„საკვები (სასურსათო) ფერმენტების შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე

„საკვები (სასურსათო) ფერმენტების შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 482
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.022200
482
06/08/2020
ვებგვერდი, 11/08/2020
240110000.10.003.022200
„საკვები (სასურსათო) ფერმენტების შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №482

2020 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საკვები (სასურსათო) ფერმენტების შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საკვები (სასურსათო) ფერმენტების შესახებ“ წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



საკვები (სასურსათო) ფერმენტების შესახებ წესი

მუხლი 1. მიზანი და გამოყენების სფერო

1. „საკვები (სასურსათო) ფერმენტების შესახებ“ წესი (შემდგომში – წესი) ადგენს სურსათში გამოყენებულ ფერმენტებთან, მათ შორის, დამხმარე ტექნოლოგიური დანამატის სახით გამოყენებულ  ფერმენტებთან  დაკავშირებულ წესებს და მიზნად ისახავს შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას, ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, სურსათით ვაჭრობასთან დაკავშირებულ სამართლიანი პრაქტიკის დაცვას და, საჭიროების  შემთხვევაში, გარემოს დაცვას.

2. ეს წესი ადგენს:

ა) საკვები (სასურსათო) ფერმენტების ჩამონათვალთან დაკავშირებულ პირობებს;

ბ)  საკვები (სასურსათო) ფერმენტების სურსათში გამოყენების პირობებს;

გ)  საკვები (სასურსათო) ფერმენტების ეტიკეტირების წესებს.

3. ეს წესი ვრცელდება ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ საკვებ (სასურსათო) ფერმენტებზე.

4. ეს წესი  არ ვრცელდება საკვებ (სასურსათო) ფერმენტებზე, თუ მათი გამოყენება ხდება:

ა) „საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №585 დადგენილებით დამტკიცებულ „საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ განსაზღვრული საკვებდანამატების წარმოებისათვის;

ბ) დამხმარე ტექნოლოგიური დანამატის წარმოებისათვის.

5. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები გამოიყენება საკვები (სასურსათო) ფერმენტების გამოყენებასთან დაკავშირებულ  სპეციფიკურ წესებთან ერთად:

ა) სპეციფიკური (განსაკუთრებული) სურსათისათვის;

ბ) სხვა მიზნებისათვის, გარდა ამ  წესით განსაზღვრული მოთხოვნებისა.

6.  ამ  წესით განსაზღვრული დებულებები არ ვრცელდება სურსათის  წარმოებაში ტრადიციულად გამოყენებული მიკრობული კულტურების მიერ წარმოქმნილ იმ ფერმენტებზე, რომლებიც სპეციალურად არ გამოიყენება ამ სურსათის წარმოებისთვის და წარმოების პროცესში  მათი წარმოქმნა   ხდება შემთხვევით.

მუხლი 2.  ტერმინთა განმარტებები

1. ამ  წესით განსაზღვრულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) საკვები (სასურსათო) ფერმენტი – მცენარისგან, ცხოველისგან ან მიკროორგანიზმისგან ან მათი პროდუქტებისგან მიღებული ან მიკროორგანიზმ(ებ)ის გამოყენებით გამოწვეული ფერმენტაციის პროცესში მიღებული პროდუქტი:

ა.ა) რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე ფერმენტისაგან, რომელსაც აქვს  სპეციფიკური ბიოქიმიური რეაქციების კატალიზის უნარი;  

ა.ბ) სურსათში მისი ტექნოლოგიური დანიშნულებით დამატება    ხდება ნებისმიერ ეტაპზე წარმოების, გადამუშავების, მომზადების, დამუშავების, შეფუთვის, ტრანსპორტირების ან შენახვის დროს;

ბ) საკვები (სასურსათო) ფერმენტის პრეპარატი – ქიმიური შემადგენლობა,  რომელიც შეიცავს ერთ ან მეტ საკვებ (სასურსათო) ფერმენტს, რომელშიც სურსათის შენახვის, რეალიზაციის, სტანდარტიზაციის, გაზავების ან გახსნის გაუმჯობესების  მიზნით შერეულია საკვებდანამატ(ებ)ი და/ან სხვა სურსათის ინგრედიენტ(ებ)ი.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული  ტერმინებისა, ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება ასევე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, „მოთხოვნები გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბერის №549 დადგენილებით (შემდგომში – მოთხოვნები გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ) და „საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №585 დადგენილებით  განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 3. საკვები (სასურსათო) ფერმენტის ჩამონათვალი

ბაზარზე განთავსებისათვის  განკუთვნილი საკვები (სასურსათო) ფერმენტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ  წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს და გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ სპეციფიკაციებსა და გამოყენების პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში.

