დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6751-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 360160000.05.001.019954 |
|
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-14 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი ან ფიზიკური პირის შემთხვევაში − 1 000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − 400 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი წარმოიქმნება, ვალდებულია შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა. ეს გეგმა ძირითადად უნდა მოიცავდეს: ა) წარმოქმნილი ნარჩენების შესახებ ინფორმაციას (კერძოდ, მონაცემებს მათი წარმოშობის, ნარჩენების ნუსხით განსაზღვრული ნარჩენების სახეობების, შემადგენლობისა და რაოდენობის შესახებ); ბ) ნარჩენების, განსაკუთრებით – სახიფათო ნარჩენების წარმოქმნის პრევენციისა და ნარჩენების აღდგენისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას; გ) წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირების მეთოდის, განსაკუთრებით – სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებისგან განცალკევების მეთოდის აღწერას; დ) ნარჩენების დროებითი შენახვის მეთოდებსა და პირობებს; ე) ნარჩენების დამუშავებისთვის გამოყენებულ მეთოდებს ან/და იმ პირის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც ნარჩენები შემდგომი დამუშავებისთვის გადაეცემა.“. 2. 31-ე მუხლის: ა) მე-2−მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იგივე ქმედება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა-ნაგებობიდან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, – გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. 4. 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 5. 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 6. 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 7. 2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება (გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 8. 1 მ3-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. 9. დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნარჩენით) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი: „10. ნარჩენების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრული ნარჩენების შეგროვების კონტეინერში არადანიშნულებისამებრ მოთავსება (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში მოთავსება) – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“. 3. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 32. სამშენებლო ნარჩენებით ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება 1. 1 მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ნარჩენით ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 2. 1 მ3-დან 10 მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ნარჩენით ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. 3. 10 მ3-დან 50 მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ნარჩენით ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 4. 50 მ3 ან 50 მ3-ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ნარჩენით ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ვალდებულია დაუყოვნებლივ ან მითითებულ გონივრულ ვადაში დაასუფთაოს სამშენებლო ნარჩენებით ან სხვა ინერტული ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია.“. 4. 33-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 2. 1 მ3-მდე მოცულობის ფეკალური მასით ან კანალიზაციის ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.“. 5. 34-ე და 35-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34. ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება 1. 20 კგ-მდე ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 2. 20 კგ ან 20 კგ-ზე მეტი ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ვალდებულია დაუყოვნებლივ დაასუფთაოს ცხოველის სხეულის ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია. ამ მუხლის მიზნებისთვის გარემოს დანაგვიანებად მიიჩნევა აგრეთვე ცხოველური ნარჩენის მუნიციპალური ნარჩენების კონტეინერში მოთავსება. მუხლი 35. მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა 1. მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენებისა) (მათ შორის, საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.“. 6. 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახიფათო ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში ან მიწისქვეშა ან/და ზედაპირულ წყლებში ჩაშვება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების კონტეინერში (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“. 7. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 39. სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა 1. ოპერატორის მიერ 20 კგ-ზე ნაკლები სახიფათო ნარჩენის სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. ოპერატორის მიერ 20 კგ ან 20 კგ-ზე მეტი სახიფათო ნარჩენის სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.“. 8. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 43. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენისა და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნების დარღვევა 1. მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მისთვის კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 2. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან/და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განუხორციელებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“. 9. 48-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-10 ნაწილითა და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრულ დასახლებული პუნქტების ტერიტორიებზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-8 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-8 ნაწილები ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 13 ივლისი 2020 წ. N6751-რს |
დოკუმენტის კომენტარები