ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნების კენჭისყრის დღისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნების კენჭისყრის დღისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38/2020
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 18/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016510
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
38/2020
18/09/2020
ვებგვერდი, 18/09/2020
010190020.15.008.016510
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნების კენჭისყრის დღისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (18/09/2020 - 19/10/2020)

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნების კენჭისყრის დღისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №38/2020

2020 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნების კენჭისყრის დღისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 30-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 199-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
კენჭისყრის შენობებში შესვლის/გამოსვლის და შენობებში ყოფნის/გადაადგილებისას საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ დაცული უნდა იქნეს შემდეგი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები:

ა) კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის საშუალება);

ბ) კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს ხელის დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

დ) კენჭისყრის შენობაში არ უნდა იქნეს დაშვებული კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი, პირბადისა და სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავების გარეშე;

ე) კენჭისყრის შენობაში არ უნდა იქნეს დაშვებული კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი ტემპერატურის შემოწმების გარეშე, გარდა ამომრჩევლისა;

ვ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს კენჭისყრის შენობაში ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის კარის სახელურები, სამუშაო მაგიდების და ა.შ.) სათანადო წესით, წმენდა/დეზინფექცია ყოველ 3 საათში ერთხელ და დაბინძურების შესაბამისად;

ზ) კენჭისყრის შენობაში უნდა განთავსდეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერი, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა უნდა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით, ხოლო ასეთი ნარჩენების დროული გატანა უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამლაგებლის მიერ;

თ) კენჭისყრის შენობაში უნდა განთავსდეს ამომრჩეველთა მიერ გამოყენებული საწერი კალმისტარებისთვის კონტეინერი, რომელშიც ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ უნდა მოათავსოს მის მიერ გამოყენებული კალმისტარი;

ი) ფარული კენჭისყრის კაბინები უნდა მოეწყოს შემდეგნაირად: კენჭისყრის კაბინა, ამომრჩევლისთვის შესასვლელი, ერთი მხრიდან გახსნილი დარჩეს და გახსნილი მხარე მიმართული იყოს კენჭისყრის შენობის კედლისკენ იმდაგვარად, რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი;

კ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით;

ლ) ამომრჩეველი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური მოხმარებისათვის განკუთვნილი კალმისტრით. ამომრჩეველთა რეგისტრატორმა კომისიის წევრმა საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველს უნდა მიუთითოს, რომ საარჩევნო ბიულეტენის მიღება ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელმოწერით დააფიქსიროს რეგისტრატორის მაგიდაზე განთავსებული კალმისტრით და ამავე კალმისტარით ისარგებლოს ფარული კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას. ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარი უნდა განათავსოს კალმისტრებისათვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში;

მ) ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელმა კომისიის წევრმა უნდა მოახდინოს:

მ.ა) ამომრჩეველთა შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვის უზრუნველყოფა (ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში);

მ.ბ) თვალყური ადევნოს, რამდენი ამომრჩეველი დგას ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან;

მ.გ) არ დაუშვას სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩევლის ყოფნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დროებით შეაჩეროს კენჭისყრის ოთახში მორიგი ამომრჩევლის შესვლა;

მ.დ) მიუთითოს ამომრჩეველს, მივიდეს იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო და ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში;

ნ) სპეციალური კონვერტის საარჩევნო ყუთში ჩაგდების შემდეგ, როდესაც ამომრჩეველი ტოვებს საარჩევნო უბანს, გასასვლელში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადეზინფექციო სითხით ხელების დამუშავების შესაძლებლობა;

ო) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და მეთვალყურეები გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესში აღჭურვილი უნდა იყვნენ და უნდა გამოიყენონ პირბადე, სახის დამცავი ფარი, ხელთათმანები და ხელის სადეზინფექციო ხსნარი;

პ) მთვლელები მაგიდებთან უნდა განთავსდნენ ისე, რომ არ აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ;

ჟ) კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დანარჩენმა პირებმა მაგიდისგან (მთვლელებისგან) 2 მეტრის დაშორებით ისე უნდა დაიკავონ ადგილი, რომ შეძლონ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის და დახარისხების პროცესზე დაკვირვება;

რ) პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უნდა მოხდეს კენჭისყრის შენობების ბუნებრივი ვენტილაცია;

ს) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობები უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამლაგებლებით, რომლებიც უნდა იქნენ აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:

ს.ა) ერთჯერადი სამედიცინო ნიღაბი;

ს.ბ) სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი);

ს.გ) სახის დამცავი ფარი;

ტ) საარჩევნო უბნის გახსნამდე და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესის დასრულების შემდგომ, უნდა მოხდეს კენჭისყრის შენობის დალაგება და დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით.

მუხლი 2. თერმოსკრინინგი
1. კენჭისყრის შენობის შესასვლელთან, შემსვლელ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, უნდა განხორციელდეს კენჭისყრის შენობაში შემსვლელ პირთა თერმოსკრინინგი (ტემპერატურის გაზომვა).

2. ცხელების – 37°С ან 37°С-ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას (5-წუთიან შუალედში). განმეორებით ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში პირი არ დაიშვება კენჭისყრის შენობაში.

3. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში განმეორებითი შემოწმების შემდეგ ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირმა უნდა დატოვოს კენჭისყრის შენობა. თუ ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს მითითებას კენჭისყრის შენობის დატოვების შესახებ, საუბნო საარჩევნო კომისია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას ამ პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების საკითხზე.

4. ცხელების დაფიქსირების შემთხვევების აღრიცხვა უნდა განხორციელდეს საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში.

5. კენჭისყრის შენობაში თერმოსკრინინგს უზრუნველყოფს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილი პირი.

6. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამომრჩეველზე.


მუხლი 3. პირბადის გამოყენების აუცილებლობა
1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით.

2. ამომრჩეველი ვალდებულია დროებით მოიხსნას პირბადე, მხოლოდ:

ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ხოლო კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი ვალდებულია ამომრჩეველი არ დაუშვას კენჭისყრის შენობაში პირბადის მოხსნის გარეშე. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, იგი არ დაიშვება კენჭისყრის შენობაში;

ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; ხოლო ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ვალდებულია ამომრჩეველზე არ გასცეს საარჩევნო ბიულეტენი პირბადის მოხსნის გარეშე. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.

3. პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში აუცილებლობას არ წარმოადგენს ამ დადგენილების მიზნებისათვის ექიმის ახალი ცნობის აღება, თუ უკვე არსებობს აღნიშნული ავადმყოფობების შესახებ რაიმე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი (მ.შ., სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა და სხვ.).

5. პირი ვალდებულია დაიცვას ამ დადგენილებით განსაზღვრული პირბადის ტარების წესი. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ექვემდებარება გაფრთხილებას. თუ გაფრთხილების მიუხედავად, პირი აგრძელებს ამ დადგენილებით განსაზღვრული პირბადის ტარების წესის დარღვევას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია მიუთითოს მას, რომ დატოვოს კენჭისყრის შენობა. თუ ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს მითითებას კენჭისყრის შენობის დატოვების შესახებ, საუბნო საარჩევნო კომისია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მისი კენჭისყრის შენობიდან გაძევების საკითხზე.

6. პირბადის ტარების წესის დამრღვევი პირის შესახებ ინფორმაცია აღინიშნება საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში.


მუხლი 4. სხვა პირით შეცვლა
1. ცხელების დაფიქსირების გამო, თუ კენჭისყრის შენობაში არ იქნა დაშვებული ან კენჭისყრის შენობა დატოვა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ უფლებამოსილი პარტიის მიერ დანიშნულმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა, პარტიას აქვს უფლება, მის ნაცვლად დაუყონებლივ დანიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრი.

2. ცხელების დაფიქსირების გამო, თუ კენჭისყრის შენობაში არ იქნა დაშვებული ან კენჭისყრის შენობა დატოვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელმა, მის წარმდგენ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს დაუყონებლივ დანიშნოს სხვა წარმომადგენელი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიის წევრისთვის ცხელების დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დაუყონებლივ უნდა აცნობოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიამ – საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშნავ პარტიას.

4. კენჭისყრის დღეს ამ მუხლის საფუძველზე დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი კენჭისყრის შენობაში დაიშვება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენისა და შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დანიშვნის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.


მუხლი 5
დაევალოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს და საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ამ დადგენილების გაცნობა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის.
მუხლი 6
დაევალოს სსიპ-ს „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი” ამ დადგენილებით გათვალისწინებული პროცედურებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური წესების საუბნო საარჩევნო კომისიების სატრენინგო მასალებში გათვალისწინება.
მუხლი 7
დაევალოთ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებში ამ დადგენილების შესრულებაზე კონტროლი.
მუხლი 8
დაევალოს ცესკოს საფინანსო დეპარტამენტს ამ დადგენილების აღსრულების მიზნით საჭირო ღონისძიებების დაფინანსება და შესაბამისი ინვენტარის შესყიდვა.
მუხლი 9
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 10
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი