„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6893-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.020041
6893-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
240140000.05.001.020041
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.016710) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ეკონომიკური აგენტის, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან/და მისი თანამდებობის პირის ქმედებასა და გადაწყვეტილებაზე, რომლებიც, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს ან/და შეუძლია გამოიწვიოს ქვეყნის სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა და აღკვეთა;“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაუშვებლობა;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭების დაუშვებლობა, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას;“.

3. მე-3 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) სახელმწიფო დახმარების გამცემი – სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და მუნიციპალიტეტის ორგანო, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფოს 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო ან სახელმწიფოს სახელით მოქმედი შუამავალი ეკონომიკური აგენტი, რომელიც სახელმწიფო დახმარების გაცემის მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ იყენებს უფლებამოსილებას;“.

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობა

სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს ეკრძალებათ:

ა) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების შერწყმა, კავშირების, ასოციაციების, გაერთიანებების ან სხვა სახის სამეწარმეო სტრუქტურების შექმნა, თუ ეს იწვევს კონკურენციის შესუსტებასა და შეზღუდვას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი საგადასახადო ან სხვა შეღავათების დაწესება, რომლებიც მას კონკურენტებთან (პოტენციურ კონკურენტებთან) შედარებით უპირატესობას ანიჭებს და ზღუდავს კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) ეკონომიკური აგენტის სამეწარმეო საქმიანობისა და დამოუკიდებლობის აკრძალვა, შეჩერება ან/და სხვაგვარად შეფერხება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) საქონლის წარმოების ან რეალიზაციის მონოპოლიზაციისათვის სახელმწიფო სტრუქტურების შექმნა, ან არსებული სტრუქტურებისათვის ისეთი უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც შეზღუდავს კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე) ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნას და კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

5. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წესის საფუძველზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები შეიმუშავებენ და სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგენენ სახელმწიფო დახმარების გაცემის პროცედურას,  რომლითაც განისაზღვრება მისი გაცემის მიზნები, სახელმწიფო დახმარების ფორმები და მიმღები სუბიექტები.“.

6. მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტოს გადაწყვეტილებების, ინსტრუქციებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და ეკონომიკური აგენტებისათვის.“.

7. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოსთან მიმართებით უფლებამოსილია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს მას ამ კანონის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

ბ) ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში წარუდგინოს მას დასაბუთებული წერილობითი დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაცია ამ ორგანოს მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების თაობაზე, მათ შორის, მოსთხოვოს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული საკითხი დასვას შესაბამისი ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე;

გ) წარუდგინოს მას განსახილველად სავალდებულო წინადადებები ან/და რეკომენდაციები საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენციული გარემოს გაჯანსაღებისათვის, მათ შორის:

გ.ა) შესაბამის ბაზარზე შესვლის საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ბარიერების არსებობის და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე;

გ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების გაუქმების თაობაზე, თუ ისინი ზღუდავენ კონკურენციას;

დ) საქართველოს მთავრობას მიმართოს დასკვნით და საჭიროების შემთხვევაში – რეკომენდაციით, თუ გაცემული სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას;

ე) უფლებამოსილებათა განსახორციელებლად, საჭიროების შემთხვევაში, ამ ორგანოსაგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დასვას მისი თანამდებობის პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი;

ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსაგან გამოითხოვოს და მიიღოს იდენტიფიცირებული ინფორმაცია ცალკეულ გადასახადის გადამხდელთა თაობაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6893-რს