„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 13/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 300300000.16.009.016397
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
47
13/08/2020
ვებგვერდი, 14/08/2020
300300000.16.009.016397
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (14/08/2020 - 13/11/2020)

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №47

2020 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 103-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 108-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 110-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

1. დამტკიცდეს „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესები“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე



ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესები


თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მოქმედების სფერო. ზოგადი დებულებები

1. ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს ურთიერთობებს – მიმწოდებელს, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის, საცალო ბაზარზე ელექტროენერგიის მიწოდების, განაწილების ან/და მოხმარებისას.

2. წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, მიწოდებას ან/და მოხმარებას. დაუშვებელია წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება.

3. წესების მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგეტიკის სფეროში მომსახურების ერთიანი წესების დადგენა, მომსახურების გამარტივების, მომსახურების სფეროში საცალო ბაზრების უკეთ ორგანიზების, გამართულად ფუნქციონირებისა და შემდგომი განვითარებისათვის.

4. ელექტროენერგიით თავისუფლად ვაჭრობის მიზნით, წესები უზრუნველყოფს ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპზე დაყრდნობით ელექტროენერგიის საცალო ბაზრის სრულად გახსნას.

5. ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის, წესების პირობების შესაბამისად. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უფლება არ აქვს იყიდოს ან/და გაყიდოს ელექტროენერგია, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. წესები განსაზღვრავს ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების დადებასა და მის შინაარსთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლის დაცვაც სავალდებულოა ყველა პირისთვის.

7. კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაადგინოს შესაბამისი ტარიფი საჯარო მომსახურების ვალდებულების შესრულებისთვის.

8. მიმწოდებელი, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი და მომხმარებელი ვალდებული არიან, ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების ან/და მოხმარების დროს ურთიერთობა აწარმოონ საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო ანგარიშსწორება განახორციელონ ეროვნულ ვალუტაში. დაუშვებელია, მხარეებს შორის ურთიერთობა განხორციელდეს ან ანგარიშსწორებისას უპირატესობა მიენიჭოს არასახელმწიფო ენაზე შედგენილ დოკუმენტს ან უცხოურ ვალუტას.

9. მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობა წარმოებს წესებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თანასწორუფლებიანობისა და თავისუფალი ნების გამოვლენის პრინციპების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომხმარებლის თავისუფალი მოქმედება შეზღუდულია იმის გამო, რომ მიმწოდებელს უკავია დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე ან მიმწოდებელი მოქმედებს საჯარო მომსახურების ვალდებულებიდან გამომდინარე, ამ წესების მე-3 და მე-4 თავების შესაბამისად.

10. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის (მათ შორის მიმწოდებლისთვის ან მომხმარებლისთვის) უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, განაწილების მომსახურების საჯაროდ გამოქვეყნებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გამოყენებით.

11. ამ წესებში მითითებული ვადების ათვლა ხდება იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სამუშაო დღე – გულისხმობს კალენდარული დღეს, რომელიც არ წარმოადგენს შაბათს, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. წესებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობები:

ა) მიმწოდებელი – ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისთვის;

ბ) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი – ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც საჯარო მომსახურების სახით, რეგულირებული პირობებით და ფასით, აწვდის ელექტროენერგიას საყოფაცხოვრებო მომხმარებელსა და მცირე საწარმოს;

გ) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი – ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც საჯარო მომსახურების გაწევის სახით, შეზღუდული ვადითა და რეგულირებული პირობებით აწვდის ელექტროენერგიას იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებელსა და მცირე საწარმოს, რომლებმაც, კანონით გათვალისწინებული გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ აირჩიეს ან დაკარგეს ელექტროენერგიის ან /და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი;

დ) ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების მიმწოდებელი – ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის თანახმად, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიას აწვდის მომხმარებლებს, რომლებზეც არ ვრცელდება უნივერსალური მომსახურება;

ე) მომხმარებელი − პირი, რომელიც ელექტროენერგიას ყიდულობს საკუთარი მოხმარებისთვის;

ვ) მსხვილი მომხმარებელი – არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელსაც აქვს ორგანიზებულ ენერგეტიკულ ბაზარზე ვაჭრობის უფლება, ასევე, ერთდროულად რამდენიმე მიმწოდებელთან ხელშეკრულების დადების უფლება და რომლის კრიტერიუმები და სამართლებრივ სტატუსი განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით;

ზ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი – ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას.

2. წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში.

მუხლი 3. მომსახურების ზოგადი პირობები

1. ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, მიაწოდოს მომხმარებელს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, წესებით და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, წესებით და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

2. მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს შეიმუშავებს მიმწოდებელი და კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემეგ აქვეყნებს თავის ვებგვერდზე.

3. წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის მიწოდებისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

4. მიმწოდებელი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებული არიან, მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება განახორციელონ მხოლოდ წესებით განსაზღვრულ ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ბოლო ვადის მითითების შემდეგ.

5. მომხმარებელს არ შეიძლება მოეთხოვოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გარდა რაიმე სხვა სახის საფასურის ან გადასახდელის გადახდა, გარდა წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. წესებით განსაზღვრულ მიმწოდებლის ვალდებულებებში არ შედის მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ან აღრიცხვის კვანძის მოწყობის, ასევე, გამანაწილებელი ქსელიდან ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება.

7. მომხმარებელი უფლებამოსილია უსასყიდლოდ მიიღოს ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია და აღრიცხვის მონაცემები, ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, საფასურის გარეშე ხელმისაწვდომი გახადოს ნებისმიერი რეგისტრირებული მიმწოდებლისთვის. აღრიცხვის მონაცემების მართვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია აღნიშნული მონაცემები მიაწოდოს შესაბამის ენერგეტიკულ საწარმოს.

8. წესების მიზნებისათვის ელექტროენერგიის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორია იყოფა ორ ჯგუფად:

ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას საკუთარი, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, რაც არ მოიცავს კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას;

ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი –მომხმარებელი, რომელიც ელექტროენერგიას ყიდულობს არასაყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, მათ შორის, საწარმოები.

მუხლი 4. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი

1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომსახურება გაუწიოს ყველა სახის მომხმარებელს და მიმწოდებელს ამ წესების შესაბამისად. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიმწოდებლებს მოემსახუროს არადისკრიმინაციულობის პრინციპით და თანაბარი პირობებით.

2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია გამანაწილებელი ქსელის, მათ შორის, აღრიცხვის კვანძის გამართულ მუშაობაზე. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის მიერ მიღებული ელექტროენერგიის ინდივიდუალური აღრიცხვა და მიღებული ინფორმაციის შესაბამისი მიმწოდებლისთვის მიწოდება;

3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია:

ა) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილში არსებული აღრიცხვის მოწყობილობების, დამხმარე დანადგარების ჩათვლით, მოვლა-პატრონობასა და შემოწმებაზე;

ბ) ამა თუ იმ მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების, შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე მიმწოდებლის მოთხოვნის ოპერატიულად შესრულებაზე;

გ) კანონმდებლობით დადგე­ნილი ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვაზე;

დ) მომხმარებელთა მუდმივი მომსახუ­რების – მათ შორის მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატე­ლეფონო ცხელი ხაზით მომსახურების უზრუნველყოფაზე;

ე) ამ წესებით და სალიცენზიო პირო­ბებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შეს­რულებაზე.

4. მიმწოდებელსა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის ურთიერთობა რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობისა და მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.

5. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ყველა მიმწოდებელთან გააფორმოს სტანდარტული ხელშეკრულება გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს გადაუხადოს მომსახურების საფასური მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობის შესაბამისად; ასევე, უზრუნველყოს თავისი მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებისას წარმოქმნილი სხვა ხარჯების დროული ანაზღაურება. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხიდან განაწილების მომსახურების საფასურის ავტომატური გადარიცხვა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საბანკო ანგარიშზე.

 

თავი II. მიწოდების წესები

მუხლი 5. ელექტროენერგიის მიწოდების ძირითადი პრინციპები

1. ეს თავი ადგენს მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების ძირითად პირობებს, ასევე, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული მიწოდების სტანდარტული ხელშეკრულების მოთხოვნებს.

2. მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას (მიყიდვას) უზრუნველყოფს მიმწოდებელი. ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება არარეგულირებული, საბაზრო ფასით, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა წესების მე-3 და მე-4 თავებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. მიმწოდებელს უფლება აქვს, უარი თქვას მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევაზე ან შესაბამისი გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა:

ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფორსმაჟორულ ან უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ შემთხვევებში;

ბ) თუ მომხმარებელი, მიმწოდებლის გაფრთხილების მიუხედავად, არ ასრულებს მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, მათ შორის, მიღებული მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით.

4. მომხმარებელს უფლება აქვს, თავისუფლად აირჩიოს და შეცვალოს მიმწოდებელი, წესების მე-5 თავის შესაბამისად. დაუშვებელია მიმწოდებელმა ან სხვა პირმა ხელი შეუშალოს მომხმარებელს მიმწოდებლის თავისუფლად არჩევაში

5. მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდებისთვის გაწეული საფასურის დარიცხვა ხდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.

6. მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური ასახოს ცხადად და გასაგებად შედგენილ ანგარიშფაქტურაში (ანგარიშსწორების ქვითარში) და უზრუნველყოს მომხმარებლისათვის მისი მიწოდება. მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს მესამე პირთან, მათ შორის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების/მომსახურების შესყიდვის საფუძველზე.

7. დაუშვებელია მომხმარებელს დაეკისროს ამ წესებთან შეუსაბამო რაიმე გადასახდელის ან საფასურის გადახდა.

8. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურებები და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინება ეფუძნება ადმინისტრირების ერთიან ინტეგრირებულ და კოორდინირებულ სისტემას კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებით.

მუხლი 6. ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება

1. მიმწოდებლისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს წესების მოთხოვნებს.

2. ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. მომხმარებელთან გაფორმებული ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების პირობები უნდა შეესაბამებოდეს წესებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3. მიმწოდებელი ვალდებულია, საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან ან/და მცირე საწარმოსთან მიწოდების ხელშეკრულება გააფორმოს კომისიის მიერ დამტკიცებული მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისად. სტანდარტული პირობებით ხელშეკრულება გაფორმებულად ითვლება კომისიის მიერ დადგენილი წესით მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთებით.

4. მიმწოდებელი ვალდებულია, თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ელექტროენერგიის მიწოდების საჯარო შეთავაზება და მისი მოქმედების ვადა, რომელიც არ უნდა იყოს ორ კვირაზე ნაკლები. საჯარო შეთავაზება უნდა შეიცავდეს მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, ელექტროენერგიის მიწოდების საფასურს, ხელშეკრულების ვადასა და სხვა პირობებს, ამ წესების შესაბამისად. მიმწოდებელი ვალდებულია, მკაფიოდ მიუთითოს საჯარო შეთავაზების ვადასა და მომხმარებლის მიერ ამ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთების უფლების თაობაზე.

5. მიწოდების ხელშეკრულების ვადა არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას იგი ავტომატურად იქნება გაგრძელებული, თუ მხარეებმა წესების შესაბამისად არ მოითხოვეს მისი შეწყვეტა, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მათ შორის, მიმწოდებლის რეკვიზიტებს, მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას (ელ.ფოსტა და ცხელი ხაზის ნომერი);

ბ) ხელშეკრულების გაფორმების თარიღს და მოქმედების ვადას;

გ) მომხმარებლის რეკვიზიტებს;

დ) ელექტროენერგიის მიწოდების ფასს;

ე) გადახდის პირობებს;

ვ) მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დეპოზიტის მოთხოვნის უფლებას;

ზ) ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის გაგზავნისა და მიღების საშუალებებს და პირობებს;

თ) სადავო საკითხის განხილვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესახებ ინფორმაციას.

7. მიმწოდებელი ვალდებულია 1 თვით ადრე აცნობოს მომხმარებელს, ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებაში მოცემული მომსახურების პირობების ან/და ელექტროენერგიის ფასის ცვლილების შესახებ.

8. დაუშვებელია მომხმარებლის იძულება მოხმარებული ელექტროენერგიის შეცვლილი საფასურის გადახდაზე, ასევე, სხვა პირობის შესრულებაზე, თუ აღნიშნული გარემოების შესახებ მომხმარებელი წინასწარ არ იყო ინფორმირებული ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად და წინასწარ არ განესაზღვრა გონივრული ვადა აღნიშნული პირობის მისაღებად ან უარსაყოფად.

9. მომხმარებელს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ხელშეკრულების შეცვლილი პირობების მიღებაზე და შეიცვალოს მიმწოდებელი წესების მე-5 თავით გათვალისწინებული წესით.

10. თუ მომხმარებელი ერთი თვის ვადაში დაეთანხმება ხელშეკრულების შეცვლილ პირობებს, ან თუ მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნება პასუხი გაცემული მიმწოდებლისთვის, ხელშეკრულება გაგრძელდება შეცვლილი პირობებით.

მუხლი 7. პირგასამტეხლო

1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შეუძლიათ დამატებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, გარდა ამ მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. პირგასამტეხლოზე დამატებითი შეთანხმება ხელშეკრულების მხარეებს უნდა აკისრებდეს ორმხრივ და თანაბარ ვალდებულებას.

3. მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის პირგასამტეხლოზე შეთანხმებისას პირგასამტეხლოს დაკისრება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ დარღვევის შესახებ ხელშეკრულების მეორე მხარისთვის ხელშეკრულებით დადგენილი წესით შეტყობინების შემდგომ.

4. ელექტროენერგიის მიმწოდებელს უფლება არ აქვს გააფორმოს პირგასამტეხლოზე შეთანხმება საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან.

მუხლი 8. ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდება

კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით გათვალისწინებული მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიღების შემთხვევაში, ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი ელექტროენერგეტიკული საწარმო ვალდებულია, მომხმარებლებს გაუწიოს მომსახურება წესების მე-9 მუხლის, მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და მე-11-მე-13 მუხლების დებულებების შესაბამისად.

 

თავი III. უნივერსალური მომსახურების მიწოდების წესები

მუხლი 9. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის ზოგადი დებულებები

1. ეს თავი ადგენს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების საფუძვლებს, ვადებს, პირობებსა და პროცედურებს, აგრეთვე, მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ შესყიდვის წესებს.

2. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა მიზნად ისახავს ელექტროენერგიის უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ მიწოდებას იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც უფლებამოსილი არიან, მიიღონ უნივერსალური მომსახურება.

3. უნივერსალური მომსახურებით სარგებლობისათვის მომხმარებელი უნდა იყოს აბონენტად დარეგისტრირებული შესაბამის სისტემის ოპერატორთან, კომისიის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

მუხლი 10. უნივერსალური მომსახურების მიწოდება. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები

1. უნივერსალური მიწოდება არის ელექტროენერგიის მიწოდება საჯარო მომსახურების გაწევის სახით, რეგულირებული პირობებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოსათვის, რომლებიც უფლებამოსილი არიან, მიიღონ ეს მომსახურება ასეთი პირობებით, თავიანთი არჩევანით ან ავტომატურ რეჟიმში, კანონის შესაბამისად.

2. უნივერსალური მომსახურების ერთ არეალში არსებულ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მომხმარებლებს უნივერსალური მომსახურება შესაძლოა გაუწიოს მხოლოდ ერთმა მიმწოდებელმა, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად, დაეკისრა უნივერსალური მომსახურების მიწოდების ვალდებულება.

3. უნივერსალური მომსახურებით შეიძლება ისარგებლოს საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა ან/და მცირე საწარმომ, რომელსაც:

ა) სურს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მომსახურებით სარგებლობა და შესაბამისი განაცხადით (მათ შორის, მიმწოდებლის შეცვლის განაცხადით) მიმართავს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს;

ბ) „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების დასრულებისას მიმწოდებელთან გაფორმებული არ აქვს ხელშეკრულება.

4. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი:

ა) უზრუნველყოფს საჯარო მომსახურების გაწევის სახით ელექტროენერგიის მიწოდებას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მომხმარებლებისთვის;

ბ) ახორციელებს უნივერსალურ მომსახურებას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით;

გ) იღებს ზომებს უნივერსალური მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო, საიმედო და განსაზღვრული ხარისხის შესაბამისად მიწოდების მიზნით;

დ) კომისიის ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელთა ერთსა და იმავე კატეგორიას, რომლებიც იღებენ უნივერსალურ მომსახურებას, ჰქონდეთ მომსახურებისა და დაცვის ერთი და იგივე პირობები.

5. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, თავის ვებგვერდზე განათავსოს ინფორმაცია უნივერსალური მომსახურების თაობაზე, მათ შორის:

ა) უნივერსალური მომსახურების მიწოდების საფასური ან უნივერსალური მომსახურების მიწოდებისთვის კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) ინფორმაცია მომხმარებლის უფლების შესახებ, ნებისმიერ დროს გააფორმოს ხელშეკრულება მის მიერ შერჩეულ სხვა მიმწოდებელთან;

გ) ინფორმაცია მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის თაობაზე;

დ) ინფორმაცია შესაბამის არეალში არსებული მიმწოდებლების თაობაზე – ამ მიზნით დასაშვებია მითითება კომისიის ვებგვერდის შესაბამის ბმულზე;

ე) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის, ცხელი ხაზის (ქოლცენტრის) ნომერი და მომსახურების ცენტრის მისამართი.

მუხლი 11. უნივერსალური მიწოდების ხელშეკრულების გაფორმება

1. უნივერსალური მიწოდების ხელშეკრულება ფორმდება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის უფლებამოსილების ვადით, მატერიალური ფორმით, გარდა ამ წესებით დადგენილი შემთხვევებისა. დასაშვებია უნივერსალური მიწოდების ხელშეკრულების გაფორმება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის უფლებამოსილების ვადაზე ნაკლები ვადით, მხარეთა შეთანხმებით.

2. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, ამ წესების 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიმწოდებლის შეცვლის შესახებ განაცხადის მიღებისა და ამ განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებელთან უნივერსალური მიწოდების ხელშეკრულების გაფორმება. მომხმარებელმა თითოეული აღრიცხვის კვანძისთვის უნდა გააფორმოს ერთი უნივერსალური მიწოდების ხელშეკრულება.

3. უნივერსალური მიწოდების ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელს გაუგზავნოს მის მიერ ხელმოწერილი მიწოდების ხელშეკრულება, მომხმარებლის მიერ ხელმოწერისა და მისი დაბრუნების ვადის მითითებით, ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება მომხმარებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი უნდა დაუბრუნდეს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უნივერსალური მიწოდების ხელშეკრულება მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს მის მიერ მითითებულ მისამართზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – იმ უძრავი ქონების მისამართზე, სადაც ხორციელდება მიწოდება ან/და უნივერსალური მიმწოდებლისათვის ცნობილ მომხმარებლის ბოლო საფოსტო მისამართზე.

5. მომხმარებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ხელშეკრულების ელექტრონული ფორმით მიწოდება და ხელშეკრულების გაფორმება და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. უნივერსალური მიწოდების ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ამ წესების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და უნივერსალური მომსახურების პირობებს, მათ შორის:

ა) მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, აღრიცხვის კვანძის საიდენტიფიკაციო კოდსა და სხვა მახასიათებლებს, მისამართს, სადაც უნდა განხორციელდეს მიწოდება, საკონტაქტო ინფორმაციას, მათ შორის, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, დამატებითი საკონტაქტო პირის მონაცემებს;

ბ) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;

გ) უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფსა და მისი მოქმედების ვადას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგებს;

ე) ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის საფუძვლებს;

ვ) ელექტროენერგიის ქვითრის შესწორების წესს, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების საფასურის არასწორად გამოთვლის შემთხვევაში;

ზ) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის ინფორმირების წესს;

თ) ინფორმაციას მომხმარებლის მიერ სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების უფლებისა და შესაბამისი პროცედურის თაობაზე.

7. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, ისარგებლოს დეპოზიტის მოთხოვნის უფლებით, ამ წესების მე-8 მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 12. მრიცხველის წაკითხვა

1. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების დღეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს მრიცხველის წაკითხვას.

2. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ პირველი ქვითარი გაიცემა მრიცხველის ფაქტობრივი ჩვენების მიხედვით, უნივერსალური მომსახურების დაწყების დღიდან მომდევნო წაკითხვამდე პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით, ამ წესების შესაბამისად.

3. მომხმარებლის მიერ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის სხვა მიმწოდებლით შეცვლის შემდეგ, ელექტროენერგიის ბოლო ქვითრის მიწოდება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მიმწოდებლის შეცვლიდან ექვსი კვირის განმავლობაში.

4. ეს მუხლი არ ვრცელდება ამ წესების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.

მუხლი 13. უნივერსალური მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტა

1. მომხმარებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი სხვა მიმწოდებლით, ამ წესების მე-5 თავის დებულებების გათვალისწინებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის დაუშვებელია, მომხმარებელს დაეკისროს რაიმე სახის პირგასამტეხლო ან საფასური. მომხმარებელი ვალდებულია, სრულად და დროულად გადაიხადოს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის შეცვლამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.

3. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელს არანაკლებ ერთი თვით ადრე აცნობოს მისი ავტორიზაციის ვადის ამოწურვისა და სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების უფლებამოსილების თაობაზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაცია უქმდება ვადაზე ადრე, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი შესაბამისი ინფორმაციის მიღებისთანავე აცნობებს მომხმარებელს საჯარო მომსახურების ვალდებულების დაკისრების გაუქმებისა და სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების უფლებამოსილების თაობაზე.

მუხლი 14. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური

1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებულ ჭარბ ელექტროენერგიას, რომელიც მიეწოდება გამანაწილებელ ქსელს, შეისყიდის ის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს იმავე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის არეალში, სადაც მდებარეობს აღნიშნული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.

2. იმ შემთხვევაში, თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელსა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს შორის გაფორმებულია უნივერსალური მიწოდების ხელშეკრულება, გამოიყენება ანგარიშსწორების შემდეგი წესი:

ა) თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის მოცულობა აღემატება იმავე საანგარიშო პერიოდში მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას, მიღებული სხვაობა აისახება მომდევნო თვის ქვითარში, კრედიტის სახით;

ბ) თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოება და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება სხვადასხვა ადგილზე, მომხმარებლის მოთხოვნით, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრედიტის ქვითარში ასახვა შეიძლება განხორციელდეს იმ მისამართზე, სადაც ხორციელდება ელექტროენერგიის მიწოდება;

გ) თუ ქვითარში კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგიის მოცულობა ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობაზე, სხვაობა ჩაითვლება უნივერსალური მიწოდების ხელშეკრულების შესაბამისად შესყიდულ ელექტროენერგიად;

დ) საანგარიშო წლის (კალენდარული წლის პირველი მაისიდან – პირველ მაისამდე პერიოდი) ბოლოს, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს მიკროსიმძლავრის მფლობელ მომხმარებელთან საბოლოო ანგარიშსწორებას. საბოლოო ანგარიშსწორებისას, საანგარიშო წლის აპრილის ქვითრით გათვალისწინებულ, კრედიტის სახით ასახულ ელექტროენერგიას შეისყიდის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი. ამ მიზნით, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი:

დ.ა) შესაბამის თანხას ასახავს მომხმარებლის ანგარიშზე და გაითვალისწინებს შემდგომი ანგარიშსწორებისას; ან

დ.ბ) მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში შესაბამის თანხას გადარიცხავს მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე.

3. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებელი უფლებამოსილია, უარი თქვას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაზე და მოითხოვოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებულ და გამანაწილებელ ქსელში გადადინებულ ელექტროენერგიაზე უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორება სამთვიანი, ექვსთვიანი ან წლიური პერიოდულობით.

4. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებულ ელექტროენერგიას უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი შეისყიდის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფში კომისიის მიერ გათვალისწინებული, შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ფასად. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ არ არის დადგენილი უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფი, შესასყიდი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრება კომისიის სამართლებრივი აქტით.

5. იმ შემთხვევაში, თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს ფლობს მომხმარებელთა ჯგუფი, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ თითოეულ მომხმარებელთან ანგარიშსწორება ინდივიდუალურად, ამ მუხლით დადგენილი წესით;

ბ) თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელთა ჯგუფის წევრებსა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს შორის გაფორმებულია უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულებები:

ბ.ა) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობის კრედიტის სახით ასახვისას და საბოლოო ანგარიშსწორებისას იხელმძღვანელოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელთა ჯგუფის წევრებს შორის არსებული შეთანხმებით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – შესაბამისი მოცულობები თანაბრად გაანაწილოს ჯგუფის ყველა წევრზე;

ბ.ბ) ჯგუფის წევრის მიერ ელექტროენერგიის საფასურის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში – ამ წესების შესაბამისად მოითხოვოს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა მხოლოდ კონკრეტული მომხმარებლისათვის.

 6. თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ პირსა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს შორის არ არის გაფორმებული უნივერსალური მიწოდების ხელშეკრულება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მუხლით დადგენილი წესით, სრულად შეისყიდოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და ქსელში გადადინებული ელექტროენერგია, თუ მომხმარებელი, მიმწოდებელი და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან,

 

თავი IV. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების წესები

მუხლი 15. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის საქმიანობის ზოგადი დებულებები

1. ეს თავი ადგენს ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვიელექტროენერგიის მიწოდების საფუძველს, ვადებს, პირობებსა და პროცედურებს.

2. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის საქმიანობა მიზნად ისახავს მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ მიწოდებას ამ წესებით განსაზღვრული შემთხვევებიდან გამომდინარე, ვერ აირჩიეს ან დაკარგეს მიმწოდებელი.

3. ბოლო ალტერნატივის მომსახურებით სარგებლობისათვის მომხმარებელი უნდა იყოს აბონენტად დარეგისტრირებული შესაბამის სისტემის ოპერატორთან, კომისიის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

მუხლი 16. ბოლო ალტერნატივის მიწოდება. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ვალდებულებები

1. ბოლო ალტერნატივის მიწოდება არის მიწოდება საჯარო მომსახურების გაწევის სახით, შეზღუდული ვადითა და რეგულირებული პირობებით, იმ საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებმაც, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ აირჩიეს ან დაკარგეს მიმწოდებელი.

2. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად, დაეკისრა ბოლო ალტერნატივის მიწოდების ვალდებულება.

3. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდება სპეციალური მოთხოვნის წარდგენის გარეშე, თუ ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ საბაზრო საქმიანობის გეგმურად ან არაგეგმურად შეწყვეტის ან ვალდებულებების უხეშად დარღვევის გამო მათ დაკარგეს ელექტროენერგიის მიღების საშუალება.

4. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი :

ა) ახორციელებს ბოლო ალტერნატივის მიწოდებას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მომხმარებლებისთვის, კანონის საფუძველზე, ამ წესების მოთხოვნების დაცვით, ამ თავის დებულებების გათვალისწინებით;

ბ) იღებს ზომებს ბოლო ალტერნატივის მიწოდების მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგების მიზნით;

გ) კომისიის კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელთა ერთსა და იმავე კატეგორიას, რომლებიც იღებენ ბოლო ალტერნატივის მომსახურებას, ჰქონდეთ მომსახურებისა და დაცვის ერთი და იგივე პირობები;

დ) ასრულებს ამ წესებით, ბოლო ალტერნატივის მიწოდების ხელშეკრულებითა და კანონის შესაბამისად მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს.

5. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი ვალდებულია შეასრულოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, სანამ მომხმარებელი არ გააფორმებს ხელშეკრულებას ახალ მიმწოდებელთან.

მუხლი 17. ბოლო ალტერნატივის მიწოდების შემთხვევის დადგომა

1. მიმწოდებელი, რომელსაც საბაზრო საქმიანობის გეგმურად ან არაგეგმურად შეწყვეტის ან ვალდებულებების უხეშად დარღვევის გამო არ შეუძლია მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდება, ვალდებულია, მომხმარებელს, კომისიას, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს აცნობოს მიწოდების შეწყვეტამდე 30 დღით ადრე მაინც, ან, თუ მას არ შეეძლო, წინასწარ სცოდნოდა აღნიშნულის შესახებ, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა მიწოდების შეუძლებლობის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი შეტყობინება უნდა შეიცავდეს მკაფიო მითითებას ბოლო ალტერნატივის მიწოდების შემთხვევის დადგომისა და შესაბამისი საფუძვლის თაობაზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა კომისია ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას ბოლო ალტერნატივის მიწოდების შემთხვევის დადგომისა და მომსახურების დაწყების თარიღის შესახებ.

4. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ მომხმარებელთა შესახებ, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, ისარგებლონ ბოლო ალტერნატივის მომსახურებით, მათ შორის, ინფორმაცია მათი აღრიცხვის კვანძის, მისამართებისა და საკონტაქტო მონაცემების თაობაზე.

5. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისთანავე, საჯაროდ გამოაქვეყნოს თავის ვებგვერდზე ინფორმაცია ბოლო ალტერნატივის მიწოდების წესებისა და პირობების შესახებ; ასევე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ყველა მომხმარებელს გაუგზავნოს:

ა) ინფორმაცია ბოლო ალტერნატივის მიწოდების შემთხვევის დადგომისა და მიწოდების დაწყების თარიღის შესახებ;

ბ) ინფორმაცია ბოლო ალტერნატივის მიწოდების სპეციალური წესებისა და პირობების, მათ შორის, ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფის შესახებ;

გ) ინფორმაცია მომხმარებელთა უფლების შესახებ, ნებისმიერ დროს გააფორმოს ხელშეკრულება მის მიერ შერჩეულ სხვა მიმწოდებელთან;

დ) ინფორმაცია მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის თაობაზე;

ე) ინფორმაცია შესაბამის არეალში არსებული მიმწოდებლების თაობაზე – ამ მიზნით დასაშვებია მითითება კომისიის ვებგვერდის შესაბამის ბმულზე;

ვ) ინფორმაცია ბოლო ალტერნატივის მიწოდების ხანგრძლივობის შესახებ;

ზ) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლისა და სხვა მიმწოდებლების საკონტაქტო ინფორმაცია.

მუხლი 18. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელთან მიწოდების ხელშეკრულების გაფორმება

1. მომხმარებელს, რომელიც ამ წესების მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დარჩა მიმწოდებლის გარეშე, ელექტროენერგიას ავტომატურად მიაწვდის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი.

2. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელმა თითოეულ მომხმარებელთან ერთი აღრიცხვის კვანძისათვის უნდა დადოს ერთი ხელშეკრულება.

3. ბოლო ალტერნატივის მიწოდების ხელშეკრულება ფორმდება წერილობით, 3 თვის ვადით, და უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, აღრიცხვის კვანძის საიდენტიფიკაციო კოდსა და სხვა მახასიათებლებს, მისამართს, სადაც უნდა განხორციელდეს მიწოდება, საკონტაქტო ინფორმაციას, მათ შორის, დამატებითი საკონტაქტო პირის მონაცემებს, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში;

ბ) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;

გ) ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფს;

დ) მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგებს;

ე) ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის საფუძვლებს;

ვ) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ მომსახურების საფასურის არასწორად გამოთვლის შემთხვევაში ელექტროენერგიის ქვითრის შესწორების წესს;

ზ) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის ინფორმირების წესს;

თ) ინფორმაციას მომხმარებლის მიერ სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების უფლების, აგრეთვე, შესაბამისი პროცედურის თაობაზე.

4. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი უფლებამოსილია, ისარგებლოს დეპოზიტის მოთხოვნის უფლებით, ამ წესების მე-8 მუხლით დადგენილი წესით.

5. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი, მომხმარებლისათვის ამ წესების მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გაგზავნის შემდეგ ვალდებულია, მომხმარებელს გაუგზავნოს თავის წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი მიწოდების ხელშეკრულება მატერიალური ფორმით, ხელშეკრულებაზე ხელმოწერისა და მისი დაბრუნების ვადის მითითებით, ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება მომხმარებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი უნდა დაუბრუნდეს ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს. ხელშეკრულება მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს იმ მისამართზე, რომელზეც მიეწოდება ელექტროენერგია ან/და მომხმარებლის ბოლო საფოსტო მისამართზე.

6. მომხმარებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ხელშეკრულების ელექტრონული ფორმით მიწოდება და ხელშეკრულების გაფორმება და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 19. მრიცხველის წაკითხვა

1. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების დღეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს მრიცხველის წაკითხვას და მრიცხველის ბოლო წაკითხვიდან ბოლო ალტერნატივის დაწყებამდე პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვას.

2. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ პირველი ქვითარი გაიცემა მრიცხველის ფაქტობრივი ჩვენების მიხედვით, ბოლო ალტერნატივის მომსახურების დაწყების დღიდან მრიცხველის მომდევნო წაკითხვამდე პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით, ამ წესების 24-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად.

3. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ბოლო ქვითრის მიწოდება ბოლო ალტერნატივის მიწოდების დასრულებიდან ექვსი კვირის განმავლობაში.

4. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ამ წესების მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რის გამოც გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვერ ახორციელებს მრიცხველის წაკითხვას ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელი უფლებამოსილია, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს გაუგზავნოს მრიცხველის ჩვენება უნივერსალური მიწოდების დაწყების დღის მდგომარეობით.

5. თუ მომხმარებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, გამოიყენოს პირობითი დარიცხვის მეთოდი, რაც გულისხმობს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვას წინა წლის ამავე თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით. თუ მომხმარებელი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან აბონენტად რეგისტრირებულია ბოლო ალტერნატივის მიწოდების დაწყებამდე ერთ წელზე ნაკლები ვადით ადრე, დარიცხვა ხორციელდება ბოლო სამი თვის საშუალო მოხმარების გათვალისწინებით, ხოლო თუ მომხმარებელი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის აბონენტად რეგისტრირებულია ბოლო ალტერნატივის დაწყებამდე სამი თვეზე ნაკლები ვადით ადრე – ბოლო თვის მოხმარების მიხედვით.

6. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა და ბოლო ალტერნატივის მიწოდების დაწყების თარიღის შესახებ მასთან აბონენტად რეგისტრირებულ მომხმარებლებს აცნობოს გონივრული ვადით ადრე.

7. ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე დარიცხვის შედეგად შესაბამისი ქვითრის მომხმარებლისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი.

მუხლი 20. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის სხვა მიმწოდებლით შეცვლა

1. მომხმარებელი უფლებამოსილია, ბოლო ალტერნატივის მიწოდების დაწყებამდე აირჩიოს მიმწოდებელი. თუ მიმწოდებლის შეცვლის პროცესი არ დასრულდება ბოლო ალტერნატივის მიწოდების დაწყებამდე, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი ვალდებულია, ახალი მიმწოდებლის მიერ მიწოდების დაწყებამდე უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ბოლო ალტერნატივის მიწოდება.

2. მომხმარებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი სხვა მიმწოდებლით, მათ შორის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლით, ამ წესების შესაბამისად.

3. დაუშვებელია, ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების გამო, მომხმარებელს დაეკისროს რაიმე სახის პირგასამტეხლო ან საფასური.

4. მომხმარებელი ვალდებულია, სრულად და დროულად გადაიხადოს ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის შეცვლამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.

მუხლი 21. ბოლო ალტერნატივის მიწოდების შეწყვეტის საფუძვლები

1. ბოლო ალტერნატივის მიწოდება შესაძლოა შეწყდეს:

ა) ბოლო ალტერნატივის მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში;

ბ) ამ წესების მე-20 მუხლით დადგენილი წესით ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის შეცვლის შედეგად;

გ) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადის ამოწურვის შედეგად, კანონის შესაბამისად;

დ) საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გაუქმებისას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელს ერთი თვით ადრე აცნობოს მისი ავტორიზაციის ვადის ამოწურვისა და სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების უფლებამოსილების თაობაზე;

ბ) „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ბოლო ალტერნატივის მომსახურების მიმწოდებელი შესაბამისი ინფორმაციის მიღებისთანავე აცნობებს მომხმარებელს ბოლო ალტერნატივის მიწოდების ვალდებულების დაკისრების გაუქმებისა და სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების უფლების თაობაზე.

3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი შემთხვევის დადგომისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტოს იმ მომხმარებლებს, რომლებსაც მიმწოდებელთან ან, ამ წესებით დადგენილ შემთხვევებში, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან არ ექნებათ გაფორმებული ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება.

 

თავი V. მიმწოდებლის შეცვლის წესები

მუხლი 22. მიმწოდებლის შეცვლის ზოგადი წესი და ვადა

1. მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მიმწოდებლის შეცვლა რეგულირდება ამ თავის დებულებებით.

2. მომხმარებელი უფლებამოსილია, ერთი მიმწოდებელი, მათ შორის, უნივერსალური მომსახურების ან ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი, შეცვალოს სხვა მიმწოდებლით.

3. მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლის პროცესის დაუბრკოლებელ განხორციელებას უზრუნველყოფს ის მიმწოდებელი, რომელსაც მომხმარებელი მიმართავს მიწოდების ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

4.  მიმწოდებლის შეცვლის პროცესის მონიტორინგს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესების შესაბამისად, ახორციელებს კომისია.

მუხლი 23. მიმწოდებლის შეცვლის განაცხადი

1. მომხმარებელი, რომელსაც სურს მიმწოდებლის შეცვლა, მიმწოდებლის შეცვლის განაცხადით მიმართავს მიმწოდებელს, რომელთანაც სურს ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების გაფორმება (შემდგომში ამ თავში – ახალი მიმწოდებელი). მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის ფორმას ამტკიცებს კომისია.

