ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ

ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 11/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 300300000.16.009.016398
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
46
11/08/2020
ვებგვერდი, 20/08/2020
300300000.16.009.016398
ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (20/08/2020 - 29/10/2020)

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №46

2020 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი.ზ” ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 123-ე მუხლისა და 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

1. თანდართული სახით დამტკიცდეს:
ა) „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესები“ (დანართი N1);
ბ) „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესები“ (დანართი N2).
2. ეს დადგენილება, გარდა პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ მე-15 მუხლის მე-8 პუნქტისა და 33-ე-42-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2021 წლის პირველი ივლისიდან.
3. ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ მე-15 მუხლის მე-8 პუნქტი და 33-ე-42-ე მუხლები ამოქმედდეს 2022 წლის პირველი ივლისიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე



დანართი № 1

ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესები


თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების მარეგულირებელი კანონმდებლობა

ელექტროენერგიით დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ვაჭრობა რეგულირდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით”, ამ წესებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

მუხლი 2. ამ წესების მიზანი და მოქმედების სფერო

1. ამ წესების მიზნებია:

ა) ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზრის განვითარებისა და სამართლიანი ფასის ფორმირებისათვის საჭირო სამართლებრივი გარემოს შექმნა, მათ შორის, ბაზარზე ახალი კონკურენტების შესვლის ხელშეწყობით;

ბ) ეფექტიანი წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობა, საათობრივი ვაჭრობის დანერგვით, რაც იძლევა მოთხოვნის მართვის შესაძლებლობას;

გ) მონაწილეებთან ფინანსური ანგარიშსწორების გამჭვირვალე, ეფექტიანი და საიმედო სისტემის ჩამოყალიბება.

2. ეს წესები ვრცელდება ელექტროენერგიით დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ვაჭრობაზე, რა დროსაც, გარიგების ერთი მხარეა მიმწოდებელი, მსხვილი მომხმარებელი, სისტემის ოპერატორი, მწარმოებელი ან ტრეიდერი, ხოლო მეორე - ბირჟის ოპერატორი.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონში. სხვა ტერმინებს, ამ წესების მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აუქციონი – დღით ადრე ბაზრის მექანიზმი, რომელიც გამოიყენება მონაწილეების მიერ განაცხადების განთავსებისა და ამ წესებით განსაზღვრულ პერიოდში მისაწოდებელი  ელექტროენერგიის რაოდენობისა და ფასის გაანგარიშებისათვის;

ბ) ბირჟა – დღით ადრე და დღიური ბაზრები;

გ) ბირჟის ოპერატორი – კომისიის მიერ ლიცენზირებული საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს ბირჟის ოპერირებას;

დ) განაცხადი – მონაწილის მიერ პლატფორმაზე განთავსებული წინადადება, რომელიც გამოხატავს მზადყოფნას ელექტროენერგიის ყიდვაზე ან გაყიდვაზე, კონკრეტულ საათში/საათებში;

ე) გარანტია – ბირჟაზე მონაწილის მიერ აღებული ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალება;

ვ) ვაჭრობის დღე – კალენდარული დღე, როცა ხდება ბირჟაზე ვაჭრობა;

ზ) მონაწილე – ბირჟის მონაწილედ რეგისტრირებული პირი;

თ) მონიტორინგის წესი – კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესი;

ი) ნავაჭრი ელექტროენერგია – ბირჟაზე შესყიდული ან გაყიდული ელექტროენერგია;

კ) პლატფორმა – ელექტროენერგიით დღით ადრე/დღიურ ბაზარზე ვაჭრობის ელექტრონული პლატფორმა, სადაც მონაწილეს აქვს განაცხადების განთავსებისა და ელექტროენერგიის გაყიდვის/ყიდვის შესაძლებლობა და რომელიც გამოიყენება ფინანსური ანგარიშსწორებისათვის;

ლ) კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

მ) პორტფელი – მონაწილის ერთი ან რამდენიმე აქტივის გაერთიანება, რომელიც პლატფორმაზე რეგისტრირდება ამ მონაწილის ანგარიშის ქვეშ და რომლის მიხედვითაც ის ბირჟაზე განათავსებს ერთიან განაცხადს. ერთი პორტფელის ტრანზაქციები სრულად მიეკუთვნება ერთ დაბალანსების ჯგუფს;

ნ) სავაჭრო წარმომადგენელი – ბირჟაზე მონაწილის წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელია ამ მონაწილის სახელით განაცხადების განთავსებასა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ბირჟის ოპერატორთან ურთიერთობაზე;

ო) საკლირინგო წარმომადგენელი – მონაწილის წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელია პლატფორმაზე მონაწილისთვის გამოწერილი ინვოისების გაცნობასა და ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ბირჟის ოპერატორთან ურთიერთობაზე;

პ) ტრანზაქცია – ბირჟაზე განთავსებული განაცხადი, რომელიც დაკმაყოფილდა;

ჟ) ფიზიკური მიწოდების დღე – კალენდარული დღის 00:00 საათიდან მომდევნო დღის 00:00 საათამდე პერიოდი, როცა ხდება ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიის ფაქტობრივი მიღება და გაცემა.

მუხლი 4. ვაჭრობის დრო, ადგილი, ვალუტა და პროდუქტი

1. ამ წესებით, ასევე, პლატფორმით გათვალისწინებული დრო  შეესაბამება ცენტრალურ ევროპულ დროს.

2. ბირჟაზე ვაჭრობის ადგილია საქართველო და მასზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიით ვაჭრობისას პროდუქტის შეთავაზება და ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (ლარი).

4. ბირჟაზე ვაჭრობის პროდუქტები გამოისახება მეგავატ საათში.

მუხლი 5. ვადების გამოთვლა

ამ წესებით გათვალისწინებული ვადების გამოთვლისას საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეები და შაბათ-კვირა არ ჩაითვლება, თუ კონკრეტულ მუხლში სხვაგვარად არ არის მითითებული.

თავი II. ბირჟაზე ვაჭრობის ძირითადი პრინციპები

მუხლი 6. გამჭვირვალობა და კონკურენცია

1. მონაწილეები ელექტროენერგიით ვაჭრობენ პლატფორმაზე, სადაც გამჭვირვალედ ყალიბდება კონკურენტული ფასი, რომელიც დადგენისთანავე ცნობილია მონაწილეებისათვის და ხელმისაწვდომია სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

2. მონაწილეები ვალდებულნი არიან დაიცვან ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრების მთლიანობისა და გამჭვირვალობის, აგრეთვე, კონკურენციის პრინციპები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით, მათ შორის, მონიტორინგის წესით. ამ მიზნით, ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე შესაძლებელი უნდა იყოს მონიტორინგის წესით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნება.

მუხლი 7. ფასწარმოქმნის პრინციპები

1. ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის პერიოდია საათი (60 წუთი), რაც გულისხმობს ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობის  განსაზღვრას საათობრივად.

2. დღით ადრე ბაზარზე საბაზრო ფასი განისაზღვრება ამ წესების 28-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი წონასწორობის წერტილით. საბაზრო ფასი საერთოა აუქციონის ყველა მონაწილისათვის.

3. დღიურ ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრება განაცხადის ფასის პრინციპით, ამ წესების 37-ე მუხლის შესაბამისად.

4. პლატფორმაზე განთავსებული განაცხადები უნდა ასახავდეს მონაწილის მიერ ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის ნამდვილ ინტერესსა და გაწეულ ხარჯებს.

5. დაუშვებელია მონაწილის ნებისმიერი ქმედება, რომლის მიზანია, ხელოვნური ზეგავლენა მოახდინოს ბირჟაზე ფასის განსაზღვრაზე ან/და მიწოდება-მოხმარების სტრუქტურაზე.

6. ბირჟაზე ვაჭრობისას მონაწილემ უნდა იხელმძღვანელოს კეთილსინდისიერი კომერციული ინტერესებით და ხელი შეუწყოს ბირჟის ეფექტიანობას.

7. ბირჟაზე გან აცხადის განთავსებით, მონაწილეები გამოხატავენ მისი შესრულების მზადყოფნას.

მუხლი 8. ფინანსური ანგარიშსწორების საიმედოობა

1. ბირჟის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ბირჟაზე წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება.

2. თითოეული მონაწილე ბირჟის ოპერატორს წარუდგენს გონივრული ოდენობის გარანტიას, რომელიც განისაზღვრება ბირჟის ოპერატორის მიერ, ამ წესების 49-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 9. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, საკუთარ ვებგვერდზე განათავსოს მისი საქმიანობის წესები, ასევე, რეგისტრაციის შესახებ განცხადებისა და საჩივრის ფორმები.

2. ინფორმაცია ბირჟაზე ვაჭრობის შედეგების შესახებ, მათ შორის, მიწოდებისა და მოთხოვნის აგრეგირებული მრუდები, ხელმისაწვდომია ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე.

მუხლი 10. კომერციული საიდუმლოების დაცვა

1. ბირჟის ოპერატორი ვალდებულია დაიცვას მონაწილის კომერციული საიდუმლოება, რაც არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მონაწილის კონკურენტუნარიანობას.

2. კომერციულ საიდუმლოებას არ წარმოადგენს ბირჟაზე ვაჭრობის ჯამური შედეგები და სხვა ინფორმაცია, რომელიც არ იძლევა მონაწილის იდენტიფიცირების საშუალებას.

3. კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, აგრეთვე, კომისიის ნორმატიული აქტებით დადგენილ შემთხვევებში, ბირჟის ოპერატორი ვალდებულია მიაწოდოს მას კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.

თავი III. დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ვაჭრობის საერთო წესები

მუხლი 11. ბირჟაზე ვაჭრობის წინაპირობა

მონაწილე შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი, რომელიც გაწევრიანებულია დაბალანსების ჯგუფში, „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების” შესაბამისად.

მუხლი 12. მონაწილედ რეგისტრაცია

1. მონაწილედ რეგისტრაციისათვის, პირმა (კანდიდატმა) ბირჟის ოპერატორს უნდა წარუდგინოს განცხადება, ამ წესების მე-15 მუხლის შესაბამისად.

2. მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმას შეიმუშავებს ბირჟის ოპერატორი, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით და დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას. ბირჟის ოპერატორის თანხმობის შემთხვევაში, მონაწილის განცხადება მიიჩნევა მასა და ბირჟის ოპერატორს შორის ბირჟაზე მონაწილეობის შესახებ დადებულ გარიგებად.

3. კანდიდატი რეგისტრირდება განცხადებაში მითითითებული ბირჟის სეგმენტის/სეგმენტების მონაწილედ.

4. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ კანდიდატი გაწევრიანებულია დაბალანსების ჯგუფში;

ბ) ინფორმაცია კანდიდატის ენერგეტიკული საქმიანობის შესახებ;

გ) ინფორმაცია განცხადებით მოთხოვნილ პორტფელთან/პორტფელებთან დაკავშირებულ დაბალანსების ჯგუფზე/ჯგუფებზე;

დ) ამ წესების 24-ე მუხლით გათვალისწინებული მონაწილედ რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სავაჭრო და საკლირინგო წარმომადგენლების უფლებამოსილებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

5. კანდიდატის განცხადების მიღებიდან ხუთი დღის ვადაში, ბირჟის ოპერატორმა მას უნდა გაუგზავნოს:

ა) თანხმობა, თუ განცხადება შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს და წარდგენილია ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაზე უფლებამოსილი პირის მიერ;

ბ)  უარი რეგისტრაციაზე, თუ განცხადება არასრულყოფილადაა შევსებული ან წარდგენილია ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაზე არაუფლებამოსილი პირის მიერ.

6. კანდიდატისთვის გაგზავნილ თანხმობაში ბირჟის ოპერატორი უთითებს მის მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო კოდს, მომხმარებლის სახელსა და პაროლს, ასევე, პლატფორმით სარგებლობის ინსტრუქციას. ამ მონაცემების მეშვეობით, მონაწილის სავაჭრო წარმომადგენელი პლატფორმაზე შეძლებს:

ა) განათავსოს პლატფორმაზე განაცხადი;

ბ) გაეცნოს საკუთარი ვაჭრობის შედეგებს;

გ) მიიღოს ან/და გაგზავნოს პლატფორმით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.

7. კანდიდატისთვის გაგზავნილ რეგისტრაციაზე უარის შეტყობინებაში, ბირჟის ოპერატორი უთითებს განცხადების ხარვეზზე, რომელიც კანდიდატმა უნდა აღმოფხვრას ხუთი დღის ვადაში. ხარვეზის დროულად აღმოფხვრის შემთხვევაში, ბირჟის ოპერატორი დაჩქარებული წესით განიხილავს განცხადებას და ორი დღის ვადაში უგზავნის კანდიდატს რეგისტრაციაზე თანხმობას ან უარს. იმ შემთხვევაში,  თუ ხარვეზი არ იქნა დროულად აღმოფხვრილი, მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადება არ კმაყოფილდება, რის შესახებაც ბირჟის ოპერატორი კანდიდატს გაუგზავნის ელექტრონულ შეტყობინებას.

მუხლი 13. საკვალიფიკაციო მოთხოვნები სავაჭრო წარმომადგენლის მიმართ

1. სავაჭრო წარმომადგენელს წარმატებით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული ბირჟის ოპერატორის მიერ ორგანიზებული გამოცდა ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობაში.

2. სავაჭრო წარმომადგენლის კვალიფიკაციის შეფასების მიზნით, ბირჟის ოპერატორი ვალდებულია სისტემატურად უზრუნველყოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობაში გამოცდის ორგანიზება. გამოცდა ხელმისაწვდომი უნდა იყოს, სულ მცირე, თვეში ერთხელ და მისი ჩატარების ზუსტი თარიღი უნდა გამოქვეყნდეს ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე წინასწარ, არანაკლებ ერთი კვირით ადრე.

მუხლი 14. მონაწილეთა რეესტრი

1. ბირჟის ოპერატორმა უნდა აწარმოოს მონაწილეთა რეესტრი.

2. რეესტრი, ბირჟის თითოეული მონაწილის შესახებ, შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) მონაწილის სრული სახელწოდება/სახელი და საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) მონაწილის სავაჭრო და საკლირინგო წარმომადგენელი (ფიზიკური პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი/პასპორტის ნომერი), წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საკონტაქტო მონაცემები (ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი);

გ) ინფორმაცია მონაწილის პორტფელთან/პორტფელებთან დაკავშირებულ დაბალანსების ჯგუფზე/ჯგუფებზე;

დ) ბირჟაზე მონაწილეობის შესახებ წარდგენილი განცხადება და ბირჟის ოპერატორისგან მიღებული თანხმობა;

ე) ბირჟის ოპერატორის მიერ მინიჭებული რეგისტრაციის კოდი და თარიღი;

ვ) მონაწილის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია.

3. მონაწილემ უნდა აცნობოს ბირჟის ოპერატორს ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ა” - “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ, ცვლილების ძალაში შესვლამდე, სულ მცირე, ორი დღით ადრე. თუ წინასწარი ინფორმირება შეუძლებელია, მონაწილემ ბირჟის ოპერატორს შეტყობინება უნდა გაუგზავნოს დაუყოვნებლივ. ბირჟის ოპერატორი მომდევნო დღის ბოლომდე ასახავს ცვლილებას რეესტრში, ხოლო საჭიროებისას - პლატფორმაზეც.

4. თუ მონაწილემ ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია დროულად არ წარუდგინა ბირჟის ოპერატორს, რამაც გამოიწვია ზიანი, მონაწილე პასუხისმგებელია მის სრულად ანაზღაურებაზე.

5. მონაწილეთა სია და მათი საიდენტიფიკაციო კოდები ხელმისაწვდომია ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე.

მუხლი 15. ბირჟის ოპერატორთან ინფორმაციის გაცვლა

1. რეგისტრაციის შესახებ განცხადება, საჩივარი ან ნებისმიერი სხვა მოთხოვნა (გარდა განაცხადისა), რომელიც წარმოშობს სამართლებრივ შედეგს, ბირჟის ოპერატორს უნდა წარედგინოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით:

ა)  მატერიალური დოკუმენტის სახით;

ბ) ელექტრონული დოკუმენტის სახით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ბირჟის ოპერატორი მონაწილეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით უგზავნის ნებისმიერ მოთხოვნას, თანხმობას, უარს, გაფრთხილებას, ბირჟაზე მონაწილეობის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ ცნობას, თუ ამ წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მონაწილისთვის ასეთი წერილის გაგზავნასთან ერთად, ელექტრონული შეტყობინება უნდა გაეგზავნოს ასევე მის სავაჭრო წარმომადგენელს, თუ მონაწილის განცხადებით სხვაგვარად არ არის მოთხოვნილი.

3. მონაწილე უფლებამოსილია ბირჟის ოპერატორს მოსთხოვოს განმარტება ელექტრონული ფოსტით, ხელმოწერის გარეშე.

4. მონაწილის მოთხოვნაზე პასუხი ბირჟის ოპერატორმა უნდა გააგზავნოს გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. ბირჟის ოპერატორის ელექტრონული ფოსტის მისამართი განთავსებული უნდა იყოს მის ვებგვერდზე.

6. მონაწილე უფლებამოსილია ვაჭრობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღოს ბირჟის ოპერატორის ცხელი ხაზის მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომია ყოველ კალენდარულ დღეს, 24 საათის განმავლობაში.

7. მონაწილე თავად უზრუნველყოფს ბირჟის ოპერატორთან ინფორმაციის გაცვლისთვის საჭირო საკუთარი ტექნიკური აღჭურვილობის მზადყოფნას, მათ შორის, შესაბამის სატელეფონო და ინტერნეტ კავშირს.

მუხლი 16. ბირჟაზე განაცხადის განთავსება

1. ბირჟაზე განსათავსებელი განაცხადის სტანდარტული ფორმა ხელმისაწვდომია პლატფორმაზე.

2. განაცხადის ფორმა მონაწილეს უნდა აძლევდეს ყველა იმ მონაცემის ასახვის შესაძლებლობას, რაც ვაჭრობისთვისაა საჭირო.

3. განაცხადი ელექტროენერგიის გაყიდვის შესახებ პლატფორმაზე აღინიშნება უარყოფითი ნიშნით, ხოლო ყიდვის შესახებ - დადებითი ნიშნით.

4. მონაწილემ სრულყოფილად უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ მიიღება, რაც აისახება პლატფორმაზე, მიზეზის მითითებით.

5. ამ წესების 28-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე, თუ მონაწილეს განაცხადის განთავსებისას აქვს ტექნიკური ხარვეზი, მან უნდა მიმართოს ბირჟის ოპერატორს, რომელიც  ვალდებულია, მონაწილის სავაჭრო წარმომადგენელს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნოს განაცხადის ფორმა შესავსებად, ელექტრონული ფოსტითვე მიიღოს მისგან განაცხადი და მექანიკურად განათავსოს პლატფორმაზე, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, არ მიიღოს მონაწილის მიერ ელექტრონული ფოსტით განთავსებული განაცხადი შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ, ელექტრონული ფოსტით მიღებული განაცხადების სიმრავლის გამო, შეუძლებელია პლატფორმაზე მათი მექანიკურად განთავსება;

ბ) თუ მონაწილის მიერ განაცხადების ელექტრონული ფოსტით განთავსება ხდება სისტემატურად – კვირაში სამჯერ ან მეტჯერ.

7. ბირჟის ოპერატორი ვებგვერდზე აქვეყნებს განაცხადის შეუფერხებელი განთავსებისათვის აუცილებელ ტექნიკურ მოთხოვნებს.

მუხლი 17. ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობის ზღვრები

1. ბირჟის ოპერატორი კომისიასთან შეთანხმებით აწესებს ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობის, ასევე, განაცხადების რაოდენობის ტექნიკურ ზღვრებს, რომლებიც არ უნდა ართმევდეს მონაწილეს საშუალებას, განაცხადში მიუთითოს გონივრული ფასი და ოდენობა.

2. ბირჟის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობის, ასევე, განაცხადების რაოდენობის ტექნიკური ზღვრების შეცვლის შესახებ მონაწილეებისთვის ცნობილი უნდა იყოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ ხუთი დღით ადრე. ასეთ შემთხვევაში, ზღვრების ცვლილებამდე განთავსებული განაცხადები, რომლებიც შეეხება ცვლილების შემდგომ პერიოდს , გაუქმდება და ვაჭრობისთვის მონაწილემ ხელახლა უნდა განათავსოს განაცხადი.

3. ბირჟის ოპერატორი განსაზღვრავს რიცხვის ფორმატს, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ფასისა და რაოდენობის შეთავაზება.

მუხლი 18. ვაჭრობის შეჩერება

1. ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, შეაჩეროს ბირჟაზე ვაჭრობა, თუ ტექნიკური ხარვეზის გამო შეუძლებელია ვაჭრობის ამ წესების შესაბამისად ორგანიზება.

2. ბირჟის ოპერატორმა ვაჭრობის შეჩერებისა და განახლების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მონაწილეებს როგორც საკუთარ ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებით, ისე – სავაჭრო წარმომადგენლებთან ელექტრონული შეტყობინების გაგზავნით.

3. ვაჭრობა უნდა განახლდეს, როგორც კი აღმოიფხვრება მისი შეჩერების მიზეზი. ვაჭრობის განახლების შესახებ მონაწილეებს უნდა ეცნობოთ არანაკლებ ხუთი წუთით ადრე.

4. ვაჭრობის შეჩერებისას, ბირჟის ოპერატორმა რეგულარული ინტერვალებით, ყოველ საათში სულ მცირე ერთხელ, უნდა აცნობოს მონაწილეებს პრობლემის გადაჭრის მიმდინარეობის შესახებ სავაჭრო წარმომადგენლებთან გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინებით.

5. დღიურ ბაზარზე ვაჭრობის შეჩერების შემთხვევაში, პლატფორმაზე  განთავსებული ყველა განაცხადის მოქმედება შეჩერდება. ვაჭრობის განახლებისთანავე მონაწილეებმა თავად უნდა გააქტიურონ შეჩერებამდე განთავსებული განაცხადები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განაცხადები ვაჭრობაში არ მიიღებს მონაწილეობას.

მუხლი 19. ვაჭრობის მონაცემების შენახვა და გამოქვეყნება

1. ბირჟის ოპერატორი ხუთი წლის ვადით ინახავს ვაჭრობის შედეგების შესახებ მონაცემებს, რაც მოიცავს თითოეული მონაწილის მიერ ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობასა და ფასს, ასევე, ინფორმაციას ბირჟაზე განთავსებული განაცხადების შესახებ.

2. ბირჟის ოპერატორს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით შეინახოს მონაცემები მონაწილეების მიერ ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობისა და ფასის შესახებ, ასევე, განაცხადების შესახებ, მონაწილეთა საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითების გარეშე.

3. ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე ყოველდღიურად ქვეყნდება საათობრივი მონაცემები როგორც დღით ადრე ბაზარზე ჯამურად ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობისა და ფასის, ისე - დღიურ ბაზარზე ჯამურად ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობისა და საშუალო შეწონილი ფასის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე ხელმისაწვდომია არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.

4. მონაწილეთა მიერ განთავსებული განაცხადები ანონიმურია და ხელმისაწვდომია მხოლოდ ბირჟის ოპერატორის, კომისიისა და მისი განმთავსებელი მონაწილისათვის. მონაწილისთვის მის მიერ განთავსებული განაცხადების შესახებ მონაცემები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე განთავსებიდან ერთი წლის განმავლობაში.

მუხლი 20. ბირჟაზე მონაწილეობის შეწყვეტა

1. ბირჟაზე ან მის შესაბამის სეგმენტზე მონაწილეობა შეიძლება შეწყდეს, თუ:

ა) მონაწილე საკუთარი ინიციატივით ამბობს უარს ბირჟაზე მონაწილეობაზე;

ბ) აღარ არსებობს მონაწილედ რეგისტრაციის ამ წესებით გათვალისწინებული საფუძველი;

გ) მონაწილე სისტემატურად (კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ ან მეტჯერ), უხეშად არღვევს ამ წესებს დაბირჟის ოპერატორი მიიჩნევს, რომ ამ მონაწილეს უნდა შეუწყდეს ბირჟაზე ვაჭრობის უფლება;

დ) არსებობს კომისიის ან სასამართლოს გადაწყვეტილება, ბირჟაზე მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ.

2. ბირჟაზე მონაწილეობის შეწყვეტა არ წარმოადგენს შესაბამის სეგმენტზე მონაწილის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველს.

3. ბირჟაზე მონაწილეობა წყდება ბირჟის ოპერატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის შეტყობის მომდევნო დღიდან.

4. თუ ბირჟაზე მონაწილეობის უფლება შეუწყდა იმ მონაწილეს, რომელსაც კანონმდებლობით ეკისრება ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულება, ბირჟის ოპერატორი აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს კომისიასა და საქართველოს მთავრობას.

მუხლი 21. მონაწილეთა ქცევაზე დაკვირვება

1. ბირჟაზე მონაწილეთა ქცევაზე დაკვირვებას ახორციელებს ბირჟის ოპერატორი.

2. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, მონაწილისგან გამოითხოვოს ბირჟაზე განთავსებული განაცხადის შესახებ ის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მონაწილეთა ქცევაზე დაკვირვების ფუნქციის შესასრულებლად, მათ შორის, ამ წესების მოთხოვნათა დარღვევის გამოსავლენად.

3. თუ ბირჟის ოპერატორი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მონაწილეთა მიერ კონკურენციის შეზღუდვას, მან ამის თაობაზე უნდა აცნობოს კომისიას, მონიტორინგის წესის შესაბამისად.

მუხლი 22. დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების დარღვევა და ბირჟაზე მონაწილეობის შეჩერება

1. თუ ბირჟის ოპერატორი ვარაუდობს, რომ მონაწილე არღვევს ამ წესებს, მან, ამ მუხლით გათვალისწინებული ზომების მიღებამდე, უნდა აცნობოს ამ მონაწილის სავაჭრო წარმომადგენელს.

2. მონაწილის მიერ ამ წესების დარღვევისას, ბირჟის ოპერატორი უგზავნის მას გაფრთხილებას, რომლითაც განუმარტავს დარღვევის არსს, განუსაზღვრავს გამოსწორების გონივრულ ვადას და აცნობებს გამოუსწორებლობის შედეგების თაობაზე. მონაწილემ მითითებულ ვადაში უნდა შეასრულოს გაფრთხილებაში მითითებული მოთხოვნები და ამის თაობაზე აცნობოს ბირჟის ოპერატორს.

3. თუ მონაწილე არ შეასრულებს ბირჟის ოპერატორის გაფრთხილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მას ბირჟაზე მონაწილეობა შეუჩერდება, რის შესახებაც ბირჟის ოპერატორისგან მიიღებს შეტყობინებას.

4. ბირჟაზე მონაწილეობის შეჩერებისას, თუ მონაწილე გამოასწორებს შესაბამის დარღვევას, ვაჭრობის უფლება განახლდება დარღვევის გამოსწორების შესახებ ბირჟის ოპერატორის ინფორმირებიდან ორი დღის ვადაში.

5. მონაწილის მიერ ამ წესების უხეში დარღვევისათვის, ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ, ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დაუცველად, შეაჩეროს ბირჟაზე მისი მონაწილეობა. ამ წესების უხეშ დარღვევას წარმოადგენს:

ა) ბირჟაზე შესყიდული ელექტროენერგიის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა;

ბ) ბირჟის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი გარანტიის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა;

გ) ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა.

6. მონაწილეს ბირჟაზე მონაწილეობა შეიძლება შეუჩერდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშიც.

7. თუ ბირჟაზე მონაწილეობა შეუჩერდა მონაწილეს, რომელსაც კანონმდებლობით ეკისრება ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულება, ბირჟის ოპერატორი დაუყოვნებლივ აცნობებს კომისიასა და საქართველოს მთავრობას.

მუხლი 23. დავის გადაწყვეტა

1. მონაწილესა და ბირჟის ოპერატორს შორის დავის არსებობისას, მხარეები უნდა შეეცადონ მის გადაწყვეტას მორიგების გზით.

2. თუ მონაწილე მიიჩნევს, რომ ბირჟაზე ვაჭრობისას ირღვევა მისი უფლებები, ის უფლებამოსილია მიმართოს ბირჟის ოპერატორს, რომელიც ვალდებულია 10 დღის ვადაში დაუბრუნოს დასაბუთებული პასუხი. თუ მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად იცვლება ბირჟაზე ვაჭრობის შედეგები, ამის შესახებ ეცნობება იმ მონაწილეებს,  რომელთა სავაჭრო შედეგებზეც გავლენა აქვს  ამ ცვლილებას.

3. ბირჟის ოპერატორისათვის მოთხოვნის წარდგენა მონაწილეს არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებებისგან, რომლებიც სადავო ტრანზაქციიდან გამომდინარეობს. თუ მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად შემცირდა მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულება, ზედმეტად გადახდილი თანხა, მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან ორი დღის ვადაში, უნდა გადაირიცხოს მონაწილის საბანკო ანგარიშზე ან აისახოს მის საკლირინგო ანგარიშზე კრედიტის სახით, მონაწილის მითითების შესაბამისად.

4. მონაწილეს უფლება აქვს, ბირჟის ოპერატორთან არსებული დავის განხილვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.

მუხლი 24. ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასური

1. ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასურს ადგენს კომისია, დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად:

ა) ბირჟაზე ნავაჭრი ყოველი კილოვატ-საათი ელექტროენერგიისათვის;

ბ) მონაწილედ რეგისტრაციისთვის, ბირჟის თითოეული სეგმენტისთვის.

2. მონაწილე ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასურს იხდის ბირჟაზე ნავაჭრი ელექტროენერგიისათვის,  ბირჟის ოპერატორის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, საანგარიშო თვის დასრულების შემდეგ, ბირჟის ოპერატორის მიერ გამოწერილი ინვოისის მიღებიდან 5 დღის ვადაში.

3. მონაწილედ რეგისტრაციის საფასური გადაიხდება მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენისას.

თავი IV. დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობა

მუხლი 25. დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ზოგადი წესი

1. დღით ადრე ბაზარზე მონაწილეებს შეუძლიათ ელექტროენერგიით ვაჭრობა მომდევნო კალენდარული დღის თითოეული საათისათვის. ამ მიზნით, დღით ადრე ბაზრის აუქციონი ტარდება ყოველ კალენდარულ დღეს, მომდევნო ფიზიკური მიწოდების დღისათვის.

2. დღით ადრე ბაზარზე კმაყოფილდება ელექტროენერგიის გაყიდვის შესახებ ის განაცხადები, რომლებშიც მითითებული ფასი ნაკლებია ან უდრის საბაზრო ფასს და ყიდვის შესახებ ის განაცხადები, რომლებშიც მითითებული ფასი მეტია ან უდრის საბაზრო ფასს.

3. დღით ადრე ბაზარზე დაკმაყოფილებული განაცხადები ავტომატურად ექვემდებარება ფინანსურ ანგარიშსწორებას, საბაზრო ფასით.

მუხლი 26. განაცხადის განთავსება

1. მონაწილეს დღით ადრე ბაზარზე შეუძლია სტანდარტული საათობრივი განაცხადების განთავსება. სტანდარტული საათობრივი განაცხადი გულისხმობს, რომ მონაწილე თანახმაა მასში მოცემული ელექტროენერგიის რაოდენობის როგორც სრულ, ასევე ნაწილობრივ ყიდვაზე/გაყიდვაზე.მონაწილე ბირჟაზე ვაჭრობისას წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სავაჭრო წარმომადგენლის მიერ.

2. მონაწილის მიერ ყოველი საათისათვის განთავსებული განაცხადი ინდივიდუალურია და დამოუკიდებელია მისი სხვა განაცხადებისგან.

3. მონაწილეებს დღით ადრე ბაზარზე განაცხადის განთავსების შესაძლებლობა აქვთ აუქციონის დახურვამდე ორი კვირის განმავლობაში,

4. დღით ადრე ბაზრის აუქციონი იხურება ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების წინა კალენდარული დღის 12:00 საათზე.

5. მონაწილეს უფლება აქვს, აუქციონის დახურვამდე შეცვალოს განთავსებული საათობრივი განაცხადი. აუქციონში მონაწილეობს ყველაზე ბოლოს განთავსებული განაცხადი.

6. მონაწილე თავადაა პასუხისმგებელი იმის გადამოწმებაზე, რომ განთავსებული განაცხადი გამოხატავს მის ნამდვილ ნებას.

7. აუქციონის დახურვის შემდეგ მონაწილის განაცხადი აღარ მიიღება, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზით არ იყო იგი დროულად განთავსებული.

მუხლი 27. განაცხადის მახასიათებლები

1. მონაწილე განაცხადებს განათავსებს ფასის ზრდადობის მიხედვით.

2. თითოეულ განაცხადში მონაწილემ უნდა მიუთითოს:

ა) განაცხადი შეეხება ელექტროენერგიის გაყიდვას თუ ყიდვას;

ბ) ელექტროენერგიის რაოდენობა და ფასი;

გ) ფიზიკური მიწოდების დღის საათი, რომლისთვისაც მონაწილე ყიდის/ყიდულობს ელექტროენერგიას.

3. კონკრეტული საათისთვის განთავსებულ განაცხადში, ელექტროენერგიის ფასის ზრდასთან ერთად, ელექტროენერგიის რაოდენობა:

ა) არ უნდა მცირდებოდეს – გაყიდვის შესახებ განაცხადში;

ბ) არ უნდა იზრდებოდეს – ყიდვის შესახებ განაცხადში.

მუხლი 28. ბაზრის წონასწორობის წერტილის დადგენა

1. დღით ადრე აუქციონის დახურვის შემდეგ განაცხადები სისტემაში ლაგდება შემდეგი წესით:

ა) ყიდვის შესახებ განაცხადები – ფასის კლებადობის მიხედვით;

ბ) გაყიდვის შესახებ განაცხადები –  ფასის ზრდადობის მიხედვით. .

2. თითოეული განაცხადი, ფასითა და რაოდენობით განსაზღვრულ კოორდინატთა სიბრტყეზე, გამოხატავს წერტილს. აღნიშნული წერტილების წრფივი ინტერპოლაციით დაკავშირების გზით აიგება მიწოდებისა და მოთხოვნის ინდივიდუალური მრუდები. ინდივიდუალური მრუდების შეჯამებით აიგება მიწოდებისა და მოთხოვნის აგრეგირებული მრუდები, რომელთა გადაკვეთის წერტილი წარმოადგენს წონასწორობის წერტილს. წონასწორობის წერტილი განსაზღვრავს დღით ადრე ბაზარზე კონკრეტულ საათში ნავაჭრი ელექტრონერგიის რაოდენობასა და საბაზრო ფასს.

