„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7064-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.019960
7064-რს
17/07/2020
ვებგვერდი, 21/07/2020
300280000.05.001.019960
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.05.001.019734) დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

„მუხლი 161. სისტემის ოპერატორის შერწყმა ან/და წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივების გასხვისება ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება

1. თუ არსებობს განზრახვა, რომ მოხდეს სისტემის ოპერატორის შერწყმა ან/და 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი წილის/აქციის ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის გასხვისება ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება, რაც ქმნის მესამე ქვეყნის რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ სისტემის ოპერატორზე ან/და საოპერაციო აქტივებზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, შესაბამისი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ამის თაობაზე წინასწარ შეატყობინოს კომისიას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისტემის ოპერატორის მიერ კომისიისთვის წარდგენილ შეტყობინებაში მიეთითება მონაწილე პირების შესახებ შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე, ენერგეტიკის სფეროში გამოცდილება, სარეგისტრაციო მონაცემები, სადამფუძნებლო დოკუმენტები, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) სახელი, გვარი, მისამართი და მოქალაქეობა;

ბ) მიმდინარე პერიოდისათვის საოპერაციო აქტივების შეფასების დასკვნა და აუდიტის ანგარიში საწარმოს ფინანსური ანგარიშგების შესახებ;

გ) სისტემის ოპერატორის შერწყმის ან/და წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივების გასხვისების ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების პირობები;

დ) ინფორმაცია ფინანსური სახსრების წარმომავლობის შესახებ.

3. სისტემის ოპერატორის შეტყობინებაში მითითებული ინფორმაციის სისწორისა და სისრულისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი სისტემის ოპერატორი. სისტემის ოპერატორის მიერ ამ შეტყობინებაში არასწორი ინფორმაციის მითითება და კომისიის მიერ ამ მუხლის მე-5 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე მისთვის სწორი ინფორმაციის წარუდგენლობა არის იმის საფუძველი, რომ უარი ითქვას სისტემის ოპერატორის შერწყმაზე ან/და 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი წილის/აქციის ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის გასხვისებაზე ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილებაზე, რაც ქმნის მესამე ქვეყნის რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ სისტემის ოპერატორზე ან/და საოპერაციო აქტივებზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო თუ შესაბამისი ტრანზაქცია/ოპერაცია განხორციელებულია − ამ ტრანზაქციის/ოპერაციის ბათილობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საფუძველი.

4. კომისია ამოწმებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებაში მითითებულ მონაცემებს. თუ სისტემის ოპერატორის შეტყობინება არ შეესაბამება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, კომისია მას ინფორმაციის ან დოკუმენტის  წარმოსადგენად დამატებით გონივრულ ვადას განუსაზღვრავს. კომისია უფლებამოსილია სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს აგრეთვე ისეთი ინფორმაციის ან/და დოკუმენტის წარმოდგენა, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული არ არის და აუცილებელია შესაბამისი ტრანზაქციის/ოპერაციის შესაფასებლად და კომისიის მიერ ამ მუხლის მე-5 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად.

5. კომისია უფლებამოსილია სისტემის ოპერატორის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 3 თვის ვადაში გასცეს თანხმობა სისტემის ოპერატორის შერწყმაზე, 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი წილის/აქციის ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის გასხვისებაზე ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილებაზე, რაც ქმნის მესამე ქვეყნის რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ სისტემის ოპერატორზე ან/და საოპერაციო აქტივებზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.

6. კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს სისტემის ოპერატორის შერწყმის ან/და 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი წილის/აქციის ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის გასხვისების ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების პირობების კორექტირება, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სისტემის ოპერატორის მიერ სისტემით მოსარგებლეებისთვის გაწეულ მომსახურებაზე, სისტემის ოპერატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების (მათ შორის, სალიცენზიო პირობების) შესრულებაზე ან/და სისტემის ოპერატორის ტარიფზე.

7. კომისია უფლებამოსილია აკრძალოს სისტემის ოპერატორის შერწყმა ან/და 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი წილის/აქციის ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის გასხვისება ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება, რაც ქმნის მესამე ქვეყნის რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ სისტემის ოპერატორზე ან/და საოპერაციო აქტივებზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. ამ აკრძალვის საფუძველი შეიძლება იყოს სისტემის ოპერატორის მიერ სისტემით მოსარგებლეებისთვის გაწეული მომსახურების შესაძლო გაუარესება, სისტემის ოპერატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების (მათ შორის, სალიცენზიო პირობების) შესაძლო შეუსრულებლობა ან/და სისტემის ოპერატორის ტარიფზე შესაბამისი ტრანზაქციის/ოპერაციის შესაძლო უარყოფითი გავლენა.

8. ამ მუხლის მიზნებისთვის:

ა) მაკონტროლებელი პირი (საბოლოო ბენეფიციარი) არის ფიზიკური პირი, რომელიც საწარმოს საბოლოო მფლობელია, საწარმოს საქმიანობიდან იღებს ფულად ან სხვა სარგებელს ან შეიძლება მიიღოს ასეთი სარგებელი და ვალდებული არ არის, ეს სარგებელი სხვა პირს გადასცეს;

ბ) საოპერაციო აქტივი არის კომისიის მიერ სატარიფო მეთოდოლოგიით განსაზღვრული რეგულირებადი აქტივი. 

9. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ ტრანზაქციაზე/ოპერაციაზე, რომლის განხორციელების ერთადერთი მიზანია ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად სისტემის ოპერატორის განცალკევება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 ივლისი 2020 წ.

N7064-რს