„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 145
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 08/09/2020
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2020
ძალაში შესვლის თარიღი 30/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016198
145
08/09/2020
ვებგვერდი, 16/09/2020
310150000.54.066.016198
„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №145

2020 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/12/2013, 310150000.54.066.016060) დამტკიცებულ „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ექსპლუატანტის ის მასალები, რომლებიც განეკუთვნება სათადარიგო ნაწილებს (COMAT) და შეესაბამება ტექნიკური ინსტრუქციების შესაბამისად სახიფათო ტვირთის კლასიფიკაციებს, ითვლება სახიფათო ტვირთად და გადაზიდული უნდა იქნეს ტექნიკური ინსტრუქციების მოთხოვნების შესაბამისად (მაგალითად, სხ-ს სათადარიგო ნაწილები, როგორებიცაა, ჟანგბადის და ზეთების ქიმიური წყარო, საწვავის მიწოდების აგრეგატი, ცეცხლმაქრი, საპოხი მასალა, საწმენდი საშუალებები)“.

2. მე-15 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდზე საავიაციო შემთხვევის, სერიოზული ინციდენტის ან/და ინციდენტის შემთხვევაში, როდესაც სახიფათო ტვირთი გადაიზიდება საჰაერო ხომალდით ტვირთის სახით, საქართველოში რეგისტრირებულმა ან სხვა სახელმწიფოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტმა, პილოტისათვის მიწოდებული ინფორმაცია (NOTOC) დაუყოვნებლად უნდა მიაწოდოს საქართველოს საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტსა და სააგენტოს. საქართველოში რეგისტრირებულ ექსპლუატანტებს

ამგვარი შეტყობინების ვალდებულება აქვს იმ შემთხვევაშიც, თუ ინციდენტი ან საავიაციო შემთხვევა მოხდება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. საქართველოში რეგისტრირებული ექსპლუატანტი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია წარუდგინოს იმ სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებას, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა ამგვარი ინციდენტი.“

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„5. ექსპლუატანტმა უნდა წარუდგინოს სააგენტოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება არადეკლარირებულ და/ან არასწორად დეკლარირებულ სახიფათო ტვირთებს ან მგზავრებისათვის და ეკიპაჟებისათვის გადასაზიდად აკრძალული სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ფაქტებს, ტი-ების დებულებების მოთხოვნის შესაბამისად. საქართველოში რეგისტრირებული ექსპლუატანტი ვალდებულია ამგვარი ინფორმაცია წარუდგინოს იმ სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებას, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა ამგვარი შემთხვევა.“

3. 172 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 172.  პერსონალის ინფორმირება

1. ექსპლუატანტებმა, საავიაციო სატვირთო ტერმინალებმა, ტვირთგამგზავნებმა, დანიშნულმა საფოსტო ოპერატორებმა და სხვა საწარმოებმა, რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში, უნდა მიაწოდონ თავის პერსონალს ინფორმაცია იმგვარად, რომ მათ შეძლონ სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებით მათზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად განხორციელება. აღნიშნულ პერსონალს, ასევე, უნდა მიეწოდოს ინსტრუქციები სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული ავარიული ვითარების დროს განსახორციელებელი ქმედებების შესახებ.

2. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს ინფორმაციის მიწოდება ტვირთის მიღების, დამუშავების, ჩატვირთვის და გადმოტვირთვის პროცესში ჩართული როგორც თავისი პერსონალისათვის, ისე სახიფათო ტვირთის მომსახურე აგენტის პერსონალისთვის, სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით ექსპლუატანტის საექსპლუატაციო უფლებამოსილებისა და შეზღუდვების თაობაზე“.

4. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 173 და 174 მუხლები:

მუხლი 173.  მოთხოვნები ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს მიმართ ექსპლუატანტისთვის, რომელსაც არ აქვს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლებამოსილება

ექსპლუატანტი, რომელსაც არა აქვს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლებამოსილება, ვალდებულია:

ა) ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში ასახოს სახიფათო ტვირთების კუთხით მოსამზადებელი პერსონალის კატეგორიები და სასწავლო საგნების ჩამონათვალი, იკაოს დოკ. 9284-ის („საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციები“) ცხრილი 1-5 შესაბამისად;

ბ) ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში დაადგინოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის პოლიტიკა და პროცედურები, ჩიკაგოს კონვენციის მე-18 დანართის, ტექნიკური ინსტრუქციების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რათა ექსპლუატანტის პერსონალს შეეძლოს:

ბ.ა) განსაზღვროს განუცხადებელი სახიფათო ტვირთი და უარი თქვას მის მიღებაზე (COMAT-ის ჩათვლით, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც სახიფათო ტვირთი);

ბ.ბ) მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს და იმ სახელმწიფოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, სადაც აღმოჩენილი იქნა განუცხადებელი სახიფათო ტვირთების შემთხვევა ტვირთში ან ფოსტაში, ან მოხდა სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული შემთხვევა ან ინციდენტი.

მუხლი 174. მოთხოვნები ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს მიმართ ექსპლუატანტისთვის, რომელსაც გააჩნია ტვირთის სახით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლებამოსილება

ექსპლუატანტი, რომელსაც მინიჭებული აქვს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლებამოსილება, ტვირთის სახით, ვალდებულია:

ა) ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში ასახოს სახიფათო ტვირთების კუთხით მოსამზადებელი პერსონალის კატეგორიები და სასწავლო საგნების ჩამონათვალი, იკაოს დოკ. 9284-ის („საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციები“) ცხრილი 1-4 შესაბამისად;

ბ) ფრენის შესრულების სახელმძღვანელოებში დაადგინოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის პოლიტიკა და პროცედურები ჩიკაგოს კონვენციის მე-18 დანართის, ტექნიკური ინსტრუქციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რათა ექსპლუატანტის პერსონალს შეეძლოს:

ბ.ა) განსაზღვროს განუცხადებელი სახიფათო ტვირთი და უარი თქვას მის მიღებაზე (COMAT-ის ჩათვლით, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც სახიფათო ტვირთი);

ბ.ბ) მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს და იმ სახელმწიფოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, სადაც აღმოჩენილი იქნა განუცხადებელი სახიფათო ტვირთების შემთხვევა ტვირთში ან ფოსტაში, ან მოხდა სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული შემთხვევა ან ინციდენტი;

გ) სააგენტოს და გამგზავნი სახელმწიფოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია სახიფათო ტვირთის ნებისმიერი შემთხვევის ან ინციდენტის შესახებ, როდესაც:

გ.ა) ტვირთი არ იქნა დატვირთული, დანაწევრებული, გამოყოფილი ან დამაგრებული ტექნიკური ინსტრუქციების მე-7 ნაწილის მე-2 თავის შესაბამისად:

გ.ბ) სხ-ს მეთაური არ იყო ინფორმირებული სახიფათო ტვირთის შესახებ;

დ) მიიღოს, დაამუშავოს, შეინახოს, გადაზიდოს, ჩატვირთოს და გადმოტვირთოს სხ-ზე სახიფათო ტვირთი (COMAT-ის ჩათვლით, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც სახიფათო ტვირთი);

ე) სხ-ს მეთაურს მიაწოდოს ზუსტი და დეტალური ინფორმაცია წერილობითი ფორმით სახიფათო ტვირთის შესახებ, რომელიც გადაზიდული უნდა იქნეს ტვირთის სახით“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 30 სექტემბრიდან.

 


სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე