საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ გაეროს კონვენცია

საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ გაეროს კონვენცია
დოკუმენტის ნომერი UN-X-10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/04/1980
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/1995
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016619
UN-X-10
11/04/1980
ვებგვერდი, 16/09/2020
480610000.03.030.016619
საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ გაეროს კონვენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ გაეროს კონვენცია

ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები,

მხედველობაში იღებენ ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესის შემოღების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მეექვსე სპეციალური სესიის რეზოლუციების საერთო მიზნებს,

მიაჩნიათ, რომ თანასწორობისა და ურთიერთხელსაყრელი პირობების საფუძველზე საერთაშორისო ვაჭრობის განვითარება არის სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობის განვითრებისათვის ხელშეწყობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი,

მიაჩნიათ, რომ ერთგვაროვანი ნორმების შემოღება, რომელიც მოაწესრიგებს საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებს და გაითვალისწინებს სხვადასხვა საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და სამართლებრივ სისტემებს, ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობაში სამართლებრივი ბარიერების თავიდან აცილებას და საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


ნაწილი I

გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები

თავი I. გამოყენების სფერო

მუხლი 1

1. ეს კონვენცია გამოიყენება საქონლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების მიმართ იმ მხარეებს შორის, რომელთა კომერციული საწარმოებიც სხვადასხვა სახელმწიფოებში მდებარეობენ:

ა) როდესაც ეს სახელმწიფოები ხელშემკვრელი სახელმწიფოები არიან; ან

ბ) როდესაც საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმების თანახმად, გამოყენებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობა.

2. ის გარემოება, რომ მხარეთა კომერციული საწარმოები იმყოფებიან სხვადასხვა სახელმწიფოებში, არ მიიღება მხედველობაში, როდესაც ხელშეკრულების დადებამდე ან დადების მომენტში, აღნიშნული არ გამომდინარეობს არც ხელშეკრულებიდან, არც მხარეებს შორის საქმიანი ურთიერთობიდან  ან მხარეთა მიერ გაზიარებული ინფორმაციიდან.

3. წინამდებარე კონვენციის გამოყენების განსაზღვრისას, მხედველობაში არ მიიღება არც მხარეთა ეროვნული კუთვნილება, არც მათი ან ხელშეკრულების მოქალაქეობრივი ან სავაჭრო მახასიათებელი.

მუხლი 2

ეს კონვენცია არ გამოიყენება:

ა) იმ საქონლის გაყიდვისას, რომელსაც იძენენ პირადი, ოჯახური ან საყოფაცხოვრებო გამოყენების მიზნით, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გამყიდველმა ნებისმიერ დროს, ხელშეკრულების დადებამდე ან ხელშეკრულების დადების მომენტში, არ იცოდა და არც ვალდებული იყო სცოდნოდა, რომ საქონელი ამ მიზნით შეიძინეს;

ბ) აუქციონზე გაყიდვისას;

გ) სააღმსრულებლო წარმოების წესით ან კანონის ძალით;

დ) საფონდო ქაღალდების, აქციების, უზრუნველყოფითი ქაღალდების, ბრუნვითი დოკუმენტებისა და ფულის გაყიდვისას;

ე) წყლისა და საჰაერო სატრანსპორტო ხომალდების, აგრეთვე ჰაერის ბალიშის პრინციპით მომუშავე ხომალდების გაყიდვისას;

ვ) ელექტროენერგიის გაყიდვისას.

მუხლი 3

1. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებად ითვლება იმ საქონლის მიწოდებაზე დადებული ხელშეკრულება, რომელიც მზადდება ან იწარმოება, თუ საქონლის დამკვეთი მხარე არ კისრულობს ასეთი საქონლის დამზადებისათვის ან წარმოებისათვის საჭირო მასალის მნიშვნელოვანი ნაწილის მიწოდების ვალდებულებას.

2. წინამდებარე კონვენცია არ გამოიყენება იმ ხელშეკრულებათა მიმართ, რომლებშიც საქონლის მიმწოდებელი მხარის ვალდებულებებს ძირითადად წარმოადგენს სამუშაოთა შესრულება ან სხვა სახის მომსახურება.

მუხლი 4

წინამდებარე კონვენცია აწესრიგებს მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებას და გამყიდველისა და მყიდველის იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებსაც ეს ხელშეკრულება წარმოშობს. კერძოდ,

რადგანაც კონვენციაში სხვა რამ პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, იგი არ ეხება:

ა) თვით ხელშეკრულების ან მისი რომელიმე დებულების ან ჩვეულების ძალაში ყოფნას;

ბ) შედეგებს, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ხელშეკრულებას გაყიდულ საქონელზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით.

მუხლი 5

წინამდებარე კონვენცია არ ეხება გამყიდველის პასუხისმგებლობას ჯანმრთელობისათვის საქონლით მიყენებული ზიანის გამო ან რომელიმე პირის სიკვდილის გამო.

მუხლი 6

მხარეებს შეუძლიათ არ გამოიყენონ წინამდებარე კონვენცია ან, მე-12 მუხლის დაცვის პირობით, გადაუხვიონ მის ნებისმიერ დებულებას ან შეცვალონ მისი მოქმედება.

 

თავი II. ზოგადი დებულებები

მუხლი 7

1. ამ კონვენციის განმარტებისას სათანადო მნიშვნელობა ენიჭება მის საერთაშორისო ხასიათს, მის გამოყენებაში ერთგვაროვნობის მიღწევისა და საერთაშორისო ვაჭრობაში კეთილსინდისიერების დაცვისათვის ხელშეწყობის აუცილებლობას.

2. საკითხები, რომლებიც განეკუთვნებიან ამ კონვენციის რეგულირების საგანს და რომლებიც პირდაპირ არ არის მასში გადაჭრილი, გადაწყდება ზოგადი პრინციპების შესაბამისად, რომელთაც ეს კონვენცია ემყარება, ხოლო თუ ასეთი პრინციპები არ არსებობს - სამართლის შესაბამისად, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმების თანახმად.

მუხლი 8

1. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის მხარის განცხადება ან სხვაგვარი მოქმედება განიხილება მისი განზრახვის შესაბამისად, თუ მეორე მხარემ იცოდა ან არ შეიძლება სცოდნოდა, როგორი იყო ეს განზრახვა.

2. თუ წინა პუნქტი არ გამოიყენება, მაშინ მხარის განცხადებას ან სხვაგვარ მოქმედებას განიხილავენ იმის შესაბამისად, თუ როგორ გაიგებდა ამას გონიერი პიროვნება, რომელიც იმოქმედებდა იმავე სახით, როგორც მეორე მხარე ანალოგიურ ვითარებაში.

3. მხარის განზრახვის განსაზღვრისას ან იმის განსაზღვრისას, თუ როგორ გაიგებდა ამას გონიერი პიროვნება, აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული ყველა შესაბამისი გარემოება, მოლაპარაკების, ნებისმიერი პრაქტიკის ჩათვლით, რომელიც მხარეებმა დანერგეს თავიანთ ურთიერთობაში, ჩვეულებანი და მხარეთა სხვა ნებისმიერი შემდგომი მოქმედება.

მუხლი 9

1. მხარეები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ნებისმიერი ჩვეულება, რომლის შესახებაც მათ შორის არსებობს შეთანხმება და პრაქტიკა, რომელიც დანერგეს ერთმანეთთან ურთიერთობაში.

2. როდესაც არ არსებობს რაიმე სხვა შეთანხმება, მიჩნეულია, რომ მხარეები გულისხმობდნენ მათი ხელშეკრულების ან მისი დადების მიმართ იმ ჩვეულების გამოყენებას, რომელიც იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ, და რომელიც საერთაშორისო ვაჭრობაში  მხარეთათვის ფართოდ ცნობილი და მხარეთა მიერ კონკრეტულ ვაჭრობაში ჩართული ტიპის კონტრაქტებთან მიმართებით რეგულარულად შესრულებადია.

მუხლი 10

წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:

ა) თუ მხარეს აქვს ერთზე მეტი კომერციული საწარმო, მის კომერციულ საწარმოდ ითვლება ის, რომელიც მოქმედებს იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც ცნობილია მხარეებისათვის ან ივარაუდება მათ მიერ ნებისმიერ დროს ხელშეკრულების დადებამდე ან დადების მომენტში და აქვს ყველაზე მჭიდრო კავშირი ხელშეკრულებასთან ან მის შესრულებასთან;

ბ) თუ მხარეს კომერციული საწარმო არა აქვს, მხედველობაში მიიღება მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

მუხლი 11

აუცილებელი არ არის, რომ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებული ან დამტკიცებული იყოს წერილობითი ფორმით ან ექვემდებარებოდეს ფორმასთან დაკავშირებით სხვა მოთხოვნას. იგი შეიძლება დამტკიცდეს ნებისმიერი საშუალებებით, მოწმეთა ჩვენებების ჩათვლით.

მუხლი 12

წინამდებარე კონვენციის მე-11, მე-19 მუხლების ან II ნაწილის ნებისმიერი დებულება, რომელიც უშვებს, რომ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, მისი შეცვლა ან შეწყვეტა მხარეთა შეთანხმებით ან ოფერტა, აქცეპტი ან განზრახვის სხვა ნებისმიერი გამოხატულება განხორციელდა არა წერილობით, არამედ სხვა ნებისმიერი ფორმით, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში თავისი კომერციული საწარმო აქვს თუნდაც ერთ მხარეს, რომელმაც გააკეთა განცხადება ამ კონვენციის 96-ე მუხლის საფუძველზე. მხარეები ვერ გადაუხვევენ აღნიშნულ მუხლს ან ვერ შეცვლიან მის მოქმედებას.

მუხლი 13

წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის „წერილობით ფორმაში“ აგრეთვე იგულისხმება შეტყობინება ტელეგრაფითა და ტელეტაიპით.

 

ნაწილი II

ხელშეკრულების დადება

მუხლი 14

1. ერთი ან რამდენიმე კონკრეტული პირისადმი შეთავაზებული წინადადება ხელშეკრულების დადების თაობაზე წარმოადგენს ოფერტას, თუ იგი საკმაოდ გარკვეული ხასიათისაა და გამოხატავს ოფერენტის განზრახვას ვალდებულად გრძნობდეს თავს აქცეპტის შემთხვევაში. წინადადება საკმაოდ კონკრეტულად ითვლება, თუ მასში აღნიშნულია საქონელი და პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენილია რაოდენობა და ფასი ან გათვალისწინებულია მათი განსაზღვრის წესი.

2. პირთა გაურკვეველი წრისადმი შეთავაზებული წინადადება განიხილება მხოლოდ როგორც მოწვევა ოფერტზე, თუ პირდაპირ სხვა რამ არ არის მითითებული იმ პირის მიერ, ვისგანაც მოდის ამგვარი წინადადება.

მუხლი 15

1. ოფერტა ძალაში შედის, როდესაც მას მიიღებს ოფერტის ადრესატი.

2. მაშინაც კი, როდესაც ოფერტა არ ექვემდებარება გამოთხოვას, იგი შეიძლება გააუქმოს ოფერენტმა, თუ შეტყობინება გაუქმების შესახებ ოფერტის ადრესატის მიერ მიღებულია უფრო ადრე ვიდრე თვით ოფერტა, ან მიღებულია მასთან ერთდროულად.

მუხლი 16

1. სანამ ხელშეკრულება დადებული არ არის, ოფერტა შეიძლება უკან გამოითხოვოს ოფერენტმა, თუ შეტყობინება გამოთხოვის შესახებ მიღებულია ოფერტის ადრესატის მიერ მანამ, სანამ იგი აქცეპტს გაგზავნის.

2. მიუხედავად ამისა, ოფერტის გამოთხოვა არ შეიძლება:

ა) თუ აქცეპტისათვის გარკვეული ვადის დანიშვნის გზით ან სხვაგვარად, ოფერტაში მითითებულია, რომ იგი გამოთხოვას არ ექვემდებარება;

ბ) თუ ოფერტას ადრესატისთვის გონივრული იყო ოფერტა განეხილა, როგორც გამოუხმობელი და ოფერტის ადრესატი შესაბამისად მოქმედებდა.

მუხლი 17

მაშინაც კი, როდესაც ოფერტა გამოთხოვას ექვემდებარება, იგი ძალას კარგავს ოფერენტის მიერ ოფერტის უარყოფის თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე.

მუხლი 18

1. ოფერტის ადრესატის განცხადება ან სხვა მოქმედება, რომლითაც იგი ეთანხმება ოფერტას, არის აქცეპტი. დუმილი ან უმოქმედობა თავისთავად არ არის აქცეპტი.

2. ოფერტის აქცეპტი ძალაში შედის იმ მომენტში, როდესაც აღნიშნული თანხმობა  მიღებულია ოფერენტის მიერ. აქცეპტს ძალა არა აქვს, თუ ოფერენტი არ იღებს აღნიშნულ თანახმობას დადგენილ ვადაში, ხოლო თუ ვადა დადგენილი არ არის - გონივრულ ვადაში, ამავდროულად, მხედველობაში მიიღება გარიგების პირობები, მათ შორის ოფერენტის მიერ კავშირის საშუალებათა გამოყენების სისწრაფე. ზეპირი ოფერტა აქცეპტირებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ, თუ გარემოებებს სხვა რამ არ მოჰყვება.

3. მაგრამ თუ ოფერტის ძალით ან იმ პრაქტიკის შედეგად, რომელიც დაადგინეს მხარეებმა თავიანთ ურთიერთობაში ან ჩვეულების თანახმად, ოფერტის ადრესატს შეუძლია ოფერენტისათვის შეუტყობინებლად გამოხატოს თანხმობა რაიმე მოქმედების შესრულების გზით, კერძოდ მოქმედებით, რომელიც განეკუთვნება საქონლის გაგზავნას ან ფასის გადახდას, აქცეპტი ძალაში შედის ასეთი მოქმედების შესრულების მომენტში იმ პირობით, რომ იგი შესრულებულია წინა პუნქტში გათვალისწინებული ვადების ფარგლებში.

მუხლი 19

1. პასუხი ოფერტაზე, რომელიც მიზნად ისახავს აქცეპტის როლის შესრულებას, მაგრამ შეიცავს დამატებებს, შეზღუდვებს ან სხვა ცვლილებებს, არის აქცეპტის უარყოფა და წარმოადგენს შემხვედრ ოფერტას.

2. თუმცა პასუხი ოფერტაზე, რომელიც მიზნად ისახავს აქცეპტის როლის შესრულებას, მაგრამ შეიცავს დამატებით ან განსაკუთრებულ პირობებს, რომლებიც არსებითად არ ცვლის ოფერტის პირობებს, წარმოადგენს აქცეპტს, თუ ოფერენტი გაუმართლებელი შეყოვნების გარეშე ზეპირად არ გამოთქვამს აზრს ამ განსხვავებათა წინააღმდეგ და ამის შესახებ შეტყობინებას არ გაგზავნის, მაშინ ხელშეკრულების პირობები იქნება ოფერტის პირობები იმ ცვლილებებით, რომლებსაც შეიცავს აქცეპტი.

3. მიჩნეულია, რომ დამატებითი ან განსხვავებული პირობები, მათ შორის საქონლის ფასთან, გადახდასთან, ხარისხსა და რაოდენობასთან, მიწოდების ადგილსა და ვადასთან, ერთ-ერთი მხარის პასუხისმგებლობის ზომასთან მეორის წინაშე ან დავის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, არსებითად ცვლიან ოფერტის პირობებს.

მუხლი 20

1. ოფერენტის მიერ აქცეპტისათვის დადგენილი ვადა დეპეშის ან წერილის საშუალებით იწყება იმ მომენტიდან, როდესაც დეპეშა ჩაბარებულია გასაგზავნად ან წერილში აღნიშნული თარიღიდან ან, თუ ასეთი თარიღი მითითებული არ არის, კონვერტზე აღნიშნული თარიღიდან. ოფერენტის მიერ აქცეპტისათვის დადგენილი ვადა ტელეფონის, ტელეტაიპის ან მომენტალური კავშირის სხვა საშუალებებით, იწყება ადრესატის მიერ ოფერტის მიღების მომენტიდან.

2. აქცეპტისათვის დადგენილი ვადიდან არ გამოირიცხება სახელმწიფო დღესასწაულები და არასამუშაო დღეები, მაგრამ თუ აქცეპტის შესახებ შეტყობინება ვერ აღწევს ადრესატამდე დადგენილი ვადის უკანასკნელ დღეს იმის გამო, რომ ეს დღე ოფერენტის კომერციული საწარმოს მდებარეობის ადგილას სახელმწიფო დღესასწაულად ან არასამუშაო დღედ არის გამოცხადებული, ვადა გადაიწევს შემდგომ პირველ სამუშაო დღემდე.

მუხლი 21

1. დაგვიანებული აქცეპტი მაინც ინარჩუნებს აქცეპტის ძალას, თუ ოფერენტი ოფერტის ადრესატს დაუყოვნებლივ ზეპირად აცნობებს ამის შესახებ ან გაუგზავნის მას შესაბამის შეტყობინებას.

2. როდესაც წერილიდან ან სხვა წერილობითი შეტყობინებებიდან, რომელიც დაგვიანებულ აქცეპტს შეიცავს, ჩანს, რომ იგი გაიგზავნა ისეთ ვითარებაში, რომ ნორმალურ პირობებში გაგზავნისას დროულად მიაღწევდა ადრესატამდე, დაგვიანებული აქცეპტი ინარჩუნებს აქცეპტის ძალას, თუ ოფერენტი დაუყოვნებლივ ზეპირად არ აცნობებს ოფერენტის ადრესატს, რომ იგი თავის ოფერტას ძალადაკარგულად თვლის ან არ გაუგზავნის მას შეტყობინებას ამის შესახებ.

მუხლი 22

აქცეპტი შეიძლება გაუქმებულ იქნეს თუ შეტყობინება გაუქმების შესახებ ოფერენტმა მიიღო იმ მომენტზე ადრე ან იმ მომენტში, როდესაც აქცეპტი უნდა შესულიყო.

მუხლი 23

ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ ოფერტის აქცეპტი ძალაში შედის ამ კონვენციის დებულებათა თანახმად.

მუხლი 24

ამ კონვენციის II ნაწილის მიზნებისათვის ოფერტა, განცხადება აქცეპტის შესახებ ან განზრახვის სხვა ნებისმიერი გამოხატვა ითვლება ადრესატის მიერ „მიღებულად“, როდესაც მას ამას აცნობებენ ზეპირად ან პირადად გადასცემენ ნებისმიერი საშუალებით, მის კომერციულ საწარმოში ან საფოსტო მისამართზე, თუ მას კომერციული საწარმო ან საფოსტო მისამართი არა აქვს, - მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე.

 

ნაწილი III

საქონლის ყიდვა-გაყიდვა

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 25

ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევა არსებითია, თუ ამას მოჰყვა მეორე მხარის ისეთი ზიანი, რომ ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანწილად კარგავს იმას, რისი იმედიც ხელშეკრულების საფუძველზე სამართლიანად უნდა ჰქონოდა, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ხელშეკრულების დამრღვევი მხარე ვერ ითვალისწინებდა ასეთ შედეგს და გონიერი პიროვნება მის ადგილზე ანალოგიურ ვითარებაში ვერ გაითვალისწინებდა ამას.

მუხლი 26

ხელშეკრულების დარღვევის შესახებ განცხადებას მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, თუ იგი შეატყობინეს მეორე მხარეს.

მუხლი 27

ვინაიდან კონვენციის III ნაწილში სხვა რამ პირდაპირ არ გაითვალისწინება, იმ შემთხვევაში თუ შეტყობინება, მოთხოვნა ან სხვა ცნობა მხარის მიერ გადაცემულია ან გაკეთებულია III ნაწილის დებულებათა შესაბამისად და ვითარების შესაფერისი საშუალებებით, ცნობის დაყოვნება ან გადაცემისას დაშვებული შეცდომა ან მისი დანიშნულებისამებრ არჩაბარება ამ მხარეს არ ართმევს უფლებას თავისი შეტყობინება დაიმოწმოს.

მუხლი 28

თუ ამ კონვენციის დებულებათა შესაბამისად ერთ-ერთ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს მეორე მხარისგან რაიმე ვალდებულების შესრულება, სასამართლო ვალდებული არ არის გამოიტანოს გადაწყვეტილება ნატურით აღსრულების შესახებ, გარდა იმ შემთხვევევბისა, როდესაც იგი ამას გააკეთებდა თავისი საკუთარი კანონის საფუძველზე ყიდვა-გაყიდვის ანალოგიური ხელშეკრულებების მიმართ, რომლებსაც ეს კონვენცია არ აწესრიგებს.

მუხლი 29

1. ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს ან მისი მოქმედება შეწყდეს მხარეთა უბრალო შეთანხმებით.

2. წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს დებულებას, რომ მისი ნებისმიერი შეცვლა ან შეწყვეტა მხარეებმა განახორციელონ წერილობითი ფორმით, არ შეიძლება სხვაგვარად შეიცვალოს ან შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით. მაგრამ მხარის მოქმედებამ შეიძლება გამორიცხოს მისთვის შესაძლებლობა დაიმოწმოს აღნიშნული დებულება იმდენად, რამდენადაც მეორე მხარე ითვალისწინებდა ასეთ მოქმედებას.

 

თავი II. გამყიდველის ვალდებულებები

მუხლი 30

გამყიდველი ვალდებულია მყიდველს მიაწოდოს საქონელი, გადასცეს შესაბამისი დოკუმენტები და გადასცეს საქონელზე საკუთრების უფლება ხელშეკრულებისა და ამ კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

კარი I

საქონლის მიწოდება და დოკუმენტების გადაცემა

მუხლი 31

თუ გამყიდველი ვალდებული არ არის საქონელი მიიტანოს რომელიმე სხვა გარკვეულ ადგილას, მიწოდებასთან დაკავშირებით იგი ვალდებულია:

ა) თუ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ითვალისწინებს საქონლის გადაზიდვას - გადასცეს საქონელი პირველსავე გადამზიდველს მყიდველისათვის ჩასაბარებლად;

ბ) იმ შემთხვევებში, რომლებიც არ ექვემდებარება წინა ქვეპუნქტის მოქმედებას, ხელშეკრულება ეხება გარკვეული ინდივიდუალური თვისებების მქონე საქონელს ან არაინდივიდუალიზირებულ საქონელს, რომელიც აღებული უნდა იყოს გარკვეული მარაგიდან ან დამზადებული ან წარმოებული უნდა იქნეს და მხარეებმა ხელშეკრულების დადების მომენტში იცოდნენ, რომ საქონელი ინახება ან წარმოებული ან დამზადებული უნდა იქნეს გარკვეულ ადგილზე - მყიდველს მის განკარგულებაში უნდა გადასცეს საქონელი ამ ადგილზე;

გ) სხვა შემთხვევებში იგი ვალდებულია მყიდველს მის განკარგულებაში გადასცეს საქონელი იმ ადგილზე, სადაც ხელშეკრულების დადების მომენტში იმყოფებოდა გამყიდველის კომერციული საწარმო.

მუხლი 32

1. თუ გამყიდველი ხელშეკრულების ან ამ კონვენციის შესაბამისად საქონელს გადასცემს გადამზიდველს და თუ საქონელი მკვეთრად იდენტიფიცირებული არ არის ხელშეკრულების მიზნებისათვის მარკირების გზით. გადაზიდვის დოკუმენტების საშუალებით ან სხვაგვარად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს შეტყობინება აღნიშნული საქონლის გაგზავნის შესახებ.

2. თუ გამყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის გადაზიდვა, მან უნდა დადოს ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც აუცილებელია საქონლის გადასაზიდად დანიშნულების ადგილზე ამ გარემოებისათვის შესაფერისი ტრანსპორტირების საშუალებებით და ასეთი ტრანსპორტირებისათვის ჩვეულებრივი პირობებით.

3. თუ გამყიდველი ვალდებული არ არის საქონელი დააზღვიოს მისი გადაზიდვისას, მან მყიდველის თხოვნით უნდა გადასცეს მას ყველა არსებული ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია, რათა მყიდველმა ასეთი დაზღვევა განახორციელოს.

მუხლი 33

გამყიდველმა საქონელი უნდა მიაწოდოს მყიდველს:

ა) თუ ხელშეკრულება ადგენს ან საშუალებას იძლევა განისაზღვროს მიწოდების ვადა - ამ ვადაში;

ბ) თუ ხელშეკრულება ადგენს ან საშუალებას იძლევა განისაზღვროს დროის მონაკვეთი, რომელიც საჭიროა საქონლის მისაწოდებლად - ამ პერიოდის ნებისმიერ მომენტში, რადგანაც გარემოებიდან არ გამომდინარეობს, რომ მიწოდების ვადას ადგენს მყიდველი; ან

გ) სხვა ნებისმიერ შემთხვევაში - ხელშეკრულების დადების შემდეგ გონივრულ ვადაში.

მუხლი 34

თუ გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს საქონელთან დაკავშირებით დოკუმენტები, მან ეს უნდა გააკეთოს იმ ვადაში, იმ ადგილზე და იმ ფორმით, რომელსაც მოითხოვს ხელშეკრულება. თუ გამყიდველმა დოკუმენტები აღნიშნულ ვადაზე ადრე გადასცა, მას შეუძლია ამ ვადის გასვლამდე გამოასწოროს ნებისმიერი შეუსაბამობა დოკუმენტებში იმ პირობით, რომ მის მიერ ამ უფლების განხორციელება მყიდველს არ ჩააყენებს უხერხულობაში ან არაგონივრულ ხარჯებს არ გამოიწვევს, თუმცა მყიდველი ინარჩუნებს უფლებას მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება ამ კონვენციის შესაბამისად.

 

კარი II

საქონლის შესაბამისობა და მესამე პირის უფლება

მუხლი 35

1. გამყიდველმა უნდა მიაწოდოს მყიდველს საქონელი, რომელიც თავისი რაოდენობით, ხარისხითა და აღწერით შეესაბამება ხელშეკრულების მოთხოვნებს და რომელიც ტარასთან ერთად მომზადებულია ან შეფუთულია ისე, როგორც ეს შეესაბამება ხელშეკრულებას.

2. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მხარეები შეთანხმდნენ სხვა რამეზე, საქონელი არ შეესაბამება ხელშეკრულებას:

ა) თუ იგი გამოუსადეგარია იმ მიზნებისათვის, რომლებისთვისაც ჩვეულებრივ გამოიყენება იმავე აღწერილობის საქონელი;

ბ) თუ გამოუსადეგარია ნებისმიერი კონკრეტული მიზნისათვის, რომლის შესახებაც გამყიდველს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით აცნობეს ხელშეკრულების დადების დროს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გარემოებიდან გამომდინარეობს, რომ მყიდველი არ ეყრდნობოდა ან მისთვის არაგონივრული იყო დაყრდნობოდა გამყიდველის კომპეტენტურობასა და მსჯელობას;

გ) თუ არ გააჩნია იმ საქონლის თვისებები, რომელიც გამყიდველმა შესთავაზა მყიდველს ნიმუშის ან მოდელის სახით;

დ) თუ ტარასთან ერთად არ არის მომზადებული ან შეფუთული ამ საქონლისათვის ჩვეულებრივი წესით, რომელიც შეესაბამება ამ საქონლის შენახვისა და დაცვის მიზანს.

3. გამყიდველი პასუხს არ აგებს ა - დ ქვეპუნქტების საფუძველზე საქონლის ნებისმიერ შეუსაბამობაზე, თუ ხელშეკრულების დადების დროს მყიდველმა იცოდა ან არ შეიძლება სცოდნოდა ასეთი შეუსაბამობა.

მუხლი 36

1. გამყიდველი პასუხისმგებელია ხელშეკრულებისა და ამ კონვენციის თანახმად საქონლის ნებისმიერ შეუსაბამობაზე, რომელიც არსებობდა იმ მომენტში, როდესაც რისკი გადადის მყიდველზე, მაშინაც კი, თუ ეს შეუსაბამობა მხოლოდ მოგვიანებით გამოაშკარავდა.

2. გამყიდველი ასევე პასუხისმგებელია საქონლის ნებისმიერ შესაბამობაზე, რომელიც წარმოიშობა წინა პუნქტში მითითებული მომენტის შემდეგ და არის მის მიერ თავისი რომელიმე ვალდებულების დარღვევის შედეგი, ნებისმიერი გარანტიის დარღვევის ჩათვლით იმისა, რომ ამა თუ იმ ვადის განმავლობაში საქონელი გამოსადეგი დარცება ჩვეულებრივი მიზნებისათვის ან რომელიმე კონკრეტული მიზნისათვის ან შეინარჩუნებს განპირობებულ ხარისხსა და თვისებებს.

მუხლი 37

იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი ვადაზე ადრე მიაწოდებს მყიდველს საქონელს, იგი ინარჩუნებს უფლებას გათვალისწინებული ვადის დადგომამდე მიაწოდოს მყიდველს საქონლის ის ნაწილი ან რაოდენობა, რომელიც აკლია ან მიაწოდოს ახალი საქონელი მიწოდებულის ნაცვლად, რომელიც არ შეესაბამება ხელშეკრულებას, ან გამოასწოროს ნებისმიერი შეუსაბამობა მიწოდებულ საქონელში იმ პირობით, რომ მის მიერ ამ უფლების განხორციელება გამყიდველს არ ჩააყენებს უხერხულობაში ან არ გამოიწვევს არაგონივრულ ხარჯებს. თუმცა მყიდველი ინარჩუნებს უფლებას მოითხოვოს მიყენებული ზარალის ანაზღაურება ამ კონვენციის შესაბამისად.

მუხლი 38

1. მყიდველმა უნდა დაათვალიეროს საქონელი ან უზრუნველყოს მისი დათვალიერება ისეთ მოკლ ვადაში, რომელიც პრაქტიკულად შესაძლებელია ასეთ პირობებში.

2. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საქონლის გადაზიდვა, დათვალიერება შიძლება გადაიდოს საქონლის დანიშნულების ადგილზე ჩატანამდე.

3. თუ საქონლის დანიშნულების ადგილი შეიცვალა მისი გზაში ყოფნის პერიოდში ან იგი ხელმეორედ გადაიგზავნა მყიდველის მიერ, ამასთან მყიდველს არ ჰქონდა გონივრული შესაძლებლობა მისი დათვალიერებისა, ხოლო გამყიდველმა ხელშეკრულების დადების მომენტში იცოდა ან უნდა სცოდნოდა ასეთი ცვლილების ან გადაგზავნის შესაძლებლობა, საქონლის დათვალიერება შეიძლება გადაიდოს დანიშნულების ახალ ადგილზე ჩატანამდე.

მუხლი 39

1. მყიდველი კარგავს უფლებას მიუთითოს საქონლის შეუსაბამობაზე, თუ იგი გამყიდველს არ გადასცემს შეტყობინებას, რომელიც შეიცავს მონაცემებს შეუსაბამობის ხასიათის შესახებ, გონივრულ ვადაში მას შემდეგ, რაც შეუსაბამობა აღმოაჩინა ან უნდა აღმოეჩინა მყიდველს.

2. ნებისმიერ შემთხვევაში მყიდველი კარგავს უფლებას მიუთითოს საქონლის შეუსაბამობაზე, თუ იგი გამყიდველს არ გადასცემს შეტყობინებას ამის შესახებ არა უგვიანეს ორი წლის ვადისა იმ თარიღიდან, როდესაც საქონელი ფაქტიურად გადაეცა მყიდველს, რამდენადაც ეს ვადა არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგარანტიო ვადას.

მუხლი 40

გამყიდველს უფლება არა აქვს დაიმოწმოს 38-ე და 39-ე მუხლების დებულებები, თუ საქონლის შეუსაბამობა დაკავშირებულია ფაქტებთან, რომლებიც მან იცოდა ან არ შეიძლება არ სცოდნოდა და რომელთა შესახებაც არ აცნობა მყიდველს.

მუხლი 41

გამყიდველი ვალდებულია მყიდველს მიაწოდოს საქონელი, რომელიც თავისუფალია მესამე პირების ნებისმიერი უფლებისაგან ან მოთხოვნისგან იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მყიდველი დათანხმდა მიეღო საქონელი, რომელიც დამძიმებული იყო ასეთი უფლებებითა და მოთხოვნებით. მაგრამ თუ ასეთი უფლებების ან მოთხოვნების საფუძველია სამრეწველო საკუთრება ან სხვა ინტელექტუალური საკუთრება, მაშინ გამყიდველის უფლებებს აწესრიგებს 42-ე მუხლი.

მუხლი 42

1. გამყიდველი ვალდებულია მყიდველს მიაწოდოს საქონელი, რომელიც თავისუფალია მესამე პირების ნებისმიერი უფლებისგან ან მოთხოვნისგან, რომელთა საფუძველია სამრეწველო საკუთრება ან სხვა ინტელექტუალური საკთრება და რომლის შესახებაც მყიდველმა იცოდა ან არ შეიძლება არ სცოდნოდა ხელშეკრულების დადების მომენტში, იმ პირობით, რომ ასეთი უფლებები ან მოთხოვნები ემყარება სამრეწველო საკუთრებას ან სხვა ინტელექტუალურ საკუთრებას:

ა) იმ სახელმწიფოს კანონით, სადაც საქონელი გადაიყიდება ან სხვაგვარად გამოიყენება, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მხარეები ითვალისწინებენ, რომ საქონელი გადაიყიდება ან სხვაგვარად იქნება გამოყენებული ამ სახელმწიფოში; ან

ბ) ნებისმიერ სხვა შემთხვევაში იმ სახელმწიფოს კანონით, სადაც იმყოფება მყიდველის კომერციული საწარმო.

2. გამყიდველის ვალდებულება, რომელიც გათვალისწინებულია წინა პუნქტში, არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც:

ა) ხელშეკრულების დადების მომენტში მყიდველმა იცოდა ან არ შეიძლება არ სცოდნოდა ასეთი უფლებების ან მოთხოვნების შესახებ;

ბ) ასეთი უფლებები ან მოთხოვნები არის შედეგი გამყიდველის მიერ იმ ტექნიკური ნახაზების, პროექტების, ფორმულირების ან სხვა საწყისი მონაცემების დაცვისა, რომლებიც მყიდველმა გადასცა.

მუხლი 43

1. მყიდველი კარგავს უფლებას დაიმოწმოს 41-ე ან 42-ე მუხლების დებულებები, თუ იგი გამყიდველს არ გადასცემს შეტყობინებას, რომელიც შეიცავს მონაცემებს მესამე პირის უფლებისა და მოთხოვნის შესახებ, გონივრულ ვადაში მას შემდეგ, რაც მან გაიგო ან უნდა გაეგო ასეთი უფლებისა და მოთხოვნის არსებობა.

2. გამყიდველს უფლება არა აქვს დაიმოწმოს წინა პუნქტის დებულებები, თუ მან იცოდა მესამე პირის უფლება ან მოთხოვნა და ამ უფლებისა და მოთხოვნის ხასიათი.

მუხლი 44

მიუხედავად 39-ე მუხლის 1) პუნქტის და 43-ე მუხლის 1) პუნქტის დებულებებისა, მყიდველს შეუძლია დაუკლოს ფასი საქონელს 50-ე მუხლის შესაბამისად ან მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება, დაკარგული სარფის გარდა, თუ აქვს საჭირო შეტყობინების გადაუცემლობის გონივრული გამართლება.

 

კარი III

სამართლებრივი დაცვის საშუალებები გამყიდველის მიერ

ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში

მუხლი 45

1. თუ გამყიდველი არ ასრულებს თავის რომელიმე ვალდებულებას ხელშეკრულების ან ამ კონვენციის თანახმად, მყიდველს შეუძლია:

ა) განახორციელოს 46-52 მუხლებში გათვალისწინებული უფლებები;

ბ) მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება, როგორც ეს გათვალისწინებულია 74-77 მუხლებში.

2. მყიდველის მიერ თავისი უფლებების განხორციელება სამართლებრივი დაცვის სხვა საშუალებებზე უფლებას არ ართმევს მას მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება.

3. არავითარი გადავადება არ შეიძლება მისცეს გამყიდველს სასამართლომ ან არბიტრაჟმა, თუ მყიდველი მიმართავს ხელშეკრულების დარღვევისაგან სამართლებრივი დაცვის რაიმე საშუალებას.

მუხლი 46

1. მყიდველს შეუძლია მოითხოვოს გამყიდველისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, თუ მყიდველმა არ მიმართა სამართლებრივი დაცვის ისეთ საშუალებებს, რომლებიც შეუთავსებელია ასეთ მოთხოვნასთან.

2. თუ საქონელი არ შეესაბამება ხელშეკრულებას, მყიდველს შეუძლია მოითხოვოს საქონლის შეცვლა იმ შემთხვევაში, როდესაც ეს შეუსაბამობა მნიშვნელოვნად არღვევს ხელშეკრულებას და საქონლის შეცვლის მოთხოვნა განცხადებულია 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შეტყობინებასთან ერთდროულად ან მას შემდეგ გონივრულ ვადაში.

3. თუ საქონელი არ შეესაბამება ხელშეკრულებას, მყიდველს შეუძლია მოითხოვოს გამყიდველისაგან გამოასწოროს ეს შეუსაბამობა იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ეს არაგონივრულია ყველა გარემოების გათვალისწინებით. ხელშეკრულებასთან საქონლის შეუსაბამობის გამოსწორების მოთხოვნა განცხადებული უნდა იყოს ან 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შეტყობინებასთან ერთად ან მას შემდეგ გონივრულ ვადაში.

მუხლი 47

1. მყიდველს შეუძლია დააწესოს გონივრული ხანგრძლივობის დამატებითი ვადა, რათა გამყიდველმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებანი.

2. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მყიდველი გამყიდველისგან მიიღებს შეტყობინებას, რომ იგი ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს ამ წესით დადგენილ ვადაში, მყიდველმა ამ ხნის განვალობაში არ უნდა მიმართოს ხელშეკრულების დარღვევისგან სამართლებრივი დაცვის რაიმე საშუალებას. თუმცა მყიდველს ამით არ ერთმევა უფლება მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება შესრულების ვადის გასვლის გამო.

 მუხლი 48

1. თუ დაცულია 49-ე მუხლი, გამყიდველს შეუძლია საქონლის მიწოდების დადგენილი თარიღის შემდეგაც თავისი ხარჯებით გამოასწოროს ნებისმიერი ხარვეზი თავის ვალდებულებათა შესრულებაში, თუ ამის გაკეთება შეუძლია არაგონივრული დაყოვნების გარეშე და ისე, რომ არ გამოიწვიოს მყიდველის არაგონივრული უხერხულობა ან გაურკვევლობა გამყიდველის მიერ მყიდველის ხარჯების კომპენსაციასთან დაკავშირებით, თუმცა მყიდველი ინარჩუნებს უფლებას მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება ამ კონვენციის თანახმად.

2. თუ გამყიდველი სთხოვს მყიდველს აცნობოს, მიიღებს თუ არა შესრულებას და მყიდველი არ შეასრულებს ამ თხოვნას გონივრულ ვადაში, გამყიდველს შეუძლია შეასრულოს ვალდებულება ამ მიმართვაში აღნიშნულ ვადაში. მყიდველმა ამ ხნის განმავლობაში არ უნდა მიმართოს სამართლებრივი დაცვის რაიმე საშუალებას, რომელიც შეუთავსებელია გამყიდველის მიერ თავის ვალდებულებათა შესრულებასთან.

3. თუ გამყიდველი შეატყობინებს მყიდველს, რომ იგი შეასრულებს ვალდებულებას გარკვეულ ვადაში, ითვლება, რომ ასეთი შეტყობინება შეიცავს აგრეთვე თხოვნას მყიდველისადმი აცნობოს თავისი გადაწყვეტილება წინა პუნქტის შესაბამისად.

4. მოთხოვნას ან შეტყობინებას გამყიდველის მხრიდან ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად არა აქვს ძალა, თუ იგი არ მიუღია მყიდველს.

მუხლი 49

1. მყიდველს შეუძლია გამოაცხადოს ხელშეკრულების გაუქმება;

ა) თუ ხელშეკრულებით ან ამ კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა გამყიდველის მიერ მნიშვნელოვნად არღვევს ხელშეკრულებას; ან

ბ) იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი არ მიაწვდის საქონელს 47-ე მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად მყიდველის მიერ დადგენილ დამატებით ვადაში ან განაცხადებს, რომ ვერ მიაწვდის საქონელს ამ წესით დადგენილ ვადაში.

2. თუმცა იმ შემთვხვევებში, როდესაც გამყიდველმა უკვე მიაწოდა საქონელი, მყიდველი კარგავს უფლებას გამოაცხადოს ხელშეკრულების გაუქმება, თუ არ გააკეთებს ამას:

ა) მიწოდების ვადის გასვლასთან დაკავშირებით გონივრულ ვადაში მას შემდეგ, რაც შეიტყობს, რომ საქონლის მიწოდება განხორციელებულია;

ბ) მიწოდების ვადის გასვლის გარდა ხელშეკრულების სხვა ნებისმიერ დარღვევასთან დაკავშირებით - გონივრულ ვადაში:

I) მას შემდეგ, რაც მან შეიტყო არ უნდა შეეტყო ასეთი დარღვევა;

II) 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მყიდველის მიერ დადგენილი დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ, ან მას შემდეგ, რაც გამყიდველი განაცხადებს, რომ ვერ შეასრულებს თავის ვალდებულებებს ამგვარ დამატებით ვადაში; ან

III) 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამყიდველის მიერ მითითებული ნებისმიერი დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ.

მუხლი 50

თუ საქონელი არ შეესაბამება ხელშეკრულებას, მიუხედავად იმისა, ფასი უკვე გადახდილია თუ არა, მყიდველს შეუძლია საქონელს ფასი დააკლოს იმავე პროპორციით, როგორც ფაქტიურად უკვე მიწოდებული საქონლის ღირებულება, რომელიც მას ჰქონდა მიწოდების მომენტში, შეეფარდება ღიღებულებას, რომელიც იმავე მომენტში ექნებოდა ხელშეკრულების შესაბამის საქონელს, მაგრამ თუ გამყიდველი 37-ე ან 48-ე მუხლების შესაბამისად გამოასწორებს ხარვეზებს თავის ვალდებულებათა შესრულებაში ანდა თუ მყიდველი უარს იტყვის გამყიდველის მხრიდან მიიღოს შესრულება ამ მუხლების თანახმად, მყიდველი საქონელს ფასს ვერ დააკლებს.

მუხლი 51

1. თუ გამყიდველი მყიდველს მიაწვდის მხოლოდ საქონლის ნაწილს ანდა თუ მიწოდებული საქონლის მხოლოდ ნაწილი შეესაბამება ხელშეკრულებას, 46-50 მუხლების დებლებების გამოიყენება საქონლის დაკლებული ნაწილის მიმართ ან იმ ნაწილის მიმართ, რომელიც არ შეესაბამება ხელშეკრულებას.

2. მყიდველს შეუძლია გამოაცხადოს ხელშეკრულების მთლიანად გაუქმება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების ნაწილობრივი შეუსრულებლობა ან საქონლის ნაწილობრივი შეუსაბამობა ხელშეკრულებასთან არსებითად არღვევს ხელშეკრულებას.

მუხლი 52

1. თუ გამყიდველი მყიდველს დადგენილ ვადამდე მიაწვდის საქონელს, მყიდველს შეუძლია მიიღოს მიწოდებული საქონელი ან უარი თქვას მის მიღებაზე.

2. თუ გამყიდველი მყიდველს მიაწვდის იმაზე დიდი რაოდენობის საქონელს, ვიდრე ხელსეკრულებით არის გათვალისწინებული, მყიდველს შეუძლია მიიღოს მიწოდებული საქონელი ან უარი თქვას ზედმეტი რაოდენობის მიღებაზე. თუ მყიდველი მთლიანად იღებს მიწოდებულ საქონელს ან ზედმეტი რაოდენობის ნაწილს, მისი ფასი უნდა გადაიხადოს სახელშეკრულებოს განაკვეთის მიხედვით.

 

თავი III. მყიდველის ვალდებულებები

მუხლი 53

მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს საქონლის ფასი და მიიღოს მიწოდებული საქონელი დადებული ხელშეკრულების ან ამ კონვენციის შესაბამისად.

 

კარი I

ფასის გადახდა

მუხლი 54

მყიდველის ვალდებულება გადაიხადოს ფასი შეიცავს ისეთ ღონისძიებებს და ისეთ ფორმალობათა დაცვას, რომლებიც შეიძლება საჭირო იყოს ხელშეკრულების თანახმად ან კანონებისა და დანაწესების თანახმად იმისათვის, რათა შესაძლებელი გახადოს ფასის გადახდა.

მუხლი 55

იმ შემთხვევებში, როდესაც ხელშეკრულება სათანადოდ დადებულია, მაგრამ მასში პირდაპირ ან არაპირდაპირ არ არის დადგენილი ფასი ან არ არის გათვალისწინებული მისი დადგენის წესი, მიიჩნევა, რომ მხარეები, როდესაც არ არსებობს რაიმე სხვა მითითება, ვარაუდობდნენ იმ ფასს, რომელიც ხელშეკრულების დადების დროს ჩვეულებრივ გადაიხდებოდა ასეთ საქონელში, თუ ეს საქონელი იყიდებოდა ანალოგიურ ვითარებაში ვაჭრობის შესაბამის დარგში.

მუხლი 56

თუ ფასი დადგენილია საქონლის წონის მიხედვით, ეჭვის შემთხვევაში, იგი განისაზღვრება ნეტოს წონით.

მუხლი 57

1. თუ მყიდველი ვალდებული არ არის საფასური გადაიხადოს რომელიმე სხვა გარკვეულ ადგილას, მან ფასი უნდა გადაუხადოს გამყიდველს:

ა) გამყიდველის კომერციული საწარმობს მდებარეობის ადგილსა, ან

ბ) თუ ფასის გადახდა უნდა მოხდეს საქონლის ან დოკუმენტების გადაცემის სანაცვლოდ - მათი გადაცემის ადგილას.

2. გადახდასთან დაკავშირებული ხარჯების გაზრდა, რომელიც გამოწვეულია ხელშეკრულების დადების შემდეგ გამყიდველის კომერციული საწარმოს ადგილმდებარეობის შეცვლით, ხდება გამყიდველის ხარჯზე.

მუხლი 58

1. თუ მყიდველი ვალდებული არ არის საფასური გადაიხადოს რომელიმე სხვა კონკრეტულ ვადაში, მაშინ უნდა გადაიხადოს იმ დროს, როდესაც გამყიდველი ხელშეკრულების და ამ კონვენციის თანახმად მყიდველს გადასცემს ან თვით საქონელს ან საქონლის განმკარგულებელ დოკუმენტებს. გამყიდველს შეუძლია საქონლის ან დოკუმენტების გადაცემა განაპირობოს ასეთი გადახდის განხორციელებით.

2. თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს საქონლის გადაზიდვას, გამყიდველს შეუძლია იგი გაგზავნოს იმ პირობების გათვალისწინებით, რომელთა ძალითაც საქონელი ან საქონლის განმკარგულებელი დოკუმენტები მყიდველს სხვაგვარად არ გადაეცემა თუ არა ფასის გადახდის სანაცვლოდ.

3. მყიდველი ვალდებული არ არის გადაიხადოს ფასი მანამ, სანამ შესაძლებლობა არ მიეცემა დაათვალიეროს საქონელი, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მხარეთა მიერ შეთანხმებული მიწოდების ან ფასის გადახდის წესი შეუთავსებელია ასეთი შესაძლებლობის მოლოდინთან.

მუხლი 59

მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ფასი იმ დღეს, რომელიც დადგენილია ან შეიძლაბე დადგენილ იქნეს ხელშეკრულების ან ამ კონვენციის თანახმად, გამყიდველის რაიმე მოთხოვნის ან რაიმე ფორმალობის შესრულების აუცილებლობის გარეშე.

 

კარი II

მიწოდებული საქონლის მიღება

მუხლი 60

მიწოდებული საქონლის მიღებასთან დაკავშირებით მყიდველის მოვალეობაა:

ა) განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რომელთა შესრულების მოლოდინივ გონივრული იქნებოდა, რათა გამყიდველს შესაძლებლობა მიეცეს მიაწოდოს საქონელი; და

ბ) მიიღოს საქონელი.

 

კარი III

სამართლებრივი დაცვის საშუალებები მყიდველის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში

მუხლი 61

1. თუ მყიდველი არ ასრულებს თავის რომელიმე მოვალეობას ხელშეკრულების ან ამ კონვენციის თანახმად, გამყიდველს შეუძლია:

ა) განახორციელოს 62-65 მუხლებით გათვალისწინებული თავისი უფლებები;

ბ) მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება, როგორც ეს გათვალისწინებულია 74-77 მუხლებში.

2. გამყიდველის მიერ თავისი უფლებების განხორციელება სამართლებრივი დაცვის სხვა საშუალებებზე არ ართმევს მას უფლებას მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება.

3. არავითარი გადავადება არ შეიძლება მყიდველს მისცეს სასამართლომ ან არბიტრაჟმა, როდესაც გამყიდველი ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით მიმართავს სამართლებრივი დაცვის საშუალებას.

მუხლი 62

გამყიდველს შეუძლია მყიდველს მოსთხოვოს ფასის გადახდა, მიწოდებული საქონლის მიღება ან სხვა ვალდებულების შესრულება, თუ გამყიდველმა არ მიმართა სამართლებრივი დაცვის საშუალებას, რომელიც შეუთავსებელია ასეთ მოთხოვნასთან.

მუხლი 63

1. გამყიდველს შეუძლია დაუდგინოს მყიდველს მის ვალდებულებათა შესრულებისათვის გონივრული ხანგრძლივობის დამატებითი ვადა.

2. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გამყიდველმა მიიღო შეტყობინება მყიდველისაგან იმის შესახებ, რომ იგი ვერ ასრულებს ვალდებულებას ამ წესით დადგენილ ვადაში, გამყიდველს არ შეუძლია ამ ხნის განმავლობაში მიმართოს ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებული სამართლებრივი დაცვის საშუალებას, თუმცა გამყიდველი ამით არ კარგავს უფლებას მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება შესრულების ვადის გასვლის გამო.

მუხლი 64

1. გამყიდველს შეუძლია გამოაცხადოს ხელშეკრულების გაუქმება:

ა) თუ ხელშეკრულებით ან ამ კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების მყიდველის მიერ შეუსრულებლობა მნიშვნელოვნად არღვევს ხელშეკრულებას; ან

ბ) თუ მყიდველი, 63-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით გამყიდველის მიერ დადგენილ დამატებით ვადაში, არ ასრულებს თავის ვალდებულებას - გადაიხადოს ფასი ან მიიღოს მიწოდებული საქონელი, ანდა აცხადებს, რომ აღნიშნულს ვერ შეასრულებს ამ წესით დადგენილ ვადაში.

2. მაგრამ იმ შემთხვევებში, როდესაც მყიდველმა გადაიხადა ფასი, გამყიდველი კარგავს უფლებას ხელშეკრულება გამოაცხადოს გაუქმებულად, თუ იგი აღნიშნულს არ განახორციელებს:

ა) მყიდველის მხრივ შესრულების ვადის გადაცილებასთან დაკავშირებით იქამდე, სანამ გამყიდველი შეიტყობს, რომ ვალდებულება შესრულდა; ან

ბ) ხელშეკრულების სხვა ნებისმიერ დარღვევასთან დაკავშირებით, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გარდა - გონივრული ვადის განმავლობაში;

i) მას შემდეგ, რაც მან შეიტყო ან უნდა შეეტყო ასეთი დარღვევის შესახებ; ან

ii) 63-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამყიდველის მიერ დადგენილი დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ, ან მას შემდეგ, რაც მყიდველი განაცხადებს, რომ ვერ შეასრულებს თავის ვალდებულებებს ასეთ დამატებით ვადაში.

მუხლი 65

1. თუ ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველმა უნდა განსაზღვროს საქონლის დამახასიათებელი ფორმა, ზომა, ან სხვა მონაცემები და თუ იგი არ შეადგენს ასეთ სპეციფიკაციას შეთანხმებულ ვადაში, ან გამყიდველის მიერ მიმართვის მიღების შემდეგ გონივრულ ვადაში, ამ უკანასკნელს, იმ სხვა ნებისმიერი უფლებების შელახვის გარეშე, რომლებიც შეიძლება მას ჰქონდეს, შეუძლია თვითონ შეადგინოს ეს სპეციფიკაცია მყიდველის იმ მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებიც შეიძლება ცნობილი იყოს გამყიდველისათვის.

2. თუ გამყიდველი თვითონ ადგენს სპეციფიკაციას, მან დაწვრილებითი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მყიდველს მისი შინაარსის შესახებ და დაადგინოს გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც მყიდველი შეძლებს შეადგინოს სხვა სპეციფიკაცია. თუ გამყიდველისგან მიღებული ცნობის შემდეგ მყიდველი არ გააკეთებს ამას ასეთი წესით დადგენილ ვადაში, გამყიდველის მიერ შედგენილი სპეციფიკაცია სავალდებულო იქნება.

 

თავი IV. რისკის გადასვლა

მუხლი 66

საქონლის დაკარგვა ან დაზიანება მას შემდეგ, რაც რისკი მყიდველზე გადავიდა, არ ათავისუფლებს მას ფასის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ დაკარგვა ან დაზიანება გამოწვეული არ იყო გამყიდველის მოქმედებით ან დაუდევრობით.

მუხლი 67

1. თუ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ითვალისწინებს საქონლის გადაზიდვას და გამყიდველი ვალდებული არ არის გადასცეს იგი რომელიმე კონკრეტულ ადგილას, რისკი გადადის მყიდველზე, როდესაც საქონელი ჩაბარდება პირველ გადამზიდველს მყიდველისათვის გადასაცემად ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, თუ გამყიდველი ვალდებულია საქონელი ჩააბაროს გადამზიდველს რომელიმე კონკრეტულ ადგილას, რისკი არ გადადის მყიდველზე, სანამ საქონელი ამ ადგილზე არ ჩაბარდება გადამზიდველს. ის გარემოება, რომ გამყიდველი უფლებამოსილია შეაჩეროს საქონლის განმკარგულებელი დოკუმენტები, არ მოქმედებს რისკის გადასვლაზე.

2. მიუხედავად ამისა რისკი არ გადადის მყიდველზე, სანამ საქონელი გარკვევით არ არის იდენტიფიცირებული კონკრეტული ხელშეკრულების მიზნებისათვის მარკირების გზით, გადასატვირთი დოკუმენტების საშუალებით, რომლებიც ეგზავნება მყიდველს შეტყობინებით ან სხვაგვარად.

მუხლი 68

მყიდველი თავის თავზე იღებს რისკს საქონელთან დაკავშირებით, რომელიც გაიყიდა მისი გზაში ყოფნის დროს, იმ მომენტიდან, როდესაც საქონელი გადამზიდველს ჩაბარდა და გადამზიდველმა გასცა გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუმცა თუ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადების მომენტში გამყიდველმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ საქონელი დაკარგულია ან დაზიანებულია და არ აცნობა ეს მყიდველს, ასეთი დაკარგვა ან დაზიანება გამყიდველის რისკს განეკუთვნება.

მუხლი 69

1. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ ექვემდებარება 67-ე და 68-ე მუხლებს, რისკი გადადის მყიდველზე, როდესაც იგი მიიღებს საქონელს ან თუ არ აკეთებს ამას სათანადო ვადაში, იმ მომენტიდან, როდესაც მის განკარგულებაში გადაიცა საქონელი და იგი არღვევს ხელშეკრულებას იმით, რომ არ იღებს მიწოდებულ საქონელს.

2. მაგრამ თუ მყიდველი ვალდებულია მიიღოს საქონელი არა იმ ადგილას, სადაც მდებარეობს გამყიდველის კომერციული საწარმო, არამედ რომელიმე სხვა ადგილას, რისკი მასზე გადადის მაშინ, როდესაც დგება მიწოდების ვადა მყიდველს შეატყობინებენ, რომ საქონელი მის განკარგულებაში არის აღნიშნულ ადგილას.

3. თუ ხელშეკრულება ეხება ჯერ კიდევ არაიდენტიფიცირებულ საქონელს, მიჩნეულია, რომ საქონელი არ არის მყიდველის განკარგულებაში, სანამ იგი გარკვევით იდენტიფიცირებული არ იქნება კონკრეტული ხელშეკრულების მიზნებისთვის.

მუხლი 70

თუ გამყიდველმა დაუშვა ხელშეკრულების არსებითი დარღვევა, 67-ე, 68-ე და 69-ე მუხლების დებულებები გავლენას არ ახდენს მყიდველის სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე ასეთ დარღვევასთან დაკავშირებით.

 

თავი V

გამყიდველისა და მყიდველისათვის საერთო დებულებები

კარი I

ხელშეკრულების მოსალოდნელი დარღვევები და ხელშეკრულებები საქონლის ცალკეულ პარტიათა მიწოდების შესახებ

მუხლი 71

1. მხარეს შეუძლია შეაჩეროს თავის ვალდებულებათა შესრულება თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ მოსალოდნელია მეორე მხარის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა მნიშვნელოვანი ნაწილის შეუსრულებლობა:

ა) იმის გამო, რომ იგი მნიშვნელოოვნად მოკლებულია ვალდებულების შესრულების უნარს ან მისი კრედიტუუნარობის შედეგად; ან

ბ) მისი მოქმედების გამო ხელშეკრულების შესრულების მოსამზადებლად ან განსახორციელებლად.

2. თუ გამყიდველმა უკვე გაგზავნა საქონელი მანამ, სანამ გამომჟღავნდებოდა წინა პუნქტში მოცემული საფუძვლები, მას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს საქონლის მყიდველისათვის  გადაცემას მაშინაც კი, როდესაც მყიდველს ხელთ აქვს დოკუმენტები, რომლებიც მას უფლებას აძლევს მიიღოს საქონელი. ეს პუნქტი ეხება მხოლოდ უფლებას საქონელზე მყიდველსა და გამყიდველს შორის ურთიერთობაში.

3. მხარემ, რომელიც აჩერებს შესრულებას, მიუხედავად იმისა კეთდება ეს საქონლის გაგზავნამდე თუ მის შემდეგ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს და უნდა განაგრძოს ვალდებულებათა შესრულება თუ მეორე მხარე წარუდგენს საკმაო გარანტიებს, რომ იგი ასრულებს თავის ვალდებულებებს.

მუხლი 72

1. თუ ხელშეკრულების შესრულების დადგენილ ვადამდე ნათელი ხდება, რომ ერთ-ერთი მხარე არსებითად დაარღვევს ხელშეკრულებას, მეორე მხარეს შეუძლია გამოაცხადოს მისი გაუქმება.

2. თუ დრო იძლევა აღნიშნულის საშუალებას, მხარემ, რომელსაც განზრახული აქვს გამოაცხადოს ხელშეკრულების გაუქმება, მეორე მხარეს უნდა გაუგზავნოს გონივრული შეტყობინება, რათა საშაულება მისცეს მას წარმოადგინოს თავის ვალდებულებათა შესრულების საკმაო გარანტიები.

3. წინა პუნქტის მოთხოვნები არ გამოიყენება, თუ მეორე მხარემ განაცხადა, რომ არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს.

მუხლი 73

1. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს საქონლის მიწოდებას ცალკეულ პარტიებად და ერთ-ერთი მხარის მიერ რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობა ნებისმიერ პარტიასთან დაკავშირებით არსებითად არღვევს ხელშეკრულებას აღნიშნული პარტიის მიმართ, მეორე მხარეს შეუძლია ამ პარტიის მიმართ გამოაცხადოს ხელშეკრულების გაუქმება.

2. თუ ერთ-ერთი მხარის მიერ რომელიმე ვალდებულების ნებისმიერი პარტიის მიმართ შეუსრულებლობა მეორე მხარეს აძლევს იმის გამართლებულ საფუძველს, რომ ხელშეკრულების არსებითი დარღვევა იქნება მომავალი პარტიების მიმართ, მას შეუძლია გამოაცხადოს ხელშეკრულების მომავლისათვის გაუქმება იმ პირობით, რომ ამას გააკეთებს გონივრულ ვადაში.

3. მყიდველს, რომელიც აცხადებს ხელშეკრულების გაუქმებას საქონლის რომელიმე პარტიის მიმართ, შეუძლია იმავდროულად გამოაცხადოს მისი გაუქმება საქონლის უკვე მიწოდებული ან მისაწოდებელი პარტიების მიმართ, თუ მათი ურთიერთკავშირის გამო ისინი გამოუყენებელია იმ მიზნისათვის, რომელსაც მხარეები ითვალისწინებენ ხელშეკრულების დადების მომენტში.

 

კარი II

ზარალი

მუხლი 74

ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზარალი შეადგენს თანხას, რომლითაც მეორე მხარე ხელშეკრულების დარღვევის შედეგად დაზარალდა დაკარგული მოგების ჩათვლით. ასეთი ზარალი არ უნდა აღემატებოდეს ზიანს, რომელსაც ხელშეკრულების დამრღვევი მხარე ითვალისწინებდა ან უნდა გაეთვალისწინებინა ხელშეკრულების დადების მომენტში, როგორც მისი დარღვევის შესაძლო შედეგი, მხედველობაში უნდა მიეღო რა გარემოებანი, რომლებიც მაშინ იცოდა ან უნდა სცოდნოდა.

მუხლი 75

თუ ხელშეკრულება გაუქმდა და თუ მისი გაუქმების შემდეგ გონივრული წესითა და გონივრულ ვადაში მყიდველმა სამაგიეროდ იყიდა საქონელი ან გამყიდველმა ხელმეორედ გაყიდა საქონელი, იმ მხარეს, რომელიც ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, შეუძლია მოითხოვოს განსხვავება სახელშეკრულებო ფასსა და მის სამაგიერო გარიგების თანახმად დადგენილ ფასს შორის, აგრეთვე ნებისმიერი დამატებითი ზარალის ანაზღაურება, რომელიც მეორე მხარეს შეიძლება აზღვევინოს 74-ე მუხლის საფუძველზე.

მუხლი 76

1. თუ ხელშეკრულება გაუქმებულია და არსებობს ამ საქონლის მიმდინარე ფასი, იმ მხარეს, რომელიც მოითხოვს ზარალის ანაზღაურებას, შეუძლია, თუ 75-ე მუხლის საფუძველზე არ იყიდა ან ხელმეორედ არ გაყიდა საქონელი, მოითხოვოს განსხვავება ხელშეკრულებით დადგენილ ფასსა და ხელშეკრულების გაუქმების მომენტში არსებულ მიმდინარე ფასს შორის, აგრეთვე ნებისმიერი დამატებითი ზარალის ანაზღაურება, რომელიც შეიძლაბ აზღვევინოს მეორე მხარეს 74-ე მუხლის თანახმად. მაგრამ თუ მხარემ, რომელიც ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, ხელშეკრულება გააუქმა საქონლის მიღების შემდეგ, ხელშეკრულების გაუქმების მომენტში არსებული მიმდინარე ფასის ნაცვლად გამოიყენება ის მიმდინარე ფასი, რომელიც არსებობს ასეთი მიღების მომენტში.

2. წინა პუნქტის მიზნებისათვის მიმდინარე ფასია ის ფასი, რომელიც ჭარბობს იმ ადგილას, სადაც უნდა მიეწოდებინათ საქონელი, ან თუ ამ ადგილას არ არსებობს მიმდინარე ფასი, ფასი ისეთ სხვა ადგილას, რომელიც გასწევს გონივრულ მაგივრობას, საქონლის ტრანსპორტირებაზე დახარჯული განსხვავების გათვალისწინებით.

მუხლი 77

მხარემ, რომელიც ხელშეკრულების დარღვევას იმოწმებს, უნდა განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც გონივრულია ასეთ გარემოებაში ხელშეკრულების დარღვევის გამო წარმოშობილი ზარალის შესამცირებლად, დაკარგული მოგების ჩათვლით, თუ იგი არ განახორციელებს ასეთ ღონისძიებებს, ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს შეუძლია მოითხოვოს ასანაზღაურებელი ზარალის შემცირება იმ თანხით რომლითაც იგი შეიძლებოდა შემცირებულიყო.

 

კარი III

პროცენტები

მუხლი 78

თუ მხარემ დაუშვა ფასის ან სხვა თანხის გადახდის ვადის გადაცილება, მეორე მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს პროცენტები ვადაგადაცილებული თანხიდან, 74-ე მუხლის საფუძველზე ზარალის ანაზღაურების რომელიმე მოთხოვნისათვის ზიანის მიუყენებლად.

 

კარი IV

პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება

მუხლი 79

1. მხარეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა თავისი ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თუ დაამტკიცეს, რომ იგი გამოწვეული იყო დაბრკოლებით, რომელიც მის კონტრლს არ ექვემდებარებოდა და რომ არაგონივრული იყო მისგან ამ დაბრკოლების გათვალისწინება ხელშეკრულების დადების დროს ან ამ დაბრკოლების ან მისი შედეგების თავიდან აცილება ან გადალახვა.

2. თუ მხარის მიერ თავისი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია მესამე პირის გამო, რომელიც მან მოიწვია მთელი ხელშეკრულების ან მისი ნაწილის შესასრულებლად, ეს მხარე თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ:

ა) იგი თავისუფალია პასუხისმგებლობისაგან წინა პუნქტის საფუძველზე; და

ბ) მის მიერ მიწვეული მესამე პირიც გათავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისაგან, რომ შეიძლებოდეს აღნიშნული პუნქტის დებულებათა გამოყენება ამ პირის მიმართ.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ვრცელდება მხოლოდ იმ პერიოდზე, რომლის განმავლობაშიც ეს დაბრკოლება არსებობს.

4. მხარემ, რომელიც ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას, უნდა შეატყობინოს მეორე მხარე დაბრკოლება და ამ დაბრკოლების გავლენა მის მიერ ხელშეკრულების შესრულების უნარზე. თუ ეს შეტყობინება მეორე მხარეს არ მიუღია გონივრულ ვადაში მას შემდეგ, რაც იგი ცნობილი გახდა ან ცნობილი უნდა გამხდარიყო იმ მხარისთვის, რომელიც ვალდებულებას ვერ ასრულებს, ამ უკანასკნელს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ზარალისათვის, რომელიც გამოწვეულია შეტყობინების მიუღებლობით.

5. ამ მუხლში არაფერი არ უშლის ხელს არც ერთ მხარეს განახორციელოს სხვა ნებისმიერი უფლება, ამ კონვენციის საფუძველზე ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის გარდა.

მუხლი 80

მხარეს არ შეუძლია დაიმოწმოს მეორე მხარის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობა იმდენად, რამდენადაც ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია პირველი მხარის მოქმედებით ან დაუდევრობით.

 

კარი V

ხელშეკრულების გაუქმების შედეგები

მუხლი 81

1. ხელშეკრულების გაუქმება ორივე მხარეს ათავისუფლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან, თუმცა ორივე მხარე ინარჩუნებს უფლებას მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება. ხელშეკრულების გაუქმება არ ვრცელდება იმ დებულებებზე, რომლებიც ეხება მხარეთა შორის დავის გადაჭრის წესებს ან ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში მათ უფლებებსა და მოვალეობებს.

2. მხარეს, რომელიც ხელშეკრულებას ასრულებს მთლიანად ან ნაწილობრივ, შეუძლია მეორე მხარეს მოსთხოვოს იმის დაბრუნება, რაც პირველმა მხარემ მას მიაწოდა ან რისი ფასიც ხელშეკრულების თანახმად გადაიხადა. თუ ორივე მხარე ვალდებულია დაიბრუნოს მიღებული სარგებელი, მათ ეს ერთდროულად უნდა განახორციელონ.

მუხლი 82

1. მყიდველი კარგავს უფლებას ხელშეკრულება გაუქმებულად გამოაცხადოს ან გამყიდველს მოსთხოვოს საქონლის შეცვლა, თუ მყიდველისათვის შეუძლებელია საქონლის არსებითად ისეთსავე მდგომარეობაში დაბრუნება, როგორშიც იგი მიიღეს.

2. წინა პუნქტი არ მიიღება:

ა) თუ საქონლის არსებითად იმავე მდგომარეობაში დაბრუნების შეუძლებლობა, როგორშიც იგი მიიღეს, გამოწვეული არ არის მყიდველის მოქმედებით ან დაუდევრობით;

ბ) თუ საქონელი ან საქონლის ნაწილი 38-ე მუხლში გათვალისწინებული დათვალიერების შედეგად უვარგისი გახდა ან გაფუჭდა; ან

გ) თუ საქონელი ან მისი ნაწილი გაიყიდა ვაჭრობის ნორმალური წესით ან მოხმარებულ იქნა ან გადაკეთდა მყიდველის მიერ მისი ნორმალურად გამოყენების მიზნით იქამდე, სანამ იგი აღმოაჩენდა ან უნდა აღმოეჩინა, რომ საქონელი არ შეესაბამება ხელშეკრულებას.

მუხლი 83

მყიდველი, რომელმაც 82-ე მუხლის შესაბამისად დაკარგა უფლება ხელშეკრულების გუქმებულად გამოცხადებაზე ან გამყიდველისთვის საქონლის შეცვლის მოთხოვნაზე, ინარჩუნებს უფლებას სამართლებრივი დაცვის ყველა სხვა საშუალებაზე, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებითა და ამ კონვენციით.

მუხლი 84

1. თუ გამყიდველი ვალდებულია დააბრუნოს საფასური, მან აგრეთვე უნდა გადაიხადოს მისი პროცენტები ფასის გადახდის თარიღიდან გაანგარიშებით.

2. მყიდველმა გამყიდველს უნდა გადასცეს საქონლისგან ან მისი ნაწილისგან მიღებული მთელი შემოსავალი:

ა) თუ იგი ვალდებულია საქონელი დააბრუნოს მთლიანად ან ნაწილობრივ; ან

ბ) თუ მისთვის შეუძლებელია საქონლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნება ან საქონლის დაბრუნება მთლიანად ან ნაწილობრივ არსებითად იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იგი მიღებულ იქნა, მაგრამ მიუხედავად ამისა მან გამოაცხადა ხელშეკრულების გაუქმება ან გამყიდველს მოსთხოვა საქონლის შეცვლა.

 

კარი VI

საქონლის შენახვა

მუხლი 85

თუ მყიდველმა საქონლის მიღებასთან დაკავშირებით, დაუშვა ვადის გადაცილება ან იმ შემთხვევებში, როდესაც ფასის გადახდა და საქონლის მიწოდება ერთდროულად უნდა მომხდარიყო, თუ მყიდველი არ იხდის ფასს, ხოლო გამყიდველი ჯერ კიდევ ფლობს საქონელს, ან სხვაგვარად შეუძლია გააკონტროლოს ფლობა, გამყიდველმა უნდა განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ასეთ ვითარებაში გონივრულია საქონლის შენახვის მიზნისთვის. იგი უფლებამოსილია დააკავოს საქონელი, სანამ მისი გონივრული ხარჯები კომპენსირებული იქნება მყიდველის მიერ.

მუხლი 86

1. თუ მყიდველმა მიიღო საქონელი და განზრახული აქვს გამოიყენოს თავისი უფლება და უარი თქვას მასზე ხელშეკრულების ან ამ კონვენციის საფუძველზე, მან უნდა განახორციელოს იმგვარი ღონისძიებები, რომლებიც ამ ვითარებაში გონივრულია საქონლის შენახვის მიზნებისთვის. იგი უფლებამოსილია დააკავოს საქონელი, სანამ მისი გონივრული ხარჯები კომპენსირებული იქნება გამყიდველის მიერ.

2. თუ გამყიდველისთვის გაგზავნილი საქონელი მის განკარგულებაში გადავიდა დანიშნულების ადგილას და იგი მასზე განახორციელებს უარის თქმის უფლებას, მყიდველი საქონელს უნდა დაეუფლოს გამყიდველის ხარჯზე იმ პირობით, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს ფასის გადახდისა და არაგონივრული უხერხულობის ან არაგონივრული ხარჯების გარეშე. აღნიშნული დებულება არ გამოიყენება იმ შემთხვევებში, თუ გამყიდველი ან მის ხარჯზე საქონლის მიღებისათვის რწმუნებული პირი იმყოფება საქონლის დანიშნულების ადგილას. თუ საქონელი ამ პუნქტის თანახმად გადადის მყიდველის მფლობელობაში, მისი უფლებანი და მოვალეობანი რეგულირდება წინა პუნქტის დებულებებით.

მუხლი 87

მხარეს, რომელიც ვალდებულია საქონლის შესანახად განახორციელოს ღონისძიებები, შეუძლია მეორე პირის ხარჯზე ჩააბაროს მესამე პირის საწყობს, თუ ამასთან დაკავშირებული ხარჯები არაგონივრული არ არის.

მუხლი 88

1. მხარეს, რომელიც ვალდებულია საქონლის შესანახი ღონისძიებები განახორციელოს 85-ე და 86-ე მუხლების შესაბამისად, შეუძლია გაყიდოს ნებისმიერი სათანადო წესით - თუ მეორე მხარემ საქონლის მის მფლობელობაში გადასვლასთან დაკავშირებით დაუშვა არაგონივრული დაყოვნება იმ პირობით, რომ მეორე მხარეს გაეგზავნა გონივრული შეტყობინება საქონლის გაყიდვის განზრახვის თაობაზე.

2. თუ საქონელი მალე ფუჭდება, ან თუ მისი შენახვა იწვევს არაგონივრულ ხარჯებს, იმ მხარემ, რომელიც ვალდებულია საქონელი შეინახოს 85-ე და 86-ე მუხლების შესაბამისად, უნდა განახორციელოს გონივრული ღონისძიებები მის გასაყიდად. შესაძლებლობის ფარგლებში მან უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს თავისი განზრახვა - გაყიდოს საქონელი.

3. მხარეს, რომელმაც საქონელი გაყიდა, უფლება აქვს გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლიდან დააკავოს ის თანხა, რომელიც საქონლის შენახვასა და გაყიდვაზე გაწეულ გონივრულ ხარჯებს უტოლდება. ნაშთი მეორე მხარეს უნდა გადაეცეს.

 

ნაწილი IV

დასკვნითი დებულებები

მუხლი 89

ამ კონვენციის დეპოზიტარად სახელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი.

მუხლი 90

წინამდებარე კონვენცია არ ხელყოფს ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმების მოქმედებას, რომელიც უკვე დადებულია ან შეიძლება დაიდოს და რომელიც შეიცავს დებულებებს ისეთ საკითხებზე, რომლებიც ამ კონვენციის რეგულირების საგანს განეკუთვნება იმ პირობით, რომ ამგვარი შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოში მხარეებს აქვთ თავიანთი კომერციული საწარმოები.

მუხლი 91

1. წინამდებარე კონვენცია ხელმოსაწერად იხსნება საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა საკითხებზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციის დასკვნითი სხდომის ფარგლებში; იგი ხელმოსაწერად ღია იქნება ყველა სახელმწიფოსათვის ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, 1981 წლის 30 სექტემბრამდე.

2. წინამდებარე კონვენცეია ექვემდებარება ხელმომწერ სახელმწიფოთა მიერ რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას.

3. წინამდებარ ეკონვენცია შეერთებისთვის ღია არის ყველა იმ სახელმწიფოსათვის, რომელთაც მისთვის ხელი არ მოუწერიათ ხელმოსაწერად გახსნის დღიდან.

4. რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცებისა და შეერთების სიგელები გადაეცემა გაეროს გენერალურ მდივანს.

მუხლი 92

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოს ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების ან შეერთების დროს შეუძლია განაცხადოს, რომ იგი თავს არ იზღუდავს წინამდებარე კონვენციის II ნაწილით ან რომ იგი თავს არ იზღუდავს წინამდებარე კონვენციის III ნაწილით.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფო, რომელმაც წინა პუნქტის შესაბამისად გააკეთა განცხადება ამ კონვენციის II ან III ნაწილებთან მიმართებით, წინამდებარ ეკონვენციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თვალსაზრისით, ხელშემკვრელ სახელმწიფოდ არ ითვლება კონვენციის იმ ნაწილით რეგულირებულის საკითხების მიმართ, რომელზეც ვრცელდება აღნიშნული განცხადება.

მუხლი 93

1. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოს აქვს ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეული, სადაც მისი კონსტიტუციის შესაბამისად, წინამდებარე კონვენციით რეგულირებულ საკითხებთან მიმართებით გამოიყენება სამართლის სხვადასხვა სისტემები, ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთებისას, მას შეუძლია განაცხადოს, რომ ეს კონვენცია ვრცელდება მის ყველა ტერიტორიულ ერთეულზე ან მხოლოდ ერთზე ან რამდენიმეზე ან შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს თავისი განცხადება განსხვავებული განცხადების წარდგენის გზით.

2. აღნიშნული განცხადებების შესახებ ეცნობება დეპოზიტარს და მათში ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული ის ტეროტრიული ერთეულები, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია.

3. თუ წინამდებარე მუხლის მიხედვით წარდგენილი განცხადებების ძალით, აღნიშნული კონვენცია ვრცელდება ერთ ან რამდენიმე ტერიტორიულ ერთეულზე და არა ყველა ტერიტორიულ ერთეულზე და თუ მხარის კომერციული საწარმოები მდებარეობენ აღნიშნულ სახელმწიფოში, ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე მიიჩნევა, რომ ხსენებული კომერციული საწარმოები არ მდებარეობენ აღნიშნულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში თუ ისინი არ მდებარეობენ იმ ტერიტორიულ ერთეულში, რომელზეც წინამდებარე კონვენცია ვრცელდება.

4. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად არ აკეთებს განცხადებას, კონვენცია ვრცელდება აღნიშნული სახელმწიფოს ყველა ტერიტორიულ ერთეულზე.

მუხლი 94

1. ორ ან მეტ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, რომლებიც ამ კონვენციით რეგულირებად საკითხებში ანაოლოგიურ ან მსგავს სამართლებრივ ნორმებს იყენებენ, შეუძლიათ ნებისმიერ დროს განაცხადონ, რომ კონვენცია არ გამოიყენება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ან მისი დადების მიმართ იმ შეთმხვევებში, როდესაც მხარეთა კომერციული საწარმოები აღნიშნულ სახელმწიფოებში მდებარეობენ. ამგვარი განცხადება შეიძლება გაკეთდეს ერთობლივად ან ურთიერთცალმხრივი განცხადებებით.

2. ხელშემკვრელ სახელმწიფოს, რომელიც წინამდებარე კონვენციით რეგულირებად საკითხებში იყენებს ერთი ან რამდენიმე ისეთი სახელმწიფოს ანალოგიურ ან მსგავს სამართლებრივ ნორმებს, რომლებიც არ არიან ამ კონვენციის მონაწილენი, შეუძლია ნებისმიერ დროს განაცხადოს, რომ კონვენცია არ გამოიყენება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკთულებების ან მათი დადების მიმართ იმ შემთხვევებში, როდესაც მხარეთა კომერციული საწარმოები აღნიშნულ სახელმწიფოებში მდებარეობენ.

3. თუ სახელმწიფო, რომლის მიმართაც განცხადება კეთდება წინა პუნქტის შესაბამისად, შემდგომში ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფო, მაშინ ახალი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიმართ წარდგენილ განცხადებას, წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან აქვს პირველი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული განცხადების ძალა იმ პირობით, რომ ეს ახალი ხელშემკვრელი სახელმწიფო შეუერთდება ასეთ განცხადებას ან გააკეთებს საპასუხო ცალმხრივ განცხადებას.

მუხლი 95

ნებისმიერ სახელმწიფოს, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირებისას, შეუძლია განაცხადოს, რომ იგი არ შეიზღუდება წინამდებარე კონვენციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის (1) (ბ) ქვეპუნქტით.

მუხლი 96

ხელშემკვრელ სახელმწიფოს, რომლის კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები იდებოდეს ან მტკიცდებოდეს წერილობითი ფორმით, ნებისმიერ დროს შეუძლია მე-12 მუხლის შესაბამისად განაცხადოს, რომ წინამდებარე კონვენციის მე-11, 29-ე ან II ნაწილის ნებისმიერი დებულება, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს, რომ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, მისი მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებით შეცვლა ან შეწყვეტა ან ოფერტი, აქცეპტი ან განზრახვის ნებისმიერი სხვა გამოხატულება ხდებოდეს არა წერილობით, არამედ ნებისმიერი სხვა ფორმით, არ იქნება გამოყენებული, თუნდაც ერთ რომელიმე მხარეს თავისი კომერციული საწარმო ჰქონდეს აღნიშნულ სახელმწიფოში.

მუხლი 97

1. წინამდებარე კონვენციის საფუძველზე მისი ხელმოწერისას წარდგენილი განცხადებები ექვემდებარებიან დადასტურებას კონვენციის რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შემდგომ.

2. განცხადებები და განცხადებების დადასტურება ხორციელდება წერილობითი ფორმით და ფორმალურად ეცნობება დეპოზიტარს.

3. განცხადება ამოქმედდება შესაბამისი სახელმწიფოსთვის კონვენციის ძალაში შესვლასთან ერთად. ამავდროულად, განცხადება, რომლის თაობაზეც დეპოზიტარ ოფიციალურ შეტყობინებას იღებს კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ, ამოქმედდება დეპოზიტარის მიერ მისი მიღების თარიღიდან ექვსი თვის ვადის შემდგომი თვის პირველ დღეს. 94-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი საპასუხო განცხადებები ამოქმედდება დეპოზიტარის მიერ ბოლო განცხადების მიღებიდან ექვის თვის შემდგომი თვის პირველი დღიდან.

4. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელმაც წინამდაბარე კონვენციის საფუძველზე გააკეთა განცხადება, შეუძლია ნებისმიერ დროს თქვას მასზე უარი დეპოზიტარის სახელზე ოფიციალური წერილობით შეტყობინების მეშვეობით. ამგვარი უარი ამოქმედდება დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი თვის შემდგომი თვის პირველი დღიდან.

5. 94-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ განცხადებაზე უარის თქმა, აგრეთვე იწვევს აღნიშნული უარის ძალაში შესვლის თარიღიდან ნებისმიერი იმ საპასუხო განცხადების მოქმედების შეწყვეტას, რომელიც მეორე სახელმწიფო წარადგინა ამ მუხლის შესაბამისად.

მუხლი 98

დათქმების გაკეთება არ არის ნებადართული, წინამდებარე კონვენციით მკაფიოდ განსაზღვრული შემთხვევების გარდა.

მუხლი 99

1. ამ მუხლის მე-6 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების მეათე სიგელის, მათ შორის იმ სიგელისაც რომელიც შეიცავს 92-ე მუხლის საფუძველზე გაკეთებულ განცხადებას, დეპონირების თარიღიდან თორმეტთვიანი ვადის ამოწურვის შემდგომ მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. თუ სახელმწიფო წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციას, მიღებას, დამტკიცება ან შეერთებას ახორციელებს მეათე რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირების შემდგომ, წინამდებარე კონვენცია, გამორიცხული ნაწილის გარდა, ამ მუხლის მე-6 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, აღნიშნული სახელმწიფოსათვის ძალაში შედის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირების თარიღიდან თორმეტთვიანი ვადის ამოწურვის შემდგომ მომდევნო თვის პირველ დღეს.

3. სახელმწიფო, რომელიც ახდენს წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციას, მიღებას, დამტკიცებას ან შეერთებას და ამავდროულად არის საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტების შემუშავების შესახებ საერთო კანონმდებლობასთან დაკავშირებული 1964 წლის 1 ივლისს ჰააგაში მიღებული კონვენციის მხარე (1964 ჰააგის ფორმაციის კონვენცია) ან საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის შესახებ საერთო კანონმდებლობასთან დაკავშირებულია 1964 წლის 1 ივლისს ჰააგაში მიღებული კონვენციის მხარე (1964 ჰააგის ყიდვა-გაყიდვების კონვენცია), ამავდროულად ახდენს ორივე კონვენციის, 1964 ჰააგის ყივა-გაყიდვების კონვენციის და 1964 ჰააგის ფორმაციის კონვენციის ან ერთ-ერთის დენონსაციას, ნიდერლანდების მთავრობისთვის ამგვარი ეფექტის მქონე შეტყობინების გაგზავნის გზით.

4. 1964 ჰააგის ყიდვა-გაყიდვების კონვენციის მხარე სახელმწიფო, რომელიც ახდენს წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციას, მიღებას, დამტკიცებას ან შეერთებას და 92-ე მუხლის საფუძველზე წარადგენს ან უკვე წარადგინა განცხადება იმის შესახებ, რომ იგი არ შეიზღუდება წინამდებარე კონვენციის II ნაწილით, ამავდროულად რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შერთებისას, ახდენს 1964 ჰააგის ყიდვა-გაყიდვების კონვენციის დენონსაციას ნიდერლანდების მთავრობისთვის ამგვარი ეფექტის მქონე შეტყობინებით.

5. 1964 ჰააგის ფორმაციის კონვენციის მხარე სახელმწიფო, რომელიც ახდენს წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციას, მიღებას, დამტკიცებას ან შეერთებას და 92-ე მუხლის საფუძველზე წარადგენს ან უკვე წარადგინა განცხადება იმის შესახებ, რომ იგი არ შეიზღუდება წინამდებარე კონვენციის III ნაწილით, ამავდროულად რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შერთებისას, ახდენს 1964 ჰააგის ფორმაციის კონვენციის დენონსაციას ნიდერლანდების მთავრობისთვის ამგვარი ეფექტის მქონე შეტყობინებით.

6. წინამდებარე მუხლის მიზნისათვის, 1964 ჰააგის ფორმაციის კონვენციის ან 1964 ჰააგის ყიდვა-გაყიდვების კონვენციის სახელმწიფო მხარეთა მიერ წინამდებარე კონვენციის რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება ან შეერთება იქამდე არ ამოქმედდება სანამ ის დენონსაციები, რომლებიც ზემოაღნიშნულ ორ კონვენციასთან მიმართებით შესაძლოა მოეთხოვოთ ხსენებულ სახელმწიფოებს, არ შევა ძალაში. წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარი კონსულტაციებს გადის ნიდერლანდების მთავრობასთან, როგორც 1964 წლის კონვენციების დეპოზიტართან, რათა ამ მხრივ, უზრუნველყოს საჭირო კოორდინაცია.

მუხლი 100

1. წინამდებარე კონვენცია კონტრაქტის შემუშავებასთან მიმართებით მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც კონტრაქტის დადების წინადადება წარედგინება პირველი მუხლის (1)(ა) ქვეპუნქტში მითითებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოთათვის ან (1)(ბ) ქვეპუნქტში მითითებულ სახელმწიფოსათვის  კონვენციის ძალაში შესვლის თარიღის დადგომისას ან ამ თარიღის შემდგომ.

2. წინამდებარე კონვენცია ვრცელდება მხოლოდ იმ კონტრაქტებზე, რომლებიც დადებულია პირველი მუხლის (1)(ა) ქვეპუნქტში მითითებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოთათვის ან (1)(ბ) ქვეპუნქტში მითითებულ სახელმწიფოსათვის  კონვენციის ძალაში შესვლის თარიღის დადგომისას ან ამ თარიღის შემდგომ.

მუხლი 101

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს წინამდებარე კონვენციის, ან ამ კონვენციის II ნაწილის ან III ნაწილის დენონსაცია, დეპოზიტარის მისამართით ოფიციალური წერილობითი შეტყობინების წარდგენის გზით.

2. დენონსაცია ამოქმედდება დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან თორმეტთვიანი ვადის ამოწურვის შედმგომ მომდევნო თვის პირველ დღეს. თუ შეტყობინებაში დენონსაციისთვის განსაზღვრულია განსხვავებული ვადა, დენონსაცია ამოქმედდება დეპოზიტარის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღების შემდგომ ამგვარი ვადის ამოწურვით.

შესრულებულია ვენაში, ათას ცხრაას ოთხმოცი წლის აპრილის თვის მეთერთმეტე დღეს, ერთ დედნად, რომლის არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად ავთენტურია.

რის დასტურადაც ქვემორე ხელმომწერმა სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა, არიან რა თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილნი, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.