გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 574
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 410010000.10.003.022294
574
10/09/2020
ვებგვერდი, 14/09/2020
410010000.10.003.022294
გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №574

2020 წლის 10 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების  შეტანის  თაობაზე“  საქართველოს  2020  წლის  17  მარტის №5776-IIს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების წესი“. 
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 31 ოქტომბრის №146 ბრძანება.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების წესი

 


მუხლი 1. წესის მიზანი

„გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების წესის“ (შემდგომში − წესი) მიზანია მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის, გარემოსთვის, ინფრასტრუქტურისა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის თავიდან აცილების, ასევე სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის  მიზნით, გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების (გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღება) ღონისძიებებთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება.

მუხლი 2. გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების დაშვებული ხერხები

1. გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების ღონისძიებები უნდა ხორციელდებოდეს ისეთი ხერხებით, რომლებიც გამორიცხავს რეგულირებას დაქვემდებარებულის გარდა, სხვა სახეობის გარეული ცხოველებისათვის ზიანის მიყენებას და უზრუნველყოფს გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებას.

2. გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის №95 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-8-მე-9 პუნქტებითა და მე-4 მუხლით დადგენილი აკრძალვები/მოთხოვნები.

3. გამონაკლის შემთხვევაში, მხოლოდ დამჭერი მტაცებელი ფრინველებისა და გარეულ ცხოველთა სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის მოსაპოვებლად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო) უფლებამოსილია, დაადგინოს გარეულ ცხოველთა დაჭერის კონკრეტული მეთოდი, „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის №95 ბრძანების შესაბამისად.

4. აკრძალულია გარეულ ცხოველთა რაოდენობის თვითნებური რეგულირება, გარდა ამ წესით დადგენილი აუცილებელი თავდაცვის/მოგერიების შემთხვევებისა.

მუხლი 3. გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების დაშვებული შემთხვევები

გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების ღონისძიებები (გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღება) შეიძლება განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით;        

ბ) ინფრასტრუქტურისათვის (მათ შორის, საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოება), სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა (სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე/მოსავალზე, შინაურ პირუტყვზე, ტყეზე, თევზჭერაზე/თევზის მეურნეობაზე, წყლის რესურსებზე,  საკუთრებაზე და სხვ.) და ასევე შინაური ცხოველებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით;

გ) გარემოსთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით;

დ) სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური (დაავადებების გავრცელების თავიდან აცილება და აღმოფხვრა), სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკისა და აღმოფხვრის მიზნით.

მუხლი 4. გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება მოსახლეობის  სიცოცხლის, ჯანმრთელობის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის, ინფრასტრუქტურისა და სამეურნეო საქმიანობისთვის ზიანის თავიდან აცილების მიზნით

1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოსახლეობასა და მათ ქონებაზე გარეული ცხოველების თავდასხმისას, მათ მიერ მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურისთვის საფრთხის შექმნის ან/და ასეთი საფრთხის აღმოფხვრის, მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის, ასევე ინფრასტრუქტურისა და სამეურნეო საქმიანობისთვის ზიანის თავიდან აცილების მიზნით, გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირებას (გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღებას) უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტი, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე, ამ წესით დადგენილ შემთხვევებში და მოთხოვნების დაცვით.

2. სამინისტრო, შესაბამისი კვლევის/მონიტორინგის საფუძველზე, ადგენს გარეულ ცხოველთა იმ სახეობების ჩამონათვალს, რომელთა რაოდენობის რეგულირების ღონისძიება შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა შესაძლებელია, განახორციელოს სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, ამ წესის მოთხოვნების დაცვით და გარეული ცხოველების სახეობების მიხედვით სამინისტროს მიერ დადგენილი ყოველწლიური კვოტების ფარგლებში. აღნიშნულ ჩამონათვალში შესაძლებელია, შეტანილ იქნეს ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული გარეულ ცხოველთა სახეობები, ასევე ცხოველთა ის სახეობები, რომლებიც არ არიან შეტანილი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ (გარდა ფრინველებისა). გარეულ ცხოველთა ჩამონათვალის შემუშავებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მათი ოდენობა, პოპულაციების მდგომარეობა, მათ მიერ ზიანის მიყენების/თავდასხმის ალბათობის/სიხშირის და მოსალოდნელი საფრთხის დონე, ასევე სხვა ფაქტორები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გარეულ ცხოველთა სახეობების ჩამონათვალს, ცხოველთა სახეობების მიხედვით გარემოდან ამოღების კვოტებისა და კონკრეტული ვადების მითითებით, ყოველწლიურად ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში − მინისტრი).

