გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესების დამტკიცების შესახებ

გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 16/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016389
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
39
16/07/2020
ვებგვერდი, 24/07/2020
300280000.16.009.016389
გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (24/07/2020 - 23/02/2023)

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №39

2020 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

 

გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესების დამტკიცების შესახებ

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის,  30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

1. დამტკიცდეს „გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის  განცალკევების წესები“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე



გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესები

მუხლი 1. მოქმედების სფერო და მიზანი

1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესები (შემდგომში – წესები) ადგენს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების სავალდებულო კრიტერიუმებს და ამ კრიტერიუმებთან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის   შესაბამისობას. წესები ასევე ადგენს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისობის პროგრამის შემუშავებასთან, დანერგვასთან, წარდგენასთან, მიღებასა და გამოქვეყნებასთან, ასევე, შესაბამისობის ოფიცრის საქმიანობასთან დაკავშირებულ წესებსა და მოთხოვნებს.

2. ეს წესები ვრცელდება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებზე, გარდა იმ გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებისა, რომლებიც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გათავისუფლებულია განცალკევებასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან.

 

მუხლი 2. ტერმინების გამოყენება

1. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

2. ამ წესებით განსაზღვრული ყველა ზოგადი ტერმინი განმარტებული და გამოყენებული უნდა იქნეს როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი გაზის სექტორის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაბამისი დებულების კონტექსტი ცალსახად მიანიშნებს მის გამოყენებაზე მხოლოდ კონკრეტული სექტორის ან მასთან დაკავშირებული ურთიერთობის მიმართ.

 

მუხლი 3. განცალკევების ვალდებულება

1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, სულ მცირე, სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც განაწილებას არ უკავშირდება.

2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის მიზნით, უნდა განხორციელდეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

3.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში –  კომისია).

 

მუხლი 4. სამართლებრივი განცალკევება

1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი არის სპეციალური და დამოუკიდებელი ენერგეტიკული საწარმო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირია.

2. იმ პირობით, რომ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ყველა შემთხვევაში მოქმედებს, როგორც განცალკევებული, განაწილების საქმიანობის განმახორციელებელი საწარმო, სამართლებრივი განცალკევება ხელს არ უშლის:

ა) ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს, დარჩეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ერთადერთ აქციონერად/პარტნიორად;

ბ) ჰოლდინგურ საწარმოს, იყოს როგორც გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის, ისე ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ერთადერთი აქციონერი/პარტნიორი.

3. იმ შემთხვევაში, თუ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, მისი სამართლებრივი განცალკევება შესაძლებელია განხორციელდეს  ერთ-ერთი შემდეგი გზით:

ა) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ჩამოყალიბდება განცალკევებულ საწარმოდ, რომელიც რჩება ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს შვილობილ საწარმოდ; 

ბ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ჩამოყალიბდება განცალკევებულ საწარმოდ და გამოეყოფა ყველა ფუნქცია, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება განაწილებას;

გ) დაფუძნდება ჰოლდინგური საწარმო, რომელიც ამავდროულად იქნება როგორც გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის, ისე ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს აქციონერი/პარტნიორი.

4. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, არ არის შეზღუდული ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლო სტრუქტურული ცვლილებებით  და შესაძლებელია, მისი სამართლებრივი განცალკევება განხორციელდეს განსხვავებული სახით, იმ პირობით, რომ სრულად იქნება დაცული ამ წესებით დადგენილი პრინციპები და მოთხოვნები.

 

მუხლი 5. მენეჯმენტის განცალკევება

1. დაუშვებელია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების მონაწილეობა ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს კორპორაციულ სტრუქტურებში შემავალი იმ საწარმოების მართვაში, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ პასუხისმგებელია წარმოების, გადაცემის,  მიწოდების ან/და ვაჭრობის ყოველდღიური საქმიანობისთვის.

2. ამ წესების მიზნებისთვის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებში იგულისხმებიან  მისი კოლეგიური ორგანოების – სამეთვალყურეო საბჭოსა და მმართველი საბჭოს წევრები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე სხვა პირი/პირები, მათ შორის, დირექტორი, მისი მოადგილე და საშუალო რგოლის მენეჯერები.

3. ფუნქციური განცალკევების ვალდებულება ხელს არ უშლის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის აქციების/წილების მფლობელ საწარმოს, რომელიც პირდაპირ არ მონაწილეობს წარმოების, გადაცემის,  მიწოდების ან/და ვაჭრობის ყოველდღიურ საქმიანობაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, დანიშნოს საკუთარი კანდიდატი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სამეთვალყურეო და მმართველ საბჭოებში.

4. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა და მისი აქციების/წილების მფლობელმა საწარმომ უნდა მიიღოს გონივრული ზომები, რათა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სამეთვალყურეო და მმართველი საბჭოების წევრების, სულ მცირე, ნახევარი მაინც იყვნენ დამოუკიდებლები.

 

მუხლი 6. მენეჯმენტის დამოუკიდებლობა

1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია სათანადო ზომების მიღება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მართვისთვის პასუხისმგებელი პირების პროფესიული ინტერესების იმგვარად გათვალისწინებისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათი შესაძლებლობა, იმოქმედონ დამოუკიდებლად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს:

ა) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირების თანამდებობაზე დანიშვნა დამოუკიდებლობის მოთხოვნათა დაცვით. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სამეთვალყურეო საბჭოს (ასეთის არარსებობის შემთხვევაში – გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის აქციონერების/პარტნიორების გადაწყვეტილების საფუძველზე), ხოლო გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის  ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი სხვა პირების თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის უფლებამოსილი კოლეგიური ორგანოს, ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი – გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე;

ბ)  ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა;

გ) ანაზღაურების პოლიტიკის დამტკიცება  და გარანტიები, რომ ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების ანაზღაურება ან/და ნებისმიერი მატერიალური წახალისება არ იქნება დამოკიდებული ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ან/და მისი სხვა შემადგენელი ნაწილის ფინანსურ მაჩვენებლებზე; 

დ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობიდან გათავისუფლების გამჭვირვალე კრიტერიუმების წინასწარი განსაზღვრა საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტებით/შიდაორგანიზაციული აქტებით და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის უფლებამოსილი კოლეგიური ორგანოს/პირის მიერ;

ე)  გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მართვაზე პასუხისმგებელი პირების ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ან მისი შემადგენელი ნაწილის სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანის შემთხვევაში ამ პირების მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;

ვ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების მიერ ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ან/და მისი სხვა  შემადგენელი ნაწილის აქციების/წილების საკუთრების უფლებით ფლობის აკრძალვა საწარმოს შიდაორგანიზაციული აქტებით.

 

მუხლი 7. გადაწყვეტილების მიღების ეფექტიანი  უფლება

1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უნდა გააჩნდეს  ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოსგან ან მისი სხვა შემადგენელი ნაწილისგან გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების ეფექტიანი უფლება ამ წესების მე-8 მუხლით გათვალისწინებულ იმ აქტივებთან მიმართებით რომლებიც აუცილებელია გამანაწილებელი ქსელის ოპერირებისთვის, მოვლა-პატრონობისთვის ან/და განვითარებისათვის.  ამ მიზნით:

ა) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უნდა აღიჭურვოს ყველა ფუნქციით, რომელიც უკავშირდება გამანაწილებელი ქსელის ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და  განვითარებას „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, რათა განახორციელოს განაწილებასთან დაკავშირებული ყველა მომსახურება განაწილების ლიცენზიის მოქმედების არეალში;

ბ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილებები გამანაწილებელი ქსელის მშენებლობის და გაუმჯობესების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებები არ უნდა საჭიროებდეს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ან მისი სხვა შემადგენელი ნაწილის მიერ წინასწარ ან/და მიღების შემდგომ დადასტურებას;

გ) მხოლოდ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი წარმოადგენს განაწილებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე პასუხისმგებელ პირს და ამ მიზნით ასრულებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

2. მიუხედავად გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა, ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმო უფლებამოსილია, დაამტკიცოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წლიური ფინანსური გეგმა ან მისი ეკვივალენტური დოკუმენტი ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს დაუდგინოს ვალიანობის კოეფიციენტის ზღვარი.

3. ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს უფლება არ აქვს, გასცეს მითითებები გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებით ან იმ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რომლებიც შეეხება გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას ან/და გაუმჯობესებას და  შეესაბამება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული ფინანსური გეგმის ან მისი ეკვივალენტური დოკუმენტის პირობებს.

 

მუხლი 8. აუცილებელი რესურსები

1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით განსაზღვრულ სალიცენზიო პირობებსა და მოთხოვნებს.

2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად უნდა ფლობდეს გამანაწილებელ ქსელს და განაწილების საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელ აღჭურვილობას  და ჰყავდეს სათანადო კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მქონე ადამიანური რესურსი შესაბამისი პროფესიული ფუნქციების შესასრულებლად ან/და მესამე პირებისგან იღებდეს შესაბამის მომსახურებებს, იმ პირობით, რომ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესებით დადგენილ განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნებს.

3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უნდა ჰქონდეს ამ წესების მე-7 მუხლით გათვალისწინებული  გადაწყვეტილების მიღების ეფექტიანი უფლება რესურსების მართვასთან დაკავშირებით.

