შრომის ინსპექციის შესახებ

შრომის ინსპექციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7178-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 270160000.05.001.020211
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7178-Iს
29/09/2020
ვებგვერდი, 05/10/2020
270160000.05.001.020211
შრომის ინსპექციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

შრომის ინსპექციის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო     

ეს კანონი განსაზღვრავს შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებს, შრომის ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილებებს, ამ უფლებამოსილებების განხორციელებასა და შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მუხლი 2. შრომის ინსპექციის სამსახურის სამართლებრივი სტატუსი

შრომის ინსპექციის სამსახური არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელზედაც ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შრომითი ნორმები − საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის, სამუშაო ადგილზე იძულებითი შრომის − ტრეფიკინგის ამკრძალავი საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებების, შრომითი უფლებებისა და შრომის პირობების შესახებ საქართველოს სხვა ნებისმიერი ნორმატიული აქტის, შრომითი ხელშეკრულებების, კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების, აგრეთვე კოლექტიური დავების ფარგლებში მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ნორმები;

ბ) სამინისტრო − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

გ) მინისტრი − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

დ) შრომის ინსპექციის სამსახური − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი, სამინისტროს  კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ე) მთავარი შრომის ინსპექტორი − შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი;

ვ) შრომის ინსპექტორი − მთავარი შრომის ინსპექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული პირი;

ზ) ქცევის კოდექსი − ამ კანონის შესაბამისად მინისტრის მიერ დამტკიცებული შრომის ინსპექტორთა ქცევის კოდექსი;

თ) დამსაქმებელი − საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულება;

ი) დასაქმებული − საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურე;

კ) სამუშაო ადგილი − კონკრეტული ადგილი, სადაც დასაქმებული ან სხვა პირი უშუალოდ ახორციელებს შრომით საქმიანობას;

ლ) სამუშაო სივრცე − ყველა სამუშაო ადგილისა და იმ ტერიტორიის ერთობლიობა, სადაც დასაქმებული ან სხვა პირი სამსახურებრივი დანიშნულებით იმყოფება/გადაადგილდება და რომელსაც დამსაქმებელი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს;

მ) პროფესიული დაავადება − დასაქმებულის მწვავე ან ქრონიკული დაავადება, რომელიც ვითარდება საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის საფრთხის შემცველი ფაქტორების ზემოქმედებით, იწვევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ან/და პროფესიული შრომისუნარიანობის შეზღუდვას მოკლე პერიოდში ან ხანგრძლივად და განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;

ნ) დაინტერესებული პირი − დასაქმებული, რომლის მიმართაც დაირღვა შრომითი ნორმებით გათვალისწინებული უფლება, ან სხვა დასაქმებული, რომელიც მუშაობს იმავე დამსაქმებელთან და რომლისთვისაც ცნობილი გახდა დასაქმებულის მიმართ შრომითი ნორმებით გათვალისწინებული უფლების დარღვევის ფაქტი; „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მიზნებითა და დადგენილი წესით შექმნილი დასაქმებულთა გაერთიანება; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2927 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.

თავი II

ძირითადი დებულებები

მუხლი 4. შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის პრინციპები

1. შრომის ინსპექციის სამსახური საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, შრომის ინსპექციის სამსახურის დებულებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

2. შრომის ინსპექციის სამსახური ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:

ა) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;

ბ) კანონიერება;

გ) პროფესიონალიზმი;

დ) კონფიდენციალურობის დაცვა.

საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2927 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.

მუხლი 5. შრომის ინსპექციის სამსახურის მიზანი, ფუნქციები და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

1. შრომის ინსპექციის სამსახურის მიზანია შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა.

2. შრომის ინსპექციის სამსახური ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, მათ შორის, იყენებს შემდეგ მექანიზმებს:

ა) მოთხოვნის შემთხვევაში, შრომითი ნორმების შესრულებასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა ან/და ინფორმაციის მიწოდება;

ბ) შრომითი ნორმების დაცვის ხელშემწყობი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება და მისი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა საინფორმაციო კამპანიებისა და სხვა ქმედითი ღონისძიებების განხორციელებით;

გ) შრომითი ნორმების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრების მიღება და განხილვა;

დ) ინსპექტირება;

ე) საქართველოს შრომის კანონმდებლობის დასახვეწად და მისი გამოყენების გასაუმჯობესებლად წინადადებების შემუშავება.