2. მომხმარებელი უფლებამოსილია, მიმწოდებლის შეცვლის განაცხადი ახალ მიმწოდებელს წარუდგინოს მატერიალური ფორმით ან ელექტრონულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. მიმწოდებლის შეცვლის განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ბ) აღრიცხვის კვანძის საიდენტიფიკაციო კოდსა და სხვა მახასიათებლებს;

გ) მისამართს, სადაც უნდა განხორციელდეს მიწოდება, საკონტაქტო ინფორმაციას, მათ შორის, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში – დამატებითი საკონტაქტო პირის მონაცემებს;

დ) მიწოდების სტანდარტულ ხელშეკრულებასთან მიერთების მოთხოვნასა და სტანდარტული ხელშეკრულების საიდენტიფიკაციო ნომერს;

ე) არსებულ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადას;

ვ) მიმწოდებლის შეცვლის/ახალი მიმწოდებლის მიერ მიწოდების დაწყების სასურველ თარიღს;

ზ) თანხმობას, რომ მისი წარმომადგენლობა არსებულ მიმწოდებელთან, კომისიასა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან ურთიერთობისას განახორციელოს ახალმა მიმწოდებელმა.

4. მომხმარებლის მიერ უძრავი ქონებით დროებით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია, შეცვალოს მიმწოდებელი. ამ შემთხვევაში ახალ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს უძრავი ქონებით დროებით სარგებლობის ვადას. აღნიშნულის თაობაზე მომხმარებელმა ახალ მიმწოდებელს უნდა აცნობოს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის წარდგენისას და წარუდგინოს უძრავი ქონებით დროებით სარგებლობის ხელშეკრულება. ეს პუნქტი არ გამოიყენება, თუ მომხმარებელი წარადგენს უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობას ახალ მიმწოდებელთან ამ პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.

მუხლი 24. მიმწოდებლის შეცვლის პროცედურა

1. მოხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შეცვალოს მიმწოდებელი. მიმწოდებლის შეცვლის პროცედურა უფასოა.

2. მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის მიმდინარეობისას მიმწოდებლებს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორსა და კომისიას შორის ურთიერთობა ხორციელდება ელექტრონული ფორმით, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

3. ახალი მიმწოდებელი ამოწმებს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის ამ წესების 23-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან შესაბამისობას და მასში მოცემული ინფორმაციის სისწორეს. ამ მიზნით ახალი მიმწოდებელი უფლებამოსილია, გამოითხოვოს ინფორმაცია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან.

4. თუ ახალი მიმწოდებელი მიიჩნევს, რომ განაცხადი არ შეესაბამება ამ წესების 23-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს ან შეიცავს არასწორ ინფორმაციას, ამის თაობაზე აცნობებს მომხმარებელს განაცხადის მიღებიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად, რომელიც არ უნდა იყოს ორ სამუშაო დღეზე ნაკლები. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომხმარებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე მიმწოდებლის შეცვლის ვადის დინება ჩერდება.

5. ახალი მიმწოდებელი წყვეტს განაცხადის განხილვას, თუ მომხმარებელი არ აღმოფხვრის ხარვეზს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში. მომხმარებელი უფლებამოსილია, ახალი განაცხადით ხელახლა მიმართოს ახალ მიმწოდებელს.

6. მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის წარდგენიდან, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – ხარვეზის აღმოფხვრიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ახალი მიმწოდებელი მიმწოდებლის შეცვლის განაცხადს უგზავნის შესაბამის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორსა და მომხმარებლის არსებულ მიმწოდებელს.

7. თუ ახალი მიმწოდებელი ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის გაგზავნიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში არ მიიღებს უარს მიმწოდებლის შეცვლაზე ამ წესების 25-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით, იგი განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, არსებულ მიმწოდებელსა და მომხმარებელს.

8. თუ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი სხვადასხვა მიმწოდებლისაგან მიიღებს ინფორმაციას ერთი და იმავე მომხმარებლის მიერ (გარდა მსხვილი მომხმარებლისა) ერთსა და იმავე აღრიცხვის კვანძზე მიმწოდებლის შეცვლის შესახებ განაცხადის წარდგენის თაობაზე, იგი შესაბამის შეტყობინებას უგზავნის იმ მიმწოდებელს, რომელსაც უფრო ადრე წარედგინა განაცხადი, რაც განაცხადის განხილვის შეწყვეტის საფუძველია. უფრო გვიან წარდგენილი განაცხადი განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.

9. მიმწოდებლის შეცვლის თაობაზე ამ წესების 25-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით უარის მიღების შემთხვევაში ახალი მიმწოდებელი არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა აცნობებს კომისიას, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, არსებულ მიმწოდებელსა და მომხმარებელს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებლის შეცვლის ვადის დინება ჩერდება.

10. კომისია, მიმწოდებლის შეცვლის თაობაზე უარის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, შეისწავლის უარის მიზეზს და იღებს გადაწყვეტილებას მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და აცნობებს ახალ მიმწოდებელს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, არსებულ მიმწოდებელსა და ახალ მომხმარებელს. კომისიის მიერ მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მიმწოდებლის შეცვლის პროცედურა წყდება, ხოლო მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში – ახალი მიმწოდებლის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მიმწოდებლის შეცვლის ვადის დინება განახლდება. კომისიის მიერ მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი მიმწოდებელი დაუყოვნებლივ აცნობებს არსებულ მიმწოდებელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორსა და მომხმარებელს.

11. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიმწოდებლის შეცვლის/ახალი მიმწოდებლის მიერ მიწოდების დაწყების დღეს, რომელიც მითითებულია მიმწოდებლის შეცვლის განაცხადში, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს მრიცხველის წაკითხვას, ხოლო ახალი მიმწოდებელი – მიწოდების დაწყებას.

12. მომხმარებელი ვალდებულია, არსებულ მიმწოდებელს გადაუხადოს მრიცხველის ბოლო წაკითხვიდან მიმწოდებლის შეცვლის დღეს წაკითხვამდე პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. ამ მიზნით ელექტროენერგიის ქვითრის მიწოდებას, ამ წესებით დადგენილი პირობებით, უზრუნველყოფს არსებული მიმწოდებელი მიმწოდებლის შეცვლიდან არა უგვიანეს ექვსი კვირისა.

13. ახალი მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული პირველი ქვითარი უნდა მოიცავდეს მიმწოდებლის შეცვლის დღეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ მრიცხველის წაკითხვიდან მომდევნო წაკითხვამდე პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს.

14. მიმწოდებლის შეცვლის პროცედურა დასრულებულად ითვლება ამ მუხლის მე-7 ან მე-10 პუნქტების შესაბამისად ახალი მიმწოდებლის მიერ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის, არსებული მიმწოდებლისა და მომხმარებლისათვის მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე შეტყობინების გაგზავნისთანავე. მიმწოდებლის შეცვლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ კვირას.

15. მომხმარებელი უფლებამოსილია, უარი თქვას მიმწოდებლის შეცვლაზე ამ მუხლით გათვალისწინებული პროცესის დასრულებამდე და მოითხოვოს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის განხილვის შეწყვეტა. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია, მომხმარებელს დაეკისროს პირგასამტეხლო ან რაიმე სხვა სახის საფასური.

მუხლი 25. მიმწოდებლის შეცვლაზე უარის თქმის საფუძვლები

1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ახალ მიმწოდებელს აცნობებს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში:

ა) თუ მიმწოდებლის შეცვლის განაცხადი შეუსაბამოა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან, მათ შორის, ქსელთან მიერთების ტექნიკურ მახასიათებლებთან;

ბ) თუ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ მომხმარებელმა ერთსა და იმავე დღეს მიმართა ერთზე მეტ მიმწოდებელს, ერთსა და იმავე აღრიცხვის კვანძზე მიმწოდებლის შეცვლის განაცხადებით;

გ) თუ მომხმარებელს ერიცხება დავალიანება ელექტროენერგიის განაწილების საფასურის გადაუხდელობის გამო ერთ საანგარიშო პერიოდზე მეტი ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი არ გამოიყენება მსხვილი მომხმარებლის შემთხვევაში, თუ მიერთების შესახებ განაცხადების დაკმაყოფილება არ იწვევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქსელთან მიერთების ტექნიკურ მახასიათებლებთან შეუსაბამობას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ახალ მიმწოდებელს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე აცნობოს შესაბამისი ინფორმაციის მიღებისთანავე, ამ წესების 24-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაუცველად.

4. არსებული მიმწოდებელი ახალ მიმწოდებელს აცნობებს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში:

ა) თუ მომხმარებელს ერიცხება დავალიანება ერთ საანგარიშო პერიოდზე მეტი ვადის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო;

ბ) თუ მისი მოთხოვნის საფუძველზე მომხმარებელს შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება ამ წესებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის, მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო.

მუხლი 26. არსებული მიმწოდებლის ვალდებულებები

1. არსებული მიმწოდებელი ვალდებულია, ამ წესებით დადგენილი პირობებით უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდება ახალ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ძალაში შესვლასა და ახალი მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებამდე იმგვარად, რომ ამან არ გამოიწვიოს მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც არსებული მიმწოდებლის მოთხოვნით მომხმარებელს, რომელიც ითხოვს მიმწოდებლის შეცვლას, მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო.

მუხლი 27. მიმწოდებლის შეცვლის უფლების განხორციელების სხვა პირობები

1. არსებული მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიმწოდებლის შეცვლისათვის, რაც იწვევს მიწოდების ხელშეკრულების ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტას, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს დააკისროს პირგასამტეხლო.

2. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნა დაუშვებელია, თუ:

ა) მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ წარდგენილ იქნა მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტამდე არანაკლებ სამი თვით ადრე;

ბ) მომხმარებელმა მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნა წარადგინა მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების საფასურის გაზრდის თაობაზე ამ წესების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით ინფორმირებიდან ერთი თვის განმავლობაში.

3. მიმწოდებელი და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი შესაძლებელია წერილობით შეთანხმდნენ ამ მუხლით დადგენილისაგან განსხვავებულ პირობებზე.

 

თავი VI. გარდამავალი დებულებები

მუხლი 28. უნივერსალური მიმწოდებლის მომსახურებით სარგებლობა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების დასრულების შემდეგ

1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის აბონენტებად რეგისტრირებული პირები გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების დასრულების შემდეგ, ავტომატურად, სპეციალური მოთხოვნის წარდგენის გარეშე მიიღებენ უნივერსალური მიწოდების მომსახურებას და ჩაითვლებიან უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის სტანდარტულ ხელშეკრულებაზე მიერთებულად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისათვის იმ მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომლებიც ავტომატურად სარგებლობენ უნივერსალური მიწოდების მომსახურებით. მიწოდებული ინფორმაცია, მათ შორის, უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის შესახებ;

ბ) მისამართს, სადაც ხორციელდება ელექტროენერგიის მიწოდება;

გ) მომხმარებლის კატეგორიას (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი/მცირე საწარმო).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელმა მომხმარებლებთან ხელშეკრულების გაფორმება უნდა უზრუნველყოს უნივერსალური მომსახურების მიწოდების დაწყების დღიდან 3 თვის ვადაში, ამ წესების მე-11 მუხლის მე-3-მე-6 პუნქტების შესაბამისად.

4. უნივერსალური მიწოდების დაწყებამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვის უზრუნველყოფის მიზნით მომხმარებელი უფლებამოსილია, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს გაუგზავნოს მრიცხველის ჩვენება უნივერსალური მიწოდების დაწყების დღის მდგომარეობით.

5. თუ მომხმარებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, გამოიყენოს პირობითი დარიცხვის მეთოდი, რაც გულისხმობს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვას წინა წლის ამავე თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით. თუ მომხმარებელი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან აბონენტად რეგისტრირებულია განცალკევების დასრულებამდე ერთ წელზე ნაკლები ვადით ადრე, დარიცხვა ხორციელდება ბოლო სამი თვის საშუალო მოხმარების გათვალისწინებით, ხოლო თუ მომხმარებელი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის აბონენტად რეგისტრირებულია განცალკევების დასრულებამდე სამი თვეზე ნაკლები ვადით ადრე – ბოლო თვის მოხმარების მიხედვით.

6. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა და უნივერსალური მიწოდების დაწყების თარიღის შესახებ მასთან აბონენტად რეგისტრირებულ მომხმარებლებს აცნობოს უნივერსალური მიწოდების დაწყებამდე გონივრული ვადით ადრე.


12. 28/03/2024 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 5 - ვებგვერდი, 03/04/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 21/12/2023 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 62 - ვებგვერდი, 28/12/2023 10. 21/04/2023 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 22 - ვებგვერდი, 27/04/2023 9. 22/12/2022 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 73 - ვებგვერდი, 28/12/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 01/09/2022 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 47 - ვებგვერდი, 06/09/2022 7. 28/04/2022 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 19 - ვებგვერდი, 29/04/2022 6. 24/02/2022 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 3 - ვებგვერდი, 25/02/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 31/12/2021 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 79 - ვებგვერდი, 31/12/2021 4. 25/11/2021 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 52 - ვებგვერდი, 30/11/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 12/08/2021 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 37 - ვებგვერდი, 17/08/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 28/06/2021 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 25 - ვებგვერდი, 30/06/2021 1. 13/11/2020 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 59 - ვებგვერდი, 24/11/2020