დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის, სარგებლობაში გადაცემის საფასურისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 570 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 10/09/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 040110030.10.003.022290 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (10/09/2020 - 03/06/2021)
|
სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის, სარგებლობაში გადაცემის საფასურისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, 452 მუხლის მე-3 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის, სარგებლობაში გადაცემის საფასურისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი“. |
მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილება. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 8 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის, სარგებლობაში გადაცემის საფასურისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეს წესი განსაზღვრავს: ა) სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის განსაზღვრის წესს; ბ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს. 2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობა. 3. ამ წესით არ რეგულირდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, ასევე იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო თანხის, ასევე საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი.
მუხლი 2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო თანხის განსაზღვრის წესი 1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ხოლო პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა შესაძლოა, განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით. 2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხის დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით განსაზღვრის შემთხვევაში, ინფორმაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოედგინება საქართველოს მთავრობას მოწონებისათვის. 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით. 4. თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი უძრავი ქონების განკარგვა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ უძრავი ქონება განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა, საწყისი საპრივატიზებო თანხა შეიძლება 50%-ზე მეტად შემცირდეს.
მუხლი 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
მუხლი 4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის განსაზღვრის წესი 1. მოძრავი ნივთის (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონებისა და განსაკარგავად გადაცემული ქონებისა) აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით. 2. მოძრავი ნივთის (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონებისა და განსაკარგავად გადაცემული ქონებისა) პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით. 3. სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − ქონების სააგენტო) მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონებისა და განსაკარგავად გადაცემული ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო საფასური ან/და საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასური განისაზღვრება არანაკლებ ქონების ნარჩენი საბალანსო/საბალანსო ღირებულების ან ქონების სააგენტოს მიერ განხორციელებული შეფასების/დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ გაცემული დასკვნის (ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით) საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. ქონების სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონებისა და განსაკარგავად გადაცემული ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის, ასევე საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის განსაზღვრისას, დაეყრდნოს ქონების სააგენტოსათვის შესაბამისი ქონების გადაცემამდე ჩატარებულ შეფასებას. 4. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონებისა და განსაკარგავად გადაცემული ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის, ასევე საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის განსაზღვრისას ქონების სააგენტო უფლებამოსილია, გაითვალისწინოს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონებისა და განსაკარგავად გადაცემული ქონების რაოდენობა და პრივატიზების/რეალიზაციის ფორმა. 5. ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების ან განსაკარგავად გადაცემული ქონების განკარგვის ფორმის შეცვლის შემთხვევაში, ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით, საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის, ასევე საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის განსაზღვრისას შესაძლებელია, შენარჩუნებულ იქნეს ქონების წინა განკარგვისას (ბოლო განკარგვა) დადგენილი საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო საფასური, ასევე საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასური. 6. იმ შემთხვევაში, თუ ქონების სააგენტოს განსაკარგავად გადაცემული ქონება გადაეცემა ნულოვანი ღირებულებით, ქონების სააგენტო უფლებამოსილია, განსაკარგავად გადაცემული ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა განსაზღვროს ნული ლარით. 7. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფოსათვის ნატურით გადაცემული მოძრავი ქონების რეალიზაციისას, ქონების სააგენტო უფლებამოსილია, შესაბამისი მოძრავი ქონების საწყისი სარეალიზაციო/სარეალიზაციო საფასური განსაზღვროს სახელმწიფოსათვის ქონების ნატურით გადაცემისას დადგენილი ღირებულებით. 8. თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი მოძრავი ნივთის (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონებისა და განსაკარგავად გადაცემული ქონებისა) განკარგვა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ მოძრავი ნივთი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონებისა და განსაკარგავად გადაცემული ქონებისა) განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა, საწყისი საპრივატიზებო თანხა შეიძლება 50%-ზე მეტად შემცირდეს. 9. თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების/განსაკარგავად გადაცემული ქონების (გარდა ნავთობპროდუქტების, ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და მათი ნაწარმისა) პრივატიზება/რეალიზაცია, ქონების სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის შემცირების თაობაზე, შემდეგი წესით: ა) თუ არ მოხდება აუქციონზე პირველად გატანილი ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო საფასური მცირდება 25%-ით; ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო საფასური მცირდება 50%-ით; გ) თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო საფასური მცირდება 70%-ით; დ) თუ ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო საფასური მცირდება 70%-ზე მეტი ოდენობით. 10. თუ აუქციონზე გატანისას არ განხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული/განსაკარგავად გადაცემული ნავთობპროდუქტების, ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და მათი ნაწარმის პრივატიზება/რეალიზაცია, ქონების სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების იმავე საწყის საპრივატიზებო თანხად/საწყის სარეალიზაციო საფასურად განკარგვის ან ფასის შემცირების თაობაზე. ქონების სააგენტო უფლებამოსილია, შეამციროს ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო საფასური შემდეგი წესით: ა) თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო საფასური მცირდება არა უმეტეს 25%-ით; ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო საფასური მცირდება არაუმეტეს 50%-ით; გ) თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო საფასური მცირდება არაუმეტეს 70%-ით; დ) თუ ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო საფასური მცირდება 70%-ზე მეტი ოდენობით. 11. თუ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების/განსაკარგავად გადაცემული ქონების (გარდა მალფუჭებადი პროდუქციისა) სავაჭრო ობიექტებში/ინტერნეტმაღაზიაში განთავსების დღიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში ვერ განხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების/განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, ქონების სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის არაუმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე. 12. მალფუჭებადი პროდუქციის პრივატიზებისას/რეალიზაციისას, ქონების სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ ვადაზე ადრე მიიღოს გადაწყვეტილება ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხის/საწყისი სარეალიზაციო საფასურის არაუმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე. 13. თუ ამ მუხლის მე-11 ან მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების/განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული საფასურით პრივატიზების/რეალიზაციის თაობაზე. 14. ამ მუხლის მე-8-მე-13 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო საფასური მრგვალდება მთელ თეთრამდე. 15. თუ აუქციონში გამარჯვებული ქონების სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის განსაკარგავად გადაცემული ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურს ან არ უზრუნველყოფს ქონების გატანას კანონმდებლობით დადგენილ ან/და ქონების სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში, აუქციონი გამოცხადდება იმავე საწყისი საპრივატიზებო თანხით/საწყისი სარეალიზაციო საფასურით, რა საწყისი საპრივატიზებო თანხით/საწყისი სარეალიზაციო საფასურითაც გამოცხადებული იყო წინა აუქციონი.
მუხლი 5. სახელმწიფო ქონების საწყისი სარგებლობაში გადაცემის (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემისა) საფასურის განსაზღვრის წესი 1. სახელმწიფო ქონების (საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარდა) სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას ქონების საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური განისაზღვრება ქონების მმართველის მიერ, არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობით. 2. სახელმწიფო ქონების პირობებით სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას, ქონების საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური შეიძლება, განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის საფასურზე ნაკლები ოდენობით, რასთან დაკავშირებითაც, ინფორმაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოედგინება საქართველოს მთავრობას მოწონებისათვის. 3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში აუქციონის გარეშე გადაცემისას ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით. 4. თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ სახელმწიფო ქონება განმეორებით აუქციონზეც არ გადაიცა სარგებლობაში, საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური შეიძლება 50%-ზე მეტად შემცირდეს.
მუხლი 6. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აუქციონის გზით ლიზინგის ფორმით გადაცემის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი 1. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აუქციონის გზით ლიზინგის ფორმით გადაცემისას ლიზინგის ფორმით გადაცემის საწყისი საფასური განისაზღვრება ქონების სააგენტოს ან დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შეფასების/დასკვნის საფუძველზე. 2. თუ არ მოხდება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა, ქონების სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემის საწყისი საფასურის არაუმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე. 3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც არ განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა, ლიზინგის ფორმით გადაცემის საწყისი საფასური შეიძლება 50%-ზე მეტად შემცირდეს.
მუხლი 7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის საწყისი საპრივატიზებო თანხისა და საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი 1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის (წილები/აქციები, ასევე ყველა სხვა მოთხოვნა და უფლება) უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ხოლო პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა შესაძლოა, განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით. 2. პირობებიანი აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო თანხის დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით განსაზღვრის შემთხვევაში, ინფორმაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოედგინება საქართველოს მთავრობას მოწონებისათვის. 3. თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ წილები/აქციები განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა, საწყისი საპრივატიზებო თანხა შეიძლება 50%-ზე მეტად შემცირდეს. 4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით. 5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილების/აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზებისას წილებისა და აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების საპრივატიზებო საფასური (საჯარო შეთავაზების შემთხვევაში − საწყისი საპრივატიზებო თანხა) განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საპრივატიზებო თანხა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. 7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილების/აქციების პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას მართვის უფლებით გადაცემის საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით. |
დოკუმენტის კომენტარები