რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე

რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 128/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016486
128/04
29/06/2020
ვებგვერდი, 30/06/2020
220020000.18.011.016486
რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №128/04

2020 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

 

რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 373 მუხლის მე-6 პუნქტისა და 3711 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების  წესი თანდართულ დანართთან ერთად.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკის ფილიალის (შემდგომში – ბანკი) აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების (შემდგომში – შეფასება) განხორციელების წესებს, პროცედურებსა და მეთოდოლოგიას და დამოუკიდებელი შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

2. ამ წესით განსაზღვრული შეფასება მოიცავს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 373 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვას, ამავე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ სრულყოფილ ან/და შუალედურ შეფასებას ბანკის მიმართ გამოსაყენებელი სათანადო სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და სარეზოლუციო ინსტრუმენტების შესარჩევად და ამ ინსტრუმენტების გამოყენების პირობების განსასაზღვრად (შემდგომში  რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისა და სარეზოლუციო ინსტრუმენტების შერჩევის მიზნით შეფასება) და ამავე კანონის 3711 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ, სარეზოლუციო უფლებამოსილებების გამოყენების შემდგომ შეფასებას, ძირითადი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების მფლობელების (შემდგომში – აქციონერები) ან/და კრედიტორების კომპენსაციის მიღების უფლებისა და მისი ოდენობის შეფასების მიზნით (შემდგომში  სარეზოლუციო უფლებამოსილებების გამოყენების შემდგომი შეფასება).

3. დამოუკიდებელი შემფასებლისათვის ამ წესით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვრცელდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 373 მუხლითა და  ამავე კანონის 3711 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დამოუკიდებელ შემფასებელზე.

4. ამ წესით განსაზღვრული შეფასების წესები, პროცედურები და მეთოდოლოგია გამოიყენება ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ეკონომიკური ღირებულების რეზოლუციის მიზნებისთვის განსაზღვრისთვის და არ ცვლის ან/და ანაცვლებს ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებსა და სტანდარტებს და პრუდენციულ საზედამხედველო შეფასებას. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 373 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვა ხორციელდება ბუღალტრული აღრიცხვისა და პრუდენციული საზედამხედველო მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით.

5. რეზოლუციის მიზნებისთვის ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასება ეფუძნება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (IVS 2017), ამასთანავე, რეზოლუციის მიზნების ეფექტურად განხორციელების უზრუნველსაყოფად, შეფასების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს რეზოლუციის რეჟიმის თავისებურებები ამ წესის შესაბამისად. თუ ეს წესი არ აწესრიგებს შეფასებასთან დაკავშირებულ რაიმე საკითხს, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) და დამოუკიდებელი შემფასებელი ხელმძღვანელობენ შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით და ევროპის საბანკო უწყების (EBA) მიერ რეზოლუციის მიზნებისათვის შემუშავებული შეფასების სახელმძღვანელოში განსაზღვრული პრინციპებით.

6. ამ წესით განსაზღვრული შეფასების მეთოდოლოგია ეფუძნება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით (IVS 2017) განსაზღვრულ დისკონტირებული ფულადი ნაკადების მეთოდოლოგიას. ამასთან, შემფასებელი არ არის შეზღუდული შეარჩიოს და გამოიყენოს საბაზრო მონაცემებზე დაფუძნებული, კორექტირებული სააღრიცხვო ღირებულების ან/და სხვა შესაბამისი შეფასების მეთოდოლოგია, თუ მათი გამოყენება უზრუნველყოფს ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ეკონომიკური ღირებულების დადგენას, ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.

7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეიმუშაოს რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების დეტალური სახელმძღვანელო, რომლითაც, მათ შორის, შესაძლოა განისაზღვროს გრანულარულ შეფასებასთან, სააქციო ღირებულების შეფასებასთან, დერივატივების შეფასებასთან და სხვა, შეფასებასთან დაკავშირებული დეტალური საკითხები.

 


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შემფასებელი  „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 373 და 3711 მუხლებით გათვალისწინებული დამოუკიდებელი შემფასებელი ან/და შუალედური შეფასების განხორციელებისას  ეროვნული ბანკი;

ბ) რეალური ღირებულება  რეალური ღირებულება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად;

გ) ფლობის ღირებულება  სამართლიანი, გონივრული და რეალისტური დაშვებების საფუძველზე კონკრეტული აქტივებისა და ვალდებულებების ფლობიდან მოსალოდნელი ფულადი ნაკადების მიმდინარე ღირებულება, დისკონტირებული შესაბამისი განაკვეთის მიხედვით. აღნიშნულის განსაზღვრის დროს გაითვალისწინება მომხმარებლის ან/და კონტრაჰენტების ქცევაზე ან/და შეფასებისას გასათვალისწინებელ სხვა პარამეტრებზე გავლენის მქონე ფაქტორები რეზოლუციის რეჟიმის თავისებურებების გათვალისწინებით;

დ)  გასხვისების ღირებულება  ღირებულება, რომელიც განისაზღვრება შემფასებლის მიერ იმ ფულადი ნაკადების საფუძველზე, რომელსაც ბანკი გონივრულად მოელის მიმდინარე საბაზრო პირობებში აქტივების ან ვალდებულებების გაყიდვიდან ან გადაცემიდან, გასხვისებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ხარჯებისა და წარმოდგენილი გარანტიების  ღირებულების გამოკლებით;

ე) ფრენშაიზის ღირებულება  იმ ფულადი ნაკადების მიმდინარე წმინდა ღირებულება, რომელსაც ბანკი ობიექტურად მოელის აქციების, აქტივებისა ან/და ვალდებულებების შენარჩუნებიდან ან/და განახლებიდან. ფრენშაიზის ღირებულება, საჭიროებისამებრ, უნდა ასახავდეს ისეთ ბიზნეს შესაძლებლობას, რომელიც რეზოლუციის ფარგლებში განსახორციელებელი ქმედებების შედეგია. ფრენშაიზის ღირებულება შესაძლოა, იყოს შეფასების თარიღისთვის არსებულ საკონტრაქტო პირობებით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ან ნაკლები;

ვ) სააქციო ღირებულება – შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განსაზღვრული, გამოშვებული ან/და გადაცემული აქციების საბაზრო ფასი,  რომელიც ბანკის საქმიანობის ან/და აქციების ბუნებიდან გამომდინარე შესაძლოა, მოიცავდეს ფრენშაიზის ღირებულებასაც;

ზ) შეფასების ბაზისი  ფულადი სახსრების ოდენობის  განსაზღვრისთვის შერჩეული მიდგომა რომლის მიხედვითაც შემფასებელი განსაზღვრავს აქტივებსა და ვალდებულებებს (ფლობის ღირებულება, გასხვისების ღირებულება);

თ) რეზოლუციის თარიღი – რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღი.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს შეფასების საერთაშორისო სტანდარტებითა (IVS 2017) და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობა.

 


მუხლი 3. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისა და სარეზოლუციო ინსტრუმენტების შერჩევის მიზნით შეფასების ზოგადი პრინციპები

 

1. შემფასებელმა შეფასების განხორციელებისას უნდა გაითვალისწინოს გარემოებები, რომელთაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ ბანკის მოსალოდნელ ფულად ნაკადებზე, ფულადი ნაკადების დისკონტირების განაკვეთზე და სათანადოდ უნდა წარმოადგინოს ბანკის ფინანსური მდგომარეობა, არსებული შესაძლებლობებისა და რისკების გათვალისწინებით.

2. შემფასებელმა უნდა  დაასაბუთოს შეფასებისას გამოყენებული ძირითადი  დაშვებები. ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადახვევა ძირითადი დაშვებებისგან, რომელთაც ბანკის მენეჯმენტი დაეყრდნო ბანკის ფინანსური ანგარიშგებების მომზადებისას და პრუდენციული საზედამხედველო შეფასებისას, გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი ხელმისაწვდომი ინფორმაციით და უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებსა და პრუდენციულ საზედამხედველო მოთხოვნებს.

3. შემფასებელმა უნდა წარმოადგინოს ბანკის აქტივების, ვალდებულებებისა და მათი კომბინაციის ღირებულების საუკეთესო გაანგარიშება, რომელიც შესაძლებლობის შემთხვევაში, შეიძლება წარმოდგენილი  იყოს ასევე ღირებულების დიაპაზონების სახით. ღირებულების დიაპაზონის გამოყენების შემთხვევაში, შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს განმარტებას მათი გამოანგარიშების, იმ პარამეტრებისა და დაშვებების შესახებ, რომელთაც დაეფუძნება დიაპაზონების გაანგარიშება და რომლებიც  ყველაზე მეტად ახდენს გავლენას შეფასების შედეგებზე.

4. ცალკეული აქტივებისა და ვალდებულებების შეფასებისათვის ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ასევე ბანკის პორტფელის, აქტივებისა და ვალდებულებების ჯგუფების, აქტივებისა და ვალდებულებების კომბინაციის, ან/და მთლიანად ბანკის  შეფასებისას.

5. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს კრედიტორების დაყოფას  „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი  მოთხოვნების რიგითობის მიხედვით და უნდა მოიცავდეს:

ა) თითოეულ რიგში შემავალი მოთხოვნების ღირებულებას (საჭიროებისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, ასევე კრედიტორთა სახელშეკრულებო მოთხოვნების მიხედვით);

ბ) პირველად საპროგნოზო შეფასებას, თუ რა ოდენობის ზარალს მიიღებდნენ ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში აქციონერები და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37​12 მუხლით განსაზღვრულ კრედიტორთა თითოეული რიგი.

6. შეფასებისათვის საჭირო დროისა და საჭიროების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა მოითხოვოს შეფასების განხორციელება სხვადასხვა მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, რომელთა გამოყენებისას ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 373 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონსერვატიული მიდგომის პრინციპით.

 


მუხლი 4. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისა და სარეზოლუციო ინსტრუმენტების შერჩევის მიზნით  შეფასების თარიღი
1. შეფასების თარიღი განისაზღვრება შემფასებლის მიერ და იგი უნდა იყოს რეზოლუციის  მოსალოდნელ თარიღთან მაქსიმალურად ახლოს.

2. თუ რეზოლუციის რეჟიმის შემოღება და სარეზოლუციო ინსტრუმენტების შერჩევა განხორციელდა შუალედური შეფასების საფუძველზე, შემდგომში განხორციელებული სრულყოფილი შეფასების თარიღად მიიჩნევა რეზოლუციის თარიღი.

