„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7205-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 110050000.04.001.017991
7205-Iს
30/09/2020
ვებგვერდი, 05/10/2020
110050000.04.001.017991
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 341 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის ვადის გასვლიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა იწყებს კანდიდატებად რეგისტრირებული პირების საჯარო მოსმენას. კანდიდატებად რეგისტრირებულმა პირებმა აღნიშნული საჩივრის განხილვის ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღეში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ და ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა კანდიდატის მიერ წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. თუ კანდიდატი დადგენილ ვადაში არ წარადგენს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ ცნობას ან ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობას, მისი კანდიდატად რეგისტრაცია უქმდება.“;

გ) მე-10−მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. კანდიდატები საჯარო მოსმენაზე ინდივიდუალურად წარდგებიან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კითხვა დაუსვან თითოეულ კანდიდატს. კანდიდატების საჯარო მოსმენა იმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით.

11. კანდიდატების საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომამდე საბჭოს წევრები, ამ კანონის 363 მუხლის გათვალისწინებით, სამოსამართლო გამოცდილების არმქონე კანდიდატს აფასებენ ქულებით ამ კანონის 351 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატს − ქულებით ამ კანონის 364 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კანდიდატებს აფასებენ აგრეთვე ამ კანონის 351 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველი წევრი კანდიდატის შეფასებისას წერილობით ასაბუთებს ამ კანონის 351 მუხლის მე-16 პუნქტით/364 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ ქულას და ამ კანონის 363 მუხლით გათვალისწინებულ კეთილსინდისიერების კრიტერიუმის თითოეულ მახასიათებელს. აღნიშნულ შეფასებებსა და დასაბუთებებში მიეთითება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის სახელი, გვარი და ხელმოწერა. ეს ინფორმაცია ცნობილია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ უფლებამოსილი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებისთვის. ამ ინფორმაციის სხვისთვის გამჟღავნება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა და ამ ქულების დასაბუთებები, ამ კანონის 351 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებები და ამ შეფასებების დასაბუთებები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ვინაობის მითითების გარეშე, მათი პირობითი საიდენტიფიკაციო ნიშნების მითითებით, ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატების საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ, უახლოეს სხდომაზე ამ პუნქტით დადგენილი წესით კენჭს უყრის კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების იმ რაოდენობამდე დაყვანის მიზნით, რამდენი ვაკანსიაცაა გამოცხადებული. თუ კანდიდატთა რაოდენობა შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადასაყვანთა კვოტაზე ნაკლებია ან მისი ტოლია, ეს კანდიდატები შერჩევის შემდგომ ეტაპზე კენჭისყრის გარეშე გადადიან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამზადებს და საბჭოს წევრებს კენჭისყრამდე წარუდგენს ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეული კანდიდატის შეფასებებს და ამ შეფასებების დასაბუთებებს, აგრეთვე კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეფასებების შესახებ შეჯამებულ წერილობით ინფორმაციას. კანდიდატს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეყრება კენჭი, თუ კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მის მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10-მა წევრმა მაინც მიიჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს ყოველი წევრი ბიულეტენში შემოხაზავს არაუმეტეს იმ რაოდენობის კანდიდატს, რამდენი ვაკანსიაცაა გამოცხადებული. ამ ბიულეტენში მითითებული უნდა იყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის სახელი, გვარი და ხელმოწერა. აღნიშნული ბიულეტენები დალუქულ ყუთში იყრება. კენჭისყრის დასრულებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველი წევრი მის მიერ მხარდაჭერილი თითოეული კანდიდატისთვის ხმის მიცემის წერილობით დასაბუთებას წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს. ამ დასაბუთებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის სახელი, გვარი და ხელმოწერა. კენჭისყრის დასრულებისთანავე დალუქული ყუთი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანდასწრებით იხსნება და ხმები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ ითვლება საბჭოს დახურულ სხდომაზე. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ბიულეტენში შემოხაზავს იმაზე მეტი რაოდენობის კანდიდატს, რამდენი ვაკანსიაცაა გამოცხადებული, ეს ბიულეტენი ბათილად მიიჩნევა. კენჭისყრის დასრულებისას დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო შედეგის მქონე იმ რაოდენობის კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაცაა გამოცხადებული. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელმაც ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად შეფასებისას მეტი ქულა დააგროვა, ხოლო თუ ეს ქულებიც თანაბარია, − იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. კენჭისყრის დასრულებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს განკარგულებას, რომლითაც ფორმდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კენჭისყრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება და რომელშიც მიეთითება შემდგომ ეტაპზე გადასული კანდიდატების ვინაობა, აგრეთვე იმ  კანდიდატების ვინაობა, რომლებიც შემდგომ ეტაპზე ვერ გადავიდნენ. შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია, აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული ოქმი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა დასაბუთებები, საბჭოს წევრთა ვინაობის მითითების გარეშე, მათი პირობითი საიდენტიფიკაციო ნიშნების მითითებით, ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. ამ ინფორმაციის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისას მიეთითება აგრეთვე საბჭოს ყოველი წევრის პირობითი საიდენტიფიკაციო ნიშანი და იმ კანდიდატის ვინაობა, რომელსაც საბჭოს ამ წევრმა დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი. ამ პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრა ღიაა, რაც გულისხმობს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელმა წევრმა რომელ კანდიდატს დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი, ცნობილია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ უფლებამოსილი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებისთვის. ამ ინფორმაციის სხვისთვის გამჟღავნება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი წესით შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შემდეგ კენჭი სათითაოდ ეყრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენას. კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ღია სხდომაზე კენჭისყრისას მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. თუ ამ კენჭისყრისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მხარი არ დაუჭირა იმ კანდიდატს, რომელსაც ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრისას მხარი დაუჭირა, იგი კენჭისყრის დასრულებისთანავე თავისი გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებას წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს. ამ დასაბუთებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის სახელი, გვარი და ხელმოწერა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება და ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა დასაბუთებები, საბჭოს წევრთა ვინაობის მითითების გარეშე, მათი პირობითი საიდენტიფიკაციო ნიშნების მითითებით, ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. ამ ინფორმაციის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისას მიეთითება აგრეთვე საბჭოს ყოველი წევრის პირობითი საიდენტიფიკაციო ნიშანი და იმ კანდიდატის ვინაობა, რომელსაც საბჭოს ამ წევრმა დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი. ამ პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრა ღიაა, რაც გულისხმობს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელმა წევრმა რომელ კანდიდატს დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი, ცნობილია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ უფლებამოსილი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებისთვის. ამ ინფორმაციის სხვისთვის გამჟღავნება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

14. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული ყოველი კენჭისყრის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობით წარუდგინოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე და რომელსაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენისას უგზავნის საქართველოს პარლამენტს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს უგზავნის აგრეთვე ამ მუხლის მე-11−მე-13 და მე-15 პუნქტების შესაბამისად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას.

15. თუ საქართველოს პარლამენტი კანდიდატს/კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ვერ აირჩევს, 2 კვირის განმავლობაში, კანდიდატებად რეგისტრირებულ პირთა სიაში მითითებული კანდიდატებიდან, ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი წესით შეირჩევა იმ რაოდენობის კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაც არსებობს, და ის/ისინი ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესით წარედგინება საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად. ამასთანავე, სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება იმავე პუნქტების შესაბამისად. ამ პუნქტით დადგენილი პროცედურა ერთჯერადია.“.

2. 342 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის 364 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა ობიექტურად და სრულფასოვნად შეფასების მიზნით, მათი რეგისტრაციის დასრულებისთანავე, ამ კანონით დადგენილი წესით იწყებს კანდიდატების შესახებ სანდო ინფორმაციის მოძიებას.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 343 მუხლი:

„მუხლი 343. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივროს ამ კანონის 341 მუხლის მე-12, მე-13 ან მე-15 პუნქტის შესაბამისად მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, თუ ის მონაწილეობდა იმავე პუნქტით განსაზღვრულ კანდიდატების შერჩევის შესაბამის ეტაპზე და მიაჩნია, რომ:

ა) კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო;

ბ) კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიდგომა დისკრიმინაციული იყო;

გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა გადაამეტა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა კანდიდატის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას;

დ) ინფორმაცია, რომელიც ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო, არსებითად მცდარია და ამის დასადასტურებლად კანდიდატმა სათანადო მტკიცებულებები წარადგინა;

ე) კანდიდატების შერჩევის პროცესი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით ჩატარდა, რასაც შეეძლო საბოლოო შედეგზე არსებითი გავლენა მოეხდინა.

2. ამ კანონის 341 მუხლის მე-12, მე-13 ან მე-15 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 კვირის ვადაში საჩივარი წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიღებულ საჩივარს დაუყოვნებლივ გადასცემს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას. საჩივრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენის შემთხვევაში ამ კანონის 341 მუხლით განსაზღვრული პროცედურა შესაბამის ეტაპზე ჩერდება, ვიდრე უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

3. საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.

4. საჩივარში მითითებული უნდა იყოს:

ა) უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის დასახელება;

ბ) საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი, მოწინააღმდეგე მხარის დასახელება და მისამართი;

გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება და ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დასახელება;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძველი, აგრეთვე ამ საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები და მტკიცებულებები;

ე) საჩივრისთვის დართული წერილობითი მასალების ნუსხა;

ვ) საჩივრის წარმდგენი პირის ხელმოწერა.

5. საჩივარს უნდა ერთოდეს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. საჩივრის საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში მას უნდა ერთოდეს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს, რომ საჩივრის ავტორის წარმომადგენელი უფლებამოსილია წარადგინოს საჩივარი.

6. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა ამოწმებს, წარდგენილია თუ არა საჩივარი საჩივრის წარდგენის უფლების მქონე კანდიდატის მიერ და აკმაყოფილებს თუ არა ის ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს. თუ საჩივარი წარდგენილია საჩივრის წარდგენის უფლების მქონე კანდიდატის მიერ და აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა მას წარმოებაში იღებს. თუ საჩივარი წარდგენილია საჩივრის წარდგენის უფლების მქონე კანდიდატის მიერ და არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივრის ავტორს ხარვეზის გამოსწორებას ავალებს და ამისთვის უნიშნავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 2 დღისა. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ გამოსწორდა, საჩივარი არ არის წარდგენილი საჩივრის წარდგენის უფლების მქონე კანდიდატის მიერ ან დაირღვა საჩივრის წარდგენისთვის კანონით დადგენილი ვადა, საჩივარი განუხილველი რჩება. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივრის დასაშვებობის საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

7. საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ საჩივარი და მისთვის დართული მასალების ასლები ეგზავნება მოწინააღმდეგე მხარეს. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა უფლებამოსილია გააერთიანოს ორი ან ორზე მეტი საჩივარი ერთ წარმოებად ერთად განხილვისთვის.

8. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს მისთვის ამ საჩივრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაცემიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს და ამის შესახებ ატყობინებს მხარეებს ამ განჩინების გამოტანიდან 1 დღის ვადაში. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა უზრუნველყოფს საკვალიფიკაციო პალატის სხდომაში მონაწილეობისთვის მხარეთა/მონაწილეთა მიწვევას.

9. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საჩივრის განხილვაში მონაწილეობისთვის თავის წარმომადგენელს ნიშნავს.

10. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საქმის განხილვის შედეგად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე;

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე.

11. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძვლის დადგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ საკვალიფიკაციო პალატას მიაჩნია, რომ შესაბამისმა დარღვევამ საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

12. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ კანონის 341 მუხლის მე-12, მე-13 ან მე-15 პუნქტის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების გათვალისწინებით იღებს ხელახალ გადაწყვეტილებას.

13. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად მიღებული ხელახალი გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

14. ამ კანონის 341 მუხლის მე-11−მე-13 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც, იმავე პუნქტების შესაბამისად, დაუშვებელია, ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურის განხორციელების მიზნებისთვის ხელმისაწვდომია უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის შემადგენლობისთვის, საჩივრის ავტორისა და მისი წარმომადგენლისთვის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლისთვის. ამ ინფორმაციის სხვისთვის გამჟღავნება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნულ ინფორმაციას კანდიდატს უგზავნის მოთხოვნიდან 2 დღეში.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატები ითვლებიან გაწვეულებად.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 სექტემბერი 2020 წ.

N7205-Iს