აკვაკულტურის შესახებ

აკვაკულტურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6408-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 400060000.05.001.019921
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6408-IIს
24/06/2020
ვებგვერდი, 01/07/2020
400060000.05.001.019921
აკვაკულტურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (01/07/2020 - 15/12/2021)

 

საქართველოს კანონი

 

 

აკვაკულტურის შესახებ

 


თავი I. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო და მიზნები

1. ეს კანონი განსაზღვრავს აკვაკულტურის საქმიანობის რეგულირებისა და განხორციელების პრინციპებსა და სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას საკუთრებასთან, აკვაკულტურის ნებართვის გაცემასთან, საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის ზონის გამოყოფასთან, სახელმწიფო კონტროლსა და აკვაკულტურასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

2. ამ კანონის მიზნებია:

ა) საქართველოს (შავი ზღვის) კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების (ტერიტორიული ზღვის), განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის (შემდგომ − საზღვაო წყლები) და შიდა წყლების − წყალსატევების (ტბები, წყალსაცავები, ტბორები, მდინარეები, მიწისქვეშა წყლები, ნაკადულები, არხები, წყალჭაობიანი ადგილები და აკვაკულტურის ობიექტების მოშენებისთვის გამოსადეგი სხვა წყალსატევები) განსაზღვრულ ადგილებში აკვაკულტურის საქმიანობის მოწესრიგება;

ბ) აკვაკულტურის პასუხისმგებლობიანი და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა;

გ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას გარემოს, ბიომრავალფეროვნებისა და წყლის ბიოლოგიური რესურსების დაცვა;

დ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას წყლისა და მიწის რესურსებით რაციონალური და ეფექტიანი სარგებლობის უზრუნველყოფა, სხვა წყლითა და მიწით მოსარგებლეთა ინტერესების დაცვა;

ე) აკვაკულტურის საქმიანობის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად განხორციელების უზრუნველყოფა;

ვ) აკვაკულტურის სუბიექტის საქმიანობის ეფექტიანი გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფა.

3. ამ კანონის III და V თავები არ ვრცელდება რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემის გამოყენებით განხორციელებულ აკვაკულტურის საქმიანობაზე.

4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აკვაკულტურის კონსტრუქციაზე, რომელსაც ბუნებრივ ზედაპირულ წყლებთან უშუალო კავშირი არ აქვს.

5. აკვაკულტურის სფეროში გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ამ კანონით, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აკვაკულტურა − წყლის ცოცხალი ორგანიზმის (თევზი, მოლუსკი, კიბოსნაირი, წყლის მცენარე) ისეთი საშუალებების გამოყენებით მოშენება (კულტივირება, გამოზრდა, გამრავლება), რომელთა მიზანია ამ ორგანიზმის წარმოების გაზრდა გარემოს ბუნებრივი შესაძლებლობების მიღმა. ეს ორგანიზმი ერთი ან ერთზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში რჩება მთელი პერიოდის განმავლობაში − გამოზრდიდან პროდუქციის მიღების ჩათვლით. წყლის ცოცხალი ორგანიზმის მოშენება გულისხმობს ამ ორგანიზმის გაზრდის ორგანიზებულ პროცესს, მათ შორის, მის გამრავლებას ან რეგულარულ შენახვასა და კვებას ან/და მტაცებლისგან ან სხვა, მსგავსი ჩარევისგან დაცვას აღნიშნული ორგანიზმის ბუნებრივი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში;

ბ) ექსტენსიური აკვაკულტურა − ბუნებრივი წყალსატევის (ტბა, მდინარე, წყალჭაობიანი ადგილი და სხვა) ან ხელოვნური წყალსატევის (წყალსაცავი, ზოგიერთი არხი და სხვა წყალსატევი, გარდა აკვაკულტურის კონსტრუქციისა) ხელოვნურად გამრავლებული ქვირითით, ლარვით, ლიფსიტითა და ახალმოზარდეულით ბუნებრივი საკვები ბაზის ხარჯზე დათევზიანება, ამ წყალსატევში არსებული ბუნებრივი თევზის რესურსის აღწარმოების ხელშეწყობა და შემდგომ მისი ზრდის შედეგად თევზჭერა;

გ) აკვაკულტურის კონსტრუქცია − აკვაკულტურის მიზნებისთვის მოწყობილი ნებისმიერი ხელოვნური წყალსატევი (ტბორი, გუბურა, არხი, ავზი, რეზერვუარი და სხვა), წყალსატევში განთავსებული სხვადასხვა ფორმისა და ტიპის თევზსაშენი გალია, თევზსაშენი ოჩხი, სხვადასხვა ფორმისა და ტიპის აკვაკულტურის კოლექტორი, ბაგირის, ბადისებური ტომრის, კალათის კონსტრუქცია, ხელოვნური მყარი ფსკერული კონსტრუქცია (მათ შორის, ხელოვნური რიფი), რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემა, აკვაკულტურის ობიექტის გამოზრდისთვის განკუთვნილი სხვა სახის კონსტრუქცია ან მოწყობილობა. აკვაკულტურის კონსტრუქციას არ განეკუთვნება ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ექსტენსიური აკვაკულტურისთვის განსაზღვრული ხელოვნური წყალსატევი;

დ) აკვაკულტურის კოლექტორი − წყალსატევში უხერხემლოთა ლარვებისა და წყალმცენარეთა სპორების შესაგროვებლად და გამოსაზრდელად ჩაყენებული სხვადასხვა ფორმისა და ტიპის ბაგირის კონსტრუქცია, ხელოვნური მყარი ფსკერული კონსტრუქცია, სხვა სახის კონსტრუქცია;

ე) აკვაკულტურის სუბიექტი − პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად უფლება აქვს, განახორციელოს აკვაკულტურის საქმიანობა;

ვ) რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემა − წყლის ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების კულტივირებისთვის ან/და გამოზრდისთვის განკუთვნილი სისტემა, რომელშიც ხდება ტექნოლოგიური წყლის მრავალჯერ აღდგენა და განმეორებით გამოყენება;

ზ) თევზსაშენი გალია − წყალსატევის გარკვეული სივრცე, რომელიც წყალგამტარი ბარიერითაა შემოსაზღვრული და წყალსატევის ფსკერს უშუალოდ არ ეხება. თევზსაშენი გალია არის მოტივტივე ტიპის ან დაძირული ტიპის. მოტივტივე ტიპის თევზსაშენი გალიის მზიდი კონსტრუქცია მხოლოდ წყლის ზედაპირზეა განლაგებული და წყალგამტარი ბარიერით მხოლოდ გვერდებიდან და ქვემოდან არის შემოსაზღვრული. დაძირული ტიპის თევზსაშენი გალიის მზიდ კონსტრუქციას აქვს სიღრმის შეცვლის უნარი და ის წყალგამტარი ბარიერით შემოსაზღვრულია როგორც გვერდებიდან და ქვემოდან, ისე ზემოდან;

თ) თევზსაშენი ოჩხი − წყალსატევის გარკვეული უბანი, რომელიც წყალგამტარი ბარიერით მხოლოდ გვერდებიდანაა შემოსაზღვრული და წყალსატევის ფსკერს უშუალოდ ეხება;

ი) მარიკულტურა − აკვაკულტურა საზღვაო წყლებში;

კ) ჰიდრობიონტი − წყლის ცოცხალი ორგანიზმი (თევზი, მოლუსკი, კიბოსნაირი, წყლის მცენარე, წყალში მობინადრე სხვა ცოცხალი ორგანიზმი);

ლ) ბუნებრივი საკვები ბაზა − წყლის ცხოველი და მცენარე, მათი ნარჩენი და დაშლის პროდუქტი, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის მიკროორგანიზმები, რომლებიც აკვაკულტურის ობიექტისთვის ბუნებრივი საკვებია;

მ) ინტროდუქცია − ამა თუ იმ სახეობის წყლის ორგანიზმის იმ წყალსატევში ჩასახლება, სადაც ადრე ეს სახეობა არ ბინადრობდა, და ჩასახლებული სახეობის სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი პოპულაციის შექმნა;

ნ) დათევზიანება − წყალსატევში წყლის ცხოველური ორგანიზმის (მისი განვითარების ნებისმიერი სტადიის − ქვირითის, ლარვის, ლიფსიტისა და სხვა) მიზნობრივი გაშვება;

ო) ხელოვნური აღწარმოება − ჰიდრობიონტისგან სასქესო პროდუქტის ხელოვნურად მიღება, კვერცხუჯრედის ხელოვნურად განაყოფიერება, ხელოვნურად განაყოფიერებული კვერცხუჯრედის კონტროლირებულ პირობებში ინკუბაცია, შთამომავლობის მიღება, სიცოცხლისუნარიან სტადიამდე გამოზრდა და შემდგომ მისი ბუნებრივ წყალსატევში გაშვებით წყლის ბიოლოგიური რესურსის ოდენობის შენარჩუნება ან/და გაზრდა;

პ) აკვაკულტურის ობიექტი − ჰიდრობიონტი, რომელიც აკვაკულტურის სუბიექტის მიერ არის კულტივირებული;

ჟ) უცხო სახეობა − წყლის ორგანიზმის ნებისმიერი სახეობა, რომელიც მკვიდრი არ არის და, როგორც წესი, საქართველოს წყლებში არ ბინადრობს;

რ) ეკოსისტემა − მცენარეთა, ცხოველთა და მიკროორგანიზმთა, აგრეთვე მათი გარემომცველი არაცოცხალი გარემოს დინამიკური კომპლექსი, რომელიც მოქმედებს, როგორც ფუნქციური მთლიანობა;

ს) გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა − ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოებისა და აკვაკულტურის სუბიექტების მიერ აკვაკულტურის მართვის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პერიოდული გარემოსდაცვითი შეფასებისა და მონიტორინგის განსახორციელებლად ინფორმაციის (მონაცემების) ჩაწერასა და შენახვას;

ტ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა − საზღვაო არეალი, რომელშიც აკვაკულტურის განვითარებას სხვა სახის სარგებლობის მიმართ უპირატესობა ენიჭება და რომელიც უმთავრესად აკვაკულტურისთვისაა განკუთვნილი;

უ) ერთი სარკმლის პრინციპი – ადმინისტრაციული წარმოების წესი, რომლის მიხედვით, ნებართვის გამცემი უზრუნველყოფს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებითი სანებართვო პირობების ან შეთანხმების დადასტურებას;

ფ) მინისტრი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;

ქ) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

ღ) ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქცია − აკვაკულტურის მიზნებისთვის მოწყობილი ნებისმიერი ხელოვნური წყალსატევი (ტბორი, გუბურა, არხი, ავზი, რეზერვუარი და სხვა), რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემა;

ყ) წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქცია − სხვადასხვა ფორმისა და ტიპის თევზსაშენი გალია, თევზსაშენი ოჩხი, საზრდელი, ლარვებისა და წყალმცენარეთა სპორების შესაგროვებელი სხვადასხვა ფორმისა და ტიპის ბაგირის, ბადისებური ტომრის, კალათის კონსტრუქცია, ხელოვნური მყარი ფსკერული კონსტრუქცია (მათ შორის, ხელოვნური რიფი).

მუხლი 3. აკვაკულტურის საქმიანობის რეგულირებისა და განხორციელების პრინციპები

1. აკვაკულტურის საქმიანობა რეგულირდება ამ კანონით, საქართველოს სხვა კანონებით, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის ნორმატიული აქტებით.

2. აკვაკულტურის საქმიანობის რეგულირებისას და განხორციელებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი ძირითადი პრინციპები:

ა) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას ეკოსისტემური მიდგომის გამოყენება, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და აკვაკულტურის პროდუქტის უვნებლობის დაცვა;

ბ) აკვაკულტურის ობიექტის კულტივირების ან/და გამოზრდის ეკოლოგიურად მიზანშეწონილი ტექნოლოგიების დანერგვა და წყალსატევის პროდუქტიული პროცესების მართვა;

გ) აკვაკულტურის საქმიანობის გარემოსდაცვითი თვალსაზრისით თავსებად ადგილებზე განხორციელება, წყლისა და მიწის რესურსების ეფექტიანად და პასუხისმგებლობით გამოყენება;

დ) აკვაკულტურის კონსტრუქციის უსაფრთხოდ დაპროექტება და განთავსება; აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას სხვა წყლითა და მიწით მოსარგებლეთა ინტერესების გათვალისწინება;

ე) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას ხელოვნური საკვების დაბალანსებულად და ეფექტიანად გამოყენება, რაც უზრუნველყოფს აკვაკულტურის ობიექტის ოპტიმალურ ზრდას და გარემოს დაბინძურების მინიმუმამდე შემცირებას;

ვ) აკვაკულტურის ობიექტის ჯანმრთელობის მართვა, მისი დაავადების თავიდან აცილება, დაავადების გავრცელების რისკისა და ეპიზოოტიის შემთხვევების შემცირება;

ზ) ტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება;

თ) აკვაკულტურის საქმიანობის დაგეგმვისას და განხორციელებისას წყლის ობიექტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ბუნებრივი და სოციალურ-ეკონომიკური თავისებურებების გათვალისწინება;

ი) ჰიდრობიონტის კულტივირების ან/და სასაქონლო გამოზრდის, სასურსათო მოხმარებისთვის ბაზარზე განთავსების მიზნით სამეურნეო და სხვა სახის საქმიანობების უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილება ან მინიმუმამდე შემცირება;

კ) საქართველოს წყლების ბიოლოგიური რესურსების შენარჩუნება და მათი ხარისხის დაცვა;

ლ) ბუნებრივი წყალსატევის დათევზიანება;

მ) კანონით დადგენილ შემთხვევებში აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარება;

ნ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას ჰიბრიდული ფორმისა და ინვაზიური სახეობის გამოყენების მონიტორინგი;

ო) აკვაკულტურის მიმდებარე ეკოსისტემასა და გარემოზე აკვაკულტურის შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება;

პ) გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

ჟ) აკვაკულტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა;

რ) მეცნიერულად დასაბუთებული მართვა და პრევენციული მიდგომის გამოყენება;

ს) მონაცემთა შეგროვება და სტატისტიკის წარმოება;

ტ) ნარჩენების მართვა;

უ) დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობა.

3. აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს წარმოების პროცესის ტექნოლოგიური, გარემოსდაცვითი, აკვაკულტურის ობიექტის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის და სურსათის უვნებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განხორციელება.

4. სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აკვაკულტურის გათვალისწინება.

თავი II. აკვაკულტურის სახელმწიფო მართვა და მდგრადი განვითარება

მუხლი 4. აკვაკულტურის სახელმწიფო მართვა

1. აკვაკულტურის სფეროში ურთიერთობების სამართლებრივ რეგულირებას, აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას გარემოსა და წყლის ბუნებრივი რესურსების დაცვას, სასურსათო, რეკრეაციული, სოციალური და სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, აგრეთვე აკვაკულტურის მდგრადი განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტრო.

