„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 09/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016399
48
09/09/2020
ვებგვერდი, 17/09/2020
300280000.16.009.016399
„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №48

2020 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ქსელის წესებში“ (სსმ, ვებგვერდი, 07/09/2018, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016277) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ლ-ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ძ) სისტემით მოსარგებლეთა რეესტრი – ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ წარმოებული რეესტრი, სადაც დარეგისტრირება სავალდებულოა ყველა სისტემით მოსარგებლისათვის;“;

ბ) „წ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ1“ ქვეპუნქტი:

1) ურთიერთდაკავშირების პუნქტი – დაკავშირების წერტილი, რომლის მეშვეობითაც ტრანსპორტირების სისტემა დაკავშირებულია ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის სისტემასთან;“.

2. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. განვითარების გეგმების შინაარსი, მიზნები, კომისიაში წარდგენისა და კომისიის მიერ მათი განხილვის წესი და ვადები განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ინვესტიციების შეფასების წესით.“;

გ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განვითარების გეგმის პროექტთან ერთად ლიცენზიატმა კომისიას უნდა წარუდგინოს მოცემული დროისთვის შეთანხმებული გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობის წლიური ანგარიში. ლიცენზიატმა უნდა დაასაბუთოს ბიუჯეტში და გეგმა-გრაფიკში არსებული გადახვევები, შეაფასოს მათი ზეგავლენა და აღწეროს მათი უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით გატარებული ზომები.“.

4. მე-18 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია შესაბამისი სისტემით მოსარგებლე დაარეგისტრიროს სისტემით მოსარგებლეთა რეესტრში.“;

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-7 პუნქტის „ე-თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა სისტემით მოსარგებლეთა რეესტრიდან უნდა ამოშალოს რეგისტრირებული პირი, თუ ის აღარ არის მოქმედი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების მხარე.“;

5. 33-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე როდესაც სისტემით მოსარგებლე უარს განაცხადებს არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღებაზე, სისტემით მოსარგებლე, რომელსაც შესაბამის მიღების პუნქტთან დაკავშირებით ტრანსპორტირების ლიცენზიატთან გაფორმებული აქვთ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულება, არ თავისუფლდება ამ წესების დანართი №4-ით უბალანსობასთან დაკავშირებით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.“.

6. 34-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ წესების დანართი №4-ის შესაბამისად მიიღოს ტექნიკურად განხორციელებადი და ეკონომიკურად გამართლებული ყველა ზომა მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის გაცემის პირობების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სისტემით მოსარგებლეები, რომლებსაც შესაბამის მიღების პუნქტთან დაკავშირებით ტრანსპორტირების ლიცენზიატთან დადებული აქვთ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულება, არ თავისუფლდებიან ამ წესების დანართი №4-ით უბალანსობასთან დაკავშირებით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.“.

7. მე-40 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. 41-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა თითოეულ სისტემით მოსარგებლეს ამ წესების №4 დანართის შესაბამისად უნდა გაუგზავნოს საანგარიშო დღის პირველადი მიკუთვნების შესახებ ინფორმაცია.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებები სისტემით მოსარგებლეს უნდა გაეგზავნოს იმ მიღებისა და მიწოდების პუნქტების მიხედვით, რომლებიც შეტანილია ტრანსპორტირების ლიცენზიატსა და სისტემით მოსარგებლეს შორის გაფორმებულ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებაში. ამასთან, აღნიშნული შეტყობინებები სისტემით მოსარგებლეს უნდა გაეგზავნოს ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში გამოქვეყნებული სტანდარტული ფორმების მიხედვით და, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სისტემით მოსარგებლის მიერ მიღებისა და მიწოდების თითოეული პუნქტისთვის ბუნებრივი გაზის დადასტურებულ ნომინაციას;

ბ) თითოეულ მიღებისა და მიწოდების პუნქტში გაზომილი ბუნებრივი გაზის ოდენობას;

გ) თითოეული მიღებისა და მიწოდების პუნქტისათვის ყველა სისტემით მოსარგებლის დადასტურებულ ნომინაციათა ჯამს;

დ) ბუნებრივი გაზის ოდენობას, რომელიც თითოეულ მიღებისა და მიწოდების პუნქტში მიკუთვნებულია სისტემით მოსარგებლისათვის;

ე) სისტემით მოსარგებლის დადასტურებულ ნომინაციასა და მასზე მიკუთვნებულ ბუნებრივი გაზის ოდენობებს შორის სხვაობას;

ვ) სისტემით მოსარგებლისთვის ყველა მიღების პუნქტში მიკუთვნებული ბუნებრივი გაზის ჯამურ ოდენობას (დღიური მიღება);

ზ) სისტემით მოსარგებლისთვის ყველა მიწოდების პუნქტში მიკუთვნებული ბუნებრივი გაზის ჯამურ ოდენობას (დღიური გაცემა);

თ) ამ წესების დანართი №4-ის შესაბამისად განსაზღვრულ სისტემით მოსარგებლის დღიურ უბალანსობას;

ი) ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ამ წესების დანართი №4-ის შესაბამისად განხორციელებული დამაბალანსებელი ქმედებების შესახებ დასაბუთებულ ინფორმაციას.“.

9. X თავი ამოღებულ იქნეს.

10. 93-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

11. დანართი №3-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №4:

 

„დანართი №4

ბუნებრივი გაზის დაბალანსების ქსელის წესები

 

თავი I. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. საგანი

წინამდებარე დანართი არის წესების ნაწილი და ადგენს ბუნებრივი გაზის დაბალანსების წესებს, მათ შორის წესებს, რომელიც ეხება ნომინაციების წარდგენის პროცედურებს, უბალანსობის საფასურს, დღიური უბალანსობის საფასურთან დაკავშირებულ ანგარიშსწორების პროცედურებს და დაბალანსებას ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატების ქსელებს შორის.

 

მუხლი 2. მოქმედების სფერო

1. წინამდებარე დანართი ვრცელდება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების საზღვრებში არსებულ დაბალანსების ზონებზე.

2. წინამდებარე დანართი არ ვრცელდება მიკუთვნებებსა და საბოლოო მომხმარებლის მრიცხველის ჩვენებების მიღების შედეგად განსაზღვრულ ფაქტიურ მოხმარებას შორის თავსებადობზე.

3. წინამდებარე დანართი არ ვრცელდება საგანგებო სიტუაციებზე, სადაც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა განახორციელოს კონკრეტული ზომები ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

4. წინამდებარე დანართით განსაზღვრული სისტემით მოსარგებლეთა შესაბამისი უფლებები და მოვალეობები უნდა ვრცელდებოდეს მხოლოდ იმ სისტემით მოსარგებლეებზე, რომლებმაც გააფორმეს ხელშეკრულება, მათ შორის, ტრანსპორტირების ხელშეკრულება, რაც საშუალებას აძლევს მათ წარადგინონ ვაჭრობის შესახებ შეტყობინება მე-5 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე დანართის მიზნებისთვის, გამოყენებული ტერმინები განმარტებული იქნება წესებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ასევე, ამ დანართის მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

ა) დაბალანსების ზონა - მიღება-მიწოდების სისტემა, რომლის მიმართ გამოიყენება კონკრეტული დაბალანსების რეჟიმი და რომელიც შეიძლება მოიცავდეს გამანაწილებელ სისტემებს ან მათ ნაწილს;

ბ) დამაბალანსებელი ქმედება - ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ განხორციელებული ქმედება ტრანსპორტირების სისტემაში შემავალი ან ტრანსპორტირების სისტემიდან გამომავალი ბუნებრივი გაზის ნაკადების შესაცვლელად, გარდა იმ ქმედებებისა, რომლებიც დაკავშირებულია სისტემიდან გაცემულ აღურიცხავ ბუნებრივ გაზსა და ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემის ოპერირებისთვის გამოყენებულ ბუნებრივ გაზთან;

გ) დაბალანსების ნეიტრალურობის საფასური - ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ დამაბალანსებელი ქმედებების განხორციელების შედეგად მიღებულ ან მისაღებ თანხებსა და გადახდილ ან გადასახდელ თანხებს შორის სხვაობა, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს შესაბამისი სისტემით მოსარგებლისთვის ან ანაზღაურდეს შესაბამისი სისტემით მოსარგებლის მიერ;

დ) სავაჭრო პლატფორმა - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც იმართება შესაბამისი ოპერატორის მიერ და რომლის მეშვეობითაც ვაჭრობის მონაწილეებს სავაჭრო პლატფორმაზე გამოყენებული ვადებისა და პირობების შესაბამისად შეუძლიათ განაცხადების გაკეთება და შეთავაზებების მიღება (განაცხადების რედაქტირებისა და გაუქმების უფლების ჩათვლით) ბუნებრივი გაზის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის მოკლევადიანი ცვალებადობის დარეგულირებისთვის საჭირო ბუნებრივი გაზის ოდენობასთან დაკავშირებით. სავაჭრო პლატფორმაზე ასევე ვაჭრობს ტრანსპორტირების ლიცენზიატი დამაბალანსებელი ქმედებების განხორციელების მიზნით;

ე) ვაჭრობის მონაწილე - სისტემით მოსარგებლე ან ტრანსპორტირების ლიცენზიატი, რომელსაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სავაჭრო პლატფორმის ოპერატორთან და აკმაყოფილებს სავაჭრო პლატფორმაზე გარიგების დასადებად საჭირო პირობებს;

ვ) საბალანსო პლატფორმა - პლატფორმა, სადაც ტრანსპორტირების ლიცენზიატი ყველა გარიგების მონაწილეა;

ზ) საბალანსო მომსახურება - ბუნებრივი გაზის მოთხოვნა-მიწოდებაში მოკლევადიანი ცვალებადობის დარეგულირებისათვის ტრანსპორტირების ლიცენზიატისთვის ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურება. საბალანსო მომსახურება არ წარმოადგენს მოკლევადიან სტანდარტიზებულ პროდუქტს;

თ) დადასტურებული ოდენობა - ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ დადასტურებული ბუნებრივი გაზის ოდენობა, რომელის გატარებაც იგეგმება ან ზუსტდება საანგარიშო დღისთვის;

ი) დღიური უბალანსობის საფასური - თანხის რაოდენობა, რომელსაც სისტემით მოსარგებლე იხდის ან იღებს დღიური უბალანსობის ოდენობის მიხედვით;

კ) დღიური აღრიცხვა - ბუნებრივი გაზის ოდენობის გაზომვა და მონაცემების შეგროვება საანგარიშო დღის განმავლობაში ერთხელ;

ლ) დღის შიდა აღრიცხვა - ბუნებრივი გაზის ოდენობის გაზომვა და მონაცემების შეგროვება საანგარიშო დღის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ;

მ) არადღიური აღრიცხვა - ბუნებრივი გაზის ოდენობის გაზომვა და მონაცემების შეგროვება, რაც არ ხორციელდება ყოველდღიურად;

ნ) საბალანსო პორტფელი - სისტემით მოსარგებლეებისგან სისტემაში მიღებული და სისტემიდან მათზე გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობების დაჯგუფება;

ო) შეტყობინების ოდენობა - ბუნებრივი გაზის ის ოდენობა, რომელიც ვაჭრობის შედეგად გადაცემულია: ტრანსპორტირების ლიცენზიატსა და სისტემით მოსარგებლეს შორის, სისტემით მოსარგებლეებს შორის ან საბალანსო პორტფელებს შორის;

პ) მიკუთვნება - ბუნებრივი გაზის ოდენობა, რომელიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ განისაზღვრა, როგორც სისტემით მოსარგებლისგან სისტემაში მიღებულად ან სისტემიდან მასზე გაცემულად, გამოისახება კუბ.მ-ში და გამოიყენება დღიური უბალანსობის ოდენობის განსაზღვრის მიზნით;

ჟ) რენომინაციის ციკლი - ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ განხორციელებული პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს რენომინაციის მიღების შემდეგ სისტემით მოსარგებლისთვის დადასტურებული ბუნებრივი გაზის ოდენობების შესახებ შეტყობინების მიწოდებას;

რ) დღის შიდა საფასური - დღის შიდა ვალდებულების შედეგად ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემით მოსარგებლეზე დაკისრებული ან მისთვის გადახდილი საფასური;

ს) დღის შიდა ვალდებულება - ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემით მოსარგებლეებისთვის დადგენილი მოთხოვნები საანგარიშო დღის განმავლობაში სისტემით მოსარგებლეებისგან სისტემაში მიღებულ და სისტემიდან მათზე გაცემულ ბუნებრივი გაზის ოდენობებთან დაკავშირებით;

ტ) საბაზისო ვარიანტი - ინფორმაციის მიწოდების მოდელი, როდესაც ტრანსპორტირების სისტემიდან გაცემული არადღიურად აღრიცხული ბუნებრივი გაზის ოდენობის შესახებ ინფორმაცია შედგება დღით ადრე და დღის შიდა პროგნოზებისაგან;

უ) ვარიანტი 1 - ინფორმაციის მიწოდების მოდელი, როდესაც ტრანსპორტირების სისტემიდან გაცემული არადღიურად და დღიურად აღრიცხული ოდენობების შესახებ ინფორმაცია ეფუძნება საანგარიშო დღის განმავლობაში გაზომილი ნაკადების გადანაწილებას;

ფ) ვარიანტი 2 - ინფორმაციის მიწოდების მოდელი, როდესაც ტრანსპორტირების სისტემიდან გაცემული არადღიურად აღრიცხული ოდენობების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს დღით ადრე პროგნოზს.

 

თავი II. დაბალანსების სისტემა

 

მუხლი 4. ზოგადი დებულებები

1. სისტემით მოსარგებლეები ვალდებულნი არიან, დააბალანსონ საკუთარი საბალანსო პორტფელები, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ტრანსპორტირების ლიცენზიატების მიერ ამ წესებით განსაზღვრული დამაბალანსებელი ქმედებების განხორციელების საჭიროება.

2. დაბალანსების წესებმა უნდა ასახოს სისტემის რეალური საჭიროებები, გაითვალისწინოს ტრანსპორტირების ლიცენზიატებისთვის ხელმისაწვდომი რესურსების არსებობა და სტიმული მისცეს სისტემით მოსარგებლეებს მათი საბალანსო პორტფელების ეფექტიანად დასაბალანსებლად.

3. სისტემით მოსარგებლეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გააფორმონ ხელშეკრულება ტრანსპორტირების ლიცენზიატთან, რომელიც მისცემს მათ საშუალებას წარადგინონ სავაჭრო შეტყობინებები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა გაფორმებული ხელშეკრულება სატრანსპორტო სიმძლავრის შესახებ.

4. დაბალანსების ზონაში, სადაც ერთზე მეტი ტრანსპორტირების ლიცენზიატი ახორციელებს საქმიანობას, წინამდებარე დანართი ვრცელდება ამ დაბალანსების ზონაში ტრანსპორტირების ყველა ლიცენზიატზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტირების სისტემაში ბალანსის დაცვის პასუხისმგებლობა გადაცემულია სხვა პირზე, წინამდებარე დანართი ამ პირის მიმართ გავრცელდება შესაბამისი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.

 

მუხლი 5. სავაჭრო შეტყობინებები და მიკუთვნება

1. ერთ დაბალანსების ზონაში ორ საბალანსო პორტფელს შორის ვაჭრობის შედეგად ბუნებრივი გაზის გადაცემა უნდა განხორციელდეს ტრანსპორტირების ლიცენზიატისთვის საანგარიშო დღის განმავლობაში ბუნებრივი გაზის შეძენისა და გაყიდვის შესახებ სავაჭრო შეტყობინებების წარდგენის გზით.