4. გამანაწილებელი ქსელის ოპერირების, მოვლა-პატრონობისა და განვითარების მიზნით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უნდა ჰქონდეს გონივრული და მიზანშეწონილი ინვესტიციების განხორციელების ეფექტიანი უფლება. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამანაწილებელი ქსელი ან მისი ნებისმიერი ნაწილი ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ან სხვა პირის საკუთრებაა,   გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უნდა მიენიჭოს ეფექტიანი უფლება, უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმებით გათვალისწინებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების შესრულება.

 

მუხლი 9. საერთო მომსახურებები

1. ამ წესების მე-8 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორსა და ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს ან მის სხვა შემადგენელ ნაწილს არ ეკრძალებათ საერთო მომსახურებების ორგანიზება ან შესყიდვა იმ შემთხვევაში, თუ ეს მომსახურებები:

ა) ორგანიზებული ან შესყიდულია ზოგადი ადმინისტრაციული საჭიროებიდან გამომდინარე (მათ შორის, მომსახურებები რომლებიც უკავშირდება ადამიანური რესურსების დაქირავებას, ბუღალტერიას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, საოფისე მასალებით მომარაგებას, ლოჯისტიკას, მგზავრობისა და კვების უზრუნველყოფას და სხვა), რაც პირდაპირ არ უკავშირდება განაწილებასთან დაკავშირებულ ძირითად მომსახურებებს;

ბ) არ მოიცავს ამ წესების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მესამე პირების მიერ გასაწევ მომსახურებებს, რომლებიც  გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ დამოუკიდებლად უნდა იქნეს შესყიდული; და

გ) ორგანიზებული და შესყიდულია საბაზრო პირობებით, ღია და გამჭვირვალე პროცედურების მეშვეობით, მხარეთა კომერციული ინტერესების გათვალისწინებით და რეგულირებულია შესაბამისი ხელშეკრულებით.

2. საბუღალტრო-სააღრიცხვო ფუნქციები/მოვალეობები გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა და ვერტიკალურად ინტეგრირებულმა საწარმომ ან მისმა სხვა შემადგენელმა ნაწილმა, შესაძლოა, განახორციელონ ან შეისყიდონ საერთო მომსახურებების სახით, იმ პირობით, რომ ამ მომსახურების გაწევისას დაცული იქნება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ საერთო მომსახურების გამწევმა პირებმა, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან მიღებული მონაცემებისა და ინფორმაციის დაცვის მიზნით, შეასრულონ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულებები. აღნიშნული ვალდებულებები უნდა იყოს იმ ვალდებულებებზე არანაკლებ მკაცრი, რომელთა დაცვაც, შესაბამისობის პროგრამის თანახმად, ეკისრებათ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ დასაქმებულ პირებს.

4. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა აცნობოს კომისიას იმ საერთო მომსახურების შესახებ, რომელიც მან შეისყიდა  ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოსთან ან მის შემადგენელ ნაწილთან ერთად ცნობასთან ერთად, კომისიას უნდა წარედგინოს შესაბამისი ხელშეკრულება.

 

მუხლი 10. ანგარიშების განცალკევება

1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოამზადოს, აუდიტორს დასამოწმებლად წარუდგინოს და გამოაქვეყნოს წლიური ფინანსური ანგარიში.

2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ენერგეტიკული და, შესაბამის შემთხვევებში, არაენერგეტიკული საქმიანობისთვის იქონიოს განცალკევებული ანგარიშები. დასაშვებია აღნიშნული ანგარიშების კონსოლიდაცია.

 

მუხლი 11. ინფორმაციის დაცვა

1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, დაიცვას მის ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია.

2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი:

ა) შეიმუშავებს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვისა და მისი გამოყენების პოლიტიკას, რომელიც წარმოადგენს შესაბამისობის პროგრამის ნაწილს და განსაზღვრავს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირებისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ დასაქმებული პირების მკაფიო ვალდებულებებს, აგრეთვე, ითვალისწინებს მათ პირად პასუხისმგებლობას აღნიშნული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში;

ბ) უზრუნველყოფს მის ხელთ არსებულ საოპერაციო მონაცემებსა და ინფორმაციაზე შეზღუდულ წვდომას. წვდომა შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ იმ უფლებამოსილ დასაქმებულ პირებს, რომელთაც შესაბამისობის პროგრამით, სხვა შიდაორგანიზაციული აქტებითა და შრომითი ხელშეკრულებით ეკისრებათ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულება;

გ) უზრუნველყოფს შენობების, აღჭურვილობების, მოწყობილობებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების უსაფრთხოებას, კონფიდენციალურ ინფორმაციაზე არაუფლებამოსილი წვდომის თავიდან აცილების მიზნით.

