დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 141/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 21/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/07/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016491 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (22/07/2020 - 04/08/2023)
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესი თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 7 მაისის №124/01 ბრძანება და „იურიდიული პირების მიერ ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 31 ივლისის №72/04 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან. |
|
ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის (შემდგომში – სავაჭრო სისტემა) მეშვეობით ამ სისტემის მონაწილეებს შორის ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესებს.
2. ამ წესის მიზანია იურიდიულ პირთათვის ბლუმბერგის სავაჭრო სისტემით სარგებლობაზე და ვალუტით ელექტრონულ ვაჭრობაზე უნიფიცირებული პირობების განსაზღვრა. 3. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა სავაჭრო სისტემაში ვალუტით ვაჭრობისათვის საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისათვის და არასაფინანსო სექტორის ისეთი იურიდიული პირებისათვის, ვინც წერილობით აღიარებს სავაჭრო სისტემაში ამ წესის შესაბამისად მოქმედებას. 4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ არასაფინანსო სექტორის იურიდიულ პირებზე, რომლებიც სავაჭრო სისტემით ვალუტით ელექტრონულ ვაჭრობას ახორციელებენ ამ წესისაგან განსხვავებული პირობებით. 5. სავაჭრო სისტემაში ჩართვის და გარიგებების დადების უფლება აქვს ნებისმიერ იურიდიულ პირს და არ საჭიროებს თანხმობას საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მხრიდან, გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 6. ამ წესის შესაბამისად სავაჭრო სისტემაში შესაძლებელია სპოტ, ფორვარდული და სვოპ სავალუტო გარიგებების დადება. 7. ამ წესის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი თანხმობის ეროვნულ ბანკში წარდგენით სისტემის მონაწილე არასაფინანსო სექტორის იურიდიული პირები აღიარებენ ამ წესის მოთხოვნების სავალდებულო შესრულებას. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სავაჭრო სისტემა – ბლუმბერგის ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც ხდება გარიგებების დადება; ბ) სისტემის მონაწილე – სავაჭრო სისტემის მომხმარებელი იურიდიული პირი, რომელიც სავაჭრო სისტემისა და ამ წესების შესაბამისად დებს გარიგებებს სავაჭრო სისტემის სხვა მონაწილესთან; გ) სადილინგო კოდი – სავაჭრო სისტემის მიერ სისტემის მონაწილისათვის მინიჭებული ოთხნიშნა კოდი, რომლითაც სისტემის მონაწილე სავაჭრო სისტემაში ახორციელებს საკუთარი საჭიროებისათვის განკუთვნილ საქმიანობას; დ) საბროკერო კოდი – ეროვნული ბანკის თანხმობით სავაჭრო სისტემის მიერ სისტემის მონაწილისათვის მინიჭებული სადილინგო კოდისგან განსხვავებული ოთხნიშნა კოდი, რომელსაც სისტემის მონაწილე იყენებს სავაჭრო სისტემაში თავისი კლიენტის დავალებით განსახორციელებელი საქმიანობისათვის; ე) დილერი – სისტემის მონაწილის თანამშრომელი, რომელიც სისტემის მონაწილის სახელით და მისი საჭიროებისათვის სადილინგო კოდით დებს გარიგებებს სავაჭრო სისტემაში; ვ) სავალუტო ბროკერი – სისტემის მონაწილე ან მისი თანამშრომელი, რომელიც კლიენტის დავალებით, სისტემის მონაწილის სახელით და საბროკერო კოდით დებს გარიგებებს სავაჭრო სისტემაში; ზ) RFQ – ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის პლატფორმა, რომლის მეშვეობით სისტემის მონაწილე თავისი სახელით და/ან კლიენტის დავალებით მის მიერ არჩეულ სისტემის სხვა მონაწილეს/მონაწილეებს უგზავნის ვალუტის ყიდვის და/ან გაყიდვის განაცხადს, რომელიც სავაჭრო სისტემაში საჭიროებს გარიგების ორივე მხარის დასტურს; თ) BMatch – ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის პლატფორმა, რომლის მეშვეობით სისტემის მონაწილე თავისი სახელით და/ან კლიენტის დავალებით განათავსებს ვალუტის ყიდვის და/ან გაყიდვის განაცხადს, რომელიც გაცვლითი კურსის თანხვედრის შემთხვევაში სავაჭრო სისტემის მიერ კმაყოფილდება ავტომატურად; ი) კოტირება – ვალუტის ყიდვაგაყიდვის კურსების გამოცხადება; კ) გარიგების დადების დღე – დღე, როდესაც ხდება გარიგების პირობების შეთანხმება მხარეებს შორის. |
მუხლი 3.
სავაჭრო სისტემის მონაწილეთა ავტორიზაცია |
1. სავაჭრო სისტემაში ჩართვისათვის სისტემის მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირი პირდაპირ მიმართავს კომპანია ბლუმბერგს (www.bloomberg.com/professional/).
2. სავაჭრო სისტემაში ჩართვა ხორციელდება სავაჭრო სისტემასა და მასში მონაწილეობაზე მსურველ იურიდიულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 3. სავაჭრო სისტემა სისტემის მონაწილეს აძლევს სადილინგო კოდს, რომლის მართებულად გამოყენებაზე პასუხისმგებელია სისტემის მონაწილე. 4. BMatch პლატფორმაზე წვდომას და საბროკერო კოდს სავაჭრო სისტემა სისტემის მონაწილეს აძლევს მხოლოდ ეროვნული ბანკის მიმართვის შემთხვევაში. მის მართებულად გამოყენებაზე პასუხისმგებელია სისტემის მონაწილე. საბროკერო კოდი შეიძლება მიეცეს მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს და საბროკერო კომპანიას. 5. სისტემის მონაწილე სავაჭრო სისტემაში სპეციალურ საინფორმაციო გვერდზე განათავსებს და ცვლილების შემთხვევაში ანახლებს შემდეგ ინფორმაციას: ა) სისტემის მონაწილის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია; ბ) სადილინგო კოდი და საბროკერო კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) საბანკო ანგარიშების რეკვიზიტები, რომლის მეშვეობით სისტემის მონაწილეები ახორციელებენ გარიგების ანგარიშსწორებას. 6. სადილინგო და საბროკერო კოდის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს სავაჭრო სისტემის სპეციალურ გვერდზე. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციაში ცვლილებების შემთხვევაში სისტემის მონაწილე ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია დაუგზავნოს სისტემის დანარჩენ მონაწილეებს და ეროვნულ ბანკს. წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემის მონაწილეები უფლებამოსილი არიან იხელმძღვანელონ ცვლილებამდე არსებული მონაცემებით. 8. სისტემის მონაწილის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში იურიდიული პირი ვალდებულია სავაჭრო სისტემაში მონაწილეობის გაუქმების მოთხოვნით წერილობით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) მიმართოს სავაჭრო სისტემას და იმავდროულად შესაბამისი ინფორმაცია გაუგზავნოს სავაჭრო სისტემაში თავის ყველა კონტრაჰენტს. 9. ამ წესის შესაბამისად დადებულ გარიგებებზე ვრცელდება ამ წესის დებულებები და დადებული გარიგებების შესრულება სისტემის მონაწილისათვის სავალდებულოა სისტემის მონაწილის სტატუსის გაუქმების შემდეგაც. 10. სისტემის მონაწილე არასაფინანსო სექტორის იურიდიული პირები ერთჯერადად წერილობით მიმართავენ ეროვნულ ბანკს და წერილობით აცხადებენ თანხმობას ამ წესის გამოყენებაზე და ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების სავალდებულო შესრულებაზე. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სავაჭრო სისტემაში ასეთი მონაწილეების სიის გამოქვეყნებას და განახლებას. |
მუხლი 4.
კოტირებების გამოქვეყნება და გარიგებების დადება |
1. ამ წესის პირობების დაცვით სისტემის მონაწილეს შეუძლია გარიგებები დადოს სისტემის სხვა მონაწილესთან.
2. გარიგებების დადების მიზნით სისტემის მონაწილეები ერთმანეთს ორმხრივად ერთჯერადად ანიჭებენ სავაჭრო სისტემაში კონტრაჰენტის სტატუსს. მონაწილეს შეუძლია ცალმხრივად შეუჩეროს მეორე მონაწილეს კონტრაჰენტის სტატუსი მასთან ვაჭრობის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. 3. სისტემის მონაწილე კომერციული ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია ყოველ საბანკო დღეს სავაჭრო სისტემაში სპეციალურ გვერდზე გამოაქვეყნოს და მუდმივად განაახლოს საკუთარი კოტირებები. 4. სისტემაში გამოქვეყნებული კურსი ნიშნავს მონაწილის მზადყოფნას აღნიშნული კურსით განახორციელოს გარიგება 200 000 (ორასი ათასი) აშშ დოლარის (ან შესაბამისი ეკვივალენტის სხვა უცხოურ ვალუტაში) ფარგლებში სპოტ ანგარიშსწორებით. გარიგების კონკრეტული პირობების და უფრო დიდი მოცულობის გარიგებებზე კურსის შეთანხმება მხარეთა შორის დამატებით ხდება. ამ პუნქტის მიზნებისათვის, ერთი მონაწილის მიერ სისტემაში გამოქვეყნებულ თითოეულ კურსთან მიმართებით გაგზავნილი რამდენიმე განაცხადი განიხილება ერთ განაცხადად და დაკმაყოფილდება მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მიუხედავად განაცხადით მოთხოვნილი მოცულობისა. 5. სავაჭრო სისტემის მეშვეობით გარიგებების დადება შესაძლებელია ყოველ საბანკო დღეს და მათი დადების დრო არ იზღუდება. 6. სავაჭრო სისტემაში გარიგების დადებისათვის სისტემის მონაწილეებს საკუთარი არჩევანით შეუძლიათ გამოიყენონ სავაჭრო სისტემის RFQ ან/და BMatch პლატფორმა, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 7. სისტემის მონაწილეები სავაჭრო სისტემის RFQ და BMatch პლატფორმის მეშვეობით გარიგებებს დებენ სავაჭრო სისტემის მიერ განსაზღვრული წესებით. 8. სავალუტო ბროკერსა და კლიენტს შორის შეთანხმების შესაბამისად, ვალუტის ყიდვაზე და/ან გაყიდვაზე კლიენტის დავალება სავალუტო ბროკერმა შეიძლება შეასრულოს როგორც პრინციპალმა მოვაჭრემ და როგორც აგენტმა მოვაჭრემ. 9. ვალუტის ყიდვას და/ან გაყიდვას სავალუტო ბროკერი სავაჭრო სისტემაში ახორციელებს მხოლოდ საბროკერო კოდის მეშვეობით. ვალუტის ყიდვის და/ან გაყიდვის შესახებ კლიენტის დავალებას სავალუტო ბროკერი სავაჭრო სისტემაში განათავსებს კლიენტის დავალებით განსაზღვრული პირობების (თანხა, კურსი) მიხედვით. 10. სავაჭრო სისტემაში კლიენტის დავალებით და საბროკერო კოდით უცხოური ვალუტის ყიდვის და/ან გაყიდვის განაცხადების წარმოებაზე კომერციულმა ბანკმა და/ან საბროკერო კომპანიამ კლიენტს შეიძლება დაუწესოს მხოლოდ ფიქსირებული საკომისიო გადასახადი. 11. სისტემის მონაწილეს შეუძლია სავაჭრო სისტემაში მისი საბროკერო კოდით განთავსებული განაცხადი დააკმაყოფილოს საკუთარი სადილინგო კოდით და პირიქით. 12. სავალუტო ბროკერს შეუძლია სავაჭრო სისტემაში მისი საბროკერო კოდით განთავსებული განაცხადი შეცვალოს კლიენტის დავალების შესაბამისად. 13. სავაჭრო სისტემის მეშვეობით დადებული გარიგებები საბოლოოა და მათი გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. 14. გარიგების დადების დღეს სავაჭრო სისტემის მეშვეობით დადებული გარიგების პირობების ცვლილებას და/ან გაუქმებას მხარეები დაუყოვნებლივ არეგისტრირებენ სავაჭრო სისტემაში. 15. თუ სისტემის მონაწილეები გარიგებას დებენ სავაჭრო სისტემის გარეთ და მათ სურთ გარიგების რეგისტრაცია სავაჭრო სისტემაში, მხარეებმა ასეთი გარიგება სავაჭრო სისტემის RFQ პლატფორმის მეშვეობით უნდა დაარეგისტრირონ გარიგების დადებიდან არაუგვიანეს 15 წუთისა. 16. სისტემის მონაწილე ვალდებულია გაუქმებული გარიგების ან გარიგების პირობებში ცვლილებების მიზეზების შესახებ ინფორმაცია, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს ეროვნულ ბანკს. |
მუხლი 5.
ანგარიშსწორება და საზედამხედველო ზომები, სანქციები |
1. სისტემის მონაწილეებს შორის ანგარიშსწორება ხდება დადებული გარიგების პირობების შესაბამისად, გარიგებაში მითითებულ ანგარიშსწორების დღეს.
2. სისტემის მონაწილე კომერციულ ბანკებს შორის სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგების ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების პირობების შესაბამისად და მხარეთა საკორესპონდენტო ანგარიშების მეშვეობით (თუ მხარეთა შორის გარიგების დადებისას დამატებით სხვა რამ არ არის შეთანხმებული): ა) ეროვნულ ბანკში ან კომერციულ ბანკში არსებული ლარის საკორესპონდენტო ანგარიშის მეშვეობით ეროვნული ვალუტით ანგარიშსწორებისათვის; ბ) უცხოურ ბანკში ან ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში, აგრეთვე ეროვნულ ბანკში უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშის მეშვეობით უცხოური ვალუტით ანგარიშსწორებისათვის. 3. სისტემის მონაწილე არასაბანკო იურიდულ პირთან გარიგების ანგარიშსწორება ხორციელდება სავაჭრო სისტემაში სპეციალურ გვერდზე განთავსებული სისტემის მონაწილის საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით, თუ მხარეთა შორის ანგარიშსწორებაზე სხვა რამ არ არის შეთანხმებული. 4. თუ გარიგების ერთ-ერთი მხარე არის სისტემის მონაწილე არასაბანკო დაწესებულება, ხოლო მეორე მხარე კომერციული ბანკი, ეს უკანასკნელი ანგარიშსწორებას ახორციელებს მხოლოდ არასაბანკო დაწესებულების მიერ ანგარიშსწორების განხორციელების შემდეგ, თუ მხარეთა შორის დამატებით სხვა რამ არ არის შეთანხმებული. ამასთან: ა) თუ სისტემის მონაწილე არასაბანკო დაწესებულების მიერ ანგარიშსწორების განხორციელების შემდეგ კომერციული ბანკის მიერ ანგარიშსწორებისთვის დარჩენილია შესაბამისი ვალუტისთვის არსებული ანგარიშსწორების შეზღუდვის/შეჩერების დრომდე 1 საათზე ნაკლები, კომერციული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს ანგარიშსწორება შემდეგ საბანკო დღეს; ბ) სისტემის მონაწილე კომერციული ბანკის მიერ ანგარიშსწორება ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად, თუ ის ანგარიშსწორებას განახორციელებს ამისთვის დადგენილ ვადაში, მიუხედავად იმისა, განახორციელებს თუ არა სისტემის მონაწილის ანაგარიშსწორების ანგარიშის მომსახურე ბანკი სისტემის მონაწილის ანგარიშზე თანხის ასახვას; გ) თუ გარიგებით გათვალისწინებული ანგარიშსწორება ხორციელდება იმავე კომერციულ ბანკში არსებულ ანგარიშებზე, ასეთი კომერციული ბანკი უფლებამოსილია სისტემის მონაწილის მიერ განსახორციელებელი ანგარიშსწორების თანხა უაქცეპტოდ ჩამოჭრას სისტემის მონაწილის ანგარიშიდან. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში კომერციული ბანკის მიერ ანგარიშსწორება ჩაითვლება გარიგებით გათვალისწინებულ დღეს განხორციელებულად და არ მიიჩნევა გარიგების ანგარიშსწორების ვადის დარღვევად. 6. სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების ანგარიშსწორება ხდება მხოლოდ უნაღდო ფორმით. 7. იმ შემთხვევაში, თუ სისტემის მონაწილე არ ან ვერ უზრუნველყოფს ანგარიშსწორებას გარიგების ანგარიშსწორების დღეს, ანგარიშსწორება ხორციელდება მომდევნო საბანკო დღეს. ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო პროცენტი დაეკისრება მხოლოდ იმ მონაწილეს, რომლის მიზეზითაც ვერ მოხდა ანგარიშსწორება გარიგებით გათვალისწინებულ დღეს. 8. იმ შემთხვევაში, თუ სისტემის მონაწილე არ ან ვერ განახორციელებს ანგარიშსწორებას მომდევნო საბანკო დღესაც, მეორე მხარეს უფლება აქვს გააუქმოს გარიგება. 9. გარიგების ანგარიშსწორების ვადის დარღვევისათვის სისტემის მონაწილე ვალდებულია მეორე მხარეს დაგვიანებულ თანხაზე დამატებით გადაუხადოს საჯარიმო პროცენტი ანგარისწორების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. წლიური საჯარიმო პროცენტი ეროვნული ვალუტის თანხის დაგვიანების შემთხვევაში არის ანგარიშსწორების დღის TIBR-ის განაკვეთს დამატებული 5 პროცენტული პუნქტი, ხოლო უცხოური ვალუტის თანხის დაგვიანების შემთხვევაში, შესაბამის ვალუტაში ოვერნაითის ბენჩმარკ (ურისკო) საპროცენტო განაკვეთს დამატებული 5 პროცენტული პუნქტი. ამასთან, თუ შესაბამის უცხოურ ვალუტაში არ დგინდება ბენჩმარკ (ურისკო) საპროცენტო განაკვეთი, მაშინ საჯარიმო პროცენტი არის შესაბამისი ვალუტის ქვეყანაში დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 5 პროცენტული პუნქტი. 10. გარიგების ანგარიშსწორების ვადის დარღვევის გამო გარიგების გაუქმებისათვის სისტემის მონაწილე ვალდებულია მეორე მხარეს გადაუხადოს პირგასამტეხლო გარიგების თანხის 5%-ის ოდენობით. 11. სისტემის მონაწილე ვალდებულია საჯარიმო პროცენტი და პირგასამტეხლოს თანხა გადაიხდოს გარიგების მეორე მხარის საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს გარიგების ანარიშსწორების დღიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში. 12. გარიგების გაუქმების შემთხვევაში გარიგების შესაბამისად გადახდილი თანხა მიმღებმა სრულად უნდა დაუბრუნოს გადამრიცხველს არაუგვიანეს გარიგების გაუქმების დღისა. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის მიმღებს მეორე მხარის სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო ეროვნული ვალუტის თანხის შემთხვევაში მასზე დარიცხული TIBR-ის განაკვეთს დამატებული 5 პროცენტული პუნქტის შესაბამისი თანხა, ხოლო უცხოური ვალუტის თანხის შემთხვევაში, მასზე დარიცხული ბენჩმარკ (ურისკო) საპროცენტო განაკვეთს დამატებული 5 პროცენტული პუნქტის შესაბამისი თანხა, ხოლო თუ შესაბამის უცხოურ ვალუტაში არ დგინდება ბენჩმარკ (ურისკო) საპროცენტო განაკვეთი, მაშინ შესაბამისი ვალუტის ქვეყანაში დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 5 პროცენტული პუნქტის შესაბამისი თანხა. 13. იმ შემთხვევაში, თუ გარიგების რომელიმე მონაწილე ვერ უზრუნველყოფს გარიგების ანგარიშწორების განხორციელებას გარიგების ანარიშსწორების დღიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში, მეორე მხარე უფლებამისილია ეს ფაქტი აცნობოს ეროვნულ ბანკს. 14. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, სისტემის მონაწილეს მისცეს წერილობითი გაფრთხილება, ცალმხრივად შეუჩეროს ან/და შეუწყვიტოს BMatch პლატფორმაზე წვდომის უფლება და/ან ეროვნულ ბანკთან ოპერაციებში მონაწილის სტატუსი და/ან ლიმიტი, თუ ჩათვლის, რომ ის სისტემატურად არღვევს ამ წესის მოთხოვნებს, ან ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები