ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6749-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 300010000.05.001.019962
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6749-რს
13/07/2020
ვებგვერდი, 21/07/2020
300010000.05.001.019962
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (21/07/2020 - 29/11/2023)

 

საქართველოს კანონი

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო

1. ამ კანონის მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა) დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა.

2. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და დებულებების შესაბამისად, ეს კანონი ადგენს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტის დროს ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების ძირითად პირობებსა და წესებს.

 

მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა)  ადგილობრივი  ინდუსტრია  −  ყველა მწარმოებელი, რომლებიც საქართველოს  საბაჟო ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა) აწარმოებენ მსგავს პროდუქტს, ან მსგავსი პროდუქტის მწარმოებელთა ერთობლიობა, რომელთა წარმოების საერთო წილი შეადგენს მთლიანი ადგილობრივი წარმოების ძირითად ნაწილს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი პროდუქტის ადგილობრივი მწარმოებლები ამავდროულად არიან შესწავლის ობიექტის იმპორტიორები ან შესწავლის ობიექტის იმპორტიორთან ან ექსპორტიორთან დაკავშირებული პირები, − დანარჩენ მწარმოებელთა ერთობლიობა;

ბ) დაკავშირებული პირები ­− „ადგილობრივი ინდუსტრიის“ განსაზღვრების მიზნებისთვის, პირები ჩაითვლებიან დაკავშირებულ პირებად, თუ:

ბ.ა) ერთი პირი პირდაპირად ან ირიბად აკონტროლებს მეორეს;

ბ.ბ) ორივე პირს პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს მესამე პირი;

ბ.გ) ორივე პირი ერთად პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს მესამე პირს, ამასთანავე, არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ ასეთი ურთიერთობის გავლენით უზრუნველყოფილია დაკავშირებული მწარმოებლის არადაკავშირებული მწარმოებლისგან განსხვავებული ქცევა. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ჩაითვლება, რომ ერთი პირი აკონტროლებს მეორეს, როდესაც პირველს სამართლებრივად ან ოპერაციულად ისეთი პოზიცია უკავია, რომლითაც შეუძლია მეორის შეზღუდვა ან მისთვის მითითების მიცემა;

გ) ანტიდემპინგური ღონისძიება − წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება ან/და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი;

დ) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება − საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტის შეზღუდვის ისეთი ანტიდემპინგური ღონისძიება, რომელიც შემოიღება წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის ან/და უზრუნველყოფის ფორმის სახით, შესწავლის პერიოდში ადგილობრივი ინდუსტრიის დემპინგური იმპორტით მისაყენებელი ზიანისგან დაცვის მიზნით;

ე) სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი − საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტის შეზღუდვის ისეთი ანტიდემპინგური ღონისძიება, რომელიც შემოღებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხორციელებული შესწავლის საფუძველზე;

ვ) ექსპორტიორი − პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქტის ექსპორტს ახორციელებს;

ზ) იმპორტიორი − პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის იმპორტს ახორციელებს;

თ) დაინტერესებული პირები − დაინტერესებულ პირებად ჩაითვლებიან შემდეგი პირები:

თ.ა) შესწავლის ობიექტის ექსპორტიორი, იმპორტიორი, უცხოელი მწარმოებელი;

თ.ბ) სავაჭრო გაერთიანება ან ბიზნესგაერთიანება, რომლის წევრთა უმრავლესობა არის შესწავლის ობიექტის მწარმოებელი, ექსპორტიორი ან იმპორტიორი;

თ.გ) შესწავლის ობიექტის ექსპორტიორი ქვეყნის მთავრობა;

თ.დ) მსგავსი პროდუქტის ადგილობრივი მწარმოებელი;

თ.ე) მომხმარებელთა გაერთიანება;

თ.ვ) მწარმოებელი, რომელიც შესწავლის ობიექტს წარმოების პროცესში იყენებს;

ი) ვაჭრობის ჩვეულებრივი პირობა − მსგავსი პროდუქტის თვითღირებულებაზე არანაკლებ ფასად ყიდვა/გაყიდვა;

კ) დემპინგური ზღვარი − ნორმალურ ღირებულებასა და საექსპორტო ფასს შორის სხვაობა, რომელიც საექსპორტო ფასის მიმართ პროცენტული მაჩვენებლით არის გამოსახული;

ლ) ზიანი − ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი ან მისთვის მატერიალური ზიანის მიყენების საფრთხე, რომელიც აშკარად გარდაუვალია;

მ) შესწავლის ობიექტი − იმპორტირებული პროდუქტი, რომელიც შესწავლას ექვემდებარება და მითითებულია შესწავლის დაწყების შესახებ დოკუმენტში;