 


მუხლი 5. შუალედური შეფასების გამოყენება
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემოიღოს რეზოლუციის რეჟიმი, მიიღოს ნებისმიერი სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება და განახორციელოს სარეზოლუციო უფლებამოსილებები შუალედური შეფასების საფუძველზე, თუ დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ შეფასების განხორციელება შეუძლებელია შესაბამის გარემოებათა გამო, მათ შორის, საკითხის გადაუდებელი ხასიათიდან გამომდინარე, ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 55​1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მიღწევას საფრთხე ემუქრება. შუალედური შეფასება, შესაძლებლობისამებრ, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ეფუძნებოდეს სამართლიან, გონივრულ და რეალისტურ დაშვებებს;

ბ) ეფუძნებოდეს ბანკის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში მოცემულ ინფორმაციას, განახლებულ ბალანსსა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებებს, აქტივების საანგარიშგებო (სააღრიცხვო) ღირებულების ანალიზს, საბალანსო და ბალანსგარეშე ვალდებულებების ჩამონათვალს;

გ) მოიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ოდენობის ზარალს მიიღებდნენ ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში აქციონერები და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37​12 მუხლით განსაზღვრულ კრედიტორთა თითოეული რიგი. აღნიშნული წარმოადგენს საპროგნოზო შეფასებას, შუალედური შეფასების განხორციელების მომენტისათვის  ხელმისაწვდომი ინფორმაციის ფარგლებში;

დ) თუ შუალედური შეფასება ხორციელდება სათანადო სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და ინსტრუმენტების შესარჩევად და ამ ინსტრუმენტების გამოყენების პირობების განსასაზღვრად, შეფასებაში გათვალისწინებული უნდა იყოს დამატებითი დანაკარგების რეზერვი შესაბამის დასაბუთებასთან ერთად. დამატებითი დანაკარგების რეზერვის გათვალისწინება გულისხმობს იმ შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების, მათ შორის, რეზოლუციის გეგმით განსაზღვრული სხვადასხვა  სცენარის, გათვალისწინებას, რომლებიც მიუთითებენ იმ შესაძლო დამატებითი დანაკარგების არსებობაზე,  რომელთა მოცულობის ზუსტად განსაზღვრა მოცემულ ეტაპზე შეუძლებელია. დამატებითი დანაკარგების რეზერვის გათვალისწინება ხორციელდება  შემდეგი წესით:

დ.ა) შემფასებელი უფლებამოსილია აქტივების ნაწილთან დაკავშირებით იდენტიფიცირებული დანაკარგები, გაითვალისწინოს ბალანსში ასახული სხვა მსგავსი ტიპის აქტივებისთვისაც. რეზერვი გაითვალისწინება კონკრეტული აქტივების კლასის ან მთლიანი აქტივების მოცულობისთვის და გამოისახება შესაბამისი აქტივთა კლასის ან მთლიანი აქტივების პროცენტული მაჩვენებლის სახით;

დ.ბ) ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, რეზერვის განსაზღვრისთვის გამოიყენება ზომითა და კომპლექსურობით მსგავსი ფინანსური ინსტიტუტების საშუალო დამატებითი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია, რომელიც კორექტირებული უნდა იყოს ბანკის ბიზნეს მოდელისა და ფინანსური სტრუქტურის თავისებურებების გათვალისწინებით;

დ.გ) კონკრეტული ფაქტორის ორმაგად გათვალისწინების თავიდან ასარიდებლად, აქტივთა კონკრეტული კლასის დონეზე გათვალისწინებული ფაქტორი, აღარ უნდა აისახოს მთლიანი აქტივების დონეზე რეზერვის გაანგარიშებისას.

2. ეროვნულმა ბანკმა შესაძლებლობისთანავე უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ  შეფასების განხორციელება, რომლის მიზანია აქტივებთან დაკავშირებული ნებისმიერი დანაკარგის/ზარალის სრულად იდენტიფიცირება. აღნიშნული შეფასების შედეგები, ზუსტ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და შეფასებისათვის დათმობილი მეტი დროის გათვალისწინებით, შესაძლოა, განსხვავდებოდეს შუალედური შეფასების შედეგებისაგან და ითვალისწინებდეს განსხვავებულ მეთოდოლოგიას. ასეთ შემთხვევაში, შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს განსხვავებული მეთოდოლოგიის გამოყენებისა და შედეგებში განსხვავების დასაბუთებას.


მუხლი 6. ინფორმაციის წყაროები რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისა და სარეზოლუციო ინსტრუმენტების შერჩევის მიზნით  შეფასების განხორციელებისთვის

 

1. შეფასება უნდა დაეფუძნოს შეფასების თარიღისთვის რელევანტურ ინფორმაციას, რომელსაც ასეთად მიიჩნევს შემფასებელი. ბანკის ფინანსურ ანგარიშგებასთან,  აუდიტირებულ ანგარიშგებებთან და საზედამხედველო ანგარიშგებებთან ერთად (შეფასების თარიღისთვის უახლესი საანგარიშგებო პერიოდისთვის) რელევანტურ ინფორმაციად მიიჩნევა, მათ შორის,  შემდეგი ინფორმაცია:

ა) განახლებული ფინანსური  და საზედამხედველო ანგარიშგებები;

ბ) ძირითადი მეთოდოლოგიის, დაშვებებისა და შეფასებების ახსნა, რომელიც ბანკმა გამოიყენა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ანგარიშგებების მოსამზადებლად;

გ) ბანკის აღრიცხვებში არსებული მონაცემები;

დ) რელევანტური საბაზრო მონაცემები;

ე) შემფასებლის მიერ ბანკის მენეჯმენტთან და აუდიტორებთან განხილვის შედეგად მომზადებული დასკვნები;

ვ) ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ბანკის ფინანსური მდგომარეობის საზედამხედველო შეფასება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ადგილზე შემოწმების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის, რეზოლუციის გეგმის განახლების, რეზოლუციის რეჟიმის შემოღების საფუძვლების შეფასების ან/და აქტივებისა და ვალდებულებების შეფასების მომზადების მიზნით;

ზ) საბანკო სექტორის აქტივების ხარისხის შეფასება, თუ აღნიშნული რელევანტურია ბანკის აქტივების ღირებულების განსაზღვრისთვის,  და სტრესტესტების შედეგები;

თ) ზომითა და კომპლექსურობით მსგავსი ფინანსური ინსტიტუტის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასება, რომელიც უნდა დაკორექტირდეს ბანკის სპეციფიკური მახასიათებლების მიხედვით;

ი) შეცვლილი გარემოებების შესაბამისად კორექტირებული ისტორიული ინფორმაცია ბანკის მაჩვენებლების შესახებ;

კ) ბანკის სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინებით კორექტირებული არსებული საბაზრო ტენდენციების ანალიზი.

2. შეფასების სათანადოდ განხორციელებისთვის, შემფასებელს უნდა ჰქონდეს წვდომა შეფასებისათვის რელევანტური ნებისმიერი ინფორმაციის წყაროსთან, მათ შორის, ბანკის შიდა ჩანაწერებთან, სისტემებთან და მოდელებთან. შემფასებელს ასევე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ისარგებლოს შესაბამისი სპეციალისტებისა და ექსპერტების დახმარებით.

 


მუხლი 7. საბანკო ჯგუფის კონტექსტის გათვალისწინება შეფასებისას
1. თუ ბანკი საბანკო ჯგუფის წევრია შემფასებელმა უნდა გაითვალისწინოს რა გავლენა ექნება  ჯგუფის წევრებს შორის არსებულ შეთანხმებებს აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულებაზე, თუ არსებული გარემოებების გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ ისინი ძალაში დარჩება ან ამოქმედდება ჯგუფის გაუარესებული ფინანსური მდგომარეობისას ან რეზოლუციის პროცესში.

2. შემფასებელმა ასევე უნდა გაითვალისწინოს ჯგუფის წევრების რესურსების გამოყენების შესაძლებლობა ჯგუფის სხვა წევრების ზარალის/დანაკარგების დასაფარად.

 


მუხლი 8. აქტივებსა და ვალდებულებების აღრიცხვა

 

1. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისა და სარეზოლუციო ინსტრუმენტების შერჩევის მიზნით  შეფასება მოიცავს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 373 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, ბანკის აქტივებსა და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და პრუდენციული საზედამხედველო მოთხოვნების შესაბამისად აღრიცხვას, რომლის მიზანია ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, იმავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლების არსებობის ინფორმირებულად დადგენა.

2. აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან და რეალისტურ დაშვებებს. მისი მიზანია განისაზღვროს, აღემატება თუ არა ბანკის აქტივების ერთობლივი ღირებულება (განურჩევლად მათი ვადიანობისა) მისივე ვალდებულებებისა და პირობითი ვალდებულებების ჯამს (გადახდისუუნარობა ბალანსის მიხედვით) და შედეგად, შეფასდეს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლების არსებობა. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლების შეფასება შესაძლოა წარმოადგენდეს ეროვნული ბანკის მიერ ცალკე შეფასების საგანს და სცდებოდეს აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების დამოუკიდებელი შემფასებლის კომპეტენციას.

3. სამართლიანი და რეალისტური დაშვებების გამოყენების მოთხოვნა მოიცავს შემფასებლის შესაძლებლობას გადაუხვიოს იმ დაშვებებს, მონაცემებსა და მეთოდოლოგიას, რომლებსაც ბანკი დაეყრდნო ბანკის ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას და პრუდენციულ საზედამხედველო მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრისას, თუ მსგავსი გადახვევა ეფუძნება შემფასებლის დამოუკიდებელ ექსპერტულ პოზიციას და შესაბამისობაშია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან.