3. კანონმდებლობითა და შესაბამისობის პროგრამით დადგენილი წესით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება გამანაწილებელ სისტემასა და გაწეულ/გასაწევ მომსახურებებს. ინფორმაციის გამჟღავნება უნდა განხორციელდეს სამართლიანი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ინფორმაციის გამჟღავნებამ არ უნდა მიანიჭოს პირდაპირი ან არაპირდაპირი უპირატესობა რომელიმე ცალკეულ პირს. საჯარო ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 12. სახელწოდებისა და შენობის განცალკევება

1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი თავისი კომუნიკაციითა და ბრენდირებით არ უნდა იწვევდეს ბუნდოვანებას ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს  ან/და მისი სხვა, წარმოების, ვაჭრობის ან/და მიწოდების საქმიანობის განმახორციელებელი შემადგენელი ნაწილის განსხვავებულ იდენტობასთან მიმართებით. ამ მიზნით გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მისი იურიდიული სახელწოდების, ბრენდისა და სავაჭრო ნიშნის განცალკევება, ინდივიდუალურობა, იდენტიფიცირებადობა და ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოსთან ან მის რომელიმე ნაწილთან დაუკავშირებლობა იმგვარად, რომ არ მოხდეს ერთი საწარმოს მიერ მეორე საწარმოს აქციების/წილების შესაძლო ფლობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება, ან  მომხმარებლის მიერ ორი საწარმოს ერთმანეთში აღრევა;

ბ) დანერგოს ცალკე საკომუნიკაციო პოლიტიკა სისტემით მოსარგებლეებსა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის მიზნით, მათ შორის,  შექმნას მომსახურების ცენტრი, აგრეთვე, 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზი (ქოლცენტრი), რომელიც ფუნქციონირებს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოსა და მისი სხვა შემადგენელი ნაწილებისგან დამოუკიდებლად; და

გ) უზრუნველყოს, რომ არ განხორციელდეს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოსა და მისი სხვა შემადგენელი ნაწილების, მათ შორის, დაკავშირებული საწარმოების მიერ გაწეული წარმოების, ვაჭრობის ან/და მიწოდების მომსახურებების რეკლამირება.  

2. იმ შემთხვევაში, თუ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისა და ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ოფისები განთავსებულია ერთ შენობაში, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს ოფისების განცალკევებას.

3. იმ ტერიტორიაზე დაშვება, სადაც განთავსებულია ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ან სხვა მესამე პირის საკუთრებაში არსებული გამანაწილებელი ქსელი ან მისი რომელიმე ნაწილი, უნდა იყოს  შეზღუდული და ხორციელდებოდეს მხოლოდ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წინასწარი თანხმობით, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.

 

მუხლი 13. ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრა

1. ინტერესთა კონფლიქტი გულისხმობს მდგომარეობას, რომლის დროსაც:

ა) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ დასაქმებული პირის პირადი ინტერესი პირდაპირ ან არაპირდაპირ შეუსაბამოა, ან შესაძლოა იყოს შეუსაბამო გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების, დამოუკიდებლობის, საბაზრო ქცევის ან/და ოპერირების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან;

ბ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, მის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ან მის მიერ დასაქმებული პირი, უფლებამოსილების შესრულებისას განხორციელებული ქმედებებისა და მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, იღებს ან შესაძლოა მიიღოს პირადი სარგებელი ნებისმიერი სახით.

2. ინტერესთა კონფლიქტის  შემთხვევაში გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ დასაქმებულმა პირმა ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილმა პირმა, გარდა დირექტორისა, უნდა მიმართოს შესაბამისობის ოფიცერსა და მმართველ საბჭოს/დირექტორს, ხოლო გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დირექტორმა უნდა მიმართოს შესაბამისობის ოფიცერსა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის  სამეთვალყურეო საბჭოს (ასეთის არარსებობის შემთხვევაში – გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის აქციონერებს/პარტნიორებს), დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ან ნებისმიერი იმ გარემოების შესახებ, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ინტერესთა კონფლიქტი.  

3. ინტერესთა კონფლიქტის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ დასაქმებულმა პირმა ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილმა პირმა, გარდა დირექტორისა, ინტერესთა კონფლიქტის დაუყოვნებელი აღმოფხვრის მიზნით, კონსულტაციები უნდა გაიაროს შესაბამისობის ოფიცერსა და მმართველ საბჭოსთან/დირექტორთან, ხოლო გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დირექტორმა  კონსულტაციები უნდა გაიაროს შესაბამისობის ოფიცერსა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის  სამეთვალყურეო საბჭოსთან (ასეთის არარსებობის შემთხვევაში - გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის აქციონერებთან/პარტნიორებთან). იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრა, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი წყვეტს ხელშეკრულებას ან/და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ ან დასაქმებულ პირს, რომელსაც გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი. 

4. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებთან, აგრეთვე,  გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დასაქმებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, პროფესიული ინსტრუქციები და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შიდაორგანიზაციული აქტები უნდა ითვალისწინებდეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის უფლებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით,  შეწყვიტოს ხელშეკრულება ან/და თანამდებობიდან გაათავისუფლოს პირი, რომელსაც გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი.

 

მუხლი 14. შესაბამისობის პროგრამის მომზადება

1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად,  შეიმუშავებს შესაბამისობის პროგრამას, რომლითაც განისაზღვრება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ დამოუკიდებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები.

2. შესაბამისობის პროგრამა, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს:

ა) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სამართლებრივი სტატუსის აღწერასა და კორპორაციულ სტრუქტურას, მათ შორის, ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოსთან ან მის სხვა შემადგენელ ნაწილთან კავშირზე მითითებას;

ბ) „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად, განცალკევების მოთხოვნების დანერგვისა და მათთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ მისაღებ/მიღებულ ზომებს;

გ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საქმიანობისას დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს;

დ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ამ წესების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით შემუშავებულ ინფორმაციის გამჟღავნების პროცედურას;

ე) შესაბამისობის პროგრამის დანერგვის პირობებს ამ წესების მე-17 მუხლის შესაბამისად.

3. შესაბამისობის პროგრამას, საჭიროების შემთხვევაში, განუყოფელი ნაწილის სახით შეიძლება დაერთოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შიდაორგანიზაციული აქტები. 

4. შესაბამისობის პროგრამა უნდა შემუშავდეს ღია და გამჭვირვალე  პროცედურის გამოყენებით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების  მონაწილეობით. 

 

მუხლი 15. შესაბამისობის პროგრამის წარდგენა

1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, ვალდებულია, კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად, განაწილების ლიცენზიის გაცემიდან სამი თვის ვადაში, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით, კომისიას წარუდგინოს  შესაბამისობის პროგრამა.

2. შესაბამისობის პროგრამასთან ერთად, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები, მონაცემები და ინფორმაცია:

ა) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წესდება და სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ  ენერგეტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოში ან/და სხვა ქვეყნებში მოპოვებული ლიცენზიების, ნებართვების ან/და სხვა სახის ავტორიზაციის ჩამონათვალი და შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ საქართველოში ან/და სხვა ქვეყნებში განხორციელებული ენერგეტიკული საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც არ ესაჭიროება ლიცენზია, ნებართვა ან/და სხვა სახის ავტორიზაცია და წერილობითი განმარტება ამგვარი საქმიანობების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე;

დ) ხმის უფლების არმქონე/პრივილეგირებული ან/და სხვა კლასის აქციონერთა ჩამონათვალი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ე) საქართველოში ან/და სხვა ქვეყნებში ენერგეტიკული სექტორის მონაწილე იმ საწარმოების ჩამონათვალი, რომლებიც არიან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლის ქვეშ, კონტროლის მეთოდისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისი უფლებების მკაფიო მითითებით;

ვ) საქართველოში ან/და სხვა ქვეყნებში ენერგეტიკული სექტორის მონაწილე იმ საწარმოების ჩამონათვალი, რომლებიც არ არიან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის აქციონერები/პარტნიორები და რომლებიც ახორციელებენ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლს, კონტროლის მეთოდისა და შესაბამისი უფლებების მკაფიო მითითებით;

ზ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის აქციონერების/პარტნიორებისა და ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ენერგეტიკული სექტორის მონაწილე საწარმოების მიერ საქართველოში ან/და  საქართველოსთან ენერგეტიკულად ურთიერთდაკავშირებულ ქვეყნებში ენერგეტიკული საქმიანობისათვის მოპოვებული ლიცენზიების, ნებართვების ან/და სხვა სახის ავტორიზაციის ჩამონათვალი;

თ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის აქციონერების/პარტნიორებისა და ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ენერგეტიკული სექტორის მონაწილე საწარმოების მიერ საქართველოში ან/და საქართველოსთან ენერგეტიკულად ურთიერთდაკავშირებულ ქვეყნებში განხორციელებული ენერგეტიკული საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც არ ესაჭიროება ლიცენზირება, ნებართვა ან/და სხვა სახის ავტორიზაცია და წერილობითი განმარტება აღნიშნული საქმიანობების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე;

ი) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის კოლეგიური ორგანოების (სამეთვალყურეო საბჭო/მმართველი საბჭო) წევრთა ან/და  აქციონერების/პარტნიორების  სია და მათი საქმიანობის მარეგულირებელი შიდაორგანიზაციული აქტები;

კ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების  შესახებ ინფორმაცია, მათ შორის:

კ.ა) მინიჭებული კომპეტენციებისა და ფუნქციების შესახებ ინფორმაცია;

კ.ბ) მათი ნებისმიერი სხვა პროფესიული ან/და კომერციული საქმიანობის აღწერილობა;

კ.გ) განცხადება ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული პირები არ მონაწილეობენ ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის სექტორში წარმოების, გადაცემის, მიწოდების ან/და ვაჭრობის საქმიანობის განმახორციელებელ პირთა საქმიანობაში ან/და არ არიან წარმოდგენილი მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს სტრუქტურებში;

ლ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შიდაორგანიზაციული აქტები, რომლებიც არეგულირებს ადამიანურ რესურსებსა და მათ მართვასთან, ანაზღაურებასთან,  შიდა ფინანსურ და ეფექტიანობის აუდიტთან, კომუნიკაციასა და მარკეტინგთან დაკავშირებულ საკითხებს;

მ) შიდაორგანიზაციული აქტები, რომლებიც მიზნად ისახავს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას გამჟღავნებისგან და უზრუნველყოფს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შენობების, მოწყობილობების, აღჭურვილობებისა  და ინფორმაციული ტექნოლოგიური სისტემების უსაფრთხოებას;

ნ) საერთო მომსახურებების ორგანიზებისა და შესყიდვის ხელშეკრულებები და ასეთი მომსახურებებისა და ამ მომსახურების გამწევი პირების  ჩამონათვალი;

ო) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მომსახურების ცენტრებისა და 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზის (ქოლცენტრის) თაობაზე მონაცემები და ინფორმაცია;

პ) ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს წერილობითი განცხადება, რომლის თანახმად, იგი უარს აცხადებს, მისცეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს პირდაპირი ან არაპირდაპირი მითითებები ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებით.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტები, მონაცემები ან/და ინფორმაცია  წარმოდგენილია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ლიცენზირების ეტაპზე და მას შემდეგ მათში ცვლილება არ განხორციელებულა, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, კომისიისთვის შესაბამისი შეტყობინების წარდგენის შემდგომ, თავისუფლდება ამ დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულებისგან.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, მონაცემები და ინფორმაცია კომისიას უნდა წარედგინოს მატერიალური  ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტის ფორმით, წარდგენის მომენტისათვის არსებული ბოლო რედაქციით, დედნის ან კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლის სახით,  ქართულ ენაზე.

5. კომისია უფლებამოსილია, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, ამ წესებით გათვალისწინებული დოკუმენტების, მონაცემებისა და ინფორმაციის გარდა, დამატებით მოსთხოვოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტის, მონაცემის ან/და ინფორმაციის წარმოდგენა.

6. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი  ვალდებულია აცნობოს კომისიას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში, მონაცემებსა და ინფორმაციაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ დაუყონებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში და წარუდგინოს მას ყველა შესაბამისი დოკუმენტი, მონაცემი ან/და ინფორმაცია. თუ ამ წესებით ცალკეული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განსაზღვრულია განსხვავებული ვადა, გამოიყენება სპეციალური ვადა. კომისია უფლებამოსილია, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, განუსაზღვროს მას დამატებით გონივრული ვადა შესაბამისი დოკუმენტის, მონაცემის ან/და ინფორმაციის წარმოდგენისთვის.

 

მუხლი 16. შესაბამისობის პროგრამის დამტკიცება

1. კომისია შეისწავლის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ წარდგენილ შესაბამისობის პროგრამასა და თანდართულ დოკუმენტაციას და, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს მას.

2. კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შესაბამისობის პროგრამაში ცვლილებების შეტანა, დამატებითი დოკუმენტების, მონაცემებისა და ინფორმაციის წარმოდგენა ან/და იმ გარემოებების დასაბუთება, რომლებიც ადასტურებს მის შესაბამისობას განცალკევების მოთხოვნებთან, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად.

3. შესაბამისობის პროგრამა, კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდგომ, წარმოადგენს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისათვის შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტს და მან უნდა უზრუნველყოს პროგრამის ყველა მოთხოვნისა და პირობის დაკმაყოფილება, მათ შორის, პასუხისმგებელი პირების მიერ პროგრამის შეუსრულებლობის/დარღვევის შემთხვევაში, მათთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

4. შესაბამისობის პროგრამაში ნებისმიერი ცვლილება მტკიცდება კომისიის მიერ, ამ მუხლით დადგენილი წესით.