ნ) მსგავსი პროდუქტი − პროდუქტი, რომელიც არის შესწავლის ობიექტის იდენტური, ანუ ყოველმხრივ ამ პროდუქტის მსგავსი, ხოლო ასეთი პროდუქტის არარსებობის შემთხვევაში − პროდუქტი, რომელიც ყოველმხრივ შესწავლის ობიექტის მსგავსი არ არის, მაგრამ აქვს ისეთი მახასიათებლები, რომლებიც ძალიან წააგავს შესწავლის ობიექტის მახასიათებლებს;

ო) დემპინგი − შესწავლის ობიექტის ადგილობრივ ბაზარზე ნორმალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად განთავსება. დემპინგის შემთხვევაში შესწავლის ობიექტის საექსპორტო ფასი ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში ექსპორტიორი ქვეყნის ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მსგავსი პროდუქტის შესადარებელ ფასზე ნაკლებია;

პ) ნორმალური ღირებულება − ექსპორტიორ ქვეყანაში ადგილობრივი მოხმარებისთვის განკუთვნილი მსგავსი პროდუქტის ფასი ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში, ხოლო ასეთი ფასის არარსებობის შემთხვევაში − შესაბამის მესამე ქვეყანაში ექსპორტის განხორციელებისას მსგავსი პროდუქტის შესადარებელი ფასი ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში.

 

მუხლი 3. შესწავლა

1. პროდუქტის დემპინგური იმპორტის არსებობის შემთხვევაში სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღებას წინ უნდა უძღოდეს შესწავლა. შესწავლა უნდა განხორციელდეს ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესწავლა ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქტის დემპინგური იმპორტის არსებობის დადგენის, დემპინგის შედეგად ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის ან მისთვის ზიანის მიყენების საფრთხის დადგენისა და მიყენებულ ზიანსა და დემპინგს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენის მიზნით.

 

მუხლი 4. შესწავლის ორგანო და მისი უფლებამოსილებები

1. ამ კანონის შესაბამისად შესწავლას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − კონკურენციის სააგენტო (შემდგომ − შესწავლის ორგანო).

2. შესწავლის ორგანო უფლებამოსილია:

ა) ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს შესწავლის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია). აღნიშნული ორგანოები ვალდებული არიან შესწავლის ორგანოს მოთხოვნილი ინფორმაცია გონივრულ ვადაში წარუდგინონ;

ბ) დაინტერესებული პირებისა და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან გამოითხოვოს შესწავლის განხორციელებისთვის საჭირო სრული ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია). აღნიშნული პირები ვალდებული არიან შესწავლის ორგანოს მოთხოვნილი ინფორმაცია წარუდგინონ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პროცედურების შესაბამისად. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები პასუხისმგებელი არიან მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორისთვის;

გ)  ამ  პუნქტის  „ბ“  ქვეპუნქტის  შესაბამისად წარდგენილ  ინფორმაციაში გონივრული ეჭვის შეტანის შემთხვევაში გადაამოწმოს მისი ნამდვილობა;

დ) გამოთხოვილი ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში შესაბამისი დასკვნა მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიმუშაოს.

3. შესწავლის ორგანო შესწავლის შედეგების საფუძველზე საქართველოს მთავრობას წარუდგენს დასკვნას სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების, გადახედვის ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ.

4. თუ შესწავლის პერიოდში, ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადასტურდება, რომ შესწავლის ობიექტი დემპინგურია და ადგილობრივ ინდუსტრიას ზიანს აყენებს ან ქმნის მისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს, შესწავლის ორგანო საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინასწარ დასკვნას წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ.

 

მუხლი 5. ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების, გადახედვის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება

1.  შესწავლის ორგანოს მიერ წინასწარი  ანტიდემპინგური  ღონისძიების  ან  სპეციალური  ანტიდემპინგური  ტარიფის შემოღების, გადახედვის ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ასეთი ღონისძიების შემოღების, გადახედვის ან გაუქმების შესახებ.

2. წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების, გადახედვის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

თავი II. ანტიდემპინგური ღონისძიება

 

მუხლი 6. ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების საფუძვლები

შესწავლის ობიექტის მიმართ ანტიდემპინგური ღონისძიება საქართველოს მთავრობამ შეიძლება შემოიღოს იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ორგანომ შესწავლის საფუძველზე დაადგინა, რომ ხორციელდება შესწავლის ობიექტის დემპინგური იმპორტი, ადგილობრივ ინდუსტრიას ზიანი მიადგა ან არსებობს მისთვის ზიანის მიყენების საფრთხე, ამასთანავე, მიყენებულ ზიანსა და დემპინგურ იმპორტს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს.