მუხლი 4. შეუსაბამო საკვები (სასურსათო) ფერმენტის აკრძალვა

დაუშვებელია საკვები (სასურსათო) ფერმენტის ან ამ საკვები (სასურსათო) ფერმენტის გამოყენებით დამზადებული სურსათის  ბაზარზე განთავსება, თუ ამ ფერმენტის გამოყენება არ შეესაბამება ამ  წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

მუხლი 5. საკვები (სასურსათო) ფერმენტის ჩანონათვალში შეტანის ზოგადი პირობები

საკვები (სასურსათო) ფერმენტი შეტანილი უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩამონათვალში მხოლოდ იმ პირობით, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ და ასევე ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ეს მოთხოვნებია:

ა) არსებული და ხელმისაწვდომი სამეცნიერო ან ტექნიკური დასაბუთების საფუძველზე,  გამოყენების შემოთავაზებული დონით, ფერმენტი არ წარმოქმნის  მომხმარებლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკს;

ბ) არსებობს გონივრული ტექნოლოგიური აუცილებლობა;

გ)  მის გამოყენებას შეცდომაში არ შეჰყავს მომხმარებელი, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება): გამოყენებული ინგრედიენტების ბუნებას, სიახლეს, ხარისხს, პროდუქტის ნატურალურობას ან ტექნოლოგიურ პროცესს ან პროდუქტის  კვებით ღირებულებას.

მუხლი 6. მოთხოვნები საკვები (სასურსათო) ფერმენტის ჩანონათვალში შეტანისათვის

1. საკვები (სასურსათო) ფერმენტის ჩამონათვალში შეტანისათვის მითითებული უნდა იქნეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) საკვები (სასურსათო) ფერმენტის დასახელება;

ბ) საკვები (სასურსათო) ფერმენტის სპეციფიკაციები, მათ შორის, მისი წარმოშობა, სისუფთავის კრიტერიუმები და სხვა აუცილებელი ინფორმაცია;

გ) სურსათი, რომელშიც შეიძლება, დამატებულ იქნეს ეს საკვები (სასურსათო) ფერმენტი;

დ) საკვები (სასურსათო) ფერმენტის გამოყენების პირობები. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, არ იქნეს მითითებული გამოყენების მაქსიმალური დონე. ამ შემთხვევაში, ფერმენტი გამოყენებული უნდა იქნეს პრინციპით – „საჭირო (საკმარისი) რაოდენობა“ (quantum satis);

ე) საჭიროების შემთხვევაში, მითითებული უნდა იქნეს, არის თუ არა შეზღუდვა საკვები (სასურსათო) ფერმენტის მომხმარებლისათვის  უშუალოდ (პირდაპირ) მიწოდებასთან დაკავშირებით;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, იმ სურსათის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მოთხოვნები, რომელშიც გამოყენებულ იქნა საკვები (სასურსათო) ფერმენტი, იმ პირობით, რომ საბოლოო მოხმარებელს მიეწოდება სურსათის ფიზიკურ თვისებებთან   დაკავშირებული ინფორმაცია ან ინფორმაცია იმ განსაკუთრებული დამუშავების თაობაზე, რომელსაც დაექვემდებარა სურსათი.

2. საკვები (სასურსათო) ფერმენტები, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით – „მოთხოვნები გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ“ განსაზღვრული დებულებები, შესაძლებელია, საკვები (სასურსათო) ფერმენტის ჩამონათვალში შეტანილ იქნეს მხოლოდ იმ პირობით, თუ იგი უკვე ავტორიზებულია აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით.

3. თუ საკვები (სასურსათო) ფერმენტი, რომელიც უკვე შეტანილია საკვები (სასურსათო) ფერმენტების ჩამონათვალში, მიღებულია სხვა წყაროდან, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით – „მოთხოვნები გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ“  განსაზღვრული დებულებები, არ საჭიროებს წინამდებარე წესებით განსაზღვრულ ახალ ავტორიზაციას, რამდენადაც ახალი წყარო უკვე დაექვემდებარა „მოთხოვნები გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ“ განსაზღვრულ ავტორიზაციას და საკვები (სასურსათო) ფერმენტი შეესაბამება აღნიშნული  დადგენილებით განსაზღვრულ სპეციფიკაციებს.

მუხლი 7.  მოთხოვნები იმ  საკვები (სასურსათო) ფერმენტებისა და საკვები (სასურსათო) ფერმენტის პრეპარატების ეტიკეტირებისადმი, რომლებიც  არ არის განკუთვნილი საბოლოო მომხმარებლისათვის მისაწოდებლად 

1. საკვები (სასურსათო) ფერმენტები და საკვები (სასურსათო) ფერმენტის პრეპარატები, რომელთა  მიწოდება ხდება ინდივიდუალურად, ან ერთმანეთთან  და/ან  სურსათის სხვა ინგრედიენტებთან   შერეული სახით და არ არის განკუთვნილი საბოლოო მომხმარებლისათვის მისაწოდებლად, ბაზარზე განთავსებისათვის ეტიკეტირებული უნდა იქნეს  ამ  მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები და არ უნდა იშლებოდეს ადვილად.

2. ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე.

3. დასაშვებია, სავალდებულო ინფორმაცია, გარდა ქართული ენისა, წარდგენილ იქნეს ასევე სხვა ენაზეც.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკვები (სასურსათო) ფერმენტების, რომლებიც არ არის განკუთვნილი საბოლოო მომხმარებლისათვის, ან საკვები (სასურსათო) ფერმენტის პრეპარატების შეფუთვასა და ტარაზე განთავსებული უნდა იქნეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) ამ წესით განსაზღვრული  ფერმენტის დასახელება ან სავაჭრო აღწერილობა, რომელიც მოიცავს ცალკეული ფერმენტის დასახელებას, ან, ცალკეული ფერმენტისათვის დასახელების არ არსებობის შემთხვევაში, დასახელებას, რომელიც განსაზღვრულია  ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის საერთაშორისო კავშირის (IUBMB – International Union of Biochemistry and Molecular Biology)  ნომენკლატურით;

ბ) მითითება – „განკუთვნილია სურსათში გამოყენებისათვის“ ან მითითება – „განკუთვნილია სურსათში შეზღუდულად გამოყენებისათვის“ ან სხვა, უფრო კონკრეტული მითითება სურსათში მიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით;

გ) საჭიროების შემთხვევაში, შენახვის ან/და გამოყენების სპეციალური პირობები;

დ) პარტიის ან ლოტის საიდენტიფიკაციო ნიშანი;

ე) გამოყენების ინსტრუქცია, იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუქციის არარსებობა  ხელს შეუშლის საკვებდანამატების სათანადო გამოყენებას;

ვ) ბიზნესოპერატორის (მწარმოებელი, შემფუთავი ან რეალიზატორი) დასახელება ან საფირმო დასახელება და მისამართი;

ზ) მითითება თითოეული იმ კომპონენტის ან კომპონენტთა ჯგუფის მაქსიმალური რაოდენობის შესახებ, რომელთა გამოყენება სურსათში შეზღუდული რაოდენობით ხდება; და/ან მკაფიო და გასაგები ტერმინებით მითითებული სხვა სათანადო ინფორმაცია, რაც შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს, დაიცვას ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები. იმ შემთხვევაში, თუ  რაოდენობის ასეთივე  შეზღუდვა ეხება კომპონენტების ჯგუფს, რომელთა გამოყენება ხდება ინდივიდუალურად ან კომბინაციაში ნარევის სახით, დასაშვებია მათი საერთო პროცენტული რაოდენობა გამოსახულ იქნეს ერთი ციფრით; რაოდენობასთან დაკავშირებული შეზღუდვები გამოსახული უნდა იქნეს ან ციფრებით ან პრინციპით –  „საჭირო რაოდენობა“ (quantum satis);

თ) ნეტო (სუფთა) წონა; 

ი) საკვები (სასურსათო) ფერმენტ(ებ)ის აქტივობა;

კ) ვარგისიანობის მინიმალური ვადის გასვლის ან „გამოიყენება ....მდე“ თარიღი;

ლ) საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაცია   საკვები (სასურსათო) ფერმენტის ან ამ მუხლით განსაზღვრული  სხვა იმ ნივთიერებების შესახებ, რომელთა ჩამონათვალი დადგენილია  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული „ინგრედიენტების ჩამონათვალში არომატიზატორების აღნიშვნითა და მითითებებით“.

5. თუ  საკვები (სასურსათო) ფერმენტის და/ან  საკვები (სასურსათო) ფერმენტის პრეპარატების მიწოდება ხდება მათი ნარევის  და/ან სურსათის სხვა ინგრედიენტებთან ნარევის სახით, მათ შეფუთვაზე ან ტარაზე მითითებული უნდა იქნეს ყველა ინგრედიენტის შემცველობა პროცენტულად, საერთო წონასთან მიმართებით, წონის კლებადობის მიხედვით.

6. საკვები (სასურსათო) ფერმენტის პრეპარატების შეფუთვაზე ან ტარაზე მითითებულ უნდა იქნეს ყველა კომპონენტის  ჩამონათვალი პროცენტულად, საერთო წონასთან მიმართებით,  წონის კლებადობის მიხედვით.

7. დასაშვებია ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ – „ზ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია მითითებულ იქნეს პარტიის თანმხლებ დოკუმენტებში, რომლებიც აუცილებლად წარდგენილი უნდა იქნეს მიწოდებისას ან მიწოდებამდე იმ პირობით, რომ მითითება „არ არის განკუთვნილი საცალო ვაჭრობისათვის“ განთავსებული იქნება მოცემული პროდუქტის შეფუთვის ან ტარის ხედვის არეალში.

8. იმ შემთხვევაში, თუ  საკვები (სასურსათო) ფერმენტის და/ან საკვები (სასურსათო) ფერმენტის პრეპარატების მიწოდება ხდება კონტეინერით (ცისტერნა, ტანკერი, რეზერვუარი), დასაშვებია ყველა სახის ინფორმაცია მოცემულ იქნეს პარტიის თანმხლებ დოკუმენტებში, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს მიწოდების დროს.

მუხლი 8. მოთხოვნები იმ  საკვები (სასურსათო) ფერმენტებისა და საკვები (სასურსათო) ფერმენტის პრეპარატების ეტიკეტირებისადმი, რომლებიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის მისაწოდებლად

1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, საკვები (სასურსათო) ფერმენტებისა და საკვები (სასურსათო) ფერმენტის პრეპარატები, რომლებიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის მისაწოდებლად, მიუხედავად იმისა, თუ რა სახით ხდება მათი მიწოდება, ინდივიდუალურად ან ერთმანეთთან და/ან სურსათის სხვა ინგრედიენტებთან  შერეული სახით, ბაზარზე განთავსებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეფუთვაზე მითითებული იქნება შემდეგი სახის ინფორმაცია:  

ა) ამ წესით განსაზღვრული ცალკეული საკვები (სასურსათო) ფერმენტების დასახელება ან სავაჭრო აღწერილობა, რომელიც მოიცავს თითოეული საკვები (სასურსათო) ფერმენტების დასახელებას ან, ასეთი დასახელების არარსებობის შემთხვევაში,  დასახელებას, რომელიც  განსაზღვრულია ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის საერთაშორისო კავშირის (IUBMB – International Union of Biochemistry and Molecular Biology)  ნომენკლატურით;

ბ) მითითება „განკუთვნილია სურსათისათვის“ ან მითითება – „განკუთვნილია სურსათში შეზღუდულად გამოყენებისათვის“ ან უფრო კონკრეტული მითითება სურსათში მიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები და არ უნდა იშლებოდეს ადვილად, ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე.

3. დასაშვებია, სავალდებულო ინფორმაცია, გარდა ქართული ენისა,  წარდგენილ იქნეს ასევე სხვა ენაზეც.

მუხლი 9. სხვა მოთხოვნები ეტიკეტირებისადმი

ამ წესის მე-7-მე-8 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები საშიში ნივთიერებების წონასთან/მოცულობასთან დაკავშირებით, ასევე  მოთხოვნები  საშიში ნივთიერებებისა და პრეპარატების  წარდგენის (პრეზენტაციის) კლასიფიკაციის, შეფუთვის ან ასეთი ნივთიერებებისა და პრეპარატების ეტიკეტირებისადმი ან ტრანსპორტირებისადმი.