კომერციული ბანკის გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისა და შეფასების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე

კომერციული ბანკის გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისა და შეფასების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 131/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016485
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
131/04
29/06/2020
ვებგვერდი, 30/06/2020
220020000.18.011.016485
კომერციული ბანკის გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისა და შეფასების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/06/2020 - 08/07/2022)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №131/04

2020 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

 

კომერციული ბანკის გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისა და შეფასების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს კომერციული ბანკის გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისა და შეფასების შესახებ თანდართული წესი.
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



კომერციული ბანკის გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისა და შეფასების შესახებ წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები 
1. „კომერციული ბანკის გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისა და შეფასების წესის“ (შემდგომში – წესი) მიზანია, განსაზღვროს გაჯანსაღების გეგმის ძირითადი ელემენტები, დაადგინოს გაჯანსაღების გეგმის შემუშავების პროცესებთან, გაჯანსაღების ზომებთან და მოსამზადებელ ზომებთან დაკავშირებული მოთხოვნები და საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ გაჯანსაღების გეგმის შეფასების კრიტერიუმები და  წესები.

2. გაჯანსაღების გეგმის შემუშავება და ეროვნული ბანკისთვის წარდგენა სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკის ფილიალისთვის (შემდგომში – ბანკი).

3. ბანკის მიერ პირველი გაჯანსაღების გეგმის წარმოდგენის შემდგომ ყოველწლიურად, არაუგვიანეს 31 მაისისა, ბანკმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს განახლებული გაჯანსაღების გეგმა, რომელშიც უნდა აისახოს ამ წესით განსაზღვრული საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში ბანკთან და მის შვილობილ საწარმოსთან, საფინანსო სექტორთან და სხვა ისეთ მაკროეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელთაც შესაძლოა, გავლენა ჰქონდეთ გაჯანსაღების გეგმის დროულ და ეფექტურ განხორციელებაზე.

4. თუ ეს წესი არ აწესრიგებს გეგმის შემუშავებასთან ან ეროვნული ბანკის შეფასებასთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხს, ეროვნულმა ბანკმა, ან ბანკმა ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, უნდა იხელმძღვანელოს ამ კუთხით არსებული საუკეთესო მოწინავე პრაქტიკით, რომელიც მოიცავს, ფინანსური სტაბილურობის საბჭოსა (FSB) და ევროპის საბანკო უწყების (EBA) შესაბამის ტექნიკურ სტანდარტებსა და მარეგულირებელ აქტებს.

5. თუ ამ წესით განსაზღვრულ რომელიმე ტერმინის  განმარტებასთან ან სხვა საკითხთან მიმართებით ვერ მოხდება ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის საერთო მოსაზრებაზე შეთანხმება, საკითხი გადაწყდება ეროვნული ბანკის მოსაზრების შესაბამისად.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გაჯანსაღების გეგმა – კომერციული ბანკის მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც სხვა ელემენტებთან ერთად, მოიცავს მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეების შექმნისას ან კრიტიკული ფუნქციების შეფერეხებისას ან შეწყვეტისას, კომერციული ბანკის მიერ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და კრიტიკული ფუნქციების აღსადგენად და შესანარჩუნებლად განსახორციელებელ ღონისძიებებს;

ბ) გაჯანსაღების ზომა – გაჯანსაღების გეგმით განსაზღვრული ღონისძიება, რომელიც მიიღება ბანკის მიერ ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების, კრიტიკული ფუნქციებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შენარჩუნების ან აღდგენის უზრუნველსაყოფად;

გ) ინდიკატორი – რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი ბანკის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომელიც გამოიყენება გაჯანსაღების ზომის გამოყენების საჭიროების დასადგენად;

დ) ინდიკატორის ზღვარი – ინდიკატორის ის მაჩვენებელი, რომლის მიღწევის  შემთხვევაშიც ბანკი იყენებს გაჯანსაღების ერთ ან რამდენიმე ზომას;

ე) ადრეული გამაფრთხილებელი ნიშნული – მაჩვენებელი, რომლის საშუალებითაც ბანკი ადრეულ ეტაპზე აფასებს ბანკის ინდიკატორის ზღვრამდე პოტენციურ მიღწევას;

ვ) სტრესსცენარი – მაკროეკონომიკური და ფინანსური სტრესის ჰიპოთეტური მოვლენების ილუსტრირება, რომლის მიზანი ინდიკატორების ადეკვატურობისა და გაჯანსაღების ზომების ეფექტურობის შემოწმებაა;

ზ) სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკი – „სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის №174/04 ბრძანებით განსაზღვრული სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკები;

თ) სისტემური მოვლენა – ფინანსურ სისტემაზე ან რეალურ ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგების გამომწვევი მოვლენები და რისკები;

ი) იდიოსინკრატული მოვლენა – ერთი კონკრეტული ბანკის ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების გამომწვევი მოვლენები და რისკები;

კ) კომბინირებული მოვლენა – სისტემური და იდიოსინკრატული მოვლენების ერთდროული დადგომა.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მნიშვნელობები.


მუხლი 3. გაჯანსაღების გეგმის ძირითადი ელემენტები
1. ბანკის მიერ გაჯანსაღების გეგმის შემუშავების მიზანია, ეფექტური და ქმედითი გაჯანსაღების ზომების წინასწარ განსაზღვრის გზით, უზრუნველყოს ბანკის ადეკვატური მზაობა ფინანსური სტრესის დადგომის შემთხვევებისთვის.

2. გაჯანსაღების გეგმა, სულ მცირე, შემდეგ ელემენტებს უნდა მოიცავდეს:

ა) გაჯანსაღების გეგმის შეჯამებას, რაც გულისხმობს ამ პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გაჯანსაღების გეგმის თითოეული ძირითადი ელემენტის მოკლე მიმოხილვას;  

ბ) ინფორმაციას გაჯანსაღების გეგმის პროცესებისა და პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების შესახებ ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად;

გ) გაჯანსაღების გეგმის ინდიკატორების აღწერასა და ანალიზს ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად;

დ) გაჯანსაღების გეგმის სტრატეგიულ ანალიზს ამ წესის მე-6-მე-11 მუხლების შესაბამისად;

ე) კომუნიკაციის სტრატეგიას ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად;

ვ) გაჯანსაღების გეგმისათვის აუცილებელი მოსამზადებელი ზომების ანალიზს ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად;

ზ) ინფორმაციას ეროვნული ბანკისათვის გაჯანსაღების გეგმის უკანასკნელად წარდგენის შემდგომ ბანკთან და მის შვილობილ საწარმოსთან, საფინანსო სექტორთან და სხვა ისეთ მაკროეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, რომელთაც შესაძლოა, გავლენა ჰქონდეთ გაჯანსაღების გეგმის დროულ და ეფექტურ განხორციელებაზე.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული ელემენტების გარდა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მოსთხოვოს ბანკს გაჯანსაღების გეგმაში დამატებითი ინფორმაციის ან ელემენტის გათვალისწინება.


მუხლი 4. გაჯანსაღების გეგმის პროცესებთან, პასუხისმგებელ პირებთან და  სტრუქტურულ ერთეულებთან დაკავშირებული ინფორმაცია
1. ბანკი ვალდებულია გაჯანსაღების გეგმით განსაზღვროს გეგმის შემუშავების, დამტკიცების, განხორციელებისა და განახლების პროცესები და ამ პროცესების ადეკვატურ წარმართვაზე პასუხისმგებელი პირები და სტრუქტურული ერთეულები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცესები, აგრეთვე პასუხისმგებელი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები უნდა შეესაბამებოდეს ბანკის მმართველობით და ორგანიზაციულ სტრუქტურას, ხოლო აღნიშნული ელემენტის ფარგლებში, გაჯანსაღების გეგმა, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას გაჯანსაღების გეგმის თითოეული ელემენტის შემუშავებაზე, დამტკიცებაზე, განახლებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და მათი ფუნქციების შესახებ;

ბ) ბანკის მმართველობით და ორგანიზაციულ სტრუქტურასა და რისკის მართვის ჩარჩოში გაჯანსაღების გეგმის ინტეგრირების პროცესების აღწერას;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ბანკის გაჯანსაღების გეგმით განსაზღვრულია საბანკო ჯგუფის რომელიმე წევრი,  იმ პროცესებისა და მექანიზმების აღწერას, რომლებიც უზრუნველყოფს გაჯანსაღების გეგმის შემუშავების და განხორციელების ჯგუფის შიგნით კოორდინაციას;

დ) დადასტურებას, რომ გაჯანსაღების გეგმა განხილულ იქნა და შეფასდა ბანკის შიდა აუდიტისა და რისკის მართვის ფუნქციის მიერ;

ე) დადასტურებას, რომ გაჯანსაღების გეგმა შეფასდა და დამტკიცდა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ;    

ვ) გაჯანსაღების გეგმით დადგენილი ინდიკატორების ზღვრის მიღწევის შემთხვევაში გაჯანსაღების გეგმის ამოქმედების პროცესის აღწერას, რაც მოიცავს:

ვ.ა) ინფორმაციას გაჯანსაღების გეგმის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და მათი ფუნქცია-მოვალეობების შესახებ;

ვ.ბ) ინფორმაციას იმ საჭირო პროცედურების შესახებ, რომელთა დაცვითაც ხდება გაჯანსაღების გეგმის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ამ წესის მიხედვით;

ვ.გ) ვადას, რომელიც საჭირო იქნება გეგმით განსაზღვრული ინდიკატორის დადგომის ფაქტისა და გაჯანსაღების ზომების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე ეროვნული ბანკის ინფორმირებისთვის;

ზ) ბანკის ინფორმაციული მართვის სისტემების აღწერასა და დასაბუთებას იმის თობაზე, რომ გაჯანსაღების ზომების განხორციელებისთვის აუცილებელი სანდო ინფორმაცია ფინანსური სტრესის პირობებში ხელმისაწვდომი იქნება დროულად.


მუხლი 5. გაჯანსაღების გეგმის ინდიკატორების აღწერა და ანალიზი
1. ბანკი ვალდებულია გაჯანსაღების გეგმაში განსაზღვროს ინდიკატორები და თითოეულ ინდიკატორთან მიმართებით – ინდიკატორის ზღვარი და ადრეული გამაფრთხილებელი ნიშნული.

2. ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ გაჯანსაღების გეგმაში განსაზღვრული თითოეული ინდიკატორი აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ პირობას:

ა) შეესაბამებოდეს ბანკის ზომას, კომპლექსურობას, საქმიანობის მასშტაბებს, რისკის პროფილს, ორგანიზაციულ  სტრუქტურასა და ბანკის სხვა მახასიათებლებს;

ბ) უზრუნველყოფდეს იმ რისკების იდენტიფიცირებას, რომლებიც გავლენას ახდენს ბანკის ფინანსურ მდგომარეობაზე და შესაძლოა, წარმოშვას გაჯანსაღების გეგმის განხორციელების საჭიროება;

გ) უზრუნველყოფდეს გაჯანსაღების ზომების მიღებისა თუ მიღებისაგან თავის შეკავების შესახებ გადაწყვეტილების დროული მიღების შესაძლებლობას; 

დ) შეესაბამებოდეს ბანკის რისკის მართვის ჩარჩოს, რისკის აპეტიტს, ლიკვიდობის, კაპიტალისა და ბიზნესის უწყვეტობის გეგმებს;

ე) სათანადოდ იყოს ინტეგრირებული ბანკის მმართველობით და ორგანიზაციულ სტრუქტურასა და პროცესებში;  

ვ) განსაზღვრული იყოს სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით და შესაძლებელი იყოს მისი მუდმივი მონიტორინგი.

3. ბანკის მიერ განსაზღვრული ინდიკატორების რაოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს სხვადასხვა სახის რისკის რეალიზების შემთხვევაში ბანკის ფინანსური სირთულეების დროულ გამოვლენას და, ამასთან, არ უნდა ართულებდეს ბანკის მხრიდან ინდიკატორთა ეფექტურ მართვასა და მონიტორინგს.

4. გაჯანსაღების გეგმის ინდიკატორების განსაზღვრისას ბანკმა უნდა  იხელმძღვანელოს ამ წესის დანართ №1-ში ჩამოთვლილი ინდიკატორების სავალდებულო და დამატებითი კატეგორიების მიხედვით. 

5. ბანკმა გაჯანსაღების გეგმაში უნდა განსაზღვროს ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული თითოეული სავალდებულო ინდიკატორის კატეგორიიდან არანაკლებ ერთი ინდიკატორი. ბანკი უფლებამოსილია, არ განსაზღვროს  ინდიკატორები დამატებითი ინდიკატორების კატეგორიიდან, თუ ეროვნულ ბანკს დაუსაბუთებს, რომ აღნიშნული ინდიკატორის განსაზღვრა არ იქნება რელევანტური ბანკის ზომის, კომპლექსურობის, რისკის პროფილის,  ორგანიზაციული  სტრუქტურის ან ბანკის სხვა მახასიათებლების  გათვალისწინებით.

6. გაჯანსაღების გეგმაში ინდიკატორთა ზღვრისა და ადრეული გამაფრთხილებელი ნიშნულების განსაზღვრასთან ერთად ბანკმა უნდა დაასაბუთოს, რომ განსაზღვრული ინდიკატორები, მათი ზღვრები და ადრეული გამაფრთხილებელი ნიშნულები ადეკვატურად უზრუნველყოფს მოსალოდნელი ფინანსური სტრესის შესახებ გაჯანსაღების ზომების განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების დროულ მიღებას.

7.  ბანკი ვალდებულია, მიიღოს ინდიკატორთა რეგულარული მონიტორინგისათვის საჭირო ყველა აუცილებელი ზომა.

8. მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი ვალდებულია, დროულად მიაწოდოს ეროვნულ ბანკს ინფორმაცია ინდიკატორთა არსებული მაჩვენებლების შესახებ.


მუხლი 6. გაჯანსაღების გეგმის სტრატეგიული ანალიზი
სტრატეგიული ანალიზის ძირითადი მიზანია ბანკის მიერ განისაზღვროს ბანკის მნიშვნელოვანი მახასიათებლები და კრიტიკული ფუნქციები, ასევე, ფინანსურ სირთულეებზე საპასუხო სამოქმედო გეგმის ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომლებმაც ბანკის დროული და ეფექტური გაჯანსაღება უნდა უზრუნველყონ. ამ მიზნით, სტრატეგიული ანალიზი, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს ამ წესის მე-7-მე-11 მუხლებით განსაზღვრულ შემდეგ ელემენტებს:

ა) ბანკის მახასიათებლების აღწერა;

ბ) გაჯანსაღების ზომების აღწერა;

გ) გაჯანსაღების ზომების გავლენისა და განხორციელების შესაძლებლობების შეფასება;

დ) საოპერაციო უწყვეტობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული საკითხები;

ე) სტრესსცენარები.


მუხლი 7. ბანკის მახასიათებლების აღწერა 
1. ამ წესის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  ელემენტის ფარგლებში ბანკმა  უნდა წარმოადგინოს ბანკისა და საბანკო ჯგუფში  შემავალი იმ საწარმოების დახასიათება, რომლებიც გავლენას ახდენს ბანკის გაჯანსაღების გეგმის განხორციელებაზე. აღნიშნული უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) ბანკის ბიზნესმოდელს, ბიზნესგეგმასა და რისკის აპეტიტს;

ბ) ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებშიც ბანკი ან საბანკო ჯგუფში შემავალი საწარმოები საქმიანობენ;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ ბანკის კრიტიკულ ფუნქციებს;

დ) ბანკისა და საბანკო ჯგუფში შემავალი საწარმოების ორგანიზაციული სტრუქტურის დეტალურ აღწერასა და ფინანსურ ინფორმაციას შიდა ჯგუფურ კავშირებზე, რომელიც მოიცავს:

დ.ა) ინფორმაციას ბანკსა და საბანკო ჯგუფში შემავალ საწარმოებს შორის არსებული რისკის პოზიციების, ფინანსირებასთან დაკავშირებული ურთიერთობების, კაპიტალის მოძრაობისა და საბანკო ჯგუფის წევრებს შორის არსებული გარანტიების შესახებ;

დ.ბ) ინფორმაციას საბანკო ჯგუფის წევრებს შორის ფინანსური დახმარებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებული შეთანხმებების შესახებ;

