„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6286-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.019871
6286-IIს
12/06/2020
ვებგვერდი, 15/06/2020
430050000.05.001.019871
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ბ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ2) დისტანციური სწავლება – საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მისაღებად ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დასაძლევად ორგანიზებული, დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილას მოსწავლისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. დისტანციური სწავლების განსახორციელებლად აუცილებელია კურიკულუმის სათანადოდ დაგეგმვა, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება;“.

2. 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6​1. დისტანციური სწავლება

1. დისტანციური სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართვას.

2. დისტანციური სწავლება ხორციელდება სინქრონული ან ასინქრონული კომუნიკაციის ფორმით. სინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება, ხოლო ასინქრონული კომუნიკაცია − ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს არ ხორციელდება.

3. დისტანციური სწავლების პროგრამა აგებულია ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამისათვის ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნისათვის/საგნობრივი ჯგუფისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

4. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციური სწავლების დაშვებისა და დისტანციური სწავლების განხორციელების პერიოდის შესახებ გადაწყვეტილებას, აგრეთვე იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თაობაზე გადაწყვეტილებას, რომელმაც ზოგადი განათლების მისაწოდებლად დისტანციური სწავლება უნდა გამოიყენოს, იღებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.“.

3. 26-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც2“ ქვეპუნქტი:

„ც2) ეპიდემიის/პანდემიის დროს იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების, განახლებისა და დისტანციურად წარმართვის თაობაზე;“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 6 1 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა და სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

12 ივნისი 2020 წ.

N6286-IIს