3. შრომის ინსპექციის სამსახურმა ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები ისე უნდა განახორციელოს, რომ შრომითი ნორმების ეფექტიან გამოყენებაზე მაქსიმალურად შესაძლო გავლენა მოახდინოს.

31. თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირებზე.

4. შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობა არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მათდამი დაქვემდებარებულ უწყებებზე, თუ ამ კანონით გათვალისწინებული საკითხები რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემებში მოქმედი სპეციალური კანონმდებლობებით.

5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შრომით საქმიანობაზე საგანგებო მდგომარეობისა და საომარი მდგომარეობის დროს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3046 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

თავი III

შრომის ინსპექციის სამსახურის ქონება, სტრუქტურა და საქმიანობა

მუხლი 6. შრომის ინსპექციის სამსახურის ქონება და დაფინანსება

1. შრომის ინსპექციის სამსახურს საკუთარი მიზნის მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება.

2. შრომის ინსპექციის სამსახურის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქონება, დაფინანსება და შემოსავლები სრულად ხმარდება შრომის ინსპექციის სამსახურის მიზნის მიღწევას და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას.

მუხლი 7. შრომის ინსპექციის სამსახურის სტრუქტურა

1. შრომის ინსპექციის სამსახურს ხელმძღვანელობს მთავარი შრომის ინსპექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.   

2. მთავარ შრომის ინსპექტორს ჰყავს არანაკლებ 2 მოადგილე, რომელთაგან ერთ-ერთი არის პირველი მოადგილე.

3. მთავარი შრომის ინსპექტორის პირველ მოადგილესა და მოადგილეს/ მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი შრომის ინსპექტორი. მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილის საკურატორო სფეროში შედის შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, გარდა შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული შრომითი ნორმებისა, რომელთა ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა მთავარი შრომის ინსპექტორის სხვა მოადგილის/მოადგილეების საკურატორო სფეროში შედის.

4. მთავარი შრომის ინსპექტორისა და მისი მოადგილეების თანამდებობებზე დასანიშნად კანდიდატები შეირჩევიან „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გამარტივებული კონკურსის წესით.

5. მთავარი შრომის ინსპექტორის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მთავარი შრომის ინსპექტორის უფლებამოსილებას ახორციელებს მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე, ხოლო მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − მთავარი შრომის ინსპექტორის მოადგილე.

6. შრომის ინსპექციის სამსახურის სტრუქტურა და ადმინისტრაციული მოწყობის წესი განისაზღვრება შრომის ინსპექციის სამსახურის დებულებით. ამ დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

7. შრომის ინსპექციის სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მინისტრი, რომელიც ზედამხედველობს შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობას, აგრეთვე მის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას. მინისტრი უფლებამოსილია შრომის ინსპექციის სამსახურის სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად შეაჩეროს ან გააუქმოს მთავარი შრომის ინსპექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

მუხლი 8. მთავარი შრომის ინსპექტორი

1. მთავარი შრომის ინსპექტორი:

ა) ხელმძღვანელობს შრომის ინსპექციის სამსახურს და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს შრომის ინსპექციის სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე;

ბ) ამ კანონის, შრომის ინსპექციის სამსახურის დებულებისა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, მითითებას;

გ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შრომის ინსპექციის სამსახურის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომელთა  უფლებამოსილებებს. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების ფარგლებში შრომის ინსპექტორთა თანამდებობების კლასიფიცირებასა და შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მთავარი შრომის ინსპექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შრომის ინსპექტორებს და შრომის ინსპექციის სამსახურის სხვა თანამშრომლებს;

ე) უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის სამსახურისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით განსაზღვრავს შრომის ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნისთვის აუცილებელ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ზ) ახორციელებს ამ კანონით, შრომის ინსპექციის სამსახურის დებულებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. მთავარი შრომის ინსპექტორი ნიშნავს იმდენ შრომის ინსპექტორს, რამდენიც აუცილებელია შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების უზრუნველსაყოფად. მთავარი შრომის ინსპექტორი ვალდებულია შრომის ინსპექტორთა დანიშვნისას გაითვალისწინოს მათი კვალიფიკაცია და გენდერული ფაქტორი. საჭიროების შემთხვევაში მამაკაც და ქალ შრომის ინსპექტორებს შეიძლება სპეციალური მოვალეობები დაეკისროთ.