დ.გ) ინფორმაციას საოპერაციო ურთიერთკავშირების შესახებ, რაც მოიცავს ინფორმაციას ერთ საწარმოში ცენტრალიზებული იმ ფუნქციების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანია საბანკო ჯგუფში შემავალი სხვა საწარმოებისათვის, მათ შორის, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, სახაზინო, რისკის მართვის, ადმინისტრაციული და საბანკო საქმიანობის უზრუნველყოფისათვის საჭირო სხვა ფუნქციების შესახებ;

ე) მესამე მხარეებთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია, რომელიც, მათ შორის, მოიცავს:

ე.ა) მნიშვნელოვან რისკის პოზიციებსა და ვალდებულებებს ძირითად კონტრაჰენტებთან;

ე.ბ) მნიშვნელოვან ფინანსურ პროდუქტებსა და მომსახურებებს, რომლებსაც ბანკი ან საბანკო ჯგუფში შემავალი საწარმო აწვდის ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს;

ე.გ) მნიშვნელოვან მომსახურებებს, რომელთაც მესამე მხარეები აწვდიან ბანკს ან საბანკო ჯგუფში შემავალ სხვა საწარმოებს.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის გაჯანსაღების გეგმამ უნდა მოიცვას იმ საწარმოებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომლებიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ პირობას:

ა) მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ბანკის ან საბანკო ჯგუფში შემავალი ისეთი საწამოების მოგებასა და დაფინანსებაზე, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ბანკზე ან ფლობენ/განკარგავენ ბანკის აქტივების, ვალდებულებების ან კაპიტალის მნიშვნელოვან წილს;

ბ) ასრულებენ ბანკისათვის მნიშვნელოვან საქმიანობებს, რომლებიც უზრუნველყოფს ბანკის მიერ კრიტიკული ფუნქციების შესრულებას;

გ) ცენტრალიზებულად ასრულებენ ბანკის მატერიალურ საოპერაციო, რისკების მართვის ან ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

დ) ინაწილებენ მნიშვნელოვან რისკებს, რამაც სტრესის შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ბანკის გადახდისუნარიანობას;

ე) ლიკვიდაციის შემთხვევაში გამოიწვევენ ბანკისთვის მნიშვნელოვანი რისკების შექმნას.


მუხლი 8. გაჯანსაღების ზომები 
1. ამ წესის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ელემენტის ფარგლებში, ბანკმა უნდა განსაზღვროს გაჯანსაღების ზომები, რომლებიც უნდა მოიცავდეს:

ა) საზედამხედველო კაპიტალთან ან ლიკვიდობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ბანკის ფინანსური მდგომარეობის, კრიტიკული ფუნქციებისა და საქმიანობის ძირითად მიმართულებათა აღდგენა ან შენარჩუნება;

ბ) ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ბანკის საზედამხედველო კაპიტალის შენარჩუნება ან აღდგენა;

გ) ღონისძიებებს, რომელთა მიზანია გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოშობისას საჭირო დაფინანსების წყაროებზე წვდომა, რათა ბანკმა უზრუნველყოს საბანკო საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელება და ვადამოსული ვალდებულებების დროული შესრულება;

დ) ბანკის რისკებისა და ლევერიჯის შესამცირებელ ღონისძიებებს ან ღონისძიებებს, რომლებიც გულისხმობს ბიზნესსაქმიანობის რეორგანიზაციას, მათ შორის, აქტივების ან ბიზნესმიმართულებების გასხვისების გზით;

ე) ღონისძიებებს, რომელთა შედეგად უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ვალდებულებების იმგვარი ნებაყოფლობითი რესტრუქტურიზაცია, რომ გამოირიცხოს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული რომელიმე ისეთი შედეგის დადგომა, როგორიცაა დეფოლტი, გაკოტრება, საკრედიტო შეფასების გაუარესება, ხელშეკრულების შეწყვეტა ან სხვა მსგავსი შედეგი;

ვ) ღონისძიებებს, რომელთა საშუალებითაც ბანკისთვის უზრუნველყოფილ იქნება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ სესხზე წვდომა, რაც ასევე უნდა მოიცავდეს მოთხოვნის უზრუნველყოფის იმ საშუალებ(ებ)ის აღწერას, რომელსაც ბანკი მითითებული სესხის აღების შემთხვევაში წარუდგენს ეროვნულ ბანკს.  

2. დაუშვებელია ბანკის მიერ გაჯანსაღების კონკრეტული ზომის გაჯანსაღების გეგმიდან გამორიცხვა  მხოლოდ იმ მიზეზით, რომ აღნიშნული გაჯანსაღების ზომა ბანკის საქმიანობაში ცვლილებების განხორციელებას მოითხოვს.

3. ბანკი გაჯანსაღების ზომის განხორციელებაზე გადაწყვეტილებას იღებს ინდიკატორის ზღვრამდე მიღწევის შემთხვევაში ან ბანკის გადაწყვეტილებით, სხვა შემთხვევაში.

4. იმ შემთხვევაში, თუ ინდიკატორის ზღვრამდე მიღწევის მიუხედავად, ბანკის შესაბამისი მმართველობითი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას გაჯანსაღების ზომების გამოუყენებლობის თაობაზე, აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს შესაბამის დასაბუთებასა და მისი მიზანშეწონილობის ანალიზს, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ეროვნულ ბანკს.


მუხლი 9. გაჯანსაღების ზომების გავლენის ანალიზი და განხორციელების შესაძლებლობის შეფასება
1. ამ წესის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ელემენტის ფარგლებში, ბანკმა უნდა შეაფასოს თითოეული გაჯანსაღების ზომის განხორციელების გავლენა ბანკზე (შემდგომში – გავლენის ანალიზი), რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) ფინანსური და საოპერაციო გავლენის შეფასებას, რაც გულისხმობს გაჯანსაღების ზომის გამოყენების მოსალოდნელ გავლენას ბანკის კაპიტალის ადეკვატურობაზე, ლიკვიდობაზე, დაფინანსების პოზიციაზე, მომგებიანობასა და ბანკის ოპერაციებზე. საჭიროების შემთხვევაში მოცემული შეფასება უნდა გავრცელდეს საბანკო ჯგუფის ყველა იმ წევრზე, რომელზეც გაჯანსაღების ზომის გამოყენებას შესაძლოა, ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა;

ბ) გარე გავლენისა და სისტემური შედეგების შეფასებას, რაც გულისხმობს გაჯანსაღების ზომის გამოყენების მოსალოდნელ გავლენას კრიტიკული ფუნქციების შესრულებასა და ბანკის აქციონერებზე, მომხმარებლებზე, მათ შორის, დეპოზიტორებსა და კრედიტორებზე;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შეფასებისას გამოყენებულ დაშვებებს, რომლებიც, მათ შორის, შესაძლოა, მოიცავდეს აქტივების რეალიზაციის შესაძლებლობებს ან სხვა ფინანსური ინსტიტუტების ქცევასთან დაკავშირებულ დაშვებებს.

2. ბანკის მიერ შემუშავებულ თითოეულ გაჯანსაღების ზომასთან მიმართებით ბანკმა უნდა შეაფასოს თითოეული ზომის განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც გულისხმობს შემდეგი საკითხების შეფასებას:

ა) გაჯანსაღების ზომებთან დაკავშირებული რისკების შეფასებას, მათ შორის, იმ რისკებისა, რომლებიც ბანკს წარმოეშვა იმავე გაჯანსაღების ზომის ან სხვა მსგავსი ღონისძიების წარსულში გამოყენებისას;

ბ) დეტალურ ანალიზს ნებისმიერი ისეთი მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი გარემოების შესახებ, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს გაჯანსაღების გეგმაში განსაზღვრული გაჯანსაღების ზომების დროულ და ეფექტურ განხორციელებას და აღნიშნული გარემოებების აღმოფხვრის საშუალებებს;

გ) გაჯანსაღების ზომების განხორციელების პოტენციური დამაბრკოლებელი გარემოებების ანალიზს, რომლებიც უკავშირდება  ჯგუფის  სტრუქტურას, შიდა ჯგუფურ ღონისძიებებს, მათ შორის, იმ სამართლებრივი ან სხვა გარემოებების ანალიზს, რომლებიც აბრკოლებს აქტივების ან საზედამხედველო კაპიტალის გადაცემას ან საბანკო ჯგუფის შიგნით ვალდებულებების დროულ შესრულებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი გარემოება გულისხმობს ისეთ ფაქტორებს, რომლებსაც შესაძლოა, უარყოფითი გავლენა ჰქონდეს გაჯანსაღების ზომების დროულ და ეფექტურ განხორციელებაზე, მათ შორის, სამართლებრივ, საოპერაციო, ბიზნესმოდელთან დაკავშირებულ, ფინანსურ, რეპუტაციულ (მათ შორის, რეიტინგის გაუარესება) და სხვა სახის რისკებს.

4. ამ მუხლით განსაზღვრული გაჯანსაღების ზომების გავლენის ანალიზი და განხორციელების შესაძლებლობა ბანკის მიერ შეფასებული უნდა იქნეს გაჯანსაღების ზომების როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლივად გამოყენების შემთხვევებთან მიმართებით.


მუხლი 10. ბანკის საოპერაციო უწყვეტობის შეფასება
ამ წესის მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ელემენტის ფარგლებში, თითოეულ  გაჯანსაღების ზომასთან მიმართებით უნდა შეფასდეს კონკრეტული ზომის განხორციელების შემთხვევაში ბანკის საოპერაციო უწყვეტობის შენარჩუნების შესაძლებლობა, რაც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:

ა) ზომებსა და ღონისძიებებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს ბანკს შეინარჩუნოს ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის საკლირინგო, საანგარიშსწორებო და საგადახდო სისტემების სხვა მომსახურებებზე შეუფერხებელი წვდომა;

ბ) ინფორმაციას ბანკის შიდა რესურსებისა და საინფორმაციო მართვის სისტემების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის თაობაზე, რაც ასევე მოიცავს გაჯანსაღების გეგმის დროული და ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;

გ) თითოეული გაჯანსაღების ზომის განხორციელებისათვის საჭირო სავარაუდო დროს;

დ) გაჯანსაღების ზომებისა და ინდიკატორების ეფექტურობის შეფასებას ამ წესის მე-11 მუხლით განსაზღვრულ სხვადასხვა ფინანსურ სტრესსცენართან მიმართებით და თითოეული მათგანის გავლენის ანალიზს ბანკის საზედამხედველო კაპიტალზე, ლიკვიდობაზე, მომგებიანობაზე, რისკის პროფილსა და ბანკის ოპერაციებზე.


მუხლი 11. გაჯანსაღების გეგმის სტრესსცენარები
1. ამ წესის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ბანკმა უნდა განსაზღვროს სტრესსცენარები, რომლებიც მოიცავს სისტემურ, იდიოსინკრატულ და კომბინირებულ მოვლენებს.