3. წონასწორობის წერტილის დადგენისას, თუ:

ა) ვერტიკალურ ხაზზე არსებობს მრუდების გადაკვეთის რამდენიმე წერტილი – საბაზრო ფასი განისაზღვრება ამ ხაზზე მინიმალური და მაქსიმალური ფასების არითმეტიკული საშუალოთი;

ბ) ჰორიზონტალურ ხაზზე არსებობს მრუდების გადაკვეთის რამდენიმე წერტილი – ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობა განისაზღვრება ამ ხაზზე არსებული მაქსიმალური რაოდენობით;

გ) გაყიდვის/ყიდვის რამდენიმე განაცხადში მითითებულია ერთი და იგივე ფასი, მაგრამ მოთხოვნა არსებობს ამ ფასად შეთავაზებული ელექტროენერგიის რაოდენობის მხოლოდ ნაწილის ყიდვაზე/გაყიდვაზე განაცხადები პროპორციულად დაკმაყოფილდება.

4. ბაზრის წონასწორობის წერტილის დადგენისათვის ბირჟის ოპერატორი იყენებს ევროპული ბაზრების ინტეგრირების ალგორითმს (EUPHEMIA).

5. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდები ერთმანეთს არ კვეთს მიწოდების დეფიციტის ან სიჭარბის გამო, ბირჟის ოპერატორი პროპორციულად შეამცირებს შესაბამის განაცხადებში მითითებულ რაოდენობებს, ვიდრე მრუდები არ გადაიკვეთება.

6. თუ მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდები ერთმანეთს არ კვეთს თანმხვედრი განაცხადების არარსებობის გამო, დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობა არ შედგება.

7. თუ წონასწორობის წერტილის დადგენის შემდეგ მიღებული საბაზრო ფასი ან მონაწილეთა მიერ ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობები ირაციონალური რიცხვებია ან არ შეესაბამება ბირჟის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ რიცხვის ფორმატს, ისინი შესაბამისად დამრგვალდება, მძიმის მერე სამი ციფრის სიზუსტით.

8. წონასწორობის წერტილი დგინდება აუქციონის დახურვიდან არაუგვიანეს ერთი საათისა – ვაჭრობის დღის 13:00 საათამდე.

9. გამონაკლის შემთხვევაში, როცა ვაჭრობის შეჩერების გამო ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოცემული ვადის დაცვა შეუძლებელია, ბაზრის წონასწორობის წერტილის დასადგენად ბირჟის ოპერატორს ეძლევა დამატებითი დრო 18:00 საათამდე. ამ ვადაში, ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია განაცხადები მიიღოს ელექტრონული ფოსტით და დაადგინოს ბაზრის წონასწორობის წერტილი ევროპული ბაზრების ინტეგრირების ალგორითმის (EUPHEMIA) ალტერნატიული მექანიზმის გამოყენებით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დაცვით. თუ ბაზრის წონასწორობის წერტილის დადგენა ამ ვადაშიც ვერ ხერხდება, ვაჭრობის შედეგები იქნება იგივე, რაც:

ა) წინა სამუშაო დღეს –  თუ მომდევნო დღეც სამუშაო დღეა;

ბ) წინა არასამუშაო დღეს –  თუ მომდევნო დღე არასამუშაო დღეა.

მუხლი 29. მონაწილეების ინფორმირება ვაჭრობის შედეგებზე

1. ბაზრის წონასწორობის წერტილის დადგენისთანავე (არაუგვიანეს ვაჭრობის დღის 13:00 საათისა), ბაზრის თითოეული მონაწილისათვის პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ხდება დადასტურებული მონაცემები მისი ტრანზაქციების შესახებ, მომდევნო დღის ყოველი საათისათვის.

2. ამ წესების 28-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ინფორმაცია შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს ამ მუხლით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, მაგრამ არაუგვიანეს ბაზრის წონასწორობის წერტილის დადგენიდან ერთ საათში.

მუხლი 30. ინფორმაციის მიწოდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორისთვის

1. ბირჟის ოპერატორმა დღით ადრე ვაჭრობის შედეგები (ნომინაციები) უნდა გაუგზავნოს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს, არაუგვიანეს ვაჭრობის დღის 15:00 საათისა, "ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების” შესაბამისად.

2. ამ წესების 28-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ინფორმაცია შეიძლება გაიგზავნოს ამ ვადის დაუცველად, მაგრამ არაუგვიანეს შედეგების გაანგარიშებიდან ერთი საათისა.

მუხლი 31. ვაჭრობისას დაშვებული შეცდომა

1. თუ მონაწილე ვაჭრობისას დაუშვებს შეცდომას, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბირჟის ოპერატორს.

2. მონაწილის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ შეტყობინების მიღებისას, ბირჟის ოპერატორმა უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა თავიდან აიცილოს ან მაქსიმალურად შეამციროს ამ ან სხვა მონაწილისა და ბაზრისთვის ზიანის მიყენების რისკი.

3. თუ ბირჟის ოპერატორი მიიჩნევს, რომ მონაწილემ განაცხადის გაკეთებისას დაუშვა შეცდომა, ბირჟის ოპერატორს უფლება აქვს შესთავაზოს მონაწილეს განაცხადის შესწორება.

მუხლი 32. ლიკვიდურობის ხელშეწყობა

1. დღით ადრე ბაზრის ლიკვიდურობის ხელშეწყობის მიზნით, ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მონაწილესთან, რომელიც, ყოველდღიურად ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით, მიიღებს მონაწილეობას ბაზარზე და განათავსებს განსაზღვრული რაოდენობის ელექტროენერგიის გაყიდვაზე/ყიდვაზე განაცხადს.

2. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, მონაწილეს, რომელთანაც დადებული აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება, შეუმციროს ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასური არაუმეტეს 30%-ით, რაც გაითვალისწინება ბირჟის ოპერატორის ტარიფის გაანგარიშებისას.

3. ლიკვიდურობის ხელშეწყობის თაობაზე ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებსა და მონაწილეთა შერჩევის პროცედურას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით, შეიმუშავებს ბირჟის ოპერატორი და დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას.

4. დაუშვებელია ლიკვიდურობის ხელშეწყობის შესახებ ხელშეკრულების დადება იმ მონაწილესთან, რომელსაც კანონმდებლობით ეკისრება ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულება.

თავი V. დღიურ ბაზარზე ვაჭრობა

მუხლი 33. დღიურ ბაზარზე ვაჭრობის ზოგადი წესი

1. დღიურ ბაზარზე მონაწილეებს შეუძლიათ ელექტროენერგიით ვაჭრობა მიმდინარე დღის თითოეული საათისათვის. დღიურ ბაზარზე ვაჭრობა შესაძლებელია ასევე მომდევნო დღისათვის, მას შემდეგ, რაც დაიხურება დღით ადრე ბაზარი. ამ მიზნით, დღიურ ბაზარზე ვაჭრობა მიმდინარეობს უწყვეტად, ყოველ კალენდარულ დღეს.

2. დღიურ ბაზარზე განაცხადი შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განთავსდება მისი შესატყვისი განაცხადი, რომელშიც თანხვედრაშია ფასი, რაოდენობა და ფიზიკური მიწოდების პერიოდი. შედეგად, მონაწილის მიერ გაყიდული ელექტროენერგიის ფასი მეტია ან უდრის მის განაცხადში შეთავაზებულ ფასს, ხოლო მონაწილის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ფასი ნაკლებია ან უდრის მის განაცხადში შეთავაზებულ ფასს.

3. დღიურ ბაზარზე დაკმაყოფილებული განაცხადები ავტომატურად ექვემდებარება ფინანსურ ანგარიშსწორებას, განაცხადის ფასის პრინციპით, გარდა ამ წესების მე-40 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

მუხლი 34. განაცხადის განთავსება

1. მონაწილეს დღიურ ბაზარზე შეუძლია განათავსოს ამ წესების 36-ე მუხლით გათვალისწინებულ განაცხადები.

2. დღიური ბაზარი იხსნება ფიზიკური მიწოდების წინა კალენდარული დღის 13:00 საათზე. დღიურ ბაზარზე განაცხადები შესაძლებელია განთავსდეს  ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდებისთვის განსაზღვრულ ვადამდე ერთი საათით ადრე (ვაჭრობის დახურვა).

3. განაცხადის შეცვლა ან გაუქმება შესაძლებელია შეცვლის ან გაუქმების შესახებ  განაცხადის პლატფორმაზე განთავსებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ჯერ არ არის თანხვედრილი.

4. ვაჭრობის დახურვის შემდეგ მონაწილის განაცხადი აღარ მიიღება, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზით არ იყო ის დროულად განთავსებული.

5. იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმას აქვს ტექნიკური ხარვეზი, ან/და ობიექტური მიზეზის გამო, მონაწილეებისთვის პლატფორმა არ არის ხელმისაწვდომი,  ბირჟის ოპერატორს  შეუძლია, დაუშვას განთავსებული განაცხადების შეცვლა ან გაუქმება.

მუხლი 35. განაცხადის მახასიათებლები

1. დღიურ ბაზარზე განთავსებულ თითოეულ განაცხადში მონაწილემ უნდა მიუთითოს:

ა) განაცხადი შეეხება ელექტროენერგიის გაყიდვას თუ ყიდვას;

ბ) ელექტროენერგიის რაოდენობა და ფასი;

გ) განაცხადის ტიპი;

დ) ფიზიკური მიწოდების პერიოდი, რომლისთვისაც მონაწილე ყიდის/ყიდულობს ელექტროენერგიას.

2. დღიურ ბაზარზე განთავსებულ თითოეულ განაცხადში მონაწილეს შეუძლია მიუთითოს პლატფორმაზე განაცხადის დატოვების ვადა, რომლის გასვლის შემდეგ განაცხადი ავტომატურად გაუქმდება პლატფორმიდან.

3. განაცხადი ძალაშია რეგისტრაციის მომენტიდან, მისი შეცვლის, გაუქმების ან შესატყვის განაცხადთან თანხვედრის მომენტამდე.

მუხლი 36. დღიური ბაზრის განაცხადის ტიპები

დღიურ ბაზარზე შესაძლებელია განთავსდეს შემდეგი ტიპის განაცხადები:

ა) სტანდარტული საათობრივი (ლიმიტირებული) განაცხადი – განაცხადი, რომელშიც მითითებულია  ლიმიტირებული ფასი და რომელიც შესაძლებელია დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ბ) ბლოკური განაცხადი  ერთ ან რამდენიმე თანმიმდევრულ საათზე განთავსებული განაცხადი, რომლის დაკმაყოფილება მხოლოდ სრულად არის შესაძლებელი;

გ) აისბერგგანაცხადი – განაცხადი, რომელიც ნაწილ-ნაწილ განთავსდება პლატფორმაზე და რომლის ყოველი მომდევნო ნაწილი გააქტიურდება წინა ნაწილის სრულად დაკმაყოფილების შემდგომ.  ამ წესების 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დროის პრინციპის მიზნებისათვის, აისბერგ განაცხადის თითოეული ნაწილის განთავსების დრო არის პლატფორაზე მისი გააქტიურების დრო;

დ) შეზღუდული აღსრულების განაცხადი შესაძლებელია იყოს ორი ტიპის:

დ.ა) სრული და მყისიერი – გულისხმობს განაცხადის დაუყოვნებლივ თანხვედრას მასში მითითებული სრული რაოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი განაცხადის ავტომატურ გაუქმებას;

დ.ბ) ნაწილობრივი და მყისიერი – გულისხმობს განაცხადის ნაწილობრივ ან სრულ თანხვედრას, ხოლო დარჩენილი ნაწილის ავტომატურ გაუქმებას.

მუხლი 37. განაცხადების თანხვედრა და ფასის განსაზღვრა

1. განაცხადების თანხვედრა გულისხმობს ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის განაცხადების დაწყვილებას შესატყვისი ფასის, რაოდენობისა და ფიზიკური მიწოდების პერიოდის მიხედვით.

2. დღიურ ბაზარზე თანხვედრილი განაცხადებიდან ერთ-ერთი უნდა იყოს ახლად განთავსებული ან ახლად შეცვლილი განაცხადი, რომელიც განთავსებისთანავე ავტომატურად დაწყვილდა პლატფორმაზე უკვე არსებულ განაცხადთან.

3. განაცხადები წყვილდება ფასისა და დროის პრინციპების მიხედვით:

ა) ფასის პრინციპი გულისხმობს პლატფორმაზე ახლად განთავსებული განაცხადის თანხვედრას პლატფორმაზე უკვე არსებულ საუკეთესო ფასის განაცხადთან: ახლად განთავსებული ყიდვის განაცხადის შემთხვევაში, საუკეთესო ფასის განაცხადია პლატფორმაზე არსებული გაყიდვის ყველაზე დაბალი ფასის განაცხადი, ხოლო  ახლად განთავსებული გაყიდვის განაცხადის შემთხვევაში - პლატფორმაზე არსებული ყიდვის ყველაზე მაღალი ფასის განაცხადი;

ბ) დროის პრინციპი გულისხმობს უფრო ადრე განთავსებული განაცხადისთვის უპირატესობის მინიჭებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საუკეთესო ფასის რამდენიმე განაცხადი.

4. დღიურ ბაზარზე ნავაჭრი ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრება პლატფორმაზე უკვე არსებული საუკეთესო ფასის განაცხადით:

ა) თუ ახლადგანთავსებული ყიდვის განაცხადი დაწყვილდა პლატფორმაზე არსებულ გაყიდვის განაცხადთან, გაყიდვის განაცხადის ფასი წარმოადგენს ელექტროენერგიის ფასს; 

ბ) თუ ახლადგანთავსებული გაყიდვის  განაცხადი დაწყვილდა პლატფორმაზე არსებულ ყიდვის განაცხადთან, ყიდვის განაცხადის ფასი წარმოადგენს ელექტროენერგიის ფასს

მუხლი 38. მონაწილეების ინფორმირება ვაჭრობის შედეგებზე

1. განაცხადების ავტომატური თანხვედრისა და განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება თანხვედრილი განაცხადების წარმდგენ მყიდველ და გამყიდველ მხარეს, პლატფორმაზე თითოეული მონაწილის პორტფელში ასახვის გზით.

2. ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია მოიცავს ელექტროენერგიის ფასსა და რაოდენობას, ტრანზაქციის განხორციელების დროს და ტრანზაქციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებას.

მუხლი 39. ინფორმაციის მიწოდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისოპერატორისთვის

ბირჟის ოპერატორმა დღიური ვაჭრობის შედეგები (ნომინაციები) თითოეული ტრანზაქციის განხორციელებიდან 15 წუთის განმავლობაში უნდა გაუგზავნოს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს, „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების” შესაბამისად.

მუხლი 40. ტრანზაქციის გაუქმება

1. მონაწილეს, რომელსაც სურს გააუქმოს განსახორციელებელი ტრანზაქცია ვაჭრობისას დაშვებული შეცდომის გამო, უფლებამოსილია, გამოიყენოს პლატფორმაზე არსებული ტრანზაქციის გაუქმების ფუნქცია, არაუგვიანეს განაცხადების თანხვედრიდან ხუთი წუთისა, შესაბამისი პერიოდისთვის ვაჭრობის დახურვამდე არანაკლებ 20 წუთით ადრე. ტრანზაქციის გაუქმების შესახებ მოთხოვნა, რომელიც ბირჟის ოპერატორს წარედგინა ამ პუნქტის მოთხოვნის დარღვევით არ დაკმაყოფილდება.

2. თუ მონაწილე ვერ ახერხებს ტრანზაქციის გაუქმებას, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს აღნიშნულის შესახებ ბირჟის ოპერატორს, ცხელი ხაზის მეშვეობით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადების დაცვით.

3. ტრანზაქციის გაუქმება აისახება პლატფორმაზე, მონაწილისათვის გასაგები ფორმით.

4. ბირჟის ოპერატორს უფლება აქვს, უარი უთხრას მონაწილეს ტრანზაქციის გაუქმებაზე, თუ გაუქმების მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია მათი სიმრავლის გამო ან მონაწილის მიერ ტრანზაქციის გაუქმების მოთხოვნა ხდება სისტემატურად –კვირაში სამჯერ ან მეტჯერ.

5. ბირჟის ოპერატორი ვალდებულია დაიცვას ტრანზაქციის გაუქმების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა, მიუხედავად იმისა, შესაბამისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა თუ არა.

მუხლი 41. ტრანზაქციის გაუქმების პირგასამტეხლო

1. ტრანზაქციის გაუქმების თითოეული დაკმაყოფილებული მოთხოვნისთვის, მონაწილეს ეკისრება ტრანზაქციის გაუქმების პირგასამტეხლო.

2. ტრანზაქციის გაუქმების პირგასამტეხლოს ოდენობას განსაზღვრავს ბირჟის ოპერატორი და აცნობებს კომისიას. პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა იყოს გონივრული.

მუხლი 42. ელქტროენერგეტიკულ სისტემაში დაფიქსირებული ავარია ან სხვაგვარი შეფერხება

1. ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების მიერ ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიის ან შეფერხების დაფიქსირების შემთხვევაში, ბირჟის ოპერატორს უფლება აქვს გონივრული ვადით გადაავადოს ან  შეწყვიტოს დღიურ ბაზარზე ვაჭრობა, ცალკეული განაცხადის/განაცხადების გაუქმებით.

2. ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებისგან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული შეფერხების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნულის შესახებ მონაწილეების ინფორმირება.

3. ელექტროენერგიის გადამცემ/გამანაწილებელ სისტემაში ავარია ან/და შეფერხება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს იმ განაცხადის გაუქმებას, რომელზეც მას გავლენა არ მოუხდენია.

თავი VI. ფინანსური ანგარიშსწორება

მუხლი 43. ფინანსური ანგარიშსწორების პროცესი და ბაზრის სუბიექტების ფუნქციები

1. ბირჟაზე ფინანსური ანგარიშსწორების პროცესი მოიცავს:

ა) ბირჟაზე აღებული ვალდებულებების უზრუნველყოფას;

ბ) ბირჟაზე ვაჭრობის შედეგების შესაბამისად, მონაწილეთა მიერ გადასახდელი და მისაღები თანხების გაანგარიშებას (ფიზიკური კლირინგი);

გ) ამ პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გაანგარიშებების შესაბამისად, მონაწილეთა საკლირინგო ანგარიშების განახლებას და ინვოისების გაგზავნას, სადაც მოცემულია ფინანსური ვალდებულებების გაქვითვის შედეგად მიღებული რაოდენობა და თანხა (ფინანსური კლირინგი);

დ) ფინანსური კლირინგის შესაბამისად, ბირჟაზე ნავაჭრი ელექტროენერგიის საფასურის ასანაზღაურებლად თანხის გადარიცხვას.

2. ბირჟის ოპერატორი, როგორც ცენტრალური ფინანსური მხარე, წარმოადგენს ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ბირჟაზე დადებული ხელშეკრულების მხარეს და პასუხისმგებელია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე. ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მონაწილეებისათვის გაყიდული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი სუბიექტების მიერ გადახდილი თანხა/წარდგენილი გარანტია ამისათვის საკმარისი არ არის.

3. ბირჟაზე აღებული ფინანსური ვალდებულებები სრულდება ვაჭრობის შედეგების შესაბამისად, ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდებისა და მოხმარების მიუხედავად.

4. ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად ან მისაწოდებლად, ბირჟის ოპერატორი უკავშირდება მონაწილის საკლირინგო წარმომადგენელს.

მუხლი 44. ფიზიკური კლირინგი

თითოეული მონაწილის მიერ ბირჟაზე შესყიდული/გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობასა და გადასახდელ/მისაღებ თანხებს  ბირჟის ოპერატორი გაიანგარიშებს:

ა) დღით ადრე ბაზრისთვის  – ვაჭრობის დღეს;

ბ) დღიური ბაზრისთვის – ვაჭრობის მომდევნო დღეს.

მუხლი 45. ფინანსური კლირინგი

1. ბირჟის ოპერატორი განაახლებს მონაწილეთა საკლირინგო ანგარიშებს და გამოწერს ინვოისებს:

ა) დღით ადრე ბაზრისთვის – ელექტროენერგიით ვაჭრობის დღის 15:00 საათამდე;

ბ) დღიური ბაზრისთვის – ფიზიკური მიწოდების მომდევნო დღის 10:00 საათამდე.

2. ინვოისში უნდა იყოს მითითებული:

ა) მონაწილის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) ამ წესების 44-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემების გაქვითვის შედეგად მიღებული თანხა;

გ) ის ფინანსური ვალდებულებები, რომელთა გაქვითვის შედეგად მიღებულია მონაწილის მიერ საბოლოოდ გადასახდელი ან მის მიერ მისაღები თანხა.

3. ინვოისები გამოიწერება ელექტრონულად, ყოველ კალენდარულ დღეს.

4. ინვოისი მისი გამოწერისთანავე ხელმისაწვდომია იმ მონაწილის საკლირინგო ანგარიშზე, რომელმაც ბირჟაზე იყიდა ან/და გაყიდა ელექტროენერგია.

5. ინვოისში დადებითი რიცხვი აღნიშნავს მონაწილის მიერ ბირჟის ოპერატორისთვის გადასახდელ თანხას, ხოლო უარყოფითი - ბირჟის ოპერატორისგან მისაღებ თანხას.

6. მონაწილის საკლირინგო ანგარიშზე მოცემულია საათობრივი მონაცემები ნავაჭრ რაოდენობებსა და თანხებზე, რომელთა გაქვითვის შედეგად მიღებულია ინვოისში ასახული ინფორმაცია.

მუხლი 46. თანხის გადარიცხვა

1. მონაწილემ ინვოისის გამოწერის მომდევნო დღის 16:00 საათამდე უნდა უზრუნველყოს მითითებული თანხის გადარიცხვა ბირჟის ოპერატორის ანგარიშზე.

2. ბირჟის ოპერატორი ინვოისის გამოწერიდან ორი დღის ვადაში უზრუნველყოფს თანხის გადარიცხვას მონაწილეებისათვის, მათ მიერ ბირჟაზე გაყიდული ელექტროენერგიის საფასურის ასანაზღაურებლად.

მუხლი 47. დავა ფინანსურ კლირინგსა და თანხის გადარიცხვაზე

1. მონაწილე ვალდებულია გადაიხადოს ბირჟის ოპერატორის მიერ გამოწერილ ინვოისში მითითებული თანხა იმისდა მიუხედავად, ეთანხმება თუ არა მას.

2. თუ მონაწილე ინვოისში მითითებულ მონაცემებს არ ეთანხმება, იგი უფლებამოსილია, წერილობით ან ელექტრონული ფოსტით გაუგზავნოს ბირჟის ოპერატორს მისი მოსაზრება, რაც არ აჩერებს თანხის გადარიცხვის ვალდებულებას. ბირჟის ოპერატორმა მონაწილეს უნდა გაუგზავნოს დასაბუთებული პასუხი მოსაზრების წერილობით მიღებიდან 5 დღის ვადაში.

მუხლი 48. გარანტია

1. ამ წესებით გათვალისწინებული გარანტიის სახეებია:

ა) საბაზისო გარანტია;

ბ) განსაკუთრებული გარანტია.

2. მონაწილეს გარანტიის წარდგენა შეუძლია:

ა) დეპოზიტის ფორმით;

ბ) საბანკო გარანტიის ფორმით.

3. მონაწილის მიერ წარდგენილი დეპოზიტი შესაძლოა გამოიხატოს როგორც ბირჟის ოპერატორის საბანკო ანგარიშზე განთავსებულ თანხაში, ისე – კომერციულ ბანკში ამ მონაწილის ანგარიშზე განთავსებულ თანხაში, რომლის განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ ბირჟის ოპერატორის თანხმობით ან მისი ინიციატივით, ამ წესებით დადგენილი პირობებით.

4. მონაწილის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ და მისი მიმღები (ბენეფიციარი) უნდა იყოს ბირჟის ოპერატორი. საბანკო გარანტია უნდა იყოს გამოუთხოვადი, რათა მონაწილის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს საბანკო გარანტიაში განსაზღვრული თანხის გადახდა ბირჟის ოპერატორის მოთხოვნისთანავე.

5. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, საბანკო გარანტიის მიმართ განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს გარანტიის ლიკვიდურობას.

6. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია უარი თქვას საბანკო გარანტიის მიღებაზე, თუ ის არ არის გაცემული შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირის მიერ.

7. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილემ არ ჩაანაცვლა საბანკო გარანტია სხვა საბანკო გარანტიით ან/და დეპოზიტით,  საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 10 დღით ადრე, მიიჩნევა, რომ მას არ აქვს წარდგენილი გარანტია.

8. მონაწილის მიერ წარდგენილი გარანტიის გამოყენება დასაშვებია მის მიერ ბირჟაზე აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.

9. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, არ დაუშვას მონაწილეების მიერ ელექტროენერგიის ყიდვის შესახებ განაცხადის გაკეთება იმაზე მეტ რაოდენობაზე, ვიდრე წარდგენილია გარანტია. ასეთი ტექნიკური შეზღუდვის დანერგვის შემთხვევაში, ბირჟის ოპერატორმა არანაკლებ ორი დღით ადრე უნდა აცნობოს კომისიას, აგრეთვე, მონაწილეებს როგორც საკლირინგო წარმომადგენლებთან შეტყობინების გაგზავნით, ისე -  ვებგვერდზე განთავსებით.

მუხლი 49. საბაზისო გარანტია

1. საბაზისო გარანტიის ოდენობას განსაზღვრავს ბირჟის ოპერატორი.

2. საბაზისო გარანტიის ოდენობა დგინდება ვაჭრობის ყოველი დღისათვის, ერთდროულად დღით ადრე და დღიური ბაზრებისათვის და ის იცვლება მონაწილის ვაჭრობის მოცულობის ან რისკის პარამეტრის ცვლილების შესაბამისად.

3. საბაზისო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ფორმულით:  

4. თუ მონაწილემ ბოლო 30 კალენდარული დღის განმავლობაში ბირჟაზე იყიდა და გაყიდა ელექტროენერგია, დღის პოზიციის გაანგარიშებისას, შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობას გამოაკლდება ამ პერიოდში გაყიდული ელექტროენერგიის მაქსიმალური რაოდენობა.

5. მონაწილის დღის პოზიციისა და რისკის პარამეტრის გაანგარიშების კალკულატორი ხელმისაწვდომია ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე. რისკის პარამეტრის გაანგარიშების პერიოდის ცვლილების შესახებ მონაწილეებს უნდა ეცნობოს არანაკლებ ორი დღით ადრე როგორც საკლირინგო წარმომადგენლებთან შეტყობინების გაგზავნით, ისე – ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე განთავსებით.

მუხლი 50. საბაზისო გარანტიის მოთხოვნა და აუქციონში მონაწილეობის დადასტურება

1. ბირჟის ოპერატორი, ყოველი სამუშაო დღის 14:00 საათამდე, თითოეულ მონაწილეს აცნობებს საბაზისო გარანტიის ოდენობის შესახებ, მონაწილის საკლირინგო ანგარიშზე საბაზისო გარანტიის სრული ოდენობის თაობაზე ინფორმაციის განთავსებით.

2. ვაჭრობის ყოველი დღის 10:00 საათამდე, პლატფორმაზე, თითოეული მონაწილის ანგარიშზე აისახება ინფორმაცია:

ა) ვაჭრობაში მონაწილეობის დადასტურების შესახებ  – თუ ვაჭრობის დღის 9:00 საათისათვის მონაწილეს წარდგენილი აქვს საკმარისი ოდენობის გარანტია;

ბ) ვაჭრობაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ – თუ ვაჭრობის დღის 9:00 საათისათვის მონაწილეს არ აქვს წარდგენილი საკმარისი ოდენობის გარანტია.

3. გარანტიის წარდგენის ან წარუდგენლობის გამო აუქციონში მონაწილეობის დადასტურება ან შეჩერება ერთდროულად ვრცელდება დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე.

4. თუ მონაწილეს წარდგენილი ჰქონდა მოთხოვნილზე მეტი ოდენობის გარანტია და ის საკმარისია გაზრდილი გარანტიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაც, საკლირინგო ანგარიშზე ინფორმაცია მაინც აისახება, თუმცა მონაწილეს საპასუხოდ რაიმე მოქმედების შესრულება არ მოეთხოვება.

მუხლი 51. განსაკუთრებული გარანტია

1. განსაკუთრებული გარანტიის მოთხოვნა დასაშვებია გამონაკლის შემთხვევაში, როცა გადაუხდელობის რისკი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ასეთ შემთხვევაში, ბირჟის ოპერატორი, არადისკრიმინაციულობის პრინციპის დაცვით, შესაბამის მონაწილეს განუსაზღვრავს განსაკუთრებული გარანტიის ოდენობას, გაანგარიშების წესს, გამოყენების მიზეზებსა და წარდგენის ვადას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევის დადგომისთანავე, ბირჟის ოპერატორი დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის მონაწილეს “განსაკუთრებული გარანტიის მოთხოვნის შესახებ” შეტყობინებას, რომელშიც მოცემული უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

3. განსაკუთრებული გარანტიის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს ერთ დღეზე ნაკლები.

მუხლი 52. გარანტიის მოთხოვნის გაუქმება

1. ბირჟის ოპერატორი აუქმებს გარანტიის მოთხოვნას, თუ, ბაზარზე მონაწილეობის შეწყვეტისას, მონაწილეს ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები შესრულებული აქვს:

ა) სრულად – გარანტიის მოთხოვნა უქმდება სრულად;

ბ) ნაწილობრივ – გარანტიის მოთხოვნა უქმდება იმ ნაწილზე, რომელიც არ არის საჭირო დარჩენილი ვალდებულებების შესასრულებლად.

2. თუ შემცირდა ბირჟის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი გარანტია, მონაწილეს აქვს შესაბამისად შემცირებული გარანტიის წარდგენის უფლება.

მუხლი 53. საკლირინგო და საბანკო ანგარიშები

1. ბირჟაზე განხორციელებული ტრანზაქციები, შესაბამისი ფასისა და რაოდენობის მითითებით, აისახება მონაწილის საკლირინგო ანგარიშზე. თითოეული საკლირინგო ანგარიში დაკავშირებულია ამ მონაწილის ვაჭრობის ერთ ან მეტ პორტფელთან და ერთ ან მეტ საბანკო ანგარიშთან.

2. მონაწილეს გახსნილი უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, ერთი საბანკო ანგარიში (ლარში), რომელიც ბირჟის ოპერატორის მიერ დაკავშირებული იქნება საკლირინგო ანგარიშთან.

მუხლი 54. გადახდისუნარიანობაზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

1. ბირჟის ოპერატორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოსთხოვოს  მონაწილეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მისი გადახდისუნარიანობის შესაფასებლად. მონაწილე ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ორი დღისა, მიაწოდოს ბირჟის ოპერატორს მოთხოვნილი ინფორმაცია.

2. მონაწილემ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ბირჟის ოპერატორს, თუ:

ა) მონაწილის (ან მისი თანამშრომლის, ან/და ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის) წინააღმდეგ დაწყებულია სამართალწარმოება (ადმინისტრაციული, სისხლის ან სამოქალაქო), რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მონაწილის გადახდისუნარიანობაზე;

ბ) არსებობს სხვა გარემოება, რის გამოც, მონაწილე კეთილსინდისიერად მიიჩნევს, რომ უარესდება მისი გადახდისუნარიანობა.

თავი VII. გარდამავალი დებულებები

მუხლი 55. ბირჟის ოპერატორის ცხელი ხაზის მომსახურება

2022 წლის პირველ ივლისამდე, ბირჟის ოპერატორის ცხელი ხაზი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყოველ სამუშაო დღეს – 8:00 საათიდან 16:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას და უქმე დღეებში – 12:00 საათამდე.

მუხლი 56. საბაზისო გარანტიის გაანგარიშება

2022 წლის პირველ იანვრამდე, ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, რომ საბაზისო გარანტიის გაანგარიშებისათვის ამ წესების 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რისკის პარამეტრის განსაზღვრისას, ბირჟის ფასებთან ერთად, გაითვალისწინოს სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გაანგარიშებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასებიც.


 
დანართი № 2
ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესები

თავი I

 ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მოქმედების სფერო

ეს წესები არეგულირებს:

ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ფუნქციონირებას, ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსებასთან დაკავშირებულ ბაზრის ოპერატორის ვალდებულებებს;

ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისა და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებებს;

გ) დაბალანსებისა და დამხმარე მომსახურებების გაწევის პირობებს;

დ) ბაზრის ორგანიზებისა და ბაზარზე მონაწილეობის პირობებს;

ე) დაბალანსების ჯგუფის მოდელთან დაკავშირებულ პირობებს;

ვ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, დაბალანსების ჯგუფში მონაწილეობისა და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების რეგისტრაციის პირობებს;

ზ) უბალანსობის ანგარიშსწორებისა და ფინანსური გარანტიების წადგენის წესს;

თ) ბაზრის ოპერირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2. ძირითადი პრინციპები

ბაზრის ორგანიზებისა და რეგულირების ძირითადი პრინციპებია:

ა) ბაზრის ოპერირებისა და დამხმარე მომსახურებების გაწევის საიმედოობა;

ბ) ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების განგრძობადი უზრუნველყოფა, რეალურ დროში ელექტროენერგიის მოთხოვნისა და მიწოდების დაბალანსების გზით;

გ) დაბალანსება და დამხმარე მომსახურებების გაწევა კონკურენციის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპების დაცვით;

დ)  ბაზრის მონაწილეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;

ე) თითოეული დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ფინანსური პასუხისმგებლობის აღება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული დაბალანსების ჯგუფის მიერ გამოწვეულ უბალანსობაზე;

ვ) ელექტროენერგეტიკული სისტემის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე, გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული უმცირესი ღირებულების რესურსის გათვალისწინება;

ზ) ბაზარზე ზღვრული ფასწარმოქმნით ანგარიშსწორება საბალანსო ელექტროენერგიის ნაწილში, ხოლო გაცხადებული ფასის მიხედვით – საბალანსო სიმძლავრის ნაწილში;

თ) თვითდისპეტჩირების პრინციპის დანერგვა.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ წესების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კანონი – „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

გ) ქსელის წესები – კანონის შესაბამისად დამტკიცებული ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესები;

დ) ბაზარი – საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი, სადაც ელექტროენერგეტიკული სისტემის რეალურ დროში დაბალანსების მიზნით ორგანიზებულია საბალანსო პროდუქტითა და დამხმარე მომსახურებებით ვაჭრობა;

ე) ბაზრის ოპერატორი – კომისიის მიერ ლიცენზირებული საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირებას საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის სეგმენტისათვის;

ვ) უბალანსობა – ელექტროენერგიის მოცულობა, რომელიც წარმოადგენს უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გაყიდული ან/და შესყიდული, ფაქტობრივად გამომუშავებული ან/და მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობებს შორის სხვაობას;

ზ) მზარდი უბალანსობა – დაბალანსების ჯგუფის მიერ გამოწვეული უბალანსობა, რომელიც უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში ზრდის ელექტროენერგეტიკული სისტემის უბალანსობას;

თ) შემამსუბუქებელი უბალანსობა – დაბალანსების ჯგუფის მიერ გამოწვეული უბალანსობა, რომელიც უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში ამცირებს ელექტროენერგეტიკული სისტემის უბალანსობას;

ი) უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდი – დროის მონაკვეთი, რა პერიოდისთვისაც ხდება დაბალანსების ჯგუფის უბალანსობის მოცულობის გამოთვლა. ერთი უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდი უდრის 60 წუთს;

კ) საანგარიშო პერიოდი – დროის მონაკვეთი, რა პერიოდისთვისაც ბაზარზე ხორციელდება უბალანსობის ანგარიშსწორება. ერთი საანგარიშო პერიოდი მოიცავს 1 კალენდარულ თვეს;

ლ) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი – პირი, რომელიც კვალიფიცირებულია გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის საბალანსო პროდუქტის მიწოდებაზე;

მ) ლიკვიდურობის უზრუნველმყოფი პირი – დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი, რომელსაც ბაზრის ოპერატორთან დადებული აქვს ბაზრის ლიკვიდურობის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ნაკისრი აქვს, ბაზრის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული მოცულობის საბალანსო პროდუქტის მიწოდების ვალდებულება;

ნ) საბალანსო პროდუქტი – საბალანსო სიმძლავრისა და საბალანსო ელექტროენერგიის ამ წესების დანართით განსაზღვრული პროდუქტი, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზრის ოპერატორისათვის  ბაზარზე შესასყიდად;

ო) საბალანსო სიმძლავრე – საბალანსო სიმძლავრის  მოცულობა, რომლის ხელმისაწვდომობასა და ბაზარზე შესაბამისი სატენდერო წინადადების ბაზრის ოპერატორისთვის წარდგენაზე დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა განაცხადა თანხმობა;

პ) სიხშირის აღდგენის რეზერვი – საბალანსო სიმძლავრე, რომელიც განკუთვნილია სიხშირის ნომინალური მაჩვენებლის აღსადგენად და გააჩნია ამ წესებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლები. სიხშირის აღდგენის რეზერვი შეიძლება იყოს სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვი ან სიხშირის ხელის მართვით აღდგენის რეზერვი; 

ჟ) სიხშირის შენარჩუნების რეზერვი – საბალანსო სიმძლავრე, რომელიც განკუთვნილია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში უბალანსობის დროს სიხშირის ნომინალური მაჩვენებლის შესანარჩუნებლად და გააჩნია ამ წესებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლები;

რ) თვითდისპეტჩირების პრინციპი – დაგეგმვისა და დისპეტჩირების მოდელი, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების საათობრივი გრაფიკის, ასევე, ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების საშუალებების განსაზღვრას მათ დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ;

ს) ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემა – ბაზრის პროგრამული უზრუნველყოფის ელექტრონული პორტალი, რომლის მეშვეობითაც მიმდინარეობს ბაზრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონული გაცვლა;

ტ) სატენდერო წინადადება – სატენდერო შეთავაზება, რომელსაც ამ წესებისა და ბაზრის ოპერატორის მიერ წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი წარადგენს საბალანსო პროდუქტის მიწოდებაზე ბაზრის ოპერატორის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში;

უ) ტრანზაქცია – ტრანზაქცია, რომელიც ხორციელდება ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების ან/და დღით ადრე  ბაზარზე განთავსებული და დაკმაყოფილებული განაცხადის საფუძველზე;

ფ) რანჟირების სია – სატენდერო წინადადებების სია, რომელიც ასახავს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გასააქტიურებელი საბალანსო ელექტროენერგიის თანმიმდევრობას და რომელიც დალაგებულია (რანჟირებულია) სატენდერო წინადადებებით განსაზღვრული ელექტროენერგიის ფასის (მეგავატ-საათი) მიხედვით, მინიმალურიდან მაქსიმალურამდე;

ქ) სატენდერო ზონა – ტერიტორიული არეალი, რომელშიც ხორციელდება ელექტროენერგიით ვაჭრობა უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული  პერიოდისთვის, ერთიანი საბაზრო ფასით;

ღ) ნომინაცია – ბაზრის ოპერატორისთვის წარდგენილი შეტყობინება, რომელიც ასახავს ტრანზაქციებს სატენდერო ზონაში და რომელიც უნდა მიუთითებდეს ქსელიდან ელექტროენერგიის დაგეგმილ მიღებაზე ან გაცემაზე;

ყ) შიდაზონალური ნომინაცია – სატენდერო ზონის ფარგლებში განსახორციელებელი  ტრანზაქცია;

შ) ტრანსსასაზღვრო ნომინაცია – სატენდერო ზონის ფარგლებს გარეთ განსახორციელებლი  ტრანზაქცია;

ჩ) გააქტიურება – ბაზრის ოპერატორის მითითების საფუძველზე, ხელით მართული ან ავტომატური დაბალანსების მომსახურების მიწოდება;

ც) გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგია – ელექტროენერგიის მოცულობა (მეგავატ-საათი), რომელსაც, შერჩეული სატენდერო წინადადების საფუძველზე, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი აწვდის გადამცემი სისტემის ოპერატორს უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში;

ძ) შიდა შესაბამისობა – თითოეული უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდისათვის დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დაბალანსების ჯგუფისთვის ნომინირებული ტრანზაქციის შესაბამისობა (ტოლობა) ამავე დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ შესაბამისი დაბალანსების ჯგუფისთვის ნომინირებულ, გაყიდულ ან შესყიდულ ელექტროენერგიის მოცულობასთან;

წ) გარე შესაბამისობა – თითოეული უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდისათვის დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დაბალანსების ჯგუფისთვის ნომინირებული ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია, რომელიც შეესაბამება მეზობელი გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ იმავე ტრანზაქციიის თაობაზე წარდგენილ ინფორმაციას;  

ჭ) მიწოდების დღე – 24-საათიანი კალენდარული დღე, როდესაც ხორციელდება ელექტროენერგიის მიწოდება და რომელიც იწყება ცენტრალური ევროპის დროით 00.00.00 საათზე და გრძელდება მომდევნო დღის 00.00.00 საათამდე;

ხ) ზღვრული ფასწარმოქმნის პრინციპით ანგარიშსწორება – ანგარიშსწორება ერთიანი ფასის მექანიზმის შესაბამისად, რომელიც დროის განსაზღვრულ მომენტში ყველა ტრანზაქციისათვის ერთსა და იმავე ფასს ითვალისწინებს და უტოლდება ზღვრული ფასწარმოქმნის პრინციპის მიხედვით შერჩეულ ბოლო სატენდერო წინადადების ფასს; 

ჯ) გაცხადებული ფასის პრინციპით ანგარიშსწორება – ანგარიშსწორების მექანიზმი, სადაც თითოეული ტრანზაქციის ფასი განისაზღვრება შერჩეული სატენდერო წინადადების ფასის შესაბამისად;

თავი II

ბაზრის ორგანიზება

მუხლი 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი

1. გადამცემი სისტემის ოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს:

ა) ბაზარზე საბალანსო პროდუქტების საპროგნოზო მოცულობის განსაზღვრას;

ბ) თვითდისპეტჩირების პრინციპის გათვალისწინებით, ბაზრის შედეგების საფუძველზე, შესაბამისი საბალანსო ელექტროენერგიის გააქტიურებას;

გ) ტრანსსასაზღვრო დაბალანსების მექანიზმის ორგანიზებას, რაც, მათ შორის, მოიცავს ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის ავარიული დახმარების მიწოდების მართვას;

დ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების რეგისტრაციას, აგრეთვე შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდების მინიჭებას;

ე) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების რეესტრის წარმოებას და მათი უბალანსობით გამოწვეული საბალანსო ელექტროენერგიის საჭიროების განსაზღვრას, აგრეთვე, შესაბამისი უბალანსობის მოცულობის გაანგარიშებას;

ვ) ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემის მართვასა და განვითარებას, აგრეთვე, აღრიცხვის მონაცემების ხელმისაწვდომობას;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დამხმარე მომსახურების შესყიდვასა და სასისტემო მომსახურების გაწევას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტრანსსასაზღვრო დაბალანსების მექანიზმის ორგანიზების მიზნით, გადამცემი სისტემის ოპერატორი, კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს სხვა ქვეყნების გადამცემი სისტემის ოპერატორებთან შესაბამისი  ხელშეკრულებების გაფორმებას.

3. გადამცემი სისტემის ოპერატორი, ქსელის წესებით განსაზღვრული პირობებით, უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული სისტემის საოპერაციო რეჟიმის პროგნოზირებასა და მოსალოდნელი რეჟიმის დადგენას.

მუხლი 5. ბაზრის ოპერატორი

1. ბაზრის ოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს:

ა) ბაზრის ოპერირებას;

ბ) ბაზრის პროდუქტების განსაზღვრას;

გ) უბალანსობის საფასურის გაანგარიშებას;

დ) ბაზრის პროდუქტებისა და უბალანსობის საფასურის გადახდის უზრუნველსაყოფად ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრას ამ წესების შესაბამისად;

ე) უბალანსობისთვის და ბაზარზე ფინანსური ანგარიშსწორებისთვის გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და საიმედო სისტემის ჩამოყალიბებას;

ვ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირებისა და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების რეესტრების მართვას.

2. ბაზრის ოპერატორი, ამ წესების IX თავით დადგენილი პირობების შესაბამისად, უზრუნველყოფს უბალანსობის ფასის გაანგარიშებას.

3. ბაზრის ოპერატორი, ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად, აფასებს და ადასტურებს მიღებულ ნომინაციებს.

მუხლი 6. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიზანია, თავიდან აიცილოს უბალანსობა.

2. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი მოქმედებს ამ წესებისა და გადამცემი სისტემის ოპერატორთან გაფორმებული დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, რომლის სტანდარტული ფორმაც მტკიცდება კომისიის მიერ.

3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს არ დაეკისრება უბალანსობაზე პასუხისმგებლობა, თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი გამოიყენებს ქსელის წესებით განსაზღვრულ ავარიული მდგომარეობის შემამსუბუქებელ ღონისძიებას და დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს მოსთხოვს მის მიერ წარდგენილი ნომინაციიდან გადახვევას.

4. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ფინანსურად პასუხისმგებელია მის მიერ გამოწვეულ უბალანსობაზე.

5. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ქსელის წესების შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორს აცნობოს ელექტროენერგიის არაგეგმური გათიშვისა და დროის იმ მონაკვეთის შესახებ, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელი იქნება ამგვარი გათიშვის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა.

6. თითოეული დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ შესაძლებელია იყოს ერთი ან მეტი დაბალანსების ჯგუფი.  

7. ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილე, რომლის სიმძლავრე აღემატება 15 მეგავატს, ვალდებულია ცალკე შექმნას დაბალანსების ჯგუფი. 

8. დღით ადრე ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, დადგენილი წესის შესაბამისად წარადგინოს ნომინაცია, რომელიც გამომდინარეობს დღით ადრე ბაზარზე ელექტროენერგიის ვაჭრობიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად. დღით ადრე ბაზრის ოპერატორის მიერ წარდგენილი ნომინაციის ფორმატი განისაზღვრება ბაზრის ოპერატორთან ურთიერთშეთანხმებით, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს დაბალანსების ჯგუფებისთვის უბალანსობის გამოთვლა.

მუხლი 7. დაბალანსების ჯგუფი

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულებას იღებს დაბალანსების ჯგუფის  იმ აღრიცხვის წერტილზე, რომელიც მის პასუხისმგებლობას მიეკუთვნება ქსელის წესებით განსაზღვრული წესის მიხედვით.

2. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია მოითხოვოს მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული დაბალანსების ჯგუფის ან/და ჯგუფთან დაკავშირებული აღრიცხვის წერტილის ცვლილება, დამატება ან გაუქმება, ქსელის წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

3. ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა განიხილოს 5 სამუშაო დღის ვადაში და განახორციელოს შესაბამისი ცვლილება, თუ ასეთი მოთხოვნა აკმაყოფილებს ამ წესისა და ქსელის წესებით დადგენილ პირობებს, ან დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს აცნობოს დასაბუთებული უარი.

4. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსების ჯგუფის აღრიცხვის წერტილის ცვლილება ხორციელდება იმგვარად, რომ იგი უნდა მიეკუთვნოს სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ დაბალანსების ჯგუფს, დაბალანსების ჯგუფის შესაბამისი აღრიცხვის წერტილის ცვლილებისათვის გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა წარედგინოს იმ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის თანხმობა, რომლის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული დაბალანსების ჯგუფისთვისაც ხორციელდება მისი მიკუთვნება.

5. დაბალანსების ჯგუფის ცვლილების, დამატების ან გაუქმების შემთხვევაში, ბაზრის ოპერატორი აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს შესაბამის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორსა და დღით ადრე ბაზრის ოპერატორს.

მუხლი 8. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი

დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი არის დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც კვალიფიცირებულია ამ წესების დანართით განსაზღვრულ ერთ ან რამდენიმე საბალანსო პროდუქტზე და გადამცემი სისტემის ოპერატორთან გაფორმებული აქვს დაბალანსების მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება, რომლის სტანდარტული ფორმაც მტკიცდება კომისიის მიერ.

მუხლი 9. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების რეესტრების მართვა

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების რეესტრში აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) ინფორმაცია დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის დაბალანსების ჯგუფ(ებ)ის შესახებ;

გ) წარდგენილი  ფინანსური გარანტიის ოდენობა;

დ) ელექტროენერგეტიკული საქმიანობის სახეობა;

ე) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის მინიჭების (რეგისტრაციის) თარიღი;

ვ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის მინიჭების თარიღი;

ზ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის თარიღი.

2. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების რეესტრში აისახება:

ა) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის მინიჭების (რეგისტრაციის) თარიღი;

ბ) საბალანსო პროდუქტი, რომლის მიწოდების უფლებაც აქვს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს, აგრეთვე ამ საბალანსო პროდუქტის მაქსიმალური მოცულობა;

გ) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის თარიღი.

3. ბაზრის ოპერატორი რეესტრში რეგისტრირებულ პირს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, აცნობებს მისთვის დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის/დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის მინიჭების, შეჩერების, გაუქმებისა და სტატუსთან დაკავშირებული ცვლილების თაობაზე.

4. რეესტრის მონაცემები მისი ცვლილების ჩათვლით დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, ეგზავნება შესაბამის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორსა და დღით ადრე ბაზრის ოპერატორს.

5. რეესტრში რეგისტრირებული პირისათვის ხელმისაწვდომია უშუალოდ მის შესახებ არსებული ინფორმაცია.

მუხლი 10. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი

1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს აღრიცხვის მონაცემები ქსელის წესებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორს დაუყოვნებლივ აცნობოს გამანაწილებელ ქსელში ნებისმიერი ისეთი ავარიული გათიშვის ან სიმძლავრის შეზღუდვის შესახებ, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსებაზე.

თავი III

დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაცია

მუხლი 11. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის მსურველის მიერ სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენა

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის მსურველი (შემდგომში – კანდიდატი) ავსებს კომისიის მიერ დამტკიცებულ სტანდარტულ სარეგისტრაციო განაცხადს და დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართავს გადამცემი სისტემის ოპერატორს.

2. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციისთვის გადამცემი სისტემის ოპერატორს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  რეესტრიდან;

ბ) ელექტროენერგეტიკული საქმიანობის ლიცენზიის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) თუ კანდიდატი არ არის ელექტროენერგეტიკული საქმიანობის ლიცენზიატი - ინფორმაცია არალიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების შესახებ;

დ) ინფორმაცია დაბალანსების ჯგუფის აღრიცხვის წერტილების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

მუხლი 12. კანდიდატის სარეგისტრაციო განაცხადის განხილვა

1. გადამცემი სისტემის ოპერატორი სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განაცხადის შესაბამისობას ამ წესების მე-11 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.

2. იმ შემთხვევაში, თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი დაადგენს, რომ კანდიდატის მიერ წარდგენილი განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია შეესაბამება ამ წესების მე-11 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, განაცხადი ითვლება მიღებულად და გადამცემი სისტემის ოპერატორი იწყებს კანდიდატის კვალიფიკაციის შემოწმებას ამ წესების მე-13 მუხლის შესაბამისად.

3. თუ კანდიდატი გადამცემი სისტემის ოპერატორს სრულყოფილად არ წარუდგენს ამ წესების მე-11 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, გადამცემი სისტემის ოპერატორი კანდიდატს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი. დამატებითი დოკუმენტის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში კანდიდატი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს, იმავე პუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვისთანავე, განაცხადი რჩება განუხილველი, რაც კანდიდატს არ ართმევს უფლებას, გადამცემი სისტემის ოპერატორს მიმართოს ხელახალი სარეგისტრაციო განაცხადით, ამ წესების მე-11 მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 13. კანდიდატის კვალიფიკაცია

1. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სარეგისტრაციო განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, კანდიდატი გადის კვალიფიკაციის ეტაპს, რომლის მიზანია კანდიდატის ტექნიკური და საორგანიზაციო საშუალებების შესაბამისობის დადგენა ამ წესებით განსაზღვრულ პირობებსა და მოთხოვნებთან.

2. კვალიფიკაციის ეტაპზე გადამცემი სისტემის ოპერატორი ქსელის წესების შესაბამისად აფასებს კანდიდატის იმ საოპერაციო და საკომუნიკაციო საშუალებებს, რომლებიც აუცილებელია დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ამ წესებითა და დაბალანსებაზე პასუხისმგებელობის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საოპერაციო და საკომუნიკაციო საშუალებების  შეფასების  მიზნებისთვის, კანდიდატმა უნდა უზრუნველყოს გადამცემი სისტემის ოპერატორსა და კანდიდატს შორის ელექტრონული შეტყობინებების გაცვლის საშუალებების გამართულობა.

4. იმ შემთხვევაში, თუ არ დგინდება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისობა ამ წესებით ან/და ქსელის წესებით განსაზღვრულ პირობებსა და მოთხოვნებთან, გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, სათანადო წერილობითი დასაბუთებით აცნობოს კანდიდატს.

მუხლი 14. ხელშეკრულების დადება და დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების რეესტრში რეგისტრაცია

1. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ კანდიდატის კვალიფიკაციის დადგენის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ წესების მე-13 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კანდიდატთან აფორმებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელობის შესახებ ხელშეკრულებას.

2. დაბალანსებაზე პასუხისმგებელობის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე, კანდიდატის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს ამ წესების 35-ე მუხლით განსაზღვრული ფინანსური გარანტია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება დღით ადრე ბაზრის ოპერატორსა და გადამცემი სისტემის ოპერატორზე. 

4. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსს კანდიდატი იძენს დაბალანსებაზე პასუხისმგებელობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

5. პასუხისმგებელი პირების რეესტრში რეგისტრაციისთანავე, ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ დაბალანსების ჯგუფს ენიჭება შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდები. 

თავი IV

დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაცია

მუხლი 15. განაცხადის წარდგენა

დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციისთვის გადამცემი სისტემის ოპერატორს წარედგინება სტანდარტული სარეგისტრაციო განაცხადი, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.  

მუხლი 16. კვალიფიკაციის გავლა. ხელშეკრულების დადება და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების რეესტრში რეგისტრაცია

1. ბაზარზე საბალანსო პროდუქტით ვაჭრობის უფლების მოპოვების წინაპირობაა დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მსურველის მიერ ამ წესების დანართით განსაზღვრულ საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციის წარმატებით გავლა.

2. კვალიფიკაციის ეტაპის მიზანია დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მსურველის ტექნიკური შესაძლებლობის შესაბამისობის დადგენა კონკრეტული საბალანსო პროდუქტის მიწოდებისათვის დაწესებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან. კვალიფიკაციის პროცესს წარმართავს ბაზრის ოპერატორი, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შემუშავებული და მის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საბალანსო პროდუქტის საკვალიფიკაციო ტესტირების შესახებ ტექნიკური პროცედურის შესაბამისად.

3. კვალიფიკაციის წარმატებით დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელსა  და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის ფორმდება დაბალანსების მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება.

4. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის მინიჭება ხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების საფუძველზე, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

5. რეესტრში რეგისტრაციისთანავე, ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს ენიჭება შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდი. 

6. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, გადამცემი სისტემის ოპერატორს მიმართოს ამ წესების დანართით განსაზღვრულ იმ საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციის გავლის მოთხოვნით, რომელზეც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს არ გაუვლია კვალიფიკაცია. საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციის გავლის შემთხვევაში ინფორმაცია აისახება შესაბამის რეესტრში.

თავი V

დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისა და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა

მუხლი 17. სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვრება ამ წესებითა და დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულებით. დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტა წარმოადგენს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს.

2. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვრება ამ წესებითა და დაბალანსების მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებით. დაბალანსების მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტა წარმოადგენს შესაბამისი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტისა და ბაზარზე მისი მონაწილეობის უფლების შეწყვეტის საფუძველს.

3. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ან/და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ხელახლა მოპოვების მიზნით, შესაბამისი პირი წარადგენს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან/და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის თაობაზე სარეგისტრაციო განაცხადს, ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, გადამცემი სისტემის ოპერატორი უნდა დარწმუნდეს, რომ აღმოფხვრილია ყველა ის გარემოება, რამაც წარსულში გამოიწვია კანდიდატთან/მსურველთან შესაბამისი ხელშეკრულების შეწყვეტა.

თავი VI

ნომინაციების წარდგენა

მუხლი 18. ნომინაციების წარდგენის პირობები

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ყოველდღიურად, ნომინაციის წარდგენის ვადის ამოწურვამდე, ბაზრის ოპერატორს წარუდგენს ნომინაციების სრულ ჩამონათვალს, მომდევნო დღის თითოეული ანგარიშსწორების პერიოდისთვის და შესაბამისი ტრანზაქციების  გათვალისწინებით. ნომინაციების ჩამონათვალის წარდგენა ხდება ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის ან, გამონაკლის შემთხვევაში, ცხელი ხაზის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ამ წესების შესაბამისად.

2. შიდაზონალური ნომინაციისას დაბალანსებაზე პასუხისმგებელმა პირმა უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული დაბალანსების ჯგუფის (ჯგუფების) მიხედვით, უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ნომინაციის წარმდგენი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის  პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული დაბალანსების ჯგუფის (ჯგუფების) შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ)   ნომინირებული დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის (ტრანზაქციის მეორე მხარის) პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული დაბალანსების ჯგუფის (ჯგუფების) შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდი;

გ) სატენდერო ზონა, რომელშიც ხორციელდება ტრანზაქცია;

დ) მისაწოდებელი/მისაღები სიმძლავრის (ელექტროენერგიის) მოცულობა;

ე) ელექტროენერგიის გაცვლის მიმართულება (მიღება ან/და გაცემა).

3. ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის გაცხადებული განაწილების შემთხვევაში ნომინაციისას დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისათვის წარადგენს ინფორმაციას განაწილებული ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის გამოყენების უფლებასთან დაკავშირებით.

მუხლი 19. ნომინაციის შიდა და გარე შესაბამისობა

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი ყველა ნომინაცია უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესებით დადგენილ შიდა და გარე შესაბამისობის მოთხოვნებს.

2. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი ნომინაციის შიდა შესაბამისობა უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული  პერიოდისთვის განისაზღვრება ერთ-ერთი შემდეგი კრიტერიუმით:

ა) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ელექტროენერგიის დაგეგმილი წარმოება უნდა იყოს გაყიდული მოცულობის ტოლი, ხოლო დაგეგმილი მოხმარება  –  ელექტროენერგიის შესყიდული მოცულობის ტოლი;

ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობა უნდა იყოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ შესყიდული ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობის ტოლი როგორც ორმხრივი ხელშეკრულებების, ისე დღით ადრე ბაზრის შემთხვევაში.

3. ტრანსსასაზღვრო  ვაჭრობის ნომინაციებს შორის გარე შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ბაზრის ოპერატორი ამოწმებს მეზობელი გადამცემი სისტემის ოპერატორთან ყველა იმ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის გარე შესაბამისობას, რომლებმაც წარადგინეს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ნომინაციები.

4. ნომინაციის შიდა ან/და გარე შესაბამობის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა წარმოადგენს ნომინაციის დადასტურებაზე უარის საფუძველს, რის შესახებაც დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ამ წესების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე, დასაბუთებული პასუხით, წერილობით ეცნობება შესაბამის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს.

5. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ნომინაციის დადასტურებაზე უარის  მიღების შემთხვევაში, იგი წარადგენს განახლებულ ნომინაციას ამ წესების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.

6. შიდა ან/და გარე შესაბამისობის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბაზრის ოპერატორი ადასტურებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განახლებულ ნომინაციას.

7. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში უზრუნველყოფილი არ იქნა ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში წარდგენილი ნომინაციის შიდა შესაბამისობა, ხოლო ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შემთხვევაში - გარე შესაბამისობა, ბაზრის ოპერატორი იყენებს ვაჭრობის (ელექტროენერგიის გადადინებების) უმცირეს ნომინირებულ მოცულობას, რის შესახებაც ატყობინებს შესაბამის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს.

8. იმ შემთხვევაში, თუ შიდაზონალური ან ტრანსსასაზღვრო ნომინაციის შიდა ან გარე შესაბამისობა არ იქნა უზრუნველყოფილი და არ დაემთხვა დღით ადრე ბაზრის ოპერატორის მიერ წარდგენილ ნომინაციას, უპირატესობა ენიჭება დღით ადრე ბაზრის ოპერატორის მიერ წარდგენილ ნომინაციას, რის შესახებაც ბაზრის ოპერატორი აცნობებს შესაბამის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს.

9. ბაზრის ოპერატორი უფლებამოსილია დასაბუთებული უარი განაცხადოს ნომინაციის მიღებაზე, თუ ის არ აკმაყოფილებს შიდა ან გარე შესაბამისობის მოთხოვნებს და შეუძლებელია ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული პირობების შესრულება.

10. ბაზრის ოპერატორი თითოეულ დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს ნომინაციის წარდგენის დღესვე აწვდის წარდგენილი ნომინაციების შედეგების შესახებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისათვის და დაბალანსების თითოეული ჯგუფის შესაბამისად დადასტურებული, შიდაზონალური და ტრანსსასაზღვრო ნომინაციების შესახებ; 

ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისათვის ნომინირებული სალდო პოზიციების შესახებ (უბალანსობის ანგარიშსწორების მიზნებისთვის).

11. თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვერ უზრუნველყოფს ნომინაციის შესწორებას ან/და გააჩნია ნომინაციის წარდგენასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემა, მან აღნიშნულის შესახებ ელექტრონული ფოსტით დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბაზრის ოპერატორს, ამ წესების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის დაცვით.

მუხლი 20. ნომინირების ვადები

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, შიდაზონალური ნომინაციის შემთხვევაში, ნომინირება განახორციელოს ფიზიკური მიწოდების დღის ერთი დღით ადრე, ხოლო ტრანსასაზღვრო ნომინაციის შემთხვევაში - ორი დღით ადრე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ნომინაციების წარდგენა სრულდება შესაბამისი დღის ცენტრალური ევროპის დროით 15:00 საათზე.

თავი VII

საბალანსო სიმძლავრის შესყიდვა

მუხლი 21. შესყიდვის პერიოდულობა და პირობები

1. გადამცემი სისტემის ოპერატორი, საჭიროებიდან გამომდინარე, ყოველკვირეულად, სიხშირის შენარჩუნების რეზერვის, სიხშირის ავტომატური აღდგენისა და სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვების შესყიდვის მიზნით, საბალანსო პროდუქტის მოცულობის განსაზღვრის საფუძველზე აცხადებს ტენდერს საბალანსო სიმძლავრეზე. ტენდერი ცხადდება შესაბამისი კვირის დაწყებამდე 10 დღით ადრე, ცენტრალური ევროპის დროით 07:00 საათზე.

2. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება ტენდერის გამოცხადებიდან მესამე დღეს, ცენტრალური ევროპის დროით 15:00 საათზე.

3. საბალანსო სიმძლავრის ტენდერის გამოცხადების თარიღისა და სატენდერო წინადადების წარდგენის ვადის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ქვეყნდება გადამცემი სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე არსებულ სატენდერო კალენდარში.

4. ტენდერი ცხადდება და სატენდერო წინადადებების მიღება ხდება ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

5. ტენდერის გამოცხადებისთანავე ყველა იმ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს, ვისაც შესაბამის საბალანსო პროდუქტზე გავლილი აქვს კვალიფიკაცია და გააჩნია დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის აქტიური სტატუსი, ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება ტენდერის გამოცხადების შესახებ ავტომატური შეტყობინება.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული შეტყობინების შესაბამისად, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, ბაზრის ოპერატორს წარუდგინოს სატენდერო წინადადება იმ საბალანსო პროდუქტზე, რომელზეც გავლილი აქვს კვალიფიკაცია და ტექნიკურად შეუძლია მისი მიწოდება.

7. სატენდერო წინადადების შეცვლა ან გაუქმება დასაშვებია სატენდერო წინადადების წარდგენის ვადის ამოწურვამდე.

8. ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტით ან ცხელი ხაზის მეშვეობით მიაწოდოს მას სრულყოფილი ინფორმაცია საბალანსო სიმძლავრის ტენდერის თაობაზე.

მუხლი 22. სატენდერო წინადადების სპეციფიკაცია

1. საბალანსო სიმძლავრეზე წარდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც წარადგენს სატენდერო წინადადებას;

ბ) დაბალანსების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ელექტროენერგიის წარმოების ან/და მოხმარების ის ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს საბალანსო პროდუქტის მიწოდებას;

გ) საბალანსო სიმძლავრის შეთავაზებული მოცულობა (მეგავატი);

დ)ტენდერით განსაზღვრულ პერიოდში, გარანტირებულად ხელმისაწვდომი საბალანსო სიმძლავრის მოცულობის შეთავაზებული ფასი მეგავატისთვის;

ე)საბალანსო ელექტროენერგიის ფასი.

2. საბალანსო ელექტროენერგიის ფასი  გამოიყენება  მხოლოდ  საბალანსო სიმძლავრის შერჩეული წინადადების საფუძველზე, საბალანსო ელექტროენერგიაზე სატენდერო წინადადების გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ავტომატური გენერირებისთვის.

3. სატენდერო წინადადება უნდა ფარავდეს ტენდერით განსაზღვრულ სრულ პერიოდს.

მუხლი 23. სატენდერო წინადადების შერჩევა

1. სიხშირის შენარჩუნების რეზერვზე, სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვსა და სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვზე სატენდერო წინადადების შერჩევისას, ბაზრის ოპერატორი ხელმძღვანელობს სატენდერო წინადადებით წარდგენილი საბალანსო სიმძლავრის ფასის რანჟირების მიხედვით, საბალანსო სიმძლავრის საჭირო მოცულობის შევსებამდე.

2.    სატენდერო წინადადებები შერჩეულ უნდა იქნეს სრულ სატენდერო პერიოდზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი სატენდერო წინადადებებით შეთავაზებული საბალანსო სიმძლავრის მოცულობა არასაკმარისია სატენდერო პერიოდში ბაზრის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის დასაკმაყოფილებლად, ბაზრის ოპერატორი შესაბამისი პერიოდისათვის აცხადებს განმეორებით ტენდერს და აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს ბაზრის ლიკვიდურობის უზრუნველმყოფ პირს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს განმეორებით ტენდერში.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განმეორებით ტენდერში წარდგენილი სატენდერო წინადადებებით განსაზღვრული საბალანსო სიმძლავრის მოცულობა კვლავ არასაკმარისია სატენდერო პერიოდში ბაზრის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის დასაკმაყოფილებლად, გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ჩაატაროს მესამე ტენდერი და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს დაავალოს დამატებითი სატენდერო წინადადების წარდგენა (ხელმისაწვდომი რესურსის გათვალისწინებით) და შესაბამისად - გაზრდილი სიმძლავრის შეთავაზება.

5. საბალანსო სიმძლავრის შერჩეულ სატენდერო წინადადებაზე ხორციელდება გაცხადებული ფასის პრინციპით ანგარიშსწორება, ამ მუხლით განსაზღვრული პიროებების შესაბამისად. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის ანაზღაურება გაანგარიშდება სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული საბალანსო სიმძლავრის (მეგავატი), უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდების რაოდენობისა და სატენდერო წინადადების ფასის ნამრავლით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებითი სატენდერო წინადადებების ანაზღაურება ხორციელდება წინა სამ დასრულებულ სატენდერო პერიოდში ტენდერში შერჩეული საბალანსო სიმძლავრის სატენდერო წინადადების უმაღლესი ფასით.

7. შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, ტენდერის თითოეულ მონაწილეს ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება ავტომატური შეტყობინება მის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების მიღების ან უარყოფის თაობაზე.

მუხლი 24. საბალანსო სიმძლავრით უზრუნველყოფის ვალდებულების გადაკისრება

1. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად, საბალანსო სიმძლავრით უზრუნველყოფის ვალდებულება გადააკისროს სხვა დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს. ამგვარი გადაკისრება დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ორი სამუშაო დღის ვადაში, დადასტურებულ უნდა იქნეს ბაზრის ოპერატორის მიერ, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა.

2. საბალანსო სიმძლავრით უზრუნველყოფის ვალდებულების გადაკისრება დასაშვებია მიწოდების დღის ერთი დღით ადრე, შესაბამისი დღის საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერის დასრულების დროის შესაბამისად.

3. საბალანსო სიმძლავრით უზრუნველყოფის ვალდებულების გადაკისრება დასაშვებია, თუ:

ა) ვალდებულების მიმღებ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს გავლილი აქვს კვალიფიკაცია იმ საბალანსო პროდუქტზე, რომელზეც ხორციელდება საბალანსო სიმძლავრის მიწოდების ვალდებულების გადაკისრება და, ამავდროულად, მის ხელთ არსებული საბალანსო სიმძლავრის მახასიათებლები შეესაბამება ვალდებულებით გადასაკისრებელი საბალანსო სიმძლავრის საოპერაციო მახასიათებლებს;

ბ) საბალანსო სიმძლავრის მიწოდების ვალდებულების გადაკისრება საფრთხეს არ უქმნის ელექტროენერგეტიკული სისტემის საოპერაციო უსაფრთხოებას;

გ) საბალანსო სიმძლავრით უზრუნველყოფის ვალდებულების გადაკისრება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით განსაზღვრულ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ვალდებულებებსა და დაბალანსების ჯგუფის მოწყობის მოდელს;

დ) ვალდებულების მიმღები დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი წერილობით ადასტურებს საბალანსო სიმძლავრით უზრუნველყოფის ვალდებულების აღების სურვილს.

4. ბაზრის ოპერატორი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან მეტი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის  შემთხვევაში, უარი განაცხადოს საბალანსო სიმძლავრის მიწოდების ვალდებულების გადაკისრებაზე. ბაზრის ოპერატორის დასაბუთებული უარი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს წერილობით უნდა ეცნობოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.

მუხლი 25. საბალანსო სიმძლავრის მიწოდება

1.  იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პერიოდის განმავლობაში დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს მის მიერ წარდგენილი და ბაზრის ოპერატორის მიერ მიღებული სატენდერო წინადადების შესაბამისად საბალანსო სიმძლავრის ხელმისაწვდომობას, იგი ვალდებულია, შესაბამისი ინფორმაციის შეტყობისთანავე გადამცემი სისტემის ოპერატორს დაუყოვნებლივ აცნობოს:

ა) უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდი, როდესაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს მომსახურების მიწოდებას;

ბ)  უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდი, როდესაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს მომსახურების მიწოდებას.

2. თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს საბალანსო სიმძლავრის ხელმისაწვდომობას სრული სატენდერო პერიოდით განსაზღვრული მონაკვეთისათვის, მას საბალანსო სიმძლავრის ღირებულება სატენდერო პერიოდის არცერთი მონაკვეთისთვის არ აუნაზღაურდება.

3.  თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს  საბალანსო სიმძლავრის ხელმისაწვდომობას 12 უწყვეტი სატენდერო პერიოდის განმავლობაში სამჯერ ან მეტჯერ, ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, საბალანსო სიმძლავრის მიუწოდებლობის გამომწვევი გარემოებების სრულად აღმოფხვრამდე, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს შეუჩეროს ბაზარზე მონაწილეობის უფლება.

მუხლი 26. ხელშეკრულება ბაზრის ლიკვიდურობის უზრუნველმყოფ პირთან

1. ბაზრის ფუნქციონირებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,  ბაზრის ოპერატორი უფლებამოსილია, ერთ ან რამდენიმე დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელთან, როგორც ბაზრის ლიკვიდურობის უზრუნველმყოფ პირთან, გააფორმოს ბაზრის ლიკვიდურობის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება, რომლის სტანდარტული ფორმაც მტკიცდება კომისიის მიერ.

2.  დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც წარმოადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მხარეს, იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს ლიკვიდურობა ბაზარზე. ლიკვიდურობის უზრუნველყოფა გულისხმობს ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული მოცულობით საბალანსო პროდუქტის ტენდერში მონაწილეობას.  ამ მიზნით, ბაზრის ოპერატორი უფლებამოსილია, ტენდერში მონაწილეობის მიზნით მოიწვიოს ბაზრის ლიკვიდურობის უზრუნველმყოფი პირი ამ წესების 23-ე მუხლის შესაბამისად.

თავი VIII

საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა

მუხლი 27. საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერი

1. საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერი ცხადდება და სატენდერო წინადადებების მიღება ხდება ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით, შესაბამისი საბალანსო სიმძლავრის ტენდერის დასრულების შემდეგ.

2. საბალანსო ელექტროენერგიაზე სატენდერო წინადადების წარდგენის დასრულების ვადა წინ არ უნდა უსწრებდეს დღიური ტრანსსასაზღვრო ნომინაციების მიღების დასრულების ვადას და უნდა უზრუნველყოფდეს დაბალანსების პროცესის ეფექტიანად წარმართვას.

3. საბალანსო ელექტროენერგიაზე სატენდერო წინადადების მიღება იწყება ფიზიკური მიწოდების დღის ორი დღით ადრე, ცენტრალური ევროპული დროით 07:00 საათზე, ხოლო სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადა სრულდება ერთი დღით ადრე, ცენტრალური ევროპის დროით 15:00 საათზე.

4. ტენდერის გამოცხადებისთანავე, ყველა იმ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს, რომელსაც შესაბამის საბალანსო პროდუქტზე გავლილი აქვს კვალიფიკაცია და გააჩნია  დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის აქტიური სტატუსი, ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება ტენდერის გამოცხადების შესახებ ავტომატური შეტყობინება.

5. საბალანსო სიმძლავრის ტენდერის დასრულების შემდეგ ის დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი, რომლის სატენდერო წინადადება შერჩეულ იქნა საბალანსო სიმძლავრის ტენდერში და რომელსაც მისი საბალანსო პროდუქტის გააქტიურების შემთხვევისთვის წარდგენილი აქვს საბალანსო ელექტროენერგიის ფასი, უფლებამოსილია, შეამციროს აღნიშნული ფასი ან/და წარადგინოს საბალანსო ელექტროენერგიის დამატებით მოცულობაზე სხვა სატენდერო წინადადება.

6. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი, რომელსაც საბალანსო სატენდერო პროდუქტზე გავლილი აქვს კვალიფიკაცია და გააჩნია დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის აქტიური სტატუსი, უფლებამოსილია, საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერში წარადგინოს სატენდერო წინადადება იმის მიუხედავად, მის მიერ სიმძლავრის ტენდერში წარდგენილი სატენდერო წინადადება იქნა თუ არა შერჩეული, ან მიიღო თუ არა მან მონაწილეობა საბალანსო სიმძლავრის ტენდერში.

7. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერში  წარადგინოს ერთზე მეტი სატენდერო წინადადება.

8. წინადადებები მიიღება სატენდერო წინადადების წარდგენის ვადის ამოწურვამდე.

9. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებით შეთავაზებული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს საბალანსო ელექტროენერგიის იმ მოცულობას, რა მოცულობაზეც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს გავლილი აქვს კვალფიკაცია.

10. ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტის ან ცხელი ხაზის მეშვეობით მიაწოდოს მას სრულყოფილი ინფორმაცია საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერის თაობაზე.

მუხლი 28. საბალანსო ელექტროენერგიაზე სატენდერო წინადადების სპეციფიკაცია

1. საბალანსო ელექტროენერგიაზე სატენდერო წინადადების წარდგენაზე უფლებამოსილია დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი, რომელსაც გავლილი აქვს კვალიფიკაცია შესაბამის საბალანსო პროდუქტზე. წარდგენილი სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც წარადგენს სატენდერო წინადადებას;

ბ) დაბალანსების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ელექტროენერგიის წარმოების ან/და მოხმარების ის ობიექტი, რომლის მეშვეობითაც ხდება საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდება;

გ) შეთავაზებული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა (მეგავატი);

დ) საბალანსო ელექტროენერგიის შეთავაზებული ფასი მეგავატისთვის.

2. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების დადებითი ფასი („+“ ნიშნით) განსაზღვრავს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდებისთვის დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისთვის გადასახდელ ღირებულებას, ხოლო  სატენდერო წინადადების უარყოფითი ფასი - გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდებისთვის გადასახდელ ღირებულებას.  

მუხლი 29. სატენდერო წინადადების შერჩევა

1. საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა, რომლის შერჩევა ხდება უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისათვის, განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, რეალურ დროში ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წარმოქმნილი უბალანსობის საფუძველზე.

2. საბალანსო ელექტროენერგიის ის შერჩეული სატენდერო წინადადება, რომლის  საფუძველზეც განხორციელდა საბალანსო ელექტროენერგიის გააქტიურება, ანაზღაურდება რანჟირების სიის მიხედვით ჩამოყალიბებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასით, ზღვრული ფასწარმოქმნის პრინციპით. საბალანსო ელექტროენერგიის ფასი ყალიბდება თითოეულ უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში.

3. საბალანსო ელექტროენერგიის სატენდერო წინადადების შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმია მისი ფასი, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. დაბალანსებაზე მომსახურების მიმწოდებელი, რომლის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება საბალანსო სიმძლავრის ტენდერში  შერჩეულ იქნა, არ არის უფლებამოსილი, საბალანსო ელექტროენერგიის სატენდერო წინადადებაში მიუთითოს იმაზე მეტი ფასი, ვიდრე  საბალანსო სიმძლავრის სატენდერო წინადადებაში საბალანსო ელექტროენერგიისთვის ჰქონდა მითითებული.

5. სატენდერო წინადადებების შერჩევის დასრულებისთანავე საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერში მონაწილე თითოეულ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს ელექტრონულ ფოსტაზე ინდივიდუალურად ეგზავნება ავტომატური შეტყობინება სატენდერო წინადადებების შერჩევის შედეგების შესახებ.

მუხლი 30. საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდება

1. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სატენდერო წინადადება შერჩეულ იქნა, იგი ვალდებულია საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყოს წარდგენილი წინადადებისა და დაბალანსების მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სატენდერო წინადადება შერჩეულ იქნა, თუმცა, იგი ტენდერით განსაზღვრულ პერიოდში ვერ ასრულებს (შეასრულებს) საბალანსო პროდუქტის მიწოდების ვალდებულებას, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი ინფორმაციის შეტყობისთანავე დაუყონებლივ აცნობოს გადამცემი სისტემის ოპერატორს შემდეგი ინფორმაცია:

ა) უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდი, როდესაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს მომსახურების მიწოდებას;

ბ) უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდი, როდესაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს შესაბამისი პერიოდისთვის დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების რანჟირების სიიდან ამოღებას.

4. თუ გადამცემი სისტემის ოპერატორს შესაბამის ვადებში წინასწარ არ ეცნობა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და რეალურ დროში საბალანსო ელექტროენერგიის გააქტიურების შესახებ მოთხოვნის მიღებისთანავე დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ არ მოხდა საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდება, მიუწოდებელი საბალანსო ელექტროენერგია გაითვალისწინება შესაბამისი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის უბალანსობის გამოთვლისას.

5. თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი სისტემატურად  ვერ უზრუნველყოფს საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდებას,  ბაზრის ოპერატორი უფლებამოსილია, ვალდებულების შეუსრულებლობის გამომწვევი გარემოებების სრულად აღმოფხვრამდე, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს შეუჩეროს ბაზარზე მონაწილეობის უფლება დაბალანსების მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

თავი IX

დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის უბალანსობის მოცულობისა და ფასის გამოთვლა

მუხლი 31. უბალანსობის მოცულობის გამოთვლა

1. თითოეული დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისთვის უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში  უბალანსობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

 გულისხმობს უბალანსობის  მოცულობას, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, გამოხატული მეგავატ-საათში;

 გულისხმობს უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის ფიზიკურად მოხმარებული და წარმოებული ელექტროენერგიის აღრიცხულ სალდირებულ მოცულობას, გამოხატულს მეგავატ-საათში, დაბალანსების ჯგუფის  იმ აღრიცხვის წერტილებში, რომელთა უბალანსობაზეც პასუხისმგებელია დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი;  

  გულისხმობს ნომინირებულ მოცულობას, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, გამოხატულს მეგავატ-საათში;

 გულისხმობს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სატენდერო წინადადების შესაბამისად გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობას, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, გამოხატული მეგავატ-საათში.

2. ელექტროენერგეტიკული სისტემის უბალანსობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

 გულისხმობს მთლიან მზარდ უბალანსობას, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, გამოხატულს მეგავატ-საათში;

 გულისხმობს მთლიან შემამსუბუქებელ უბალანსობას, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, გამოხატული მეგავატ-საათში.

 

მუხლი 32. უბალანსობის ფასის გამოთვლა

1. უბალანსობის ფასის გამოთვლა ხდება ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის საშუალებითაც განისაზღვრება დაბალანსების ღირებულება თითოეული დაბალანსებაზე პასუხისმგებლი პირისთვის, რომელმაც გამოიწვია მზარდი უბალანსობა ანგარიშსწორების თითოეულ პერიოდში. ამავე ფასით განისაზღვრება დაბალანსების ღირებულება თითოული დაბალანსებაზე პასუხისმგებლი პირისთვის, რომელმაც გამოიწვია შემამსუბუქებელი უბალანსობა.

2. უბალანსობის ანგარიშსწორებისას უბალანსობის ფასი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

 გულისხმობს უბალანსობის ფასს უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, ყოველი მეგავატ-საათისთვის, გამოხატულს ეროვნულ ვალუტაში (ლარი);

 გულისხმობს უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში, სატენდერო წინადადებებზე დაყრდნობით, გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის სრული მოცულობის ღირებულებას, გამოხატულს ეროვნულ ვალუტაში (ლარი);

  გულისხმობს უბალანსობის  მოცულობას, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, გამოხატულს მეგავატ-საათში.

თავი X

ფინანსური გარანტია და ანგარიშსწორება

მუხლი 33. ფინანსური გარანტია

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წარდგენილი ფინანსური გარანტია უზრუნველყოფს დაბალანსებაზე პასუხიმგებელი პირის მიერ  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოწვეული მზარდი უბალანსობის ღირებულების ანაზღაურებას.

2. ფინანსური გარანტია შესაძლებელია წარდგენილ იქნეს დეპოზიტის ფორმით, გადამცემი სისტემის ოპერატორის სპეციალურ ანგარიშზე თანხის დეპონირებით ან საბანკო გარანტიის სახით.

მუხლი 34. ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრისა და წარდგენის წესი

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციიდან პირველი ოთხი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, თითოეული საანგარიშო პერიოდისათვის, შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არანაკლებ ერთი დღით ადრე, დაბალანსებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა წარადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფინანსური გარანტია.

2. კანდიდატი (გარდა დღით ადრე ბაზრის ოპერატორისა და გადამცემი სისტემის ოპერატორისა) ვალდებულია, დაბალანსებაზე პასუხიმგებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე, გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს არანაკლებ 50 კალენდარული დღის ვადით მოქმედი ფინანსური  გარანტია, რომლის ოდენობაც გამოითვლება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

COLL= Fsys.error * Em* Pm

სადაც:

Fsys.error - ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიის გასული წლის  მოხმარების საათობრივ გეგმასა და ფაქტს შორის სხვაობის საშუალო პროცენტული მაჩვენებელი;

Em - ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიის გასული წლის შესაბამის თვეში (რომელი თვისთვისაც დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს ევალება ფინანსური გარანტიის წარდგენა) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის/კანდიდატის მიერ წარმოებული/მოხმარებული ელექტროენერგია მეგავატ-საათში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის/კანდიდატის მიმდინარე წლის მომდევნო თვის გეგმა (ახალი ელექტროენერგეტიკული საწარმოს შემთხვევაში);

Pm - ბოლო დასრულებული საანგარიშო პერიოდის საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო ფასი (გაითვალისწინება მხოლოდ დადებითი ფასი).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოთხი საანგარიშო პერიოდის ამოწურვის შემდგომ, ყოველი მომდევნო საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი დღით ადრე, დაბალანსებაზე პასუხისმგებელმა პირმა გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა წარუდგინოს საანგარიშო პერიოდის დაწყების პირველი დღიდან არანაკლებ 50 კალენდარული დღის ვადით მოქმედი, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის ფინანსური გარანტია.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოთხი საანგარიშო პერიოდის ამოწურვის შემდგომ, ყოველი მომდევნო საანგარიშო პერიოდისთვის დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარსადგენი ფინანსური გარანტიის ოდენობა გამოითვლება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

COLL = Average (in ; in-1 ; in-2) * 50/30,

სადაც:

in - გასული პირველი საანგარიშო პერიოდისთვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით განსაზღვრული თანხა;

in-1 - გასული მეორე საანგარიშო პერიოდისათვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით განსაზღვრული თანხა;

in-2  - გასული მესამე საანგარიშო პერიოდისათვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით განსაზღვრული თანხა;

50 არის ფინანსური გარანტიის მოქმედების ვადა, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს ანგარიშსწორების მაქსიმალურ ვადას;

30 არის საანგარიშო პერიოდი.

მუხლი 35. მზარდი უბალანსობის ღირებულების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება

1. საანგარიშო პერიოდისთვის ფინანსური გარანტიის ამ წესების 34-ე მუხლით დადგენილი წესით და ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხიმგებელ პირს უჩერდება დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი, შესაბამისი ვალდებულების შესრულებამდე.

2. მზარდი უბალანსობის ღირებულების ამ წესების 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბაზრის ოპერატორი დაბალანსებზე პასუხისმგებელ პირს განუსაზღვრავს დამატებით გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 2 სამუშაო დღეზე ნაკლები. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მზარდი უბალანსობის ღირებულების გადახდის ვალდებულების დამატებით ვადაში შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ფინანსური გარანტიით გათვალისწინებული თანხა ირიცხება გადამცემი სისტემის ოპერატორის ანგარიშზე, საანგარიშო პერიოდში გამოწვეული მზარდი უბალანსობის ღირებულების ოდენობით.

3. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერებიდან 1 თვის ვადაში დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ არ იქნა წარდგენილი ამ წესების 34-ე მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად განსზღვრული და საანგარიშო პერიოდისათვის მოქმედი ფინანსური გარანტია, გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ცალხმრივად შეწყვიტოს დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულება.

მუხლი 36. ფინანსური ანგარიშსწორება

დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირთან ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორი.

მუხლი 37. საბალანსო სიმძლავრის ღირებულების  ანაზღაურება

1. საბალანსო სიმძლავრის ღირებულება ანაზღაურდება ჩატარებული ტენდერის პერიოდის შესაბამისად, სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ.

2. საბალანსო სიმძლავრის ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 38.  უბალანსობის ღირებულების ანგარიშსწორება

1. უბალანსობის ღირებულების გაანგარიშება ხდება საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ.

2. უბალანსობის ღირებულების გაანგარიშება ხორციელდება ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, იმ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის, რომელიც საანგარიშო პერიოდში აღმოჩნდა:

ა) მზარდ უბალანსობაში;

ბ) შემამსუბუქებელ უბალანსობაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი გადამცემი სისტემის ოპერატორს უხდის უბალანსობის ღირებულებას შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი შესაბამის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უბალანსობის ღირებულებას უხდის შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მზარდი უბალანსობის ღირებულების თანხა გადახდილად მიიჩნევა გადამცემი სისტემის ოპერატორის შესაბამის ანგარიშზე ასახვის მომენტიდან.

მუხლი 39. დაბალანსების მიზნით გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება

დაბალანსების მიზნით გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება ხდება საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში.

მუხლი 40. ფინანსური ანგარიშსწორების კორექტირების ციკლი

1. ამ წესების 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლებით და ქსელის წესებით განსაზღვრული საოპერაციო მომსახურების (გადატვირთვის მართვის მიზნებისთვის საბალანსო პროდუქტების გააქტიურება) უზრუნველყოფის, ავარიული მდგომარეობის და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან ფინანსური ანგარიშსწორების დროს გამოვლენილი შეუსაბამობა ექვემდებარება წლიურ კორექტირებას.

2. წლიური კორექტირების საჭიროების შემთხვევაში, ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდება ყოველი წლის პირველი თვის 10 რიცხვამდე.

თავი XI

ინფორმაციის გამოქვეყნება

მუხლი 41. ინფორმაციის გამოქვეყნება

1. გადამცემი სისტემის ოპერატორი აქვეყნებს:

ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის მიმდინარე ბალანსის შესახებ ინფორმაციას, არაუგვიანეს შესაბამისი ანგარიშსწორების პერიოდის დასრულებიდან 1 საათის განმავლობაში;

ბ) საბალანსო ელექტროენერგიაზე წარდგენილი სატენდერო წინადადებების შესახებ ჯამურ ინფორმაციას, არაუგვიანეს შესაბამისი ანგარიშსწორების პერიოდის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში, შემდეგი მონაცემების მითითებით:

ბ.ა) შეთავაზებული საბალანსო ელექტროენერგიის სატენდერო წინადადებების საერთო მოცულობა თითოეული საბალანსო პროდუქტისთვის;

ბ.ბ) შეთავაზებული და გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის სატენდერო წინადადებების საერთო მოცულობა თითოეული საბალანსო პროდუქტისთვის;

გ) ინფორმაციას საბალანსო პროდუქტების მიხედვით იმ სატენდერო წინადადებების ჯამური მოცულობის (მეგავატში) შესახებ,, რომლებიც არ იქნა ტენდერში შერჩეული;

დ) ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას, რომლის გამოქვეყნების ვალდებულება გათვალისწინებულია ქსელის წესებით.

2. საბალანსო პროდუქტის ტენდერის შედეგები ქვეყნდება მონაწილეთა იდენტიფიცირების გარეშე.

3. კომისიის წინასწარი თანხმობით, გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, არ გამოაქვეყნოს საბალანსო სიმძლავრის ან/და საბალანსო ელექტროენერგიის სატენდერო წინადადების მიხედვით შეთავაზებული ფასებისა და მოცულობების შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, თუ არსებობს საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ დასაბუთებული ვარაუდი და თუ აღნიშნული ინფორმაციის გამოუქვეყნებლობა არსებით ზიანს არ მიაყენებს ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას.                                                                      

თავი XII

გარდამავალი დებულებები

მუხლი 42. საბალნსო ელექტროენერგიის ფასის განსაზღვრა გარდამავალ პერიოდში

ამ წესების 34-ე მუხლით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრის მიზნისათვის, 2021 წლის 1 ივლისიდან პირველი ორი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საბალანსო ელექტროენერგიის ფასად განისაზღვრება სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) მიერ განსაზღვრული ბოლო დასრულებული თვის საბალანსო ელექტროენერგიის ფასი, ხოლო 2021 წლის 1 ივლისიდან, ორი საანგარიშო პერიოდის ამოწურვის თარიღის შემდგომ, საბალანსო ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრება ამ წესების 29-ე მუხლის შესაბამისად.

 

„ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე

მომსახურებების ბაზრის წესების" დანართი:

საბალანსო პროდუქტების ჩამონათვალი

ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები წარმოადგენს იმ საბალანსო პროდუქტებს, რომლებზეც, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი, ამ წესების მიზნებისთვის და დადგენილი წესით, გადის კვალიფიკაციას:

 

სიხშირის შენარჩუნების რეზერვი  (FCR)

ცხრილი 1: სიხშირის შენარჩუნების რეზერვის (FCR) მახასიათებლები

პროდუქტის დასახელება

სიხშირის შენარჩუნების რეზერვი

მოთხოვნის აღწერა

სპეციფიკაცია

მინიმალური მოცულობა

± 1 მეგავატი

მაქსიმალური მოცულობა

მაქსიმალური მოცულობა (სიმეტრიული), რომლისთვისაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გაიარა კვალიფიკაცია

სრული გააქტიურების დრო

სიხშირის შენარჩუნების რეზერვის (FCR) მოცულობის 50% უნდა გააქტიურდეს სიხშირის გადახრის დარღვევიდან 15 წამის შემდეგ, ხოლო სრული რეაგირება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სიხშირის ზღვრის დარღვევის შემდეგ 30 წამის განმავლობაში

ხელმისაწვდომობის ხანგრძლივობა

არანაკლებ 15 წუთი

სპეციფიური ხანგრძლივობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ წყაროების მიმართ, რომლებსაც ენერგორესურსების შეზღუდული რეზერვუარები აქვთ (მაგალითად, ბატარეები, ჰიდროაკუმულირებადი რეზერვუარები)

სიხშირის გადახრა, რომლის დროსაც უნდა მოხდეს სრული რეაგირება

განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ  

სიხშირის გადახრა, რომლის დროსაც უნდა მოხდეს საწყისი რეაგირება

განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ

ოპერატიული გაზომვის მოთხოვნა

მეგავატში, არაუმეტეს 4-წამიანი განახლებით

სტატიზმი: შესაბამისი კვაზიდამყარებული სიხშირის გადახრის კოეფიციენტი (∆f / fN) შესაბამისი სიმძლავრის ცვლილებით (∆P / PN) სიხშირის შენარჩუნების რეზერვის (FCR) კონტროლერის გავლენის ქვეშ მყოფი მოწყობილობისთვის

უნდა შეეძლოს კორექტირება გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შესაბამისად.

რეკომენდირებული მნიშვნელობა: 4%,

დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი უნდა დარწმუნდეს, რომ დარეზერვებული მოცულობა სრულად გააქტიურდება ±0.8 ჰერცი სიხშირის გადახრისას

პროდუქტის პერიოდი

ერთი კვირა

ადგილმდებარეობა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სინქრონული ზონა

 

სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვი (aFRR)

ცხრილი 2: სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის (aFRR) მახასიათებლები

 

პროდუქტის დასახელება

სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვი

მოთხოვნის აღწერა

სპეციფიკაცია

მინიმალური მოცულობა

±1 მეგავატი

მაქსიმალური მოცულობა

მაქსიმალური მოცულობა, რომლისთვისაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გაიარა კვალიფიკაცია

ხელმისაწვდომობის ხანგრძლივობა

არანაკლებ 15 წუთი

პირველი შესამჩნევი სიმძლავრის ცვლილება

დანაყენის ცვლილებიდან არანაკლებ 10 წამის განმავლობაში

სრული აქტივაციისა და დეაქტივაციის დრო

სრული აქტივაცია - 5 წუთი

სრული დეაქტივაცია - 5 წუთი

მაქსიმალური ხანმოკლე გადახრა

შეთავაზებული მოცულობის სიხშირის აღდგენის ავტომატური რეზერვის (aFRR) 10%, მაგრამ არაუმეტეს 1 მეგავატისა

სიზუსტე

გადახრა უნდა იყოს 7.5 პროცენტზე ნაკლები. ყოველი 10-წამიანი გაზომვის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ ორი გადახრა

პროდუქტის პერიოდი

ოთხი საათი (00-04 სთ; 04-08 სთ; 08-12 სთ; 12-16 სთ; 16-20 სთ; 20-24 სთ)

ადგილმდებარეობა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სინქრონული ზონა

 

სიხშირის ხელის მართვით აღდგენის რეზერვი (mFRR)

ცხრილი 3: სიხშირის ხელის მართვით აღდგენის რეზერვის (mFRR) მახასიათებლები

 

პროდუქტის დასახელება

სიხშირის ხელის მართვით აღდგენის რეზერვი

მოთხოვნის აღწერა

სპეციფიკაცია

აქტივაციის მეთოდი

ხელით ან/და გრაფიკით

მომზადებისა და სიმძლავრის აქტივაციის პერიოდი

0-დან 15 წუთამდე

სრული აქტივაციისა და დეაქტივაციის დრო

სრული აქტივაცია - არაუმეტეს 15 წუთში

 სრული დეაქტივაცია - არაუმეტეს 15 წუთში

მინიმალური მოცულობა

1 მეგავატი

მაქსიმალური მოცულობა

მაქსიმალური მოცულობა, რომლისთვისაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გაიარა კვალიფიკაცია.

მიწოდების პერიოდის მინიმალური ხანგრძლივობა

15 წუთი

მიწოდების პერიოდის მაქსიმალური ხანგრძლივობა

60 წუთი

ადგილმდებარეობა

ქვესადგურის სახელი

ვალიდურობის პერიოდი

განისაზღვრება დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ და გათვალისწინებულია მინიმალური და მაქსიმალური მიწოდების პერიოდები

მინიმალური ხანგრძლივობა დეაქტივაციის პერიოდიდან შემდეგ აქტივაციამდე

აღდგენის პერიოდი განისაზღვრება დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ

დაყოფადობა - მოქმედება, რომლიც ბაზრის ოპერატორს უფლებას ანიჭებს, ტენდერის მონაწილის შესაბამისი წინასწარი მითითების შემთხვევაში, დაყოს სატენდერო წინადადების მოცულობა ან/და ხანგრძლივობა და მიიღოს იგი ნაწილობრივ

მიღებული დაყოფადი ან/და არადაყოფადი სატენდერო წინადადებები

დაყოფადი სატენდერო წინადადების ბიჯი  განისაზღვრება არანაკლებ 1 მეგავატით

პროდუქტის პერიოდი

ოთხი საათი (00-04 სთ; 04-08 სთ; 08-12 სთ; 12-16 სთ; 16-20 სთ; 20-24 სთ)

ადგილმდებარეობა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სინქრონული ზონა

 

ვარიული სწრაფი რეზერვი (ERF)

ცხრილი 4: ავარიული სწრაფი რეზერვის (ERF) მახასიათებლები

 

პროდუქტის დასახელება

ავარიული სწრაფი რეზერვი

მოთხოვნის აღწერა

სპეციფიკაცია

აქტივაციის მეთოდი

ხელით ან/და გრაფიკით

მომზადების პერიოდი

0-დან 60 წუთამდე

სიმძლავრის აქტივაციის პერიოდი

0-დან 35 წუთამდე

სრული აქტივაციის დრო

95 წუთი

დეაქტივაციის პერიოდი

განისაზღვრება დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის კვალიფიკაციის ეტაპზე

მინიმალური მოცულობა

1 მეგავატი

მაქსიმალური მოცულობა

მაქსიმალური მოცულობა, რომლისთვისაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გაიარა კვალიფიკაცია

მიწოდების პერიოდის მინიმალური ხანგრძლივობა

60 წუთი

მიწოდების პერიოდის მაქსიმალური ხანგრძლივობა

24 საათი

ადგილმდებარეობა

ქვესადგურის სახელი

მოქმედების ვადა

განისაზღვრება დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ და გათვალისწინებულია მინიმალური და მაქსიმალური მიწოდების პერიოდები

მინიმალური ხანგრძლივობა დეაქტივაციის პერიოდიდან შემდეგ აქტივაციამდე

აღდგენის პერიოდი განისაზღვრება დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ

დაყოფადობა - მოქმედება, რომლიც ბაზრის ოპერატორს უფლებას ანიჭებს, ტენდერის მონაწილის შესაბამისი წინასწარი მითითების შემთხვევაში, დაყოს სატენდერო წინადადების მოცულობა ან/და ხანგრძლივობა და მიიღოს იგი ნაწილობრივ

მიღებული დაყოფადი ან/და არადაყოფადი სატენდერო წინადადებები

დაყოფადი სატენდერო წინადადების ბიჯი  განისაზღვრება არანაკლებ 1 მეგავატით

პროდუქტის პერიოდი

არაუმეტეს ორი წლისა

ადგილმდებარეობა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სინქრონული ზონა

 

ავარიული ნელი რეზერვი (ERS)

ცხრილი 5: ავარიული ნელი რეზერვის (ERS) მახასიათებლები

 

პროდუქტის დასახელება

ავარიული ნელი რეზერვი

მოთხოვნის აღწერა

სპეციფიკაცია

აქტივაციის მეთოდი

ხელით ან/და გრაფიკით

მომზადების პერიოდი

0 დან 24 სთ-მდე

სიმძლავრის აქტივაციის პერიოდი

0 დან 12 სთ-მდე

სრული აქტივაციის დრო

36 საათი

დეაქტივაციის პერიოდი

განისაზღვრება დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის კვალიფიკაციის დროს

მინიმალური მოცულობა

1 მეგავატი

მაქსიმალური მოცულობა

მაქსიმალური მოცულობა, რომლისთვისაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გაიარა კვალიფიკაცია

მიწოდების პერიოდის მინიმალური ხანგრძლივობა

60 წთ

მიწოდების პერიოდის მაქსიმალური ხანგრძლივობა

24 საათი

ადგილმდებარეობა

ქვესადგურის სახელი

მოქმედების ვადა

განისაზღვრება დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ და გათვალისწინებულია მინიმალური და მაქსიმალური მიწოდების პერიოდები

მინიმალური ხანგრძლივობა დეაქტივაციის პერიოდიდან შემდეგ აქტივაციამდე

აღდგენის პერიოდი განისაზღვრება დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ

დაყოფადობა - მოქმედება, რომლიც ბაზრის ოპერატორს უფლებას ანიჭებს, ტენდერის მონაწილის შესაბამისი წინასწარი მითითების შემთხვევაში, დაყოს სატენდერო წინადადების მოცულობა ან/და ხანგრძლივობა და მიიღოს იგი ნაწილობრივ

მიღებული დაყოფადი ან/და არადაყოფადი სატენდერო წინადადებები

დაყოფადი სატენდერო წინადადების ბიჯი  განისაზღვრება არანაკლებ 1 მეგავატით

პროდუქტის პერიოდი

არაუმეტეს ორი წელი

ადგილმდებარეობა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სინქრონული ზონა


 


8. 29/06/2023 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 29 - ვებგვერდი, 30/06/2023 7. 30/03/2023 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 20 - ვებგვერდი, 30/03/2023 6. 30/08/2022 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 38 - ვებგვერდი, 30/08/2022 5. 26/07/2022 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 31 - ვებგვერდი, 03/08/2022 4. 28/02/2022 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 6 - ვებგვერდი, 28/02/2022 3. 28/12/2021 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 59 - ვებგვერდი, 30/12/2021 2. 24/06/2021 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 18 - ვებგვერდი, 29/06/2021 1. 29/10/2020 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 55 - ვებგვერდი, 05/11/2020