2. აკვაკულტურის სფეროში სამინისტრო უზრუნველყოფს:

ა) აკვაკულტურის მდგრადი განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;

ბ) აკვაკულტურის სფეროში სამართლებრივი აქტების (მათ შორის, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების) პროექტების შემუშავებას და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენას, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას და შესაბამისი ნორმატიული აქტების აღსრულების სახელმწიფო კონტროლს;

გ) აკვაკულტურის კონსტრუქციის დაპროექტების, მშენებლობისა და ფუნქციონირების პროცესში კანონით დადგენილ შემთხვევებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ორგანიზებასა და ჩატარებას;

დ) სხვა უფლებამოსილ სახელმწიფო დაწესებულებებსა და უწყებებთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობისთვის საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის დასამტკიცებლად წარდგენას;

ე) აკვაკულტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას;

ვ) აკვაკულტურის სახელმწიფო მართვისა და მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად სამეცნიერო კვლევების ჩატარებისა და შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, აკვაკულტურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

3. ამ კანონით განსაზღვრული აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვას გასცემს, ერთი სარკმლის პრინციპით აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემისთვის საჭირო ლიცენზიის/ნებართვის ან თანხმობის მოპოვებაში აკვაკულტურის სუბიექტს ხელს უწყობს და კანონით დადგენილ ფარგლებში აკვაკულტურის სუბიექტის უფლებებს იცავს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო. გარემოს ეროვნული სააგენტო:

ა) არის ამ კანონით განსაზღვრული აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ორგანო;

ბ) კოორდინაციას უწევს აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პროცესს ნებართვის მაძიებლის მიერ განაცხადის წარდგენიდან გადაწყვეტილების მიღების ჩათვლით, აგრეთვე საზღვაო არეალის ზონირების, აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომობას;

გ) უზრუნველყოფს აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განაცხადის დაინტერესებულ ორგანოებთან შეთანხმებას, ხელს უწყობს ნებართვის მაძიებელს უფლებამოსილი ორგანოებისგან შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივ ქონებაზე საჭირო უფლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებაში;

დ) ამ კანონით განსაზღვრული აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს დასკვნის საფუძველზე აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მფლობელს აძლევს თანხმობას უცხო სახეობის შემოყვანაზე;

ე) მონაწილეობს აკვაკულტურის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში;

ვ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას გამოსაყენებელ საკვებთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, აკვაკულტურის ობიექტის ჯანმრთელობის მართვასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო.

მუხლი 5. აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო

1. აკვაკულტურის სფეროში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა დაინტერესებული დაწესებულებების მონაწილეობის, საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის გაცემისა და გაცემული საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხების წინასწარ განხილვის, აგრეთვე აკვაკულტურისთვის ზონის გამოსაყოფად უწყებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინაციის მიზნით იქმნება აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო.

2. აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობაში შედიან:

ა) სამინისტროს წარმომადგენლები;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები;

გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები;

ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები;

ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.

3. აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს უფლებამოსილებებია:

ა) აკვაკულტურის სფეროში სახელმწიფო ორგანოთა მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაცია;

ბ) აკვაკულტურის მდგრადი განვითარების საჭიროებების შეფასება და სახელმწიფო ორგანოებისთვის რეკომენდაციების შემუშავება;

გ) საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის შესახებ წინადადების შემუშავება და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გამართვის უზრუნველყოფა;

დ) საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვა და ამ ნებართვის გაცემის შესახებ რეკომენდაციის წარდგენა;

ე) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა;

ვ) საზღვაო წყლებში აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობისთვის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) ამ კანონიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობა, მუშაობის ორგანიზება და საქმიანობის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

მუხლი 6. აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭო

1. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოყვანის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესასრულებლად მინისტრის ბრძანებით სამინისტროს სისტემაში იქმნება აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭო.

2. აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭო უზრუნველყოფს:

ა) უცხო სახეობის შემოყვანის შესახებ მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნის შემუშავებას და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენას;

ბ) იმ პროცედურების განსაზღვრას, რომლებიც წინ უძღვის უცხო სახეობის გაშვებას;

გ) უცხო  სახეობის  შემოყვანის  რისკების  ანალიზს და გარემოსდაცვითი რისკების შეფასებას მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;

დ)  სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის აკვაკულტურის განვითარებასთან დაკავშირებული სამეცნიერო ასპექტებისა და მათი დანერგვის შესახებ კონსულტაციების გაწევას და რეკომენდაციების წარდგენას;

ე) მინისტრის მიერ აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოსთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

3.  აკვაკულტურის  მრჩეველთა  საბჭოს  შემადგენლობა  და  საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

თავი III. აკვაკულტურის ნებართვა

მუხლი 7. აკვაკულტურის ნებართვა

1. აკვაკულტურის საქმიანობა ხორციელდება აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე.

2. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართოს წერილობითი განაცხადით (დასაბუთებული მოთხოვნით), რათა სახელმწიფო ან ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ობიექტი, აგრეთვე მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისთვის გამოიყენოს, და მოითხოვოს აკვაკულტურის ნებართვის გაცემა.

3. აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა 20 წლამდე ვადით. ამ ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არაუმეტეს 20 წლით გაგრძელდეს.

4. აკვაკულტურის ნებართვა ამ ნებართვის მფლობელს ანიჭებს უფლებას, აკვაკულტურის საქმიანობა აღნიშნული ნებართვით განსაზღვრულ აკვაკულტურის საქმიანობის არეალში განახორციელოს.

მუხლი 8. აკვაკულტურის ნებართვის გაცემის ზოგადი წესი

1. აკვაკულტურის ნებართვას გასცემს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი  გარემოს  ეროვნული  სააგენტო  (შემდგომ −  სააგენტო)  ამ  კანონითა  და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა დაინტერესებული პირის − ნებართვის მაძიებლის წერილობითი განაცხადის (დასაბუთებული მოთხოვნის) საფუძველზე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენისა და სანებართვო პირობების შესრულების შემთხვევაში.

3. აკვაკულტურის ნებართვის მაძიებლის განაცხადი მისი სააგენტოსთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში ეგზავნება ყველა დაინტერესებულ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლებიც უფლებამოსილი არიან მიიღონ გადაწყვეტილება ნებართვის მაძიებლის მიერ ამ განაცხადში მითითებულ პირობებსა და შესაბამის ქონებაზე სხვა უფლებების (მათ შორის, იჯარის უფლების) მოპოვებასთან დაკავშირებით.

4. აკვაკულტურის ნებართვის მაძიებლის განაცხადში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მოსაზრებების წარდგენიდან 1 თვის ვადაში სააგენტო ამ განაცხადს წინასწარ შეისწავლის და დაინტერესებულ მხარეებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე განმცხადებელს წარუდგენს იმ პირობებსა და მოთხოვნებს, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც სააგენტო გასცემს აკვაკულტურის ნებართვას. ერთსა და იმავე წყლის ობიექტთან/მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ერთზე მეტი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში პირველი განაცხადის განხილვის დასრულებამდე სხვა განაცხადების განხილვა გადაიდება. პირველი განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სხვა განაცხადები რიგითობის მიხედვით განიხილება.

5. საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის გაცემამდე ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილ განაცხადსა და დაინტერესებულ პირთა მოსაზრებებს (მათი არსებობის შემთხვევაში) განიხილავს აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო.

6. აკვაკულტურის ნებართვის გაცემის ან აკვაკულტურის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საერთო ვადა 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. თუ, შესაბამისი გარემოებიდან გამომდინარე, აკვაკულტურის ნებართვის ამ ვადაში გაცემა შეუძლებელია, ვადა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გრძელდება.

7. ამ კანონით განსაზღვრული საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვა და ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

მუხლი 9. აკვაკულტურის ნებართვის სანებართვო პირობები

1. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) დაიცვას აკვაკულტურის ნებართვით განსაზღვრული პროდუქციის წარმადობის ზღვრული მოცულობები;

ბ) უზრუნველყოს აკვაკულტურის ობიექტის აკვაკულტურის კონსტრუქციიდან გარემოში გაღწევის თავიდან ასაცილებლად ღონისძიებების განხორციელება;

გ) განახორციელოს ღონისძიებები თევზის დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად;

დ) მოაშენოს აკვაკულტურის ობიექტის ის სახეობა, რომელიც განსაზღვრულია აკვაკულტურის ნებართვით, და დაიცვას მისი ჩასმის სიმჭიდროვის მიმართ მოთხოვნები;

ე) უზრუნველყოს წყლის ხარისხის სისტემატური მონიტორინგი და მოხმარებული წყლის ზედაპირული წყლის ობიექტში ჩადინებამდე გაწმენდა;

ვ) დაიცვას ჰიგიენური და სანიტარიული მოთხოვნები;

ზ) აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის ან აკვაკულტურის ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ უზრუნველყოს გაშვებული წყლის ორგანიზმისა და წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის/სხვა მოწყობილობის წყლის ობიექტიდან ამოღება და აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა;

თ) უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირთა აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილზე დაშვება;