 

მუხლი 7. დემპინგის დადგენა

1. ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში მსგავსი პროდუქტის გაყიდვის მოცულობა, რომელიც განკუთვნილია ექსპორტიორი ქვეყნის ადგილობრივი ბაზრისთვის, ნორმალური ღირებულების განსაზღვრისთვის საკმარის მოცულობად ჩაითვლება, თუ მსგავსი პროდუქტის გაყიდვის მოცულობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შესწავლის ობიექტის გაყიდვების 5 პროცენტია ან 5 პროცენტზე მეტია. მიუხედავად ამისა, მსგავსი პროდუქტის გაყიდვის უფრო ნაკლები მოცულობა ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში საკმარის მოცულობად ჩაითვლება, თუ ეს მოცულობა შესადარებელი ფასის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

2. თუ ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში ექსპორტიორ ქვეყანაში მსგავსი პროდუქტი არ იყიდება ან არასაკმარისი მოცულობით იყიდება ან/და თუ ბაზრის განსაკუთრებული მდგომარეობის გამო მსგავსი პროდუქტის გაყიდვები სწორი შედარების საშუალებას არ იძლევა, დემპინგური ზღვარი უნდა დადგინდეს:

ა) მსგავსი პროდუქტის შესადარებელ ფასზე, როდესაც პროდუქტი ექსპორტირებულია მესამე ქვეყანაში, იმ პირობით, რომ ამ ფასის გამოთვლის წესი თვალსაჩინოა როგორც პროდუქტის სახეობის, ისე გარიგებების რაოდენობის მიმართ;

ბ) წარმოშობის ქვეყანაში წარმოების ღირებულებაზე, რომელსაც დაემატება ადმინისტრაციული, გაყიდვების და სხვა ხარჯები, აგრეთვე მოგება.

 

მუხლი 8. ნორმალური ღირებულების დადგენა არასაბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში

1. თუ შესწავლის ობიექტის ექსპორტი იმ ქვეყნიდან ხორციელდება, რომელსაც არ აქვს საბაზრო ეკონომიკა, ნორმალური ღირებულების განსაზღვრა უნდა დაეფუძნოს:

ა) ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში შესაბამის საბაზრო ეკონომიკის მქონე  ქვეყანაში  მოხმარებისთვის განკუთვნილი მსგავსი პროდუქტის შესადარებელ ფასს;

ბ) ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში შესაბამისი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, ექსპორტის განხორციელებისას მსგავსი პროდუქტის შესადარებელ ფასს.

2. თუ შესწავლის ობიექტის ნორმალური ღირებულების ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრა შეუძლებელია, იგი შეიძლება განისაზღვროს იმ ფასზე დაყრდნობით, რომელიც საქართველოში მსგავს პროდუქტზე არის გადახდილი ან ექვემდებარება გადახდას და მოგების ჩათვლით კორექტირებას.

 

მუხლი 9. წარმოების ღირებულებაზე დაბალ ფასად არსებული გაყიდვები

1. ექსპორტიორი ქვეყნის ადგილობრივ ბაზარზე ან მესამე ქვეყანაში მსგავსი პროდუქტის გაყიდვები ერთეული პროდუქტის წარმოების ხარჯზე დაბალ ფასად, რომელიც შეიცავს ადმინისტრაციულ, გაყიდვების და სხვა ხარჯებს, ნორმალური ღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებული არ იქნება  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ მსგავსი პროდუქტის გაყიდვები ხორციელდება:

ა) არანაკლებ 6 თვის განმავლობაში;

ბ) მნიშვნელოვანი რაოდენობით;

გ) იმ ფასად, რომელიც არ უზრუნველყოფს ყველა ხარჯის  გონივრულ ვადაში ანაზღაურებას.  

2. მსგავსი პროდუქტის ერთეული პროდუქტის წარმოების ხარჯზე დაბალ ფასად გაყიდვები მნიშვნელოვანი რაოდენობით განხორციელებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ:

ა) ნორმალური ღირებულების განსაზღვრისთვის არსებული გარიგებების საშუალო შეწონილი ფასი ერთეული პროდუქტის წარმოების ღირებულების საშუალო შეწონილ ფასზე ნაკლებია;

ბ) ერთეული პროდუქტის წარმოების ხარჯზე დაბალ ფასად გაყიდვების მოცულობა შეადგენს იმ გარიგებებით გათვალისწინებული გაყიდვების არანაკლებ 20 პროცენტს, რომლებიც აღებულია პროდუქტის ნორმალური ღირებულების განსაზღვრისთვის.

3. თუ გაყიდვის დროს მსგავსი პროდუქტის ფასი ერთეული პროდუქტის წარმოების ხარჯზე დაბალია, მაგრამ შესწავლის პერიოდში ერთეული პროდუქტის წარმოების ხარჯის საშუალო შეწონილ ფასს აღემატება, მსგავსი პროდუქტის ფასს შესწავლის ორგანო მიიჩნევს ისეთ ფასად, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ხარჯის გონივრულ ვადაში ანაზღაურებას.

 

მუხლი 10. ჯამური ხარჯები

ადმინისტრაციული, გაყიდვების და სხვა ხარჯების, აგრეთვე მოგების ოდენობები განისაზღვრება წარდგენილი შესწავლის ობიექტის ექსპორტიორის ან მწარმოებლის მიერ  ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში მსგავსი პროდუქტის წარმოებისა და გაყიდვების შესახებ ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე. თუ ამ ოდენობების აღნიშნული მონაცემების საფუძველზე განსაზღვრა შეუძლებელია, ისინი განისაზღვრება:

ა)  ფაქტობრივი  ოდენობით,  რომელიც  მიღებულია  შესწავლის  ობიექტის ექსპორტიორის ან მწარმოებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის ბაზარზე იმავე კატეგორიის პროდუქტის წარმოებით ან გაყიდვებით;

ბ) ფაქტობრივი ოდენობის საშუალო შეწონილით, რომელიც მიღებულია შესწავლისადმი დაქვემდებარებული სხვა ექსპორტიორის ან მწარმოებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის ბაზარზე მსგავსი პროდუქტის წარმოებითა და გაყიდვებით;

გ) ნებისმიერი სხვა გონივრული მეთოდით, იმ პირობით, რომ ამ მეთოდით განსაზღვრული მოგების ოდენობა არ აღემატება სხვა ექსპორტიორის ან მწარმოებლის მიერ მსგავსი პროდუქტის წარმოშობის ქვეყნის ბაზარზე იმავე კატეგორიის პროდუქტით ვაჭრობისას მიღებული მოგების ოდენობას.

 

მუხლი 11. საექსპორტო ფასი

1. საექსპორტო ფასი არის ფასი, რომელიც გადახდილია ან ექვემდებარება გადახდას შესწავლის ობიექტის ექსპორტიორი ქვეყნიდან გაყიდვის დროს.

2. შესწავლის ობიექტის საექსპორტო ფასის შესახებ ინფორმაციის არარსებობისას ან ექსპორტიორსა და იმპორტიორს ან მესამე მხარეს შორის კავშირის ან კომპენსაციის თაობაზე შეთანხმების არსებობის გამო საექსპორტო ფასის საიმედოობასთან დაკავშირებით შესწავლის ორგანოს გონივრული ეჭვის არსებობისას შესწავლის ობიექტის საექსპორტო ფასი შეიძლება გაანგარიშდეს:

ა) იმ ფასის საფუძველზე, რომლითაც იმპორტირებული პროდუქტი პირველად გაიყიდა დამოუკიდებელ მყიდველზე;

ბ) სხვა გონივრული მეთოდით, რომელსაც განსაზღვრავს შესწავლის ორგანო, თუ იმპორტირებული პროდუქტი არ გაიყიდა დამოუკიდებელ მყიდველზე ან ისეთი ფორმით, რომლითაც ის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იქნა იმპორტირებული.

3. თუ შესწავლის ორგანო პროდუქტის ნორმალურ ღირებულებას წარმოშობის ქვეყნის მიხედვით განსაზღვრავს, შესწავლის ობიექტის საექსპორტო ფასი იმ ფასის საფუძველზე გაანგარიშდება, რომლითაც შესწავლის ობიექტი ექსპორტის განხორციელების მიზნით გაიყიდა წარმოშობის ქვეყნის ბაზარზე.

 

მუხლი 12. ფასების სამართლიანი შედარება

1. საექსპორტო   ფასსა   და   ნორმალურ   ღირებულებას   შორის შედარება მიუკერძოებლად ხორციელდება. ასეთი შედარება ხორციელდება სავაჭრო ოპერაციის ერთსა და იმავე სტადიაზე, ჩვეულებრივ, წარმოებიდან გატანისას, ხოლო გაყიდვის შემთხვევაში − შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. თითოეულ შემთხვევაში სათანადო ყურადღება ექცევა იმ განსხვავებებს, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს ფასების შედარებაზე, აგრეთვე გაყიდვის პირობებისა და ვადების, დაბეგვრის, სავაჭრო ოპერაციის სტადიის, რაოდენობის, ფიზიკური მახასიათებლების განსხვავებებსა და ნებისმიერ სხვა განსხვავებას, რომლებიც ასევე ზემოქმედებას ახდენს ფასების შედარებაზე. აღნიშნულ შემთხვევებში გაითვალისწინება როგორც ხარჯები (მოსაკრებლებისა და გადასახადების ჩათვლით, რომლებიც გადახდილ იქნა იმპორტსა და ხელმეორედ გაყიდვას შორის პერიოდში), ისე მოგება.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფასების შედარებაზე გარკვეული ზემოქმედება მოხდა, შესწავლის ორგანო ნორმალურ ღირებულებას სავაჭრო ოპერაციის იმ სტადიაზე განსაზღვრავს, რომელიც შეესაბამება სტადიას, რომელზედაც აგებულია საექსპორტო ფასი, ან ითვალისწინებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სათანადო შესწორებებს. შესწავლის ორგანო დაინტერესებულ მხარეებს მიუთითებს, რა სახის ინფორმაციაა აუცილებელი ფასების შედარების მიუკერძოებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად.

 

მუხლი 13. შედარების მეთოდები

1. დემპინგური ზღვარი დგინდება პროდუქტის ნორმალური ღირებულების საშუალო შეწონილი ფასის ყველა შესადარებელი საექსპორტო პარტიის ფასის საშუალო შეწონილ ფასთან შედარებით ან პროდუქტის ნორმალური ღირებულების ცალკეული გარიგებების საექსპორტო ფასებთან შედარებით.

2. პროდუქტის ნორმალური ღირებულების საშუალო შეწონილი ფასის ცალკეული გარიგებების საექსპორტო ფასებთან შედარება შესაძლებელია, თუ შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ საექსპორტო ფასები არსებითად განსხვავდება მყიდველის, რეგიონის ან პროდუქტის მიწოდების პერიოდის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში შესწავლის ორგანო განმარტავს, რატომ არ შეიძლება, ამგვარი განსხვავებები გათვალისწინებულ იქნეს საშუალო შეწონილი ფასის საშუალო შეწონილ ფასთან ან გარიგების გარიგებასთან შედარების გამოყენებისას.

 

მუხლი 14. ზიანის დადგენა

1. დემპინგური იმპორტით ადგილობრივი ინდუსტრიისთვის  მიყენებული ზიანის ან მისთვის ზიანის მიყენების საფრთხის დადგენა და მიზეზშედეგობრივი  კავშირის არსებობის დადგენა ხორციელდება დემპინგური იმპორტის მოცულობის, აგრეთვე დემპინგური იმპორტის ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი პროდუქტის ფასებზე გავლენისა და ამ პროდუქტის ადგილობრივ მწარმოებლებზე გავლენის ანალიზის საფუძველზე.

2. ზიანის მიყენების საფრთხის დადგენა უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ვარაუდებსა და დაუსაბუთებელ მტკიცებულებებს, არამედ იმ ფაქტს, რომ გარემოებების ცვლილებით შექმნილი სიტუაციის შედეგად დემპინგით მისაყენებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარა და გარდაუვალია.

3.  შესწავლის  ორგანო,  დემპინგური  იმპორტის გარდა,  აანალიზებს მისთვის ცნობილ სხვა ფაქტორებს, რომლებიც იმავდროულად ზიანს აყენებს ადგილობრივ ინდუსტრიას. თუ ადგილობრივ ინდუსტრიას დემპინგურ იმპორტთან ერთად ზიანს აყენებს სხვა, დემპინგური იმპორტისგან დამოუკიდებელი ფაქტორები, ამ ფაქტორებით გამოწვეული ზიანის დემპინგურ იმპორტთან დაკავშირება დაუშვებელია.

 

მუხლი 15. წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება

1. წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება შეიძლება შემოღებულ იქნეს შემდეგი ღონისძიებების ერთობლივად განხორციელების შემდგომ:

ა) ამ კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად დაიწყო შესწავლის ობიექტის შესწავლა, ამის შესახებ გაკეთდა საჯარო შეტყობინება და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცა თანაბარი შესაძლებლობა, წარმოედგინა ინფორმაცია და კომენტარები;

ბ) შესწავლის ორგანომ შესწავლის პროცესში დაადგინა, რომ დემპინგურმა იმპორტმა ადგილობრივ ინდუსტრიას ზიანი მიაყენა ან შექმნა მისთვის ზიანის მიყენების საფრთხე;

გ) შესწავლის ორგანომ დაადგინა, რომ ასეთი ღონისძიება აუცილებელია, რათა შესწავლის პერიოდში თავიდან იქნეს აცილებული დემპინგური იმპორტით ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენება ან მისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შექმნა.

2. შესწავლის ორგანოს მიერ წარდგენილი  წინასწარი დასკვნის საფუძველზე საქართველოს მთავრობა შემოიღებს წინასწარ ანტიდემპინგურ ღონისძიებას. ეს ღონისძიება შეიძლება შემოღებულ იქნეს შესწავლის დაწყების დღიდან არანაკლებ 60 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ.

3. წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის ოდენობა წინასწარ გაანგარიშებულ დემპინგურ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს.

4. წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფი გამოყენებული უნდა იქნეს  შეძლებისდაგვარად მოკლე პერიოდის განმავლობაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს, ან, შესწავლის ორგანოს გადაწყვეტილებით, იმ ექსპორტიორთა თხოვნის საფუძველზე, რომლებიც წარმოადგენენ ვაჭრობის მნიშვნელოვან ნაწილს, – იმ პერიოდით, რომელიც არ აღემატება 6 თვეს. შესწავლის მიმდინარეობისას, როდესაც შესწავლის ორგანო განიხილავს, არის თუ არა ტარიფი უფრო დაბალი, ვიდრე დემპინგური სხვაობა, საკმარისია თუ არა იგი ზიანის აღმოსაფხვრელად, აღნიშნული პერიოდები შეიძლება 9 თვემდე გაგრძელდეს.

5. წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომ − შემოსავლების სამსახური) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის  სახით გადახდილი თანხა არ  გადაირიცხება  საქართველოს სახელმწიფო  ბიუჯეტში  სპეციალური ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

6. საქართველოს მთავრობის მიერ წინასწარ ანტიდემპინგურ ტარიფზე დაბალი სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი თანხა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 90 დღის ვადაში უბრუნდება გადამხდელს, ხოლო დარჩენილი თანხა გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

7. საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის სახით გადახდილი თანხა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 90 დღის ვადაში უბრუნდება გადამხდელს.

8. წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება შეიძლება შემოღებულ იქნეს აგრეთვე უზრუნველყოფის ფორმით − ნაღდი ფულის დეპოზიტის ან გარანტიის სახით, რომელიც შეესაბამება წინასწარ შეფასებულ ანტიდემპინგურ ტარიფს და არ აღემატება წინასწარ შეფასებულ დემპინგურ ზღვარს.

 

მუხლი 16. ვალდებულება ფასთან მიმართებით

1. შესწავლა  შეიძლება  წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების გარეშე შეჩერდეს ან შეწყდეს იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტიორი  წერილობითი ფორმით აიღებს ნებაყოფლობით ვალდებულებას (შემდგომ − ვალდებულება), გადახედოს შესწავლის ობიექტის დადგენილ ფასს ან შეწყვიტოს შესწავლის ობიექტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური ფასით ექსპორტი, და ვალდებულების ანალიზის შედეგად შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ მისი მიღება აღმოფხვრის დემპინგური იმპორტით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს.

2.  ამ  მუხლის  პირველი  პუნქტით  განსაზღვრული  ვალდებულების თანახმად,  შესწავლის ობიექტის გაზრდილი ფასი დემპინგურ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ფასი დემპინგურ ზღვარზე დაბალი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ მისი ზრდა საკმარისია დემპინგური იმპორტით ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.

3. ვალდებულების აღება ექსპორტიორს შეიძლება შესთავაზოს შესწავლის ორგანომ, მაგრამ ექსპორტიორის მიერ ვალდებულების აღება ნებაყოფლობითია. ის გარემოება, რომ ექსპორტიორს არ შესთავაზებენ ვალდებულების აღებას ან ის არ აიღებს ვალდებულებას, არ აბრკოლებს შემთხვევის განხილვას. შესწავლის ორგანო თვითონ განსაზღვრავს, რომ დემპინგური იმპორტის გაგრძელების შემთხვევაში იარსებებს ზიანის მიყენების საფრთხე.

 

მუხლი 17. შესწავლის ორგანოს მიერ ფასთან მიმართებით ვალდებულების მიღების პირობები

1. საქართველოს მთავრობა ამ მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ორგანო მის დამტკიცებას არაპრაქტიკულად განიხილავს, მაგალითად, თუ რეალური და პოტენციური ექსპორტიორების რაოდენობა ძალზე დიდია, ან არსებობს სხვა მიზეზი, ზოგადი პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ შესწავლის ორგანო გადაწყვეტს, არ დამტკიცდეს ექსპორტიორის ვალდებულება, იგი აცნობებს მას ამ ვალდებულების შეუსაბამობის მიზეზებს. შესწავლის ორგანო ექსპორტიორს აძლევს საშუალებას, წარმოადგინოს წერილობითი შენიშვნები აღნიშნულთან დაკავშირებით.

2. საქართველოს მთავრობა ამ მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესწავლის ორგანოს მიერ წარდგენილი წინასწარი დასკვნის საფუძველზე.

3. შესწავლის ორგანო ექსპორტიორს აცნობებს ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების  მიზეზებს  და აძლევს რეაგირების ადეკვატურ საშუალებას.

4. ექსპორტიორის მიერ ვალდებულების აღების შემთხვევაში შესწავლა შეიძლება გაგრძელდეს მისი მოთხოვნის ან შესწავლის ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

5. თუ, შესწავლის ორგანოს დასკვნის მიხედვით, დემპინგური იმპორტის არსებობა არ დგინდება, ექსპორტიორი თავისუფლდება ვალდებულებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დემპინგური იმპორტის არარსებობის შესახებ გადაწყვეტილება ვალდებულების აღების შედეგად იქნა მიღებული. ასეთ შემთხვევაში შესწავლის ორგანოს შეუძლია მოითხოვოს ვალდებულების მოქმედების მისაღები პერიოდით, ამ კანონის შესაბამისად გაგრძელება.

6. შესწავლის ორგანო უფლებამოსილია ექსპორტიორისგან გამოითხოვოს ვალდებულების შესრულების თაობაზე ინფორმაცია და გადაამოწმოს მისი ნამდვილობა.

7. ექსპორტიორის მიერ ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის/შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ. ასეთ შემთხვევაში სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი შემოღებული იქნება იმ პროდუქტზე, რომელიც მიმოქცევაში წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღებამდე 90 დღით ადრე იქნა გაშვებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქტის იმპორტი ვალდებულების დარღვევამდე/შეუსრულებლობამდე განხორციელდა.

 

მუხლი 18. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება და გამოყენება

1. შესწავლის ორგანოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე საქართველოს მთავრობა შემოიღებს სპეციალურ ანტიდემპინგურ ტარიფს იმ შესწავლის ობიექტზე, რომელიც ადგილობრივ ინდუსტრიას ზიანს აყენებს.

2. საქართველოს მთავრობა პირის მიერ ექსპორტირებულ ან/და წარმოებულ პროდუქტზე სპეციალურ ანტიდემპინგურ ტარიფს ინდივიდუალურად, არადისკრიმინაციულობის საფუძველზე შემოიღებს.

3. შესწავლის ორგანო ადგენს, არის თუ არა დემპინგურ ზღვარზე დაბალი ტარიფი (სატარიფო განაკვეთი) საკმარისი ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად. თუ შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ დემპინგურ ზღვარზე დაბალი ტარიფი (სატარიფო განაკვეთი) საკმარისია ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი ამ ტარიფს (სატარიფო განაკვეთს) არ უნდა აღემატებოდეს.

4. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი ინდუსტრიის ინტერესებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს საზოგადოებრივი ინტერესები.

5. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირებას ახორციელებს შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

 

მუხლი 19. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების ვადა და მისი გადახედვა

1. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება ხდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ოდენობითა და ვადით, რომლებიც აუცილებელია შესწავლის ობიექტის მიერ ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.

2. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება ხდება არაუმეტეს 5 წლით. ეს ვადა აითვლება ამ ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების დღიდან.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 წლით იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ორგანო განმეორებითი შესწავლის საფუძველზე დაადგენს, რომ სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების შეწყვეტა ადგილობრივ ინდუსტრიას ზიანს მიაყენებს. ასეთ შემთხვევაში სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი შეიძლება ძალაში დარჩეს განმეორებითი შესწავლის დასრულებამდე.

4. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 90 დღით ადრე შესწავლის ორგანო ამის შესახებ ოფიციალურ შეტყობინებას აქვეყნებს.

5. ადგილობრივ ინდუსტრიას შეუძლია ოფიციალური შეტყობინების გამოქვეყნებიდან 45 დღის ვადაში შესწავლის ორგანოს მიმართოს წერილობითი განცხადებით განმეორებითი შესწავლის დაწყების თაობაზე.

6. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა შესწავლის ორგანოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე.

7. განმეორებითი შესწავლის პერიოდი 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

8.  თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებითი  შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების საფუძველი არ არსებობს, განმეორებითი შესწავლის პერიოდში ამოღებული, სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის სახით გადახდილი თანხა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უბრუნდება გადამხდელს.

 

თავი III. შესწავლის განხორციელება

 

მუხლი 20. შესწავლის დაწყების საფუძველი და განხორციელება

1. შესწავლის დაწყების საფუძველია ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ ან მისი სახელით გაკეთებული წერილობითი განცხადება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების თანმხლები დოკუმენტების ნუსხა დგინდება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესითა და პროცედურებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესწავლა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადება წარდგენილ იქნა ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ ან მისი სახელით, რომლის მიერ წარმოებული მსგავსი პროდუქტი ერთობლივად ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ წარმოებული მთლიანი მსგავსი პროდუქტის 50 პროცენტზე მეტია და რომელიც მხარს უჭერს განცხადებას ან არ ეთანხმება მას. მიუხედავად ამისა, შესწავლის დაწყება დაუშვებელია, თუ შესწავლის ორგანო განცხადების მხარდასაჭერად გამოთქმული ან საპირისპირო აზრის შესწავლის საფუძველზე დაადგენს, რომ ადგილობრივი ინდუსტრიის იმ ნაწილის მიერ, რომელმაც მხარი დაუჭირა განცხადებას, წარმოებულია ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ წარმოებული მთლიანი მსგავსი პროდუქტის 25 პროცენტზე ნაკლები.

4. შესწავლის ორგანო შესწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენის დღიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 კალენდარული დღით, შესწავლის ორგანოს მიერ განმცხადებლისგან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით.

5.   შესწავლის   ორგანო   შესწავლის   დაწყებაზე   უარის   თქმის   შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განმცხადებელს წერილობით აცნობებს შესწავლის დაწყებაზე დასაბუთებულ უარს.

6. შესწავლის ორგანო შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამის თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. გამოქვეყნების თარიღი ითვლება შესწავლის დაწყების თარიღად. ამასთანავე, შესწავლის ორგანო შესწავლის დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს თითოეული ექსპორტიორი ქვეყნის მთავრობას.

7. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, შესწავლის დაწყებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით მიმართოს შესწავლის ორგანოს შესწავლაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.

8. შესწავლის ორგანო შესწავლას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესისა და პროცედურების შესაბამისად.

9.  შესწავლის  პერიოდი 12  თვეს არ  უნდა  აღემატებოდეს. ეს  ვადა  შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 6 თვით.

 

მუხლი 21. იმპორტის უმნიშვნელო მოცულობა და მინიმალური დემპინგური ზღვარი

შესწავლის ორგანო შესწავლას არ დაიწყებს ან მიიღებს გადაწყვეტილებას შესწავლის დაუყოვნებლივ დასრულების შესახებ, თუ იგი წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაადგენს, რომ:

ა)  შესწავლის  ობიექტის  რომელიმე  ქვეყნიდან საქართველოში  განხორციელებული იმპორტის მოცულობა უმნიშვნელოა − მსგავსი პროდუქტის მთლიანი იმპორტის 3 პროცენტზე ნაკლებია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსგავსი პროდუქტის მთლიან იმპორტში ასეთი ქვეყნებიდან იმპორტის ჯამური წილი 7 პროცენტზე მეტია;

ბ) დემპინგური ზღვარი 2 პროცენტზე ნაკლებია.

 

მუხლი 22. კონფიდენციალური ინფორმაცია

1. დაინტერესებული პირის მიერ შესწავლის ორგანოსთვის წარდგენილი ინფორმაცია კონფიდენციალურ ინფორმაციად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის წარმდგენი პირი შესწავლის ორგანოს წარუდგენს იმის დასაბუთებას, რომ ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება კონკურენციის პირობებში უპირატესობას მიანიჭებს მესამე პირს ან ამას ექნება უარყოფითი შედეგები ინფორმაციის წარმდგენი პირისთვის ან იმ პირისთვის, რომლისგანაც დაინტერესებულმა პირმა ასეთი ინფორმაცია მიიღო. კონფიდენციალური ინფორმაცია მისი წარმდგენი დაინტერესებული პირის ნებართვის გარეშე არ უნდა გახმაურდეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, გამონაკლისი შემთხვევებისა.

2. შესწავლის ორგანო უფლებამოსილია კონფიდენციალური ინფორმაციის წარმდგენ დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს მისი არაკონფიდენციალური ვერსია. არაკონფიდენციალური ვერსია უნდა შეიცავდეს წარდგენილი კონფიდენციალური ინფორმაციის არსის გასაგებად საჭირო მონაცემებს. თუ შესწავლის ორგანოს მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის არაკონფიდენციალური ვერსიის მოთხოვნის საპასუხოდ დაინტერესებული პირი აცხადებს, რომ კონფიდენციალური ინფორმაციის ასეთი სახით წარდგენა შეუძლებელია, ეს პირი ვალდებულია შესწავლის ორგანოს წარუდგინოს კონფიდენციალური ინფორმაციის აღნიშნული სახით წარდგენის შეუძლებლობის დასაბუთება.

 

მუხლი 23. ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობა

1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ ამ ღონისძიების შემოღება მთლიანად ან ნაწილობრივ ზიანს მიაყენებს ეკონომიკის სხვა დარგს ან პროდუქტის მომხმარებელთა ინტერესებს ან განპირობებული იქნება სახელმწიფო საჭიროებით.

2. ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

3. ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გადახედილ იქნეს 1 წლის ვადაში, თუ მისი მიღების მიზეზი შეიცვალა.

4. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებას.

 

მუხლი 24. გასაჩივრება

1. წინასწარი/სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების, გამოუყენებლობის, გადახედვის ან გაუქმების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას.

 

მუხლი 25. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის შეტყობინების გაგზავნა (ნოტიფიკაცია)

საქართველოს მთავრობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ანტიდემპინგური ღონისძიების კომიტეტს მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად:

ა) უგზავნის შეტყობინებას (ახდენს ნოტიფიკაციას) ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების მიზნით შესწავლის დაწყებისა და განხორციელების პროცედურების შესახებ;

ბ) უგზავნის შეტყობინებას (ახდენს ნოტიფიკაციას) ყველა განხორციელებული წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების ან სპეციალური ანტიდემპინგური ღონისძიების შესახებ;

გ) წელიწადში 2-ჯერ, სტანდარტული ფორმის შესაბამისად წარუდგენს დასკვნას გასული 6 თვის განმავლობაში განხორციელებული ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ.

 

თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 26. გარდამავალი დებულებები

საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მიიღოს შემდეგი დადგენილებები:

ა) საქართველოს მთავრობის დადგენილება „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების მიზნით შესწავლის განხორციელების წესისა და პროცედურების შესახებ“;

ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მთავრობის მიერ ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის თაობაზე“;

გ) საქართველოს მთავრობის დადგენილება „წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიებისა  და  სპეციალური  ანტიდემპინგური  ტარიფის ადმინისტრირების წესის შესახებ“.

 

მუხლი 27. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლისა, ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის მე-20 მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

13 ივლისი 2020 წ.

N6749-რს