საარჩევნო კომისიების კუთვნილ ან/და საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემულ შენობებში შესვლისას/გამოსვლისას და შენობებში ყოფნისას/გადაადგილებისას სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დადგენის შესახებ

საარჩევნო კომისიების კუთვნილ ან/და საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემულ შენობებში შესვლისას/გამოსვლისას და შენობებში ყოფნისას/გადაადგილებისას სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24/2020
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 01/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016496
24/2020
01/09/2020
ვებგვერდი, 02/09/2020
010210010.15.008.016496
საარჩევნო კომისიების კუთვნილ ან/და საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემულ შენობებში შესვლისას/გამოსვლისას და შენობებში ყოფნისას/გადაადგილებისას სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დადგენის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №24/2020

2020 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

საარჩევნო კომისიების კუთვნილ ან/და საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემულ შენობებში შესვლისას/გამოსვლისას და შენობებში ყოფნისას/გადაადგილებისას სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 199-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საარჩევნო კომისიების კუთვნილ ან/და საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემულ შენობებში შესვლის/გამოსვლის და შენობებში ყოფნის/გადაადგილებისას საარჩევნო კომისიების მიერ დაცული უნდა იქნეს შემდეგი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები:

ა) შენობის შესასვლელთან, პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, უნდა განხორციელდეს თერმოსკრინინგი. ცხელების – 37°С ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას (5-წუთიან შუალედში). განმეორებით ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში პირი არ დაიშვება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილი პირი ვალდებულია საჩივრის განხილვაზე პირის დაბარებისას, საჩივრის ავტორს მოსთხოვოს, რომ იგი ვალდებულია გადაიმოწმოს ტემპერატურა და ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში იგი უფლებამოსილია უზრუნველყოს მისივე წერილობითი განცხადების საფუძველზე მისი ჩამნაცვლებელი პირის წარმოდგენა, აღნიშნულის თაობაზე მხარის ტექნიკური საშუალებით დაბარების აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. თუ ცხელება დაუფიქსირდა საჩივრის ავტორს/უფლებამოსილ პირს, ზემოხსენებული გაფრთხილების შემდეგ, საარჩევნო კომისიაში შესვლისას იგი უფლებამოსილია საარჩევნო კომისიას მიმართოს წერილობითი განცხადებით საჩივრის განხილვაში მის ნაცვლად სხვა პირის მონაწილეობის შესახებ და უზრუნველყოს ამ პირის საარჩევნო კომისიის სხდომაზე გონივრულ დროში გამოცხადება, რისთვისაც შესაძლებელია აღნიშნული საკითხის განხილვა გადაიდოს გონივრული ვადით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ უნდა იქნეს დარღვეული ამ საჩივრის განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადა. განცხადებაში უნდა მიეთითოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონი;

გ) ცხელების დაფიქსირების შემთხვევების აღრიცხვა უნდა განხორციელდეს სპეციალური  ჟურნალში, რომლის ფორმა მტკიცდება ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით;

დ) თერმოსკრინინგს და სპეციალური ჟურნალის წარმოებას უზრუნველყოფს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილი პირი;

ე) საარჩევნო კომისიების შენობებში სამუშაო მაგიდებისა და სხვა ინვენტარის ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებებით;

ვ) საარჩევნო კომისიის შენობებში უნდა განთავსდეს ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი;

ზ) პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უნდა მოხდეს საარჩევნო კომისიის შენობების ბუნებრივი ვენტილაცია.

მუხლი 2
საარჩევნო კომისიის შენობაში მყოფი ნებისმიერი პირი ვალდებულია, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაიცვას შემდეგი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები:

ა) დაიცვას ჰიგიენის წესები;

ბ) მოერიდოს თავშეყრას, დაიცვას რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვით (შეძლებისდაგვარად);

გ) პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს სამუშაო სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია;

დ) სამუშაოს დაწყებისას და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავოს სამუშაო ინვენტარი, რომელსაც იყენებს სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;

ე) ტექნიკისა და ინვენტარის მომხმარებელმა უზრუნველყოს ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის, კლავიატურის ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების) დამუშავება რამდენჯერმე დღეში შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

ვ) საარჩევნო კომისიის შენობაში მისვლამდე გააკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით;

ზ) ატაროს პირბადე ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

მუხლი 3
სავალდებულოა პირბადის გამოყენება:

ა) საარჩევნო კომისიების შენობების ლიფტებში;

ბ) საარჩევნო კომისიების შენობების მისაღებებში;

გ) საარჩევნო კომისიებში შეხვედრებზე/თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა;

დ) საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრებისას;

ე) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ უფლებამოსილი პირის მიერ ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას.

მუხლი 4
ამ დადგენილების მე-3 მუხლით დადგენილ შემთხვევებში პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება:

ა) გამომსვლელს/მომხსენებელს საარჩევნო კომისიის შენობებში გამართულ შეხვედრებზე/თავშეყრისას, თუ იგი დაიცავს არანაკლებ 2 მეტრის სოციალურ დისტანციას;

ბ) პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით;

გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში აუცილებლობას არ წარმოადგენს ამ დადგენილების მიზნებისათვის ექიმის ახალი ცნობის აღება, თუ უკვე არსებობს აღნიშნული ავადმყოფობების შესახებ რაიმე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი (მ.შ., სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა, და სხვ.).

მუხლი 5
პირი ვალდებულია დაიცვას  ამ დადგენილებით განსაზღვრული პირბადის  ტარების წესი. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ექვემდებარება გაფრთხილებას და ამ წესის დარღვევის გაგრძელების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდება მისი შენობიდან გაძევება.
მუხლი 6
აღნიშნული დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნასა და შესვლა/გამოსვლაზე.
მუხლი 7
დაევალოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს და ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ამ დადგენილების გაცნობა ცესკოს აპარატისა და საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის. დაევალოს ცესკოს შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტს, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში, ამ დადგენილების შესრულებაზე კონტროლი.
მუხლი 8
დაევალოს ცესკოს საფინანსო დეპარტამენტს ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით საჭირო ინვენტარის შესყიდვა.
მუხლი 9
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 10
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი