ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფციის მოწონების შესახებ

ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფციის მოწონების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1825
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025857
1825
17/09/2020
ვებგვერდი, 18/09/2020
000000000.00.003.025857
ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფციის მოწონების შესახებ
საქართველოს მთავრობა

 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1825 

2020 წლის  17  სექტემბერი   

ქ. თბილისი

ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფციის მოწონების შესახებ

„ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფციაზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 დეკემბრის №2633 განკარგულების საფუძველზე:

1. მოწონებულ იქნეს „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფცია“ (დანართი).

2. დაევალოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს კონცეფციით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავება არაუგვიანეს 2020 წლის 15 დეკემბრისა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                           გიორგი გახარია 

 

დანართი

 

ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფცია

 

ზოგადი მიმოხილვა:

ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამოძიების, ბავშვის საჭიროების განსაზღვრის, შესაბამისი მომსახურების მიწოდების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიზნით, საქმეში, ძირითად შემთხვევებში ერთდროულად ერთვება რამდენიმე სტრუქტურა. ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, საჭიროა ბავშვის არაერთ უწყებაში მიყვანა და  სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, რაც, კვლევებისა და კლინიკური გამოცდილების თანახმად, იწვევს ბავშვის რეტრავმატიზებას[1]. ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების სააგენტოს მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ტრავმული გამოცდილება ბავშვში იწვევს მეხსიერების სირთულეებს, ჩვენებაში შეცდომების დაშვების ალბათობის ზრდას, რის შედეგადაც გამოძიება აგროვებს არარელევანტურ  მტკიცებულებებს.[2] ცხადია, აღნიშნული წარმოადგენს გამოწვევას, მით უფრო, როდესაც სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, ბავშვს შეუქმნას უსაფრთხო და მასზე ორიენტირებული გარემო,[3] იზრუნოს მისი ფიზიკური და ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე  მორგებული გამოძიება და სასამართლო პროცესი.

ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან დაკავშირებით  ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის (კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები) ქვეყნების გამოცდილების მიხედვით, უპირატესობა ენიჭება მულტიდისციპლინურ და უწყებათაშორის თანამშრომლობას, რომელიც გადამწყვეტია ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად. ევროპაში ეს მოდელი ცნობილია „ბარნაჰუსის“ (Barnahus) სახელით („სახლი ბავშვებისთვის“). ბარნაჰუსის პრინციპები და პრაქტიკა აისახება ევროპის მრავალრიცხოვან იურიდიულ და პოლიტიკურ ჩარჩოებში ევროსაბჭოს (CoE) და ევროკავშირის (EU) მიერ, მათ შორისაა ევროსაბჭოს კონვენცია „ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დაცვის შესახებ“ (2007), ევროსაბჭოს სახელმძღვანელო „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ“ (2010), ევროსაბჭოს რეკომენდაციები „ბავშვზე მორგებული სოციალური მომსახურების შესახებ“ (2011), ევროკავშირის დირექტივა „დანაშაულის მსხვერპლთა უფლებების მინიმალური სტანდარტები დახმარებისა და დაცვის შესახებ“ (2012).

სამართლებრივი საფუძვლები:

საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 18 დეკემბერს[4] შექმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის:

ა) კონცეფციის შემუშავება;

ბ) საპილოტე პროექტის დანერგვისა და მიმდინარეობის პროცესის მონიტორინგი.

ამდენად, წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, შექმნას ბავშვის საუკეთესო ინტერესზე მორგებული ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის (შემდგომში  ცენტრი) კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავს ცენტრის საქმიანობის შემდეგ ასპექტებს:

ა) მომსახურების მიზანი:

მომსახურების მიზანია, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვს შესთავაზოს ფსიქოლოგიურ-სოციალური მოკლე და გრძელვადიანი რეაბილიტაცია. ასევე, მომსახურებამ უნდა უზრუნველყოს კოორდინირებული რეაგირება იმისთვის, რომ გამოძიების პროცესში მოხდეს ბავშვის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება; შექმნას ბავშვზე მორგებული, მულტიდისციპლინური და მულტისექტორული მიდგომა, რომელიც „ერთი ფანჯრის პრინციპით“ უზრუნველყოფს ბავშვის ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების პროცესის უზრუნველყოფას.

ბ) მომსახურების ამოცანა:

  • ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა;
  • მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და ეფექტიანი გამოძიების ხელშეწყობა, პროცესში ჩართული სამართალდამცავი და სხვა უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
  • ბავშვის საჭიროების შეფასება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ;
  • საჭიროების შესაბამისად ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასება შესაბამისი სპეციალისტის მიერ;
  • ბავშვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა;
  • ბავშვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მოკლე და გრძელვადიანი რეაბილიტაცია;
  • ბავშვის ან მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დაკავშირება სხვა საჭირო მომსახურებებთან;
  • ბავშვის გამოკითხვა/დაკითხვა მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომით;
  • მულტიდისციპლინური და უწყებათაშორისი ჯგუფის მიერ შემთხვევის კოორდინირების და ზედამხედველობის უზრუნველყოფა.

გ) მომსახურების ძირითადი პრინციპებია:

  • ყველა მოქმედების განხორციელება ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით;
  • ბავშვის ღირსების, მოსაზრებებისა და გრძნობების პატივისცემა, მისი აზრის გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • ბავშვზე მორგებული მიდგომების გამოყენება;
  • ყველა ბავშვისთვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა, მიიღოს ხარისხიანი მომსახურება;
  • კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა;
  • ბავშვთან მუშაობისას ეთიკის ნორმების დაცვა;
  • ბავშვის და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას, ინფორმირება ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მათ, გამოძიების/რეაბილიტაციის პროცესში;
  • კვლევებზე დაფუძნებული შეფასების მეთოდებისა და პრინციპების გამოყენება, მომსახურების სტანდარტების დანერგვა და გამჭირვალობა;
  • მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილების შესრულება და განსაზღვრული ვადების ეფექტიანად დაცვა;
  • მომსახურება ფიზიკურად ხელმისაწვდომია და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ბავშვზე მორგებული მომსახურება:

ბავშვზე მორგებული გარემოს მახასიათებლები:

  • ბავშვის მონაწილეობის უზრუნველყოფა;
  • ბავშვის გადაწყვეტილების პატივისცემა;
  • ბავშვზე მორგებული ინფრასტრუქტურისა და გარემოს მოწყობა;
  • ბავშვის ასაკის, სქესისა და შესაძლებლობის შესაბამისი მიდგომების გამოყენება;
  • პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ ბავშვის ასაკის, სქესის და შესაძლებლობების გათვალისწინებით მიაწოდონ ხარისხიანი მომსახურება;
  • ბავშვზე მორგებული პროცედურები;
  • კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა.

დ) მომსახურებაში ჩართული უწყებები/ორგანიზაციები და მათი ფუნქციები:

შემთხვევის შეფასება და მართვა ხდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ. საჭიროებიდან გამომდინარე, გუნდის მუდმივ წევრებს შეიძლება დაემატოს სხვა პროფესიონალები, რომელთა მოწვევა მოხდება ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე.

ცენტრის ორგანიზაციული ფუნქციონირება ეყრდნობა ორ ძირითად მიმართულებას:

ა) მულტიდისციპლინურ მიდგომას (მულტიდისციპლინური გუნდი);

ბ) უწყებათაშორის თანამშრომლობას (ინტერსექტორული ჯგუფი).

ცენტრის მულტიდისციპლინური გუნდი შედგება შემდეგი სპეციალისტებისგან:

  • ცენტრის სოციალური მუშაკი;
  • ფსიქოლოგი;
  • სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი (საჭიროებიდან გამომდინარე, გინეკოლოგი, პედიატრი, პროქტოლოგი და სხვა.);
  • საჭიროების შემთხვევაში – ფსიქიატრი და/ან სხვა სპეციალისტი. 

ინტერსექტორულ ჯგუფში წარმოდგენილნი არიან შემდეგი უწყების წარმომადგენლები:

  • სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო;
  • საქართველოს პროკურატურა;
  • სსიპ –  იურიდიული დახმარების სამსახური;
  • სსიპ –  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.

ე) მომსახურების სამიზნე ჯგუფი:

მომსახურების სამიზნე ჯგუფს, საპილოტე რეჟიმში, წარმოადგენენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი ბავშვები.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ოჯახის წევრები/მზრუნველები წარმოადგენენ მომსახურების მეორად სამიზნე ჯგუფს.

ცენტრის მომსახურების ბენეფიციარი შეიძლება იყოს არასრულწლოვანი (18 წლის ასაკის მიღწევამდე).

ვ) მომსახურებით სარგებლობაზე შეტყობინება:

ცენტრი ბავშვის ჩართვასთან დაკავშირებულ შეტყობინებას იღებს სავარაუდო მსხვერპლის, სხვა პირის და „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით  განსაზღვრული  უწყებებისგან.

ზ) მომსახურების თანამშრომლების და ჩართული სუბიექტების ფუნქცია-მოვალეობები:

1. სოციალური მუშაკი –  უზრუნველყოფს აქტორების ჩართულობას, კოორდინაციას, შესაბამის მომსახურებაში გადამისამართებას, შედეგების შესახებ მონაცემების შეგროვებას და ანალიზს, პროცესის და ხარისხის მონიტორინგს;

2. ცენტრის სოციალური მუშაკი (შემთხვევის მენეჯერი) –  შემთხვევის მენეჯერი უზრუნველყოფს როგორც  ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებას, ისე ახდენს ფსიქოლოგიურ-სოციალურ შეფასებას, მათ შორის აფასებს შემთხვევის ადრეულ ეტაპზე უსაფრთხოების და  დაცვის საკითხებს, გამოავლენს საჭიროებებს და განსახორციელებელ ინტერვენციებს;

3. შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა –  საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად წარმართავს გამოძიებას და საჭიროების შესაბამისად ნიშნავს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას;

4. ცენტრის ფსიქოლოგი/ფსიქიკური ჯანმრთელობის წარმომადგენელი –  კვლევაზე დაფუძნებული შეფასების მეთოდებით განსაზღვრავს მსხვერპლის/მოწმის ფსიქიკურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, იღებს გადაწყვეტილებას კვლევებზე დაფუძნებულ კრიზისულ და თერაპიულ ინტერვენციებში ჩართვის შესახებ;

5. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა –  ცენტრს აქვს სპეციალური ტექნოლოგიით აღჭურვილი კაბინეტი, სადაც შესაძლებელია ექსპერტიზის ადგილზე ჩატარება კვალიფიციური პროფესიონალის მიერ.

მულტიდისციპლინური გუნდი ახორციელებს:

1. ბავშვის პირველად შეფასებას – შეფასება ეფუძნება: ძირითად ინფორმაციას, დაკვირვებას, დაშვებებს და ფაქტებს, რომლებიც ეხება ბავშვის ჯანმრთელობას (ფიზიკური დაზიანებების არსებობის შემთხვევაში), ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობას, ასევე – რესურსებს და არსებულ რისკებს. შეფასების ძირითადი მიზანია საჭიროებების და დაცვის ზომების იდენტიფიცირება, ასევე, მოქმედებების და დაცვის ფორმების თანმიმდევრობის განსაზღვრა, რათა თავიდან იქნას აცილებული ბავშვის მეორეული და ხელახალი ვიქტიმიზაცია;

2. შემთხვევის საჭიროებების შეფასება –  ხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდისა და ინტერსექტორული ჯგუფის მიერ ერთობლივად;

3. შუალედური შეფასება –  ბავშვის მდგომარეობის პროგრესის მონიტორინგი;

4. საბოლოო შეფასება – საბოლოო დოკუმენტი/დასკვნა, რომლის მიზანია განისაზღვროს, არის თუ არა ბავშვი მზად მომსახურების შეწყვეტისთვის.

შეფასება უნდა შედებოდეს შემდეგი კომპონენტებისგან:

  • ბავშვის საჭიროებების განსაზღვრა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფორმიდან გამომდინარე;
  • ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის რისკის შეფასება;
  • რეაბილიტაციის, მკურნალობის და სპეციალური მხარდაჭერის საჭიროების შეფასება;
  • ბავშვის ფსიქოემოციური მზაობის შეფასება გამოკითხვა-დაკითხვის პროცესისთვის.

ინტერსექტორული ჯგუფი

ინტერსექტორული ჯგუფი არის უწყებათაშორისი თანამშრომლობის საფუძველზე საქმეზე მომუშავე პირთა გაფართოებული ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ხდება შემთხვევის განხილვა და გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა, სისხლის სამართალწარმოებაში ბავშვის მონაწილეობის ხელშეწყობის, მისი ინტერესების/საჭიროებების დაგეგმვის და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრისათვის.

ინტერსექტორული ჯგუფი:

  • უზრუნველყოფს თითოეული უწყების მიერ განსახორციელებელ პროცედურების დაცვას;
  • ჩართული არის შემთხვევის შეფასების და მართვის პროცესში;
  • ინტენსიურად თანამშრომლობს მულტიდისციპლინურ გუნდთან და ცვლის მათთან შესაბამის დოკუმენტაციას.

ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი წარმოადგენენ ბავშვის ინდივიდუალურ შეფასებას ბავშვის მდგომარეობის შესახებ, მის ფსიქოემოციურ პორტრეტს, ოჯახის და გარემოს შეფასებას, ასევე ბავშვის მზაობას, ჩართული იყოს საგამოძიებო პროცედურებში. აღნიშნული შეფასება მოიცავს ინფორმაციას, თუ რა ტიპის მხარდაჭერა შეიძლება სჭირდებოდეს ძალადობის მსხვერპლ ბავშვს რეაბილიტაციის პროცესში ან საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის დროს.

ცენტრის ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია მოიცავს:

  • ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, დახმარებას და/ან რეაბილიტაციას;
  • კრიზისულ ინტერვენციას;
  • ემოციურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას;
  • ფსიქოგანათლებას;
  • ბენეფიციართან ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას;
  • ოჯახსა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას;
  • სხვა ღონისძიებას, რაც გამოვლინდება ბენეფიციარის ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაციის/დახმარების პროცესში.

გამოკითხვა/დაკითხვა

გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება სპეციალიზებული ინტერვიუერის მიერ, რომელიც აღჭურვილია უნარებით ბავშვის სქესის, ასაკის და შესაძლებლობების შესაბამისად წარმართოს პროცესი. ინტერვიუერი შესაძლოა იყოს სპეციალიზებული გამომძიებელიც. გამოკითხვა/დაკითხვა წარიმართება შესაბამისი პროტოკოლით.

გამოკითხვა/დაკითხვისთვის მომზადება გულისხმობს ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ბავშვის მზაობის შეფასებას.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა

მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც ტარდებოდეს ბავშვზე მორგებულ გარემოში, სპეციალურად გადამზადებული სპეციალისტების მიერ, რომლებიც ამავდროულად, საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება იყვნენ ინტერსექტორული ჯგუფის მონაწილეები. შესაბამისად, ცენტრში ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ჩაუტარდება: ექსპერტიზა, სამედიცინო შემოწმება, დადგინდება სხეულის დაზიანების ხასიათი და სიმძიმე, მოხდება შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვება.

იურიდიული დახმარება

ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, იურიდიული დახმარების სამსახური შესაბამის იურიდიულ მომსახურებას განახორციელებს ძალადობის თითოეულ შემთხვევაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამსახურის იურისტები ცენტრის ბენეფიციარებს გაუწევენ:

1. სამართლებრივ კონსულტაციას;

2. საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფენ სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტის მომზადებას;

3. სამართალდამცავ ორგანოებში/სასამართლოში წარმომადგენლობას/ადვოკატირებას.

ოჯახის კონსულტირება და მხარდაჭერა

ცენტრს აქვს ოჯახის გაძლიერების სპეციალური პროგრამები, რათა მოხდეს პოზიტიური მშობლობის პრინციპებზე დაყრდნობით მშობლების/კანონიერ წარმომადგენლის კონსულტირება და მათი ხელშეწყობა.

პერსონალის პროფესიული უნარების გაძლიერება/განვითარება

იმისთვის, რომ მომსახურებამ შექმნას ბავშვზე მორგებული, დაცული, კომფორტული, შედეგზე და რეაბილიტაციაზე ორიენტირებული მხარდამჭერი გარემო, საჭიროა თანამშრომლების ინტენსიური მომზადება როგორც საწყის ეტაპზე, ასევე საქმიანობის პროცესში. 

ზ) მომსახურებას დაქვემდებარებული კონკრეტული საქმეების კატეგორიები:

ცენტრი პილოტირების ფარგლებში მომსახურებას გაუწევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლ/სავარაუდო მსხვერპლ ბავშვებს. კერძოდ, ცენტრის მომსახურებას დაქვემდებარებული საქმეები მოიცავს დანაშაულებს, გათვალისწინებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

  • XXII თავი;
  • 1432 მუხლი (თუკი ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს სექსუალური მომსახურების გაწევის იძულებას, ან პირის პროსტიტუციაში/პორნოგრაფიაში ჩაბმას);
  • 1441 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;
  • 253-ე მუხლის მე-5 ნაწილი;
  • 254-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები;
  • 255-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილები;
  • 2551 და 2552 მუხლები.

თ) წარმატებული ფუნქციონირებისთვის საჭირო სტანდარტები და პროცედურები:

ცენტრის პილოტირება:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში ქმნის მომსახურებას, რომელიც უპასუხებს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების საჭიროებებს, უზრუნველყოფს ამ ბავშვების მოკლე და გრძელვადიან ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას. ამასთანავე, ამავე სივრცეში განხორციელდება საგამოძიებო მოქმედებები, ჩატარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა საჭირო ღონისძიებები, რათა ბავშვი დაცული იქნას ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციისაგან.

ცენტრის პილოტირება განხორციელდება 2021 წლის ბოლომდე. პილოტირების მონიტორინგის შედეგები გამოავლენს, ერთი მხრივ  ცვლილებების საჭიროებებს ცენტრის მომსახურების გაუმჯობესების/შემდგომი განვითარებისა და, მეორე მხრივ  საჭიროებებს ცენტრის ბენეფიციართა წრის გაფართოებისათვის.

ცენტრის მომსახურებაში ჩართული ორგანიზაციები და მათი ფუნქციები

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

სსიპ   სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფუნქცია

  • ბავშვის ფსიქოსოციალური, სამედიცინო და საგამოძიებო პროცესების კოორდინირებული თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა საგამოძიებო და სამედიცინო პროცედურაში მონაწილეობის მიღება, როგორც ბავშვის კანონიერი ან/და საპროცესო წარმომადგენელი;
  • საჭიროების შემთხვევაში ბავშვის ალტერნატიული ზრუნვის ფორმის განსაზღვრა;
  • ბიოლოგიური გარემოს, მზრუნველი პირების კომპეტენციებისა და ბავშვთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესწავლა-შეფასება;
  • ბავშვის საუკეთესო ინტერესის განსაზღვრა და მის განხორციელებაზე მუშაობა როგორც მულტიდისციპლინურ, ასევე ინტერსექტორულ დონეზე;
  • ბავშვის ჩართვა, მისი აზრის, სურვილების, შესაძლებლობების, ღირებულებების გათვალისწინება და დაცვა ყველა დონესა და უწყებასთან მუშაობის პროცესში;
  • მულტიდისციპლინური და უწყებათაშორისი ჯგუფის მიერ შემთხვევის კოორდინირების და ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
  • ცენტრის ეფექტიანი მუშაობის ადმინისტრირება, ასევე, ცენტრის სპეციალისტების პროფესიული ზედამხედველობის უზრუნველყოფა და ცენტრის მუშაობის მონიტორინგი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს გამოძიების სრულად და ობიექტურად ჩატარებას და მასთან დაკავშირებით ყველა სათანადო აქტივობის განხორციელებას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, გამოსცემს შემაკავებელ ორდერს და უზრუნველყოფს ბავშვის გადაყვანას უსაფრთხო გარემოში. ბავშვის თავშესაფარში ან სხვა დაწესებულებაში გადაყვანის საჭიროების შემთხვევაში, პოლიცია კოორდინირებულად მუშაობს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან.

ცენტრის საქმიანობის მიზნებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმირება და საქმეში ჩართვა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი წყაროების მიერ:

1. ბავშვმა, მშობელმა ან გარეშე პირმა მიმართა პოლიციას;

2. გამოძიების/ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გამოიკვეთა ბავშვის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტი;

3. ცენტრის ადმინისტრაციის მიერ მოხდა პოლიციის ინფორმირება;

4. მასმედიაში გამოქვეყნდა სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვმა, მშობელმა ან სხვა პირმა მიმართა პოლიციას ან/და გამოძიების პროცესში გამოიკვეთა ბავშვის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტი, პოლიცია დაუყოვნებლივ ახდენს ცენტრის ინფორმირებას და უზრუნველყოფს ბავშვის ცენტრში გადამისამართებას. ასეთ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს ბავშვის ფიზიკურად მიყვანას ცენტრში.

გამომძიებელი უზრუნველყოფს შემდეგი მოქმედებების ჩატარებას:

1. იწყებს გამოძიებას და უზრუნველყოფს შემთხვევისათვის კვალიფიკაციის მინიჭებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტულ მუხლზე მითითებით;

2. გამოძიების დაწყების შესახებ ახდენს პროკურორის ინფორმირებას;

3. ბავშვთან ატარებს გამოკითხვას და სხვა საჭირო მოქმედებებს შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით;

4. ნიშნავს შესაბამის ექსპერტიზებს;

5. უზრუნველყოფს საქმეში კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის ჩართვას;

6. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ფსიქოლოგის და სხვა საჭირო სპეციალისტების ჩართვას;

7. პროკურორთან შეთანხმებით ატარებს სხვა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს.