ი) უზრუნველყოს თევზის დაავადების ან/და დაღუპვის, აკვაკულტურის ობიექტის გარემოში გაღწევის (გაქცევის) შემთხვევის შესახებ უფლებამოსილი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება; აანაზღაუროს აკვაკულტურის ობიექტის გაქცევით გარემოსთვის მიყენებული ზიანი;

კ) აწარმოოს და შეინახოს აკვაკულტურის საქმიანობის არეალში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებებისა და სამკურნალო საშუალებების, წყლის ცხოველური ორგანიზმების მიღებისა და გადატანის შესახებ ჩანაწერები;

ლ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოს წარუდგინოს აკვაკულტურის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში და მის მიერ მოთხოვნილი, ამ ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი მონაცემები და ჩანაწერები;

მ) აკვაკულტურის კონსტრუქცია უზრუნველყოს მტაცებლისგან დამცავი ბადით, აგრეთვე უზრუნველყოს საზღვაო წყლებში ან წყალსატევში არსებულ აკვაკულტურის საქმიანობის არეალში შუქურების განთავსება და მონიშვნების მოწყობა;

ნ) შეასრულოს აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები;

ო) შეასრულოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია 50 მ3-მდე მოცულობის აკვაკულტურის კონსტრუქციით აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად დაადგინოს აკვაკულტურის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესი და შესაბამისი ვალდებულებები ან ამ  აკვაკულტურის კონსტრუქციით აკვაკულტურის საქმიანობის განმახორციელებელი პირი გაათავისუფლოს ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისგან.

მუხლი 10. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელის სხვა ვალდებულებები

1. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონით, აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებებისა და სანებართვო პირობების შესრულება.

2. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელმა სამინისტროს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს აკვაკულტურის ობიექტში ნებისმიერი დაავადებული წყლის ორგანიზმის არსებობის შესახებ, აგრეთვე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია წყლის დაბინძურებისა და გარემოსა და წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების სხვაგვარი გაუარესების თაობაზე.

3. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდების შემდეგ სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მითითება ან რეკომენდაცია დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს.

4. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელმა უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, აკვაკულტურის ობიექტის განადგურებისა და დეზინფექციის ჩატარების ჩათვლით, რათა თავიდან აიცილოს დაავადების როგორც აკვაკულტურის კონსტრუქციაში, ისე აკვაკულტურის კონსტრუქციიდან გარემოში გავრცელება.

5. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია შეასრულოს ნარჩენების მართვის კოდექსით დადგენილი მოთხოვნები.

6. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ წერილობით მიმართვიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში მიაწოდოს მას აკვაკულტურის საქმიანობასთან დაკავშირებული, ამ ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი ინფორმაცია.

7. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ნებართვის გამცემს ყოველწლიურად, 30 იანვრამდე წარუდგინოს წერილობითი ანგარიში სანებართვო პირობების შესრულების, წლის განმავლობაში მოშენებული აკვაკულტურის ობიექტების (სახეობების მიხედვით) ოდენობების, აკვაკულტურის ობიექტების გამოზრდის ციკლის, სარეალიზაციო ზომების, მათთვის გამოყენებული საკვებისა და საკვები დანამატების ოდენობების (სახეობების მიხედვით) შესახებ.

თავი IV. მარიკულტურა

მუხლი 11. მარიკულტურა

საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის (მარიკულტურისთვის) ზონა გამოიყოფა, აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა და აკვაკულტურის საქმიანობა ხორციელდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, ამ თავით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

მუხლი 12. აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა

1. საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა (აკვაკულტურის საქმიანობა ხორციელდება) აკვაკულტურისთვის გამოყოფილ ზონაში.

2. აკვაკულტურისთვის გამოყოფილ ზონას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა სივრცითი  დაგეგმვის (საქართველოს ტერიტორიული წყლების (ტერიტორიული ზღვის) და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცის დაგეგმარების) ფარგლებში, სამეცნიერო, სოციალური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

3. აკვაკულტურისთვის ზონა გამოიყოფა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და დაინტერესებულ მხარეებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შესაბამისი დასკვნისა და აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს წინადადების გათვალისწინებით. 

4. აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე. ამ ინფორმაციას თან ახლავს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტი.

მუხლი 13. აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა

1. აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის სამართავად საქართველოს მთავრობა ამტკიცებს აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმას. აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის მიზნებია:

ა) ჯანსაღი გარემოსა და ეკოლოგიური სერვისების შენარჩუნება;

ბ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის დაცვის უზრუნველყოფა;

გ) დაინტერესებული ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოციალური ან/და ეკონომიკური სარგებლის მიღების უზრუნველყოფა;

დ) სხვადასხვა საქმიანობას შორის კონფლიქტების თავიდან აცილება;

ე) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის ბუნებრივი ან/და კულტურული თავისებურებების დაცვა.

2. აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა უნდა შეიცავდეს:

ა) ამ გეგმის მიზნებისა და ფარგლების შესახებ ინფორმაციას;

ბ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის საზღვრების გეოგრაფიულ აღწერილობას;

გ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილ ზონასა და მის მიმდებარე ზონაში არსებული რესურსების აღწერილობას;

დ) აკვაკულტურის საქმიანობის აღწერილობას: მოწყობილობები, გამოყენებული სახეობები, წლიური წარმადობა, მცურავი საშუალებები, კვება და სხვა;

ე) აკვაკულტურისთვის გამოყოფილ ზონაში განთავსებული შუქურებისა და მოწყობილი მონიშვნების მართვისა და ფუნქციონირების აღწერილობას;

ვ) სამეცნიერო და ტექნიკური მონიტორინგისა და მასში მონაწილე უწყებების შესახებ ინფორმაციას;

ზ) აკვაკულტურის ობიექტთა − ცხოველთა ჯანმრთელობის ზედამხედველობის პროგრამას და მისი მართვის შესახებ ინფორმაციას;

თ) დაავადებისა და სხვა აუცილებელ (მაგალითად, დაღვრის, ნარჩენების) შემთხვევებში საგანგებო სიტუაციის გეგმის შემუშავების შესახებ ინფორმაციას;

ი) სხვა ინფორმაციას, რომელიც შეეხება აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის სათანადოდ გამოყენებასა და მართვას, აგრეთვე აკვაკულტურის საქმიანობის მდგრადობას.

3. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია შეასრულოს აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის მოთხოვნები, რომლებიც სანებართვო პირობების ნაწილია.

მუხლი 14. გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა

1. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად და აკვაკულტურის დასაცავად, აგრეთვე საზღვაო ეკოსისტემაზე თევზის მეურნეობის  შესაძლო შეუქცევი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად მინისტრის ბრძანებით მტკიცდება გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა.

2. გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა ითვალისწინებს მონაცემების ჩაწერის სისტემისა და მათი ანალიზის პროცედურებს, აგრეთვე აკვაკულტურის ნებართვის გამცემისა და აკვაკულტურის სუბიექტის ვალდებულებებს.

3. გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა აღწერს ნიმუშების აღების პროცესს და გარემოს ხარისხის განსაზღვრისთვის საჭირო საქმიანობას, აგრეთვე ითვალისწინებს სხვა აუცილებელ ღონისძიებებს.

მუხლი 15. საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენა

1. საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად აკვაკულტურის ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი ზოგადი მოთხოვნების შესრულების გარდა, სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

ა) ტექნიკური ინფორმაცია:

ა.ა) აკვაკულტურის კონსტრუქციის სქემატური საპროექტო ნახაზი; სახეობების მოშენების სისტემა და მახასიათებლები, მოსაშენებელი სახეობები (თევზის ან/და სხვა ჰიდრობიონტის ქართული და ლათინური სახელწოდებები, გენეტიკური ფორმების (ჰიბრიდი, ტრიპლოიდი) შესახებ ინფორმაცია, მასალის ჩასმის სიმჭიდროვე);

ა.ბ) ჩასასმელი მასალის (ლარვის, ლიფსიტის, ახალმოზარდეულის) მიღების გზები;

ა.გ) საკვებისა და საკვები დანამატების შესახებ დეტალური ინფორმაცია (საკვებისა და საკვები დანამატების მწარმოებელი, მარკა და შემადგენლობა);

ა.დ) სასუქების, სტიმულატორების, სამკურნალო-პროფილაქტიკური პრეპარატების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, სხვა ქიმიური საშუალებებისა და სხვა მიკრობული ტექნოლოგიების შესახებ დეტალური ინფორმაცია;

ა.ე) პროდუქციის წლიური ოდენობის შესახებ ინფორმაცია;

ა.ვ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების მეთოდების, ტექნოლოგიებისა და ტექნოლოგიური ციკლის დეტალური აღწერილობა; გამოსაყენებელი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების აღწერილობა;

ა.ზ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების დეტალური გეგმა;

ა.თ) ველურ სახეობაზე თევზის დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია;

ა.ი) აკვაკულტურის ობიექტის აკვაკულტურის კონსტრუქციიდან გარემოში გაღწევის თავიდან ასაცილებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია;

ა.კ) მცურავი საშუალებისა და მისი ექსპლუატაციის შესახებ ინფორმაცია;

ბ) გარემოს შესახებ ინფორმაცია: ბათიმეტრია, ტემპერატურა, მარილიანობა, დინების სიჩქარე, ბენთოსური თემები, სენსიტიური საცხოვრებელი ადგილები;

გ) გეოგრაფიული ინფორმაცია: აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილი, მისი რუკა, შემოთავაზებული თევზის მეურნეობის ადგილმდებარეობა  (აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა), აგრეთვე აკვაკულტურის კონსტრუქციის გამოყენებისას მისათითებელი სიღრმე;

დ) პროექტის ეკონომიკური გაანგარიშება და მონაცემები: კაპიტალის ინვესტირების შესახებ ინფორმაცია, პროდუქციის მიახლოებითი ღირებულება, წარმოების წლიური მოცულობა, წლიური საოპერაციო ხარჯები, ინვესტირებიდან მისაღები ამონაგების ანალიზი;

ე) სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაცია: აკვაკულტურის საქმიანობის არეალის მიმდებარე არეალში განსახორციელებელი აკვაკულტურის საქმიანობიდან მისაღები სარგებელი (ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ და სხვა შესაბამისი ინფორმაცია);

ვ) საზღვაო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია: საღუზე წერტილების, აკრძალული რაიონებისა და გემების უსაფრთხო ნაოსნობისთვის ხელის არშეშლის თაობაზე ინფორმაცია, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შესაბამისი დასკვნა.

2. სააგენტო უფლებამოსილია ნებართვის მაძიებელს მოსთხოვოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული, აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები.

3. საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის (მარიკულტურისთვის) წყლის სივრცე გამოიყოფა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.

მუხლი 16. საზღვაო წყლებში აკვაკულტურის საქმიანობის არეალის მიმართ მოთხოვნები და მათი შესრულება

1. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია საზღვაო წყლებში:

ა) განათავსოს შუქურები, ტივტივები ან/და მოაწყოს მონიშვნები აკვაკულტურის ნებართვით განსაზღვრული აკვაკულტურის საქმიანობის არეალის მოსანიშნად/გასამიჯნად;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შუქურებზე, ტივტივებზე ან მონიშვნებზე დაამონტაჟოს და შეინარჩუნოს განათება ან/და სიგნალი/სიგნალები;

გ) დაამონტაჟოს და შეინარჩუნოს გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ზედამხედველობის განსახორციელებლად საჭირო სხვა მოწყობილობები.

2. დაუშვებელია აკვაკულტურის საქმიანობის არეალის მოსანიშნად/გასამიჯნად გამოყენებული შუქურას, ტივტივას ან მონიშვნის ან შუქურასთვის, ტივტივასთვის ან მონიშვნისთვის გამოყენებული განათების ან სიგნალის გადაადგილება, განადგურება, დაზიანება, შეცვლა.

თავი V. ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქცია

მუხლი 17. აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენა ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის გამოყენების შემთხვევაში

1. ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის გამოყენების შემთხვევაში აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად აკვაკულტურის ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა წარადგინოს:

ა) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილის შესახებ ინფორმაცია (მუნიციპალიტეტის, დასახლების ან ახლომდებარე დასახლებული პუნქტის, მდინარის აუზის დასახელებები);

ბ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილის რუკა, ფართობი და გეოგრაფიული კოორდინატები;

გ) ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის სქემატური საპროექტო ნახაზი;

დ) აკვაკულტურის ობიექტის (თევზის ან/და სხვა ჰიდრობიონტის) ქართული და ლათინური სახელწოდებები, გენეტიკური ფორმების შესახებ ინფორმაცია, მასალის ჩასმის სიმჭიდროვე;

ე) ჩასასმელი მასალის (ლარვის, ლიფსიტის, ახალმოზარდეულის) მიღების გზები;

ვ) საკვებისა და საკვები დანამატების შესახებ დეტალური ინფორმაცია (საკვებისა და საკვები დანამატების მწარმოებელი, მარკა და შემადგენლობა);

ზ) სასუქების, სტიმულატორების, სამკურნალო-პროფილაქტიკური პრეპარატების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, სხვა ქიმიური საშუალებებისა და ტექნოლოგიების შესახებ დეტალური ინფორმაცია;

თ) პროდუქციის წლიური ოდენობის შესახებ ინფორმაცია;

ი) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების მეთოდების, ტექნოლოგიებისა და ტექნოლოგიური ციკლის დეტალური აღწერილობა;

კ) გამოსაყენებელი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია;

ლ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების დეტალური გეგმა;

მ) ველურ სახეობაზე დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია;

ნ) აკვაკულტურის ობიექტის აკვაკულტურის კონსტრუქციიდან გარემოში გაღწევის თავიდან ასაცილებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია;

ო) მიწის ნაკვეთის საკუთრების ან/და მიწის ნაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

პ) წყლის ხარისხის ანალიზის (აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად) შესახებ ინფორმაცია და წყალსარგებლობის გეგმა.

2. აკვაკულტურის ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი აკვაკულტურის ნებართვის გამცემს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით წარუდგინოს.

3. აკვაკულტურის ნებართვის გამცემი უფლებამოსილია აკვაკულტურის ნებართვის მაძიებელს − დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.

თავი VI. აკვაკულტურის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული

სხვა საკითხები

მუხლი 18. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად იჯარის მოთხოვნა

1. კანონმდებლობის საფუძველზე აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო/სავალდებულო იჯარის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აკვაკულტურის სუბიექტსა და შესაბამისი ქონების განკარგვის უფლებამოსილების მქონე პირს/ორგანოს შორის.

2. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის ხელშეკრულება განსაზღვრავს იჯარის პირობებს, მათ შორის, ადგენს იჯარის ვადას და მისი გაგრძელების შესაძლებლობას, საიჯარო ფართობის ადგილმდებარეობასა და გეოგრაფიულ კოორდინატებს, საიჯარო ქირის ოდენობას.

3. აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის უფლების ვადას. იჯარის უფლება შეიძლება გაგრძელდეს, თუ აკვაკულტურის სუბიექტი არ არღვევს იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრულ იჯარის პირობებს.

4. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად იჯარით გაცემულ სახელმწიფო ან ადგილობრივ ქონებაზე იჯარის უფლების შესახებ ინფორმაცია საჯაროა.

მუხლი 19. აკვაკულტურის ნებართვისა და აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის უფლების ურთიერთდამოკიდებულება

1. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის უფლება არ იძლევა იჯარით აღებული არეალის აკვაკულტურის ნებართვის გარეშე გამოყენების უფლებას.

2. თუ აკვაკულტურის ნებართვა გაუქმდა ან აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადა არ გაგრძელდა, სახელმწიფო ან ადგილობრივ ქონებაზე იჯარის უფლება წყდება.

3. თუ აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის უფლება შეწყდა ან ამოიწურა, ამ მუხლის საფუძველზე აკვაკულტურის ნებართვა უქმდება.

4. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის უფლების შეწყვეტის უზრუნველსაყოფად აკვაკულტურის ნებართვის გაუქმების შესახებ ეცნობება შესაბამისი ქონების განკარგვის უფლებამოსილების მქონე პირს/ორგანოს.

