„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6500-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 010010000.01.001.016015
6500-რს
29/06/2020
ვებგვერდი, 29/06/2020
010010000.01.001.016015
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

 
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


მუხლი 1. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.10.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010010000.01.001.016012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

 „მუხლი 21

1. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან.

2. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ, და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს. პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა მრავლდება 120-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც ამ პუნქტით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 120-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები.

3. პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებით ჯამურად მიღებული მანდატების პროცენტული წილი მანდატების საერთო რაოდენობაში არ უნდა აღემატებოდეს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში ამავე  პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამს. თუ პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებით ჯამურად მიღებული მანდატების პროცენტული წილი მანდატების საერთო რაოდენობაში აღემატება პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში ამავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამს, პოლიტიკურ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება შესაბამისი მანდატები პროპორციულ არჩევნებში წარდგენილი საარჩევნო სიიდან და ისინი თანმიმდევრობით განაწილდება იმ სხვა უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

4. ამ მუხლის მიზნებისათვის იქმნება 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ამ კანონის მიღების დროისათვის მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების შესაბამისად:

ა) თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები; ვაკის რაიონი; საბურთალოს რაიონი; ისნის რაიონი; სამგორის რაიონი; დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები; გლდანის რაიონი; ნაძალადევის რაიონი;

ბ) თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები; გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები; რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები; მარნეულისა და გარდაბნის (ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები; ბოლნისის, დმანისის, თეთრი წყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები; მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები; კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები; ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები; ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები; ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები; ქუთაისის მუნიციპალიტეტი; საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები; ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები; სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები; ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები; წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები; ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები; ბათუმის მუნიციპალიტეტი; ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული; ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები; ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები.

5. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერით. პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობისათვის არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის მხარდაჭერის დადასტურების ვალდებულებისაგან თავისუფლდება ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ერთ-ერთ არჩევნებში მაინც პროპორციული სისტემით 15 000 ხმა მაინც მიიღო, აგრეთვე ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15 000 ხმა მაინც მიიღო.

6. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიას, კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. კანდიდატის წარდგენის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით.

7. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები, აგრეთვე პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით.

8. 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში შესაბამისი არჩევნები ტარდება და პარლამენტი ფორმირდება ამ მუხლით დადგენილი წესით. 2024 წელს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება. 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში ბოლო რიგგარეშე არჩევნების მომდევნო მორიგი არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო ბოლო რიგგარეშე არჩევნებში არჩეულ პარლამენტს უფლებამოსილება უწყდება ახალარჩეული პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

თბილისი,

29 ივნისი 2020 წ.

N6500-რს