4. შემფასებელმა უნდა განსაზღვროს შეფასების რელევანტური მეთოდოლოგია, რომელიც შესაძლოა ეყრდნობოდეს ბანკის შიდა მოდელებს, თუ შემფასებელი მათ შესაფერისად ჩათვლის ბანკის რისკების მართვის ჩარჩოს, მონაცემთა ხარისხისა და ხელმისაწვდომი ინფორმაციის გათვალისწინებით. შეფასების შედეგები წარმოდგენილი უნდა იყოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

5. აღრიცხვის მიზნებისათვის, შეფასების ბაზისად გამოყენებული უნდა იყოს სააღრიცხვო ღირებულება. ბანკი ვალდებულია დროულად უზრუნველყოს განახლებული ფინანსური ანგარიშგებისა და დაკავშირებული ინფორმაციის შემფასებლისათვის წარდგენა. დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, შესაძლოა, მოიცავდეს ინფორმაციას შეფასებისას ბანკის მიერ გამოყენებული მიდგომებისა და მეთოდოლოგიის, გამოყენებული მონაცემების (მათ შორის, კონსოლიდირებული) შესახებ და არაკონსოლიდირებულ ანგარიშგებებს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული განახლებული ფინანსური ინფორმაცია შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს საზედამხედველო ანგარიშგების ფორმების სახით. თუ აღნიშნული ანგარიშგება  არ მოიცავს ამ მუხლით განსაზღვრული აღრიცხვის მიზნებისათვის საჭირო ყველა მონაცემს, აღნიშნული მონაცემები წარმოდგენილი უნდა იყოს დამატებით ცალკე დოკუმენტის სახით.

7. თუ განახლებული ფინანსური ანგარიშგების წარმოდგენა გართულებულია დროის მოკლე პერიოდთან ან/და პოტენციური სტრესის მდგომარეობასთან დაკავშირებული სირთულეების გამო,  განახლებული ინფორმაციის წარმოდგენისას უპირატესობა ენიჭება ისეთ აქტივებსა და ვალდებულებებს, რომელთაც ახასიათებთ ფინანსური პოზიციის ცვალებადობის (შეფასებისა და ფასწარმოქმნის გამო) მაღალი ხარისხი, ხოლო შედარებით სტაბილური ელემენტებისთვის, როგორიცაა, სასესხო პორტფელის ნაწილი და დეპოზიტები, თუ ადგილი არ აქვს ამ უკანასკნელის  ბანკიდან მნიშვნელოვან გადინებას, დასაშვებია საკმარისად ჩაითვალოს უკანასკნელი ხელმისაწვდომი ფინანსური ანგარიშგებით წარმოდგენილი ინფორმაცია. ინფორმაციის განახლებას საჭიროებს უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული ელემენტები. ამასთან, შემფასებელმა უნდა გაითვალისწინოს მონაცემების სწრაფად განახლებასა და მათ ხარისხს შორის შესაძლო კორელაცია.

 


მუხლი 9. აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვისას  გასათვალისწინებელი კრიტიკული საკითხები
1, აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვისას შემფასებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს იმ საბალანსო ელემენტებთან დაკავშირებულ ფულად ნაკადებს, რომლებსაც ახასიათებთ მნიშვნელოვანი ცვალებადობა, რასაც შესაძლოა არსებითი გავლენა ჰქონდეს შეფასების შედეგებზე. აღნიშნული მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, შემდეგი საბალანსო ელემენტებით:

ა) სესხებიდან და სასესხო პორტფელებიდან მოსალოდნელი ფულადი ნაკადები, რომლებიც დამოკიდებულია კონტრაჰენტის შესაძლებლობაზე ან/და ნებაზე შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული მოლოდინები ემყარება, მათ შორის, შემდეგ ფაქტორებს: ვადაგადაცილებული სესხებთან დაკავშირებული   საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, გადახდისუუნარობის ალბათობა, გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული დანაკარგები ან/და ინსტრუმენტის სხვა მახასიათებლები, რომლებიც დასტურდება სესხთან/სესხის პორტფელთან დაკავშირებული დანაკარგების მოდელებით;

ბ) დასაკუთრებული აქტივებიდან მოსალოდნელი, ფულადი ნაკადები, რომლებზეც გავლენას ახდენს როგორც აქტივების რეალური ღირებულება იმ მომენტისთვის, როდესაც უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული შესაბამისი ნივთი მიექცევა იძულებით აღსრულებაში, ასევე ნივთის ღირებულების მოსალოდნელი ცვლილება იძულებითი აღსრულების შემდეგ;  

გ) რეალური ღირებულებით შეფასებული ინსტრუმენტებიდან მოსალდონელი ფულადი ნაკადები, რომელთა ფინანსური ანგარიშგებისა და პრუდენციული მოთხოვნების გათვალისწინებით განსაზღვრული რეალური ღირებულება მიმდინარე საბაზრო ფასებთან ან მოდელთან მიმართებით გადაფასებისას აღარ არის შესაბამისი ან ვალიდური, გარემოებების ცვლილების გამო;

დ)  გუდვილიდან და სხვა არამატერიალური აქტივებიდან მოსალოდნელი ფულადი ნაკადები, რომელთა გაუფასურების დონე შესაძლოა, დამოკიდებული იყოს სუბიექტურ შეფასებებზე. სუბიექტური შეფასება მოიცავს გონივრულობის ფარგლებში მოსალოდნელი ფულადი ნაკადების, დისკონტირების განაკვეთის და ფულადი სახსრების წარმომქმნელი ერთეულის მოცულობის შეფასებას;

ე) სამართლებრივ დავებთან და სხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული მოსალოდნელი ფულადი ნაკადები, რომელთა ოდენობა ან/და მიღების/გაცემის მოსალოდნელი პერიოდი რთულად განსაზღვრადია.  

ვ) საპენსიო აქტივებთან ან/და ვალდებულებებთან და გადავადებულ საგადასახადო აქტივებთან ან ვალდებულებებთან დაკავშირებული მოსალოდნელი ფულადი ნაკადები;

2. შემფასებელმა აქტივების და ვალდებულებების აღრიცხვისას უნდა გაითვალისწინოს ზოგადი ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ აქტივებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ძირითად დაშვებებზე, მათ შორის:

ა) ბანკზე გავლენის მქონე ეკონომიკური ფაქტორები, მათ შორის, შესაბამისი საბაზრო მონაცემები;

ბ) ბანკის ბიზნესმოდელი და მის სტრატეგიასთან დაკავშირებული ცვლილებები;

გ) ბანკის აქტივების შერჩევის კრიტერიუმები, მათ შორის, სესხების გაცემის პოლიტიკა;

დ) გარემოებები და პრაქტიკები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს გადახდებთან დაკავშირებული პრობლემები;

ე) გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ კაპიტალის ადეკვატურობის გამოთვლაზე, მათ შორის, რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების განსაზღვრისას გამოყენებულ პარამეტრებზე;

ვ) ბანკის ფინანსური სტრუქტურის გავლენა მის შესაძლებლობაზე შეინარჩუნოს აქტივები მოსალოდნელი პერიოდით და მოსალოდნელი ფულადი ნაკადების მიღების შესაძლებლობა;

ზ) ლიკვიდობასთან ან ფინანსირების საჭიროებასთან  დაკავშირებული ზოგადი ან ბანკისთვის სპეციფიკური საკითხები.

3. შემფასებელმა ცალკე უნდა მიუთითოს შეფასების პროცესში იდენტიფიცირებული ნებისმიერი არსებითი არარეალიზებული მოგების შესახებ, თუ აღნიშნული არ არის შეფასების ანგარიშში სხვაგვარად ასახული და წარმოადგინოს მის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია.

 


მუხლი 10. სრულყოფილი შეფასება

 

1. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისა და სარეზოლუციო ინსტრუმენტების შერჩევის მიზნით  შეფასება მოიცავს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 373 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სრულყოფილ შეფასებას, რომელიც ხორციელდება ბანკის მიმართ გამოსაყენებელი სათანადო სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და სარეზოლუციო ინსტრუმენტების შესარჩევად და ამ ინსტრუმენტების გამოყენების პირობების განსასაზღვრად,  ნებისმიერი დანაკარგის სრულად იდენტიფიცრების მიზნით. შერჩეული სარეზოლუციო ინსტრუმენტის და უფლებამოსილებების მიხედვით, შეფასების მიზანი შეიძლება იყოს შემდეგი:

ა) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 374 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების – რეკაპიტალიზაცია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ჩამოწერით ან აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაციით – გამოყენებისას, ჩამოსაწერი ან სხვა ინსტრუმენტებში გადასაკონვერტირებელი დაშვებული აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების მოცულობის განსაზღვრა;

ბ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 377 მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის – ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების გამოყენებისას, იმ აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების მოცულობის განსაზღვრა, რომელიც უნდა გასხვისდეს და შესაბამისი კომერციული პირობების შესახებ ინფორმირება;

გ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  378 მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის, დროებითი ბანკის გამოყენებისას, იმ აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების,  მოცულობის განსაზღვრა, რომელიც უნდა გადაეცეს დროებით ბანკს, და ასევე იმ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა, რომელიც უნდა მიიღოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფმა ბანკმა ან/და აქციონერებმა;

დ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3710 მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის – ბანკის რეკაპიტალიზაცია მისი ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით – გამოყენებისას, ჩამოსაწერი ან სხვა ინსტრუმენტებში გადასაკონვერტირებელი დაშვებული ვალდებულებების მოცულობის განსაზღვრა.

2. სრულყოფილი შეფასების განსახორციელებლად შემფასებელმა შესაძლოა გამოიყენოს ორგვარი მიდგომა: ცალკეული აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება (შემდგომში – გრანულარული შეფასება) ან ბანკის მთლიანი სააქციო ღირებულების შეფასება. 

3. გრანულარული შეფასება გამოიყენება ცალკეული აქტივებისა და ვალდებულებების დონეზე ან მათი ჯგუფების დონეზე შეფასებისათვის და გარდა საბალანსო აქტივებისა და ვალდებულებებისა მოიცავს ბალანსგარეშე ერთეულებს (მაგ., დაუზუსტებელი ვალდებულებები, ფრენშაიზის ღირებულება), რომლებსაც  გავლენა აქვთ ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების მთლიან ღირებულებაზე. სააქციო ღირებულების შეფასების მიდგომის გამოყენება მიზანშეწონილია ბანკის მთლიანად გასხვისების, დროებითი ბანკისათვის აქციების გადაცემის ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 374 ან 3710 მუხლებით განსაზღვრული ინსტრუმენტების და უფლებამოსილებების გამოყენებისას, შესაბამისი კონვერტაციის განაკვეთის განსაზღვრის მიზნით.

