„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6884-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 280070000.05.001.020084
6884-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
280070000.05.001.020084
„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 692) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ

1. სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ ითვალისწინებს:

ა) ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნას;

ბ) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფს ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიების, მათი პრაქტიკული შესრულებისთვის ღონისძიებათა სისტემას;

გ) ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებიდან, ვეტერანების სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის პროგრამებისთვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას.

2. მუნიციპალიტეტებმა შეიძლება შეიმუშაონ და განახორციელონ მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიების, მათი პრაქტიკული შესრულებისთვის ღონისძიებათა სისტემას და ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ვეტერანების სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის პროგრამებისათვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.“.

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მუნიციპალიტეტებს (საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში), სამინისტროებს, უწყებებს, საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, კონცერნებს, ასოციაციებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და არსებული თავისუფალი სახსრებისა და საშუალებების გათვალისწინებით საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ვეტერანების სოციალური დაცვის დამატებითი შეღავათებისა და წახალისების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ კანონით.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს ვეტერანებისთვის ამ კანონით დაწესებული უფლებებისა და შეღავათების რეალიზაციას და ცენტრალური ბიუჯეტიდან მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად სახსრების გამოყოფას.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ვეტერანებისათვის ამ კანონით დაწესებული უფლებებისა და შეღავათების რეალიზაციას და მუნიციპალური ბიუჯეტიდან მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად სახსრების გამოყოფას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  ამ კანონით გათვალისწინებული ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებები (მათ შორის, შესაბამისი საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების სააბონენტო გადასახადებისგან გათავისუფლება), რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში დააწესეს მუნიციპალიტეტის შესაბამისმა ორგანოებმა, ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.“.

4. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ხელს უწყობენ ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობას, ეხმარებიან ფინანსურად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმალური ფუნქციონირებისთვის გამოუყოფენ კეთილმოწყობილ სამუშაო ადგილებს, მოწყობილობას, ინვენტარსა და ქონებას.“.

5. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ვეტერანებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის სოციალური შეღავათების ადმინისტრირებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მონაცემები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6884-რს