მუხლი 20. აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას მიწის ნაკვეთით სარგებლობა

1. ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის გამოყენების შემთხვევაში აკვაკულტურის სუბიექტს იმ ტერიტორიისთვის, რომელზედაც მას სურს აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელება, ესაჭიროება მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (იჯარის ხელშეკრულება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).

2. აკვაკულტურის საქმიანობის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთზე უფლება დადასტურებულად მიიჩნევა, თუ არსებობს ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის წინასწარი თანხმობა, რომ აკვაკულტურის ნებართვის გაცემის შემთხვევაში იგი შესაბამის პირთან დადებს მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებას. აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა ამ ხელშეკრულების (თანხმობის) მოქმედების ვადით. აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებამდე აუცილებელია აღნიშნული ხელშეკრულების (თანხმობის) მოქმედების ვადის გაგრძელება.

3. აკვაკულტურის სუბიექტს უფლება აქვს, აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად მოითხოვოს სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  იჯარის უფლება. აკვაკულტურის სუბიექტის მიერ შესაბამისი წყალსატევის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მიწის ნაკვეთით სარგებლობა რეგულირდება ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრესა და აკვაკულტურის სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულებით.

მუხლი 21. გარემოზე ზემოქმედების შეფასება

იმ დაგეგმილი აკვაკულტურის  საქმიანობის გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის პროცედურები, რომელმაც შეიძლება გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს, განისაზღვრება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით.

მუხლი 22. აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა

1. აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ სააგენტოს მიერ მისი გადაცემის დამტკიცების შემთხვევაში. აკვაკულტურის ნებართვის გადაცემის შემთხვევაში აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია აკვაკულტურის ნებართვის გამცემს შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინოს. აკვაკულტურის ნებართვის მიმღებმა უნდა დაადასტუროს სანებართვო პირობების შესრულების შესაძლებლობა, რის საფუძველზედაც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს 3 დღის ვადაში სანებართვო რეესტრში შეაქვს სათანადო ცვლილება და გასცემს სანებართვო მოწმობას.

2. თუ აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემამდე აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი იმავდროულად იყო გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული ის პირი, რომელსაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გადაეცა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი და აკვაკულტურის ნებართვის მიმღები გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართავენ განცხადებით შესაბამის გადაწყვეტილებათა რეესტრში სათანადო ცვლილების შესატანად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დედნის მისაღებად და ამ გადაწყვეტილების შესაბამისად გარემოსდაცვითი პირობების დასადგენად. ასეთ შემთხვევაში გარემოსდაცვითი პირობების დარღვევისას თითოეული სუბიექტის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, მისთვის დადგენილი გარემოსდაცვითი პირობების შესაბამისად. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო წარდგენილ განაცხადს და თანდართულ დოკუმენტებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იხილავს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

3. პირი, რომელსაც აკვაკულტურის ნებართვა გადაეცა, პასუხისმგებელია სანებართვო პირობებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვალდებულების შესრულებისთვის.

4. აკვაკულტურის ნებართვის მიმღები უფლებამოსილია აკვაკულტურის საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ სანებართვო პირობებისა და დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულების აღებისა და აკვაკულტურის ნებართვის მისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციის აკვაკულტურის ნებართვის გამცემისთვის წარდგენის შემდეგ, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – აგრეთვე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

5. იჯარის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემამდე სააგენტოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ქონების მესაკუთრის თანხმობა.

მუხლი 23. აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება

1. აკვაკულტურის სუბიექტს უფლება აქვს, აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუადრეს 6 თვისა და არაუგვიანეს 3 თვისა მოითხოვოს აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის არაუმეტეს 20 წლით გაგრძელება.

2. აკვაკულტურის სუბიექტის განაცხადის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების არსებობისას აკვაკულტურის ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ.

3. პირს − აკვაკულტურის სუბიექტს შეიძლება აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარი ეთქვას, თუ:

ა) მან განაცხადის წარდგენამდე 3 წლის განმავლობაში დაარღვია სანებართვო პირობები ან/და დარღვევა დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრა;

ბ) მას შეუწყდა აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის უფლება ან იგი არ ასრულებს იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;

გ) აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება არ შეესაბამება სივრცის დაგეგმარების გეგმას;

დ) აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება არ შეესაბამება გარემოს დაცვის ინტერესებს ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

მუხლი 24. აკვაკულტურის ნებართვის გაუქმება

1. აკვაკულტურის ნებართვა უქმდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი  წესით.  თუ  აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი სანებართვო პირობებით დადგენილ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 წლისა, არ დაიწყებს აკვაკულტურის საქმიანობას, აკვაკულტურის ნებართვა უქმდება.

2. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლიდან ან აკვაკულტურის ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 6 თვისა უზრუნველყოს გაშვებული წყლის ორგანიზმისა და წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის/სხვა მოწყობილობის წყლის ობიექტიდან ამოღება და აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში აკვაკულტურის ნებართვის გამცემი უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის/სხვა მოწყობილობის დემონტაჟის განხორციელება და მისი განხორციელების ხარჯების ანაზღაურება აკვაკულტურის ნებართვის მფლობელს დააკისროს.

4. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად აანაზღაუროს გარემოსთვის მიყენებული ზიანი.

თავი VII. აკვაკულტურის სუბიექტის უფლებების დაცვა

მუხლი 25. აკვაკულტურის ობიექტზე საკუთრების უფლება

1. აკვაკულტურის კონსტრუქციაში სპეციალურად ჩასმული, სხვადასხვა ფორმისა და ტიპის ბაგირის ან ხელოვნურ მყარ ფსკერულ კონტრუქციაზე (მათ შორის, ხელოვნურ რიფზე) მიმაგრებული ჰიდრობიონტები არის აკვაკულტურის სუბიექტის საკუთრება, რომელიც დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.

2. აკრძალულია საზღვაო წყლებსა და საქართველოს შიდა წყლებში − წყალსატევებში ნებისმიერი სახის თევზჭერა (მათ შორის, რეკრეაციული და სპორტული თევზჭერა), აგრეთვე სხვა ჰიდრობიონტების შეგროვება და მცურავი საშუალებით აკვაკულტურის კონსტრუქციიდან 50 მეტრის რადიუსში გადაადგილება. აღნიშნულ არეალში ნებისმიერი პირის ყოფნა ან გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ აკვაკულტურის ნებართვის მფლობელის თანხმობით. ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება აკვაკულტურის  ნებართვის მფლობელზე, ამ კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოებსა და მცურავ საშუალებაზე.

3. აკვაკულტურის ნებართვით განსაზღვრულ აკვაკულტურის საქმიანობის არეალში ნებისმიერ პირს ეკრძალება:

ა) დააბრკოლოს აკვაკულტურის სუბიექტი ან ხელი შეუშალოს მას, მოიპოვოს, გადაიყვანოს ან გადააადგილოს თევზი ან წყლის სხვა ორგანიზმი ან აღჭურვილობა/მოწყობილობა, რომელსაც აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ამ არეალში თევზის ან წყლის სხვა ორგანიზმის გასამრავლებლად ან გასაზრდელად იყენებს;

ბ) განახორციელოს ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს ან რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ამ არეალს ან დააბრკოლოს აკვაკულტურის სუბიექტი ან ხელი შეუშალოს მას აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებაში.

4. სახელმწიფო ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ ისეთი ღონისძიების განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებას ან სხვაგვარად ხელყოფს აკვაკულტურის სუბიექტის უფლებებს.

5. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია მოიპოვოს და აკვაკულტურის ნებართვის გამცემს წარუდგინოს აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი, კანონით გათვალისწინებული სხვა ლიცენზია/ნებართვა ან თანხმობა.

6. სახელმწიფო უზრუნველყოფს აკვაკულტურის სუბიექტის უფლებების დაცვას.

თავი VIII. ექსტენსიური აკვაკულტურა

მუხლი 26. ექსტენსიური აკვაკულტურის მიზანი

1. საქართველოს შიდა წყლებში − წყალსატევებში (მათ შორის, მდინარეთა მონაკვეთებზე) ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობა ხორციელდება ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე.

2. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე (თევზის მეურნეობის კოოპერატივზე). გამონაკლის შემთხვევაში, სოციალური, ეკონომიკური ან სხვა საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის თანხმობით ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა შეიძლება გაიცეს სხვა იურიდიულ პირზე.

3. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვით განსაზღვრულ წყალსატევში ან წყალსატევის უბანზე თევზჭერა (მათ შორის, სამოყვარულო, რეკრეაციული და სპორტული თევზჭერა), წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მფლობელის თანხმობით.

4. ტბაზე, წყალსაცავზე, ტბის ტიპის სხვა წყალსატევზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთი ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა, ხოლო მდინარეზე − რამდენიმე ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა მდინარის სხვადასხვა მონაკვეთზე.

5. წყალსატევზე ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის არსებობისას ამ წყალსატევზე სხვა აკვაკულტურის ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ აკვაკულტურის კონსტრუქციის განთავსების შემთხვევაში.

6. მდინარის მონაკვეთზე ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესი.

7. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულების გარდა, უნდა წარადგინოს:

ა) თევზის მეურნეობის კოოპერატივის წევრების შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, მისამართი, საქმიანობა);

ბ) ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილის შესახებ ინფორმაცია (წყალსატევისა და მუნიციპალიტეტის დასახელებები და გეოგრაფიული კოორდინატები);

გ) თევზის მეურნეობის კოოპერატივის წევრთა საკუთრებაში არსებული თევზსაჭერი ბადე-იარაღების, მცურავი საშუალების, ნავმისადგომისა და დამხმარე ნაგებობის შესახებ ინფორმაცია;

დ) თევზის მეურნეობის კოოპერატივის მიერ შემოთავაზებული სანებართვო პირობები;

ე) საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.

8. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობა დადგენილი წესით შეთანხმებული აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის საფუძველზე განახორციელოს;

ბ) დაიცვას თევზჭერის ვადები და წესები;

გ) დაიცვას თევზჭერის კვოტები;

დ) უზრუნველყოს წყლის ობიექტში არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვა, მათი მრავალფეროვნებისა და სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების შენარჩუნება, მათი აღწარმოების პროგრამების განხორციელება;

ე) უზრუნველყოს დადგენილი ფორმით სარეწაო ჟურნალის, აგრეთვე თევზის მეურნეობის კოოპერატივში თევზის რესურსით სარგებლობის, მისი აღწარმოებისა და დაცვის შიდასააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება;

ვ) შესაბამის სამსახურებს დაუყოვნებლივ აცნობოს თევზის ან/და სხვა ჰიდრობიონტის დაავადების, მისი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობის ან/და დაღუპვის შესახებ;

ზ) განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებები;

თ) განახორციელოს წყალსატევის დათევზიანება;

ი) იზრუნოს წყალსატევში არსებული წყლის ხარისხის შენარჩუნებაზე, არ დაუშვას თევზის სამელიორაციო სისტემაში ან/და სხვა სისტემაში მოხვედრა;

კ) ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის წლისთვის უზრუნველყოს წყალსატევში თევზის ან/და სხვა ჰიდრობიონტის გადაცემული მარაგის არსებობა;

ლ) დაიცვას წყალსატევი, გამოავლინოს სამართალდარღვევის ფაქტი და ამის შესახებ აცნობოს უფლებამოსილ ორგანოებს;

მ) შეასრულოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

9. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს  მთავრობის დადგენილებით.

თავი IX. შეზღუდვები აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას

მუხლი 27. ტერიტორიული შეზღუდვები აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას

1. სასაზღვრო ზოლში აკვაკულტურის საქმიანობა ხორციელდება „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. დაცული ტერიტორიის კატეგორიის მქონე წყლის ობიექტის ან დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებული წყლის ობიექტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი დგინდება დაცული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 28. აკვაკულტურის საქმიანობის ფარგლები

1. აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებამ არ უნდა გამოიწვიოს წყალსატევის მეთევზეობის პოტენციალის, წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების, თევზის საკვები ბაზის (ფიტოპლანქტონი, ზოოპლანქტონი, ზოობენთოსი, ფიტობენთოსი, პერიფიტონი და სხვა), გარემოს მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების, იქთიოპარაზიტოლოგიური და იქთიოპათოლოგიური ფონის გაუარესება, თევზის ახალი სახეობის ინტროდუქცია ან ბიოინვაზია.

2. აკრძალულია ამა თუ იმ ადგილას თევზის იმ სახეობის ინტროდუქცია, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს აღნიშნული ადგილისთვის დამახასიათებელი და იქ მობინადრე თევზის სახეობებისთვის.

3. აკრძალულია აკვაკულტურის ობიექტის ჰიბრიდული ფორმისა და უცხო სახეობის ბუნებრივ (ველურ) გარემოში მოხვედრა.

4. აკრძალულია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში კულტივირება და ინტროდუქცია.

მუხლი 29. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოყვანა და გადაზიდვა

1. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახეობის შემოყვანა და გადაზიდვა (გარდა ტრანზიტისა) ხდება სააგენტოს თანხმობით, აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს დასკვნის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცხო სახეობის შემოყვანა და გავრცელება არ შეცვლის ან არ დააზიანებს წყლის სხვა ცოცხალ რესურსებს, მათ ჰაბიტატებს და შესაბამის ეკოსისტემას.

მუხლი 30. აკვაკულტურის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოყვანის წესი

1. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოსაყვანად წარსადგენი განაცხადის ფორმა, ამ განაცხადისთვის დასართავი დოკუმენტების ნუსხა, უცხო სახეობის შემოყვანის წესი და პირობები, აგრეთვე მის შემოყვანაზე თანხმობის გაცემის ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

2. უცხო სახეობის შემოყვანისა და გადაადგილების კონტროლის მიზნით მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება იმ სახეობების ნუსხა, რომლებიც საქართველოს წყლებში ბინადრობენ. ყველა სხვა სახეობა, რომლებიც ამ ნუსხით გათვალისწინებული არ იქნება, უცხო სახეობად იქნება მიჩნეული.

მუხლი 31. აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობა

1. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად ამა თუ იმ ადგილის, წყლის, ტექნიკის, მეთოდის ან მოწყობილობის გამოსაკვლევად ან საცდელი მიზნით სახეობის კულტივირებისთვის ან მოშენებისთვის სააგენტო გასცემს თანხმობას აკვაკულტურის კვლევაზე.

2. აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობა გაიცემა 3 წლამდე ვადით. ეს თანხმობა არ განახლდება. აკვაკულტურის კვლევით მიღებული შედეგები, დასკვნები და ინფორმაცია გაზიარებული უნდა იქნეს სამინისტროსთვის.

3. აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობის გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 32. აკვაკულტურის მიზნებისთვის აკვაკულტურის ობიექტის (წყლის ცხოველური ორგანიზმის) გადაზიდვა

აკვაკულტურის მიზნებისთვის აკვაკულტურის ობიექტის (წყლის ცხოველური ორგანიზმის) საქართველოს ტერიტორიაზე გადაზიდვა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 33. აკვაკულტურის პროდუქტის ბაზარზე განთავსებისა და იმპორტის პირობები, სერტიფიცირების მოთხოვნები, აკვაკულტურის ობიექტის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. აკვაკულტურის პროდუქტის ბაზარზე განთავსებისა და იმპორტის პირობები, სერტიფიცირების მოთხოვნები, აკვაკულტურის ობიექტის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტთან დაკავშირებული მოთხოვნები, აგრეთვე წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების თავიდან აცილებისა და კონტროლის წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

2. საქართველოს ტერიტორიაზე გადაზიდვისას და რეალიზაციისას საქართველოში წარმოებულ აკვაკულტურის ობიექტს უნდა ახლდეს მისი აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ფორმა და გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. ამ დოკუმენტის გაცემის უფლება აქვს აკვაკულტურის სუბიექტს.

თავი X. ინფორმაციის საჯაროობა

მუხლი 34. აკვაკულტურასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შემთხვევები, როდესაც, კანონის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასება ან სკრინინგი უნდა ჩატარდეს, განისაზღვრება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით.

