საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/346
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 31/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2020
ძალაში შესვლის თარიღი 08/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 040110030.22.024.016665
1-1/346
31/08/2020
ვებგვერდი, 31/08/2020
040110030.22.024.016665
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/346

2020 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 10/06/2020, 040110030.05.001.019859) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების  აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის თანდართული წესი.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 8 სექტემბრიდან.

 


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა




საჯარო სამართლის იურიდიული პირის  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ  სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და  სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, და განკარგვის წესსა და პირობებს.

2. ეს წესი არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე, რომლებიც განკარგავენ მათთვის სარგებლობაში გადაცემულ ან/და მათ ბალანსზე რიცხულ მოძრავ ქონებას.

3. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ქონება – სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება და სააგენტოსათვის  განსაკარგავად გადაცემული ქონება;

ბ) ქონების განკარგვა – სააგენტოს მიერ ქონების  პრივატიზება, რეალიზაცია, განაწილება, განადგურება და ლიზინგის ფორმით გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) ინტერნეტმაღაზია – ქონების განკარგვა ელექტრონული სავაჭრო ობიექტის საშუალებით.

4. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ტერმინებისა, აქვს „სახელმწიფო ქონების შესა­ხებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობა.

 

მუხლი 2. სააგენტოსათვის ქონების გადაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები და ქონების გადაცემის წესი

1. მოძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოები/პირები.

2. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება.

3.  სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ქონების შემდგომი განკარგვის მიზნით, მიმართავს სააგენტოს.

4. ქონება სააგენტოს გადაეცემა ქონების განკარგვაზე/სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევაზე გადაწყვეტილების მიღების  უფლების მქონე ორგანოს მიერ გამოცემული/მიღებული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

5. ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო მიმართავს სააგენტოს და წარუდგენს  შესაბამის გადაწყვეტილებას, ასევე დეტალურ ინფორმაციას ქონების შესახებ (ქონების ჩამონათვალი, ქონების ნარჩენი საბალანსო/საბალანსო ღირებულება და საჭიროების შემთხვევაში, სხვა სახის ინფორმაცია).

6. ქონების გადაცემის დროს სააგენტოსა და ქონების გადამცემს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.

 

მუხლი 3. ქონების აღრიცხვა

1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების თავდაპირველ აღრიცხვას ქონების ჩამორთმევისთანავე აწარმოებს ქონების ჩამორთმევაზე უფლებამოსილი ორგანო/პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც, ასევე, ახორციელებს ქონების უსაფრთხოების შემოწმებას.

2. მალფუჭებადი პროდუქციის დროულად განკარგვის მიზნით, ქონების აღრიცხვის პროცესში მალფუჭებადი პროდუქციის გამოვლენის შემთხვევაში, მისი აღრიცხვა უნდა განხორციელდეს განკერძოებულად.

3. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაში  გადაცემული ან/და ბალანსზე  რიცხული მოძრავი ქონების თავდაპირველ აღრიცხვას აწარმოებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

4. ქონების აღრიცხვა, სააგენტოსათვის გადაცემის შემდეგ, წარმოებს ქონების სახეობისა და რაოდენობრივი  მაჩვენებლების მიხედვით.

5. ქონების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის უზრუნველსაყოფად, სააგენტო აწარმოებს სპეციალურ ელექტრონულ  რეესტრს.

6. სააგენტოს მიერ ქონების მიღებისა და აღრიცხვის  ინსტრუქციას  ამტკიცებს სააგენტო.       

 

მუხლი 4. ქონების მიღება და შენახვა

1. სააგენტოსათვის გადაცემამდე ქონების შენახვას უზრუნველყოფს ქონების ჩამორთმევაზე/განსაკარგავად გადაცემაზე უფლებამოსილი ორგანო/პირი.

2. მალფუჭებადი საქონელი, რომელიც შენახვის სპეციალურ პირობებს საჭიროებს, მისი დაუყოვნებლივ განაწილების და/ან რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, შეინახება მაცივარ-კამერებში, რასაც უზრუნველყოფს ქონების ჩამორთმევაზე უფლებამოსილი ორგანო/პირი.

3. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების ზოგიერთი კატეგორიის მიმართ შესაძლებელია დაწესდეს შენახვის განსაკუთრებული რეჟიმი, მათ შორის:

ა) ფულადი სახსრები და სხვა ფასიანი ქაღალდები შესანახად შესაძლებელია გადაეცეს საბანკო დაწესებულებებს;

ბ) იარაღი და საბრძოლო მასალა შესანახად შესაძლებელია გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებებისთვის ქონების შესანახად გადაცემისას ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.

5. სააგენტოს მიერ ქონების მიღებისას, ქონების გადამცემსა და სააგენტოს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც  უნდა მოიცავდეს  ინფორმაციას ქონების დასახელებისა და  მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (არსებობის შემთხვევაში)  შესახებ, აგრეთვე, ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, სხვა ინფორმაციას, რაც შესაძლებელს გახდის ქონების  იდენტიფიცირებას.

6. სააგენტო, ქონების მიღების შემდეგ, ახორციელებს მის განთავსებას  კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 5. ქონების შეფასება

სააგენტო ქონების შეფასებას აწარმოებს დამოუკიდებლად ან ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, მის მიერ შერჩეული დამოუკიდებელი აუდიტორის/ექსპერტის  მიერ.

 

მუხლი 6. ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება

1. ქონების პრივატიზების (მათ შორის, პრივატიზების ფორმის), რეალიზაციის (მათ შორის, რეალიზაციის ფორმის), ლიზინგის ფორმით გადაცემის ან განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას, ქონების სპეციფიკისა და რაოდენობის გათვალისწინებით,  იღებს სააგენტო (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).

2. ქონების განაწილების (მათ შორის, სოციალური მიზნებისათვის) შესახებ გადაწყვეტილებას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, იღებს სააგენტო (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).

3. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ან საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული, მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისთვის მიკუთვნებული საქონლის ღირებულება არ აღემატება 700 ლარს (საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საბაჟო სამართალდარღვევის შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული საქონლის ღირებულება დგინდება საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების შესაბამისად), მისი სოციალური მიზნებისათვის განაწილების ან განადგურების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევაზე უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი, აღნიშნული საქონლის კონფისკაციის შესახებ ადმინისტრაციული სახდელის ან საბაჟო სანქციის აღსრულებისთანავე.

4. სააგენტოს მიერ  ხორციელდება შემდგი ქონების განადგურება:

ა) ექსპერტიზის განმახორციელებელი საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) მიერ მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში უხარისხო და/ან ფალსიფიცირებული საქონლის, ან ისეთი საქონლის, რომლის შემდგომი გამოყენება შეუძლებელია;

ბ) ქონების, რომლის  ექსპერტიზის/შეფასების  სავარაუდო  ღირებულება აღემატება ქონების  სავარაუდო ღირებულებას. ამ შემთხვევაში ქონების   ექსპერტიზა/შეფასება  არ ხორციელდება.

5. სასაქონლო სახედაკარგული ლუდის, სპირტისა და ალკოჰოლური სასმელის პრივატიზება/რეალიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შემდგომი გადამუშავების მიზნით, მათში ალკოჰოლის საშუალო შემცველობის გათვალისწინებით  განხორციელებული შეფასების საფუძველზე.

 

მუხლი 7. ქონების განკარგვის  ფორმები

1. ქონების განკარგვის ფორმებია:

ა) ქონების პრივატიზება/რეალიზაცია აუქციონის ფორმით;

ბ) ქონების პრივატიზება/რეალიზაცია პირდაპირი მიყიდვის ფორმით:

ბ.ა) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით;

ბ.ბ) ქონების პრივატიზება/რეალიზაცია სავაჭრო ობიექტების (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით;

გ) ქონების რეალიზაცია/პრივატიზება მესამე პირის მეშვეობით;

დ) ქონების განაწილება;

ე) ქონების განადგურება;

ვ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა.

2. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების განკარგვის ფორმის (საშუალების) კანონმდებლობით გათვალისწინებული განკარგვის სხვა ფორმით (საშუალებით) შეცვლის თაობაზე.

 

მუხლი 8. სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის განკარგვა

1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული, საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლებით გათვალისწინებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული   საქონელი ექვემდებარება განადგურებას დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონელი შესაძლებელია რეალიზებულ იქნეს ან განაწილდეს, უფლების მფლობელის/მისი წარმომადგენლის თანხმობის შემთხვევაში, თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან მოცილება შესაძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზე არ არის დატანილი. უფლების მფლობელის/მისი წარმომადგენლის თანხობის მიღება არ არის აუცილებელი, თუ მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ქვები და მათი ნაწარმი შესაძლებელია რეალიზებულ იქნეს მხოლოდ  მათი დაზიანების შედეგად მიღებული ნარჩენების (ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ქვები) სახით.

4. თუ სასაქონლო ნიშნის მოცილებასთან დაკავშირებული სავარაუდო  ხარჯები  ან/და ქონების ექსპერტიზის/შეფასების სავარაუდო ღირებულება აღემატება საქონლის სავარაუდო ღირებულებას, ქონება განადგურდება დადგენილი წესით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, მესამე პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

მუხლი 9.  ქონების პრივატიზება/რეალიზაცია აუქციონის ფორმით

ქონების ელექტრონული/საჯარო აუქციონით პრივატიზების/რეალიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.

 

მუხლი 10. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაცია ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით

1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით რეალიზაციისას, მყიდველთან იდება (ფორმდება) შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება.

2. ქონების მყიდველი ვალდებულია სარეალიზაციო საფასური გადაიხადოს  ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

3. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში  გაიტანოს ქონება შესაბამისი საწყობიდან/განთავსების ადგილიდან.

 

მუხლი 11.  ქონების პრივატიზება/რეალიზაცია სავაჭრო ობიექტების საშუალებით

სავაჭრო ობიექტების საშუალებით ქონების პრივატიზებისას/რეალიზაციისას, ქონება განთავსდება სააგენტოს სავაჭრო ობიექტებში.

 

მუხლი 12. ქონების პრივატიზება/რეალიზაცია ინტერნეტმაღაზიის საშუალებით

 

1. ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით პრივატიზების/რეალიზაციის თაობაზე სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა, სააგენტო  აკეთებს განცხადებას ვებგვერდზე www.eauction.ge, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) საპრივატიზებო/სარეალიზაციო ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას);

ბ) ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურს;

გ) ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის პირობებს.

2. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შესაძენად სავალდებულოა:

ა) ვებგვერდზე www.eauction.ge რეგისტრაცია (რეგისტრირდებიან  როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);

ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტმაღაზიით ვაჭრობის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;

გ) ფიზიკური პირის შემთხვევაში, რეგისტრაცია სახელის, გვარისა და პირადი ნომრის მითითებით;

დ) იურიდიული პირის შემთხვევაში, რეგისტრაცია სახელწოდების და საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით.

3.  ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურს.

 

მუხლი 13. ქონების პრივატიზება/რეალიზაცია მესამე პირის მეშვეობით

1. ქონების პრივატიზება/რეალიზაცია მესამე პირის მეშვეობით შესაძლებელია განხორციელდეს ფიზიკური ან იურიდიული პირის მეშვეობით შესაბამის ხელშეკრულების საფუძველზე.

2. მესამე პირის მომსახურების თანხა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ დადგენილი ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის  5%-ს.

3. სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია ქონება მესამე პირს მფლობელობაში გადაეცეს პრივატიზებამდე/რეალიზაციამდე. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია მოითხოვოს საბანკო გარანტიის/ბეს წარმოდგენა/გადახდა ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის სრული ოდენობით.

 

მუხლი 14. ქონების განადგურება

1. ქონება უნდა განადგურდეს, თუ მისი რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია. ქონების განადგურების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს ქონების შესაბამისი სამსახურის ან საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) და/ან აუდიტური ფირმის (აუდიტორის) სათანადო შეფასების/დასკვნის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ფარმაცევტული პროდუქტი  ექვემდებარება განადგურებას  კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული ჩამორთმეული და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული თამბაქოს ნაწარმი ექვემდებარება განადგურებას  კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ქონების განადგურების პროცესს ესწრება სააგენტოს და შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

5. ქონების განადგურების ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი, რომლის ტერიტორიაზეც ხდება ქონების განადგურება.

6. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.

7. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირები.

 

მუხლი 15. ქონების განაწილება

1. ქონების განაწილება, მათ შორის, სოციალური მიზნებისათვის, შესაძლებელია  განხორციელდეს სახელმწიფო ორგანოს და შესაბამისი მუნიციპალიტეტის შუამდგომლობების, ასევე სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დასაბუთებული შუამდგომლობების საფუძველზე.

2. ქონების  განაწილება ხორციელდება უსასყიდლოდ სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემის გზით.

3. ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემისას სააგენტო უფლებამოსილია დაეყრდნოს ამ ქონებასთან დაკავშირებულ, ქონების სააგენტოსათვის გადაცემამდე ჩატარებულ ექსპერტიზასა და შეფასებას.

4. ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია ითვალისწინებდეს გარკვეულ ვალდებულებებს ქონების სარგებლობაში მიმღების ან შემძენის მხრიდან.

 

მუხლი 16.  სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა

ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ლიზინგის მიმღების შერჩევა ხდება ელექტრონული აუქციონის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.