ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ.

ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ.
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/08/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 21/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.141.016318
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
13
21/08/2020
ვებგვერდი, 26/08/2020
010250020.35.141.016318
ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (26/08/2020 - 18/09/2020)

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2020 წლის 21 აგვისტო

ქ. ახალქალაქი

ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“  ქვეპუნქტის,  ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
დამტკიცდეს ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქცია  დანართი 1-ლის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან



დანართი1
ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქცია

თავი I


ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. საქმიანობის კოორდინაცია
1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული პროგრამების ფარგლებში.

2. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები ხორციელდება მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და ბავშვის თემებზე მომუშავე პირებთან კოორდინირებული თანამშრომლობით.

3. თუ კი ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიება არ ხორციელდება  მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული პროგრამების ფარგლებში, ბავშვს აღნიშნული სერვისი მიეწოდება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან თანამშრომლობით.  

4. თუ კი ბავშვი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში, საქმის მართვაზე პასუხისმგებელი უწყებაა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.  მუნიციპალიტეტის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი კოორდინაციაშია მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში.

5. განყოფილების მიერ საკითხის შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში რეფერირება ხდება:

ა) თუ კი შეფასების შედეგად დგინდება ბავშვის ოჯახიდან განცალკევების საჭიროება,

ბ) თუ კი განყოფილებაში შემოსული ინფორმაცია უკავშირდება ბავშვზე ძალადობის განხორციელებას ან განხორციელების რისკს. ასეთ შემთხვევაში განყოფილებამ უნდა განახორციელოს შესაბამისი რეაგირების ღონისძიებები ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების საფუძველზე.

გ) როდესაც მისი მართვა არ არის გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში და მუნიციპალიტეტსა და შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს შორის არ არის დადებული შეთანხმება უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების თაობაზე.

თავი II

ბავშვისა და ოჯახის  საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სისტემა


მუხლი 2. საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასება
1. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის განსაზღვრა ეფუძნება ბავშვის ბიო-ფსიქო-სოციალური განვითარების საჭიროებების შესწავლას (შეფასებას) და იმ  რისკების იდენტიფიცირებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან (ან შეუძლიათ შეუქმნან) ბავშვის ჯანსაღ ფუნქციონირებას (ან განვითარებას) და ზიანს აყენებენ ბავშვის კეთილდღეობას.

2. საჭიროებათა და ზიანის რისკის განსაზღვრის მიზანია ზიანის რისკის თავიდან აცილება ან, ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში, მისი ეფექტიანად მართვა.

3. ამ ინსტრუქციის ამ თავის მიზნებისთვის ზიანის რისკი არის ინდივიდუალური ბავშვისათვის მოსალოდნელი ის უარყოფითი შედეგები, რომელიც დადგება  თუ არ განხორციელდება მხარდაჭერის ღონისძიებები ბავშვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად..

4. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასება გულისხმობს მასზე და მის უშუალო გარემოზე ამომწურავი ინფორმაციის მოგროვებას, მათ შორის, ბავშვის განვითარების მახასიათებლებსა და თავისებურებებზე, ბავშვის/ოჯახის ურთიერთობებსა და მიმართებებზე უშუალო გარემოსთან, ბავშვის/ოჯახის/გარემოს ძლიერ მხარეებსა და რესურსებზე.

5. შეფასების პროცესი მოიცავს ინფორმაციის განსხვავებული წყაროებისგან მოპოვებას და შეჯერებას, მის გადამუშავებას და კრიტიკულად გააზრებას, გარემო და ოჯახური ფაქტორების გავლენის განსაზღვრას ბავშვის კეთილდღეობაზე და იმის გაანალიზებას, თუ ბავშვი რა ზიანის რისკის წინაშე დგას და რა ტიპის მომსახურებები ესაჭიროება მას იმისათვის, რომ მის ჯანმრთელობას, განვითარებას და კეთილდღეობას საფრთხე არ შეექმნას. 