2. სავაჭრო შეტყობინებების წარდგენის, გაუქმებისა და რედაქტირების ვადა განისაზღვრება ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემით მოსარგებლესთან დადებული ტრანსპორტირების ან სხვა ხელშეკრულებით, სავაჭრო შეტყობინებების დასამუშავებლად საჭირო ვადების გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა მისცეს საშუალება სისტემით მოსარგებლეებს წარადგინონ სავაჭრო შეტყობინებები სავაჭრო შეტყობინების ძალაში შესვლამდე.

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა მაქსიმალურად უნდა შეამციროს სავაჭრო შეტყობინებების დამუშავების ხანგრძლივობა. დამუშავების დრო არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვაჭრობის შესახებ შეტყობინების ძალაში შესვლის დრო იძლევა დამუშავების ხანგრძლივობის ორ საათამდე გაზრდის შესაძლებლობას.

4. სავაჭრო შეტყობინებაში გათვალისწინებული უნდა იყოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:

ა) საანგარიშო დღე, რომლისთვისაც ხდება ვაჭრობა;

ბ) შესაბამისი საბალანსო პორტფელების საიდენტიფიკაციო მონაცემები;

გ) შეტყობინება ბუნებრივი გაზის შესყიდვას ეხება თუ გაყიდვას;

დ) შეტყობინების ოდენობა, დღიური შეტყობინების შემთხვევაში - გამოხატული კუბ.მ/დღეში, ხოლო საათობრივი შეტყობინების შემთხვევაში - კუბ.მ/საათში.

5. თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატი მიიღებს გაყიდვისა და შეძენის შესახებ შესაბამის სავაჭრო შეტყობინებებს და შეტყობინებული ოდენობები თანაბარია, მაშინ ტრანსპორტირების ლიცენზიატი მიაკუთვნებს შეტყობინებულ ოდენობას შესაბამის საბალანსო პორტფელებს:

ა) როგორც გაცემულ ბუნებრივ გაზს, გაყიდვის შესახებ სავაჭრო შეტყობინების წარმდგენი სისტემით მოსარგებლის საბალანსო პორტფელში;

ბ) როგორც მიღებულ ბუნებრივ გაზს, შეძენის შესახებ სავაჭრო შეტყობინების წარმდგენი სისტემით მოსარგებლის საბალანსო პორტფელში.

6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული შეტყობინებული ოდენობები არ არის თანაბარი, ტრანსპორტირების ლიცენზიატი მიაკუთვნებს უმცირეს შეტყობინებულ ოდენობას, რომელიც განსაზღვრულია შესაბამის სავაჭრო შეტყობინებაში ან უარყოფს ორივე სავაჭრო შეტყობინებას. შესაბამისი წესი უნდა განისაზღვროს ტრანსპორტირების ან სხვა ხელშეკრულებაში.

7. შეტყობინების გაგზავნის მომსახურების გამწევს ხელი არ უნდა შეეშალოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნისთვის იმოქმედოს სისტემით მოსარგებლის სახელით იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ტრანსპორტირების ლიცენზიატის წინასწარი თანხმობა.

8. სისტემით მოსარგებლეს შეუძლია გააკეთოს სავაჭრო შეტყობინება, მიუხედავად იმისა, მოცემულ დღეზე წარდგენილი ჰქონდა თუ არა მას ნომინაცია.

9. ამ მუხლის პირველი-მე-8 პუნქტები შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით ვრცელდება ტრანსპორტირების ლიცენზიატებზე, რომლებიც ახორციელებენ ვაჭრობას ამ დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

თავი III. დაბალანსება

 

მუხლი 6. ძირითადი დებულებები

1. გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა განახორციელოს დამაბალანსებელი ქმედებები ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა:

ა) გაზის ტრანსპორტირების სისტემის საოპერაციო ზღვრებში შენარჩუნება;

ბ) დღის ბოლოს ტრანსპორტირების სისტემაში ბუნებრივი გაზის ოდენობის იმისგან განსხვავებული ნიშნულის მიღწევა, რომელიც მოსალოდნელია მოცემული საანგარიშო დღისთვის სისტემის მიღება-გაცემის მოლოდინების გათვალისწინებით. აღნიშნული ხორციელდება ტრანსპორტირების სისტემის ეკონომიური და ეფექტიანი ოპერირების პრინციპებიდან გამომდინარე.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა დამაბალანსებელი ქმედებების განხორციელებისას, დაბალანსების ზონასთან მიმართებით უნდა გაითვალისწინოს, სულ მცირე, შემდეგი გარემოებები:

ა) გაზის მოთხოვნის შესახებ ტრანსპორტირების ლიცენზიატის შეფასებები საანგარიშო დღეზე და საანგარიშო დღის შიდა პერიოდზე, რომლისთვისაც დამაბალანსებელი ქმედების/ქმედებების განხორციელებაა გათვალისწინებული;

ბ) ნომინაციისა და მიკუთვნების შესახებ ინფორმაცია და ბუნებრივი გაზის გაზომილი ნაკადები;

გ) გაზის წნევა ტრანსპორტირების სისტემაში.

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა დამაბალანსებელი ქმედებები უნდა განახორციელოს:

ა) მოკლევადიანი სტანდარტიზებული პროდუქტების შესყიდვისა და გაყიდვის მეშვეობით სავაჭრო პლატფორმაზე; ან/და

ბ) საბალანსო მომსახურებების გამოყენების მეშვეობით.

4. დამაბალანსებელი ქმედებების განხორციელებისას ტრანსპორტირების ლიცენზიატმა მხედველობაში უნდა მიიღოს შემდეგი პრინციპები:

ა) დამაბალანსებელი ქმედებები უნდა განხორციელდეს არადისკრიმინაციულად;

ბ) დამაბალანსებელი ქმედებების განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის ნებისმიერი ვალდებულება ტრანსპორტირების სისტემის ეკონომიური და ეფექტიანი ოპერირების შესახებ.

 

მუხლი 7. მოკლევადიანი სტანდარტიზებული პროდუქტები

1. მოკლევადიანი სტანდარტიზებული პროდუქტების მიწოდების მიზნით, ბუნებრივი გაზით ვაჭრობა ხორციელდება დღის განმავლობაში ან დღით ადრე, კვირაში შვიდი დღის განმავლობაში, სავაჭრო პლატფორმის მოქმედი წესების შესაბამისად, როგორც ეს განსაზღვრულია სავაჭრო პლატფორმის ოპერატორსა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს შორის შეთანხმებით.

2. ვაჭრობის ინიციატორი მონაწილე არის ვაჭრობის მონაწილე, რომელიც წარადგენს ყიდვის ან გაყიდვის შეთავაზებას სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობის მიზნით და ვაჭრობის მიმღები მონაწილე არის ვაჭრობის მონაწილე, რომელიც მას იღებს.

3. იმ შემთხვევაში, როცა ხორციელდება ძირითადი პროდუქტებით ვაჭრობა:

ა) ერთი ვაჭრობის მონაწილე აკეთებს ბუნებრივი გაზის შეძენის შესახებ სავაჭრო შეტყობინებას და მეორე წარადგენს გაყიდვის შესახებ სავაჭრო შეტყობინებას.

ბ) ორივე სავაჭრო შეტყობინებაში უნდა იყოს მითითებული ბუნებრივი გაზის ოდენობა, რომელიც ვაჭრობის შედეგად გადაეცემა გაყიდვის შესახებ სავაჭრო შეტყობინების წარმდგენი ვაჭრობის მონაწილისგან შეძენის შესახებ სავაჭრო შეტყობინების წარმდგენ ვაჭრობის მონაწილეს;

გ) თუ ოდენობის შეტყობინება საათობრივად ხდება, შეტყობინებული ოდენობა თანაბრად ნაწილდება დაწყების დროის შემდგომ საანგარიშო დღის დასრულებამდე დარჩენილ ყველა საათზე და დაწყების დრომდე ყველა საათისთვის მიიჩნევა ნულად.

4. იმ შემთხვევებში, როცა ხორციელდება ადგილმდებარეობრივი პროდუქტებით ვაჭრობა:

ა) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა განსაზღვროს შესაბამისი მიღებისა და მიწოდების პუნქტები ან მათი ჯგუფები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს;

ბ) უნდა შესრულდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ყველა პირობა;

გ) ვაჭრობის ინიციატორმა მონაწილემ უნდა მოახდინოს ტრანსპორტირების სისტემაში მისაღები ან სისტემიდან გასაცემი ბუნებრივი გაზის ოდენობის მოდიფიცირება შესაბამისი მიღებისა ან მიწოდების პუნქტების მიხედვით იმ ოდენობით, რომელიც უთანაბრდება შეტყობინებულ ოდენობას და წარუდგინოს ტრანსპორტირების ლიცენზიატს შესაბამისი მტკიცებულება ბუნებრივი გაზის ოდენობის მოდიფიცირების შესახებ.

5. იმ შემთხვევებში, როცა ხორციელდება პერიოდული პროდუქტებით ვაჭრობა:

ა) უნდა შესრულდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობები;

ბ) საათობრივად შეტყობინებული ოდენობა უნდა გავრცელდეს საანგარიშო დღის იმ საათებზე, რომლებიც ექცევა შეტყობინებით განსაზღვრულ დაწყებისა და დასრულების განსაზღვრულ დროის მონაკვეთში და მიიჩნევა ნულად დაწყების დრომდე და დასრულების დროის შემდეგ ყველა საათისთვის.

6. იმ შემთხვევებში, როდესაც ხორციელდება პერიოდულ-ადგილმდებარეობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, უნდა შესრულდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირობები.

7. მოკლევადიანი სტანდარტიზებული პროდუქტების შემოღებისას მომიჯნავე დაბალანსების ზონების ტრანსპორტირების ლიცენზიატებმა უნდა ითანამშრომლონ შესაბამისი პროდუქტების განსაზღვრის მიზნით. თითოეულმა ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უსაფუძვლო დაყოვნების გარეშე უნდა შეატყობინოს შესაბამისი სავაჭრო პლატფორმის ოპერატორს ამგვარი თანამშრომლობის შედეგის შესახებ.

 

მუხლი 8. საბალანსო მომსახურებები

1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეისყიდოს საბალანსო მომსახურებები იმ შემთხვევებში, როდესაც მოკლევადიანი სტანდარტიზებული პროდუქტები სავარაუდოდ ვერ აკმაყოფილებს/დააკმაყოფილებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის საოპერაციო ზღვრებში შენარჩუნების მოთხოვნებს, ან არ არსებობს ლიკვიდურობა მოკლევადიანი სტანდარტიზებული პროდუქტებით ვაჭრობისას.

2. დაბალანსების ქმედების განხორციელების მიზნებისთვის საბალანსო მომსახურების შესყიდვის დროს, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გაითვალისწინოს, სულ მცირე, შემდეგი გარემოებები:

ა) როგორ შეძლებს საბალანსო მომსახურებები შეინარჩუნოს ტრანსპორტირების სისტემა მის საოპერაციო ზღვრებში;

ბ) საბალანსო მომსახურებების მეშვეობით შედეგის მისაღებად საჭირო დროის შედარება ნებისმიერი ხელმისაწვდომი მოკლევადიანი სტანდარტიზებული პროდუქტების მეშვეობით შედეგის მისაღებად საჭირო დროსთან;

გ) საბალანსო მომსახურებების შესყიდვისა და გამოყენების სავარაუდო ღირებულების შედარება ნებისმიერი ხელმისაწვდომი მოკლევადიანი სტანდარტიზებული პროდუქტების გამოყენების სავარაუდო ღირებულებასთან;

დ) ადგილი, სადაც ბუნებრივი გაზის მიწოდებაა საჭირო;

ე) ტრანსპორტირების ლიცენზიატის მოთხოვნები ბუნებრივი გაზის ხარისხთან დაკავშირებით;

ვ) საბალანსო მომსახურებების შესყიდვისა და გამოყენების გავლენა მოკლევადიანი საბითუმო ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიკვიდურობაზე.

3. საბალანსო მომსახურებების შესყიდვა უნდა განხორციელდეს საბაზრო პრინციპით, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული საჯარო ტენდერის პროცედურების მეშვეობით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ:

ა) საბალანსო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით რაიმე ვალდებულების აღებამდე, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ტენდერის მონაწილეთათვის უნდა გამოაქვეყნოს ღია განაცხადი ტენდერის თაობაზე მიზნის, საგნისა და შესაბამისი ინსტრუქციების მითითებით, რათა მათ საშუალება მიეცეთ სატენდერო პროცედურაში მიიღონ მონაწილეობა;

ბ) შედეგები უნდა გამოქვეყნდეს კომერციული საიდუმლოების დაცვით და ინდივიდუალური შედეგები ეცნობოს ტენდერში მონაწილე თითოეულ პირს.

4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, კომისიის თანხმობით შეიძლება განხორციელდეს საჯარო ტენდერისგან განსხვავებული გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პროცედურა.

5. საბალანსო მომსახურების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს და საბალანსო მომსახურების განხორციელება უნდა დაიწყოს ხელშემკვრელი მხარეების ვალდებულების ამოქმედებიდან თორმეტი თვის ვადაში, თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატის მოთხოვნის საფუძველზე კომისიის გადაწყვეტილებით უფრო დიდი ვადა არ არის განსაზღვრული.

6. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ყოველწლიურად აფასებს მისი საოპერაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მოკლევადიანი სტანდარტიზებული პროდუქტების გამოყენების უპირატესობას და მომდევნო წლისთვის საბალანსო მომსახურებების გამოყენების შემცირების შესაძლებლობას.

7. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ყოველწლიურად უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია შესყიდული საბალანსო მომსახურებებისა და მათთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების შესახებ.

 

მუხლი 9. პრიორიტეტულობის წესი

1. ამ დანართის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების თანახმად, შესაბამისი საბალანსო ქმედებების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა:

ა) სხვა ხელმისაწვდომ მოკლევადიან სტანდარტიზებულ პროდუქტებთან მიმართებით მიანიჭოს პრიორიტეტი ძირითადი პროდუქტების გამოყენებას, სადაც და რამდენადაც ეს შესაძლებელია;

ბ) გამოიყენოს სხვა მოკლევადიანი სტანდარტიზებული პროდუქტები შემდეგი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში:

ბ.ა) ადგილმდებარეობრივი პროდუქტები - როდესაც ტრანსპორტირების სისტემის ოპერაციულ ზღვრებში შესანარჩუნებლად საჭიროა ბუნებრივი გაზის ნაკადის ცვლილებები მიღების ან/და მიწოდების კონკრეტულ პუნქტებში ან/და საანგარიშო დღის კონკრეტული პერიოდიდან;

ბ.ბ) პერიოდული პროდუქტები - როდესაც ტრანსპორტირების სისტემის საოპერაციო ზღვრებში შესანარჩუნებლად საჭიროა ბუნებრივი გაზის ნაკადის ცვლილებები საანგარიშო დღის კონკრეტულ პერიოდში. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა პერიოდული პროდუქტი მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენოს, როდესაც ის უფრო ეკონომიური და ეფექტური იქნება ძირითადი პროდუქტების ან ადგილმდებარეობრივი პროდუქტების კომბინაციის ყიდვა-გაყიდვასთან შედარებით;

ბ.გ) პერიოდული ადგილმდებარეობრივი პროდუქტები - როდესაც ტრანსპორტირების სისტემის ოპერაციულ ზღვრებში შესანარჩუნებლად, საჭიროა ბუნებრივი გაზის ნაკადის ცვლილებები კონკრეტული მიღების ან/და მიწოდების პუნქტებში საანგარიშო დღის კონკრეტულ პერიოდში. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენოს პერიოდული ადგილმდებარეობრივი პროდუქტი, როდესაც ის უფრო ეკონომიური და ეფექტიანი იქნება ადგილმდებარეობრივი პროდუქტების კომბინაციის ყიდვა-გაყიდვასთან შედარებით.

გ) გამოიყენოს საბალანსო მომსახურებები მხოლოდ მაშინ, როდესაც მოკლევადიანი სტანდარტიზებული პროდუქტები შესაბამისი ტრანსპორტირების ლიცენზიატის შეფასებით, სავარაუდოდ ვერ აკმაყოფილებს ან ვერ დააკმაყოფილებს ტრანსპორტირების სისტემის საოპერაციო ზღვრებში შენარჩუნების პირობებს;

დ) ტრანსპორტირების ლიცენზიატმა, ამ პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებში მითითებული პრიორიტეტულობის შეფასებისას, უნდა გაითვალისწინოს შესაბამისი ქმედებების ხარჯეფექტიანობა.

2. მოკლევადიანი სტანდარტიზებული პროდუქტებით ვაჭრობისას ტრანსპორტირების ლიცენზიატმა, შესაძლებლობის ფარგლებში, პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს დღის შიდა პროდუქტების გამოყენებას დღით ადრე პროდუქტებთან მიმართებაში.

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა შესაძლოა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად მომიჯნავე დაბალანსების ზონაში ვაჭრობასთან დაკავშირებით და განახორციელოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ამ დაბალანსების ზონაში/ზონიდან საკუთარ დაბალანსების ზონაში ძირითადი პროდუქტების ან/და ადგილმდებარეობრივი პროდუქტებით ვაჭრობის ალტერნატივის სახით. თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ შეიძლება გაითვალისწინოს ალტერნატიული შესაძლებლობები შიდა ბაზრის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა და კომისიამ, საკუთარი ინიციატივით ან ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიმართვის საფუძველზე, ყოველწლიურად უნდა გადახედონ მოქმედ პირობებს. დამაბალანსებელი ქმედების განხორციელებამ არ უნდა შეზღუდოს შესაბამის ურთიერთდაკავშირების პუნქტში სისტემით მოსარგებლეების წვდომა სიმძლავრეებზე და მათი გამოყენება.

4. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ყოველწლიურად უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული თითოეული მოთხოვნის შესაბამისად განხორციელებული დამაბალანსებელი ქმედებებისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული დამაბალანსებელი ქმედებების ხარჯებთან, სიხშირესა და რაოდენობასთან დაკავშირებით.

 

მუხლი 10. სავაჭრო პლატფორმა

1. მოკლევადიანი სტანდარტიზებული პროდუქტების შესყიდვის მიზნით, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა ივაჭროს სავაჭრო პლატფორმაზე, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) საანგარიშო დღის განმავლობაში სათანადო მხარდაჭერას იმისათვის, რომ სისტემით მოსარგებლეებმა ივაჭრონ, ხოლო ტრანსპორტირების ლიცენზიატებმა განახორციელონ შესაბამისი დამაბალანსებელი ქმედებები სათანადო მოკლევადიანი სტანდარტიზებული პროდუქტებით ვაჭრობის მეშვეობით;

ბ) გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ დაშვებას;

გ) მომსახურებას თანასწორობის პრინციპის დაცვით;

დ) ანონიმურ ვაჭრობას, სულ მცირე, გარიგების დასრულებამდე;

ე) მიმდინარე განაცხადებისა და შეთავაზებების შესახებ დეტალური მიმოხილვის მიწოდებას ვაჭრობის ყველა მონაწილისათვის;

ვ) ვაჭრობის შესახებ ყველა შეტყობინების სათანადო მიწოდებას ტრანსპორტირების ლიცენზიატისთვის.

2. იმ შემთხვევაში, თუ არსებული სავაჭრო პლატფორმები არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები საბალანსო პლატფორმის ან ერთობლივი საბალანსო პლატფორმის დაფუძნების მიზნით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ დანართის 47-ე მუხლში.

3. თითოეული ვაჭრობის დასრულების შემდეგ, სავაჭრო პლატფორმის ოპერატორმა ვაჭრობის მონაწილეებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ვაჭრობის დასადასტურებლად საკმარისი მონაცემები.

4. ვაჭრობის მონაწილემ უნდა წარუდგინოს სავაჭრო შეტყობინება ტრანსპორტირების ლიცენზიატს, ამ დანართის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წესით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო პლატფორმის ოპერატორს ან მესამე პირს, სავაჭრო პლატფორმის მოქმედი წესების შესაბამისად.

5. სავაჭრო პლატფორმის ოპერატორი ვალდებულია:

ა) ყოველ საანგარიშო პერიოდში შემდგარი ვაჭრობის შემდეგ დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს შესყიდვის და გაყიდვის ზღვრული ფასების დინამიკა; ან

ბ) მიაწოდოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს შესაბამისი ინფორმაცია, როდესაც ტრანსპორტირების ლიცენზიატი თვითონ გადაწყვეტს შესყიდვისა და გაყიდვის ზღვრული ფასების დინამიკის გამოქვეყნებას. ტრანსპორტირების ლიცენზიატი აღნიშნულ ინფორმაციას აქვეყნებს დაუყოვნებლივ. აღნიშნული წესი ასევე გამოიყენება, როდესაც ერთსა და იმავე დაბალანსების ზონაში ერთზე მეტი სავაჭრო პლატფორმის ოპერატორია.

6. სავაჭრო პლატფორმის ოპერატორმა სისტემით მოსარგებლეებს თავის სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობის უფლება მხოლოდ მაშინ უნდა მისცეს, თუ აღნიშნული სისტემით მოსარგებლეები უფლებამოსილი არიან გააკეთონ სავაჭრო შეტყობინებები.

7. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სავაჭრო პლატფორმის ოპერატორს სისტემით მოსარგებლის მიერ მოქმედი სახელშეკრულებო შეთანხმებების შესაბამისად, სავაჭრო შეტყობინებების გაკეთების უფლების დაკარგვის შესახებ, რომელიც იწვევს სისტემით მოსარგებლის ვაჭრობის უფლების შეჩერებას სავაჭრო პლატფორმაზე, იმ სხვა უფლებების შეუზღუდავად, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს სავაჭრო პლატფორმის ოპერატორისთვის სავაჭრო პლატფორმის მოქმედი წესებიდან გამომდინარე.

 

მუხლი 11. მასტიმულირებელი ზომები

1. მოკლევადიანი საბითუმო ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიკვიდურობის ხელშეწყობის მიზნით, კომისიამ შეიძლება მოახდინოს ტრანსპორტირების ლიცენზიატის სტიმულირება, რათა მან ეფექტიანად გამოიყენოს ან მაქსიმალურად გაზარდოს მოკლევადიანი სტანდარტიზებული პროდუქტებით ვაჭრობის გამოყენებით დამაბალანსებელი ქმედებების განხორციელება.

2. საჭიროების შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატი კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს სტიმულირების მექანიზმს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ დანართით დადგენილ ზოგად პრინციპებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სტიმულირების მექანიზმის წარდგენამდე, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა შეიძლება კონსულტაცია გაიაროს დაინტერესებულ მხარეებთან ტრანსპორტირების ლიცენზიატის ინიციატივით ან კომისიის მოთხოვნით.

4. სტიმულირების მექანიზმები უნდა:

ა) ეყრდნობოდეს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის ფუნქციების შესრულებას, რაც გულისხმობს ტრანსპორტირების ლიცენზიატისთვის მაქსიმალური ანაზღაურების გადახდას მისი ფუნქციების გადაჭარბებით შესრულებისათვის და ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ანაზღაურების გადახდას მისი ფუნქციების არაჯეროვანი შესრულების გამო. აღნიშნული გარემოებები ფასდება წინასწარგანსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებლებთან მიმართებაში, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად შეიძლება მოიცავდეს ხარჯების სამიზნე მაჩვენებლებს;

ბ) იღებდეს მხედველობაში საშუალებებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ტრანსპორტირების ლიცენზიატისთვის მისი ფუნქციების შესრულების გასაკონტროლებლად;

გ) უზრუნველყოფდეს შესაბამის მხარეებს შორის პასუხისმგებლობების განაწილებას;

დ) იყოს მორგებული შესაბამისი ბუნებრივი გაზის ბაზრის განვითარების მდგომარეობასთან, სადაც ის უნდა განხორციელდეს;

ე) ექვემდებარებოდეს კომისიის მიერ რეგულარულ გადახედვას ტრანსპორტირების ლიცენზიატთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაბამისი ცვლილებების საჭიროების შეფასების მიზნით.

თავი IV. ნომინაციები

 

მუხლი 12. ზოგადი დებულებები

1. ნომინაციასა და რენომინაციაში მისათითებელი ბუნებრივი გაზის ოდენობა გამოხატული უნდა იყოს კუბ.მ/დღეში დღიური ნომინაციებისა და რენომინაციებისათვის ან კუბ.მ/სთ-ში საათობრივი ნომინაციებისა და რენომინაციებისათვის.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება აქვს წინამდებარე დანართით დადგენილი მოთხოვნების გარდა, სისტემით მოსარგებლეებს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ნომინაციებსა და რენომინაციებთან დაკავშირებით, მათ შორის, ზუსტი, განახლებული და საკმარისად დეტალური პროგნოზი ტრანსპორტირების სისტემაში მისაღები და სისტემიდან გასაცემი ბუნებრივი გაზის ოდენობების შესახებ ტრანსპორტირების ლიცენზიატის სპეციფიკური საჭიროების/საჭიროებების შესაბამისად.

3. ამ დანართის მე-13-მე-16 მუხლები, რომელიც ეხება განცალკევებული სიმძლავრის პროდუქტებისთვის გასაკეთებელ ნომინაციებსა და რენომინაციებს, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით უნდა გავრცელდეს დაჯგუფებული სიმძლავრის პროდუქტებისთვის გასაკეთებელ ცალკეულ ნომინაციებსა და რენომინაციებზეც. ტრანსპორტირების ლიცენზიატებმა უნდა ითანამშრომლონ ურთიერთდაკავშირების პუნქტებში დაჯგუფებული სიმძლავრის პროდუქტებისთვის ნომინაციებისა და რენომინაციების შესახებ წესების დანერგვის მიზნით.

 

მუხლი 13. ინფორმაცია ურთიერთდაკავშირების პუნქტებში ნომინაციებისა და რენომინაციების შესახებ

სისტემით მოსარგებლეების მიერ ტრანსპორტირების ლიცენზიატებისათვის წარდგენილი ნომინაციები და რენომინაციები ურთიერთდაკავშირების პუნქტებთან მიმართებაში უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) ურთიერთდაკავშირების პუნქტის საიდენტიფიკაციო მონაცემი;

ბ) ბუნებრივი გაზის ნაკადის მიმართულება;

გ) სისტემით მოსარგებლის ან, შესაბამის შემთხვევაში, მისი საბალანსო პორტფელის საიდენტიფიკაციო მონაცემი;

დ) სისტემით მოსარგებლეთა კონტრაჰენტის ან, შესაბამის შემთხვევაში, მისი საბალანსო პორტფელის საიდენტიფიკაციო მონაცემი;

ე) ბუნებრივი გაზის დინების დაწყებისა და დასრულების თარიღი, რომელთან დაკავშირებითაც წარდგენილია ნომინაცია ან რენომინაცია;

ვ) საანგარიშო დღე;

ზ) ბუნებრივი გაზის ოდენობა, რომლის ტრანსპორტირებაც არის მოთხოვნილი.

 

მუხლი 14. ურთიერთდაკავშირების პუნქტებში ნომინაციის პროცედურა

1. სისტემით მოსარგებლე უფლებამოსილია წარუდგინოს ტრანსპორტირების ლიცენზიატს საანგარიშო დღისთვის ნომინაცია არაუგვიანეს ნომინაციის წარდგენის ვადისა. ნომინაციის წარდგენის ვადაა საანგარიშო დღის წინა დღის 12:00 საათი.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გაითვალისწინოს სისტემით მოსარგებლისგან ნომინაციის წარდგენის ვადის გასვლამდე მიღებული ბოლო ნომინაცია.

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გაუგზავნოს დადასტურებულ ოდენობებთან დაკავშირებული შეტყობინება შესაბამის სისტემით მოსარგებლეს არაუგვიანეს დადასტურების ბოლო ვადისა. დადასტურების ბოლო ვადაა საანგარიშო დღის წინა დღის 14:00 საათი.

4. ურთიერთდაკავშირების პუნქტის ორივე მხარეს ტრანსპორტირების ლიცენზიატები შეიძლება შეთანხმდნენ წინასწარი ნომინაციის ციკლის შეთავაზების შესახებ, რომლის ფარგლებშიც:

ა) სისტემით მოსარგებლეები ვალდებულნი არ არიან წარადგინონ ნომინაციები;

ბ) სისტემით მოსარგებლეებს შეუძლიათ წარუდგინონ ტრანსპორტირების ლიცენზიატებს საანგარიშო დღისთვის ნომინაციები არაუგვიანეს საანგარიშო დღის წინა დღის 11:00 საათისა;

გ) ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გაუგზავნოს დამუშავებული ოდენობების შესახებ შეტყობინება ქსელის შესაბამის მოსარგებლეებს არაუგვიანეს საანგარიშო დღის წინა დღის 11:30 საათისა.

5. ნომინაციის ბოლო ვადამდე სისტემით მოსარგებლის მიერ ნომინაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისმა ტრანსპორტირების ლიცენზიატებმა უნდა გამოიყენონ ნომინაციის სტანდარტული წესი, რომელიც შეთანხმებულია ამ ტრანსპორტირების ლიცენზიატებს შორის. ნომინაციის სტანდარტული წესი, რომელიც მოქმედია ურთიერთდაკავშირების პუნქტში, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ტრანსპორტირების ლიცენზიატების სისტემით მოსარგებლეებისათვის.

 

მუხლი 15. რენომინაციის პროცედურა ურთიერთდაკავშირების პუნქტებში

1. სისტემით მოსარგებლეს უფლება უნდა ჰქონდეს რენომინაციები წარადგინოს რენომინაციის პერიოდში, რომელიც იწყება ნომინაციის დადასტურების ვადის ამოწურვისთანავე და სრულდება არაუგვიანეს საანგარიშო დღის დასრულებამდე სამი საათით ადრე. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა რენომინაციის პერიოდის ყოველი საათის დასაწყისიდან უნდა დაიწყოს რენომინაციის ახალი ციკლი.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა რენომინაციის ციკლში უნდა გაითვალისწინოს სისტემით მოსარგებლისგან რენომინაციის ციკლის დაწყებამდე მიღებული ბოლო რენომინაცია.

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა დადასტურებულ ოდენობებთან დაკავშირებით უნდა გაუგზავნოს შეტყობინება შესაბამის სისტემით მოსარგებლეებს თითოეული რენომინაციის ციკლის დაწყებიდან ორი საათის განმავლობაში. ფაქტიური ბუნებრივი გაზის ნაკადის ცვლილება უნდა დაიწყოს რენომინაციის ციკლის დაწყებიდან ორ საათში, გარდა იმ შემთხვევისა:

ა) თუ უფრო გვიანი დროა მოთხოვნილი სისტემით მოსარგებლის მიერ; ან

ბ) თუ უფრო ადრეული დროა ნებადართული ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ.

4. მიიჩნევა, რომ ბუნებრივი გაზის ნაკადის ნებისმიერი ცვლილება ხდება ყოველი საათის დასაწყისში.

