი



 

 

 

 

 

დანართი

2020-2021 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო   სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა

 


მუხლი 1. პროგრამის დაფინანსება

1. 2020-2021 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა შეადგენს 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარს.

2. 2020-2021 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარისა.

მუხლი 2. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების უფლების მქონე სტუდენტი

1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

2. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს, თუ იგი როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, არ არის შეყვანილი მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტში.

მუხლი 3. დაფინანსების პრინციპი

1. პროგრამის ფარგლებში ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მაგისტრანტები სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს მოიპოვებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესით“ გათვალისწინებული საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული აბსოლუტური ქულის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავენ იმავე ბრძანებით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებით“ დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მაგისტრანტთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დასაფინანსებლად საჭირო თანხის ოდენობა აღემატება ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობას, დაფინანსება გაიცემა მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.

3. თუ ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულმა მაგისტრანტებმა თანაბარი აბსოლუტური ქულა მოიპოვეს და ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა არ არის საკმარისი ყველა მათგანის დასაფინანსებლად, დაფინანსება არ გაიცემა.

მუხლი 4. დარჩენილი თანხის გადანაწილება

1. თუ ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მაგისტრანტებზე, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ მაგისტრანტებს, რომლებიც 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2019-2020 სასწავლო წელს და რომლებიც, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, არ არიან შეყვანილი 2019 წლის მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში.

2. თუ ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დანართის მე-2 მუხლით და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრანტებზე, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ იმ მაგისტრანტებს, რომლებიც განეკუთვნებიან „2020-2021 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 სექტემბრის №591 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ კატეგორიებს და აღნიშნული დადგენილების ფარგლებში ვერ მოიპოვეს დაფინანსება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება გადანაწილდება „2020-2021 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 სექტემბრის №591 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების თანმიმდევრობით.

მუხლი 5. განცხადების წარდგენა

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ამ დანართის მე-2 მუხლით და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა მაგისტრანტებმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2020 წლის 12 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება, იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მითითებით, სადაც სურს განმცხადებელს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება;

ბ) ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 6. გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ

1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია, სტუდენტების შესახებ ინფორმაცია მათ შორის პერსონალური ინფორმაცია მიიღოს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან და საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

2. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 7. პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა

პროგრამის შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს ამ ბრძანების მიწოდებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ასევე ინფორმაციის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.