დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 975 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025840 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (28/02/2022 - 29/03/2022)
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №975
2020 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-11 მუხლის 72 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი.
2 . ამ განკარგულებით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ჩამონათვალი ექვემდებარება ცვლილებას ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე.
3. ამ განკარგულებით განსაზღვრულ სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ტესტირება ექვემდებარება დაფინანსებას, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით, პროგრამის სერვისების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებებისთვის, გარდა №1 დანართის პირველი პუნქტის „გ“, „თ“ და „რ“ ქვეპუნქტებით (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის დანართით) განსაზღვრული შემთხვევებისა, რა დროსაც ტესტირების მომსახურება განხორციელდება ამავე დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების მიერ, ხოლო ტესტებით მომარაგება განხორციელდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ.
4. ტესტირებას დაქვემდებარებული სხვა დამატებითი ჯგუფების ჩამონათვალი, ასევე ამ განკარგულებით განსაზღვრული ჯგუფების ტესტირების მექანიზმი, პერიოდულობა, ჯერადობა, მონაცემთა აღრიცხვის წარმოება და სხვა პირობები, რაც არ არის დადგენილი ამ განკარგულებით, განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
5. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ტესტირების რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დანართი №1
კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი
1. კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირებს განეკუთვნებიან:
ა) შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცული შემთხვევები;
ბ) ტუბერკულოზზე დადასტურებული ახალი შემთხვევა;
გ) სამედიცინო პერსონალი, რომელიც რეგისტრირებულია თავად სამედიცინო დაწესებულებების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მონაცემთა ბაზებში და მითითებული აქვს შესაბამისი კატეგორია, მათ შორის:
გ.ა) სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი;
გ.ბ) ეპიდემიოლოგები;
გ.გ) სტომატოლოგიურ დაწესებულებებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი;
გ.დ) სხვა ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო პერსონალი, სოფლის ექიმისა და ექთნის ჩათვლით;
დ) ხანდაზმულთა და შშმ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 24-საათიანი სტრუქტურული ერთეულების − ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებში (ე. წ. თავშესაფრებში):
დ.ა) ჩასარიცხი/განსათავსებელი ბენეფიციარები დაწესებულებაში მოთავსებამდე;
დ.ბ) მომსახურებიდან დროებით გასული/გაყვანილი ბენეფიციარები დაბრუნების დროს;
დ.გ) დაწესებულების მომსახურე პერსონალი;
ე) დიალიზზე მყოფი პაციენტები ყოველი სეანსის წინ;
ვ) სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გასაწვევი და აქტიურ რეზერვში მისაღები პირები, ასევე სამშვიდობო მისიაში ან გადასროლისწინა სწავლებაში მონაწილე პერსონალი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სწავლებაში წარსაგზავნი პირები (იმ ქვეყნებში, სადაც ტესტირების ჩატარება სავალდებულოა);
ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის:
ზ.ა) მომსახურე პერსონალი;
ზ.ბ) საკარანტინე სივრცეებში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები საცხოვრებელ საკნებში შესახლებამდე;
ზ.გ) სპეციალური პენიტენციური დაწესებულების საკარანტინე სივრცეებში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულების პერსონალი, აგრეთვე ბრალდებულები/მსჯავრდებულები, აღნიშნული დაწესებულების კარანტინზე გადაყვანის შემთხვევაში;
ზ.დ) პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე;
თ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (შემდგომში – ეროვნული ცენტრი) დასაქმებული პირები;
ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, რანდომულად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიით;
კ) სტაციონარულ (მათ შორის, დღის სტაციონარსა და ემერჯენსში) დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტები და არასრულწოვანი პაციენტების შემთხვევაში – მათი თავმდგომი პირი, სიმპტომების მიუხედავად;
ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ისა“ და საქართველოს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის „144-ის“ თანამშრომლები;
მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმღებსა და დროებითი განთავსების ცენტრებში:
მ.ა) მოსათავსებელი უცხოელები – მოთავსებამდე;
მ.ბ) მომსახურე პერსონალი;
ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოსათავსებელი/მოთავსებული პირები;
ო) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის მაღალი თანამდებობის სამხედრო მოსამსახურეები, ქვეყნის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, დიპლომატიური კორპუსის (მათ შორის, უცხო ქვეყნის დიპლომატები) წარმომადგენლები, ასევე ჩამოთვლილ პირებთან მომუშავე და დამხმარე პერსონალი;
პ) ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დასაქმებული პირები, დამკვირვებლები, სწავლების, ოფიციალური შეკრებების, არჩევნების ჩატარების, ხმის დათვლის პროცედურების ჩატარებამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;
ჟ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები, სურვილის შემთხვევაში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას, ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთის დროს;
რ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი 7 დღეში ერთხელ.
2. ამ წესის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 72 საათში ერთხელ, სამუშაო განრიგის შესაბამისად.
3. ამ წესის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტების, „მ“ ქვეპუნქტის „მ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან საჭიროების შესაბამისად.
4. ამ წესის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „თ“, „კ“, „ლ“, „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრიორიტეტული პირების ტესტირება ხორციელდება ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი ტესტით.
5. ამ წესის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“, „ი“, „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრიორიტეტული პირების ტესტირება ხორციელდება საჭიროების შესაბამისად, ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით.
6. ეპიდზედამხედველობის მიზნებისთვის, ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს პჯრ ტესტირებას და სხვა მაღალტექნოლოგიურ კვლევებს, ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
7. ამ წესის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, სსიპ − გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალსა და ეროვნულ ცენტრს მიეცეთ უფლება, აწარმოონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის მაღალი თანამდებობის სამხედრო მოსამსახურეების, ქვეყნის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა, დიპლომატიური კორპუსის (მათ შორის, უცხო ქვეყნის დიპლომატები) წარმომადგენლების, მათთან მომუშავე და დამხმარე პერსონალის ტესტირება, განსაზღვრონ ტესტირების პერიოდულობა და სახეობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე.
დანართი №2
(ამოღებულია - 02.12.2020,№2345)
დოკუმენტის კომენტარები