4. ეროვნულ ბანკსა და დამოუკიდებელ შემფასებელს შორის კომუნიკაცია, რეზოლუციის ფარგლებში განსახორციელებელი მოქმედებების შესახებ შემფასებლის ინფორმირების მიზნით, უნდა განხორციელდეს შემფასებლის დამოუკიდებლობის პრინციპის დაურღვევლად. სამართლიანი, გონივრული და რეალისტური შეფასების უზრუნველსაყოფად, შემფასებელს შეუძლია საჭიროებისა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის საფუძველზე, წარმოადგინოს რეზოლუციის გეგმით განსაზღვრული რეზოლუციის სცენარების ან/და სხვადასხვა სარეზოლუციო ინსტრუმენტისა და უფლებამოსილების გავლენის ამსახველი რამდენიმე შეფასება.

5. თუ შემფასებლის მიერ განსაზღვრული აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება ბანკის მიერ ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი ღირებულებებისგან, შემფასებელმა უნდა გამოიყენოს ბანკის შეფასებაში არსებული დაშვებები, განახლებული ფინანსური ანგარიშგების წარმოსადგენად საჭირო კორექტირებების განსაზღვრისთვის, შესაბამის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობით. იმ დანაკარგების იდენტიფიცირებისას, რომლებიც ვერ აისახება განახლებულ ბალანსში, შემფასებელმა უნდა დააზუსტოს დანაკარგების ოდენობა, მათი განსაზღვრისას გამოყენებული მეთოდები, დანაკარგების რეალიზაციის ალბათობა და სავარაუდო პერიოდი.

6. კაპიტალის ინსტრუმენტების ან/და ვალდებულებების აქციებში კონვერტირების შემთხვევაში, შეფასებამ უნდა განსაზღვროს კონვერტირების შემდგომი ახლად გამოშვებული ან/და შესაბამისი კრედიტორებისათვის გადაცემული აქციების ღირებულება, შესაბამისი კონვერტირების განაკვეთის განსაზღვრის მიზნით.

7. სრულყოფილი შეფასება აგრეთვე უნდა მოიცავდეს შეფასებას, თუ რა ოდენობის ზარალს მიიღებდნენ ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში აქციონერები და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლით განსაზღვრულ კრედიტორთა თითოეული რიგი. აღნიშნული შეფასება არ გამოიყენება იმ კომპენსაციის ოდენობის განსასაზღვრად, რომელიც შეიძლება გაიცეს აქციონერებზე ან/და კრედიტორებზე, თუ ამ შეფასების შედეგად დადასტურდება, რომ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში აქციონერები ან/და კრედიტორები იმაზე ნაკლებად იზარალებდნენ, ვიდრე მათ იზარალეს ამ კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღებით.

 


მუხლი 11. შესაბამისი შეფასების ბაზისის შერჩევა სრულყოფილი შეფასებისთვის
1. სრულყოფილი შეფასებისათვის შეფასების ბაზისის განსაზღვრისას, შემფასებელი მხედველობაში იღებს რეზოლუციის გეგმით გათვალისწინებულ სცენარებსა და სარეზოლუციო ინსტრუმენტებსა და უფლებამოსილებებს.

2. შემფასებელი განსაზღვრავს ფულად ნაკადებს, რომელსაც ბანკი მოელოდება არსებული აქტივებისა და ვალდებულებებისაგან, სამართლიანი, გონივრული და რეალისტური დაშვებების საფუძველზე,  შესაბამისი სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და ინსტრუმენტების განხორციელების შემდეგ. ფულადი ნაკადების დისკონტირება უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული დისკონტირების განაკვეთის მიხედვით.

3. ფულადი ნაკადები უნდა განისაზღვროს აგრეგირების სათანადო დონეზე, რაც გულისხმობს  ცალკეული აქტივების და ვალდებულებს, პორტფელს ან ბანკს მთლიანად, რისკის პროფილში შესაბამისი განსხვავებების გათვალისწინებით.

4. თუ სარეზოლუციო უფლებამოსილებები ან/და რეზოლუციის გეგმით განსაზღვრული შესაბამისი სცენარი ითვალისწინებს აქტივებისა და ვალდებულებების ბანკის მიერ შენარჩუნებას, შემფასებელმა შეფასების ბაზისად უნდა გამოიყენოს ნორმალურ საბაზრო პირობებში არსებული ფლობის  ღირებულება.

5. დროებითი ბანკის ან/და ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენებისას, შეფასების ბაზისად გამოიყენება გასხვისების ღირებულება, გასხვისებისათვის საჭირო სავარაუდო პერიოდის გათვალისწინებით. რეზოლუციის სცენარით განსაზღვრული შესაბამისი სარეზოლუციო ინსტრუმენტების მიხედვით, შემფასებელმა გასხვისების ღირებულებაში უნდა გაითვალისწინოს შესაბამისი აქტივებისა და ვალდებულებების დაჩქარებული გასხვისებით გამოწვეული საბაზრო ფასის შემცირება. იმ აქტივების გასხვისების ღირებულების დასადგენად, რომელთა ლიკვიდური ბაზარი არ არსებობს, შემფასებელმა შესაძლოა გაითვალისწინოს მსგავსი აქტივებისა და ვალდებულებების მიმოცვლისათვის გამოყენებულ ბაზრებზე არსებული დაკვირვებადი ფასი, ან/და მოდელების გაანგარიშება დაკვირვებადი ბაზრის პარამეტრების გამოყენებით. არალიკვიდურობის ფაქტორი უნდა აისახოს დისკონტირების განაკვეთში. ბანკის მთლიანად გასხვისების ან დროებითი ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენებისას, გასხვისების ღირებულებაში ასევე უნდა აისახოს ფრენშაიზის ღირებულება.

6. ფულადი ნაკადების დისკონტირების განაკვეთში უნდა აისახოს შემდეგი ფაქტორები: ფულადი ნაკადების მიღების პერიოდი, რისკის პროფილი, ფინანსირების ხარჯები, საბაზრო პირობები შესაფასებელი აქტივებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, გასხვისების სტრატეგია და ბანკის რეზოლუციის შემდგომი ფინანსური მდგომარეობა.

 


მუხლი 12. მოსალოდნელი ფულადი ნაკადების გამოთვლასთან და დისკონტირებასთან დაკავშირებული სპეციფიკური ფაქტორები სრულყოფილი შეფასებისას

 

1.  მოსალოდნელი ფულადი ნაკადების შეფასებისა და აქტივებისა და ვალდებულებების ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრისთვის, შემფასებელმა უნდა გამოიყენოს საკუთარი ექსპერტული შეფასება, ფულად ნაკადებზე სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და რეზოლუციის გეგმით განსაზღვრული შესაბამისი  სცენარების ზეგავლენის გათვალისწინებით.

2.   თუ რეზოლუციის გეგმით განსაზღვრული სარეზოლუციო ინსტრუმენტები და უფლებამოსილებები ითვალისწინებს ბანკის მიერ აქტივებისა და ვალდებულებების შენარჩუნებას ან/და საქმიანობის გაგრძელებას, შემფასებელმა უნდა გაითვალისწინოს, სამომავლო ფულად ნაკადებზე გავლენის მქონე, სულ მცირე, შემდეგი ფაქტორები:

ა) შეფასების თარიღისათვის არსებულ დაშვებებსა და მოლოდინებში შესაძლო ცვლილებები, აქტივების ფლობის პერიოდის ან ბანკის გაჯანსაღებისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით;

ბ) შემფასებლის მიერ სათანადოდ მიჩნეული შეფასების დამატებითი ან ალტერნატიული  ბაზისი და მეთოდოლოგია, მათ შორის შესაბამისი ინსტრუმენტების კონვერტირების შემდგომი სააქციო ღირებულების შეფასების კონტექსტში.

3. გასხვისების ღირებულების საფუძველზე ფულადი ნაკადების განსაზღვრისას,  შემფასებელმა უნდა გაითვალისწინოს გასხვისების ღირებულებასა და გასხვისების პერიოდზე შესაძლო გავლენის მქონე ფაქტორები, მათ შორის:

ა) გასხვისების ღირებულება და გასხვისების პერიოდი მსგავსი ტრანზაქციებისთვის, ბიზნეს მოდელში და ფინანსურ სტრუქტურაში განსხვავებების გათვალისწინებით;

ბ) ტრანზაქციასთან დაკავშირებული უპირატესობები ან/და ნეგატიური მხარეები, რომლებიც სპეციფიკურია კონკრეტული კონტრაჰენტისთვის ან/და ბაზრის მონაწილეთა გარკვეული ქვეჯგუფისთვის;

გ) გასხვისებისთვის განკუთვნილი აქტივების ან ბანკის ბიზნეს მოდელის მახასიათებლები, რომელიც რელევანტური შეიძლება იყოს მხოლოდ კონკრეტული პოტენციური მყიდველისთვის ან/და ბაზრის მონაწილეთა გარკვული ქვეჯგუფისთვის;

დ) მოსალოდნელი გასხვისების სავარაუდო გავლენა ბანკის ფრენშაიზის ღირებულებაზე;

ე) გასხვისების ხარჯები, რომელიც საჭიროა შესაბამისი აქტივების ან/და ვალდებულებების გაყიდვისათვის შესაბამის მდგომარეობაში მოსაყვანად;

ვ) შესაბამისი აქტივების ან/და ვალდებულებების ნაწილ-ნაწილ ან ერთობლივად გაყიდვით გამოწვეული განსხვავებები საბაზრო ფასსა და სავარაუდო გაყიდვის პერიოდთან მიმართებით.

4. ბანკის სააქციო ღირებულების შეფასებისას  ბანკის მთლიანად გაყიდვის  ან დროებითი ბანკის ინსტრუმენტის გამოყენებისათვის, შემფასებელმა მხედველობაში უნდა მიიღოს ფრენშაიზას ღირებულებასთან დაკავშირებული გონივრული მოლოდინები, რომლებიც შესაძლოა იყოს, მათ შორის, აქტივების განახლების, პორტფელის რეფინანსირების, ან რეზოლუციის ფარგლებში განსახორციელებელი შესაბამისი ქმედებების შედეგი.

5. თუ შემფასებლის მოლოდინით არ არსებობს ბანკის აქტივების ან/და ბიზნესის გასხვისების რეალისტური შესაძლებლობა, გასხვისების ღირებულების ნაცვლად,  უნდა შეფასდეს მოსალოდნელი ფულადი ნაკადები საქმიანობის გაგრძელების ან ბანკის ლიკვიდაციის მიზნებისთვის.  

6. თუ სავარაუდოა ლიკვიდაციის რეჟიმის დაწყება, ლიკვიდაციისთვის განკუთვნილი ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების მიმართ შემფასებელმა შესაძლოა განიხილოს გასხვისების ღირებულება და პერიოდი, რომელიც მოსალოდნელია მსგავსი სახის აქტივების, მსგავსი პირობებით აუქციონზე გატანის შემთხვევაში. მოსალოდნელი ფულადი ნაკადების განსაზღვრისას ასევე მხედველობაში მიიღება აქტივების არალიკვიდურობა, ღირებულების განსაზღვრისთვის საჭირო სანდო მონაცემების არარსებობა, და ასეთ მონაცემებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის გამოყენება.


მუხლი 13. საოპერაციო დანახარჯების გათვალისწინება სრულყოფილ შეფასებაში

 

1. სრულყოფილი შეფასება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საოპერაციო დანახარჯების შესახებ, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს ლიკვიდაციის ან/და სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენების ხარჯებს. კაპიტალის შევსებასთან დაკავშირებული დანახარჯები არ არის საოპერაციო დანახარჯების ნაწილი და შეფასების მიზნებისთვის წარმოადგენს დამოუკიდებელ კატეგორიას.  

2. საოპერაციო დანახარჯებთან ერთად შეფასება უნდა ასახავდეს სავარაუდო პოზიტიურ ეფექტებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ სავარაუდო დანახარჯების შემცირება ან/და შემოსავლის ზრდა, სინერგიის ეფექტებიდან გამომდინარე.

3. აქტივებისა და ვალდებულებების (მათ შორის, პირობითი აქტივებისა და ვალდებულებების და მათი ჯგუფების) შეფასებაში საოპერაციო დანახარჯები, ისევე როგორც დანახარჯების სავარაუდო შემცირება და სინერგიის ეფექტები განხილული უნდა იყოს როგორც ცალკე კატეგორია. ამასთან, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ერთი და იგივე ეფექტების მრავალჯერ გათვალისწინება.

4. სააქციო ღირებულების შეფასებისას, საოპერაციო დანახარჯები და სინერგიის ეფექტები გაითვალისწინება ფულადი ნაკადების გაანგარიშებაში.

 


მუხლი 14. სრულყოფილი შეფასების ანგარიში
1. დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ მომზადებული სრულყოფილი შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:

ა) ბანკის განახლებული ბალანსი და ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიში;

ბ) აქტივების სააღრიცხვო ღირებულების გაანგარიშება და ანალიზი;

გ) დარჩენილი საბალანსო და ბალანსგარეშე ვალდებულებების ჩამონათვალი, ბანკის აღრიცხვების შესაბამისად, კრედიტორთა რიგითობის მიხედვით;

დ) კრედიტორების დაყოფა, მოთხოვნების რიგითობის მიხედვით, და კრედიტორთა თითოეული რიგის მიერ ლიკვიდაციის შემთხვევაში მისაღები ზარალის ოდენობა;

ე) დერივატივებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შეფასება;

ვ) შეფასების შეჯამება, ღირებულების საუკეთესო გაანგარიშების, ღირებულების დიაპაზონების და  შესაძლო უზუსტობების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით;

ზ) ინფორმაცია შეფასებისთვის გამოყენებული ძირითადი მეთოდოლოგიისა და დაშვებების  შესახებ, როგორ აისახება შეფასებისას გამოყენებული სხვადასხვა მეთოდოლოგიები და დაშვებები შეფასების შედეგზე, და რამდენად განსხვავდება ისინი შუალედურ ან ბანკის სხვა შეფასებებში გამოყენებული მეთოდოლოგიებისა და დაშვებებისგან;

თ) ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც შემფასებელი რელევანტურად მიიჩნევს შეფასების მიზნებისთვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა, შეფასების ანგარიში შესაძლოა მოიცავდეს შეფასების კონკრეტულ ასპექტებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მათ შორის:

ა) შესავალი, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს: შეფასების მიზანი, ბანკის დასახელება და შეფასების თარიღი;

ბ) დამატებითი დანაკარგების რეზერვი (შუალედური შეფასების გამოყენების შემთხვევაში), ინფორმაცია მისი გაანგარიშების, გამოყენებული დაშვებების შესახებ და შესაბამისი დასაბუთება;

გ) ინფორმაცია შუალედურ და სრულყოფილ შეფასებას შორის არსებული განსხვავებების შესახებ, შესაბამისი მიზეზები და დასაბუთება;

დ) შეფასებით მოცული აქტივების და ვალდებულებების ჩამონათვალი. რამდენიმე სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევაში, თითოეული სარეზოლუციო ინსტრუმენტის ფარგლებში შეფასებული აქტივები და ვალდებულებები;

ე) თითოეულ საბალანსო ელემენტთან მიმართებით, მითითება შეფასება განხორციელდა ფლობის, თუ გასხვისების ღირებულების შესაბამისად;

ვ) ინფორმაცია გამოყენებული მეთოდოლოგიის შესახებ, რაც მოიცავს  კონკრეტული მეთოდოლოგიის ძირითად მეთოდოლოგიად შერჩევის დასაბუთებას, ალტერნატიული მეთოდოლოგიების გამოყენების დასაბუთებას ცალკეული აქტივებისა და ვალდებულების შეფასებისთვის, ან/და შედეგების შედარებისთვის. თითოეულ გამოყენებულ მეთოდოლოგიასთან მიმართებით, ინფორმაციას მეთოდოლოგიის პარამეტრებთან დაკავშირებული ძირითადი მონაცემებისა და დაშვებების შესახებ;

ზ) შეფასებაში გამოყენებული ძირითადი დაშვებებისა და მათი განსაზღვრისათვის გამოყენებული მონაცემების შესახებ ინფორმაცია;

თ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3710 მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის – კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია მისი ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით – გამოყენებისას: დანაკარგების გასანეიტრალებლად ან აქტივების წმინდა ღირებულების ნულამდე აღდგენისთვის საჭირო, ჩამოსაწერი ვალდებულებების აგრეგირებული მოცულობის შესახებ განმარტება; აქტივების წმინდა ღირებულება ეკონომიკური ღირებულების შესაბამისად; ჩამოსაწერი ვალდებულებების საწყისი შეფასება კრედიტორთა რიგითობის მიხედვით; კონვერტაციის შემდგომი სააქციო ღირებულება და აქციონერებისა და კრედიტორების მიერ მიღებული ზარალის ოდენობა;

ი) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 377 მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის – კომერციული ბანკის აქციების,  აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების გამოყენებისას: გასხვისების კომერციული პირობები, სააქციო ღირებულება (აქციების გასხვისების შემთხვევაში) ან ცალკეული აქტივებისა და ვალდებულებების გასხვისებისას მათი ღირებულება, ღირებულებაში ფრენშაიზის ღირებულების გათვალისწინებისას შესაბამისი ახსნა და დაშვებები, გასასხვისებელი აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების კლასების მიხედვით შეფასება, ლიკვიდაციისთვის განკუთვნილი აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება, საჭიროების შემთხვევაში რეკაპიტალზაციისათვის საჭირო ჩამოსაწერი ან/და გადასაკონვერტირებელი დაშვებული ვალდებულებების მოცულობის განსაზღვრა;

კ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  378 მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის, დროებითი ბანკის გამოყენებისას: გადასაცემი აქციების, აქტივებისა ან/და ვალდებულებების სხვადასხვა კლასების შეფასება, მათი ნაწილის გადაცემისას, ბანკთან დარჩენილი ნაწილის შეფასება, საჭიროების შემთხვევაში, რეკაპიტალზაციისათვის და ახალი ინსტიტუტის კაპიტალიზაციისთვის საჭირო ჩამოსაწერი ან/და გადასაკონვერტირებელი დაშვებული ვალდებულებების მოცულობის განსაზღვრა;

ლ) ფრენშაიზის ღირებულების გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი დაშვებები, გამოთვლისთვის გამოყენებული მიდგომა და მონაცემები;

მ) საოპერაციო დანახარჯების, ხარჯების შემცირებისა და სინერგიების შეფასება, შესაბამისი დაშვებები, გამოთვლისთვის გამოყენებული მიდგომა და დასაბუთება;

ნ) ფინანსირებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეფასებასთან დაკავშირებული სპეციფიკური მახასიათებლები, დაშვებები და დასაბუთება;

ო) პირობითი აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება, მათი იდენტიფიცირების მეთოდოლოგია, დაშვებები და დასაბუთება;

პ) სააქციო ღირებულების შეფასება: შეფასებისთვის გამოყენებული მეთოდოლოგია, შესაბამისი დასაბუთება, გამოყენებული ინფორმაცია და მისი წყაროები, ფულად ნაკადებთან და დისკონტირების განაკვეთთან ან/და საბაზრო მონაცემებზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული დაშვებები;

ჟ) ღირებულების საუკეთესო გაანგარიშება (მისი განსაზღვრისთვის გამოყენებული დაშვებებისა და დათქმების შესახებ ინფორმაცია), დამატებით ღირებულების დიაპაზონების გამოყენების შემთხვევაში მათი გამოანგარიშებისთვის გამოყენებული სხვადასხვა მეთოდოლოგიის ან/და სცენარების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, სხვადასხვა მიდგომებიდან და სცენარებიდან კონკრეტული მიდგომებისა და სცენარების შერჩევის დასაბუთება;

რ) შეფასების შედეგებსა და შეფასებისათვის გამოყენებულ ბანკის ფინანსურ ანგარიშგებებს შორის განსხვავებების შესახებ ინფორმაცია, არსებობის შემთხვევაში;

ს) დამატებითი დანაკარგების იდენტიფიცირების შემთხვევაში, რომელიც ვერ აისახება განახლებულ ბალანსში, ინფორმაცია მათი ოდენობის, წარმოშობის და განხორციელების მოსალოდნელი პერიოდის შესახებ;

ტ)  შვილობილი საწარმოების შეფასება;

უ) რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შემდგომ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებული მონაცემები და ინფორმაცია;

ფ) მონაცემების ძირითადი წყაროების შესახებ ინფორმაცია: ბანკისგან, ეროვნული ბანკისგან მიღებული ან ბაზარზე დაფუძნებული მონაცემები, ასევე მითითება შეფასების სრულყოფილად განსახორციელებლად საჭირო სხვა ინფორმაციის შესახებ, რომლიც არ არის წარმოდგენილი;

ქ) შეფასებაში ჩართული სხვა შემფასებლების ან/და ექსპერტებისა და მათ მიერ შეფასებული საკითხების შესახებ ინფორმაცია;

ღ) დადასტურება, რომ შეფასება შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

ყ) დადასტურება, რომ შეფასება განხორციელდა დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით.