მუხლი 3. შეფასების სისტემა
1. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სისტემა არის ოთხდონიანი:

ა)  ნულოვანი საჭიროება და ზიანის რისკი (პირველი დონე)

ბ) საწყისი/ცალკეული საჭიროება/ები და  ზიანის მსუბუქი რისკი (მეორე დონე)

გ) მრავალმხრივი კომპლექსური საჭიროებები და ზიანის გამოხატული რისკი (მესამე დონე)

დ) გადაუდებელი საჭიროება/ები და ზიანის მწავავე რისკი (მეოთხე დონე)

2. ნულოვანი საჭიროება და ზიანის რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვის განვითარების საჭიროებები დაკმაყოფილებულია მშობლებისა და მზრუნველების მიერ და იმ სახელმწიფოს (თვითმმართელობის) საყოველთაო სერვისებით რაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. ბავშვს არ აქვს სხვა დამატებითი საჭიროებები, მისი მშობლები და მზრუნველები თანმიმდევრულად და სათანადოდ ზრუნავენ მასზე და ზიანის რისკი არ იკვეთება.

3. საწყისი/ცალკეული საჭიროება/ები და  ზიანის მსუბუქი რისკი სახეზეა, როდესაც  მშობლებისა და მზრუნველების მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და სახელმწიფოს (თვითმმართელობის) საყოველთაო სერვისები არ არის საკმარისი და იკვეთება ბავშვის ერთი ან რამდენიმე საწყისი საჭიროება ან საფრთხის პირველადი ნიშნები.

4. მრავალმხრივი კომპლექსური საჭიროებები და ზიანის გამოხატული რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვს ესაჭიროება სპეციალური მომსახურებები მისი კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა თუ განვითარების დამაკმაყოფილებელი დონის შესანარჩუნებლად ან  კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა თუ განვითარების სერიოზული შეფერხების ან ზიანის თავიდან ასაცილებლად.

5. გადაუდებელი საჭიროება/ები და ზიანის მწვავე რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის საჭიროებები უგულებელყოფილია, მას აქვს სერიოზული ან/და კომპლექსური ჯანმრთელობის პრობლემები, ან/და არის ძალადობის მსხვერპლი/ძალადობის რისკის ქვეშ, ან განეკუთვნება კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების ჯგუფს.

 

თავი III

ბავშვისა და ოჯახის  საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სამართლებრივი ინსტრუმენტები


მუხლი 4. საჭიროებათა და ზიანის შეფასების ინსტრუმენტები
1. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის  შეფასება ხდება   ორეტაპიანი პროცედურის საფუძველზე.

2. ადმინისტრაციული წარმოების პირველ ეტაპზე ხდება მონაცემების შეგროვება და ბავშვისა და ოჯახის მოწყვლადობის (დაუცველობის) ძირითადი ფაქტორების დადგენა, აგრეთვე, შემდგომი შეფასების  საჭიროებების განსაზღვრა   (სკრინინგი (მე-5 მუხლი)).

3. საფრთხის  შეფასების საფუძველზე დგინდება საფრთხის ხასიათი,  ღონისძიების განხორციელების საჭიროება და სახე   (მე-6 მუხლი).

4. ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ფაქტორების შეფასება ხდება შეფასების საერთო ჩარჩოს საფუძველზე (მე-7 მუხლი). შეფასება ხდება, სულ მცირე, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

ა) შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს ბავშვს საცხოვრებელი ან სოციალური გარემო ფაქტორების გათვალისწინებით,

ბ) საფრთხის ხასიათი, შესაბამისად, ზიანის მოცულობა,

გ) ზიანის დადგომის ალბათობის ხარისხი,         

დ) მშობლების/მეურვე/მზრუნველის უნარი, თავიდან აიცილოს საფრთხე.