 

მუხლი 16. ურთიერთდაკავშირების პუნქტებთან დაკავშირებული სპეციალური დებულებები

1. თუ ადგილი აქვს დღიური და საათობრივი ნომინაციების თანაარსებობას ურთიერთდაკავშირების პუნქტში, ტრანსპორტირების ლიცენზიატებმა ან შესაბამისმა ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა (საჭიროების შემთხვევაში) შეიძლება გაიარონ კონსულტაციები დაინტერსებულ პირებთან ამ ურთიერთდაკავშირების პუნქტის ორივე მხარეს ჰარმონიზებული ნომინაციებისა და რენომინაციების გაგზავნის საჭიროების განსაზღვრის მიზნით. ეს კონსულტაცია უნდა ითვალისწინებდეს, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

ა) ფინანსური გავლენა ტრანსპორტირების ლიცენზიატებსა და სისტემით მოსარგებლეებზე;

ბ) გავლენა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე;

გ) გავლენა ურთიერთდაკავშირების პუნქტში/პუნქტებში დღიური დაბალანსების რეჟიმზე.

2. კონსულტაციის შედეგად შეთავაზებული ცვლილებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დამტკიცდეს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მიერ. შეთავაზებული ცვლილებების დამტკიცებისთანავე, ტრანსპორტირების ლიცენზიატებმა უნდა შეიტანონ შესაბამისი ცვლილებები ურთიერთდაკავშირების არსებულ შეთანხმებებში და ტრანსპორტირების შესახებ ხელშეკრულებებში ან სხვა სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებებში და გამოაქვეყნონ ეს ცვლილებები.

 

მუხლი 17. ნომინაციებისა და რენომინაციების უარყოფა ან მოთხოვნილი ბუნებრივი გაზის ოდენობის მოდიფიცირება ურთიერთდაკავშირების პუნქტებში

1. ტრანსპორტირების ლიცენზიატს შეუძლია უარყოს:

ა) ნომინაცია ან რენომინაცია ნომინაციის წარდგენის ბოლო ვადის ამოწურვიდან ან რენომინაციის ციკლის დაწყებიდან არაუგვიანეს ორი საათისა, შემდეგ შემთხვევებში:

ა.ა) იგი არ შეესაბამება მის შინაარსთან დაკავშირებულ მოთხოვნებს;

ა.ბ) იგი წარდგენილია სისტემით მოსარგებლისგან განსხვავებული სუბიექტის მიერ;

ა.გ) დღიური ნომინაციის ან რენომინაციის მიღება იქონიებს უარყოფით გავლენას ნომინირებული ნაკადის დინებაზე;

ა.დ) იგი აღემატება სისტემით მოსარგებლისთვის მიკუთვნებულ სიმძლავრეს;

ბ) რენომინაცია, რენომინაციის ციკლის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 საათისა, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა შემდეგ შემთხვევებში:

ბ.ა) იგი აღემატება დარჩენილ საათებში სისტემით მოსარგებლისთვის მიკუთვნებულ სიმძლავრეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ რენომინაცია წარდგენილია წყვეტადი სიმძლავრის მოთხოვნის მიზნით, ტრანსპორტირების ლიცენზიატის შეთავაზების შემთხვევაში;

ბ.ბ) საათობრივი რენომინაციის მიღება გამოიწვევს ბუნებრივი გაზის ნაკადის მოსალოდნელ ცვლილებას რენომინაციის ციკლის დასრულებამდე.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა არ უნდა უარყოს სისტემით მოსარგებლის ნომინაცია და რენომინაცია მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სისტემით მოსარგებლის მიერ დაგეგმილი ტრანსპორტირების სისტემაში მისაღები და სისტემიდან გასაცემი ბუნებრივი გაზის ოდენობები არ არის თანაბარი.

3. რენომინაციის უარყოფის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გამოიყენოს სისტემით მოსარგებლისთვის უკანასკნელი დადასტურებული ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. იმ გამონაკლის შემთხვევებსა და საავარიო სიტუაციებში, როცა აშკარა საფრთხე ექმნება სისტემის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, ტრანსპორტირების ლიცენზიატს შეუძლია განახორციელოს ნომინაციითა და რენომინაციით მოთხოვნილი ბუნებრივი გაზის ოდენობის შესწორება. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ყველა განხორციელებული ასეთი ქმედების შესახებ უნდა აცნობოს კომისიას. აღნიშნული წესი არ ზღუდავს წყვეტადი სიმძლავრის ან გადატვირთვის მართვას დაქვემდებარებული სიმძლავრის დროს არსებულ სპეციალურ წესებსა და პირობებს.

 

მუხლი 18. ნომინაციისა და რენომინაციის პროცედურა ურთიერთდაკავშირების პუნქტების გარდა სხვა პუნქტებში

1. ურთიერთდაკავშირების პუნქტების გარდა სხვა რომელ პუნქტებზე მოითხოვება ნომინაციებისა და რენომინაციების წარდგენა, განისაზღვრება ამ წესებით.

2. როდესაც ურთიერთდაკავშირების პუნქტების გარდა ნომინაციები და რენომინაციები მოითხოვება სხვა პუნქტებზე, გამოიყენება შემდეგი პრინციპები:

ა) სისტემით მოსარგებლეები უფლებამოსილი უნდა იყვნენ, წარადგინონ რენომინაციები საანგარიშო დღისთვის;

ბ) ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა დაადასტუროს ან უარყოს წარდგენილი ნომინაციები და რენომინაციები ამ დანართის მე-17 მუხლში მითითებული ვადების დაცვით.

 

თავი V. დღიური უბალანსობის საფასური

 

მუხლი 19. ზოგადი დებულებები

1. სისტემით მოსარგებლეები ვალდებული არიან გადაიხადონ, ხოლო, შესაბამის შემთხვევებში, უფლება აქვთ მიიღონ დღიური უბალანსობის საფასური თითოეული საანგარიშო დღისთვის მათი დღიური უბალანსობის ოდენობის მიხედვით.

2. სისტემით მოსარგებლეების დღიური უბალანსობის საფასური ცალკე უნდა მიეთითოს ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემით მოსარგებლეებისათვის გაცემულ ინვოისში.

3. დღიური უბალანსობის საფასური უნდა იყოს ხარჯების ამსახველი, მხედველობაში იღებდეს ფასებს, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსპორტირების ლიცენზიატის დამაბალანსებელ ქმედებებთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და ითვალისწინებდეს მცირე კორექტირებას ამ დანართის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

 

მუხლი 20. დღიური უბალანსობის საფასურის დაანგარიშების მეთოდოლოგია

1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა კომისიას დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს მის დაბალანსების ზონაში გამოსაყენებელი დღიური უბალანსობის საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგია.

2. დღიური უბალანსობის საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგია დამტკიცებისთანავე უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი ლიცენზიატისა და კომისიის ვებგვერდზე. მისი ნებისმიერი განახლება უნდა გამოქვეყნდეს დროულად.

3. დღიური უბალანსობის საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიამ უნდა განსაზღვროს:

ა) ამ დანართის 21-ე მუხლში მითითებული დღიური უბალანსობის ოდენობის გაანგარიშება;

ბ) ამ დანართის 22-ე მუხლში მითითებული მოქმედი ფასის წარმოქმნა; და

გ) სხვა ნებისმიერი აუცილებელი პარამეტრი.

 

მუხლი 21. დღიური უბალანსობის ოდენობის გაანგარიშება

1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გაიანგარიშოს დღიური უბალანსობის ოდენობა თითოეული სისტემით მოსარგებლის საბალანსო პორტფელისთვის, თითოეული საანგარიშო დღისთვის შემდეგი ფორმულის შესაბამისად:

დღიური უბალანსობის ოდენობა = სისტემაში მიღებას - სისტემიდან გაცემა.

2. დღიური უბალანსობის ოდენობის გაანგარიშება კორექტირდება, თუ:

ა) შეთავაზებულია ქსელის ბუნებრივი გაზის მოქნილობის მომსახურება; ან/და

ბ) არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმად სისტემით მოსარგებლეები ტრანსპორტირების ლიცენზიატს აწვდიან ბუნებრივ გაზს, რათა დაიფაროს:

ბ.ა) ტრანსპორტირების სისტემიდან გასული აღურიცხავი ბუნებრივი გაზი, როგორიცაა დანაკარგები, მრიცხველის ცდომილებები; ან/და

ბ.ბ) ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემის ოპერირებისთვის გამოყენებული ბუნებრივი გაზი, როგორიცაა საწვავი ბუნებრივი გაზი.

3. თუ საანგარიშო დღეს სისტემით მოსარგებლისგან ტრანსპორტირების სისტემაში მიღებული ბუნებრივი გაზის ოდენობათა ჯამი უტოლდება იმავე დღეს სისტემიდან მასზე გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობათა ჯამს, მოცემული საანგარიშო დღისთვის სისტემით მოსარგებლე ითვლება დაბალანსებულად.

4. თუ საანგარიშო დღეს სისტემით მოსარგებლისგან ტრანსპორტირების სისტემაში მიღებული ბუნებრივი გაზის ოდენობათა ჯამი არ უტოლდება იმავე საანგარიშო დღეს სისტემიდან მასზე გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობათა ჯამს, მოცემული საანგარიშო დღისთვის სისტემით მოსარგებლე ითვლება უბალანსობაში და უნდა დაერიცხოს ამ დანართის 23-ე მუხლით გათვალისწინებული დღიური უბალანსობის საფასური.

5. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა სისტემით მოსარგებლეს უნდა მიაწოდოს მისი პირველადი და საბოლოო დღიური უბალანსობის ოდენობების შესახებ ინფორმაცია ამ დანართის 37-ე მუხლის შესაბამისად.

6. დღიური უბალანსობის საფასური უნდა ეფუძნებოდეს საბოლოო დღიური უბალანსობის ოდენობას.

 

მუხლი 22. მოქმედი ფასი

1. ამ დანართის 23-ე მუხლის შესაბამისად დღიური უბალანსობის საფასურის გაანგარიშების მიზნით, მოქმედი ფასი უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) ზღვრული გაყიდვის ფასით, თუ დღიური უბალანსობის ოდენობა დადებითია (სისტემით მოსარგებლისგან საანგარიშო დღეს ტრანსპორტირების სისტემაში მიღებული ბუნებრივი გაზის ოდენობა აჭარბებს ტრანსპორტირების სისტემიდან იმავე დღეს მასზე გაცემულ ბუნებრივი გაზის ოდენობას); ან

ბ) ზღვრული შესყიდვის ფასით, თუ დღიური უბალანსობის ოდენობა უარყოფითია (საანგარიშო დღისთვის სისტემით მოსარგებლეზე ტრანსპორტირების სისტემიდან გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობა აჭარბებს იმავე დღეს ტრანსპორტირების სისტემაში მისგან მიღებულ ბუნებრივი გაზის ოდენობას).

2. ზღვრული გაყიდვის ფასი და ზღვრული შესყიდვის ფასი იანგარიშება ყოველი დღისთვის შემდეგნაირად:

ა) ზღვრული გაყიდვის ფასი დაბალია, ვიდრე:

ა.ა) საანგარიშო დღეს სისტემით მოსარგებლის მიერ ძირითადი პროდუქტების გაყიდვის ყველაზე დაბალი ფასი, რომელშიც მონაწილეობს ტრანსპორტირების ლიცენზიატი; ან

ა.ბ) ბუნებრივი გაზის საშუალო შეწონილი ფასი საანგარიშო დღეს, მცირე კორექტირების გამოკლებით.

ბ) ზღვრული შესყიდვის ფასი მაღალია, ვიდრე:

ბ.ა) საანგარიშო დღეს სისტემით მოსარგებლის მიერ ძირითადი პროდუქტების შესყიდვის ყველაზე მაღალი ფასი, რომელშიც მონაწილეობს ტრანსპორტირების ლიცენზიატი; ან

ბ.ბ) ბუნებრივი გაზის საშუალო შეწონილი ფასი საანგარიშო დღეს, მცირე კორექტირების დამატებით.

3. ზღვრული გაყიდვის ფასის, ზღვრული შესყიდვის ფასისა და საშუალო შეწონილი ფასის განსაზღვრის მიზნით, შესაბამისი გარიგებები უნდა დაიდოს სავაჭრო პლატფორმებზე, რომლებსაც წინასწარ განსაზღვრავს ტრანსპორტირების ლიცენზიატი და ამტკიცებს კომისია. საშუალო შეწონილი ფასი უნდა იყოს საანგარიშო დღის განმავლობაში ვირტუალურ სავაჭრო პუნქტში ძირითად პროდუქტებზე დადებული სავაჭრო გარიგებების საშუალო შეწონილი ფასი.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ვერ ხორციელდება ზღვრული გაყიდვის ფასის ან/და ზღვრული შესყიდვის ფასის დადგენა, უნდა განისაზღვროს სტანდარტული წესი.

5. კომისიის თანხმობით, ადგილმდებარეობრივი პროდუქტების ფასი შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ზღვრული გაყიდვის ფასის, ზღვრული შესყიდვის ფასისა და საშუალო შეწონილი ფასის განსაზღვრის მიზნით, ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ შეთავაზების შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რამდენად იყენებს ტრანსპორტირების ლიცენზიატი ადგილმდებარეობრივ პროდუქტებს.

6. მცირე კორექტირება:

ა) უნდა ახდენდეს სისტემით მოსარგებლეთა სტიმულირებას, დააბალანსონ მათგან ტრანსპორტირების სისტემაში მიღებული და სისტემიდან მათზე გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობები;

ბ) უნდა დაიგეგმოს და გამოყენებულ იქნეს არადისკრიმინაციულად, რათა:

ბ.ა) არ შეაფერხოს მესამე პირების ბაზარზე დაშვება;

ბ.ბ) ხელი არ შეუშალოს კონკურენტული ბაზრების განვითარებას;

გ) არ უნდა ჰქონდეს უარყოფითი გავლენა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე;

დ) არ უნდა იწვევდეს სისტემით მოსარგებლეთა არაგონივრულ ფინანსურ პასუხისმგებლობას დღიური უბალანსობის საფასურის სახით.

7. მცირე კორექტირების ოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს ზღვრული შესყიდვისა და ზღვრული გაყიდვის ფასის განსაზღვრისას. მცირე კორექტირების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშუალო შეწონილი ფასის ათ პროცენტს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კომისია შესაბამისი ტრანსპორტირების ლიცენზიატის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ამ დანართის მე-20 მუხლის შესაბამისად დაამტკიცებს განსხვავებულ ოდენობას.

 

მუხლი 23. დღიური უბალანსობის საფასური

1. თითოეული სისტემით მოსარგებლისათვის დღიური უბალანსობის საფასურის გასაანგარიშებლად, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, სისტემით მოსარგებლის დღიური უბალანსობის ოდენობა გაამრავლოს ამ დანართის 22-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ მოქმედ ფასზე.

2. დღიური უბალანსობის საფასური გამოიყენება შემდეგი პირობებით:

ა) თუ სისტემით მოსარგებლის დღიური უბალანსობის ოდენობა საანგარიშო დღისთვის დადებითია, მაშინ ითვლება, რომ ამ სისტემით მოსარგებლემ ტრანსპორტირების ლიცენზიატს მიყიდა დღიური უბალანსობის ოდენობის ბუნებრივი გაზი და შესაბამისად უფლება აქვს ტრანსპორტირების ლიცენზიატისგან მიიღოს დღიური უბალანსობის საფასური;

ბ) თუ სისტემით მოსარგებლის დღიური უბალანსობის ოდენობა საანგარიშო დღისთვის უარყოფითია, მაშინ ითვლება, რომ ამ სისტემით მოსარგებლემ ტრანსპორტირების ლიცენზიატისგან იყიდა დღიური უბალანსობის ოდენობის ბუნებრივი გაზი და შესაბამისად ვალდებულია ტრანსპორტირების ლიცენზიატს გადაუხადოს დღიური უბალანსობის საფასური.