2. სისტემური მოვლენა შეიძლება იყოს:

ა) ფინანსურ სტაბილურობაზე გავლენის მქონე კონტრაჰენტის გაკოტრება;

ბ) ბანკთაშორის სასესხო ბაზარზე ხელმისაწვდომი ლიკვიდობის მნიშვნელოვანი შემცირება;

გ) ქვეყნის რისკის ზრდა;

დ) ერთ ან რამდენიმე ბაზარზე აქტივების ფასების მნიშვნელოვანი ნეგატიური ცვლილება;

ე) მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება;

ვ) სხვა ისეთი მოვლენა, რომელსაც მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა აქვს ეკონომიკის ერთ ან რამდენიმე სექტორზე.

3. იდიოსინკრატული მოვლენა შესაძლოა იყოს:

ა) ბანკის ფინანსურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე კონტაჰენტის გაკოტრება;

ბ) ბანკის ან საბანკო ჯგუფის წევრი საწარმოს რეპუტაციის გაუარესება;

გ) ბანკიდან ლიკვიდობის მნიშვნელოვანი გადინება;

დ) იმ აქტივების ფასების მნიშვნელოვანი ნეგატიური ცვლილება, რომელთა მიმართაც ბანკს აქვს მნიშვნელოვანი რისკის პოზიცია;

ე)  მნიშვნელოვანი საკრედიტო დანაკარგები;

ვ)  მნიშვნელოვანი საოპერაციო დანაკარგები.

4. თითოეული სტრესსცენარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) უნდა ეფუძნებოდეს ბანკისთვის რელევანტურ მოვლენებს, ბანკის ბიზნეს და დაფინანსების მოდელის, საქმიანობის, ზომისა და სხვა ბანკებთან ან ფინანსურ სექტორთან ურთიერთკავშირის გათვალისწინებით;

ბ) სტრესსცენარით განსაზღვრული სტრესის მოვლენის პრაქტიკაში რეალიზება, გაჯანსაღების ზომების დროულად განხორციელების გარეშე, უნდა იწვევდეს ბანკის გადახდისუუნარობას, ან რეზოლუციის ან ლიკვიდაციის კანონით დადგენილი საფუძვლების დადგომას;

გ) მისი განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს, ასევე, ისეთი მოვლენები, რომელთა პრაქტიკაში რეალიზება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, შესაძლებელი;

დ) ფინანსური მდგომარეობის დაუყოვნებლივ გაუარესებასთან ერთად უნდა მოიცავდეს, ასევე, შედარებით ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ უარყოფითი ეფექტის გამომწვევ პოტენციურ მოვლენებს.

5. გაჯანსაღების გეგმით განსაზღვრული თითოეული სტრესსცენარი უნდა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ მახასიათებლებზე სტრესსცენარის გავლენის ანალიზს:  

ა) ხელმისაწვდომი საზედამხედველო კაპიტალი;

ბ) ხელმისაწვდომი ლიკვიდობა;

გ) რისკის პროფილი;

დ) მომგებიანობა;

ე) საოპერაციო უწყვეტობა, მათ შორის, საგადახადო სისტემებისა და ანგარიშსწორებების უწყვეტობა;

ვ) რეპუტაცია.

6. ბანკმა გაჯანსაღების გეგმაში უნდა განსაზღვროს, სულ მცირე, სამი სტრესსცენარი (სისტემური, იდიოსინკრატული და კომბინირებული), სისტემური მნიშვნელობის  კომერციულმა ბანკებმა   სულ მცირე, ოთხი სტრესსცენარი.

7. ბანკმა უნდა დაასაბუთოს, რომ გაჯანსაღების გეგმისთვის გამოყენებული სტრესსცენარები და დაშვებები, რომლებსაც ისინი ეფუძნება, შესაბამისობაშია ბანკის ზომასთან, კომპლექსურობასთან, საქმიანობის მასშტაბებთან, რისკის პროფილთან, ბანკის სხვა მახასიათებლებთან და ამასთან, სათანადოდ უზრუნველყოფს ინდიკატორებისა და გაჯანსაღების ზომების ეფექტურობის შემოწმებას.


მუხლი 12. კომუნიკაციის სტრატეგია
1. ბანკმა გაჯანსაღების გეგმით უნდა  შეიმუშაოს კომუნიკაციის სტრატეგია, რომლის მიზანია უზრუნველყოს გაჯანსაღების გეგმის დროული და ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის მიმოცვლა და რომელიც უნდა ითვალისწინებდეს, სულ მცირე, შემდეგს:

ა) შიდა კომუნიკაცია – კომუნიკაცია ბანკის თანამშრომლებთან, გაჯანსაღების გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელ ორგანოებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან;

ბ) გარე კომუნიკაცია – კომუნიკაცია ბანკის აქციონერებთან, ინვესტორებთან, ეროვნულ ბანკთან, კონტრაჰენტებთან, ფინანსურ ბაზრებთან, დეპოზიტორებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;

გ) ფინანსური ბაზრის მხრიდან პოტენციური უარყოფითი რეაქციის შემთხვევაში, აღნიშნულის პრევენციისა და მართვის ღონისძიებებს.

2. გაჯანსაღების გეგმა უნდა მოიცავდეს კომუნიკაციის სტრატეგიას როგორც ცალკეული, ასევე გაჯანსაღების რამდენიმე ზომის ერთდროულად განხორციელების შემთხვევებისთვის და უნდა შეესაბამებოდეს გაჯანსაღების თითოეული  ზომის სპეციფიკასა და მახასიათებლებს.


მუხლი 13. მოსამზადებელი ზომები 
1. ბანკი ვალდებულია, გაჯანსაღების გეგმაში განსაზღვროს მოსამზადებელი ზომები, რომლებიც აუცილებელია გაჯანსაღების გეგმის სათანადო განხორციელებისთვის ან მისი დროული და ეფექტური განხორციელების პროცესის ხელშეწყობისთვის.

2. მოსამზადებელი ზომები ასევე უნდა მოიცავდეს ზომებს, რომლებიც აუცილებელია გაჯანსაღების ზომების ეფექტური განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებების, მათ შორის, ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

3. ბანკმა უნდა განსაზღვროს თითოეული მოსამზადებელი ზომის განხორციელებისათვის საჭირო მაქსიმალური ვადა.


მუხლი 14. ეროვნული ბანკის მიერ გაჯანსაღების გეგმის შეფასება
1. ეროვნული ბანკი აფასებს ბანკის მიერ წარმოდგენილი გაჯანსაღების გეგმის ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას  გაჯანსაღების გეგმის სისრულის, ხარისხისა და ეფექტურობის კრიტერიუმების მიხედვით.

2. გაჯანსაღების გეგმის სისრულის კრიტერიუმთან შესაბამისობის დასადგენად, ეროვნული ბანკი აფასებს, თუ რამდენად მოიცავს გეგმა, ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ყველა ძირითად ელემენტს, რომლებიც ეფუძნება უახლეს ინფორმაციას და რაოდენობრივად და შინაარსობრივად შეესაბამება ბანკის ზომას, კომპლექსურობას, საქმიანობის მასშტაბებს, რისკის პროფილსა და ბანკის სხვა მახასიათებლებს.

3. გაჯანსაღების გეგმის ხარისხის შეფასებისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:

ა) გაჯანსაღების გეგმის სტრუქტურის გამართულობას და მის მკაფიო და გასაგები ფორმულირებებით წარმოდგენას;

ბ) გაჯანსაღების გეგმაში გამოყენებული შეფასებებისა და დაშვებების სარწმუნოობასა და დასაბუთების ხარისხს;

გ) გაჯანსაღების გეგმის შემუშავების პროცესში გამოყენებული ინფორმაციისა და მონაცემების სანდოობასა და სიზუსტეს;

დ) გაჯანსაღების გეგმის ინტეგრაციის ხარისხს ბანკის კორპორაციულ და რისკების მართვის ჩარჩოსთან და გუფის სტრუქტურასთან.

4. გაჯანსაღების გეგმის ეფექტურობის შეფასებისას ეროვნული ბანკი აფასებს გაჯანსაღების გეგმის დროული და ეფექტური განხორციელების შესაძლებლობას ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხების გათვალისწინებით:

ა) ინდიკატორების ადეკვატურობასა და გაჯანსაღების ზომების ეფექტურობას;

ბ) გამოყენებული სტრესსცენარების ეფექტურობას, რაც გულისხმობს სტრესსცენარების შესაძლებლობას შემოწმდეს ინდიკატორებისა და გაჯანსაღების ზომების ადეკვატურობა;  

გ) ბანკის უნარი, მესამე პირებისაგან დამოუკიდებლად უზრუნველყოს ერთი ან რამდენიმე გაჯანსაღების ზომის დროული და ეფექტური განხორციელება; 

დ) ბანკის მიერ განსაზღვრული გაჯანსაღების ზომებისა და მოსამზადებელი ზომების შედეგების ადეკვატურობა;

ე) გაჯანსაღების ზომების განხორციელებისთვის საჭირო ვადების ადეკვატურობა;

ვ) სხვა საკითხები, რომლებსაც ეროვნული ბანკი გაჯანსაღების გეგმის ეფექტურობის შეფასებისათვის რელევანტურად მიიჩნევს.

5. ბანკის მიერ გაჯანსაღების გეგმის წარმოდგენიდან 3 თვის ვადაში, ეროვნული ბანკი აფასებს წარმოდგენილი გაჯანსაღების გეგმის შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან და კრიტერიუმებთან და შესაბამის დასკვნას უგზავნის ბანკს.

6. თუ გაჯანსაღების გეგმის განხორციელების საჭიროება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შეფასების პერიოდში დადგება, ბანკი ვალდებულია, განახლებული გაჯანსაღების გეგმით განსაზღვრული გაჯანსაღების ზომ(ებ)ის გამოყენების მიზნით, შესაბამისი თანხმობის მისაღებად მიმართოს ეროვნულ ბანკს, რომელიც გასცემს თანხმობას განახლებული გაჯანსაღების გეგმით განსაზღვრული გაჯანსაღების ზომ(ებ)ის გამოყენების თაობაზე ან მოსთხოვს ბანკს, იმოქმედოს განახლებამდე არსებული გაჯანსაღების გეგმის მიხედვით.

7. ეროვნული ბანკის დასკვნის მიღებიდან 2 თვის ვადაში ბანკი ვალდებულია, განაახლოს გაჯანსაღების გეგმა ეროვნული ბანკის შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიხედვით. აღნიშნული ვადა შესაძლოა, ეროვნული ბანკის თანხმობით გახანგრძლივდეს არაუმეტეს 1 თვის ვადით, ბანკის მიერ გახანგრძლივების მოთხოვნისა და სათანადო დასაბუთების ეროვნული ბანკისთვის წარდგენის შემთხვევაში.

8. ბანკის მიერ გაჯანსაღების გეგმის ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობის ან ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში განახლებული გაჯანსაღების გეგმის ამ წესის მოთხოვნებთან და კრიტერიუმებთან განმეორებით შეუსაბამოდ მიჩნევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია   ფულადი ჯარიმა.


