„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7065-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.019948
7065-რს
17/07/2020
ვებგვერდი, 17/07/2020
320110000.05.001.019948
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. კომისიის სამართლებრივი აქტი შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის მიღება არ გამოიწვევს კომისიის სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო სხვაგვარად გადაწყვეტს.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 461 მუხლი:

„მუხლი 461. კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების სპეციალური ღონისძიებები

1. კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის 26-ე ან/და 27-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევის გამო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დანიშნოს სპეციალური მმართველი. სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ დარღვევისთვის უკვე ერთხელ მაინც იქნა გამოყენებული ამ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმა და ჯარიმებმა ვერ უზრუნველყო კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების/ლიცენზიის მფლობელების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.

2. სპეციალური მმართველი ინიშნება კომისიის გადაწყვეტილებით.

3. სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე.

4. სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ავტორიზებულ პირს/ლიცენზიის მფლობელს. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიღებული შეტყობინებისა და სპეციალური მმართველის მოთხოვნის საფუძველზე აახლებს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის შესახებ მონაცემებს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, რომელშიც აღინიშნება სპეციალური მმართველის შესახებ.

5. სპეციალური მმართველი ინიშნება კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფამდე.

6. სპეციალური მმართველი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიმართ ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს და აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

7. ამ მუხლის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ პირს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიმართ ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ პირი არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი, წილის/აქციის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორთა საბჭოს წევრი ან პირსა და ამ პუნქტში აღნიშნულ ერთ-ერთ პირს შორის ურთიერთდამოკიდებულება არსებობს. ამ პუნქტის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ პირთა შორის ურთიერთდამოკიდებულება არსებობს, თუ ეს პირები არიან საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული ურთიერთდამოკიდებული პირები.

8. სპეციალური მმართველი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესადმინისტრირების სპეციალობით ან აქვს იურიდიული განათლება ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც საჭიროა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.

9. სპეციალური მმართველის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით.

10. სპეციალური მმართველის შრომის ანაზღაურებასთან, აგრეთვე სპეციალური მმართველის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებასა და დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ანაზღაურდება ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის ბიუჯეტიდან.

11. კომისია, აღსასრულებელი გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სპეციალური მმართველის უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობას, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელია სპეციალურმა მმართველმა განახორციელოს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის კონტროლი და სპეციალურ მმართველზე გადავიდეს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის ყველა ორგანოს (მათ შორის, დირექტორის/დირექტორთა საბჭოს, სამეთვალყურეო საბჭოს, პარტნიორთა კრების/აქციონერთა კრების) ის უფლებამოსილება, რომელიც აუცილებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად (გარდა ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის აქტივის ან/და წილის/აქციის გასხვისებისა).

12. სპეციალური მმართველი უფლებამოსილია კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ფარგლებში განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის  დირექტორი (დირექტორები), სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (წევრები) (არსებობის შემთხვევაში);

ბ) სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამ ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი მიადგა ან ადგება ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების/ლიცენზიის მფლობელების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს;

გ) ავტორიზებულ პირს/ლიცენზიის მფლობელს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა;

დ) შეასრულოს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მმართველობითი ორგანოს სხვა ფუნქციები (გარდა ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის აქტივის ან/და წილის/აქციის გასხვისებისა).

13. სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ დაუშვებელია ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის სახელით, სპეციალური მმართველის ან/და კომისიის თანხმობის გარეშე ნებისმიერი ქმედების განხორციელება.

14. ბათილია სპეციალური მმართველის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება/განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, თუ ეს გადაწყვეტილება/ქმედება მიღებული/განხორციელებული არ არის კომისიის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

15. სპეციალური მმართველი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის მიერ გაცემული ინსტრუქციებისა და მითითებების ფარგლებში. სპეციალური მმართველი ანგარიშვალდებულია მხოლოდ კომისიის წინაშე. სპეციალური მმართველი კომისიის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით და დადგენილ ვადაში, რეგულარულად ან/და კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს მას თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს.

16. კომისია უფლებამოსილია სპეციალური მმართველი თანამდებობიდან ნებისმიერ დროს ნებისმიერი საფუძვლით გაათავისუფლოს. ასეთ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ხელახლა დანიშნოს სპეციალური მმართველი.

17. კომისია უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვროს, რომ სპეციალური მმართველის ცალკეული უფლებამოსილებების ან ყველა უფლებამოსილების განხორციელება კომისიის წინასწარ წერილობით თანხმობას საჭიროებს.

18. კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებისა და მისი აღსრულების დამადასტურებელი ინფორმაციის/დოკუმენტაციის კომისიისთვის წარდგენის შემთხვევაში სპეციალური მმართველი კომისიის გადაწყვეტილებით თანამდებობიდან თავისუფლდება და ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების სპეციალური ღონისძიებების გამოყენება წყდება.

19. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს აგრეთვე ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის 34-ე ან/და 35-ე მუხლით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ დარღვევისთვის უკვე ერთხელ მაინც იქნა გამოყენებული ამ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმა და ჯარიმებმა ვერ უზრუნველყო კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების/ლიცენზიის მფლობელების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური მმართველი ინიშნება და მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-14 და მე-16−მე-20 პუნქტების შესაბამისად.

20. ამ მუხლის შესაბამისად კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება 1 თვის ვადაში გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 ივლისი 2020 წ.

N7065-რს