 

თავი VI. დღის შიდა ვალდებულებები

 

მუხლი 24. ზოგადი დებულებები

1. ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება აქვს გამოიყენოს დღის შიდა ვალდებულებები მხოლოდ სისტემით მოსარგებლეების სტიმულირებისთვის, რათა მათ საკუთარი დღის შიდა პოზიციები იმგვარად მართონ, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ტრანსპორტირების სისტემის ერთიანობა და მინიმუმამდე შემცირდეს ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ დამაბალანსებელი ქმედებების განხორციელების საჭიროება.

2. თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატს ამ დანართის 26-ე და 27-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებით მოეთხოვება სისტემით მოსარგებლეებს მიაწოდოს ინფორმაცია მათ მიერ დღის შიდა პოზიციების მართვის მიზნით, აღნიშნული უნდა განხორციელდეს რეგულარულად. შესაბამის შემთხვევებში ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს თითოეული სისტემით მოსარგებლის მიერ უკვე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად.

 

მუხლი 25. დღის შიდა ვალდებულებების სახეები

სისტემით მოსარგებლეთა სტიმულირების მიზნით, დასაშვებია დღის შიდა ვალდებულებების ამ მუხლით გათვალისწინებული შემდეგი სახეების გამოყენება:

ა) სისტემური დღის შიდა ვალდებულება - მიზნად უნდა ისახავდეს სისტემით მოსარგებლეების სტიმულირებას ტრანსპორტირების სისტემის საოპერაციო ზღვრების ფარგლებში შესანარჩუნებლად და განსაზღვრავდეს შემდეგს:

ა.ა) ტრანსპორტირების სისტემის საოპერაციო ზღვრებს, რომლის ფარგლებშიც იგი უნდა შენარჩუნდეს;

ა.ბ) იმ ქმედებებს, რომლებიც სისტემით მოსარგებლეებს შეუძლიათ განახორციელონ ტრანსპორტირების სისტემის საოპერაციო ზღვრებში შესანარჩუნებლად;

ა.გ) ტრანსპორტირების ლიცენზიატის შემდგომ დამაბალანსებელ ქმედებებს, როდესაც ტრანსპორტირების სისტემის საოპერაციო ზღვრები მოახლოებული ან მიღწეულია;

ა.დ) სისტემით მოსარგებლეებისთვის ხარჯების ან/და შემოსავლების მიკუთვნებას ან/და ამ სისტემით მოსარგებლეთა დღის შიდა პოზიციების შედეგებს, რომლებიც მოჰყვება ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ განხორციელებულ დამაბალანსებელ ქმედებებს;

ა.ე) სისტემით მოსარგებლის ინდივიდუალურ დღის შიდა პოზიციაზე დაფუძნებულ შესაბამის საფასურს;

ბ) საბალანსო პორტფელის დღის შიდა ვალდებულება - მიზნად უნდა ისახავდეს სისტემით მოსარგებლეების სტიმულირებას საანგარიშო დღის განმავლობაში საკუთარი ინდივიდუალური პოზიციის წინასწარ განსაზღვრულ დიაპაზონში შესანარჩუნებლად და განსაზღვრავდეს შემდეგს:

ბ.ა) თითოეული საბალანსო პორტფელისთვის დიაპაზონს, რომლის ფარგლებშიც უნდა დარჩეს ეს საბალანსო პორტფელი;

ბ.ბ) აღნიშნული დიაპაზონის განსაზღვრის წესს;

ბ.გ) შედეგებს და, შესაბამის შემთხვევაში, ნებისმიერი სათანადო საფასურის წარმოქმნის დეტალებს, იმ სისტემით მოსარგებლეებისთვის, რომლებიც არ იცავენ განსაზღვრულ დიაპაზონს;

ბ.დ) სისტემით მოსარგებლის ინდივიდუალურ დღის შიდა პოზიციაზე დაფუძნებულ შესაბამის საფასურს;

გ) მიღება-მიწოდების პუნქტების დღის შიდა ვალდებულებები - მიზნად უნდა ისახავდეს სისტემით მოსარგებლეების სტიმულირებას, რათა მათ, განსაზღვრული პირობების არსებობისას, კონკრეტულ მიღება-მიწოდების პუნქტებში შეზღუდონ ბუნებრივი გაზის ნაკადი ან ბუნებრივი გაზის ნაკადის ცვალებადობა. აღნიშნული ვალდებულებები წარმოადგენს საბოლოო მომხმარებლებთან გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების თანმდევ ვალდებულებას და, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ლოკალიზებულ კონკრეტულ შეზღუდვებსა და ვალდებულებებს ბუნებრივი გაზის ფიზიკურ ნაკადთან დაკავშირებით, აგრეთვე განსაზღვრავს:

გ.ა) გაზის ნაკადის ან/და ბუნებრივი გაზის ნაკადის ცვალებადობის ზღვრებს;

გ.ბ) მიღების ან/და მიწოდების პუნქტს ან მიღების ან/და მიწოდების პუნქტების ჯგუფებს, რომლებზეც ვრცელდება ამგვარი ზღვრები;

გ.გ) პირობებს, რომლის დროსაც ამგვარი ზღვრები გამოიყენება;

გ.დ) ამგვარ ზღვრებთან შეუსაბამობის შედეგებს.

 

მუხლი 26. მოთხოვნები დღის შიდა ვალდებულებებთან დაკავშირებით

1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა კომისიას შეიძლება წარუდგინოს დღის შიდა ვალდებულების ან მისი ცვლილების შესახებ წინადადება, რომელმაც შეიძლება გააერთიანოს ამ დანართის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის მახასიათებლები, თუ წინადადება აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ წინადადების წარდგენის უფლება არ ზღუდავს კომისიის მიერ საკუთარი ინიციატივით გადაწყვეტილების მიღების უფლებას.

2. ნებისმიერი დღის შიდა ვალდებულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) დღის შიდა ვალდებულება და მასთან დაკავშირებული დღის შიდა საფასური, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ უნდა უქმნიდეს შეუსაბამო ბარიერებს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას და ახალი სისტემით მოსარგებლეთა შესაბამის ბაზარზე შესვლას;

ბ) დღის შიდა ვალდებულების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისტემით მოსარგებლეებს, ტრანსპორტირების სისტემაში მათგან მიღებული ან/და ტრანსპორტირების სისტემიდან მათზე გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობებიდან გამომდინარე შესაძლო დღის შიდა საფასურის დაკისრებამდე მიეწოდათ სათანადო ინფორმაცია და აქვთ გონივრული საშუალებები იმოქმედონ საკუთარი პოზიციების სამართავად;

გ) სისტემით მოსარგებლეების მიერ მათი დაბალანსების ვალდებულებასთან დაკავშირებით გასაწევი ძირითადი ხარჯები უნდა უკავშირდებოდეს საანგარიშო დღის ბოლოს მათ პოზიციას;

დ) დღის შიდა საფასურები შეძლებისდაგვარად უნდა ასახავდეს ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ დამაბალანსებელი ქმედებებისთვის გაწეულ ხარჯებს;

ე) დღის შიდა ვალდებულება არ გამოიწვევს სისტემით მოსარგებლეების ფინანსური მდგომარეობის განულებას საანგარიშო დღის განმავლობაში;

ვ) დღის შიდა ვალდებულების დაწესების სარგებელი ტრანსპორტირების სისტემის ეკონომიური და ეფექტიანი ოპერირების თვალსაზრისით, გადაწონის მის ნებისმიერ პოტენციურ უარყოფით ზეგავლენას, მათ შორის ვირტუალურ სავაჭრო პუნქტში ვაჭრობის ლიკვიდურობასთან დაკავშირებით.

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია ცალკეული კატეგორიის მიღებისა და მიწოდების პუნქტებისათვის წარმოადგინოს განსხვავებული დღის შიდა ვალდებულებების შესახებ წინადადება, რათა ჯვარედინი სუბსიდირების თავიდან აცილების მიზნით, უკეთესად მოახდინოს სხვადასხვა კატეგორიის სისტემით მოსარგებლეთა სტიმულირება. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ წინადადების წარდგენის უფლება არ ზღუდავს კომისიას საკუთარი ინიციატივით მიიღოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.

4. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა კონსულტაცია უნდა გაიაროს დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, კომისიასთან, შესაბამის განაწილების ლიცენზიატებთან და მომიჯნავე დაბალანსების ზონებში ტრანსპორტირების ლიცენზიატებთან ნებისმიერი დღის შიდა ვალდებულებების შესახებ, რომლის წარდგენასაც ის აპირებს იმ მეთოდოლოგიისა და დაშვებების ჩათვლით, რომლებსაც ის იყენებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის მისაღწევად.

5. საკონსულტაციო პროცესის შემდეგ ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა შეადგინოს სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელიც უნდა მოიცავდეს საბოლოო ჩამოყალიბებულ წინადადებასა და ანალიზს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

ა) დღის შიდა ვალდებულების აუცილებლობა, რომელიც ითვალისწინებს ტრანსპორტირების სისტემის მახასიათებლებსა და ტრანსპორტირების ლიცენზიატის მოქნილობას ამ დანართის მე-3 თავის შესაბამისად მოკლევადიანი სტანდარტიზებული პროდუქტების ყიდვა-გაყიდვის ან დამაბალანსებელი მომსახურებების გამოყენების საშუალებით;

ბ) ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელიც სისტემით მოსარგებლეებს საშუალებას აძლევს დროულად მართონ საკუთარი დღის შიდა პოზიციები;

გ) მოსალოდნელი ფინანსური გავლენა სისტემით მოსარგებლეებზე;

დ) გავლენა ახალ სისტემით მოსარგებლეებზე, რომლებიც შედიან შესაბამის ბაზარზე არასათანადო უარყოფითი გავლენის ჩათვლით;

ე) გავლენა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე, მომიჯნავე დაბალანსების ზონებში დაბალანსებაზე შესაძლო გავლენის ჩათვლით;

ვ) გავლენა მოკლევადიან საბითუმო ბუნებრივი გაზის ბაზარზე, მისი ლიკვიდურობის ჩათვლით;

ზ) დღის შიდა ვალდებულების არადისკრიმინაციული ხასიათი.

6. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა კომისიას უნდა წარუდგინოს სარეკომენდაციო დოკუმენტი წარდგენილი წინადადების ამ დანართის 27-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად დამტკიცებისათვის. პარალელურად, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გამოაქვეყნოს სარეკომენდაციო დოკუმენტი შესაბამისი კონფიდენციალურობის ვალდებულებების დაცვით.

 

მუხლი 27. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება

1. კომისია იღებს და აქვეყნებს გადაწყვეტილებას სრულყოფილი სარეკომენდაციო დოკუმენტის მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში. შემოთავაზებული დღის შიდა ვალდებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ უნდა შეაფასოს, აკმაყოფილებს თუ არა აღნიშნული დღის შიდა ვალდებულება ამ დანართის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

2. გადაწყვეტილების მიღებამდე, კომისია ვალდებულია კონსულტაცია გაიაროს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მომიჯნავე მხარეებისა და ევროკავშირის წევრი მომიჯნავე სახელმწიფოების ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან და მხედველობაში მიიღოს მათი მოსაზრებები. მომიჯნავე მარეგულირებელმა ორგანომ/ორგანოებმა შეიძლება კონსულტაცია გაიარონ ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსთან ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

 

მუხლი 28. არსებული დღის შიდა ვალდებულებები

თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატს აქვს დღის შიდა ვალდებულება/ვალდებულებები 2020 წლის 12 სექტემბრამდე, მათი გამოყენების გაგრძელების მიზნით, 2021 წლის 12 მარტამდე ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ამ დანართის 26-ე მუხლის მე-5 - მე-6 პუნქტებით დადგენილი პროცედურის დაცვით კომისიას დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს დღის შიდა ვალდებულება/ვალდებულებები ამ დანართის 27-ე მუხლის შესაბამისად.

 

თავი VII. ნეიტრალურობის ღონისძიებები

 

მუხლი 29. ნეიტრალურობის პრინციპები

1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა არ უნდა მიიღოს მოგება ან განიცადოს ზარალი მის მიერ გადახდილი ან მიღებული დღიური უბალანსობის საფასურებით, დღის შიდა საფასურებით და იმ დამაბალანსებელ ქმედებებსა და დაბალანსების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საფასურებით, რომლებიც გამომდინარეობს ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ამ დანართით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით განხორციელებული ქმედებებიდან.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა სისტემით მოსარგებლეებზე უნდა გადაანაწილოს:

ა) ნებისმიერი ხარჯი და შემოსავალი, რომელიც გამომდინარეობს დღიური უბალანსობის საფასურებისა და დღის შიდა საფასურებისგან;

ბ) ნებისმიერი ხარჯი და შემოსავალი, რომელიც გამომდინარეობს ამ დანართის მე-9 მუხლის შესაბამისად განხორციელებული დამაბალანსებელი ქმედებებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომისია აღნიშნულ ხარჯებსა და შემოსავლებს არაეფექტიანად მიიჩნევს. ეს მოსაზრება უნდა ეფუძნებოდეს შეფასებას, რომელიც:

ბ.ა) უნდა ასახავდეს, თუ რამდენად შეეძლო ტრანსპორტირების ლიცენზიატს დამაბალანსებელი ქმედებების განხორციელებისას გაწეული ხარჯების გონივრული შემცირება; და

ბ.ბ) უნდა ითვალისწინებდეს ტრანსპორტირების ლიცენზიატისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას, დროსა და საშუალებებს იმ პერიოდში, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება დამაბალანსებელი ქმედების განხორციელების შესახებ;

გ) ნებისმიერი სხვა ხარჯები და შემოსავლები, რომლებიც უკავშირდება ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ განხორციელებულ დამაბალანსებელ ქმედებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომისია ამ ხარჯებსა და შემოსავლებს არაეფექტიანად მიიჩნევს.

3. როდესაც ხდება დაბალანსების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის სტიმულირება, აგრეგირებული ფინანსური დანაკარგი არ უნდა აღემატებოდეს ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ არაეფექტიანად გაწეული ხარჯებისა და შემოსავლების ოდენობას.

4. ტრანსპორტირების ლიცენზიატებმა პირველ პუნქტში მითითებული საფასურებისა და დაბალანსების ნეიტრალურობის საფასურების შესახებ აგრეგირებული მონაცემები უნდა გამოაქვეყნონ, სულ მცირე, იმავე სიხშირით, რა სიხშირითაც ხდება სისტემით მოსარგებლეებზე აღნიშნული საფასურების ინვოისების მიწოდება, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ.

5. მიუხედავად ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა, დაბალანსების ფუნქციის განხორციელებისას, ტრანსპორტირების ლიცენზიატთან მიმართებით შეიძლება გავრცელდეს ამ დანართის მე-11 მუხლში მითითებული სტიმულირების მექანიზმი.

 

მუხლი 30. დაბალანსების ნეიტრალურობასთან დაკავშირებული ფულადი სახსრების მოძრაობა

1. დაბალანსების ნეიტრალურობის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს შესაბამისი სისტემით მოსარგებლის მიერ ან მისთვის.

2. კომისიამ საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი წარდგინების საფუძველზე უნდა დაამტკიცოს და გამოაქვეყნოს დაბალანსების ნეიტრალურობის საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავს სისტემით მოსარგებლეებს შორის მათ გადანაწილებასა და თანხის მიღების რისკის მართვის წესებს.

3. დაბალანსების ნეიტრალურობის საფასური უნდა იყოს სისტემით მოსარგებლის მიერ შესაბამისი მიღების ან მიწოდების პუნქტებით სარგებლობის ან ტრანსპორტირების სისტემის გამოყენების პროპორციული.

4. დაბალანსების ნეიტრალურობის საფასური სისტემით მოსარგებლეებისათვის წარდგენილ ინვოისში უნდა განისაზღვროს განცალკევებით და ინვოისს უნდა ახლდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული საჭირო ინფორმაცია.

5. როდესაც ინფორმაციის მიწოდებისთვის გამოიყენება ვარიანტი 2, რაც გულისხმობს, რომ დაბალანსების ნეიტრალურობის საფასური შეიძლება დაეფუძნოს პროგნოზირებულ ხარჯებსა და შემოსავლებს, ტრანსპორტირების ლიცენზიატის დაბალანსების ნეიტრალურობის საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიამ უნდა გაითვალისწინოს ტრანსპორტირების სისტემიდან გაცემულ არადღიურად აღრიცხულ ბუნებრივ გაზთან დაკავშირებით დაბალანსების განცალკევებული ნეიტრალურობის საფასურის გაანგარიშების წესები.

6. შესაბამის შემთხვევაში, ჯვარედინი სუბსიდირების შემცირების მიზნით, ტრანსპორტირების ლიცენზიატის დაბალანსების ნეიტრალურობის საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიძლება ითვალისწინებდეს დაბალანსების ნეიტრალურობის საფასურის კომპონენტების დაყოფის და შესაბამისი თანხების სისტემით მოსარგებლეებს შორის შემდგომი გადანაწილების წესებს.

 

მუხლი 31. თანხის მიღებასთან დაკავშირებული რისკის მართვის ღონისძიებები

1. ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება აქვს, მიიღოს საჭირო ზომები და სისტემით მოსარგებლეებს დააკისროს შესაბამისი სახელშეკრულებო ვალდებულებები, ფინანსური უსაფრთხოების გარანტიების ჩათვლით, ამ დანართის 29-ე და 30-ე მუხლებით გათვალისწინებული საფასურების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, მათი გადახდისუუნარობის რისკის შესამცირებლად.

2. სახელშეკრულებო მოთხოვნები უნდა იყოს გამჭვირვალე და თანასწორობის პრინციპზე აგებული, ასევე მიზნის პროპორციული და განისაზღვროს ამ დანართის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მეთოდოლოგიაში.

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატი არ არის ვალდებული თავის თავზე აიღოს სისტემით მოსარგებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული რაიმე ზარალი, იმ პირობით, რომ ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ზომები და მოთხოვნები სათანადოდ იქნა მის მიერ განხორციელებული. აღნიშნული ზარალის დაფარვა უნდა მოხდეს ამ დანართის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მეთოდოლოგიით.

 

თავი VIII. ინფორმაციის მიწოდება

 

მუხლი 32. ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით ტრანსპორტირების ლიცენზიატის ვალდებულებები სისტემით მოსარგებლეების მიმართ

ინფორმაცია, რომელიც წარედგინება სისტემით მოსარგებლეებს ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ, უნდა ეხებოდეს:

ა) ტრანსპორტირების სისტემის საერთო მდგომარეობას, კერძოდ, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა საბალანსო ზონის მიხედვით უნდა გამოაქვეყნოს საანგარიშო დღის დასაწყისში სისტემაში არსებული ბუნებრივი გაზის ოდენობა და საანგარიშო დღის დასრულებისთვის სისტემაში მოსალოდნელი ბუნებრივი გაზის ოდენობის პროგნოზი. საანგარიშო დღის დასრულებისთვის სისტემაში მოსალოდნელი ბუნებრივი გაზის საპროგნოზო ოდენობის შესახებ ინფორმაციის განახლება უნდა განხორციელდეს საათობრივად;

ბ) ტრანსპორტირების ლიცენზიატის დამაბალანსებელ ქმედებებს, რომლებიც მითითებულია ამ დანართის III თავში;

გ) საანგარიშო დღის განმავლობაში სისტემით მოსარგებლისგან ტრანსპორტირების სისტემაში მიღებულ და სისტემიდან მასზე გაცემულ ბუნებრივი გაზის ოდენობების შესახებ ინფორმაციას, რომელიც მითითებულია ამ დანართის 33-ე - 42-ე მუხლებში.

 

მუხლი 33. ზოგადი დებულებები

1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს სისტემით მოსარგებლეებისთვის ამ დანართის 32-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა ინფორმაციის მიწოდება. ინფორმაცია უნდა იყოს:

ა) განთავსებული ტრანსპორტირების ლიცენზიატის ვებგვერდზე ან სხვა ელექტრონულ საშუალებებზე;

ბ) სისტემით მოსარგებლეებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი;

გ) სისტემით მოსარგებლეებისთვის მარტივად აღქმადი ფორმით;

დ) გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი და ადვილად ხელმისაწვდომი;

ე) გამოქვეყნებული არადისკრიმინაციულობის დაცვით;

ვ) შესაბამის ერთეულებში (კუბ.მ; კუბ.მ/დღე; კუბ.მ/სთ);

ზ) ქართულ და ინგლისურ ენებზე.

2. იმ შემთხვევაში, თუ გაზომილი ოდენობის შესახებ მონაცემების მიღება შეუძლებელია მრიცხველიდან, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მისი შემცვლელი - ალტერნატიული (პირობითი) მონაცემი. ალტერნატიულ (პირობით) მონაცემში ცდომილებისთვის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

3. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც რაიმე კონკრეტული გარანტიის მიცემა, გარდა ამ ინფორმაციის განსაზღვრული ფორმატითა და განსაზღვრული საშუალებით ხელმისაწვდომობისა, როგორიცაა ვებგვერდი და ნორმალურ პირობებში ამ ინფორმაციაზე სისტემით მოსარგებლეთა წვდომის უზრუნველყოფა. ტრანსპორტირების ლიცენზიატები არ შეიძლება პასუხისმგებელი იყვნენ ნებისმიერი სხვა გარანტიის წარდგენაზე, განსაკუთრებით სისტემით მოსარგებლეთა ინფორმაციულ სისტემასთან დაკავშირებით.

4. კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თითოეულ დაბალანსების ზონაში ერთი საინფორმაციო მოდელის გამოყენებასთან დაკავშირებით. ტრანსპორტირების სისტემაში მიღებული და სისტემიდან გაცემული დღის განმავლობაში აღრიცხული ბუნებრივი გაზის ოდენობების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ყველა მოდელთან დაკავშირებით გამოყენებულ უნდა იქნეს ერთიანი წესი.

5. იმ დაბალანსების ზონებისთვის, სადაც დაგეგმილია ვარიანტი 2-ის გამოყენება 2020 წლის 12 სექტემბრის შემდეგ, უნდა ჩატარდეს ბაზრის თაობაზე წინასწარი კონსულტაცია ტრანსპორტირების ლიცენზიატის ან, შესაბამის შემთხვევაში, კომისიის მიერ.

 

მუხლი 34. დღის შიდა აღრიცხვის შემთხვევაში ტრანსპორტირების სისტემაში მიღებული და ტრანსპორტირების სისტემიდან გაცემული ბუნებრივი გაზი

1. საბალანსო ზონის ფარგლებში ტრანსპორტირების სისტემაში მიღებული და ტრანსპორტირების სისტემიდან გაცემული საანგარიშო დღის შიდა აღრიცხვის შემთხვევაში, როდესაც სისტემით მოსარგებლისთვის მიკუთვნებული ბუნებრივი გაზის ოდენობა უთანაბრდება მისთვის დადასტურებულ ბუნებრივი გაზის ოდენობას, ტრანსპორტირების ლიცენზიატი არ არის ვალდებული, დადასტურებული ოდენობის გარდა სისტემით მოსარგებლეს მიაწოდოს სხვა ინფორმაცია.

2. საბალანსო ზონის ფარგლებში ტრანსპორტირების სისტემაში მიღებული და ტრანსპორტირების სისტემიდან გაცემული საანგარიშო დღის შიდა აღრიცხვის შემთხვევაში, როდესაც სისტემით მოსარგებლისთვის მიკუთვნებული ბუნებრივი გაზის ოდენობა არ უტოლდება მისთვის დადასტურებულ ბუნებრივი გაზის ოდენობას, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, საანგარიშო დღის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ მიაწოდოს სისტემით მოსარგებლეებს განახლებული ინფორმაცია, სულ მცირე, სისტემაში მიღებულ და სისტემიდან გაცემულ დღის შიდა აღრიცხულ ბუნებრივი გაზის აგრეგირებულ ოდენობებთან დაკავშირებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს ტრანსპორტირების ლიცენზიატის გადაწყვეტილებით, ქვემოთ მოცემული ორი ვარიანტიდან ერთ-ერთის შესაბამისად:

 ა) თითოეული მიწოდებული განახლებული ინფორმაცია მოიცავს ბუნებრივი გაზის ნაკადებს საანგარიშო დღის დაწყებიდან; ან

ბ) თითოეული მიწოდებული განახლებული ინფორმაცია მოიცავს წინა მიწოდებული ინფორმაციის შემდგომ ბუნებრივი გაზის მზარდ ნაკადს.

3. პირველად მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საანგარიშო დღის განმავლობაში არანაკლებ პირველი ოთხი საათის ბუნებრივი გაზის ნაკადს და წარმოდგენილი უნდა იქნეს ბუნებრივი გაზის შესაბამისი ნაკადის დასრულებიდან 4 საათის განმავლობაში, არაუგვიანეს შესაბამისი დღის 16:00 საათისა.

4. განახლებული ინფორმაციის მეორედ წარდგენის დრო უნდა განისაზღვროს კომისიასთან შეთანხმებით და გამოქვეყნდეს ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ.

5. ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია სისტემით მოსარგებლეებს მოსთხოვოს, მიუთითონ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ რომელ ინფორმაციაზე აქვთ წვდომა. მიღებული პასუხის საფუძველზე, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა მიაწოდოს სისტემით მოსარგებლეს ინფორმაციის ის ნაწილი, რომელზეც მას არ აქვს წვდომა, ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების შესაბამისად.

6. იმ შემთხვევებში, როდესაც ტრანსპორტირების ლიცენზიატი არ არის პასუხისმგებელი სისტემით მოსარგებლეებს შორის ბუნებრივი გაზის ოდენობების გადანაწილებაზე, როგორც მიკუთვნების პროცესის ნაწილზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტიდან გამონაკლისის სახით, მან სისტემით მოსარგებლეებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ტრანსპორტირების სისტემაში მიღებული და ტრანსპორტირების სისტემიდან გაცემული ბუნებრივი გაზის ჯამური ოდენობების შესახებ, საანგარიშო დღის განმავლობაში, სულ მცირე, ორჯერ.

 

მუხლი 35. დღიურად აღრიცხვის შემთხვევაში ტრანსპორტირების სისტემიდან გაცემული ბუნებრივი გაზი

1. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება ვარიანტი 1, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა საანგარიშო დღის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ უნდა მიაწოდოს სისტემით მოსარგებლეებს აღრიცხული ნაკადების მათზე გადანაწილების შესახებ განახლებული ინფორმაცია, სულ მცირე, დღიურად აღრიცხული სისტემიდან გაცემული ბუნებრივი გაზის აგრეგირებული ოდენობებთან დაკავშირებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს ტრანსპორტირების ლიცენზიატის გადაწყვეტილებით, ქვემოთ მოცემული ორი ვარიანტიდან ერთ-ერთის შესაბამისად:

(ა) თითოეული მიწოდებული განახლებული ინფორმაცია მოიცავს ბუნებრივი გაზის ნაკადებს საანგარიშო დღის დაწყებიდან;

(ბ) თითოეული მიწოდებული განახლებული ინფორმაცია მოიცავს წინა მიწოდებული ინფორმაციის შემდგომ ბუნებრივი გაზის მზარდ ნაკადს.

2. თითოეული განახლებული ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს ბუნებრივი გაზის ნაკადის დასრულებიდან ორ საათში.

 

მუხლი 36. არადღიურად აღრიცხვის შემთხვევაში ტრანსპორტირების სისტემიდან გაცემული ბუნებრივი გაზი

1. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება საბაზისო ვარიანტი:

(ა) საანგარიშო დღის წინა დღეს ტრანსპორტირების ლიცენზიატმა სისტემით მოსარგებლეებს უნდა მიაწოდოს ტრანსპორტირების სისტემიდან მათი არადღიურად აღრიცხული გასაცემი ბუნებრივი გაზის ოდენობების შესახებ პროგნოზი საანგარიშო დღესთან დაკავშირებით არაუგვიანეს შესაბამისი დღის 11:00 საათისა;

(ბ) საანგარიშო დღეს ტრანსპორტირების ლიცენზიატმა სისტემით მოსარგებლეებს, სულ მცირე, ორჯერ უნდა მიაწოდოს ტრანსპორტირების სისტემიდან მათი არადღიურად აღრიცხული გასაცემი ბუნებრივი გაზის ოდენობების პროგნოზის შესახებ განახლებული ინფორმაცია.

2. პირველად ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს საანგარიშო დღის 12:00 საათისა.

3. განახლებული ინფორმაციის მეორედ წარდგენის დრო უნდა განისაზღვროს კომისიასთან შეთანხმებით და გამოქვეყნდეს ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ. აღნიშნული დროის განსაზღვრისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი:

ა) სავაჭრო პლატფორმაზე მოკლევადიან სტანდარტიზებულ პროდუქტებზე წვდომა;

ბ) ტრანსპორტირების სისტემიდან სისტემით მოსარგებლეების არადღიურად აღრიცხული გასაცემი ბუნებრივი გაზის ოდენობის პროგნოზის სიზუსტე აღნიშნული პროგნოზის მიწოდების დროსთან შედარებით;

გ) რენომინაციის პერიოდის დასრულების დრო, ამ დანართის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად;

დ) ტრანსპორტირების სისტემიდან სისტემით მოსარგებლის არადღიურად აღრიცხული გასაცემი ბუნებრივი გაზის ოდენობის განახლებული პროგნოზის შესახებ ინფორმაციის პირველად მიწოდების დრო.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება ვარიანტი 1, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა საანგარიშო დღეს სისტემით მოსარგებლეებს არანაკლებ ორჯერ უნდა მიაწოდოს აღრიცხული ნაკადების მათზე გადანაწილების შესახებ განახლებული ინფორმაცია, სულ მცირე, ტრანსპორტირების სისტემიდან გაცემული არადღიურად აღრიცხული ბუნებრივი გაზის აგრეგირებულ ოდენობებთან დაკავშირებით, ამ დანართის 35-ე მუხლის შესაბამისად.

5. იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება ვარიანტი 2, საანგარიშო დღის წინა დღეს ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა მიაწოდოს სისტემით მოსარგებლეებს საანგარიშო დღისთვის ტრანსპორტირების სისტემიდან მათზე გასაცემი არადღიურად აღრიცხული ბუნებრივი გაზის პროგნოზი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

მუხლი 37. ტრანსპორტირების სისტემაში მიღებული და ტრანსპორტირების სისტემიდან გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობები საანგარიშო დღის შემდეგ

1. საანგარიშო დღის მომდევნო დღის დასრულებამდე, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა მიაწოდოს თითოეულ სისტემით მოსარგებლეს საანგარიშო დღისთვის მისგან ტრანსპორტირების სისტემაში მიღებული და ტრანსპორტირების სისტემიდან მასზე გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობების პირველადი მიკუთვნების შესახებ, ასევე, ინფორმაცია პირველადი დღიური უბალანსობის ოდენობასთან დაკავშირებით.