 


მუხლი 15. სარეზოლუციო უფლებამოსილებების გამოყენების შემდგომი შეფასება

 

1. სარეზოლუციო უფლებამოსილებების გამოყენების შემდგომი შეფასება უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ, სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენებიდან მაქსიმალურად მოკლე ვადაში, მათი გამოყენების პროცესის დასრულების მიუხედავად.

2. ყოვლისმომცველი და სანდო შეფასების განხორციელების უზრუნველსაყოფად, შემფასებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი საჭირო სამართლებრივი დოკუმენტაცია, მათ შორის, აქციონერები და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712  მუხლით განსაზღვრული კრედიტორთა რიგითობის მიხედვით განსაზღვრული ყველა მოთხოვნის და პირობითი მოთხოვნის ჩამონათვალი.

3. ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში აქციონერების ან/და კრედიტორების მიერ მისაღები ზარალის ოდენობის დადგენის მიზნით, შემფასებელმა უნდა განსაზღვროს იმ წმინდა ფულადი ნაკადების, შესაბამისი განაკვეთის მიხედვით დისკონტირებული მოცულობა და მათი მიღების პერიოდი, რომელსაც აღნიშნული პირები მიიღებდნენ ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამორიცხული უნდა იქნეს როგორც დროებითი სახელმწიფო დაფინანსება, ისე ეროვნული ბანკის მიერ ყველა სახის განხორციელებულიდა პოტენციური ფინანსური დახმარება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომერციულ ბანკს შეეძლო მიეღო სესხი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლისა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად). ფულადი ნაკადების განსაზღვრისას, შემფასებელს შეუძლია ასევე გაითვალისწინოს უახლოეს პერიოდში მსგავსი ფინანსური ინსტიტუტის ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია.

4. ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში აქციონერთა და კრედიტორთა თითოეული რიგის მიერ მისაღები ზარალის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, შეფასება უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ იმ ფატებისა და გარემოებების შესახებ ინფორმაციას, რომელიც არსებობდა და ცნობილი უნდა ყოფილიყო რეზოლუციის თარიღისთვის და რომლებსაც, შეფასების თარიღისთვის, გავლენა ექნებოდა შესაბამისი აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულებაზე.

5. აქციონერთა და კრედიტორთა თითოეული რიგის მიერ რეზოლუციის პროცესში მიღებული ზარალის განსაზღვრის მიზნით გაითვალისწინება, სარეზოლუციო ინსტრუმენტებისა და უფლებამოსილებების გამოყენების შედეგად მათ მიერ მიღებული ნებისმიერი კომპენსაცია აქციების, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ან/და ნაღდი ფულით ანგარიშსწორების სახით.

6. აქციონერთა და კრედიტორთა თითოეული რიგის მიერ რეზოლუციის პროცესში ფაქტობრივად მიღებული ზარალის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, შემფასებელი უნდა დაეყრდნოს მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების შესახებ ინფორმაციას, რომელიც არსებობდა აღნიშნული ზარალის ფაქტობრივად მიღების თარიღის ან იმ თარიღებისთვის, როდესაც აქციონერები და კრედიტორები მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას.

7. შეფასების თარიღად მიიჩნევა რეზოლუციის თარიღი, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს ზარალის ფაქტობრივად მიღების თარიღისგან. თუ შემფასებელი მიიჩნევს, რომ თარიღების აღნიშნულ განსხვავებასთან დაკავშირებული დისკონტირების გავლენა უმნიშვნელო იქნება, სარეზოლუციო მოქმედებების იმპლემენტაციის თარიღისთვის არსებული არადისკონტირებული ოდენობა, პირდაპირ შეიძლება შედარდეს იმ ჰიპოთეტურ დისკონტირებულ ოდენობას, რომელსაც აქციონერები და კრედიტორები მიიღებდნენ რეზოლუციის თარიღისათვის ლიკვიდაციის შემთხვევაში.

 


მუხლი 16. აქტივებისა და მოთხოვნების აღწერა
1. ამ წესის 15-ე მუხლით გათვალისწინებული შეფასების მიზნებისთვის, შემფასებელმა უნდა განახორციელოს ბანკის მფლობელობაში არსებული ყველა იდენტიფიცირებადი და პირობითი აქტივის აღწერა. აღწერამ უნდა მოიცვას ასევე ის აქტივები, რომელთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების არსებობა არ არის დადასტურებული, მაგრამ მოსალოდნელია გონივრულობის ფარგლებში.

2. შემფასებლისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს  ბანკის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნისა და პირობითი მოთხოვნის ჩამონათვალი, კრედიტორთა რიგითობის მიხედვით.

3. შემფასებლის მიერ განცალკევებულად უნდა იდენტიფიცირდეს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებით დატვირთული აქტივები და ის მოთხოვნები, რომლებიც აღნიშნული აქტივებით არის უზრუნველყოფილი.

4. თუ ბანკი ჯგუფის ნაწილია, შეფასებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ჯგუფის შიგნით არსებული მოთხოვნების გავლენა აქციონერებისა და კრედიტორების მიერ მისაღებ ზარალსა და კომპენსაციაზე.

 


მუხლი 17. სარეზოლუციო უფლებამოსილებების გამოყენების შემდგომი შეფასების ეტაპები
აქციონერების ან/და კრედიტორების კომპენსაციის მიღების უფლებისა და მისი ოდენობის შეფასების მიზნით, შემფასებელმა უნდა განსაზღვროს:

ა) იმ ზარალის ოდენობა, რომელსაც აქციონერები ან/და კრედიტორები, რომლებზეც გავლენა იქონია სარეზოლუციო ინსტრუმენტებმა და უფლებამოსილებებმა, მიიღებდნენ რეზოლუციის თარიღისთვის ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში;

ბ)  ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით მისი რეკაპიტალიზაციის ან სხვა სარეზოლუციო ინსტრუმენტებისა და უფლებამოსილებების გამოყენების შემდგომ, რესტრუქტურიზებული მოთხოვნების, ან/და აქციონერებისა და კრედიტორების მიერ მიღებული სხვა გადახდების რეზოლუციის თარიღისთვის დისკონტირებული ღირებულება, თუ დისკონტირება საჭიროა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ზარალის ოდენობასთან სამართლიანი შედარებისთვის;

გ) აჭარბებს თუ არა თითოეული კრედიტორისათვის, კრედიტორთა რიგითობის მიხედვით, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ზარალის ღირებულება, ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულს.

 


მუხლი 18. ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში აქციონერებისა და კრედიტორების მიერ მისაღები ზარალის ოდენობის განსაზღვრა
1. ამ წესის 17-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული ზარალის ოდენობის განსაზღვრისთვის, უნდა დადგინდეს ლიკვიდაციის შემთხვევაში მოსალოდნელი, შესაბამისი განაკვეთის მიხედვით დისკონტირებული ფულადი ნაკადების ოდენობა.

2. მოსალოდნელი ფულადი ნაკადების დისკონტირების განაკვეთი უნდა  ასახავდეს: მოსალოდნელი ფულადი ნაკადების მიღების პერიოდს, რეზოლუციის თარიღისთვის არსებულ მნიშვნელოვან გარემოებებს, ურისკო საპროცენტო განაკვეთებს, რისკის პრემიას მსგავსი ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებული მსგავსი ფინანსური ინსტრუმენტებისთვის, საბაზრო პირობებს ან/და პოტენციური შემძენების მიერ გამოყენებულ დისკონტირების განაკვეთებს და შესაფასებელი ელემენტებისათვის რელევანტურ სხვა მახასიათებლებს (რელევანტური დისკონტირების განაკვეთი).

3. მოსალოდნელი ფულადი ნაკადების დისკონტირებული ოდენობის განსაზღვრისას შემფასებელმა მხედველობაში უნდა მიიღოს შემდეგი გარემოებები:

ა) ლიკვიდაციის პროცესის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფაქტორები, რომლებსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ მოსალოდნელ გასხვისების პერიოდსა და ამონაგებზე;

ბ) ადმინისტრირებასთან, ტრანზაქციებთან, აქტივების შენარჩუნებასთან, გასხვისებასთან დაკავშირებული და ლიკვიდატორის მიერ გაწეული სხვა სალიკვიდაციო ხარჯები, ასევე ფინანსირების ხარჯები;

გ) ხელმისაწვდომობისა და რელევანტურობის შემთხვევაში, მსგავსი ფინანსური ინსტიტუტის მიმართ უახლოეს პერიოდში წარმოებულ ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია.

4. იმ აქტივებისათვის, რომლებიც ივაჭრება აქტიურ ბაზრებზე, შემფასებელმა შესაძლოა გამოიყენოს ბაზარზე არსებული დაკვირვებადი ფასი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპეციფიკური გარემოებები, რაც გულისხმობს ბაზრის კონცენტრაციას,  გაჯერებას ან/და სხვა რელევანტურ გარემოებებს, ამცირებს ბანკის აქტივების გაყიდვაუნარიანობას.

5. იმ აქტივებისთვის, რომლებიც არ ივაჭრება აქტიურ ბაზარზე, შემფასებელმა მოსალოდნელი ფულადი ნაკადების მოცულობისა და მიღების პერიოდის განსაზღვრისთვის, მხედველობაში უნდა მიიღოს, მათ შორის, შემდეგი გარემოებები:

ა) იმ ბაზრებზე დაკვირვებადი ფასი, სადაც ივაჭრება მსგავსი აქტივები;

ბ) მსგავსი აქტივების მიმართ, მსგავსი პირობებით ტრანზაქციების განხორციელების შემთხვევებში არსებული ფასები, ლიკვიდაციის ან სხვა სტრესული მდგომარეობის პირობებში;

გ) მსგავსი ფინანსური ინსტიტუტის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან დროებითი ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევაში არსებული ფასები;

დ) აქტივის მიერ წმინდა ფულადი ნაკადების გენერირების ალბათობა ლიკვიდაციის რეჟიმში;

ე)  გასხვისების პერიოდში მოსალოდნელი საბაზრო პირობები, მათ შორის, ბაზრის განვითარება და ბაზრის შესაძლებლობა უზრუნველყოს აქტივების რელევანტური მოცულობის მიმოცვლა;

ვ) გასხვისების პერიოდის ხანგრძლივობაზე მოქმედი ფაქტორები ლიკვიდაციის რეჟიმში, მათ შორის, ლიკვიდაციის პროცესის ხანგრძლივობა ან/და შესაბამისი აქტივების მახასიათებლები.

6. შემფასებელმა უნდა გაითვალისწინოს როგორ აისახებოდა მოსალოდნელ ფულად ნაკადებზე ბანკის ფინანსური მდგომარეობა, მათ შორის, პოტენციურ შემძენებთან მოლაპარაკების პროცესზე მოქმედი ფაქტორები.

7. შეფასების შედეგად განსაზღვრული ჰიპოთეტური ზარალის ოდენობა უნდა გადანაწილდეს აქციონერებსა და კრედიტორებზე, კრედიტორთა რიგითობის მიხედვით.

 


მუხლი 19. აქციონერებისა და კრედიტორების მიერ რეზოლუციის რეჟიმში ფაქტობრივად მიღებული ზარალის გამოთვლა
1. შემფასებელმა უნდა განახორციელოს კაპიტალის ინსტრუმენტების ჩამოწერის ან კონვერტაციის ან/და სხვა ნებისმიერი სარეზოლუციო ინსტრუმენტისა და უფლებამოსილების განხორციელების შემდგომ, ყველა დარჩენილი მოთხოვნის იდენტიფიცირება და მიაკუთვნოს ისინი იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც რეზოლუციის თარიღისთვის წარმოადგენდნენ ბანკის აქციონერებსა და კრედიტორებს. შემფასებელმა  ბანკის აქციონერებისა და კრედიტორების მიერ ფაქტობრივად მიღებული ზარალი უნდა განსაზღვროს ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეზოლუციის თარიღისთვის არსებულმა ბანკის აქციონერებმა და კრედიტორებმა რეზოლუციის შედეგად მიიღეს კომპენსაცია ნაღდი ანგარიშსწორების სახით.

2. თუ რეზოლუციის თარიღისთვის არსებული აქციონერები და კრედიტორები  რეზოლუციის შედეგად იღებენ კომპენსაციას სააქციო კაპიტალის წილის ფორმით, შემფასებელმა მათ მიერ ფაქტობრივად მიღებული ზარალის დასადგენად უნდა განსაზღვროს მათთვის გადაცემული ან გამოშვებული წილების (აქციების) საერთო ღირებულება, რომელიც შესაძლოა ეფუძნებოდეს საერთაშორისოდ აღიარებული შეფასების მეთოდოლოგიის მიხედვით გამოთვლილ საბაზრო ფასს.

3. თუ რეზოლუციის თარიღისთვის არსებული აქციონერები და კრედიტორები  რეზოლუციის შედეგად იღებენ კომპენსაციას ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის სახით, აღნიშნულის განსაზღვრისას შემფასებელმა მხედველობაში უნდა მიიღოს ცვლილებები სახელშეკრულებო ფულად ნაკადებში, რომელიც შესაბამისი ინსტრუმენტების ჩამოწერის ან კონვერტაციის  ან/და  სხვა სარეზოლუციო ინსტრუმენტებისა და უფლებამოსილებების გამოყენების შედეგია, ასევე რელევანტური დისკონტირების განაკვეთი.

4. ნებისმიერი დარჩენილი მოთხოვნისთვის, შემფასებელმა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებებთან ერთად, რელევანტურობის შემთხვევაში, მხედველობაში უნდა მიიღოს მსგავსი ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული მსგავსი ინსტრუმენტებისთვის აქტიურ ბაზრებზე დაკვირვებადი ფასი.

 


მუხლი 20. სარეზოლუციო უფლებამოსილებების გამოყენების შემდგომი შეფასების ანგარიში
1. სარეზოლუციო უფლებამოსილებების გამოყენების შემდგომი შეფასების ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს  გასაგები ენით და იგი უნდა მოიცავდეს:

ა) შეფასების შეჯამებას, რაც მოიცავს შეფასების შედეგებს, მათ შორის, შეფასების დიაპაზონების სახით და შეფასებასთან დაკავშირებული უზუსტობების შესახებ ინფორმაციას;

ბ) გამოყენებული ძირითადი მეთოდოლოგიისა და დაშვებების ახსნას, მათ შორის, ინფორმაციას მათ მიმართ შეფასების მგრძნობელობის შესახებ;

გ) შესაძლებლობის შემთხვევაში, სხვა რელევანტური შეფასებებისგან, მათ შორის, სხვა სარეზოლუციო შეფასებებისგან (სრულყოფილი შეფასება, შუალედური შეფასება) ან/და სხვა საზედამხედველო ან სააღრიცხვო შეფასებებისაგან განსხვავებული შედეგების შესახებ განმარტებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა, სარეზოლუციო უფლებამოსილებების გამოყენების შემდგომი შეფასების ანგარიში შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) აქციონერებისა და კრედიტორების მიერ, ლიკვიდაციის შემთხვევაში ჰიპოთეტურად მისაღები და რეზოლუციის რეჟიმში ფაქტობრივად მიღებული ზარალის ოდენობებს შორის განსხვავებას (არსებობის შემთხვევაში);

ბ) ლიკვიდაციის სტრატეგიასთან დაკავშირებული დაშვებების აღწერას;

გ) დისკონტირებული ფულადი ნაკადების მეთოდოლოგიის გამოყენებისას, ინფორმაციას ლიკვიდაციის სცენარის გამო მოსალოდნელი ფულადი ნაკადების მიმართ განხორციელებული შესაბამისი კორექტირებების შესახებ;

დ) კორექტირებული სააღრიცხვო ღირებულების მეთოდოლოგიის გამოყენების შემთხვევაში, ინფორმაციას აქტივებისა და ვალდებულებების სააღრიცხვო ღირებულების კორექტირების მიზნით გამოყენებული დაშვებების შესახებ, ბაზრის ან აქტივების არალიკვიდურობასთან დაკავშირებული კორექტირებების ჩათვლით;

ე) სალიკვიდაციო ხარჯების განსაზღვრასთან დაკავშირებული დაშვებების აღწერასა და განმარტებას;

ვ) დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურების ჰიპოთეტური ზეგავლენის შესახებ ინფორმაციას.

 


მუხლი 21. დამოუკიდებელი შემფასებლის დანიშვნა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

1. ამ წესით გათვალისწინებული შეფასების განხორციელების მიზნით, დამოუკიდებელ შემფასებელს ნიშნავს ეროვნული ბანკი. დამოუკიდებელი შემფასებელი შესაძლოა იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებები შესაძლოა განახორციელოს ერთმა დამოუკიდებელმა შემფასებელმა. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს შეფასებების სხვადასხვა პირის მიერ განხორციელება და უზრუნველყოს რამდენიმე დამოუკიდებელი შემფასებლის შერჩევა.

2. დამოუკიდებელი შემფასებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) ფლობდეს საშემფასებლო საქმიანობისათვის შესაბამის და შეფასების დამოუკიდებლად და ეფექტურად განხორციელებისთვის საჭირო კვალიფიკაციას, ცოდნას, უნარებს, გამოცდილებასა და რესურსებს ამ წესის 22-ე მუხლის შესაბამისად;

ბ) იყოს დამოუკიდებელი როგორც რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკისგან, ასევე ეროვნული ბანკისა და  პროცესში ჩართული სხვა სახელმწიფო უწყებისგან, ამ წესის 23-ე მუხლის შესაბამისად;

გ) არ  უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი რეზოლუციის რეჟიმში მყოფ ბანკთან, ეროვნული ბანკთან და პროცესში ჩართულ სხვა სახელმწიფო უწყებასთან, ამ წესის 24-ე მუხლის შესაბამისად.

3. რეზოლუციის რეჟიმის შემოღების საფუძვლების დადგომისას, დამოუკიდებელი შემფასებლის სწრაფად დანიშვნის მიზნით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ წესით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და დანართი №1-ით განსაზღვრული კითხვარის საფუძველზე  შეარჩიოს და განსაზღვროს იმ პირების წინასწარი სია, რომლებიც აკმაყოფილებენ დამოუკიდებელი შემფასებლისათვის ამ წესით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და რეზოლუციის საფუძვლების დადგომისას შეარჩიოს კონკრეტული შემთხვევის მიხედვით ყველაზე მეტად კვალიფიციური პირი წინასწარ განსაზღვრული სიიდან.

4. შემფასებლის დანიშვნისა და შეფასების განხორციელების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი იღებს ბანკის წინაშე არსებული რისკის დონისა და მისი განვითარების პროგრესის შეფასების საფუძველზე, თუ მიიჩნევს, რომ სავარაუდოა რეზოლუციის რეჟიმის შემოღების საფუძვლების დადგომა.

5. დამოუკიდებელი შემფასებლის დანიშვნის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შემფასებელს განესაზღვრება:

ა) მის მიერ განსახორციელებელი შეფასების სახე;

ბ) შუალედური შეფასების განხორციელების შემთხვევაში, ლიკვიდაციის პროცესში აქციონერებისა და კრედიტორების მიერ მისაღები ზარალის საპროგნოზო მოცულობის განსაზღვრის ვალდებულება;

გ) ეროვნული ბანკის მიერ დაგეგმილი სარეზოლუციო უფლებამოსილებები და ინსტრუმენტები;

დ) შეფასების განხორციელების ვადა და შუალედური ეტაპები;

ე) საჭიროების შემთხვევაში მგრძნობელობის ან/და სხვადასხვა სცენარების ანალიზის განხორციელების ვალდებულება, გათვალისწინებული სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და ინსტრუმენტების და ბანკის სპეციფიური მახასიათებლების გათვალისწინებით;

ვ) სფეროები და საკითხები, რომელთა შეფასებისას დამოუკიდებელ შემფასებელს შეუძლია ისარგებლოს ექსპერტების დახმარებით და ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის/კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის წესები; 

ზ) კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება;

თ) შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხი, საჭიროებისამებრ.

6. შეფასების განხორციელების ვადას ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ინდივიდუალურად, ბანკის ზომისა და კომპლექსურობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, შეფასების დეტალურობის საჭიროებისა და არსებული სტრესული სიტუაციის გათვალისწინებით.