3. მთავარი შრომის ინსპექტორი უზრუნველყოფს შრომის ინსპექტორთა პროფესიულ ზრდას, კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიულ მომზადებას, მათ შორის, პერიოდულ სწავლებას (ტრენინგებს).

4. მთავარი შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია შრომის ინსპექტორთათვის სასწავლო მოდულის შემუშავებისა და სრულყოფის მიზნით ითანამშრომლოს უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

მუხლი 9. მრჩეველთა საბჭო 

1. მრჩეველთა საბჭო არის მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული საკონსულტაციო ორგანო, რომელიც შრომის ინსპექციის სამსახურისთვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს  შრომის ინსპექციის სამსახურის სტრატეგიის, ფუნქციონირებისა და საქმიანობის შესახებ.

2. მრჩეველთა საბჭო შედგება 7 წევრისგან. მრჩეველთა საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. მრჩეველთა საბჭოს წევრად ერთი და იგივე პირი შეიძლება დასახელდეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან:

ა) სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მხარის − დასაქმებულთა გაერთიანებების ყველა წევრისგან დასახელებული 2 წარმომადგენელი;

ბ) სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მხარის − დამსაქმებელთა გაერთიანებების ყველა წევრისგან დასახელებული 2 წარმომადგენელი;

გ) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 1 წევრი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 1 წევრი;

დ) საქართველოს სახალხო დამცველის 1 წარმომადგენელი.

4. მრჩეველთა საბჭო შეიმუშავებს და ხმათა უბრალო უმრავლესობით ამტკიცებს მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის წესს.

მუხლი 10. მთავარი შრომის ინსპექტორის წლიური ანგარიში

1. მთავარი შრომის ინსპექტორი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, მრჩეველთა საბჭოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის შესახებ.

2. მთავარი შრომის ინსპექტორის წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს:

ა) შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობისა და სხვა მარეგულირებელი ნორმების მიმოხილვას;

ბ) შრომის ინსპექციის სამსახურის სამომავლო ხედვასა და სტრატეგიას;

გ) შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას;

დ) ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებული სამუშაო ადგილების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს;

ე) ინსპექტირების მიზნით განხორციელებული ვიზიტების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს;

ვ) გამოვლენილი დარღვევებისა და დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს;

ზ) უბედური შემთხვევების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს;

თ) პროფესიული დაავადებების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს.

3. მთავარი შრომის ინსპექტორის წლიური ანგარიში საჯარო ინფორმაციაა.

4. მთავარი შრომის ინსპექტორის წლიურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

თავი IV

შრომის ინსპექტორის სტატუსი, საქმიანობის ფარგლები და სამართლებრივი გარანტიები

მუხლი 11. შრომის ინსპექტორის სტატუსი და საქმიანობის ფარგლები

1. შრომის ინსპექტორი არის საჯარო მოსამსახურე (საჯარო მოხელე/შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი). შრომის ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნასა და შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები, მისი სტატუსი და სოციალური გარანტიები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებით.  

2. შრომის ინსპექტორმა ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს:

ა) გონივრულობის ფარგლებში, ამავე კანონის მოთხოვნების დაცვით, იმ პირის ინტერესების გათვალისწინებით, რომელსაც ეხება მის მიერ განხორციელებული უფლებამოსილება;

ბ) ქცევის კოდექსით დადგენილი წესით.