2. აკვაკულტურის ნებართვასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ნებისმიერ პირს აქვს უფლება, კომენტარის სახით დააფიქსიროს თავისი მოსაზრება/შენიშვნა სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შესახებ ან საჯარო განხილვის დროს საჯარო კონსულტაციების მისაღებად.

3. სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) აკვაკულტურის ნებართვის გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას;

ბ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო განხილვის დროს კონსულტაციების გაწევისას საზოგადოების მიერ გამოთქმული მოსაზრებების/შენიშვნების და საჯარო განხილვის შედეგების გათვალისწინებას, აგრეთვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას;

გ) ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული ეკოლოგიური მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებას.

მუხლი 35. აკვაკულტურის შესახებ სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება და საერთაშორისო თანამშრომლობა

1. სამინისტრო აქვეყნებს აკვაკულტურისა და აკვაკულტურის საქმიანობის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს, მათ შორის, აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების, აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას გამოყენებული საკვების, ვეტერინარული პრეპარატის, შიდა ვაჭრობის, იმპორტისა და ექსპორტის თაობაზე მონაცემებს.

2. საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად აკვაკულტურის შესახებ სტატისტიკური მონაცემები დადგენილი წესით წარედგინება შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას.

თავი XI. აკვაკულტურის საქმიანობის გარემოსდაცვითი მონიტორინგი, სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა

მუხლი 36. ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოსთვის ინფორმაციისა და დოკუმენტების მიწოდებისა და ხელის შეწყობის ვალდებულება

1. ნებისმიერი პირი, რომელიც აკვაკულტურის საქმიანობას ახორციელებს, ვალდებულია ამ კანონით განსაზღვრული ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში მას მიაწოდოს ინფორმაცია, დოკუმენტები, ნიმუშები და მასალები და გაუწიოს ამ ორგანოს მიერ თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი სხვა სახის დახმარება.

2. ნებისმიერი პირი, რომელიც აკვაკულტურის საქმიანობას ახორციელებს, ვალდებულია ზედამხედველობის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს მისცეს ამ საქმიანობის განხორციელების ადგილზე შესვლისა და მოწყობილობისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის უფლება ამ ორგანოს მიერ თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.

მუხლი 37. აკვაკულტურის საქმიანობის გარემოსდაცვითი მონიტორინგის, სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოები

აკვაკულტურის საქმიანობის გარემოსდაცვით მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო.

მუხლი 38. შესვლა და ინსპექტირება

1. ამ კანონის მიზნებისთვის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს:

ა) დაუბრკოლებლად შევიდეს ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე და შენობაში, რათა შეამოწმოს, როგორ ასრულებს პირი − აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ამ კანონს ან სანებართვო პირობებს;

ბ) მოსთხოვოს პირს, წარადგინოს ნებისმიერი ჩანაწერი ან დოკუმენტი, რომელიც მას უნდა ჰქონდეს ამ კანონის შესაბამისად, აგრეთვე შეამოწმოს ეს ჩანაწერი ან დოკუმენტი, გააკეთოს ამ ჩანაწერიდან ან დოკუმენტიდან ამონაწერი ან გადაიღოს აღნიშნული ჩანაწერის ან დოკუმენტის ასლი;

გ) დაუბრკოლებლად შეამოწმოს ნებისმიერი მოწყობილობა ან აღჭურვილობა, რომელსაც პირი აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას იყენებს;

დ) მოსთხოვოს პირს, უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული ნებისმიერი საგნის ინსპექტირების მიზნით უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა ან დაცვა, თუ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ ეს საგანი ამ კანონით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენის მტკიცებულებაა;

ე) გადაიღოს ფოტო, ჩაატაროს გაზომვა, გააკეთოს ესკიზი ან ნახაზი, აგრეთვე ჩანაწერი ნებისმიერი საშუალებით;

ვ) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

2. უფლებამოსილმა პირმა ამ კანონით განსაზღვრული მოვალეობის შესრულებისას უნდა წარადგინოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. დაუშვებელია იმ უფლებამოსილი პირის შეფერხება, დაბრკოლება, შეცდომაში შეყვანა, რომელიც ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, აგრეთვე მის საქმიანობაში უკანონო ჩარევა, მისთვის ხელის შეშლა.

4. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია შეასრულოს უფლებამოსილი პირის კანონიერი ინსტრუქცია, მითითება, მოთხოვნა.

5. ამ მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი არიან გამოითხოვონ საგადასახადო/საბაჟო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.

მუხლი 39. ეკოლოგიური მონიტორინგი

1. აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას საზღვაო წყლებსა და საქართველოს შიდა წყლებში − წყალსატევებში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის გამოყენების შემთხვევაში, აგრეთვე ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას აკვაკულტურის  სუბიექტის მიერ მისთვის განსაზღვრულ აკვატორიაში აკვაკულტურის საქმიანობის დაწყების შემდეგ ყოველ წელს, არანაკლებ 2 სეზონის განმავლობაში სააგენტო აკვაკულტურის სუბიექტის მიმართ ეკოლოგიურ მონიტორინგს ახორციელებს.

2. ეკოლოგიური მონიტორინგის საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს აკვაკულტურის სუბიექტის სავალდებულო ადგილმონაცვლეობა, თუ საფრთხე ექმნება ადგილობრივ ეკოსისტემას, აგრეთვე თევზის ან/და სხვა ჰიდრობიონტის ჩასმის სიმჭიდროვის შემცირება, კონსტრუქციული და ტექნოლოგიური ცვლილებები.

3. ეკოლოგიური მონიტორინგის მიზანია აგრეთვე აკვაკულტურის სუბიექტის გარემოსდაცვითი გავლენის შეფასება, რისკების შეფასება და შესაბამისი დასკვნისა და რეკომენდაციების შემუშავება. თუ ეკოლოგიური მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც შეიძლება აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონისთვის, აკვაკულტურის პროდუქტისა და მისი უვნებლობისთვის საზიანო იყოს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება აკვაკულტურის ნებართვის მფლობელს, აგრეთვე მიიღება ის ზომები და განხორციელდება ის ღონისძიებები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.

4. ეკოლოგიური მონიტორინგის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

თავი XII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 40. გარდამავალი დებულებები

1. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს:

ა) აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტი;

ბ) აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები;

გ) საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა/ზონები;

დ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა;

ე) აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობა, მუშაობის ორგანიზება და საქმიანობის წესი.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2021 წლის 1 მარტამდე გამოსცეს ბრძანებები:

ა) აკვაკულტურის  მრჩეველთა  საბჭოს  შემადგენლობისა  და  საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;

ბ) უცხო სახეობის შემოყვანის წესისა და პირობების შესახებ;

გ) აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ;

დ) საქართველოში წარმოებული აკვაკულტურის ობიექტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ.

3. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული თევზჭერის ლიცენზიები, რომლებიც ითვალისწინებს საქართველოს შიდა წყლების − წყალსატევების დათევზიანებას, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მოქმედების ვადის გასვლამდე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმებამდე. ამ ლიცენზიების მოქმედების ვადის გასვლის ან მათი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმების შემთხვევაში ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად ამ კანონით დადგენილი წესით გაიცემა ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა.

4. იმ პირებს, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ ამავე კანონით მოწესრიგებულ აკვაკულტურის საქმიანობას, უფლება აქვთ, გააგრძელონ ეს საქმიანობა. აღნიშნული პირები ვალდებული არიან ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში უზრუნველყონ აკვაკულტურის ნებართვის მიღება.

5. საქართველოს ტერიტორიული წყლების (ტერიტორიული ზღვის) და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცითი დაგეგმვის განსაზღვრამდე საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა ამ კანონის შესაბამისად შექმნილი აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის ფარგლებში.

მუხლი 41. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−39-ე მუხლებისა და მე-40 მუხლის მე-3−მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი−39-ე მუხლები და მე-40 მუხლის მე-3−მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

24 ივნისი 2020 წ.

N6408-IIს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.