საქმეში ერთვება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული გამომძიებელი და შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ძირითადად ახორციელებს იმ სქესის გამომძიებელი, რომელი სქესისაც არის მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.  

ყველა შემთხვევაში ბავშვთან გასაუბრება და სხვა სახის საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება ტარდება ცენტრში, გარდა იმ მოქმედებებისა, რომლებიც საგამოძიებო მოქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეგროვებას სხვა ტერიტორიიდან ან სხვა წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვებას საჭიროებს. გამონაკლის შემთხვევებში, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბავშვის გამოკითხვა ან მის მიმართ სხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება შესაძლებელია ჩატარდეს ადგილზე, რაც არ ათავისუფლებს გამომძიებელს ბავშვის დაუყოვნებლივ ცენტრში გადამისამართების ვალდებულებისგან.

ბავშვთან გამოკითხვას წარმართავს სპეციალიზებული გამომძიებელი, ან ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ინტერსექტორული ჯგუფის გადაწყვეტილებით, ფსიქოლოგი მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროტოკოლის შესაბამისად.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ხორციელდება გამოკითხვის აუდიოვიდეო ჩაწერა, რომლის ჩვენებაც მოხდება სასამართლოში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

სსიპ  დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების  არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის, განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის, მსჯავრდებულებისა და ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის  სამიზნე ჯგუფებში შესაძლებელია იყვნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები. 

შესაბამისად, სააგენტოს მხრიდან ბავშვზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, მოხდება ბავშვის გადამისამართება ცენტრში.

თუ ბავშვი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარია, საჭიროების შემთხვევაში, მასთან ფსიქოსოციალური მუშაობა გაგრძელდება, თუმცა მნიშვნელოვანია ცენტრის და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების (სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, მედიატორი, ან სხვა) ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობა შეფასების ეტაპიდან: ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის, ან სხვა კითხვარების/დოკუმენტაციის გაზიარება/გაცვლა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბავშვის ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სსიპ  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში რეფერირებული ან თვითმომართვით შემოსული ბავშვის მომსახურების საწყის ეტაპზე (კონკრეტულად ბავშვის მიღების ან შეფასების ეტაპზე ე.ი. მომსახურების მიწოდების ეტაპამდე), სავარაუდო სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირების შემთხვევაში, დაუყონებლივ განხორციელდება ბავშვის რეფერირება ცენტრში. ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური არ იწყებს მომსახურების მიწოდებას.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან მომსახურების მიწოდების პროცესში იდენტიფიცირების შემთხვევაში, ბავშვის რეფერირება მოხდება ცენტრში, თუმცა ბავშვთან ფსიქოსოციალური მომსახურების მიწოდების გაგრძელება, ბავშვის სურვილის შემთხვევაში, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ დამტკიცებული ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის წესისა და ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში რეფერირების ფორმის შესაბამისად და ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციით, საქმისწარმოების დოკუმენტაციის გაზიარებით.

სსიპ   ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემოწმება ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ტარდება ცენტრში არსებულ სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, რომელიც აღჭურვილი იქნება ბავშვისათვის ადაპტირებული ყველა საჭირო ინვენტარით.

ექსპერტიზას უნდა ესწრებოდეს ბავშვის კანონიერი/საპროცესო წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში  თარჯიმანი, შეზღუდული შესაძლებლობის შემთხვევაში პროცესში ერთვება შესაბამისი სპეციალისტი. დამსწრე პირი/პირები წარმოდგენილნი უნდა იყვნენ ექსპერტიზის დამნიშნავის მიერ წერილობით.

ექსპერტიზის ჩატარებისას ფსიქოლოგის მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ინტერსექტორული ჯგუფის მიერ, ერთობლივად.

შემოწმება ტარდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტების მიერ (არანაკლებ ორი ექსპერტის მიერ) კომისიური წესით. ექსპერტიზა ტარდება იმავე სქესის ექსპერტების მიერ.

საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტიზაში მონაწილეობას იღებს ექიმი-გინეკოლოგი ან ექიმი-პროქტოლოგი, რომლის კანდიდატურა უნდა წარადგინოს საგამოძიებო ორგანომ.

საჭიროების შემთხვევაში ნაცხის აღება (საიდენტიფიკაციო საჭიროებისთვის) წარმოებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ან ექიმი-გინეკოლოგის მიერ.

საჭიროების შემთხვევაში, დაავადების დასადგენად შესაბამისი საკვლევი მასალის აღება უნდა მოხდეს სამედიცინო დაწესებულებაში, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში საკვლევი მასალის აღება არ შედის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის კომპეტენციაში. აღნიშნული საკვლევი ლაბორატორიული კვლევა წარმოებს სამედიცინო დაწესებულებაში.

ვინაიდან სასამართლო მედიცინაში ცალკე დისციპლინად არ ისწავლება ბავშვთა ფსიქოლოგიის ასპექტები, აუცილებელია ბიუროს ექსპერტების სპეციალური ცოდნის გაღრმავება მუდმივი გადამზადების გზით.

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა ახორციელებს სისხლის სამართლის საქმეთა საპროცესო ხელმძღვანელობას და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში. აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, პროკურორი:

  • ახდენს სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი, დაზარალებული და მოწმე ბავშვების ცენტრში გადამისამართებას;
  • ცენტრს აწვდის ინფორმაციას, რა სახის დანაშაულია ჩადენილი და რა საგამოძიებო მოქმედებები იქნა ბავშვის მიმართ ჩატარებული. ასევე, აწვდის იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც საჭიროა დაზარალებული ბავშვისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენისთვის –  საკონტაქტო მონაცემები, კანონიერი წარმომადგენლის შესახებ ინფორმაცია;
  • ბავშვის გადამისამართების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ცენტრთან კოორდინირებული ურთიერთობის საფუძველზე გეგმავს სამართალწარმოების განხორციელების მიმდინარეობას და კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას იმგვარად, რომ არ მოხდეს ბავშვის რეტრამვატიზირება;
  • ზემოაღნიშნული მიზნით, ცენტრისგან ითხოვს ინფორმაციას ბავშვის მდგომარეობის ან სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების შესახებ, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურატურას;
  • საჭიროების შემთხვევაში, პროკურორი ესწრება ცენტრში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს.

სსიპ   იურიდიული დახმარების სამსახური

იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე ხდება ბავშვის რეფერირება ცენტრში. ამასთან, იურიდიული დახმარების სამსახურში ფუნქციონირებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბავშვს პირველი მოთხოვნისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს იურიდიული დახმარებით.

იურიდიული დახმარების სამსახურის პროცესში ჩართვა ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სავალდებულო დაცვის ვალდებულება და როდესაც ბავშვს არ ჰყავს კერძო ადვოკატი. იურიდიული დახმარების სამსახური დაზარალებულ ბავშვს/ბავშვის ოჯახს გაუწევს სამართლებრივ კონსულტაციას ნებისმიერ ეტაპზე, ადვოკატირებასა და სასამართლოში წარმომადგენლობას კი უზრუნველყოფს კანონით დადგენილ შემთხვევებში.

სასამართლო

საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია მართლმსაჯულების პროცესში. მრავალი ფაქტორის გამო (ოფიციალური გარემო, პირდაპირი თუ ჯვარედინი დაკითხვა, ბრალდებულის ყოფნა დარბაზში თუ სხვა) სასამართლო პროცესი შეიძლება მეორეული ვიქტიმიზაციის და ხელახალი ტრავმირების მიზეზი გახდეს ძალადობის მსხვერპლი ბავშვისათვის. ამიტომ, ძირითადი აქცენტი გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენების გამოყენებაზე უნდა იყოს გადატანილი, მაგრამ როდესაც ბავშვის დაკითხვა სასამართლოს მიერ აუცილებელია, ეს პროცესი უნდა წარიმართოს შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკს და მას საშუალებას მისცემს სრულყოფილი მონაწილეობა მიიღოს პროცესში.

 


[1] Henry, Jim (1997). Following Disclosure, System Intervention Trauma to Child Sexual Abuse Victims. Journal of Interpersonal Violence 1997 12: 499; Newgent, Rebecca A., Fender

[2]https://fra.europa.eu/en/news/2017/child-friendly-justice-childs-perspective

[3] Article 19, UNCRC

[4] საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 დეკემბრის №2633 განკარგულება.