 


მუხლი 22. შემფასებლის კვალიფიკაცია, ცოდნა, უნარები, გამოცდილება და რესურსები

 

1. დამოუკიდებელი შემფასებელი უნდა ფლობდეს საშემფასებლო საქმიანობისათვის სათანადო კვალიფიკაციას, ცოდნას, უნარებს, გამოცდილებას და რესურსებს ყველა იმ სფეროში, რომელსაც რელევანტურად მიიჩნევს ეროვნული ბანკი.

2. დამოუკიდებელი შემფასებელი უნდა ფლობდეს ან ხელი მიუწვდებოდეს სათანადო ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებზე, რომლის რელევანტურობის განსაზღვრისას გაითვალისწინება განსახორციელებელი შეფასების კომპლექსურობა.

3. შეფასების განხორციელებისას შემფასებელი:

ა) არ უნდა დაექვემდებაროს ინსტრუქციებსა და მითითებებს ბანკისგან, ეროვნული ბანკისგან ან სხვა სახელმწიფო უწყებისგან;

ბ) არ უნდა მიიღოს ფინანსური ან სხვა სახის სარგებელი ბანკისგან, ეროვნული ბანკისგან ან სხვა სახელმწიფო უწყებისგან.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა არ ეხება:

ა) ისეთი ინსტრუქციების, მითითებების, ტექნიკური აღჭურვილობის ან მხარდაჭერის სხვა ფორმების მიღებას, რომელიც ეროვნული ბანკის შეფასებით, საჭიროა შეფასების მიზნებისთვის;

ბ) შემფასებლის ანაზღაურებისა და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა გონივრული ხარჯების დაფარვას.

 


მუხლი 23. სტრუქტურული დამოუკიდებლობა
შემფასებელი დამოუკიდებელი უნდა იყოს როგორც რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკისგან, ასევე ეროვნული ბანკის ან სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებისგან, რაც გულისხმობს შემდეგს:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში, შემფასებელი არ უნდა იყოს ბანკის, ეროვნული ბანკის ან სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყების თანამშრომელი ან კონტრაქტორი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში, იგი არ უნდა ეკუთვნოდეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის საბანკო ჯგუფს ან შესაბამის სახელმწიფო უწყებას.

 


მუხლი 24.  ინტერესთა კონფლიქტი

1. დამოუკიდებელ შემფასებელს არ უნდა ჰქონდეს არსებითი მიმდინარე ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი ბანკთან, ეროვნულ ბანკთან ან/და სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.

2. არსებული ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი განიხილება არსებითად, თუ ეროვნული ბანკის შეფასებით მას შეუძლია დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ შეფასების განხორციელებაზე გავლენის მოხდენა.

3. ინტერესთა კონფლიქტი გულისხმობს მინიმუმ შემდეგ პირებთან ინტერესთა კონფლიქტს:

ა) ბანკის ადმინისტრატორები;

ბ) ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან მაკონტროლებელი პირები;

გ) ეროვნული ბანკის მიერ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე იდენტიფიცირებული მნიშვნელოვანი კრედიტორები;

დ) შესაბამისი საბანკო ჯგუფის წევრები. 

4. არსებით  ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა:

ა)  დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ მიმდინარე ან წარსულში გაწეული მომსახურება ბანკისთვის ან/და ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირებისთვის და გაწეული მომსახურების კავშირი შეფასებისათვის რელევანტურ საკითხებთან;

ბ) პირადი ან პროფესიული ურთიერთობა შემფასებელსა და ბანკს ან/და ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ პირებს შორის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებით დამტკიცებული „ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების“ შესაბამისად;

გ) საინვესტიციო ან სხვა არსებითი ფინანსური ინტერესის არსებობა ბანკის მიმართ, შემფასებლის მხრიდან;

დ) იურიდიული პირის შემთხვევაში, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნებისმიერი სტრუქტურული გამიჯვნა, რომელსაც შეუძლია შემფასებლის დამოუკიდებლობაზე გავლენის მქონე ფაქტორების აღმოფხვრა, მათ შორის, იმ თანამშრომლების გამორიცხვა, რომლებიც ჩართული იყვნენ მომსახურების განხორციელებაში.

5. პირის ბანკთან მიმდინარე არსებით  ინტერესთა კონფლიქტად ითვლება, თუ მან, შეფასების განხორციელების წინა საანგარიშო წლისთვის, განახორციელა ბანკის აუდიტორული შეფასება.

6. პირს, რომელიც განიხილება ან დაინიშნა დამოუკიდებელ შემფასებლად ეკისრება ვალდებულება:

ა) შესაბამისი პროფესიული ქცევის სტანდარტებისა და ეთიკის კოდექსის შესაბამისად, უზრუნველყოს ნებისმიერი მიმდინარე ან პოტენციური არსებითი  ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირება;

ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს ნებისმიერი  შესაძლო არსებითი ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ;

გ) უზრუნველყოს, რომ მის თანამშრომლებს ან/და შეფასებაში ჩართულ სხვა  პირებს არ ჰქონდეთ ამ მუხლით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტი.

 




დანართი №1

დამოუკიდებელი შემფასებლის შეფასების კითხვარი

I. შემფასებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები

ა) ფიზიკური პირი

სახელი

 

გვარი

დაბადების თარიღი

ფაქტობრივი მისამართი

იურიდიული მისამართი

მოქალაქეობა (რეზიდენტობა)

პირადობის ნომერი/პასპორტის ნომერი

საკონტაქტო ნომერი (ქვეყნის კოდის მითითებით)

ელექტრონული ფოსტა

 

 

 

ბ) იურიდიული პირი

დასახელება

 

საიდენტიფიკაციო ნომერი

რეგისტრაციის ადგილი

სათავო ოფისის მისამართი

საკონტაქტო ნომერი (ქვეყნის კოდის მითითებით)

ელექტრონული ფოსტა

 

II. შემფასებლის კვალიფიკაცია, გამოცდილება და რესურსები

  ა)

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კვალიფიკაცია და გამოცდილების ხანგრძლივობა (საშემფასებლო საქმიანობისათვის რელევანტური). იურიდიული პირის შემთხვევაში, გთხოვთ, ასევე მიუთითოთ კომპანიის სარეიტინგო შეფასება (არსებობის შემთხვევაში), ბოლო რეიტინგის მინიჭების თარიღი და სარეიტინგო კომპანიის დასახელება.

 

)

გთხოვთ, მიუთითოთ ინფორმაცია შეფასების განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი რესურსების შესახებ (ადამიანური და ტექნიკური რესურსი)

III. სტრუქტურული დამოუკიდებლობა

 

)

ხართ თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის თანამშრომელი ან კონტრაქტორი ან/და სხვა რაიმე ფორმით სტრუქტურულად დაკავშირებული პირი?

 

კი

 

არა

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია

 

)

ხართ თუ არა რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის საბანკო ჯგუფის[1] წევრი ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებული იურიდიული პირი?

 კი

 

არა

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია

 

 

IV. არსებითი მიმდინარე ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი

 

)

განახორციელეთ თუ არა რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აუდიტორული შემოწმება მიმდინარე წლის წინა საანგარიშო წლისთვის?

 

 

 კი

 არა

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია

 

 

)

გქონიათ თუ არა ბოლო სამი წლის განმავლობაში სხვა სახის პროფესიული ან სამუშაო ურთიერთობა (მათ შორის, საქმიანი მომსახურების გაწევა) კომერციულ ბანკთან ან მის ჯგუფში შემავალ საწარმოებთან/მის ადმინისტრატორებთან[2] /მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერთან[3], მაკონტროლებელ პირებთან ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ბანკის მნიშვნელოვან კონტრაქტორებთან?

 

კი

 

არა

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია

 

)

გაქვთ ან გქონდათ თუ არა ბოლო სამი წლის განმავლობაში რაიმე სახის პირადი ურთიერთობა[4] კომერციული ბანკის ან მის ჯგუფში შემავალი საწარმოების ადმინისტრატორებთან? ასევე პირ(ებ)თან, რომელიც კომერციულ ბანკში ან ბანკის ჯგუფში შემავალ რომელიმე საწარმოში ფლობს მნიშვნელოვან წილს, წარმოადგენენ მაკონტროლებელ პირებს ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ბანკის მნიშვნელოვან კონტრაქტორებს?

 

კი

 

არა

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია

 

დ) 

 

გაქვთ თუ არა პირდაპირ ან არაპირდაპირ რაიმე არსებითი ფინანსური ინტერესი (მაგალითად, როგორიცაა, საკუთრება, ინვესტიცია, სესხი, დეპოზიტი, მნიშვნელოვანი ტრანზაქცია)  რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკში?

 

 

კი

   

  არა

 

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ ფინანსური ინტერესის დეტალები

ე)

 

 

გაქვთ თუ არა სხვა სახის ურთიერთობები, პოზიცია ან რაიმე სახის ისეთი მონაწილეობა, რომელიც არ არის წინამდებარე კითხვარში მოცემული, მაგრამ შესაძლოა, გავლენა მოეხდინა შემფასებლის დამოუკიდებლობაზე?

 

 

კი

 

არა

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია (როგორიცაა, ურთიერთობის ბუნება, პერიოდი და ა.შ)

 

დამოუკიდებელი შემფასებელი ადასტურებს, რომ:

 

კითხვარში მითითებული ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი.

უზრუნველყოფს ნებისმიერი მიმდინარე ან პოტენციური არსებითი  ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებას და არსებობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ ინფორმირებას.

 

______________________________________________________________

ხელმოწერა                                                                                       თარიღი

 

 

 

 



[1] ჯგუფში მოიაზრება საბანკო ჯგუფის საწარმოები და აგრეთვე, ის სხვა საწარმოები, რომლებშიც ბანკის/საბანკო ჯგუფში შემავალი საწარმოს მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, ადმინისტრატორი ან მათი ოჯახის წევრი ან მასთან დაახლოვებული პირი (განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებით დამტკიცებული „ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებით“) ფლობს მნიშვნელოვან წილს;

[2] ამ ცნებაში მოიაზრებიან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №50/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ“ დებულებით განსაზღვრული ადმინისტრატორები;

[3] პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული კომერციული ბანკის განაღდებული კაპიტალის  ან განცხადებული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ანდა პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ კომერციულ ბანკზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა („კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „ხ“ ქვეპუნქტი).

[4]  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებით დამტკიცებული „ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებით“ განსაზღვრული ფიზიკური პირის ოჯახის წევრები და მასთან დაახლოვებული პირები.