3. შრომის ინსპექციის სამსახური საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს შრომის ინსპექტორთა ჯანმრთელობის დაზღვევას. შრომის ინსპექტორთა ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური პირობები განისაზღვრება მთავარი შრომის ინსპექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 12. პასუხისმგებლობა შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას მისთვის ხელის შეშლისთვის

შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას მისთვის განზრახ ხელის შეშლისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი V

ინსპექტირების დაწყების საფუძვლები, შრომითი ნორმების გამოყენება და აღსრულება

მუხლი 13. ინსპექტირების დაწყების საფუძვლები

1. შრომის ინსპექციის სამსახური ინსპექტირებას ახორციელებს:

ა) დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე;

ბ) საკუთარი ინიციატივით, „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად;

გ) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ნორმების დარღვევის თაობაზე ნებისმიერი იდენტიფიცირებადი პირის შეტყობინების საფუძველზე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინსპექტირების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავარი შრომის ინსპექტორი.

მუხლი 14. საჩივრის განხილვის ვადა

1. შრომის ინსპექციის სამსახური ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვისა. მთავარი შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია საჩივრის განხილვის ვადა, საქმის გარემოებებისა და სირთულის გათვალისწინებით, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე 1 თვით გააგრძელოს.

2. თუ შრომითი ნორმებით გათვალისწინებული უფლების დარღვევით საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, შრომის ინსპექციის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში მყისიერად ახდენს რეაგირებას მიღებულ შეტყობინებაზე/საჩივარზე.

მუხლი 15. ინფორმაციის გამოთხოვის წესი

1. ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ვალდებულია შრომის ინსპექციის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას დოკუმენტი ან/და ინფორმაცია (მათ შორის, პროფესიული საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის) შემცველი), რომელიც აუცილებელია ამ კანონით გათვალისწინებული ინსპექტირების განსახორციელებლად. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოსგან გამოითხოვოს საგადასახადო საიდუმლოება.

2. ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მისთვის მოთხოვნილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მას დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე მიაწოდოს.

მუხლი 16. ინსპექტირების განხორციელების წესი

1. შრომის ინსპექტორი ვალდებულია სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში დაშვების მიზნით მაიდენტიფიცირებელი ბარათი, რომელიც მას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად გადაეცა, წარუდგინოს:

ა) დამსაქმებელს ან მის წარმომადგენელს;

ბ) სამუშაო ადგილის ან სამუშაო სივრცის მფლობელს, მესაკუთრეს ან მის წარმომადგენელს.

2. ინსპექტირების განხორციელების მიზნით შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია:

ა) „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში;

ბ) სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ნებისმიერ შენობაში/სივრცეში, თუ აქვს საფუძველი გონივრული ეჭვისთვის, რომ არსებობს იძულებითი შრომის ან შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევა;

გ) მოითხოვოს საჭირო ვადით სამუშაო ადგილის, სამუშაო სივრცის ან მისი ნებისმიერი ნაწილის ხელშეუხებლობა, რაც გონივრულობის ფარგლებში აუცილებელია სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში ინსპექტირების განსახორციელებლად;

დ) მოიძიოს, გამოითხოვოს და გამოიკვლიოს ნებისმიერი მასალა, ნივთი ან/და ნივთიერება, რომელიც დაკავშირებულია შესაძლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან, ან/და ნებისმიერი ინფორმაცია ან დოკუმენტი, რომელსაც შრომის ინსპექტორი ინსპექტირების განსახორციელებლად გონივრულობის ფარგლებში აუცილებლად მიიჩნევს;

ე) ინსპექტირების მიზნებისთვის დალუქოს ან/და ამოიღოს ამ მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი ნებისმიერი მასალა, ნივთი, ნივთიერება ან დოკუმენტი ან გადაიღოს ასლი. დალუქვასთან ან/და ამოღებასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის, დალუქვის ვადები, განისაზღვრება მასალის, დოკუმენტის ან ნივთის დალუქვის ან/და ამოღების შესახებ მინისტრის სამართლებრივი აქტით;

ვ) აიღოს ნებისმიერი მასალის, ნივთის, ნივთიერების ან ატმოსფერული ჰაერის ნიმუში;

ზ) განახორციელოს აზომვა, ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება, აწარმოოს ჩანაწერები, გააკეთოს ამონაწერი;