4. იმ შემთხვევაში, თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და ზიანს აყენებს მათ ქონებას და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია, თავდასხმის მომენტში გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება, როგორც თავდაცვის/მოგერიების აუცილებელი ღონისძიება, შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ და აღნიშნული ქმედება სამინისტროს წინასწარ თანხმობას არ საჭიროებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი ვალდებულია, გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის მუნიციპალიტეტს და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში − დეპარტამენტი), ხოლო თუ ეს შეუძლებელია − მხოლოდ შესაბამის მუნიციპალიტეტს, რომელიც ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს დეპარტამენტს.

6. თუ გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება ვერ განხორციელდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარეული ცხოველის რაოდენობის რეგულირების ღონისძიებას ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი, გარეული ცხოველის თავდასხმის/ზიანის მიყენების საფრთხიდან გამომდინარე, გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიების საჭიროების თაობაზე ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე. აღნიშნულ მიმართვაში მითითებული უნდა იყოს თავდამსხმელი/ზიანის გამომწვევი გარეული ცხოველის სახეობა, მის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აღწერა, ზიანს დაქვემდებარებული ტერიტორია ან/და თავდასხმის ადგილი.

7. მიმართვაში მითითებულ ფაქტებსა და ვითარებას მუნიციპალიტეტი ამოწმებს ადგილზე და ადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, შესაძლებლობის შემთხვევაში, ფოტო და ვიდეომასალის თანდართვით. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს  რეკომენდაციას გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების საჭიროების შესახებ.  

8. იმ შემთხვევაში, თუ მიმართვაში დასახელებული გარეული ცხოველის სახეობა შეტანილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით დამტკიცებულ ჩამონათვალში, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, განახორციელოს ამ გარეული ცხოველის რაოდენობის რეგულირების ღონისძიება, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით დადგენილი კვოტებისა და ვადების ფარგლებში (გარდა სახელმწიფო ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების ტერიტორიების, ასევე  სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიანი და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებისა), ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირებისა და ცხოველთა დაცვის მიზნით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

9. სამინისტროს მიერ დადგენილი გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების ყოველწლიური კვოტის ამოწურვისას, გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღების დამატებით საჭიროების შემთხვევაში (როდესაც კვლავ სახეზეა გარეული ცხოველის მიერ შექმნილი საფრთხე და/ან თავდასხმები გრძელდება), მუნიციპალიტეტი მოქმედებს ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების შესაბამისად.

10. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართვაში მითითებული გარეული ცხოველის სახეობა არ არის შეტანილი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით დამტკიცებულ ჩამონათვალში ან ამ ჩამონათვალში მითითებული გარეული ცხოველის რაოდენობის რეგულირების ყოველწლიური კვოტა ათვისებულია, მუნიციპალიტეტი გარეული ცხოველის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების აუცილებლობის თაობაზე დასაბუთებული განცხადებით მიმართავს სამინისტროს. მუნიციპალიტეტის მიმართვაში მითითებული უნდა იყოს თავდამსხმელი/ზიანის გამომწვევი გარეული ცხოველის სახეობა, მის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აღწერა, ზიანს დაქვემდებარებული ტერიტორია ან/და თავდასხმის ადგილი. მიმართვას თან უნდა ახლდეს ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

11. მიმართვაში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების ღონისძიების ჩატარებაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე მიავლენს ექსპერტს ან ექსპერტთა ჯგუფს. ექსპერტის (ექსპერტთა ჯგუფის) მიერ მომზადებული დასკვნის განხილვის შემდეგ, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების ღონისძიების ჩატარების საჭიროების შესახებ, რის შესახებაც წერილობით აცნობებს მუნიციპალიტეტს. დადებითი გადაწყვეტილება გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების შესახებ ფორმდება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება რეგულირების ღონისძიებას დაქვემდებარებული ცხოველის სახეობა, რაოდენობა, რეგულირების ღონისძიების ჩატარების ვადა, საჭიროების შემთხვევაში, სხვა რეკომენდაციები.

12. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, მუნიციპალიტეტი გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების ღონისძიებას ახორციელებს სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის ან პირთა ჯგუფის (ჯგუფების) მეშვეობით.

13. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში დაუშვებელია გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველის ან მისი ნაწილის გაყიდვა, ან რაიმე ფორმით გასხვისება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი, მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაეცემა სამეცნიერო დაწესებულებას, ცხოველთა საშენს, ზოოპარკს ან ცხოველთა თავშესაფარს.  სხვა შემთხვევაში, გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი  ნადგურდება ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული წესით, იმ მუნიციპალიტეტის მიერ, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება. აღნიშნულ ქმედებებს ზედამხედველობს დეპარტამენტი, რომელიც გარეული ცხოველის განადგურების თაობაზე ადგენს შესაბამის აქტს. გარეული ცხოველის განადგურებამდე მუნიციპალიტეტი ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ აცნობოს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამის რეგიონულ სამმართველოს, ცოფის ან, საჭიროების შემთხვევაში, სხვა დაავადებაზე კვლევისათვის ნიმუშების აღების უზრუნველყოფის მიზნით.

14. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს და მიაწოდოს სათანადო დოკუმენტაცია და ვითარების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის, ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში მითითებული დოკუმენტაციის ასლები).

15. მუნიციპალიტეტის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული  გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების ღონისძიების ჩატარებაზე ზედამხედველობას ახორციელებს დეპარტამენტი. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, წინასწარ აცნობოს დეპარტამენტს რეგულირების ღონისძიების ჩატარების ვადების თაობაზე. გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგების თაობაზე დეპარტამენტი ადგენს შესაბამის აქტს.

მუხლი 5. გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება გარემოსთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით

1. გარემოსთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, სათანადო კვლევებზე დაყრდნობით, მუნიციპალიტეტის მიმართვის გარეშე, მინისტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ბრძანება გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით განისაზღვრება რეგულირებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველის სახეობა და რაოდენობა, რეგულირების ღონისძიებების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ასევე რეგულირების ღონისძიებაზე ზედამხედველობის განხორციელებისა და სამინისტროსთან ანგარიშგების საკითხები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, რეგულირების ღონისძიების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა პირობები.

მუხლი 6. გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირებ სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური (დაავადებების გავრცელების თავიდან აცილება და აღმოფხვრა), სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკისა და აღმოფხვრის მიზნით

1. გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური (დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის), სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკისა და აღმოფხვრის მიზნით ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ადამიანისათვის, შინაური ან გარეული ცხოველებისათვის სახიფათო ეპიდემიის ან/და მისი გავრცელების საშიშროება, რაც დგინდება ცხოველთა ზოონოზური და ზოოანთროპონოზური დაავადებების სადიაგნოსტიკო გამოკვლევის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულირების ღონისძიების განხორციელების საფუძველი შეიძლება, ასევე გახდეს სამინისტროსთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილობითი მიმართვა – სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური საფრთხის არსებობიდან გამომდინარე, გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობის შესახებ.

3. მიმართვაში მითითებული უნდა იყოს რეგულირების საჭიროებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველის სახეობა, რაოდენობა, გარეული ცხოველის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აღწერა და ზიანს დაქვემდებარებული ან/და გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების განსახორციელებლად შერჩეული ტერიტორია.

4. მიმართვის განხილვის შემდეგ მინისტრი გამოსცემს ბრძანებას გარეული ცხოველის რაოდენობის რეგულირების ღონისძიებების განხორციელების თაობაზე. აღნიშნული ბრძანებით განისაზღვრება რეგულირებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველის სახეობა და რაოდენობა, რეგულირების ღონისძიებების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რეგულირების ღონისძიებაზე ზედამხედველობის განხორციელებისა და სამინისტროსთან ანგარიშგების საკითხები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, რეგულირების ღონისძიების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა პირობები.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნით, გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების ღონისძიებები უნდა განხორციელდეს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.

მუხლი 7. გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველის განადგურება

გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველი უნდა განადგურდეს „ტექნიკური რეგლამენტის − „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №433 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 8. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის

პასუხიმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.