მუხლი 15. გარდამავალი დებულებები 
1. სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან, 2021 წლის პირველ იანვრამდე შეიმუშაონ და ეროვნულ ბანკს წარუდგინონ ამ წესით განსაზღვრული გაჯანსაღების გეგმა, რომელშიც სისტემურმა ბანკებმა უნდა განსაზღვრონ ერთი სტრესსცენარი და მისი კონტექსტის გათვალისწინებით წარმოადგინონ გაჯანსაღების გეგმის ამ წესით განსაზღვრული სხვა ძირითადი ელემენტები. სისტემური ბანკები ვალდებულნი არიან, 2021 წლის პირველი იანვრის შემდგომ, 6 (ექვსი) თვის ვადაში ეროვნულ ბანკს წარუდგინონ ამ წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სტრესსცენარებიდან დამატებით ერთი სტრეს-სცენარი.

2. ის ბანკები, რომლებიც არ წარმოადგენენ სისტემური მნიშვნელობის ბანკებს, ვალდებული არიან, ამ წესით განსაზღვრული გაჯანსაღების გეგმა ეროვნულ ბანკს წარუდგინონ 2021 წლის 30 ივნისამდე, რომელშიც ამ პუნქტით გათვალისწინებულმა ბანკებმა უნდა განსაზღვრონ ერთი სტრესსცენარი და მისი კონტექსტის გათვალისწინებით ეროვნულ ბანკს წარუდგინონ გაჯანსაღების გეგმის ამ წესით განსაზღვრული სხვა ძირითადი ელემენტები. ამ პუნქტით განსაზღვრული ბანკები ვალდებულნი არიან, 2021 წლის 30 ივნისის შემდგომ, 6 (ექვსი) თვის ვადაში ეროვნულ ბანკს წარუდგინონ ამ წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სტრესსცენარებიდან დამატებით ერთი სტრესსცენარი.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ბანკები ვალდებულნი არიან, 2022 წლის 31 მაისამდე ეროვნულ ბანკს წარუდგინონ ამ წესით გათვალისწინებული სრულყოფილი გაჯანსაღების გეგმები.



 

დანართ №1

გაჯანსაღების გეგმის სავალდებულო და დამატებითი კატეგორიების ინდიკატორები

1. სავალდებულო ინდიკატორები

ა) კაპიტალის ინდიკატორები

ა.ა) ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი

ა.ბ) პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი

ა.გ) მთლიანი საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი

ა.დ) ლევერეჯის კოეფიციენტი

ა.ე) (გაუნაწილებელი მოგება და სხვა რეზერვები)/სააქციო კაპიტალი

ბ) ლიკვიდობის ინდიკატორები                                                                        

ბ.ა) ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი (ეროვნულ ვალუტაში, უცხოურ ვალუტაში და ჯამური)

ბ.ბ) წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტი

ბ.გ) საბითუმო დაფინანსების ხარჯები

ბ.დ) ლიკვიდობისა და დაფინანსების წყაროების კონცენტრაცია

ბ.ე) მთლიანი დაფინანსების ხარჯი (საცალო და საბითუმო დაფინანსება)

ბ.ვ) საბითუმო დაფინანსების საშუალო ვადიანობა

ბ.ზ) სახელშეკრულებო ვადიანობის შეუსაბამობა

ბ.თ) ხელმისაწვდომი თავისუფალი აქტივები

ბ.ი) დეპოზიტების სწრაფი გადინება

გ) მომგებიანობის ინდიკატრები

გ.ა) ამონაგები აქტივებზე

გ.ბ) ამონაგები კაპიტალზე

გ.გ) მნიშვნელოვან საოპერაციო რისკებთან დაკავშირებული დანაკარგები

გ.დ) ხარჯების შემოსავალთან თანაფარდობის კოეფიციენტი (საოპერაციო ხარჯები/ საოპერაციო შემოსავალი)

გ.ე) წმინდა საპროცენტო მარჟა

დ) აქტივთა ხარისხის ინდიკატორები

დ.ა) მთლიანი  უმოქმედო სესხების ზრდის მაჩვენებელი

დ.ბ) გადაფარვის კოეფიციენტი (სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი/მთლიანი უმოქმედო სესხები)

დ.გ) უმოქმედო სესხები/სააქციო კაპიტალი

დ.დ) მთლიანი უმოქმედო სესხები/მთლიანი სესხები

დ.ე) ფინანსური აქტივების გაუფასურების ზრდის ხარისხი

დ.ვ) უმოქმედო სესხების მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ან სექტორული კონცენტრაცია

დ.ზ) აქტივების დანაკარგების რეზერვის ხარჯის ზრდა.

 

2. დამატებითი ინდიკატორები

ა) ბაზარზე დაფუძნებული ინდიკატორები

ა.ა) ნეგატიური სარეიტინგო შეფასება ან სარეიტინგო შეფასების გაუარესება

ბ.ბ) კრედიტ-დეფოლტ სვოპის სპრედი

გ.გ) აქციის ფასის ცვლილებები

გ.დ) აქციის საბაზრო ფასი/აქციის საბალანსო  ღირებულება (P/B ratio)

გ.ე) რეპუტაციული საფრთხე ან მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი

ბ) მაკროეკონომიკური ინდიკატორები

ბ.ა) მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილება

ბ.ბ) სუვერენული კრედიტ-დეფოლტ სვოპი

ბ.გ) ნეგატიური სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ან სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუარესება

ბ.დ) უმუშევრობის დონე

ბ.ე)  ვალუტის გაცვლითი კურსი.