თ) გამოჰკითხოს სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში მყოფი ნებისმიერი პირი. შრომის ინსპექტორი უფლებამოსილი არ არის, აღნიშნულ პირს მოსთხოვოს ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომლის საფუძველზედაც შესაძლებელია ამ პირის მხილება; 

ი) კონფიდენციალურობის დაცვის პირობით შრომის ინსპექციის სამსახურში მიიწვიოს დამსაქმებელი, დასაქმებული ან ნებისმიერი სხვა პირი და გაესაუბროს მას;  

კ) შეამოწმოს ან დაათვალიეროს დამსაქმებლის სამუშაო ადგილი ან სამუშაო სივრცე, მასალა, მანქანა-დანადგარი ან ნებისმიერი სხვა მოწყობილობა ან/და ხელსაწყო;

ლ) ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებულ სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში მყოფ ნებისმიერ პირს მოსთხოვოს ამ პირის განკარგულებაში არსებული მასალის, ნივთის, ნივთიერების ან დოკუმენტის გადაცემა ან/და ნებისმიერ დოკუმენტში არსებული ჩანაწერის განმარტება, რასაც შრომის ინსპექტორი ინსპექტირების განსახორციელებლად გონივრულობის ფარგლებში აუცილებლად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის დამსაქმებლის სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში;

მ) საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს შესაბამისი თარჯიმნის ან ტექნიკური ექსპერტის დახმარება;

ნ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა და გასცეს შესაბამისი მითითებები.

3. შრომის ინსპექტორი, რომელიც ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე დროებით დალუქავს ან/და ამოიღებს მასალას, ნივთს ან დოკუმენტს, ვალდებულია ამ მასალის, ნივთის ან დოკუმენტის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში მისცეს მას შესაძლებლობა, გადაიღოს აღნიშნული მასალის, დოკუმენტის ან ნივთის ასლი ან ფოტო.

4. მასალის, დოკუმენტის ან ნივთის დალუქვის ან/და ამოღების შემთხვევაში შრომის ინსპექტორი ვალდებულია შეადგინოს მასალის, დოკუმენტის ან ნივთის დალუქვის ან/და ამოღების შესახებ ოქმი და მისი ასლი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს გადასცეს. 

5. მასალის, დოკუმენტის ან ნივთის დალუქვის ან/და ამოღების შემთხვევაში შრომის ინსპექტორი ვალდებულია ამ მასალის, დოკუმენტის ან ნივთის მფლობელს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, აღნიშნული მასალის, დოკუმენტის ან ნივთის თავისებურებისა და საჭიროების გათვალისწინებით, მისცეს შესაძლებლობა, გონივრული პერიოდულობით შეამოწმოს ეს მასალა, დოკუმენტი ან ნივთი ან გადაიღოს მისი ასლი.

6. თუ შრომის ინსპექტორი ამ კანონის შესაბამისად აიღებს მასალის, ნივთის, ნივთიერების ან ატმოსფერული ჰაერის ნიმუშს, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს დამსაქმებელს, სამუშაო ადგილის მესაკუთრეს, მფლობელს ან სავარაუდო მფლობელს და გადასცეს მას აღნიშნული ნიმუშის ნაწილი.

საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2927 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.

მუხლი 17. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობა

1. ამ კანონის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინფორმაციის გამოთხოვასა და ინსპექტირების განხორციელებასთან დაკავშირებული ნორმები არ ვრცელდება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველ მასალაზე.

2. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია ამ კანონის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვასთან/დანაშაულის თავიდან აცილებასთან, დანაშაულის გამოძიებასა და პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია გამოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის განმახორციელებელ ორგანოებში (მათ შორის, იმ ორგანოებში, რომლებშიც შექმნილია ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ან/და ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის რეგისტრი/ქვერეგისტრი) ამ კანონის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული ინსპექტირების განხორციელება, დოკუმენტის ან/და ინფორმაციის გამოთხოვა, აგრეთვე სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში ინსპექტირების განხორციელებისას ფოტო- და ვიდეოტექნიკის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.

4. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალა შრომის ინსპექციის სამსახურისთვის ხელმისაწვდომია სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია სხვადასხვა ფორმით ითანამშრომლოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან.

6. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, სხვა შესაბამის ზედამხედველობის განმახორციელებელ სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით განახორციელოს ერთობლივი ინსპექტირება.

7. თუ შრომის ინსპექციის სამსახურს საქმიანობის განხორციელებისას გაუჩნდება ეჭვი, რომ ჩადენილია სამართალდარღვევა ან დანაშაული, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს, იგი ვალდებულია ეს დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოს.

8. შრომის ინსპექციის სამსახურისა და საგამოძიებო ორგანოების კოორდინირებული მუშაობისა და ფუნქციონირების წესი შესაძლებელია დადგინდეს, აგრეთვე ინფორმაციის გაცვლის საკითხები შესაძლებელია განისაზღვროს  მინისტრისა და შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის ერთობლივი ბრძანებით.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

თავი VI

ინტერესთა შეუთავსებლობა და კონფიდენციალურობის დაცვა

მუხლი 18. ინტერესთა შეუთავსებლობა

1. არ შეიძლება შრომის ინსპექტორს ჰქონდეს ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებული ობიექტის მიმართ ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი. თუ შრომის ინსპექტორს ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებული ობიექტის მიმართ ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, იგი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს. ინტერესთა შეუთავსებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. შრომის ინსპექტორის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს თანამდებობიდან მის გათავისუფლებას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პასუხისმგებლობას.

საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2206 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

 

მუხლი 19. კონფიდენციალურობის დაცვა

1. შრომის ინსპექტორი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არ გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გახდა ცნობილი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შრომის ინსპექტორს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. აღნიშნული ვალდებულება შრომის ინსპექტორს უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაშიც უნარჩუნდება.

2. შრომის ინსპექტორი უფლებამოსილი არ არის, გაამჟღავნოს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებული საჩივრის ავტორის ვინაობა, გარდა შრომის ინსპექტორის მიერ ინფორმაციის თავისი უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდების შემთხვევისა. 

3. შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებული საჩივარი ან/და შრომის ინსპექტორის მიერ პირის გამოკითხვა სრულად არის დაცული კონფიდენციალურობის გარანტიით. შრომის ინსპექტორი და შრომის ინსპექციის სამსახურის ყველა თანამშრომელი ვალდებული არიან არ გაამჟღავნონ საჩივრის ავტორის ან/და გამოკითხული პირის ვინაობა. ინსპექტირების განხორციელებისას შრომის ინსპექციის სამსახური არ უთითებს, რომ ინსპექტირება საჩივრის საფუძველზე დაიწყო.

4. შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებული საჩივრის ავტორის ან/და გამოკითხული პირის ვინაობა (მის შესახებ ინფორმაცია) შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდ ამ პირის თანხმობის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

5. შრომის ინსპექტორი ვალდებულია დაიცვას ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს დაინტერესებულ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, თუ არსებობს ამ ინფორმაციის მისთვის მიწოდების კანონიერი საფუძველი.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს შრომის ინსპექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას ან სხვა სახის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

თავი VII

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შრომითი ნორმების დარღვევისთვის და გასაჩივრების წესი

მუხლი 20. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შრომითი ნორმების დარღვევისთვის

1. შრომითი ნორმების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება:

ა) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით;

ბ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“;

გ) „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. შრომის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებული დარღვევისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სხვა სპეციალური კანონით. საკითხები, რომლებიც არ წესრიგდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ან სხვა სპეციალური კანონით, რეგულირდება ამ თავით.

3. შრომითი ნორმების დარღვევისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:

ა) გაფრთხილება;

ბ) ჯარიმა;

გ) სამუშაო პროცესის შეჩერება.

4. შრომის ინსპექციის სამსახური სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში განსაზღვროს, როდის რომელი ადმინისტრაციული სახდელი უნდა იქნეს გამოყენებული, ხოლო ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში − რა ოდენობის ჯარიმა უნდა იქნეს დაკისრებული. ადმინისტრაციული სახდელი დარღვევის თანაზომიერი უნდა იყოს.

5. შრომის ინსპექციის სამსახური ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებისას გასცემს მითითებას აღმოჩენილი დარღვევის შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში გამოსწორების შესახებ.

6. აღმოჩენილი დარღვევის გამოსწორებისთვის გონივრულ ვადას შრომის ინსპექციის სამსახური განსაზღვრავს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებასთან (არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაქმებულთა წარმომადგენელთან (არსებობის შემთხვევაში) კონსულტაციის საფუძველზე, რაც აღინიშნება შესაბამის ოქმში. ამ ოქმს ხელს აწერენ შრომის ინსპექციის სამსახური და დამსაქმებელი. შესაბამისი ოქმის ხელმოწერაზე დამსაქმებლის უარს და უარის თქმის მიზეზს შრომის ინსპექციის სამსახური აღნიშნულ ოქმში უთითებს. დამსაქმებლის უარი ამ ოქმის ნამდვილობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

7. შრომის ინსპექციის სამსახური აღმოჩენილი დარღვევის გამოსასწორებლად ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გაცემული მითითებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ამოწმებს სამართალდამრღვევს, რის შესახებაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აღინიშნება ამ მითითების შესრულების მდგომარეობა, კერძოდ:

ა) მითითება შესრულდა;

ბ) მითითება არ შესრულდა.

8. აღმოჩენილი დარღვევის გამოსასწორებლად გაცემული მითითებით დადგენილ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შრომის ინსპექციის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებისა და გაცემული მითითების შესასრულებლად სამართალდამრღვევისთვის დამატებითი გონივრული ვადის მიცემის შესახებ.

9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას შრომის ინსპექციის სამსახური გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ეს აქტი დაუყოვნებლივ გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მასში მითითებულ მხარეს პირადად ვერ ჩაჰბარდება, გამოიყენება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესი.

10. შრომის ინსპექციის სამსახური დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დააკისრებს საურავს აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელდება იძულებითი აღსრულება.

11. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება დამსაქმებელს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებისგან.

12. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, გარდა შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ სამუშაო პროცესის შეჩერების სხვა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე ბავშვთა შრომის ან/და იძულებითი შრომის ამკრძალავი დებულებების დარღვევისთვის.

13. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2927 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.

მუხლი 21. გასაჩივრების წესი

1. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს შრომის ინსპექტორი. შრომის ინსპექტორის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში.

2. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა განისაზღვრება და მისი შევსების, წარდგენისა და ჩაბარების წესი დგინდება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

თავი VIII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 22. გარდამავალი დებულებები

1. 2021 წლის 1 იანვრამდე მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს მთავარ შრომის ინსპექტორს.

2. მთავარი შრომის ინსპექტორი თანამდებობაზე დანიშვნიდან 3 თვის ვადაში იწვევს მრჩეველთა საბჭოს პირველ სხდომას. მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია შეიმუშაოს და დაამტკიცოს მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის წესი, თუ მრჩეველთა საბჭოს სხდომას ესწრება მრჩეველთა საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედი.

3. 2021 წლის 1 იანვრამდე სამინისტრო უზრუნველყოფს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცებას;

ბ) შრომის ინსპექტორთა ქცევის კოდექსის დამტკიცებას.

4. 2021 წლის 1 იანვრამდე სამინისტროში განხორციელდეს რეორგანიზაცია და სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს შრომის ინსპექციის სამსახურს.

5. შრომის ინსპექციის სამსახური ჩაითვალოს სამინისტროს უფლებამონაცვლედ სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

6. შრომის ინსპექციის სამსახურმა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე სამინისტროში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.

7. სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

8. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც დაადგენს ვადას და ამ ვადაში უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის სამსახურისთვის გადასაცემი აქტივების, მიმდინარე ვალდებულებების, სამსახურებრივი დოკუმენტების (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) და შრომის ინსპექციის სამსახურის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქონების განსაზღვრას, განკარგვას და შრომის ინსპექციის სამსახურისთვის გადაცემას. აღნიშნული კომისიის სხვა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

9. 2021 წლის 1 იანვრამდე სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონთან შესაბამისობის მიზნით სათანადო კანონქვემდებარე აქტების მომზადება და მათ მისაღებად/გამოსაცემად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 23. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 სექტემბერი 2020 წ.

N7178-Iს