მუხლი 5.  სკრინინგი
1. სკრინინგის მიზანია დაადგინოს შეფასების საჭიროება და ბავშვის კეთილდღეობის საჭიროებათა და ზიანის რისკის საწყისი დონე, რომლის საფუძველზეც  განისაზღვრება შესაბამისი რეაგირების ფორმა (სტანდარტული თუ გადაუდებელი).   სკრინინგი ემსახურება ყველა იმ ბავშვის გამოვლენას, რომელთა ზიანის რისკი სცდება ნულოვან დონეს.  

2. სკრინინგი ხორციელდება შესაბამისი წინასწარ დადგენილი ინტრუმენტის საფუძველზე, რომელიც მოიცავს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ბავშვისა და ოჯახის მოწყვლადობის (დაუცველობის) ძირითად ფაქტორებს (დანართი- ფორმა 1).

3. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი მიერ დასკვნის გაკეთების საფუძველი ხდება ბავშვის ქცევა, საცხოვრებელი გარემო, მშობლების დამოკიდებულება ბავშვისადმი, მიმდინარე ნეგატიური მოვლენები და სოციალური გარემო. ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვის ქრონიკული ავადმყოფობა და შეზღუდული შესაძლებლობები, ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირის შესაძლებლობები, მზაობა და მოტივაცია მიიღოს შეთავაზებული დახმარება.


მუხლი 6. ბავშვის და ოჯახის შეფასება
1. ბავშვის და ოჯახის შეფასება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ადრეული დახმარების საჭიროება (სკრინინგის შედეგად გამოიკვეთა საწყისი საჭიროება და ზიანის მსუბუქი რისკი - მეორე და მესამე დონე).

2. ბავშვის და ოჯახის  შეფასების მიზანია  ბავშვისა და მისი  ოჯახის ზოგადი ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი შემჭიდროებულ ვადებში.

3. ბავშვის და ოჯახის  შეფასების ინსტრუმენტში (დანართი -ფორმა 2) მოცემულია მოწყვლადობის ფაქტორები, რომლებიც  ბავშვის, ოჯახისა და თემის მახასიათებლებს ითვალისწინებს, რადგან ბავშვის კეთილდღეობის განხილვა  მისი ოჯახისა და თემისგან განცალკევებით არ ხდება. შეფასების ამ ინსტრუმენტში აქცენტი გაკეთებულია კეთილდღეობის მისაღწევად ძირითადი საბაზისო საჭიროებების გამოკვეთა-გაანალიზებაზე

4.  ბავშვის და ოჯახის  შეფასების მიზანია  ბავშვისა და მისი  ოჯახის ფუნქციონირების  ანალიზი. ეს შეფასება მოიცავს  ფაქტორებს, რომლებიც სამ ძირითად ჯგუფში ერთიანდება:

ა) ბავშვის განვითარების საჭიროებები;

ბ) მშობლების/მეურვე/მზრუნველების შესაძლებლობები და უნარები დააკმაყოფილონ ბავშვის საჭიროებები; 

გ) გარემო ფაქტორები, რომლებიც ოჯახის ცხოვრების ხარისხზე ახდენენ გავლენას. 

5. ბავშვის და ოჯახის  შეფასება ეყრდნობა  ბიო-ფსიქო-სოციალურ მიდგომას. ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება გულისხმობს იმ ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების შეფასებას, რომლებიც გავლენას ახდენენ ერთმანეთზე და განსაზღვრავენ ბავშვისა და ოჯახის ფუნქციონირების ხარისხს.

6. ბავშვის და ოჯახის  შეფასება სხვადასხვა წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აანალიზებს და გამოყოფს რესურსებს/ძლიერ მხარეებს (დამცავი ფაქტორები), სირთულეებს (რისკ ფაქტორები)  და  საჭიროებებს.  სახელდობრ, ამ ტიპის შეფასება, ადგენს იმას, თუ რა იწვევს ამა თუ იმ სირთულეს და რა ცვლილებები უნდა მოხდეს ბენეფიციარში ან/და მის გარემოში მათ აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად, ან ზიანის სამართვად და   სირთულეებთან გასამკლავებლად.  შეფასების პროცესში ინფორმაციის მოპოვების მეთოდებია: ინტერვიუ, დაკვირვება და დოკუმენტაციის ანალიზი.

7.  ბავშვის და ოჯახის  შეფასების პროცესში ხაზგასასმელია ბავშვისა და მისი ოჯახის ძლიერ მხარეებზე ორიენტაცია, რათა მათზე დაყრნდობით მოხდეს სირთულეების დაძლევა. ბავშვის და ოჯახის  შეფასება არის როგორც მეთოდი, ასევე პროცესი. ეფექტიანად წარმართული შეფასების შედეგია როგორც ანალიტიკური დასკვნა, ასევე, შემფასებელსა და  ბავშვს/ოჯახის შორის ნდობისა და თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება.


მუხლი 7. შეფასების საერთო ჩარჩო
1. შეფასების საერთო ჩარჩო წარმოადგენს ბავშვებისა და ოჯახებისთვის მომსახურებებათა/დახმარებათა მიმწოდებელი ყველა უწყების მიერ შეთანხმებულ და გაზიარებულ ბავშვისა და ოჯახის შეფასების ჩარჩოს.  შეფასების საერთო ჩარჩო ემსახურება ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების ადრეულ დადგენას და უწყებათა მიერ კოორდინირებულ მომსახურებათა მიწოდებას.

2. შეფასების საერთო ჩარჩო  ბავშვისა და ოჯახის შეფასების საკვანძო ასპექტებს განსაზღვრავს და შეფასების ერთიან სქემას გვთავაზობს. შეფასების ყველა ინსტრუმენტი (სკრინინგი და ბავშვის და ოჯახის შეფასების ინსტრუმენტი), შეფასების საერთო ჩარჩოს ეფუძნება და  მასში წარმოდგენილ ასპექტებს/სფეროებს მოიცავს.

 

თავი IV

ადმინისტრაციული წარმოება


მუხლი 8. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:

ა) ბენეფიციარის მიმართვა,

ბ) მესამე პირების მხრიდან განხორციელებული შეტყობინება ან  ანონიმური ზარით მიღებული ინფორმაცია,

გ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რეფერირება,

დ) უფლებამოსილი სამსახურის მიერ სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგები,

ე) მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და ბავშვის თემებზე მომუშავე დაწესებულებებთან და დაინტერესებულ პირებთან (მაგ., პედაგოგები, მშობლები) შეხვედრების შედეგად (,,აუთრიჩი“) გამოვლენილი შემთხვევები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) განსახილველი საკითხის შესახებ;

ბ) ბენეფიციარის შესახებ,

ბ) საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შესახებ,

გ) შესასრულებელი დავალების და შესრულების ვადების შესახებ.

4. ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

5. ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება განცხადებისა  და კომუნიკაციის ბავშვზე ადაბტირებული საშუალებების გამოყენებით.

6. ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერიის ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დაცვით.


მუხლი 9. საქმის გარემოებათა გამოკვლევა
1. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ამ ინსტრუქციის 8-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იკვლევს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს და 5 სამუშაო დღის ვადაში ამზადებს ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ სკრინინგის დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ზიანის რისკისა და შესაბამისი რეაგირების ღონისძიების შესახებ. სკრინინგის საფუძველზე შესაძლებელია განსაზღვროს:

ა) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის გადაუდებელი ღონისძიება,

ბ)  ბავშვის და ოჯახის  შეფასების საჭიროება

გ) საკითხის რეფერირება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.

2. თუ კი სკრინინგის საფუძველზე დადგინდა  ბავშვის და ოჯახის  შეფასების საჭიროება, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი 10 სამუშაო დღის ვადაში  ამზადებს ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ  შეფასების დოკუმეტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას განსახორციელებელი ღონისძიების  შესახებ და უგზავნის მას დაწესებულების ხელმძღვანელს.

3. თუ კი სკრინინგის ან  ბავშვის და ოჯახის  შეფასების დოკუმენტით დადგინდა ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-5  ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები, საქმის რეფერირება ხდება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში, რომელიც  საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ატარებს  (ჩაღრმავებულ) შეფასებას და ადგენს ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმას.


მუხლი 10. სამოქმედო გეგმის შემუშავება
1. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი  შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე ადგენს სამოქმედო გეგმას ((ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა) დანართი -ფორმა 3)).  

2. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი გულისხმობს შეფასებისას გამოკვეთილი საჭიროებების პრიორიტიზაციას და გეგმაში ჩართვას. სამოქმედო გეგმაში ნათლად გაიწერება ბენეფიციართან თანამშრომლობის მიზანი, ამოცანები, მეთოდები, ვადები და  პასუხისმგებელი პირები.

3. სამოქმედო გეგმის ინტერდისციპლინური განხილვის საფუძველზე შემუშავება გულისხმობს ადმინისტრაციულ წარმოებაში განყოფილების ბავშვის ფსიქოლოგის, ჯანდაცვის სპეციალისტის და იურისტის ჩართვას საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განსაზღვრული მიზანშეწონილობის საფუძველზე. 

4. სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნები და ამოცანები უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური და დროში განსაზღვრული. სამოქმედო გეგმის მიზნები და ამოცანები, უპირველეს ყოვლისა, იმ სირთულის დაძლევას უნდა ემსახურებოდეს, რის გამოც დაიწყო ბავშვთან და მის ოჯახთან მუშაობა და ბავშვის/ოჯახის კეთილდღეობას უნდა ისახავდეს მიზნად.

5. თუ  სკრინინგის ან  ბავშვის და ოჯახის შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიება არის მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი მხარდაჭერის გეგმის შემუშავების მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბამს პროგრამის განხორციელებაზე უფლებამოსილ მუნიციპალურ სტრუქტურულ ერთეულს.

6. სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს ბავშვისა და ოჯახის მაქსიმალური ჩართულობითა და ინფორმირებული თანხმობით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

7. გეგმაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია ბენეფიციარის ასაკის და მისი განვითარების გათვალისწინებით, გეგმის განხორციელებაში მონაწილე პირების თანხმობით, დადგენილ ვადაში.

8. თუ ბენეფიციარი არ ეთანხმება გეგმას ან გეგმის ნაწილს, შესაძლებელია  გეგმა ან გეგმის ნაწილი დამტკიცდეს მისი ნების საწინააღმდეგოდ, თუკი სხვაგვარად საფრთხე შეექმნება ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს.

9. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება კრიზისული ინტერვენციის შემთხვევაზე. საფრთხის შეწყვეტის შემდეგ ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, შეადგინოს სამოქმედო გეგმა.

 

თავი V

სამოქმედო გეგმის აღსრულება და მონიტორინგი


მუხლი 11. სამოქმედო გეგმის აღსრულების მიზანი
1. სამოქმედო გეგმის აღსრულება (განხორციელება) არის პროფესიულ დონეზე კოორდინირებულ მომსახურებათა და ქმედებათა ერთობლიობა, რომელთა საერთო მიზანია ბავშვისა და მისი ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფა ან/და გაუმჯობესება.

2. სამოქმედო გეგმის განხორციელება შეიძლება მიზნად ისახავდეს ბავშვისათვის საფრთხის აცილების პრევენციას ან ბავშვის/ოჯახის კეთილდღეობის მდგომარეობის შენარჩუნებას ან ხელშეწყობას. ამასთან,  მხარდაჭერა შეიძლება მიეწოდებოდეს ბავშვის ოჯახის ნებისმიერ წევრს ბავშვის 


მუხლი 12. სამოქმედო გეგმის აღსრულება
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  უფროსი  ამტკიცებს ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმას  და უგზავნის მას მის აღსრულებაზე უფლებამოსილ შესაბამის მუნიციპალურ სამსახურს (სამსახურებს) ან/და სახელმწიფო ორგანოს (ორგანოებს).

