„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6298-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.019893
6298-IIს
12/06/2020
ვებგვერდი, 26/06/2020
320110000.05.001.019893
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.05.2017, სარეგისტრაციო კოდი: 320110000.05.001.018412) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაცია და მისი საქმიანობის ზედამხედველობა

1. პირი, რომელსაც სურს გახდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, ვალდებულია მისი საქმიანობის ამ კანონთან და ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დასადგენად გაიაროს ავტორიზაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − ციფრული მმართველობის სააგენტოში (შემდგომ − ციფრული მმართველობის სააგენტო).

2. ციფრული მმართველობის სააგენტო კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ ამოწმებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის ამ კანონთან და ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას;

ბ) ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში რეაგირებას ახდენს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობაში აღმოჩენილ დარღვევებზე;

გ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელს უჩერებს ან უუქმებს ავტორიზაციას;

დ) აწარმოებს და აქვეყნებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლებისა და მათ მიერ შეთავაზებულ მომსახურებათა სიას.

3. პირმა, რომელსაც სურს გახდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, ციფრული მმართველობის სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

ა) განაცხადი;

ბ) აუდიტის დასკვნა მისი საქმიანობის ამ კანონთან და ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის შესახებ;

გ) შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს შემთხვევაში დაადასტურებს მის მიერ საკმარისი ფინანსური რესურსებისა და გარანტიების ფლობას, ხოლო სხვა პირის შემთხვევაში − მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის არსებობას;

დ) შინაგანაწესი.

4. ციფრული მმართველობის სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, სისტემის უსაფრთხოებისა და ავტორიზაციის მსურველის საქმიანობის უწყვეტობის შეფასების მიზნით მას დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვოს. წარსადგენი დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია განისაზღვრება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

5. ციფრული მმართველობის სააგენტო უფლებამოსილია ავტორიზაციის მსურველს ავტორიზაციაზე უარი განუცხადოს, თუ:

ა) მან დოკუმენტაცია/ინფორმაცია არასრულად ან/და არაზუსტად წარადგინა;

ბ) მისი საქმიანობა არ შეესაბამება ამ კანონსა და ტექნიკურ რეგლამენტს.

6. თუ ავტორიზაციის მსურველმა დოკუმენტაცია/ინფორმაცია არასრულად ან/და არაზუსტად წარადგინა, ციფრული მმართველობის სააგენტო მას ხარვეზის აღმოსაფხვრელად ვადას განუსაზღვრავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ აღმოიფხვრება, ციფრული მმართველობის სააგენტო უფლებამოსილია ავტორიზაციაზე უარი განაცხადოს, თუმცა ეს ავტორიზაციის მსურველს არ ართმევს უფლებას, ციფრული მმართველობის სააგენტოს ავტორიზაციის მოთხოვნით განმეორებით მიმართოს.

7. ციფრული მმართველობის სააგენტო უფლებამოსილია კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას შეუჩეროს ან შეუწყვიტოს ავტორიზაცია.

8. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციისა და მისი საქმიანობის ზედამხედველობის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

12 ივნისი 2020 წ.

N6298-IIს