„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 24 აგვისტოს №21/2020 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 24 აგვისტოს №21/2020 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37/2020
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016509
37/2020
16/09/2020
ვებგვერდი, 17/09/2020
010340000.15.008.016509
„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 24 აგვისტოს №21/2020 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №37/2020

2020 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 24 აგვისტოს №21/2020 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-200 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 24 აგვისტოს №21/2020 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 25/08/2020, 010340000.15.008.016493) დამტკიცებული ინსტრუქციის ნაწილი II-ის (საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში) თავი I-ით (ამომრჩეველთა სიები) განსაზღვრული „საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი” ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი

 

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი


(საარჩევნო კოდექსი  მუხლი 200)

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (25 ოქტომბერი) წერილობითი ან სატელეფონო ზეპირი განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას.

შესაბამისი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირი ამომრჩევლის განცხადებას რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში და განცხადების მიღებას ადასტურებს ხელმოწერით. წერილობით განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის პირადი ნომერი. სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილმა პირმა სარეგისტრაციო ჟურნალში უნდა მიუთითოს სატელეფონო შეტყობინების შემოსვლის ზუსტი დრო, ტელეფონის ნომერი, ამომრჩევლის სახელი, გვარი, მისი პირადი ნომერი და იმ ადაპტირებული საარჩევნო უბნის ნომერი, სადაც იგი ითხოვს არჩევნებში მონაწილეობას. სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღებას კომისიის უფლებამოსილი პირი ხელმოწერით ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში.

ყურადღება!

ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისათვის მიმართვის შემთხვევაში, ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (25 ოქტომბერი) საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა მიაწოდოს საოლქო საარჩევნო კომისიას.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი.

საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული, მათ შორის, ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციისა და, აგრეთვე, მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (28 ოქტომბერი), ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას (საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიას (კედლის სია)).

ყურაღება!

ადაპტირებულ საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა სპეციალური სიის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობებში.

კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა, საოლქო საარჩევნო შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალური სიის საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიას (სამაგიდო სია).

ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ინფორმაციას აწვდის იმ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომლის უბნის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ამომრჩეველიც იქნა შეყვანილი სპეციალურ სიაში. ასეთ შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის გვარის გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობის“ აკეთებს ჩანაწერს „ეტლით მოსარგებლეა“. ჩანაწერი დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.