2.  სამოქმედო გეგმის აღსრულება ხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ, საკუთარი რესურსებით ან ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიებების განმახორციელებელ კერძო პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების ფარგლებში.

3. სამოქმედო გეგმით განსახორციელებელი ღონისძიება, რომელიც არის ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილება, ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო  ორგანოს მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სერვისების ბავშვამდე მიტანას და განხორციელებაზე საერთო ზედამხედველობას, მიუხედავად მისი განხორციელების  ფორმისა, უზრუნველყოფს განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი. ის ასევე  ადგენს ანგარიშს მისი შესრულების შედეგებზე და წარუდგენს განყოფილების უფროსს.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სერვისების განხორციელებისას განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალიური მუშაკი თანამშრომლობს ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელებაზე უფლებამოსილი საჯარო დაწესებულების სოციალურ მუშაკებთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში.


მუხლი 13. მონიტორინგი
1. სამოქმედო გეგმის განხორციელების გეგმის მეთვალყურეობა და პერიოდული გადახედვა (მონიტორინგი) ხორციელდება ბავშვის კეთილდღეობის საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

2. მონიტორინგი გულისხმობს საწყისი გეგმის აღსრულების მეთვალყურეობას, პროგრესის შეფასებას და, საჭიროების შემთხვევაში, ამოცანების და მეთოდების გადასინჯვას.

3. მონიტორინგის მიზანია მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და კეთილდღეობის შედეგთა შენარჩუნების დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების ხელშეწყობა.

4. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიებების მონიტორინგი ხორციელდება ღონისძიების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირის სოციალურ მუშაკთან თანამშრომლობით, ოთხი თვალის პრინციპის საფუძველზე.

5. შემთხვევის მართვის ღონისძიებები დოკუმენტირებული უნდა იყოს შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოებულ შემთხვევის მართვის ჩანაწერების დოკუმენტში (მონიტორინგის შედეგების დოკუმენტი).


მუხლი 14. მხარდაჭერის ღონისძიების დასრულება
1. ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიებების  საბოლოო ეტაპი მოიცავს ერთობლივი მუშაობის შედეგების შეჯამებას, პროგრესისა და ძლიერი მხარეების გამოვლენას, შედეგების კონსოლიდირებას და ბენეფიციარის დამოუკიდებელი ფუნქციონირების განმტკიცებას.

2. შედეგის შენარჩუნების ხელშესაწყობად, ბენეფიციარის მომსახურებიდან გასვლამდე, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ადგენს ბენეფიციარის მხარდაჭერის მომსახურებიდან გასვლის შემდგომ გეგმას, რომელიც ასახავს ბავშვისა და ოჯახის შემდგომ ქმედებებს, ასევე,  რესურსებს, რომლებიც შესაძლოა მათ დასჭირდეთ.

3. მხარდაჭერის ღონისძიებები წყდება შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიღების საფუძველია:

ა) ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში გაწერილ მიზნების მიღწევა;

ბ) ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;

გ)  ბენეფიციარის სხვა პროგრამაში გადასვლა;

დ) ბენეფიციარის შეუსაბამობა  მომსახურებაში მონაწილეობის კრიტერიუმებთან;

ე) პროგრამით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.


მუხლი 15. შედეგების მდგრადობის მონიტორინგი 
ამ ინსტრუქციის 13-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ ხდება მიღწული შედეგების მდგრადობის გადამოწმება 6 თვეში ერთხელ, თუ კი ფაქტობრივი გარემოებების ცვლილება არ ითხოვს ვადაზე ადრე მონიტორინგის განხორციელებას.