ა) საბაზისო ვარიანტისა და ვარიანტი 1-ის შემთხვევაში, გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ბუნებრივი გაზი სრულად უნდა იყოს მიკუთვნებული;

ბ) ვარიანტი 2-ის შემთხვევაში, ტრანსპორტირების სისტემიდან გაცემული არადღიურად აღრიცხული ბუნებრივი გაზის ოდენობა უნდა უტოლდებოდეს ტრანსპორტირების სისტემიდან სისტემით მოსარგებლეებზე გასაცემი არადღიურად აღრიცხული ბუნებრივი გაზის ოდენობების შესახებ წინა დღეს მიწოდებულ პროგნოზს;

გ) ვარიანტი 1-ის შემთხვევაში, პირველადი მიკუთვნება და პირველადი დღიური უბალანსობის ოდენობა უნდა ჩაითვალოს საბოლოო მიკუთვნებად და საბოლოო დღიური უბალანსობის ოდენობად.

2. იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება ამ დანართის 47-ე - 51-ე მუხლებში მითითებული დროებითი ღონისძიება, პირველადი მიკუთვნებისა და პირველადი დღიური უბალანსობის ოდენობის შესახებ ინფორმაცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს საანგარიშო დღის მომდევნო სამი დღის განმავლობაში, თუ ტექნიკური და საოპერაციო თვალსაზრისით შეუძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შესრულება.

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა მიაწოდოს თითოეულ სისტემით მოსარგებლეს მისგან ტრანსპორტირების სისტემაში მიღებული და ტრანსპორტირების სისტემიდან მასზე გაცემული ბუნებრივი გაზის საბოლოო მიკუთვნების, ასევე საბოლოო დღიური უბალანსობის ოდენობის შესახებ ინფორმაცია წესებით განსაზღვრულ ვადაში.

 

მუხლი 38. ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი

1. 2020 წლის 12 სექტემბრიდან ორი წლის ვადაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატი უზრუნველყოფს ხარჯთსარგებლიანობის ანალიზის მომზადებას (რომელშიც ხარჯები და სარგებელი გადანაწილებული უნდა იყოს მხარეთა კატეგორიების მიხედვით) შემდეგ საკითხებთან მიმართებაში:

ა) სისტემით მოსარგებლეებისათვის ინფორმაციის მიწოდების სიხშირის გაზრდა;

ბ) ინფორმაციის მიწოდების შესაბამისი ვადების შემცირება;

გ) მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტის გაუმჯობესება.

2. ამ შეფასების შესახებ ტრანსპორტირების ლიცენზიატმა კონსულტაცია უნდა გაიაროს დაინტერესებულ მხარეებთან და განაწილების იმ ლიცენზიატებთან, რომელთა ინტერესებზეც გავლენას ახდენს აღნიშნული შეფასება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონსულტაციის შედეგების საფუძველზე, შესაძლებელია, კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული მოთხოვნების ცვლილების თაობაზე.

 

მუხლი 39. ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით განაწილების ლიცენზიატისა /ლიცენზიატებისა და პროგნოზირების განმახორციელებელი მხარის/მხარეების ვალდებულებები ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიმართ

1. დაბალანსების ზონასთან დაკავშირებულმა თითოეულმა განაწილების ლიცენზიატმა და ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დანიშნულმა პროგნოზირების განმახორციელებელმა თითოეულმა პირმა, შესაბამის დაბალანსების ზონაში ტრანსპორტირების ლიცენზიატს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც საჭიროა სისტემით მოსარგებლეების ინფორმირებისათვის წინამდებარე დანართის შესაბამისად. მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს გამანაწილებელ ქსელში მიღებულ/ქსელიდან გაცემულ ბუნებრივი გაზის ოდენობებს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მოცემული სისტემა საბალანსო ზონის ნაწილი.

2. ინფორმაცია, მისი ფორმატი და მიწოდების პროცედურა უნდა განისაზღვროს ტრანსპორტირების ლიცენზიატის, განაწილების ლიცენზიატისა და, საჭიროების შემთხვევებში, პროგნოზირების განმახორციელებელი პირის ურთიერთთანამშრომლობით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ინფორმაციის დროული მიწოდება სისტემით მოსარგებლეებისათვის ამ თავისა და ამ დანართის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ტრანსპორტირების ლიცენზიატს მის მიერ სისტემით მოსარგებლეებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად გამოყენებულ ფორმატში.

4. კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს ტრანსპორტირების ლიცენზიატს, განაწილების ლიცენზიატსა და პროგნოზირების განმახორციელებელ პირს, წარმოადგინონ სტიმულირების მექანიზმი, რომელიც ეხება სისტემით მოსარგებლეზე არადღიურად აღრიცხული გასაცემი ბუნებრივი გაზის ზუსტი პროგნოზირების უზრუნველყოფას. აღნიშნული მექანიზმი უნდა აკმაყოფილებდეს ტრანსპორტირების ლიცენზიატისთვის ამ დანართის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

5. კომისიამ დაბალანსების ზონაში უნდა დანიშნოს პროგნოზირების განმახორციელებელი პირი ტრანსპორტირების ლიცენზიატებთან და შესაბამის განაწილების ლიცენზიატებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ. პროგნოზირების განმახორციელებელი პირი პასუხისმგებელია ტრანსპორტირების სისტემიდან სისტემით მოსარგებლეზე გასაცემი, არადღიურად აღრიცხული ბუნებრივი გაზის ოდენობის პროგნოზირებაზე და, შესაბამის შემთხვევაში, მათ შემდგომ მიკუთვნებაზე. პროგნოზირების განმახორციელებელი პირი შეიძლება იყოს ტრანსპორტირების ლიცენზიატი, განაწილების ლიცენზიატი ან მესამე პირი.

 

მუხლი 40. ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით განაწილების ლიცენზიატის/ლიცენზიატების ვალდებულებები ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიმართ

განაწილების ლიცენზიატმა უნდა მიაწოდოს ტრანსპორტირების ლიცენზიატს ინფორმაცია გამანაწილებელ სისტემაში მიღებული და სისტემიდან გაცემული დღის შიგნით და დღიურად აღრიცხული ბუნებრივი გაზის ოდენობების შესახებ, ინფორმაციასთან დაკავშირებული იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც მოცემულია ამ დანართის 34-ე მუხლის მე-2-მე-6 პუნქტებში, 35-ე და  37-ე მუხლებში. ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ტრანსპორტირების ლიცენზიატს იმ ვადაში, რომელიც საკმარისია ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ქსელის მოსარგებლეებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად.

 

მუხლი 41. ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით განაწილების ლიცენზიატის/ლიცენზიატების ვალდებულებები პროგნოზირების განმახორციელებელი პირის მიმართ

1. განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან პროგნოზირების განმახორციელებელ პირს მიაწოდონ საკმარისი და განახლებული ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია არადღიურად აღრიცხვის შემთხვევაში სისტემით მოსარგებლეზე გასაცემი ბუნებრივი გაზის ოდენობის პროგნოზისთვის, ამ დანართის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მეთოდოლოგიის შესაბამისად. ასეთი ინფორმაცია უნდა იყოს მოწოდებული დროულად, პროგნოზირების განმახორციელებელი პირის მიერ განსაზღვრული განრიგისა და მისი საჭიროებების შესაბამისად,

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით ასევე გამოიყენება ვარიანტი 1-ის შემთხვევაში.

 

მუხლი 42. ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით პროგნოზირების განმახორციელებელი პირის ვალდებულებები ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიმართ

1. არადღიური აღრიცხვის შემთხვევაში პროგნოზირების განმახორციელებელმა პირმა უნდა წარუდგინოს ტრანსპორტირების ლიცენზიატს გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობების პროგნოზი და შემდგომი მიკუთვნებები ამ დანართის 36-ე და 37-ე მუხლებში ინფორმაციასთან დაკავშირებით მითითებული მოთხოვნების გათვალისწინებით. ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ტრანსპორტირების ლიცენზიატს იმ ვადაში, რომელიც საკმარისია ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემით მოსარგებლეებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად. არადღიური აღრიცხვის შემთხვევაში დღით ადრე ან დღის შიდა პროგნოზების წარდგენა ტრანსპორტირების სისტემიდან გასაცემი ბუნებრივი გაზის ოდენობებზე უნდა განხორციელდეს 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადებამდე 1 საათით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემით მოსარგებლეებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად უფრო გვიანი ვადაა შეთანხმებული ტრანსპორტირების ლიცენზიატსა და პროგნოზირების განმახორციელებელ პირს შორის.

2. არადღიური აღრიცხვის შემთხვევაში სისტემით მოსარგებლეზე ტრანსპორტირების სისტემიდან გასაცემი ბუნებრივი გაზის ოდენობების პროგნოზირების მეთოდოლოგია უნდა დაეფუძნოს სტატისტიკური მოთხოვნის მოდელს, სადაც ტრანსპორტირების სისტემიდან გასაცემ, ბუნებრივი გაზის თითოეულ ოდენობას ენიჭება დატვირთვის პროფილი და მოიცავს გაზზე მოთხოვნის ცვალებადობის დამოკიდებულებას ისეთ სიდიდეებთან მიმართებაში, როგორიცაა ტემპერატურა, კვირის დღე, მომხმარებლის ტიპი და დასვენების პერიოდები. ამ მეთოდოლოგიის მიღებამდე უნდა ჩატარდეს კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან.

3. არადღიური აღრიცხვის შემთხვევაში ტრანსპორტირების სისტემიდან სისტემით მოსარგებლეზე გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობების პროგნოზის სიზუსტის შესახებ ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს პროგნოზირების განმახორციელებელი პირის მიერ, სულ მცირე, ორ წელიწადში ერთხელ.

4. შესაბამის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა წარმოადგინოს მონაცემები ბუნებრივი გაზის ნაკადებთან დაკავშირებით იმ დროის განმავლობაში, რომელიც საკმარისია პროგნოზირების განმახორციელებელი პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

5. ამ მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტები შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით ასევე გამოიყენება ვარიანტი 1-ის შემთხვევაში.

 

თავი IX. ქსელის მოქნილობის მომსახურება

 

მუხლი 43. ზოგადი დებულებები

1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა შეიძლება შესთავაზოს სისტემით მოსარგებლეებს ქსელის მოქნილობის მომსახურება კომისიის მიერ შესაბამისი პირობების დამტკიცების შემდეგ.

2. ქსელის მოქნილობის მომსახურების პირობები უნდა შეესაბამებოდეს სისტემით მოსარგებლის პასუხისმგებლობას, დააბალანსოს მისი ბუნებრივი გაზის მიღებული და გაცემული ოდენობები საანგარიშო დღის განმავლობაში.

3. ქსელის მოქნილობის მომსახურება უნდა შეიზღუდოს ტრანსპორტირების სისტემის მოქნილობის შესაძლებლობის ზღვრებით, რომელიც, შესაბამისი ტრანსპორტირების ლიცენზიატის შეფასების თანახმად, არ შეუქმნის საფრთხეს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის განხორციელებას.

4. ქსელის მოქნილობის მომსახურების ფარგლებში, სისტემით მოსარგებლეებისგან ტრანსპორტირების სისტემაში მიღებული და სისტემიდან მათზე გაცემული ბუნებრივი გაზი გათვალისწინებულ უნდა იქნეს მათი დღიური უბალანსობის ოდენობის გაანგარიშებისას.

5. ამ დანართის VII თავში მითითებული ნეიტრალურობის მექანიზმი არ ვრცელდება ქსელის მოქნილობის მომსახურებაზე, თუ კომისიის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

6. სისტემით მოსარგებლეებმა უნდა შეატყობინონ შესაბამის ტრანსპორტირების ლიცენზიატს ქსელის მოქნილობის მომსახურების გამოყენების შესახებ ნომინაციებისა და რენომინაციების წარდგენის გზით.

7. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა შეიძლება არ მოითხოვოს სისტემით მოსარგებლისგან ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ნომინაციების ან რენომინაციების წარდგენა, თუ მათი არარსებობა ხელს არ შეუშლის მოკლევადიანი საბითუმო ბუნებრივი გაზის ბაზრის განვითარებას და ტრანსპორტირების ლიცენზიატს აქვს საკმარისი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოს ქსელის მოქნილობის მომსახურების გამოყენების ზუსტი მიკუთვნება მომდევნო საანგარიშო დღეს.

 

მუხლი 44. ქსელის მოქნილობის მომსახურების პირობები

1. ქსელის მოქნილობის მომსახურება შეიძლება გაწეულ იქნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაკმაყოფილებული იქნება ყველა შემდეგი პირობა:

ა) ქსელის მოქნილობის მომსახურების გასაწევად ტრანსპორტირების ლიცენზიატს არ ესაჭიროება გააფორმოს რაიმე ხელშეკრულება სხვა სისტემების ოპერატორებთან, მათ შორის, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორთან ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორთან;

ბ) ქსელის მოქნილობის მომსახურების გაწევიდან ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ მიღებული შემოსავალი, სულ მცირე, უნდა უთანაბრდებოდეს ამ მომსახურებისთვის გაწეულ ან მომავალში გასაწევ მოსალოდნელ ხარჯებს;

გ) ქსელის მოქნილობის მომსახურების შეთავაზება უნდა განხორციელდეს გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის საფუძველზე და მისი შეთავაზება შესაძლოა მოხდეს კონკურენტული მექანიზმების გამოყენებით;

 დ) ტრანსპორტირების ლიცენზიატმა სისტემით მოსარგებლეს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ უნდა დააკისროს საფასური ქსელის მოქნილობის მომსახურების განხორციელებისას გაწეული ხარჯისთვის, თუ ეს არ არის გათვალისწინებული ამ სისტემით მოსარგებლესთან დადებული ხელშეკრულებით;

ე) ქსელის მოქნილობის მომსახურების გაწევამ არ უნდა იქონიოს უარყოფითი გავლენა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ქსელის მოქნილობის მომსახურების გაწევასთან შედარებით პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს დღის შიდა ვალდებულებების შემცირებას.

 

თავი X. დროებითი ღონისძიებები

 

მუხლი 45. დროებითი ღონისძიებები: ზოგადი დებულებები

1. მოკლევადიან საბითუმო ბუნებრივი გაზის ბაზარზე საკმარისი ლიკვიდურობის არარსებობის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატებმა უნდა განახორციელონ ამ დანართის 47-ე - 50-ე მუხლებში მითითებული შესაბამისი ღონისძიებები. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ განხორციელებულმა დამაბალანსებელმა ქმედებებმა, დროებითი ღონისძიებების შემთხვევაში, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ხელი უნდა შეუწყოს მოკლევადიანი საბითუმო ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიკვიდურობას.

2. ნებისმიერი დროებითი ღონისძიების გამოყენება არ ზღუდავს რაიმე სხვა ალტერნატიული ან დამატებითი დროებითი ღონისძიების/ღონისძიებების გამოყენებას, იმ პირობით, რომ ასეთი ღონისძიებები მიზნად ისახავს მოკლევადიანი საბითუმო ბუნებრივი გაზის ბაზრის კონკურენციისა და ლიკვიდურობის ხელშეწყობას და ისინი შეესაბამება ამ დანართში დადგენილ ზოგად პრინციპებს.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული დროებითი ღონისძიებები უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს თითოეული ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ამ დანართის 46-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანგარიშის შესაბამისად და დამტკიცდეს კომისიის მიერ ამ დანართის 46-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.

4. ანგარიში უნდა ითვალისწინებდეს დროებითი ღონისძიებების ვადას, რომელიც უნდა განისაზღვროს არაუგვიანეს 2025 წლის 12 სექტემბრით.

 

მუხლი 46. დროებითი ღონისძიებები: ყოველწლიური ანგარიში

1. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატი გეგმავს დროებითი ღონისძიებების განხორცილებას ან მათი განხორციელების გაგრძელებას, მან უნდა მოამზადოს ანგარიში, სადაც ასახული იქნება:

ა) მოკლევადიანი საბითუმო ბუნებრივი გაზის ბაზრის განვითარებასა და ლიკვიდურობასთან დაკავშირებული არსებული მდგომარეობის აღწერა ანგარიშის მომზადების მომენტში, რაც, ტრანსპორტირების ლიცენზიატისთვის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, უნდა მოიცავდეს:

ა.ა) ვირტუალურ სავაჭრო პუნქტში დადებული გარიგებების რაოდენობასა და მთლიანი გარიგებების რაოდენობას;

ა.ბ) განაცხადებით/შეთავაზებებით გათვალისწინებულ ფასებს შორის სხვაობებს და განაცხადებით/შეთავაზებებით გათვალისწინებულ მოცულობებს;

ა.გ) იმ მონაწილეთა რაოდენობას, რომლებსაც აქვთ დაშვება მოკლევადიან საბითუმო ბუნებრივი გაზის ბაზარზე;

ა.დ) აქტიურ მონაწილეთა რაოდენობას მოკლევადიან საბითუმო ბუნებრივი გაზის ბაზარზე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში;

ბ) გამოსაყენებელი დროებითი ღონისძიებები;

გ) დროებითი ღონისძიებების გამოყენების მიზეზები:

გ.ა) მათი საჭიროების დასაბუთება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოკლევადიანი საბითუმო ბუნებრივი გაზის ბაზრის განვითარების მდგომარეობიდან გამომდინარე;

გ.ბ) შეფასება, თუ როგორ გაზრდიან ისინი მოკლევადიანი საბითუმო ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიკვიდურობას;

დ) იმ ქმედებების განსაზღვრა, რომლებიც განხორციელდება დროებითი ღონისძიებების გაუქმების მიზნით, მათ შორის, ამგვარი ქმედებების განხორციელების კრიტერიუმები და შესაბამისი ვადების გონივრულობის შეფასება.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გაიაროს კონსულტაცია დაინტერესებულ მხარეებთან შემოთავაზებულ ანგარიშთან დაკავშირებით.

3. კონსულტაციის შემდეგ, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მომზადებული ანგარიში უნდა წარუდგინოს კომისიას დასამტკიცებლად. პირველი ანგარიში უნდა იქნეს წარდგენილი 2020 წლის 12 სექტემბრიდან ექვსი თვის განმავლობაში, ხოლო მომდევნო განახლებული ანგარიშები - ყოველწლიურად.

4. კომისიამ უნდა მიიღოს და გამოაქვეყნოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სრული ანგარიშის მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში. ასეთი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. ანგარიშის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, კომისიამ უნდა შეაფასოს მისი გავლენა დაბალანსების რეჟიმების ჰარმონიზაციაზე, ბაზარზე ინტეგრაციის გაადვილებაზე, არადისკრიმინაციულობის უზრუნველყოფაზე, ეფექტიან კონკურენციასა და ბუნებრივი გაზის ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებაზე.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის შემთხვევაში მოქმედებს ამ დანართის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა.

 

მუხლი 47. საბალანსო პლატფორმა

1. იმ შემთხვევაში, თუ მოკლევადიანი საბითუმო ბუნებრივი გაზის ბაზარი არ არის ან მოსალოდნელია, არ იყოს საკმარისად ლიკვიდური ან, როდესაც ტრანსპორტირების ლიცენზიატისთვის საჭირო პერიოდული და ადგილმდებარეობრივი პროდუქტების გონივრული პირობებით შეძენა შეუძლებელია ტრანსპორტირების ლიცენზიატის დაბალანსების მიზნებისთვის უნდა შეიქმნას საბალანსო პლატფორმა.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატებმა უნდა განიხილონ ერთობლივი საბალანსო პლატფორმის დანერგვის შესაძლებლობა მომიჯნავე დაბალანსების ზონებისთვის, ტრანსპორტირების ლიცენზიატებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ან დაბალანსების ზონებისთვის, სადაც არსებობს საკმარისი ურთიერთდაკავშირების სიმძლავრე და ამგვარი ერთობლივი საბალანსო პლატფორმის განხორციელება ითვლება ეფექტიანად. ერთობლივი საბალანსო პლატფორმის შექმნის შემთხვევაში, მისი მართვა უნდა განახორციელონ შესაბამისმა ტრანსპორტირების ლიცენზიატებმა.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებები ხუთი წლის განმავლობაში არსებითად არ შეიცვლება, კომისიამ, ამ დანართის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, და ამ დანართის 46-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშში ცვლილების წარდგენის შემდეგ, შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება საბალანსო პლატფორმის ფუნქციონირების გაგრძელების შესახებ შემდგომი პერიოდისთვის, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა.

 

მუხლი 48. საბალანსო პლატფორმის ალტერნატივა

იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატს შეუძლია დაამტკიცოს, რომ დაბალანსების ზონებს შორის არასაკმარისი ურთიერთდაკავშირების სიმძლავრის გამო საბალანსო პლატფორმას არ შეუძლია გაზარდოს მოკლევადიანი საბითუმო ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიკვიდურობა და აღნიშნული ტრანსპორტირების ლიცენზიატს არ აძლევს საშუალებას, განახორციელოს ეფექტური დამაბალანსებელი ქმედებები, მან შეიძლება გამოიყენოს ალტერნატიული ზომა, მათ შორის, საბალანსო მომსახურებები, რომლებიც მტკიცდება კომისიის მიერ. ამგვარი ალტერნატიული ზომის გამოყენების შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს შემდგომი სახელშეკრულებო პირობები, ასევე მოქმედი ფასი და ვადები.

 

მუხლი 49. დროებითი უბალანსობის საფასური

1. იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია ამ დანართის 45-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიებების განხორციელება, ფასის განსაზღვრა შეიძლება განხორციელდეს ამ დანართის 46-ე მუხლში მითითებული ანგარიშის მიხედვით და აღნიშნული ფასწარმოქმნა ანაცვლებს დღიური უბალანსობის საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიას.

2. განსაზღვრული ფასი შეიძლება დაეფუძნოს კომისიის მიერ ამ წესების შესაბამისად დადგენილ ფასს, საბაზრო ფასის შეფასებულ მნიშვნელობას ან საბალანსო პლატფორმაზე ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილ ფასს.

3. საბაზრო ფასის შეფასებული მნიშვნელობა უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანართის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრულ პირობებს. აღნიშნული ფასის სტრუქტურა უნდა ითვალისწინებდეს ბაზარზე მანიპულაციების პოტენციურ რისკს.

 

მუხლი 50. დასაშვები ცდომილება

1. დასაშვები ცდომილება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სისტემით მოსარგებლეებს არ აქვთ წვდომა:

ა) საკმარისი ლიკვიდურობის მქონე მოკლევადიან საბითუმო ბუნებრივი გაზის ბაზარზე;

ბ) გაზზე, რომელიც აუცილებელია ბუნებრივი გაზის მიწოდება-მოთხოვნის მოკლევადიანი ცვლილების დასაკმაყოფილებლად; ან

გ) მათგან ტრანსპორტირების სისტემაში მიღებული და სისტემიდან მათზე გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობების შესახებ ინფორმაციაზე.

2. დასაშვები ცდომილება გამოიყენება:

ა) სისტემით მოსარგებლეთა დღიური უბალანსობის ოდენობასთან მიმართებაში;

ბ) გამჭვირვალობის და არადისკრიმინაციულობის პრინციპების საფუძველზე;

გ) მხოლოდ აუცილებლობის ფარგლებში და მინიმალური ხანგრძლივობით.

3. დასაშვები ცდომილების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს საანგარიშო დღეს სისტემით მოსარგებლის მთლიანი დღიური უბალანსობის ოდენობასთან ან მის ნაწილთან დაკავშირებული ხარჯი ზღვრული გაყიდვის ან შესყიდვის ფასთან მიმართებაში.

4. დასაშვები ცდომილება უნდა იყოს ბუნებრივი გაზის ის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ყიდვა ან გაყიდვა შეუძლია თითოეულ სისტემით მოსარგებლეს საშუალო შეწონილ ფასად. იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილი ბუნებრივი გაზის ოდენობა, რომელიც შეადგენს თითოეული სისტემით მოსარგებლის დღიურ უბალანსობას, აჭარბებს დასაშვები ცდომილების დონეს, მისი გაყიდვა ან ყიდვა უნდა განხორციელდეს ზღვრული გაყიდვის ან შესყიდვის ფასით.

5. დასაშვები ცდომილების სტრუქტურა:

ა) უნდა ასახავდეს ტრანსპორტირების სისტემის მოქნილობასა და სისტემით მოსარგებლის საჭიროებებს;

ბ) უნდა ასახავდეს სისტემით მოსარგებლის რისკის დონეს მისგან ტრანსპორტირების სისტემაში მიღებული და სისტემიდან მასზე გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობების დაბალანსების მართვისას;

გ) არ უნდა აფერხებდეს მოკლევადიანი საბითუმო ბუნებრივი გაზის ბაზრის განვითარებას;

დ) არ უნდა იწვევდეს ტრანსპორტირების ლიცენზიატის დამაბალანსებელი ქმედებების ხარჯების შეუსაბამოდ გადაჭარბებულ ზრდას.

6. დასაშვები ცდომილება უნდა გაანგარიშდეს თითოეული სისტემით მოსარგებლისგან ტრანსპორტირების სისტემაში მიღებული და მასზე სისტემიდან გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობების საფუძველზე, გარდა თითოეული საანგარიშო დღისთვის ვირტუალურ სავაჭრო პუნქტში ნავაჭრი ოდენობებისა. დასაშვები ცდომილების ქვეკატეგორიები უნდა განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობით.

7. არადღიური აღრიცხვის დროს ტრანსპორტირების სისტემიდან გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობისთვის დასაშვები ცდომილების დონე, რომელიც განისაზღვრება კომისიის მიერ, უნდა ეფუძნებოდეს სისტემით მოსარგებლეზე ტრანსპორტირების სისტემიდან გაცემული არადღიურად აღრიცხული ბუნებრივი გაზის ოდენობების შესაბამის პროგნოზსა და შესაბამის მიკუთვნებას შორის სხვაობას.

8. არადღიური აღრიცხვის დროს დასაშვები ცდომილება შეიძლება შეიცავდეს კომპონენტს, რომელიც გაანგარიშდება სისტემით მოსარგებლეზე ტრანსპორტირების სისტემიდან გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობის პროგნოზიდან გადახრის გათვალისწინებით. აღნიშნული კომპონენტი წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ოდენობას, რომლითაც შესაბამისი პროგნოზი:

ა) აჭარბებს ტრანსპორტირების სისტემიდან გაცემული ბუნებრივი გაზის მიკუთვნებულ ოდენობას იმ შემთხვევაში, თუ დღიური უბალანსობის ოდენობა დადებითია;

ბ) ნაკლებია ტრანსპორტირების სისტემიდან გაცემული ბუნებრივი გაზის მიკუთვნებულ ოდენობაზე, თუ დღიური უბალანსობის ოდენობა უარყოფითია.

 

თავი XI. საბოლოო და გარდამავალი დებულებები

 

მუხლი 51. ტრანსპორტირების ლიცენზიატის ზედმეტი მოქნილობისგან გათავისუფლება

1. თუ 2020 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობით არსებობდა მოქნილობის გრძელვადიანი შეთანხმებები, რომლებიც ტრანსპორტირების ლიცენზიატს ანიჭებს უფლებას გასცეს ან მიიღოს ბუნებრივი გაზის კონკრეტული მოცულობები, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა მიიღოს სათანადო ზომები მოქნილობის ოდენობის შესამცირებლად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოქნილობის ოდენობის შემცირებისას ტრანსპორტირების ლიცენზიატმა მხედველობაში უნდა მიიღოს მოკლევადიანი სტანდარტიზებული პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობა.

3. მოქნილობის ოდენობის შემცირება შეიძლება:

ა) არსებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, თუ იგი შეიცავს დებულებებს ბუნებრივი გაზის იმ ოდენობის შემცირების შესახებ, რომელზეც აღებული იყო ვალდებულება ან/და თუ არსებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მისი შეწყვეტის უფლებას; ან

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელშეკრულებო უფლებების არარსებობის შემთხვევაში:

ბ.ა) მოქნილობის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები გავლენას არ ახდენს ხელშეკრულების მოქმედების ვადასა და პირობებზე;

ბ.ბ) ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა განიხილონ დამატებითი ღონისძიებები, რათა ბაზარზე დააბრუნონ ბუნებრივი გაზის ნებისმიერი ჭარბი ოდენობა, რომელიც არ არის საჭირო დაბალანსების მიზნებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სხვა სისტემით მოსარგებლეთათვის მეტი მოქნილობა.

4. თუ მოქმედი ხელშეკრულება ითვალისწინებს ზედმეტი მოქნილობის შემცირებას, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა შეამციროს ამგვარი მოქნილობა შესაძლებლობისთანავე, გონივრულობის ფარგლებში.

5. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა კონსულტაცია უნდა გაიაროს დაინტერესებულ მხარეებთან დროებითი ღონისძიებების სახით განსახორციელებელ კონკრეტულ წინადადებებთან დაკავშირებით, მოქმედი გრძელვადიანი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი ზედმეტი მოქნილობისგან გათავისუფლების მიზნით.

6. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია მისი დამაბალანსებელი ქმედებების შესახებ, რომლებიც განხორციელებულია მოქმედი გრძელვადიანი ხელშეკრულების შესაბამისად.

7. კომისია უფლებამოსილია, დააწესოს სამიზნე მაჩვენებლები იმ პროპორციებთან მიმართებაში, რომლითაც უნდა შემცირდეს გრძელვადიანი ხელშეკრულებები მოკლევადიანი საბითუმო ბუნებრივი გაზის ბაზარზე ლიკვიდურობის გაზრდის მიზნით.

 

მუხლი 52. გარდამავალი დებულებები

1. კომისია უფლებამოსილია ნება დართოს ტრანსპორტირების ლიცენზიატს, მისი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოს წინამდებარე დანართის დებულებებთან შესაბამისობა 2020 წლის 12 დეკემბრიდან ოცდაოთხი თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ტრანსპორტირების ლიცენზიატი არ მიმართავს ამ დანართის X თავში მითითებულ დროებით ღონისძიებებს. იმ შემთხვევაში, თუ კომისია გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, წინამდებარე დანართი არ გავრცელდება ამ ტრანსპორტირების ლიცენზიატის დაბალანსების ზონის ფარგლებში, იმ მოცულობითა და გარდამავალი პერიოდის ხანგრძლივობით, რომელიც დადგინდება კომისიის გადაწყვეტილებით.

2. კომისიამ უნდა მიიღოს და გამოაქვეყნოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება ასეთი მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის ვადაში. ამგვარი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.“.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-4 - მე-9 პუნქტებისა და მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დანართი  №4-ის პირველი - 51-ე მუხლებისა  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-4 - მე-9 პუნქტები და მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დანართი  №4-ის პირველი - 51-ე მუხლები ამოქმედდეს 2020 წლის 12 დეკემბრიდან.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე