„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6890-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.020036
6890-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
470000000.05.001.020036
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების მკაფიოდ გამიჯვნა;“.

2. IX თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში“.

3. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 36. მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

1. ამ კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ:

ა) გადამდები დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარებას იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოების ჯანმრთელობას, მათ შორის, ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას;

ბ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობას;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზებას;

დ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას;

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობას, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ პირთა მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის 3​1 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლს;

ვ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისთვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღებას, შენახვასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისთვის განაწილებას;

ზ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარებას ეპიდსაშიშროებისას;

თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობას;

ი) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილება.

3. მუნიციპალიტეტისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ახორციელებს სამინისტრო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6890-რს