 

მუხლი 17. შესაბამისობის პროგრამის დანერგვა

1. შესაბამისობის პროგრამით დადგენილი პირობები სავალდებულოა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირებისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ დასაქმებული პირებისთვის, აგრეთვე, უფლებამოსილი წარმომადგენლებისთვის.

2. შესაბამისობის პროგრამის სათანადო დებულებები, კომპეტენციის ფარგლებში, ასევე სავალდებულოა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის კონტრაქტორებისა და კონსულტანტებისთვის (აუდიტორებისთვის). გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული პირების მიერ შესაბამისობის პროგრამის სათანადო დებულებების დაცვა.  

3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი და შესაბამისობის ოფიცერი უზრუნველყოფენ შესაბამისობის პროგრამისა და მასში შეტანილი ცვლილებების გაცნობას გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირებისთვის, დასაქმებული პირებისთვის, უფლებამოსილი წარმომადგენლებისთვის, კონტრაქტორებისა და კონსულტანტებისთვის (აუდიტორებისთვის). აღნიშნული პირები ხელწერილით ადასტურებენ, რომ გაეცნენ შესაბამისობის პროგრამას (შესაბამისობის პროგრამაში შეტანილ ცვლილებებს) და, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ მისი მოთხოვნების შესრულებას.

4. ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებულ პირებს შესაბამისობის ოფიცერი რეგულარულად, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, აძლევს მითითებებს შესაბამისობის პროგრამის დანერგვის შესახებ. ახალდასაქმებულ პირებს შესაბამისი მითითებები მიეცემათ უფლებამოსილებების განხორციელების დაწყებამდე.

5. თუ ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული პირებისთვის  ცნობილი გახდა ამ პროგრამის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ, მათ აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შესაბამისობის ოფიცერს. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სანქციების დაკისრება.

6. ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული პირების მიერ შესაბამისობის პროგრამის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელ პირს დააკისრებს შიდაორგანიზაციული აქტებით ან/და შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

 

მუხლი 18. შესაბამისობის ოფიცერი

1. შესაბამისობის ოფიცერი ახორციელებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, მათ შორის,  შესაბამისობის პროგრამის დანერგვასა და მონიტორინგს. შესაბამისობის ოფიცერი უნდა დაინიშნოს შესაბამისობის პროგრამის შემუშავების შემდგომ, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის უფლებამოსილი კოლეგიური ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭო/მმართველი საბჭო) მიერ, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში –  გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დირექტორის მიერ, კომისიის წინასწარი თანხმობით. კომისიას შეუძლია უარი თქვას შესაბამისობის ოფიცრის კანდიდატურის შეთანხმებაზე მხოლოდ მისი დამოუკიდებლობის არადამაკმაყოფილებელი დონის ან/და არასათანადო კვალიფიკაციის გამო. შესაბამისობის ოფიცერი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი.

2. შესაბამისობის ოფიცერი უნდა იყოს დამოუკიდებელი საკუთარი მოვალეობების შესრულებისას. შესაბამისობის ოფიცერი უზრუნველყოფს:

ა) შესაბამისობის პროგრამის დანერგვის მონიტორინგს;

ბ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისობის პროგრამის განხორციელების თაობაზე პერიოდული ანგარიშის შემუშავებასა და კომისიისთვის წარდგენას;

გ) კომისიის მიერ დამტკიცებული შესაბამისობის პროგრამის  გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე გამოქვეყნებას;

დ) შესაბამისობის პროგრამით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების  ნებისმიერი დარღვევის შესახებ კომისიისთვის შეტყობინებას;

ე) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორსა და ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს ან მის სხვა ნაწილს შორის ნებისმიერი კომერციული ან/და ფინანსური ურთიერთობის შესახებ კომისიისთვის შეტყობინებას;

ვ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ინფორმაციის დაცვის მონიტორინგს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ საქართველოს კანონითა და ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად;

ზ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შიდაორგანიზაციული აქტების შემუშავებისა და დამტკიცების პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში, კონსულტაციების გაწევას;

თ) შესაბამისობის პროგრამის დარღვევასთან დაკავშირებული შემთხვევების შესწავლასა და შესაბამისი ანგარიშის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის კოლეგიური ორგანოებისთვის (სამეთვალყურეო საბჭო/მმართველი საბჭო)  ან/და დირექტორისთვის წარდგენას, საკითხის გადაწყვეტის გზებისა და განსახორციელებელი ზომების მითითებით;

ი) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებსა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ დასაქმებულ პირებთან დაკავშირებული, არსებული, ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესწავლას და მათი თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით კონსულტაციების გაწევას, აგრეთვე, მისაღებ ზომებთან დაკავშირებით წინადადებების წარდგენას.

3. შესაბამისობის ოფიცრის უფლებამოსილებისა და საქმიანობის დამატებითი პირობები, მათ შორის, მისი მანდატის ხანგრძლივობა და ანაზღაურების წესი განისაზღვრება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორსა და შესაბამისობის ოფიცერს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელსაც გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი წარუდგენს კომისიას.  შესაბამისობის ოფიცრის ანაზღაურება დამოკიდებული არ უნდა იყოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის კომერციული საქმიანობის ფინანსურ მაჩვენებლებზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით  გათვალისწინებული პირობები უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისობის ოფიცრის დამოუკიდებლობას, მათ შორის, მის აღჭურვას მოვალეობების შესასრულებლად ყველა აუცილებელი რესურსით/ინფორმაციით. უფლებამოსილების მოქმედების პერიოდში, შესაბამისობის ოფიცერს არ შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკავოს რაიმე თანამდებობა, ჰქონდეს პასუხისმგებლობა ან ინტერესი ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს, მისი შემადგენელი ნაწილის ან/და ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს საკონტროლო პაკეტის მფლობელი აქციონერის/პარტნიორის მიმართ.

5. ყოველი წლის 1 აპრილამდე,  შესაბამისობის ოფიცერი ამზადებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისობის პროგრამის განსახორციელებლად მიღებული ზომების შესახებ ანგარიშს და კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდგომ  უზრუნველყოფს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე მის გამოქვეყნებას. 

6. კომისიის მიერ ინფორმაციის, დოკუმენტების ან/და მონაცემების მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისობის ოფიცერი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს განსაზღვრულ ვადაში კომისიისათვის შესაბამისი ინფორმაციის სრულყოფილი სახით მიწოდებას.

7. შესაბამისობის ოფიცერი რეგულარულად, ზეპირი ან წერილობითი ფორმით წარუდგენს ანგარიშს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის კოლეგიურ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭო/მმართველი საბჭო) ან/და დირექტორს. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირები ვალდებული არიან, სათანადო რეაგირება მოახდინონ შესაბამისობის ოფიცრის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით განცალკევების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისობის პროგრამის დანერგვასა და შესრულებასთან დაკავშირებით წარდგენილ შენიშვნებზე და  გაითვალისწინონ მისი რეკომენდაციები.

8. შესაბამისობის ოფიცერს უფლება აქვს, დაესწროს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების ყველა შეხვედრას და გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერები. ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირები ვალდებული არიან, გონივრული დროით ადრე შეატყობინონ შესაბამისობის ოფიცერს დაგეგმილი შეხვედრების შესახებ და უზრუნველყონ იგი ყველა აუცილებელი დოკუმენტითა და ინფორმაციით. შესაბამისობის ოფიცერი ვალდებულია დაესწროს შეხვედრებს, რომლებზეც განიხილება შემდეგი საკითხები:

ა) გამანაწილებელი ქსელის მართვის, მისი მოვლა-პატრონობისა და განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები;            

ბ) გამანაწილებელი სისტემის ოპერირების მიზნით, ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვასთან, მათ შორის, დამხმარე მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხები.

9. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისობის ოფიცრის წვდომა მისი უფლება-მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო ნებისმიერ მონაცემზე, დოკუმენტსა და ინფორმაციაზე, აგრეთვე, მისი დაშვება შენობა-ნაგებობებში. შესაბამისობის ოფიცერს უფლება აქვს, დაუბრკოლებლად შევიდეს და გადაადგილდეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, მათ შორის, წინასწარი შეტყობინების გარეშე.

10. კომისიის წინასწარი თანხმობით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის უფლებამოსილ კოლეგიურ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან/და მმართველი საბჭოს), ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – დირექტორს,   შეუძლია თანამდებობიდან გაათავისუფლოს შესაბამისობის ოფიცერი დამოუკიდებლობის არადამაკმაყოფილებელი დონის ან/და არასათანადო კვალიფიკაციის გამო.

11. კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს შესაბამისობის ოფიცერი მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესების, შესაბამისობის პროგრამის ან/და კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, აგრეთვე, დამოუკიდებლობის არადამაკმაყოფილებელი დონის ან/და არასათანადო კვალიფიკაციის გამო.

 

მუხლი 19. განცალკევების ვალდებულების შესრულება

1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი  პასუხისმგებელია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესებით, შესაბამისობის პროგრამითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და მისი საქმიანობის განხორციელებისათვის გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებაზე.

2. ამ წესებისა და შესაბამისობის პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევამ, შესაძლოა, გამოიწვიოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.